რეზო შატაკიშვილი ქართული თეატრის #1 ტრაგიკოსზე

ზინაიდა კვერენჩხილაძე – ვარსკვლავი რომელიც ზუსტად ნახევარი საუკუნის წინ აელვარდა სცენაზე….

მას არ უყვარდა და არც დღეს უყვარს ინტერვიუები. იმიტომ არა, რომ სათქმელი არ აქვს, ან არ ჰქოდა როდესმე. პირიქით ის სათქმელის გარეშე არასოდეს გამოსულა არც სცენაზე და არც საკონცერტო დარბაზებში. სადაც არ უნდა იყოს ის ყოველთვის ამბობს სათქმელსაც და გვიამბობს თავის თავზეც და ვინ იცის იქნებ სწორედ ამიტომაც არ უყვარს ინტერვიუები? მართლაც და საჭიროა გაზეთის თუ ტელვიზიის მეშვეობით ელაპარაკო ხალხს, როცა შეგიძლია უფრო მაღალ ხარისხში და უშუალოდ ესაუბრო მას?
ესაუბრო და ააღელვო, აღტაცებაში მოიყვანო, თავბრუ დაახვიო, წალეკო ვნების ნიაღვარით, მგზნებარე არტისტიზმით, ზეაწეული ტრაგიზმით და კათარზისს აზიარო. ეს მხოლოდ ერთეულების ხვედრია თანამედროვე თეატრში.
მას ზინა კვერენჩხილაძე ჰქვია. ის ყოველთვის იყო და არის თეატრის ნამდვილი ვარსკვლავი. არტისტი, რომელსაც არავისი ნიშა არ დაუკავებია. მას უკავია ნიშა – რომელიც მისია და ალბათ ვერც ვეღარვინ დაიკავებს.
მსახიობობაზე ბავშვობიდან ოცნებობდა. პიონერთა სასახლეშიც დადიოდა მხატვრული კითხვის წრეზე _ სერგო ზაქარიაძესთან. რა იცოდა სერგო ზაქარიაძემ რომ გვერდით მომავალი პარტნიორი ედგა. რა იცოდა რომ გამოხდებოდა ხანი და პატარა ზინა მისგან მიიღებდა ესტაფეტას და ისიც პედაგოგის მსაგავსად მხატვრული კითხვის უბრალოდ ოსტატი კი არა, დიდოსტატი გახდებოდა.
ოცნებობდა ზინაიდა თეატრზე, უყვარდა თეატრი და… ფარიკაობა. იქნებ ყველასთვის ცნობილი არცაა რომ ქალბატონი ზინა ოდესღაც ჩემპიონიც იყო ფარიკაობაში…
მისი კარიერა სხვაგვარად აეწყო. უყვარდა თეატრი, მაგრამ სკოლის დამთავრების შემდეგ `გეპეის~ მიაშურა. გამოცდებიც ჩააბარა, მაგრამ მოულოდნელად საბუთბი გამოიტანა და თეატრალურ ინსტიტიტში სცადა ბედი. ჩარიცხეს, მაგრამ ის არ ბრწყინავდა თეატრალურ ინსტიტუტში.
ვერაფერი შექმნა საკურსოებსა თუ სადიპლომოში ღირებული. მიუხედავად ამისა, მიხეილ თუმანიშვილმა ის რუსთაველის თეატრში წაიყვანა. ალბათ სადღაც შორეულ ჰორიზონტზე შეიცნო თავის ანტიგონე… ჩარიცხეს დასში, თუმანიშვილმა დააკავა “ფილოსოფიის დოქტორში”. მაგრამ არც იქ გაუბრწყინია ზინა კვერენჩხილაძეს. არც გაბესკირიას “გურიის მთები დაუთოვია”-ს დაუთოვია მისთვის წარმატება და არც მისი განსახიერებული ანგელა გამხდარა აღტაცების საგანი.
ვარსკვლავი სახელად “ზინა კვერენჩხილაძე” ზუსტად ნახევარი საუკუნის წინ ამობრწყინდა.
დოდო ალექსიძე “ბახტრიონს” დგამდა, ლელას როლი დამწყებ ზინა კვერენჩხილაძეს მიანდო. ჯერ კიდევ რეპეტიციების დროს იუწყებოდა და ტრაბახობდა ალექსიძე რომ ქართული თეატრის ჭეშმარიტი ვარსკლავი აღმოაჩინა. დოდო ალექსიძის აღტაცებას სკეპტიკურად უყურებდნენ და ელოდნენ პრემიერას.
ყველა შოკში ჩააგდო ზინა კვერენჩხილაძის დრამატიზმმა. სკეპტიკოსებიც… თეატრალური თბილისი სენსაციის მოწმე გახდა.
მაშინ პირველად გაიარა ზინა კვერენჩხილაძემ რომელიც გადის ჭეშმარიტ ტრაგიკულს, ზეაწეულს და ყალბ პათოსს შორის. მას მერე ბევრჯერ გაუვლია იმ ბეწვის ხიდზე და არც ერთხელ არ უმტყუნია ზომიერებას.
“ემოციებს იგი არასოდეს მალავდა. სიყალბის არ ეშინოდა რადგანაც ამაღლებული სტილი ბუნებრივი იყო მისთვის. სიყალბე სწორედ ის იქნებოდა, ასეთი ტემპერამენტის მსახიობი ყოფითობის ტყვე რომ გამხდარიყო… შეუძლებელია მაყურებელი სიყალბეს გაეღიზიანებინა, როცა ხედავდა რომ მსახიობი სცენაზე გმირის ცხოვრებით ცხოვრებას იწყებდა, შეუძლებელია მაყურებელი თავად არ გამხდარიყო გმირის ტრაგედიის თანამონაწილე. შეიძლება ითქვას, რომ ზინა კვერენჩხილაძემ ტრაგედიის ჟანრის რეაბილიტაცია მოახერხა ეპოქაში, როცა ტრაგიკულის მიმართ უნდობლობა მთელ საზოგადოებას, კულტურას დაეტყო” – წერს გოგი გვახარია.
ზინა კვერენჩხილაძის ლელამ სენსაცია მოახდინა, მაგრამ თავად ზინა კვერენჩხილაძე თვლის, რომ მისი როგორც მსახიობის დაბადება მიხეილ თუმანიშვილის მიერ დადგმულ “ანტიგონეში” მოხდა.
“ანტიგონე” მართლაც მისი შექმოქმედების მწვერვალია. ამ მწვერვალამდე იყო მისი ბიოგრაფიისთვის კვლავ ნაკლებ მნიშვნელოვანი რამდენიმე სეზონი და ისევ წარმატება, ამჯერად სრულიად სხვა ამპლუაში – ზინა კვერენჩხილაძე ტურად მოევლიანა მაყურებელს დაუვიწყარ “ჭინჭრაქაში”.
“ჭინჭრაქა” – ეს ლამის უკვე ნახევარსაუკუნოვანი ლეგენდა დღესაც ახსოვს მაყურებელს. ინტერნეტის წყალობით, მის მოზრდილ ფრაგმენტებს ახალგაზრდა თაობაც სიამოვნებით უყურებს.
ვუყურებთ და ჩვენს წინაშეა _ გაძვალტყავებული, ქუდჩამოფხატული, მუდამ მშიერი, დამფრთხალი ქალი. დიახ ქალი, რომელიც მოგვაგონებს ტურას.
უფროს თაობებს დღესაც ახსოვთ, როგორ კიოდა ზინას ტურა `ჭინჭრაქაში~. მოდი და ამის მერე თქვი წარმავალიაო თეატრი…
არც მისი შემდგომი წარმატებული როლები დავიწყნია მაყურებელს. უფროს თაობას დღემდე ახსოვს მისი ელიზაბეტ პროქტორიც სტურუასეულ “სეილემის პროცესში”.
სწორედ “სეილემის პროცესში” ჩაეყარა საფუძველი მისსა და ედიშერ მაღალაშვილის ტანდემს. სწორედ ედიშერ მაღალაშვილმა შეცვალა აღდგენილ `ანტიგონეში~ სერგო ზაქარიაძე.
თუმანიშვილის `ანტიგონეში~ მართლაც და ლამის ცას ასწვდა ზინა კვერენჩხილაძის ტრაგიზმი…
ანტიგონეს ფედრა მოჰყვა, ფედრას მედეა… იყო სამშობლოდან გადახვეწილი ქართველი დედოფალი ზეინაბი სტურუასეულ “ღალატში”, ქეთევან წამებული, იოკასტე ჩხეიძისეულ “ოიდიპოს მეფეში”, იყო კლეოპატრა და არაერთი ტრაგიკული გმირი…
“ზინა კვერენჩხილაძე ფლობს მდიდარ აქტიორულ პალიტრას, მაგრამ მისი სამყარო უფრო ძლიერი ვნებების ადამიანებით არის დასახლებული. ქარიშხალი ტრიალებს მის პლასტიკურ ჟესტსა და მოძრაობაში. ყველაფერი ფეთქავს, ბობოქრობს, მძვინვარებს, ყველაფერს მოიცავს შემოქმედებით შეშთაგონებული არტისტული ვნება. გეგონებათ თითქოს ყველაფერი შიგნიდან იწვის, რომ უფრო მძლავრად განათდეს სულის ყოველი კუნჭული, ყოველი სფერო მიუხილველი და შეუღწეველი სიღმეები სულის უსკრულისა… ზინა კვერენჩხილაძემ გაიტავისა ბედი ტრაგიკულ გმირთა და ბევჯერ ჩაგვახედა მათი სულის უფსკურლებში” _ წერს ვასილ კიკნაძე.
ის გვახედებს განსახიერებულ გმირთა სულებში და სწორედ ამ დროს გვახედებს კიდეც თავის სულის ლაბირინთებში.
“ასეთი მსახიობისთვის სცენა _ ცხოვრებაა და ცხოვრება _ სცენა. და ბა რატომ უნდა ითამაშოს სხვა როლი, რატომ უნდა უღალატოს საკუთარ თავს. სამწუხარო მხოლოდ ისაა, რომ ზინა კვერენჩხილაძის ნიჭი, თავის დროზე ჯეროვნად არ დააფასეს ქართველმა კინემატოგრაფისტებმა. არა და, სწორედ მსახიობი _ პიროვნების თუ მსახიობი _ მოქალაქის დეფიციტს განიცდიდა ყოველთვის ქართული კინო. თუმცა რატომ მხოლოდ კინო. მთლიანად ქართული საზოგადოება” (გოგი გვახარია).
მას არაერთხელ მოუხდია მოქალაქეობრივი ვალი სამშობლოს წინაშე, არა მარტო ქართული პოეზიის შედევრების ხორცშესხმით, ქართული სიტყვის თაყვანისცემით, არამედ მაშინაც როცა დმანისში თეატრ-სტუდიას აარსებდა და იქ გაისმოდა მისი მჭექარე ქართული.
მაშინაც როცა, ცხრა აპრილის ტრაგედიის შემდეგ ყველა ქართველი დედის მაგიერ წყლევლიდა ქართველი გოგო-ბიჭების ამჩეხავ რუს სალდათებს.
მაშინ როცა საქველომოქმედო ფონდ “იავნანას” პროექტის ფარგლებში მაყურებლის წინაშე წარსდგა წარმოდგენით “ის რაც ვიწამე”.
… ის თამაშობდა სპექტაკლში “ვთამაშობთ ჯინს” და თავის გმირზე ამბობდა “ეს მე ვარ”…
არ ვიცი, რატომრაც მისი განსახიერებული მონაზონი გამახსენდა “დათა თუთაშხიადან”… ზინა კვერენჩხილაძე დიდ დროს მცხეთის დედათა მონასტერში ატარებს…
მაყურებელს კი კვლავ აქვს ბედნიერება, კვლავ იხილოს იგი სცენაზე _ როგორც მხატვრული კითხვის დიდოსტატი და როგორც მსახიობი _ “მოხუც ჯამბაზებში”. მალე კი, შედგება პრემიერა გოჩა კაპანაძის ახალი სპექტაკლისა “მზის დაბნელება საქართველოში”, სადაც ქართული თეატრის # 1 ტრაგიკოსი ამჯერად სიცილით გაუნათებს თვალებს ქართველ მაყურებელს.
p.s. დაიბეჭდა “პრაიმ თაიმში” , “მზის დაბნელების” პრემიერამდე…

Advertisements
Post a comment or leave a trackback: Trackback URL.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: