თავწაგლეჯილი კატა და გაშვებული შანსები

1780654_726792067339425_2110701328_n

დაიბეჭდა გაზეთ “ქრონიკა+”-ში, საავტორო რუბრიკაში “მეცამეტე გვერდი”. 

 ბიძინამ დაიგვიანა

ბიძინას რიტორიკის თანახმად, ყველაფერი ანეკდოტიდან იწყება. მეც ანეკდოტით დავიწყებ: ქვრივი გათხოვდა. არ ეშინოდა მეორე ქმრის. არადა, ამ მეორე ქმარმა იცოდა, რომ ცოლს მაგრად ეშინოდა თავისი პირველი ქმრის და ერთხელაც იკითხა, –  რატომო? და მოუყვა ცოლიც: პირველ ღამეს აივანზე კატა კნაოდა, ტვინი წაიღო, ჩემი ქმარი წამოხტა, თავი წააგლიჯა, გადააგდო და იმის მერე შიში და რიდი მქონდა მისიო. ეს მეორე ქმარიც წამოხტა და წააგლიჯა თავი კატას, რომელიც თავისთვის იყო – არცა კნაოდა. ქმარი გაიჯგიმა და შეხედა ცოლს. ცოლმან მიუგო, – რას ერჩოდი მაგ საწყალ კატას? დაგაგვიანდა, ეგ პირველ ღამეს უნდა გექნაო.

ასევეა პოლიტიკაშიც. ყველაფერს თავისი დრო აქვს. არის რაღაც, რომლის გაკეთებას მერე აზრიც აღარ აქვს და მეტიც – რასაც შემდეგ აღარავინ დაგაცლის, აღარავინ დაგანებებს, რომ გააკეთო.

როდესაც ხელისუფლებაში მოდიხარ მაღალი მხარდაჭერით, როდესაც მაღალია ლეგიტიმაციის ხარისხი, ბევრი რამ გეპატიება, ბევრ რამეზე წამოგყვება ხალხი, ბევრ რამეზე დაგიხუჭავს თვალს, მერე კი, როცა ვნებები ჩაცხრება, მხარდაჭერის ხარისხი დაიწევს, იგივეს ვეღარანაირად გააკეთებ. მაგალითად, 2004 წელს, მაქსიმუმ, 2005 წელს, სააკაშვილს შეეძლო მიეხედა ეკლესიისთვის, მოეწყო ახალი „რუის-ურბნისი“, მაგრამ იგივეს ვერანაირად ვეღარ გააკეთებდა მომდევნო წლებში. არ მოაწყო ახალი „რუის-ურბნისი“, ელოლიავა საპატრიარქოს და რა მიიღო შედეგად? მაღალმა სასულიერო იერარქიამ დიიიდი ოქტომბრის არჩევნებზე კურთხევა 41-ის შემოხაზვაზე გასცა, მერმე კი მამა ბართლომემ წყევლა-კრულვა არ დაამადლა მიხეილს. თუმცა ეკლესიის მესვეურები წყევლას და კრულვას არც არჩევნებამდე აკლებდნენ სააკაშვილს. მოკლედ, მიხეილმა ნამდვილად გაუშვა ისტორიული შანსი ხელიდან. მან არა მარტო ეს შანსი გაუშვა ხელიდან, თუმცა ობიექტურად უნდა ითქვას ისიც, რომ მან სწორუპოვრად გამოიყენა არაერთი შანსი ქვეყნის სასიკეთოდაც და თავისი ხელისუფლების გასაძლიერებლადაც თავის დროზე. საერთოდ, მას აქვს ნიჭი – სასხვისო სიტუაცია ხელად სათავისოდ გადატალღოს – შემოაბრუნოს. მეტიც, შეიძლება ოპონენტმა პროცესი მის წინააღმდეგ ააგოროს, მან კი ეს აგორებული ისე დააბზრიალოს, რომ სარგებელი თვითონ ნახოს და ის ოპონენტი პირღია დატოვოს. ამაზე ქვემოთ. ახლა იმაზედ, საერთოდ, ვინ როგორ და რისთვის გამოიყენა მაღალი მხარდაჭერა?

გამსახურდია_6511

 

ზვიად გამსახურდიას ყველაზე მაღალი მხარდაჭერა ჰქონდა. ასეთი მხარდაჭერა არც ერთს არ მოელანდებოდა, ერთი მიხეილი თუ მივა იმ მხარდაჭერით, `ვარდების რევოლუციის~ შემდგომ ტალღაზე რომ ჰქონდა. თავად განსაჯეთ – 1991 წელს საპრეზიდენტო არჩევნებზე მივიდა 2 978 247 ამომრჩეველი და აქედან 2 565 362 კაცმა ზვიად გამსახურდიას მისცა ხმა. 1995 წელს 2 139 369 კაცი მივიდა და აქედან 1 589 909 კაცმა მისცა ხმა შევარდნაძეს, 2000 წელს – 2 343 176 მივიდა და 1 870 311-მა მისცა ხმა შევარდნაძეს. 2004 წელს არჩევნებზე 1 963 556 კაცი მივიდა და 1 890 256 კაცმა მისცა ხმა სააკაშვილს, ეს მხარდაჭერა საგრძნობლად დავარდა 2008 წელს, არჩევნებზე 1 982 318 კაცი მივიდა და მხოლოდ 1 059 647 კაცმაღა მისცა ხმა სააკაშვილს. და რა მოხდა მარგველაშვილის არჩევნებზე? არჩევნებზე მივიდა 1661 037 კაცი, ანუ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 46,95%! მისულებიდან კი მარგველაშვილს ხმა მისცა 1 012 597 კაცმა. რა გამოდის? ყველაზე დაბალი მხარდაჭერით მარგველაშვილი გამხდარა პრეზიდენტი. ფაქტია, ყველაზე ნაკლები ხმა მას აქვს მიღებული.

მოკლედ, ყველაზე მაღალი მხარდაჭერა ზვიად გამსახურდიას ჰქონდა და ეს ციფრებშიც გამოჩნდა. თუმცა მას ეს მხარდაჭერა ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნებამდეც ჰქონდა – საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, სადაც მრგვალები უმრავლესობაში მოვიდნენ, ზვიად გამსახურდიამ შეძლო უმთავრესი – გამოაცხადა ქვეყნის დამოუკიდებლობა. რა შანსი გაუშვა მან ხელიდან? არ გაანეიტრალა ოპონენტები დროულად. უფრო სწორად, ხერხემალში არ გადატეხა დანარჩენი ძალები, მაშინ რომ თავს ეროვნულობაზე დებდნენ და როგორც ისტორიამ ცხადყო, შესანიშნავად „იტანცავეს“ კრემლის ფერხულში. მას ამისთვის რამდენიმე გზა ჰქონდა: ერთი – ლუსტრაცია, რითაც ერთხელ და სამუდამოდ გაირკვეოდა ყველაფერი. ვეღარც მას ვერ მოუღებდნენ ასე იოლად ბოლოს, ვეღარ შედგებოდა ნომენკლატურული შურისძიების აქტი. თუმცა ეგეც საკითხავია, ზეპირად ნათქვამ „კრემლის აგენტსა“ და „წითელ ინტელიგენციას“ რა მოჰყვა და ლუსტრაციას რაღა მოჰყვებოდა? მეორე გზა იყო, – ხრიკებით, ინტრიგებით, პოლიტტექნოლოგიებით უნდა გაენიორწყლებინა კონკურენტები, როგორც ბებერი კომუნისტები, ისე ჯეელი „ეროვნულები“, მაგრამ ამისთვის მას არც გამოცდილება ჰქონდა და მორალურადაც მიუღებელი იყო მისთვის ეს გზა.

ერთი შეხედვით, პარადოქსული რამ მოხდა – ზვიად გამსახურდიას იმხელა მხარდაჭერა ჰქონდა და ერთი მიტინგის დაშლა არ ეპატია. არადა, გავიდა ხანი და შევარდნაძეს ეპატია არათუ მიტინგის დაშლა – დახვრეტილი მიტინგები! მაშინ, როცა შევარდნაძე ვერც იოცნებებდა ზვიადისნაირ მხარდაჭერა-ლეგიტიმაციაზე. ზვიადს არ აცალეს რამდენიმე თვე და მორჩილებით 10 წელზე მეტ ხანს ელოდნენ, როდის ააყვავებდა შევარდნაძე. არათუ ელოდნენ – საზოგადოების რაღაც ნაწილმა დაუჩოქა კიდეც შუა რუსთაველზე… მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ ერთი შეხედვითაა პარადოქსული. კარგად შეხედვით კი ყველაფერი ცხადზე ცხადია – მას შემდეგ, რაც გამსახურდიამ უარი თქვა ბაქო-ჯეიჰანზე და ავტომატურად ამოვარდა დასავლეთის ინტერესიდან, ის პირისპირ აღმოჩნდა რუსეთთან. დასავლეთმა უგანა და რუსეთმაც არ დაახანა, გაბოროტებულ პარტიულ ელიტაზე, საკუთარ აგენტურაზე დაყრდნობით აუმხედრა საზოგადოება და მოუწყო გადატრიალება. ამ პროცესში სარფიანად გამოიყენეს სხვა ეროვნული ძალები – გაბოროტებულნი იმით, რომ ხელისუფლებაში ზვიადი აღმოჩნდა და არა ისინი, ასევე თავად გამსახურდიას თანამებრძოლები, რომლებმაც წვრილ-წვრილ პირად წყენებს ქვეყანა გადააყოლეს. იქნებ, სჯობდა, ზვიად გამსახურდია წასულიყო ვა ბანკზე, განეხორციელებინა ლუსტრაცია? ამაზე უარესი რაღა მოხდებოდა? გვეცოდინებოდა მაინც, ვინ ვინ იყო! არა, ცოდნით ბარემ ახლაც კარგად ვიცით ბევრზე, ვინ ვინაა, მაგრამ იხტიბარს არავინ იტეხს და კუდს ყავარზე ათამაშებენ.

post-29-1327440657

 

აი, შევარდნაძესთან ყველაფერი პირუკუ მოხდა. ჰქონდა ფრიად საეჭვო ლეგიტიმაცია და გასდიოდა ყველაფერი – დახვრეტილი მიტინგების ჩათვლით. იგი ხელისუფლების დამხობის გზით მოვიდა ხელისუფლებაში, შემდეგ ჩატარებული არჩევნები ფრიად საეჭვო იყო და იმ არჩევნებშიც არ მიუღია გასაგიჟებელი შედეგები, მაგრამ რაღა არ ეპატია? აფხაზეთის დაკარგვაც, სამაჩაბლოს დაკარგვაც, ინფლაციაც, უპენსიობაც, უხელფასობაც, უდენობაც, უგაზობაც, უპერსპექტივობაც, თაობების დასახიჩრებაც, შიმშილიც, უფრო სწორად, როგორც ქართლში იტყვიან „ტყ… და შიმშილი“… არ ვიცი, ძალიან მაინტერესებს, ამდენი მურვან ყრუმ გაუკეთა ამ ქვეყანას? მაგრამ მას პატიობდნენ, უფრო სწორად, მას გასდიოდა. რადგან მის გვერდით იდგა წითელი ინტელიგენცია, აგენტურა, რადგან არ აკლდა „გამპრავებლები“. ასე მაგალითად, გამოვიდოდნენ და გეტყოდნენ, რომ არ უნდა იარო მიტინგებზე და არ დაგხვრეტენ! იგივე ხალხი მერე ძაღლის ყბას გამოიბამს და დაამუნათებს სააკაშვილს წყლით დაშლილ მიტინგებზე. შევარდნაძეს ეყოლება ქონიანი და „წონიანი“ ჟურნალისტები, რომლებიც „გაუპრავებენ“ ყველაფერს, მერე კი იგივე ჟურნალისტი ქალბატონები დედოზარებს დაარისხებენ ციხის კადრებზე. კი, საშინელება იყო, რაც მოხდა, ცემაც და წამებაც, მაგრამ მაშინ სად იყვნენ, შსს-ს მაღალი სართულებიდან რომ ბატი-ბუტივით ცვიოდა ხალხი? სად იყვნენ და კრწანისში – ჩაის ცეცხლავდნენ!

მოკლედ, შევარდნაძის შემთხვევაში ნამდვილად ვერ ვისაუბრებთ, რომ მან რამე შანსი გაუშვა ხელიდან. რამე გაუშვა კი არა, შანსი არ გამაზა. ყველაფერი გამოიყენა, ოღონდ საკუთარი ძალაუფლებისა და დღეგრძელობისთვის და არა ქვეყნის საკეთილდღეოდ.

Mikhail Saakashvili

 

რევოლუციურ ტალღაზე მოსულ სააკაშვილს იმხელა მხარდაჭერა ჰქონდა, წესით, კიდევ ბევრი რამ უნდა განეხორციელებინა, როგორც ქვეყნის, ისე საკუთარი ძალაუფლების საკეთილდღეოდ. მაგრამ მანაც თავი აარიდა კონფრონტაციას და არ მიმართა ლუსტრაციას. რატომ? იმიტომ, რომ არქივები გატანილი იყო და აგენტები და მათი შთამომავლები არათანაბარ, უსამართლო მდგომარეობაში აღმოჩნდებოდნენ? – ზოგს „გაუბაზრდებოდა“, ზოგს „ნამუსი“ შეენახებოდა (თუმცა ვიწრო წრის გარდა, არც არავინ იცის, რა გაიტანეს, რა დარჩა, რა დახვდათ…)? თუ იმიტომ, რომ თავად რევოლუციონერთა შორისაც იყვნენ ისეთები, რომლებსაც საბოლოოდ დაასამარებდა ლუსტრაცია? ალბათ, ეს მეორე. იქნებ, იფიქრა კიდეც სააკაშვილმა, რომ შემდეგ განახორციელებდა ამას, მაგრამ გადადებული საქმე ვისიცაა, კი იცით. ფაქტია, არც მის დაქცევაში შეიტანეს ნაკლები წვლილი მათ, ვისაც დედას მოუხნავდა ლუსტრაცია. სააკაშვილმა გაუშვა ეს შანსი ხელიდან. რომ არ გაეშვა, მერე ნამდვილად აღარ დასჭირდებოდა ჩარეცხილების ძახილი – ჩარეცხვის პროცედურა ძახილის გარეშე იქნებოდა აღსრულებული და ვეღარც ისინი დაატრიალებდნენ ენებს კაშნეებივით.

სააკაშვილმა არ მოაწყო ახალი „რუის-ურბნისი“ და აქაც ზღო. ზღო მანაც და ქვეყანამაც. თუმცა თუკი ლუსტრაციას განახორციელებდა, ეგ „რუის-ურბნისი“ აღარც დასჭირდებოდა… თუმცა ვერ ვიტყვით, რომ მიშამ ურიგოდ გამოიყენა მაღალი მხარდაჭერა და ლეგიტიმაცია. სწორედ ამის ხარჯზე მოახერხა მან უმწვავესი რეფორმების გატარება პოლიციაში, განათლებაში. რომ არა ეს მხარდაჭერა, რევოლუციური ტალღა, მას მართლაც გაუჭირდებოდა ერთი ხელის მოსმით პოლიციის გამოცვლა და პატრულის ჩამოყალიბება. ვერც საგამოცდო კორუფციას მოუღებდა ასე იოლად ბოლოს, მაგრამ მან ეს შეძლო, თუმცა, სამწუხაროდ, განათლების რეფორმა წარმატებულ გამოცდებზე გაიყინა და ვეღარ მოხერხდა რეფორმის ბოლომდე მიყვანა. იქნებ, იმიტომ, რომ უკვე გაიარა რევოლუციურმა ტალღამ? არც უამისობაა. იმიტომ, რომ თითქმის იგივე მოხდა „გარაჟების“ შემთხვევაზე. „გარაჟებს“ რომ 2004 წელს მისდგომოდნენ, დღეს თბილისში არც ერთი დამამახინჯებელი და, რაც მთავარია, უკანონო – შანსპეპლობით დათრეული „გარაჟი“ აღარ იდგებოდა, მაგრამ დააგვიანდათ, დაიწყეს და იძულებული გახდნენ, შეშვებოდნენ, რადგან აღმოჩნდა, რომ „ნაციონალების“ რეიტინგის დაგდებაში ლომის წილი „გარაჟების“ ნგრევას მიუძღოდა. ასეთია „გრუზინი“ – გაპატიებს აფხაზეთის წართმევას და არ გაპატიებს „გარაჟის“ წართმევას, მერე რა, რომ შავბნელ 90-იანებში დაითრია მამაძაღლობით და მერე რა, რომ მანქანაც აღარ ჰყავს, კამპოტი სად შეინახოს, სიმონ?

რევოლუციურ ტალღაზე განხორციელდა ბევრი დაჭერა, ბევრს დააყრევინეს ფული. პროცედურულად რა როგორ ხდებოდა, ვის კამერების თანხლებით არბენინებდნენ, ვის ისე, ეს ცალკე თემაა, მაგრამ ფაქტია, რომ მაშინ ფულებს აბრუნებდნენ – თან არცთუ ცოტას… რომ არ ჰქონოდათ, ვერც დააბრუნებდნენ და იმდენს აბრუნებდნენ, რომ თანხა ცხადყოფდა მათი დაჭერის საფუძვლიანობას – საიდან ჰქონდათ ამდენი, თუ არ მამაძაღლობდნენ?

როდესაც მხარდაჭერაზე ვსაუბრობთ, ერთია ხალხის მხარდაჭერა და მეორეა – დასავლეთის, საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა. შევარდნაძეს, თავის დროზე, რუსეთთან ერთად დასავლეთიც უჭერდა მხარს, იმდენად რომ დასავლელი ლიდერები მასთან ერთად ქუჩაში მიდიოდნენ, მაშინ როცა იქვე მიტინგი ირბეოდა, იხვრიტებოდა და ვერ „ხედავდნენ“… სააკაშვილის შემთხვევაში ორივე სახეზე იყო და ეს აძლევდა მას მანევრირების საშუალებას.

4E7098B8-266C-4882-8CC5-AE0E4E657E57_mw1024_n_s

 

რა ხდება დღეს? უფრო სწორად, რა ხდებოდა დიდი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ და რა ხდება დღეს? იმიტომ, რომ სიტუაცია მაშინ და ახლა უკვე რადიკალურად სხვადასხვაა. შანსი უკვე გაშვებულია… ანუ კატის დახრჩობა უკვე დაგვიანებულია.

ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა დიდი მხარდაჭერა საზოგადოებაში, იმდენად, რომ ერთი წლის თავზეც კი ეს მხარდაჭერა „გენეტიკურად“ გადავიდა მის ხელდასხმულ მარგველაშვილზე – ანუ ბიძინას ხათრით აირჩიეს მარგველაშვილი. ასეთი რამ ქართულ პოლიტიკურ რეალობას არ ახსოვს. დაბალ რგოლებზე როგორ არა, რამდენიც გინდათ, იმდენი აურჩევიათ, გნებავთ, შევარდნაძის ხათრით, გნებავთ, – სააკაშვილის, მაგრამ საქართველოს პირველ კაცებზე ნამდვილად ვერ იტყოდით, რომ კაცის კაცი იყო. შევარდნაძე კრემლის კაცი იყო, მიშა – დასავლეთის, მაგრამ კაცის კაცი არც ერთი იყო, არც – მეორე. მარგველაშვილი ბიძინას კაცი იყო და არის. დავუბრუნდეთ ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერის ხარისხს. მას ჰქონდა ხალხის მხარდაჭერა, არ ჰქონდა დასავლეთის მხარდაჭერა და ეს გამოჩნდა კიდეც თვალნათლივ. დასავლეთი მისი ძალოვნების მიერ განხორციელებულ პოლიტიკურ დაჭერებს კრიტიკის ქარცეცხლში ატარებდა და ატარებს. ისინი მაინც ჯიუტად ატარებენ იმ პოლიტიკას, რაც უნდათ, ისევ შიდამხარდაჭერის ხარჯზე. უფრო სწორედ იმაზე, რომ მათ ელექტორატს „სწყურია“ ნაცების სისხლი, მაგრამ ეს შიდა მხარდაჭერაც იოლად დნობად-ლღობადია. ეს მხარდაჭერა ეფუძნებოდა ამომრჩევლის ინფანტილურ ფინანსურ ოცნებებს, რომელიც, ცხადია, არ სრულდება და ელექტორატის დიდი ნაწილი მხარდაჭერიდან „რაზაჩეროვანიის“ სექტორში გადადის.

`ოცნებამ~ ბევრი შანსი გაუშვა ხელიდან – სათავისოდაც და ქვეყნის საკეთილდღეოდაც.

სათავისოდ ის, რომ მათ ვერ მოახერხეს „ნაციონალების“ განეიტრალება, მაგრამ მათაც უნდა გავუგოთ და მათ ინფანტილურ ბუნებასაც. მათ ეგონათ, რომ „ნაციონალები“ თავისით გადაშენდებოდნენ, როგორც გადაშენდა „მოქკავშირი“. მათ დაავიწყდათ, რომ საქმე ჰქონდათ არა ბარიერს მიღმა დარჩენილ „მოქკავშირთან“, არამედ პარტიასთან, რომელმაც იმ კოშმარ სიტუაციაში მაინც აიღო 40%-ზე მეტი. მათ დაავიწყდათ ისიც, რომ ამ პარტიას ჰყავდა სააკაშვილი, რომელსაც ჰქონდა და დღესაც აქვს მხარდაჭერა ქვეყნის გარეთ და ამის აღმოსაჩენად არ უნდა დასჭირვებოდათ წელიწადნახევარი. მხოლოდ წელიწადნახევრის შემდეგ მიხვდნენ. მიხვდნენ რა, ლევან ბერძენიშვილმა თქვა, რომ სააკაშვილს უფრო დიდი რეიტინგი აქვს დასავლეთში, ვიდრე ქვეყანას.

მათ ჰქონდათ შანსი, მოეპოვებინათ დასავლეთის მხარდაჭერა, უარი ეთქვათ „სამართლიანობის აღდგენაზე“, პოლიტიკურ დაჭერებზე, ნანა კაკაბაძის გულის გახარებაზე, თვითონაც სწორ გზაზე დამდგარიყვნენ და ქვეყანაც სწორი გზით წაეყვანათ. მაინც რა, – დაუბნრუნეს ვინმეს რამე? ან დაუმტკიცეს ვინმეს რამე? ცხადია, მხარდაჭერას დაკარგავდნენ დასავლური კურსის განმტკიცებით, ამ ყველაფერზე უარის თქმით, მაგრამ ქვეყანასაც წაადგებოდა და თვითონ მათაც. მხარდაჭერას რაც შეეხება, მაინც დაკარგეს და, ბარემ, სასიკეთოდ დაეკარგათ?

„ნაციონალების“ განეიტრალებასაც ამ გზით მოახერხებდნენ უმტკივნეულოდ, თუ „ნაციონალების“ ელექტორატი დაინახავდა, რომ ესენიც არიან პროდასავლელები, ესენიც ნულოვან ტოლერანტობას მისდევენ, ორიენტირებულნი არიან ქვეყნის შენებაზე, ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და ა. შ. ამომრჩევლის დიდი ნაწილი, როგორ ფიქრობთ, რას იზამდა?

მოკლედ, მათ გაუშვეს შანსი, მოეგოთ დასავლეთის გული, მოეგოთ `ნაციონალების~ ელექტორატის გული. მერე რა, რომ ამ პროცესში თავისი რადიკალური ელექტორატის განაწყენებას გამოიწვევდნენ? ისინი მაინც განაწყენებულნი არიან. კვლავაც სისხლი სწყურიათ და დაჭერილი ვანო და ბაჩო არ ჰყოფნით. რაც მთავარია, „ოცნებამ“ გაუშვა შანსი იმისა, რომ დარჩენილიყვნენ ასოცირებული მატერიალურ კეთილდღეობასთან. შეჰპირდნენ კაი ცხოვრებას და მიიღეს ნიფხავივით გარღვეული ბიუჯეტი, „ჭამე, ნოდარი“ მინისტრი და 2-ლარიანი კარტოფილი.

და საერთოდ, რა ქნეს ამათ? რაში გამოიყენეს მხარდაჭერა? მხარდაჭერა გამოიყენეს საიმისოდ, რომ ქუჩაში 17 ათასი პატიმარი გამოუშვეს, ელექტორატი, თავისიც და მიშასიც – აიძულეს, გაგებით მოკიდებოდნენ. შედეგი? ნანას გაუხარდა, კაკაბაძეს… თორემ რაღაც არ მგონია, ირაკლი ღარიბაშვილს გახარებოდა ეგ ამბავი.

მოკლედ, შანსები ხელიდან გაშვებულია. კატის დახრჩობა უკვე გვიანია.

მოკლედ: აწი, ტყუილა ნუ აწვალებთ კატებს…

P. S. მიხეილ ჯავახიშვილს აქვს ერთი შესანიშნავი მოთხრობა, „ყბაჩამ დაიგვიანა“. არ ვიცი, ყბაჩა რამ გამახსენა, მაგრამ ბიძინამ ნამდვილად დაიგვიანა…

სტურუას პარადოქსი

რეზო შატაკიშვილი

(დაიბეჭდა გაზეთ “ვერსიაში”). 39624_1551397823362_1187617254_1603069_3151272_n

საქართველოში ყველა რეჟისორს, დიდიან პატარიანად, ერთი კონკურენტი ჰყავს – რობერტ სტურუა, ყოველ შემთხვევაში, ასე მიაჩნიათ თავად რეჟისორებს და მათთვის ყველა სხვა რეჟისორი კონკურენტი კი არაა, უბრალოდ, ფეხებში ებლანდება – ხელს უშლის. მოკლედ, სტურუა ყველას კონკურენტია, თუმცა… თავად სტურუას კონკურენტი არ აბადია საქართველოში, არც დიდი და არც პატარა. ესაა სტურუას პარადოქსი და საერთოდ ქართული თეატრის პარადქოსი. პარადოქსია, მაგრამ რეალობაა. სწორედ ეს პარადოქსული რეალობა აძლევს დიდ რეჟისორს საშუალებას, მოიქცეს ისე, როგორც მოეპრიანება, როგორ გუნებაზეც იმ დილას გაიღვიძებს.  სტურუამ იცის, რომ კარგა ხანია, ადგილი აქვს განაღდებული მსოფლიო თეატრის ისტორიაში და სხვა ყველაფერი უკვე წვრილმანია, ის წვრილმანი, ის ხურდა, რომელიც შემდეგ აღარავის ემახსოვრება და არც აღარავინ მოსთხოვს, სამაგიეროდ, ამ წვრილმანებით ახლა კარგად შეიძლება თავის შექცევა. დიახ, თავის შექცევა. მის შემთხვევაში, ჩემი აზრით, სწორედ თავის შექცევასთან გვაქვს საქმე და არა სხვა რაიმე სარგებელთან, რაც, ვთქვათ, არის იგივე ჟერარ დეპარდიესა თუ კუსტურიცას შემთხვევაში. დეპარდიემაც იცის ის, რომ გენიალური მსახიობია და ისიც, რომ იმ იდიოტობების გამო, რომელსაც დღეს რუსეთის საამებლად აკეთებს, მსოფლიო კინოს ისტორიიდან მას არავინ ამოშლის, ამიტომ აკეთებს იმას, რაც უნდა. აცნობიერებს რა იმ ფუფუნებას, რომელშიც აღმოჩნდა საკუთარი ნიჭის, შემოქმედებისა თუ კიდევ სხვა გარემოებათა თანხვედრის გამო, ამ ფუფუნებით სარგებლობს და იხვეჭს სხვა დამატებით – მატერიალურ ფუფუნებას რუსეთისგან.  არა მგონია, სტურუას შემთხვევა მათი ანალოგი იყოს.

სტურუა გაცილებით დიდია, ვიდრე ერთი, ან მეორე. წლების წინ ვწერდი კიდეც, რატომ იყო სტურუა ასეთი მსუქანი – მას სამყარო აქვს გადაყლაპული-მეთქი, რომ მასში ყველაფერია. დიახ, მასში ყველაფერია, რაც კია ამ სამყაროში, მათ შორის გარკვეული ავანტიურიზმი, თანაც საკმაო დოზით. მას ხიბლავს ეპატაჟიც, ხალხის გაკვირვებაც, მეტიც – გამოთაყვანებაც და ეს ყოველთვის ასე იყო. მას შემდეგ, რაც ,,სეილემის პროცესით’‘ გააოგნა ქართული თეატრალური სამყარო და მისგან ყველა რაღაც ამგვარს ელოდა, სერიოზულს, მძიმეს, ფსიქოლოგიურს, სტურუა ყველას ერთად გაეკაიფა და ,,ხანუმა’‘ შესთავაზა.

რეჟისორმა ეჟი გროტოვსკიმ მესაზღვრეების კითხვაზე – რა პროფესიის ხართ, უპასუხა – პროფესიონალი მაყურებელი. სტურუა სუპერ-პროფესიონალი მაყურებელია თეატრშიცა და საერთოდ, ცხოვრებაშიც. მას უყვარს ყურება, დაკვირვება და ეს ყველაფერი რომ უფრო საინტერესო იყოს, მიმართავს ერთგვარ ექსპერიმენტებს, მანიპულაციებს ცალკეულ ინდივიდებსა თუ ჯგუფებზე, პროვოცირებას უკეთებს მოვლენებს და შემდეგ უყურებს. უყურებს და ტკბება. ერთის მხრივ, იღებს მისთვის საინტერესო ინფორმაციას, რასაც უამექსპერიმენტოდ ძნელად თუ მიიღებდა და მეორეს მხრივ, ერთობა. ამგვარ ექსპერიმენტებს თეატრში ყოველთვის ატარებდა და შედიოდა კიდეც მისი ხელმწიფების სტილში. რა მოხდა და რა ხდება ბოლო წლებში ანუ მას მერე, რაც რობერტ სტურუა ღიად ჩაერთო პოლიტიკურ პროცესებში?  შედეგიდან დავიწყოთ: დღეს, ბევრისგან გაიგონებთ, რომ სტურუა კი არის გენიალური რეჟისორი, მაგრამ მიუღებელია მისი პოლიტიკური ხედვა, პოზიციები, გამოხდომები (ეს მათი შეფასებაა) ანუ რეალურად, ისინი ორად ხლეჩენ სტურუას ფენომენს. არადა, არა მგონია, რაიმე გახლეჩილობასთან გვქონდეს საქმე, არც ის, რომ სტურუას პოლიტიკური პოზიციები და ხედვები ისევე გენიალურია, როგორც სტურუას შედევრალური სპექტაკლები. სულაც არ ვეთანხმებით მის არც ერთ სტატუსს ,,ამ-ამით’‘ დამთავრებულს, ჯერ ერთი, სწორედ იმიტომ, რომ ,,ამ-ამ’‘-ით მთავრდება, რაც იმთავითვე ცხადყოფს, რომ სტურუა თავს იქცევს…

მე მაინც მგონია, რომ ბოლო დროს, ეპატაჟის, ავანტიურიზმის მოტრფიალე რეჟისორს თეატრი ეპატარავა ლაბორატორიად, ექსპერიმენტებისთვის, ცდებისთვის და ა.შ. ეპატარავა, ამიტომაც ადგა და მთელი ქვეყანა აქცია საექსპერიმენტო ლაბორატორიად. ატარებს ცდებს პოლიტიკოსებზე, მასებზე, საზოგადოებაზე. სწორედ ამ კონტექსტში იყო განსახილველი მისი ფეისბუკ-სტატუსებიც. დაწერდა და აკვირდებოდა, ახლა უკვე ვირტუალურ სივრცეში, რამდენ ,,ლაიქს’‘ აიღებდა მისი რეპლიკა, რა მოჰყვებოდა, ვის აღაფრთოვანებდა და ვის შეშლიდა ჭკუიდან.  არჩევნების შემდეგ, თუ გახსოვთ, მისი სტატუსების ხშირი ადრესატი გიგა ბოკერია იყო – იგავების მთელი სერია უძღვნა, მაგრამ გიგა რატომღაც კერკეტი კაკალი გამოდგა, არ შეირყა ჭკუიდან, სხვა, ალბათ, შეირყეოდა.  მოკლედ, სტურუა ზის და ჭადრაკს თამაშობს. ხან ერთი პაიკის გალაზიერებას უწყობს ხელს, ხან – მეორისას.

დღესაც მახსოვს, ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს, ბურჯანაძე რომ გააქტიურდა და მას ინტელიგენციის წარმომადგენლები ესტუმრნენ, სტურუა ვერ მივიდა, მაგრამ უსტარი გაუგზავნა – თავისთავად ამ ჟესტში უკვე იყო რაღაც ,,ვეფხისტყაოსნური’‘ – გაუგზავნა წერილი, სადაც წერდა, რომ ,,ვეფხისტყაოსანზე’‘ მუშაობდა, რომ მას ნინო ბურჯანაძე ეთინათინებოდა…. სტურუას ამ ერთაბზაციანმა წერილმა გაცილებით ძლიერად იმოქმედა მაშინ ბურჯანაძეზე, ვიდრე მთელმა იმ დასმა, რომელიც პარლამენტში ეახლა და უფრო მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა. ზურაბ ჟვანიასთან ერთად, მე თუ მკითხავთ, სტურუას წვლილიც იყო იმაში, რომ ბურჯანაძემ ირწმუნა საკუთარი ,,თინათინობა’‘. რა გითხრათ, მე მთელ მის პოლიტიკურ განცხადებებს, სწორედ ამ კონტექსტში აღვიქვამ და, არ მჯერა, რომ ის რობერტ სტურუა, რომელმაც წლებით ადრე იგრძნო და იწინასწარმეტყველა საბჭოთა კავშირის ნგრევა ,,მეფე ლირში’‘, დღეს ცდება ან მოვლენების ან ფაქტების შეფასებაში. მომკალით და, არ მჯერა, რასაც ის წერდა ოქტომბრის არჩევნებიდან ორიოდე დღის შემდეგ – ამ ქალაქში მზეც სხვანაირად ანათებსო, ამ დილით 7 საათზე ვისეირნე და ქალაქი უჩვეულოდ წყნარიაო… 7 საათზე ქალაქი ყოველთვის წყნარი და მწყაზარი იყო, არათუ მიშას დროს, მე მგონი, მხედრიონის პარპაშის დროსაც კი – ამ დროს, ამ უთენია ყველას სძინავს, მეეზოვეების გარდა…  რატომ ერჩოდა რობერტ სტურუა მიხეილ სააკაშვილს? აქვე დაივიწყეთ და გამოირიცხეთ ყოველგვარი მერკანტილიზმი ანუ ის, რომ სტურუამ რამე სთხოვა სააკაშვილს, სააკაშვილმა არ გაუკეთა და სტურუა გადაეკიდა….

სხვა რეჟისორების შემთხვევაში, ეს უალტერნატივო ჭეშმარიტებაც კია, მაგრამ სტურუას შემთხვევაში, ინვალიდი ტყუილია. ტყუილია იმიტომ, რომ სააკაშვილმა, მისმა ოჯახმა, ძალიან კარგად იცოდა დიდი რეჟისორის ფასი და, ელემენტარულად, არ გაანაწყენებდა, არც მიხეილს აწყენდა სტურუას მხარდაჭერა და თუნდაც მხოლოდ ამიტომ მოიმადლიერებდა, მაგრამ სტურუა-სააკაშვილის ურთიერთობის გახილვა ამ ჭრილში იმას ნიშნავს, რომ არც ერთისა გაგეგება რამე, არც – მეორისა. აბა, რა მოხდა? ექსპერიმენტატორებს არ უყვართ, როცა საცდელი ობიექტი არ ემორჩილება ექსპერიმენტს. სააკაშვილი არანაირ კონტაქტში არ შედიოდა სტურუას თეატრალურ სამყაროსთან  – არც კი მიდიოდა თეატრში. სააკაშვილმა თეატრი თითქოს ტაძრის რანგში მიიღო და, შესაბამისად, მასზეც განავრცო ეკლესიასთან გაფორმებული კონკორდატი და თეატრის საქმეებში საერთოდ არ ერეოდა, მაშინაც კი, როცა ეს თეატრი დგამდა ,,პრეზიდენტსა და დაცვის ბიჭს”. თუ კარგად გახსოვთ, არანაირი რეაქცია არ ყოფილა ამ სპექტაკლზე და შემდეგ თავად თეატრმა გააპიარა – დაფინანსება ჩამოგვეჭრაო. ანუ სააკაშვილი რეაქციას არ აძლევდა თეატრის იერიშებზე, თითქოს არც იმჩნევდა და სწორედ ეს არშემჩნევა აგდებდა აზარტში რობერტ სტურუას. კაკალი რაც უფრო კერკეტია, მით უფრო მეტი ჟინით ცდილობ მის გატეხვას. ჰოდა, სტურუაც ურტყამდა თავის ჩაქუჩს. რიგ შემთხვევებში ეს ჩაქუჩის დარტყმა ერთგვარ აუცილებლობასაც წარმოადგენდა – გაიხსენეთ მისი განცხადება საყოველთაო შიშის სინდრომზე. ეს სინდრომი მართლაც იყო. ცალკე თემაა, რამდენად ჰქონდა საფუძველი, რამდენად გაზვიადებული ჰქონდა თავად საზოგადოებას, ყველას რატომღაც რომ ეგონა უსმენდნენ. არადა, ძაღლადაც არავინ აგდებდა და არც მოსმენაზე ხარჯავდა ფულს, მაგრამ ხომ ეგონათ, რომ უსმენდნენ – არ ვიცი, ალბათ, ამით საკუთარ ამბიციას იკმაყოფილებდნენ გაუკუღმართებული ფორმით, საკუთარ თავს აჯერებდნენ, რომ იმდენად მნიშვნელოვანია მათი პოზიცია, შეხედულება თუ ნააზრევი, რომ მთავრობა დგას და უსმენს. ამ შემთხვევაში სტურუამ უტყუარი დიაგნოზი დაუსვა საზოგადოებას, სადღაც იმ რანგის, რაც თავის დროზე, “მეფე ლირში” დაუსვა საბჭოთა კავშირს, მაგრამ ამ განცხადების გარდა, ყველა სხვა ჩაქუჩის დარტყმა სააკაშვილის მწყობრიდან გამოყვანას ემსახურებოდა და ალბათ სწორედ ამიტომაც გადავიდა ბოლოს იმ ცნობილ განცხადებებზე სომხობასთან დაკავშირებით, სხვანაირად რომ ვერ გამოიყვანა მწყობრიდან.

მე არც მისი რუსეთუმეობის მჯერა, არც მისი გაკეთებული განცხადებების რუსეთთან დაკავშირებით. არ მჯერა იმის, რომ დასავლურ კულტურას ნაზიარები, მეტიც, დასავლური კულტურის შემადგენელი ნაწილი რობერტ სტურუა პრორუსულად აზროვნებდეს ახლა. არ მჯერა ამ შეთქმულების თეორიების, რომ ის რუსეთის კაცია, რომ მისი ბაზარი რუსეთშია და ამიტომ ეპირფერება მათ. სტურუას ადგილი ყველგანაა და მე მაინც მგონია, რომ ის რუსებსაც ეკაიფება, ამ მეოცნებე ხელისუფლებასაც აგიჟებს თავისი მხარდაჭერით და აკვირდება მათ კუნტრუშს. თუ კარგად იკუნტრუშებენ, გააგრძელებს მათ მხარდაჭერას, თუ არა, შეცვლის ურთიერთობის ფორმას და ახლა იმ ჭრილში დააკვირდება.

მას უყვარს ექსპერიმენტები, მანიპულაციები.  მას უყვარს ამგვარი ექსპერიმენტებიც  – რომელიმე აშკარად უნიჭოზე იტყვის, რომ ნიჭიერია და აკვირდება გარშემომყოფებს, როგორ და რანაირად აღწევს მათში მისი ნათქვამი. გარშემომყოფებს თავიდან უკვირთ მაესტროს განაცხადი, შემდეგ ეჭვდებიან საკუთარ თავში, ავტორიტეტს თავისი გააქვს და ისინიც ნელ-ნელა სხვა თვალით უყურებენ იმ უნიჭოს და ის უნიჭო ნელ-ნელა ნიჭიერდება მათ თვალში. აბა როგორ? ბატონმა რობერტმა თქვა, რომ ნიჭიერია, ესე იგი ნიჭიერი ყოფილა და ჩვენ ვერ ვხედავდითო…. სტურუა კი უყურებს მთელ ამ პროცესს და ტკბება საკუთარი ძალაუფლებით. ეღიმება როცა ხედავს, მისი ღიად გაჟღერებული შეფასების შემდეგ, როგორ იცვლება იმ უნიჭოსადმი დამოკიდებულება – აგდებულ, ირონიულ დამოკიდებულებას როგორ ენაცვლება პირფერობა თუ მოწიწება. რა ემართება ამ დროს თავად საექსპერიმენტო ბაჭიას ანუ იმ უნიჭოს, რომელიც ნიჭიერად ,,ეკურთხ”? ის, რა თქმა უნდა, იჯერებს, რომ ნიჭიერია. იჯერებს რომელია?! - ყოველწამიერად გრძნობს იმ ცხელ დამღას შუბლზე, რომლითაც დიდმა რეჟისორმა დადაღა წარწერით ,,ნიჭიერი”. ამ ექსპერიმენტს ხშირად გაგრძელებაც აქვს – ღრუბლებში აჭრილს, ისევ მაესტრო ანარცხებს ძირს, აი, ასე – როგორც ერთი სიტყვით თქვა, რომ ის ნიჭიერია, ასევე ერთი სიტყვით იტყვის, რომ უნიჭოა და ამ თქვენ იკაროსს ფრთები ეტრუსება და ზღართანით ენარცხება მიწას.  სტურუას აქვს იმის ძალა, ერთი სიტყვით მწვანე აგინთოს იმ სამყაროში, რომელსაც თეატრი ჰქვია და ასევე ერთი სიტყვით წითელი აგინთოს და ყველაფერი დაგიმთავროს. მას ერთნაირად ეიოლება როგორც კარგის, ისე ცუდის კეთებაც – ყოველგვარი დიდი ჭაპანწყვეტის გარეშე და სწორედ ეს სიმსუბუქე აგდებს მას აზარტში, ხან მწვანე აუნთოს ვინმეს – სეზონი გახსნას მისი ბედნიერების, ხან წითელი აუნთოს ვინმეს და იყოს მისი უბედურების კანონმდებელი. აი, “ყვითელს” რაც შეეხება – სტურუას შუქნიშანზე მუდამ ანთია, მაგრამ – შეუმჩნევლად. უფრო სწორედ, როდესაც მწვანე ანთია, ისე აბრმავებს ბედნიერებს, რომ ვეღარ ხედავენ ყვითელს. ვერ აცნობიერებენ, რომ მეფის ნავში არიან და მუდამ სიფხიზლე მართებთ.  სტურუას უყვარს მოვლენების პროვოცირება, ეპატაჟი, ერთგვარი პროვოკაციები, ,,ხულიგნობაც’‘, თუ გნებავთ, ექსპერიმენტების ტარება ყველგან და ყველაზე. სამყაროს მიმართ მისი დამოკიდებულება მთლიანპიროვნულია  – იგი ცინიკურად, ირონიულადაა განწყობილი მთელი სამყაროს მიმართ და ეს ჩანს მის სპექტაკლებში, მის ყოველდღიურობაში. იგი არ თამაშობს, ასეთია ანუ – ყველას და ყველაფერს ეთამაშება… ესაა სტურუას პარადოქსი.

ქართული „ფორბსი“, ხინკალი, „სულელი უცხოელი“ და გურამ დოჩანაშვილი

დაიბეჭდა გაზეთ “ქრონიკა+”-ში, ჩემ საავტორო რუბრიკაში – “მეცამეტე გვერდი”. 

khinkals

„მაკდონალდსმა“ აფხაზეთი ცნო – ქვეყნების ჩამონათვალში აქვს. წესით, ამას დიდი საპროტესტო აქციები უნდა მოჰყოლოდა თბილისურ „მაკდონალდსებთან“. აქციები თუ არა, კარების აჭედვები თუ არა, საზოგადოების რაღაც ნაწილს მაინც უნდა გამოეცხადებინა, რომ პროტესტის ნიშნად აღარ შევა და აღარ გაამდიდრებს „მაკდონალდს“… მაგრამ ეს ხომ ის ქვეყანაა, საიდანაც სოჭის ოლიმპიადაზე უკანმოუხედავად გარბიან?

მოკლედ, ჩვენ უარს არ ვამბობთ ვჭამოთ „მაკდონალდსი“, სამაგიეროდ, აი, გამოხტა ვიღაც უცხოელი და მოგვახალა, – ხინკალს აღარ შევჭამო! დიახ, ქართულმა „ფორბსმა“ უცხოელი ჟურალისტის – უილიამ დანბარის სტატია გამოაქვეყნა სათაურით: „რატომ აღარ შევჭამ ხინკალს აღარასოდეს?- ქართული კერძების სავალალო მდგომარეობა“.

ვიდრე საფუძვლიან პასუხს გავცემ ამ ბატონ თუ ვაჟბატონ ჟურნალისტს, მინდა, ერთი რამ ვუთხრა, –  ხინკალს ნაოჭები ნამდვილად არ გაუსწორდება, თუ იგი არ მიირთმევს.

ვინაა ეს უილიამ დანბარი? ამ სტატიიდანვე ეტყობა, რომ მას, ნიჭის თვალსაზრისით, არაფერი აკავშირებს გენიალურ შოტლანდიელ პოეტ უილიამ დანბართან (1460-1520 წწ.). დიახ, მას უყვარს თავისი სტატიების ასე დაწყება: „ვშიშობ, ცუდი ამბავი მაქვს. არ ინერვიულოთ, ტრაგიკული არაფერია, თუმცა იმედი, შეიძლება, გაგიცრუვდეთ“. მინდა, სწორედ ამ სიტყვებით მივმართო მას და ვუთხრა, რომ მეც ცუდი ამბავი მაქვს მისთვის, მეც ვურჩევ, არ ინერვიულოს, ტრაგიკული არაფერია ამაში, მაგრამ იმედი შეიძლება გაუცრუვდეს, – თქვენ წერა არ იცით. სამწუხაროდ… თქვენ, რა თქმა უნდა, არ დამეთანხმებით, შეიცხადებთ კიდეც –  შეიცხადებთ, აბა, რა იქნება? აგერ ქართული „ფორბსი“ ბეჭდავს თქვენს ნაწერებს, როგორც გავარკვიე, „ტაბულაც“ გბეჭდავთ „სულელი უცხოელის“ ფსევდონიმით, მანამდე რუსულ ტელაერხსაც წარმოადგენდით(!) საქართველოში, მაგრამ წერა მაინც არ იცით და მხოლოდ ის ფაქტი, რომ საქართველოში ასე წარმატებით იბეჭდებით, არაფერს ნიშნავს – აქ ათას სისულელეს ბეჭდავენ. დიახ, აქ, ქართულ „ფორბსში“ და ქართულ ჟურნალ-გაზეთებში თუ დაბეჭდავენ თქვენს პასკვილებს, თორემ თქვენც კარგად იცით, რომ წამყვანი დასავლური გაზეთები ამ თქვენს ბოღმით სავსე ნაკვესებზე ადგილს არ მოაცდენენ.

თქვენ არც წერა გეხერხებათ და არც იმას ცდილობთ, რომ თქვენი მოსაზრებები რამით დაასაბუთოთ. თქვენ, უბრალოდ, ცამოწმენდილზე აბრახუნებთ – რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ და ამ ყველაფერს თქვენს ზედაპირულ ანალიზში ხვევთ, თქვენი წარმოდგენები არაფრით განსხვავდება ამ ქვეყანაში 2 დღით ჩამოსული ტურისტის სტერეოტიპული წარმოდგენებისგან.

ხინკალზე სულ ტყუილად ხართ გაბრაზებული. ხინკალი ვერ გიშველიდათ და ვერც ახლა გიშველით, ყოველდღე რომც ჭამოთ. იცით, რატომ? არ ვიცი, თქვენს ყურამდე მოაღწია თუ არა ამ ამბავმა, მაგრამ ჩვენ, სტუმართმოყვარე ქართველებს, ლამაზი მთებისა და კარგი საჭმელების გარდა, ლიტერატურაც გვაქვს, ასე, მინიმუმ, 16-საუკუნოვანი. კი ვიცი, თქვენ ფრიად ნერვებს გიშლით, როდესაც ჩვენ საუკუნეებზე ვაპელირებთ, მაგრამ რას ვიზამთ – გვყავდა და დღესაც გვყავს მწერლები, არცთუ ურიგო, ჰოდა სწორედ ერთმა ასეთმა არცთუ ურიგო მწერალმა, გურამ დოჩანაშვილმა, აღმოაჩინა კანონი – დეტალურად აღწერა, როგორ გშია, როგორ მიდიხარ სახინკლეში, როგორ მიირთმევ ხინკალს, როგორ ძღები და უკვე დამძიმებული, მოფომფლოვებული, მთვლემარე როგორ იგრძნობ „რომ ისევ ის ბითური ხარ, რაც მანამდე, ხინკლის ჭამამდე იყავი“.

ასეა, ხინკალი სასწაულმოქმედი არაა, რაც არ უნდა 19-ნაოჭიანი იყოს და თუ რამეს ელოდით ხინკლის ხშირი ჭამისგან, ტყუილად ელოდით და ახლაც ტყუილად აყრით ბოღმას პილპილად. ნუ დაემსგავსებით საჭურის აღა-მაჰმად ხანს, რომელსაც იმედი ჰქონდა, რომ თბილისური აბანოები უშველიდა და რომ ვერ უშველა, მისდგა და მიწასთან გაასწორა ისინი…

ტენდენციურობაში რომ არ დამდოთ ბრალი, სტრიქონ-სტრიქონ გაგცემთ პასუხს.

ნებისმიერმა ადამიანმა, რომელიც ერთხელ მაინც ყოფილა საქართველოში, იცის, რომ აქ კარგი საჭმელია, ხალხი სტუმართმოყვარეა, მთები _ ლამაზი და საჭმელიც _ გემრიელი. ეს აქსიომად ჩამოყალიბდა. ჰოდა, ქართველებიც ზედმეტად დარწმუნებულნი არიან ამაში და ქვეყანაც სავსეა ქართული რესტორნებით, რომლებიც, თავის მხრივ, ქართველი ხალხით არის სავსე“, – წერთ თქვენ. უფრო სწორად, თან ჭრით, თან კერავთ. თავადვე ამბობთ, ვინც ერთხელ მაინც ყოფილა, იცის, რომ აქ კარგი საჭმელიაო და იქვე საწინააღმდეგოს ამბობთ, – ქართველებიც ზედმეტად დარწმუნებულნი არიანო. თუკი ყველამ, ვინც ერთხელ ყოფილა, ეს იცის – ესე იგი, ეს ასეა, ქართველებს კარგი საჭმელი გვაქვს და ზედმეტი დარწმუნება რაღა შუაშია? რა გაღიზიანებთ, ქვეყანა ქართული რესტორნებით რომაა სავსე? თუ ეს რესტორნები ქართველებით რომაა სავსე? თუ იმას უსვამთ ხაზს, რომ ამ ქართულ რესტორნებში მარტო ქართველები დადიან? არა, თქვენ უგულობას სხვა მიზეზი ჰქონია, მერე რა, რომ აბდაუბდა?

ჩემს უგულობას მიზეზი აქვს: მე ვარ ადამიანი, რომელსაც წლების განმავლობაში ძალიან ბევრჯერ გაუცრუვდა იმედი და ვსვამ კითხვას, - იქნებ, ეს ყველაფერი ტყუილია? იქნებ, ქართული საჭმელი სინამდვილეში ძალიან მოსაბეზრებელია და ჩვენ, უბრალოდ, ისე გავისიგრძეგანეთ ქართული საჭმლის განსაკუთრებულობის იდეა, რომ მართლაც ვიწამეთ მისი?

ვარიანტი რამდენიმეა, ან თქვენ, უბრალოდ, არ მოგწონთ ქართული სამზარეულო და მართლაც გაუგებარია, რას იტანჯავთ თავს, რატომ ჭამთ ან ხაჭაპურს, ან ხინკალს, შედით სხვა რესტორნებში და მიირთვით რაც გნებავთ; ან სხვა ვარიანტია – რესტორნებმა გაგიცრუეს იმედი. არასწორად შერჩეულმა რესტორნებმა. დიახ, ბატონო დანბარ, თავს ნამდვილად ვერ დავდებ ყველა ქართული რესტორნის კეთილსინდისიერებაზე, ხარისხზე, მომსახურების დონეზე, მაგრამ ამ ლანძღვას არ სჯობდა, გაგერკვიათ და მიგეგნოთ წესიერი რესტორნისთვის, სადაც იმედებს არ გაგიცრუებენ? ასე ბრმად თუ შეაბოტე, ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება აღმოჩნდე უვარგის რესტორანში და, უბრალოდ, იმედები კი არ გაიცრუო, კუჭიც გაიხეთქო.

და საერთოდ, რამდენად საფუძვლიანად გეჩვენებათ, ქართული სამზარეულოს ავკარგი რესტორნების მიხედვით განსაჯოთ? დავიჯერო, ამ სტუმართმოყვარე ქვეყანაში შინ არავინ არ დაგპატიჟათ? თუ „ფორბსის“ და თქვენი ინტერესი ქართულ რესტორნებზე დარტყმა იყო Wendy’s – ის სასარგებლოდ? აკი ამბობთ კიდეც, მობეზრდება ხალხს ქართული სამზარეულო და Wendy’s-ში გადავლენო? კიდევ ერთი კითხვა მაქვს, – ლოგიკაზეც ისევე გაბრაზებული ხართ, როგორც ხინკალზე? რომ არ მოსწონებოდა, ვინმე გაისიგრძეგანებდა ქართული საჭმლის განსაკუთრებულობის იდეას? კი გამუნათებთ, მოსაზრებებს არ ასაბუთებთ-მეთქი, მაგრამ ისეთ დასაბუთებას, როგორც თქვენ ასაბუთებთ, ვინძლო, სჯობდა, საერთოდ არ დაგესაბუთებინათ. თქვენი მტკიცებით, ქართველები ზედმეტად გავუნებივრებივართ კომპლიმენტებით სამზარეულოს მიმართ. მთელი საიდუმლო კი ის ყოფილა, რომ: „200 წლის განმავლობაში ქართული სამზარეულო რუსულ სამზარეულოს უწევდა მეტოქეობას და ჩვენ ყველამ კარგად ვიცით რუსული სამზარეულოს ამბავი. საბჭოთა კავშირის დროს გამხმარი ხაჭაპურიც კი მადის აღმძვრელად გამოიყურებოდა ხორციანი ჟელეს კატასტროფასთან შედარებით, სახელად ხალადეცი“. და ის ფაქტი, რომ ქართველები ეროვნული სალათების მომზადებისას მაიონეზს არ იყენებდნენ, ალბათ, საბჭოთა ჩაგვრისგან სულის მოთქმას ჰგავდა“.

გისვამთ კითხვას, – რა შუაშია ან 200 წელი, ან რუსული სამზარეულო, როდესაც დღეს ადამიანი ჩამოდის საფრანგეთიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან და იხიბლება ქართული სამზარეულოთი? ვეჭვობ, თქვენი ცოდნა ისეთივე ზედაპირულია რუსული სამზარეულოს შესახებ, როგორც ქართულის შესახებ, მეტიც, ვგონებ, არც ფრანგულ სამზარეულოს იცნობთ საერთოდ, თორემ მაიონეზს საბჭოეთის სიმბოლოდ არ გამოიყვანდით.

თქვენ წერთ: უცხოელი სტუმრები საქართველოში მოსკოვის გავლით ჩამოდიან, ვიტამინ C-ზე დახარბებულები და ღორის ქონითა და არყით დაბეჩავებულები. მათ, ვინც გაყინულ ჩრდილოეთში, კვირების განმავლობაში, უშედეგოდ ეძებდა არამჟავე კიტრს, ქართული სამზარეულო ნამდვილ აღთქმულ მიწად ეჩვენებოდათ და, შესაბამისად, გულწრფელად ეუბნებოდნენ თავიანთ მასპინძლებს: თქვენი საჭმელი ძალიან გემრიელია, გაცილებით უკეთესი, ვიდრე რუსეთში. მაგრამ გქონდეს უკეთესი საკვები, ვიდრე რუსულია, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ იგი უმაგრესია, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ იგი რუსულ საჭმელზე უკეთესია“.

მართლა ვერ გავიგე, უბრალოდ, გრამატიკაზეც ნაწყენი ხართ, თუ, უბრალოდ, დროები გერევათ? ჯერ აწმყოში საუბრობთ, მოსკოვის გავლით ჩამოდიანო და მერე წარსულში გადადიხართ, ეჩვენებოდათ, ეუბნებოდნენო. ასე რომ, ვერ გავიგე, რას ამბობთ, დღეს ჩამოდიან უცხოელები მოსკოვის გავლით? თქვენ რუსულ ტელეარხს წარმოადგენდით და მოსკოვის გავლით მოხვდით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა უცხოელი მოსკოვის გავლით ჩამოდის აქ, ბატონო დანბარ. თუ წარსულზე საუბრობთ და აგერ 20 წელიწადზე მეტია, პირდაპირ ჩამოდიან უცხოეთიდან, არ აქვთ ეგ გზა გამოვლილი, რატომ მოსწონდათ ქართული სამზარეულო და რატომ თქვენამდე არ დაიმსხვრა მითი ქართულ სამზარეულოზე? თუ ეს თქვენ გხვდათ წილად – ამცნოთ კაცობრიობას სიმართლე ქართულ სამზარეულოზე? მძიმე ხომ არაა მონომახის ქუდი?

მეტწილად, ქართული კერძები მარტივია (ამას ვამბობ მე, ადამიანი ინგლისიდან, აგრეთვე მარტივი სამზარეულოსქვეყნიდან) და მოდი, თვალი გავუსწოროთ სიმართლეს, არჩევანი წარმოუდგენლად შეზღუდულია. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მე ხაჭაპურის წინააღმდეგი ვარ, უბრალოდ, მე არ მინდა მისი ყოველდღიურად ჭამა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ამ გაღმერთებული ყველის ღვეზლის შემთხვევაში, ერთადერთი ამაღელვებელი სიახლე შეიძლება იყოს ის, რომ ყველს მის ზედაპირსაც დაურთავენ, ან (ჩშშშშ!..) შიგთავსს კარტოფილს დაამატებენ. ამ დროს, ცხადია, რამე სხვას გაუსინჯო გემო. ხინკალი? ცომში გახვეული ხორცი - განა რამე ისეთია, რაზეც ინგლისში ვინმეს მოვუყვები?

თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოს კარგი კერძები არ გააჩნია. მიყვარს საცივი, ნაკლებად ცხიმიანი აჯაფსანდალი და ცხარე ხარჩო. ჩიხირთმა მშვენიერი წვნიანია და კარგი გულიანი ჩანახიც საუცხოოა ზამთრის ღამეს. აი, ვწერ და ჩემი მუცელიც ხმებს გამოსცემს. თუმცა ფაქტია, რომ იმ ადგილების ჩამოსათვლელად, სადაც ამ კერძებს გემრიელად მიირთმევ, ერთი ხელის თითებიც საკმარისია. და ჩვენც წყალწყალა ლობიოსა და მლაშე ტყემლის ოკეანეში ვიძირებით“, -  თქვენ, უბრალოდ, თავხედი ხართ, სერ. არ იცნობთ არათუ ქართულ სამზარეულოს, საერთოდ საკითხს; რამდენჯერმე ხართ ნასადილევი (არ მინდა გითხრათ, გამძღარი) ქართულ რესტორანში და ეს საკმარისად მიგაჩნიათ იმისთვის, რომ დასკვნები გამოიტანოთ და შეურაცხყოფა მიაყენოთ ეროვნულ სამზარეულოს! როგორც გატყობთ, სულ რამდენიმე კერძი გაქვთ მირთმეული და იმის მიხედვით ციცერონობთ, ურთულეს სამზარეულოს – მარტივად ნათლავთ და ისიც არ იცით, რომ ეგ ქართული სამზარეულო ნაკრებია სხვადასხვა სამზარეულოსი, რომ საქართველოს ყველა კუთხეს თავისი სამზარეულო აქვს – ხშირ შემთხვევაში, რადიკალურად განსხვავებული. რა ვქნა, დავდგე ახლა და ყველა კერძი ჩამოგითვალოთ? თუ დავდგე და აგიხსნათ, რომ ისპანახი, რომელსაც ევროპა მე-15 საუკუნიდან იცნობს, საქართველოში მე-12 საუკუნიდან მიირთმევენ და მისგან მრავალნაირი კერძი მზადდება? ინდოეთიდან წამოსულმა ბადრიჯანმა, თქვენთან, ევროპაში რომ მე-16 საუკუნეში ძლივს მოაღწია, ჩვენ უკვე მე-12 საუკუნიდან მივირთმევდით? (რა ამის პასუხია და ნიგვზიანი ბადრიჯანი მაინც არავინ გაჭამათ? და მარტივად მოსამზადებლად გეჩვენებათ?:))…) თუ დავდგე და ის გიმტკიცოთ, რომ არსად იმდენ და იმდენნაირ მწვანილს არ მოიხმარენ, როგორც ქართულ სამზარეულოში, როგორც ცოცხლად, ისე კერძებში _ ნედლად და სუნელების სახით?  გადაშალეთ და წაიკითხეთ რუსუდან გორგილაძის შესანიშნავი წიგნი „კერძთაყვანისმემა“ და, იქნებ, მერე მაინც აღმოაჩინოთ, რომ თქვენ მიერ გალანძღული ხინკალი, რომელზეც, თურმე, ვერავის მოუყვებით ინგლისში, მთელ მსოფლიოშია მოდებული – ხინკალს ენათესავება შუააზიური მანტი. მანტს ნათესაობა მთელ მსოფლიოში ჰყავს – ტაჯიკური და ავღანური ხუსანი და მანდუ, თურქული თათარ-ბერეკი, სლავური ვარენიკები, ციმბირული პელმენი, ჩინური ვოტონი და ბაოზი, გუიტიე, იაპონური იაკიმანუ, მონღოლური ბუუზი, ებრაული კრეპჩალი, მანტს ნათესავები ევროპაშიც ჰყავს – იტალიელი რავიოლი, ტორტელინი და გერმანელი მაულთაშე. მანტის ნათესავია – განთქმული ქართული ხინკალი – მრავალნაირი ვარიაციით.

საქართველოში რომ გაზრდილიყავით, ვიფიქრებდი, რომ მძიმე ბავშვობა გქონდათ და ძალით გაჭმევდნენ ხაჭაპურს, ხინკალს, მაგრამ საქართველოში არ გაზრდილხართ, და ძალიან საინტერესოა, აქ ჩამოსული ასეთი ვის ხელში აღმოჩნდით – პირში ძალით რომ გტენიდნენ ხაჭაპურს, თან სულ ერთსა და იმავეს? ხეირიანი ქართული რესტორნების მისამართები თუ არ იცით, ის მაინც არ იცით, რომ ეროვნული სამზარეულო ეროვნული იდენტობის გამოხატვისა და შენახვა-გადაცემის ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა და ასე ხელაღებით მასზე საუბარი და ლანძღვა ამ ერის ლანძღვაა?

„მე მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე საკმარისი ხინკალი უკვე მივირთვი და, აგრეთვე, ბოსტნეულით სხვა უამრავ რამესაც მოამზადებ, გარდა ფხლისა. აი, ღვინოზე კი გადაკრული სიტყვა არ დამცდება…“ - თუ თქვენ ობიექტური ხართ, ამ ქვეყანაში თუ წყალწყალა ლობიოა და მლაშე ტყემალი, დავიჯერო, ერთხელ მაინც არ დაგალევინეს წყალწყალა ღვინო?

თუ ასე გძულდათ ეს ხინკალი, ან აქამდე რას ჭამდით და ან ახლა რა ტვინი შეჭამეთ, – არ შევჭამო? აკრიტიკეთ, ბატონო, ქართული რესტორნები, მომსახურებაც, ხარისხიც, მაგრამ ამ რესტორნებიდან გამომდინარე რატომ მსჯელობთ საერთოდ ეროვნულ სამზარეულოზე? კიდევ ერთხელ გეკითხებით, შინ არავინ გიმასპინძლათ? თუმცა ისეთი უმადური და ღრძო ენის პატრონი ჩანხართ, არც გამიკვირდება შინ რომ არავის შეეშვით.

დაბოლოს, მაინტერესებს, რა ამოძრავებს ქართულ „ფორბსს“, რა არის მისი ამოცანა, – ქართული სამზარეულოს დისკრედიტაცია? იმედს ვიტოვებ, რომ ამ უნიჭო პასკვილს ასეთი შორს მიმავალი მიზნები არ აქვს და არც ქართული „ფორბსის“ ლიცენზიის არაქართველი მფლობელის გენერალურ ინტერესებში შედის.

ცოფიანი აბსურდი – ”ტაბურეტკიდან” სინჯარამდე

დაიბეჭდა გაზეთში ”ქრონიკა+”

jjjjjjjjjjjjjjjjjjjjjjjjjjjjjjjjjjjjjjjjjjjjjj

 

საზოგადოების ნაწილისთვის 2013 წელი ოცნებების მსხვრევის წელი იყო. ზოგს დაემსხვრა, ზოგს გაუბერწდა, ზოგს გაუხუნდა, მე? – ჩემს ოცნებებს არაფერი დამართია. ერთი წამითაც არ იფიქროთ, რომ ბიძინაზე დიდი მეოცნებე ვარ, სულაც არა. პირიქით – ჩემი ოცნებები სწორედაც რომ არანაირად არ უკავშირდებოდა ხელისუფლებაში მოსულ ახალ ძალას და აბა, რა დამემსხვრეოდა? ივანიშვილითა და მისი დასით მოხიბლული არც არასოდეს ვყოფილვარ და რანაირად განვიხიბლებოდი? მოკლედ, ხელისუფლებასთან მიმართებით: არც განვხიბლულვარ, არც მოვხიბლულვარ. მე სხვა რამემ დამცა თავზარი – ერმა და ბერმა. ქუჩაში ”ტაბურეტკებით” გამოვარდნილი მღვდლები და ათეულათასობით ”ღრმად” მორწმუნე – 40-იოდე ადამიანის ჩასაქოლად….

მართლა არ მეგონა და მართლა რა ძალა ჰქონია ფორმულას: ”რაც ერი, ის ბერი” და პირუკუც. უნდა გამოგიტყდეთ, ასეთი თავზარდაცემული იმ ცოცხების კადრების შემდეგ ნამდვილად არ ვყოფილვარ. ჯერ ერთი, კარგად ვხედავდი, რომ მთელ იმ უბედურებას წინასაარჩევნო სუნი უდიოდა და ეგეც რომ არა, გამოცვლი სასჯელაღსრულების სამინისტროს, თუნდაც მთელ ხელისუფლებას (როგორც მოხდა კიდეც შემდეგ) და ეშველება პატიმრებს (ცალკე თემაა, რომ არც ეშველათ და ძველი ჭირიც (ე. წ. ”მაყურებლებიც”) განახლდა), მაგრამ რას უშველი ერს და ბერს? დედის მაგინებელ, ”ტაბურეტკიან” მამაოებს, თავშლიან მრევლს და კუნთმაგარ მუტრუკებს, რომლებიც მზად არიან, ჩაქოლონ, გაანადგურონ ადამიანი? – მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მათგან გასხვავებული სექსუალური ორიენტაცია აქვთ და თავის უფლებებზე მოინდომეს ხმის ამოღება. მაგრამ ჰქონდათ კი იმ 40-50 ადამიანს ყველა მდევნელისგან განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია? რაღაც ეჭვი მეპარება. ჯერ ერთი, ბევრმა ამ რაკურსით სახელგანთქმული მუტრუკებიც ამოიცნო გამოდევნებულთა შორის და ბევრი ლატენტურიც იქნებოდა (ქე რომ უნდა და არ შვება, ვერ ბედავს, ან ქე რომ უნდა და არც იცის, რომ უნდა…), თორემ ამიხსნას ვინმემ, ახალგაზრდა, ჯანმრთელ მამაკაცს რატომ უნდა აღელვებდეს, ვინ ვისთან წევს, თან იმ დონეზე, რომ გამოვარდეს და ვინმეს გამოუდგეს, ტანთ გაიხადოს და ავტობუსს შეაფრინდეს? მზად იყოს – მოკლას, დაასახიჩროს, დაკბინოს, დაფლითოს?

yyyyyyyyyyyyyyyyyyyyyyyyyyyy

zzzzzzzzzzzzzzzzzzz

ჩემთვის, ისევე როგორც ბევრისთვის, 17 მაისს დაიწყო პროცესი, რომელიც დაგვირგვინდა საშობაოდ – ეპისტოლეთი. ამ პროცესს პირობითად ვუწოდებ ”ტაბურეტკიდან სინჯარამდე”.

გაუგებრობების თავიდან ასცილებლად, თავიდანვე განვმარტავ, არ ვარ და არასოდეს ვყოფილვარ ურწმუნო, არც ღმერთზე მიქილიკია, არც ხატებზე და არც სხვა ადამიანების რწმენაზე. მოკლედ, არ განვეკუთვნები ”ღმერთზე ნაწყენების” კასტასა თუ კატეგორიას (როგორც რეჟისორი გია კიტია ენამოსწრებულად უწოდებს მათ). მინდა გითხრათ, პატრიარქსაც დიდ პატივს ვცემდი უწინ, თუმც კი უნდა ვაღიარო, რომ ღმერთზე წინ არასოდეს დამიყენებია იგი და არც ცოცხალი წმინდანის რანგში განვიხილავდი მას, რომლის კრიტიკაც დაუშვებელია. ამ დამოკიდებულების გამო არაერთხელ მიგრძნია არაერთისგან ზიზღნარევი მზერაც – თუ როგორ ვბედავდი პატრიარქზე რამის თქმას?

ქართული სინამდვილე ხომ გამაოგნებელია – პატრიარქის სჯერათ, სწამთ მათაც კი – ვისაც ღმერთი არ სწამს. და ვისაც ღმერთი სწამს, იმათთვისაც კი პატრიარქია უზენაესი.

”უწმინდესო და უნეტარესო, დღეს განა მონუმენტურ კერპად არ აღმართულხართ მთელი ქართველი ერის წინაშე? როგორც ღმერთს, ისე არ მოგმართავენ რიგითი მორწმუნენი? არ გიგალობენ? არ გხატავენ ხატებზე? ღმრთისთვის კუთვნილ ლოცვასა და ქება-დიდებას განა არ გიძღვნიან? კარგად დააკვირდით, რა ხდება თქვენი თაყვანისმცემლების დიდ არმიაში? განა, თქვენმა დიდებამ არ დაჩრდილა ღმრთის დიდება?” – წერდა იმ 17 მაისის შემდეგ ბექა მინდიაშვილი.

მოკლედ, იმ 17 მაისს დაიწყო და საშობაოდ დასრულდა პროცესი, ჩემთვის მეტად მტკივნეული. მე დავკარგე რწმენა… ღვთის არა, პატრიარქის. საბოლოოდ. ღვთის არა, ალბათ, იმიტომ, რომ არასოდეს გამიიგივებია მაწყევარი, დედის მაგინებელი, ”ტაბურეტკით” მორბენალი სასულიერო პირები სიყვარულის ღმერთთან.

მაინც, რა მოხდა რეალურად იმ 17 მაისს, მართლა ეგ აღელვებდა ვინმეს? ვინ მართავდა აქციას ტრასფობიასთან და ჰომოფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით, საკუთარ მრევლს რომ გეიპარადად მიასაღეს? ვინმეს ეგ სჯერა, რომ 50, როგორც ხშირად უწოდებდნენ იმ დღეებში, გზააბნეული ადამიანის გავლა-გამოვლით გაირყვნებოდა ვინმე? ან ვინმემ რომ საკუთარ უფლებებზე ხმა ამოიღოს, ეს ნიშნავს მათი ცხოვრების წესის პროპაგანდას? ეს აღელვებდათ იმ ”ტაბურეტკიან” მამაოებს, თუ საკუთარი ძალების დემონსტრირება სურდა ეკლესიას? დიახ, ეკლესიას და არა რამდენიმე მამაოს, იმიტომ რომ ამ კონტრაქციის მონაწილეებს მადლობა სამების საკათედრო ტაძრიდან გადაუხადა პატრიარქოს ქორეპისკოპოსმა. ასე რომ, სულ ტყუილად ცდილობდა იმ დღეებში მამაო ბიჩინაშვილი, – ორგანიზატორი არც მე ვყოფილვარ, არც პატრიარქი (იმ დღეს თურქეთში ბრძანდებოდაო), ორგანიზატორი, ალბათ, ისეო ქრისტე იყოო. ქრისტე კი ზიდავს თქვენს ცოდვებსაც, მაგრამ დაგიჯერებთ მაგას ვინმე? ეჰ, სწორედაც პრობლემა ეგ არის, რომ დაიჯერებენ…

ასე დაუჯერა მათ ძალიან ბევრმა და სწორედ მამაოების კურთხევით შემოხაზეს  41. არავისთვის უცხო აღარაა ის, რომ სწორედ სასულიერო პირების დიდი ნაწილის, ეკლესიის მხარდაჭერამ განაპირობა ”ნაციონალური მოძრაობის” მარცხი და ”ოცნების” გამარჯვება. და სწორედ ამ გაწეულ ”ღვაწლთანაა” პირდაპირ კავშირში ის, რაც 17 მაისს მოხდა. ეკლესიამ კუნთები უჩვენა სწორედ ახალ ხელისუფლებას, ბიძინა ივანიშვილს, გაისმა კიდეც იმ კონტრაქციაზე კომენტარებში პირდაპირი სიგნალები, – თუ ახალი ხელისუფლება სწორად არ შეაფასებდა მოვლენებს – როგორც მოიყვანეს, ისე წაიყვანდნენ. მთელი ამ ისტერიის შემდეგ კულუარებში უკვე ამ აქციის რეალურ მიზეზებზე ალაპარაკდნენ, რომ ივანიშვილმა უარი უთხრა ეკლესიას დაფინანსების ერთბაშად მიცემაზე და შესთვაზა თანხის ეტაპობრივი ჩარიცხვა, ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ და ა. შ. მოკლედ, ეკლესიამ ქიში გამოუცხადა ახალ ხელისუფლებას  - ანახვა ძალა! მერე რა, რომ გული ისევ წინა ხელისუფლების წყევლით და ლანძღვით მოიოხეს? რაღა არ ბრძანა მეუფე იაკობმა იმ დღესაც და შემდეგ დღეებშიც – 17-ში რომ სამღვდელოება იყო გამოსული, ეს თქვენი სირცხვილია, სამღვდელოების სირცხვილი კი არაო. თქვენ ხომ მარტო 17 მაისების მოწყობა შეგიძლიათო, ბედმა გაგიღიმათ, რომ მართლმადიდებლები შემწყნარებლები ვართო და რაღა აღარ თქვა – თმები ყალყზე დაგადგებოდა. აქეთ წუხდა, –  ნაცვლად იმისა, რომ გვერდში დაგვიდგეთ, გვირტყამთო.

უფლებადამცველებსაც მიმართავდა, – უფლებადამცველობა უფრო დიდია თუ წესიერად ცხოვრებაო, რას ვიცავთ, ხომ უნდა ვიცოდეთ, ვის წინააღდეგ მივდივართო? ვის წინააღმდეგ და თქვენ წინააღმდეგ და არა ღმერთის წინააღმდეგ! ვის იცავენ და ცოდვილებს და არა ცოდვას. თქვენ ვის ებრძვით? ცოდვას თუ ცოდვილებს? ცოდვას გამოუდექით ქუჩაში თუ ცოდვილებს? ძალიან მარტივი კითხვა მაქვს, – ეკლესიაში ვინც დადის, ყველა უცოდველია? ფრთიანი ანგელოზია? მათ რატომ არ დასდევთ ”ტაბურეტკებით”? და საერთოდ, რა ხელი გაქვთ მათთან, მათ ცხოვრებასთან, ვინც თქვენი მრევლი არ არის? რატომ ახვევთ ყველას თავზე თქვენს ძალაუფლებას?

მთელ ამ ისტერია-ისტორიაში ორი რამაა საშიში – ერთი ის, რომ სამღვდელოებამ მოითხოვა დივიდენდი _ ძალაუფლება და დაიწყო სახელმწიფოს საქმეებში უხეში ჩარევა. მეორე ის, რომ გამოჩნდა თავზადამცემი ტენდენცია – საკმარისია ერთი დაძახება და ეს მასა გადათელავს ნებისმიერს, ვისზეც თითს მიუშვერს სამღვდელოება. სწორედ ეს ქმნის ჰომეინიზაციის საფრთხეს. სწორედ ეს ლავასავით წამოსული ძალაა, თავზარს რომ დაგცემს და გულს აგიცრუებს ყველაზე და ყველაფერზე. რა ნატო, რა ევროკავშირი, შეხედე – როგორ მორბიან, როგორი ჟინით, გახელებით, შუა საუკუნეების სიბნელით ”გასხივოსნებულნი”, სადაა ან ქრისტეს სიყვარული, ან ლიბერალიზმი? ”დაგხოცავთ, თქვენი დედა მოვტ…ან მ”, – მამაოს ამ გინებაშია ქრისტეს სიყვარული? ვის აგინებს დედას, – იმათ, შეშინებული რომ გარბიან? თუ ქრისტეს? გინება, უპირველესად, ღვთისმშობლის შეურაცხყოფაა. სწორედ ეს გინებაა ქართველი მამაოების სამარკო ნიშანი. გინება, წყევლა და მუქარა. აგერ, ბათუმში ბერმონაზონმა ლუკა კოკრაშვილმა და ქალმა ერთმანეთს აფურთხეს, ბერმონაზონმა უსინდისო ეძახა ქალს, მეზობელს ეწექიო, ისიც კი წააძახა, დაწყევლა. ეს ვიდეო ფეისბუკით თეა თუთბერიძემ გამოაქვეყნა და რა მიიღო პასუხად? მუქარა და ლანძღვა – რა თქმა უნდა: თუთბერიძე, შე ნაძირალაო, შენი რისხვა ვარო, პასუხს აგებ, გპირდებიო. მოკლედ, გაისარჯა მამაო, მაგრამ ობიექტურობისთვის უნდა ვთქვათ, მისმა წყევლამ იმ მხატვრულ მასშტაბებს ვერ მიაღწია, რასაც მამაო ბართლომეს წყევლამ. შეიძლება იმიტომ, რომ მამაო ბართლომეს მუზა მიხეილი იყო, სააკაშვილი. ეს ის მამაოა, რომელიც ”ოცნებას” ღიად უჭერდა მხარს,  წინასაარჩევნო შეხვედრებსაც არ ტოვებდა, ბიძინა ივანიშვილს იდეალურ ადამიანად აცხადებდა, დაბადებაც განსაკუთრებული იყოო – ამბობდა, იწყევლებოდა კიდეც: ”ვინც ბიძინა ივანიშვილს შავ პიარს აუგორებს, იმას გაუშავდა სახე და ცხოვრება, ამინ!” 2013 წლის 1-ლ სექტემბერს ”ნაციონალები” დაწყევლა: ”წყეული ”ნაცები”, მაგათ სხეულზე ხორცები უნდა შემოალპეთ ცოცხლად!”  საპრეზიდენტო არჩევნებისას წერდა: ”ნაც-ფაშისტების პანაშვიდისთვის ვემზადებიიიიიიიი”. ნოემბერში კი მიშა დაწყევლა: ”წყეული იყოს მიშა სააკაშვილი და მისი ხროვა! მისთვის მზე დაბნელდეს, მთვარემ ნათელი არ მისცეს, მიწის ნაყოფი შხამად შეერგოს, წყალი გამწარდეს, მარილი განქარდეს და ჰაერი მავნებელ იქმნას! ამინ!”

და რა ქნა საპატრიარქომ? არქიმანდრიტ ბართლომეს ეპიტემია დაადეს. გგონიათ, მიშას დაწყევლის გამო? არც იოცნებოთ. პირიქით, ხაზი გაუსვეს – მას ეკლესიისა და ქვეყნის დაცვის სურვილი ამოძრავებდაო, უბრალოდ, მღვდლობის ხარისხის მქონეს, თვითნებურად არ უნდა დაეწყევლაო.  განა, რატომ დაწყევლეო, ჩვენთან შეუთანხმებლად რატომ დაწყევლეო?!

დიახ, მათ გარეშე არც წყევლა შეიძლება, არც ქველმოქმედება. აგერ, ”იდენტობამ” მოინდომა თავშესაფრის გახსნა უსახლკაროებისთვის, ფართიც იყო გამონახული და ატყდა ისტერია, რომ არ მისცემდნენ ამის საშუალებას, რომ ამ უზნეო ხალხს არ ჰქონდათ უპატრონო ბავშვების მოვლა-პატრონობის უფლება. თუ 17 მაისს ჰომოფობიის წინააღმდეგ აქცია გეიპარადად გაასაღეს, ახლა უსახლკაროები უპატრონო ბავშვებად ”ჩააკონკრეტეს”, გაიტანეს კიდეც თავისი. მათ აქვთ მონოპოლია ქველმოქმედებაზეც, სიკეთეზეც. სახელმწიფომ რა ჰქმნა? – ყლაპა.

ჰოდა, რაღა გვიკვირს, რომ კუნთები შეათამაშეს და ცალკე ფრაქციაზეც ალაპარაკდნენ – პარლამენტში ცალკე ფრაქცია უნდა გვქონდესო. ამ ტენდენციის გაგრძელება იყო ის, რომ პატრიარქმა თვითმმართველობის კანონის წინააღდეგ გაილაშქრა, რასაც პარლამენტარ კორძაიას პროტესტი მოჰყვა: ”ხომ არ სჯობდა, ერთი საპარლამენტო მანდატი გადაგვეცა პატრიარქისთვის?! კორძაია აცხადებდა, რომ პატრიარქი ამ განცხადებით ზედმეტად ერეოდა სახელისუფლებო ფუნქციებში. ახლა კორძაიაზე გაილაშქრეს, შუა საუკუნეები რომ ყოფილიყო, ვინ აკმარებდა კორძაიას იმას, რაც აკმარეს? კოცონი გარანტირებული ექნებოდა!

ასე გაილია 2013 წელი წყევლასა და მუქარაში და საახალწლოდ, მე თუ მკითხავ, უკვე კომიკურად შეიფერა – 1-ლ და 2 იანვარს თევზის ჭამაზე გაიცა კურთხევა, იმ ლოგიკით, რომ მაინც ჭამენ… მაგ ლოგიკით, ყველაფერზე უნდა გაიცეს კურთხევა… მაგრამ ეს მაინც ჟურნალი იყო იმ კინოსი, რომელიც ნაახალწლევს დაიწყო. დედა პარასკევამ ერთი თქვა და ქვეყანამ კიდევ ერთხელ დაიხია 5 საუკუნით უკან. გავრცელდა ინფორმაცია, რომ დედა პარასკევას ჰქონდა ბერი გაბრიელის გამოცხადება, რომელმაც უთხრა, რომ ყველას შეუსრულებდა 2 სურვილს, ვინც კი შობამდე მის საფლავზე ან ციხისჯვარში მისი სახელობის მონასტერში მივიდოდა. ჰოდა, დაიძრა მთელი საქართველო, მიაწყდა მცხეთას, გვერდს უვლიდნენ სვეტიცხოველს – ქრისტეს კვართს და მიიწევდნენ სამთავროსაკენ. დედა პარასკევა კმაყოფილებას ვერ მალავდა და იმეორებდა, რომ მინიშნება მიეცა საფლავიდან. მას მერე კი, რაც საპატრიარქომ ხილვაც უარყო და გამოცხადებაც, დედა პარასკევამაც უკან წაიღო ხილვაც, გამოცხადებაც, საფლავიდან მიღებული მინიშნებაც და დარჩა რა? რომ დედა პარასკევას უთხოვია მამა გაბრიელისთვის მლოცველთათვის სურვილების შესრულება. მხოლოდ ეს დინამიკაც ცხადყოფს მრველის გაბითურებას. რას ემსახურებოდა წმინდანის საფლავის სანტაკლაუსად ქცევა საშობაოდ? – ქრისტიანობას? მრევლს? სანთლების გასაღებას? რა არის ამ ისტერია-ისტორიაში უმთავრესი? გაწამებული ხალხი რომ სასწაულს, ხსნას ელის? მათზე რომ მანიპულირებენ, თუ ის, რომ საკმარისია ერთი დაძახება და ლავა დაიძრება? ესეც და, ალბათ, კიდევ უფრო მეტად ის, რომ 21-ე საუკუნეში ადამიანი მზადაა, ასე გულუბრყვილოდ დაიჯეროს ვინმეს ხილვა, ოღონდ კი სურვილები შეუსრულდეს. მცხეთაში გათამაშდა აბსურდი, უფრო სწორად, ბავშობაში წაკითხული ის ზღაპრები, სადაც ოქროს თევზი და სამი სურვილი ფიგურირებს (ერთი სურვილი, როგორც ჩანს, დედა პარასკევამ ”მოგვიტეხა”) და ის ანეკდოტები, რომელიც შემდეგ გვსმენია ოქროს თევზსა და სურვილებზე.

გონების სიბნელეა იმის რწმენა, რომ ვინმეს აქციით, თუნდაც გეიპარადით გაირყვნები და ”გაპიდარასტდები”; გონების სიბნელეა, როცა გჯერა, რომ 2 ნებისმიერი სურვილი აგისრულდება სადმე მისვლით. მოიცა, თუ საფლავზე არ მიხვედი, ისე წმინდანი არ შეგეწევა? გაგებუტება? ანდა იმიტომ გწამს, რომ სურვილები აგისრულდეს, თან მერკანტილური? თან წყვილად? რა არის ეს, მართლაც ”სიცოფე ქართულად, ანუ ქრისტიანობა ქართულად”? როგორც დეკანოზმა ლევან მათეშვილმა დაწერა? თუ წარმართობასთან წილნაყარი აბსურდი? ვაი, რომ ეს სოცოფე თუ ცოფიანი აბსურდია იმ ფასადური რწმენის რეალური სახე, რაც დღეს საქართველოში ბატონობს. ამ ცოფიანი აბსურდის გამოვლინება იყო ახალ წლამდეც, როცა ხანუკას მოზეიმე ებრაელებს მიუცვივდნენ თავისუფლების მოედანზე. მიუცვივდა ზუსტად ის ხალხი, რომელიც დიდი სიამოვნებით დაიარება იერუსალიმში შობისა თუ აღდგომის დღესასწაულებზე.

და ბოლოს იყო ეპისტოლე. აღმოჩენა იმისა, რომ, თურმე, ქრისტიანობის მთავარი გამოწვევა პოსტმოდერნიზმი ყოფილა. თურმე, ნუ იტყვი და საძრახისი, ცუდი აზროვნება ყოფილა ის, რომ მე შენ უფლებებს არ შევლახავ და შენ ჩემი უფლებები არ შელახო. არჩევანის თავისუფლება, რომელზეც დღეს მთელი ცივილიზებული კაცობრიობა დგას, ფსევდოლიბერალური ყოფილა. ჯანდაბას, პოსტმოდერნიზმი, როგორმე, აიტანს ამ შტურმს, მაგრამ რა ვუყოთ იმ ოჯახებს, რომელსაც უთხრეს: ”ბედნიერებას ვერ ეღირსებით”!

”განა შეიძლება ბედნიერი იყოს ის ოჯახი, სადაც აბორტი კეთდება და უსუსური პატარა არსებების უღვთოდ დაჩეხილი სხეულების აჩრდილები დადიან?”

აბორტი მართლაც საშინელებაა, მაგრამ რა ქნას ოჯახმა, თუ აბორტი სამედიცინო ჩვენებითაა აუცილებელი? მოკვდეს ქალი? ან არასასურველი ორსულობა როგორ აიცილონ, როცა მამაოები კონტრაცეფციასაც უკრძალავენ, პრეზერვატივსაც, ან მილიონი აბორტი რანაირად კეთდება საქართველოში ყოველწლიურად? ვინ მიაწოდა პატრიარქს ეს მონაცემი? სპეციალისტთა მტკიცებით, ეს მონაცემი, მინიმუმ, გაათმაგებულია. ან სად იპოვეს ”ჰუმანისტი”, რომელიც მხარს უჭერს თვითმკვლელობას?

და ყველაზე მტკივნეული დარტყმა ისედაც გოლგოთაგამოვლილ ოჯახებს, სინჯარაში ჩასახულ ბავშვებს: ”შეიძლება ოჯახი იყოს ბედნიერი, სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი იზრდება? ეს პატარა ხომ თავიდანვე გაწირეს უსიყვარულობისთვის, მიუსაფრობისა და მარტოობისთვის. იგი კეთილდღეობაშიც რომ გაიზარდოს, მუცლადყოფნის პერიოდის ამ სიმძიმეს ვერაფერი შეცვლის და ეს აუცილებლად იჩენს თავს ზრდასრულ ასაკში”.

მოვეშვათ ეკლესიის დამოკიდებულებას სუროგაციასთან, დავუშვათ, და ეს მართლაც ასეა, მაგრამ შეიძლება ეს უთხრა განაწამებ ოჯახს, რომელსაც სურდა შვილი ჰყოლოდა, ჯანმრთელობა საშუალებას არ აძლევდა და ეს გზა გამოიარა? დათანხმდა ხელოვნურ განაყოფიერებაზე, სინჯარაზე, სუროგატი დედის აყვანაზე? ”თავიდანვე გაწირეს” – რა, დედას შეეძლო თვითონ გაეჩინა, დაეზარა და სხვას აჩენინებს?

”პრობლემატურნი იქნებიან ის ბავშვებიც, რომლებიც ხელოვნური განაყოფიერებით დაიბადნენ და მათი სიცოცხლე მრავალი ემბრიონის განადგურების შედეგად განვითარდა”, _ რას ნიშნავს, პრობლემატურნი იქნებიან? ფინთი ხასიათი ექნებათ? ხელოვნურ განაყოფიერებამდე ყველა ბავშვი უპრობლემო იყო დედამიწის ზურგზე? ჰიტლერიც, ლენინიც და ყველა ძაღლი და მამაძაღლი? ან ვინ მიაწოდა ინფორმაცია პატრიარქს, რომ ებრიონები ნადგურდება? რა ქნას ქალმა, რომელსაც ელემენტარულად პრობლემები აქვს საშვილოსნოს მილებზე და სხვანაირად დედა ვერ გახდება? ან მამაკაცმა, რომელსაც დარღვეული აქვს სპერმატოგენეზი და მამად გახდომის ერთადერთი გზა ხელოვნური განაყოფიერებაა? უარი თქვან? არ გახდნენ მშობლები?

”ეკლესიაში იარონ, ილოცონ და ბავშვი დაიბადებაო?! მუსკომედიის თეატრის დონეზე ჩამოვედით?” – იკითხა გიორგი შენგელაიამ, რომელმაც ისიც დასძინა, რომ ეს ეპისტოლე პატრიარქის დაწერილი არაა. საერთოდ, საზოგადოებაში გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს ეპისტოლე არცაა პატრიარქის დაწერილი. მედიაში დასახელდა კიდეც ავტორი – პატრიარქის მითიური მდივან-რეფერატი შორენა.

მაგრამ აქვს კი მნიშვნელობა, ვინ დაწერა? ხელი ხომ პატრიარქმა მოაწერა? და თუ მისი გარემოცვა ისე თავნებობს, რომ აღარც უთახმდება და ისე გვამცნობს პატრიარქის ეპისტოლეს, მაშინ კიდევ უფრო დიდ აბსურდთან და უბედურებასთან გვქონია საქმე.

ჯამში რა შედეგს გვაძლევს ეს ყველაფერი? ნაწილში აღვივებს ფანატიზმს, ნაწილში ბადებს გულგატეხილობას, ურყევს ღვთისადმი რწმენასაც კი. ხელს უწყობს საზოგადოების დისტანცირებას ეკლესიისგან. საზოგადოების პოლარიზაციას, სახელმწიფოს საფუძვლების რყევას. არ შემიძლია არ დავეთანხმო ზაზა ბიბილაშვილს, რომ ”დღევანდელი გადმოსახედიდან, სააკაშვილის მთავარი შეცდომა იყო ის, რომ მან არ ჩაატარა ”რუის-ურბნისის” კრება პრეზიდენტობის პირველივე წელს”.

 P. s. იმედია, დაინდობთ და სინჯარის ბავშვებს არ დაერევით… ”ტაბურეტკებით”, თორემ ”უტაბურეტკოდ” – ეს უკვე მოხდა.

რეზო შატაკიშვილი

 

 

რამაზი & ნატაშა

რეზო შატაკიშვილი

(დაიბეჭდა ”სახე(ლ)ები – 2011”-ში).

ramaz-01

ის ჩეხეთშია, საქართველოდან შორს, იცის რომ მალე აღარ ეყოლება ცხოვრების მამაკაცი, ვინც ახლა მის გვერდითაა – ჩეხეთში, ვისთან ერთადაც გამოიარა ნახევარი საუკუნე, კაცი – ქართული სცენის გვირგვინოსანი, ქართული თეატრის მეტრი, მარადიული პროტაგონისტი – მსოფლიოს საუკეთესო აქტიორი – რამაზ ჩხიკვაძე. კაცი – მასზე უგონოდ შეყვარებული იმ დროიდან, გემბანზე ასულს რომ მოჰკრა თვალი იალტაში… მან იცის, რომ მალე აღარ ეყოლება რამაზი… ამ დარდს დარდი ემატება – რობერტ სტურუა რუსთაველის თეატრიდან გაუშვეს. სტურუა მათთვის მხოლოდ გენიოსი არაა, ის მათი ცხოვრების ნაწილია – სახელად რობიკო. მათ ცხოვრებაში იყო ყველაფერი – ერთად მიღწეული გამარჯვებები, შემდეგ წყენაც, დაპირისპირებაც, მძვინვარე კონფლიქტიც… მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა და… სამივემ – რობიკომაც, რამაზმაც, ნატაშამაც – ყველამ ცალ-ცალკე და ჯამში ერთად, აღმოჩინეს, რომ  ცალ-ცალკე კი ხელეწიფებოდათ გამარჯვება, მაგრამ დიდი გამარჯვება? ”კავკასიურის”, ”რიჩარდის”, ”ლირის” დარი? აღიარეს რომ არა, გამოუტყდნენ საკუთარ თავს და წყენა გაწყალდა… საქართველოდან რეკავენ. საქართველოში ელიან, რას იტყვის გენიოსი რამაზ ჩხიკვაძე თეატრიდან გენიოსის გაშვებაზე. ვიდრე რამაზი ილაპარაკებს, ქართველ მაყურებელს ნატაშა მიმართავს.

natasha chxikvadze

იტყვის, რომ რამაზმა და რობიკომ ეპოქა შექმნეს მსოფლიო თეატრში; რომ ისინი იპყრობდნენ მსოფლიოს და მთელი მსოფლიო იყო მათ ფერხთით. ის არ ტყუის, ”კავკასიური” იყო სპექტაკლი, რომელიც მხოლოდ თეთრ დათვებს და პინგვინებს არ უნახავთ, ანტარქტიდის გარდა მათ არ დაუტოვებიათ კონტინენტი… ნატაშა იტყვის, რომ რამაზი ღელავს, უკიდურესად განიცდის იმას, რაც მოხდა. ეკრანიდან გაამხნევებს რობიკოს, რომ არის ეტაპები, როცა რეჟისორი ვერ ქმნის საეტაპო სპექტაკლებს, მაგრამ არის ისტორია, რომელსაც ვერავინ შექმნის თავიდან, ვერ გადაწერს, ვერ გადახაზავს…

მავანს ეგებ ეჭვიც შეეპაროს ნატაშას გულწრფელობაში, იქნებ გაიხსენოს კიდეც მისი და რობიკოს დაჯახებები, მაგრამ არც კი გავა ნახევარი საათი და ნატაშა სიცოცხლის ფასად დაამტკიცებს გულწრფელობას – გულის შეტევა ჩააქრობს ცეცხლოვანი ქალის სიცოცხლეს… ქალის, რომელსაც ვერ წარმოედგინა ცხოვრება რამაზის გარეშე და არც გაიმეტა ღმერთმა ამისთვის.

უკურნებელი სენისგან განაწამები, დაუძლურებული ლირი ღმერთს შესთხოვს ძალას, ღირსეულად დაკრძალოს საკუთარი ცოლი. და მართლაც – დაკრძალავს, სამარის პროექტსაც მოაწერს ხელს და ნატაშას გარეშე ცხოვრების ლიმიტი 56 დღე იქნება მხოლოდ და ქართული თეატრი დარჩება მეფის გარეშე. მეფე მოკვდა, გაუმარჯოს მეფეს?! უკაცრავად, ვის?!…

რამაზ ჩხიკვაძე… მას უწოდებდნენ ”კავკასიელ ლოურენს ოლივეს”, ”კავკასიის მეფეს” და მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს მსახიობს.

არც ერთ ქართველ არტისტზე იმდენი არ დაწერილა მსოფლიოში – რამდენიც მასზე…

რამაზი

9999999999999

რამაზის ბაბუის მამა, თავის ძმებთან ერთად მშობლიური ჩოხატაურის რაიონიდან თელავში წავა სამუშაოდ. მაგრამ ძმები ჩხიკვაძეები იქვე დარჩებიან, გურიაში აღარ დაბრუნდებიან და გათელაველდებიან. სწორედ თელავში დაიბადება რამაზის ბაბუა – ზაქარია ჩხიკვაძე. ზაქარია ჩხიკვაძე თბილისში მიიღებს განათლებას, გახდება აღიარებული ფოლკლორისტი – შეაგროვებს ხალხურ სიმღერებს, ქართულ საგალობლებს – 1896 წელს გამოსცემს კიდეც ქართული ხალხური სიმღერების კრებულს – ”სალამური” – მოზარდებისთვის. სათავეში ჩაუდგება ქაშუეთის მგალობელთა გუნდს. ღვაწლმოსილი ფოლკლორისტის ოჯახს ხშირად სტუმრობენ ივანე ჯავახიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ალექსანდრე ყაზბეგი, დიმიტრი არაყიშვილი, მელიტონ ბალანჩივაძე, ვანო სარაჯიშვილი…

უკვე თბილისში დაიბადება რამაზის მამა – გრიგოლ ჩხიკვაძე. გრიგოლიც ბავშვობიდან შეიყვარებს ქართულ ხალხურ სიმღერას, ვიოლინოს. შექმნის საბავშვო სიმღერებს. შევა კონსერვატორიაში. აქ, თბილისში, გაიცნობს ვოკალისტ ელენე გაჩეჩილაძეს და 1928 წელს ქვეყანას მოევლინება რამაზ ჩხიკვაძე. მალე რამაზის მამა კონსერვატორიას დაამთავრებს და ასპირანტურაში სწავლის გასაგრძელებლად ლენინგრადს გაემგზავრება ცოლ-შვილთან ერთად. დაიცავს დისერტაციას. სწორედ იქ, პეტერბურგში, აღმოაჩენენ, რომ პატარა რამაზს აქვს უნიკალური სმენა, ხმა და მეტიც – ექვსიოდე წლის რამაზი ფორტეპიანოს მიუჯდება და თავისი ”აწარმოებების” შექმნას დაიწყებს. მშობლების სიხარულს საზღვარი არ ექნება. გავა წლები და რამაზი სიცილით გაიხსენებს მათ სიხარულს, როგორ ხედავდნენ მასში მომავალ გენიას, მომავალ მოცარტს. გავა წლები და რამაზი იხუმრებს იმასაც, ალბათ 7 წლის ასაკში ოპერასაც მომთხოვდნენო… მუსიკოსი მშობლები დიდ იმედს ამყარებენ მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებულ რამაზზე, უნდოდათ მუსიკოსი გამხდარიყო – პიანისტი, დირიჟორი, კომპოზიტორი… და დაბრუნდებიან თუ არა, კონსერვატორიაში, ნიჭიერთა ჯგუფში მიაბარებენ.

მოკლედ, ის განწირულია კონსერვატორიისთვის, მაგრამ ბედის მწერალი სხვაგვარად ფიქრობს… პატარა რამაზს სკოლიდან მოზარდმაყურებელთა თეატრში წაიყვანენ და ყველაფერი თავდაყირა დადგება – პატარა რამაზს თეატრი გაიტაცებს, თეატრის გარდა არაფრის გაგონება არ სურს. დაკვრაზეც აიცრუებს გულს. შინ ტრაგედიაა – ”მოცარტი” ეღუპებათ. ”მოცარტი” თეატრისკენ იწევს, ყოველი ახალი სპექტაკლი, ყოველი ახალი ფილმი უფრო და უფრო ანდომებს გახდეს მსახიობი, მაგრამ მაინც დადის კონსერვატორიაში, ნიჭიერთა ჯგუფში. გამოცდის დროც მოვა. გამოცდაზე მისულს კუთვნილ სტიპენდიასაც მისცემენ – მამას გადაეციო. მამა სასწავლო ნაწილს ხელმძღვანელობს კონსერვატორიაში. რამაზი გამოცდის დაწყებამდე დროს იხელთებს, იქვე სპორტულ მაღაზიაში ჩაირბენს, სანუკვარ ბუცების, მაისურების შესათვალიერებლად – მერე მამასთან ერთად რომ მივიდეს და აყიდინოს. მაგრამ ეშხში შესული ”ბუცებს” ფეხზე მოირგებს, მაისურს – ტანზე, ჩაიცმევს მოკლე შარვალსაც და, ბარემ თავადვე გადაუხდის ფულს – კაცურად და ასე ფეხბურთელივით გამოწყობილი აირბენს უკან – კონსერვატორიაში – გამოცდაზე, მაგრამ რა ქნას, ამ ბუცის ”შიპებს” ძლივს ახვედრებს პედალზე… ისედაც გაზარმაცებულია და ამ ”შიპების” გადამკიდე რაღას დაუკრავს? მამა დაკვრას არ დაამთავრებინებს, გამოუშვებს გამოცდიდან და კონსერვატორიიდან. რამაზს ”ჩამოალაბორანტებენ” – სხვა პედაგოგთან მიიყვანენ, მაგრამ არც იქ იკლავს თავს დაკვრით. გული თეატრისკენ მიუწევს. განხიბლული მამა ბედს ურიგდება, უკან დახევას ამჯობინებს, მაგრამ დედა უკომპრომისოა. როიალზე მიბმას უპირებს. ფიქრობს, რომ გაჭრის ძალდატანება. მაგრამ ამაოდ.

პატარა რამაზს ვერ მოდრეკენ. რამაზი შეუვალი ხდება. ის პირველად უპირისპირდება მშობლების ნებას – თეატრს ირჩევს. დაიმახსოვრეთ! ოღონდ მიშიკო აბაშვილი კი არა, ის, რომ რამაზი ასეთივე შეუვალი იქნება ცხოვრების თანამგზავრის არჩევის დროსაც. ადამიანი ცხოვრებაში 2 გადამწყვეტ არჩევანს აკეთებს – პროფესიულ არჩევანს და არჩევანს ცხოვრების თანამგზავრის არჩევისას.  მშობლები არ გაიზიარებენ რამაზის არც ერთ არჩევანს, მაგრამ რამაზი თავისას გაიტანს და დრო აჩვენებს მის არჩევანთა სისწორეს.

მაგრამ იქამდე დიდი გზაა გასავლელი. ომი დაიწყება, რამაზს სოფელში გახიზნავენ ბებიასთან, ზესტაფონთან ახლოს, სოფელ წევაში. რამაზს უყვარს სოფელი. ხიბლავს წყალზე სიარულიც და წისქვილში საფქვავის ტარებაც. ვიდრე არტისტობას მოიწადინებდა, ხომ ”ნასილშჩიკობა” სურდა და სიამოვნებით დაატარებს საფქვავს წისქვილში, თან იქ მოყოლილი ამბებიც ხიბლავს – სიმინდის ჩამოფქვის მოლოდინში ჩამოფქვილი ამბები… მალე კი ასპარეზი მიეცემა საარტისტოდ. ხმა გავარდება ზესტაფონის დაბომბვის. რამაზი თებროლე ბებიას კაბას ჩაიცვამს, ”გრიმსაც” გაიკეთებს – წყლის საღებავებით სახეს შეიღებავს და ”დეკორაციასაც” შეარჩევს – ბუჩქებში ჩასაფრდება, დაელოდება გამვლელს – ვიღაც გამოივლის და ისიც დაიწყებს ბარბაცს, უცხოურადაც გამოელაპარაკება, ზესტაფონსაც ახსენებს და… არის გარდასახვა! ჯაშუშად დასახავენ, გამოუდგებიან. სოფლის ბიჭები გადაარჩენენ, ეტყვიან, რომ თებროლეს შვილიშვილია…

აქეთ-იქით სირბილი თბილისში გაგრძელდება – ომის გამო მოწაფეები ერთი შენობიდან მეორეში გადაყავთ, მეორედან – მესამეში და რამაზსაც მეტი რა უნდა, მშვენიერი ალიბია – ამდენ გადადი-გადმოდიში ვერ ვსწავლობო. არადა ეზარება… მაგრამ ამას მალე ინანებს – სკოლაში დრამწრეს გახსნიან, სპექტაკლს დგამენ! მაგრამ… მთავარ როლებს ფრიადოსნებს დაურიგებენ, რამაზს და მის მეგობარ გივის კი, როგორც საშუალოზე ნაკლებ მოწაფეებს – თითო გარბენს და თითო სიტყვას მისცემენ. მაშინ შეილახება პირველად რამაზ ჩხიკვაძის არტისტული თავმოყვარეობა. იწყენენ ბიჭები, მაგრამ მალე გაიგებენ, რომ პიონერთა სასახლეში დრამწრეა! 13 წლის ბიჭები პიონერთა სასახლეს მიადგებიან. თანატოლებისგან შეიტყობენ, რომ პიესა განაწილებულია და დარჩენილია 2 როლი – მეფისა და მონადირის. რეჟისორი კითხავს, თამაშობდნენ სხვაგან სადმე დრამწრეში თუ ახლა აპირებენ პირველად. 13 წლის რამაზი იფიქრებს, უფრო ამიყვანენ როლზე, თუკი ვიტყვი რომ ბევრი როლი მითამაშიაო და ისეთი რიხით იტყვის, კი, ძალიან ბევრი მითამაშიაო, ალბათ ასეთი რიხით კარიერის დასასრულსაც არ უთქვამს შემდეგ… მაინც რა როლებიო? ჩაეძიებიან, – უფრო მეფეების!  მიუგებს რამაზი. რამაზმა იცის რომ მეფის როლია დარჩენილი, მაგრამ არ იცის, რომ გავა წლები და მართლაც ითამაშებს მეფე ლირს, რიჩარდს… რეჟისორი მიუხვდება ეშმაკობას, დააფასებს მის მონდომებას და მისცემენ როლს… რამაზი მთელი არსებით მიეცემა თეატრის სტიქიას. არადა, ომია, ქაოსი. მხატვრული კითხვის პედაგოგი – ნოდარ ჩხეიძე დრამწრის ბიჭებს პატარა ძმებივით მოუვლის, ხიფათს რომ ააშოროს. შეაყვარებს სიტყვასაც და სპორტსაც – კალათბურთს. გუნდსაც შექმნიან, მათი გუნდი პირველ ადგილსაც კი აიღებს საბჭოთა კავშირის პირველობაზე. ნოდარ ჩხეიძე თავს არ დაზოგავს, რომ ბიჭები გზას არ აცდნენ. რამაზს თავად გზასაცდენილი ბიჭებიც არ მისცემენ გასაქანს, რომ გზას ასცდეს. უბნის ძველი ბიჭები ზარს აგორებდნენ, თავზე მილიცია რომ დაადგათ. ბიჭებმა ფული წყალსადენში დამალეს და გაიქცნენ. იმ ფულს პატარა რამაზი შეუნახავს და დაუბრუნებს ბიჭებს და გახდება მათი საყვარელი რამაზა. ამიტომაც დაუნგრევენ მერე ცხვირ-პირს, როცა ნახავენ, რომ ეს მათი საყვარელი რამაზა სხვა პატარა ბიჭებთან ერთად ზარს აგორებს და გულზე იბრაგუნებს ხელს. ნახავენ და სახეზე კამათელს დაუტრიალებენ, მეორედ რომ აღარ ჰქონდეს სურვილი კამათლის გაგორების…

1

სკოლას დაამთავრებს და ჩაირიცხება თეატრალურ ინსტიტუტში – სამსახიობო ფაკულტეტზე. და ის გახდება თბილისური ბოჰემის გული, პოპულარული სტუდენტი, რომელთანაც ყველას უნდა ურთიერთობა, მეგობრობა, თბილისელი ”მოდური” ქალიშვილების დაბადების დღეები, წვეულებები წარმოუდგენელი ხდება რამაზის გარეშე – რამაზის ელვარე იუმორის, სადღეგრძელოების, სიმღერის, როიალზე დაკვრის გარეშე. მისთვის არაფერი ადამიანური არაა უცხო, იმთავითვე ეტრფის ცხოვრებას, დროსტარებას და – შრომას. თავდაუზოგავად ეუფლება სამსახიობო ოსტატობას, კითხულობს ბევრს, კითხულობს და თარგმნის კლასიკურ დრამატურგიას. ინსტიტუტში ფარიკაობაში ვარჯიშს არ სჯერდება და სპორტულ ფარიკაობაშიც ვარჯიშობს, ვარჯიშობს და მეორე ადგილსაც იღებს საქართველოს ჩემპიონატზე. ამჯერად უკვე აღარ ზოგავს ძალებს მუსიკისთვის, სიმღერისთვის. გავა დრო და მას აღიარებენ უნივერსალურ მსახიობად. მეტიც, მიხეილ თუმანიშვილი იტყვის: ”ძნელი სათქმელია, რა უფრო უყვარს მას – მუსიკა თუ თეატრი, ორივე ეს ხელოვნება ორგანულადაა მასში შერწყმული. მე მეჩვენება, რომ რამაზი სახეს კი ვერ ”ხედავს”, არამედ ყოველთვის ”ისმენს” მას. იგი სახისთვის პოულობს მელოდია-კამერტონს და მას უმორჩილებს თავის სულსა და სხეულს. ასე იყო ”ესპანელ მღვდელში” ლეანდროს როლზე მუშაობისას, ასე იყო ”ჭინჭრაქაშიც” და ყველა სხვა როლშიც.”

იმ როლებამდე კი სტუდენტობაა გასავლელი. წარმატებული სტუდენტობა, წარმატებული როლები ინსტიტუტის სცენაზე. დო მაჟორი – თეატრალურ ინსტიტუტში და დო მინორი – რუსთაველის თეატრში მოხვედრის შემდეგ. უკვე სახელგანთქმული რამაზ ჩხიკვაძე კი იტყვის, რომ თეატრში მისვლისთანავე ითამაშა ”ესპანელ მღვდელში”, მაგრამ ეს ასე არ იყო… ეს უფრო შემდეგმა დიდმა წარმატებამ გადაავიწყა ის მტკივნეული 4 წელი – ის კაი ხანს ჩაიკარგება უზარმაზარ სივრცესა და უღიმღამო როლებში. აკი, ორჯერ დააპირებს კიდეც საერთოდ თეატრის მიტოვებას და საოპერო, ვოკალურ ხელოვნებაში გადანაცვლებას… ზუსტად 4 წელი გაივლის წარმატებულ როლამდე – სანამ თუმანიშვილი არ ათამაშებს ”ესპანელ მღვდელში”. შემდეგ კვლავ უღიმღამო ხუთი წელი მეორე წარმატებამდე – სპექტაკლამდე ”როცა ასეთი სიყვარულია”.

chinchraqa 1

მერე გაიხსნება მცირე სცენა და გაიხსნება დიდი რამაზი – ქოსა მრჩევლით ”ჭინჭრაქაში”. ”ჭინჭრაქა” ახალი თეატრის მანიფესტად შეირაცხება, სერგო ზაქარიაძისა და რამაზ ჩხიკვაძის თამაში კი – პირობით-გროტესკული ე.წ. ”ღია თამაშის” ეტალონად.  ეს ბოლოს, თავიდან კი რამაზ ჩხიკვაძე კარლო საკანდელიძის დუბლადაა დანიშნული ჭინჭრაქას როლზე. 35 წლის რამაზის გულს დიდად არ ეკარება ჩიკორივით მობზრიალე ბიჭის როლი, უფრო ქოსიკოს როლი მოსწონს, მაგრამ ამ როლზე გივი ჭიჭინაძე და ბორის წიფურია არიან დანიშნულნი. რეპეტიციებს თითქმის სულ კარლო საკანდელიძე გადის. რამაზი  პარტერიდან ადევნებს თვალს. ერთ დღესაც მაესტრო სცენაზე იხმობს რამაზ ჩხიკვაძე. ”დილას წელკავი დამეტაკა და წელში ვერ ვიმართებოდი. ძლივს ავდექი და ვთხოვე, მოდი, ქოსიკოს როლს მოვსინჯავ-მეთქი. არაფერი უთქვამს, მე წელში ოთხად მოიხრილი და ათჯერ მოკაკული, კვნესით, ტკივილისგან უნებლიე წამოყვირებით, რის ვაივაგლახით ავედი სცენაზე და იატაკზე ჩავჯექი, ქოსიკოს პირველი სიტყვები ასე დამჯდარმა წამოვიკნავლე. მიშა წამოხტა, სახე გაუბრწყინდა და იყვირა – განაგრძე რეპეტიცია, იჯექი მანდ. დაიწყე… კარგია ეგ რადიკულიტიც. მე მგონი, მიშამ იფიქრა, ეს ყველაფერი ამ როლისთვის საგანგებოდ მოვიგონე და აღფრთოვანდა. აი, მაშინ გადაწყდა ჩემი ამ როლზე დანიშვნაც, ასე დავტოვეთ სპექტაკლში ჩემი წელკავიც, მიმკვდარი ხმით ლაპარაკიც და ასე დაიბადა ქოსიკოს ნიღაბი” – იტყვის მრავალი წლის შემდეგ რამაზ ჩხიკვაძე. მაესტრო თუმანიშვილი კი დაწერს:

”ქოსა-მრჩეველი ”ჭინჭრაქაში” თითქოს მისი შემოქმედებითი გზის ”მეორე ეტაპის” დასაწყისი აღმოჩნდა. ამ მეორე ეტაპზე ის საბოლოოდ უკვე უჩემოდ განვითარდა – ჩვენ გავიყარენით. დიდებისკენ მისი აღმასვლა ამის შემდეგ დაიწყო. დღეს რამაზ ჩხიკვაძე სახელმოხვეჭილი მსახიობია, მას ოვაციები გაუმართეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ”ჭინჭრაქაზე” მუშაობის დროს ჩვენ ახალგაზრდები უკვე აღარ ვიყავით, მაგრამ ის დრო რამაზისთვის ჯერ კიდევ მსახიობური ახალგაზრდობის დრო იყო. ”შვიდკაცაში” იგი თანასწორთა შორის თანასწორი იყო, ახლა – პირველია”. 

winwraqa-3

თუმანიშვილი იტყვის, რომ ქოსა მრჩევლით დაიწყო რამაზ ჩხიკვაძის შემოქმედების მეორე ეტაპი, სტურუა იტყვის, რომ ”რამაზ ჩხიკვაძე ქოსა მრჩევლიდან იწყება”… თუმანიშვილი კი წერს, რომ ”ჭინჭრაქას” შემდეგ ისინი გაიყარნენ, მაგრამ ”ჭინჭრაქას” შემდეგ რამაზი კიდევ ითამაშებს ედმუნდს თუმანიშვილის ”მეფე ლირში”,  სტვირას ”ზაფხულის ღამის სიზმარში”, სიპიტოს ”მიწის შვილებში”, ხახულის ”კოლმეურნის ქორწინებაში”… მაგრამ ყველა ეს სპექტაკლი უიღბლო აღმოჩნდება. რამაზ ჩხიკვაძის და რობერტ სტურუას პირველი შეხვედრა ჟაკ რობერის შეხვედრაშიშედგება. შემდეგ ”მზიან ღამეშიც”, ”ხანუმაშიც”. მათი ბედი ერთმანეთს ჩაეწნება. ”ხანუმა” მათი თანამშრომლობის ახალი ეტაპი  აღმოჩნდება, რომელსაც ”სამანიშვილის დედინაცვალი” დაგვირგვინებს, მათი ტანდემის საბოლოო ფორმირება კი ”ყვარყვარეში” მოხდება. სწორედ ეს დიდი ტანდემი მოუტანს მსოფლიო აღიარებას რუსთაველის თეატრს… ნოდარ გურაბანიძის თქმით, ”ყვარყვარე” პირველი სპექტაკლია იმ თეატრისა, რომელსაც დღეს ”რობერტ სტურუას თეატრი” ჰქვია… ”ყვარყვარეს” პრემიერიდან 30 წლის შემდეგ რამაზ ჩხიკვაძე მეტყვის: მეც და რობიკოც ვამბობთ ხოლმე, ჩვენი ყველაზე კარგი სპექტაკლი იყო ყვარყვარე”, ყველაზე ძლიერი, საინტერესო. ცოტა დროსაც კი გაუსწრო და მაყურებელმა მაინცდამაინც ვერ აღიქვა”.

samanishvili

xanuma

ყვარყვარეს შემდეგ იქნება დაუვიწყარი ”კავკასიური ცარცის წრე”, რომლითაც თეატრი საბჭოთა წრეს გაარღვევს და საგასტროლოდ გავა საზღვარგარეთ – გერმანიაში – ზაარბრიუკენსა და დიუსელდორფში. ტაშის მოძულე, ცალხელა დიუსელდორფს მეორე ხელს რამაზი გამოაბამს – გამოვა თუ არა სცენაზე – დარბაზი დაინგრევა ტაშით…

გერმანიას მოჰყვება მექსიკა – ფესტივალი ”სერვანტინო-5”. ჩხიკვაძეს სწორედ მექსიკაში მოიხსენებენ პირველად, როგორც ”მსოფლიო მნიშვნელობის თეატრალურ ვარსკვლავს”. ინგლისელი მაიკლ კოვენი კი ”ფაინენშალ თაიმსში” დაწერს: რამაზ ჩხიკვაძე ერთ-ერთი უდიდესი მსახიობთაგანია, ვინც ოდესმე მინახავს…

azdaki

რამაზს ჯერ არ უთამაშია რიჩარდი. მაიკლ კოვენი კი დაწერს, რომ მზადაა თბილისში ფეხით ჩავიდეს მისი რიჩარდის სანახავად. რიჩარდის ნახვის შემდეგ კი სწორედ მაიკლ კოვენი გამოაცხადებს რამაზ ჩხიკვაძეს ლოურენს ოლივიედ – ”ჩხიკვაძე კავკასიელი ლოურენს ოლივიეა, რომელიც სცენიდან მომხიბლაობას, სიკეთესა და სიბრძნეს აფრქვევს”.

სტურუას ”კავკასიური ცარცის წრე” შევა მეოცე საუკუნის მსოფლიოს ას საუკეთესო სპექტაკლში. რამაზ ჩხიკვაძის რიჩარდ მესამე -  ყველა დროის რიჩარდების ათეულში.

hhhhhhhhhhhhhh

ამ აღიარებამდე კი რთულ გზას გაივლის ”რიჩარდი”. ჯერ თავად რამაზი გაოცდება, როცა სტურუა რიჩარდის როლს მისცემს. უარესად გაოცდება საზოგადოება, კონკურენტები აიმრიზებიან, მარცხის მოლოდინში გაინაბებიან და ერთ ხანს გაიხარებენ კიდეც – ”რიჩარდ მესამის” თავდაპირველი ვარიანტი თავად ტანდემსაც სტურუა-ჩხიკვაძესაც დააეჭვებთ და მათ მართლაც კეთილისმსურველთაც. ჩასაფრებული პუბლიკა გულს მოიოხებს, ნიშს მოუგებს, მაგრამ ნაადრევი და ბერწი აღმოჩნდება მათი სიხარული. სტურუა მუშაობას განაახლებს ”რიჩარდ მესამეზე” და ყველა გაისუსება, როცა ”რიჩარდი” ედინბურგს და ლონდონის ”რაუნდ ჰაუზს” დაიპყრობს. ედინბურგში გამოსვლის შემდეგ, შოტლანდიის უპირველესი გაზეთი ”ობსერვერი” გამოაქვეყნებს სტატიას სათაურით – ”რამაზი – კავკასიის მეფე”. ედინბურგში და ”რაუნდ ჰაუზში” ფენომენალური წარმატების შემდეგ ინგლისური თეატრალური სამყარო რამაზ ჩხიკვაძეს მეოცე საუკუნის უდიდეს მსახიობად აღიარებს. ”რამაზ ჩხიკვაძე მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მსახიობია” (”თაიმსი”).

B9CMPX

Tbileli_Marina_12

Tbileli_Marina_89

images

richardi-2

რიჩარდის შემდეგ ჩხიკვაძე ითამაშებს სპექტაკლში ”ვარიაციები თანამედროვე თემაზე”, ითამაშებს ჰიტლერს ”ას ერგასის დღეში” (კინოში სტალინის როლის განსახიერების შემდეგ) და ლირს. ”ლირზე”, მუშაობას 1982 წელს დაიწყებენ და 1987 წელს დაასრულებენ. ”აი, საქართველოს ლირი, ტირანი ქარიშხალში”- დაწერს იტალიური ”კორიერე დე ლა სერა”… 1987 წელს მას იწვევენ ლონდონში, მსოფლიოს ვარსკვლავთა გალა-კონცერტში, სადაც ორ ნაწყვეტს თამაშობს ”მეფე ლირიდან”. პარტნიორობას ვანესა რედგრეივი უწევს, ვანესა რედგრეივი კორდელიას როლის ნაწყვეტს რამაზის საპატივსაცემოდ ქართულად ისწავლის და ითამაშებს… ინგლისში, ქალაქ ლესტერში, 1988 წელს ბენეფისს გაუმართავენ რამაზ ჩხიკვაძეს…მალე ქარიშხალი მინელდება… მეფე ლირი რამაზ ჩხიკვაძის ბოლო როლი აღმოჩნდება რუსთაველის თეატრში… სტურუასა და ჩხიკვაძეს შორის სირბილს დაიწყებენ შავი კატები, რომელიც დათარსავენ მთელ ქართულ თეატრს…

liri1

რამაზ ჩხიკვაძე საუბარს დაიწყებს პენსიაზე. მისი არ სჯერათ. მაგრამ მას სჯერა. 1988 წელი. ათენი. ღია ცის ქვეშ უნდა ითამაშონ ”ლირი”, ”რიჩარდი”. რამაზი უკვე ღიად და დაუფარავად აცხადებს, რომ აღარ ითამაშებს ახალ სპექტაკლებში, რომ გავა პენსიაზე და მხოლოდ ძველ სპექტაკლებს ითამაშებს – მიწვევით. არადა, ჯერ მხოლოდ 1988 წელია. ის მხოლოდ 60 წლისაა. მაგრამ ეს ასე მოხდება. რამაზი თეატრთან ერთად იქნება მადრიდის დიდ საერთაშორისო ფესტივალზე, ჰელსინკში, იერუსალიმში, პრაღაში, მილანში… მაგრამ ის უკვე წასულია თეატრიდან…

სცენის მეფე სცენის გარეშე რჩება, გავა წლები და ის არავის დააბრალებს ამ სიტუაციას. პირიქით იტყვის, რომ რობერტ სტურუამ რამდენიმეჯერ შესთავაზა სხვადასხვა პიესა – შექსპირის ”ვენეციელი ვაჭარი”, ”ალუბლის ბაღი” (ფირსის როლი)…

გავა რამდენიმე წელი და რამაზ ჩხიკვაძე ითამაშებს ავთო ვარსიმაშვილის ”სიკვდილის როკვაში”. ეს მისი ბოლო როლი იქნება საერთოდ სცენაზე…

llllllllllllllllllllllll

კინოსთან ურთიერთობას კი არ გაწყვეტს სიცოცხლის ბოლო წლებამდე. 23 წლის იყო პირველად მომხსენებელი, რომ განასახიერა ”მწვერვალთა დამპყრობნში”. შემდეგ კი იყო არიქიტექტორი შოთა ”ჭრიჭინაში” და შემდეგ 70-ზე მეტი კინოგმირი ქართულ და არა მხოლოდ ქართულ ფილმებში. თავიდან საშიშროება (ისევე როგორც თავიდან თეატრში), რომ ბრწყინვალე გარეგნობის გამო დარჩენილიყო და ”ჩარჩენილიყო” ”შეყვარებულთა” როლებში, მაგრამ ისევე როგორც სცენაზე, კინოშიც წარსულს ჩაბარდა ეს საფრთხე და შთამომავლობას დარჩა მისი ბრწყინვალე სახეები ფილმებში ”ფესვები”, ”ლონდრე”, ”ვერის უბნის მელოდიები”, ”ვედრება”, ”ნატვრის ხე”, ”აშუღ-ყარიბი”… შთამომავლობას დარჩება მისი ბრწყინვალედ გახმოვანებული მულტფილმები… შთამომავლობას დარჩება დიდი ლეგენდა ”რამაზ ჩხიკვაძე”…

ppppppppppppppppppppppp

yvaryvare1

yvaryvare-2

yvaryvare-3

ფრაგმენტი 2005 წელს ჩაწერილი ინტერვიუდან:

რამაზ ჩხიკვაძე: ”ახლაც ავად ვარ, ძალიან დავსუსტდი, არ ვიცი, როდის აღვიდგენ ძალას… მე სიმსივნე მქონდა ცოტა ისეთი, ნაღდი სიმსივნე… ადამიანი იბადება და უნდა წავიდეს კიდეც ამ ქვეყნიდან, აქ საპანიკო არაფერია, მაგრამ თუ რაიმეს ეშველება, უნდა გააკეთო ყველაფერი,  სიცოცხლე ვის არ უნდა კაცო და მეც მინდა… წამლებში ვარ სულ… უნდა ბევრი ვიარო ჰაერზე, ჰაერი უნდა ვყლაპო ბევრი და საჭმელები უნდა ვჭამო განსაკუთრებული, რომ ჯანმრთელობა აღსდგეს…

ცხოვრებაში მე მიყვარდა შრომა და ქეიფი. მაგრამ ჩვენთვის ჯერ შრომა იყო და მერე ქეიფი, არ არსებობდა, რომ ჩვენ სპექტაკლის წინ გვექეიფა და ვინმე სცენაზე მთვრალი გამოსულიყო. თან, კაცო, დილით რეპეტიცია გვქონდა, მერე კინოსტუდიაში გადაღებაზე გავრბოდით, საღამოს სპექტაკლს ვთამაშობდით, სპექტაკლის შემდეგ ვიქეიფებდით დილამდე და დილით ისევ რეპეტიციაზე მოვიდოდით. ახლა რომ ვფიქრობ, რა ენერგია გვქონდა, კაცო, როგორ ვძლებდით… პირდაპირ საოცარია. ახლა, მაგისნაირად ერთი დღე რომ გამაკეთებინა, მე ამ ქვეყნიდან წავიდოდი კიდევაც. ეჰ, ჩვენ, ქართველებმა, არც ღვინის სმა ვიცით ზომიერი და არც ჭამა… საზღვარგარეთ 3-4 ჭიქას დალევენ და მორჩა, ჩვენ 3 ლიტრას არ ვკმარებდით… ჩვენ რომ ღვინის სმის და ჭამის კულტურა გვქონოდა, დარწმუნებული ვარ, რომ  წასული ხალხიდან 50% დღესაც ცოცხალი იქნებოდა… ჩვენი თაობის ხალხი, ვინც დავრჩით, ხანდახან დავჯდებით ხოლმე, ვპურმარილობთ. ახლა უკვე ჭკვიანურად ვსვამთ, ისე აღარ ვიხოცავთ თავებს… აირწინაღით რომ მაქვს დალეული ღვინო, ხომ იცით? ახლა აღარ ვსვამთ აირწინაღებით, აღარც ბოთლებით დალევით ვცდილობთ ერთმანეთის გაკვირვებას და არც ბავშვის ”გარშოკებს” ვითხოვთ… ახლა მოგონებებით ვხოვრობთ, ხანდახან წავუღიღინებთ ხოლმე, ბებერი ხმებით. ოღონდ ბევრ ხალხში ქეიფი არც ადრე მიყვარდა და არც ახლა შემიძლია. აი, ქორწილი რომ არის და დამპატიჟებენ, არ ვიცი, სად წავიდე, რა მოვიმიზეზო… დანაყრდები ნახევარ საათში, მეტი რამდენი უნდა ჭამო? მერე აღარ  იცი რა აკეთო. ისიც თუ ჭკვიანები არიან, კიდევ კარგი, თორემ თუ სროლა ატყდა და ბოთლების რაკა-რუკი, მაშინ ხომ სულ დამშვენებული მოდიხარ… ჩვენ წრეში ჩხუბი არასოდეს მომხდარა, მაგრამ ხშირად მოვხვედრილვარ ბოთლების რაკი-რუკში, გამშველებლებიც ვყოფილვართ და ერთი მეორე. მახსოვს, დილის სპექტაკლი ვითამაშეთ, საღამოსაც სპექტაკლი გვქონდა, ერთი ჩვენი მსახიობი (აცხონოს ღმერთმა), გადაგვეკიდა, წავიდეთ, კარგი პურ-მარილია გაშლილი, ნუ დავლევთ, უბრალოდ, ვისადილოთ და წამოვიდეთო. ბოლო-ბოლო დაგვითანხმა, წავედით. იმ სართულზე რომ ავედით, რაღაცა ხმაური შემოგვესმა, კი არ გვესიამოვნა, მაგრამ რაღას ვიზამდით? იმ კარებსაც მივადექით, გააღეს და დარბის დასისხლიანებული ხალხი, ერთმანეთს ურტყამენ, ვინ სკამს ურტყამს, ვინ ბოთლს ისვრის, აბა ჩავერიეთ, წავიდა გაშველება, რაც ჩვენ მოგხვდა იმ დღეს… სულ ღვინით დაწუწულები, დასისხლიანებულები, დანგრეულები, დალეწილები წამოვედით. ლუკმა ჩვენ არ გვიჭამია, დახეული პიჯაკებით შემოვედით თეატრში, გაგიჟდნენ თეატრში, სად იყავით კაცო, ომში? ახლაც, ავლაბარში, იმ სახლს რომ გავუვლი, ისტერიული ხარხარი მიტყდება… რა გითხრათ, მე ბედნიერი კაცი ვარ. ისე აეწყო ჩემი ცხოვრება, რომ თეატრშიც სულ მუდამ როლებს მაძლევდნენ, მაძლევდნენ და მაძლევდნენ, კინოშიც სამუშაო ყოველთვის მქონდა. თავიდან ტელევიზია  შეიქმნა და სულ მე და ეროსი ვიყავით ყველა დადგმაში… სამუშაო მე არ მომკლებია, ყელამდე მქონდა, იმდენი მქონდა, რომ მეტი იყო უკვე, აღარ შეიძლებოდა იმის ატანა, ეს იყო ყველაზე დიდი ბედნიერება. მერე ის სპექტაკლები სადაც მე ვმონაწილეობდი, კარგი სპექტაკლები იყო, ჯერ მიშა თუმანიშვილის დროს, მერე რობიკოს დროს, მთელი რიგი სპექტაკლებისა, რომელიც ზედიზედ კარგი და კარგი იყო. ამდენი გასტროლი, ამდენი წარმატება… ჩემისთანა კაცი, როგორ შეიძლება რომ ნაწყენი ვიყო კიდე რამეზე? ხშირად მეკითხებიან, არის რამე როლი, რომ გინდოდათ გეთამაშათ და გული გწყდებათ რომ არ ითამაშეთო? არა, კაცო, არა, როგორ შეიძლება, რა ღორმუცელობაა, კიდე როლი რომ მომენდომებინა?! არა, ბატონო, არ ყოფილა, პირიქით, ზედმეტად ვიყავი დატვირთული ყოველთვის და მადლობას ვუხდი ღმერთს ამისთვის…”

ნატაშა

uuuuuuuuuuuuuuuuuuuu

რამაზი და ნატაშა. ისინი გემზე შეხვდებიან ერთმანეთს. რამაზ ჩხიკვაძე და გურამ საღარაძე ხანმოკლე შვებულების გასატარებლად ბათუმიდან გემით წავლენ  ოდესაში, ოდესაში ჯაზ-ორკჯესტრია ჩასული საგასტროლოდ. იალტაში გემბანზე ნატაშა კობახიძე ავა მეგობრებთან ერთად… ”დავინახე ნატაშა, საოცარი სილამაზის ქალი. საოცარი ტან-ფეხით, ვახ-მეთქი, შენ გენაცვალე” – ასე გაიხსენებს ნატაშას პირველ ხილვას გურამ საღარაძე, რომელმაც გაიცნო და რამაზს გააცნო ნატაშა…

”მთელი საღამო ერთად გავატარეთ სუფრასთან, მე, რამაზმა, ნატაშამ და მისმა მეგობარმა, საუბარში დაგვათენდა… რამაზი მომიტრიალდა და მითხრა: ”მე ამ ქალს ცოლად შევირთავდი”- გაიხსენებს გურამ საღარაძე, გაიხსენებს როცა ამ ქვეყნად აღარ იქნებიან აღარც რამაზი და აღარც ნატაშა… გაიხსენებს იმასაც, თუ როგორ შეთანხმდნენ შეხვედრაზე რამაზი და ნატაშა მაშინ, თუ როგორ მოხდება ისე, რომ ეს ბედნიერი შეხვედრა ვერ შედგება, მაგრამ გავა დრო და ისინი მაინც შეხვდებიან ერთმანეთს. ”ისეთი სიყვარული მე არ მინახავს”- იტყვის გურამ საღარაძე.

”ნატაშა სრულიად მოულოდნელად გავიცანი. გურამ საღარაძესთან ერთად, ბათუმიდან გემით სამოგზაუროდ ოდესაში მივდიოდი. ნატაშა ტავის დაქალტან ერტად ამოვიდა იალტაში. ვკითხეთ, საით მიბრძანდებით? ოდესაში მივდივართ, იქდან მოსკოვშიო. მაშინ გავიცანი, დავახლოვდით, ერთი, მეორე… მერე როგორც ხდება ყველაფერი…” – ასე იხსენებდა ჩემთან საუბარში ნატაშას გაცნობას ბატონი რამაზი…

a5981

ნატაშას ეშხი ერთნაირად აშტერებდა ყველას – მის დამნახავს ყველას ყბა უვარდებოდა… თეატრის დიდი მცოდნე და არანაკლებ დიდი ესთეტი ნოდარ გურაბანიძე ასე გვიხატავს ნატაშას პორტრეტს: ”ნატალია იმთავითვე ტიპიური მოსკოვური შარმითა და მომხიბლავობით გამოირჩეოდა. ულამაზეს სლავ ქალთა საზოგადოებაშიც აშკარად განუმეორებელი იყო არა მხოლოდ უზადო გარეგნობით და ჩამოქნილი სხეულით, არამედ ევროპულ-აღმოსავლური იერის იშვიათი მიმზიდველობის ძალითაც. აქ ერთმანეთს ერწყმოდა პლასტიკა და ქალური სინაზე, მკვეთრი ნაკვთები და სილბო, ძალა და მიბნედილობა. როცა ახლოს გავიცანი, განცვიფრებული დავრჩი მისი ინტელექტით და აზროვნების სიცხადით. მხოლოდ სარაინდო რომანებში თუ შემხვედრია ასეთი ლამაზი და ჭკვიანი ქალბატონები, რომელთა გულისთვის თავგადასავლების მოყვარული ვაჟკაცები არავითარ ფათერაკს არ ერიდებიან”…

ფათერაკები არა, მაგრამ არც რამაზს ასცდება დაბრკოლებები… როგორც თავად გაიხსენებს, ბევრ მძიმე დღეებს გამოივლიან, იქნება ბევრი ხელისშემშლელი პირობებიც, ბევრი ჭორიც, ბევრი უბედურებაც… რამაზის მშობლებს ბევრ ცუდს ეტყვიან ნატაშაზე, რამაზს ოჯახთან ურთიერთობა დაეძაბება, მაგრამ უკან არ დაიხევს – შინიდან წავა. ხან სად იცხოვრებენ, ხან სად, როგორც თავად იტყვის 20 ბინას გამოიცვლიან, სარდაფშიც მოუწევთ ცხოვრება, სხვენზეც, მეგობრებთანაც- ცოტა ხანს ეროსისთან, კარლო საკანდელიძის ოჯახშიც, ედიშერ მაღალაშვილთანაც, რაღაც პერიოდი ეროსის მეზობლებმაც შეიფარებენ… ”რა არ გადავიტანეთ, მაგრამ მაინც ჩვენი გავიტანეთ”- კმაყოფილი დასძენს ბოლოს…

fffff

ნოდარ გურაბანიძე დაწერს, რომ ნატაშას გარეგნობამ მალე მიიპყრო თბილისური საზოგადოების და ყმაწვილკაცების ყურადღება, მაგრამ იგი პირველად აფეთქებული გრძნობების ერთგული დარჩა ბოლომდე”.

ნატაშას გარეგნობით კინოც დაინტერესდება, 1959 წელს შოთა მანაგაძე მთავარ როლში გადაიღებს ფილმში ”ყვავილი თოვლზე”. ეს იქნება მისი პირველი და უკანასკნელი ფილმი. მას არ მოხიბლავს სამსახიობო კარიერა. პროფესიით მეტალურგია, მეცნიერი – ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი.

აღარ იქნება ნატაშა და ახლობლები გაიხსენებენ ნატაშას ნათქვამს, ჩემი აკადემიკოსობით საქართველოს ბევრი არაფერი მოემატება, გადავწყვიტე რამაზს შევუწყო ხელი”.

ასეც მოხდა და რომ არ მომხდარიყო ასე… რასაკვირველია, დიდი და მრავალმხრივი ნიჭის რამაზ ჩხიკვაძე უეჭველად მიაღწევდა დიდ წარმატებას სამსახიობო კარიერაში, მაგრამ, შესაძლოა, ვერ გამხდარიყო ისეთი დიადი, როგორიც დღეს არის, რომ არა ნატალიას უდიდესი გულისყური და ყოველდღიური ზრუნვა თავისი სათაყვანებელი მეუღლისადმი. მან რამაზ ჩხიკვაძე ოჯახური ყოველდღიურობის სიმძიმისგან გაანთავისუფლა. მუშაობისთვის იდეალური პირობები, კულტურული ატმოსფერო შეუქმნა” – დაწერს ნოდარ გურაბანიძე ფანტასტიკურ რამაზ ჩხიკვაძეში”.

მაგრამ მხოლოდ ეს არ იყო… ნატაშა არ ყოფილა ცოლი, რომელიც მხოლოდ კომფორტს და ოჯახურ მყუდროებას უქმნიდა დიდ მსახიობს. როგორც ჯემალ ღაღანიძე იტყვის, ნატაშა რუსთაველის თეატრის არაოფიციალური მენეჯერი იყო… სწორედ აქ გაიფურჩქნა მისი ნიჭი, გონიერება და თანდაყოლილი დიპლომატიური უნარი. აქ ჰპოვა გასაქანი მისმა საარაკო მიზანსწრაფულობამ და მისმა ტემპერამენტმა… ნატაშას დაახლოება რამაზთან და რუსთაველის თეატრთან თითქმის ერთდროულად დაიწყო. მიხეილ თუმანიშვილის “ჭინჭრაქას” დროიდან იგი თეატრის ყველაზე დაახლოებულ ადამიანად იქცა. რობერტ სტურუას “ყვარყვარეს” შემდეგ კი იგი თითქმის თეატრის კოლექტივის წევრი გახდა.”- დაწერს ნოდარ გურაბანიძე.

aaaaaaaaaaaaa

სწორედ ნატაშას დამსახურებაც იქნება ის, მაყურებელმა რომ იხილა ”ყვარყვარე~. პარტიული ელიტა ჯოჯოხეთურ გზას გამოატარებს სტურუას შედევრალურ ”ყვარყვარეს” – 11-ჯერ მოუწყობს დახურული ჩვენებას, 11-ჯერ ითამაშებენ მსახიობები სპექტაკლს უმაყურებლოდ, მხოლოდ რამდენიმე კაცის თანდასწრებით. თეატრში დაწესდება მკაცრი კონტროლი და ამ დახურულ ჩვენებებზე მხოლოდ ცეკას რამოდენიმე ოფიციალურ პირს შეეძლება დასწრება. ეს ოფიციალურად, მაგრამ არაოფიციალურად… ნატაშა ყველა ამ სპექტაკლს დაესწრება,  მარტო თვითონ კი არა, სხვებსაც შეიყვანს – ისეთ პირებს, რომელთა აზრს საზოგადოება დიდ ანგარიშს უწევს. სპექტაკლით აღტაცებულებმა ქალაქში ხმა გაავრცელეს, სტურუას და ჩხიკვაძის გენიალურ ნამუშევარს კრძალავენო (თუმცა აკრძალვამდე საქმე ჯერ არ იყო მისული). ასე შეიქმნა საზოგადოებრივი აზრი, რომლის ჩამოყალიბებაში ნატალიას მცირე როლი როდი მიუძღვის” (ნოდარ გურაბანიძე).

თბილისელები ”რატომღაც”, ”რაღაცნაირად” ყოველთვის გაიგებენ როდის იმართება ეს დახურული ჩვენებები. ყველა ასეთ ჩვენებაზე უამრავი ხალხი მოიყრის თავს თეატრის წინ, ფოიეში და დაელოდებიან განაჩენს, იქნება აჟიოტაჟი, ცხარე კამათი და როგორც გურაბანიძე გაიხსენებს  ”… ატმოსფერო ისეთი გავარვარებული იყო, რომ ყოველ წუთს მოსალოდნელი იყო აფეთქება, საბოლოოდ მაინც საღმა აზრმა გაიმარჯვა და სპექტაკლის პრემიერა ტრიუმფად იქცა”.

მალე კი, რამაზის და ნატაშას ბინა გახდება ადგილი, სადაც თავს  მოიყრიან მაღალი რანგის სტუმრები – თეატრალები, გამოჩენილი რეჟისორები და მსახიობები, იმპრესარიოები, ”გოსკონცერტის” ხელმძღვანელები, საერთაშორისო თეატრალური ფესტივალების დირექტორები, სახელგანთქმული თეატრალური კრიტიკოსები…

როდესაც ”რიჩარდ მესამის” თავდაპირველი ვარიანტი დააეჭვებთ თავად სპექტაკლის ავტორებს, სწორედ ნატაშა ჩხიკვაძის თანადგომით ჩამოიყვანენ მოსკოვიდან თბილისში ინგლისური თეატრისა და შექსპირის შემოქმედების საუკეთესო მცოდნეს ა. ბარტოშევიჩს, რომლის შენიშვნებიც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს შემდგომ მუშაობაში. სწორედ ნატაშა ჩხიკვაძის სახელს დაუკავშირდება რუსთაველის თეატრის არაერთი გასვლა საზღვარგარეთ. მის აქტივში იქნება მხოლოდ რუსთაველის, არამედ შემდეგ სხვა თეატრების გაყვანაც საზღვარგარეთ.

ფრაგმენტი 2005 წელს ჩაწერილი ინტერვიუდან:

 - ბატონო რამაზ, ნათქვამია, კაცებს ჭკვიანი ქალები არ მოსწონთ, გაურბიანო, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით თქვენზე. თქვენ თუ გიქმნიდათ რაიმე დისკომფორტს ის ფაქტი, რომ სახლში ჭკვიანი ცოლი გყავთ?

- ახლა (იცინის)… ჩემი ცოლი სოკრატე არ არის და არც არისტოტელე, მაგრამ ჩვეულებრივად განათლებული ქალია, უმაღლესი აქვს დამთავრებული, საკანდიდატო დისერტაცია აქვს დაცული, საერთოდ გამჭრიახი გონება აქვს. ჭკვიანი ქალი კარგია, აბა უჭკუო ვის რად უნდა? რა გითხრათ, ჩვენ დიდი შეხლა-შემოხლა არ გვქონია (იცინის), როცა ქალი ნორმალურად ჭკვიანობს ასატანია…

 - თქვენ როგორ გიწყობდათ ხელს ქალბატონი ნატაშა თქვენი კარიერის მანძილზე?

- იმით, რომ არ მაქებდა და მუდამ კრიტიკული იყო ჩემი შემოქმედების მიმართ. ბევრი ცოლი შეყვარებულია ქმრის შემოქმედებაზე და სულ ტაშს უკრავს `ო, რა კარგია, ო, რა კარგია~, ეს, რა თქმა უნდა, მაინც ცუდად მოქმედებს ადამიანზე, განსაკუთრებით თავიდან, სანამ სპექტაკლი ჩამოუყალიბებელია, დაუღვინებელია. ადამიანს ძალიან გჭირდება მკაცრი მოპყრობა, ნაადრევად ზედმეტი ტაში-ტუში არ ვარგა. ნატაშა ძალიან კრიტიკული იყო და ამ მხრივ ძალიან მეხმარებოდა.

- არსებობს ასეთი ინფორმაცია, რომ თავის დროზე, როცა რუსთაველის თეატრმა საბჭოთა კავშირის რკინის ფარდა გაარღვია და საზღვარგარეთ გავიდა საგასტროლოდ, თქვენმა მეუღლემ, ნატაშამ, დიდი როლი ითამაშა ამ პროცესში. მართლაც ასე იყო? უნდა უმადლოდეს თუ არა ქართული თეატრის ისტორია ქალბატონ ნატაშას?

- ნატაშას ძალიან უყვარდა და უყვარს რუსაველის თეატრი, ამ თეატრით ცხოვრობდა ის ჩემთან ერთად, ძალიან ცდილობდა დახმარებას და ბევრი გასტროლებიც გააკეთა. თეატრი გაიყვანა ესპანეთში, ისრაელში, სხვადასხვა ქვეყნებში. მარჯანიშვილის თეატრსაც გაუკეთა გასტროლები იაპონიაში, გერმანიაში. ასე მუშაობდა, კონტაქტებს ამყარებდა იქაურ პროდიუსერებთან და შედეგიც კარგი იყო. ასე რომ, პატარა დამსახურება მართლაც აქვს ამ მხრივ. მაგას სპექტაკლები არ დაუდგამს, შორს იყო მაგ საქმისგან, მაგრამ უნდოდა, რომ კარგი სპექტაკლი ენახა სხვადასხვა ქვეყნის მაყურებელს. ამას ახერხებდა შიგადაშიგ, ეს იყო და ეს იყო.

”ეს იყო და ეს” –  მოკრძალებულად ბრძანებდა ბატონი რამაზი. არადა, ნატაშა ბევრს ახერხებდა, ახერხებდა იმას, რასაც ბევრი დიდი ორგანიზაცია ვერ ართმევს დღესაც კი თავს… ნატაშა ჩხიკვაძე გარკვეული პერიოდი თეატრალურ საზოგადოებაში უცხოეთთან ურთიერთობის განყოფილებას ხელმძღვანელობდა, სწორედ მისი ძალისხმევით მოხდა გაუგონარი რამ – მადრიდის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე მიიწვიეს სამი ქართული თეატრი – რუსთაველის, მარჯანიშვილის, მინიატურების… თვით ესპანელების აღიარებით ეს იყო უნიკალური მოვლენა - არასოდეს ჩვენს ფესტივალზე ერთი ქვეყნიდან სამი თეატრი არ ჩამოსულაო (ნოდარ გურაბანიძე)”.

არადა, თავიდან მხოლოდ რუსთაველის თეატრის მიწვევაზე იყო საუბარი და ისიც თეატრს უნდა ეკისრა ყველა ხარჯი. სსრკ-ს თეატრალური საზოგადოების უცხოეთთან კავშირების განყოფილების გამგემ, საფესტივალო კულუარებსა და ინტრიგებში გაწვრთნილმა პირმა, ნატაშას ურჩია კიდეც ფესტივალის ხელმძღვანელთან, არიელ გილდენბერგთან საქმეს ნუ დაიჭერთ, აუღებელი ციხესიმაგრეა, მისგან კომპრომისი გამორიცხულიაო. ნატაშა კი სწორედ ამ აუღებელი ციხე-სიმაგრის აღების ჟინით აენთო, იყიდა ბილეთი და გაფრინდა მადრიდს. აეროპორტ იბერიაშიმას თვით არიელი დახვდა ყვავილების უზარმაზარი თაიგულით და მკაცრი სახით. მისი პირველი ფრაზა იყო: ფესტივალის ბიუჯეტის ყველა პესეტი განაწილებულია და ამ თემაზე ნუ დამელაპარაკებითო. ნატალიამ უპასუხა, ბატონო არიელ, აგერ დგას ის თვითმფრინავი, რომლითაც ჩამოვფრინდი და მზად ვარ უკანვე გავბრუნდეო. შეცბუნებულმა არიელმა ნატაშა სადილად მიიპატიჟა და ვერც წარმოიდგენდა, თავს რა ხაფანგში ყოფდა. ნატალია მასთან მოლაპარაკებას სამი დღე და ღამე აწარმოებდა. ამ ხნის მანძილზე სადილადაც არ გასულან (ბუტერბროდები და სენდვიჩები შეჰქონდათ)(ნოდარ გურაბანიძე).

შედეგი? მარტო რუსთაველის თეატრი კი არა, მადრიდის ფესტივალზე გამოვიდა მარჯანიშვილის თეატრი, მინიატურების თეატრი, მსახიობებმა მიიღეს სოლიდური ჰონორარი, სამივე დასი ცხოვრობდა მადრიდის ცენტრში პრესტიჟულ სასტუმროში… ნატაშა ჩხიკვაძემ რუსთაველის თეატრი იერუსალიმის ფესტივალზე ჯერ კიდევ მაშინ ჩაიყვანა, როცა სსრკ-ს დიპლომატიური ურთიერთობაც კი არ ჰქონდა დამყარებული ისრაელთან. სწორედ ამ ფესტივალზე აჩვენა ნატაშა ჩხიკვაძემ დიპლომატიის და სიტუაციის მართვის მასტერკლასი. იერუსალიმის ფესტივალი ”კავკასიურით” იხსნებოდა, მაგრამ ასპარეზზე გამოჩდნენ ბრეხტის ქალიშვილი ბარბარა ბრეხტი და მისი მეუღლე მსახიობი ეკეჰარტ შალი,  გაცეცხლებულნი იმით, რომ რუსთაველის თეატრი ამდენი წელი ”კავკასიურს” თამაშობდა და მათ საავტორო ჰონორარს არ უხდიდა.  ბუენოს-აირესშიც კი ჩაუკითხებიათ რუსთაველის თეატრისთვის, მაგრამ ამაოდ… საგულისხმოა, რომ სწორედ ბრეხტის ქალიშვილის და სიძის გამო მოიხსნა ”ყვარყვარე” რეპერტუარიდან. რობერტ სტურუას გამოყენებული ჰქონდა სცენა ბრეხტის პიესიდან, სწორედ ბრეხტის სიძემ და ქალიშვილმა ატეხეს სკანდალი, კუთვნილ თანხას არ გვიხდიანო. არადა, მაშინ სსრკ მიერთებული არ იყო საავტორო უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციასთან და საერთოდ არავის არაფერს არ უხდიდნენ და შესაბამისად, არც თეატრს არ შეეძლო გადახდა და იძულებული იყვნენ სპექტაკლი მოეხსნათ. ასე რომ, იოლი წარმოსადგენია, რა დაემართებოდათ რუსთაველის თეატრის მესვეურებს ბარბარა ბრეხტის და ეკეჰარტ შალის გამოჩენაზე. არანაკლებ ღელავდნენ ფესტივალის ორგანიზატორები – ფესტივალი ეშლებოდათ – ბრეხტის მემკვიდრეები იმუქრებოდნენ, რომ პიესის თამაშის უფლებას არ მისცემდნენ, თუ კუთვნილ ჰონორარს არ მიიღებდნენ. ყველა დაძაბული ელოდა ბრეხტის გაკაპასებული მემკვიდრეების გამოჩენას.

წარმოიდგინეთ სცენა: დარბაზში შეიჭრა ბარბარა ბრეხტი, უკან მისდევს გაოფლილი ქმარი. ყველა დაიძაბა და შემდეგ ყველამ პირი დააღო – ნატაშა ფეხზე წამოიჭრა და აღტაცებულმა შესძახა: ძვირფასო ბარბარა! ჩემო ძვირფასო, როგორც იქნა გიპოვეთ! - ხელები გაშალა და გულში ჩაიკრა - რამდენი ხანია გეძებთ, ვიცი ჩვენზე ნაწყენები ხართ, მაგრამ მოსკოველი ბიუროკრატების ამბავი ხომ იცით! - ჰანა, - მიუბრუნდა ფესტივალის დირექტორს, - გთხოვთ მოსკოვთან ახლავე დამაკავშიროთ. კულტურის სამინისტროს დაველაპარაკები და ყველაფერს მოვაგვარებ. სანამ გაოგნებული, სახტად დარჩენილი ბარბარა გონს მოეგებოდა, ნატაშამ რამდენჯერმე დარეკამოსკოვში, ბოლოს ხელები გაშალა, თითქოს ამბობდა, რა ვქნა, ვერავინ დავიჭირეო და თქვა: არა უშავს, ყოველივეს მოკლე ხანში მოვაგვარებო(ნოდარ გურაბანიძე).

შემდეგ? შემდეგ ნატაშა ბრეხტის მემკვიდრეებს გაახსენებს თბილისურ გასტროლებს, სტუმრობას, ქართულ მასპინძლობას, ”ბერლინერ ანსამბლის” და რუსთაველის თეატრის ”პარტნიორშაფტობას”, ბრეხტის მეუღლის – ჰელენ ვაიგელის და სერგო ზაქარიაძის შემოქმედებით ხელშეკრულებას, მოკლედ: ნატაშამ ისე მოხიბლა მთელ მსოფლიოში სიხარბით ცნობილი მემკვიდრეები, რომ რამდენიმე წუთის შემდეგ ისინი ნატაშას საუკეთესო მეგობრებად იქცნენ. ნატაშამ ”ბერლინერ ანსამბლის” მთელი დასი ”კავკასიურზე” დაპატიჟა. მართლაც, სპექტაკლზე მოვიდნენ და აღტაცებულნი დარჩნენ. ყველაფერი იერუსალიმის თეატრის რესტორანში ვახშმობით დაგვირგვინდა და მთელი ისრაელი უყურებდა გადაცემას იერუსალიმიდან, სადაც ორი ქალბატონი – ნატაშა და ბარბარა – ერთმანეთს მარადიულ მეგობრობას ეფიცებოდნენ ”(ნოდარ გურაბანიძე).

ნატაშა ჩხიკვაძემ გაიყვანა მარჯანიშვილის თეატრი იაპონიაში, თან სამი სპექტაკლით (”შეყვარებულთა თვითმკვლელობა ციურ ბადეთა კუნძულზე”, ”პროვინციული ამბავი”, ”ჯაყოს ხიზნები”), მისივე ძალისხმევით გაიმართა იაპონიაში ფარაჯანოვის ფილმის ”აშუღ ყარიბის” პრეზენტაცია. რუსთაველის თეატრი გაიყვანა ინგლისში, ავსტრალიაში, ანდალუზიაში. გურაბანიძე იხსენებს იმ ფაქტსაც, რომ ”კავკასიურის” ანდალუზიაში გასტროლებისას გზაში დაკარგულა მთელი რეკვიზიტი და ნატაშას საკუთარი ჯიბიდან უყიდია ყველა საჭირო საგანი…

მოკლედ, ნატაშა იყო რეალურად პირველი ქართველი იმპრესარიო და მას დიდი წვლილი მიუძღვოდა არა მხოლოდ რამაზ ჩხიკვაძის, არამედ რობერტ სტურუას წარმატებებშიც. თუმცა, შემდეგში ურთიერთგატანა ურთიერთდაპირისპირებაში გადაიზარდა, ცხოვრების ბოლოს კი კვლავ ურთიერთმიტევებასა და ურთიერთთანადგომაში…

რობერტ სტურუასა და ნატაშა ჩხიკვაძის დაპირისპირება კი ნამდვილად არ იყო უღიმღამო, ასეთი მათ არც ეკადრებოდათ. ნოდარ გურაბანიძე გაიხსენებს მათ დაპირისპირებას მადრიდის საერთაშორისო ფესტივალის დროს.

ფესტივალის ერთ-ერთმა სპონსორმა კარლოს ფერერმა, რომელიც მარჯანიშვილის თეატრის დირექტორს, გაიოზ კანდელაკს დაუმეგობრდა, სწორედ გაიოზ კანდელაკის კარნახით, რობერტ სტურუას საპატივსაცემოდ ვახშამი გამართა და ქართველები პრესტიჟულ რესტორანში მიიპატიჟა. კი დაპატიჟა, მაგრამ… არ მიდიოდა სტურუა… რობერტმა აიჩემა: თუ ნატაშა ჩხიკვაძეც იქნება, მე არ წამოვალო. იმ დროს რობერტსა და ჩხიკვაძეებს შორის დაძაბული ურთიერთობა იყო (ნ. გურაბანიძე)”. არადა, როგორ არ იქნებოდა იქ ნატაშა ჩხიკვაძე, როდესაც გასტროლი მისი გაკეთებული იყო? ბოლოს ძლივს დაუყოლებიათ სტურუა – წამოვალ, მხოლოდ ნატაშას არ დაველაპარაკები – მხოლოდ ამ პირობით წასულა ვახშმად მაესტრო.

სუფრა სერვირებული ყოფილა უძვირფასესი ჭურჭლით. ”რობერტი იჯდა თავისთვის გაბუსუნებული, არც ქალბატონი ნატაშა აქტიურობდა მაინცდამაინც. უზარმაზარი ლანგრებით შემოიტანეს კიბორჩხალების ზვინები. ჩვენი ვანო (ცაგარეიშვილი, თარჯიმანი – რ.შ.) მისწვდა თეფშს და ამ დროს რობერტმა რაღაც საშინელება უთხრა ნატაშას. გამიკვირდა, რადგან გზაში ამბობდა, საერთოდ არ დაველაპარაკები ნატაშასო,” – წერს ნოდარ გურაბანიძე. მხოლოდ გურაბანიძეს არ გაჰკვირვებია – თარჯიმანი ვანო ცაგარეიშვილი საერთოდ დაბნეულა – ეთარგმნა თუ არა სტურუას სიტყვები, ამასობაში ის კიბორჩხალებიანი ლანგარი ხელიდან გავარდნია… ლანგარი სერვიზს დაეცა – დალეწა, წითელმა კიბორჩხალებმა კი თეთრ მარმარილოს იატაკზე ”გაინავარდეს”…

 ჩვენ გავირინდეთ, გაოცებული მასპინძელი ვერაფერს მიხვდა, მხოლოდ ნატაშას გაფითრებული სახით და სიგარეტის ღრმა ნაფაზებით თუ მიხვდებოდა კაცი, რომ სუფრაზე რაღაც მოხდა, ჩაცხრებოდა სიტუაცია, აეწყობოდა საუბარი, ისევ რაღაც გესლიანს იტყოდა რობერტი და კვლავ იძაბებებოდა სიტუაცია. მთელი საღამო ასე გაგრძელდა. რობერტი მშვიდად კლავდანატაშას და ნატაშა კი, თავის მხრივ, უდიდესი ძალისხმევით, შინაგანი დაძაბვით თავს იკავებდა და ტაქტიანად, ხმააუწევლად პასუხობდა, თუმცა შხამს ისიც გვარიანად ურევდა ინტონაციებში. იმ საღამოს ნატაშა საჭმელს არ გაჰკარებია, ეგ იყო მხოლოდ, სიგარეტს სიგარეტზე ექაჩებოდა… ეს იყო ნამდვილი აბსურდის თეატრი, სადაც ორი პერსონაჟი მხოლოდ მათთვის გასაგები ენით ლაპარაკობდა, ხოლო ჩვენ კიბოს ფეხებს ვწუწნიდით ტყემალზე შემომსხდარნიდა უსიტყვო მასოვკისროლს ვასრულებდით. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ნატაშას, ამ წამლეკავი ტემპერამენტისა და მუდამ მგზნებარედ მოლაპარაკეს თავშეკავების ასეთი უნარი ჰქონდა… ბატონ რობერტისა და ქალბატონ ნატაშას დაჯახებასადრეც შევსწრებივარ. ეს მოხდა იერუსალიმში, სასტუმრო იერუშალაიმ გეიტში”, რამაზის აპარტამენტში, მაგრამ ის უფრო ღიადაპირისპირება იყო მსახიობთა ჰონორარის გამო (თუმც ძალზე მძაფრი) და არავითარ ფარულ ქვეტექსტებს არ შეიცავდა… თავდაპირველად, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, კონფლიქტი როგორღაც შეუმჩნევლად დაიწყო, მერე და მერე გამწვავდა და მის ორბიტაში რამაზიც მოექცა… (ნ.გურაბანიძე).

სწორედ ამ ურთიერთობაში ბზარს მოჰყვა რამაზ ჩხიკვაძის წასვლა რუსთაველის და საერთოდ თეატრიდან… მაგრამ გამოხდა ხანი… 2005 წელს, ჩემთან საუბარში ბატონი რამაზი აცხადებდა: რობერტ სტურუა ისეთი მოწინავე რეჟისორია. ჯერ ფარ-ხმალს არ ყრის, ან რად უნდა დაყაროს, ჯერ კიდევ ბევრის გაკეთება შეუძლია. შემცვლელი კი ჯერ არ ჩანს, რომ დაეტაკოს და სტურუა წააქციოს. ასე რომ, ჯერჯერობით რამოდენიმე წელიწადი საშიშროება არა აქვს რობერტს…

სტურუას თეატრიდან გაშვებამდე კი, ქალბატონი ნატაშა ერთ-ერთ ინტერვიუში წუხდა: ისე, რამაზი კიდევ ითამაშებდა თეატრში და კიდევ შეასრულებდა არაერთ საინტერესო როლს, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი საყვარელი რეჟისორი ჯერჯერობით არაფერს გვთავაზობს. თუმცა, რობერტ სტურუამ ისეთი როლი ითამაშა ჩვენს ცხოვრებაში და ისეთი საყვარელი ადამიანია, რომ ის ჩვენთვის ყოველთვის რობიკო იქნება. მისთვის ჩვენი სახლის კარი ყოველთვის ღიაა. რომ მოვიდეს და თქვას: „რამაზ, შენთვის ახალი როლია“, მას შეუძლია, ისეთი სახე შექმნას რამაზთან ერთად, რომელიც ისტორიაში ისევე შევა, როგორ აზდაკი ან ლირი.

ისტორიაში შესულია ლირიც, აზდაკიც, რიჩარდიც… ამიერიდან მხოლოოდ ისტორიის კუთვნილებაა უკვე რამაზ ჩხიკვაძეც. უფრო და უფრო მდიდრდება წარსული, უფრო და უფრო ღარიბდება აწმყო, უფრო და უფრო ბინდდება – ბინდისფერი ხდება ქართული თეატრის მერმისი…

qqqqqqqqqqqqqqqqqq

რეზო შატაკიშვილი განუმეორებელ სოფიკოზე

sofiko

ის იყო უჩვეულოდ ფეიერვერკული და ამავე დროს სადა.

იდგა ოლიმპოზე, არ ჩამოსულა დიდების ზენიტიდან, მაგრამ რიგითი ქალივით (თუ უფრო მეტად არა) ირჯებოდა – კერავდა, რეცხავდა, აცხობდა, ალაგებდა, აშენებდა, უვლიდა – ოჯახსაც, თეატრსაც.

ატარებდა მძიმე ჯვარს და ეს ჯვარი უხილავი იყო სხვათათვის – ის ყველას ბედის ნებიერი ეგონა…

ის უყვარდათ საქართველოში, რუსეთში, სომხეთში…

ის იყო სოფიკო და დარჩება სოფიკოდ.

sofiko5

ის არ დაბადებულა სამშობიაროში. ის დაიბადა ფიქრის გორაზე, იმ სახლში, რომელიც მიხეილ ჭიაურელმა ააშენა იქ, სადაც პირველად აკოცა ვერიკო ანჯაფარიძეს.

მან გაახილა თვალი და დაინახა ქალბატონი, რომელიც შემდეგში ბრიტანეთის ხელოვნების აკადემიამ მეოცე საუკუნის მსოფლიოს ათ საუკეთესო მსახიობ ქალს შორის დაასახელა, თუმცა ვერიკოს არც მაშინ აკლდა აღიარება.

„ჩემთვის ის არც პოპულარული, არც ყველაზე პოპულარული და არც გენიალური მსახიობი არ იყო. ის იყო დედა. როგორც  დედათქვენია თქვენთვის, ისე იყო ჩემთვის ვერიკო… ძალიან მიყვარს „დისქავერის“ გადაცემები. ამას წინათ ვუყურებდი ფილმს თუთიყუშებზე, გავგიჟდი, როგორ უვლის დედა-თუთიყუში ამ თავის პატარა თუთიყუშებს… დედა ჩემთვის იყო დედა და სხვა არაფერი. ასე გრძელდებოდა ჩემთვის დიდხანს… ეს გავაცნობიერე მერე, მე თვითონ რომ გავხდი მსახიობი, როცა დავინახე, როგორ აფასებდნენ. მაგრამ ნამდვილად ბოლომდე გავაცნობიერე მაშინ, როცა ის აღარ იყო ამქვეყნად…“ – მიამბობდა ქალბატონი სოფიკო.

დედა

3-andzhaparidze1

მას მთელი ბავშვობა დედა ენატრებოდა – დედა შინ. დედა კი დიდების ზენიტში იყო – რეპეტიციები, სპექტაკლები, გადაღებები…

„დედა, მალე მოხვალ? – ეს კითხვა დღემდე თან მდევს… გასტროლებზე სულ თან დამათრევდა ბოშასავით, მაგრამ გასტროლებზეც რა ხდება? ისევ რეპეტიციები, სპექტაკლები და აი, 6 წლის რომ ვიყავი, დედამ მოიცალა და ათი დღით გაგრაში წამიყვანა დასასვენებლად, ჩავედით და მეორე დღეს დეპეშა მივიღეთ, რომ დედას ძმა გარდაეცვალა, სასწრაფოდ უნდა დავბრუნებულიყავით უკან. იქ ისვენებდა დედასა და მამას მეგობარი სოლიკო ვირსალაძე და შესთავაზა, მასთან დავეტოვებინე. დედამ დამტოვა და თვითონ წამოვიდა. სოლიკო ამ დროს ერთ ძალიან ლამაზ გოგონას დასდევდა, უგზავნიდა ყვავილებს. და უცებ მე დავიწყე ეჭვიანობის სცენების მოწყობა – თქვენ თუ კიდევ ერთხელ მიართმევთ მას ყვავილებს და მე არ მომაქცევთ ყურადღებას, წავალ-მეთქი. ის იყო თხემით ტერფამდე არისტოკრატი, 6 წლის ღლაპს თქვენობით მელაპარაკებოდა, მომიბოდიშა და შემდეგ ყოველ დილით, რომ გავიღვიძებდი, ყვავილების თაიგული მხვდებოდა. ჩემი მხრიდან ეს იყო ძალიან სერიოზული გრძნობა. გადავიქეცი რაღაცნაირ მხეცუნად. მე კარგად ვცურავდი (5 წლის რომ ვიყავი, დედამ ნავიდან გადამაგდო წყალში და გავცურე, დღემდე შემიძლია გავცურო თურქეთამდე). სოლიკომ კი ცურვა არ იცოდა, მე შევდიოდი ზღვაში და მივცურავდი შორს, შორს. ის კი ნაპირიდან მომძახოდა: გემუდარებით, დაბრუნდით! გუშინ რა მოხდა, ის აღარ მახსოვს, მაგრამ არასოდეს დამავიწყდება, როგორ დგას ის ნაპირთან და როგორ მეძახის: დაბრუნდით, მინდა დაგხატოთ! შენახულიც მაქვს მისი ნახატი – მე ვდგავარ თეთრად დაწინწკლულ წითელ ტრუსიკში. ასეთი იყო ჩემი პირველი სიყვარული, რომელიც 6 წლის ასაკში განვიცადე“.

მათ სახლს არაერთი სახელგანთქმული ადამიანის სტუმრობა ახსოვს, ადამიანების, რომლებიც დღეს ამშვენებენ ისტორიას.

ვერიკო ანჯაფარიძე და მიხეილ ჭიაურელი

ვერიკო ანჯაფარიძე და მიხეილ ჭიაურელი

„სტუმრებს იღებდნენ დიდ ოთახში, იქ, სადაც ახლა თეატრი გვაქვს. მაშინ სახლი ორსართულიანი იყო, მესამე მე დავაშენე შემდეგ. იმ დიდ ოთახს დიდი შუშის ჭერი ჰქონდა. სანამ პატარები ვიყავით, სტუმრებთან არ გვიშვებდნენ, არადა ისეთი საინტერესო ხალხი მოდიოდა… ჩვენი ქუჩის გოგო-ბიჭები ავდიოდით ხოლმე სახურავზე, ამ შუშაზე დავწვებოდით და ვიყურებოდით ქვემოთ. ერთხელ ამოიხედეს და დაინახეს ეს სასწაული, როგორ ვწევართ ეს ბავშვები და ვუყურებთ… მერე ცოტა რომ წამოვიზარდე, უკვე მე აღარ მინდოდა იქ შესვლა. რაღაც სიამაყემ გაიღვიძა ჩემში, რატომ არ მიშვებდნენ? ჰა, არ გინდოდათ, მეყურებინა? ახლა მე არ მაინტერესებს. თან ვინც კი ჩვენთან მოდიოდა, ყველა თვლიდა, რომ ვერიკოსა და მიშას შვილი მსახიობი უნდა გამოსულიყო და ყველა იმას მთხოვდა, მოდი გვიმღერე, იცეკვე, ან ლექსი წაგვიკითხეო. უჰ… ვერ ვიტანდი ამას… ის კი არა, ინსტიტუტში რომ გადავწყვიტე ჩაბარება, დედაჩემმა მითხრა, წარმოდგენა არ მაქვს, რა შეგიძლია, ერთი ლექსი მაინც წამიკითხეო. ხომ არ გაგიჟებულხარ, რა ლექსები უნდა გიკითხო-მეთქი. გრიალ-გრიალით გავედი გამოცდებზე და ჩავირიცხე…“

მოსკოვის კინოინსტიტუტში მეორე კურსზე იყო, გიორგი შენგელაიაზე რომ გათხოვდა. თუმცა მათი დიდი რომანი აქ, თბილისში დაიწყო.

სიყვარული

nikusha, sofiko, giorgi

ნატო ვაჩნაძის ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ, ვერიკო ანჯაფარიძე ზრუნავდა თავისი მეგობრის უმცროს ვაჟზე – 14 წლის გიორგი შენგელაიაზე.

„ჩვენ ტოლები ვიყავით. ჯერ ვმეგობრობდით, მერე შეგვიყვარდა ერთმანეთი. 5 წელი, უბრალოდ, „დავდიოდით“, კინოში, მეგობრებთან სტუმრად, ახლა კი ეგრეთწოდებული თავისუფლებაა, დღეს გაიცნობენ, ხვალ კოცნიან და ლოგინში წვებიან, სამი დღის მერე აღარ ცნობენ ერთმანეთს… 19 წლისები ვიყავით, რომ დავქორწინდით. მე ვიყავი უბედნიერესი, როცა პირველი შვილი შეგვეძინა და დედა გავხდი. მერე შეგვეძინა მეორე ვაჟი, ყველაფერი კარგად მიდიოდა, ის იღებდა კარგ ფილმებს, მე ვთამაშობდი თეატრში, მიღებდნენ კინოში. მაგრამ წლების შემდეგ ჩვენს ურთიერთობაში უთანხმოებამ იჩინა თავი. ჩემს ცხოვრებაში დააკაკუნა მეორე დიდმა სიყვარულმა – კოტემ… ცხოვრებაში, მით უმეტეს, პირად ცხოვრებაში არ მოქმედებს არანაირი კანონები, მე მეწერა, რომ ორჯერ მეყვარებოდა…“

სცენა სპექტაკლიდან "ურიელ აკოსტა". ურიელი – კოტე მახარაძე, ივდითი – სოფიკო ჭიაურელი.

სცენა სპექტაკლიდან “ურიელ აკოსტა”. ურიელი – კოტე მახარაძე, ივდითი – სოფიკო ჭიაურელი.

მათ ერთმანეთი სცენაზე შეუყვარდათ. ვერიკო ანჯაფარიძემ „ურიელ აკოსტა“ აღადგინა. ივდითს სოფიკო თამაშობდა, ურიელს – კოტე და…

„კოტეს მანამდეც ვიცნობდი, ხშირად იკვეთებოდა ჩვენი გზები თეატრში, მაგრამ… „ურიელმა“ დაგვღუპა… ყველაფერი სპონტანურად მოხდა, მას ცოლი ჰყავდა, მე – ქმარი… ამ ყველაფერს უფრო კრიმინალური შარავანდედი ადგა, ვიდრე რომანტიკული. ყველა ჩვენს წინააღმდეგ იყო, საკუთარი შვილებიც კი, მერე და მერე, როდესაც ჩვენი ახლობლები დარწმუნდნენ, რომ ჩვენი ურთიერთობა ძალიან სერიოზული იყო, ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდა. 30 წელი ვიცხოვრეთ მე და კოტემ სიყვარულსა და თანხმობაში.. მასთან ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს, ის იყო ფაქიზი, მოსიყვარულე, ყურადღებიანი. ტყუილად ჰქონდა დონჟუანის სახელი გავარდნილი, მე ეს არ მაღელვებდა, ეს ხომ ჩემს ერამდე იყო… როცა დავქორწინდით, მეგობრებმა საჩუქრად ღუზა მოუტანეს, ნამდვილი, თუჯის. რომ ოჯახურ ცხოვრებაში, ბოლოს და ბოლოს, ჩაეშვა ღუზა…“

Ӡ

ღუზის ჩაშვებამდე იყო თავით გადაშვება თოვლიან ხრამში.

„გაგანია რომანი გვქონდა, მაგრამ ბავშვების გამო ვერ ვწყვეტდი ოჯახის დანგრევას. კოტე გიჟდებოდა. მახსოვს, ვიყავით პოდმოსკოვიეში, იყო ზამთარი, ღამე და ნამქერი. გამოვედით რესტორნიდან და კოტემ მითხრა: „ან მეტყვი ჰოს, ან არადა თავს მოვიკლავო“. მე ვუთხარი: „კარგად იყავი“. ის ავიდა ყველაზე მაღალ ადგილას, რაც იქ იყო და ბაც, თოვლიან ხრამში ისკუპა. მეც არც დავფიქრებულვარ, ისე ვისკუპე, გადავყევი ხრამში, სიბნელეში. ცოცხალ-მკვდრები ძლივს ამოვედით იქიდან… მე საერთოდ, მაქსიმალისტი ვარ. ვთქვი, გადმოვხტები პარაშუტით-მეთქი და გადმოვხტი კიდეც. ცხადია, 65 წლის ასაკში ამის დაწყება საკმაოდ გვიანია. მე და კოტე ქობულეთში ვისვენებდით. კოტესაც უნდოდა გადმოხტომა, მაგრამ გადავაფიქრებინეთ, მე კი გადმოვხტი. მთელი პლაჟი მიყურებდა და ტაშს მიკრავდა. წარმოიდგინეთ, ასკილოიანი სოფიკო მოფრინავს ჰაერში, მარტო იმის მეშინოდა, ვაითუ პარაშუტმა ვერ გამიძლოს-მეთქი…“

sofiko da kote 2

ის იყო ვერიკოს შვილი და მოახერხა, არ დამსგავსებოდა დედას და ყოფილიყო განუმეორებელი სოფიკო.

„სულ ვცდილობდი, რომ არ დავმსგავსებოდი, არ ეთქვათ, აი, დედას ბაძავსო. სულ მინდოდა, რომ სხვანაირი, დედისგან განსხვავებული ვყოფილიყავი. ასე იყო პირველივე როლიდან, ჩემი პირველი როლი, ჰარა „ბაფთიან გოგონაში“ – ეს იყო ჩემი პასპორტი, რომ მე, როგორც მსახიობს, არაფერი არ მქონდა საერთო ვერიკო ანჯაფარიძესთან. „ურიელ აკოსტაშიც“ ვცდილობდი, გავქცეოდი მის აჩრდილს, მაგრამ ვერ მოვახერხე, იმდენად მისთვის იყო ეს როლი გაკეთებული. დედასთან დავმარცხდი და დავმარცხდი რომელია… მინდა გითხრათ, არ მსურდა ივდითის თამაში, დედამ მაიძულა. ამიტომ არ ვითამაშე, სხვათა შორის, კლეოპატრა, არადა ძალიან მინდოდა თავის დროზე კლეოპატრას თამაში. სულ დედა მედგა თვალწინ და მივხვდი, რომ მის ხატებას ვერ ავცდებოდი და არ ვითამაშე… მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ დედა კრიტიკულად იყო განწყობილი ჩემ მიმართ, როგორც არტისტის მიმართ. და ერთხელ, სტუმრების თანდასწრებით დალია სადღეგრძელო და განაცხადა: „დიახ, დღეს უკვე სიამაყით შემიძლია, განვაცხადო, რომ სოფიკო უფრო დიდი არტისტია, ვიდრე მე“. იცით, როგორ იმოქმედა ამან? ის კი არა, რომ გამიხარდა, რაც თქვა, პირიქით, შემზარა, ამ სიტყვებში იგრძნობოდა ესტაფეტის გადმოცემა, დედა ემშვიდობებოდა პროფესიას და მე მივხვდი, რას ვნიშნავდი მისთვის…

რამდენი ხანია, დედა გარდაიცვალა და დღემდე არ მიხლია ხელი ტრილიაჟის იმ ყუთისთვის, სადაც მისი სუნამოები, ფერუმარილი ინახება. არ შემიძლია. დრო და დრო ვხსნი, შევიგრძნობ მის სუნს და ისევ ვხურავ. მენატრება დედა, მისი სუნი. როცა ტრილიაჟს ვაღებ, დედა მიბრუნდება…“

sofiko8

ჟერარ ფილიპი, ჯულიეტა მაზინა, მარჩელო მასტროიანი

„მახსოვს, 15 წლის გოგო ვიყავი, ჟერარ ფილიპი რომ ჩამოვიდა მოსკოვში. მახსოვს, „წითელი და შავი“ ჩამოიტანეს და პრემიერა იყო, მამამ იმ წუთას წამიყვანა მოსკოვში, გავგიჟდი, რომ დავინახე, მამამ მიმიყვანა მასთან: ჩემი გოგოაო, გადამეხვია. არ მეგონა, რომ ოდესმე მას ხელით შევეხებოდი… ეს რა იყო ჩემთვის, იცი? ჟერარ ფილიპი, ცოცხალი ჟერარ ფილიპი… ჯულიეტა მაზინა პირველად მოსკოვში, სტუდენტობისას ვნახე. ინსტიტუტში მოვიდა, ნახა ჩვენი საკურსო ნამუშევრები, ძალიან მოეწონა, გვაქო სტუდენტები. მერე გავიდა დრო, უკვე მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი, გასტროლებზე ვიყავი ლენინგრადში. უცებ მირეკავს ლენინგრადის კინოკავშირის განყოფილება, ჯულიეტა მაზინა არის ჩვენთან სტუმრად და გვინდა, რომ თქვენ გაუძღვეთ მასთან ინტერვიუსო. გამიკვირდა, ლენინგრადში ისეთი მსახიობები არიან, მე რატომ უნდა ავიღო ინტერვიუ-მეთქი. არა, თვითონ მაზინამ თქვენ გახსენათო. რომ შევხვდი, მივხვდი, ნანახი ჰქონდა ფარაჯანოვის „საიათნოვა“ და ამიტომ ვახსოვდი. და მე ავიღე ინტერვიუ ჯულიეტა მაზინასგან, როგორც თქვენ იღებთ ახლა ჩემგან… საოცარი მსახიობია, სულ ცხრა ფილმში იყო გადაღებული ამხელა მსახიობი. მითხრა, ძალიან არ მიყვარს კინო, მით უმეტეს, თუ ჩემი ქმარი – ფელინი მიღებსო. გიჟდებოდა ფელინი, ისე უყვარდა მაზინა, მაგრამ უნდოდა, რომ თავისი ცოლი გადაეღო, რაც შეიძლება კარგად, არ აკმაყოფილებდა და ათ დუბლს უღებდა თურმე. სულ მიწუნებდა და მაკომპლექსებდაო. ჯულიეტა ვერ იტანდა მარჩელო მასტროიანის. იმიტომ, რომ ფელინს მარჩელოსი პირველივე დუბლიდან მოსწონდა ყველაფერი. მასტროიანს მოსკოვშიც შევხვედრივარ და აქაც, თბილისში რომ იყო ჩამოსული. მასტროიანი იცით, როგორია? როგორც კინოში, სულ თამაშობდა, სულ კეკლუცობდა…“

sofiko9

რას ვერ პატიობდა საკუთარ თავს?

„ბედმა გამიღიმა, ყველა ფილმმა, სადაც კი ვითამაშე, უდიდესი წარმატება მომიტანა. პირველივე ფილმმა „ჩვენი ეზო“-მ ოქროს მედალი მომიტანა მოსკოვის პირველ საერთაშორისო კინოფესტივალზე. პირველი ტელეგრამა იყო რაჯ კაპურისგან, გამარჯვებას მილოცავდა მაშინ რაჯ კაპური, აუუუ… რის ლოურენს ოლივიე, რაჯ კაპური იყო ყველაფერი. ყველა ფილმი იყო პრემირებული, სომხების სამ ფილმში ვითამაშე და სამივე ფილმმა მომიტანა რამდენი პრემია, იცი? სომხეთის სახალხო არტისტობა მომანიჭეს. მომანიჭეს, აბა, რას იზამდნენ, არც ერთ მაგათ ფილმს არ აუღია იმდენი პრემია ერთად, რაც ჩემმა სამმა ფილმმა აიღო. მარტო „არევიკმა“ 4 პრემია აიღო, „საიათნოვაზე“ აღარაფერს ვამბობ. მახსოვს „ხევსურული ბალადა“ ნახა სერჟიკამ, ფარაჯანოვმა და გადაწყვიტა, რომ მე გადავეღე საიათნოვას როლში. სომხებს რომ უთხრა, საიათნოვას ქალი ითამაშებს, თანაც ქართველიო, გადაირივნენ, გაგიჟდნენ, მაგრამ სერჟიკამ დაუსვა ასეთი პირობა – თუ სოფიკო არ ითამაშებს, მე არ გადავიღებო. მართლაც გადაიღო და მარტო საიათნოვა კი არა, ექვსი სახე ვითამაშე. გამოვიდა რაღაც სასწაული. არ დამავიწყდება, პარიზში რომ ჩავედით, გავგიჟდი, ყველა ტაქსში ჩემი სურათი იყო „საიათნოვადან“. მარტო იმ ტაქსებში კი არა, რომელიც ფესტივალს ემსახურებოდა, უბრალო ტაქსებშიც. პატარა სასტუმროც კი არის, სადაც ჩემი სურათი აქვთ, როგორც ლოგო. მე ერთ რამეს ვერ ვპატიობ ჩემს თავს. ფარაჯანოვმა „შუშანიკის წამების“ სცენარი მე მომიძღვნა, მაშინ ეს ჩვენთნ ეროვნული მოძრაობის აღზევებას დაემთხვა. „შუშანიკის წამებას“ სომხები ისედაც თავის ნაწარმოებად თვლიან და სერჟიკას სომხობაც რომ დაემატა, სულ გაგიჟდნენ ეს პეტრიაშვილები და არ მისცეს გადაღების საშუალება. ამ დროს ჩამოვიდა ჩვენთან ფრუნზიკა დავლათიანი, „არმენფილმის“ დირექტორი, დამიჩოქა, წამოდით და ხვალვე დავიწყოთ გადაღება სომხეთშიო. აი, მე რომ წავსულიყავი და „შუშანიკის წამება“ სომხეთში გადაგვეღო, მაშინ ნამდვილად ჩამქოლავდნენ. მაგრამ მე დღეს ვერ ვპატიობ ჩემს თავს, რომ ეს არ გავაკეთე, იმიტომ, რომ დარჩებოდა ერთ-ერთი გენიალური ფილმი. რა ვქნა, შემეშინდა ჩემი შვილების, შვილიშვილების, აქ ისეთი ამბავი იყო, რაღაცას მიზამდნენ“.

sofiko6

sofiko7

ბედის ნებიერი?

„ერთხელ ერთმა ჟურნალისტმა მკითხა, როგორია თქვენი დღეო. მე ვუპასუხე, რომ ვდგები, ვიღებ რძის აბაზანას, შემდეგ მოდის პედიკურშა, მერე ვისვენებ, მიკითხავენ გაზეთებს, მივდივარ თეატრში, ძილის წინ კი ვიღებ შამპანურის აბაზანას-მეთქი. მან ყველაფერი დაიჯერა, ერთი შამპანურის აბაზანამ შეაცბუნა. მე კი… თვალს ვახელ თუ არა, ფიქრს ვიწყებ, რა ვაჭამო დღეს ბავშვებს, გადასახდელია ტელეფონის, სინათლის ფული, მოვლენ მუშები, რეპეტიციები… მე ჩემს თავზე ავიღე ძალიან ბევრი, მიუხედავად იმისა, რომ ქალი ვარ – სახლი, ოჯახი, შვილიშვილები, თეატრი, რემონტი, მშენებლობა… ვიცი, ხვალ რომ გადავბრუნდე, ცხოვრება არ დამთავრდება, მაგრამ ჩემს ოჯახს ძალიან გაუჭირდება, სანამ ისინი გამოფხიზლდებიან და გაინაწილებენ იმ მოვალეობებს, რომელსაც მე მარტო ვზიდავ ახლა.”

sofiko15

“დრო ისე სწრაფად გარბის, ცხოვრებას ვერ ასწრებ. სადღაც, 40 წლის შემდეგ მივხვდი, რომ დრო გარბის… ჩემი უფროსი ვაჟი ნიჭიერი მხატვარია, მაგრამ ზარმაცია… ალბათ, ზარმაცი არაა, მაგრამ ვერ გრძნობს, რომ დრო გარბის. ვერაფრით ვერ გავაგებინე ეს. უმცროსი მსახიობია, მაგრამ… პატარა უფლისწულია. ის ჩემი ვაჟია. მე ის დავბადე, პლაცენტა კი არ მოსცილებია. არ შეუძლია უჩემოდ არსებობა, როგორც მე უიმისოდ. ყველას თავისი ჯვარი აქვს, ყველას. არ არსებობს ადამიანი ჯვრის გარეშე და თითოეული ვალდებულია, ზიდოს ეს ჯვარი. არა გულდამძიმებით, არამედ სიხარულით…”

sofiko10

“ღმერთმა გვაჩუქა სიცოცხლე, ეს დიდებული რამ. მე არ მესმის, როდესაც ამბობენ, აი, მე რომ ახალგაზრდა ვიყო… მე არ მსურს უკან დაბრუნება. ცხოვრებაში იმდენი რამ იყო და ისევ თავიდან? არ არის საჭირო.

მეგობრებისთვის ჩემი ავადმყოფობა, ოპერაცია იყო კოშმარი. მათ ეგონათ, რომ მე უკვდავი ვარ, ქვის ვარ, და უცებ რაღაც ადამიანური დამემართა და ისეთ პანიკაში ჩაცვივდნენ… ერთი მეგობარი ლოცვებს მიკითხავდა, მეორეს მთელი ორი ღამე არ უძინია, მე ვეუბნები: გოგოებო, თქვენ მე ნაადრევად მმარხავთ… მე ძალიან მშვიდად ვხვდები ამ ამბავს. მაშინვე ვუთხარი ექიმს, მითხარით პირდაპირ, უნდა ვიცოდე, რამდენი დამრჩა…

მე ჯერ კიდევ ვჭირდები ჩემს ოჯახს და ამიტომ დანებებას და ცხვირის ჩამოშვებას არ ვაპირებ, მომავალს ოპტიმიზმით ვუყურებ… არ მიყვარს სარკეში ყურება, განსაკუთრებით ახლა, ჩავუვლი და იქ ვიღაც ქალია, ნუთუ ეს მე ვარ? ახალგაზრდობაშიც ვერ ვიტანდი სარკის წინ ბზრიალს. საერთოდ ვერ ვგრძნობ საკუთარ ასაკს. როდესაც მეუბნებიან, რამდენი წლისაც ვარ, არ მჯერა ამ ციფრების, თითქოს ჩემზე არაა ლაპარაკი…“

sofiko16

sofiko12

sofiko14

დაიბეჭდა “პრაიმტაიმში”.

ჩემი ოცნებების ოკუპაცია

რეზო შატაკიშვილი

(დაიბეჭდა 8 ოქტომბერს, 2012 წელს).

გერბი

ბიძინა ივანიშვილი ოცნებას იწყებს… ჩვენი ოცნების ოკუპაციით! დიახ, ჩვენი ოცნების, ვყოფილიყავით გეოპოლიტიკური მოთამაშე.

„მე ვფიქრობ, რომ საქართველომ ძალიან კარგად უნდა გააცნობიეროს და გაიგოს თავისი ადგილი. საქართველო ვერ იქნება დიდი გეოპოლიტიკური მოთამაშე, რასაც ცდილობდა სააკაშვილი, ჩვენ უნდა დავრჩეთ რეგიონულ მოთამაშედ“…

ნახვამდის ნატო, ნახვამდის ევროპა. არადა, როგორ ვოცნებობდი, (ისევე როგორც მილიონობით ქართველი), რომ მეცხოვრა ევროპაში – საქართველოდან გაუსვლელად. რას ვიზამთ, ზოგს ჰყოფნის ევროპაში განავარდება, მე გაუმაძღარი ვარ – სულ ევროპაში მინდა ყოფნა. როგორ ვოცნებობდი, რომ ნატოს ისე ეზრუნა ჩემი ქვეყნის უსაფრთხოებაზე, როგორც ვანო ზრუნავდა ჩვენს უსაფრთხო სიარულზე ღამის თბილისში. აღარც ნატო, აღარც ვანო. ფაფუ…

არადა, თურმე ნუ იტყვით და ქვეყნის სტრატეგია არ იცვლება და ჩვენ ისევ ვისწრაფვით ნატოსკენ. „ჩვენი სწრაფვა იქნება ევროპა და უსაფრთხოების მიზნით ნატო. ეს არის ჩვენი სტრატეგია და ჩვენ სტრატეგიას არ შევიცვლით. ეს არის ქართველი ხალხის გადაწყვეტილებაც, ამაზე რეფერენდუმიც ჩატარდა… გარდა ამისა, ჩვენი სტრატეგიაა, რომ გვაქვს ვალდებულება და დიდი სურვილი, რომ ჩვენს მეზობელ დიდ ქვეყანასთან დავალაგოთ ურთიერთობა“ – ბრძანა ივანიშვილმა, მას შემდეგ, რაც შეახსენეს, რომ ის იმ რუსეთთან აპირებს ურთიერთობის დალაგებას, რომელიც საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კატეგორიული წინააღმდეგია.

რუსეთი კატეგორიული წინააღმდეგია, მაგრამ ბიძინა მაინც აპირებს. იცის, რომ არაა მარტივი, მაგრამ აპირებს. რის ხარჯზე? თურმე რუსეთი უნდა დაარწმუნოს, რომ რუსეთს ჩვენი ნატოში შესვლა არანაირ საფრთხეს არ უქმნის და არ უნდა იყოს ეს მათთვის პრინციპული. შეიგნეთ? რუსეთის საწინააღმდეგოდ შექმნილი ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, თურმე, არანაირ საფრთხეს არ უქმნის რუსეთს, არანაირს! დიახაც, სულაც არ აკარგვინებს რუსეთს იმ რეგიონს, რომელიც მისი წევრი ხდება! შეიგნეთ, რომ ნატო ისე, საღლაბუცოდ შექმნილი რამაა, ვერავის ვერ უქმნის საფრთხეს. და თუ ეს ასეა, მაშინ რა ჯანდაბა გვინდა ნატოში? თუ რუსული საფრთხისგან არ დაგვიცავს, რად გვინდა?

ივანიშვილი არა მგონია იმდენად არ ერკვეოდეს ქიმიაში, რომ წყლის და ზეთის ერთ სითხედ ქცევა უნდოდეს და ეიმედებოდეს და იმდენად პოლიტ-მათემატიკაში რომ შეუთავსებელის – ნატოს და რუსეთის გაერთმნიშვნელიანება ეიმედებოდეს. აბა, რას ნიშნავს მისი განცხადება? ერთადერთს – პროდასავლურად განწყობილ მეოცნებეებს ის ეჭვის ჭია უნდა მიუძინოს, რომელიც სუსტად, მაგრამ მაინც უღრღნით გულს – ევროპიდან ისევ რუსულ ორბიტაზე არ გადაგვიყვანოს ბატონმა ბიძინამო…

ბიძინას თუ დავუჯერებთ, სააკაშვილი ტორეადორი ყოფილა, რომელიც რუსეთს ისე უფრიალებდა ნატოს, როგორც ხარს წითელ ნაჭერს და აღიზიანებდა. თურმე პუტინი, ისეთი ჩლუნგი ყოფილა, თუ მიშა ხშირ-ხშირად არ გაუმეორებდა ნატოში შევალო, ვერც მიხვდებოდა ჩვენს ზრახვას და თურმე სულაც არ გაბრაზდებოდა.

და კიდევ, ჩვენ რომ გვეგონა, დასავლურ მედიას რომ ეგონა და თვითონ კრემლი რომ აცხადებდა, 2008 წლის ომის მიზეზი სულაც არ ყოფილა ნატოსკენ რომ ვიქაჩებოდით. ივანიშვილი ისევ ძველ ჩვენებას „აწვება“ – სააკაშვილის პროვოკაცია იყო მიზეზიო. იმასაც დასძენს, რუსეთს ამის სურვილი უფრო ადრეც ჰქონდა, ჩემი ოპონენტები ამბობენ, სამი წელი ემზადებოდა ამისთვისო – „მე დავამატებ, რომ რუსეთი საუკუნეები ემზადებოდა, რომ კავკასიონს აქეთ გადმოსულიყო, მაგრამ აქ მთავარი იყო პროვოკაცია ჩვენი ხელისუფლების მხრიდან და გაუაზრებელი ქმედება, წინააღდეგ შემთხვევაში რუსეთი ვერ მოახერხებდა იმას, რაც მოხდა“. 

სთქვა რუქამან არაკი რაა… :) საწყალი რუსეთი, მრავალსაუკუნოვანი ოცნება ჰქონია კავკასიონს აქეთ გადმოსულიყო. მრავალსაუკუნოვანი! ოცნება მიშამ აუხდინა თურმე. მანამდე რუსული ჩექმა არ უნახავს ქართულ მიწას, არცა შიოლა ყოფილა და არცა 1921 წელს დაპყრობა, არც 1801 წელი და ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმება, არც დიდი აჯანყებები მე-19 საუკუნის დასაწყისში, არც 1832 წლის შეთქმულება. ეს ისტორიკოსები გვატყუებდნენ, თორემ 1832 წელს შეთქმულები რუსი ოფიცრობის ამოხოცვას კი არ აპირებდნენ მანანა ორბელიანის სახლში, არამედ ერთმანეთი უნდა დაეკბინათ. ჰო, ეს სულ ისტორიკოსებმა აქციეს ბუზი აქლემად. დიახ, დიახ, არც 9 აპრილს არ გაუთელიათ გოგო-ბიჭები რუსთაველზე. აბა, როგორ ჩაგვცხებდნენ ორლესულ ნიჩბებს, როცა მხოლოდ ოცნებობდნენ კავკასიონს აქეთ გადმოსვლაზე? მთავრობის სახლი კი რამდენადაც მახსოვს კავკასიონს აქეთაა, თან ლიხს აქეთაც. ეს სააკაშვილმა მოიწადინა პარლამენტის ლიხს იქით გადატანა. გადაიტანა კიდეც ქუთაისში, მაგრამ რა გინდა? როგორც ბატონმა ბიძინამ ბრძანა, მალე ისევ ლიხს აქეთ გადმოვა. პირველ ეტაპზე ვისარგებლებთ, რადგან თბილისში პარლამენტი დაანგრიეს და ნაჯახით დაჩეხესო. პირველ ეტაპზეო, ასე რომ, მალე თბილისში გადმოვა პარლამენტი. არ უნდოდათ ქუთაისელებს ეცხოვრათ საპარლამენტო დედაქალაქში, ვერ შეიმშნოვეს. რა უნდა ქნა, როცა ადამიანს არ უნდა საპარლამენტო დედაქალაქში ცხოვრება და კოპიტნარი ურჩევნია საერთაშორისო აეროპორტს?

ივანიშვილმა განგვიმარტა, „თბილისიდან სულ გარბის სააკაშვილი, იმიტომ, რომ თბილისელებმა ადრე შეიცნეს ის“. 

რას ვიზამთ, ზოგს ქუთაისისკენ მიუწევს გული, ზოგს მოსკოვისკენ. ურთიერთობები უნდა დავალაგოთ რუსეთთანო. როგორ უნდა მორიგდე დამპყრობელთან? ნუ, თუ დანებდებები, ურთიერთობებიც დალაგდება, ლეიბიც და ეგება სიამოვნებასაც გამოჰკრა ხელი… მაგალითიც დაგვისახელა – ბალტიისპირეთის ქვეყნები. კი დაგვისახელა, მაგრამ რაღაც არ მახსოვს იქ კრემლს თავისი გაეტანოს…

ხალხი ოცნებობდა, ამ დღეს ელოდა, და რა მიიღო? რა მოისმინა ნაოცნებარი ლიდერისგან? ჰკითხეს, რა იქნება თქვენი პირველი ნაბიჯი, რის გაკეთებას აპირებთო და რა უპასუხა? „რთული სათქმელია რა იქნება პირველი ნაბიჯი“.

ერიჰაა… აქამდე მეგონა, მე ვერ ვიგებდი რა იყო „ქართული ოცნება“, რაზე ოცნებობდნენ, რაგვარ, როგორ საქართველოზე, მაგრამ ახლა ირკვევა, რომ… ახლა იწყებენ ოცნებას. ივანიშვილს თავისუფლად შეუძლია სლოგანი დაესესხოს შალვა ნათელაშვილს „ვიწყებთ!!! ოცნებას…“.

ხალხი ოცნებობდა, ამ დღეს ელოდა, და რა მიიღო? თამაზ თამაზაშვილი. „შევახსენებ პირველ პატიმარს, რომელიც პოლიტპატიმრად მოიხსენიება. ჩემი ახლო ადამიანის სიმამრი თამაზ თამაზაშვილი. ერთადერთი პრეცედენტი დაუშვეს და მასთან საპროცესო შერიგება, გარიგებაც არ ისურვეს გასაგები მიზეზების გამო, თუმცა ეს შესაძლებელია და დაუშვას, კარგი იქნება რაიმე გზებით მოახერხონ ეს ადამიანი გაათავისუფლონ“ – ამ თხოვნით მიმართა ივანიშვილმა ჯერ კიდევ მოქმედ ხელისუფლებას, ანუ ძალიან ეჩქარება, იმდენად, რომ ხელისუფლებაში მოსვლამდეც ვერ იცდის.

არადა, ხალხი რას ოცნებობდა? მილიარდს სოფლის მეურნეობაში, თითქმის უფასო ჯანდაცვას და მეტიც – მოვა ბიძინა და ფულს დაგვირიგებს.

ბიძინამ კი ძალიან კულტურულად განაცხადა, რომ მას არასოდეს უკადრია რომ ამას საკუთარი კაპიტალით გააკეთებს. არადა, სწორედ ამ კაპიტალმა არ დაახვია თავბრუ ამდენ მეოცნებეს? ბიძინამ კიდე არ მიკადრიაო… ასე რომ, ვინც ამაზე ოცნებობდა, ახლა დადგეს და ტიგრან გულოიანივით სთხოვოს ბიძინას – იკადრეთ, ბატონო ბიძინა, იკადრეთ!!!

ერთხელ ნანუკა ხუსკივაძემ მითხრა, შენ არ იცი, როგორ დამღალა სამშობლომო – ზარმაცობსო. მე კიდევ ამ ხალხმა დამღალა თავისი ინფანტილური ოცნებებით, იმედებით და მოლოდინებით. შევარდნაძე ჩამოვიდა და იყო ყიჟინა, იმედი, ოცნება – „შევარდნაძე აგვაყვავებს“. არადა არ გამოისხა კვირტები ქვეყანამ. თუ იკითხავდი – „როდისღა?“, გაჩუმებდნენ – აცალე, ბატონო, დრო უნდა… 11 წელი ელოდნენ აყვავებას. ქვეყნის შენებას დრო უნდა და ამით გაიყვანეს დრო.  მაგრამ ფულის დარიგებასაც დრო უნდა? მე შენ გეტყვი და ვინმე დაიჯერებს თუ ბიძინა იტყვის – „არ მაქვს“.

არავინ უწყის რაი არს ივანიშვილის „ქართული ოცნება“. მაგრამ ვიცი, რაც იყო ბევრის ოცნება, როდესაც ხმას აძლევდნენ „ოცნებას“. მოვა ბიძინა და ფულებს დაარიგებს. ამ ოცნების ახდენის იმედს ის აძლევდა, რომ აქამდე ბევრს აძლევდა, თანაც წლობით.

სხვათა შორის, ფულიან ადამიანთან დაკავშირებით ამგვარი მოლოდინები, ოცნებანი საერთოდ სჩვევია ხალხს და სულაც არაა საჭირო საგანგებოდ დაპირდეს ვინმე. თვითმოტყუებაც კაი ხილია. ამ „ტრიუკით“ წინა არჩევნებზე „ნაციონალებმაც“ იხეირეს – ისანში რუსუდან კერვალიშვილმა იყარა კენჭი. გაქანდნენ და ხმა მისცეს – ფულიანი ქალბატონია და იქნებ რამე ხეირი იყოსო. ხმა მისცეს, ხეირი ვერ ნახეს – სულ მალე კერვალიშვილმა წუწუნს მიჰყო ხელი – ხაჭოს ვერ ვყიდულობო. არ ვიცი, მიირთმევს თუ არა ივანიშვილი ხაჭოს საუზმეზე, მაგრამ მეეჭვება აწუწუნდეს – ფული არ მაქვსო, მაგრამ ზუსტად ვიცი – ფულს არავის დაურიგებს და მათ ოცნებასაც ფრთები დაეგლიჯება. რომც მოიწადინოს და ბერა რომ სულ უკაპიკოდ დატოვოს და თავისი ხუთი მილიარდი ყველა მოქალაქეს, მეოცნებეს და არამეოცნებეს ჩამოურიგოს, თითოს რა შეხვდება? ასე რომ ფრთებდაგლეჯილი, იკარუსივით ფრთებშეტრუსული ოცნებანი ჩაეშვება უფსკრულებში. ასე რომ, იკაროსის ხვედრი არ აცდება თქვენს ოცნებებს. კრუსუნი არ მიიღება.

კრუსუნი და კრუასანი არ ვიცი, მაგრამ ბევრს, შუქზე მართლაც ფინთად მიბმული ნაგვის გადასახადით გაღიზიანებულს, ისიც ეგონა, რომ ნაგავში აქეთ ფულს მისცემდა ახალი მთავრობა, მაგრამ როგორც მიხეილი იტყოდა, სააკაშვილი – „ნურას უკაცრავად“. ცხადია, ახლა ამას ბიძინა იტყვის, ცხადია სხვა აქცენტით.

აკი, მოიბოდიშა, რუსულში აქცენტი მაქვსო. როგორ შევკადრო, მაგრამ აქცენტი ქართულშიც რომ აქვს? ამ ლოგიკით ქართულადაც არ უნდა გველაპარაკოს?  :(

დალაპარაკებას რაც შეეხება, ამერიკელებს ურჩევიათ, იქნებ დაელაპარაკო სააკაშვილსო, დაურეკოო. „მე ლამაზად უარი არ მითქვმს, პაუზა ავიღე“ – ამბობს ივანიშვილი. თან ამას ამბობს და თან იმას – მე ურთიერთობის პრობლემა არ მაქვს, მაგრამ მას გაუჭირდება, დიდი ხანია ოპონენტებთან არ უმუშავია და განსხვავებულ აზრს ეს კაცი ვერ ეგუებოდაო. ბრძანა ეს და უცხოელ ჟურნალისტს რაღაც „კინო“ მოუყვა – თუ როგორ გააღიზიანა მიშა ერთი ოპოზიციონერის შეკითხვამ, როგორ შეაყარა ქაღალდები სახეში, როგორ გაიქცა პარლამენტიდან, მერე ვიღაცამ შემოაბრუნა და შემობრუნებული როგორ ვერ მალავდა აღელვებას, როგორ იმუქრებოდა, რომ მისი დაცვა გაუსწორდებოდა და გვერდებს დაუზელდა.

აბა რა, ჯონდის კითხვამ რომ გააღიზიანა, მიშას ქაღალდები შეუყრია, მერე, სხდომათა დარბაზიდან კი არ გასულა, პარლამენტიდან გაქცეულა, და დაუზუსტებელია სად დაეწივნენ ლაღიძის წყლებთან თუ თავისუფლების მეტროსთან და შემოაბრუნეს :) არადა, ხომ ყველას კარგად გვახსოვს, მიხეილის გროტესკული ხუმრობა, როგორ დაპატიჟა ჯონდი მამამისის ბალნეოლოგიურ კურორტში – ტალახის აბაზანების მისაღებად და დასაზელად? და ისიც ხომ კარგად გვახსოვს, რომ სააკაშვილს ოპოზიციაშიც აქვს ნამუშევარი და ხელისუფლებაშიც? თავად ივანიშვილს კი სულ ერთწლიანი სტაჟი აქვს პოლიტიკაში…

ივანიშვილი იმასაც ამბობს, რომ თურმე მისი დამსახურება ყოფილა, ის დახმარებია სააკაშვილს მარცხის აღიარებასა და იმ განცხადების გაკეთებაში, რომელმაც მთელი საერთაშორისო საზოგადოება აღაფრთოვანა. ყველაფერი მისი დამსახურებაა – ბათუმში დუმბაძის გამარჯვებაც, მიშას ეს განცხადებაც….

„შეიძლება ცოტა ტრაბახად გამომივიდეს, მაგრამ მე მაინც ისე ვიტყვი, როგორც ვხედავ, რომ ჩვენ ისე კარგად ვიმუშავეთ, მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ხელისუფლებას, პირადად სააკაშვილს სხვა გზა არ დავუტოვეთ, გარდა მსგავსი განცხადებისა… რაც შეეხება სააკაშვილის გადაწყვეტილებას, ვფიქრობ, რომ ყველაზე მეტად ამაში მას დავეხმარეთ მე და ჩემი გუნდი, რადგან ძალიან ფაქიზად ვაწარმოეთ პროცესები“ (ბიძინა ივანიშვილი).

უფაქიზესად ნაწარმოები პროცესები ყოფილა ის წინასაარჩევნო ბატალიები, რომელიც ქვეყანამ გამოიარა… რას გადავრჩით? ეს თუ ფაქიზი იყო, სად წავიდოდით „ოცნებას“ რომ უხეში კამპანია ეწარმოებინა?

და კიდევ: თუ ამ ივანიშვილს ეს ჯადო–თილისმა ჰქონდა, რას ახოცინა ხალხი ლიბიაში, ჩასულიყო კადაფთან, დალაპარაკებოდა… ნეტა, თავად თუ სჯერა რასაც ბრძანებს? ადამიანს მარცხის აღიარება არ შეეძლოს და რა ძალა აღიარებინებს? მით უმეტეს ის ძალა, რომელსაც თავად რამდენიმე ოლქში მარცხი ვერ უღიარებია?

ან დაამარცხებდნენ კი, რომ არა ის თავზარდამცემი კადრები?

„კადრები წყვეტენ ყველაფერს“ – სთქვა სტალინმა… რა იცოდა დიდმა გორელმა, რომ მისი ნათქვამი ახლებურად გაჯაზდებოდა და ამჯერად უკვე ვიდეო კადრები გადაწყვეტდა ყველაფერს პოლიტიკაში. თავზარდამცემმა კადრებმა გადაწყვიტა სააკაშვილის ხელისუფლების ბედი და კადრები გადაწყვეტს ბიძინას მთავრობის ბედს. ამჯერად უკვე კადრები, კადრები, რომელიც მარტო ივანიშვილმა იცის… მთელი კვირაა ელოდებიან. ელოდება ხალხი – ვინ იბარებს მათ ბედს. ელოდებიან ისინი, ვინც ელოდება, რომ იყოს ამ კადრებში. ივანიშვილი ამბობს, რომ მარტო მან იცის, რას უმზადებს გუნდის წევრებს… ხომ ვამბობდი, ახლა იწყებს ოცნებას ბატონი ბიძინა…

თორემ თუ მმართველობას აპირებდა, აქამდეც ექნებოდა ნაფიქრი მინისტრთა კაბინეტზე და ამდენ ხანს ლოდინი არ მოგვიწევდა. აბა, რისთვის იყო „ოცნება“ მზად? ორში ერთია, ან თავად არ სჯეროდათ საკუთარი გამარჯვების, ან გაყალბებას ელოდნენ და შესაბამისად მზად იყვნენ გამოსულიყვნენ ქუჩაში, აეგორებინათ საპროტესტო ტალღა, მოეწყოთ ცოცხების რევოლუცია, დაემხოთ სააკაშვილი – ხელისუფლების ყველა შტოიანად. ალბათ ამიტომაც ეუცხოებათ ქვეყნის მართვა სააკაშვილის  პრეზიდენტობის სინქრონში. ამიტომაც ითხოვს პრეზიდენტის გადადგომას. არ ელოდა, რომ ქვეყნის მართვა სააკაშვილთან ერთად მოუწევდა. კი, მაგრამ რევოლუციაც რომ მოეწყოთ, მაინც ხომ უნდა ემართათ ქვეყანა, მაინც ხომ დასჭირდებოდათ მინისტრთა კაბინეტი? იმის ცოდნა, რა უნდა გაეკეთებინათ პირველ რიგში? თუ იმ ცოცხების რევოლუციის შემდეგ სხვა ძალა უნდა მოსულიყო ხელისუფლებაში? ანუ სხვა ძალისთვის უნდა გაეხსნა გზა „ოცნებას“? თუ პირდაპირ უნდა ჩავბარებოდით იმ რუსეთს, რომლის ჯარებიც საზღვრებს იყო მომწყდარი?

ნუთუ მიხეილმა, თავისი მოულოდნელი გადაწყვეტილებით – დემოკრატიული არჩევნებით (როგორც ივანიშვილი აზუსტებს „დემოკრატიულის მსგავსი არჩევნებით“) და შემდეგ მარცხის ღირსეული აღიარებით ჯამანაკები აურია ყველას და ყველაფერს?

სააკაშვილმა მართლაც გააოგნა (ქართლში ამგვარ გაოგნებას გამოთაყვანებას ეძახიან) ყოველი ჭეშმარიტი მეოცნებე – შოკისმომგვრელი აღმოჩნდა მათთვის პრეზიდენტის განცხადება ოპოზიციაში გადასვლასთან დაკავშირებით.

ბიძინაც დაიბნა და მისი მეკონსტიტუციე ვახტანგ ხმალაძეც. როგორ უნდა მართონ ქვეყანა, როცა ოპოზიციაში ქვეყნის პრეზიდენტია? ბიძინამ „იოლ“ გამოსავალს მიაგნო – გადადგომა მოსთხოვა პრეზიდენტ სააკაშვილს. მოგვიანებით ეს მოთხოვნა რჩევად გაასაღა.

ვითარება მართლაც უჩვეულოა, მაგრამ საქართველოს ისტორიას ახსოვს ბევრად უფრო უჩვეულო სიტუაციებიც – ერეკლე მეორის ოპოზიციის ლიდერი იყო… დარეჯან დედოფალი. კი, პარალელი მეტისმეტად ცერაა, ოპოზიციის ლიდერი მიხეილ სააკაშვილია და არა ეკატერინე ხვედელიძე, საერთო მხოლოდ ერთია – მაშინაც რუსეთთან დამოკიდებულების გამო იყო უჩვეულო „რასკლადი“ – ერეკლე რუსეთისკენ იწევდა, დედოფალი კი დაუძინებელი მტერი იყო რუსეთის.

მოვეშვათ ისტორიაში ნავარდს, რა დროს ესაა, აგერ ჩვენს ცხვირწინ იწერება ისტორია. „ოცნება“ რომ ქვეყნის სამართავად ყოფილიყო მზად, ბატონი ივანიშვილი ხომ უფრო გულდასმით გადაიკითხავდა კონსტიტუციას?! გადაიკითხავდა და აღმოაჩენდა, რომ პრეზიდენტმა უნდა წარადგინოს და პარლამენტმა დაამტკიცოს პრემიერ-მინისტრი, რომ პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტთან შეთანხმებით უნდა დააკომპლექტოს მინისტრთა კაბინეტი. აღმოაჩენდა და არაფრის დიდებით არ ეტყოდა უცხოელ ჟურნალისტს: „არავითარი პრეზიდენტი. არა, როგორ გეკადრება, არა, არა, არა…ეს იურიდიული პროცედურებია და ალბათ მეც და თქვენც პასუხის გაცემა გაგვიჭირდება, ამიტომ დროებით გადავდოთ“. 

აღმოაჩენდა, რომ ეს სააკაშვილმა გააიოლა საქმე, როცა განაცხადა, რომ წარადგენს „ოცნების“ დაკომპლექტებულ მთავრობას და არ შექმნის ქვეყანაში კრიზისს.

აღმოაჩენდა და კითხვაზე, „თუ თქვენ შემოგთავაზებთ პრემიერ-მინისტრის პოსტს“ – არ უპასუხებდა: „სააკაშვილი მე ვერაფერს შემომთავაზებს, მე შემიძლია შევთავაზო მას“. 

არადა, 1 იანვრამდე სწორედ სააკაშვილმა უნდა შესთავაზოს. ის მაინც გაიძახის: „ჩვენ უნდა ვმართოთ სიტუაცია, ამიტომაც მინდა მოვუწოდო მას, თავი არ გაიწვალოს… ის უნდა გადადგეს და დანიშნოს არჩევნები“.

არ იტყოდა, რომ თუ სააკაშვილი ვერ მოახერხებს ამას და არ გადადგება, „ჩვენ გვექნება შემდგომი შემხვედრი ნაბიჯები“. მას ეიმედება, რომ იქ – კონსტიტუციაში არის მუხლები, რომლითაც აიძულებენ გადადგომას. არადა, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა ურთულესია და ხანგრძლივი, ჯერ ერთი, პრეზიდენტს დარღვეული უნდა ჰქონდეს კონსტიტუცია, ან დანაშაული ჩადენილი, კონსტიტუციის დარღვევის შემთხვევაში უნდა მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს, დანაშაულის შემთხვევაში – უზენაეს სასამართლოს, ორივეს შემთხვევაში – ორივეს და ამ სასამართლოებმა უნდა დაასკვნან, რომ პრეზიდენტმა მართლაც დაარღვია კონსტიტუცია, რომ პრეზიდენტის ქმედებაში მართლაცაა დანაშაულის ნიშნები. თუ ეს დაასკვნეს, მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა დაისვას კენჭისყრაზე საკითხი იმაზე, რომ კენჭი ეყაროს პრეზიდენტის იმპიჩმენტს და თუ უმრავლესობა ხმას მისცემს, მხოლოდ ამის შემდეგ დადგება ეს კენჭისყრაზე და პრეზიდენტის იმპიჩმენტი შედგება თუ მას მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომელიც მათ არ გააჩნიათ. რომც გააჩნდეთ ამ მიეთ-მოეთში კი ისედაც გაუვა სააკაშვილს საპრეზიდენტო ვადა. :)

აი, კონსტიტუციის დარღვევას რაც შეეხება, კონსტიტუციის დარღვევა თავად ივანიშვილს მოუწევს, თუკი არ ააშენებს ლაზიკას. დიახ, დიახ, ლაზიკის შესახებ სწორედ კონსტიტუციაშია გაკეთებული ჩანაწერი. ააშენებს თავის სიტყვას დაარღვევს (არ აშენდებაო), არ ააშენებს და კონსტიტუციას. ვნახოთ, რომელს უფრო უფრთხილდება ივანიშვილი, თავის კომენტარს თუ კონსტიტუციას.

კიდევ ბევრ კითხვას აარიდა ბატონმა ბიძინამ თავი. აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა ჰკითხა, რას ფიქრობთ ყარაბახის კონფლიქტზეო და რა უპასუხა? „მე არ ვიცი, რომელი უფრო მძიმეა, თქვენი თუ ჩვენი. ორივე საკითხი ძალიან რთულია და გამიჭირდებოდა ამაზე ანალიზის გაკეთება და თავს შევიკავებდი“.

ამ პასუხს რომ მოისმენ, იფიქრებ ყარაბახში გუშინწინ იფეთქა კონფლიქტმა, ბატონი ბიძინა საარჩევნო კამპანიით იყო დაკავებული და დეტალებს ვერ ჩაუღრმავდა… ყარაბახის კონფლიქტი იმდენი წლისაა, მაგდენი წლის კონიაკიც აღარაა სომხეთში და რა ვერ გაანალიზა?

ბევრ კითხვას თავი აარიდა. ერთმა კითხვამ კი, როგორც ბურჯანაძე იტყოდა – „აღაშფოთა“. კითხვა კანონიერი ქურდების დაბრუნებას ეხებოდა. ჟურნალისტი ხელისუფლებასთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა. დებატებშიც შევიდა ჟურნალისტთან. თურმე, ნუ იტყვით, ამ კითხვას სერიოზულად აღარავინ არ სვამს.

„სააკაშვილმა გთხოვათ თუ ბოკერიამ გთხოვათ? ხალხში ასეთი კითხვები არაა…ამ კითხვას არ აქვს არანაირი საფუძველი, როდესაც ჩემი ბიოგრაფია, ჩემი ხელწერა, ჩვენი გუნდი, ერთ ადამიანზე ვერ იტყვით და უეცრად ასეთ შეკითხვას სვამთ კანონიერ ქურდებთან ვითანამშრომლებთ თუ არა…“ – ამბობს ივანიშვილი და იმასაც ამატებს, „რას ნიშნავს დაბრუნება, მერცხალი ხომ არაა გადმოფრინდეს“.

ამის მოსმენის შემდეგ რა უნდა თქვა? მხოლოდ ის, რომ კაი ხანია მერცხლების გარდა, ცაში ავიაციაც დაფრინავს და იმ თვითფრინავით ქურდსაც შეუძლია გადმოფრენა და რომის პაპსაც. და ხალხსაც, თუნდაც ბოკერია-სააკაშვილისგან დაბოლებულს, აქვს ეს კითხვა და უფლებაც იკითხოს, აბრუნებენ თუ არა ქურდებს. ისე, ხელისუფლებას რომ ვანო ჩამოშორდება, რა დაუპატიჟებლად არ დაბრუნდებიან, თუ? შეთანხმებაც რომ არ ყოფილიყო?

ისე, საინტერესოა, რა ხასიათზე დადგებოდნენ ქურდები, როცა მოისმენდნენ, როგორ ადარებდა ივანიშვილი მათ კუდმაკრატელა მერცხლებს.

კოალიციის ლიდერი და დღე-დღეზე პრემიერ-მინისტრი გვარწმუნებს, რომ არ იქნება პოლიტიკური ნიშნით დევნა, არ იქნება შურისძიება, რევანში. იგი გვარწმუნებს, მაგრამ სოციალური ქსელი რომ გაჟღენთილია შურისძიებით? სწორედ რევანშის წყურვილით? არა მარტო სააკაშვილის მთავრობის, არამედ რიგითი მხარდამჭერების მიმართაც?  ნუთუ ივანიშვილი მათ ამ ოცნებასაც ოცნებად დაუტოვებს? მერედა, რას იტყვიან რევანშის წყურვილით ანთებულები? არ დაკარგავენ საოცნებო ლიდერის პატივისცემას? შეძლებს კი ივანიშვილი შურისძიების წყურვილით სავსე საზოგადოების გაკონტროლებას?

ივანიშვილმა ქუჩის აქციებთან დაკავშირებითაც მიმართა საკუთარ აქტივისტებს, მოეშვით ქუჩის აქციებსო, მაგრამ მოეშვნენ? ვერ ლეწავენ საოლქო კომისიების ფანჯრებს? ვერ უვარდებიან კაბინეტებში? არ ახდენენ ზეწოლას?

ფიცი მწამს, მაგრამ ბოლო რომ გვაკვირვებს? მთლად ლიდერი ერთს ამბობს, სხვა ლიდერები კი, სუბარი მაგალითად, პირადად მეთაურობს ამგვარ აქციებს. რა ვიფიქროთ, ან რაღაზე ვიოცნებოთ?

ბიძოკრატიის საერთაშორისო ფიასკო

(შენიშვნა: ეს სტატია ნოემბრის ბოლოს დავწერე, გაეროში პალესტინის ამბებამდე რამდენიმე დღით ადრე. სტატია არ დაბეჭდილა…)

ALX_4075

რეზო შატაკიშვილი

ერთწლიანი სტაჟის მქონე პარტია ხელისუფლებად იქცა, ასევე ერთწლიანი სტაჟის მქონე პოლიტიკოსი ივანიშვილი – ქვეყნის პრემიერ-მინისტრად, პრემიერ-მინისტრად, რომელიც გვპირდებოდა, რომ ხელისუფლებიდან წელიწად-ნახევარში წავიდოდა, მაგრამ ისეთი სიჩქარეებია აკრეფილი, ემენდ ბევრად ადრეც არ აუხდინოს ეს ოცნება – ამჯერად ოპონენტებს. თავის მომხრეებს ვერ შეუსრულა, რასაც დაჰპირდა და იქნებ ოპონენტებს მაინც შეუსრულოს დანაპირები. აკრეფილი სიჩქარეები მართლაც განუმეორებელია, როგორც ქვეყნის შიგნით – ელექტორატის „რაზაჩეროვანიეს“ ამბავში და გაგებაში, ისე ქვეყნის გარეთ  – საერთაშორისო კრიტიკის მხრივ. ამ თვალსაზრისით, ივანიშვილმა უკვე გადაასწრო არათუ სააკაშვილსა და შევარდნაძეს, თვით ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებასაც კი. ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაზე  ხალხის ნაწილის გულაცრუება და დასავლური კრიტიკა რამდენიმე თვის შემდეგ დაიწყო, ივანიშვილი კი ჯერ ერთი თვის პრემიერი არცაა და ხალხს უკვე უთავდება „გაგების“ მარაგი. დასავლურმა პრესამ კი უკვე კრიტიკის სასტიკ ალყაში მოიმწყვდია. საერთაშორისო ფიასკო – ის კი არაა, რაც საფრთხედ ელის მის ხელისუფლებასა და კარიერას, ეს უკვე დიაგნოზია. ცხადია, ის ამ დიაგნოზს მტარვალ სააკაშვილს აბრალებს და სწორედ ამ ნაბიჯით დინების წინააღმდეგ კი არ მიდის ზვიად გამსახურდიასავით, არამედ იმ ჩიხსა და ცარიელ აკვარიუმში შედის, სადაც  თევზები აღარც აღმა ცურავენ და არც დაღმა.

Le Figaro-მ სკანდალი აუგორა ივანიშვილის ვიცე-სპიკერს, მანანა კობახიძემ სექსუალური უმცირესობების აუტანლობით ფრანგული პრესა აღაგზნო, თავად ივანიშვილს კი Le Figaroღიად იხსენიებს პრორუსული ორიენტაციის მილიარდერად, რომელიც პოლიტიკური ოპონენტების დაკავებით „კუდიანებზე ნადირობს“. რატომ მიმართავს დასავლური მედია ამ ეპითეტს – „კუდიანებზე ნადირობას“? სწორედ იმიტომ, რომ ივანიშვილის მართლმსაჯულების ქვაკუთხედი მოწმეთა ჩვენებებია. ცოტაც და, ქვეყანაში გაჩაღებული სასამართლო პროცესები სეილემის პროცესს დაემსგავსება – სეილემის კუდიანთა სამსჯავროს. მე-17 საუკუნის ამერიკაში, მასაჩუსეტსის შტატში, სეილემში, კუდიანობის ბრალდებით 20 ადამიანი ჩამოახრჩვეს, 200-მდე დაიჭირეს და ციხეში ჩასვეს. სწორედ ეს ამბავი დაუდო საფუძვლად ლეგენდარულმა არტურ მილერმა თავის პიესას, რომელსაც ჩვენ „სეილემის პროცესის“ სახელით ვიცნობთ. არტურ მილერი ამ პიესით გამოეხმაურა სენატორ ჯოზეფ მაკარტის საგამოძიებო კომისიას, რომელიც საბჭოეთის აგენტებზე ნადირობდა და ბოლოს კრახით დაასრულა კარიერა. „კუდიანებზე ნადირობა“ პირველი წკიპურტია. დაჭერების გაგრძელების შემთხვევაში, გამორიცხული არაა, ამერიკულ საზოგადოებას ივანიშვილმა მაკარტიზმიც გაახსენოს.

მასობრივი დაჭერებისა და სხვა დაშვებული შეცდომების გამო ივანიშვილს აკრიტიკებს Liberation-იც. პირდაპირ წერენ, „თბილისში კანონი ივანიშვილიაო“, „Economist“-იც არანაკლებ მწვავე სათაურს „აძლევს“: „მართლმსაჯულება თუ შურისძიება?“. მოკლედ, არ ეკიდება, რა, ეს დასავლეთი გაგებით იმას, რაც ფეხს იკიდებს საქართველოში – ბიძოკრატიას. დასავლეთი მოიკოჭლებს „გაგებაში“ :) ამ ყველაფრის კულმინაცია კი მაინც “The Washington Post”-ის სარედაქციო წერილი გახდა. ერთმა ჟურნალისტმა კი არა, მთელმა სარედაქციო საბჭომ დააფიქსირა თავისი პოზიცია ივანიშვილის მიერ განხორციელებულ არასწორ  ნაბიჯებზე, დადებითად შეაფასეს მისი ამერიკაში ვიზიტის გადადება და ისიც დასძინეს, სანამ ოპოზიციონერ ლიდერებს იჭერს და ძალაუფლების მონოპოლიზაციას ცდილობს, ვაშინგტონში მისასალმებელი ფიგურა არ უნდა იყოსო. სწორედ აქ უმტყუნა ნერვებმა ივანიშვილს და ისეთი განცხადებები აკეთა სახელგანთქმულ „ვაშინგტონ პოსტთან“ დაკავშირებით, ლამის რეიგანისა და ძირმომპალი კაპიტალიზმის მარადიულ განმაქიქებელ აბონ ციციაშვილად იქცა. დაჭერებზე სკანდალურია, რაც მან განცხადა – თურმე „ვაშინგტონ პოსტს“ სარედაქციო წერილებს მიშა „აწერინებს“. მე მგონი, ბატონი პრემიერი დილა-საღამოს უსმენს გოგა ხაჩიძის „მიშა მაგარიას“ და თავს ვერ აღწევს ამ გავლენას. კიდევ უფრო სკანდალურია „ვაშინგტონ პოსტს“ პასუხს მოვთხოვთ“. მაინც რანაირად? ხადურ-წულუკიანის იურისდიქციას გაავრცელებს მთელ დუნიაზე? ამ „პასუხის მოთხოვნით“ ის დასავლური მედიის უარეს სამიზნედ იქცა, უკვე მოჰყვა თვითონ „ვაშინგტონ პოსტისა“ და საერთოდ, დასავლური პრესის საკადრისი პასუხები და დასავლეთმა კიდევ ერთხელ დაინახა, როგორ უყურებს მილიარდერი ივანიშვილი მედიასაშუალებებს. მათთვის ეს საგანგაშო სიმპტომია, ქართული მედიისთვის – არანაკლებ. როცა „ვაშინგტონ პოსტს“ ასე ხელაღებით „სთხოვენ პასუხს“, როგორი იქნება ქართული გაზეთების ხვედრი?

როგორი იქნება თავად ბიძინა ივანიშვილის ხვედრი საერთაშორისო ასპარეზზე, თუ ასე გააგრძელებს? გამორიცხული არაა, მეტეორივით ჩაუქროლოს მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებების „ქავერებს“. „ვაშინგტონ პოსტის“ სარედაქციო წერილი არა მარტო გაზეთის რედაქციის აზრსა და პოზიციას გამოხატავს, ამ გაზეთის სტრიქონებს შორის სახელმწიფოს პოზიციები იკითხება. ასე რომ, მართლაც საკითხავია, პრემიერმა გადადო ვიზიტი, როგორც თავად ამბობს, თუ ვაშინგტონში მიიჩნევენ არასასურველ სტუმრად და სწორედ ამიტომაც ინაცვლებს ევროპისკენ? თუმცა ამგვარი შემტევი რიხით, გამორიცხული არც ისაა, ევროპისთვისაც არასასურველი სტუმარი გახდეს. დასავლეთს კიდევ მრავალი ბერკეტი აქვს, შეუძლია ანგარიშები გაუყინოს. ეს დასავლეთს არაერთხელ გამოუყენებია სადამსჯელოდ. რას მოიმოქმედებს ივანიშვილი? ალბათ, ქალბატონი მაია „ვაშინგტონ პოსტს“ კიდევ ერთხელ ეწვევა. :)

და იგი დაწერს ლაზათიანად და ლაკონურად: “მე ვარ გურამ საღარაძე!”

გარდაიცვალა გურამ საღარაძე…

გურამ-საღარაძე

გთავაზობთ ნარკვევს, რომელიც გამოქვეყნდა “სახე(ლ)ები 2006″.

რეზო შატაკიშვილი

ე რასაც ვაკეთებ, ლაზათიანად ვაკეთებ” – ამას, აგერ უკვე ოცდაათ წელიწადზე მეტია რაც გურამ საღარაძის ეფრეიტიორი გვეუბნება “კავკასიურ ცარცის წრეში”… ეფრეიტორი რას და რამდენად ლაზათიანად აკეთებდა, სხვა საქმეა, მაგრამ თავად გურამ საღარაძე რასაც აკეთებს, მართლაც ლაზათიანად აკეთებს…

დიდი შალვა ამირეჯიბი ვალერიან გუნიაზე წერდა, არ მახსოვს პირველად როდის გავიგონე ან ვნახე მისი სახელი – თეატრში, წიგნში, აფიშაზე თუ გაზეთში, ამხანაგთა ნაამბობში – როცა ბავშვი ვიყავ, თუ ყური მოვკარ მოზრდილების ლაპარაკს, არაფრის თქმა არ შემიძლიან –ო.

მეც არ ვიცი, სად ვნახე ან გავიგონე გურამ საღარაძის სახელი პირველად: აფიშაზე, გაზეთში, სცენაზე თუ ტელევიზიით, ალბათ უფრო ტელევიზიით, ქართული პოეზიის ნიაღვრით რომ გვლეკავდა ეთერიდან…

კინომ, პოპულარობის მოხვეჭის ამ დიდმა ინდუსტრიამ თითქმის მის გარეშე ჩაიგრიხინა, მაგრამ მას არასოდეს აკლდა პოპულარობა. იგი იყო და არის ვარსკვლავი.

გურამ საღარაძე “სამსახოვანია” “კავკასიურ ცარცის წრეში” – სამ პერსონაჟს ანსახიერებს – ეფრეიტორს, ბერს, თავად ყაზბეგს…

და გურამ საღარაძე “სამსახოვანია” შემოქმედებით ასპარეზზე:

გურამ საღარაძე – არტისტი, მხატვრული კითხვის დიდოსტატი, პედაგოგი…

სამი განსხვავებული ასპარეზი და სამივეგან ლაზათიანად ნაკეთები საქმე.

მხატვრული კითხვისთვის მხოლოდ მას აქვს მინიჭებული უმაღლესი ეროვნული ჯილდო – რუსთაველის პრემია, მან თავსი სკოლა შექმნა მხატვრულ კითხვაში.

მისი დამსახურებაა, მხატვრული კითხვა დამოუკიდებელ ჟანრად რომ დამკვიდრდა საქართველოში. ის ანსამბულრი თეატრის აქტიორიცაა და მხატვრული სიტყვის დამოუკიდებელი ოსტატიც, რომელიც უშუალოდ გამოხატავს თავის იდეალებს, ყოველთვის გვეუბნება თავის სათქმელს რუსთაველის, გალაკტიონის, ვაჟას, ბარათაშვილის პოეზიით. თავის მძლავრ ხმას და პოეზიას აყოლებს თავის გულისთქმას, თავის სათქმელს.

აკი ამბობს კიდეც: “რასაც არ უნდა კითხულობდე, ლექსი იქნება ეს თუ პროზა, აუცილებელია მსმენელამდე მიიტანო აზრი, ძარღვი ნაწარმოებისა, შენი დამოკიდებულება უნდა გქონდეს იმ მოვლენისადმი, რასაც ავტორი გთავაზობს და შენი, საკუთარიც შეგქონდეს ნაწარმოებში. შენი სათქმელი თქვა. ეს არ ნიშნავს რაიმე გაუსწორო ან რუსთაველს, ან გალაკტიონს (ღმერთმა დაგვიფაროს), მაგრამ შენი რუსთაველი, შენი გალაკტიონი, გნებავთ ბარათაშვილი, ვაჟა უნდა გყავდეს და მსმენელსაც ასეთი შეაყვარო…”

ამ მიზანს უსახავს ის საკუათარ თავს და აღწევს კიდეც, გადამდებია მისი განწყობა და ყრუს მეტი ვინ დაიკვეხნის რომ საღარაძეს არ დაუტყვევებია ის და თავს არ მოუხვევია თავსი გალაკტინი, ვაჟა თუ ბარათაშვილი?…

სცენა მიხეილ თუმანიშვილის სპექტაკლიდან "ესპანელი მღვდელი". დონ ხაიმე – გურამ საღარაძე

სცენა მიხეილ თუმანიშვილის სპექტაკლიდან “ესპანელი მღვდელი”. დონ ხაიმე – გურამ საღარაძე

სცენა სპექტაკლიდან "ნიკოლოზ ბარათაშვილი".

სცენა სპექტაკლიდან “ნიკოლოზ ბარათაშვილი”.

2006 წელს მას სასცენო მოღვაწეობის 55 წელი შეუსრულდა. რუსთაველის თეატრის სცენაზე 1951 წელს დადგა, როგორც კი დაამტავრა თეატრალური ინსტიტუტი. ინსტიტუტის დამთავრებისთანავე დარჩა ინსტიტუტში მხატვრული მეტყველების პედაგოგად. მოქმედ მსახიობთაგან მხოლოდ მას ჰქონდა პროფესორის წოდება. (წარსულში პროფესორის წოდებას ატარებდნენ მხოლოდ აკაკი ხორავა და აკაკი ვასაძე)….

და აი, პედაგოგიური მოღვაწეობის 55 წლისთავზე, 2006 წელს თეატრალურ ინსტიტუტში ატესტაციისას, გურამ საღარაძეს, ისევე როგორც ყველა პროფესორ-მასწავლებელს, ბიოგრაფიის დაწერას მოსთხოვენ.

და იგი დაწერს ლაზათიანად და ლაკონურად: “მე ვარ გურამ საღარაძე!”

იმდენად მომხიბლავს თეატრალურ წრეებში ლეგენდად ფეხადგმული ეს ამბავი, რომ არც კი გადავამოწმებ. თუ ვინმემ შეთხზა, შეარგოს…

1632sultani saladini

იგი არის გურამ საღარაძე და ამით მართლაც ყველაფერია ნათქვამი.

მისი განვლილი შექმოქმედებითი და ცხოვრებისეული გზა კი მაინც გიბიძგებს, კიდევ ერთხელ გადაავლო თვალი…

დაიბადა თბილისში 1929 წლის 12 იანვარს, ცნობილი მსახიობის – გიორგი საღარაძის ვაჟად. გიორგი საღარაძეს 2006 წელს დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდა. იგი სანდრო ახმეტელის დროიდან მოღვაწეობდა რუსთაველის თეატრში და სხვათაგან განსხვავებით, უმწიკვლოდ გამოვიდა იმ ურთულეს პერიპეტიებიდან. ქვა არ უსვრია მისთვის, ვის მზესაც ფიცულობდა. ამიტომაც იტყვის მანანა ახმეტელი, გურამ საღარაძე ამჟამად, ვგონებ ერთადერთი ხელოვანია, ვისაც პირდაპირი, მემკვიდრეობითი კავშირი აქვს ახმეტელის თეატრთანო.

“დღეს, შესაძლოა ბევრმა არც იცის, რომ სწორედ ახმეტელის რეფორმატორული აზროვნების ატმოსფეროში იწრთობოდა ახალგაზრდა მსახიობი გიორგი საღარაძე, სიცოცხლის ბოლომდე რომ უერთგულა თავის დიდ მასწავლებელს, მის პრინციპებსა და იდეალებს…. თუ გავყევებით მამაშვილური ურთიერთობის ლოგიკას, მაშინ შეიძლება ვივარაუდოთ რომ გურამ საღარაძე ჯერ კიდევ ოჯახური ცხოვრების წიაღში ეზიარა ახმეტელის ეროვნული, ნოვატორული, მაღალზნეობრივი ხელოვნების ტრადიციებს” – მანანა ახმეტელი.

სცენა მიხეილ თუმანიშვილის სპექტაკლიდან "როცა ასეთი სიყვარულია".

სცენა მიხეილ თუმანიშვილის სპექტაკლიდან “როცა ასეთი სიყვარულია”.

გურამ საღარაძის ბავშვობა ურთულეს ისტორიულ ქარტეხილებს დაემთხვა, ჯერ ავბედითი 37 წელი, ქვეყანაში გამეფებული აუტანელი გაუტანლობა, შემდეგ ომი, გაჭირვება, ურთიერთგატანა… და ორი ნათელი წერტილი “მამის სამსახური” – თეატრი და პიონერთა სასახლე – მხატვრული კითხვის წრე. დღესაც უკვირს იმ გამბედაობის მაშინ სცენაზე რომ გამოჰყავდა და ლექსს აკითხებდა…

ლექსები ერთ თავგადასავალშიც (უფრო შარში) გახვევს ჭაბუკ გურამ საღარაძეს. მის ძმაკაცს გოგო შეუყვარდება. მორიდებულია და თქმას ვერ გაუბედავს. დახმარებას “ტარაკანას” სთხოვს (ასე ეძახდნენ გურამ საღარაძეს ბავშვობაში. რამაზ ჩხიკვაძე “ჩინელსაც” ეძახდა თვალის ჭრილის გამო), გურამიც მის მაგივრად შეეცდება სიყვარულის ახსნას, გაზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს სეირნობიასას შეაპარებს სათქმელს, ლექსებსაც წაუკითხავს, მაგრამ იმ გოგოს გურამი შეუყვარდება თავდავიწყებით…

სცენა რობერტ სტურუას სპექტაკლიდან "სეილემის პროცესი". ჰეილი – გურამ საღარაძე.

სცენა რობერტ სტურუას სპექტაკლიდან “სეილემის პროცესი”. ჰეილი – გურამ საღარაძე.

გამოხდება ხანი, გურამი ინსტიტუტში ჩააბარებს, მალიკო მრევლიშვილის ხელმძღვანელობით მხატვრული მეტყველების ხელოვნებას დაეუფლება. ინსტიტუტშივე ისე წაიკითხავს ლერმონტოვის “დემონს” რომ გავა ნახევარ საუკუნეზე მეტი და მის წაკითხულ `დემონს~ ვერ დაივიწყებენ… ვერც მის ნათამაშებ რაკიტინს მიხეილ თუმანიშვილის მიერ ინსტიტუტში დადგმულ ტურგენების პიესიდან “ერთი თვე სოფლად”…

პოეზიით თვით-თრობა და სხვათა-თრობა შემდეგშიც გაგრძელდება (და დღესაც გრძელდება), გურამ საღარაძე თავის ევას ჰპოვებს – თავისზე ათი წლით უმცროს ტანია ფუხბინდერს. მათ ერთმანეთი შეუყვარდებათ, შეყვარებული ტანია კი ხშირად დაურეკავს გურამს და ლექსების წაკითხვას მოსთხოვს.

“ბევრჯერ წავუკითხე, მაგრამ მერე “ჭკუა ვსწავლე” და მაგნიტოფონზე ჩაწერილს “ვუკითხავდი”. რა თქმა უნდა ხვდებოდა, მაგრამ საოცარია, არასოდეს უთქვამს რომ ვცრუობდი…” (გურამ საღარაძე).

ისინი შეუღლდებიან, 28 წელი იცხოვრებენ ერთად და… ტანია ფუხბინდერი გარდაიცვლება… გურამ საღარაძე ყველაფერს ისე დატოვებს სახლში როგორც ქალბატონ ტანიას სიცოცხლეში იყო…

ადამიანი და მისი ხასიათი, ნიჭიერება ხშირად ელემენტარული ნიუანსიდან ჩანს.

ერთ მშვენიერ დღეს გურამ საღარაძე, ძმაკაცებთან ერთად კალთამადლიან მანდილოსნებთან ერთად პიკნიკს გადაწვეტს. დაქოქავს მანქნას, საბარგულში ნოხსაც ჩადებს… სალონში ძმაკაცებს და მანდილოსნებს ჩასვამს და ქალაქგარეთ ჰერ-ჰერი… იქ მისულებს სიურპრიზი ელით: გურამ საღარაძე საბარგულს ახდის და… იქიდან ტანია ფუხბინდერი ამოვა… ამ ისტორიის გაგრძელება ისე წარმოიდგინეთ და ისე დაასრულეთ, როგორც გენებოთ…

სცენა რობერტ სტურუას სპექტაკლიდან "შობის მეთორმეტე ღამე". სერ ტობი – გურამ საღარაძე.

სცენა რობერტ სტურუას სპექტაკლიდან “შობის მეთორმეტე ღამე”. სერ ტობი – გურამ საღარაძე.

ჩემს თაობამდე, ლეგენდებად მოაღწევს მის მიერ განსახიერებული ბევრი როლი, თუნდაც მილან სტიბორი თუმანიშვილის სპექტაკლში “როცა ასეთი სიყვარულია”. სპექტაკლში, რომელშიც მთელი ძალით ბრწყინავდნენ მედეა ჩახავა, გურამ საღარაძე, სერგო ზაქარიაძე, რამაზ ჩხიკვაძე…  გურამ საღარაძე იყო ერთი შვიდთაგანი თუმანიშვილის ცნობილ “შვიდკაცაში”, ვისზე დაყრდნობითაც მოახდინა თუმანიშვილმა რევოლუცია რუსთაველის თეატრში.

გურამ საღარაძე იმ იშვიათ გამონაკლის დიდოსტატთა რიგს განეკუთვნება, რომლის შემოქმედებასთან ზიარება კვლავაც რომ შეიძლება, (ღმერთმა ქნას დიდი ძალა მისცეს ბატონ გურამს და დიდხანს გაგრძელდეს ასე), შეგიძლია ნახო მისი სამი განსხვავებული პერსონაჟი “კავკასიურში” – თავადი ყაზბეგი, ეფრეიტორი, ბერი… ლოთი ბრძენი სერ ტობი “შობის მეთორმეტე ღამეში”…

შეგვიძლია ვისმინოთ მისი წაკითხული პოეზია და იმედი გვაქვს კვლავაც არაერთხელ მოვისმენთ მის წაკითხულ პოეზიასაც და კვლავაც არაერთ როლში ვიხილავთ მას.

9112kavkasiuri

5 წლიანი განუკითხაობა მოზარდმაყურებელთა თეატრში

გაივლის თუ არა ტესტს კულტურის ახალი მინისტრი?

mozardi

ანთაძემ თეატრიდან გაუშვა ათეულობით მსახიობი, რეჟისორი და ორი გოჭი!

რეჟისორები თუ ადრე „ჩადგმით“ იყვნენ თეატრში, ახლა ხაშლამასავით „ჩამოტარებით“ არიან – ქართული თეატრის ქელეხში

gverdi

გამოქვეყნდა “პრაიმტაიმში” 2012 წლის 29 ოქტომბერს.

რეზო შატაკიშვილი

ახალი ხელისუფლება აცხადებს, რომ მის წინამორბედს არაერთი დანაშაული, შეცდომა აქვს დაშვებული. შეცდომების არსებობის ფაქტს არც წინა ხელისუფლება უარყოფს.

ახალი ხელისუფლება  იმასაც აცხადებს, რომ ეს შეცდომები უნდა გამოსწორდეს. სამართლიანობა უნდა აღდგეს. შექმნილი რეალობა უმწვავესი გამოწვევის წინაშე აყენებს კულტურის ახალ მინისტრს გურამ ოდიშარიას. მეტიც, მას ტესტის გავლა მოუწევს – ყველაზე თვალნათლივ ეს მისი გადაწყვეტილებიდან გამოჩნდება  – თუ რას მოიმოქმედებს მოზარდმაყურებელთა თეატრთან დაკავშირებით, აღადგენს თუ არა სამართლიანობას, კანონიერებას თეატრში, სადაც აგერ უკვე ხუთი წელიწადია სრული განუკითხაობა სუფევს. „მოზარდის“ (როგორც ამ თეატრს დღემდე უწოდებენ. ოფიციალურად მას  ნოდარ დუმბაძის სახელობის ცენტრალური საბავშვო თეატრი ჰქვია) საკითხი აქტუალურია არა მხოლოდ დაშვებული აურაცხელი უკანონობის გამო, აქტუალურია იმიტომ, რომ საქმე ეხებათ ბავშვებს – ადამიანი ბავშვობიდან უნდა მიეჩვიოს თეატრში სიარულს, გაუჩნდეს ეს მოთხოვნილება. საბავშვო თეატრი კი აგერ უკვე ხუთი წელიწადია ჩვენს თვალწინ ნადგურდება, და წამით არ ვუფიქრდებით რა ელის საერთოდ თეატრს, სადაც ხვალ უთეატროდ გაზრდილი ბავშვები მოვლენ, ან დღევანდელი „მოზადის“ სპექტაკლებზე აღზრდილები – ეს თეატრი, სახელდახელო, ყოველგვარ მხატვრულ ღირსებას მოკლებული სპექტაკლებით, გეგმაზომიერად აძულებს ბავშვებს თეატრს.

ამ თეატრს პრობლემები აქვს სამართლებრივი თვალსაზრისითაც და შემოქმედებითადაც. ეს პრობლემები მაშინ დაიწყო, როცა თეატრში მიხეილ ანთაძე მივიდა მმართველად – 2007 წლიდან. იმ დღიდან მოყოლებული ეს თეატრი გამბულ სკანდალებშია. თეატრალურ სამყაროში სკანდალი არავის უკვირს, მაგრამ ამ თეატრმა მოხსნა ყოველგვარი რეკორდი. და ეს ფაქტი ცნობილი იყო მთელი თეატრალური სამყაროსთვის, მთელი იმჟამინდელი ხელისუფლებისთვის… მიხეილ ანთაძემ მისვლისთანავე გაანთავისუფლა რეჟისორები, რომლებმაც სასამართლოს მიმართეს და მოიგეს კიდეც პროცესი (მაგრამ დღემდე არ შესრულებულა ეს გადაწყვეტილება… ამაზე ქვემოთ), თეატრიდან ბოლოს გაშვებული ათეულობით მსახიობი დღესაც უჩივის მას სასამართლოში, მანამდე თეატრიდან გაუშვა 15 მსახიობი, მაშინდელ სამხატვრო ხელმძღვანელთან, გიგა ლორთქიფანიძესთან შეუთანხმებლად, რის შემდეგაც გიგა ლორთქიფანიძემ დატოვა კიდეც პოსტი…

ის რაც დღეს „მოზარდში“ ხდება, შედეგია იმ უხეირო, ყოვლადმანკიერი მოდელისა, რომელიც ბოლოს, 2006 წლიდან დაკანონდა სახელმწიფო თეატრებში: კულტურის სამინისტრო ნიშნავს თეატრების მმართველს. სამხატვრო ხელმძღვანელის ყოლა „ფაკულტატურია“ – უნდათ დანიშნავენ, უნდათ არ დანიშნავენ. რაც შეეხება მთავარ რეჟისორს, ის მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჰყავდეს თეატრს, როცა არც სამხატვრო ხელმძღვანელი არაა რეჟისორი და არც მმართველი.

ერთი შეხედვით, შეიძლება ვიფიქროთ, რომ თეატრებს დირექტორები ადრეც ჰყავდა და ახალი და სკანდალური არც არაფერი მომხდარა. სწორედაც რომ მოხდა! აბსურდი სახელიდან დაიწყო – „მმართველი“. „რეჟისორი“ ფრანგული სიტყვაა და ნიშნავს სწორედ მმართველს… სრულიად გაუგებარი ხდება რეჟისორის ფუნქცია თეატრში. დღეს, მოქმედი კანონმდებლობით, თეატრში საერთოდ სავალდებულოც აღარაა, რეჟისორების შტატში აყვანა –  უნდათ აიყვანენ, უნდათ არ აიყვანენ და ცალკეულ სპექტაკლების დასადგმელად მიწვევაზე  „ჩამოკიდებენ“ მის ბედს. რეჟისორები თუ ადრე „ჩადგმით“ იყვნენ თეატრში, ახლა ხაშლამასავით „ჩამოტარებით“ არიან – მე თუ მკითხავთ, ქართული თეატრის ქელეხში! თეატრის მთავარ რეჟისორს ნიშნავს მმართველი, სამხატვრო ხელმძღვანელთან შეთანხმებით. თავად, მმართველს და სამხატვრო ხელმძღვანელს, ორივეს თანამდებობაზე ნიშნავს კულტურის სამინისტრო. სწორედ აქ მარხია ძაღლის თავი. თეატრის დირექტორს, ამ კანონამდეც სამინისტრო ნიშნავდა, მაგრამ სამხატვრო ხელმძღვანელის წარდგინებით და მასთან შეთანხმებით. ახლა რა ხდება?

ვარიანტი პირველი: თეატრს მხოლოდ მმართველი ჰყავს და მთელი ძალაუფლება მის ხელშია აკუმულირებული. თეატრს რეალურად პატარა დიქტატორი ჰყავს. არადა, თეატრი პატარა სახელმწიფოა და როგორც სახელმწიფოში, აქაც აუცილებელია ძალაუფლების გადანაწილება. დგამენ რასაც უნდა, ფულს ხარჯავენ რაშიც უნდა…

ვარიანტი მეორე:  თეატრს ჰყავს მმართველიც და სამხატვრო ხელმძღვანელიც. ერთმანეთს დაპირისპირებული ორი ფიგურა, ორივე ძალაუფლებას თავისკენ ექაჩება. არის ურთიერთბრალდებების კორიანტელი, ყველაფრის ერთმანეთზე გადაბრალება და რეალურად პასუხს არავინ აგებს…

ვარიანტი მესამე: მმართველი და სამხატვრო ხელმძღვანელი შეხმატკბილებულები მუშაობენ, მაგრამ ეს „შეხმატკბილებაც“ მანკიერებას აჩენს – შეთანხდებიან და როცა ვინმე რაიმეზე პასუხს სთხოვს, მხრებს იჩეჩავენ და თითს ერთმანეთისკენ იშვერენ. სამხატვრო ხელმძღვანელი მმართველთან გაგზავნის, მმართველი სამხატვრო ხელმძღვენელთან. მიდი და უარე მათ დუეტს გარს – როგორც აბდუშაჰილმა შუამთის მონასტერს.

სამივე ვარიანტი უვარგისია თეატრისთვის. როცა თეატრის დირექტორი სამხატვრო ხელმძღვანელთან შეთანხმებით ინიშნებოდა, ის იღებდა კიდეც პასუხისმგებლობას, მას ვერ გადააბრალებდა ვერაფერს, რადგან დირექტორის კანდიდატურა მისი შეთავაზებული იყო, დანიშვნა მასთან შეთანხმებული… სამხატვრო ხელმძღვანელი იღებდა სრულ პასუხისმგებლობას თეატრში მიმდინარე პროცესებზე. დირექტორი ანგარიშვალდებული იყო თეატრის წინაშეც, სახელმწიფოს წინაშეც და ყოველ ღონეს ახმარდნენ იმას, რომ რეჟისორებისთვის, მსახიობებისთვის  ყველა პირობა შეექმნათ წარმატებული სპექტაკლების დასადგმელად და არა, როგორც ახლაა… იმის საილუსტრაციოდ, თუ რამდენად იძლეოდა ამ კანონით გაუქმებული მოდელი წარმატების შანსს,  იმის გახსენებაც კმარა, რომ რუსთაველის თეატრმა თავისი დიდების ზენიტს მიაღწია მაშინ, როცა თეატრს ჰყავდა სამხატვრო ხელმძღვანელი, ან სარეჟისორო კოლეგია, ჰყავდა მთავარი რეჟისორი და ჰყავდა დირექტორები – დორიან კიტია, აკაკი ბაქრაძე.

თუ ახალ ხელისუფლებას უსამართლო და უვარგისი კანონების გასწორება სურს, ერთ-ერთი სწორედ ეს კანონია გასასწორებელი.

სწორედ, ეს იყო პირინციპულად მიუღებელი „მოზარდის“ მთავარი რეჟისორისთვის – ცნობილი საბავშვო რეჟისორისთვის, როდესაც მან მმართველის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში არ შეიტანა განაცხადი. იგივე მიზეზით, განაცხადი არ შეიტანა არც ნიკოლოზ ჯანდიერმა – „მოზარდის“ იმჟამინდელმა სამხატვრო ხელმძღვანელმა. ამ კონკურსში განაცხადი შეიტანა იმჟამინდელმა დირექტორმა ცისანა ჯანაშიამ. მაგრამ სამინისტრომ დანიშნა მიხეილ ანთაძე და დაიწყო ეს საბედისწერო ორომტრიალი.

მიხეილ ანთაძემ, დაინიშნა თუ არა მმართველად, გამოაცხადა  საქათმეში 2 მამალი ვერ იქნებაო და მთავარი რეჟისორი გია კიტია თეატრიდან გაუშვა. ცალკე, ბრძოლა გამოუცხადა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს – ნიკა ჯანდიერს, რადგან მისი ფუქნციების შეთავსება თავად სურდა – აქაოდა, ზოგ თეატრში მმართველი სამხატვრო თეატრის ფუნქციასაც ითავსებსო. ფაქტობრივად შეითავსა კიდეც, მიუხედავად იმისა, რომ კულტურის სამინისტრომ სამჯერ დანინიშნა ნიკა ჯანდიერი სამხატვრო ხელმძღვანელად. ბოლოს 2009 წლის 1 იანვრამდე იყო დანიშნული, მისი მოხსნის უფლება ანთაძეს არ ჰქონდა და ვერც ხსნიდა, მაგრამ რა გინდა? კაბინეტიც წაართვა, ტელეფონიც, ბიძინა ივანიშვილის დახმარებაც მოუხსნა და ხელფასიც. აფიშებსაც თვითონ ანთაძე აწერდა ხელს, არადა, იმ თეატრის აფიშებს, რომელსაც სამხატვრო ხელმძღვანელი ჰყავს, ხელს სწორედ სამხატვრო ხელმძღვანელი უნდა აწერდეს… არც სპექტაკლის ჩაბარებაზე ეძახდა ჯანდიერს ვინმე, არც თათბირებზე. ანთაძე დასის წევრებსაც მასთან შეუთანხმებლად ყრიდა სამსახურიდან და შემოქმედებით მხარესაც ერთპიროვნულად განაგებდა. არადა, ამ უხეირო კანონითაც კი, თეატრის შემოქმედებით საქმიანობას წარმართავს სწორედ სამხატვრო ხელმძღვანელი, ისაა პასუხისმგებელი შემოქმედებით პროცესზე, სწორედ სამხატვრო ხელმძღვანელი წარუდგენს მმართველს წინადადებებს დასის წევრთა მოწვევა-განთავისუფლებაზე, მათი ხელფასის ოდენობაზე. სამხატვრო ხელმძღვანელთან შეთანხმებით უნდა დადოს მმართველმა შრომითი ხელშეკრულებები დასის წევრებთან. თვითონ, ერთპიროვნულად მხოლოდ ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის მიღება-განთავისუფლება შეუძლია. მაგრამ რას აკეთებდა ანთაძე?

მის მიერ, ერთპიროვნულად, ჯანდიერთან შეუთანხმებლად შედგენილ საშტატო განრიგში, პირველი  მმართველი წერია, სამხატვრო ხელმძღვანელი სულ ბოლოს დამლაგებლების, „კაჩეგრების“ შემდეგ 228-ე ადგილზე. ის სკანდალური საშტატო განრიგი იმ მხრივაც საინტერესო იყო, რომ  ჩამოთვლილი იყო შტატები, რაოდენობა  და მითითებული არ იყო,  ვის რა ხელფასი ჰქონდა, მხოლოდ ჯამი ეწერა:  „სულ 18 504 ლარიო“. საქმე ისაა, რომ თეატრში ადრე 280 შტატი იყო და იმ 280 კაცზეც ზუსტად ეს თანხა იყო გამოყოფილი, ანთაძემ, მათი რიცხვი 228-ზე ჩამოიყვანა და სამსახურიდან გაშვებული იმ 52 საშტატო ერთეულის კუთვნილი ხელფასი დანარჩენებზე გადაანაწილა. როგორც ჩანს, სწორედ ეს არ სურდა გაშიფრულიყო კულტურის სამინისტროში, სადაც ეს განრიგი უნდა დამტკიცებულიყო. „როგორც ჩანს“ კი არა, ნამდვილად ასე ყოფილა, რადგან ხელფასებს ანთაძე პირადი შეხედულებისამებრ ანაწილებდა და ანაწილებს, პრინციპი გაუგებარია, არც კვალიფიკაციაა განმსაზღვრელი, არც სტაჟი, არც ის, ვინ როგორაა დაკავებული. როგორც უნდა, ისე ანაწილებსო – ამბობენ. „ხოშის“ მიხედვით. თეატრი თავის დუქანი ჰგონიაო.

ანთაძის ინიციატივით, თეატრს  შტატში ჰყავს 4 მედიატორი და ერთიც გენერალური მედიატორი. („მედიატორი“ – შუამავალი, მომრიგებელი – ამ სიტყვას სხვა განმარტება არ გააჩნია). სამედიატორო სასამართლო გაგვიგია, ისიც იცით, რომ მედიატორი მომრიგებელია, მაგრამ თეატრში ვის ვისთან არიგებენ? მოდით და თქვენ გაიგეთ, რას აკეთებს თეატრში მედიატორი…

„მიხეილ ანათაძემ ჩათვალა, რომ მას შენობა კერძო მფლობელობაში გადაეცა, თავისი დასით, ადმინისტრაციით, ტექნიკური პერსონალით, ან საბავშვო თეატრი იჯარით აიღო და მას ისე ექცევა, როგორც კერძო მესაკუთრე – რასაც უნდა იმას აკეთებს, თავისი ოჯახის წევრებით: მეუღლით, შვილებით, ნათესავ-მეგობრებით, მათთან დაახლოებული ადამიანებით. ამიტომაცაა, რომ ასე უხეშად იქცევა ახალგაზრდა ადმინისტრატორიც, მასაც ხომ მამამისის კერძო თეატრი ჰგონია ეს ჯერ კიდევ სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი ქართული თეატრი. განმკითხავი ხომ უნდა იყოს ვინმე“ – კითხულობდა საქვეყნოდ აღიარებული თეატრმცოდნე ნათელა არველაძე, ის ნათელა არველაძე, რომელსაც ანთაძემ კვალიფიკაცია დაუწუნა, ლიტერატურული ნაწილის გამგეობიდან მოხსნა და თეატრიდან გაუშვა. ანთაძემ  „პიარი“ დაუწუნა და სამსახურიდან „ესემესით“ გაუშვა თეონა ჯორბენაძე, რომელსაც ფართო საზოგადოება პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ ხელმძღვანელის ამპლუაში იცნობს. ანთაძემ თეატრიდან გაუშვა რეჟისორი გულსუნდა სიხარულიძე, ასევე ახალგაზრდა რეჟისორები, როგორც გია კიტიას მომხრეები. ამ ახალგაზრდა რეჟისორებს თეატრში რეჟისორის თანაშემწის თანამდებობები ეკავათ, თეატრისთვის საჭირო საქმიანობას ასრულებდნენ და თან სპექტაკლებს დგამდნენ. ანთაძემ ისინი გარეკა, 9 რეჟისორის შტატი დაუშვა და ახლები მოიყვანა. ზოგი პროფესიით არცაა რეჟისორი (მაგალითად, თამარ თუხარელი), და როგორც ნათელა არველაძე ამბობს, მას თავად ანთაძემ მიანიჭა რეჟისორის კვალიფიკაცია.

თეატრიდან გაშვებული ახალგაზრდა რეჟისორები კერკეტი კაკლები გამოდგნენ და ოთხმა – ლუკა წულაძემ, ლევან უმიკაშვილმა, ზაზა კიკნაველიძემ და გრიგოლ ჭანტურიძემ ანთაძეს სასამართლოში უჩივლეს, სამსახურში აღდგენა და გაცდენილი ხელფასის გადახდა მოითხოვეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2008 წლის 31 მარტს გადაწყვეტილება გამოიტანა და მათი სარჩელი დააკმაყოფილა. მმართველს დაავალა თეატრიდან გაშვებული რეჟისორების სამსახურში აღდგენა, მაგრამ რა გინდა? ისინი არც „მოზარდში“ დაუბრუნებია ვინმეს, არც „ბებერში“. იმასაც ამბობენ, რომ სწორედ ამ სასამართლოზე ამოტივტივდა გაყალბებული დოკუმენტი, რომელიც სასამართლომ საერთოდ არ სცნო დოკუმენტად… მიხეილ ანთაძემ სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეასრულა, სასამართლოს არ დაემორჩილა, მაგრამ რა გინდა, კი შერჩა ხახვივით…

2009 წლის დასაწყისში, კულტურის სამინისტრომ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელად გიგა ლორთქიფანიძე დანიშნა. იმ იმედით, რომ ბატონ გიგას ავტორიტეტს მაინც მოერიდებოდა ანთაძე. ნაწილობრივ გაამართლა კიდეც – ჯანდიერივით ვერ დაჯაბნა, მაგრამ ბოლოს მაინც მასთან შეუთანხმებლად გაყარა თეატრიდან 15 მსახიობი, პროტესტის ნიშნად გიგა ლორთქიფანიძემ დატოვა თეატრი.

ბოლოს ამ ზაფხულს გაყარა თეატრიდან 40 მსახიობი. მსახიობებმა სასამართლოს მიმართეს. ეს მოკლედ, მასშტაბურ გაშვებებზე, თორემ მსახიობების, თანამშრომლების გაშვებას ამ თეატრში ქრონიკული სახე ჰქონდა. ყველა ქართული თეატრიდან არ გაუყრიათ ერთად იმდენი მსახიობი, რამდენიც აქედან გაყარეს, არც ერთ თეატრში არ დაუტოვებიათ პერსონალი, დასი უხელფასოდ – აქ თვეობით ტოვებდნენ. მერე რა, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებისთვის უცხო იყო სეკვესტრი, „ნაციონალების“ ხელდასხმულ ანთაძეს ეს ხელს არ უშლიდა ეწარმოებინა სეკვესტრი, თვეობით უხელფასოდ დაეტოვებინა ხალხი…

ამ ხუთი წლის მანძილზე ლამის ყველა ქართულ თეატრში ერთად არ დადგმულა იმდენი სპექტაკლი, რამდენიც აქ დაიდგა. ხარისხზე უკაცრავად, აქ დამკვრელური ვახტაა მოდური!

კიდევ დახუჭავდი თვალს ამ უკანონობაზე, უსამართლობაზე, ამ თეატრში რომ შედევრები თუ არა, ნორმალური სპექტაკლები მაინც  იდგმებოდეს. სპექტაკლის შემხედვარეს ტირილი უნდა აგიტყდეს, თუ ან თეატრზე შეგტკივა გული, ან ბავშვებზე. რატომ უნდა უყურონ ამ რიგრიგობით უგერგილო ლაპარაკს სკოლებიდან აბონემენტებით წამოსხმულმა ბავშვებმა, იქნებ განმარტოს ვინმემ?

„პირველი, რამაც თავში გამიელვა, ის აზრი იყო, რომ ვესწრებოდი არა პროფესიული თეატრის, არამედ სცენის მოყვარულთა წარმოდგენებს. ასე წინათ, ბალღობაში ვთამაშობდით ხოლმე ეზოში, აგარაკზე, სოფლის ორღობეში“ –  ამას „მოზარდის“  სწორედ დღევანდელ სპექტაკლებზე წერს  ნათელა არველაძე.

ანთაძემ თეატრიდან მარტო რეჟისორები კი არა, გოჭებიც გაუშვა. დიახ, დიახ, „სამი გოჭის“ ნაცვლად აქ იდგმება „წითელქუდა და ერთი გოჭი“.

ორი გოჭი ანათაძემ შტატების შემცირებაში მოაყოლა, დიახ ანთაძემ, ამჯერად უკვე როგორც ინსცენირების ავტორმა.

„თანამედროვე თეატრი რეჟისორის თეატრია. რაც მიხეილ ანთაძეს თავისბურად ესმის – ის წერს პიესას, თავად არის ინსცენირების ავტორი, დგამს სპექტაკლს, თავად აფორმებს მუსიკალურად, თავად წერს სიმღერების ტექსტს, როგორც ჩანს, აღორძინების ეპოქის ტიტანური ნიჭისა და უნარის ჰუმანისტებს ბაძავს და მიაჩნია, რომ ყველაფერი ხელეწიფება, ყველაფერი შეუძლია… ყველაფერი შერჩება! ის რომ ასე ფიქრობს, მისი პრობლემაა, მაგრამ ასე რომ ხელმძღვანელობს თეატრს, ეს უკვე სხვა ინსტანციების პრობლემა უნდა გახდეს!“ –  წერდა ნათელა არველაძე.

სპექტაკლი რომ სპექტაკლად და თეატრი თეატრად ვარგოდეს, ამ უნივერსალიზმსაც აიტანდა კაცი,  მაგრამ… მოდი და მოიწონე, სპექტაკლი, როდესაც სცენაზე გამოდის სამი მსახიობი, რომელიც ბავშვებს უკითხავს „ლექციას“ თუ რა არის „თეატრი“, ბერძნულ თეატრში ქალების როლებს მამაკაცები თამაშობდნენო და გაითამაშებენ ბერძნული თეატრის პაროდიას, ვითომ ბერძნულ თეატრში „წითელქუდა“ იდგმება… რაც იქნება კი მიხვდებით… მერე ბალეტს წაუცეკვებენ, წაიოპერებენ, მერე სამი გოჭის გათამაშებასაც მოინდომებენ, და აქაოდა სულ სამნი ვართო, ერთი იქნება გოჭი, მეორე მგელი, რომელსაც გოჭი გააბრიყვებს და მგელი მგელობაზე აიღებს ხელს, წითელქუდას ბებიასთან წავალ ძაღლად ვიმუშავებო. გზადაგზა კი სლენგით და უკბილო ხუმრობით ცდილობს ბავშვების აყოლიებას.

„თერძს ახსენებენ, რომ არსებობს დიზაინერი ბერგერი (ამ დროს დარბაზი დუმს, პატარებმა არ იციან, ვინ არის ბერგერი). გოჭი სახლის მშენებლობას იწყებს და ნაღვლიანად ამბობს – ელიავაზე ჩავიარე, ძალიან გაძვირდა მასალაო (დარბაზი ამ დროსაც დუმს, არ იციან რას ნიშნავს ელიავაზე გავიარე!). შემდეგ გოჭი დააყოლებს: მაია რჩეულიშვილი ხო არა ვარო…“ (ნათელა არველაძე).

რა უბედურებაა? რა სკეჩობანაა, ან გოჭებს რას ერჩიან, ან ბავშვებს, ან მაია რჩეულიშვილს? ეს საბრალო, მარტოხელა გოჭი და ამ თეატრში შექმნილი სიტუაცია იმ კაცის ლექსს მახსენებს, ვის სახელსაც ეს თეატრი ატარებს: „პაწაწინა დინგებით გადათხარეს ეზო… არ გცხვენიათ გოჭებო ღორებივით იქცევით?“

ანთაძე რომ პოსტს ვერ შეინარჩუნებს, ფაქტია. მაგრამ ნიშნავს კი ეს სამართლიანობის აღდგენას? თუკი ამჯერად რომელიმე მეოცნებე „ანთაძეს“ ჩაბარდება ეს თეატრი? სხვა რომელიმე თეატრს რომ ეხებოდეს საქმე, და არა საბავშვო თეატრს, იქნებ სულაც არ ყოფილიყო პრინციპული – თანამდებობაზე დააბრუნდნენ თეატრიდან უსამართლოდ გაგდებულ რეჟისორს, თუ თეატრს სხვა კვალიფიციურ რეჟისორს ჩააბარებდნენ, მაგრამ ამ პრობლემის მთელი არსი ისაა, რომ დღევანდელ ქართულ თეატრს, თეატრიდან უსამართლოდ გაშვებული გია კიტიას გარდა, პრაქტიკულად არ ჰყავს საბავშვო რეჟისორი. მით უფრო ამ რანგის („გიტისის“ დამთავრების შემდეგ, გია კიტია მხოლოდ საბავშვო რეჟისურაში მოღვაწეობდა). ეს რომ ასეა, ამას ჯერ კიდევ წინა ხელისუფლებას უხსნიდა დღეს მოქმედი ყველა რეჟისორი ერთხმად; ითხოვდნენ კიტიას თეატრში დაბრუნებას.

თუმცა დაბრუნება უფრო ხალხური ნათქვამია. თეატრიდან უკანონოდ, უსამართლოდ გაშვებული გია კიტია და სხვა ახალგაზრდა რეჟისორები უნდა აღადგინონ თეატრში. უნდა აღსრულდეს სასამართლოს კანონიერი გადაწყვეტილება, რომელსაც დღემდე არ ასრულებს ანთაძე. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს კულტურის ახალი მინისტრი. რამდენად წარმატებით გაივლის ტესტს: დაუსვამს თუ არა წერტილს ამ ხუთწლიან განუკითხაობას და აღადგენს თუ არა სამართლიანობას.

იხილეთ სტატია “პრაიმტაიმის” ვებგვერდზე, გვ. 42–43

 

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 29 other followers