მას თვით ილია ჭავჭავაძე ეტრფოდა… (რეზო შატაკიშვილი ილია ჭავჭავაძისა და ნატო გაბუნიას რომანზე)

ის იყო მეცხრამეტე საუკუნის არტისტული ლეგენდა. მას თვით ილია ჭავაჭავაძე ეტრფოდა და ამბობენ რომ დიდ ილიას დიდი რომანიც ჰქონდა მასზე 22 წლით უმცროს ნატო გაბუნიასთან…
ახალგაზრდა გორელმა ქალმა, ნიჭის და ეშხის წყალობით უმალ გაიკაფა გზა მაღალი საზოგადოებისკენ.
დაიბადა გორში და გორშივე ავიდა პირველად სცენაზე – სცენისმოყვარეეების წარმოდგენაში. გორშივე იხილა იგი დავით ერისთავმა და თბილისში მოიწვია.
19 წლის ნატო თბილისში მოდის. ხდება არა მარტო ქართული თეატრის წამყვანი არტისტი, არამედ საერთოდ ელიტის მშვენება.
გორელი ქალი უცებ თბილისის სიმბოლოდ იქცა.
მალე კი მთლად საქართველოსი. იმხანად ქართველი ბანოვნები, მით უფრო არტისტები, ნამდვილად არ დაიარებოდნენ ქართულ ტანისამოსში _ ევროპულ მოდას იყვნენ აყოლილნი. აი, ნატო გაბუნია კი ქართულად ჩაცმულ-დახურული დადიოდა. მას მერე რაც გაბუნიამ პირველმა განასახიერა ქართვლის დედა ილია ჭავჭავაძის “ქართვლის დედაში”, შემდეგ კი მტერზე შურისმაძიებელი გლეხი ქალი “სამშობლოში”, თეატრის მესვეურებმა სთხოვეს რომ ცხოვრებაშიც ქართული კაბითა და ჩიხტიკოპით ევლო. სრულიად ახალგაზრდა, 23 წლის ნატო გაბუნიამ უარი თქვა იმდროინდელ მოდაზე და მთელი დარჩენილი ცხოვრება ქართვლის დედის კაბით, ჩიხტიკოპითა და ლეჩქა-ბაღდადით დამშვენებული გამოდიოდა შინიდან. აღმოსავლური ტიპის ქალი ყოფილა – ძალიან შავგრემანი, წაბლისფერთვალება, მრგვალი პირსახით, ოდნაც ნოღა ცხვირით და ვნებიანი ტუჩებით.
20 წლის ნატო გაბუნია იმ ოთხ არტისტში შედიოდა, რომელსაც დაეყრდნო ილიას აღდგენილი ქართული თეატრი. საბენეფისოდ მას თვით აკაკი წერეთელმა დაუწერა საგანგებოდ პიესა “კინტო”. აკაკი წერეთელს მიაჩნდა რომ “გაბუნიას და საფაროვას შესადარი არტისტული ქალები არ გვყოლია”.
გაბუნიას ბენეფისმა ზარზეიმით ჩაიარა. თბილისელი აშუღები ისე მოიხიბლნენ ნატოს თამაშით რომ სპექტაკლის ბოლოს სცენაზე აიჭრნენ და სახელგანთქმული ევანგულას ვერცხლით მოჭედილი დაირა აჩუქეს.

თეატრიდან არტისტი დიდის ამბით გამოუყვანიათ, შუშხუნები აუშვიათ, ეტლში ჩაუსვამთ და შინ მიუყვანიათ, თავის პატარა ბინაში. სწორედ ამ პატარა ბინაში ეწვია მას მეორე დღეს ოლღა გურამიშვილი, ივანე მაჩაბელთან ერთად და ახალგაზრდა მსახიობი ქალი სადილად წაიყვანა.
“არ გასულა ერთი კვირა, მოვიდა რეპეტიციებზე ვანო მაჩაბელი და მითხრა, კნეინას ძალიან ეწყინა პატარა ოტახი რომ გაქვსო, და თანაც რკინის ფეჩი გიდგას, შეიძლება ხმა წაგიხდეს, ნათბილარევი რომ გამოხვალ იმ პატარა ოთახიდანო. კნეინას სურს თავისთან ახლოს დაგაყენოს, ოთახი უკვე დაიქირავაო. მეორე დღეს გადამიყვანეს, კნ. ოლღას მახლობლად იმავე ეზოში. სადილი, ჩაი, მათთან მქონდა, რა თქმა უნდა უზრუნველად” – იგონებდა ნატო გაბუნია…
ახალგაზრდა არტისტი ქალი ილიას გარემოცვაში ტრიალებს, სადაც მას მიწიერ ღმერთად იხსენიებენ. სწორედ მასზე იტყვის ვანო მაჩაბელი “მაღლა ღმერთი ერთია, ღრმად მწამდა რომ ძირსაც არიან ღმერთები”. სწორედ ნატოთი შთაგონებულმა გადააკეთა ილია ჭავჭავაძემ “კაცი ადამიანი” პიესა “მაჭანკლად”. როგორც იოსებ გრიშაშვილი იტყვის, ილია გაურბოდა დრამატურგიას, მაგრამ ვერ გაქეცა ნატოს ნიჭს. “მაჭანკალმა” ვერ დაიქუხა ილიას რომ ეკადრებოდა ისე, მაგრამ ილია სულაც არ ფიქრობდა საკუთარ წარმატებაზე, წარმატებაც ნატოსთვის სურდა. “მაჭანკლის” შემდეგ საკუთარ გაზეთში დაწერა, გაბუნიამ ორი პესა ითამაშა და ორივე ისე რიგინად, თუ ვინმე უკმაყოფილოი დარჩა, მხოლოდ პიესებით და არა მისი თამაშითო.
ნატოს გულისთის თავის პიესაც გაწირა და აქვსენტი ცაგარელისაც. რომელიც თავის მხრივ უგონოდ იყო შეყვარებული ნატო გაბუნიაზე, მალე იქორწინეს კიდეც 23 წლის ნატომ და 25 წლის ცაგარელმა.
სწორედ ილიას “მაჭანკალმა” და ნატო გაბუნიამ მისცა იმპულსი ცაგარელს, რომ დაეწერა უკვდავი კომედია “ხანუმა”. ნატო გაბუნიამ პირველად 23 წლის ასაკში ითამაშა 50 წლის ხანუმა და სიკვდილამდე, სადღაც ხანუმას ასაკამდე, თითქმის 30 წელი თამაშობდა ამ როლს.

სწორედ ხანუმას თამაშით დაიმსახურა მან ილიას ყველაზე დიდი შეფასება – “უკეთესი თამაშობა აღარ შეიძლება, ამის ზევით ხელოვნება ვერ წავა”.
მისთვის წერდნენ პიესებს და თავადც ოსტატურად იყენებდა “მუზურ” მდგომარეობას. როცა ალექსანდრე სუბათაშვილ-იუჟინი აღტაცებული დარჩა მისი ხანუმას ხილვით და მიულოცა, გაბუნიამ პირობას გამოსტყუა – პიესის დაწერის. იუჟინი დაპირდა და დაწერა კიდეც – “ღალატი”.
ნატო გაბუნიამ ცაგარელზე იქორწინა. მაგრამ ამ ქორწინებას, როგორც ჩანს ხელი არ შეუშლია ილიას და ნატოს რომანისთვის. ფაქტია რომ არც ცაგარელს და გაბუნიას დაუნგრევიათ ოჯახი და არც ილიას ჩამოშორებია ნატო – ნატო გაბუნია ბოლომდე აქტიურად ტრაიალებდა ერის მამის გარემოცვაში.
მათი რომანი არ გაცილებია ვიწრო წრეებს, შესაძლოა პლატონური სიყვარულის ფარგლებასაც, თუმცა ვინ იცის, ილიას ხომ უყვარდა ქალები, ნატო კი მართლაც ულამაზეს ქალად ითვლებოდა… ყოველშემთხვევაში მათი თანამედროვე, ვალერიან გუნიას მეუღლე გაიხსენებს:  “ნატო ლამაზი და მომხიბლავი ქალი იყო და თავის უბრალოებით ყველას ატყვევებდა, გამიგია რომ ილია ჭავჭავაძეს დიდი რომანი ჰქონდა ნატო გაბუნიასთან…”
ილიას მეტად ჰყვარებია ნატო გაბუნიას სიმღერა დაირაზე. როგორც დავით კასრაძის მოგონებებში ვკითხულობთ, ელისაბედ ჩერქეზიშვილთან გამართულ წვეულებაზე, ილიას გამოუტანინებია დაირა მასპინძლისთვის და თავისი ხელით გადაუცია ნატო გაბუნიასთვის. ნატოსაც ფიფინურები შეუჟღრიალებია დაირისთვის და დაუმღერებია “ორთავ თვალის სინათლევ, რაზედ მოგიწყენია…”, ილიას თვალზე ცრემლი მოსდგომია, ასთმასაც თავი გაუხსენებია. “ბატონო ილია, ბატონო ილია! გაისმა ნატოს ხმა, დაირა იქით მიაგდო და პატარ ბავშვივით მიუალერსა, გულზე მიიხუტა” – ვკითხულობთ დავით კასრაძესთან.
1907-ში ილია მოკლეს. ერთი წლის შედეგ თეატრის დასში აღარ ჩარიცხეს ნატო გაბუნია. 49 წლის ნატო გაბუნიას თეატრიდან გაშვებას, იმდროინდელი თეატრალური გარდატეხებით კი ხსნიან, მაგრამ არავინ ფიქრობს იმაზე გაუბედავდნენ კი იგივეს მას ილია რომ ცოცხალი ყოფილუყო? თუმცა ვინ იცის, თავად ილიას შებედეს ტყვია… თეატრიდან გაშვების მიუხედავად ნატოს თავი არ მიუნებებია სცენისთვის, თამაშობდა ყველგან. ხან სად, ხან სად. მეტწილად საქველოქმედო მიზნებისთვის. ბოლოს, 1910 წელს, ქარელში კალოზე ითამაშა “ხანუმა” – გლეხებისთვის რომ აბანო მოწეყოთ. ითამაშა უმძიმეს პირობებში, სკამიც კი არ იყო და დაღლილი, სცენაზე გასვლამდე იატაკზე მუხლმოკეცილი ისვენებდა. სწორედ იმ სპექტაკლის შემდეგ გზაში გაცივდა, ფილტვების ანთება დაემართა და ერთთვიანი ვადმყოფობის შემდეფგ გარდაიცავალა…

დაიბეჭდა “პრაიმ თაიმში”


Advertisements
Post a comment or leave a trackback: Trackback URL.

Trackbacks

  • By tushebi on ივნისი 3, 2013 at 10:08 PM

    […] […]

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: