თეატრალური ფესტივალი 2009 – კატრინ დუფოლტის ვაება

(დაიბეჭდა გაზეთ „პრაიმ თაიმში“, 2009 წლის, 12 ოქტომბერი).

რეზო შატაკიშვილი

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გრძელდება.

ლიტვურად აღებული სტარტი ფრანგულად გაგრძელდა…

„მარიოტის“ აპარტამენტში შედგა სპექტაკლი სო, სო, („ისე რა…“). კატერინ დუფლოტის საცენო პროექტი სწორედ სასტუმროს ოთახებისთვისაა განკუთვნილი. თუმცა, ვერ გეტყვით რამდენადაა სოფი კალლეს პიესის მაინცდამაინც სასტუმროს ნომრებში თამაში აუცილებლობით ნაკარკახევი, და რატომ არ შეიძლება ის გათამაშდეს თეატრში სცენაზე, ან თუნდაც სხვაგან, მაგრამ სასცენო მოედნად ქცეულ სივრცეში და არა მაინცდამიანც სასტუმროს ნომერში. მაგრამ მივიღოთ ის რასაც გვთავაზობენ. და სადაც გვთავაზობენ. მაგრამ თეატრი სადაც არ უნდა იყოს, მაინც უნდა მოქმედებდეს მისი კანონი – მთავარი ის კი არაა რას აკეთებ სცენაზე – არამდე როგორ აკეთებ.

დუფოლტის სასცენო პროექტი კი სხვა არაფერია თუ არა, ორიგინალობის, ავანგარდის იმ სასტუმროში ძებნა, სადაც მისი აღმატებულება ავანგარდი ცხოვრებაში არ გაჩერებულა. ეს პროექტი ვერც მაღალმხატვრულობით დაიკვეხნის და ვერც საერთოდ რაიმე მხატვრულობით, ვერც ფორმის სიახლით და ვერც სათქმელით. ის არ ცდება ერთი (თუნდაც სამი) კონკრეტული ადამიანის სადო-მაზოხისტურ, ფეტიშისტურ მიდრეკილებებს და მოკლებულია ყოველგვარ განზოგადებას. სასტუმროს კედლებზე გაშვებული პროექცია კი ვერანაირად ვერ ჩაითვლება სიახლედ, მით უფრო იმ ქვეყანაში სადაც კოტე მარჯანიშვილმა პროექცია ჯერ კიდევ მაშინ გამოიყენა როცა ნადია კრუპსკაია ჯერაც „კაბლუკებზე“ იდგა. ვერ ჩაითვლება მით უფრო მაშინ, როცა ეს პროექცია ბანალურად ილუსტრატიულია და არანაირი სინთეზი არ ხორცილედება ამ პროექციის და გათამაშებული ამბის.

დუფლოტის ეს სპექტაკლი ათი წლის წინ დაიდგა და თამაშდება სხვადასხვა ქვეყნების სასტუმროს ნომრებში, მოვლილი აქვთ არაერთი ფესტივალი, არამგონია ის ან მაშინ ყოფილიყო ახალი სიტყვა სასცენო ხელოვნებაში, მაგრამ ერთი კი არის, მაშინ მსახიობები ცოტა ახალგაზრდები მაინც იქნებოდნენ და ის უხერხულობა რასაც ახლა მათი ასაკი ქმნიდა, ამ დონეზე არ იქნებოდა. ასაკს არც ქალს ახსენებენ, არც მსახიობს, მაგრამ ძნელია არ ახსენო ასაკი, როცა შენს წინ შებერებული ქალი სექსუალურ სცენებს თამაშობს, უფრო სწორად იმიტირებს, გამოსცემს ორგაზმის ხმებს, დიდ ფალოსს იშველიებს ვნებების დასაცხრომად, არწყევს ფეხსაცმელში, წამდაუწუმ დაათრევს თეთრ ტრუსიკს, ყნოსავს, კბენს, მერე ამ ტრუსიკში ქვედატანს იტენის, შემდეგ კი ბიუსჰალტერისა და მისი ამხანაგის ამარა გევლინება, დაგორავს, იკლაკნება, ყინულს იყრის ტანზე… ეს ყველაფერი მოკლებულია ყოველგვარ მხატვრულობას, ესთეტიზმს და ფიზიოლოგიურ დონეზე რჩება. მეტაფორად ვერც ორგაზმის ნიშნად ფორთოხლის დაჭყლეტა იქცევა – მამაკაცი რომ სკამის ფეხზე მიკრულ ფორთოხალს აძრობს და როგორც ნაცარქექია ჭყინტ ყველს ისე ადენს წვენს… მარიოტის ჩუსტებში და თეთრ ხალათში გამოწყობილი მამაკაცის გამოჩენა კი იმ სიცილს აღძრავს, სიბრალულს რომ ახლავს. სწორედ სიბრალული იყო რაც ამეკვიატა ამ სპექტაკლის ყურებისას. არა არისტოტელესეული თანაგანცდა გმირების მიმართ, არამედ სიბრალული თუთაშხიასეული – რას დაგამსგავსათ მამაძაღლმა სეთურმა…

თხრობა იყო მონოტონური, ალაგ-ალაგ ისტერიული – კრუნჩხვების ფონზე და ორივე ერთად დაცლილი ყოველგვარი დრამატიზმისგან.

სპექტაკლის ფინალში იყო „მეტაფორა“ შილა ფლავივით ჩამოტარებული ნახმარი, სისხლიანი ტამპონი…

და მაინც: მაყურებელს მადლობის მეტი მართლაც არაფერი ეთქმით ფესტივალის ორგანიზატორებისთვის, რადგან გვაძლვენ საშუალებას საქართველოდან გაუსვლელად გაცეცნოთ რა ხდება მსოფლიო თეატრალურ სივრცეში, გავეცნოთ შედევრებს და მარცხით დამთავრებულ ძიებებს – თუნდაც მხოლოდ იმიტომ რომ შედარების საშუალება გვქონდეს, არ შევიკეტოთ ჩვენს „ნომერში“ და კულტურული კლაუსტროფობია არ შეგვეყაროს.

Advertisements
Post a comment or leave a trackback: Trackback URL.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: