2009 წლის 22 და 23 დეკემბერს, რუსთაველის თეატრში, ექსპერიმენტულ სცენაზე შედგა ჩემი სპექტაკლის (ფაუსტო პარავიდინოს “ორი ძმა”) პრემიერა…
წითელი და თეთრი
დეკემბერი 30, 2009 ავტორი დავით ბუხრიკიძე
http://www.shokoladi.ge
რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე, სხვენში, შეიძლება ითქვას, რომ ახალგაზრდა რეჟისორების ”წვრთნისა დ აღჭურვის” პროგრამა მიმდინარეობს. დეკემბრის ბოლოს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის მაგისტრანტის, რეზო შატაკიშვილის უბრალო, მოულოდნელი და ამავე დროს ორიგინლური სპექტაკლი ”ორი ძმა” (ხელმძღვანელი რობერტ სტურუა) ვნახე, რომელმაც საბაბი მოგვცა მცირემეტრაჟიანი რეფლექსიისათვის. საერთოდ, ახალგაზრდა რეჟისორების გულწრფელი გარჯა რაღაცით ახალი ღვინის დეგუსტაციას წააგავს: ნამუშევარს ჯერ კიდევ შუშხუნა გაზის გემო და ბოლომე ჩამოუყალიბებელი გრადუსი ეტყობა. სიტკბოსა და სიმწკლარტის ერთდროული ელფერი დაჰკრავს და ზოგჯერ სასიამოვნო ბუკეტი (თუ ღვინო სუფთაა) გამოკრთება… არადა, პიესა, რომელიც რეჟისორს დასადგმელად ერგო, არც ტოსკანურ თეთრ ღვინოებს ჰგავს და არც ნახევრად მშრალ, წითელ ”კასტელო ბანფის”. თანამედროვე იტალიელი დრამატურგის, ფაუსტო პარავიდინოს ”ორი ძმა” ცოტათი ვასკო პრატოლინის რეალიზმს, კერძოდ, ”ოჯახურ ქრონიკას” ენათესავება და უფრო მეტად, ლუკინო ვისკონტის საკულტო ფილმს” როკო და მისი ძმები”. პარავიდინოსთანაც ამოკითხავთ ორი ძმისა და საბედისწერო ქალის კლასიკურ ისტორიას, რომელიც პიესის ფინალში ტრაგედიის მიზეზი ხდება. მორცხვი და ინტროვერტი ბორისი (ირაკლი ჩხიკვაძე), თავაშვებული და უხეში ლევი (შაკო მირიანაშვილი), თავისუფლების მოყვარე და სექსუალურად თავაშვებული ერიკა (სოფი მეიერი) იმ საბედისწერო სამკუდხედს ქმნიან, რომელთა წონასწორობას მუდამ აფორიაქებული დედა (მანანა სურმავა) და მოთვალთვალე მეზობელი ფაუსტო (ბექა მიქაძე) არღვევენ. დაახლოებით 70 წუთის განმავლობაში რეჟისორი სრულ კარტ-ბლანშს აძლევს მსახიობებს და არ ცდილობს ისინი საკუთარი ფანტაზიის ან ზეამოცანის აჩრდილებად აქციოს. მითუმეტეს, რომ პირველი სერიოზული, სცენური განაცხადი ნამდვილად შეიცავდა თვითდამკვიდრების მყვირალა სურვილს. არადა პირიქით მოხდა – რეჟისორმა სათქმელი თითქოს განგებ შენიღბა, შეფუთა და გაუმჭვირვალე-ლირიკულ ქსოვილში მოაქცია. სამაგიეროდ, პარალელები დოსტოევსკის ”იდიოტთან” გამჭვირვალეა, ისევ როგორც, ჩეხოვის დრამატურგიის უტყვი და ეპიზოდური ქვეტექსტი (განსაკუთრებით დედის ხაზი), რაც პირველ რიგში მსახიობ მანანა სურმავს დრამატულ ნიჭსა და ტევად ”სცენურ ველს” უკავშირდება. ერთი შეხედვით მარტივი, მაგრამ ზუსტი და ლინეარული თხრობა, ამბის გადმოცემის უნარი, ძალდაუტანებელი პოლიფონიურობა ალბათ, საკმარისია, რომ რეჟისურის გაკვეთილები ათვისებულად ჩავთვალოთ. მითუმეტეს, რომ საფუძვლიანად გასამაგისტრანტებლად რეზო შატაკიშვილს ბატონ სტურუასგან კიდევ ბევრი რამის სწავლა მოუწევს. ის ფაქტი, რომ სცენოგრაფია, მხატვრობა და კოსტუმები თეთრ-წითელის დომინანტურ მონაცვლეობზე იგება, ხოლო მეორე მოქმედებაში შავი ფერი ძალდაუტანებლად და ავბედითად ჩნდება, უკვე მრავლისმეტყველია. სიზმრისეული, ”ჩადგმული” სცენები დრამისა და რიტუალის მოულოდნელ გარითმვას ემახურება, ხოლო სპექტაკლის ქორეოგრაფია – მკრთალ მინიშნებას, რომ ”ფიზიკური თეატრის” ელემენტები თანამედროვე თეატრში სულ უფრო მზარდი და ტევადი ხდება. როცა ფინალში, სცენაზე უწესრიგოდ მიმობნეულ თეთრ-წითელ რეკვიზიტს შორის მსახიობთა დაღლილ სახეებს და რეჟისორის ცოტათი დაბნეულ ღიმილს ხედავ, გინდა დაიჯერო, რომ ამ ფერად დრამატურგიას გაგრძელება ექნება; რომ მაგალითად, ”ორ ძმას” ”სამი და” მოჰყვება, ხოლო წითელი და თეთრი ოდესღაც კლასიკური – წითლი და შავი გახდება.
„ორი ძმის“ ორდღიანი პრემიერა რუსთაველის თეატრში
მეხუთე სპექტაკლი და მესამე პროფესია.
(დაიბეჭდა “პრაიმტაიმში”)
თანამედროვე იტალიელი დრამატურგის ფაუსტო პარავიდინოს „ორი ძმა“ რობერტ სტურუას მაგისტრანტის – რეზო შატაკიშვილის მეხუთე სპექტაკლია. მანამდე იყო ტენესი უილიამსის „გათელილი პეტუნიები“, ლორდ დანსენის „მოელვარე აღსავლის კარი“, „ომის წუთისოფელი“ და ჟან-კლოდ კარიერის „უფლისწული და ჭეშმარიტება“… ეს მხოლოდ დასაწყისია. რეჟისორობამდე იყო კიდევ ორი პროფესია. იურისპრუდენცია და ჟურნალისტიკა. რეზოს სპექტაკლიც სწორედ ამიტომ იყო ზოგისთივს აღმოჩენა. მას როგორ ჟურნალისტს ბევრი იცნობს, როგორც რეჟისორი კი ამ ზაფხულს წარსდგა ფართო აუდიტორიის წინაშე – რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე განხორციელებული სპექტაკლით „უფლისწული და ჭეშმარიტება“. ფერადოვან და სიმსუბუქით სავსე ზღაპარს ორი ძმის მძიმე ისტორია მოჰყვა – 22-23 დეკემბერს რუსთავლის თეატრში, ექსპერიმენტულ სცენაზე „ორი ძმის“ პრემიერა შედგა.
ერთ ჭერქვეშ ცხოვრობს ორი ძმა და უმცროსი ძმის შეყვარებული გოგონა – ერიკა. მაგრამ საბედისწერო სამკუთხედი იკვრება – ერიკას უფროსი ძმა ბორისი უყვარდება, ბორისს – ერიკა. მოზღვავებულ ვნებებს ორივე ცალ-ცალკე ებრძვის. ერიკა გაპარვას აპირებს, მაგრამ რჩება და ცდილობს გაუმკლავდეს ვნებებს. ბორისი ღია ბრძოლას უცხადებს ერიკას, ფარად მის სიბინძურეს იყენებს რომ უმცროსმა ძმამ – ლევიმ ერიკა გაუშვას სახლიდან. ერიკაც და ბორისიც ცდილობენ დაამარცხონ ვნება, ერთმანეთს არ უტყდებიან. ძმა გრძნობს რაც ხდება მათ თავს. ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად ჯარში მიდის. შინ დარჩენილი ერიკა და ბორისი მოზღვავებულ ვნებას ვერ უმკლავდებიან და სარეცელს იზიარებენ. ჯარიდან დროზე ადრე დაბრუნებულ ლევს ყოფილი შეყვარებული შინ ხვდება… ლევი მხოლოდ მეორე დღეს არკვევს ურთიერთობებს ერიკასთან. ერიკა გარბის, მაინც უკან ბრუნდება – და ტრაგედიაც ტრიალდება – სამკუთხედი ირღვევა მკვლელობით – უმცროსი ძმა ერიკას კლავს. ძმები კვლავ ძმებად რჩებიან… სცენაზე არის ბევრი ტკივილი, ვნებთან ჭიდილი და სიკვდილი… სპექტაკლში ჩანს ძმების დედაც, რომელთანაც შვილებს მიმოწერა აქვთ. ძმები დედას მხოლოდ იმას წერენ როგორიც უნდათ რომ მათი ცხოვრება იყოს…
რეჟისორმა სცენაზე შემოიყვანა თავად დრამატურგი – ფაუსტო პარავიდინო.
რომელიც მეზობელი სახლიდან უთვალთვალებს ამ ისტორიას. ისიც ერიკაზეა შეყვარებული შორიდან. სწორედ მასთან შეხვედრის იმედად დაატარებს რძეს, წერილებს, გაზეთს და გულის ჯიბეში თეთრ ვარდებს იმ იმედით რომ ოდესმე კარს ერიკა გაუღებს… ეს „ოდესმე“ ახდება კიდეც – მაგრამ მაშინ როცა ფაუსტოს აღარც იმედი აქვს და აღარც ვარდი თან…
სპექტაკლში მთავარ როლებს ირაკლი ჩხიკვაძე (ბორისი), შაკო მირიანაშვილი (ლევი), სოფი მაიერი (ერიკა) ასრულებენ. ფაუსტო პარავიდინოს – პირველკურსელი ბექა მიქაძე. დედას – ცნობილი მსახიობი მანანა სურმავა.
ირაკლი ჩხიკვაძე რეზოს წინა სეპექტაკლებშიც თამაშობდა. როგორც რეზო ამბობს, მასთან მუშაობა ძალზე საინტერესოა და კვლავაც აპირებს მის დაკავებას.
სცენაზე მხოლოდ სამი ფერია გამოყენებული: შავი, წითელი და თეთრი. ესეც რეჟისორის დამახასიათებელი თვისებაა – ფერების გამოხშირვით თეატრალური ატმოსფეროს მოხელთებას ლამობს.
რეზო შატაკიშვილი: „ფერების „გამოცლისკენ“ მიდრეკილება თავიდანვე მქონდა, „გათელილ პეტუნიებში“ მხოლოდ ლურჯი და ყვითელი მქონდა გამოყენებული, „მოელვარე აღსავლის კარში“ – თეთრი, ლურჯი, შავი და ვერცხლისფერი.
ფერადოვან ზღაპარშიც კი ცალკეულ სცენებში მხოლოდ 2-3 ფერი მქონდა დატოვებული სცენაზე. პარავიდინოს პიესის თამაში წითელში, შავში და თეთრ ფერებში გადავწყვიტე. გმირებს ერღვევათ მორალი, მაგრამ მათში არის სისპეტაკე, რადგან ისინი განიცდიან იმას, რაც ხდება მათ თავს, ამიტომაც დომინირებს თეთრი, რომელიც ეხამება შავსა და წითელს – მოზღვავებულ ვნებას, მოახლოებულ ტრაგედიას.
– რატომ გადაწყვიტეთ მაინცდამაინც ამ პიესის დადგმა?
– მინდოდა სცენიდან მესაუბრა იმაზე, თუ როგორ ებრძვიან ახალგაზრდები ვნებებს და როგორ მარცხდებიან. უყვართ, იტანჯებიან, მაგრამ მათში ჭარბობს ვნება, რადგან როცა სრულყოფილ ადამიანს ნამდვილად უყვარს, მას ეს ჭეშმარიტი სიყვარული აძლევს ძალას რომ თავად ეს სიყვარული დათმოს. მათ ეს ვერ შეძლეს. ჩვენც ვერ ვიჩენთ ხშირად ამ გმირობას, ვერ მივდივართ მაშინ როცა წასასვლელები ვართ, ვერ ვსვავთ წერტილს როცა დასასმელია წერტილი. ჩემმა გმირებმაც ვერ შეძლეს ეს და სწორედ ამიტომ მოუწიათ ბოლოს ყველაფრის დაკარგვა. მე არ მინდოდა ვყოფილიყავი მორალისტი. მე უბრალოდ ვაჩვენე რომ ეს ადამიანები ასე ცხოვრობენ და ასეთმა ცხოვრებამ მოიტანა ეს შედეგი. მაყურებელმა განსაზღვროს, იცხოვროს ასე და მიიღოს ეს შედეგი თუ მოიქცეს სხვანაირად და თავიდან აიცილოს ეს შედეგი…
იტალიური ენის კვირეულის ფარგლებში რუსთავლის თეატრში უნდა შემდგარიყო იტალიური პიესების კითხვა. ბატონმა რობერტმა მაგისტრანტებს კენჭისყრით გაგვინაწილა 4 იტალიური პიესა. მე პარავიდინოს ეს პიესა მერგო.
შემოვიკრიბე თანამოაზრეები. დავიწყეთ მუშაობა. თავიდან თარგმანი არც თუ ისე გამართული იყო და სოფო თორთლაძემ დაგვაკავშირა იტალიის საელჩოს, ქალბატონ ხათუნა ცხადაძეს, რომელმაც უმოკლეს დროში თავიდან გვითარგმნა ეს პიესა საგანგებოდ და მე ვიტყოდი არაჩვეულებრივად. პიესების კითხვა ოქტომბერში შედგა. მოგვეწონა პიესაც და ერთად მუშაობაც. ამიტომ, ვთხოვე ბატონ რობერტს რომ გავაგრძელებდი მუშაობას ამ შემადგენლობასთან და დავდგამდი სპექტაკლს.
სწორედ ბატონ რობერტის მხარდაჭერით და თეატრის მმარველის ზაალ ჩიქობავას ხელშეწყობით მივედით პრემიერამდე. თანადგომა ნამდვილად არ გვკლებია. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ რობერტს, ბატონ ზაალს, ასევე ქალბატონ მარინა ამაღლობელს, ბატონ დავით უფლისაშვილს, ბატონ მერაბ მერაბიშვილს, პაატა ჯანელიძეს, ვათა მატარაძეს, სოფო ჟვანიას თანადგომისთვის.
– როგორც აღინიშნა, შენი წინა სპექტაკლებისგან განსხვავებით ეს იყო შედარებით მძიმე ისტორია, რამდენად რთული იყო შენთვის ასეთ სპექტაკლზე მუშოაბა?
– „უფლისწული და ჭეშმარიტება“ მართლაც ფერადოვანი და ფრაგული სიმსუბუქით სავსე პიესა იყო, მაგრამ სხვა სპექტაკლებში არ იყო მაინცდამაინც „მსუბუქი წონის“ ისტორიები – „ომის წუთისოფელში“ ომგამოვლილი, ომისგან განადგურებული ბიჭის თავგადასავალი იყო, „მოელვარე აღსავლის კარში“ მოქმედება აღსავლის კართან ხდებოდა და მოქმედი პირები გარდაცვლილები იყვნენ…
შეფასებები სპექტაკლის შემდეგ
ნინო კასრაძე, მსახიობი:
– სამწუხაროდ ისე აეწყო რომ რეზოს წინა სპექტაკლებზე არ ვყოფილვარ და ეს პირველი იყო, რომელსაც დავესწარი. გულახდილად გეტყვით უჩვეულოდ გაკვირვებული ვიყავი. ვისაც ნანახი ჰქონდა რეზოს წინა სპექტაკლები, მათვის უჩვეულო არაფერი იყო, მაგრამ მე რეზოს სულ სხვა ამპლუაში ვიცნობდი, ანუ როგორც ჟურნალისტს. უჩვეულოდ კმაყოფილი დავრჩი იმდენად სხვანაირი სპექტაკლი ვნახე. ეს იყო პროფესიონალიზმით, გულწრფელობით, საქმისადმი დამოკიდებულებით სავსე სპექტაკლი და რაც მთავარია იყო საინტერესო მიგნებები მსახიობებთან მუშაობაში. სიახლე ის იყო რომ მოდიოდა ადამიანური ურთიერთობა. ჩემთვის პირადად იყო სასწაული, თანაგრძნობა გამოიწვიეს მსახიობებმა, რეჟისორის ხელმძღვანელობით. მსახიობები იყვნენ არაჩვეულებრივები.
დარეჟან ხარშილაძე, მსახიობი:
– სპექტაკლში იყო ბევრი რეჟისორული მიგნება. მე ვიცი საერთოდ როგორ მუშაობს რეზო, მიმუშავია მასთან. ეს იყო ტრაგიკული ისტორია და მეც მთლიანად ვიყავი ემოციებით სავსე დასრულებისას. რეზოს წინა სპექტაკლი იყო მსუბუქი და ფერადოვანი. ეს იყო სრულიად განსხვავებული. აქ იყო სამი ადამიანის ცხოვრება, რომლებსაც უერთმანეთოთ ცხოვრება არ შეუძლიათ, არადა მათ ერთად ყოფნას მოაქვს ტრაგედია. რეზო არის ძალიან ღრმა, ემოციური და სწორედ ამ კუთხით მან იპოვა საინტერესო რაღაც ამ პიესაში. არაჩვეულებრივი ემოცია იყო სპექტაკლის ბოლოს და იცით ალბათ ესეც ხდება რეალურ ცხოვრებაში, ხშირად ჩვენც მთავარი გმირის მსგავსდ გვინდა გაქცევა, მაგრამ გასაქცევი არ გვაქვს არსად… მსახიობებიც არაჩვეულებრივად იყვნენ შერჩეულები, ზუსტად გადმოსცეს ემოცია და ის რაც მაყურებელს უნდა დაენახა, ეგრძნო… სპექტაკლმა ნამდვილად მოახდინა ზემოქმედება…
შალვა გაწერელია, რეჟისორი:
– მომეწონა რა თქმა უნდა, ახალგაზრდა, დამწყები რეჟისორია რეზო. მისი მხრიდან ეს სპექტაკლი საინტერესო იყო. მსახიობებიც მომეწონენ, საერთო ჟამში დადებითი ემოცია გამოიწვია. სპექტაკლის ასე ჰარი-ჰარალოზე შეფასება არ შეიძლება, მას უნდა უფრო ღრმა მსჯელობა რომ არ შეუშალო ხელი ისევ და ისევ რეჟისორს ჩამოყალიბებაში. მე ალბათ პირად საუბარში, როცა ვნახავ რეზოს, აუცილებლად ვეტყვი ჩემს შენიშვნებს, რომელიც მაქვს, თუმცა საერთო ჯამში დადებითი ემოცია გამიჩნდა. ეს შენიშვნები არის ძალიან პროფესიონალური, ძალიან კერძო და არა ესე სათქმელი.