რეზო შატაკიშვილი ქართული პოეზიის მარადიულ დედოფალზე – ანა კალანდაძეზე

მხოლოდ რჩეულები ახერხებენ – მოიხსენიონ სახელით. მან ეს მოახერხა. ახსენებ ანას და იგულისხმება ანა კალანდაძე და არავინ სხვა.

ის პოეზიის ტახტზე ავიდა 22 წლის – ავიდა იმ წამს რა წამსაც მწერალთა კავშირში მოეწყო მისი ლექსების განხილვა.

მისი დიდების შარავანდედი ვერ შებღალა ღობეგლეჯია კრიტიკოსები ყეფამ.

ის დროს არ უწევდა წინააღდეგობას და ვერც დრო გაუმკლავდა მის სტრქიონებს.

ანა კალანდაძე – ბუმბერაზი როგორც ფშავის მთები და ნაზი როგორც ამ მთის ძირას ამოსული ია…

ანა კალანდაძე – ლეგენდა, რომელიც ჩვენს შორის იყო და მუდამ დარჩება მარადუკვდავი პოეზიით – თუ სხვა არა, ჭადრები უამბობენ ზღაპარს ანაზე მომავალ თაობებს…

მე კი ალბათ, სანამ ცოცხალი ვარ ყველას მოვუყვები როგორ გამაოგნა 20 წლის ბიჭი დიდმა ანამ თავის უბრალოებით…

მეყო სითამამე და ვთხოვე გაეხსენებინა კონსტანტინე გამსახურდიას მეუღლე მირანდა ფალავნდიშვილი. რამოდენიმე დღეში სათუთად გადაბეჭდილი მოგონება გადმომცა. დიდხანს მესაუბრა, შოკოლადით გამიმასპინძლდა – ისე სადად და უბრალოდ მითხრა, სხვა გზა არ მქონდა… სამ შოკოლადზე ისე ამიყვანა, როგორც გურიაში იციან არაყის „დაძალება“… გავოგნდი, რომ მითხრა ტელესერიალებს ვუყურებო…

მშობლებმა ქვეყნამ მოვლენილ პოეტურ გენიას სახელად ანა უწოდეს – გარდაცვლილი ბებიის ხსოვნის უკვდავსაყოფად.

დაიბადა გურიაში, ხიდისთავში, მაგრამ ოჯახი იმთავითვე ქუთაისში ცხოვრობდა და ანაც ქუთაისში მიაბარეს სკოლაში.

ძალიან ცელქი ვიყავი, ზარი დაირეკებოდა თუ არა პირველი მე გავარდებოდი კლასიდან… ბავშვებს ძალიან გვიყვარდა ბაგრატის ნანგრევებზე ასვლა, საიდანაც გადმოვხედავდით გელათს, რაც ჩვენი დროსტარებაც იყო და სიხარულიც… – გაიხსენებს ანა…

ანა მშობლებთან და და–ძმასთან ერთად. 1931 წ.

ანა მშობლებთან და და–ძმასთან ერთად. 1931 წ.

ყოველ ზაფხულს ხიდისთავში ატარებდა – უყვარდა სოფელი, გუბაზეულში ჭყუმპალაობა, უფროსებთან მეგობრობა –  სოფელში მყავდა მესაიდუმლეც მეზობელი ქალი ელისო“.

პირველი ლექსიც ხიდისთავში დაწერა – 11 წლის იყო, უმცროს ძმებთან და ნათესავებთან ერთად ისვენებდა, ტრადიციულად ცელქობდა… თბილისიდან ჩამოსულმა ფოცია მამიდამ, რომელიც ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი იყო, ბავშვები ოდის წინ მინდორში დასხა, საინტერესო ამბებს უყვებოდა, მთვარე რომ ამოვიდა, ბავშვების ყურადღება მთებისკენ მიმართა, მათ წინ გადაშლილი პეიზაჟით დამუხტა და დავალებაც შეაპარა – ლექსების დაწერა შესთავაზა, საუკეთესოს ავტორს საჩუქარს შეპირდა…

ანას კონკურენტები იმთავითვე ჩამოეცალნენ გზიდან.

ყველას არხეინად ეძინა, მე კი მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს და დავწერე ლექსი ბადრი მთვარე“. დილით მამიდამ შეკრიბა ოჯახი და წაიკითხა. შემაქეს, განსაკუთრებით მემამა იმიტომ რომ მამიდის მოსაწონი აღმოჩნდა. მას არაფერი შეუსწორებია. რომ ეთქვა არ ვარგაო, ალბათ აღარასოდეს აღარ დავწერდი…

გურია, ხიდისთავი შემდეგაც არაერთხელ გამხდარა ანა კალანდაძის შთაგონების წყარო…

ჩვენ ორი დიდი მარანი გქვონდა, მარნებში ბევრი ცარიელი ქვევრი იყო, რომლებშიც მეგონა რომ ჭინკები ბინადრობდნენ. ამ მოგონებამ დამაწერინა შემდეკარმიდამო ჩემი დამილოცეთ ძმებო… სოფელში სახლთან იდგა ის თუთაც, რომელსაც მერე ვუძღვენი ლამის სახლში შემნოიჭრას თუთა…ერთხელ მკითხეს, რომელ კალანდას გაიხსენებდითო. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, კალანდას სოფელში არ დავსწრებივარ, ზამთარში თითქმის არ ვყოფილვარ იქ. ასეთ დღესასწაულებს ქუთაისშიც არ ავღნიშნავდით, დაბადების დღეებზეც არ დავდიოდით, ისეთი დრო იყო მაშინ, შემოდიოდა ჩვენში კალანდაწარმოსახვით არის შექმნილი… მახსოვს, რადიო ჩავრთე, მშვენიერ მუსიკას გადმოსცემდნენ, უცებ რიწის ტბა დამიდგა თვალწინ… მერე დიქტორმა გამოაცხადა, თქვენ ისმენდით ანდრია ბალანჩივაძის რიწის ტბასო“. ბატონ ანდრიას ვუამბე ეს ამბავი, მითხრა, როდესაც ამ მუსიკას ვწერდი, რიწის ტბა თვალით არ მენახაო. შემდეგ დაამატა, წარმოსახვა უფრო ძლიერია, ვიდრე რეალობაო. ასე წარმოსახვით შეიქმნა ჩემი კალანდაც“… (ანა კალანდაძე).

სკოლის დამთავრების შემდეგ უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა. ლექსების წერასაც მოუხშირა, მაგრამ არავის აკითხებდა, მხოლოდ გზა და გზა ეკითხებოდა ფოცია მამიდა წერდა თუ არა ლექსებს. უკვე უნივერსიტეტს ამთავრებდა, ისევ ფოცია მამიდას ნებას რომ დაჰყვა და ლექსები ლიტერატურის ინსტიტუტში კრიტიკოს დიმიტრი ბენაშვილთან რომ მიიტანა. აღფრთოვანებულმა დიმიტრი ბენაშვილმა ანას ლექსები „ლიტერატურა და ხელოვნების“ რედაქტორს გიორგი ნატროშვილს გაუგზავნა, აღფრთოვანებულმა ნატროშვილმა ანას ლექსების საჯარო განხილვა მოაწყო მწერალთა კავშირში და…

აზანზარდა თბილისი.

უხეშად რომ ვთქვათ, ანა კალანდაძემ „რეფლეში“ მისცა საბჭოური ყოფისგან გაუხეშებულ სულს. სინამდვილეს საერთოდ.

22 წლის ანას ლექსებით აღფრთოვანებული გერონტი ქიქოძე დაწერს –

„1946 წლის 25 მაისი დიდი თარიღია ქართული ლიტერატურის ცხოვრებაში… ამ დღიდან იწყება ქართული ლირიკის აღორძინება. ვაჟა-ფშაველას შემდეგ პირველი დიდი პოეტი მოგვევლინა. მას აქვს მეტად ორიგინალური რელიგიური მსფოფლშეგრძნება, სრულიად ახალი პოეტური მეტყველება. მისი აგონების წყაროებს ქართლის ცხოვრება, ბიბლია, დავით გურამიშვილი, გურიის ფოლკლორი წარმოადგენს. გასაოცარია ეროტიული მოტივების უქონლობა, მისი ლექსები უფრო რელიგიურ ჰიმნებს ჰგავს, ვიდრე პირად ლირიკულ აღსარებას… მისი ხმის მუსიკა ახლაც მესმის. თუ ჩემს ასაკში ან მდგომარეობაში კიდევ შეიძლება ბედნიერი წუთების განცდა, მე ის გუშინ განვიცადე“.

შეაქებს კონსტანტინე გამსახურდიაც – ყოჩაღ ყმაწვილო ასულო“.

გადაწყდება სასწრაფოდ გამოიცეს ანას ლექსების კრებული.

მაგრამ ორი თვეც არ გავა რომ კრემლი დადგენილებას გამოაქვეყნებს „პრავდაში“ ლიტერატურულ ჟურნალების „ზვეზდასა“ და „ლენინგრადის“ შესახებ. ანა ახმატოვა „მეტისმეტ რომანტიზმში“, წარსულის ნოსტალგიასა და მისტიციზმში ამხილეს. ზოშჩენკო ცინიზმსა და პესიმიზმში.

ერთი თვეც არ იყო გასული, რომ „კომუნისტში“ ქართველ ანას შეუტიეს – ჟურნალ „მნათობში“ გამოქვეყნებული ლექსები გაულანძღეს. რა არ იბოდიალეს, ცხოვრების ჩამოყალიბებული ცოდნა აკლიაო, მოვლენების სწორად დანახვის უნარიო, არ ხელმძღვანელობს მოწინავე იდეებითო, დეკადენტური მოტივების ტყვეობაშია მოქცეულიო, ღვთისმშობლისა და ქრისტეს შესახებ მაგაზე უფრო აღგზნებული ჰიმნები მეათე საუკუნის ჰიმნოგრაფებისაც არ დაუწერიათო, ვის ჭირდება დღეს ამგვარი ლექსებიო?

უფრო შორსაც გატოპეს – ანა ლოთობის აპოლოგეტად გამოაცხადეს, რაღაც უცხო სევდას შეუპყრია და ბუზღუნებს, „დარდიანი ღვინოს ვსვამ და ვთვრები“-ო. ეს შემთხვევითი სტრიქონი როდია. შეიძლება ითქვას რომ ანა კალანდაძის ლექსებში სიმთვრალის, ლოთობის აპოლოგიასთან გვაქვს საქმე. ღვინიანი ჭი“, ქუდმოხდილი ქვევრი“, ღვინიანი კოპე“, ღვინომ დამახრჩოს“, ღვინო დოქებით“ – ასეთია ამ ქალის პოეტური ლექსიკა – წერდა ერთი ტვინდურდლიანი კრიტიკოსი. მალე მწერალთა კავშირის ყრილობაზე, ცეკას მაღალჩინოსნებმა გაილაშქრეს ანას წინააღდეგ – გაუმართლებლად მიიჩნიეს ის სენსაცია რაც ანას გამოჩენას მოჰყვა.

ის კი არა, მალე ანას გულისთვის სერგო ზაქარიაძეც გალანძღეს, გაუგებარია რა პრინციპით ხელმძღვანეოიბს როცა მხატვრულად კითხულობს ლადო ასათიანის და ანა კალანდაძის ლექსებსო.

მალე ახალგაზრდა პოეტზე იზრუნეს და „ზემოდან“ საორიენტაციო თემატიკაც გაუგზავნეს, რომლის მიხედვით ანას ლექსები უნდა ეწერა.

„ურჩიეს“ ლექსები ეწერა სამგორის, რუსთავის შესახებ, კომბაინით პურის აღებაზე, პურის ბეღელზე, მწყემსებზე, მათ მომთაბარეობაზე, კოლმეურნეებზე, ხვნა-თესვაზე, მაღაროელებზე, პიონერებზე, სტალინურ მეგობრობაზე, რთველზე, ბაღებსა და ხილზე, ფიზკულტურელებზე და რაღა თქმა უნდა კომუნიზმის დიად მშენებლობაზე.

რამდენიმე წელი ანას ლექსი აღარ დაუწერია…

მისი ლექსების პირველი კრებული 7 წლის დაგვიანებით, სტალინის გარდაცვალების შემდეგ გამოვიდა, გამოვიდა და დაიძრა ღვარძლის ახალი ტალღა.

ანა კალანდაძე ცდებოდა და ახლაც ცდება, როდესაც რომატიკული ლეჩაქით თვალებზე გაჰყურებს ფეოდალურ საქართველოს. ეს შუა საუკუნეების ფლიორი რაც უფრო მალე ჩამოსცილება მის პოეზიას, მით უფრო გაიზრდება და დავაჟკაცდება ის. ნამყო, ძველი საჭიროა და აუცილებელიც, მაგრამ მხოლოდ აწმყოსთვის და მომავლისთვის და არა თავისთავად. საქართველო იმდენად კარგია და წარმტაცია დღეს, რომ მის შესაქებად გუშინდელი საჭირო აღარაა. ჩვენი ინდივიდუალური სამყარო განმსჭვალულია კოლექტივიზმის გრძნობით. ახალმა პოეტმა უნდა იგრძნოს და შეამჩნიოს ეს ფენომენი და მას ადეკვატური პოეტური ფორმა მოუნახოს…

ისინი ყეფდნენ და ვეღარას აკლებდნენ ანას სტრიქონების ქარავანს…

თამაზ ჭილაძე იტყვის რომ ანას სხვათაგან განასხვავებს ერთი შეხედვით უმწეო, ადვილად დასამსხვრევი სინატიფის ძლევამოსილება“. ასეთ განცდას აღძრავს, მაგალითად ჩინური ფაიფური ანდა ძველი ქართული მინანქარი. ჩნდება სიმშვიდის მაგნიტური ველი, გაზაფხულის ხასხასა მდელო, გარშემორტყმული მირაჟებად ქცეული ხილვებითა თუ ჩვენებებით, რომლებიც შეიძლება იმ ქვეყნიდანაც კი, ანუ ჩვენი მარადიული სამყოფელიდანაც გვევლინებიან და ორი ქვეყნის საზღვარზე დგომის, თუ შეიძლება ასე ითქვას შემაშფოთებელი სიამით გვავსებენ… ანა კალანდაძის პოეზია იმდენად ემოციურია, საკვირველი არ იქნება, ეგზალტირებულ ლოცვად წარმოიდგინოს ვინმემ, მითუმეტეს რომ პოეტი უძველესი ქართული ჰიმნოგრაფიის ტრადიციასაც აგრძელებს. მისი ლექსებიდან ჩვენს დღევანდელობაში გადმოდის საგალობლების იდუმალი მუსიკა, რომელიც ასებითად ამეტყველებული ფიქრია, გულისთქმაა, აღასარებაა საკუარი სინდისის წინაშე მარტოდ დარჩენილი ადამიანისა. ამასთანავე, მისი ლექსები, მაღალი ხელოვნების, მაღალი პროფესიული ნიშნითაა აღჭურვილი, ამდენად აქ ეგზალტაცია კი არა, ემოციური ლოგიკაა, თუ გნებავთ ემოციური წესრიგი, ერთგვარი ემოციების სპექტრი“, სადაც ისევე ბუნებრივი კანონზიმიერებითაა წარმოდგენილი სიტყვები, როგორც ფერები ცისარტყელაში“… (თამაზ ჭილაძე).

ანას პოეზიაში „ყურით მოთრეული“ არ ყოფილა არც ბიბლიური სახეები  და არც ძველი ქართული ენა – მას გაძლიერებულად ასწავლიდნენ უნივერსიტეტში ძველ ქართულ ენას და მაშინ როცა ძველი და ახალი აღთქმის, წმინდანთა ცხოვრების ხსნებაც არ შეიძლებოდა, მას ამ წიგნებზე ხელი მიუწვდებოდა, მუშაობდა და საუბრობდა.

ხშირად უკითხავთ ჩემთვის საიდან შემოიჭრა ეს თემატიკა შენს სულშიო. უნივერსიტეტიდან იყო ჩემი პასუხი… უნივერსიტეტმა მასწავლა წმინდა ნინოს ცხოვრება… (ანა კალანდაძე).

ანას პოეზიაში არც ფშავ-ხევსურული მოტივი იყო ყურით მოთრეული –

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, არნოლდ ჩიქობავას წინადადებით, მუშაობა დაიწყო ენათმეცნიერების ინსტიტუტში, ლექსიკოლოგიის განყოფილებაში. იმხანად ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის რვატომეული მზადდებოდა არნოლდ ჩიქობავას ხელმძღვანელობით.

ლექსკონისთვის მასალის მოსაძიებლად ექსპედიციები იყო მთელ საქართველოში. ანა კალანდაძე ფშავ-ხევსურეთში მიავლინეს…

ეს იყო შეხვედრა ახალ და გასაოცარ სამყაროსთან, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და ფშავ-ხევსურული ლექსები შემაქმნევინა… ფშავში ოჩიაურების ოჯახში ვცხოვრობდით. ალექსი ოჩიაური მასწავლებელი იყო, მას არაერთი წიგნი აქვს გამოცემული ფშავ-ხევსურეთზე. საოცარი ქალი იყო ნათელა ბალიაური დედიკა, თინა, გოგი და ირაკლი ოჩიაურების დედა. ისე ვერავინ ჩავიდოდა ფშავში, ამ ოჯახს რომ არ ემასპინძლა. ბერდედა, ნათელას დედა, ლელა წიკლაური, ქისტებს ახსენებდა ხშირად, ქისტსა ჰგავსო, იტყოდა ლამაზ მოხდენილ კაცზე. კი მაგრამ ამდენი მტრობა რომ იყოო, ვკითხეთ და ვაჟკაცები იყვნენო, ვერაფრით გადავათქმევინეთ, იქ იციან ვაჟკაცობის ფასი, თუნდაც მტერი იყოს…

ოდესღაც ლეგენდასავით დადიოდა რომ ანა ხევსურ ვაჟკაცს ეტრფოდა…

უკვე ღრმად მოხუცი ანა იტყვის რომ –  „გატაცება ბევრი მქონია, და თქვენ წარმოიდგინეთ ახლაც მაქვს…“

ის იყო ანა, რომელსაც ძალუძდა მამრი დაენახა თუთაშიც კი, რომელიც მის სახლში შეჭრას ლამობდა…

(დაიბეჭდა “პრაიმტაიმში”)

 

 

 

 

Advertisements
Post a comment or leave a trackback: Trackback URL.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: