ლეგენდა ლენაზე (ზურა ყიფშიძისა და ელენე ყიფშიძის დედაშვილობის ამბავი)

რეზო შატაკიშვილი

2004 წელია. პაპანაქება ზაფხულია – 31 ივლისი უნდა გათენდეს. შუაღამეა – ღამის 4-ის ნახევარია. მოხუცი, 80 წელს მიტანებული, უკურნებელი სენისგან განაწამები დედა სიკვდილს ებრძვის. მასთან მხოლოდ მისი ერთადერთი ვაჟია. დედა შვილის მკლავებში ამთავრებს სიცოცხლეს. შვილი არავის ეძახის, მარტო რჩება დედასთან. შვილი ტირის დიდხანს, ებოდიშება გარდაცვლილ, ჯერაც ისევ თბილ დედას… ყველაფერს ფასი აქვს დაკარგული – სასოწარკვეთასაც, იმედსაც, ქმედებასაც, უმოქმედობასაც, ბატონობს ტრაგიზმი, რომლის ფონზე ყველაფერი უფერულია.
დედის ტანჯვისგან დაღლილი შვილი დედის ცხედარს უწვება გვერდით და ძილ-ბურანში ჩაკარგული ელის განთიადს, პირველ მზის ამოსვლას დედის გარეშე.
დაე მუდამ იყოს მზე, დაე მუდამ იყოს დედა… არავინ იცის ახსენდება თუ არა საკუთარ ბავშვობაში პოპულარული საბავშვო ჰიტი, მაგრამ ყველამ ვიცით რომ მუდამ მხოლოდ მზე იქნება და მუდამ ვერ გვეყოლება დედები. ვიცით მაგრამ არ გვჯერა, უფრო სწორად არ გვინდა დავიჯეროთ…

ამოდის მზე. შვილი დედის მეზობლებს აგებინებს დედის დაღუპვის ამბავს.

მიუხედავად იმისა რომ მოხუცი ქალიც დიდი არტისტია და შვილიც, ეს არც სცენაზე ხდება და არც გადასაღებ მოედანზე, მათ წინ არც პარტერია და არც კამერა. აქ ყველაფერი ნამდვილი და ტრაგიკულია.

მიუხედავად იმისა რომ დედა ელენე ყიფშიძეა, ქალი-ლეგენდა, ის ნამდვილად კვდება და შვილი – ზურა ყიშიძე, რომელსაც არაერთხელ ჰყავს ატირებული მაყურებელი, თავად ტირის ნამდვილი და არა გლიცერინის ცრემლებით.

ისინი არასოდეს მდგარან სცენაზე ერთად, ისინი მხოლოდ ცხოვრებაში იდგნენ ერთად.

ელენე ყიშშიძე – ჩემი თაობისთვის ზურას დედა, დღევანდელი თინეიჯერებისთვის “ყიფშოს” – გიორგი ყიფშიძის ბებია. თუმცა იყო დრო ზურა იყო “ლენას ბიჭი”.

ელენე ყიფშიძე – სცენაზე ფეხის ადგმის დღიდან მითიური არტისტი.

იყო მითიური და იქით ამსხვერვდა მითებს, მითს იმაზედ რომ პოპულარობა მხოლოდ კინოს მოაქვს, რომ თეატრი უძლურია დიდი პოპულარობისთვის. ის არ გააკარეს ქართულ კინოს, სულ რამდენიმე ეპიზუდური როლი ითამაშა კინოში, მაგრამ იყო პოპულარული, ისე პოპულარული რომ ამ დონის პოპულარობა ბევრ კინოვარსკვლავს არც დასიზმრებია. ის იყო არტისტი რომლის გულისთვისაც დადიოდნენ თეატრში, იყო ქალი, რომლის მჩქეფარე პირადი ცხოვრება აღელვებდა ყველას, მასზე თხზავნდნენ მითებს, ჭორისა და სინამდვილის კოქტეილს, სახელად “ლენას” სვამდა ყველა, მას მთელი ცხოვრება თან სდევდა მითიური შლეიფი, რომელიც თან ჩაიტანა სამარეში. დასრულდა მისი სცენიური და ამქვეყნიური სიცოცხლე, მაგრამ არ დასრულდა ლეგენდა ლენაზე.

ზურას ხნის მითი

1925 წელს, ილია ჭავჭავაძის მარჯვენა ხელისა და თანამებრძოლის გრიგოლ ყიფშიძის ვაჟს – ვასილ ყიფშიძეს ნაბოლარა ქალიშვილი შეეძინება. ელენე მეხუთე შვილია. მაგრამ ლენაჩკას შინ ორი და – ნინა, ქეთო და ერთი ძმა გიგა ხვდებიან. უფროსი ძმა – ზურიკო უკვე დაღუპულია.

პატარა ლენა ბავშვობიდან სცენაზეა, ბალეტითაა გატაცებული.

ზურა ყიფშიძე: “კოტე მახარაძე და დედაჩემი “შჩელკუნჩიკში”ცეკვავდნენ სოლოს, ერთ-ერთ დიდ პარტიას, მოსკოვშიც იყვნენ გასტროლებზე, ლენა დიდ თეატრშია ნაცეკვი, ბებიაჩემი ყოფილა მეცხრე ცაზე – “ნაშა ლენაჩკა ტანცუეტ ბალშომ ტეატრე… “

ყველას ჰგონია რომ ლენა ბალერინა გახდება, მაგრამ ის ბავშვობასთან ერთად ემშვიდობება ბალეტს და მსახიობი ხდება, 1948 წელს თეატრალურ ინსტიტუტს ამთავრებს და მარჯანიშვილის თეატრში იწყებს მოღვაწობას. აღიარებას მალევე იხვეჭს, “ხარატანთ კერაში” მისი განსახიერებული ნუცკია ქართული თეატრის ისტორიაში ინაღდებს ადგილს.

სცენაზე იმარჯვებს, ცხოვრებაში მარცხდება – პირველი ქორწინება დაშორებით სრულდება.

ზურა: “დედას პირველი მეუღლე იყო ეროსი მანჯგალაძე, სტუდენტობისას ძალიან უყვარდათ ერთმანეთი, ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ დაქორწინდნენ, მაგრამ ვერ აეწყო მათი ურთიერთობა, დაშორდნენ, ეროსის ცოლი აღარც მოუყვანია. ის კი არა, მახსოვს, ეროსის დამ დაწერა გაზეთში, სიცოცხლის ბოლომდე ლენა უყვარდა ეროსისო”.

მალე სრულიად ახალგაზრდა, 27 წლის ლენა ცხოვრებაში მთავარი როლის თამაშს იწყებს – დედა ხდება. შვილს უმამოდ აჩენს, ბიჭს ზურას არქმევენ, უდროოდ დაღუპული ბიძის სახელს. პატარა ზურას გვარს და მამის სახელს ბაბუა აძლევს. ამ თამამი (იმ დროისათვის მითუმეტეს) ნაბიჯის გადადგმას ლენას ოჯახში არ უშლიან, არ ეწინააღმდეგებიან.

ზურა: “ბავშვის მოშორებაზე მე მგონი არც ყოფილა საუბარი, არ ვიცი შეიძლება მე არ მეუბნებიან, მაგრამ მე ეს არასოდეს მიგვრძნია მათგან. პირიქით ბაბუის სახელი მიწერია მამის სახელად. საერთოდ, ისეთი ოჯახი იყო არა მგონია ბავშვის მოშორებაზე ყოფილიყო ლაპარაკი”.

დაიბადა ზურა და მასთან ერთად დაიბადა მითიც – რომ ზურა ეროსის ბიჭია. ამ მითის თვითონ ზურასაც სჯერა კარგა ხანს. უფრო სწორად არ იცის ვინაა მამა, მართლა ეროსი? თუ სხვა? იზრდება ქალების – დედის, ბებიის, დეიდების გარემოცვაში.

ბიძას, გიგა ყიფშიძეს, პოლიტკურზე იჭერენ და აციმბირებენ.

ზურა: “გიგა 24 წლის ასაკში უკვე სევასტოპოლის მთავარი არქიტექტორი იყო. 

რესტორანში, მთვრალმა დანით ხრუშოვის სურათი დახია, ისევ ქართველებმა “ჩაუშვეს” და გაუშვეს ციმბირში, სადაც ჭაბუა ამირეჯიბი იჯდა. მოსკოვში ოლიმპიადა იყო, ლენა თამაშობდა იქ და ხშრუშოვის ბანკეტზე დაპატიჟეს, ხრუშოვის ხელმოწერილი მოსწავევით კი ლენა ძმასთან წავიდა კოლონიაში,

კოლონიის უფროსი გაგიჟდა – გრიშკა ხრუშოვის სურათის დახევის გამო ზის და იმის დას ხრუშოვი საქეიფოდ პატიჟებსო…”

ზურიკო კი იზრდება. ლენამ არ იცის, რომ ქართველები მის ბიჭსაც “ჩაუშვებენ” მომავალში, “ჩაშვება” ჯერ ადრეა, ზურიკო ჯერ უნდა გაიზარდოს, მოსკოვში წავიდეს სასწავლად…

ზურა: “დედაჩემს გაუთავებლად სპექტაკლები, რეპეტიციები, გასტროლები ჰქონდა… პირადი ცხოვრება – არეულ-დარეული, ძირითადად დეიდები მივლიდნენ, ასე მეუბნებოდნენ – სამი დედა გყავსო. ისინიც მუშაობდნენ, ერთი უნივერსიტეტში ფიზიკას ასწავლიდა, მეორე ინგლისურს სკოლაში. მეტწილად ბებიასთან ვიყავი და სკოლაში რომ წავედი ქართული არ ვიცოდი საერთოდ, ბებია ნახევრად პოლონელი, ნახევრად “კაზაჩკა” რუსი იყო. ყველაზე ნაკლებად დედაჩემს მიუძღოდა ჩემს გაზრდაში წვლილი, მაგრამ მე მაინც ყველაზე მეტად დედა მიყვარდა. ეს აღიზიანებდათ “ზოგ-ზოგიერთებს”, იყო ერთი ეჭვიანობა…”

ბიჭს უყვარს დედა სიგიჟემდე, ყველაფერი თითქოს კარგადაა, მაგრამ განიცდის უმამობას, ნაცნობ-უცნობების ალმაცერ მზერას და დამოკიდებულებას. პატარა ხელებით იმკის დედის თამამი ნაბიჯის შედეგს. საზოგადოებას ჯერც სისხლში აქვს გამჯდარი რომ ბავშვი “ზაქსში” ხელმოწერერის შემდეგ უნდა გაჩნდეს.


ზურა: “სასწაული პრესი იყო, ფაქტიურად ნაბიჭვრად მთვლიდნენ და ასე შემდეგ… განვიცდიდი ამას ჩემებურად, მაგრამ რატომღაც შინაგანად ვიცოდი და მჯეროდა, ინტიუციით ვგრძნობდი რომ დედაჩემი მართალი იყო თავის ცხოვრებაში, სწორად ცხოვრობდა. მე მაღიზიანებდა და კონფლიქტი მქონდა საზოგადოებასთან და არა დედაჩემთან… რამდენიმე წელი მის მეუღლესთან, ბონდო მაჭავარიანთან ერთად ვცხოვრობდი, რახან დედას ეს უნდოდა…”

მითი ეროსის ბიჭობაზე გარდატეხის ასაკში იმსხვრევა. ბიჭი მამას პოულობს და ის სულაც არაა ეროსი მანჯგალაძე.

ავთო ვერულეიშვილი – ზურა ყიფშიძის მამა

ზურა: “მახსოვს სოფელში ვიყავი, ასე წარმადგინეს, გაიცანით, ესაო, ეროსის ბიჭიაო. გავგიჟდი მეთქი ვინ ეროსის ბიჭი ვარ, დავიწყე ყვირილი, ბოლო-ბოლო გამაგებინეთ ვინ ვარ, რა ვარ, ვისი შვილი ვარ…  13-14 წლის ვიყავი, როცა გავიგე ვინ იყო ბოლო-ბოლო მამაჩემი _ მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ავთო ვერულეიშვილი. აღმოჩნდა რომ ძმაც მყავს თურმე უფროსი, ისიც ზურიკო. ძალიან კარგი ხალხი არმოჩნდა, მიმიღეს და მეც მივიღე. ჩემს ძმასთან დღემდე ვმეგობრობ, მამაჩემიც დაიღუპა და მისი გადასარევი მეუღლეც. ( ზურაბ ყიფშიძის ძმა – ზურა ვერულეიშვილი გასულ წელს გარდაიცვალა – რ.შ. ) ისიც ძალიან ნორმალურად შეხვდა ყველაფერს და ძალიან ახლოს ვიყავი მასთანაც, ხშირად მ

ან ბევრად მეტი იცოდა ჩემს შესახებ, ვიდრე ლენამ.

ავთო ვერულეიშვილი – ზურა ყიფშიძის ძმა

მამაჩემი ძაან კარგი ტიპი იყო, რაღაც უცბად გაიარა მთელმა ცხოვრებამ, თითქოს გუშინ იყო ეს ყველაფერი. მამაჩემი მაინც დამნაშავედ თვლიდა თავს, მიუხედავად იმსა რომ დედაჩემს არაფერი მოუთხოვია მისგან, არც თავიდან არც შემდეგ. არ უთხრა, გინდა თუ არა ოჯახი დაანგრიე და მე წამიყვანე…

ყველაფერი შედარებით “ლაითად” მოხდა, სხვაგან მოყვებოდა რაღაც საშინელება… დედაჩემი და მამაჩემი სიცოცხლის ბოლომდე მეგობრებად დარჩნენ, ჩემი გულისთვსიაც და საერთოდაც. ერთ თეატრში თამაშობდნენ და იყო ერთი კურიოზები. მახსოვს მამას ხშირად ავიწყდებოდა ტექსტი. დედა თამაშობდა კინტოს. ერთ-ერთ სცენაში ლენა ცეკვავდა, ავთო უნდა შემოსულიყო და ეკითხა “საით მიდიხარ”? ლენა კიდე მთელი მონოლოგით პასუხობდა ამ კითხვას. ერთხელაც მამაჩემს დაავიწყდა ტექსტი, და “ნნნ” იძახის. ლენა ცეკვავს თან ხმადაბლა ეუბნება, რა “ნნნ”, თქვი ბიჭო. თან ცეკვას აგრძელებს – მეორე “კრუგზ” წავიდა. მამაჩემმა ბოლოს ჰკითხა – “სადა მუშაობ~? სად უნდა მუშაობდეს კინტო? ლენამაც გასცა რა პასუხი – “ლიხაჩოვის ქარხანაში, შენი დედა ვატირე”…

ელენე ყიფშიძე და ავთო ვერულეიშვილი
ავთო ვერულეიშვილი და გიორგი ყიფშიძე

მოკლედ ზურა გადასარევად იღებს დედასაც, მამასაც და იმ `ძიასაც~ რომლის ბიჭობასაც აბრალებდნენ.
ზურა: “ისე მოხდა რომ ეროსი ჩემი თეატრის დირექტორიც იყო და პარტნიორიც, ძალიან ვახლობლობდით. ღომ დაიღუპა იმ საღამოსაც მასთან ვიყავი სახლში, ბიჭები ვიყავით ასულები, მიდიოდა ნარდის თამაში, სუფრა უნდა გაშლილიყო, მე ვერ დავრჩი, ლელა ფეხმძიმედ იყო, წამოვედი, გამოვედი ოთახიდან და დავარდა კაცი…”

მითი იმსხვრევა, (ყოველ შემთხვევაში ზურასთვის), მის ადგილს სინამდვილე იკავებს. თუმცა, ზურა მანამდეც და შემდეგაც თავისი სისხლსავსე, ბავშური ცხოვრებით ცხოვრობს. დედას თავისი ცხოვრება აქვს _ სცენაზეც და სცენის მიღმაც. დეიდები, რომლებსაც უყვართ ლენა, სადღაც მაინც ვერ ჰგუობენ იმას რომ პირადი ცხოვრება არეული აქვს და უნდათ ზურა მაინც იყოს “ყველანაირად დადებითი”. პატარა ზურა კი საშინლად მოუსვენარია.

ზურა: “ბავშვობაში ავლიპ ზურაბაშვილს ბაბუაჩემი ასწავლიდა ფიზიკას, დეიდაჩემებმა პატარა რომ ვიყავი წამიყვანეს ავლიპასთან, სერიოზულად წამიყვანეს, გიჟიაო. ამაზე უარესი ვიყავი, მოუსვენარი.
(ამბობს ზურა და გენეტიკურ “მტკიცებულებაზე” – შვილიშვილზე, 4 წლის ნიკუშაზე მითითებს, რომელიც ჩვენი საუბრის დროს ყირას ჭიმავს ოთახში).
ავლიპ ზურაბაშვილი დეიდებს ამშვიდებს, ბავშვი უბრალოდ მოუსვენარია! ახლა დეიდები არ ისვენებენ, აღრიცხვაზე აიყვანეთო. არ ისვენებენ, უფრო სწორად წინ იხედებიან, ჩვენ ზურიკოს ჯარში რომ გაიძახებენ, რა იცი რაში დაგვჭირდესო. ზურიკო აღრიცხვაზე აჰყავთ. არადა, რა ჯარი, ბიჭი სულ 9 წლისაა. დაიმახსოვრეთ, დეიდები ამ დოკუმენტს საჭირო დროს ააფრიალებენ.
ზურას კი გული ცხენებისკენ უწევს. იპოდრომზე იწყებს სიარულს. ცხენებს უმეგობრდება და იმ რუბიკონს, რომელიც დედას ეღობება და ვერ ხვდება კინოში, პატარა ზურა ცხენით ახტება – კინოსტუდია “მაცი ხვიტიასთვის”პატარა ცხენოსან ბიჭს ეძებს. ზურას კინოში იღებენ. დედას არ სწყალობს კინო. არც მანამდე და არც შემდეგ.
ეს ამბავი “მაცი ხვიტიამდე” ხდება:
თეატრში “მაია წყნეთელი” იდგმება, ელენე ყიფშიძე მაია წყნეთელს თამაშობს. “მაია წყნეთელი” ანშლაგების რეკორდს ხსნის, სამასჯერ ნათამშევი სპექტაკლიდან 200 ანშლაგია. ელენე ყიფშიძეს იწვევენ ერევანში. ლენა სომხურ ენაზე თამაშობს მაია წყნეთელს. წარმატება თავბრუდამხვევია, მაგრამ თეატრალურ გამარჯვებას კინოში მარცხი ენაცვლება. იღებენ “მაია წყნეთელს”, რეზო ჩხეიძე ლენას ატყუებს რომ მაია მან უნდა ითამაშოს…
ელენე ყიფშიძე – მაია წყნეთელი

ზურა: “მახსოვს, ლენა ეუბნებოდა რეზო ჩხეიძეს, მითხარი, ნუ დამიმალავ თუ მე არ გადამიღებო. რეზო ეუბნებოდა შენ გიღებო. ბოლოს ოპერატორმა შეამზადა ლენა, როლზე ლეილა აბაშიძეა დამტკიცებული, უკვე ცხენზეც დადისო. ლენა მივიდა რეზოსთან, ის ისევ ეუბნებოდა შენ გიღებო. ოჯახებით ახლოს ვიყავით და ალბათ ვერ ეუბნებოდა სიმართლეს. ლენამ უთხრა, აბა ბიძო (ბიძინა ჩხეიძე _ რეზო ჩხეიძის ბიჭი – რ.შ.) დაიფიცე რომ მე მიღებო. რეზომ გეფიცებიო და გააქანა დედაჩემმა და წყვიტა სახეში, ამ მხრივ ცოტა ისეთი კი იყო ლენა, გიჟური, ფეთქებადი ხასიათის, მაგრამ მოთმენის დიდი უნარი ჰქონდა, მაგრამ ბოლოს თუ ამოუვიდოდა ამოუვიდოდა… “
გაურკვეველია რა ვერ აპატია ელენე ყიფშიძემ რეზო ჩხეიძეს, როლის სხვისთვის მიცემა, მისთვის მოტყუება თუ შვილის ტყუილად დაფიცება.
ამ ქალბატონს უცნაური ბედი დაჰყვა – ყველა ერთხმად აღიარებდა მის ნიჭს, ცეცხლოვან ტემპერამენტს, მაგრამ თუ არ ჩავთვლით რამნდენიმე ეპიზოდურ (მაგრამ მაინც შთამბეჭდავ) როლს, მას საერთოდ გვერდი აუარა ქართულმა კინომ. არადა, ძალიან უნდოდა კინოში გადაღება.
ზურა:იმდენად უნდოდა კინოში გადაღება რომ ცხვირიც კი მოიჭრა ამისთვის. მახსოვს 12-13 წლის ვიყავი და ძალიან განვიცდიდი ამას, არ ველაპარაკებოდი კაი ხანი, მეთქი როგორ მოიჭერი ჩემი საყვარელი ცხვირი… წოპემ გაუკეთა ოპერაცია და სხვათაშორის თავიდან არ გაუკეთებია სტანდარტული ცხვირი, კეხი დაუტოვა, ისე დაუპატარავა ცხვირი. მაგრამ მერე საშინელ ავარიაში მოჰყვა, საერთოდ დაელეწა ცხვირი და მეორე ოპერაცია დასჭირდა”.
გავა წლები და თავად ელენე ყიფშიძე, თავის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ასე გაიხსენებს საკუთარ ცხვირისა და კინოს ურთიერთობას.
“ქართული კეხიანი ცხვირი მქნდა და თეატრალურ ინსტიტუტში სწავლის დროიდან მოყოლებული, სულ მთავარ როლებს მთავაზობდნენ კინოში. თან ისეთი რეჟისორები, როგორებიც იყვნენ თენგიზ აბულაძე, რეზო ჩხეიძე, შოთა მანაგაძე… გადამიღებდნენ კინოსინჯებს და მერე შეიცხადებდნენ – “უი ცხვირიო”. ასე მთავრდებოდა ჩემი ურთიერთობა კინოსთან, სულ რამდენიმე ეპიზოდური როლი ვითამაშე ფილმებში. მერე წოპემ – ჩემი ძმის ახლო მეგობარმა, მირჩია, ხომ ხედავ, ცხვირი ხელს გიშლის, მოდი, ცხვირი მოიჭერი, კინოშიც გადაგიღებენ და ისეც უფრო ლამაზი იქნები, ცხვირის გრიმით გაზრდა კი ყოველთვის შეიძლებაო. მოკლედ, გავიკეთე ოპერაცია, თეატრში ალე ომიაძე და ვასო გოძიაშვილი გადაირივნენ, ეს რა ჩაიდინე, რას დაამსგავსე ქართული ცხვირიო. ახლა, დამიძახეს როლზე კინოსტუდიაში, რეჟისორ გუგული მგელაძესთან. დარწმუნებული ვიყავი, იმიტომ მიმიწვიეს, ცხვირი რომ შევიკრიჭე-მეთქი. ფრთხილად შევაღე ბატონი გუგულის კაბინეტის კარი, ვხედავ – არანაირი საპასუხო რეაქცია… მივხვდი, ვერ მიცნო. “გამარჯობათ, ბატონო გუგული, ელენე ვარ ყიფშიძე”, _ ვეუბნები, უნდა გენახათ, როგორი მიყვირა – რა უყავი შენი ქართული ცხვირი, ქართული ცხვირი მჭირდებოდაო… ისე გავმწარდი, გულში გვარიანად შევუკურთხე წოპეს. ამით დამთავრდა ჩემი და კინოს ურთიერთობა…”

ელენე ყიფშიძეს არ გაუმართლა ბედმა კინოში და ჩაიქნია ხელი. შეეგუა ბედს.
ზურა: “მე კარგად მახსოვს ის პერიოდი როცა დედაჩემი საშინლად განიცდიდა, რომ ბედმა არ გაუმართლა კინოში. მაშინ აქტიურად იღებდნენ ფილმებს და ლენას გვერდს უვლიდა ეს ყველაფერი. ამას ემატებოდა ისიც რომ ხშირად მისთვის მიუღებელი იყო კინოს სპეციფიკა, სულ მაგას ვუხსნიდი, ნუ მიიტან ასე ახლოს გულთან, კინოს სხვა სპეციფიკა აქვს, ეკრანი მგძნობიარეა, ზუსტად უნდა იცოდე რა წერტილიდან გიღებენ, ვინ არის ოპერატორი, რას აკეთებს, როგორც კი ოდნავ გადააჭარბებ, საშინლად თეატრალურად ჩანს მეთქი. მედავებოდა, როგორ თუ ნაღდად, გულწრფელად თამშობ, სხვანაირად როგორ გამოჩნდეაბაო. მერე მახსოვს, რაღაცა ნახა თავისი და საშინლად არ მოეწონა, გაგიჟდა ეს რა არისო. მეუბნებოდა, აუ, ბიჭო მეო მეგონა რაღაცას ვაკეთებ ზუსტად, კარგად, ნამდვილად შიგნიდან ვგრძნობო და ეს რა გამოვიდაო. მც ვუხნიდი, აი ლენა ხომ გეუბნებოდი კამარას ცოტა სხვა სპეციფიკა აქვს მეთქი. არ ესმოდა, შინაგანი პროტესტი უჩნდებოდა და ერთი პერიოდი ვერ იტანდა კინოს. ამბობდა, მე არაფერი არ მესმის და მეზიზღება ეს კინოო, მაგრამ ამას იმიტომ კი არ ამბობდა რომ თვითონ არ იღებდნენ, თვითონ სპეციფიკა არ ესმოდა და აღიზიანებდა, გაკეთებულად თვლიდა, ხშირად ამბობდა, გულით კი არ თამაშობს, ძალიან, ძალიან შინაგანად, თავით აკეთებს როლსო”.

კინოსგან გასხვავებით, ვერ ვიტყვით რომ ელენე ყიფშიძეს თეატრში არ უმართლებს ბედი. მაგრამ ბობოქარი ტემპერამენტისა და დიდი არტისტული გაქანების არტისტს დიდად არც თეატრში ანებივრებენ როლებით, თეატრშიც აქვს პაუზები, გაუთავებლად ცდილობენ მის ლოკალიზებას მხოლოდ სახასაიათო კომედიურ ამპლუაში. არ ანებივრებენ როლებით, მაგრამ როცა აძლევენ მაშინვე ფეთქდება მისი არტისტიზმი. ლენა ყიფშიძის ნიჭთან ომში უძლურნი არიან და მის წინააღმდეგ ხშირად იყენებენ მის პირად ცხოვრებას.

კინოს მსგავსად, მას არც პირად ცხოვრებაში სწყალობდა ბედი და იქაც შეეგუა განგებას, საბოლოოდ მარტოსულის ცხოვრება არჩია. ეროსი მანჯგალაძის შემდეგ, მხატვარ რეზიკო თარხანმოურავის ცოლი იყო, შემდეგ ჯონდო მაჭავარიანის.
ზურა:სულ მეუბნებოდა მე არასოდეს მიღალატია არავისთვის და ტყუილს ვერ ვიტანო. ვერ პატიობდა ბევრ რამეს, ვეუბნებოდი რატომპატიება ერთერთი მნიშვნელოვანი რამეა მეთქი, მაგრამ არ მეთანხმებოდა, არის რაღაცეები რასაც ვერ ვპატიობ ადამიანსო. ეტყობა მაქსიმუმს ითხოვდა თავისი პარტნიორისგან შეყვარებულისგან, ახლო ადამიანისგან, ქმრისგან, რაც გინდათ ის დაარქვით, ეტყობა ის ვერ აძლევდა და ეს ვერ პატიობდა… ბოლოს 7-8 წელი ცხოვრობდა ჯონდო მაჭავარიანთან. მათათან ერთად მეც ვცხოვრობდი, გადავლახე და გადავიტანე მთელი ეს უბედურება, ჩხუბებიც გვქონდა… ძნელია პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი, თან საკუთარი დედის, ახლა მისმენს ალბათ საიდანღაც და ალბათ მიწყრება, იმიტომ რომ არ უყვარდა მაგას ყველაფრის თქმა… ბოლოს, სანამ მე ინსტიტუტში ჩავაბარებდი, დაშორდა ჯონდოს და გადაწყვიტა რომ მარტოსული ყოფილიყო. გადაწყვიტა არ გამომივიდაო მე პირადი ცხოვრებაო და მარტო ცხოვრობდა”.
მისი პირადი ცხოვრება კი ისევ აღელვებს თბილისს. ისევ  დაფინავს ჭორები მასზე.
ზურა: “დედა ჭორებზე ბრაზდებოდა, მაგრამ ეტყობა ამაზე ცოტა ზემოთ იდგა და ეშვებოდა, პერიოდები იყო როცა მეც და ლენაც განვიცდიდით, საშინელ პრესს, ყველა მხრიდან, ნუ არ არის კვამლი უცეცხლოდ, მაგრამ ჩვენ მაინც ძალიან ბევრი ჭორები ვიცით ქართველებმა…”
ისევ ზურას ბავშვობა –  ქუჩა, ჰიპობა, მანეკენობა
ბობოქარი დედის შვილის ცხოვრებაც ბობოქარია. სავსეა სხვადასხვა პერიოდებით. ქუჩის ბიჭობას ჰიპობა ენაცვლება, ჰიპობას მანეკენობა.
ზურას ძიების პროცესი ექსტრავაგანტულ სახეს იღებს. ნერვიულობენ დეიდებიც, ნერვიულობს ლენაც. არც გაემტყუენება, მას ესმის რა არის ქეიფი, იცის რომ ბიჭმა შეიძლება ქუჩაშიც იჩხუბოს და რესტორანშიც, იცის სხვებისგან და იცის ზურას გადამკიდემაც. მაგრამ უცებ თვითონ ზურა იცვლება, ლენა იბნევა, ვერ ხვდება საით “უბერავს” ზურა.
ზურა: “მე და თემურ ჩიხლაძე ნამდვილი ჰიპები ვიყავით. ახლა ძაან ნამდვილი როგორ ვიქნებოდით, მაგრამ ვცდილობდით რომ გარეგნულადაც და შინაგანადაც ასე გვეცხოვრა. რაღაცა სიმყუდროვისა და თავისუფლებისთვის მიგვეღწია. ლენა საშინლად მტკივნეულად ხვდებოდა ამ ამბავს. დაიბნა, ქუჩის ბიჭი ვიყავი და უცებ შევიცვალე – მოშვებული თმები, მეორე ლოყის მიშვერა, რაღაც ბეჭდები, საყურე არა, მაგრამ რაღაც ჯინჯილები, გაცვეთილი ჯინსები, ჩუმი ლაპარაკი, სულ სხვა მუსიკა… ქალი გადაირია, რაღაც საშინელებაშია ჩემი შვილი, რაღაც სექტანტი ხდება… ლენას ბრალი იყო მილიციაში რომ მოვხვდით. ლენამ, ჩემმა “ტიოტკებმა”, ბიძაჩემმაც, მოილაპარაკეს რომ მოდით რაღაც გავაგებოინოთ სახელმწიფოს მოხელეებს და სამართალდამცავებს… მოგვადგა “ვარონკა”, ყველა გაიქცა და მე და თემურ ჩიხლაძე შევრჩით ხელში. თემურიმ იქ ისეთები მოარტყა, ესაო, ისაო, პროტესტიო, მელიციის უფროსი გაგიჟდა ოღონდ არ იყოს ბუნტი!!! რის წინააღმდეგ გამოდიხართო, გვკითხა, თემურმა უთხრა, ამერიკის აგრესიის წინააღმდეგ ვიეტნამშიო. რაღაც სისულელეები მოთხარა, დაახეთქა, პირველ მაისს პრასპარანტებით ვაპირებდით გამოსვლასო. არადა რა ტრანსპარანტები, რის ტრანსპარანტები, მილიციის უფროსი მთლად გადაირია, თქვენ ვიღაც გმართავთ ზემოდან, ანტისავბჭოთა ელემენტიო. მილიციიდან ისევ ლენამ გამოგვიყვანა, მე მივხედავო. მილიციის უფროსმა გამოგვიშვა და ლენას თემურზე აფრთხილებდა, ამას არ გააკაროთ თქვენი შვილიო”.
მალე ჩაჯაჯული ჰიპი ზურა ხელს აიღებს ჰიპობაზე და პოდიუმზე გამოდის. ალი-კვალი ლენას ბიჭია, უყვარს თამამი ნაბიჯები და აკეთებს იმას რაც უნდა. უნდა ჰიპია და უნდა მანეკენი. მთელ საბჭოეთში თუ არა ზურა ყიფშიძე პირველი მოდელი მამაკაცია საქართველოში.
ზურა: “პირველი მანეკენი ვიყავი თუ არა არ ვიცი, მაგრამ მაშინ არ იყო მიღებული რომ კაცი გამოვიდეს და ქალებთან ერთად აჩვენოს მოდა. სურათებია შემორჩენილი ძალინ სასაცილო, სად არის ვერ ვპოულობ, პოზებში რომ ვდგევარ. სკოლის მოსწავლე ვიყავი მანეკენობა რომ დავიწყე. დამიძახეს მოდელების ჩვენებაზე და მეც დავდიოდი ვილნიუსში, მინსკში, კიევში, მოსკოვში, რა ვიცი, სად აღარ, აზრზე ხარ, მთელი საბჭოთა კავშირიდან ჩამოდიოდნენ იმ ჩვენებებზე ლამაზი ქალები, მანეკენშიცები, ეს რა კარგი იყო იცი? მერე, ტრამვის გამო ჩამოვშორდი პოდიუმს, მაგრამ ინსტიტუტი რომ დავამთავრე ისევ მივუბრუნდი პოდიუმს. უკვე ცოლიც მყავდა, შვილიც. მე, ჩემი ცოლი, ქეთი ქობულია, ნანა კობერიძე დავდიოდით მოდელების სახლში გიზო ბერაძესთან. მოდელები კეთდებოდა საფრანგეთისთვის, თურქეთისთვის, ავსტრიისთვის, მართალია მანდ არსად არ წამიყვანეს, მაგრამ მოსკოვში ძალიან ბევრს ვუმშაობდი, ნატვრის ხე უკრავდა და ჩვენ ვაჩვენებდი მოდელებს, ასე რომ ჩემს მანეკენურ “კარიერაში” ორი პერიოდი იყო, ერთი ბავშვობაში, მერე დიდობაში…”
ზურას მოუსვენრობის ბრალი იქნება ის ტრამვაც, რომლის გამოც პოდიუმს ჩამოშორდება და საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება სიარულიც.
ზურა: “ჩხუბში მოვყევი, ფანჯარაში მომიხვდა ფეხი და გადამეჭრა აქილევსის მყესი. ედიშერ მაღალაშვილმა გადამარჩინა, გამაქანა პოლიკნინიკაში, სადაც მთვრალი მორიგე დაგვხვდა, კინაღამ მოკლა ედიშერმა, მერე გამაქანა ტრამვატიოლოგიურში და იქ ბედად დამხვდა ახალგაზრდა ექიმი ბიჭი, რომელსაც ნამუშევარი ჰქონდა აქილევსის მყესზე. იმან გადამარჩინა, თორემ სერიოზულად იყო საქმე, წელიწადნახევარი სახლში ვიყავი, ჩირქი მდიოდა, ჭრილობის გარშემო ტროფიული წყლული მქონდა, ყავარჯნებით დავდიოდი, საერთოდ ეგონათ რომ მოსაჭრელი გამიხდებოდა ფეხი… მაგრამ იმ ბიჭმა გადამარჩინა. სხვათაშორის ის ბიჭი მერე მოსკოვში ვნახე, თვითონ მიცნო, მიღიმოდა, გამიკვირდა, რა იყო მეთქი, მეო თქვენს ფეხზე დისერტაცია მაქცვს დაცულიო…”
ზურაც გადარჩა და მისი ფეხიც. ზურამ ამ ფეხით შეაბიჯა თბილისის თეატრალურ ინსტიტუტშიც და კინოშიც. სწალობს დოდო ალექსიძესთან, პარალელურად პირველ კომკავშირელის როლს თამაშობს შოთა მანაგაძის “წუთისოფელში”, აცდენს ლექციებს, ისედაც მოუსვენარი ვინმეა ისევ. ამას ემატება ის რომ ლენას ბიჭია. არტისტების შვილებს თეატრალურ ინტიტუტში კარტბლანში ჰქონდათ და აქვთ, ზურასთვის ყველაფერი პირიქითაა, მტრობენ დედამისთან ერთად. თეატრალურ ინსტიტუტის რექტორი დედა-შვილს იბარებს.

ზურა: “ჩვენს შემთხვევასი ყველაფერი პირიქთ იყო, თვითონ ლენას ფაქტორი აღიზიანებდათ, თვლიდნენ რომ ლენას უნდოდა რომ მე მსახიობი გამოვსულიყავი, ამ დროს არავის არაფერი არ უნდოდა, მე მინდოდა, ყველაფერი ბუნებრივად ხდებოდა, თავისთავად. თავაძე იყო მაშინ რექტორი, კაგებეს პოლკოვნიკი, გვეჩხუბა,  შეურაცხყოფაც კი მიაყენა ლენას, რას აკეთებს კაცმა არ იცის, დაანებოს თავი ინსტიტუტს, წაგიყვანოს სოფელში და თოხი გარაკუნებინოს და დაგადგეს თავზეო, მახსოვს ცრემლები წამსკდა და სამელნე თუ რაღაც ვესროლე. გამომაგდეს ინსტიტუტიდან. არ ვიცი, ჩემი ბრალიც იყო, მოსუვენარი ვიყავი, ვაცდენდი ლექციებს, არც ვიცოდი რა არის ეს საქმე. მეორე წელს ისევ თავიდან ჩავაბარე თეატრალუ ინსტიტუტში, მოვხვდი მიხეილ თუმანიშვილის ჯგუფში და კარდინალურად შევიცვალე. მივხვდი რომ თეატრალურში სწავლა არც დიპლომის აღება იყო, და არც უბრალოდ კინოში გადაღება, გაიხედე მარცხნივ, გაიხედე მარჯვნივ… გარდატეხა მოხდა ჩემში, მივხვდი რომ ეს მთელი მეცნიერება იყო. რომ არა ისევ კინო, “როცა აყვავდა ნუშის”გადაღებები, ისევ გაცდენები და კონფლიქტები, ალბათ არც წავიდოდი მოსკოვში, მიხეილ ივანიჩთან ძალიან კარგად ვიყავი.”

რექტორატმა ზურა მეორედაც გამოაგდო ინსტიტუტიდან, სამაგიეროდ ლანა ღოღობერიძემ გადაიღო ფილმში “როცა აყვავდა ნუში”. დედა რომელსაც გზა გადაუკეტეს კინოში, ვერ ეუბნევა შვილს – კინო არ გინდა, ლექციებზე იარეო. მეტიც, სადღაც გულის სიღმეში უხარია კიდეც რომ მისი ბიჭისთვის მაინც არის ღია კინოს კარი. მერე რა რომ მეორედ გამოახურინეს თეატრალური ინსტიტუტის კარი. დედა გრძნობს – შვილს წინ დიდება და პოპულარობა ელის. გრძნობს შვილც.
ზურა: “მეორედაც რომ გამომაგდეს თეატრალურიდან, ნუგზარ ბაგრატუიონმა მითხრა, კინოს გულისთვსი გაგრიცხეს და ბარემ მოსკოვში კინოს ინსტიტუტში ჩააბარე, გერასიმოვს აჰყავს ჯგუფიო. მართლაც, წავედი მოსკოვში, “გიკში” ჩასაბარებლად. ჩემ მოსკოვურ საგამოცდო ციებცხელებაზე, ჩემმა ძმაკაცმა შოთიკო მშვენიერაძემ დაწერა პოემა “ზურალენასტყაოსანი”… არსად დაბეჭდილა დღემდე…”
ფრაგმენტები პოემიდან
“იყო სახალხო არტისტი ლენა ვასილის ასული
ერთი ძე ჰყავდა ზურაბი, ბიჭი სიმაღლედ წასული,
დედას რომ შვილი უყვარდეს, არ არის გასაკვირველი,
მაგრამ მიჰყევით ამბავს, მოხდება გასაკვირველი.

დავიწყებთ ამბავს თავიდან, თუმც არა, რათა თავიდან,
როცა ზურიკო მოსკოვში სწავლას შეუდგა თავიდან.
მოაჯდნენ ზურა და ლენა თვითმფრინავს ცაში მფრინავსა,
სულ ორ საათში ჩაფრინდნენ, “ტუ” ჰგავდა ცხენსა მფრინავსა.

… ინსტიტუტში შესვლისთანვე ლენას გაჰყვა დიდი ჯარი
იქვე ატყდა მითქმა-მოთქმა, ქალებს ჰქონდათ თურმე ჯავრი,
კონკურენტად მოგვევლინა საქართველოდანო ქალი,
ულამაზესი ვინმეა, სახელად ერქმევა დალი.
ანაზდად ლენამ გახედა, რუსაპეტებს მიაბოლა.
ნეტა მართლა ვაბარებდე, მიაყარა მათ ქოქოლა.
გერასიმოვამდე მისვლა არ ჩათვალოთ თქვენ ადვილად.
სერგეი პრივეტ ია ზდეს, ლენამ ჩაურთო რუსულად.
შეფმა ახედა, უყურა, მოეწონა მას ნამდვილად
თქვენი ბიჭი გამოდგება, უპასუხა მან ქართულად”.

ზურას ძმაკაცის პოემაში გარითმულად, იუმორითაა აღწერილი გამოცდებისა და გამოცდებშუა ქეიფების ამბებიც და პროზაული ფინალიც _ ისტორიის გამოცდაში ჩაჭრა. ზურა ბოლო გამოცდაზე – ისტორიის გამოცდაზე ფლავდება.
ზურა: “ბოლო გამოცდაში ჩავიჭერით 4 კაცი. მარჯანიშვილის თეატრს გასტროლები ჰქონდა ლენინგრადში, ავდექი და გავყევი დედაჩემს. მე, ირაკლი ტრიპოლსკი, გია ლაფერაძე, ივიკო მახარაძე დავქრივართ, არის ერთი ამბავი. უცებ, ლენინგრადში, ვერიკო ანჯაფარიძეს დაურეკა თამარა მაკაროვამ, აუხსნა მდგომარეობა, 4 კაციო, რომელიც მოგვწონდა უცბად ჩაჭრესო, ჯგუფს ვერ ვკრავთ, ერთ-ერთი ჩაჭრილი ქართველი ბიჭია გვარად ყიფშიძე, დედა მსახიობი ჰყავსო. ვერიკომ უთხრა, კი, ლენას ბიჭია, აქ არის ჩვენთან ლენინგრადშიო. მაკაროვამ სთხოვა, შენი ჭირიმე, გადაეცი, ჩამოვიდეს 1 სექტემბერს, “კარტოშკაზე” უნდა წავიდესო. მოკლედ, ოთხივეს რაღაც პერიოდი მოგვცეს გამოცდის ჩასაბარებლად, რარაცეები ძალათ წაგვაკითხეს და ჩაგვაბარებინეს, მანამდე კი პოდმოსკოვიეში კარტოშკაზე გვამუშავეს ერთი თვე”.

ზურა გიკის სტუდებნტი ხდება, თბილისურ ორიანებს მოსკოვური ხუთიანები ცვლის, ლენა, რომელსაც შვილთან ერთად სათოხარში წასვლას ურჩევდნენ ამაყადაა – მისი ზურიკო წარმატებული, გერასიმოვის საყვარელი სტუდენტია. თბილისურ თეატრალურ ელიტაში კი ქირქილებენ, რომ ლენას თავქარიან ბიჭს  მალე იქიდანაც გამოაგდებენ. ზურას კი არავინ არ აგდებს, პირიქთ გერასიმოვი თავის ფილმში იღებს, წარმატებით გადადის მეორე კურსზე.
თბილისში კი ბოღმისგან სკდებიან და სამარცხვინო იერიშზე გადადიან.
ზურა: “მაშინ რაღაც კონფლიქტი მოუვიდა აქ დედაჩემს, არ ვიცი, არ ჩავაცივდი რა და როგორ იყო, მაგრამ ვიცი რომ რაღაც კონფლიქტი იყო, გაღიზიანებულებმა გადაწყვიტეს ჩვენი გამწარება და თბილისის თეატრალური ინსტიტუტის რექტორატმა მოსკოვში ქაღალდი გამოაგზავნა, რატომ სწავლობს თქვენთან, ჩვენ ორჯერ გამოვაგდეთ, რატომ არ არის ჯარშიო. კომისარიატში დამიბარეს, აზრზე არ ვიყავი რა ხდებოდა, იქ ვნახე თბილისიდან გამოგზავნილი წერილი, თავზე ეწერა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი… რა აღარ ეწერა იქ, რომ ვარ საშინელი, ასეთი და ასეთი კაცი, ჩვენ 2-ჯერ გავირიცხეთ, წესით უნდა იყოს ჯარში და რატომ არ არის ჯარში… წამართვეს პასპორტი, ჯარში მიპირებდნენ წაყვანას. გერასიომოვი დამეხმარა, ფილმის გადაღებების გამო 6 თვით გამათავისუფლა. მერე საგიჟეთშიც მომიწია წოლა, ჯარში რომ არ წავეყვანე. დეიდები მყავდნენ მხეცები, არქივიდან ამოწიეს გაყვითლებული საქმე, ბავშვობაში ავლიპ ზურაბიშვილთან რომ ვიყავი აღრიცხვაზე, გამოგზავნეს მოსკოვში და იქ გამოკვლევაზე დამაწვინეს საგიჟეთში. ერთი ის მოვახერხე, დედაჩემს და `ტიოტკებს~ რომ არ ენერვიულათ, მოვატყუე, საგიჟეთში სექტემბერში მაწვენენ მეთქი და ზაფხულში დავწექი, მათ რომ გაიგეს უკვე მიშვებდნენ. ჩამოქანდნენ გაგიჟებულები. საერთოდ სამივე გადმომყვნენ თან, მახსოვს ერთხელ დედაჩემი იყო ჩამოსული, გამოვაცილე, ჩამოვიდა თბილისში და მეორე დილით უკან დამადგა, ცუდი სიზმარი ვნახეო, მე 40 მქონდა სიცხე… დედა კი იყო, მაგრამ უფრო დაქალი იყო, ყველაფერი ჩემი იცოდა, მე მაგისი ვიცოდი, ეჰ…  დიპლომზე რომ ვმუშაობდი, დეიდაჩემმა ქეთომ უხელფასო შვებულება აიღო და ჩემთან ჩამოვიდა რომ მოევლო, ახლა მე ყოველთვის მივლიდნენ იქ, მაგრამ დეიდაჩემმა ასე გადადო ყველაფერი და ჩამოვიდა… მოკლედ გადამყვნენ დეიდები, შეეწირნენ ჩემს გადარეულ ახალგაზრდობას. ახლა არიან მოფანფალებულები, სახლიდან ვერ გამოდიან, ვაკითხავ ხოლმე, გაგიჟებულები არიან რომ ყველაზე უმცროსი და პირველი წავიდა ამ ქვეყნიდან…”
ქართული თეატრალური ელიტის ამ ნაწილს მხოლოდ ზურას მოსკოვური წარმატებები არ აცოფებთ. წარმატება აქცაა თბილისში, ზურა თბილისში არაა, მაგრამ თბილისშია მისი ეკრანული გმირი. ეკრანებზე გამოდის და ფურორს ახდენს ლანა ღოღობერიძის ფილმი “როცა აყვავდა ნუში”, ზურა ყიფშიძე უკვე მასიურად იბუდებს ქართველი გოგოშკების სიზმრებსა და ოცნებებში, ყველაზე პოპულარული ბიჭი ხდება საქართველოში.
ზურა ყიფშიძე: “იმ 50-60 ფილმიდან რომელშიცვ გადამიღეს, ყურადსაღები და საინტერესო შეიძლება იყოს სადღაც ათი ფილმი, მაგრამ აქ საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც “როცა აყვავდა ნუში” აღმოჩნდა. ალბათ იმიტომ რომ პირველი ფილმი იყო, რომელიც ახალგაზრდობის მტკივნეულ პრობლემას ეხებოდა. ამ დროს ნერვებს მიშლის ის გაპრანჭული გატყლარჭული ბიჭი, ბაკენბარდებით. ახლახანს ვუყურე და გამაღიზიანა, სულ ვფიქრობდი, მეთქი ერთ მართალ სიტყვას იტყვი შენი დედა ვატირე? თავის დროზე მე თვითონ ვერ ვიტანდი ეგეთ ტიპებს. ვინც მიცნობდა შეიძლება ეფიქრა ზუსტად ზურაზეა ეს ფილმიო, ამ დროს არ იყო ასე, სხვათაშორის გოგა ფიფია გაცილებით თავქარიანი იყო ვიდრე მე, მანქანის ატრებაც არ ვიცოდი მაშინ, იყო დუბლიორები და ერთი ამბავი”.
ფილმში გოგა ფიფიას გმირმა არ იცის მანქანის ტარება, ცხოვრებაში ზურა ყიფშიძემ. ზურა ტარებას მოგვიანებით სწავლობს ძმაკაცების მანქანაზე, მაგრამ ცოლის მარადიულ დაცინვას მაინც ინაღდებს.
ზურა: “ლელა დღემდე დამცინის, ჩვენ რომ ვიპარებოდით თუ რაღაცა, მამამისის მანქანით ვიყავით, ძაან მაგარი მანქანა ჰყავდა, “ნოლტრი” გადაკეთებული, მაგარი მატორი ჰქონდა. საჭესთან მე ვიჯექი, მაგრამ ერთგან ყინული იყო და ვერ ავედი, ლელამ მითხრა, დამსვიო, მე ვიციო ამ მანქანის ამბებიო, იმან წამიყვანა, რა, გამოვიდა რომ იმან მომიპარა”.
ზურა ბოლო-ბოლო იპყრობს საჭეს, ლენასთვის კი მანქანით სიარული ისეთივე ეპიზოდური ხდება, როგორც კინოში გაელვება. თუმცა კინოში გადაღების სურვილისგან განსხვაებით, ლენას საკმაოდ გვიან უჩნდება მანქანის მართვის სურვილი. დადის კიდეც მასწავლებელთან, შინაც ბევრს “ვარჯიშობს”.
მოგვიანებით ზურა “გაუბაზრებს” როგორ ვარჯიშობდა სახლში ლენა – როგორ
აწვებოდა წარმოსახვაში გაზს, “ტორმუზს”, როგორ თიშავდა “ცეპლენიეს”, როგორ ქოქავდა და როგორ ახმოვანებდა ამ ყველაფერს.
ლენა აიღებს მართვის მოწმობას, საჭესთან დაჯდომას მაინც ვერ გაბედავს…
ლენა ვერც ზურასთან თამაშს ბედავს – “ვაიმე რას ამბობთ მე ხომ ზურასთან თამაშის შემეშინდება?” ამას იტყვიც ცოტა მოგვიანებით, როცა ზურა მხოლოდ პოპულარული კი არა აღიარებული არტისტი იქნება. მანამდე კი მოსკოვიდან დაბრუნებული ზურიკო იმედებს გაუცრუებს მშობლებს და მარჯანიშვილის თეატრს, მიხაილ ივანიჩის ახლადგახსნილ თეატრს ამჯობინებს. მშობლებს ჰგონიათ რომ ზურიკომ აღიარებულ დიდ თეატრში უნდა იმუშაოს, მაგრამ მალე დარწმუნდებიან რომ აღიარებულ თეატრში მუშაობას დიდ რეჟისორთან მუშაობა სჯობს, სად არ უნდა იყოს ის. დედა-შვილი მერეც ხშირად იკამათებენ ამ თემაზეც, რეჟისორების საჭიროებაზეც და როლის კეთების ხელოვნებაზეც.
ზურა: “სულ ვკამათობდით, ელენე ამბობდა, გარედან თუ არ დავინახე გმირი, ისე როლს ვერ გავაკეთებო, მე პირიქით მასწავლეს, ჯერ შიგნით უნდა ვიგრძნო და მერე გარედან შევალამაზო. სხვადასხვა სკოლის არტისტები ვიყავით, მაგრამ მისი ბევრი ნამუშევარი მომწონდა, როდესაც არტისტი მოქმედებს, გავიწყდება რა სკოლაა, არც იმას აქვს მნიშვნელობა რა სახის სპექტაკლს თამაშობს. ძალიან მომწონდა როსებას “პრემიერაში”, უცბად ძალიან ისეთი იყო, მიხაილ ივანიჩმაც კი მითხრა როგორ არ გამოიყენეს ლენაო… ის ყოველთვის ითვლებოდა ნიჭიერ ქალად, მაგრამ სერიოზულ რეპერტუარს მის გარეშე ქმნიდნენ…შეიძლება იმდენად ნიჭიერი იყო, რომ თავს არ იწუხებდნენ მისი ნიჭის მოსარჯულებლად… ერთი პერიოდი ნაფტალინის თეატრს ვეძახდი მაგათ თეატრს და ამაზე გიჟდებოდა, სულ ვეუბნებოდი, გადასარევი მსახიობები ხართ, მაგრამ რეჟისურა ისეთი მაინც არა გაქვთ მეთქი. მეუბნებოდა – არც გვჭირდება! მეთქი როგორ არ გჭირდებათ, რეჟისორი ყველას სჭირდება. არადა, თვითონ სულ იხენებდა ყუშიტაშვილს და ჩხარტიშვილს. ძალიან განიცდიდა, მიხაილ ივანიჩის სიკვდილის შემდეგ რომ პაუზა მქონდა. მიხვდა რომ მე ვერ ვიპოვე ჩემი რეჟისორი და ვერც რეჟსორმა ვერ მიპოვა. ძალიან გაუხარდა, თითქოს ახალგაზრდობა დაუბრუნდა, თემურ ჩხეიძესტან რომ დავიწყე მუშაობა, ძალიან მოწონდა “არტი” და “მამა”, ტავიდან ღელავდა, მერე ამაყად იყო, გამოგივიდაო, მე ბურანში ვიყავი არც ვიცოდი, რა გამომივიდა რა არ გამომივიდა… გიორგი მოეწონა ძალიან “რომეო და ჯულიეტაში”, გახარებული იყო, რაღაცით კი გგავს, ხელით, პლასტიკით, მაგრამ რა კარგია რომ არ გბაძავსო. ვეხუმრებოდი, შვილი ან დედას დაემსგავსება, ან მამას, საბედნიეროდ მეზობლებს არ გვანან მეთქი. მოწონდა გიორგი და სულ უნდოდა მას გამოსვლოდა, რაც დავუშვათ მე არ გამომივიდა. არადა, მე არაფერს არ ვნანობ, რაც გამოვიდა გამოვიდა, რაც არ იყო გამოსასვლელი, ეტყობა არ უნდა გამოსულიყო. ლენას პლასტიკასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და ჩემგან და გიორგისგან განსხვავებით – სიმღერასთანაც. მე და ჩემი შვილიც ვცდილობთ რაღაცას, სპექტაკლებში კი არა ფილმებში  მიმღერია მე თვითონ, მაგრამ ლენასნაირი სმენა და ხმა არავის არ გვაქვს, ამ მხრივ მრავალმხრივად დაჯილდოვებული იყო, პლასტიკის მხრივაც მუსიკალურობის მხრივაც”.
წლები მიდის, ლენა მარტო ცხოვრებას არჩევს, უფრო სწორად საინტერესო ფორმულას პოულობს – ყველა ერთად და ცალცალკე. უნდოდა, ერთ სადარბაზოში, ერთ სართულზე, ცალცალკე ბინებში ეცხოვრათ. ორაოთახიანში – ზურას თავის ცოლ-შვილთან, ერთ ერთპთახიანში თვითონ, მმეორეში – დებს.
მოკლედ, ლენა დიდი ბინის “დახურდავებას” აპირებს. ამ თხოვნით შევარდნაძესთან მიდის.
ზურა: “არასოდეს არავისთვის არაფერი უთხოვია, შევარდნაძე ეუბნებოდა სამი ოჯახი ხართ და სამ ბინას მოგცემთო, ლენა ეუბნებოდა – არ მინდა, ჩემი დიდი ბინა დამიხურდავეთო. შევარდნაძე ვერ მიხვდა რა უნდოდა ლენას, რა დახურდავებაზე ელაპარაკებოდა, ისევ უმეორებდა სამ დიდ ბინას მოგცემთო. ლენა ისევ თავისას “აწვებოდა”_ არ მინდა! რაც არ მეკუთვნის არ მინდა, ჩემი დიდი ბინა დამიხურდავეთო. გაგიჟდა შევარდნაძე, რომელი მაკლერი ის იყო… მაინც დაახურდავებინა და საბურთალოზე “შანხაისთან” ერთ სართულზე მოგვცეს მოგვცეს ბინები. თავიდან ერთად ვიყავით, მერე გავიქეც-გამოვიქეცით, დეიდები საირმეზე გადავიდნენ, მეც დიდ დიღომში გადავცვალე ის ბინა, ფული მჭირდებოდა გიორგი რომ კვიპროსზე გამეშვა და დარჩა დედაჩემი მარტო, ამაშიც არ ჰქონდა, რა ბედი… სულ მაგას მეუბნებოდა, თქვენ თუ მაგას აპირებდით, მე სხვა ადგილას ავიღებდი ბინასო. საშინლად არ უყვარდა ის ადგილი, სულ მკვლელობები და ქურდობები ხდებოდა, ორჯერ ლენაც გაქურდეს, ინდირა განდის ნაჩუქარი სამკაული მოპარეს… ძალიან ვუყვარდით ყველა, მაგრამ მარტო ცხოვრება ერჩია, სულ მაგას ამბობდა მე მარტოსული ვარ, ასე მირჩევნია, შორიდან დაგეხმარებივთო. ასეც იყო, გვეხმარებოდა, მოდიოდა, მიდიოდა, ახალ წელს ჩვენთან ხვდებოდა. სადღაც მართალიც იყო, ახალგაზრდები მარტო, დამოუკიდებლად უნდა ცხოვრობდნენ. საერთოდ, ლენამ უდიდესი როლი ითამაშა ჩემს პიროვნულად ჩამოყალიბებაში, მაგრამ ჩემს შვილებს არ გადაჰყოლია, მათ გულისთვის არ მიუნებებია თავი სცენისთვის, ან რატომ უნდა მიენებებინა? საოცოდაობა იქნებოდა”.

ხანშიშესული ლენა მარტო ცხოვრობს… ჩავლილია ახალგაზრდობა როცა ის ძველ ვოდევილებში თამაშობდა, ახალგაზრდობა აღარ ბრუნდება მაგრამ ბრუნდება ვოდევილები, რეჟისორი გოგი თოდაძე “ისევ ვოდევილებს” დგამს და ლენას არც მეტი არც ნაკლები კაცის – კარაპეტა დამბაღოვის როლს აძლევს, ლენა გრიმით ცხვირს იგრძელებს, ხმას იბოხებს და სომეხი ვაჭრარი ხდება, სცენაზე ფურორია, ამ ფურორამდე შოკია, შოკი – სამეზობლოში.
“როცა გოგი თოდაძემ ამ როლზე დამნიშნა, მის არჩევანს თეატრში თურმე დიდი შეხლა-შემოხლა მოჰყვა – რა გაჭირვებაა, ლენამ რატომ უნდა ითამაშოს კარაპეტას როლი, თეატრში ამდენი კაციაო. მაგრამ გოგიმ თავისი გაიტანა, ლენას ყველა როლის თამაში შეუძლიაო. მან ერთგვარი ექსპერიმენტი დააყენა. რომ მითხრა, კარაპეტა უნდა ითამაშოო, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. თან შედეგის შემეშინდა. დავიწყე მუშაობა. მარტო ვცხოვრობ, ჩავიკეტებოდი სახლში და სარკესთან რეპეტიციებს გავდიოდი, კარაპეტას ბოხი ხმით ვლაპარაკობდი და სომხური აქცენტით ვმღეროდი: “ვახ, ფულებო, ფულებო, ლამაზებო, კარგებო”… თურმე ერთი ჩემი მეზობელი ქალი ჩასაფრებულია და აინტერესებს, ერთი სული აქვს ნახოს, ვინ დადის ყოველდღე ჩემთან. ჩემი საყვარელი ჰგონია. ერთხელაც მორიგ რეპეტიციას გავდივარ, ეშხში შევედი და უცებ, მისი აივნის კარის ჭრიალი გავიგონე. ვეღარ მოვითმინე, თავი გავყავი და გავძახე, არ გადმოვარდეთ, ქალბატონო, ესეც მე ვარ, ისიც მე ვარ-მეთქი…” _ ასე იხსენებდა იმ შოკს თვითონ ელენე ყიფშიძე.
ზურა ყიფშიძე: “ჰო, ის ძაან მაზალო ქალია, თან სახლიც ისეთია ყველაფერი ისმის, სამზარეულოში რომ დაჯდე გაიგონებ მეცხრე სართულზე ვინ ვის ეჩხუბება. კარაპეტაზე მუშაობის დროს, ლენამ მართლა გადარია მეზობლები, ეგონათ რომ ვიღაცაა მაგასთან, თან ისეთ რაღაცეებს ლაპარაკობენ, ფული, ფული… რა ფული? ვინ არის ეს სომეხი კაცი? რა ხდება? გაგიჟდნენ”.
დიდი არტისტი ასაკში შედის, მაგრამ ასაკი დიდ ვერაფერს აკლებს. ის დიხანს “იპარავს” ასაკს – ახალგაზრდულად გამოიყურება, ამჯერად უკვე მის მარადიულ ახალგაზრდობაზე შენდება მითები.
ზურა: “სულ უყურებდნენ  შრამები ხომ არ აქვს, სახეს ხომ არ იჭიმავსო, არაფერს არ იჭიმავდა… სულ ეკითხებოდნენ ლენა რას ხმარობ ეგეთს რომ ეგეთი სახე, კანი გაქვს? არაფერს არ ისვამდა განსაკუთრებულს, არ დადიოდა არავისთან და “მასკებს” არ იკეთებდა. რამეს ივამდა კი არა, წამლის ხმარება არ იცოდა და ერთხელ ისე იხმარა კინაღამ გადაყვა. მახსოვს, რაღაც ფერიმჭამელა ამოუვიდა, წამალი მისცეს მოისვიო, ლენამ მთელ სახეზე წაისვა, სახე გაუხდა მუხის ქერქივით…”
ყველას ლენას რეცეპტები აინტერესებს, ლენას კი ერთადერთი რეცეპტი აქვს და მას ყველას უზიარებს:
“მე ბოღმიკა არა ვარ! შემიძლია გულწრფელად შევნატრო ადამიანს, ნიჭიერს – მით უმეტეს. მტერიც რომ იყოს, შემიძლია, მისი უპირატესობისა და ღირსების დანახვა და შეფასება. მაგალითად, ვერავის ვეტყვი, უი, რა ცუდად გამოიყურები-მეთქი. რატომ უნდა ვატკინო გული სხვას? ერთი რამ გახსოვდეთ: როცა ვინმეს გულს სტკენთ, მისი გშურთ ან იბოღმებით, მაშინ ჩნდება ნაოჭები და ბერდები”!
ზურა: “ვერც წარმოიდგენ ისე უხაროდა სხვების წარმატება, აღფრთოვანებული იყო ოთარ მეღვინეთხუცესით, რუსთავში რომ “დონ კიხოტი” დადგეს, გაგიჟდა ისე მოსწონდა და უხაროდა, საერთოდ ოთარი უყვარდა ძალიან, რას არ ეძახდა “პროფესიონალი”, “გიჟი”, “გადარეული”. ჩვენთან, თეატრში ძალიან მოწონდა რუსიკო ბოლქვაძე და ნინელი ჭანკვეტაძე. რუსიკოს სესილია თაყაიშვილს გადმოძახილს ეძახდა, სულ იმას ამბობდა, ეგ რომ ამერიკაში ყოფილიყო ბარბარა სტერიზანდი იქნებოდაო. ბოლოს, “ვენეციელი ვაჭარი” ვნახეთ ერთად ვაკის სარდაფში, აღფრთოვანდა მერაბ ნინიძით. ეს მომენტი სულ ჰქონდა და ვერ იტანდა დაუნახავ ხალხს, სხვათაშორის ეს მეც გამომყვა მისგან, ვერც მე ვიტან დაუნახავ ხალხს”.
მას არ შურს სხვების ბედნიერების, მაგრამ მისი შურთ, მას სულ ბრძოლა უწევს თავის ბედნიერებისთვის, ის იბრძვის, მაგრამ ბოღმას არ იტოვებს გულში, ახალგაზრდობას ინარჩუნებს. წლებს მაინც თავისი მიაქვს, შეიძლება ქუჩასა და ფოიეში ოდნავ წელში მოხრილსაც კი მოჰკრათ თვალი, მაგრამ ვერ ნახავთ ასეთს სცენაზე. სცენაზე ასვლისთანავე ისევ ახალგაზრდაა, წელში ისე იშლება მაკედონელს შეშურდება, ისეთი პლასტიკური ხდება, აისედორა დუნკანი და მაია პლისეცკაია რომ დაიბოღმებოდნენ. ამ ფაქტს კი აი, ასე ხსნიდა ელენე ყიფშიძე: “როცა სცენაზე ავდივარ, რაღაც ახალი ენერგიის წყარო მეხსნება, აი, “მეცხრე ტალღას” რომ ეძახიან, სცენაზე ყველა ტკივილი და წყენა მავიწყდება…”
70 წელს გადააბიჯებს და ბოროტ ანგელოზს ითამაშებს ლალი როსებას “სახლის ანგელოზებში”, ამარცხებს დროს და სცენაზე გამოჩენისთანავე აზრს კარგავს ცნება “ასაკი”.
2001 წელს მიუკაკუნებს ლამის 80-ს, კინომსახიობთა თეატრში 20 წლის გეიშის როლზე მიიწვევენ და შოკში ჩააგდებს გრიმიორს – ანუკა მურვანიძეს, დიდი გრიმი არც სჭირდებაო…  სპეკტაკლი ვერ შედგება, უფრო სწორად გადაიდება, მაგრამ თუ შედგება, შედგება ელენე ყიფშიძის გარეშე
“სახლის ანგელოზებში” მიიღებს ერთ-ერთ იმ ტრავმავს, რომელიც საბედისწერო გახდება მისთვის.
ზურა ყიფშიძე: ასაკში იყო, მაგრამ არ ეტყობდა რაღაც გოგოშკასავით იყო, ეს  ავადმყოფობა რომ არ შეჰყროდა… იმდენი უძახეს ვაიმე ლენა რა ახალგზრდუყლად გამოიყურები, რა ახალგაზრდულად გამოიყურები…
რაც დაემართა, არასწორი პროთეზის გამო დაემართა, არ მიაქცია ყურადღება, სულ გადარბენაზე იყო, სულ კონცერტებზე, სულ უკვირდათ ამ ხნის ქალი ასე როგორ ცეკვავს, მღერის, დახტის იქით აქეთ, ჰყვება სასაცილო ისტორიებს… სულ არ მცალია არ მცალიას იძახდა, კბილის ექიმთან არ მივიდა, ენაზე იკბინა ერთხელ, ორჯერ, ათჯერ… ერთხელ “სახლის ანგელოზებში”, იატაკიდან რომ ამოდიოდა და იმსიმძიმე სარქველი მოხვდა თავში, ენაზე იკბინა, ერთ-ერთი კბენა ეგ იყო… არ აქცევდა ყურადღებას და ჩამოყალიბდა სიმსივნე. მერე როგორც იქნა მივიდა კბილის ექიმთან, მიშა გომიაშვილის მეუღლე იყო ნანა ღლონტი, ნანა მიხვდა რომ ცუდად იყო საქმე, გავაქანეთ და დადგინდა ყველაფერი… 7 წელი ებრძოდა ამ სენს. თავიდან ყველაფერი კარგად იყო, მკურნალობას დაექვემდებარა, გარდაცვალებამდე 4 თვით ადრე ნახა მისმა ექიმმა კოტე მარდალეიშვილმა და პირდაპირ უთხრა – სიცოცხლე გინდათ? ქალი კინაღამ მოკვდა, მიყურებს, მე გაშტერებული ვიყავი. ერთი კვირა მოგვცა მოსაფიქრებლად, ოპერაცია უნდა გავაკეთოთო, ენის ერთი მესამედი უნდა მოეჭრათო. ლენამ უარი თქვა ოპერაციაზე, მაინც ასაკში ვარ, ან თქნ რაზე გაწვალოთ, ან მე რაზე ვიწვალო, ან როგორ ვჭამო, ან როგორ ვილაპრაკოო, გაგიჟდა ქალი, მეც გავგიჟდი, ენა როგორ მოვაჭრა დედაჩემს მეთქი… ვერ წარმოედგინა რომ ესეთი ტანჯვა ექნებოდა ბოლოს, თორემ შეიძლება დაგვთანხმებოდა. ბოლო სამი თვე ვერაფერს ჭამდა, ტკივილი არ უყუჩდებოდა, სიტყვა მორფი რომ გაიგო არ მინდაო, ბოლოს რამდენჯერმე მაინც გავუკეთეთ. ბოლოს არავის არ უშვებდა თავისთან, მაშინ ხშირად მქონდა `მზეზე~ ჩაწერები, ვაჩერებდი ჩაწერას, მივრბოდი, ნემსს ვუკეთებდი, მოვრბოდი, ბოლოს როგორც იქნა დავითანხმე ახალგაზრდა გოგოზე, ისიც ლენაჩკა იყო. წვეთოვანიც დიდი ხვეწნით დავუდგით. საკვებს რომ არ იღებდა ძალიან დასუსტებული იყო, წვეთოვანმა ცოტა მოამაგრა, გაუხარდა, სიკვდილის წინ გამოიხედა და… საშინლად მწყდება გული, სულ მგონია რომ რაღაც დავაკელი, რაღაც ვერ გავუკეთ, ეს ტრამვა თორემ, რამდენჯერმე რომ გასინჯეს გაოგნებულები იყვნენ, ვერ იჯერებდნენ რომ ამ ასაკის იყო, ახალგაზრდა ორგანიზმი ჰქონდა…”
თენდება. კომპიუტერს ვუკაკუნებ, მიჭირს წერტილის დასმა. მე ვწერდი ლეგენდაზე რომელსაც განგებამაც ვერ დაუსვა წერტილი. წერტილი მხოლოდ ელენე ყიფშიძის ამ ქვეყნად ყოფნას დაესვა. ლეგენდების სასვენი ნიშანი მრავალწერტილია…
დაიბეჭდა წლის გამოცემაში “სახე(ლ)ები”

Advertisements
Post a comment or leave a trackback: Trackback URL.

კომენტარები

  • ცასწავალა  On აგვისტო 13, 2010 at 5:27 AM

    ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე, საოცარი გრძნობა დამეუფლა.ორივე ჩემი უსაყვარლესი მსახიობია. მადლობა ამ დიდი სიამოვნებისთვის…….

    Like

  • lolua irma  On აგვისტო 14, 2010 at 10:15 AM

    batomo zura
    tqven rom ekranze gamochdebodit saqartvelos mandilosnebi shoridan getrfodnen.
    chems bavshobashi tqveni filmis naxvis mere (roca ayvavda nushi)mxolod is natvra mqonda ertxel mainc menaxet axlodan
    zalian kargi sxaxiobi da brwyinvale pirovneba.

    Like

  • ბონდო მძინარაშვილი  On აგვისტო 15, 2010 at 6:38 PM

    რეზო, დიდი მადლობა ამ წერილისთვის… მესამედ წავიკითხე – ორჯერ ”სახე(ლ)ებში” და ახლა აქ. არაჩვეულებრივად არის გადმოცემული ორი დიდი მსახიობის ცხოვრება. ამასთან, იმდროინდელი თეატრალური სამყაროც ჩანს, ხოლო პირადი, ძალიან ინტიმური ამბები იმდენად დახვეწილად არის მოწოდებული, რომ ამის გაკეთება მხოლოდ დიდი სიყვარულის შემთხვევაში თუ შეიძლება, ადამიანის სიყვარულის!
    კიდევ ერთხელ დიდი მადლობა!
    P.S. პროფესიონალიზმსა და წერის კულტურაზე არაფერს ვამბობ, ეს ხომ თავისთავად.

    Like

  • ირინე  On ნოემბერი 6, 2010 at 7:07 AM

    გული მეტკინა. ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ქალბატონ ელენეს ფილმში გადაღებასთან დაკავშირებით პრობლემა ჰქონდა, მითუმეტეს რომ წარმოუდგენელია ასეთი დიდი სურვილის მიუხედავად იმედგაცრუება ჰქონოდა, ამ მართლაც უნიკალური ნიჭის მქონე უდიდეს მსახიობს. ძალიან მიყვარს ლენა ყიფშიძე, ეხლაც ინტერნეტ სივრცეში ვეძებდი მისი თეატრალური როლების ამსახველ ვიდეოს, სამწუხაროდ ვერ ვიპოვე, მაგრამ აქ მოვხვდი… ელენე ყიფშიძის ბრწყინვალებას, ერთი სხივიც არ დაჰკლებია, ის უზომოდ უყვარდა მაყურებელს, მის გამო დადიოდა თეატრში. ჩემი უსაყვარლესი მსახიობის ამ ტკივილს ვერაფრით წარმოვიდგენდი, მეგონა კინოს მოტრფიალე არ იყო თავად, მაგრამ ხშირად მიფიქრია ზურა ყიფშიძეზე, მიუხედავად კინოში მის მიერ ნათამაშები როლებისა, რომ ის ჯეროვნად ვერ გამოიყენა ქართულმა კინომ. ასეთი გარეგნობისა და ნიჭის მსახიობზე, უცხოეთში მართლაც ლეგენდებს შექმნიდნენ, იმის გარდა, რომ ყველა ჯილდო დაელოდებოდა.

    მე მიყვარს ქალბატონი ელენე, გულწრფელად მიყვარს. ძალიან, ძალიან დიდებული მსახიობი იყო!

    Like

  • litterator  On თებერვალი 28, 2011 at 11:31 AM

    მაინც და მაინც ეს ლინკი არ შეარდება ფეისბუქზე და არც ტვიტერზე :(((

    Like

  • veronika  On თებერვალი 28, 2011 at 1:04 PM

    -gmadlob rezo!-martlac erti amosuntqvit ikitxeba!

    Like

  • მარინა  On დეკემბერი 10, 2012 at 11:18 AM

    რეზო, ძალიან ამაღელვებელი და საინტერესო ისტორია წავიკითხე. თითქოს ეს ყველაფერი ვიცოდი, მაგრამ მაინც ძალიან იმოქმედა. დასაწყისი ხომ არაჩვეულებრივია, ვიტირე, ისე განვიცადე. მადლობა ასეთი, თუ “სახელებს” დავესესხები, ადამიანური ისტორიისთვის.

    Like

Trackbacks

  • […] ლეგენდა ლენაზე (ზურა ყიფშიძისა და ელენე ყიფშიძის დედაშვილობის ამბავი) (via რეზო შატაკიშვილის ბლოგი) February 28, 2011 litterator Leave a comment Go to comments რეზო შატაკიშვილი 2004 წელია. პაპანაქება ზაფხულია – 31 ივლისი უნდა გათენდეს. შუაღამეა – ღამის 4-ის ნახევარია. მოხუცი, 80 წელს მიტანებული, უკურნებელი სენისგან განაწამები დედა სიკვდილს ებრძვის. მასთან მხოლოდ მისი ერთადერთი ვაჟია. დედა შვილის მკლავებში ამთავრებს სიცოცხლეს. შვილი არავის ეძახის, მარტო რჩება დედასთან. შვილი ტირის დიდხანს, ებოდიშება გარდაცვლილ, ჯერაც ისევ თბილ დედას… ყველაფერს ფასი აქვს დაკარგული – სასოწარკვეთასაც, იმედსაც, ქმედებასაც, … Read More […]

    Like

  • […] ლეგენდა ლენაზე (ზურა ყიფშიძისა და ელენე ყიფშიძის დედაშვილობის ამბავი) (via რეზო შატაკიშვილის ბლოგი) February 28, 2011 litterator Leave a comment Go to comments რეზო შატაკიშვილი 2004 წელია. პაპანაქება ზაფხულია – 31 ივლისი უნდა გათენდეს. შუაღამეა – ღამის 4-ის ნახევარია. მოხუცი, 80 წელს მიტანებული, უკურნებელი სენისგან განაწამები დედა სიკვდილს ებრძვის. მასთან მხოლოდ მისი ერთადერთი ვაჟია. დედა შვილის მკლავებში ამთავრებს სიცოცხლეს. შვილი არავის ეძახის, მარტო რჩება დედასთან. შვილი ტირის დიდხანს, ებოდიშება გარდაცვლილ, ჯერაც ისევ თბილ დედას… ყველაფერს ფასი აქვს დაკარგული – სასოწარკვეთასაც, იმედსაც, ქმედებასაც, … Read More […]

    Like

  • […] ლეგენდა ლენაზე (ზურა ყიფშიძისა და ელენე ყიფშიძის დედაშვილობის ამბავი) (via რეზო შატაკიშვილის ბლოგი) February 28, 2011 litterator Leave a comment Go to comments რეზო შატაკიშვილი 2004 წელია. პაპანაქება ზაფხულია – 31 ივლისი უნდა გათენდეს. შუაღამეა – ღამის 4-ის ნახევარია. მოხუცი, 80 წელს მიტანებული, უკურნებელი სენისგან განაწამები დედა სიკვდილს ებრძვის. მასთან მხოლოდ მისი ერთადერთი ვაჟია. დედა შვილის მკლავებში ამთავრებს სიცოცხლეს. შვილი არავის ეძახის, მარტო რჩება დედასთან. შვილი ტირის დიდხანს, ებოდიშება გარდაცვლილ, ჯერაც ისევ თბილ დედას… ყველაფერს ფასი აქვს დაკარგული – სასოწარკვეთასაც, იმედსაც, ქმედებასაც, … Read More […]

    Like

  • […] ლეგენდა ლენაზე (ზურა ყიფშიძისა და ელენე ყიფშიძის დედაშვილობის ამბავი) (via რეზო შატაკიშვილის ბლოგი) February 28, 2011 litterator Leave a comment Go to comments რეზო შატაკიშვილი 2004 წელია. პაპანაქება ზაფხულია – 31 ივლისი უნდა გათენდეს. შუაღამეა – ღამის 4-ის ნახევარია. მოხუცი, 80 წელს მიტანებული, უკურნებელი სენისგან განაწამები დედა სიკვდილს ებრძვის. მასთან მხოლოდ მისი ერთადერთი ვაჟია. დედა შვილის მკლავებში ამთავრებს სიცოცხლეს. შვილი არავის ეძახის, მარტო რჩება დედასთან. შვილი ტირის დიდხანს, ებოდიშება გარდაცვლილ, ჯერაც ისევ თბილ დედას… ყველაფერს ფასი აქვს დაკარგული – სასოწარკვეთასაც, იმედსაც, ქმედებასაც, … Read More […]

    Like

  • […] ლეგენდა ლენაზე (ზურა ყიფშიძისა და ელენე ყიფშიძის დედაშვილობის ამბავი) (via რეზო შატაკიშვილის ბლოგი) February 28, 2011 litterator Leave a comment Go to comments რეზო შატაკიშვილი 2004 წელია. პაპანაქება ზაფხულია – 31 ივლისი უნდა გათენდეს. შუაღამეა – ღამის 4-ის ნახევარია. მოხუცი, 80 წელს მიტანებული, უკურნებელი სენისგან განაწამები დედა სიკვდილს ებრძვის. მასთან მხოლოდ მისი ერთადერთი ვაჟია. დედა შვილის მკლავებში ამთავრებს სიცოცხლეს. შვილი არავის ეძახის, მარტო რჩება დედასთან. შვილი ტირის დიდხანს, ებოდიშება გარდაცვლილ, ჯერაც ისევ თბილ დედას… ყველაფერს ფასი აქვს დაკარგული – სასოწარკვეთასაც, იმედსაც, ქმედებასაც, … Read More […]

    Like

  • […] ლეგენდა ლენაზე (ზურა ყიფშიძისა და ელენე ყიფშიძის დედაშვილობის ამბავი) (via რეზო შატაკიშვილის ბლოგი) February 28, 2011 litterator Leave a comment Go to comments რეზო შატაკიშვილი 2004 წელია. პაპანაქება ზაფხულია – 31 ივლისი უნდა გათენდეს. შუაღამეა – ღამის 4-ის ნახევარია. მოხუცი, 80 წელს მიტანებული, უკურნებელი სენისგან განაწამები დედა სიკვდილს ებრძვის. მასთან მხოლოდ მისი ერთადერთი ვაჟია. დედა შვილის მკლავებში ამთავრებს სიცოცხლეს. შვილი არავის ეძახის, მარტო რჩება დედასთან. შვილი ტირის დიდხანს, ებოდიშება გარდაცვლილ, ჯერაც ისევ თბილ დედას… ყველაფერს ფასი აქვს დაკარგული – სასოწარკვეთასაც, იმედსაც, ქმედებასაც, … Read More […]

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: