„დე, სანთელი მაინც დაანთე ჩემზე…“

გმირი სერგეი გოროზია

რეზო შატაკიშვილი
მან თავის სოხუმი დაიბრუნა ცხინვალში. 9 სოფელი, ცხინვალამდე შეუსვენებლივ – შეძახილით წინ!!!!!! არც ცხინვალში შესჭრილს შეუსვენია ერთი წამი. თანამებრძოლები გაიხსენებენ, რომ არასოდეს უნახავთ ასეთი ბედნიერი ადამიანი, როგორც სერგეი გოროზია იმ ღამით იყო ცხინვალში. არავინ იცის საიდან იღებდა იმ ზღვა ენერგიას ის გაწლეკილი ბიჭი… ერთად დადუმდა მისი ტყვიამფრქვევი და გულისცემა…
სოხუმში დაბადებული, გალში გაზრდილი ბიჭი ქართულ ჯარში შევიდა. და ცხინვალთან დაეცა გმირულად.
ჯარში შესვლამდსე ცოტა ხნით ადრე, დედას სოხუმში გაეპარა, ფიცი დადო სომხების მიერ მოკლულ მამის საფლავთან რომ ქართულ ჯარში შევიდოდა და სოხუმს დაიბრუნებდა. სოხუმი ვერ დაიბრუნა, ამდენი ვერ შესძლო, მაგრამ საარაკო გმირობის ჩადენა შესძლო…
ის სულ 20 წლის იყო.
სერგეი ნანატრი შვილი იყო, მისი მშობლები 4 წელი ელოდნენ შვილს…
სერგეი მეხუთე წელს დაიბადა. დედაც მზია კვირკველიაც ნახევრად რუსი ჰყავდა და მამაც – კონსტანტინე გოროზიაც – ორივე ბებია ეროვნებით რუსი იყო. ოჯახშიც ძირითადად რუსულად საუბრობდნენ, მაგრამ როგორც სერგეის დედა იტყვის ქართველობა, სამშობლოს სიყვარული, მათ ოჯახში არასოდეს მდგარა მეორე პლანზე.
მოკლედ, მათი ოჯახი რუსულენოვანი ქართული ოჯახი იყო და არა გარუსებული ქართველების. საოჯახო ბიბლიოთეკაში თუ რამე მოეპოვებოდათ _ საქართველოს ისტორია, ქართველი მწერლები, რუსულად მაგრამ ქართველი მწერლები _ რუსთაველიდან დუმბაძემდე…
სერგეი რომ დაიბადა, სამამულო ომიდან ლეიტენატის წოდებითად დაბრუნებული ბაბუა ცოცხალი უკვე აღარ იყო, მაგრამ შინ ინახებოდა აურაცხელი ჯილდოები – ორდენები, მედლები, რომლებსაც პატარა სერგეი ხშირად პარავდა ბებიას და მკერდს იმშვენებდა… დედა გაიხსენებს რომ სერგეის პატარაობიდანვე ჰქონდა მიდრეკილება სამხედრო ნივთებისკენ –თვალი სულ სამხედრო ქუდებისკენ, ავტომატებისკენ გაურბოდა და სულ მათ ყიდვას ითხოვდა…
2 წლის იყო სერგეი მის მშობლებს გოგონაც რომ შეეძინათ, 90-იანი წლებიც დაიწყო და ქვეყანაც აირია. ომგამოვლილ ბებიას ჯერ კიდევ 9 აპრილის შემდეგ უგრძნო გულმა – აქ ცხოვრება უკვე დამთავრდა, აქ ცხოვრება უკვე გასუსაძლისი გახდებაო და აფხაზეთის ომამდე, მათ ოჯახში დაიწყო ომი –ბებია კატეგორიულ;ად ითხოვდა სოხუმიდან საცხოვრებლად რუსეთში გადასულიყვნენ, სერგეის მამა კი სასტიკ უარზე იყო – მე დავიბადე და მოვკვდები აფხაზეთში – ასეთი იყო მისი პოზიცია.
შვილმა გაიმარჯვა. ოჯახი არ წავიდა არსად.
დაიწყო ომი. ამ დროს სერგეის მშობლები ბავშვებიანად, გალში, ენგურჰესის დასახლებაში იმყოფებოდნენ სტუმრად _ სერგეის დედ-მამის ოჯახში. ომი მძვინვარებდა, რუსები რომ ენგურის ხიდს მოადგნენ, სოფელში პანიკა ატყდა, დედაწულიანად იყრებოდა სოფელი.
მზია კვირკველია: „ჩვენც ავიბარგეთ. ჩემს მშობლებს უნდოდათ ჩვენ ბავშვებიანად გადმოსვულიყავით ზუგდიდისკენ და თვითონ დარჩენილიყვნენ გალში. მაგრამ ჩემმა მეუღლემ გადაწყვიტა _ ჩვენ არსად არ მივდივართ. გაჯიუტდა. მაგრამ ეს არ იყო ბავშვური გაჯიუტება, ეს ზრდასრული ადამიანის გააზრებული პოზიცია იყო. დავრჩით. საბერიოში, (ასე ჰქვია ენგურჰესის დასახლების იმ ნაწილს სადაც ჩვენ ვცხოვრობდით), ერთადერთი ოჯახი ვიყავით. ჩვენგან ენგურის ხიდამდე 12 კილომეტრია. მთელი 16 წელიწადი იქ გავატრეთ. 3-4 წელი ფეხი არ გაგვიდგამს ამ საბერიოდან. დიდი სირთულეები გადავიტანეთ. კიდე იმან გვიშველა რომ ენგურჰესთან ახლოს ვცხოვრობდით და აფხაზებს ბრძანება ჰქონდათ ჰესის გარშემო, 5 კილომეტრ რადიუსში მოსახლეობას არ შეხებოდნენ, ენგურჰესის უსაფრთხოების მიზნით, თორემ ჩვენი დარდი ვის ჰქონდა. ასე გადაურჩა ჩვენი სახლები გადაწვას. მერე ნელ-ნელა შევეჩვიეთ სიტუაცაიას და დავიწყეთ სიარული სოხუმში, ჩემი ქმრის დედას მივაკითხეთ. რაკი ჩემი მეუღლე იარაღით ხელში არ იბრძოდა, სოხუმში შესვლის და ცხოვრების უფლება მოგვცეს… დავდიოდით სოხუმში. მერე ჩემი ქმრის დედა ლოგინად ჩავარდა, მე აქეთ მოხუც, ბრმა დედას ვერ ვტოვებდი, ჩემი ქმარი წავიდა დედამისის მისახედად. დედამისი რომ გარადიცვალა, სახლი ვერ გაიმეტა მისატოვებლად და დროდადრო დავდიოდით აქეთ-იქით. შესახედვად კი გავდა უფრო რუსს, ვიდრე ქართველს, მაგრამ მისი იქ ყოფნა სახიფათო იყო, ლაპარაკში მაინც ქართველობდა და სულ იმის მეშინოდა არ მოეკლათ…“
ცოლ-შვილს სამი თვე არ ენახა მამა. დედამ 14 წლის სერგეი თან გაიყოლა და სოხუმში წავიდნენ. საკუთარ ეზოს რომ მიუახლოვდნენ, დედა საშინელმა წინათგრძნობამ შეიპყრო. ბიჭიც შეამზადა _ ყველანაირი უბედურებისთვის მზად იყავი, შეიძლება მამიკო ცოცხალი არ დაგვხვდესო… ბიჭი იქით ამშვიდებს წინათგრძნობას აყოლილ დედას.
ეზოში სომეხი მეზობელი, კარის მეზობელი დახვდათ, ვისთან ერთადაც გაიზარდა და მთელი ცხოვრება გაატარა კონსტანტინე გოროზიამ…
მზია კვირკველია: „მათი იქ ყოფნა არ გამკვირვებია, კარის მეზობლები იყვნენ, გვეიმედებოდნენ. ვკითხე კოსტია სადაა მეტქი. „კოსტია უმერ“ _ ცივად მიპასუხეს… სამი თვის წინ დაღუპულა… რატომ არ გაგვაგებინეთ, ან აქ რას აკეთებთ მეთქი? ჩვენ აქ ვცხოვრობთო. სახლი დაუსაკუთრებიათ, უკვე იქ ცხოვრობენ თურმე. როგორ თუ აქ ცხოვრობთ მეთქი? ცინიკურად მიპასუხეს, მე მგონი შენ ვერა ხარ, ვერ გრძნობ შენ ვინ ხარ და ჩვენ ვინ ვართ, ნუ გავიწყდებათ ქართველები რომ ხართო…
საიდანღაც მოსულმა რუსმა ან აფხაზმა კი არ წაგვართვა სახლი, საკუთარმა კარის მეზობელმა, სომეხმა… ჩემი ქმარი აივანზე უპოვიათ მკვდარი, გასისხლიანებული, შეიძლება დაეცა და მოკვდა, მაგრამ ყველაფერი იმაზე მიუთითებდა რომ თვითონ მათ მოკლეს ჩემი ქმარი, სახლი რომ დაესაკუთრებინათ. არც ჩვენთვის გაუგებინებიათ რამე, არც იქაური პოლიციისთვის, არადა ის მეზობელი თვითთონ პოლიციის მაიორია… თვითონ დამარხეს. ბავშვი ბღაოდა, ღრიალებდა, ვეუბნებოდი, ჩვენი შვილები ხომ ერთად გაიზარდნენ, ნუთუ ბავშვები იმის ღირსი მაინც არ იყვნენ, გაგეგებინებინათ, თვითონ დაემარხათ ბავშვებს მამა-თქო. ასეთი რამეები ახლა რაში გჭირდებათ, ქართველები ხართ, ნუ გავიწყდებათო. კიდევ გამიმეორა.
ბიჭო, განა არ იცი ვინ იყო კოსტანტინე, ვის ებრძოდა, ვინ მოკლა მეთქი?
არ იბრძოდა, მაგრამ სულით მოღალატე იყო, ვძულდითო… მიისკაუთრეს ჩვენი ორსართულიანი სახლი, უზარმაზარი ბაღით, ქუჩაში გამოგვყარეს… გადავწყვიტე მეჩივლა სოხუმის პროკურატურაში. თურმე ყველგან არსებოპბს ადამიანი. არასოდეს დამავიწყდება ის კაცი. წარმოშობით გუდაუთელი აფხაზი იყო. ძალიან დამეხმარა. ბოლოს მითხრა, კი შენ გეკუთვნის სახლი, მაგრამ არ გირჩევ აქ დარჩენას, თუ ვინმე აფხაზი არ გყავს, შენც მოგკლავენო… მე დაგეხმარები რომ როგორმე პატარა ფული გამოვართვა შენთვის, ბავშვებისთვის პურის ფული მაინც იქნებაო. იმ კაცმა სომხებს არაოფიციალურად წაართვა 50 ათასი რუსული რუბლი ჩვენთვის და მოგვცა… წამოვედით.“
სომხების მიერ მოკლული მამა. წართმეული სახლი. დამცირება ყოველ ფეხის ნაბიჯზე. არაერთხელ შევარდნიათ სახლში კბილებამდე შიარაღებული აფხაზები _ ფულის მოთხოვნით. უკრძალავენ ქუჩაში დგომას, სტადიონზე თანატოლებთან ერთად თამაშს… ბიჭი იზრდებოდა და უფრო და უფრო აუტანელი ხდებოდა მისთვის ამგვარი ყოფა.
მზია კვირკველია: „ერთ დღეს მოვიდა და პირდაპირ მითხრა, დედიკო, როდემდე უნდა ვიცხოვროთ ასე? დამიჭერენ და ჯარში წამიყვანენ… ხდებოდა კიდეც ასე, ბიჭებს იჭერდნენ, თუ ოჯახი იმწამსვე არ გადაიხდიდა გამოსასყიდს, მიჰყავდათ ჯარში. ან აღრიცხვაზე უნდა დაგეყენებინა და გეხადა 200 დოლარი ყოველ გამოძახებაზე. დავაყენე აღრიცხვაზე, ორჯერ მომიწია კიდეც გადახდა. საშინლად ღიზიანდებოდა, სახლი წაგვართვეს და კიდე იქით უნდა ვუხადოთ ფულიო?! ვამშვიდებდი, სამაგიეროდ უშიშრად დადუიხარ, ჯიბეში საბუთი გიდევს-მეთქი. რა საბუუთი, რომ მოვიდნენ და დამიხიონ ეგ ფურცელი და მაინც წამიყვანონ, ჭკუა დაუშლით ამ განუკითხაობაშიო? ვამშვიდებდი, ნუ გეშინია, სახლს გავყიდი და შენ იქ არ დაგტოვებ მეთქი. კიდე მეორე სახლი უნდა გავყიდოთ და ისევ მაგათ უნდა მივცეთო? რისთვისო? თურმე რა… ნიადაგს იმზადებს რომ აქეთ წამოვიდეს ჯარში… ერთ დღეს მეუბნება. დედა რაღაცის თქმა მინდა და ვერ გიმხელ, უკვე რამდენიმე თვეა ვწვალობო. მე უკვე ვგრძნობდი რასაც მეტყოდა… მითხრა კიდეც _ დედა, მე მივდივარ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. გადავირიე… მამიდაშვილი ჰაყვს დაღუპული, 21 წლის ბიჭი, სოხუმის დაბომბვის დროს ისიც კისერში დაიჭრა და დაიღუპა. ის არ გვეყოფა მეტქი? გაუთავებლად ვდავობდით. სამსახურიც ვუშოვე, ენგურჰესში ზეინკლად მოვაწყვე, დიდი არაფერი ასი ლარი ჰქონდა ხელფასი, მომატებას პირდებოდნენ, მაგრამ მითხრა, დედა ეს არაა გამოსავალი. კარგად გამიგე, არ გვაქვს საშუალება, მიწაც რომ შეჭამო, მაინც ვერ მასწავლი, რომ კაცად დავდგე, სჯობია გამიშვიო. ერთხელ აფეთქების გარეშე,მ მშვიდად ვკითხე, რატომ გინდა იქ წასვლა მეთქი. საამაყო ჯარი ჰყავს სააკაშვილსო. ხომ იცი ჯარი ჩემნი ოცნებაა, მე ყველაფერს მივაღწევ, მე ოფიცერი გავხდებიო… ჯერ ერთი ეს და მერე, ვთქვათ და ჩვენი ჯარი შემოვიდა აფხაზეთში, რა ვუთხრა მე იმ ჯარისკაცებს, თქვენ რომ იბრძოდით მე სად ვიმალებოდიო? აქ ჩუმად აფხაზეთში ვიჯექი და ველოდებოდი ამ მშვენიერ დღესო?
თუნდააც ვერ დაიბრუნოს საქართველკომ აფხაზეთი, მაშინ მე უნდა მივატოვო აქაურობა და ტქვენც საქართველოში უნდა წაგიყვანოთო.
დავთანხდი… იმასაც მეუბნებოდა, ხომ იცი, ამათ ჯარში თუ წამიყვანეს რომ მე აუცილბლად გამოვიქცევი და ან გზაშივე მომკლავენ გამოქცეულს, თუ გავაღწიე საქართველოში, აქ თქვენ დაგწვავენო… მაიძულებდა დავთანხმებულიყავი…
მე თვითონ ვეხმარებოდი საბუთების შეგროვებაში და უხაროდა… ურთულეს პირობებში გაიარა კარანტინი, 50 კაციდან 2 დარჩნენ. ვაზიანში, მეოთხე ბრიგადაში ჩაირიცხა. 43-ე ბატალიონში. გახარებული იყო, ყველანაირი უბედურება უკან მოვიტოვე, ყველაფერი გადავლახე, ყველა ნორმატივი ჩავაბარეო.
19 წლის იყო ჯარში რომ შევიდა. 20-ის იქ გახდა. ძალიან უხაროდა, პატარ-პატარა წარმატებები ჰქონდა. გახარებული მეუბნებოდა, უფროსები მეუბნებიან, ნამდვილი ჯარისკაცი ხარო. ყველას გავაგებინე რომ აფხაზეთიდან ვარ და რომ ჩემი მთავარი მიზანი აფხაზეთის დაბრუნებააო.
ძალიან კმაყოფილი იყო მეგობრებით, უფროსებით. ებვრალებთან ჰქონდა სწავლებები, ფრიადზე ჩააბარა. ემზადებოდა ერაყში წასასვლელად, ამისთვის 43-ე ბატალიონიდან 42-ეში გადავიდა. ერთი თვის გადასული იყო 42 ვბატალიონში, როცა დაიწყო ომი… დაღუპვამდე 42 დღით ადრე, გალში ჩამოვიდა, საერაყო შვებულება ჰქონდა. თურმე მზვერავებში ჩაწერილა ბოლოს და იქ რომ ჩამოვიდა, მზვერავობდა, თავის ძალებს სინჯავდა. მითხრა, სულ ვეუბნები ჩემს უფროსებს, რომ მე აფხაზეთი კარგად ვიცი და მინდა დავუმტკიცოოო. რომ ვაცილებდი, შიშით გული მისკდებოდა, ვინმეს არ ვეცანით და არ დაეჭირა, ცოტა ფულიც გავიყოლე თან, რიგითი თუ შეგვხვდებოდა რომ თავიდან მომეშორებინა, თორემ ისე 25 ატასი დოლარი ღირებულა ქართველი ჯარისკაცი… მე გული მისკდებოდა, ის კიდე ტელეფონით ყველა აფხაზურ და რუსულ საგუშაგოს უღებდა სურათებს. უნდოდა დაემტიცებინა რომ შეუძლია დაზვერვა…»
დაიწყო ომი. სერგეი დედას ბოლოს 7 აგვისტოს, შეღამებულზე ელაპარაკა. მთლად რომ დაემალა დედას უფრო ეჭვებში ჩააგდებდა და ამიტომ ცოტა უთხრა, ბევრი დაუმალა _ განგაში გვქონდა, ჩვენ არაფერს გვეუბნებიან და ერთი ტელევიზორს უყურე, რა ხდება ჩვენს თავსო. ახლა ამ წუთას ჩვენ უკვე ვწევართო.
მზია კვირკველია: „ბოლოს მითხრა, დედა, სანთელი მაინც დაანთე ჩემზეო. იმის შემდეგ მე მისი ხმა აღარ გამიგია… რომ მელაპარაკა თურმე უკვე ცხინვალის მისადგომებთან ყოფილან.
იცით რა მასულდგმულებს? იმ ღამეს რომ იგემა მოგების გემო… ბიჭები მიყვებიან, ვერ აგიწერთ რა მდგომარეობაში იყო სერგო, დედამიწაზე ვერ ეტეოდა, სულ იმას გაიძახოდა აბა ბიჭებო წინო… ოცმეთაური მიყვებოდა, სამ-სამი გადიოდნენ, ეს სამეულები იცვლებოდნენ და სერგოს სულ გასვლა უნდოდა და ყველას მაგიერ გადიოდაო. ვეუბნებოდით დაისვენე, როცა საჭირო იქნება ვერარ გახვალო და რას ამბობთ, მე ვერ გამოვალო? რაღაცნაირი ძალა მოიკრიფა, არ გაჩერებულა, არ დაუსვენია, სულ წინ წინს იძახდა, ასეთ მდგომარეობაში გავატარეთ მთელი ღამეო. სნაიპერობაზე ოცნებობდა, მაგრამ მეტყვიამფრქვევე იყო, თუმცა იმ ღამით ავტომატით უწევდა სულ ბრძოლა. 8 აგვისტოს, მეტყვიამფრქვევე დაჭრილა. ის ტყვიამფრქვევი სერგეის უპოვია, წუთში გაუმართავს და იმ ტყვიამფრქვევით იბრძოდა ბოლომდე…“
იბრძოდა უკანასკნელ ამოსუნთქვამდე. ხალხს უყვიროდა, გაიქეცით თავს უშველეთო და თვითონ იბრძოდა, ბიჭებს ეუბნებოდა 2 კაცის სიცოცხლე რომ გადავარჩინო ეგეც საქმეაო. პოზიცია მაშინაც არ მიუტოვებია როცა ავიაციამ დაბომბვა დაიწყო. უწერია კიდეც საბრძოლო მოკვლევაში რომ სერგეი გოროზია იდგა თავს პოზაიციაზე ბოლომდე, რათა გაეყვანათ დაჭრილები და დაღუპულები…
შვილი ცხინვალში იბრძოდა და დაიღუპა. დედა გალში იყო და არ იცოდა რა გზას დასდგომოდა. გზები ჩაკეტილი იყო და 9 აგვისტოს მაინც წამოვიდა ტყე-ტყე, 18 წლის ქალიშვილტან ერთად. თბილისში 10 აგვისტოს ღამით ჩამოაღწია. მივიდა ვაზიანში, პასუხის გამცემი არავინ დახვდა, იქ სამხედრო პოლიციის გარდა არავინ იყო. მეორე დღეს მისულს უკვე ბატალიონის მეთაური კიკაბიძე დახვდა.
მზია კვირკველია: „კიკაბიძემ ვერ მითხრა პირდაპირ დაიღუპაო. მითხრა დაჭრილია, ტყვედ არის აყვანილიო… არ ვამტყუნებ, ძნელი სათქმელია _ შენი შვილი დაიღუპა… ორი დღის მერე რომ მივედი, მერე მითხრა, უფრო სწორედ თვოთონ ისევ ვერ მითხრა, ჯარისკაცი მომიყვანა, ვისაც ნანახი ჰყავდა სერგო მკვდარი. ის ბიჭუნა მომიყვა, სერგო კისერში იყო დაჭრილი ღრმად ხერხემლამდე, მნე დავუხუჭე თვალები, გოროზია მკვდარიაო.
იმ ბიჭუნას კი ათქმევინა მკვდარიაო, მაგრამ თვითონ მითხრა, მე ქალბატონო დაჟინებით ვერ გეტყვით რომ მაინცდამაინც დაღუპულია, რადგან ყოფილა ასეთი შემთხვევები, მოუტანიათ ბიჭებს ასეთი ამბავი, მაგრამ ცოცხლები გამოჩენილანო. ჩემზეც თქვა ერთმა მოკვდაო და რომ ვნახე ვუთხარი, სად მოკვდი, აგერ ვარ შე უპატრონოთქო, დღემდე ვერ იჯერებს ის კაცი ცოცხალს რომ მიყურებსო. ალბათ ვინმეში ავერიე, ყველას საღებავი გვესვა სახეზე, ყველა ერთმანეთს ვგავდითო, მე სერგო არ მინახავს მკვდარი და შეიძლება ბიჭები ცდებოდნენო.
კი მითხრეს მკვდარიაო, მაგრამ მე თვითონ არ მინდოდა ამის დაჯერება და კიკაბიძის ნათქვამს ვებღაუჭებოდი…“
იმედს ბოლო „დეენემის“ პასუხმა მოუღო. მანამდე იყო ორთვიანი ჯოჯოხეთი _ დაკარგული შვილის ყველგან ძებნის.
მერე დედა გალში წავიდა. ადგილობრივებს შესვლის უფკლება მიუციათ, შემოვიდეს რას ვერჩითო. მაგრამ მალე გამოჩენილან გუდაუთელები. ბოლო სიტყვებით ლანძღეს გმირიც და გმირის დედაც. დედას შვილის სურათი მიატანინეს.
მზია კვირკველია: „აჰა კრასავჩიკ, სდოხ სუკა“? ვდგევარ დედა და ვისმენ ამას…“

„დეენემის“ პასუხმა რომ საბოლოოდ გაარკვია ყველაფერი, დედამ გალში ტრადიციული მეგრული ტირილი მოაწყო. დასტიროდნენ სერგოს სურათებს და ტანსაცმელს.
მზია კვირკველია: „ისევ გამოჩნდნენ ეს ვაჟბატონები. რაო, გმირს ტირიხართო? დედააა, ბიჭები იყვნენ ახალგაზრდა ბიჭები სამძიმარზე მოსული, ისე ცემეს, ისე ცემეს ჩემ თვალწინ, ჩემი სერგი დამავიწყდა,
თავბედს ვიწყევლიდი, ეს რა ვქენი… ერთს წელს ქვემოთ ჩასცხეს, თვალებიდან არ ამომდის, როგორ დაგორავდა სიმწრისგან საწყალი ბიჭი…
შეცვივდნენ სახლში წიხლით მაგიუდა აგვიყირავეს, დალეწეს ყველაფერ, საბოლოოდ ჩაერივნენ და ეგდოს დედაო. იქ ენგურჰესში ვმუშაობ, გოგონა აქეთაა…“
სერგეის დედა ვერ მალავს გულისტკივილს. ბატალიონის მეთაურმა კიკაბიძემ სერგეი გოროზია ჩადენილი გმირობის გამო ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენზე წარადგინა. დედამისსაც ახარა.
„ისეთი გახარებული ვიყევი, თითქოს გაცოცხლდა ჩემი სერგო, მაგრამ…“
მაგრამ ის რომ შემდეგ სხვამ, კერძოდ ბერიძემ მის ვაჟს მეორე ხარისხის ორდენი არგუნა.
„მე ბატონ მიხეილ სააკაშვილსაც გადავეცი უკვე წერილი, ახლა რომ იყო მუხათგვერდში და ალბათ რეაგირებას მოახდენს. პირველი ხარისხი ჩემი კაპრიზი არაა. კიკაბიძემ, ვისაც საქმე ჰქონდა ამ ბიჭებთან, დაწერა მოკვლევა და წარადგინა პირველ ხარისხზე და რატომ მისცა მას მეორე ხარისხი მან, ვისაც არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია 42-ე ბატალიონთან, არ ყოფილა მათთან ბრძოლის ველზე…. ბერიძემ ჩემთან ასე იმართლა თავი, მეო ქალბატონო დამნავალეს, უბრალოდ ხელი მოვაწერეო. ეს ისეთი უპასუხისმეგბლო განცხადება იყო… ეს საქონლის ამბავი ხომ არ იყო, რიცხვში რომ დაგაკლდა ძროხა და ღორი და შენ მოდი და ხელი მოაწერე…»
მართლაც და რა ბედენაა მეორე ხარისხი? განა რა გიმრობასღა ვითხოვთ 20 წლის ბიჭისგან, რომნელმაც ეს გზა გამოიარა ომამდე და ომშიც იბრძოდა გააფთრებული? მის გმიროობის ამბავს თვით ბრმა აედებიც კი დაამღერებდნენ ლირაზე ძველ საბერძნეთში და ჩვენ რა ჯანდაბამ დაგვაბრმავა ან ამ გმირობას რომ ვერ ვხედავთ ან ამ ბიჭის თავგადასვალი რომ არ გზარავს და გულს არ გვიკლავს?

დაიბეჭდა „პრაიმ თაიმში“, შესულია „პრაიმ თაიმის“ გამოცემულ წიგნში „გმირი“

Advertisements
Post a comment or leave a trackback: Trackback URL.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: