დიდი ქართველი კომიკოსები

სესილია თაყაიშვილი, იპოლიტე ხვიჩია, სანდრო ჟორჟოლიანი, კაკო კვანტალიანი, ელენე ყიფშიძე….

რეზო შატაკიშვილი

„სიცილი და ხარხარი, უდიდესი პროტესტია ქართველისა. სიცილი და ხარხარი – ეს მხოლოდ ფორმაა ქართველი ადამიანის რელიგიური ინტუიციისა“ – წერდა სანდრო ახმეტელი. ასე რომ ქართველისთვის მეტი ფასი აქვს კომედიას და მათაც ვინც ყველაზე მეტს გვაცინებდნენ, გვახარხარებდნენ სცენიდან და გვახარხარებენ დღესაც – როდესაც მათ ძველ ფილმებში ვხედავთ.

ქართველი დიდი კომიკოსები. ცხოვრებაში ნაღვლიანები, სევდიანები, ხშირად ტრაგიკულნიც – ჩვენ რომ მუდამ გვაცინებენ და გვახალისებენ…

სესილია თაყაიშვილი


სესილია თაყაიშვილს ბადალი დღემდე არ მოეპოვება კომედიური, სახასიათო როლების განსახიერებაში. ამ სიმაღლემდე არავინ ასულა.

ის იყო გარდასახვის დიდოსტატი – 26 წლისამ ითამაშა ცხოვრებისგან გაუბედურებული მოხუცი ქალი ამალია კარლოვნა ა. აფინოგენოვის “შიშში”, 29 წლისამ – შამილის მოხუცი დედა, 31 წლისამ – პარასკევა (შ. დადიანის “ნაპერწკლიდან”). 42 წლისამ ჯულიეტას მოხუცი ძიძა. არც მაშინ იყო მოხუცი ოლღა ბებია რომ ითამაშა – მხოლოდ 54 წლის იყო… ის სასწაულებს ახდენდა სცენაზე ეპიზოდებით თუ ეკრანზე თითო გაელვებით. უყურეთ მის მოხუც ბუღალტერს „ცისფერ მთებში“ და სცადეთ – არ გაგეცინოთ. მაინც გაგეცინებათ. ან მის ასინეთას უყურეთ გულგრილად. ან ოლღა ბებიას იუმორს – დედის რძესავით თბილს.

ის იყო ვირტუოზი, ვირტუოზი რომელიც აკონტროლებდა მაყურებლის სიცილს – უნდოდა თავის გმირზე თბილად, სიყვარულით გაგაცინებდა, უნდოდა – მწარედ დაგაცინინებდა. უნდოდა შეგაყვარებდა, უნდოდა – შეგაძულებდა…

მაყურებელს აცინებდა. თვითონ წუწუნი უყვარდა. წუწუნი და ტელეფონზე ჭუკჭუკი – მეტადრე კაკო კვანტალიანთან. წუწუნებდა უძილობაზე, ფხიზელ ძილზე, არადა მაშინაც არ ეღვიძებოდა როცა მის მეზობლად მართლა იწვოდა სახლი და ეზო სავსე იყო სახანძრო მანქანების კოლონით.

ცხოვრებაში განუმეორებელი იუმორის პატრონი ყოფილა. მისი საყვარელი ფრაზა იყო „ნივკოემ სლუჩი“.

შეგიძლიათ წარმოიდგინოთ უკვე ხნიერი სესილია „კუპალნიკში“? აი, იპოლიტე ხვიჩიას ამის „ლაივში“ ხილვა ეწადა, იმიტომაც დასწყდა გული, როცა ბათუმში პლაჟიდან მომავალ სესილიას გადაეყარა.

„უი, სესილია გამომასწარი? შენი ნახვა მინდოდა „კუპალნიკში“ – ეტყვის იპოლიტე. სესილიაც კაი ელ მაკფერსონივით გაიხსნის ხალათს და შუა ქუჩაში „კუპალნიკში“ წარსდგება იპოლიტეს წინ…

„დიდუუუ, ყვავს დააჩხავლებს…“ – იტყვის იპოლიტე.

იპოლიტე ხვიჩია

მის ცხოვრებაში კომედია დაბადებისთანავე დაიწყო – რატომრაც მშობლებმა მითოლოგიური სახელი – იპოლიტე დაარქვეს.

იპოლიტე ხვიჩია – გლეხის ოჯახში დაბადებული სიცილის მეფე.

პარადოქსი: სიცილის მეფე ჩვილობისას ისეთი მტირალა ყოფილა, ერთხელ დედამ ზამთარში, თოვლში, გარეთ აკვნიანად გაჰქნია.

ის ატარებდა ბუნებრივ, თვითნაბად კომიზმს, დღს საკმარია თვალი მოჰკრა მას ეკრანზე და ხარხარი გიტყდება – რომც არ ჰქმნას რამე.

ვიდრე სცენაზე და ეკრანზე გამოჩნდებოდა იპოლიტე ხვიჩია შორეულ ახალგაზრდობაში ხაშურში საზკვებაში მუშაობდა ინსპექტორად. დახუჭეთ თვალი და წარმოიდგინეთ წიწკვი იპოლიტე, როგორც დღეს იტყვიან ამ პოზიციაზე და ეგეც ახალი კომედია… ან გნებავთ ხარაგაულის რაიონში აგურის ქარხნის მგეგმავ ეკონომისტად, ან პუირის მცხობლად თუ მეთულუხჩედ – სადაც კი მას უმუშავია…

ანდა სულაც ის წარმოიდგინეთ როგორ პარავს უკვე სახელგანთქმული იპოლიტე საკუთარ სიდედრს ნიფხავს სარეცხის თოკიდან. არა, ტრასვესტი უცხო იყო იპოლიტესთვის, უბრალოდ კოსტიუმს  – დიდ შავ ტრუსებს ეძებდა „ბურთი და მოედნისთვის“, ეძებდა და აივანზე, გაფენილ სარეცხში მიაგნო. მიაგნო და „ჩაააცვა“ კიდეც კუჭკუჭის. სიდედრმა ვერიჩკამ რომ ქვეყანა შეზრა, იპოლიტემ დაამშვიდა – აი ნიფხავი მსოფლიოს მეიარს, შენ ტანზე კი ვეღარავინ ნახავდაო…

სწორედ ამ ნიფხავში გამოწყობილ იპოლიტეზე იკითხა ჟან გაბენმა კანის ფესტივალზე, რატომ არ ვიცნობ ამ კაცს, ეს რა გენისოი გყოლიათო.

ეს იმ ვერიჩკას ნიფხავი ეცვა, რომლის დაკვლის, გაპუტვისა და შებრაწვის ბრძანებაც გასცა ერთ–ერთ ქეიფისას, როცა ეროსი მანგჯალაძემ ტვინი „შეუჭამა“ – ამისთვის დამპატიჟე, ამისთვის დამპატიჟეო?

პარადოქსი: კომედიის გენიოს ხვიჩიას თავი იმთავითვე ტრაგედიისთვის შობილად მიაჩნდა. 22 წლის იპოლიტეს საკუთარმა ძმამ რომ ყვარყვარეს როლი მისცა, ტუფლებიდან ისკუპა – საკუთარი ძმა მღუპავსო. „მე, ტრაგედიისთვის დაბადებული კაცი ჩემ ძმას უნდა კომედიაში გადამაგდოს, ჩემი დაღუპვა უნდა, მაგრამ ვერ მოესწრება“ – შესჩიოდა დედას და იმუქრებოდა სულ წავალო. ერთ დღეს დაგაზა და გაიქცა კიდეც სახლიდან…. ძლივს დააბრუნეს რეპეტიციებზე, აი სპექტაკლზე კი გაუტკბა, გაუტკბა და გაუტია, ისე გაუტია რომ ძმა კულისებიდან ეძახდა – ტეპს დაუწიეო, მაყურებლის ტაშით და ხარხარით გალაღებული იპოლიტე არც ტემპს უწევდა არც ლამფას, ძმა რომ მუქარაზე გადავიდა მიგჯეჯგვავო, იპოლიტემ სცენიდან მიუმღერა – არ გამოვალ და რას მიზამ? არ გამოვალ და რას მიზამ?

ცნობისათვის: იპოლიტე გვარად ყვინჩია იყო, ყ–ს ხ–თი შეცვლა და ხვიჩიად ქცევა დოდო ანთაძემ შესთავაზა, იპოლიტეც დათანხმდა – „არაფერი დაშავდება, ერთი ოხერია ორივე“…

ტრაგიკულ როლებს არც დოდო ანთაძე აძლევდა ქუთაისში, იპოლიტე კი არ ისვენებდა, ერთი ტრაგიკული როლი რა გაგიხდათ ჩემთვისო.

ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, რა იქნებოდა რომ ვთქვათ ოიდიპოსის ან ჰამლეტის როლი მიეცათ იპოლიტესთვის. დაძაბეთ ფანტაზია და იხარხარეთ იპოლიტესეულ ყოფნა–არყოფნაზე…

ყოფნით რუსთაველის თეატრში სულ 5 წელი იყო, მაგრამ სცენაზე თამადობა მაინც მოასწრო. საგენგებოდ მისთვის დადგმულ „ქუტათურებში“ ქიფის ათწუთიანი სეცან ერთხელ ნახევარ საათზე მეტხანს გაჭიმულა – ოფიციანტის როლის შემსრულებელს სცენაზე კახეთიდან ჩამოტანილი ნამდვილი ღვინო შეუტანია. იპოლიტეს ისე გაუტკბა თამადობა, ჯემალ ღაღანიძეს რომ უთქვამს დავამთავროთო, გადარეულა, ხომ არ გაგიჟდი, ქეიფს ახლა ვიწყებო. ღაღანიძე გადააყენა და სვა და სვა. აღეგრძელა ყველა მეფე, მაყურებელი – თქვენს მოსვლას და ჩვენს დახვედრას გაუმარჯოსო, არც გარეთ უბილეთოდ დარჩენილები დავიწყნია – იმათი ხსოვნისაც იყოსო. სიდედრსაც ახსენებდა, ვერიჩკას გაუმარჯოსო. ღაღანიძემ როცა ჰკითხა, ვერიჩკა ვინააო, აბა ახლა ვისას ვართო? ვერიჩკასთან გუშინ ვიყავით, ახლა სცენაზე ვართ, მოვრჩეთ, მოვრჩეთო. იპოლიტეს უყვირია, რა უნდა დავამთავროო, წამომხტარა, პირში დანა ჩაუდია და აცეკვებულა…


ცხოვრებაში უყვარდა „შტუკების“  კეთება – აივანზე ხელში აყვანილი ჩვილით გავიდა, ა–ა–ა, ა–ა–ა…. მერე „მობეზრდა“ და მეოთხე სართულიდან დაბლა იმ მუშებს ესროლა, მისი კორპუსის წინ რომ მშენებლობაზე მუშაობდნენ. თავზარდაცემულ მშენებლები „ბავშვს“ ეცნენ – „ბავშვი“ ახტუნავდა – იპოლიტემ მუშებს ხუთლიტრიანი, ღვინით სავსე ტიკი გადაუგდო…

მუშა რომ კარგად ეთამაშა ერთ–ერთ ფილმში, ელმავალმშენებელ ქარხანაში დაიწყო სიარული, სადაც ერთი მუშა მეტისმეტად დაუმეგობრდა, ისე რომ ყოველდღე დაეწვეოდა ხოლმე სუფრაზე. გაღზიანებულმა იპოლიტემ ცოლს კვერცხი მოახარშვინა და წაიღო, თან ერთი უმი კვერცხი გააყოლა. უმი მუშას მისცა, მოხარშული თვითონ იაღო და იტკიცა შუბლში. მუშამ იპოლიტეს მიბაძა და გოგლიმოგლი სახეზე…

პანაშვიდებზე და დაკრძალვებზეც სიცილით ეგებებოდნენ და ამიტომ იყო სიკვდილის წინ რომ იხვეწებოდა, წინ სურათს ნუ გაიტანთ, ამ ერთხელ მაინც გამაცილეთ ცრემლითო…

სანდრო ჟორჟოლიანი

ასევე ყველგან ხარხარით ხვდებოდნენ სანდრო ჟორჟოლიანის გამოჩენას – ეკრანზე, სცენაზე, პანაშვოდებზე და დაკრძალვებზეც კი…

გახსოვთ როგორ კლავს სანდრო ჟორჟოლიანის არისტო გოჭს „დაკარგულ სამოთხეში“? ან როგორ ყვირის ჟორჟოლიანის ჩაძინებული „მესემიჩკე“ შეღვიძებისას – „სემიჩკაააააააააა“…. ან მანანას ბაბუა „მეცადინეობისას“ ? ორივე თვალით ბრუციანი უნდა იყო, მის ილიკო ბრუციანზე რომ არ იხარხარო…


პარადოქსი # 1: მისი ყოველი გაელვება სასაცილო იყო, თავად კი ზედმეტად სევდიანი, ფიქრიანი, სერიოზული ყოფილა. ლამის იუმორის გრძნობაც არ ჰქონია, როცა ანეგდოტებს ყვებოდნენ ან ხუმრობდნენ, ძალიან სერიოზულად მჯდარა და უკვირდა რაზე იცინოდნენ, გულუბრყვილოდ კითხულობდა – რა არის აქ სასაცილოო?

მას მუდამ კომიკურ, სახასიათო როლებს აძლევდნენ, არადა,თვითონ გული სწყდებოდა სხვა ჟანრში მუშაობის საშუალება რომ არ ეძლეოდა. ვახტანგ ტაბლიაშვილისთვის უთქვამს კიდეც ნაღვლიანად, ტყუილად ფიქრობ, რომ მე მხოლოდ სასაცილო როლების თამაში შემიძლიაო…

პარადოქსი # 2: სიცილის დიდოსტატი მუდამ სხვების ხუმრობის მსხვერპლი იყო.

იცოდნენ რომ ლამაზი ქალები უყვარდა, განსაკუთრებით ახალგაზრდა ქალები… და ოინიც უყვეს – გასტროლებზე იყვნენ და ჟორა შავგულიძეს გაუგია, რომ ჟორჟოლიანი კვლავინდებირად მოხიბლულა მორიგი ახალგაზრდა ქალის მშვენებით, გაუგია ისიც რომ იმ ქალს მოსვენებას არ აძლევდა სანდრო, შემხვდი–შემხვდიო… შავგულიძე დატრიალებულა, უნახავს ის ქალი, დაურიგებია, უთხარი ძალიან მორცხვი ვარ და სადმე ბნელ ადგილას შევხვდეთო. ქალი სავგულიძეს დასთანხმებია, იმ ქალს კიდე ჟორჟოლიანი და მისულა კიდეც იმ ბნელ ადგილას. ყველაფერ კარგად ყოფილა მანამ, სანამ ჟორჟოლიანმა არ აღმოჩინა რომ მასთან პაემანზე ის ქალი კი არა, ქალურად ჩაცმული ჟორა შავგულიძე იყო…

ოინებს არც ისე აკლებდნენ, ერთხელ მისთვის, გასტროლებისას, პაპანაქება აგვისტოში, ლოგინის ქვეშ ანთებული ლამპა შეუდგამთ… ჟორჟოლიანს მთელი ღამე სცხელოდა, ბორგავდა, ბორგავდა….

სხვა გასტროლისას, ჩაუცვამს კოსტიუმი, ფეხი ტუფლებში ჩაუდგამს, შეუკრავს თასმები და წამოდგა, მაგრამ ვერ წამოდგა, ვერ გაინძრა – ვიღაცამ თურმე იატაკზე დაულურსმა ფეხსაცმელები…

კაკო კვანტალიანი

ის მსუყე ფეფებით, „მაზოკებით“ , გასაოცარი სიმსუბუქით ხატავდა გმირებს და ათბობდა იუმორით.

გახსოვთ როგორ ახტება გუბეს „უდიპლომო სასიძოში“?  ან რა ემართება ხატი რომ თვალს ჩაუკრავს?


კვანტალიანი პარტიაში არ შედიოდა – არ ვარ ბატონო პარტიის ღირსიო. უპარტიობის გამო ლენინის როლი დაუკარგავს. კიდევ კარგი, თორემ წარმოიდგინეთ რა ხარხარი ატყდებოდა მისეულ ლენინზე და სად უკრავდნენ თავს კვანტალიანს…. ერთხელ ხომ ძლივს გადაურჩა ასეთ სკანდალს, როცა მჟავანაძესთან „ჩაუშვეს“. პოლიკარპე კაკაბაძის „ცხოვრების ჯარაში“ შენ გთამაშობს, დაგცინისო…

არ უყვარდა პარტია, მაგრამ ხშირად აკითხავდა პარტიულ ბოსებს, ხან ვის ბინის ტაობაზე და ხან ვისაზე. როცა სხვა საკითხზე მიდიოდა, მდივნებს აფრთხილებდა, უთხარით ამჯერად ბინა არ მინდა, სხვა საკითხზე მოვედიო.

შარში გაეხვა თათარი ბაჯის ბიჭი, იმ ბაჯის ბიჭი, რომელსაც კვანტალიანთან მაწონი დაჰქონდა. ჩხუბში მოჰყვა, იმ ჩხუბში კაცი დაჭრეს, ყველამ თავს უშველა და მარტო ის ბიჭი დაიჭირეს. კვანტალიანმა რა ქნა? დასახმარებლად შეწყალების კომისიის თავჯდომარეს გრიგოლ აბაშიძეს, 6 თვის მანძილე ყოველ დილით, 7 საათზე ურეკავდა და ახსენებდა, ბოლოს უკვე მარტო იმ ბიჭის სახელს ეუბნებოდა – „აგაჯანა“ და უკიდებდა ყურმილს, იქამდე ურეკა სანამ ის ბიჭი არ გამოაშვებინა.

უყვარდა დახმარება, მაგრამ არ უყვარდა „მაღარიჩები“ – ვინმე რიჟინაშვილს თბილისში ჩაწერაში დახმარებია, იმას კიდე დიდი ფერადი ტელევიზორი მიუტანია ძღვნად, კვანტალიანს კი ამ ძღვენიანად კიბეებზე დაუგორებია…

მას უბრალოდ უყვარდა როცა ვინმეს ეხმარებოდა – შინაურს თუ გარეულს. როცა კითხავდნენ ამას და ამას იცნობო? პასუხობდა, მე არ ვიცნობ, ის ხომ მიცნობსო და მისდევდა.

უყვარდა კიტრი და მწვანილი, ყიდულობდა ბლომად და ახრამუნებდა. გაუბაზრეს – კვანტალიანი ძილშიც კიტრს ჭამსო.

კვანტალიანს სმაც უყვარდა, ქეიფიც და „შტუკების“ მოწყობაც. კვანტალიანს და ჰყავდა, რომელიც ძალიან ჰგავდა. ერთ–ერთ პურმარილის დროს, კვანტალიანს ვასო გოძიაშვილისთვის მოუბოდიშია – ცოტა ხანს დაგტოვებთო. გასულა. თავის დისთვის კაცურად ჩაუცავმს, დაუხურავს, ცილინდრიც დაუხურებია. კაკოს და შესულა და ვასოს მისჯდომია გვერდში. ვასო გოძიაშვილი კაი ერთი საათი ეჭუკჭუკებოდა მას როგორც კაკო კვანტალიანს, ალბათ მერეც გააგრძელებდა ჭუკჭუკს, თვითონ  კაკო კვანატლიანი რომ არ შესულიყო და ხარხარი არ აეტეხა…

ლხინი, ქორწილი, თამადობა ისე უყვარდა, მძინარე სიხარულით ხტებოდა და გარბოდა… უყვარდა თამადობა და არ უყვარდა როცა არ უსმენდნენ, ერთხელ ვიღაც აღმნასკომის თავჯდომარეს ნამეტანი უცელქია სუფრაზე – აუ უსმენდა თამადას, იქამდე სანამ კვანტალიანს არ შეუძახია – მოდი გავცვალოთ ადგილები, შენ აქ იყავი თავჯდომარე, მე იქ ვიქნები…

ელენე ყიფშიძე

ის არ გააკარეს კინოს, მაგარამ ერთი ეპიზოდითაც, ერთი ფრაზითაც კი დაამახსოვრა თავი მთელ ქვეყანას – „მოხვალ სახლში ამხანაგო ჭიპილია!“

მან საქვეყნო აღიარება სცენიდან მოიპოვა. ის იყო თეატრის ნამდვილი ვარსკვლავი.

ის იყო არტისტი, რომლის გულისთვისაც ხალხი თეატრს აწყდებოდა. აწყდებოდა ხალხი თეატრს და წყდებოდნენ სიცილით ლენას სცენაზე გამოჩენისას.

დღესაც, როდესაც უყურებ „ეზოში ავი ძაღლიას“ ჩანაწერს, არ შეიძლება არ ახარხარდე როცა ის კიბეზე ადის.

მას ჰქონდა ხასხასა, ფოიერვერკული იუმორი სცენაზე. და არც ცხოვრებაში აკლდა.

ზურა ყიფშიძის მამას – ავთო ვერულეიშვილს ხშირად ავიწყდებოდა ტექსტი.

ელენე ყიფშიძე თამაშობდა კინოტოს, ერთ–ერთ სცენაში, როცა ლენა ცეკვავდა, ავთო ვერულეიშვილი უნდა შესულიყო და ეკითხა – „საით მიდიხარ“? ლენას მთელი მონოლოგით უნდა ეპასუხა. შევიდა ვერულეიშვილი, დააპირა კითხვა და… დაავიწყდა ტექსტი…ლენა ცეკვავდა და თან ჩუმად ეძახდა – „თქვი ბიჭო“. ვერულეიშვილი ვერ იხსენებდა რა უნდა ეკითხა, ლენა ცეკვავდა და ცეკვავდა… ბოლოს უკითხავს „სად მუშაობ“…. სად უნდა მუშაობდეს კინტო? ჰოდა ლენასაც უპასუხია – „ლიხაჩოვის ქარხანაში, შენი დედა ვატირე“…

ლენა ყიფშიძეს ძმა პოლიტიკურზე დაუჭირეს და გაუციმბირეს – ხრუშოვის სურათის დახევის გამო… ლენამ ძმას ციმბირში ჩააკითხა. არ იცით როგორ? მოსვოკვში ქართული დეკადის დროს, ლენა ხრუშოვის ბანკეტზე დაპატიჟეს. ლენამ ის მოსწავევი ჯიბეში ჩაიდო და ციმბირში ჩავიდა ძმის სანახავდ. კოლონიის უფროსი კინაღამ საგიჟეთში გადასაყვანი გახდა – ძმა ხრუშოვის სურათის დახევაზე ზის და ხრუშვო მის დას საქეიფოდ პატიჟებსო.

წარმოიდგინეთ სცენა – ლენა ყიფშიძე შედის შევარდნაძესთან და სთხოვს – ჩემი ბინა დამიხურდავეთ. ლენამ მარტოობის ფორმულას მიაგნო – მოიწადინა დიდი ბინა დაეშალა და ერთ სადარბაზოში ორ ოთახიანში ეცხოვრა ზურას თავის ცოლ–შვილთან, ლენას – თავისთვის ერთოთახიანში და თავის დებს – ცალკე ერთოთახიანში, ჰოდა ადგა და შევარდნაძეს მიადგა – ბინა დამიხურდავეო.

შევარდნაძე თურმე სამ ბინას სთავაზობდა, ლენა ჯიუტობდა – არა, ჩემი დამიხურდავეთო. შევარდნაძე გააგიჟა, „შევის“ თავი მაკლიარი ეგონა. მაინც დაახურავებინა. ლენა იყო ქალი, რომელმაც შევარდნაძისგან წყალობა კი არ მიიღო, გაიმაკლაიარა… ბინა დაშალა, თავიდან მართლაც ერთად იყვნენ ერთ სართულზე – სხვადასხვა ბინებში, მაგრამ მერე ზურამ გაყიდა ის ბინა, მერე დები გადავიდნენ სხვაგან და დარჩა ლენა მარტო. სწორედ ამ დროს ხდება ფოიერვერკული ამბავი.

გოგი თოდაძემ „ისევ ვოდევილებში“ ლენა ყიფშიძეს კაცის როლი მისცა – კარაპეტა დამბაღოვი „ძუნწში“. ლენამ გრიმით ცხვირი დაიგრძელა, ხმა დაიბოხა და სომეხ ვაჭრად გარდაისახა, სცენაზე იყო ფურორი. ამ ფურორამდე შოკი – სამეზობლოში.

ლენა სახლში კარაპეტას ბოხი ხმით, სომხური აქცენტით ლაპარაკობდა ხმამაღლა – რეპეტიციებს გადიოდა. მეზობლის ქალი კი ჩასაფრებულა, თურმე სული სძვრებოდა გაეგო ვინ იყო ის სომეხი კაცი, ლენასთან რომ დაიარებოდა. მისი საყვარელი ეგონა. ელოდა როდის გავიდოდა ის კაცი, მაგრამ ის კაცი არ გადიოდა, გადიოდა მარტო ლენა. საქმე იქამდე მივიდა რომ ერთ–ერთი ასეთი რეპეტიიცს დროს, ლენამ კარის ხმა რომ გაიგო, მეზობლის აივნიდან – გასაძახა – „არ გადმოვარდეთ ქალბატონო, ესეც მე ვარ, ისიც მე ვარ…“

ის იყო ლენა. განუმეორებელი, კომიკური და შთამბეჭდავი…

 


About these ads
Post a comment or leave a trackback: Trackback URL.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 29 other followers

%d bloggers like this: