ნოღაიდელი საიქიოში ფანდურზე დაუკრავს და ოსურად იმღერებს

რეზო შატაკიშვილი

(დაიბეჭდა გაზეთ „დრონი.გე–ში“, ოპუსი მიმდინარე პოლიტიკურ ამბებს ეხებოდა, მაგრამ იმედი მაქვს ახლაც იხალისებთ).

ნოღაიდელმა იმდენი ირბინა მოსკოვში, მგონი, ლენინიც შეაწუხა და წამოაყენა მავზოლეუმიდან. ჰოდა, ილიჩმა ზურიკელას გაუმეორა – სწავლა, სწავლა და სწავლა-ო. და ზურაბმაც გადაწყვიტა სწავლა, ამჯერად აფხაზური და ოსური ენებისა. აფხაზურის რეპეტიტორი უკვე დაუჭერია, ოსურისას ეძებს. თვითონ მოსცლია და ჩვენც მოცლილები ვგონივართ – აკი გვმოძღვრავს – აუცილებელია ქართველი ადამიანი, მეტარე პოლიტიკოსი, რომელიც ეთნიკურად მრავალფეროვან ქვეყანაში მოღვაწეობს, იმ ენებსაც ფლობდეს, რომელიც საქართველოს მოქალაქეებთან კომუნიკაციისთვის აუცილებელიაო. ჯერ ერთი, საქართველოს მოქალაქეებთან საკომუნიკაციოდ სახელმწიფო ენა არსებობს, ასეთი სახელმწიფო ენა, მადლობა ღმერთს, ქართულია. ჰო, ის ქართული, რომლისაც ნოღაიდელს არაფერი გაეგება, თორემ თავის „სიბრძნეს“ ერთსა და იმავე სიტყვით – „აუცილებელიათი“ არ დაიწყებდა და არ დაამთავრებდა.  და კიდევ, საქართველოში მოღვაწეობა მაგას რუსეთში წარა-მარა სირბილი ხომ არ ჰგონია? ან ადგილზე საქართველოში ყიალი? მოღვაწეობით ილია ჭავჭავაძე, ნიკო ნიკოლაძე, ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე ჯავახიშვილი მოღვაწეობდნენ, ჩვენა, გენა, ვცხოვრობთ, უფრო სწორად, ზურაბასნაირი გაზულუქებულები ცხოვრობენ, ჩვენ კიდე ვარსებობთ.

ასე რომ, ნოღაიდელს ურჩევნია ქართული ენის პედაგოგი დაიქირაოს და სანამ ოსური უსწავლია, ქართულს მიხედოს. ან რაღა დროს მაგის ენების სწავლაა. კაცი რომ სიბერეში ფანდურზე დაკვრის სწავლას დაიწყებს, იმაზე იტყვიან საიქიოში დაუკრავსო.

ნოღაიდელი ისე იქაჩება, მალე ხაბიზგინების ცხობასაც ისწავლის. მოკლედ, დიდ პატივში არიან ოსები. აქ ზურაბამ დაიწყო ოსურის სწავლა – კოსტა ხეთაგუროვი უნდა წაიკითხოს ორიგინალში. იქით კიდე რუსები უვიზოდ ეპატიჟებიან რუსეთში.

მაშ ასე, აწი რუსეთში უვიზოდ ივლიან ოსები. ჩმორი ქართველები კი, როგორც პრეზიდენტმა სააკაშვილმა ისინი მონათლა, სულაც რომ რკინის ტანგა ჩააცვა, მაინც ირბენენ რუსეთში. მოსალაპარაკებლად დავდივართო – ამბობენ ისინი და პრეზიდენტის იარლიყსაც ირტყამენ – „ჩმორები“ – და არც თუ უსაფუძვლოდ.

აბა, მართლა და მიშას თქმისა არ იყოს, რომელი ბისმარკები ეგენი მყვანან. პუტინი თებერვალში ქართულ ოპოზიციასთან შეხვედრას გეგმავს. ნოღაიდელი, ცხადია, იქ იქნება.

ბურჯანაძემაც ბრძანა – საჭიროების შემთხვევაში წავალ მოსკოვშიც, ვაშინგტონშიც და ბრიუსელშიცო, თუ ჩემი ქვეყნის ინტერესებს დასჭირდებაო, და აქციებშიც მივიღებ მონაწილეობასო. ბურჯანაძის განცხადებებმა იპოლიტე ხვიჩიას განცხადებები გამახსენა „მხიარული რომანიდან“ – მოვწევ კიდეც და ვინერვიულებ კიდეცო.

ჩვენს ოპოზიციას რომანი აქვს პუტინთან. მაგრამ ეს რომანი კი არაა მხიარული, ოპოზიცია გვყავს ჭკუამხიარული. ბურჯანაძე კი „მითამ“ ნერვიულობს, დავოსში ვიყავი და პრეზიდენტ სააკაშვილის დამსახურებით საქართველო საერთაშორისო იზოლაციაშიაო. სააკაშვილმა თითქმის ყველა პარტნიორი მოიმდურა და გაანაწყენაო. ჩვენი პარტნიორები აღშფოთებულნი არიან საქართველოში შექმნილი ვითარებითო.

მე თუ მკითხავთ, ნინომაც უნდა აიყვანოს ქართულის რეპეტიტორი. აბა, რა უბედურებაა მრავლობითი რიცხვის ხმარება, როცა საქმე ერთ კაცს ეხება – ვლადიმერ პუტინს? რაც არ უნდა დამდურებული, განაწყენებული და აღშფოთებული იყოს ის? და კიდევ, თუ თავად პოლიტსკლეროზი შეეყარა, ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ ხალხსაც იგივე სენი სჭირს. არადა, ასე რომ არ ეგონოს, წესით არ იტყოდა, „მთავარია ქვეყანა არ იჭყლიტებოდეს უგუნური და განდიდების მანიით შეპყრობილი პრეზიდენტის ხელშიო“.  არ იტყოდა, რომ სწორედ ამ პრეზიდენტს ედგა თავად გვერდში, მასთან ერთად შერონინდა პარლამენტში ვარდებით და მას უკან კაი ხანი მისი ნოტარიუსი იყო. მაშინ სოლომონ ბრძენი იყო მიშა და მაგას რომ სიაში ხალხი არ ჩაუსვა ბლომად, მერე დაკარგა გონი და გახდა უგუნური? თურმე ნუ იტყვით და, ნინოს გული დასწყვეტია, მის გვერდით მჯდომ ფრანგს უკითხავს, თქვენს პრეზიდენტს აღარ ეძახიან ხომ დავოსშიო. იქ თურმე ბიზნესმენებთანაც ულაპარაკია ნინოსა, იმათა კიდენა უთქვამთ, თქვენთან ფულის ჩადებას ვაპირებდით და გადავიფიქრეთო.  მოკლედ, ვერ გაიგებ ეს ბურჯანაძე დავოსში იყო თუ სოფლის კლუბში. ერთი რამ ფაქტია, იქიდან დაბრუნებულს, ლოგიკა მას ისევე ღალატობს, როგორც ღალატობდა წასვლამდე. ჯერ ამბობს, ამ ქვეყანაში სააკაშვილის წასვლამდე არჩევნებში მონაწილეობა წაგებულ თამაშზე წასვლააო, სანამ ეგ აქაა, საარჩევნო გარემო არ შეიცვლებაო, არჩევნები მაშინაა სასურველი, როცა იქ დემოკრატიააო. საცხა იქვე კი გაიძახის ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოსო. რავა, საპრეზიდენტო არჩევნებს რომ დანიშნავ, მიშა მოწეწავს თუ იმ წამს დემოკრატი აღაღანდება?  ნუ გერცხვინება, თქვი, ქალბატონო ნინო, რომ პრეზიდენტობა გწადიან და თვითმმართველობის, მერის არჩევნები არ გეპიტნავება…

დგას და ისევ მიშას დასცინის, გონებასუსტი ბავშვივით მოსწონს სხვადასხვაფრად აჩახჩახებული თბილისიო. ნუ, რას ვიზამთ, `გასპაჟა~ ნინო, ზოგს აჩახჩახებული თბილისი მოგვწონს, ზოგს კიდე თქვენი ოჯახის მეგობარ შევარდნაძის დროინდელი ჩაბნელებულ-ჩამყაყებული თბილისი მოგწონთ – იმიტომ, რომ ამ დროს მხოლოდ თქვენი ჭაღები ბდღვრიალებდა და შეგახსენებდათ, რომ თქვენ პრივილეგირებულნი იყავით…

ბურჯანაძე კი ხალხზეა გაწიწმატებული. 200 ათასის ნაცვლად რომ მილიონი გამოვსულიყავით ქუჩაში, სააკაშვილი კაი ხნის წასული ინქებოდაო. აგანგალა-განგალაო. ეო და მეო. კი მაგრამ, თუ იმ მილიონს არ უნდა სააკაშვილის წასვლა და თქვენი მოსვლა, ქუჩაში მაინც უნდა გამოვიდეს?

უნდა გამოვიდეს და დაგიდგეთ თქვენ, ვინც ღიად აცხადებთ, რომ პუტინს უნდა დაელაპარაკოთ? თანაც თურმე იმიტომ, რომ სანამ რუსეთს არ დაველაპარაკებით, ტერიტორიები ოკუპირებული იქნება. მოდი და ამის მთქმელის დაძახებაზე ქუჩაში კი არა, თუნდაც „ბალკონზე“ გადი რა…

ხალხის გასვლის რა მოგახსენოთ და, აი, პარტაქტივისტები კი უკვე გარბიან ნოღაიდელისკენ. აგერ ბატონო, ვიღაც კობა მოდებაძე ლამის შორენა ბეგაშვილივით პოპულარული გახდა უცებ. „მემარჯვენეებიდან“ ნოღაიდელთან ისკუპა და საჩხერიდან მთელ საქართველოს გააცნო თავი. „მემარჯვენეები“ ამბობენ, ნოღაიდელმა ფულით გადაიბირაო.

თვითონ მოდებაძე გაიძახის, მე ნოღაიდელისთვის არც ფული მითხოვია, არც თანამდებობაო. მაგის პოლიტიკა მხიბლავს რუსეთთან დაკავშირებითო, „მემარჯვენეების“ კურსს კიდე არ ვიზიარებო. გამყრელიძეს ყველაფერი რომ დააბრალო, საგარეო კურსის ცამპა-ცუმპით ცვლას მაინც ვერ დააბრალებ და ამ მოდებაძემ აქამდე ვერ გაიგო, გამყრელიძე რომ დასავლეთისკენ იწევს და ისე შევიდა მის პარტიაში ახლა რომ პრორუსი ნოღაიდელი შეუყვარდა?

ეს „მემარჯვენეები“ ისე ღელავენ ამ ვიღაც მოდებაძის აცქა-ცუცქათი, გეგონება მართლა ბისმარკი დაკარგეს. ნუ ღელავ, დავით! გული გაიმაგრე, დავით! მაგრამ თუ ყველა რაიონში მოდებაძისნაირი თანამოაზრეები გყავს, ეგება თავადაც გეფიქრა ნოღაიდელთან გადაბარგებაზე? გამოდი და თქვი, არ ვეთანხმები გამყრელიძის კურსსო და გადადი. „კრამერ პროტივ კრამერა“ და რამე-რუმე.

გასულ კვირას, მნიშვნელოვანი ისიც იყო, რაც კოკო გამსახურდიამ ჩამოიტანა მოსკოვიდან. იქ იგორ გიორგაძე და თენგიზა კიტოვანი დაჰკითხა. მათი თქმით, გამსახურდიას ხელისუფლება დევნიდა, გამსახურდიას მოცილებაში კი ყველაზე მეტად დაინტერესებულ პირად ედუარდ შევარდნაძე დაასახელეს. რადგან ცოცხალი ზვიად გამსახურდიას ფაქტორი ლეგიტიმაციაში უშლიდა ხელსო.

იგორამ და თენგიზამ დაასახელეს ორი ჯგუფი, რომელიც გამსახურდიას უშუალოდ დევნიდა – ერთი გულუას ჯგუფი – კვირაიას ექვემდებარებოდა, მეორე ავთო იოსელიანს, რომელიც პირდაპირ შევარდნაძეზე იყო გასულიო. გიორგაძეს ისიც გაუხსენებია, გამსახურდიას დაკავების გეგმა რომ შევთავაზე შევარდნაძეს, პასუხად ეს მივიღე – ზვიად გამსახურდია ცოცხალი არავის სჭირდებაო…

თენგიზამ კი თანხის ოდენობაც დაასახელა, რაც ზვიადის მკვლელობაშია გადახდილი და ისიც, ვინც გადაიხადა. მათ ვინაობას კოკო ჯერ არ ამბობს. კოკო შევარდნაძის დაკითხვასაც აპირებს. შევარდნაძე კი კრწანისიდან უკვე აფრიალებს ყაყაჩოებს – ზვიადის მოკვლა მე არავისთვის დამივალებიაო. ამას კი გაიძახის, მაგრამ ზვიადის დევნას რომ გულუას და ავთო იოსელიანის ჯგუფები ახორციელებდნენ, თავადაც ადასტურებს. და რა, გულუას და იოსელიანის ჯგუფები ჩემს მეზობელ ქსენიას ექვემდებარებოდნენ თუ ჩინეთის იმპერატორს?…

გასულ კვირას, პრესაში აქცენტი იმაზეც გაკეთდა, პრეზიდენტი სააკაშვილი თავისმა ამერიკელმა მრჩეველმა, დანილ კუნინმა მიატოვაო. მედიას თურმე ამ ეჭვს ისიც უმძაფრებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კომენტარი არ გაუკეთებიათ, პრეზიდენტის პრესსპიკერს კი უთქვამს, არ ვიცი და ამ თემაზე ლაპარაკი არ შემიძლიაო. ჰოდა, მედიამაც დაასკვნა – ესე იგი კუნინმა სააკაშვილი ნამდვილად მიატოვაო. ლოგიკაა „მიდი მოვდივარ“.

ეგ კიდე რა არის იმასთან შედარებით, რაც რამაზ კლიმიაშვილმა დააბრაგუნა. პრეზიდენტის პრესსპიკერი სანდო არაა, რასაც მიშა ეტყვის, იმას ამბობსო. ძალიან მაინტერესებს, პრეზიდენტის პრესსპიკერმა, აბა, რა უნდა ილაპარაკოს, რასაც კლიმიაშვილი დაარაკრაკებს თავის ინტერვიუებში?

კლიმიაშვილს და ბევრ სხვას სახალხო კრების იდეაც მოსწონთ. კლიმიაშვილს თუ ჰკითხე, საქართველოში ოპოზიციური მარტო სამი პარტია ყოფილა – „ლეიბორისტები“, ნინოს პარტია და „ფორუმი“, რაკიღა ისინი არჩევნებზე არ მიდიან. „თუ არჩევნებზე მიდიხარ, რომ სააკაშვილს ხელისუფლებაში ყოფნა გაუხანგრძლივო, რა ოპოზიცია ხარ?“ – ღაღადებს კლიმიაშვილი. კლიმიაშვილს ისიც უხარია, ნინო რომ პუტინთან შეხვედრას აპირებს – მიშა უფრო გაგიჟდება და კარგია, რაც უფრო მეტად გაგიჟდება, უფრო მეტ სისულელეს ჩაიდენსო და სახალხო კრება უფრო იოლად მოაშორებს მაგას საქართველოდანო.  ამ ლოგიკის პატრონებს უნდა დაუჯეროს ვინმემ რამე? მიშას მოშორების ჟინით რომ არიან შეპყრობილნი და ერთი სული აქვთ, მიშამ ქვეყანა გადაბუგოს, რომ მერე თუნდაც ამ გადაბუგულ ქვეყანაში თავიანთი სკამები დადგან და ზედ შეალაგონ ის გავები, დღეს რომ რუსეთს უქანავებენ? ემანდ თქვენ თვითონ არ გაგიჟდებოდეთ ამ მიშას გაგიჟების მოლოდინში…

Advertisements
Post a comment or leave a trackback: Trackback URL.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: