რეზო შატაკიშვილი სანდრო ჟორჟოლიანსა და მის შთამომავლებზე

სანდრო ჟორჟოლიანის გმირების ეკრანზე გამოჩენა დღესაც ხარხარს იწვევს მაყურებელში – გოჭისმკვლელი არისტო “დაკარგული სამოთხიდან” თუ მოსე მწერალი “დარიკოდან”, მანანას ბაბუა თუ ზურიკელას ილიკო…
კინოში პირველად 37 წლის გადაიღეს. მისი, როგორც პროფესიონალი მსახიობის, დებიუტი თეატრშიც საკმაოდ გვიან შედგა – 33 წლის იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი რომ გახდა, მაგრამ ამ დროისთვის უკვე ჰქონდა სამოყვარულო სცენაზე დგომის 21-წლიანი სტაჟი. 12 წლის იყო, პირველად დანიელი რომ ითამაშა შილერის “ყაჩაღებში” – მშობლიურ ოზურგეთში, მამამისის სახლის აივანზე. ერთხელ ნორჩი არტისტები ისე გატაცებულან თამაშით, რომ შპალერის დეკორაციისთვის ცეცხლი წაუკიდებიათ და ლამის სახლი გადაუბუგავთ – რა ექნათ, ასე, ნატურალისტურად გაიგეს სასახლის დაწვის სცენა… იმ დღეების შემდეგ სანდრო ჟორჟოლიანს ერთი დღეც არ უცხოვრია უთეატროდ: არც მაშინ, როცა ბათუმის გიმნაზიაში სწავლობდა და ჯერ კიდევ მეშვიდეკლასელი ალექსანდრე წუწუნავას დასის წევრი იყო; არც მაშინ, როცა ოდესის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი იყო და ზაფხულობით მშობლიურ ოზურგეთში თამაშობდა სცენისმოყვარეებთან ერთად; არც მაშინ, როცა 7 წელი ბაქოს გიმნაზიაში ასწავლიდა და ბაქოს ქართველი სცენისმოყვარეების ყველა სპექტაკლში თამაშობდა – ქარქაშაძის გვარით; და არც შემდეგ, როცა თბილისში დაბრუნდა და პირველ გიმნაზიაში ასწავლიდა, ვიდრე საბოლოოდ უარს იტყოდა მასწავლებლობაზე და მთლიანად თეატრს მიუძღვნიდა თავს…

რუსთაველის თეატრი მარჯანიშვილ-ახმეტელის კონფლიქტის შემდეგ დატოვა. მხარს მარჯანიშვილს უჭერდა, შემდეგ კი მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო – შექმნის დღიდან უკანასკნელ ამოსუნთქვამდე…

ამბობენ, რომ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე, თეატრის გარდა, ლამაზი ქალებიც ჰყვარებია და გულგრილად არასოდეს გაუვლიდა გვერდით ლამაზ ქალს…
ერთხელაც, გასტროლების დროს სწორედ ასე მოხიბლულა ერთი ახალგაზრდა ქალის მშვენებით. მოსვენება არ მიუცია, შემხვდი-შემხვდიო. ეს ამბავი ჟორა შავგულიძის ყურამდეც მისულა. ჟორა დატრიალებულა, უნახავს ის ახალგაზრდა ქალი, დაურიგებია, უთხარი, ძალიან მორცხვი ვარ და სადმე ბნელ ადგილზე შევხვდეთო. ჟორჟოლიანი დათანხმებულა და მისულა კიდეც დათქმულ დროს დათქმულ ადგილას და ყველაფერი კარგად ყოფილა მანამ, სანამ არ აღმოუჩენია, რომ მასთან პაემანზე ის მშვენიერი ქალი კი არა, ქალურად გადაცმული ჟორა შავგულიძე იდგა…
საერთოდ, რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, სიცილის დიდოსტატი მუდამ ასე, სხვების ხუმრობის მსხვერპლი იყო.
ერთხელ, ქუთაისში გასტროლების დროს, გაგანია აგვისტოში, მსახიობმა მიშა სარაულმა სანდრო ჟორჟოლიანს ლოგინის ქვეშ ანთებული ლამპა შეუდგა… და ასე მთელი ღამე სცხელოდა, ბორგავდა, ვერ ისვენებდა…
სხვა გასტროლების დროს კი მისი პედანტურობა გამოიყენეს ხაფანგად. კოსტიუმი მუდამ მზად ჰქონდა. ფეხსაცმელიც იქვე ელაგა გაპიწკინებული. წესად ჰქონდა – სკამზე ჯდებოდა და ფეხებს პირდაპირ ყოფდა “ტუფლებში”. ერთხელაც გაყო, თასმებიც განასკვა და წამოდგომა სცადა, მაგრამ ვერ ადგა, ვერ გაინძრა, საშინელ დღეში ჩავარდა, აყვირდა – მიშველეთ, მიშველეთ!!! ვიღაცამ თურმე იატაკზე დაულურსმა ფეხსაცმელები…
ოინებს ხანდახან ძუნწობის გამოც უწყობდნენ. ერთხელ, მატარებლით მგზავრობისას, ვაგონსა და ვაგონს შუა მდგარა, მიშა სარაულთან ერთად. სარაულს ხელი წაუვლია და აუტეხავს, თუ 20 მანეთს არ მომცემ, გადაგაგდებ და ვერც ვერავინ გაიგებსო. იმდენი უქნია, ჟორჟოლიანს მართლაც დაუჯერებია… დაჰპირებია, ოღონდ მომეშვი და მოგცემ 20 მანეთსო. ახლა, ეს ჩაუხვევია სარაულს – ქვეყანა შეუყრია, ჩემი ვალი აქვს და არ მიბრუნებსო. თან “აშანტაჟებდა”, მომე, თორემ მოვყვები, როგორ დაიჯერე, რომ მართლა გადაგაგდებდიო. იმდენი უქნია, მართლა წაურთმევია ჟორჟოლიანისთვის 20 მანეთი…

სანდრო ჟორჟოლიანი ნათესაობასთან

სანდრო ჟორჟოლიანი ნათესაობასთან

შვილიშვილები
მაია ჩაჩავა, სანდრო ჟორჟოლიანის შვილიშვილი: “ბაბუას ფულის ტყუილად ხარჯვა მართლა არ უყვარდა, მაგრამ ჩემთვის და ჩემი დისთვის, ჩვენი სათამაშოებისთვის ფული ნამდვილად არ ენანებოდა. ჩემს დას ჯიბის ჭიას ეძახდა. ყოველ ხუთიანზე ხუთ მანეთს ჩუქნიდა, მერე ჩემი და თვითონაც იწერდა დღიურში ხუთიანებს. ბაბუა კი ბუზღუნებდა, ეს გაუთავებელი ხუთიანები რა არისო, მაგრამ მაინც აძლევდა”.
ვიკიპედია
ჟორჟოლიანი ინტერნეტს არ მოსწრებია, მაგრამ კურიოზი არც ამ განზომილებაში ასცდა. ქართული “ვიკიპედია” დიდი ბრაკიბრუკით გვამცნობს, რომ თურმე ჟორჟოლიანს ოდესის უნივერსიტეტი 1941 წელს დაუმთავრებია.
ქართული “ვიკიპედიის” “ჭკუით” ჟორჟოლიანს 53 წლის ასაკში დაუმთავრებია უნივერსიტეტი. ანუ ჯერ ასწავლიდა და მერე ისწავლა…
სანდრო ჟორჟოლიანს მხოლოდ კომიკურ როლებს სთავაზობდნენ. მას კი გული სწყდებოდა, სხვა ჟანრში მუშაობის საშუალება რომ არ ეძლეოდა. “დიდოსტატის მარჯვენის” ერთ-ერთ მონაკვეთს ფასანაურში იღებდნენ, ჟორჟოლიანი იმ დროს იქ ყოფილა დასასვენებლად და კოლეგები მოუნახულებია. “შუა საუბრის დროს უცებ მომიბრუნდა და მითხრა, შენ, მგონი, არც აპირებ, ფილმში დამაკავო. გამეღიმა და დავპირდი, გადაგიღებ-მეთქი. მიმიხვდა თვალთმაქცობას, ნაღვლიანად ჩაიღიმა, ტყუილად ფიქრობ, რომ მე მხოლოდ სასაცილო როლების თამაში შემიძლიაო…” – იხსენებდა ვახტანგ ტაბლიაშვილი…
სადაც არ უნდა გამოჩენილიყო – ეკრანზე, სცენაზე თუ, გნებავთ, ცხოვრებაში, პანაშვიდზეც კი, მისი გამოჩენა გულიან ხარხარს იწვევდა. მაგრამ…თვითონ ცხოვრებაში ზედმეტად სევდიანი, ფიქრიანი, სერიოზული ყოფილა. თითქოს იუმორის გრძნობაც არ ჰქონდა. როცა ანეკდოტებს ყვებოდნენ ან ხუმრობდნენ, ძალიან სერიოზულად იჯდა და უკვირდა, რაზე იცინით, რა არის აქ სასაცილოო?

სანდრო და დინარა ჟორჟოლიანები

სანდრო და დინარა ჟორჟოლიანები

23 წლით უმცროსი ცოლი
ოდესის უნივერსიტეტში განსწავლულმა შესანიშნავად იცოდა ფრანგული ენა, საბჭოთა დროში, გამოწერილიც ჰქონია “ლუმანტიე”, ორიგინალში კითხულობდა ფრანგულ მხატვრულ ლიტერატურასაც და ფრანგ ფილოსოფოსთა შრომებსაც. ის კი არა, თავის დროზე, სანდრო ჟორჟოლიანს წერილიც კი მიუწერია პროლეტარიატის ბელად ლენინისთვის… “მაქსიმიჩმა” (როგორც მას თეატრში ეძახდნენ), ილიჩისთვის კი მოიცალა დროულად, მაგრამ აი, დაოჯახება ცოტა შეაგვიანდა. 42 წლის იყო, როცა 19 წლის ირინა ორეხოვსკაია ითხოვა ცოლად. ორეხოვსკაია დედით – ქართველი, მამით პოლონელი იყო. პოლონეთში დაბადებულა. შემდეგ გადმოსახლებულან საქართველოში. პიანისტი იყო, მაგრამ შვილი – დინარა ჟორჟოლიანი რომ შეეძინა, პიანისტობას თავი დაანება და მუსიკის მასწავლებლობა დაიწყო. სანდრო ჟორჟოლიანი და ირინა ორეხოვსკაია მალე დაშორებულან, მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე მეგობრებად დარჩენილან. ისე, რომ შვილიშვილები ვერც კი ხვდებოდნენ, რომ ისინი დაშორებული იყვნენ, სანდრო სადილადაც დაიარებოდა თურმე თავის ყოფილ ცოლთან…
სანდრო ჟორჟოლიანის ერთადერთმა ქალიშვილმა – დინარა ჟორჟოლიანმა ერთი როლით მოახერხა მაყურებლისთვის თავის დამახსოვრება – “ოთარაანთ ქვრივში” კესო ითამაშა. მისი სილამაზე თვით ვერიკოს განუმეორებელმა ხიბლმაც ვერ დაჩრდილა. თუმცა, სწორედ ვერიკოს ფაქტორმა დააეჭვა ის საკუთარ შესაძლებლობებში, ამას დაემატა ისიც, რომ მისთვის, როგორც მოწესრიგებული ადამიანისთვის, დამანგრეველი იყო კინოგადაღებებისთვის ჩვეული ქაოსი და მან კინო ჰობად დაიტოვა, სულ რამდენიმე ფილმშია გადაღებული. მას ყოველთვის ენები, ლინგვისტიკა აინტერესებდა,
დაამთავრა და მოღვაწეობდა უცხო ენების ინსტიტუტში, დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, იყო კათედრის გამგე, 1990 წელს გაცვლითი პროგრამით, ერთი წლით წავიდა ამერიკაში, სიეტლის უნივერსიტეტში ლექციების წასაკითხად, მაგრამ ის ერთი წელი დღემდე გრძელდება და როგორც მისი ქალიშვილი ამბობს, საქართველოში დაბრუნებას აღარ აპირებს. ამჟამად მოღვაწეობს ვაშინგტონის ცენტრალურ უნივერსიტეტში  – ასწავლის რუსულ ენას და ლინგვისტიკას. და კიდევ, გულშემატკივრობს ბარაკ ობამას. წინასაარჩევნო შეკრებებზეც დადიოდა თურმე და ორჯერ ფულიც გადაურიცხავს ობამას საარჩევნო ფონდში…

ოჯახი ამერიკაში
1992 წელს საქართველოდან ამერიკაში გადასახლდა დინარა ჟორჟოლიანის ორივე ქალიშვილი. მაგრამ აქ დარჩა დინარა ჟორჟოლიანის მეუღლე – ზურაბ ჩაჩავა, “მამა რამდენჯერმე იყო ჩასული ამერიკაში, მაგრამ რაღაცნაირად ვერ შეეწყო იქაურობას და დღესდღეობით აქ ცხოვრობს”, – ამბობს მაია ჩაჩავა.
მაია ჩაჩავა 29 წლის იყო, ამერიკაში დედის სანახავად რომ წავიდა, შვილთან ნინო გაბუნიასთან ერთად. დარჩენას არ აპირებდა, მაგრამ დარჩა. აქ თუ უცხო ენების სპეციალისტი იყო, იქ მხატვარი გახდა – შესაბამისი განათლება მიიღო და დღეს ფერწერას, გრაფიკას, დიზაინს ასწავლის სიეტლის უნივერსიტეტში.
მისი ქალიშვილი ნინო კომპიუტერული დიზაინერია, წელს ამთავრებს უნივერსიტეტს.
მაია ჩაჩავა ახლა კვლავ ამერიკაშია, მაგრამ ამ ცოტა ხნის წინ აქ იყო და გამოფენაც ჰქონდა “მარიოტში”. მის ნამუშევრებში ტრიალებს გულისა და ბროწეულის სიმბოლიკა, ხან ვერ გაარკვევ, გულია თუ ბროწეული.
მაია ჩაჩავა: “…შემოქმედებით პროცესში მიტაცებს ის, რისი ახსნაც არ შემიძლია. ყველაფერი რომ ავხსნა, ალბათ, აღარც დავხატავ… ბროწეული დაკავშირებულია მარიტასთან, ნატვრის ხესთან, თან რაღაც საიდუმლო ფორმაა, გარედან თითქოს არაფერია, გახსნი და… გულიც გაურკვეველია, რას აკეთებს, რა ფუნქციას ასრულებს, გარდა იმისა, რომ სისხლს ამოქმედებს სხეულში….”

Advertisements
Post a comment or leave a trackback: Trackback URL.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: