„ნუ გეშინიათ მეომრებო, თუ დავიღუპებით, იცოდეთ არასოდეს მოკვდებით. ჩვენ მუდამ ცოცხალები ვიქნებით“

გმირი სერგო მელია40477_121812251199713_1464468_n

რეზო შატაკიშვილი
ის ცხინვალში ხეთაგუროვიდან შევიდა, მიმდებარე სოფლების აღების შემდეგ.
ცხინვალის დამხობილ აბრასთან ჩამოჯდა თანამებრძოლებთან ერთად, სიგარეტის მოსაწევად.
გაგარასაც ასე ავიღებთ _ უთხრა თავის თანამებრძოლს.
სოხუმიც ასაღებია _ იყო პასუხი.
გაგრა რომ დაატოვებინეს, 14 წლის სერგუნა მელია იყო, მოსული, პუტკუნა, ფრიადოსანი ბიჭი, გარეთ თამაშს რომ წიგნების კითხვა ერჩია, საქართველოს ისტორიაზე რომ გიჟდებოდა მაშინაც და მერეც. წამოწოლილი კითხვის გამო რომ გულმკერდის დეფორმაცია მიიღო… მისი და და პატარა ძმა რომ გარეთ თამაშობდნენ, ის შინ იჯდა და დილით რომ ისტორიულ რომანს კითხულობდა, შუადღეს დეტექტივით ხალისობდა, საღამოს _ კიდე სხვა წიგნს კითხულობდა…
ბავშვობა სოფელ ახალაძეში გაატარა, ომის დაწყების პირველი დღიდან მტრის კონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოჩნდნენ. მამამ ზღვით სცადა ცოლ-შვილის გაყვანა, მაგრამ მოაბრუნეს და ალბათ ცოცხლები ვერც გადარჩებოდნენ, გაგრაში მცხოვრებ ბიძას რომ არ ემარჯვა _ ბიძამ გაგრაში აფხაზები დაიჭირა და საკუთარ ძმიშვილებში და რძალში გაცვალა. შემდეგ ძმაც გამოიხსნა, ამავე ხერხით.
იქ, ცხინვალის აბრასთან ჩამომჯდარს აუცილებლად გაახსენდებოდა, როგორც ჩაუწუილა გაცვლის დროს ტყვიამ 2 სანტიმეტრში, როცა თვალებახვეული მიწაზე იჯდა და სიმწრისგან ღიღინებდა… გაახსენდებოდა ის სიმწარეც და შემდეგ მთელი ცხოვრებაც დევნილობაში _ ჯერ აბაშაში, ბებია-ბაბუასთან, შემდეგ თბილისში…
გაახსენდებოდა და ალბათ გულს გაჰკრავდა კიდეც ფიქრი _ ამჯერად გადავრჩები?
მის ჯარისკაცებს ხომ დღესაც ახსოვთ მისი სიტყვები ბრძოლის წინ:
„ნუ გეშინიათ მეომრებო, თუ დავიღუპებით, იცოდეთ არასოდეს მოკვდებით. ჩვენ მუდამ ცოცხალები ვიქნებით“.
იარაღის დარიგებისას ხომ ეტყვის კიდეც თავის ბიჭებს _ დღეს ნახავთ ბიჭებო ლამაზ სიკვდილს ბრძოლის ველზე…
ლამაზ სიკვდილამდე გზაა. გულანთებული ბიჭის გზა, ჯანი მაინცმადამინც რომ არ ერჩოდა.
თვალცრემლიანი და _ ნანა მელია მიამბობს, სკოლა რომ დაამთავრა, კადეტთა კორპუსში უნდოდა ჩაბარება და მამამ არ გაუშვა, სერგო ნერვიულობდა, ცხოვრებას მინგრევო. „ასე სჯეროდა, ჯარში თუ შევიდოდა გაგრას დაიბრუნებდა…“. თავდაცვის აკადემიაში ჩააბარა. ისტორიაში ხუთი მიიღო, ქართულში – 4, მათემატიკაში _ 3 და ფიზკულტურაში _ 2… მაინც ჩარიცხეს, აღოჩნდა რომ აბითურიენტების 80 %-მა ფიზკულტურაში 2 მიიღო…
სერგო მელიას გული მიუწევდა ჯარისკენ და არა გაუვარჯიშებელი ტანი.
მაგრამ ყველა წინააღდეგობა გადალახა. ფიზიკურიც და მორალურიც.
„მამაჩემს ეუბნებოდა, ცხვარი გამზარდე და მგლების ხროვაში შემაგდეო… პირველ კურსზე რომ იყო, გამორბოდა, კარტში ფული წააგებინეს, არ იყო ძველი ბიჭი… ძლივს გავუშვით. ყველაფერს გაუძლო. კარანტინები ჰქონდათ, საშინელება იყო, მახსოვს ტკიპებიანი რომ მოდიოდა. თან საშინლად ალერგიული იყო, მაგრამ მაინც გაუძლო ყველაფერს. აკადემიის დამთავრების შემდეგ, სენაკში მსახურობდა 2 წელი, იქაც გაუსაძლისი პიურობები იყო, ხელფასი არც მიუციათ, საშინლად განიცდიდა, ბიჭები მშივრები არიან, ფეხსაცმელი არ აქვთ, ჩუსტებით როგორ ვარბენინო, რა ჯარი უნდა გამოვიდესო. რომ დაინახა რომ ტერიტორიების დაბრუნებაზე არავინ ფიქრობდა გული აიყარა, მოსკოვში ბიძაჩემთან წავიდა სამი წელი… ეს ხელისუფლება რომ მოვიდა და ჯარში სიტუაცია რომ შეიცვალა, ისევ დაბრუნდა და ჩადგა სამსახურში. ჯერ ფოთში, მსახურობდა, შემდეგ ბათუმში. შემდეგ მუხროვანში გადმოჰყვა მეგობარს. ბოლოს ვაზიანში მსახურობდა, მეოთხე ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონის მეორე მსუბუქი ქვეითი ასეულის მეთაურად“.
თავდაუზოგავმა ბრძოლამ საკუთარ ტანთან, შედეგი გამოიღო _ ფორმაში ჩადგა, ის კი არა, თურმე როცა ჯარისკაცებს სჯიდა ათ კილომეტრზე სირბილით, მათთან ერთად დარბოდა. დას ეტრაბახებოდა _ ლომებივით ბიჭები მყავსო.
ნანა მელია: „ასეული რაც ჩააბარეს, სალაპარაკოდაც ვეღარ ვნახულობდი. ვეუბნებოდი, ოფიცერი ხარ, ხომ შეგიძლია შენც მოხვიდე ოჯახში, როგორც სხვები დადიან-მეთქი. ბიჭებს რომ რამე დაემართოთ, ხომ მოსაკლავი მექნება თავი, მათ დედებს თვალებში როგორ შევხედოო. ნაწილიდან რომ გამოვიდოდა, სულ ტელეფონზე ეკიდა, აბა სად ხართ, რას აკეთებთ… მართლაც შვილებივით უვლიდა ბიჭებს. ნაწილიდან არ გამოდიოდა ფიზიკურად და რომ ვეუბნებოდი, ცოლი მოიყვანე მეთქი, მეუბნებოდა, მე სახლში არა ვარ და შენ მოგიყვანოო? თუ ნაწილში წავიყვანოო? ხუმრობდა…“.
გმირულად დაღუპვამდე 2 თვით ადრე _ 30 წელი შეუსრულდა. ცხოვრებაში პირველად გადაუხდია დაბადების დღე.
„ცხოვრებაში პირველად ჩააქრო სანთლები… არ ვიცი გული მიგრძნობდა რა იყო, არ ვიცი რისთვის ვამზადებდი ჩემს ძმას, რაღაც მიმინდა, მე ვუყიდე სანთლები, 30 წელი შეგისრულდა და სანთელბი უნდა ჩააქრო მეთქი. გაგიჟდა მეღადავებითო, ამხელა კაცს სანთლები რად მინდაო. ერთხელ ხომ უნდა ჩააქრო ბიჭო მეთქი… ჩააქრო სანთლები, არ ვიცი რა ჩაუთქვა, მაგრამ არ შეჩა ამ ქვეყანას…“
მისი სიცოცხლე მტერმა ჩააქრო ბომბებით _ ცხინვალთან, დუბოვაროშაში….
4 აგვისტოს ბაბუა გარდაეცვალა და სოფელში წაასვენა. 7 აგვისტოს დილით გამთენიისას დაურეკეს და გამოიძახეს. ჩამოვიდა თბილისში, ფორმა აიღო. ბიძაშვილს უკითხავს, რას იზამ, ჩამოხვალ, ბაბუაშენის გასვენებაში? პასპორტი მიუგდია _ თუ ცოცხალი ვიქენი ჩამოვალო…
წასულა. თავზარდაცემული დედის ზარებს არ პასუხობდა, არც დისას. შემდეგ თავად ურეკავდა. როცა სიჩუმის წამს დაიჭერდა გაგანია ბრძოლის დროს. რომ არ ენერვიულათ, ატყუებდა, ზარს მაქვს ჩაწეული და ახლა ვნახე დანარეკი და გირეკავთო. დედას 7-ში ღამით ეუბნებოდა, დამაძინე ახლა და შენც დაიძინე, გორში ვარ ნუ ნერვიულობთო. დას, 8-ში დილით _ ახლა გავიღვიძე, რა ხდება, რას ამბობენ ტელევიზორშიო და დაც იდგა და ბრძოლის ამბებს უყვებოდა ბრძოლის ველზე მყოფ, მთელი ღამე ბრძოლისგან დაღლილ ძმას… ამ დროს ძმას სამი სოფელის აღებაში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული, ცხინვალში იბრძოდა… უკანდახევისას მისი ასეული სხვა ასეულის მეთაურს _ ნატროშვილს ჩააბარეს, თავად შტაბს მიამაგრეს. ის და მისი მეგობარი მურად ტორჩინავა შტაბთან ერთად იბრძოდნენ. წინ მიდიოდნენ, მაგრამ მობრუნდნენ _ მტერმა ბენზინკალოკნას დაარტყა. იქ მელიას ასეულის ბიჭები აფეთქდნენ. ნატროშვილი ადგილზე ჩაიფერფლა. სერგო მელია ბიჭების ამოსაყვანად ჩავიდა. ამოიყვანა ერთი, მეორის ამოსაყვანად რომ ჩასულა, ჯავშანი გაუხდია, ვეღარ ვერევი, ერთი ამისიც, კაცი ვერ ამომყავსო… გაუხდია ჯავშანი, მოუკიდია მეორე დაჭრილიც და ამოუყვანია (ორივე დაჭრილი გადარჩა). მანქანაც მოიყვანეს მათ გადასაყვანად. სანამ დაჭრილებს მიხედავდნენ დაღლილი ბიჭები მიწაზე ჩამოსხდნენ _ სიგარეტის მოსაწევად. უკან მედდები ამაზადებდნენ დაჭრილებს გადასაყვანად.
სიგარეტს არ ჰქონდათ მოკიდებული რომ დაბომბვა დაიწყო _ ტანკებს დაარტყეს. „ტანკებს დაარტყეს“- არ ჰქონდათ ერთმანეთისთვის ბიჭებს ნათქვამი, რომ მათ უკან აფეთქდა ბომბი…
მურად ტორჩინავა 7 მეტრზე გაისროლა, ადგილზე რომ მივიდა, ნახა _ ზვიად მემარნიშვილს ჩაფხუტი გახეთქვოდა და ტვინი გადმოსდიოდა, მაგრამ გონს იყო (დღემდე ვერ მეტყველებს). სერგო მელიაც იქვე ეგდო _ მიწა ეყარა. გადაფერთხა მიწა. სისხლი ვერსად ნახა, მაგრამ თვალები ჰქონდა ოდნავ ღია და პირი. უგონოდ იყო. რაკიღა სისხლი ვერსად ნახა, ხელოვნური სუნთქვის ჩატარება სცადა, მაგრამ რეაქცია არ იყო…
ეს მოხდა დუბოვა როშაში… 8 აგვისტოს ნაშუადღევს.
მანქანა იმ დაჭრილებით დატვირთეს, რომელიც გონს იყვნენ და მანქანა წავიდა. სერგო დატოვეს. აზრზე რადგან არ იყო…
თვითონ ფეხში დაჭრილმა ტორჩინავამ ტყიდან ტრასამდე ატარა ძმაკაცი. ტრასაზე დაქოქილი სატვირთო მანქანა ნახეს, გადაწყვიტეს დანარჩენი დაჭრილები და გარდაცვლილები იმ მანქანით გამოეყვანათ. სერგო მელია აიყვანაეს მანქანაზე და… მანქანა ჩაქრა. ნამსხვრევი მოხვედრია და მწყობრიდან გამოსულა. ვეღარ დაქოქეს.
„მარტო ჩემი ძმა დარჩა მანქანაზე დაწვენილი. სხვები აღარ დაუწვენიათ. მერე უკანაც დაუხევიათ და ის მანქანა იქ დატოვეს…“.
ოჯახმა სერგოს ძებნა დაიწყო და „ენეტვეს“ კადრებში ამოიცნო…
ფიფილოვი 8-შივე იყო შესული ცხინვალში, გადაიღო კიდეც ის სატვირთო მანქანა, სადაც სერგო მელია ესვენა, გამოაცხადა კიდეც, „აი, დაღუპული ქართველი ოფიცერი, რომლის გაყვანა ვერ შესძლეს და დატოვესო…“.
ნანა მელია: „შემდეგ ფიფილოვსაც ვესაუბრეთ, გვითხრა, „ფეესბეს“ ვყავდი შეყვანილი და მქანანაზე ასვლის საშუალება არ მომცეს, ამიტომ ზუსტად არ ვიცი, მკვდარი იყო თუ ცოცხალიო. მაგრამ ერთს გეტყვით, ის კაცი იქ არ დაუტოვებიათო. იმედი გაგვიჩნდა, ვიფიქრეთ, იქნებ ცოცხალია, იქნებ ტყვედაა, იქნებ ფეესბემ აიყვანა… მაგრამ 29 დეკემბერს მოვიდა დეენემის პასუხი, რომ ჩემი ძმა განისვენებს მუხათგვერდის სასაფლაოზე. იმ 43 კაცში იყო, რომელიც 26 აგვისტოს გადმოასვენეს…
როგორ შემდეგ გაირკვა, ის მანქანა იმავე ღამეს გამოიყვანეს, იმ ადგილიდან 200-300 მეტრში ჩამოაგდეს, არ ვიცი იქამდე მანქანით გადაიყვანეს და მერე ჩამოაგდეს თუ ისე ათრიეს… ცხედარი რომ გავხსენით, მავთული ჰქონდა ხელზე მობმული…
ჩემი ძმა დაპლა და ორჯერ დაწვეს… პირველად ხეები დააყარეს, და წაუკიდეს, კადრშიც ჩანს, მეორედ ბენზინი დაასხეს და დაწვეს… მერე აღმოჩნდა მუხათგვერდის სასაფლაოზე, კბილებით ვიცანი… ისეთი გახრწნილი იყო ცხედარი, რაღას დაადგენდნ, რით მოკვდა… ზუსტად არავინ არაფერი იცის. სისხლი არ იყოო, მერე თქვეს, იღლიის ქვეშ იყოო. შეიძლება წნევისგან ისედაც მომკვდარიყო…»
ის დაეცა ბრძოლის ველზე. დაეცა გმირულად და ეს დაეცემა არ იყო შემთხვევითი, მან იცოდა სად მიდიოდა… თანამებრძოლები იხსენებენ რომ მუდამ წინ იწვდა, რომ რამდენჯერმე ძლივს მოატრიალეს… გრძნობდა სიკვდილის მოახლოვებას, ალბათ იმასაც რომ აუხდენელი რჩებოდა ნატვრა _ გაგრის აღება…

დაიბეჭდა „პრაიმ თაიმში“, შესულია „პრაიმ თაიმის“ გამოცემულ წიგნში „გმირი“

ცრუღმერთ ვასაძის კრუსუნი და ბიძინა – რომაული ტოგის შრიალით

ვასაძე

რაინდმა ვასაძემ ერთობ არარაინდულად, მე ვიტყოდი ვირულადაც კი, მოსთხოვა ბიძინა ივანიშვილს მედიის გაკონტროლება.

უკუეთუ ვითარმედ იგი ბოდავს, სასწრაფოდ უნდა შეიქმნას მკაცრი რეგულირების მექანიზმები, რომლითაც მედიასაშუალებები და კონკრეტული ჟურნალისტები ცილისწამებისთვის და შეურაცხყოფისთვის უმკაცრესად დაისჯებიან.

თუ მას ვერწმუნებით, „ვერანაირ ეკონომიკას და სტაბილურობას, ასეთი ფარღალალო, უპატრონო მედიაპოლიტიკის პირობებში ვერ შექმნით. აქედან წამოგითაქებენ და ლამის გადმოგიყირავებენ სახელმწიფოს ერთი ჩვეულებრივი მედია პროვოკაციის მეშვეობით და გაზარალებენ კიდევ სამ მილიარდს“. ამბობს ვასაძე და პირდაპირ ცენზურის შექმნას ითხოვს, რომელსაც „მედიარეგულატორად“ იხსენიებს და ამბობს, რონ ეს მედირეგულატორი უნდა დაკომპლექტდეს პრინციპული, ეროვნული, უმწიკლო ხალხით, რომელიც ქრთამს არ აიღებს და გააკონტროლებს ქართული ტელესივრცის მუშაობას.

თან იქვე ბიძინას ამშვიდებს – „ბევრი არ დაჭირდება ამ ლაჩარი ხალხის პირობაზე – ერთს, ორს, სამს, ლიცენზიას ჩამოართმევ, ჯარიმას მიარჭობ, თუ საჭიროა ციხეში ჩასვამ და თქვენით ნახავთ, როგორ დალაგდება ეს ქვეყანა. გამოიბერტყეთ ყურები, გამოიფშვნიტეთ თვალები და გააკონტროლეთ უმკაცრესი სახით მედია, რომელიც დასახლებულია უსინდისო და უკუღმართი ადამიანებით. სხვანაირად ამ ქვეყანას არაფერი არ ეშველება“.

ახლა რა გამოდის? ვასაძე, რომელსაც ასობით ათასი ლარით სწორედ ივანიშვილს მთავრობა აფინანსებს ჩვენი გადახდილი გადასახადებიდან, ახლა  ჩვენ გაკონტროლებას და ციხეებში ამოლპობას სთხოვს.

ანუ, ივანიშვილი პოლიტიკური ლიდერების დაჭერას კი არ უნდა დასჯერდეს, უნდა დავიდეს ცალ-ცალკე ყველა იმ ადამიანის დონეზე, ვინც გაბედავს და კოლექტიური ვასაძისთვის და ინდივიდუალური ივანიშვილისთვის არასასურველს რასმეს იტყვის.

ახლა, ტექნიკურად როგორ წარმოგიდგენიათ, ბიძინა აფინანსებს და ეს მუსიკას უკვეთავს? გჯერათ რომ ბიძინა იხდის, ეს მუსიკას უკვეთავს და ისევ ბიძინა ცეკვავს და ცმუკავს მაგის დაკრულზე?

ცხადია არა. ბიძინა იხდის და ბიძინა უკვეთავს და სწორედ ეს ცეკვავს და ახმოვანებს იმას, რაც გულით სწადია ჭორვილელ დენდს, რომელიც ჭირვეულად და ჭირად ექცა ქართულ სინამდვილეს.

დიახ, ბატონებო, ვასაძე რაინდი კი არა, ივანიშვილის კარზე დაბმული ჟირინოვსკი პინგვინია და ახმოვანებს იმას, რაც გულით სწადია ბიძია ივანიშვილს.

თან დააკვირდით სურათს – დემოკრატ ბიძინას კი არ სურს მედიის კონტროლი, საზოგადოება აიძულებს მას და ისიც, ვითარცა რჩეული ხალხისა, იძულებულ არს ანგარიში გაუწიოს ხალხის მოთხოვნებს, გამოვიდეს რომაული ტოგის შრიალით და დაჰყვეს ხალხის ნებას, ან უფრო ააშრიალოს ტოგა და იუაროს… წარმოჩინდეს დემოკრატიის დედაბოძად.

რეალობა კი სრულიად სხვაა. ინტერნეტის ეპოქაში, როცა ყველას ჯიბეში სმარტფონი უდევს, აზრი ეკარგება ყოველგვარ ცენზურას და კონტროლს. ტელეარხებს ლიცენზიას ჩამოართმევ, მაგრამ ხალხს რას უზამ, რამდენს წაართმევ სმარტფონს? რას უზამ ამდენ ლაივს, ამდენ ვიდეო თუ ისე ბლოგს, ფეისბუკ-პოსტებს? ყველას ციხეში ჩაყრი და გამოკეტავ? კარგი, ვინც საქართველოშია იმას დაიჭერ, მაგრამ ვინც საზღვარგარეთ ცხოვრობ იმას რა ტარხუნას წააკვნიტავ?

ვასაძე ვერ ხვდება რომ არ გაუმართლა, იმ საუკუნეში დაიბადა, რომელიც მის შავბნელი აზრებისთვის ზედმაეტადაა გადანათებული.

 

რატომ დაიჭირა ოქრუაშვილი და რატომ არ დაიჭირა მელია ივანიშვილმა?

collage

ეს ორი დღეა, რაც ოქრუაშვილს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს, ვფიქრობ – რატომ დაიხია უკან ივანიშვილმა მელიას შემთხვევაში და არ დაიხია უკან ოქრუაშვილის შემთხვევაში? ან ცოტა სხვა გარნირით რომ ვთქვათ – რატომ დაინდო მელია (თუ ეს დანდობაა) და არ დაინდო ოქრუაშვილი?

მოკლედ, რატომ გამოკეტა მელია სახლში და ოქრუაშვილი ციხეში?

ჩემი აზრით, არაფერ შუაში არაა ივანიშვილის არც ნერვების ღალატი და არც ემოციების მიქცევა-მოქცევა. ივანიშვილი აბსოლუტურად ცივი გონებით ანეიტრალებს საფრთხეეებს. ასეა 2012 წლიდან – ანუ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან და დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოლიტიკური ველის შეუდარებელი გამნაღმველია. ყველა პერსონა, რომელსაც კი შეეძლო მისთვის ამა თუ იმ სახის პრობლემები შეექმნა, ეგრევე გაანეიტრალა. ზოგი დაიჭირა, ზოგი გააქცია, მეტ სადამსჯელო ღონისძიებებზდე საუბრისგან თავს შევიკავებ… უდანაშაულობის პრეზუმფციის და არა ივანიშვილის ხათრით….

დაიჭირა ბაჩო ახალაია, ვანო მერაბიშვილი, შემდეგ გიგი უგულავა. ვიღაც ტვინყოჩაღი გამოხტება და მეტყვის, რომ ეს საზოგადოებრივი დაკვეთა იყო იმ დროს და ბიძინამ კოჭი გაუგორა იმ განწყობებს. და რამდენი წელი გავიდა მათი დაჭერიდან? არისღა სადმე ის განწყობები? ახლა ვის უგორებს და უკოტრიალებს კოჭს თუ გოდორს ივანიშვილი? რატომ არ უშვებს ციხიდან ან მერაბიშვილს, ან ახალაიას?

რატომღაც სულ არ მეჩვენება, რომ ივანიშვილისთვის პანაცეა ყველას ციხეში გამოკეტვაა. პირიქით, პრაქტიკამ ცხადყო რომ მას სულაც არ სურს იგივე სააკაშვილი ქართულ ციხეში. პირიქით, მას ამის პანიკურადაც კი ეშინია. ივანიშვილის ამოცანა, ყველას ციხეში შეყრა კი არა, სწორედ საფრთხეების განეიტრალებაა.

სწორედ ამიტომ, მისთვის სრულიად კომფორტულია და საკმარისია სააკაშვილი არ ჩამოუშვას ქვეყანაში. ქვეყანაში ჩამოუსვლელად, ცხადია შეუძლებელია რევოლუციური ტალღის აგორება. იცის ეს ჭორვილელმა დენდმა და როგორღაც იტანს სააკაშვილის ონლაინ თუ ტელეშტურმებს სხვა ქვეყნებიდან.

მოკლედ, ივანიშვილისთვის მთავარია არ მიუშვას ხალხთან სააკაშვილი.

სწორედ, მსგავსი შემთხვევაა ნიკა მელიას შემთხვევაც. პრაქტიკამ ცხადყო ისიც, რომ თუ ვინმეს ხელეწიფება ქუჩაში მანევრირება, სწორედ მელიაა. სწორედ მას შეუძლია იკისროს ლიდერის ფუქცია საპრორესტო ტალღის დროს და ამიტომ გახდა საჭირო, სასწრაფოდ მისი განეიტრალება – ხალხისგან დისტანცირება. საამისოდ, თავიდან მართლაც რომ მისი დაჭერა გადაწყვიტეს, კარგად გახსოვთ, 93 დეპუტატს კანონზე, ნამუსზე, ყველაფერზე ხელი ააღებინეს და მხარი დააჭერინეს სამარცხვინო გადაწყვეტილებისთვის, რომელიც გზას უხსნიდა მელიას ციხეში გამომწყვდევას. მაგრამ… შემდე განვითარებულმა მოვლენებმა, საერთაშორისო თუ აქაური საზოგადოების მძაფრმა რეაქციამ, მისი დაჭერა გაადააფიქრებინა და დასჯერდნენ შეზღუდვებს. კარგად გაიხსენეთ რა აეკრძალა მას – ხალხთან გასვლა მოწოდებებით. მისთვის არავის აუკრზალავს არც ტელევიზიით მიმართვა, არც ფეისბუკით… მას ხალხთან უშუალო კონტაქტი აუკრძალეს!  მომდევნო ინსტანციამ კი ამ ყველაფრის უზრუნველსაყოფად, მას სამაჯური დაადო და შინ გამოკეტა!

ივანიშვილმა, მელია ისევე ჩახსნა ხალხისგან, როგორც სააკაშვილი. სწორედ ივანიშვილმა გადასარევად იცის, რომ ფეისბუკით და ტელევიზიით, ვერც მიშამ დატოვა უსკამოდ და მელიაც დიდს ვერაფერს დააკლებს.

აბა, რატომ დაიჭირა ოქრუაშვილი?

ოქრუაშვილი მას სხვა ტიპის საფრთხეს უქმნიდა. მელიასგან განსხავევებით, ოქრუაშვილს შეუძლია გაიხსენოს ზოგი პიკანტური რამ უახლესი წარსულიდან და დაიწყო კიდეც გახსენება… გარდა ამისა, მას ხელთ აქვს დოკუმენტი, რომელიც მას, ივანიშვილს (და არა ხალვაშს) ხელიდან წაგლეჯს ძლივს დათრეულ „რუსთავი2“-ს. ამიტომ მისთვის სასწრაფოდ უნდა გადაეკეტა გზა როგორც ტელეეკრანებისკენ, ისე სასამართლოსკენ. სწორედ ამიტომ არ იყო საკმარისი მისთვის მელიას მსგავსად სამაჯურის დადება. ოქრუაშვილისთვის რომ სამაჯური დაედოთ და სახლში გამოეკეტათ, რა ის ვერ შეძლებდა რაღაცეების გახსენებას გინდ ტელევიზიის, გინდ სოცმედიის მეშვეობით?

საგულისხმო დეტალი: კარგად გაიხსენეთ, რა დროს დახურეს ცამოწმენდილზე ოქრუაშვილის პროცესი? სწორედ მაშინ, როცა ის სიტყვით უნდა გამოსულიყო…. რჩება შთაბეჭდილება რომ ოქრუაშვილს ჯერაც არ უთქვამს მთავარი და სწორედ ის მთავარი უფრთხობს ძილს პინგვინძაღლს. სწორედ მაგის შეეშინდათ რომ მაშინ, სწორედ სასამართლოში არ ეთქვა ის მთავარი ოქრუაშვილს…

მოკლედ, ივანიშვილს რომ ოქრუაშვილის ქუჩაში გამოვარდნის შეშინებოდა, მასაც მელიასავით სამაჯურს დაადებდა და ამით მოაკვარახჭინებდა საქმეს, მაგრამ მის შემთხვევაში საფრთხე სხვაა. კარგად გაიხსენეთ, ოქრუაშვილმა სააკაშვილის ხელისუფლებასაც სწორედ ტელეთერიდან შეუქმნა საფრთხე და არა ქუჩიდან.

მოკლედ, ვინც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ქუჩაში, მას ქუჩას, ხალხს აშორებს, ვინც ტელეეკრანიდან – მას ტელეეკრანს აშორებს. მთელ ტელემედიას რომ აკონტროლებდეს, ოქრუაშვილს უბრალოდ ტელე-პროდიუსერების მეშვეობით გაანეიტრალებდა, მაგრამ ჯერ ვერც მედიას ვერ აკონტროლებს ასე და რომც აკონტროლებდეს, ინტერნეტის ეპოქაში, დიდად მაგასაც არა აქვს აზრი.

მოკლედ, მელიას შემთხვევაში ამოცანა იყო ხალხისგან, საპროტესტო ტალღისგან ჩამოშორება. ოქრუაშვილის შემთხვევაში – ტელეეკრანებიდან და იმ საქმიდან დისტანცირება, რომელიც „რუსტავი2“-ს ეხება, ანუ იმას რომ დოკუმენტზე ხალვაშის ხელმოწერა ნამდვილია და „რუსთავი2“ სწორედ მისი, ირაკლი ოქრუაშვილისაა და არა ხალვაშის ან ლავაშის.

 

ეკატერინე გაბაშვილი – მოძრავი სკოლა

 „ქალებში მწერლის სახელი პირველად თქვენ გეკუთვნით“

gabashvili ekaterine.+

(დაიბეჭდა გაზეთ „ქართულ უნივერსიტეტში“, 2009 წელს, 5-11 მარტის ნომერში).

რეზო შატაკიშვილი

 „თქვენ ნუ დაივიწყებთ რომ ქალებში მწერლის სახელი პირველად თქვენ გეკუთვნით და რაც უნდა მოხდეს, კალამი ხელიდან არ დასტოვოთ“ –  ამგვარად ამხნევებდა პეტრე უმიკაშვილი ეკატერინე გაბაშვილს, ეს ტიტული კი  „პირველი მწერალი ქალისა“ დღემდე არ დაუკარგავს ეკატერინე გაბაშვილს…

იაკობ გოგებაშვილის განსაკუთრებით მოსწონდა მისი მოთხრობების „მსუბუქი კილო, ცოცხალი მიმდინარეობა აზრებისა და მშვენიერი ქართული ენა“.

პირველი დიდი ნაწარმოები „რომანი დიდხევაში“ 1881 წელს გამოაქვეყნა „ივერიაში“ და ილია ჭავჭავაძის ქებაც დაიმსახურა. რაც მისთვის მძლავრ სტიმულად იქცა და მართლაც კალამი ხელიდან აღარც გაუგდია ილიას თანამებრძოლსა და მისი რეალისტური სტილის წარმომადგენელს. არ დარჩენილა არც ერთი ქართული ჟურნალი და გაზეთი, სადაც მისი მოთხრობები არ დაბეჭდილიყოს.

ფასდაუდებელი ამაგი დასდო ქართული საბავშვო ლიტერატურის და საერთოდ ქართული ლიტერატურის განვითარებას, დღეს უკვე წარმოუდგენელიცაა დაიჯერო იმ ადამიანის ქართველობა ვისაც მისი „მაგდანას ლურჯა“, „ღვინია გადაიჩეხა“ თუ „თინას ლეკური“ არ წაუკითხავს.

 ***

ეკატერინე გაბაშვილი დაიბადა გორში 1851 წლის 16 ივნისს. მამას – რევაზ თარხნიშვილს (თარხან-მოურავს) თბილისის პირველი გიმნაზია ჰქონდა დამთავრებული, მეტად განათლებული კაცი იყო, კარგად იცნობდა იურისპრუდენციას და ჯერ სასამართლო მდივნის მოვალობას ასრულებდა, შემდეგ ვექილისას. ეკატერინეს დედა – სოფიო ვახტანგ ბაგრატიონ-დავითაშვილის ასული იყო – მეტად გულკეთილი, მხნე, სერიოზული შინაური განათლების პატრონი.

ეკატერინე გაბაშვილის თქმით დედამისი იყო „გასაკვირველი მოჯირითე და შეუდარებელი მსროლელი; პაპაჩემი ვახტანგი, რომელსაც ვაჟიშვილი არ ჰყავდა, თავის პირმშო ქალიშვილს ვაჟურ სიმხნევეს ასწავლიდა მემკვიდრეობის დასაცავად. მემკვიდრეობა, რომელიც დედაჩემზე გადმოვიდა, არ იყო ძლიერ დიდი, მაგრამ საკმაოდ კარგი მამული იყო ზემო ქართლში, სურამის რაიონში, სადაც ზაფხულობით ვცხოვრობდით და სადაც გავიცანი და შევისწავლე სოფლის ცხოვრება, გლეხთა ავი და კარგი და რომელთა შესწავლა და დაკვირვება შემდგომ მასალად გამომადგა.“

პატარა კატოს ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელდება, შემოდგომის ერთ შავბნელ დღეს 5 წლის კატოს და მის პატარა ძმას წივილ-კივილი გააღვიძებთ – დედა აღარ ჰყავთ… რევაზ თარხნიშვილმა ობლების აღზრდა ანჩხლ სიდედრს – ბარბარეს მიანდო, რომელმაც ობლები გორში გადაიყვანა საცხოვრებლად.

კატო 7 წლის იყო ბებიამ გორში სასწავლად რომ მიაბარა ფალავანდიშვილის ქალს, რომლისგანაც  ბევრი არაფერი უსწავლია პატარა კატოს. მამამ თბილისში წამოიყვანა. ჯერ გერმანული სკოლა. შემდეგ ამბარდანოვების პასიონი. არც ამ სასწავლებლებს მიუცია რამე კატოსთვის. ამ უნაყოფო ხუთმა წელმა თავი მაშინ იჩინა როცა 12 წლის კატომ საქალებო ინსტიტუტში შესვლა მოიწადინა და გამოცდებზე დაიწუნეს, სუსტი მომზადების გამო, განსაკუთრებით რუსულ ენაში. მამამ პატარა კატო ისევ გორში წაიყვანა და ქუცნა ამირეჯიბის მეუღლეს მიაბარა, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ეკატერინეს პიროვნულად ჩამოყალიბებაში, მაგრამ პატარა კატოს ცოდნის წყურვილი არ ასვენებდა და არც მამას ასვენებდა – ისეთ გულისმომკვლელ წერილებს სწერდა რომ რევაზ თარხნიშვილმა კატო მალევე დააბრუნა თბილისში და გოლოვინის პროსპექტზე, მადამ ფავრის პანსიონში მიაბარა, სადაც თვით მადამ ფავრი ფრანგულ ენას, მანერებს და ესთეტიკას ასწავლიდა. იმხანად პოლონეთის აჯანყება ახალი დასრულებული იყო, თბილისში ბევრი იმიგრანტი იმყოფებოდა, რომელთა შორის მადამ ფავრიმ საუკეთესო პროფესორები შეარჩია და პანსიონში მიიწვია პედაგოგებად. პანსიონში ქართულ ენასაც დიდი ყურადღება ექცეოდა, გამოცდებზე თვით იაკობ გოგებაშვილსაც იწვევდნენ. გამოცდაზე მისული იაკობ გოგებაშვილი იმდენად აღატცებულა ეკატერინეს ცოდნითა და მომზადებით, რომ მისთვის თავის „პირველი ანბანი“ უჩუქებია გულთბილი წარწერით, როემლსაც მთელი ცხოვრება ინახავდა ეკატერინე გაბაშვილი.

პანიონის დამთავრების შემდეგ ეკატერინეს სწავლის გარძელება და უმაღლესი სამედიცინო განთლების მიღება სურდა, მაგრამ სურვილი სურვილად დარჩა…

17 წლის ეკატერინე გორში ბრუნდება და აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას იწყებს.

„კატო ბუნებით პედაგოგი იყო და კიდევაც იმით აიხსნებდა რომ იგი ყველგან სადაც კი მოხვდებოდა  – სკოლაში, ოჯახში, ქუჩაში, თუ სოფლად – აგროვებდა წერა-კითხვის უცოდინართა და ახალგაზრდული გატაცებით ყველას წერა კითხვას ასწავლიდა, კატო მართლა რომ მოძრავი სკოლა იყო და მისი დახმარებით მრავალ ქართველს აუხელია თვალი“ – წერდა ეკატერინე გაბაშვილის თანამედროვე ალექსანდრე მიქაბარიძე.

ეკატერინე მოწაფეების სათაყვანო პედაგოგია, მაგრამ წარმოიდგინეთ სწავლას მოწყურებული ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა ქალაქში, სადაც ვერც ქართულ წიგნს იპოვი, ვერც ჟურნალს, არც ბიბლიოთეკაა და შინაური ბიბლიოთეკაც ბიბიისეული სახერებითა და რამოდენიმე დაფლეთილი წიგნით ამოიწურება. ეკატერინე შემოქმედებითი გზის გამონახვას ცდილობს. ჯერ ლექსების დაწერა სცადა, მაგრამ უშედეგოდ. მერე ცდილობს დაწეროს რაიმე გლეხთა ცხოვერებიდან – მათ ცხოვრებას იცნობს, მაგრამ წერა არ ეხერხება, კალამი არ ემორჩილებნა ჯერ. „აზრები ბევრი მაქვს, მაგრამ გამოხატვა და ბევრჯერ დაწყობაც კი ვერ მომიხერხებია“ – ვკითხულობთ მის წერილში.

1871 წელს რევაზ თარხნიშვილი მიქაძის ქალზე ქორწინდება და საცხოვრებლად თბილისში გადმოდის, ეკატერინეც უკვე უფრო ხშირაადაა თბილისში, სადაც ის დაუახლოვდა ილია ჭავჭავაძეს, აკაკი წერეთელს, ვაჟა ფშაველას, ივანე მაჩაბელს. თუმცა, თბილისში მისი პირველი ნაცნობი პეტრე უმიკაშვილი იყო, სწორედ მისი მეოხებით დაესწრო ეკატერინე გიორგი წერეთლის ბინაზე გამართულ ლიტერატურულ შეკრებას სადაც ილია ჭავჭავაძემ „კაცია ადამიანი“ წაიკითხა. ამ შეხვედრაზე გაიცნო ილია ჭავჭავაძე და ასევე მომავალი მეუღლე – ხალხოსნური იდეებით გატაცებული ალექსანდრე გაბაშვილი. საქმიანმა ყმაწვილმა იოლად მოხიბლა ეკატერინე – საქმიანი მიმოწერას მალე სატრფიალო ჩაენაცვლა და იქორწინეს. დასახლდნენ თბილისში, მაგრამ იმ იდეებს და მისწრაფებებს, რასაც გათხოვებამდე შეტრფოდა, ცივი წყალი გადაესხა: „დღიდან გათხოვებისა დაიმარხა მთელი ჩემი ოცნებანი, კეთიშლობილური ზრახვანი. ოცი წლის განმავლობაში გამუდმებულმა მშობიარობამ, მათმა აღზრდამ, ნამეტნავად სიკვდილმა, ერთობ გამანადგურა“ – ჩიოდა მწერალი.

ეკატერინეს ჰყავდა 11 შვილი – 7 ვაჟი და 4 ქალი… იოლი არ იყო ერთად ოჯახის მოვლა-აპტრონობა და საზოგადოებრივი მოღვაწეობა, მით უფრო მაშინ, როცა ქმრის ოჯახი ალმაცერად უყურებდა მის საზოგადოებრივ მოღვაწეობას და სამარცხვინოდ მიაჩნდათ ქალის მწერლობაც. მიუხეადავად ამისა, ეკატერინე გაბაშვილს უარი არ უთქვამს საზოგადოებრივ მოღვაწეობაზე და არც ერთ კრებას არ გამოკლებია, სადაც კი ერისთვის საჭირბოროტო საკითხი იხილებოდა.

ეკატერინე გაბაშვილი აქტიურად ჩაება 1872 წელს ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლის ინიციატვით შემდგარ ქალთა წრის საქმიანობაში – თარგმნიდნენ და წიგნაკებად გამოსცემდნენ რუსი და ევროპელი მწერლების პოპულარულ თხზულებებს. ეკატერინე გაბაშვილი იმთავითვე იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობაში. ოლღა გურამიშვილთან ერთად ეკატერინე გაბაშვილმა რამდენჯერმე მოაწყო საქველმოქმედო ბაზრობა, რომელიც პირველ ხანებში დიდ შემოსავალს იძლეოდა.

ეკატერინე გაბაშვილმა უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული საყმაწვილო ლიტერატურის განვითარებაშიც, „ჯეჯილის“ დაარსებაშიც, თავადაც სურდა ილუსტრირებული საბავშვო ჟურნალ „ხომლის“ გამოცემა, მაგრამ მთავრობამ არ დართო ნება. ეკატერინე გაბაშვილს და საერთოდ ქართველ წარჩინებულ ქალბატონებს საბავშვო მწერლობის სიღარიბეც ადარდებდათ და ბიბილიოთეკა-სამკითხველოების არარსებობაც, ამიტომაც შინაური ბიბლიოთეკებიდან წიგნები შეაგროვეს და პირველი ბიბლიოთეკაც გახსნეს, რასაც მოჰყვა ბიბლიოთეკების გახსნა ვერაზე, კუკიასა და ავლაბარში. მაგრამ ამ კეთილ საქმეს ბოლო მალევე მოეღო, წერა-კითხვის საზოგადოებამ ვერ გადაიხადა ქირა იმ ბინისა, სადაც ეს ბიბლიოთეკა იყო მოსთავსებული და გაგულისებულმა სახლის პატრონმა ეს წვითა და დაგვით ნაგროვი წიგნები ქუჩაში გადმოყარა.

„წარმოიდგინეთ რა დამემართა როცა ჩვენი ვაი-ვაგლახით შეგროვილი წიგნები ქუჩაში ვნახე გამოყრილი, თვალთ დამიბნელდა, გული მომეკუმშა“ – წერს ეკატერინე გაბაშვილი.

ის არასოდეს უშინდებოდა თამამ ნაბიჯებს, 1879 წელს  წარმოდგენა გამართა ახალქალაში, ეს პირველი წარმოდგენა იყო მთელს მაზრაში და მთელი მაზრა დაიძრა. „მე გავმართე წარმოდგენა, ჩემი იყო პიესა და ვთამაშობდი მე“ – წერს ეკატერინე გაბაშვილი. მის ამ ნაბიჯს საშინელი რეაქცია მოჰყვა, იმ ხანებში სამარცხვინოდ ითვლობოდა ქალის სცენაზე გამოსვლა, მაგრამ ეკატერინე გაბაშვილი არც ლანძღვას შეუშინდა, არც დაცინვას, რამდენჯერმე გაიმეორა წარმოდგენა და წარმოდგენები ჩვეულებად აქცია მთელს მაზრაში, ისე რომ წარჩინებული ქალები არათუ აღარ თაკილობდნენ სცენაზე გამოსვლას, ერთმანეთს ეცილებდნენ კიდეც.

ეკატერინე გაბაშვილს თეატრი „ხალხის საუკეთესო გამოსაფხიზელებელ საშუალებად“ მიაჩნდა და ამისთვის არც ერთ ნაბიჯს არ ერიდებოდა – სცენაზე გამოვიდა სურამშიც, გორშიც და თბილისშიც.

საბჭოთა კრიტიკა მას ფემინისტობასაც უკიჟინებდა. ეკატერინე გაბაშვილს ეკუთვნოდა ქალთა კლუბის დაარსების იდეაც. 1905 წელს ისარგებლა შექმნილი მდგომარეობით და როგორც თავად იხსენებდა „მაშინ ჩვენ ქალებიც ავხმაურდით… პირველმა კრებამ,რომელიც ჩემს სახლში იყო დანიშნული იმდენი მსურველნი გამოიწვია რომ არამც თუ ჩემს სადგურში, მთელი ქუჩა სავსე იყო…“

ეკატერინე გაბაშვილს გულს უკალავდა ქალთა უუფლებო მდგომარეობა, ის რომ ქალი მოკლებული იყო განათლების მიღებას, ის რომ ღარიბ აზნაურიშვილებსაც კი შეეძლოთ ვაჟებისთვის განათლების მიცემა, მაშინ როცა ქალიშვილები რჩებოდნენ უნუგეშო სიბნელესა და უმეცრებაში. „რამდენჯერ ყოფილა ყოველი თქვენგანი, ბატონებო, მოწმე, როდესაც ძმა ბრუნდება შინ სწავლითა და მეცნიერებით აღჭურვილი და ბეჩავი და – კი მოწიწებით შეჰყურებს იმის სწავლით ძლევამოსილს და ბევრჯერ შურით მდუღარებასაც აბნევს. რათა? რისთვის? სად არის ჩვენი თავმოსაწონი „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია?“ ქალთა სწორუფლებიანობის მოწინააღდეგენი ყოველ ღონისძიებას ხმარობენ, რომ მოეწყვიტათ ქალი პოლიტიკური და საზოგადოებრივი საქმიანობისგან და ჩაეკეტათ ოჯახის კედლებში“… 

„სკოლით დავიწყე და ალბათ სკოლითვე დავამთავრებ“ – წერდა მწერალი და ასეც მოხდა. მისი და ოლღა გურამიშვილის დიდი ძალისხმევით, ეკატერინე გაბაშვილის სახლში გაიხსნა ქალთა ჭრა-კერვის სკოლა-სამკერვალო. მის გამგედ დაინიშნა თავად ეკატერინე გაბაშვილი. ამ სკოლაში ჭრა-კერვის გრდა სხვა საგნებსაც ასწავლიდნენ. თვით ეკატერინე გაბაშვილი და მისი ქალიშვილი თამარი ასწავლიდნენ ქართულ და რუსულ ენებს. 25 წელი იარსება ამ სკოლამ, იარსება მანამ სანამ 1922 წელს  ბოლშევიკებმა არ დახურეს…

ბოლშევიკებმადე იყვნენ მენშევიკები, რომელთაც არ ასცდათ ილიას თანამებრძოლის, იმჟამდ უკვე მხცოვანი მწერლის საჯარო რისხვა – ეკატერინე გაბაშვილი ნოე ჟორდანიას საჯაროდ სწერდა – „თქვენ პირადად და თქვენი ძველი და ახალი „პოპონშჩიკები“ დესპოტურად განაგებდით და განაგებთ საქვეყნო საქმეს… თქვნ ხალხს ჰპირდებით მფარველობას, იმის ინტერესების დაცვას, და თვით ხალხს კი არ აძლევთ ნებას იქონიოს თავისი საკუთარი აზრი. ყველას ნაძალადევად ახვევთ თავს თქვენს საკუთარ პიროვნებას. თქვენ ცდილობთ უდიდესი თვისება (სამშობლოს სიყვარული) გააბათილოთ და ძალით აბრმავებთ ახელებთ და გულიდან გლეჯავთ ამ გრძნობას…“.

საბჭოთა კრიტიკა მას ფემინისტობასაც უკიჟინებდა და ნაროდნიკული ბელეტრისტიკის მნიშვნელოვან ფიგურადაც აცხადებდა, ამუნათებდა კიდეც, გაზვიადებულად აქვს წარმოდგენილი ინტელიგენციის და საერთოდ განათლების როლი სოფლის მშრომელი მოსახლეობის განვითარების საქმეში და ფიქრობს მხოლოდ განათლებასა და განათლებულ ხალხს შეუძლია ხალხის დაყენა აღირძინების გზაზეო.

გაბაშვილი კი წერდა რომ „ქართველ ინტელიგენტს ძილი არ მიეტევბება, რომ იმას ყოველთვის სიფხიზლესა და მუშაობას ავალებს სამშობლოს უბედურება“.

თავად მუდამ – კუბოს კარამდე გრძნობდა ამ ვალდებულებას – გარდაიცვალა 1938 წელს – 87 წლის ასაკში, განისვენებს დიდუბის პანთეონში…

 

არავის ისე სასტიკად არ გასწორებიან რუსები, როგორც სოლომონ დოდაშვილს

რეზო შატაკიშვილი

(დაიბეჭდა გაზეთ “ქართულ უნივერსიტეტში”). 

„არა თავისა თვისისისათვის მხოლოდ, გინა ბედნიერებისათვის ვჰმუშაკობ, არამედ სიყვარულისთვის მამულისა, რათა ევროპამან ოდესმე ჰსცნას ივერია საშუალებითა წერილითა სარწმუნოთა“ – წერდა სოლომონ დოდაშვილი. მეცხრამეტე საუკუნის ქართული აზროვნების კოლოსი…

solomon doda

თაობები ვერ ასწრებენ იმდენს, რამდენიც სოლომონ დოდაშვილმა თავის ხანმოკლე სიცოცხლის მანძილძე შესძლო – 1832 წლის შეთქმულების შემდეგ 27 წლის სოლომონ დოდაშვილი მოსწყვიტეს სამშობლოს, სამოღვაწეო ასპარეზს და შორეულ ვიატკაში გადასახლებული, 31 წლის ასაკში გამოეთხოვა წუთისოფელს…

მღვდლის მრავალშვილიან ოჯხაში შობილმა, წოდებით გლეხმა სოლომონ დოდაშვილმა 17 წლის ასაკში წარჩინებით დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. სემინარიის დამთავრებამდე კი იგი უკვე მილვლინებული ჰყავდათ სიღნაღის სამრევლო სკოლაში მასწავლებლად. 18 წლისამ თავად ითხოვა სამსახურიდან განთავისუფლება და სიდუხჭირის მიუხედავად პეტერბურგის უნივერსიტეტის ფილოსოფიურ-იურიდიულ ფაკულტეტს მიაშურა – „პეტერბურგში 18 მანეთი ვერცხლით წავედი“. იგი იყო პეტერბურგის უნივერსიტეტის პირველი ქართველი სტუდენტი…

„ვიკრეფ ცოდნას მამულისათვის“ – წერდა სოლომონ დოდაშვილი…

22 წლისას უკვე დამთავრებული ჰქონდა პეტერბურგის უნივერსიტეტი, უკვე დაწერილი ჰქონდა ქართულ და რუსულ ენებზე ფილოსოფიის კურსის პირველი ნაწილი „ლოგიკა“, რუსულად გამოცემულიც და დაბრუნდა კიდეც საქართველოში. დოდაშვილსეულ „ლოგიკას“  დიდი ინტერესით და მოწონებით შეხვდნენ იქ რუსეთშიც და აქ საქართველოში სიამაყით – „ესრა ქართველმან დათხზო ახალჭაბუკმან“…

„ჭეშმარიტი ფილოსფოფია შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა დაცხრება ვნებანი, და როცა ცრურწმენანი, რომელთაც ასე სამართლიანად უწოდებს ბეკონი ადამიანის გონების კერპებს, შესწყვეტენ მის მართვას“ – წერს დოდაშვილი თავის „ლოგიკაში“.

სამშობლოში დაბრუნებული სოლომონ დოდაშვილი კეთილშობილთა სასწავლებლის მასწავლებლად გვევლინება, ასწავლის ქართულ სიტყვიერებას, რიტორიკას, ლოგიკას და გეოგრაფიას. დაუღალავად იღწვის განათლების გასავრცელებლად.

თავის შემწეს, იონა ხელაშვილს სწერდა: „აჰა, მამაო საყვარელო! რიცხვნი მოქმედებათა ჩემთანი: 1. შევადგინე ქართული ღრამატიკა სასწავლებლისთვის. 2. სრულვყავ რიტორიკა ქართულსავე ენასა ზედა. 3. ვსთარგმნე, რწმუნებისამებრ მთავრობისა, სჯული ვალდებულებანი სასამართლოებისნი. 4. ვსთარგმნე ბრძანებითა მთავრობისათა, ცხენის სრბოლისათვის წიგნი. 5. შევადგინე რეესტრი ქართულის წიგნებისა რიცხვით ექვსასამდე… 6. შევადგინე სხვადასხვანი ზნეობითნი ნაწყვეტობანი… 7. შევადგინე მოკლედ ფილოსოფიისა ძალნი საზღვრეობითა და განყოფილებითა მისთა. 8. ისტორიული აღწერა ვიწყე რომელთამე მწერალთა და რომელიმე ვსრულყავ“…

და ამ ყველაფერს ის იქმოდა 22-23 წლის ასაკში… 23 წლის უკვე „ტიფლისკიე ვედომოსტის“ („თბილისის უწყებანი“) ქართული გამოცემის რედაქტორად დაინიშნა. „თბილისის უწყებანი“ იყო პირველი ქართული გაზეთი, რომლის როლი განუზომელია ქართული ჟურნალისტიკის, საერთოდ ერის ისტორიაში. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია 1832 წელს სოლომონ დოდაშვილის რედაქტორობით გამოცემული „სალიტერატურო ნაწილი ტფილისის უწყებათანი“. როგორც ჟურნალის სარედაქციო განცხადება გვამცნობს, ჟურნალი დაარსდა „შესაწევნელად განათლებისა, განვრცელებისთვის, ბუნებითისა ენისა ჩუენისა და მიახლოებისათვის განბრძნობილთა მცხოვრებთა ევროპიისათა“.

დოდაშვილის განცხადებით, ჟურნალის მთავარი მიზანი იყო გაეღვიძებინა ქართველთა შორის „სურვილი და სიყვარული ბუნებითისა ენისა და სიტყვიერებისა“. 1832 წლის შეთქმულების გაცემის შემდეგ დაპატირებული კი დაკითხვაზე აღიარებს რომ ჟურნალის მიზანი ასევე იყო დაენერგა საზოგადოებაში „თავისუფალი აზრები“, დაებეჭდა „თავისუფლებისმოყვარეობით აღბეჭდილი თხზულებანი“.

სწორედ ამ ჟურნალის რამდენიმე ნომერში იბეჭდებოდა დოდაშვილის ნარკვევი „მოკლე განხილვა ქართულისა ლიტერატურისა ანუ სიტყვიერებისა“, სადაც ის საკადრის პასუხს სცემდა ეროვნულ კულტურას მოწყვეტილ ნიჰილისტებს, რომელთაც არც რამე გაეგებოდათ და არც ჩირად არ უღირდათ ქართული მრავალსაუკუნოვანი კულტურა და ქართული ლიტერატურის სიდიადე.

„ქართულსა ენასა ზედა არიან მრავალნი მეცნიერნი თხზულებანი და თარგმნილნიცა წიგნნი სხვადასხვა ძველთა და უახლესთა ენათაგან“ –  სიამაყით წერდა დოდაშვილი. დოდაშვილს დიდ ისტორიულ უსამართლობად მიაჩნდა, რომ ქართული ლიტერატურა, რომელმაც მსოფლიოს საგანძურს მისცა „ვეფხისტყაოსანი“, ნაკლებად იყო ცნობილი მსოფლიოში და იღწვოდა, რომ ქართულ საზოგადოებაში აღეძრა ქართული კულტურის ევროპაში გატანის სურვილი. მას საწმდა, რომ ქართული კულტურა ღირსეულ ადგილს დაიკავებდა კაცობრიობის კულტურის საგანძურში.

ამავე ნარკვევში სოლომონ დოდაშვილი აყენებდა საკითხს ქართული ენის თვითმყოფადობის შესახებ, ასაბუთებდა რომ „ძირი ენისა ჩვენისა“ საკუთარია. მიაჩნდა რომ ძნელია ზუსტად დადგენა „თუ ოდეს ენა ქართული შეიქმნა ერად ენისა“, მაგრამ „გარნა ჯერ არს ცნობად, რომელ იგი არს ერთი უძველესთაგანი“.

იგი კატეგორიულად ითხოვდა თვალის ჩინივით მოფრთხილებოდნენ ენის სიწმინდეს, არ გადაეპენტათ ბარბარიზმებით, მისი მტკიცებით მდიდარ ქართულ ენას, ძალუძს ამომწურავად გამოხატოს აზრის ყოველი უმცირესი მოძრაობა, გრძნობის ყოველი ნიუანსიც კი.

სალიტერატურო ენის საკითხების შემდეგ, სოლომონ დოდაშვილი მიმოიხილავდა ძველ ქართულ ლიტერატურას და ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების აყვავების ხანად თამარის მეფობის დროს მიიჩნევდა: „მეფობა თამარისა იყო ელვარებითი ეპოქა სიტყვიერებისათვის ჩვენისა“.

დოდაშვილის დარკვევი დიდი მოვლენაა ქართული ლიტერატურის ისტორიისა და კრიტიკის განვითარებაში. სწორედ მასთანაა მოცემული ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის პერიოდიზაციის პირველი ცდა. სწორედ სოლომონ დოდაშვილი დგას ქართული ჟურნალისტიკის, ლიტერატურული კრიტიკის და ესთეტიკური აზროვნების სათავეებთან.

თავის „რიტორიკაში“ სოლომონ დოდაშვილს განხილული აქვს „აღმკობილი პროზის“ თეაორია, მას დაუწერია პოეზიის თეორიაც. მხატვრული სიტყვა დოდაშვილის გააზრებით, ადამიანის ინტელქტუალური და ფსიქიკური ძალების განვითარების უძლიერესი სტიმულია, უძლიერესი ბერკეტია სულიერი კულტურის წინსვლისთვის. მისი დანიშნულებაა ხელი შეუწყოს საზოგადოებას ჭეშმარიტების ძიებასა და ზნეობრივ სრულყოფაში. დოდაშვილის აზრით, მხატვრული სიტყვა თავის უმაღლეს დანიშნულებას აღწევს ფორმის მშვენიერებით. მისი გააზრებით, მშვენიერება ცხოვრებაზე მაღლა კი არ დგას, ცხოვრების შემეცნებას ემსახურება. საგანი „აღმკობილისა პროზისა, არის განსწავლა ჭეშმარიტისა, აღძვრა კეთილისადმი…“ – წერს დოდაშვილი, მისი შეხედულებით, სიტყვიერი ხელოვნების მთავარი საგანი ჭეშმარიტების შემეცნება, სინამდვილის ჭეშმარიტი ასახვაა, რაც მისი აზრით თეორიული მხარეა, პრაქტიკული მხარე კი ადამიანის აღზრდაა მაღალი ეთიკური ნორმების მიხედვით. ორივე ამ მიზნის განსახორცილებლად მწერალი მიმართავს მშვენიერს, რომელიც ხელს უწყობს ადამიანს ცხოვრების შემეცნებასა და ზნეობრივ ამაღლებაში. დოდაშვილი მშვენიერს მოიაზრებს როგორც ფენომენს, როგორც ესთეტიკურ კატეგორიას. მისი გააზრებით, მხატვრული ქმნილების გამარჯვება დამოკიდებულია იდეის და ფორმის ჰარმონიულობაზე. იგი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა თხზულების არიტექტონიკას, ფორმის სინატიფეს, მხატვრული მეტყველების სიცხადეს, ლაკონურობასა და კეთილხმოვანებას, საერთოდ „ფორმის მშვენიერებას“. დოდაშვილის აზრით, მხატვრული სიტყვის ოსტატს ისევე მართებს სიტყვიერი ხელოვნების არქიტექტონიკის ობიექტური კანონების ცოდნა, როგორც არიქტექტორს – სააღმშენებლო კანონებისა. მწერალმა ისევე უნდა ააგოს თავისი თხზულება „ვითარცა არხიტეხტური მომზადებულთა უკვე ნივთიერებათაგან აღიყვანს მშვენიერსა აღშენებულობასა თავისთა კანონითაებრ“.

დოდაშვილის შეხედულებით, მწერალს მართებს სინამდვილის კანონზომიერებაში გარკვევა, და არა შემთხვევითი, არამედ ტიპიური თვისებების ასახვა, ხელოვნების ობიექტური კანონების დაცვა…

სოლომონ დოდაშვილს ერის პროგრესულობის და კულტურის ერთ მთავარ საზომად ლიტერატურისა და ენის განვითარება მიაჩნდა. „წარმატებანი სწავლათანი ჰმოწმობენ საზოგადოთ აღმატებასა კაცობრივისა გონებისასა, და წარმატებანი ენისა და სიტყვიერებისანი ჰმოწმობენ აღმატებასა ერისასა“ – წერდა იგი.

სოლომონ დოდაშვილს განზრახული ჰქონდა ფილოსოფიის სრული კურსის დაწერა, სადაც თავისი ადგილი ჰქონდა დათმობილი ესთეტიკას. იონა ხელაშვილს სწერდა: „ფილოსოფოსობა ჩვენი ყოველი საგნისათვის, მდგომარეობს თეაორიასა შინა, პრაქტიკასა და ესთეტიკასა: პირველი არის ცნობა; მეორე ქცევა და მესამე ხელოვნება; კვალად იგივე პირველი ე.ი. თეორია არის სწავლა გონებისა; მეორე – გულისა და მესამე – გრძნობისა, ჩუენ ვუწყით რომელ თეორიასა აქუს ნაწილნი: ლოღიკა, ფსიხოლოღია და მეტაფიზიკა; პრაქტიკასა აქუს: ზნეობითი სწავლა (ითიკა), კანონით სწავლა და სარწმუნოებითი სწავლა; ხოლო ესთეტიკასა შინა იპყრობიან: გემოვნება, მჭევრ მეტქობა და პოეზია“.

ესთეტიკა სოლომონ დოდაშვილის მიხედვით არის სწავლა გრნობის შესახებ – გრძნობათი სინამდვილის ასახვის შესწავლა. მას არ სწამდა რეალური შინაარსისგან დაცლილი განყენებული ცნობიერების არსებობა. იგი ფილოსოფიის შესწავლის საგნად რეალური ადამიანის ცნობიერებსა და შეგრძნებას მიიჩნევს. მისი კონცეფციით, გონება, გული და გრძნობა ჰარმონიულად „მოქმედნი ან თანახმანი“ არიან, ხოლო „სულისა მოქმედებანი იწყებიან ტვინსა შინა“.

სოლომონ დოდაშვილის გაგებით, ადამიანის, როგორც მოაზროვნე სუბიექტის ცნობიერება, გარეგანი გრძნობების საშუალებით, ასახავს, „გარდაიბეჭდავს“ ცხოვრებას თავისი საზოგადოებრივი და პოლიტიკურ-ზნეობრივი ურთიერთობით და ეს ყოველივე აისახება ლიტერატურასა და მეცნიერებაში, რომელთაც იგი სულიერი კულტურის სფეროებად მიიჩნევდა….

მართლაცდა ნუ გაოცდები სრულიად ახალგაზრდა, 22-27 წლის  სოლომონ დოდაშვილის ცოდნის დიაპაზონით – ფილოსოფია და ესთეტიკა, ლიტერატურის ისტორია და ჟურნალისტიკა, იურისპრუდენცია, ეკონომიკა, სტატისტიკა, სოფლის მეურნეობა…

მოდი და ნუ გაოცდები იმით რაც მან მოასწრო პრაქტიკულად ხუთიოდე წელიწადში… მოასწრო კი ბევრი – დვრიტა დაუდო არათუ მხოლოდ ჟურნალისტიკას, ესთეტიკას, ლიტერატურის კრიტიკას – თერგდალეულთა იდეურ მოძრაობას.

ილია ჭავჭავაძე „დროების“ ათი წლისთავზე ბრძანებდა: „… სამართალი ითხოვს, რომ ყველას თავისი მიეზღოს. თუმცა იმ დროშაზედ, რომელიც უფ. ს. მესხმა მოიხსენა, ეხლანდელთა „დროების“ მოღვაწეთა თავისი მიმართულება ზედ წააწერეს, მაგრამ თვით დროშა კი მემკვიდრეობით გვაქვს გადმოცემული განსვენებულის სოლომონ დოდაევისგან, გიორგი ერისთავისგან. საუკუნიდან იყოს ხსენება მათი ჩვენში“.

აღსრულებულია დიდი ილიას წადილი – სოლომონ დოდაშვილის სახელი იხსენეიება და მუდამ მოიხსენიება. აღსრულებულია თვით დოდაშვილის ოცნებაც – ევროპამ „ჰსცნა ივერია“… და დღეს მისი სამშობლო რესპუბლიკაა… იგი ხომ სწორედ რესპუბლიკურ პრინციპებს აღიარებდა დანარჩენ შეთქმულთაგან გასხვავებით, იგი ხომ სწორედ საქართველოს რესპუბლიკის იდეას უჭერდა მხარს შეთქმულებისას და შეეწირა კიდეც ამ ბრძოლას, არავის ისე სასტიკად არ გასწორებიან რუსები, როგორც დოდაშვილს… იცოდნენ ვისაც უჭლექებდნენ შორეულ ვიატკაში ქართველ ერს…

ქართული სიყვარულის ანთოლოგია – ნინო რამიშვილი&ილიკო სუხიშვილი

რეზო შატაკიშვილი

(დაიბეჭდა გაზეთ  ,,ქრონიკა+”-ში). 

XX საუკუნის 20-იანი წლების მიწურული. 23 წლის ვაჟი ხელის სათხოვნელადაა მისული ქალიშვილის მამასთან. მამა ჯერ მხოლოდ ინჟინერია, ჯერ მხოლოდ 20 წლის ქალიშვილის მამაა, ჯერ დრო უნდა გავიდეს, რომ იგი ქალღმერთის მამა გახდეს. დიახ, ქალღმერთის – გოგონა ნინო რამიშვილია – ქართული ცეკვის ქალღმერთი.

მამა ვერ მოიხიბლება ხელის სათხოვნელად მისული ვაჟით, რომელსაც დაკერებული, გაცრეცილი პიჯაკი აცვია. მამა უარზეა, არც დედას მოსდის თვალში ღარიბი გორელი ბიჭი, მაგრამ გოგონა არ იხევს უკან… უკომპრომისოდ იბრძვის თავისი ბედისთვის. ისევ მამა ხდება იძულებული, კომპრომისი გამონახოს, – გაჰყევი და თუ რამეა, უკან დაბრუნდები. გოგონა გაჰყვება და არასოდეს დაბრუნდება შინ, თორემ ეს წყვილი მუდამ ბრუნდებოდა შინ – საქართველოში – ტრიუმფალური, თავბრუდამხვევი გასტროლების შემდეგ…

10405899_789856451032986_1690189161_n

1907 წელს გორის სოფელ მეჯვრისხევში ილიკო სუხიშვილი დაიბადება, მალე დაობლდება, დედას გაუჭირდება ოჯახის რჩენა და თბილისში წამოვა. 9 წლის ილიკო გვერდში კაცივით ამოუდგება ქვრივ დედას – ყიდის წაბლს, გაზეთებს და ხანაც გორკის ბაღში ქართული ცეკვის ილეთების შესრულებით შოულობს ლუკმა-პურს. სწორედ მაშინ მიხვდება, რომ მისი სტიქია ქართული ცეკვაა, შევა და დაამთავრებს კიდეც ხალხური ცეკვების სტუდიას და აი, 1924 წელი. ოპერის თეატრში პერინის სტუდიის გოგონები გამოდიან, 17 წლის ილიკოს 14 წლის გოგონა მოეწონება…

გოგონა 1910 წელსაა დაბადებული, ოჯახი თავიდან ბაქოში ცხოვრობდა – მამა მუშაობდა იქ, შემდეგ თბილისში დაბრუნდნენ და პლეხანოვზე, დიდ სახლში – დღევანდელ გერმანიის საელჩოს შენობაში ცხოვრობდნენ მანამ, ვიდრე ნინოს მამა არ გადაასახლეს და ოჯახი კეცხოველზე პატარა ოთახში არ შეჩხუკნეს… პატარა ნინოს იმთავითვე იტაცებს ცეკვა. მშობლები პერინის საბალეტო სტუდიაში მიაბარებენ. ლეგენდა ფეხს აიდგამს სცენაზე, მაგრამ ოჯახს გაუჭირდება – იძულებულია, ნინო სტუდიიდან გამოიყვანოს უსახსრობის გამო, გამოიყვანს კიდეც, მაგრამ რამდენიმე დღით – პერინის გადაწყვეტილებით, ნინო უფასოდ აგრძელებს სწავლას პერინის სტუდიაში.

და აი, ის სწორედ პერინის სტუდიიდან გამოდის ოპერის სცენაზე და 17 წლის ვაჟს მოეწონება. მოეწონება, მაგრამ ვერაფერს გაუბედავს. სიტყვით, თორემ ისე ლანდივით აედევნება. კარგა ხანს დასდევს ლანდივით. ნინომ იცის, რომ ლანდივით ადევნებული ბიჭი მოცეკვავეა, რომ ბიჭს მასთან მიახლოება აშინებს, ერიდება, თავადც სურს მასთან გამოლაპარაკება, მაგრამ პირველ ნაბიჯს ჯიუტად არ დგამს, თითქოს უპირობოდ იცავს ქართული ცეკვის კანონს – ინიციატივას კაცისგან ელის… მათი დაახლოების ისტორია მართლაც რომ ჰგავდა ცეკვა ქართულს…

ბოლოს და ბოლოს, ილიკო გაბედავს გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმას – თავს დაუკრავს ნინოს – გამოელაპარაკება… შემდეგ იქნება გაბუტვა, ეს მაშინ, როცა პერინი სტუდიაში მისულ ილიკოს ქართულის ცეკვას შესთავაზებს ნინოსთან ერთად. ილიკო იუარებს – რას წარმოიდგენს, რომ ბალერინა ქართულის ცეკვას შეძლებს… ნინოს ეწყინება და გაიბუტება. გაბუტვას თავად პერინი დაუსვამს წერტილს – წყვილს შეარიგებს და მათი გზები აღარც გაიყრება. ექვსწლიან რომანს ქორწინება დააგვირგვინებს. პერინის სტუდიაში მოღვაწეობას მოჰყვება 10-წლიანი მოღვაწეობა ოპერისა და ბალეტის თეატრში, შემდეგ ფილარმონია, შსს-ს ცეკვის ანსამბლი, ისევ ფილარმონია და შემდეგ – ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის ჩამოყალიბება… ამ დროს ნინო უკვე 35 წლისაა, უკვე მიღებული აქვს არაერთი პრემია და ჯილდო, ამ ასაკში მოცეკვავე თითქოსდა უკვე უნდა ჩამოსცილდეს სცენას, მაგრამ ეს წესი არ ვრცელდება ქალღმერთებზე – ნინო მხოლოდ 70-იან წლებში დაანებებს თავს ცეკვას – 60-ს გადაცილებული… დაანებებს მაშინ, როცა დაიპყრობს მთელ მსოფლიოს თავის  ,,ჯეირანით”, ,,ქართულით”… სცენაზე ცეკვას დაანებებს თავს, თორემ ცეკვას არა – მანამდეც დგამდა და შემდეგაც დგამდა ცეკვებს – ფოლკლორული, ხალხური მოტივებიდან თხზავდა ცეკვებს, დიახ, თხზავდა, რადგან დღეს არაერთი ცეკვა, რომელიც ჩვენ ხალხური გვგონია, მისი უშუალო ფანტაზიის, შემოქმედების ნაყოფია – აღმოცენებული ფოლკლორული მოტივებიდან, ილეთებიდან – ფორმამიცემული, სახიერ ნახაზებში სრულქმნილი. დღეს ცოტამ თუ იცის – მით უმეტეს, თავად ოსობამ, რომ ცეკვა ოსური მთელი თავისი მშვენიერი გეომეტრიული ნახაზით, ყველაფრით, სწორედ ნინო რამიშვილის ფანტაზიის ნაყოფია, რომელსაც საფუძვლად უდევს არა ოსური, არამედ ჩრდილოკავკასიური ცეკვის ილეთები…

ნინომ და ილიკომ შექმნეს ანსამბლი და მთელ მსოფლიოს გააცნეს ქართული ცეკვა. სწორედ ქართული ცეკვა იყო ის ერთადერთი პლასტიკური განაცხადი (,,როკვით განფენილი გენია’’ – როგორც უწოდებდა რობაქიძე), რომლითაც მსოფლიო იგებდა საქართველოს, ქართველების არსებობას.

,,სუხიშვილები” საქართველოს ისტორიაში დარჩება, როგორც საქართველოს ყველაზე წარმატებული და საამაყო ელჩი მთელი დედამიწის ზურგზე. დარჩება ელჩად, რომელსაც არ ეხება როტაცია…

10425693_789856457699652_522935163_n

გარდაიცვალა დიდი ილიკო სუხიშვილი და გაირკვა, რომ ილიკოს და ნინოს არც ჯვარი ჰქონიათ დაწერილი, არც ხელი მოწერილი. ოჯახი იურიდიული მიეთ-მოეთიდან ძლივს ნაპოვნმა თენგიზის დაბადების მოწმობამ იხსნა… დამთავრდა დიდი ეტაპი დიდი ქალბატონის ცხოვრებაში. 75 წლის ნინო რამიშვილი დაქვრივდა. გვერდით აღარ ჰყავდა მამაკაცი, რომელსაც ყოველ დილით ყავა მიჰქონდა ლოგინში, მამაკაცი, რომლის წყალობითაც არ იცოდა ლამის ფულის ერთეული – რადგან არასდროს არ უწევდა რამის ყიდვა. ერთადერთი მამაკაცი, როგორც შვილიშვილს – ნიანუს გამოუტყდება – რომლისთვისაც ჰქონდა ნაკოცნი ცხოვრებაში…

დამთავრდა დიდი ეტაპი, მაგრამ არა სცენაზე – ნინო რამიშვილი თენგიზთან ერთად განაგრძობდა საქმეს, ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ ვერტიკალური მდგომარეობიდან ჰორიზონტალურში არ გადაენაცვლა მათ აფიშებს…

ნინო რამიშვილი – უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ელეგანტური, მუდამ ჩალმით და სამკაულებით, ასაკისგან დაღდასმული ნაოჭებით და თვალებით, რომელსაც ვერ შეხედა, თვალი ვერ გაუსწორა ასაკმა… მის თვალს ვერაფერს აპარებდნენ, არც თავად ყოფილა ოდესმე თავის ან თვალის მოტყუებით დაკავებული, ეგაა ოღონდ, ტანადი არ იყო და ალბათ ამიტომაც ედგა ვეება სარკე, სადაც ყველა უფრო მაღალი და უფრო გამხდარი ჩანს…

მას იხსენიებენ ქართული ცეკვის ჯადოქრად, ქართული ცეკვის დედოფლად. თავბრუდამხვევი წარმატებები – მიღწეული დიდი შრომით და უკომპრომისობით, რკინის ნებისყოფითა და ბევრისთვის გაუსაძლისი სიმკაცრით. მისი ეშინოდათ და ეთაყვანებოდნენ, უყვარდათ გულით. ეიმედებოდათ. საკმარისი იყო მისი გამოჩენა და… ბორგნეულ მოცეკვავეებს სუნთქვა ეკვროდათ. მან არ იცოდა, რა იყო დაღლა, დაღლილობისას კი იცოდა ჩაი კონიაკით…

იცხოვრა 90 წელი, იცხოვრა დიდი, სისხლსავსე ცხოვრებით, არნახული წარმატებებით, მაგრამ… ნიანუს ეტყვის, – შენ არ იცი, რა ცოტაა 90 წელი…

ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის სიყვარულის და ერთობლივი გარჯის ნაყოფი კი – ქართული გენია, როკვით განფენილი, ნამდვილად არ არის ცოტა…

სტამბულის „LIV HOSPITAL”-ში ქართველი მეცნიერი დაიღუპა

გარდაცვლილის ოჯახის მტკიცებით, პაციენტი ექიმების შეცდომებს ემსხვერპლა

liv-hospital-istanbul

გამოქვეყნდა გაზეთ ”ქრონიკა+”-ში.

რეზო შატაკიშვილი

უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა საზღვარგარეთ მკურნალობა. არცაა გასაკვირი, რომ  საქართველოს მოქალაქეებს ჯანმრთელობის, ხშირ შემთხვევაში სიცოცხლის შესანარჩუნებლად, ქართულ კლინიკებზე მეტად უცხოური კლინიკები ეიმედებათ, მაგრამ არც ამ უცხოური კლინიკების ბრმად ნდობა რომ არ შეიძლება, ამ კონკრეტული ტრაგიკული ისტორიით დასტურდება – სტამბულის პრესტიჟულ კლინიკაში „LIV HOSPITAL” ორიოდე თვის უკან დაიღუპა ქართველი ქალბატონი, ცნობილი ქართველი მეცნიერი. ოჯახის მტკიცებით, პაციენტი ემსხვერპლა ექიმების შეცდომების სერიას, მათ არაკომპეტენტურობასა და უპასუხისმბგებლობას. ქართველი მეცნიერის ვინაობას არ ვაკონკრეტებთ გარდაცვლილის ოჯახის თხოვნით. ოჯახს არ სურს განსვენებულის ავადმყოფობის ისტორია, მათი ტრაგედია ცნობილი გახდეს ფართო მკითხველისთვის. მათ არც შესაბამისი ორგანოებისთვის არ მიუმართავთ და არც იმ კოლოსალური თანხის (26 ათასი აშშ დოლარი) უკან დაბრუნება მოუთხოვიათ, რომელიც მათივე თქმით სიკვდილში გადაიხადეს. გარდაცვლილის ოჯახი საუბრობს რა ამ ტრაგიკულ ისტორიაზე, მხოლოდ ერთი, კეთილშობილური მიზანი ამოძრავებს – სხვამ არ გაიმეოროს მათ მიერ დაშვებული საბედისწერო შეცდომები.

ოჯახი არ მალავს, რომ თავად დაუშვეს საბედისწერო შეცდომა, როცა ჯერ თაღლითების ხელში აღმოჩდნენ და შემდეგ უკვე არაკომპეტენტური ექიმების ხელში.

როგორც გარდაცვლილი პაციენტის ოჯახში განმარტავენ, პაციენტმა 3-4 წლის წინ, ექიმს მას შემდეგ მიმართა, რაც ხველამ შეაწუხა. აღმოჩნდა რომ მას სამჯერ გადაუტანია უსიცხო ფილტვების ანთება, რამაც დააზიანა ფილტვი და წარმოქმნა დაზიანებული კერა. ერთმა ექიმმა ეჭვი მიიტანა სიმსივნურ წარმონაქმნზე, მეორემ – გამორიცხა, მესამემ – ექინოკოკზე მიიტანა ეჭვი და.შ. ყველა ურჩევდა ბრონქოსკოპიის გაკეთებას, დიაგნოზის დასაზუსტებლად. როგორც ირკვევა, პაციენტმა იმ ეტაპზე უარი თქვა, როგორც ბრონქოსკოპიაზე, ისე ოპერაციულ ჩარევაზე. როგორც ოჯახი განმარტავს, არც მედიკოსები თვლიდნენ აუცილებლად ოპერაციულ ჩარევას. როგორც ირკვევა, ფილტვების ანთებამ ქრონიკული სახე მიიღო – გაციებისთანავე პაციენტს ფილტვების ანთება ემართებოდა, მაგრამ ამისდა მიუხედავად განვლილი წლების მანძილზე, დაზიანებულ კერაზე ცვლილებები არ აღენიშნებოდა.

გარდაცვლილი პაციენტის და: „შარშან ვირუსული გრიპი დაემართა, სუნთქვა უჭირდა, რენტგენზე და ტომოგრაფიაზეც გამოჩნდა, რომ ერთი ფილტვი უკვე გათიშული იყო, ბრონქები ჩათრეული – ბრონქიალური ასთმის ნიშნებმაც იჩინა თავი. ქართველმა პროფესორმა, პირში მიახალა – ახლა რაღა გიშველოო. მისმა ამ განცხადებამ  პაციენტი დეპრესიაში ჩააგდო და ჩვენც ძალიან შეგვაშინა“.

შეშინებულ პაციენტს და მის ოჯახს, ახლობლებმა თურქეთში სამკურნალოდ წასვლა ურჩიეს.

გარდაცვლილი პაციენტის და: „ყველა ამას გვირჩევდა. შემდეგ ჩემი ნათესავი ჩაერთო საქმეში. დაუკავშირდა თავის მეგობარს თურქეთში – ვინმე ნინო მაისურაძეს, რომელმაც გვითხრა რომ ჩაგვსვამდა სახელმწიფო პროგრამაში, მკურნალობა იაფიც დაგვიჯდებოდა და უფრო საიმედოც იქნებოდა.  ეს ქალბატონი აღმოჩნდა თაღლითი, რომელმაც ისარგებლა ჩვენი გამოუცდელობითა და დაბნეულობით, რაც გამოწვეული იყო სტრესული მდგომარეობით. მაგრამ ეს რომ მხოლოდ თაღლითობა ყოფილიყო, ამ ტრაგედიის ფონზე არც ვახსენებდი, მაგრამ სწორედ ამ ფაქტმა ითამაშა საბედისწერო როლი. ეს ქალბატონი გვიხსნიდა, რომ იგი უშუალოდ იყო დაკავშირებული ამ სახელმწიფო პროგრამასთან, შემდეგ გვიმტკიცებდა, რომ უკვე ჩაგვსვა ამ პროგრამაში და აუცილებელი იყო ჩვენი სასწრაფოდ ჩასვლა, თორემ ამოვარდებოდით აღნიშნული პროგრამიდან. ჩვენ გვინდოდა, აქ, საქართველოშივე დაგვეზუსტებინა დიაგნოზი და ისე წავსულიყავით სამკურნალოდ, მაგრამ ისე აგვაჩქარა, რომ ვეღარ მოვახერხეთ. ჩავედით და ადგილზე გაირკვა, რომ იგი დაკავშირებული ყოფილა არა რაიმე სახელმწიფო პროგრამასთან, არამედ კერძო სამედიცინო ტურისტულ ფირმასთან, რომლიც პაციენეტებით „ამარაგებს“ იქაურ კლინიკებს და ეს კლინიკები ფულს უხდიან მათ ამაში.  აღმოჩნდა რომ მათ სწორედ კლიენტის ჩაყვანა ეჩქარებოდათ.

– კი მაგრამ, თქვენ რატომ, როგორ დაიჯერეთ რომ უცხო ქვეყანაში, უცხო ქვეყნის მოქალაქეს ჩასვამდნენ სახელმწიფო პროგრამაში?

– ეს კითხვა მეც გამიჩნდა და რამდენჯერმე ჩავეძიე კიდეც, მაგრამ გვიმტკიცებდა რომ არსებობს ასეთი პროგრამა, სწორედ უცხოელებისთვის. შეთანხმებისამებრ, ეს ნინო მაისურაძე ადგილზე უნდა დაგვხვედროდა, მაგრამ არ დაგვხვდა. აეროპორტში დაგვხვდა კლინიკა „აჩიბადენის“ მანქანა, სადაც უნდა გვემკურნალა და წაგვიყვანა საავადმყოფოში. სწორედ იქ გაირკვა, რომ არანაირი სახელმწიფო პროგრამა უცხოელებისთვის არ იყო და იქ აღმოვაჩინეთ, რომ თურმე ფირმასთან გვქონია საქმე. ჩვენს საელჩოშიც გადავამოწმეთ შემდეგ, და იქაც განგვიმარტეს, რომ არანაირი მსგავსი პროგრამა არ არსებობს.

– თავად ამ ნინო მაისურაძემ რა განგიცხადათ?

– როგორც გითხარით, იგი არც დაგვხვედრია და არც შემდეგ მოსულა. გვიან საღამოს დარეკა მხოლოდ და როცა ეს ვუთხარით, კვლავ იმას გვიმტკიცებდა და დღემდე იმას ამტკიცებს, რომ არსებობს ასეთი პროგრამა. მივხვდით, რომ გვატყუებდა და აღარც შევხვედრივართ მას. შევხვდით ექიმს, რომლისთვისაც გადაგზავნილი იყო ინფორმაცია. ამ ექიმმა გვითხრა, რომ პაციენტს არ ჰქონდა საგანგაშო მდგომარეობა და ექვემდებარებოდა მკურნალობას. ე.წ. „პეტკატის“ გადასაღებად 2 დღის შემდეგ დაგვიბარეს – რიგები იყო, იმდენი პაციენტი ჰყავდათ. სასტუმროში, ჩვენ ბედად თუ ეშმაკად, დაგვხვდა ქართველი, ვინმე მანანა, რომელიც მკურნალობდა „ლივ ჰოსპიტალში“ და გვიქო, ძალიან კარგი პირობებია, უახლესი აპარატურაა, წამოდით და იქ გადაიღეთ, რატომ უნდა ელოდოთ 2 დღეო. წავედით, ვნახეთ, ჰოსპიტალი ახლადაშენებულია, აღჭურვილია უახლესი აპარატურით, გამოირჩევა სისუფთავით. ექიმი, რომელმაც თავის თავზე აიღო კურატორობა, გამორჩეოდა ხაგასმული კეთილგანწყობით, შეგვხვდა ძალიან თბილად და ამ საერთო საერთო შთაბეჭდილებამ შეგვიყვანა შეცდომაში. ეს ჰოსპიტალი დაკომპლექტებულია არაპროფესიონალი, გამოუცდელი კადრებით, არ გააჩნიათ სიტუაციის რეალურად შეფასებისა და ადეკვატური ზომების მიღების უნარი. დაბალ კვალიფიკაციის გარდა, ამ ჰოსპიტალის მედპერსონალი არ ფლობს ინგლისურ ენას, ელემენტარულ დონეზეც კი, რაც შეუძლებელს ხდის მათთან კონტაქტს. ინგლისური იციან მხოლოდ მთავარმა, წამყვანმა ექიმებმა. არადა, ჩვენ გვიმტკიცებდნენ რომ ეს ჰოსპიტალები დაკომპლექტებულია ამერიკელი და ამერიკაში განათლებამიღებული კადრებით. ვერც ერთ და ვერც მეორე კლინიკაში მე ვერ ვნახე ვერც ერთი ამერიკელი და ვერც ამერიკაში განათლებამიღებული ექიმი. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ დოქტორ Ferah Ece-ს, რომელმაც საკუთარ თავზე აიღო ავადმყოფის კურირება, კურსები ჰქონდა გავლილი ამერიკაში. ეს ქალბატონი დოქტორი გახლდათ, მაგრამ აღმოჩნდა რომ პრაქტიკა არ ჰქონდა, გარდა ამისა აღმოჩნდა სრულიად უპასუხისმგებლო ადამიანი – გაუთავებლად სამეცნიერო კონფერენციებზე დადიოდა და ყურადღებას არ აქცევდა პაციენტს. სწორედ მის კისერზეა ჩემი დის დაღუპვა. ფილტვზე სამკურნალოდ ჩავედით და არც დაუწყია ფილტვზე მკურნალობა. ბოლო დღეებამდე გვიმტკიცებდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.

– რა მკურნალობა უტარდებოდა პაციენტს იმ ერთი თვის მანძილზე?

– ე.წ. „პეტკატის“ გადაღებისა და ბრონქოსკოპიის ჩატარების შედეგად განგვიცხადეს, რომ პაციენტს ჩაუტარედებოდა ქიმიიოთერაპია, მაგრამ ქიომიოთერაპიამდე საქმე არ მისულა.  დოქტორმა Ferah Ece-მ  ისე უვიცად ჩაუტარა ბრონქოსკოპია, რომ პაციენტს ძლიერი სისხლდენა დაეწყო. ბრონქოსკოპისას აღებული  მასალა ლაბორატორიაში გადაიგზავნა ჰისტოლოგიური ანალიზისთვის, რომლის საფასურიც წინასწარ იყო გადახდილი, მაგრამ პასუხი მთელი თვის მანძილზე ვერ მივიღეთ. გაირკვა რომ მასალა ლაბორატორიაში არც იყო გადაგზავნილი. დოქტორ ფერაჰს კი არც მოუკითხია პასუხი.

დოქტორმა ფერაჰმა, ინფექციური ფონის შესამცირებლად დაუნიშნა ანტიბიოტიკებით მკურნალობის ერთკვირაინი წინასწარი კურსი, ფონი არ შემცირდა, ვთხოვეთ შეემოწმებინა პრეპარატებისადმი მგრძნობელობა და გაეგრძელებინა ანტიბიოტიკების მიცემა, მაგრამ ჩვენი თხოვნა ყურად არ იღო, კონფერენციის საქმეებით იყო დაკავებული და ჩვენთვის არ ეცალა.

პაციენტს ჩაუტარდა თითქმის ყველანაირი გამოკვლევა, გამოკვლევებისას აღმოჩნდა, რომ პაციენტს ჰქონდა მცირედი მეორადი წარმონაქმნები თავის ტვინში და დოქტორ ჰაკანის აზრით, სასურველი იყო რადიოთერაპია. დოქტორმა ფერაჰმა საჭიროდ მიიჩნია რადიოთერაპიის 3-5 სენასის ჩატარება. განგვიმარტა, ასეთი წესია, ამის შემდეგ დავიწყებთ ფილტვზე მკურნალობასო. რადიოლოგმა დოქტორმა შულე კარამანმა, არაკომპეტენტუირობის გამო, თუ მისთვის ხელსაყრელი პაკეტის გაყიდვის მიზნით, 3 სენასის ნაცვლად დანიშნა ათი, რაც დამღუპველი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა რომ მესამე სეანსის შემდეგ ავადმყოფის მდგომარეობა გაუარესდა, დაიკლო წონაში, დოქტორი შულე ამ ფაქტს ყურადღებას არ აქცევდა და არც ჩვენს თხოვნას ითვალისწინებდა, რომ რეალურად შეეფასებინა მდგომარეობა და შეემცირებინა სეანსების რიცხვი. პაციენტმა მიიღო ძლიერი ინტოქსიკაცია და დაეცა, მიიღო ტრამვები. ამ დროს, ეს დოქტორი შულე საერთოდ არ იმყოფებოდა კლინიკაში, გაუთავებლად ქალაქში იყო. მან არც ეს დაცემა გაითვალისწინა და მეორე დღესაც დანიშნა სეანსი. ისევ დაეცა პაციენტი. ახლაღა გაახსენდა დოქტორ ფერაჰს თავისი ვალდებულება და მოხსნა ბოლო, მეათე სეანსი, მაგრამ უკვე გვიან იყო. პაციენტმა მიიღო ძლიერი ინტოქსიკაცია. თუმცა, მათმა ნევროპათოლოგმა ეპილეფსიის დიაგნოზი დასვა და დანიშნა ანტიეპილეფტიკური მედიკამენტი. ნახევარ საათში გაირკვა, რომ ეს მცდარი დიაგნოზი იყო და პაციენტს არ ჰქონდა ეპილეფსია, მაგრამ ანტიეპილეფტიკური მედიკამენტი  მაინც დატოვეს.

– გაირკვა რომ ეპილეფსია არ ჰქონდა და წამალი მაინც დატოვეს დანიშნულებაში?

– დიახ, ახსნეს, რომ ასეა საჭირო. თუმცა, როცა ამ მედიკამენტის გადასხმა დაიწყეს და ჩემ დას დაემართა ძლიერი ალერგიული შოკი, სასწრაფოს ექიმმა საღად შეაფასა სიტუაცია და ჩემი თხოვნით შეწყვიტა გადასხმა და პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა. პალატაში გადაგვიყვანეს, მეორე დილით კი დოქტორმა ფერაჰმა სასტუმროში წასვლის უფლება მოგვცა, რაც არაფრით შეიძლებოდა. იმიტომ რომ დაცემის შედეგად პაციენტს ტვინში ჩაქცევის პატარა კერა აღენიშნებოდა. დოქტორი ფერაჰი გვარწმუნებდა რომ ეს არაფერი იყო, გაიწოვებოდა და მალე, ფილტვის მკურნალობას დაიწყებდა. პაციენტი სასტუმროში ცუდად გახდა და კვლავ ჰოსპიტალში დავბრუნდით, მოათავსეს რეანიმაციაში და გამოასალმეს კიდეც სიცოცხლეს.

– რა გახდა საბოლოოდ დაღუპვის მიზეზი?

– მიუხედავად იმისა რომ გავაფრთხილე დოქტორი სიმრუ, მისი პერსონალი, რომ ავადმყოფი ალერგიული იყო მთელი რიგი პრეპარატების მიმართ, მიუხედავად იმისა რომ კატეგორიულად ვითხოვდი ალერგიული ტესტის ჩატარებას და ანტიბიოტიკების დანიშვნას მომატებული ფონის შესამცირებლად, მათ არც ავადმყოფის ალერგიულობა გაითვალისწინეს, არც ანამნეზი. რეანიმაციაში ყოფნის პერიოდში (3-4 დღე) მონიტორზე აჩვენებდა რომ პაციენტის პულსი 127 იყო (მისი ნორმა 80-90 იყო), ხოლო წნევა 150 (ნორმა 100-110 იყო), ჩემი თხოვნის და გაფრთხილების მიუხედავად რომ გულს შესაძლოა ვერ გაეძლო ასეთი დატვირთვისთვის, ყურადღებას არ აქცევდნენ ამ გადახრას. მაგრამ ყველაფრის კულმინაცია იყო ის, როცა დავინახე რომ ხსნარი, რომელსაც უსხამდნენ კანქვეშ მიდიოდა და ავადმყოფს ხელი ულურჯდებოდა – გამოუცდელმა მედპერსონალმა ვერ შეძლო ვენაში შესვლა და ხსნარი კანქვეშ მიდიოდა. მივარდი ექიმთან, ვითხოვდი გადასხმის შეწყვეტას, ხელის განთავისუფლებას, მაგრამ ადგილზე მხოლოდ მორიგე ექიმი იყო, რომელმაც ინგლისურად ერთადერთი სიტყვა იცოდა – „ნორმალ“ და გაუთავებლად ამ სიტყვას გაიძახოდა. სასოწარკვეთილმა დავურეკე თარჯიმან ნინო თომაშვილს და ვითხოვდი დაერეკა განყოფილების გამგისთვის, დოქტორ სიმრუსთან და ჩაეყენებინა საქმის კურსში, მაგრამ მან მიპასუხა, რომ მისი ნომერი არ იცის და ვერ დაუერეკავს. მთელი ღამის განმავლობაში ხსნარი კანქვეშ ისხმებოდა. დილით, მოვიდა თუ არა განყოფილების გამგე, დოქტორი სიმრუ, შეწყვიტა გადასხმა, მაგრამ უკვე გვიან იყო – ხელი უკვე მხრამდე გალურჯებული და შეშუპებული იყო. წარმოიქმნა თრომბი და მეორე ღამეს გაჩერდა გული….

კურატორი, დოქტორი  ფერაჰი,  რომლსაც აჩემებული ჰქონდა ფრაზა, She will be fine, დაღუპვამდე 2 დღით ადრე ისევ გვმტკიცებდა რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, და ორშაბათიდან მკურნალობას დაიწყებდა. თქვა ეს და ისევ კონფერენციაზე წაბრძანდა. ორშაბათს უკვე საქართველოში გვყავდა ჩამოსვენებული ჩემი და… ისე გარდაიცვალა და ისე გადმოვასვენეთ რომ არც უნახავს.

რა არის ეს ყველაფერი, თუ არა LIV HOSPITAL-ის გამოუცდელი, არაპროფესიონალი ექიმებისა და მედპერსონალის არაკვალიფიციური, უპასუხისმგებლო, დანაშაულებრივი ქმედებები? მარტო უახლესი აპარატურა არაა ჰოსპიტალი, რას გიშველის უახლესი აპარატურა თუ ექიმი გამოცდილი არაა? ეს ჰოსპიტალი ერთი წელია არსებობს და დაკომპლექტებული გამოუცდელი კადრებით, რომლებსაც მხოლოდ მზა სქემების გამოყენება შეუძლიათ და სრულიად უუნარონი არიან დასვან დიაგნოზი და მიიღონ ადეკვატური გადაწყვეტილებები. მათი უპასუხისმგებლობით და არაკომპეტენტურობით იქნა გამოწვეული ინტოქსიკაცია, შემდეგ ალერგიული შოკი. გადასხმამ ვენის ნაცვლად კანქვეშ გამოიწვია თრომბი. ვერ დაარეგულირეს პულსი და წნევა, მათმა უმეცარებამ  და კურატორის, დოქტორ ფერაჰის არაკომპეტენტურობამ და უპასუხისმგებლობამ გამოიწვია ეს ტრაგიკული შედეგი. სწორედ, დოქტორ ფერაჰს ეკისრება ძირითადი პასუხისმგებლობა პაცინეტის დაღუპვის გამო. ვერ აფასებდა შექმნილ სიტუაციას, ბოლო დღეებამდე უპასუხისმგებლოდ ამტკიცებდა რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა და დაიწყებდა ფილტვზე მკურნალობას, უგონოდ მყოფი პაციენტი მიატოვა და მორიგ კონფერენციაზე გაემგზავრა. რა უნდა ითქვას ექიმზე, რომლისთვისაც კონფერენცია უფრო ფასეულია, ვიდრე ადამიანის სიცოცხლე?“

არსებობს თუ არა რაიმე მექანიზმი, რაც თავიდან ააცილებს საქართველოს მოქალაქეებს ამგვარ სიტუაციებში მოხვედრას? როგორც „ქრონიკა+“-ს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსმა მარინა დარახველიძემ განუმარტა, სახელმწიფო მხოლოდ მაშინ ერევა საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ მკრუნალობის პროცესში, თუ მოქალაქე თხოვნით მიმართავს ჯანდაცვის სამინისტროს, რომ დაუფინანსონ საზღვარგარეთ მკურნალობა. მარინა დარახველიძის განმარტებით, საზღვარგარეთ მკურნალობის ნაწილობრივ ან სრული დაფინანსება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში შეუძლებელია მკურნალობა – არ ტარდება კონკრეტული ოპერაცია, ან დანერგილი არაა მკურნალობის მეთოდი, რომელიც ესაჭიროება ადავმყოფს.

მარინა დარახველიძე: „როდესაც მოგვმართავენ დაფინანსების თხოვნით, ჩვენ ვერ ვეყრდნობით მხოლოდ მათ მიერ მოწვდილ ინფორმაციას და მათ ვგზავნით სამინისტროს დარგის ექსპერტებთან, რომლებიც ეცნობიან ავადმყოფის ჯანმრთელობის ისტორიას და წერენ დასკვნას, შესაძლებელია თუ არა კონკრეტული პაციენტის მკურნალობა საქართველოში, თუ იგი საჭიროებს საზღვარგარეთ მკურნალობას. თუ იგი აუცილებლად საჭიროებს საზღვარგარეთ მკურნალობას, ამ დასკვნის საფუძველზე, დაფინანსების საკითხი ინდივიდუალურად იხილება რეფერალურ კომისიაზე. ისინი თავად ირჩევენ სად, რომელ ქვეყანაში, რომელ კლინიკაში წავიდნენ სამკურნალოდ. სახელმწიფო არ ერევა მათ არჩევანში.  აირჩიოს სამედიცინო დაწესებულება, ეს მისი უფლებაა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, ამაში სახელმწიფო ვერ ჩაერევა. ისინი თავად იძიებენ ინფორმაციას, ამყარებენ კონტაქტს. ამ პროცესში მათ ეხმარებიან მათივე მკურნალი ექიმები, რომლებიც არიან სხვადასხვა საერთაშორისო ასოციაციის წევრები, პირადი კონტაქტები აქვთ უცხოელ კოლეგებთან, თანამშრომლობენ საზღვარგარეთის კლინიკებთან“.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, სამინისტრო პაციენტს კლინიკის შერჩევაში, მხოლოდ იმ შემთხვევაში ეხმარება თუ თავად პაციენტი ითხოვს. ეხმარებიან მხოლოდ რეკომენდაციის დონეზე და ისიც იმ ინფორმმაციის ფარგლებში, რაც მათ გააჩნიათ.

 იმ შემთხვევაში თუ პაციენტს ან მის თანხლებ პირს, ეჭვი აქვს რომ არასწორად ჩატარდა მკურნალობა, დახმარებისთვის უნდა მიმართოს საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას იმ ქვეყანაში, სადაც დეტალურად იციან რა ქმედებებია განსახორციელებელი იმ ქვეყანაში. პაციენტის, თანხლები პირის, ან საკონსულოს მიმართვის შემთხვევაში, შესაბამისი მაკონტროლებელი ორგანო იწყებს კონკრეტული შემთხვევის შესწავლას და არკვევს სწორად იყო თუ არა წარმართული მკურნალობის პროცესი. თუ იკვეთება ხარვეზი მკურნალობისას, ექიმების პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხს იხილავს სათანადო სტრუქტურა, დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთსხვევაში საქმეში სამართალდამცავები ერთვებიან…

„აი, თითი“! „აი ხე“!

5

გამოქვეყნდა გაზეთ “ქრონიკა+”-ში, 2012 წლის 15 ივლისს, საავტორო რუბრიკაში “მეცამეტე გვერდი”.

რეზო შატაკიშვილი

ხელისუფლება გამარჯვებას ზეიმობს. არადა, საზეიმო არც არაფერია. ან არ უწყიან, ან თავს არ უტყდებიან, ან კიდევ – ამომრჩეველს, ამ გამარჯვებაში რაოდენი დამარცხებაა. კი, რიხით გვიცხადებენ, რომ ნარმანიას 72%-მა მისცა ხმა. ფრთხილად, ფრთხილად, ე, მანდ, ზვიად გამსახურდიად არ შემოგვასაღოთ! დააყოლეთ, ბატონებო, რომ არჩევნებზე მისული ამომრჩევლის 72%-მა მისცა ხმა ნარმანიას და ისიც არ დაგავიწყდეთ, თბილისელი ამომრჩევლის რა პროცენტი გეწვიათ არჩევნებზე – 34,3%. რეალურად, თბილისის ამომრჩევლის ორმა მესამედმა ზურგი გაქციათ თქვენც და ნაციონალურ მოძრაობასაც. როგორ ფიქრობთ, ესაა უფრო მნიშვნელოვანი მარცხი თუ ის გამარჯვება – ერთი მესამედი რომ მოვიდა არჩევნებზე და იმ ერთი მესამედის 72%-მა მოგცათ ხმა? თბილისის ბედი 222 000-მა კაცმა გადაწყვიტა.

არადა, რა არ იღონეს, თუნდაც ეს 34% რომ მიეყვანათ საარჩევნო ურნებთან? ისტორიაში ჯერ არ გაგონილი „სეილებიც“ კი მოიგონეს. მარკირებული თითით დედებს ბალღების „მაკდონალდსა“ და „ვენდისში“ 20%-იანი ფასდაკლებით წაყვანა შესთავაზეს, გაჩანაგებულ პენსიონერებს წამლების 22%-იანი ფასდაკლებით ყიდვა აფთიაქებში, „გუდვილი“ და „სმარტი“ 15%-იან სეილზე ეპატიჟებოდა ხალხს, „გალფი“ და „ვისოლი“ კი 5 თეთრით ნაკლებად უსხამდა ბენზინს. ეს მამაძაღლი, ამ ერთი დღით მაინც გექციათ რეალობად თქვენი წინასაარჩევნო ბოდვა-ლეგენდა და ლარით ნაკლებად ჩაგესხათ ბენზინი. აი, იმ ლარით, მიშა რომ ლიტრ ბენზინზე იდებდა ჯიბეში. რა იყო, 5 თეთრით მეტზე ვერ დაიყოლიეთ მიშა? არ გითმობთ? მოკლედ, რა მსუნაგია ეს მიშა, ძალაუფლება უდრტვინველად დათმო და ლიტრ ბენზინზე ლარს არ ელევა.

ლიტრი ბენზინი და მიშას ჯიბეში „მდინარი“ ლარი იქით იყოს და რაც თქვენ მოიმოქმედეთ, ცხადია, ჯდება კანონის ფარგლებში, მაგრამ რა არის, თუ არა ხვეწნა-მუდარა, რომ ამომრჩეველი არჩევნებზე მიგეყვანათ და მეტიც – მათი მიტყუება არჩევნებზე? და ვის დააჯერებთ, რომ ან ამ აფთიაქებს, ან სხვა კომპანიებს ასე აღელვებდათ ამომრჩევლის აქტივობა, ამხელა ხარკი რომ გაიღეს? ეს რომ მიშას დროს მომხდარიყო, ქოშებს ხომ წაღმა-უკუღმა გაისროდით და ერთ ამბავს ატეხდით, რომ მიშა ბიზნესზე ძალადობს? რაც მიშას დროს ბიზნესზე ძალადობა იყო, ახლა იმას კეთილი ნება დაარქვით? კი დაარქვით, მაგრამ რატომ არ კითხულობთ, სჯერა ეს ვინმეს თუ არა? თუ სულაც არ გაინტერესებთ, რას ფიქრობს ან არჩევნებზე მოსული ის 27%, ვინც ხმა მელიას მისცა, ან მეტიც – საერთოდ, ამომრჩევლის 66%, ვინც საერთოდ ზურგი აქცია არჩევნებს და თითის მარკირების ნაცვლად, თითების სულ სხვა კომბინაცია დაგანახვათ? ხომ არ გგონიათ, რომ ამ 66%-მა საერთოდ ხელი აიღო ყველაფერზე? არ დაგავიწყდეთ, რომ მომავალი არჩევნების ბედს სწორედ ეს 66% გადაწყვეტს. თავს ნუ დაიმშვიდებთ, რომ ეს 66% თქვენიანები არიან, რომლებიც ბრმად გენდობიან, ისე ბრმად, რომ თავსაც არ იწუხებენ და არჩევნებზეც არ მოდიან. არც ის დაგავიწყდეთ, ან ეგ 72% როგორ მოაგროვეთ. კარგად გაიხსენეთ პირველი ტურის შედეგები. დათონორ ნარმანიამ 46% ძლივს აიღო, სულ 151 807 კაცმა მისცა ხმა. ახლა 46% 72%-ზე ავარდა და 151 807 კაცის ნაცვლად, 222 066-მა მისცა ხმა. ნამდვილი და არა ღარიბაშვილისეული არითმეტიკით, ნარმანიას პირველ ტურთან შედარებით 70 259 კაცით მეტმა მისცა ხმა. ამ 70 000-ს კაცს ახლა გაახსენდა არჩევნებში მონაწილეობა? ამ „სეილებით“ მიიზიდეთ, თუ ეს ის 70 ათასი ადამიანია, ვინც პირველ ტურში სხვა კანდიდატებს მისცა ხმა? დაიხ, დიახ! დიმიტრი ლორთქიფანიძეს 42 208 კაცმა მისცა ხმა, ირმა ინაშვილს – 17 684-მა, კახა კუკავას – 7 642-მა, ანუ ჯამში 67 534 კაცმა და სწორედ ამათ ხომ არ მისცეს ხმა ახლა ნარმანიას? და ნეტა, რით მიიზიდეთ? „სეილებით“? თუ გიგი უგულავას დაჭერით? დიახ, ბატონებო, ამჯერად, სწორად გათვალეთ – გიგი უგულავასთვის ბორკილების დადებით – თანაც კამერების წინ სწორედ ამ აგრესიულად განწყობილი ელექტორატის გული მოიგეთ. მით უფრო იმ ბაკქანალიით, რაც შემდეგ სასამართლოს ეზოში დაატრიალეთ თუ ვერ აღკვეთეთ! წინასაარჩევნოდ მოწყობილმა ჰიჩკოკმა გაჭრა. შურისძიებას მოწყურებული ელექტორატის გული მოიგეთ და ხმებიც მოიზიდეთ, მაგრამ ვერ ატყობთ, რომ პროცესი „ჩიტო, ჩიტო, ჩიორას“ ზღაპარს ემსგავსება? როდემდე გადაუგდებთ ამგვარ ელექტორატს „ბარტყებს“? წინ კიდევ 2 წელი გაქვთ, 2 წლის შემდეგ არჩევნები და როგორ ფიქრობთ, გეყოფათ ნაციონალები? თუ მერე ხადურს „გადაუგდებთ“ და ამით მოიგებთ მათ გულს? არ ფიქრობთ, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ეს აგრესიული ელექტორატი ისევ იმათ მისცემს ხმას, ვისაც აძლევდა? ვისაც მისცა პირველ ტურში?

სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ამომრჩევლის ორი მესამედი არც მივიდა არჩევნებზე, საზოგადოებაში უკვე აჩენს მესამე ძალის მოლოდინს. უკვე ჩნდება ვარაუდები, რომ ეს ორი მესამედი ახალი პოლიტიკური ძალის მოლოდინშია. გარკვეულ თუ გაურკვეველ პირებს უკვე ესახებათ კიდეც ლევან ვასაძე ამ მესამე ძალად, მაგრამ სულ ტყუილად. რატომ? იმიტომ, რომ ამ არჩევნებზეც, სწორედ ამ მეორე ტურზეც, შეგეწიათ ეკლესია ამბიონიდან – სამებაში ქორეპისკოპოსმა იაკობმა პირდაპირ მოუწოდა მრევლს ნარმანიას მხარდასაჭერად. აბა, სხვა რანაირად უნდა იქნეს გაგებული მისი ქადაგება, სადაც ის ნაციონალებს გვერდზე განდგომისკენ მოუწოდებს? თავისთავად ცხადია, ქორეპისკოპოსის ძალისხმევამ ხელი შეუწყო და, გარკვეულწილად, განსაზღვრა კიდეც თქვენი გამარჯვება ამ მეორე ტურში, გამორიცხული არ არის, რომ შემდგომ საპარლამენტო არჩევნებში ეკლესიამ სწორედ ვასაძეს დაუჭიროს მხარი, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ეკლესიის მოწოდებასაც აღარ აქვს ის ძალა, რაც ჰქონდა 2012 წლის არჩევნებზე. ფაქტია, რომ მათი მოწოდების მიუხედავად, აქტივობა აქამდე არსებულ ყოველგვარ ნიშნულს ჩასცდა. საერთოდ კი რა ამის პასუხია და, ვინმე დაფიქრებულა, რომ, საერთოდ, ეკლესიის, თუნდაც პატრიარქის რეიტინგები რბილად, რომ ვთქვათ, გაზვიადებულია? დიახ, იმ მაღალ პროცენტებზე მოგახსენებთ, სხვადასხვა დროს რომ ფიქსირდებოდა კვლევებში, ხან 93%-იანი ნდობა, ხან 86%-იანი. კი მაგრამ, ამ მრავალეროვან საქართველოში 300 ათასამდე აზერბაიჯანელი ცხოვრობს, ისინი საქართველოს მოსახლეობის 6,6%-ს შეადგენენ, ამ ქვეყანაში ცხოვრობს 250 ათასამდე სომეხი (5,7%), დამეთანხმებით, რომ იშვიათი გამონაკლისების გარდა, ამ ერის წარმომადგენლები საერთოდ არ არიან მართლმადიდებლები. ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოს 9,9% მუსლიმანია, 3,9% სომხური წმინდა სამოციქულო ეკლესიის მრევლია, 0,8% კათოლიკეა, ახლა ამ ყველაფერს დაუმატეთ სხვადასხვა კონფესიები – იეღოვას მოწმეები, ბაპტისტები და ა. შ. და ამიხსენით, რანაირად აქვს პატრიარქს 93%-იანი ნდობა? არც ის დაივიწყოთ, რომ მართლმადიდებელთა გარკვეული ნაწილი ეკლესიას და რწმენას სულაც აღარ აიგივებს, კიდევ უფრო დიდი ნაწილი კი სულაც არ ენდობა სამღვდელოებას, რაც გასაკვირი სულაც არაა, მწამდეს ღმერთი, დავდიოდე ეკლესიაში, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ვენდობი მათ, ვინც იქ ქადაგებს. მით უმეტეს, ვენდობოდე ისე ბრმად, რომ ვისზეც მეტყვის, ის შემოვხაზო არჩევნებზე. არავინ დაობს, რომ ეკლესიას დიდი ძალა აქვს, იქნებ, საბედისწეროც, მაგრამ როცა ნდობა პროცენტებში გადაგვყავს, პროცენტებით ვილაპარაკოთ – როცა ტარანს ვითვლით, ტარანი ვთვალოთ. ფაქტია, რომ ქორეპისკოპოსის მოწოდებამ – არჩევნებზე მისულიყვნენ, დიდად ვეღარ გაზარდა აქტივობა და მცირეა ალბათობა, რომ ასპარეზზე მათი ხელდასხმით გამოსული ვასაძე ეგულებოდეს მესამე ძალად ელექტორატის იმ 66%-ს, რომელმაც ყური არ ათხოვა ქორეპისკოპოსის ქადაგებას. ამომრჩევლის ამ ნაწილის განწყობებში რომ დიდი გადალაგება ხდება ფაქტია, ხომ ფაქტია, რომ საპარლამენტო არჩევნებზე დედაქალაქში „ოცნებას“ ხმა მისცა 433 700-მა კაცმა და ახლა, მეორე ტურში – 222 000-მა და, ლამის, ამდენივემ, – 211 000-მა კაცმა აღარ მოგცათ ხმა? თავს იმით ნუ დაიმშვიდებთ, რომ მაშინ ნაციონალებს დედაქალაქში 172 494 კაცმა მისცა ხმა და ახლა, ამ მეორე ტურში, 84 350-მა კაცმა, ანუ ხმები მათაც გაუნახევრდათ. არ დაგავიწყდეთ, რომ ეს რადარებიდან „გამქრალი“ ძალაა, თან ოპოზიციური და თქვენს ხელისუფლებაში მყოფი ძალა. და რომ ყველა უკეთურებაზე, პრობლემაზე თქვენ მოგეთხოვებათ პასუხი და არა მათ. კი, ეჭვიც არ მაქვს, კვლავაც სარფიანად გადააბრალებთ მათ ყველა უბედურებას, „9 წელი“ კვლავაც აქტუალური იქნება, ამ „კოზირს“ თქვენგან ხელდასხმული ნარმანიაც არაერთხელ გამოიყენებს, ყინჩად გამოაცხადებს იმას, რომ გიგი-მაჰმად-ხანის აოხრებული თბილისი ჩაიბარა, რომ ამ ქალაქში არც შუქი იყო, არც წყალი და არც ის ყბადაღებული ასფალტი, 9 წელი რომ არავის უნდოდა ჭამა, მაგრამ იცოდეთ, ეს დიდხანს ვერ გასტანს. რომ ვერ გასტანს, სწორედ ამის დასტურია ეს დაბალი აქტივობა და ნუ გგონიათ, რომ ამ ორ წელიწადში ეს აქტივობა სათქვენოდ აიწევს. დამიჯერეთ, ამ საქმეს არც მილიონი ხე უშველის, ჯერ ერთი, რომ „ასი ქარხნის“ არ იყოს, ეგ მილიონი ხეც შეუსრულებადია და რომც შეასრულოთ, ეს თქვენი დარგული ხეები 2 წლის შემდეგ ჯერაც ნერგები იქნება – კოჭებსაც ვერ გაუნიავებს ელექტორატს და შედეგად არც ჩაგეთვლებათ. არც ის დაგავიწყდეთ, რომ დიდად არც არავის ხიბლავს უსიერ, დაბურულ ტყეში ცხოვრების პერსპექტივა. მერწმუნეთ, არც იმ 222 ათას ამომრჩეველს მოეწონება „კრასნაია შაპოჩკასავით“ ტყეში ცუნცული. ნურც მესამე ძალის გამოჩენის და მისი სისუსტის იმედი გექნებათ. თუ ეს მოხდა, მით უფრო სავალალო შედეგი დადგება თქვენთვის, ხალხი ისევ ნაციონალური მოძრაობისკენ იბრუნებს პირს. ინერტულობა, გულგრილობა დროებითი მდგომარეობაა, ახლა არ ჰქონდათ იმედი თქვენი დამარცხებისა და წაგებულ არჩევნებზე მისვლით თავი არ შეიწუხეს. როგორც კი ძალას იგრძნობენ, როგორც კი თქვენი მარცხის სურნელი დატრიალდება, სწორედაც რომ არ დაეზარებათ არჩევნებზე მოსვლა და თქვენი შემოხაზვა კი არა – თქვენთვის მოხაზვა. განა, ასე არ იყო ოქტომბრის არჩევნებზე? ნუ გგონიათ, რომ მაშინ თქვენ გამოგყვნენ. არა, ბატონებო, მათ სჯერათ, რომ ფულს დიდი ძალა აქვს და დაიჯერეს, რომ ეს დიდი ფული დაამარცხებდა წინა ხელისუფლებას და ამაში არც შემცდარან. მერე რა, რომ იმაში შეცდნენ, რომ ეს ფული მათზე განაწილდებოდა? ხოდა, ამ თავის შეცდომასაც თქვენ გადენენ ძმრად, აბა, თავის თავს ხომ არ დასჯიან? ლომის არ იყოს, აბა, ჩემს შვილს ხომ არ დავსჯიო?.. დიახ, თავის შეცდომაზეც თქვენ გაგებინებენ პასუხს და თქვენს უნიათობაზე და შეცდომებზეც. „მაკდონალდსში“ შეღავათიან ფასად მოხვედრით ვეღარ მოიტყუებთ ურნებთან, აღარც დაგჭირდებათ ხვეწნა-მუდარა, ისე მოვლენ და გაგისტუმრებენ პოლიტიკური საიქიოს გზას. მერე თქვენგან გარიყული პრეზიდენტიც კიდევ უფრო მიეცემა სევდას და ვეღარც მოგილოცავთ გამარჯვებას. მას ხომ ეს ფუნქციაღა დაუტოვეთ. ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელი არ მოაწერინეთ, ექსპრეზიდენტი შევარდნაძე არ დაატირებინეთ, მადლობა ღმერთს, ნარმანიასთვის მაინც მიალოცინეთ გამარჯვება, მაგრამ იქნება და სჯობდა ახლაც დაგებრიყვებინათ? ხანდახან მგონია, რომ ღარიბაშვილი არც ტყუის მასთან, გასაქანს რომ არ აძლევს. მგონია კი არა, დარწმუნებულიც ვიქნებოდი, თავად ღარიბაშვილი რომ უარესი „სიბრძნეებით“ არ გვიმასპინძლდებოდეს. ახლა კი ბატონმა პრეზიდენტმა რა ბრძანა? თურმე, ეს ყოფილა ისტორიული მომენტი, რომლიდანაც საქართველოში რეალურად იწყება პოლიტიკური კულტურისა და თვითმმართველობის განვითარება. „ამ არჩევნებით ჩვენმა საზოგადოებამ კიდევ ერთი დამაჯერებელი ნაბიჯი გადადგა ქვეყანაში დემოკრატიის კონსოლიდაციისკენ და ისე, როგორც არასდროს, მიუახლოვდა თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს“, – ბრძანებს ბატონი პრეზიდენტი, მაგრამ, იქნებ, განგვიმარტოს, „დემოკრატიის კონსოლიდაცია“ სადაური ხურმაა? ინდის? ან რომელ ისტორიულ მომენტზე საუბრობს? ერთი მისი არჩევა იყო ისტორიული მომენტი და მეორე ახლა გვიდგას ეს ისტორიული მომენტი. ისე, მეტი ისტორიული მომენტი რა გინდა, ავირჩიეთ (უფრო სწორად – აირჩიეთ, კიდევ უფრო სწორად – ბიძინამ აირჩია) პრეზიდენტი, რომელიც ქსოვით იქცევს თავს და იქარვებს მარტოობით მოგვრილ კაეშანს და საინტერესოა, მერი ნარმანია რით შეიქცევს თავს, თუკი მასაც დაუქნევენ თითს? სწავლა სიბერემდეო და, ალბათ, ბატონი პრეზიდენტი არ დაზარდება, შეასწავლის ქსოვას. ეს გაგრძელდება მანამ, სანამ ამომრჩეველი მათაც და მათთვის თითის დამქნევსაც ერთად არ დაუქნევს მარკირებულ თითს, ან მეტიც – არ აჩვენებს სამი თითის კომბინაციას.

ჰერაკლე მარგველაშვილი

2

გამოქვეყნდა გაზეთ “ქრონიკა+”-ში, 2014 წლის 22 ივლისს, საავტორო რუბრიკაში “მეცამეტე გვერდი”. 

რეზო შატაკიშვილი

პრემიერ-მინისტრობის რა მოგახსენოთ და ღარიბაშვილი ურიგო სინოპტიკოსი არ ყოფილა – ზაფხული მართლაც ცხელი გვაქვს – ასეც და ისეც. ქვეყანაში საზარელი „სმესი“ დუღს – „სმესი“ ტრაგიზმის, დრამატიზმის, მასთან ერთად ზეობს ცინიზმი, ფარსი და ამ ჩვენს მიწიერ ტრაგიკომიკურ თუხთუხს კიდევ უფრო ამძაფრებს ის უბედურება, რაც უკრაინის ცაზე დაატრიალა პირსისხლიანმა პუტინმა.

„საზარელი მკვლელობა“ – ზუსტად ეს შეფასება იხმარა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით. ეს მაშინ, როცა მთელი ხელისუფლება თვითმკვლელობაზე საუბრობდა და საუბრობს. თუნდაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელიც უაპელაციოდ „საკუთარი სიცოცხლის მოსპობაზე“ საუბრობს. და მეტიც, მოძღვრავს კიდეც საზოგადოებას, რომ თავი შეიკავონ წინასწარი სპეკულაციებისგან. სპეკულაციებისგან თავშეკავების მოწოდება მართლაც მართლზომიერი იქნებოდა, ამას რომ სხვა პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი ამბობდეს და არა იმ გუნდის, რომელმაც რაფალიანცის საქმეზე პოლაროიდის სისწრაფით დაიწყო ვერდიქტების გამოტანა. ესეც რომ არ ჰქონდეთ აქტივში, საინტერესოა, რას სთხოვენ საზოგადოებას, როცა მათი რჩეული პრეზიდენტის განცხადება ძირშივე სპობს იმის საშუალებას, რომ საზოგადოება მშვიდად დაელოდოს გამოძიების შედეგებს? როდესაც პრეზიდენტი ხმარობს შეფასებას „საზარელი მკვლელობა“, რა უნდა იფიქროს საზოგადოებამ? მხოლოდ ის, რომ პრეზიდენტი გათამამდა? თუ ის, რომ იგი ფლობს გარკვეულ ინფორმაციას, რიგით მოკვდავთათვის ხელმიუწვდომელს და მასზე დაყრდნობით ამბობს ამას? რაც ისედაც აძლიერებს იმ დიდ ეჭვს, რაც გაჩნდა საზოგადოებაში ამ ფაქტთან დაკავშირებით? ან რა გასაკვირია, რომ საზოგადოებამ უყოყმანოდ არ მიიღოს ის ვერსია, რასაც აწვდიან? როდესაც საქმე აღიძრა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით, ამაში სამართლებრივად გაუმართლებელი არაფერია. საქმე აღიძვრება ამ მუხლით და თუ გამოიკვეთება სხვა რამ, მოხდება გადაკვალიფიცირება. ამაში ტრაგიკული არაფერია, მაგრამ საზოგადოებას განუმარტა ვინმემ ხეირიანად, რომ სამართალდამცველებმა მხოლოდ საქმე აღძრეს ამ მუხლით და უაპელაციოდ არ ამტკიცებენ იმას, რომ კიწმარიშვილმა თავი მოიკლა? თუ არაა საჭირო ასეთი განმარტებები და საზოგადოებამ თვითონ უნდა იგულისხმოს? მით უფრო მაშინ, როცა პრეზიდენტი „საზარელ მკვლელობაზე“ საუბრობს და იუსტიციის მინისტრი და სხვები – თვითმკვლელობაზე? თვითონ ჩქარობენ და აკეთებენ ხმაურიან დასკვნებს, თან ერთი გაღმა, მეორე – გამოღმა და საზოგადოების რაღა უკვირთ? და საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები რას აკეთებენ? „ვინც ეროსის პირადად იცნობდა, თვითმკვლელობა კატეგორიულად გამორიცხულია!“ – ძირითადად ასეთია მათი შეფასება. არადა, ასეთ დროს, თეორიულად, თან კატეგორიულად არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, არც თვითმკვლელობის, არც უბედური შემთხვევის, არც ვინმე ბიზნესპარტნიორისგან შურისძიების და არც ამ პროცესში ხელისუფლებისა თუ სპეცსამსახურების მონაწილეობის. კი, თავისთავად ცხადია, ადამიანის ფსიქოტიპიდან გამომდინარე, მცირდება თვითმკვლელობის ალბათობა, მაგრამ მისი უაპელაციოდ გამორიცხვა ნამდვილად არ წაადგება საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას. მეტიც, ეს კიდევ უფრო მუხტავს საზოგადოებას, აძლიერებს უნდობლობას და ხელისუფლება შეჰყავს ჩიხში. დიახ, ბატონებო, ეს სწორედ ის ჩიხია, სადაც თქვენ ოსტატურად გყავდათ ატუზული წინა ხელისუფლება, მაშინაც როცა ისინი ხელისუფლებაში იყვნენ და ახლაც, როცა ხელისუფლებაში აღარ არიან და გაუთავებლად აპელირებთ გამოძიებულ და გამოუძიებელ საქმეებზე. „ეროსი თავს არ მოიკლავდა“ შესაძლოა გექცეთ ისეთივე ლოდად, რაც იყო და არის „ჟვანია გაზით არ გაიგუდებოდა“. არადა, ეროსიც ადამიანია და გარდაცვლილი პრემიერიც – ერთმაც შეიძლება თავი მოიკლას და მეორეც გაზით გაიგუდოს. და როცა თავად თესდით უნდობლობას გამოძიების მიმართ, ახლა იგივე გიბრუნდებათ ბუმერანგად და შედიხართ ტრაგიკომიკურ ჩიხში: „აბა, გამოიძიე“. იმედი მაქვს, გამოიძიებთ კიდეც. ალბათ დადგინდება კიდეც ჭეშმარიტება, მაგრამ ყველაზე მწარე იცით, რა იქნება? მის ჭეშმარიტებას რომ არავინ ირწმუნებს, ან, ყოველ შემთხვევაში, საზოგადოების დიდი ნაწილი და ყველას დარჩება ეჭვი, ეჭვი იმისა, რომ ეროსი კიწმარიშვილი ხელისუფლებამ მოიშორა გზიდან. რაც უფრო ტყუილი იქნება ეს, მით უფრო მწარე იქნება თქვენი ხვედრი.

პარადოქსული იცით, რა არის? ისინი, ვისაც არანაირი ეჭვი არ გამოუთქვამს ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტთან და დედის რძესავით შეირგო მაშინდელი სამართალდამცველების მიწვდილი ინფორმაცია, რომ ზვიად გამსახურდიამ თავი მოიკლა, ახლა ხელებს აქტიურად ასავსავებენ და ამტკიცებენ, რომ ეროსი მებრძოლი იყო და თავს არ მოიკლავდა. უკაცრავად და ზვიად გამსახურდია მებრძოლი არ იყო? თუ როგორაა თქვენი საქმე?

ისე არ გამიგოთ, წულუკიანის დარიგებულივით ვიჯდე და მშვიდად ველოდო გამოძიების შედეგებს და თავში არანაირი ეჭვი არ ტრიალებდეს, უბრალოდ, მე საუბარი მაქვს იმაზე, რომ კატეგორიულად რამის გამორიცხვა, კატეგორიულად რამის მტკიცება, სწორედაც რომ კატეგორიულად მიუღებელია ამგვარ ვითარებებში. დიახ, ისევე კატეგორიულად მიუღებელი, როგორც იმ საქმეებზე კატეგორიული განცხადებების კეთება და ყველაფრის წინა ხელისუფლებაზე შეწმენდა, რითაც ამ ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ აქტიურად დაკავებულები და არც დღეს ეშვებიან და ჟამიდან ჟამზე ახსენდებათ.

პრეზიდენტმა თქვა „საზარელი მკვლელობა“ და რამდენიმე დღის შემდეგ რა მოაყოლა – თვითმკვლელობაც მკვლელობააო. „ქართული სიტყვა მკვლელობა ნიშნავს ცოცხალი ორგანიზმისთვის სიცოცხლის მოსპობას. იქნება ეს მკვლელობა, რომელსაც თვითონ ადამიანი სჩადის თავის თავზე, თუ სხვაზე ახორციელებს, ყველაფერი ეს მკვლელობაა. მე ამით იმის თქმა მინდა, რომ იურიდიული კვალიფიკაცია იმ მომენტში არ მიმინიჭებია“, – ბრძანა პრეზიდენტმა… დიდი ილია ასეთ დროს იტყოდა: „აგანგალა-განგალა“.

თუ აქამდე ექსპრემიერის განცხადებებს სჭირდებოდა განმარტებები და განმმარტებელი, ახლა უკვე პრეზიდენტსაც სჭირდება. მოკლედ, დიდი მოთხოვნაა „იოანე ოქროპირებზე“ ნაოცნებარ ხელისუფლებაში. თუმცა არც ის უნდა დაგავიწყდეთ, ეს განცხადება მას მერე გაკეთდა, რაც იგი პარლამენტს ეწვია დაუპატიჟებლად…

ეს ცალკე თემაა. მართლაც ტრაგიკომიკური. მართლაც გაურკვეველია, რა სურს ამ ხელისუფლებას – პრეზიდენტის ინსტიტუტის საბოლოოდ მიჯირყვნა და გაფარჩაკება? თუ პირადად მარგველაშვილზე ახორციელებენ შტურმს? ხომ გავიგეთ, რომ მიაღწიეს წარმატებას და ლამის გიორგი გარიყულად აქციეს? ხომ ფაქტია, რომ არც ასოცირების ხელშეკრულებაზე მოაწერინეს ხელი, მეტიც „პაეზდკიდანაც“ მოტეხეს და არც წაიყვანეს? დატუქსვასაც აქვს ზომა და წონა! რას ნიშნავს: „ეს შენობა ყველას ვერ დაიტევს ფიზიკურად“? გამაგებინეთ, ვისი ადგილია იქ, სადაც არ არის ქვეყნის პრეზიდენტის ადგილი? თუ მარგველაშვილი პრეზიდენტად არ გინდოდათ, რას აირჩიეთ, რა ასკილივით უქნევდით თავს ყველა ბიძინა ივანიშვილს?! ამოგეღოთ ხმა, თუ ახლაც ისევ თავკანტურის რეჟიმში ხართ ჩარჩენილი?! თუ საერთოდ პრეზიდენტი არ გინდოდათ და არ გინდათ? იქნებ, სცადოთ და ცოტა გვერდიდან შეხედოთ თავს? თუ ამას მოახერხებთ, ნამდვილად დაინახავთ, რასაც ჰგავს ეს ყველაფერი…

დღის მთავარ ინტრიგად გამოცხადდა პრეზიდენტ მარგველაშვილის გამოჩენა პარლამენტში ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებისას. ის გამოჩნდა და ხურდა დააბრუნა: „ხომ ყველა დავეტიეთ?“. ეს შემდეგ გასაღდა მის ფანტასტიკურ იუმორად და შამპანურებით ხელში ინციდენტი ამოწურულად კი არა, საერთოდ უარყოფილი იქნა, მაგრამ რა ვუყოთ იმ ფაქტს, რომ იგი საერთოდ არ იყო სიაში? მისი იქ გამოჩენა კი ლამის ჰერაკლეს გმირობად იქნა მიჩნეული. თუ, ახლა, მითოსს გავიხსენებთ, მარგველაშვილი კაი ხანია დგას გზაჯვარედინზე – იმ გზაჯვარედინზე, სადაც ჰერაკლეს ორი მანდილოსანი გამოეცხადა, ერთი ნეტარებას, ხორციელ სიამენს აღუთქვამდა, მეორე გმირობას და დიდებას, მაგრამ მას, მარგველაშვილს, ჯერაც არ აურჩევია, დაადგეს სათნოების გზას და გახდეს მართლა პრეზიდენტი, თუ, უბრალოდ, იცხოვროს საპრეზიდენტო განცხრომაში? ახლა ის ფაქტი, რომ პარლამენტში მივიდა, ჯერაც ვერ ჩაითვლება იმად, რომ იგი საგმირო საქმეების გზას დაადგა,  ლომი ჯერ არ დაუხრჩვია და, შესაბამისად, ვერც ლომის ტყავი მოსავს მას. დრამატული, კულმინაციური მომენტი კვლავ გალაითდა და იმ შამპანურივით აშუშხუნდა, რომელიც იქ შეისვა. მით უმეტეს, რომ სწორედ ამის შემდეგ მოხდა სკანდალური განცხადების ჩანეიტრალება.

„მარგველაშვილი არის ტრეფიკინგის მსხვერპლი“, – დაწერა ბექა მინდიაშვილმა „ფეისბუკში“.

ამ გაგანია ზაფხულში ისევ აქტიურდება პრეზიდენტის სასახლის თემა: მარგველაშვილს უტრიალებენ იმ განცხადებას, სადაც ამბობდა, რომ ეს სასახლე პრეზიდენტისთვის დიდი იყო და სტუდენტებს უნდა გადასცემოდა. მედიაში ჩნდება ცნობები მისი კომპრომატების თაობაზე, ქმედება იწვევს უკუქმედებას… საზოგადოებაშიც და დავიჯერო, ამ გზით აპირებთ, საზოგადოება კეთილად განაწყოთ პრეზიდენტ მარგველაშვილის მიმართ? რაღაც არ მგონია, საკუთარ იმიჯს სწირავდეთ მის სამსხვერპლოზე. რა არის თქვენი ამოცანა? ქრონიკულად „ტომი და ჯერის“ თამაში? ისედაც გარიყული პრეზიდენტის უარესად გარიყვა? ბარემ რობინზონ კრუზოსავით უკაცრიელ კუნძულზე გარიყეთ! ვიდრე პრეზიდენტს ჯირყვნიან, რა ხდება იმ ქალაქში, სადაც ოდესღაც უღრანი ტყე იყო და გორგასალმა ქალაქი გააშენა? დავით ნარმანია ისევ ტყეს გვიშენებს. ოღონდ, არ იკითხავთ, ვის ხარჯზე? – ბიზნესმენების ხარჯზე! არჩევნებამდე დაგვპირდა მილიონი ხის დარგვას, ახლა რა გაირკვა? თურმე, ბიზნესმენები, სამშენებლო კომპანიები, ვალდებულები ხდებიან, დარგონ ეს ხეები. აქამდე ვიცოდით სხვისი ხელით ნარის გლეჯა. ახლა გავიგეთ, სხვისი ხელით (და ფულით) ხეების დარგვა. მერე რა, რომ თვითონ დაგვპირდა? ხო დაარგვეინებს რაც მთავარია? აა, ეს მათი „კეთილი ნებით“ მოხდება? ამ კეთილ ნებას მიშას დროს ბიზნესზე ძალადობა ერქვა. დროც იცვლება, ლექსიკონიც… მერე რა, რომ ეს „კეთილი ნება“ ისევ მოსახლეობას შემოუტრიალდება და ბინები გაძვირდება? ამდენ ხლაფორთს, ბარემ, ჩვენ დაგვავალეთ და ჩვენი ხარჯით დავრგავთ თითო ხეს და კიდეც გამოვა მილიონი ხის დარგვა. თქვენ, უბრალოდ, წამოგორდით და დაითვალეთ, როგორც ლუარსაბი ითვლიდა ბუზებს…

 

აქლემი და თეა

6

გამოქვეყნდა გაზეთ “ქრონიკა+”-ში, 2014 წლის 10 ივნისს, საავტორო რუბრიკაში “მეცამეტე გვერდი”. 

რეზო შატაკიშვილი

მადამ „რამეთუ“ ახალ რეჟიმში გადადის – ამჯერად „მიუხედავად ყველაფრისას“ იყენებს ფარად და მახვილად, ცხადია, ნაციონალების წინააღმდეგ ბრძოლაში.   გამობრძანდა და გვამცნო, – უპრეცედენტოდ მშვიდიაო წინასაარჩევნო გარემო, ისეთი კი არააო, ქარაფებიდან გადაეშვასო შორენა, არამედ ისეთიაო – ლაითიო – უპრეცედენტოდ მშვიდიო, ლამისაა ხიდან ხეზე გადმოფრინდეს ჩიორაო.

მიუხედავად ყველაფრისაო, – თქვა თეამან არაკი, – მე, როგორც უწყებათშორისი კომისიის თავმჯდომარე, ვაცხადებ, რომ საარჩევნო გარემო იყოო თავისუფალი, არ ხდებოდაო ძალადობა სახელმწიფოს მხრიდან, როგორც ეს ადრე ხდებოდაო. ჩვენ შევძელით – სახელმწიფო არ ძალადობსო საკუთარ მოქალაქეებსა და საკუთარ ოპოზიციაზეო. სხვა „ყველაფერი“ კი რაც ხდება – „რაიმე ტიპის იციდენტები“ – მიაწერა კერძო პირებს…

რაი არს საფუძველი სიამაყისა მისისაი?

რას ეძახის ნეტარ სიმშვიდეს, ხალხი რომ უცვივდება კანდიდატს ამომრჩეველთან შეხვედრაზე? კანდიდატი რომ ამ მივარდნილ ვითომ „ადგილობრივებში“ „ოცნების“ აქტივისტებს რომ ამოიცნობს? ეს სახელმწიფოს მხრიდან ძალადობა არაა, თუ მაინცდამაინც შესაბამისმა უწყებებმა უნდა დააწიოკონ ხათუნა ბერძენიშვილი ფონიჭალაში და მაშინ ჩაითვლება ძალადობად? თუნდაც უპარტიო ხალხი რომ ტეხდეს დებოშს და აყალ-მაყალს, როცა პოლიცია არ ანძრევს ხელს, რა ჰქვია ამას?

თურმე უპრეცედენტო სიმშვიდეა, როცა ზუგდიდში ნაციონალების ოფისს ქვებს უშენენ, ოფისში შეჭრას ცდილობენ და ნაციონალები ამ აქციის მეთაურებში „ქართული ოცნების“ ადგილობრივ აქტივისტებს და კონკრეტულ ლიდერებს, მეტიც, თვითმმართველობის სპეციალისტს ამოიცნობენ.

თურმე უპრეცედენტო სიმშვიდეა, როცა ბათუმში ამომრჩეველთან შეხვედრაზე მიუცვივდებიან გიგა ბოკერიას, გია ბარამიძეს და უგულავას. თურმე ეს სიმშვიდეა, თანაც უპრეცედენტო, აბა, რა, კერძო პირები მიუცვივდნენ, ვოლსკი და ღარიბაშვილი ხომ არა?

თურმე უპრეცედენტო სიმშვიდეა ის, რაც განვითარდა მარნეულში. გამგებლობის კანდიდატი იმამკულიევი არჩევნებიდან მოხსნეს. რეგისტრაცია საოლქო კომისიამ გააუქმა, თითქოსდა იმ მოტივით, რომ იმამკულიევს ბოლო 2 წელი საქართველოში არ უცხოვრია. ეს გააკეთეს მიუხედავად იმ დოკუმენტებისა, საიდანაც დასტურდება, რომ იგი ცხოვრობდა. ამ ყველაფრის შემდეგ ხათუნა გოგორიშვილმა ფარდა ახადა სკანდალურ კულისებს და განაცხდა, რომ 12 ივნისს შეხვედრა ჰქონდა უსუფაშვილთან, რომელმაც მას გადასცა მთავრობის გზავნილი, რომ მოეხსნათ იმამკულიევის კანდიდატურა. უსუფაშვილი ეკრანებზე არ გამოჩენილა, ხათუნა გოგორიშვილის სკანდალურ ბრალდებას ეპისტოლარულად გამოეხმაურა, გოგორიშვილთან შეხვედრის ფაქტი ვერ უარყო, მაგრამ თურმე იმ შეხვედრაზე გვარები და სახელები არ ყოფილა ნახსენები. თურმე, მათ „ქვეყნის ეროვნული ინტრერესების საზიანო შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილების მოდელებზე“ უსაუბრიათ. თუ გავითვალისწინებთ, რომ ხათუნა გოგორიშვილი წარმოადგენს ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო არტილერიას, ცოტა ძნელი დასაჯერებელია, მას ამ გაგანია წინასაარჩევნო პერიოდში მოდელებზე სასაუბროდ მოეცალა ვინმესთან, თუნდაც ეს პარლამენტის თავმჯდომარე ყოფილიყო. ხათუნა გოგორიშვილთან წინასაარჩევნოდ შეხვედრა იმთავითვე ნიშნავს იმას, რომ შეხვედრა არჩევნებს შეეხებოდა და არა გეოპოლიტიკურ პერიპეტიებს თუ მოდელებს. ფაქტია ისიც, რომ სწორედ ეს იმამკულიევი არჩევნებიდან მოხსნა ჯერ საოლქო კომისიამ, შემდეგ ამ გადაწყვეტილებაზე კვერი დაუკრა „ცესკომ“. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ხელისუფლება სისხლხორცეულად იყო დაინტერესებული, არჩევნებიდან ჩამოეშორებინათ „ნაციონალური“ კანდიდატი იმამკულიევი, რომელსაც გამარჯვების დიდი შანსები ჰქონდა?

არის თუ არა ეს ძალადობა? რა მნიშვნელობა აქვს, საბოლოო რეზულტატს ვინ დადებს – პარლამენტის თავმჯდომარე კულუარული შეხვედრებით თუ საარჩევნო ადმინისტრაცია რომელიღაც არასამთავრობო ორგანიზაციის აწეული „ტოპკით“? ამ ყველაფერს კი ვერანაირად ვერ გაანიორწყლებს წულუკიანის განცხადება, რომ თურმე გოგორიშვილი „არ ისვენებს“.

იმამკულიევი გამოდგა კერკეტი კაკალი, თორემ ხათუნამდე, ცხადია, მას შესთავაზებდნენ კანდიდატურის მოხსნას, როგორც ეს არაერთ კანდიდატთან გააკეთეს, მეტიც – კანდიდატურების მოხსნის გზით, საერთოდ, სიების განულებაც დაამუღამეს. ამის შესახებ, თავის დროზე, გიგი უგულავაც წერდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ასეთი ილეთებით მარტო ნაციონალებს არ უსწორდებიან, როგორც გაირკვა, იგივეს აკეთებენ არასაპარლამენტო ოპოზიციის მიმართაც. როგორც ფიქრია ჩიხრაძემ მიამბო, მათი კანდიდატები თერჯოლაში, ხულოში, ქობულეთში, უბრალოდ, გაქრნენ – ვეღარც პოულობენ, სად წავიდნენ. ფიქრია ჩიხრაძე მისტიკაზე ან მკვლელობებზე კი არა, იმ ზეწოლაზე საუბრობს, რომელსაც ამ კანდიდატებმა ვერ გაუძლეს და არჩევნებს საერთოდ გაერიდნენ, ვერც ის გაიგეს, რა პირითღა ელაპარაკათ საკუთარ პარტიასთან და საერთოდ გავიდნენ მომსახურების ზონიდან, თორემ მართლაც რას ნიშნავს, როცა ადამიანები არჩევნებში მონაწილეობას აპირებენ, ავსებენ დოკუმენტაციას, იღებენ სურათებს, ირჩევენ ოლქებს, იწყებენ მუშაობას და ერთი კვირის მერე უსიტყვოდ ილალებიან? ეს ძალადობა არაა? დიდი მიხვედრა უნდა, ვის აქვს დაშინების ბერკეტები? რაკი ეს დაშინებულები არ გაჰკივიან, სიმშვიდეა?

რას ვიზამთ? ყველას ის მოხერხება არ ექნება, რაც ნაციონალების დმანისელ კანდიდატს, კურბან მამედოვს ჰქონია. ვერანაირად რომ ვერ ათქმევინეს უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, ღამით სახლში მიადგნენ, საკუთარი კანდიდატურა მოხსენიო. ისიც ამდგარა და განცხადებაზე ხელი უკუღმა მოუწერია – მემედ კურბანოვი და მეტიც, მეორე დღეს ამ უკუღმას წაღმა განცხადებაც დაადევნა – წინა წერილი სისულელეა, ძალით დამაწერინესო.

ესაა უპრეცედენტო სიმშვიდე?

ან სახელმწიფოსგან მეტი რა ძალადობა გინდა, როცა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი საჯაროდ აცხადებს, რომ „არ დაუშვებს“ სხვების გამარჯვებას? გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთო კი არ ამბობს, არ დავუშვებთ სხვების გამარჯვებასო. მადამ „რამეთუ“, როგორ ფიქრობთ, როგორ იქნება პრემიერის ეს განცხადება აღქმული დაბალ რგოლებში? როგორ უნდა უზრულველყონ, როგორ არ უნდა დაუშვან მათ სხვა პოლიტიკური ძალების გამარჯვება?

პრემიერის სტილში პლანტაციებში მუშაობით დაემუქრონ ყველას, ვინც კი არ „იოცნებებს“? პლანტაციებზე გამახსენდა, პრემიერი ბჭობდა და ღმერთი დასცინოდა – კაცს, რომელსაც პლანტაციებში გზავნიდა, ობამა მომდევნო დღეებში დიდის ამბით ხვდებოდა. ჯო ბაიდენზე და რასმუსენზე აღარ მაქვს ლაპარაკი. მიშას თქმისა არ იყოს, იქნებ, მართლა აღარაა ლანზღანდარობისა და „შპილკაობის“ დრო და იქნებ, მართლა დროა, დაღვინების, დასერიოზულების? ისევ თქვენთვის გეუბნებით, თორემ ისევ თქვენ იწვევთ ღიმილს ამ უკბილო ხუმრობებით.

და კიდევ, თქვენი ასტრონომიული ხელფას-პრემიებით ისე წყდებით რეალობას, ვერც ხვდებით! დიახ, ვერც ხვდებით და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ტანში გამაჟრჟოლებელ თანხებს პრემიას დაარქმევთ, ალასანიასავით სარგოს თუ მარგოს! ისევე წყდებით რეალობას, როგორც ნანული შევარდნაძე მოსწყდა რეალობას, როცა გამოაცხადა, რომ 14-ლარიანი პენსიით კარგი დიასახლისი ოჯახს დააპურებდა! აგერ, თქვენი პაატა ზაქარეიშვილი „ვერსიასთან“ ინტერვიუში ყინჩად აცხადებს, რომ თურმე როცა ხელფასამდე 800 ლარი რჩება, ოჯახის წევრებს ეუბნება, – გვეყო ფულის ხარჯვა, ხელფასს დაველოდოთო. იცით თუ არა, რომ ამ ქვეყანაში მაგ თანხაზე, რომელზეც თქვენ ხარჯვას „ასტოპებთ“, ოჯახები თვეობით ცხოვრობენ? ხელფასები კი, რომელიც თქვენ გაქვთ, მართლაც ღირს დალოდებად – თვის ბოლომდე კი არა, წლის ბოლომდეც სიამოვნებით დაელოდებოდა ამ ქვეყნის ყველა მოქალაქე! იქნებ, ერთხელ მაინც გადაგეკითხათ სულხან-საბას „სიბრძნე სიცრუისა“? იქნებ, იქ მაინც ამოგეკითხათ „თუცა შიმშილით არ მომყმარიყო, რამცა იცის გლახაკთა და უღონოთა შიან“. თუ „სიბრძნე სიცრუისას“ წაკითხვა გესქელტანიანებათ, მოკლედ გეტყვით ანდაზით: მაძღარს ყველა მაძღარი ეგონაო! ეგრეა თქვენი ამბავი. რატომ გგონიათ, რომ ეს ნაკლებ რისხვას იწვევს და ეს რისხვა არ დაგატყდებათ თავს ამ არჩევნებზე თუ არა, შემდეგ არჩევნებზე? თუმცა მანამ ალბათ იმდენს დააგროვებთ, კარგა ხანს მსუყედ იქნებით, მაგრამ ნურც ის დაგავიწყდებათ, მიხეილმა მობრუნებაც იცის და ხელის შემობრუნებაც – ბადალი არ ჰყავს ფულების დაყრევინებაში. „ასტაროჟნად“, ემანდ უკან არ დაგაყრევინოთ ეგ თქვენი ხელფას-პრემია-სარგო-მარგოები. იქნებ, სწორედ ამას გრძნობთ და იმიტომაც მიდის სმა-ჭამა დიდად შესარგი. მთელ ქვეყანას – თქვენ მომხრესაც და თქვენ მოწინააღმდეგესაც, შეგრძნება აქვს, რომ მოსწრებაზე ხართ. დამშვიდდით, გადმოდით ჩემოდნებიდან და მიხედეთ ქვეყანას, თორემ არც იმის ძახილი გარგებთ, რომ დანგრეული ქვეყანა ჩაიბარეთ, თან პირდაპირი მნიშვნელობით, რომ თურმე 9 წელი გვატყუებდნენ ჩვენც და მსოფლიოსაც, რომ თურმე რაღაც რამდენიმე ათი შენობა ააშენეს… მაინც, რა მოგატყუეს, თუ ქვეყანას ანგრევდნენ, როგორ გაუსწრო ქვეყნის წლიურმა ბიუჯეტმა იმის ქონებას, ვინც პირადად თქვენ დაგნიშნათ? თუ ქვეყანა დანგრეული დატოვეს, აბა, რას ჰპირდება თქვენი მინისტრი პეტრიაშვილი უკრაინელებს რეფორმების გამოცდილების გაზიარებას, უკაცრავად და რომელი რეფორმა გაატარეთ, რომ თქვენი გატარებული რეფორმა გაუზიაროთ? ვის გატარებულ წარმატებულ რეფორმებს უზიარებთ? ვისი აშენებული იუსტიციის სახლების გამოცდილებით მოაქვს თავი საზღვარგარეთ წულუკიანს? ვის განახლებულ რაბათს ათვალიერებინებს ფანჯიკიძე უცხოელ დიპლომატებს? ან რომელ წყალზე და შუქზე გაიძახით, – აბა, სადააო? მაინც რა გეგონათ, რომ მიშამ მარადიული ნათელი დაგიტოვათ და თქვენ ზრუნვა არ მოგიწევდათ?

თქვენი მინისტრი ხადური კი აპრილში დაფიქსირებულ დაბალ ეკონომიკურ მაჩვენებელს იმით ხსნის, რომ კაზინოებში ბრუნვა შემცირებულა. ჩვენ გვაპატიეთ, ჩვენ მოგვიტევეთ, რომ კაზინოში არ დავიარებით. ვალებს არ ვიღებთ და არ ვფლანგავთ კაზინოებში, რომ მაჩვენებელი მაღალი გქონდეთ და მერმე პაატას, ზაქარეიშვილს, 800-ის ნაცვლად 8000 გაჰყვეს ხელფასიდან ხელფასამდე.

ისევ ჩვენ გვაპატიეთ, რომ 9 წლის გაპარტახებულ ქვეყანაში გიწევთ მუხლჩაუხრელი შრომა,

ჩვენ გვაპატიეთ, რომ არ ვაფასებთ იმ სიმშვიდეს, რომელმაც თქვენი ხელმწიფებისას დაისადგურა ამ ქვეყანაში, სადაც მხოლოდ აქლემი ესხმის თავს მოქალაქეს და სხვა არავინ და ჩვენ კიდე ასე ინერციით რა აღარ გველანდება, – ხან გახშირებული კრიმინალი, ხან წინასაარჩევნო მიეთ-მოეთი. მოგვიტევეთ ეს ფობიები, ეჭვიანობები, მოჩვენებანი, ეს ყველაფერი სულ იმ ავბედითი ცხრა წლის ბრალია. დავბრმავდით, პოზიტივს ვერ ვხედავთ, თორემ განა ის პოზიტივი არაა, იპოდრომზე აქლემი რომ გამოგიდგება და არა ზებრა?

%d bloggers like this: