რეზო შატაკიშვილი ქართული თეატრის ფანატიკოს ქურუმზე – სერგო ზაქარიაძეზე

მის პროფესიონალიზმსა და საქმისადმი ფანატიკურ სიყვარულზე დღემდე ლეგენდები დადის. იყო ფანატიკოსი და ფანატიზმს ითხოვდა პარტნიორებისგანაც. ის არ უყვარდათ კოლეგებს, მაგრამ უყვარდა და უყვარს ხალხს.
მას უყვარდა თეატრი, კინოში მუშაობას ტანჯვას ეძახდა, მაგრამ სწორედ კინომ მოუტანა დროში განფენილი დიდება.
ჯარისკაცის მამას ქმნიდა როგორც ქართვლის მამას, მსოფლიო აღიარებამ კი დაარწმუნა რომ ზოგადსაკაცობრიო სიემბს ჩამოჰკრა ხელი…
ქართული სცენის უკომპრომისო ქურუმი ბაქოში დაიბადა, სწორედ იქ, ადგა პირველად სცენაზე ფეხი ჯერ კიდევ 7 წლისამ ქართველ სცენისმოყვარეების წარმოდგენაში, შემდეგ ზესტაფონშიც თამაშობდა, საგასტროლოდ ცასულმა დიდმა მსახიობებმა კი საბოლოდ გადაწყვიტეს მისი არჩევანი. მერე იყო ზესტაფონის სადგურში წაკითხული თეატრალური სტუდიის განცხადება. მუდარა დედისამდმი – გამიშვი. უარი. მერე გაპარვა. მერე ტყუილი – 17 წლის ვარ. არდაჯერება ამ ტყუილის, ისევ ხვეწნა-მუდარა და ჩარიცხვა სტუდიაში 14 წლის ყმაწვილის…
მერე თბილისის უნივერსიტეტი, ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1926 წლიდან 2 წელი რუსთაველის თეატრი. ახმეტელის მასოვკაში დგომა… მერე მარჯანიშვილის თეატრი. დუდი გზის დასაწყისი. მადლიერება სიცოცხლის ბოლომდე – მარჯანიშვილის მიმართ, მაგრამ რამედენიმე გზის წასვლა მისი დაარსებული თეატრიდან – კონფლიქტებით და ტკივილებით. მაგრამ… “მე ვერავინ გადამიყვანდა იმ გზიდან, რომელსაც ერთხელ დავადექი დიდი სურვილითა და სიყვარულით” (სერგო ზაქარიაძე).
მერე ისევ რუსთაველის თეატრი. დიდება. საბედისწერო დიდება.
სერგო ზაქარიაძე რუსთაველის თეატრში მაშინ მივიდა, როცა იქ ეროსი მანჯგალაძე იყო ზენიტში. მხოლოდ თეატრში კი არა, ეროსი მანჯგალაძე იმხანად ყველაზე პოპულარული არტისტი იყო საქართველოში. თვით ხორავაც და თუმანიშვილიც, დოდო ალექსიძეც ეროისი მანჯგალაძეში თეატრის ახალ ლიდერს ხედავდნენ. ხორავა თანდათან უთმობდა კიდეც ლიდერობას ეროსი მანჯგალაძეს. სწორედ ამ დროს მივიდა სერგო ზაქარიაძე რუსთავლის თეატრში და როგორც ვასილ კიკნაძე იტყვის, სერგო ზაქარიაძე ხორავასა და ეროსი მანჯგალაძის შუაში ჩაჯდა. “ჩაჯდა” და გახდა კიდეც ეროსის ნაცვლად თეატრის ლიდერი.
როგორც ნოდარ გურაბანიძე წერს, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, დოდო ალქესიძეს ცეკამ დაავალა მარჯანიშვილის თეატრიდან უკვე მესამედ თუ მეოთხედ წამოსული სერგო ზაქარიაძის თეატრში მიღება.
თეატრში მიღებისთანავე კი ოიდიპოს მეფის როლის ახალ შემსრულებლად დანიშნეს (ამ როლს სამი შემსრულებელი ჰყავდა – აკაკი ხორავა, აკაკი ვასაძე, ეროსი მანჯგალაძე). ზაქარიაძისთვის თეატრის სარეპეტიციოში სპეციალურად აიგო დეკორაციები, რომ მოსკოვში, ქართული დეკადისთვის მოესწროთ მისი სპექტაკლში შეყვანა.
შევიდა კიდეც სპექტაკლში და მოსკოვმა სამი ოიდიპოსი ნახა _ ხორავასეული, მანჯგალაძისელი და ზაქარიაძისეული…
სწორედ ოიდიპოსის როლით გაიცნეს პირველად მოსკოვში.
“თქვენ ტრაგიზმით აღაგზნეთ მოსკოვი” – ასე მიმართეს რუსმა თეატრის კორიფეებმა ზაქარიაძეს…
დეკადის შემდეგ, მოსკოვმა რუსთავლის თეატრს საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის ერთი ლიმიტი გამოუყო. ამ წოდებაზე წარდგენილი იყო სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი დოდო ალექსიძე, მაგრამ… მიიღო ზაქარიაძემ. დოდო ალექსიძე მწარედ გაიხუმრებს _ “ზაქარიაძე ჩემს კუბოში ჩაწვა”.
ნოდარ გურაბანიძე: “სერგო ზაქარიაძის მისვლა რუსთაველის თეატრში საბედისწერო აღმოჩნდა ეროსი მანჯგალაძისთვის, დოდო ალექსიძისთვის და თვით მისთვისაც კი. სიყვარულისა და სიკეთისათვის გახსნილმა, უაღრესად ზრდილმა და გულთბილმა ეროსიმ თეატრში მისვლის პირველივე დღეებიდანვე შეიძულა სერგო ზაქარიაძე, თითქმის არ ელაპარაკებოდა, ზურგს აქცევდა, მისთვის უჩვეულო მკვახე ტონით პასუხობდა (თუკი პასუხობდა). ისე წავიდა ამ ქვეყნიდან სერგო ზაქარიაძე რომ ეროსის მასზე გული არ მობრუნებია. სიკეთისათვის შექმნილი ეროსის გულში ამ კაცისადმი დაუძლეველმა სიძულვილმა დაისადგურა…”
ვასილ კიკნაძე: “სერგო ზაქარიაძე, მიუხედავად ტრიუმფალური სვლისა, მსახიობთა ახალ თაობაში სიყვარულით არ სარგებლობდა. მაგრამ თეატრში შეიქმნა სიტუაცია როცა სერგოს ძალიან სჭირდებოდა ახალგაზრდების მხარდაჭერა და მათთან გაერთიანება, ახალგაზრდების კი სჭირდებოდათ მისი ავტორიტეტი. ასე გაერთიანდნენ ყველანი დოდო ალექსიძის წინააღდეგ. თეატრის მთელი სადავეები ფაქტობრივად სერგო ზაქარიაძის ხელში აღმოჩნდა…”
როგორც ნოდარ გურაბანიძე იტყვის _ “ზაქარიაძე,მ ფაქტიურად გაწირა დოდო ალექსიძე, რომელიც იძულებული გახდა უკრაინაში გადახვეწილიყო. მალე სერგო ზაქარიაძე რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გახდა და ამგვარად მან დაიჭირა არა მარტო ეროსი მანჯგალაძის, არამედ აკაკი ხორავასა და დოდო ალექსიძის კუთვნილი ადგილებიც. მაგრამ ბედისწერა ახალ მსხვერპლს ითხოვდა რუსთაველის თაეტრის კვარცხლბეკზე. ახალგაზრდა თაობა თანდათან განუდგა სერგო ზაქარიაძეს. რასაც იმპულისი მისცა მასსა და მიხეილ თუმანიშვილს შორის გაჩენილმა უთანხმოებამაც. სერგო ზაქარიაძე გენიალურად თამაშობდა მთავარ როლს თუმანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში “როცა ასეთი სიყვარულია”. იგივე როლი, სრულიად განსხვავებული ინტერპრეტაციით ითამაშა გოგი გეგეჭკორმა. თუმანიშვილს თავის მეგობართა წრეში უთქვამს (თითქოს!) _ სპექტაკლი სწორედ ისე მქონდა ჩაფიქრებული, როგორც გეგეჭკორი თამაშობსო…
ეს ნათქვამი უმალ მიუტანეს ბატონ სერგოს და თუმცა ბატონი მიშა უყარყოფდა, ამის მსგავსი არაფერი მითქვამსო, საქმეს ამან ვერ უშველა. პირველი დიდი ბზარი უკვე გაჩნდა ამ ორ დიდ ხელოვანს შორის. ამას ისიც დაერთო რომ რუსულ ჟურნალში “ტეატრალნაია ჟიზნ” დაიბეჭდა წერილი, სადაც გეგეჭკორს უფრო დიდ შეფასებას აძლევდნენ, ვიდრე სერგო ზაქარიაძეს, ამან კი მოთმინების ფიალა აუვსო და კატეგორიული უარი თქვა ამ როლის თამაშზე. სპექტაკლი ამის შემდეგ სულ მალე ჩამოვიდა სცენიდან… დაპირისპირება სერგო ზაქარიაძესა და დასის მსახიობებს შორის უფრო და უფრო დრამატულ ხასიათს ღებულობდა. ბატონი სერგო საშინლად ნერვიულობდა. რამდენჯერმე გადაწყვიტა სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტის დატოვება, აქეთ-იქით აწყდებოდა, ნერვიულობდა როცა სპექტაკლები არ გამოსდიოდათ, დღე და ღამეს ასწორებდა თეატრის გრანდიოზულ რეკონსტრუქციებზე, თან კინოშიც იღებდნენ… გადაიღალა, გადაიქცანა მისი გული, სამკურნალოდ დაწვა ლეჩკომბინატში და სულ მალე გარდაიცვალა..”
გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე კი რაიკომში თეატრიდან დარეკეს, შეამოწმეთ მართლა ავად არის თუ?…
მას ღრმად სწამდა, რომ არტისტს სჭირდება ნიჭი, შრომისმოყვარეობა და იღბალი.
მისი არტისტული ნიჭი _ დღემდე გვაოგნებს.
შრომისმოყვარეობა ჰქონდა მიქელანჯელოსდარი, დღემდე საარაკო ამბად რომაა თაობებისთვის გადმოცემული.
თავად ამბობდა რომ ეს შრომისმოყვარეობა თეატრის ფანატიკური სიყვარულის გარდა, გამოუმუშავა ფეხბურთმაც. დიახ, ის ფეხბურთელი იყო, შორეულ ახალგაზრდობაში, თამაშობდა ზესტაფონის ნაკრებში და სწორედ ფეხბურთს უმადლოდა ნებისყოფის, გამძლეობის გამომუშავებას.
“მე ყოველდღე სცენაზე სიცოცხლეს ვტოვებ, სპექტაკლის შემდე სახლში ძლივს მივლასლასებ, თქვენ კი ისე თამაშობთ გეგონება კინოლენტა იყოთ, დღეში რამდენჯერმე რომ შეიძლება დაატრიალო.” _ არც თუ იშვიათად მიმართავდა ასე ახალგაზრდა კოლეგებს. მისი პარტნიორობა არც ისე იოლი იყო.
იღბალი? იღბალი ფრიად სეგმენტური ჰქონდა _ მუდამ ბრძოლა უწევდა ადგილის დასამკვიდრებლად და ამ ბრძოლაში დამარცხცდა კიდეც, მაგრამ იღბალი ჰქონდა _ ხალხის სიყვარულში… დღემდე რომ არ გამქრალა.
იყო დიდი არტისტი და ამბობენ რომ არ ესმოდა პატარა არტისტების ტკივილი…
რუსთაველის თაეტრში “ფიროსმანი” იდგმებოდა, ფიროსმანს სერგო ზაქარიაძე თამაშობდა. მარგარიტას _ მედეა ჩახავა. მედეა ჩახავას დუბლი კი ელენე საყვარელიძე იყო. ელენე საყვარელიძე მოუთმენლად ელოდა როდის მოუწევდა რეპეტიციების გავლა, ხუმრობა ხომ არ იყო, მის სათაყვანებელ სერგო ზაქარიაძეს მედეა ჩახავას მარგარიტა ხელში აჰყავდა, ტახტზე სვამდა და შეციცინებდა, ჰოდა საყვარელიძეც ელოდა ამ წამებს. მოუწია რეპეტიციის რიგმა, მივიდა საქმე იმ სცენამდე და… სერგო ზაქარიაძემ ელენე საყვარელიძეს უბიძგა _ დაწე ტახტზეო. დოდო ალექსიძეს კი განუცხადა _ ეს მარგარიტა ნამეტანი მსუქანია ხელში ვერ ავიყვანო. გულმოკლულმა მსახიობმა თვენახევარში ათი კილო დაიკლო, სერგო ზაქარიაძემ მაინც არ აიყვანა ხელში _ მუხლის ტკივილი მოიმიზეზა. მაგრამ მუხლი რატომღაც არ სტკიოდა მედეა ჩახავას მარგარიტასთვის…
“დიდმა მსახიობმა სულ ვერ იგრძნო პატარას ტკივილი, რაღას ვიზამდი, ვიკადრე და წამოვწექი ტახტზე” _ იხსენებდა ელენე საყვარელიძე.
სწორედ “ფიროსმანის” დადგმისას გაუნაწყენდა ძმა ბუხუტი ზაქარიაძე.
ბუხუტი ზაქარიაძის ერთ-ერთი პატარა როლი ჰქონდა, რეპეტიციისას რეჟისორმა და სერგო ზაქარიაძემ ჩასთვალეს, რომ რასაც ბუხუტის გმირი ამბობდა, სჯობდა ნიკალას ფიროსმანს ეთქვა. რეჟისორმა ბუხუტი ზაქარიაძეს როლიდან ის რამდენიმე წინადადება წაართვა და სერგო ზაქარიაძეს ათქმევინა. ბუხუტი ზაქარიაძემ სიკვდილამდე არ დაივიწყა ეს წყენა… ხმასაც არ სცემდა ძმას…
სერგო ზაქარიაძეს თავის ყველა როლი უყვარდა. უყვარდა რადგან ყოველი როლის შექმნაში სისხლი და ოფლი ჰქონდა ჩანთხეული.
“მე არ მითამაშია როლი, რომელზედაც ღამეები არ მეთენებინოს. და თუ რომელიმე უდღეური აღმოჩნდა, ისინი მაინც ღვიძლია, რადგან მათ უდღეურობაში მე უფრო მიმიძღვის წვლილი. ამიტომ მიყვარს ყველანი ერთნაირად”_ ამბობდა ის, მაყურებელს კი დღემდე არ ავიწყდება მისი ჯარისკაცის მამა თუ შადიმან ბარათაშვილი, მოხუცი ფოსტალიონი თუ სხვა კინოროლები. მისი თეატრალური შედევრები კი ქართული თეატრის საგანძურია _ დევი “ჭინჭრაქადან”, კრეონტი “ანტიგონეში”, ოიდიპოს მეფე “ოიდიპოს მეფეში”, ფიროსმანი “ფიროსმანში”, კაცი მანტიით _ სპექტაკლში “როცა ასეთი სიყვარულია”…

Advertisements
Post a comment or leave a trackback: Trackback URL.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: