თბილისი ჯორჯო სტრელერის უკვდავ სპექტაკლს იხილავს

რეზო შატაკიშვილი
თეატრის მოყვარულებს დაუვიწყარი დღეები ელით.
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში თბილისს ეწვევა იტალიის სახელგანთქმული “პიკოლო თეატრო დი მილანო”…
მაყურებელი იხილავს მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი რეჟისორის – ჯორჯო სტრელერის სპექტაკლს “არლეკინო – ორი ბატონის მსახური”…

გენიალურმა ჯორჯო სტრელერმა თავის ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობის მანძილზე სამასი სპექტაკლი დადგა, მაგრამ ამ გრანდიოზული მემკვიდრეობიდან ცოცხლად დღევანდელ მაყურებელს მხოლოდ “ორი ბატონის მსახურის” ხილვაღა შეუძლია.

მეოცე საუკუნის ლეგენდარული სპექტაკლი “ორი ბატონის მსახური” უკვე 63 წლისაა, მაგრამ კვლავ ახალგაზრდული შემართებით აგრძელებს ცხოვრებას მსოფლიოს სცენებზე და კვლავაც ბრწყინავს ადრინდელი ბრწყინვალებით. იცვლებოდა დრო, იცვლებოდა შემადგენლობები, იცვლებოდა ვერსიები (მარტო სტრელერის სიცოცხლეში განხორციელდა ამ სპექტაკლის 9 ვერსია), მაგრამ არ იცვლება და სპექტაკლი არ კარგავს თავის გამანადგურებელ ხიბლსა და მაყურებლის ცხოველ ინტერესს. როგორც კრიტიკოსები წერენ, ამ სპექტაკლს შეუძლია სიამოვნება მიანიჭოს მასაც კი, ვინც საერთოდ არ იცის იტალიური ენა და მისი ნახვა რეკომენდირებულია ყველასათვის, მათთვისაც კი ვისაც ცხოვრებაში ფეხი არ შეუდგამს თეატრში.

ჯორჯო სტრელერმა და პაოლო გრასიმ “პიკოლო თეატრო დი მილანო” 1947 წელს დაარსეს. პიკოლო თეატრი პირველი თეატრი იყო იტალიაში – მუდმივი დასითა და სტაციონარით – შენობით. თეატრის პირველი სპექტაკლი იყო მაქსიმ გორკის “ფსკერზე”. იმავე სეზონში წარმოადგინეს კარლო გოლდონის “ორი ბატონის მსახურის” მიხედვით შექმნილი “არლეკინი – ორი ბატონის მსახური”…

სრულიად ახალგაზრდა, 26 წლის ჯორჯო სტრერელმა შესძლო ჩასწვდომოდა კომედია დელ არტეს ჭეშმარიტ არსს და კვლავ აეღორძინებინა იტალიური ნიღბების კომედია. საგულისხმოა, რომ ის ერთედერთი აღმოჩნდა, ვინც შესძლო ჩასწვდომოდა საუკუნეების მიღმა, აღორძინების ეპოქაში შექმნილი კომედია დელ არტეს საიდუმლოს.

სტრელერმა შესძლო ჩასწვდომოდა და გაეხსნა ნიღბების სცენიური ცხოვრების საიდუმლო – შეექმნა პლასტიკა, ჟესტების ენა, მაყურებელთან ურთიერთობის ფორმა. შეძლო ჩასწვდომოდა ამ საიდუმლოს და კვლავ აეღორძინებინა კომედია დელ არტეს სული და თამაშის ხერხი. მისი წყალობით იტალიამ კვლავ აჩუქა კაცობრიობას საუკუნეების მიღმა დაკარგული კომედია დელ არტე. ამასთან “ორი ბატონის მსახურმა” თავი მოუყარა იტალიური რეალისტური სკოლის საუკეთესო ტრადიციებს, ერთმანეთს ორგანულად შეერწყა კომედია დელ არტეს იუმორი, ელვარება და თამაშის სტიქია  და ფსიქოლოგიური თეატრის სიღრმე და ხასიათი.

“კომედია დელ არტეს გათამაშდა ცარიელ ადგილზე, ტრადიციაზე დაყრდნობის გარეშე, მხოლოდ იტალიური სისხლის წყალობით” – წერდა სტრელერი.

სტრელერის “არლეკინო” იქცა არა მხოლოდ პიკოლო თეატრის, არამედ საერთოდ თეატრის სიმბოლოდ.

სპექტაკლი მეორე მოსფლიო ომის შექმდეგ დაიდგა და შესაბამისად სავსე იყო იმ იმედიიანი გაწნყობით, რაც მაშინ სუფევდა. ეს იყო ფერად, კაშკაშა ტრადიციულ კოსტიუმებსა და მსუბუქ, მხიარულ დეკორაციაში გათამაშებული თვაწარტაცი სანახაობა. დეკორაცია იცვლებოდა მაყურებლის თვალწინ – თვით მსახიობების მიერ. მსახიობები მოძრაობდნენ (და დღესაც მოძრაობენ) წმინდად თეატრალური პლასტიკითა და რიტმით, მეტყველებენ თეატრალური – ფორსირებული ხმით და არა – ყოველდღიური, ჩვეულებრივი ხმით.

“ნიღბები იდუმალი, საშინელი ინსტრუმენტია. მე იგი ყოველთვის შიშის გრძნობას მინერგავდა. ნიღაბით ჩვენ თითქოსდა ვუახლოვდებით თეატრი-სასწაულის სათავეებს: ჩვენ კვლავ ვხედავთ დემონებს – უძრავნი, უცვლელნი, გაქვავებული გამომეტყველებანი, აქედან წამოვიდა სწორედ თანამედროვე თეატრი… კონკრეტულ “ბუნებრივ” ჟესტს ნიღაბი ვერ ეგუება. თავისი სულისკვეთებით იგი რიტუალურია” – წერდა სტრელერი…

“თითეული ნიღაბი ამ სპექტაკლში დაუვიწყარია, ეს იყო თეატრის ნამდვილი დღესასწაული” – წერს კრიტიკა.

სცენაზე ჩვენ ვიხილავთ იტალიური თეატრის ტიპიურ პერსონაჟებს – არლეკინოს,

ბრიგელას, პანტალონეს, დოქტორს, სმერალდინას, შეყვარებულებს.

უნიღბოდ მხოლოდ შეყვარებულებს ვიხილავთ. დანარჩენი არტისტების სახე დაფარულია ნიღბით, რაც მათ სრულ თავისუფლებას ანიჭებს, გახსნილი არიან ბოლომდე და მთლიანად ეძლევიან თამაშის სტიქიას.

იცვლებოდა სპექტაკლის ვერსიები, იცვლეობოდა შემადგენლობები, დეკორაცია, მაგრამ არ იცვლებოდა მთავარი როლის – არლეკინოს შემსრულებელი.

1947 წლიდან გარდაცვალებმდე – 1961 წლამდე არლეკინოს ასახიერებდა მსოფლიოში სახელგანთქმული მსახიობი მარჩელო მორეტი. მისი გარდაცვალების შემდეგ, 1963 წლიდან დღემდე არლეკინოს ანსახიერებს მორეტის მოწაფე ფერუჩო სოლერი. თამაშის მისეული, განმაცვიფრებელი და სრულიად უნიკალური ტექნიკა კარგა ხანია შესულია მსახიობის ოსტატობის სახელმძღვანელოებში.

სოლერი არლეკინოს უკვე 47-ე წელიწადია ანსახიერებს, კარგა ხანია გადასცდა სამოცდაათს, 80 წელსაა მიღწეული, მაგრამ როგორც ამბობენ კვლავაც ბრწყინვალე ფორმაშია და კვლავაც შეუდარებლად ასრულებს იმ აკრობატულ ტრიუკებს, რომლითაც თავად გაამდიდრა ეს როლი. აღსანიშნავია, რომ მან მაყურებელს არლეკინოს თვისობრივად ახალი გააზრება შესთავაზა, გაამდიდრა ის სწორედ აკორბატული ილეთებითა და ტიუკებით, რასაც სრულებითაც არ მიმართავდა მორეტი.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ფერუჩო სოლერიამ აღადგინა და შექმნა “ორი ბატონის” ახალი ვერსია “პიკოლო თეატრის” 60 წლის იუბილისა და კარლო გოლდონის დაბადებიდან 300 წლის აღსანიშნავად.

სწორედ ეს ვერსიაა სტრელერის “არლეკინო – ორი ბატონის მსახურის” ბოლო ვერსია.

“ორი ბატონის მსახურის” ესთეტიკა ათწლეულების მანძილზე ყალიბდებოდა და იხვეწებოდა. სპექტაკლის ყოველი ახალი ვერსია, წინა ვერსიიდან რაღაცას იშორებდა, რაღაცას ამყარებდა – დროებით ან სამუდამოდ. ეს ეხებოდა როგორც სცენური სივრცის გაფორმებას, ისე თითოეული პერსონაჟის ხასიათებს. მუშავდებოდა უმნიშვველო ნიუანსებიც კი, გამუდმებით სრულყოფდნენ მიღწეულს.

1956 წელს მაყურებელს შესთავაზეს “არლეკინო – ორი ბატონის მსახურის” ახალი, ე.წ. “ედინბურგული ვერსია”, რომელიც გადაწყვეტილი იყო როგორც თეატრი თეატრში. ფიცარნაგი, სადაც მსახიობები გოლდონის პიესას თამაშობდნენ ქალაქის მზით გაჩახჩახებულ მოედანზე იდგა…

სტრელერი “არლეკინოს” დგამდა როგორც პიკოლო თეატრში, ისე სხვა თეატრალურ ნაგებობებსა და ღია ცის ქვეშაც. მორეტის სიკვდილის შემდეგ, 1963 წელს, რაც ის სოლერმა შესცვალა, მაყურებელს შესთავაზეს “ფურგონების ვერსია”. სპექტაკლი დაიდგა მილანის მახლობლად ვილა ლიტტის ეზოში. სცენა ვილის შესასვლელში იდგა, სცენის მარჯვნივ და მარცხნივ კი ცხენებშებმული დიდი, გადახურული ოთხთვალები იდგა, როგორებითაც ოდესღაც ევროპის გზებზე მოგზაურობდნენ მოხეტიალე კომედიანტები. ახლა კი სპექტაკლი იწყებოდა იმით რომ მსახიობები გამოდიოდნენ ამ  ფურგონებიდან და იწყებდნენ სპექტაკლისთვის მზადებას…

წლებთან ერთად სპექტაკლს ემატებოდა ახალი ფერები, იძენდა ახალ რიტმს, ახალ შინაარსს. “სპექტაკლი ყოველთვის ირეკლავს მისი შემქმნელის საერთო სულიერ მდგომარეობას, იცვლებოდა დრო, იცვლებოდა ცხოვრება, ვიცვლებოდი თავად მე და გარდაუვლად იცვლებოდა ისიც, რისი თქმაც მინდოდა ჩემი სპექტაკლებით” – წერდა სტრელერი.

დადგმიდან 40 წლისთავზე სტრელერმა გადაწყვიტა საბოლოდ გამომშვიდობებოდა “არლეკინოს” და მაყურებელს შესთავაზა სპექტაკლის ახალი ვერსია სახელოწოდებით – “მშვიდობით”. ამ ვერსიაში ნაკვალევიც კი აღარ იყო კომედიის წინანდელი მსუბუქი და ნათელი გადაწყვეტიდან. სცენას მხოლოდ რამპის დიდი ფარნები და კანდელაბრებიღა ანათებდა, შეცვლილი იყო არლეკინოს ხასიათიც. ის აღარ აფრქვევდა და ასხივებდა კვლავინდებურად იმედსა და სიცოცხლის სიყვარულს. სტრელერმა ახალ ვერსიას კი უწოდა “მშვიდობით”, მაგრამ გამომშვიდობება ვერ შესძლო… მალე შეიქმნა ახალი ვერსია სახეწოდებით “გამარჯობა!”. სპექტაკლში კვლავ აჩქეფდა ნათელი ფერები, სიცოცხლის სიყვარული…

თეატრის მკვლავართა განცხადებით, ნამდვილი იმპოვიზაცია სპექტაკლში ყოველთვის ცოტა იყო, ისიც მხოლოდ არლეკინოს მაყურებელთან ურთიერთობისას – მსახიობი მაყურებლის რეაქციის შესაბამისად მოქმედებდა. ნამდვილი იმპროვიზაცია იყო მინიმუმადე დასული, არადა ყოველთვის ტოვებდა შთაბეჭდილებას  რომ მთელი სპექტაკლი იმპროვიზაციულად მიმდინარეობდა.

სპექტაკლის დადგმიდან 50 წლისთავზე კი სტრელერმა კვლავ შესთავაზა მაყურებელს სპექტაკლის ახალი ვერსია, მისთვის ეს უკანასკნელი აღმოჩნდა, 1997 წელს იგი გარდაიცვალა… მომდევნო ვერსია, როგოგორც უკვე ავღნიშნეთ, შეიქმნა 2007 წელს, სპექტაკლის დადგმიდან 60 წლის თავზე, ამჯერად უკვე ფერუჩო სლოერის მიერ…

სტრელერის “ორი ბატონის მსახური” შესულია მეოცე საუკუნის ას საუკეთესო სპექტაკლს შორის, აღიარებულია მეოცე საუკუნის ლეგენდარულ სპექტაკლად. 2008 წელს ითამაშეს კიდეც პროექტ “მეოცე საუკუნის ლეგენდარული სპექტაკლების” ფარგლებში.

სპექტაკლს მოვლილი აქვს მთელი მსოფლიო.

მოსკოველმა მაყურებელმა სტრელერის ეს შედევრი ჯერ კიდევ ნახევარი საუკუნის წინ იხილა.

პიკოლო თეატრმა 2001 და 2008 წლებში კვლავ შესთავზა მოსკოვს “ორი ბატონის მსახური”.

თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს ამ სპექტაკლის თბილისში ჩამოტანა ჯერ კიდევ შარშან უნდოდა, მაგრამ ჰონორარი იყო იმდენად კოლოსალური, რომ ვერ შეძლეს. წელს, პიკოლო თეატრმა თბილისურ ფესტივალს ჰონორარი გაუნახევრა, თავად კისრულობენ ტრასპორტირების ხარჯებსაც და რაც მაყურებლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, წარმოდგენა ორჯერ გაიმართება – მარჯანიშვილის თეატრში.

Advertisements
Post a comment or leave a trackback: Trackback URL.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: