მან სიცოცხლე გაიმეტა ჩვენთვის და ჩვენ?

რეზო შატაკიშვილი
8 აგვისტო. ცხინვალი აღებულია. ნაომარი ბიჭები ხეთაგუროვოში, ტყეში ისვენებენ. ჩაფხუტები მოიხსნეს, ჟავშან-ჟილეტები გაიხადეს. მოეშვნენ.
მეთაური ბიჭებს ეტყვის, არ გეგონოთ რომ ომი უკვე მოვიგეთ, ჩაიცვით, დაიხურეთ… იმდენად დიდია პირველი გამარჯვების სიხარული, რომ ბიჭებისთვის ომი მოგებულია.
გიორგი ჯავახიშვილი ალბათ უბედნიერესი კაცი იყო იმ წამებში. აკი უთხრა კიდეც მამამისს, როდესაც ჯარში სამსახური დაიწყო, შენი დაწყებული საქმე უნდა გავაგრძელოო. მამამისი იბრძოდა სამაჩაბლოში, შემდეგ აფხაზეთში, თან იბრძოდა პარტიზანულად, 1994 წლმდე, სანამ არ დაინვალიდდა. პატარა გიორგი მაშინ ხუთიოდე წლის იყო, მთელი ცხოვრება ომში დაინვალიდებულ მამას უყურებდა, ცალი მხარი რომ წართმეული ჰქონდა. მაგრამ 18 წლის გახდა თუ არა, ვიდრე გაიწვევდნენ, მანამდე თვითონ მიაკითხა ჯარს და ვაზიანში, მეოთხე ბრიგადაში დაიწყო სამსახური.
ალბათ იწვა ხეთაგუროვის ტყეში და ფიქრობდა რომ მამის დაწყებულ საქმეს აგრძელებდა, თან ვაჟკაცურად. ჯერ არ იცოიდა, გმირი თუ გახდებოდა. შეყვარებულიც გაახსენდებოდა, თამუნა. ცოლად რომ არ გაყვა, ჯერ ერაყი მოიარე და მერე გამოგყვებიო, რომ უთხრა. ამაყი იქნებოდა, წარმოიდგენდა, როგორ დაბრუნდებოდა რუსთავში გამარჯვებული, როგორ მივიდოდა, როგორ ეტყოდა, ანდა სულაც არაფერს არ ეტყოდა და შეხედავდა ამაყად… დედა აუცილებლად გაახსენდებოდა, დედა, რომელსაც მეგობრის ტელეფონით დაურეკა და მოატყუა, ქუთაისში ვართ წრთვნებზეო. მოატყუა, რომ არ ენერვიულა. არადა, დედაც, მამაც, მთელი ოჯახი იქვეა, გიორგის მშობლიურ სოფელ ქსუისში. ასეთ ამაღლებულ წამებში თავისი ჩაყრილი ატამი ალბათ არ გაახსენდება, იმ წელს პირველად რომ მოისხა ნაყოფი. ეს ომის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე რომ ნახა დახუნძლული, მაშინ გაუხარდა, ახლა ატამი რა მოსატანია, როცა… როცა წამი და გმირი გახდები. როცა წამი და უკვდავებას ეზიარები.

ავიაცია ტყის დაბომბვად დაიწყებს.
ყუმბარის ნამსხვრევი თავში დაჭრის გიორგის. მაგრამ დაინახავს თუ არა,
ტრიალ მინდორზე დაჭრილ კაპიტანს, ორ ბიჭთან ერთად გაიქცევა გამოსაყვანად. ასმეთაური შამათავა არ უშვებს, დაჭრილი ხარ, დარჩიო. ვერ დააკავებს, ის მაინც შევარდება გამოსაყვანად. და… სნაიპერის ტყვია. ისევ თავში. დაცემა უგონოდ. სნაიპერის ტყვია მეორე ბიჭსაც მოხვდება. ისიც დაეცემა _ ოღონდ უკვე უსულოდ. თანამებრძოლები შევარდებიან, კაპიტანსაც მოაფარებენ ნანგრევებს (ის გადარჩება) და გიორგისაც და მის თანამებრძოლსაც გამოიყვანენ. გიორგი უგონოდაა, ოდნავ ფეთქავს. მეორე მკვდარია. ღრიალი ასმეთაურის _ ეს ბავშვი გაიყვანეთ როგორც გინდათ… ის მართლაც ბავშვი იყო _ მხოლოდ 19 წლის.
ახლა, მე მის სახლში ვზივარ, რუსთავში, სადაც დიდებასთან და სევდასთან ერთად, უკიდურესი სიღარიბე სუფევს და ვაცნობიერებ დასასმელი კითხვის იდიოტურობას, “მომიყევით მის ბავშვობაზე”, ვაცნობიერებ რომ გიორგის დედას, ქალბატონ ფატის მართლაც და არაფერი აქვს მოსაყოლი გიოს ბავშვობისა და გმირული დაღუპვის გარდა.
გიორგი გარდაბანში დაიბადა. 9 კლასი რუსთავში, მეექვსე სკოლაში დაამთავრა. მერე ოჯახი მშობლიურ სოფელ ქსუისში გადავიდა საცხოვრებლად _ იქ მარტოხელა ბებია ჰყავდათ მისახედი, თან ინვალიდი მამისთვისაც უფრო იოლი იქნებოდა, ეზოში გასვლის მაინც არ მოერიდებოდა. სკოლა იქ დაამთავრა. ჯარში წავიდა.
„ჩუმად შეაგროვა საბუთები, მე წინააღდეგი ვიყავი“ _ ჰყვება თვალცრემლიანი დედა _ „მამამისი ხშირად უყვებოდა ბრძოლების ამბებს. ისტორია უყვარდა ძალიან. ხატავდა, კარგად სწავლობდა, სამხედრო აკადემიაში უნდოდა ჩაბარება. ვერ გეტყვით რომ ფიზიკურად ძალიან ძლიერი ბავშვი იყო, სუსტი ბავშვი იყო, მაგრამ ძალიან უყვარდა ვარჯიში, სულ ვარჯიშობდა. ბოლო ერთ თვეს ისე დავაჟკაცდა… ძალიან დავაჟკაცდა ბოლო თვეს… ბოლოს ომამდე ერთი კვირით ადრე ვნახე, სოფელში იყო ჩამოსული, მოწყენილი, სევდიანი იყო. თავის პატარა ბლოკნოტში ავტომატს ხატავდა… გამოვკითხე, რატომ ხარ მოწყენილი, ეს არეულობა რომაა თქვენ ხომ არ უნდა გაგიძახონ თქო, არაო, დამამშვიდა. თამუნა არ მომყვება და მაგაზე ვდარდობო. დავამშვიდე. ძალიან უხაროდა, მის დარგულ ატმებს რომ კარგად ესხა. ნახე დედა, რა კარგად ასხია ჩემს ატმებსო, დამწიფებას ვერ მოესწრო. ვერ მოესწრო ვერაფერს…
არ დავუჯერე როცა მითხრა, ქუთაისში ვართო. თვითონ ტყვიების წვიმაში ვიყავით, 8 აგვისტო რომ დაღამდა, მაშინ გაგვიკეთა ჯარმა კორიდორი და გამოვედით. მანამ რამდენი კოლონაც შემოვიდოდა, გიორგის ვეძებდი, რა ვიცოდი რომ იქ იყო ჩემი შვილი, თორე რა წამომიყვანდა…
9 აგვსტო თენდებოდა, გარდაბანში, დედაჩემთან რომ ჩამოვაღწიეთ. იმ საღამოს კი გამაგებინეს რომ გიორგი რესპუბლიკურ საავადმყოფოში იწევა, კომაში იყო. მთელი ერთი კვირა ველოდებოდი რომ ხმას ამოიღებდა. როგორ არ ეცადნენ ექიმები, მაგრამ ვერაფერი ვერ უქნეს ჩემს პატარა ბიჭს… ზოგჯერ არც მჯერა რომ აღარაა ჩემი გიორგი…
ნაწილში რომ მივდივარ თავლებცრემლიანი მხვდებიან ხოლმე ბიჭები. გიორგი კარგად ვერ დავიცავითო. სულ 8 თვე იმსახურა და ძალიან დიდი სიყვარული დაიმსახურა. ალბათ ამიტომაც არ დამიტოვეს ამ ბიჭებმა ცხინვალში და გამომიყვანეს… ყველას გული დასწყვიტა ჩემმა პატარა გიორგიმ, მის ბიძაშვილებს და მამიდაშვილებს მოსვლა აღარ უნდათ აქ, მარტო ცარიელი სურათები რა არის, გიოს სიცილი გვენატრებაო, ძალიან მხიარული იყო. მხიარულობა უყვარდა, მღეროდა… ერთ რამეზე მწყდება გული, ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენი მისცეს, სიცოცხლე გასწირა ბავშვმა და მეტი რა უნდა გაეკეთებინა 19 წლის ბიჭს, ნუთუ პირველი ხარისხის ორდენი არ ეკუთვნოდა? ჩემი პატრა ბიჭი სათანადოდ არ დააფასა მთავრობამ… ახლა 19 მაისს, მიჩურინის ქუჩას დაერქრვა გიორგი ჯავახიშვილის სახელი… ხომ ასეთი უბედური დედა ვარ და მაინც მეამაყება რომ ასეთი გმირი შვილი გამიზრდია, თვალსა და ხელს შუა გამიზრდია ჩემი პატარა ბიჭი. ეჰ…“
მართლაც და მეტი რა ევალება 19 წლის ბიჭს, ან რით არააა პირველხარისხოვანი გმირობა ბიჭის, რომელიც მთელი ბავშვობა ომის ცოცხალ მსხვერპლს უყურებდა შინ, მაინც არ შედრკა, მაინც თვითონ წავიდა ჯარში, არც მაშინ დამფრთხალა როცა თვითონ თავში დაიჭრა და სხვის გამოსაყვანად, თანამებრძოლის გადასარჩენად გაიქცა კიდე? ან რა არშინით ვზომავთ გმირობას? მან სიცოცხლე გაიმეტა ჩვენთვის და ჩვენ?
დაიბეჭდა „პრაიმ თაიმში“, შესულია „პრაიმ თაიმის“ გამოცემულ წიგნში „გმირი“

Advertisements
Post a comment or leave a trackback: Trackback URL.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: