თბილისური თეატრალური ფესტივალი 2009

რომეო და ჯულიეტა სამზარეულოში

რეზო შატაკიშვილი

(დაიბეჭდა გაზეთ “პრაიმტაიმში”, 2009 წლის 5 ოქტომბერი).

ფარდა ახდილია და იმთავითვე ხვდები რომ მონტეკები და კაპულეტები აქ, სამზარეულოში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, რომ აქ გათამაშდება ზეაწეული ტრაგედია, მარადუჭკნობი რომანტიკული ტრფობის ამბავი. თითქოს დაახლოებით ხსნი კიდეც რეჟიოსრის რებუსს – რომ ვერონა ყველგანაა, რომ ყველგან მტრობა, სიძულვილი მეფობს, მაგრამ რას წარმოიდგენ რომ კაპულეტები და მონტეკები ცომითა და ფქვილით დაერევიან ერთმანეთს, სოცშეჯიბრს მოწყობენ ცომის ზელვაში, რომ ცომის ფალოსებს “ამოაგდებენ” და ერთმანეთს მის ზომაში გაეჯიბრებიან, რომ მონტეგები უფრო დიდს “იქონიებენ” და კაპულეტები დანით მოჭრიან სხვაობას და გაასწორებენ ფალიკურ “მთა-ბარს”.
ნახავ ამ მხიარულ დატაკებას და ვერ წარმოიდგენ თუ როგორ უნდა განვითარდეს ამ არასერიოზულ ატმოსფეროში სერიოზული ტრაგედია, მაგრამ კორშუნოვასი ნაბიჯ-ნაბიჯ აგრძელებს შენს გაოცებას და დასასრული არ აქვს არც ცომის, ფქვილის, ცომსაზელის ახალ-ახალ ფუნქციებს და არც საერთოდ რეჟისორის ფანტაზიას, თითქოს მას რაღაც დიდი ძარღვისთვის დაეკრას ბარი და შენს წინ უწყვეტ შადრევნად ასხავს მისი მიგნებები. ის არ გვთავაზობს ოპტიმისტურ ტრაგედიას, რომეოსა და ჯულიეტას სიკვდილის შემდეგ რომ ზავდებიან. ის ამ ზავის გარეშე ასრულებს სპექტაკლს და დასაღუპად იმეტებს კაპულეტებსაც და მონტგებსაც – დასაღუპად იმეტებს სიძულვილის საყოველთაო გარემოს, რომელიც ყველგან ბუდობს, ისევე ყველგან როგორც ყველგანაა სამზარეულო. ის არც ზეწაეულ ისტორიას არ გვიყვება რომანტიკლ სიყვარულზე, ის გვიყვება თუ როგორ მიჰყავს მტრულ გარემოს გოგოს და ბიჭის ჩვეულებრივი სიყვარული ტრაგედიამდე. ამ მტრულ გარემოში ყველა ერთნაირია, ერთი ცომისგან არიან მოზელილები, მათი მტრობა უსგანოა, არც კი ახსოვთ რაზე დაეტაკნენ ოდესრაც ერთმანეთს, მაგრამ ეს მტრობა თაობიდან თაობას გადაეცემა და კვიცები გვარზე ხტიან და მათთვის მტრობა, სიძულვილი მარტო თვითგამოხატვის, თვითდამკვიდრების ფორმად კი არა, საერთოდ ცხოვრების წესად ქცეულა.
რეჟისორს ეს ამბავი მოაქვს მართლაც გამაოგნებელი თეატრალური ფორმით, გახელებული პირობითობით და ერთობ პირქუშ, ჩაჟამებულ-ჩაჟანგებულ სამზარეულოში თალწარმტაცი სანახოაბა იშლება – სავსე ემოციით, მგზნებარე არტისტიზმით, ულევი კომიკური ოინებით, პიკანტურ-სექსუალური “შტუკებით”, რომელიც არანაირად არაა უხამსი და უმალ ხარხარს იწვევს ვიდრე გულისრევას, იქნება ეს მერკუციოს ავხორცი ხუმრობები – რომეოს “გამოსაფხიზლებლად” თუ ტიბალტის გასაცოფებლად, მისი ტიტველი მუცლის ქცევა ბენვოლიოს დოლად თუ რომეოს თავი ერთობ პიკანტური ძიძის ფეხებშუა. ლიტველი ძიძა მართლაც და გასაოაცარი და დაუვიწყარია, თავისი ნაფაზებით და პატარა წყენისას დიდი ჩემოდნით გაქცევის მცდელობებით. მსახიობებიდან სწორედ ძიძა ელგა მიკულიონიტე და მერკუციო – დაინიუს კაზლაუსკასი იპყრობენ უპირველესად ყურადღებას.
კორშუნოვასის სპექტაკლში მარტო მსახიობები კი არა, ყველაფერი თამაშობს რაც კი სცენაზეა, ქვაბის თავსახური – მარაოს “როლშია”, ალუმინის ჯამი – ჯულიეტას შარავანდედის “როლში”, გაბრტყელებული ცომი _ დასაპატიჟებელთა სიის განასახიერებს, კოვზები, ჩანგლები, ქაფქირები, ჩამჩები მიაქვთ რომეოსა და ჯულიეტას საფლავზე ყვავილების ნაცვლად. პარისისთვის ჯიბეში ჩაჩრილი ცომის გასაპრტყელებელი მიცემული პირობაა – ჯულეტას მითხოვების, ფქვილი – ხან ჩხუბის იარაღია, ხან ჩხუბის წინ ტანზე შესაზელ-შესაფრქვევი, როგორც ბრძოლის აუცილებელი პირობა, ხან აუცილებელი ატრიბუტი ლორენცოს რიტუალებისთვის, ხანაც გმირების გარდაცვალების მაცნე – როდესაც ისინი სახეებს იფეთქავენ ფქვილით და ხანაც ცრემლები: გარდაცვლილ რომეოსა და ჯულიეტასთან მოდიან ყველა, პატარა საცრებით და აცრიან ფქვილს უსასრულოდ როგორც ცრემლებს.
მუდამ მოგორავე ვეება ცომსაზელი კი სპექტაკლის ბოლოს გვევლინება იმ ადგილად – სადაც უეცრად ცვივდებიან კარგა ხანს სტატიურ პოზაში გარიდებული მკვდარი რომეო და ჯულიეტა, რათა თავიდან “მოიზილონ” და იშვნენ…

ცომისგან მოზელილი შექსპირი

რეზო შატაკიშვილი

(დაიბეჭდა გაზეთში დრონი.გე, 2009 წლის 5 ოქტომბერს).

დაიწყო თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი. რა განასხვავებს მას ქეთი დოლიძის საჩუქრისგან? ის რომ ეკა მაზმიშვილი ნამდვილად არ ამოგვადენს ყელში, რისი ნახვის ღირსი გაგვხადა (ასეც მოხდა, წელიწადი მოტრიალდა და მაზმიშვილს ჯერ არ წამოუყვედრებია – რ.შ. 2010 წელი, სექტემბერი…)

მოკლედ დაუყვედრებელი ფესტივალი დაიწყო საქართველოს მუდმივი მხარდამჭრი ქვეყნის ლიტვის სახელგანთქმული თეატრის სპექტაკლით. ახალგაზრდა ევროპის პატარა ქვეყნის ახალგაზრდა, მაგრამ უკვე დიდი რეჟისორის, ახალგაზრდა გენიად შერაცხული ოსკარას კორშუნოვასის რომეო და ჯულიეტათი. დღეს უკვე 40 წლის კორშუნოვასმა ეს სპექტაკლი 6 წლის წინ ავინიონის ფესტივალის მხარდაჭერით დადგა. მის მიერ დაარსებული ოკსრას კორნუშოვასის თეატრი უკვე ათი წლისაა და განუწყვეტლივ მოგზაურობს მთელს მსოფლიოში. კორშუნოვასი თეატრალური ფესტივალების ფავორიტია. მიღებული აქვს პრემია ახალი ევროპული რეალობის შექმნისთვის

რომეო და ჯულიეტა ჩაჟამებულ სამზარეულოში თამაშდება, სამზარეულოში ერკინება ერთმანეთს კაპულეტების და მონტეკების სიძულვილი. გაშიშვლებული ადამიანური ვნებები, ჟანგმოდებული რუხი ინტერიერი, ძველი საგნები მოგვაგონებს იტალიურ ნეორიალისტურ კინოს. ეს სამზარეულო საგავრეულო აკდამასავით გვიმზერს და მარტივადაც ტრასფორმირდება სპექტაკლის ბოლოს აკლდამად.

სამზაერეულო ეს ყოველდღიურობის განუყრელი სივრცე კორშუნოვასის უსასრულო ფანტაზიის წყალობით გახელებული პირობითობის პოლიგონი ხდება, სადაც ყოველი ნივთი პირობითი თეატრის ენაზეა ამეტყველებული და ჯამში ბრწყინვალე თეატრალურ ფორმას გვთავაზობს. ფორმას რომელშიც უკვდავყოფილია შექსპირის ტრაგედიის გენი.

ცხადია ახალი სულაც არაა საერთოდ შექსპირის, (გნებავთ კონკრეტულად რომეო და ჯულიეტას) არც გათანამედროვება, არც უცნაურ სცენურ გარემოში გადატანა. ზედროული შექსპირის თანამედროვე ადამიანთა ცნობიერებასთან მიახლოება უკვე თითქმის საუკუნეს ითვლის. ჯერ კიდევ თაიროვი წერდა, (სწორედ რომეო და ჯულიეტას ექსპლიკაციაში) თავისუფალ თეატრალურ ტრასნკრიფციის აუცილებლობაზე, რომლის მიზანიცაა ტრაგედიის თანამედროვე აღქმასთან მიახლოება. კორშუნოვასის სტიქიაც ესაა დადგას კლასიკური პიესები როგორც თანამედროვე პიესები და თანამედროვე როგორც კლასიკური. რეჟისორი ფორმას უვემდებარებს მიზანს გვიჩვენოს არა ზეაწეული, რომანტიკული სიყვარულის აპოთეოზი, არამედ სოციალური დრამა. იგი რომეო და ჯულეტას სოციალური დრამის ნიმუშად აღიქვამს. მისივე თქმით, ჩვეულებრივი სიყვარული დრამატულ ვითარებაში, მტრულ, სიძულვილის გარემოში იძენს ტრაგიკულ ძალას და ადის უმაღლეს ხარისხში. გარემოში, სადაც აღარც აღარავის ახსოვს მტრობის მიზეზი და სიძულვილი უკვე ტრადიციადაა ქცეული, რომელიც გადადის თაობებიდან თაობებზე. რეჟისორის ამოცანაა გვიჩვენოს როგორ ხდება ეს უმიზნო მტრობა და სიძულვილი საყოველთაო პლატფორმა, როგორ ამხელს მას სწორედ სიყვარული რომ ამ კლანებს შორის რეალურად არანაირი კონფლიქტი არაა.

მათთვის მტრობა, სიძულვილი თვითგამოხატვის, მეტიც საერთოდ ცხოვრების არსადაა ქცეული. ამიტომაც `შევყავართ~ მას სამზარეულოში რათა გვიჩვენოს რომ ვერონა ყველგანაა, ყველგან სიძულვილი გამეფებულა. კორშუნოვასის სპექტაკლში კაპულეტებისა და მონტეკების სამზარეულოში მიმდინარე ჩხუბი ფრიად მხიარულ ხასიათს ატარებს ერთმანეთს ცომის გუნდებით, ფქვილით უმასპინძლდებიან, ბღლაძუნობენ თითქოს რეგბს თამაშობენ, ერთმანეთს ცომის ზელვაში ეჯიბრებიან და შემდეგ სწორედ ცომით იმიტირებენ ფალოსს, ეჯიბრებიან ვის უფრო დიდი აქვს. სწორედ აქ, არასერიოზულ სიტუაციაში იწყება და ვითარდება უკიდურესად სერიოზული მოვლენა. ჩვენ ხომ ხშირად სერიოზულად არ აღვიქვამთ საფრთხეს და სწორედ ჩვენს დანაშაულებრივ დაუდევრობას, სიტუაციის შეუფასებლობას მივყავართ ტრაგედიამდე. სპექტაკლი წარმოადგენს კომიკური სიტუაციების, მიგნებების უწყვეტ ფოიერვერკს გაჯერებულს რეჟისორის სკრაბეზული ოინებით, მიზანსცენებით, რაც პირდაპირ ეხმიანება სამყაროს ტრაგიკომიკურად აღქმას, სპექტაკლს კი აცლის ყოველგვარ სენტიმენტალიზმს. პიკანტური სცენები იმდენად დახვეწილია, რომ არანაირად არ ტოვებს უხამსობის განცდას, პირიქით გულიან ხარხარს ბადებს და რელიეფურად კვეთავს სათქმელსაც აქ ყველას ვნება მოსჭარბებია, მოხუც ძიძასაც და ლორენცოსაც კი რომელთა ზასავი პაკლონის პიკანტურ კამერტონად გვევლინება.

აქტიორული ნამუშევრებიდან სწორედ ჯულიეტას მოხუცი ძიძაა ყველაზე მეტად გამორჩეული და გამაოგნებელი. ძიძა _ 43 წლის ელგა მიკულიონუტე კორშუნოვასის დასის წამყვანი მსახიობია, მის ჰამლეტსა და ოიდიპოს მეფეში თამაშობს გერტრუდასა და იოკასტეს.

აქტიორული ანსამბლიდან თავისი მგზნებარე ტემპერამენტითა და სცენიური ხიბლით გამორჩეულია მერკუციო დაინიუს კაზლაუსკასი.

38 წლის ლიტველი მსახიობს სცენზე განსახიერებული აქვს დონ კიხოტი, სეხისმუნდო (კალდერონის ცხოვრება სიზმარია), ვოლანდი კორშუნოვასის ოსტატ და მარგარიტაში, გადაღებულია არაერთ ბალტიურ, ევროპულ და ამერიკულ ფილმში… 2005 წელს დასახელებული იყო ლიტვის წლის მსახიობად. მის ფონზე, თავიდან ერთობ უგერგილოდაც კი გამოიყურება რომეო გიედრიუს სავიცკასი, მაგრამ თანდათან ვლინდება მისი განმაცვიფრებელი შინაგანი სისუფთავე და სწორედ ეს სისუფთავე განასხვევებს მის გმირს გარემომცველებისგან და სწორედ მერკუციოს დაუოკებელი ავხორცობა უქმნის მას კონტრასტს. მერკუციოს ყველა ქმედება ეროტიული ინსტიქტების სახიერი გამოვლენაა, დასასრული არ აქვს ამ გამოვლენის მრავალფეროვნებას და მას მხოლოდ სიკვდილი უსვამს წერტილს. რასა სამუოლუტეს ჯულიეტას დაუოკებლ ვნებასა და რომეოსთან შეწყმის ჟინს მისივე მიამიტობა, სისუფთავე ასხივოსნებს და ჩვენს წინ ავხორცი გოგონა კი არა, სისხსავსე, მოტიტინე გოგონაა რომელსაც გულწრფელად უყვარს რომეო. ძნელად თუ დაიჯერებ რომ ეს მოტიტინე გოგონა უკვე 34 წლისაა

კომიკური ოინებისგან თავისუფალია რომეო და ჯულიეტას სცენები აივანზე და სარეცელზე. ეს სცენები სადაა, გამომსახველი და უზარმაზარი ემოციური მუხტის მქონე.

სცენაზე არსებული ყოველი ნივთი ჩვენს თვალწინ სრულიად სხვა ფუნქციებს იძენს ქვაბის თავსახური გვევლინება მარაოდ ძიძისთვის, ალუმინის ჯამი ჯულიეტას შარავანდედად, რომეოსა და ჯულიეტას საფლავზე მიაქვთ ქაფქირები, ჩამჩები, ჩანგლები, კოვზები ყვავილების ნაცვლად. რაც ალბაათ თავად რეჟისორის თვითირონიაა საკუარ ავანგარდიზმზე. და რაც მთავარია, სპექტაკლში განუწყვეტლივ ფიგურირებს ცომი, ფქვილი და ცომსაზელი რომლებიც სპექტაკლის მსვლელობისას დაუსრულებლად ახალახალ ფუნქციას იძენენენ.

ცომია კაპულეტების და მონტეკების ბრძოლის იარაღი. ცოლის ზელვაში ეჯიბრებიან ისინი ერთმანეთს. ცომის ზელვაში სცდიან ჯულიეტას მშობლები პარისს. ცომი იქცევა ხან ფალოსად, ხან ნიღბად, ხან იმ სიად რომელზეც მეჯლისზე დასაპატიჟებელთა სიაა ჩამოწერილი. რომეოსა და ჯულიეტას პირველი ღამის სცენის პარალელურად სამზარეულოს ერთერთ სარკმელში თამაშდება ერთგვარი თოჯინური სანახაობა გგონია რომ პურისგან გამომცხვარი პაწაწუნა რომეო და ჯულიეტა თამაშობენ, მაგრამ მერე ირკვევა რომ ცომისანი არიან როცა ისევ ერთ გუნდად აზელენ მათ. სწორედ ეს აზელვა მიგვანიშნებს იმას რომ კაპულეტებიც და მონტეკებიც ერთი ცომისანი არიან, იმასაც რომ რომეო და ჯულიეტა ჯერაც უმწიფარნი, გამოუმცხვარნი არიან

ფქვილია ბრძოლის იარაღი. ფქვილი რიტუალურ მნიშვნელობას იძენს ლორენცოს ხელში. ფქვილში ითხუპნებიან მერკუციო და ტიბალტი საბედისწერო ჩხუბის წინ, სწორედ ფქვილით ხდება ცოცხლების მკვდრად ტრანსპორმაცია როდესაც ისინი სახეებს იფეთქვენ ფქვილით.

სწორედ პატარა საცრებით შემოდიან და სცრიან ფქვილს ფინალურ სცენაში რაც ასე მოყოლით წარმოუდგენელ სცენურ ეფეტს ქმნის თუ არ ნახე. ცომსაზელი კი, რომელსაც სპექტაკში ასე ხშირად დააგორებენ, ბოლოს გვევლინება რომეოსა და ჯულიეტას საბოლოო განსასვენებლად სადაც ერთმანეთზე ზურმიყრდნობით მსახდარნი ერთობ სახიერ მიზანსცენას ქმნიან, სულ ბოლოს კი მოწყვეტით ცვივიან ამ ცომსაზელში.

ისინი იღუპებიან და იღუპებიან მათი მშობლებიც.

კორშუნოვასის სპექტაკლში არ ხდება კაპულეტების და მონტეკების ზავი. შექსპირის დიდი მკვლვეარი ანიქსტი რომეოსა და ჯულიეტას ოპტიმისტურად მიიჩნევდა სწორედ იმიტომ რომ ახალგაზრდების სიკვდილის შემდეგ მოქიშპე ოჯახები სამუდამო ზავს დებდნენ.

შექსპირს ბოროტი ძალების მიერ დარღვეული წესრიგის აღდგენის სჯეროდა. კორშუნოვასს არ ხიბლავს ბავშვების სისხლის ფასად მიღწეული ზავი და არც ამგვარი ოპტიმიზმი და ამბობს სათქმელს სიძულვილით დამუხტული ვერონა დასაღუპადაა განწირული და უნდა დაიღუპოს კიდეც.

Advertisements
Post a comment or leave a trackback: Trackback URL.

კომენტარები

  • sulxan  On სექტემბერი 11, 2010 at 2:59 PM

    gavgijdiii xo vnaxe es spektakli imis mere ramdeni dro gavida titqos kargad gavizre kdiec magram axla am statiidan ramdeni wvrilmani rgaca davinnaxe , romlistvisac turme kuradgeba unda mimeqcia,madlobt!

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: