თბილი და ელვარე არტისტის – მარინა თბილელის ოჯახი

რეზო შატაკიშვილი

(დაიბეჭდა “საერთო გაზეთში”).

მარინა თბილელი ამართლებდა თავის სცენურ ფსევდონიმს – „თბილელს“. იყო თბილი და ელვარე არტისტი და… ახლაც აგრძელებს სცენურ სციცოცხლეს – თავის ქალიშვილში – ბაია დვალიშვილის სცენურ ცხოვრებაში… ასე ეწადა და ახდა კიდეც მისი ოცნება…

მარინე თბილელი 1920 წელს დაიბადა თელავში. მარინეს დედის პირველი მეუღლე თბილისელი პოლონელი დამბროვსკი იყო. დამბროვსკის აფთიაქი ჰქონდა წითელწყაროში, იქ ცხოვრობდნენ, მაშინ შეეძინა მარინეს დედას მარინეს უფროსი და-ძმა, შემდეგ მეუღლე გარდაეცვალა, შემდეგ მეორედ გათხოვდა –  თურქეთიდან გადმოსულ სომეხ ექიმზე – კარაპეტიანზე, სწორედ მისგან შეეძინა მარინე, მაგრამ მარინე, უფროსი და-ძმის მსგავსად, დამბროვსკაიას გვარს ატარებდა…
ახტაჯანა მარინე, ჯოხის ცხენით რომ დააჭენებდა თელავიდან ნადიკვარამდე, ერეკლეს სასახლის ქონგურებს რომ ცვეთდა გარშემო სირბილით, სკოლაში ბეჯითად სწავლობდა, ცეკვავდა, მღეროდა, ლექსებს კითხულობდა.
მის აღზრდაში დიდი როლი ითამაშეს პედაგოგებმა თამარ და ეკატერინე შიუკაშვილებმა; ეკატერინე შიუკაშვილი ბავშვებისთვის პიესებს წერდა, შემდეგ თელავის თეატრში დგამდა. სწორედ ეკატერინე შიუკაშვილი აძლევდა მარინე თბილელს პირველ როლებს. სწორედ ეკატერინე შიუკაშვილი იტყვის ამაყად: „დაიხსომეთ ჩემი სიტყვები, ამ ბავშვისგან უეჭველად მსახიობი გამოვა!“
ათი წლის იყო, მარინეს ოჯახი თბილისში რომ გადმოვიდა საცხოვრებლად. მალე მამაც დაეღუპა, უკან დარჩა უდარდელი ბავშვობა, კახეთი და სცენაც.
ხანდახან თუ გაახსენდებოდა ბავშვობის გატაცება, როცა ვინმეს გამოჯავრება-მიბაძვისთვის შეაქებდნენ – მსახიობის ნიჭი გაქვსო. მარინეს 16 წელი უსრულდებოდა, შვიდწლედის დამთავრების შემდეგ პედაგოგიურ ტექნიკუმში სწავლობდა, პედაგოგობისთვის ემზადებოდა, გახდებოდა კიდეც, მაგრამ…

ჯერ იყო და, სასწავლებლის წინ „ლენფილმის“ რეჟისორები გადაეყარნენ და სტუდიაში სინჯებზე დაიბარეს, კინოში უნდა გადაგიღოთო, მაგრამ ფილმი ჩაიშალა… მერე თბილისში სამწლიანი კინოსამსახიობო სასწავლებელი გაიხსნა.
მარინეს თვითონ არ მიუკითხებია. მარინეს მიაკითხეს. სამსონ სულაკაურმა, ვისი თაოსნობითაც სასწავლებელი გაიხსნა, მარინეს შემთხვევით მოჰკრა თვალი და თავისთან დაიბარა.

„15-16 წლის მშვენიერი, ტანადი გოგონა იდგა ჩემ წინ, ბავშვური, უმანკო, ლამაზი სახით, ანთებული ცეცხლოვანი თვალებით, შესანიშნავი ტუჩებით და ბროლივით თეთრი კბილებით. ინსტინქტით მივხვდი, რომ ნამდვილად კინომსახიობი აღმოვაჩინე“, იხსენებდა სულაკაური, რომელმაც ძლივს დაითანხმა მარინე, სასწავლებელში რომ ესწავლა. კინოსამსახიობოზე კი დაიწყო სწავლა, მაგრამ ოჯახს უმალავდა. მარინეს ყოველ საღამოს სადღაც გაუჩინარებით მისი ძმა დაინტერესდა, ჩუმად აედევნა და მარინეს საიდუმლოც გაიხსნა. მეორე დღეს, სასწავლებელში მისული, ატირებული მარინეს დედა ძლივს დაამშვიდეს, დაიყოლიეს.

სასწავლებელი რომ დაამთავრა, თბილისში თეატრალური ინსტიტუტიც გაიხსნა და მარინემ, მალიკო მრევლიშვილისა და დოდო ალექსიძის რეკომენდაციით, თეატრალურ ინსტიტუტში გააგრძელა სწავლა – მესამე კურსზე ჩაირიცხა. სწორედ თეატრალური ინსტიტუტის ახლაგდახსნილ სცენაზე ითამაშა თავისი პირველი როლი, ტაჯიკი გოგონა მირ-ახმედოვა აკაკი ვასაძის დადგმულ „პავლე გრეკოვში“. 1940 წელს მარინემ დაამთავრა ინსტიტუტი და ჩაირიცხა რუსთაველის თეატრში.
რუსთაველის თეატრში მისულ ახალბედა მსახიობს მფარველად აკაკი ვასაძე მოევლინა. დღეს უკვე საქვეყნოდ აღიარებული სცენური გვარი „თბილელი“ სწორედ აკაკი ვასაძემ დაანათლა მას და ამ გვარით აკურთხა ქართულ სეცნაზე.
მარინემ სწორედ ამ ფსევდონიმით დაიმკვიდრა ადგილი სცენაზე და ამ ფსევდონიმითვე შევიდა ქართული თეატრისა და კინოს ისტორიაში.

„მარინე მართლაც რომ თბილი მსახიობია, მან გაამართლა ჩემ მიერ მიცემული ფსევდონიმი – თბილელი. თეატრალური ინსტიტუტიდან მარინე დამბროვსკაიას გვარით მოვიდა ქართულ თეატრში და გადავწყვიტე, ქართულად მომენათლა. ასე მგონია, შესაფერად მოვნათლე თბილელად. მიხარია, რომ მარინეს სამსახიობო პროფერსიული კულტურის გამოჭედვაში მეც მიმიძღვის წვლილი. ხოლო ჩემი გვარისა და სახელის გამგრძელებელი, აკაკი ვასაძე-უმცროსი რომ „მაჩუქა“, ამისთვის კი მადლობის მეტი რა მეთქმის“, – წერდა აკაკი ვასაძე.
მარინე თბილელის პირველი მეუღლე აკაკი ვასაძის ვაჟი – გოგი ვასაძე იყო. შეეძინათ ვაჟი – აკაკი ვასაძე-უმცროსი. მაგრამ მალე მარინე თბილელის და ვასაძის ოჯახი დაინგრა – კონფლიქტის გამო წავიდა ვასაძეების სახლიდან, დაბრუნდა დედასთან, თუმცა მამამთილს და მფარველს – აკაკი ვასაძეს მუდამ ემადლიერებოდა…
მარინე თბილელმა რუსთაველის თეატრში წარმატებით ითამაშა რამდენიმე დიდი და პატარა როლი. „კრწანისის გმირებში“ მის მიერ განსახიერებული თეკლა ბატონიშვილი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ პიესის ავტორს სიკვდილამდე არ ავიწყდებოდა.
„83 წლისა ვარ და დღემდე გონებიდან არ მშორდება მის მიერ განხორციელბული თეკლა“, – ამბობდა სანდრო შანშიაშვილი.

მარინე წარმატებით თამაშობდა მასზე დაკისრებულ მოზრდილ თუ პაწაწუნა როლებს, მფარველიც ჰყავდა თეატრში, მაგრამ თეატრში მისვლიდან 4 წლის შემდეგ თეატრს ჩამოაშორეს. ახალგაზრდა მსახიობი მტკივნეულად განიცდიდა თეატრიდან ჩამოშორებას; იმდენად მტკივნეულად, რომ ეს ჩამოშორება მას ახსენებდა ედიტ პიაფის ტკივილს შვილის დაკრძალვისას.
მარინე თბილელს ზუსტად 30 წელი დასჭირდა იმისთვის, რომ ოცნება აეხდინა და უკან – რუსთაველის თეატრში დაბრუნებულიყო.
თეატრი დატოვა 24 წლისამ, დაბრუნდა 54 წლის…
მანამდე კი იყო მთელი ცხოვრება.

„ფაქტიურად უმუშევარი დავრჩი. ომის წლები, არც ჯამაგირი, არც პურის წიგნაკი, არც მომარაგება. მყავდა პატარა ბავშვი და მოხუცი დედა, უთეატროდ მტკივნეულად, ტანჯვით განვიცდიდი. მაგრამ ერთ დღეს თბილისში ჩამოვიდა გიორგი გულია, რომელიც აფხაზეთის ხელოვნების სამმართველოს უფროსად მუშაობდა და მიმიწვია სოხუმის თეატრში. შემპირდა კარგ ბინას, უმაღლეს ჯამაგირს, საქმე არ ითმენს, უნდა დამთანხდეთო, ასეთმა ყურადღებამ თვალებში სინათლე დამიბრუნა. ავიბარგე და მეორე დღესვე სოხუმს გავემგზავრე“, – წერდა მარინე თბილელი.
მსახიობმა სოხუმის თეატრში 2 წელი დაჰყო, მხოლოდ ერთ სეზონში შვიდი7 როლი განასახიერა. სწორედ სოხუმის თეატრში შეხვდა მაშინ სრულიად ახალგაზრდა რეჟისორს ვახტანგ ბოჭორიშვილს. მომავალში სახელგანთქმული ინფექციონისტი და საზოგადო მოღვაწე, ვახტანგ ბოჭორიშვილი 21 წლისაც არ იყო, რუსთაველის თეატრიდან სოხუმის თეატრში რომ გადავიდა რეჟისორად, რათა იქ დამოუკიდებლად ეძებნა საკუთარი თეატრი, საკუთარი ხელწერა, დამოუკიდებლად განეხორციელებინა თავის ჩანაფიქრი. დგამდა შანშიაშვილის „ხევისბერ გოჩას“… მარინე თბილელს ძიძიას როლი მიანდო.

„მანცვიფრებდა მარინეს გარეგნობა, რაღაც განუმეორებელი ელფერი დაჰკრავდა სახეზე, ხავერდოვანი ატმის ფერი. გამოხედვაში სიცოცხლის დამამკვიდრებელი მუხტები ამოიცნობოდა. როდესაც ვუყურებდი მას, სულში გაზაფხული ჩამისახლედბოდა ხოლმე“, – გაიხსენებს მოგვიანებით უკვე აღიარებული ინფექციონისტი ვახტანგ ბოჭორიშვილი.
ისინი სამუდამოდ მეგობრებად დარჩნენ. თავისი საუკეთესო ლექსი ვახტანგ ბოჭორიშვილმა მიუძღვნა მარინე თბილელს…
„ხევისბერი გოჩა“ პრინციპული სპექტაკლი იყო ვახტანგ ბოჭორიშვილისთვის, ამ სპექტაკლში იგი იმ თეატრისკენ მიილტოვოდა, როგორზეც ოცნებობდა და როგორც ამბობენ, შეიმჩნეოდა კიდეც კონტურები იმ თეატრისა. ბოჭორიშვილმა უარყო „ხევისბერის“ შანშიაშვილისეული ინტერპრეტაცია, გადააკეთა პიესა, დაუახლოვა ყაზბეგის პირველწყაროს,
სპექტაკლი მოიწონეს, მაგრამ ისინი, ვინც სპექტაკლს იბარებდა, პიესის ახალ ვარიანტს ეჭვით შეხვდნენ და რეჟისორს გადაკეთება მოსთხოვეს. შეიქმნა მწვავე კონფლიქტური სიტუაცია, ბოჭორიშვილმა არ დათმო, წავიდა თეატრიდან – მედიცინაში. მარინე თბილელი კი 1946 წელს თბილისში დაბრუნდა, მაგრამ არა საოცნებო რუსთაველის თეატრში, არამედ მარჯანიშვილის თეატრში, სადაც არაერთი ვარსკვლავი ბრწყინავდა. მიუხედავად ამისა, მან მაინც მოახერხა საკუთარი ადგილის გამონახვა არტისტულ ოლიმპოზე. თუმცა არც ეს გზა იყო უმტკივნეულო.

„ომისშემდგომ წლებში, ყველას და განსაკუთრებით ახალგაზრდა მსახიობებს გვიჭირდა. ხშირად მშივრებს გვიხდებოდა სცენაზე თამაში. წარმოდგენის შემდეგ ხშირად ფეხით დავდგომივარ გზას შინისკანენ და შურით გამიყოლებია თვალი ტრამვაისთვის. მაგრამ მეორე დღეს ისევ სიხარულითა და სიყვარულით მივისწრაფვოდი თეატრში“ იხსენებდა მსახიობი.
როლებთან დაკავშირებითაც ხშირად სტკენია გული:
„მარიამ სტიუარტში“ მარიამის როლზე დანიშნული ვიყავით ორი მსახიობი – ვერიკო ანჯაფარიძე და მე. ვინაიდან ვერიკოს არ უყვარს დიდხანს მუშაობა ტექსტზე და მიზანსცენების გამართვის პროცესი, მთელი რეპეტიციები ვასო ყუშიტაშვილმა მაგიდასთან ჩაატარა ჩემთან, და პირველი მოქმედების მიზანსცენებიც გამართა. მოვიდა ვერიკო, მოეწონა და განაგრძო მუშაობა. მე როლი აღარ მითამაშია, მაგრამ ეს რეპეტიციები დიდი გაკვეთილი იყო, დღესაც ვგრძნობ მათ ძალას. ბატონი ვასო (ყუშიტაშვილი) იყო მდიდარი ბუნების ადამიანი. კეთილი, იუმორით სავსე, მომეფერა მაკოცა და მაჩუქა ყვავილების ქილა, რომელიც დღესაც ამშვენებს ჩემს მაგიდას…“

1957 წელს მარინე თბილელმა იქორწინა ცნობილ რეჟისორსა და კულტურის მოღვაწეზე აკაკი დვალიშვილზე.
აკაკი დვალიშვილი მიხეილ თუმანიშვილთან ერთად მივიდა რუსთაველის თეატრში. ჩართული იყო იმ პროცესებში, რასაც რუსთაველის თეატრის განახლება მოჰყვა. მეტიც, იგი იყო ერთ-ერთი სულისჩამდგმელი მთელი იმ პროცესის. შემდეგ, რატომღაც, თეატრს ჩამოაშორეს დაწინაურების გზით – კულუტურის სამინისტროში გადაიყვანეს. წლების მანძილზე კულტურის მინისტრის მოადგილე იყო, შემდეგ – კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტის თავჯდომარე.
მიხეილ თუმანიშვილი ყოველთვის განსაკუთრებული აზრის იყო აკაკი დვალიშვილის, როგორც რეჟისორის, შემოქმედებაზე.
„თეატრში მუშაობდა რეჟისორი აკაკი დვალიშვილი, რომელიც ცდილობდა, თავის სპექტაკლებში მართალი ხასიათები და მართალი ცხოვრება ეჩვენებინა, სცენა უფრო ინტიმური, უფრო რეალური გაეხადა…“ წერდა თუმანიშვილი.
სწორედ აკაკი დვალიშვილის, როგორც კინემატოგრაფიის მინისტრის აქტიური მხადაჭერის შედეგად იშვა ახალი თეატრი – კინომსახიობთა თეატრი…
მარინე თბილელს და აკაკი დვალიშვილს 1960 წელს შეეძინათ ქალიშვილი ბარბარე – იგივე ბაია, დღეს უკვე საკმაოდ ცნობილი მსახიობი ბაია დვალიშვილი.
მოგვიანებით, მარინე თბილელი ანკეტაში ერთობ უშუალოდ ჩაწერს:

„30 წელიწადია მე და ჩემი ძვირფასი მეუღლე სიამტკბილობით ვუქცევთ ერთმანეთს ღრანჭს“.

საერთოდ, გულწრფელობა მისთვის ბუნებრივი მდგომარეობა იყო, აბა ვინ უპასუხებს ასე უშუალოდ, და ვინ იტყვის კაპარჩახანა ვარო, როგორც ეს მას შეეძლო? ანკეტაში კითხვაზე – „თქვენი ხასიათი“, მარინე თბილელი პასუხობდა: „კაპარჩხანა“.
არც იმას მალავდა, რომ ეშინოდა სიბერისა და სცენის მიტოვების, არც იმას, რომ მისი სისუსტე იყო კაკლის მურაბა, ვარდის მურაბა და ლობიო. ნაკლსაც მეტად გულწრფელად აღიარებდა: „მაქვს მიხვედრილობა, მაგრამ მაკლია განათლება…“
აღაფრთოვანებდა კარგი სპექტაკლი, ლიანა ისაკაძე, ვახტანგ ჭაბუკიანი, რიხტერი… აკვირვებდა ტელევიზორი, ტელეფონი, გაფრენა კოსმოსში.

ოცნებობდა რუსთაველის თეატრში დაბრუნებაზე და აიხდინა კიდეც ოცნება –
1974 წელს, უკვე მაშინ როცა თავისი ადგილი მყარად ჰქონდა დამკვიდრებული მარჯანიშვილის თეატრში, როცა ჰქონდა საკმაოდ მკვეთრად ჩამოყალიბებული ხელწერა, სტილი, ამ ყველაფერს ზურგი აქცია და რუსთაველის თეატრს მიაშურა. უკვე სარეცელს მიჯაჭვული ვასო გოძიაშვილი დაჟინებით ითხოვდა მარინე თბილელის დაბრუნებას მარჯანიშვილის თეატრში. იმ ეტაპზე მარინე შორს იდგა სტურუას თეატრის სტილისტიკისგან, მაგრამ ვაბანკმა გაამართლა.
იგი სტურუას არტისტად იქცა. მოგვევლინა ნათელა აბაშვილად ლეგენდარულ „კავკასიურ ცარცის წრეში“, იორკის მთავრის მეუღლედ „რიჩარდ მესამეში“…
მას ხშირად უწევდა თეატრების ცვლა, მაგრამ ყველგან ახერხებდა ადგილის დამკვიდრებას.

ის იყო მუდამ რისკიანი და არასოდეს აშინებდა ახლის ძიება.
იყო გულწრფელი ცხოვრებაში და მეტად თბილი და თან ელვარე არტისტი სცენასა თუ ეკრანზე. მიუხედავად იმისა, რომ მასაც, ისევე როგორც არაჩევეულებრივი გარეგნობის სხვა მსახიობ ქალებს, დიდად არ სწყალობდა ქართული კინო, რამდენიმე როლით მაინც მოახერხა, აღბეჭდილოყო ჩვენს მეხსიერებაში.


მიუხედავად ამისა, მარინე თბილელი თავს ყოველთვის იღბლიან მსახიობად და იღბლიან ქალად მიიჩნევდა. მაგრამ… სიბერე გაუმწარდა… გარდაეცვალა უფროსი ვაჟი – აკაკი ვასაძე-უმცროსი… აკაკი დვალიშვილი იხსენებდა, რომ დედა-შვილს საოცარი ურთიერთობა ჰქონდათ, საოცრად უყვარდათ ერთმანეთი და იცოდნენ საოცარი… კამათი…
„იცით რაზე კამათობდნენ? ლიტერატურაზე, თეატრზე, საერთოდ, ხელოვნებაზე… მოვიდოდა, მანქანას დააყენებდა, „დედილო!“ – დაუძახებდა, ამოვიდოდა და ერთად ატარებდნენ მთელ დროს“ იხსენებდა აკაკი დვალიშვილი.

მარინე თბილელს ისიც გულს უკლავდა, რომ თავის ვაჟს თავის დროზე არ დართო ნება მსახიობი გამხდარიყო, რასაც მუდამ მტკივნეულად განიცდიდა შემდეგ აკაკი ვასაძე-უმცროსი.
სწორედ ამიტომ აღარ შეუშალა ხელი ბაიას, გამხდარიყო მსახიობი. თანაც ბაიას ასე დაჟინებით არც სდომნია მსახიობობა.
მიხეილ თუმანიშვილმა ურჩია, გამოუშვი ჩემთან რეპეტიციებზე, იაროს, მოსინჯოს, თუ არ მოეწონება, აღარ დაგაყვედრის მაინც, მსახიობობაში ხელი შემიშალეო. მარინე თბილელმა დაუჯერა მიხეილ თუმანიშვილს.
ბაიას თეატრში მოეწონა. ჩააბარა თეატრალურ ინსტიტუტში, მიხეილ თუმანიშვილთან სარეჟისოროზე და… ბაიამ მეოთხე კურსიდან მიატოვა სარეჟისორო და გადავიდა შალვა გაწერელიასთან სამსახიობო ჯგუფში… შვილში თავი იჩინა დედის უნიკალურმა უნარმა – ყველაფრის ნულიდან დაწყების და ადგილის დამკვიდრების.
მარინე თბილელს სურდა, ქალიშვილში გაგრძელებულიყო მისი სცენური სიცოცხლე. გაგრძელდა კიდეც – სცენური სიცოცხლე და თითქოს მისი ბედისწერაც.

ბაია დვალიშვილი სერგო ფარაჯანოვის ფილმში "აშიკ–ქერიბი"

ბაია დვალიშვილი ამბობს, რომ არასოდეს ყოფილა ფანატიკოსი და არც მიიჩნევს სწორად ფანატიზმს, კერპების ყოლას.
ნანობდა, ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ შალვა გაწერელიასთან რომ არ გააგრძელა მუშაობა მოზარდმაყურებელთა თეატრში და რუსთაველის თეატრში მივიდა….

თუ დედა თავის დროზე გამოუშვეს რუსთაველის თეატრიდან და ნულიდან მოუხდა ყველაფრის დაწყება, ბაია – თვითონ წამოვიდა რუსთაველის თეატრიდან ერთ მშვენიერ დღეს. დღეს მიიჩნევს, რომ ზედმეტად დიდხანსაც შერჩა რუსთაველის თეატრს. „ასაკით არ ვბერდებოდი, მაგრამ ჩემში რაღაც მყაყდებოდა…“, – ამბობს ბაია დვალიშვილი. ბაია მაშინ ახლად გახსნილ თეატრალურ სარდაფში წავიდა და რუსთაველის სარდაფში გატარებულ ათ წელიწადს ყველაზე საინტერესო წლებად მიიჩნევს., შემდეგ იყო ვაკის სარდაფი და ისევ წავიდა… პაუზის შემდეგ მარჯანიშვილის თეატრში მივიდა…

მუდამ წასვლა და მუდამ ახლის დაწყება მისი სტილია.
„რამდენჯერაც დავიწყე ნულიდან ცხოვრება, იმდენჯერ გამიმართლა და იმდენჯერ მივხვდი, რომ სწორი ნაბიჯი გადავდგი. როცა ასე არ მოვიქეცი, ვინანე – პირად ცხოვრებაშიც და ისეც. არსებობს იმპულსი, რომელიც გიბიძგებს, როგორ უნდა მოიქცე სწორად…“
მისმა მუდამ მებრძოლმა ხასიათმა სხვა ასპარეზზეც იჩინა თავი. 90-იანი წლების დასაწყისში, ფუფუნებაში გაზრდილმა, მინისტრის შვილმა ერთობ საინტერესო უნარი აღმოაჩინა საკუთარ თავში – თოჯინების კეთება დაიწყო ნინო არსენიშვილთან ერთად.
ნაჭრებისგან, მძივებისგან შექმნილი ფიგურები გალერეა „შარდენში“ სულ იაფად – 5-8 დოლარად მიაბარეს, არც ეგონათ, თუ გაიყიდებოდა, მაგრამ გაიყიდა, აზარტში შევიდნენ, პაწია ფიგურების ნაცვლად, დიდი ლამაზი თოჯინების კეთება დაიწყეს ყველაფრისგან – მეგობრებს ფუთებით მიჰქონდათ ძველი მაქმანები, დამტვრეული ბიჭუტერია, თვლები, ფერადი ნაკუწები… შემდეგ შემკვეთიც გამოჩნდა ავსტრიიდან, შემკვეთის გამოგზავნილი 400-500 დოლარით იმ წლებში იოლი იყო ცხოვრება… იყო გამოფენები ვენაში, პოლონეთში…

ბაია დვალიშვილი: „იმ დროს, როცა ქუჩაში გამოსვლა არ შეიძლებოდა და არანაირი პერსპექტივა არ იყო, თოჯინების კეთებით ვიყავი გატაცებული. ვყიდდი კიდეც და ჩემს მეგობარ ნინო არსენიშვილთან ერთად გამოფენებიც მქონდა. ამით ვცხოვრობდით ფინანსურადაც და სულიერადაც. ბოლო წლებში ვეღარ ვეკარები, თითქოს იმ მძიმე წლებთან დამთავრდა ეს ყველაფერი…“

მარინე თბილელი „კავკასიურ ცარცის წრეში“ თამაშობდა ნათელა აბაშვილს – გულგრილ დედას, რომელსაც კრიტიკულ წუთებში ტანისამოსი უფრო ახსოვდა, ვიდრე შვილი. ცხოვრებაში როგორი დედა იყო „ნათელა აბაშვილი“?
ბაია: „ასეთი ის მხოლოდ სცენაზე იყო, როლში… სახლში კი ძალზე აქტიური, მომთხოვნი, პრინციპული და ამავე დროს ძალიან მზრუნველი და მოსიყვარულე იყო. არც მე, არც ჩემს ძმას და არც მამას არასოდეს მოგვკლებია მისი ყურადღება. არ მახსოვს, მას რაიმე დაზარებოდეს. მიუხედავად ამისა, დედა იყო სცენისთვის გაჩენილი ქალი. ამიტომ ძალიან ჰარმონიულად ვიზრდებოდი – მყავდა არაჩვეულებრივი დედა, რომელიც იყო ასევე არაჩვეულებრივი კარგი მსახიობი. და მე ვუყურებდი, როგორ შეიძლება შეუთავსო ასე იოლად ეს ორი რამ – ოჯახი და საკუთარი პროფესია…“

არცთუ იოლია, მით უმეტეს გოგონასთვის, იყოს ისეთი ნიჭიერი და ლამაზი ქალბატონის შვილი, როგორიც მარინა თბილელი იყო და არ დაკომპლექსდეს…
ასეთი ნიჭიერი და ლამაზი დედის შვილებს, მით უმეტეს გოგონებს, ყოველთვის დედის „არშინით“ ზომავენ, ადარებენ, მისგან ყოველთვის მეტს მოელიან.
ბაია:
„თვითონ არ მაკომპლექსებდა, პირიქით… მაგრამ დღემდე მაინც მარინა თბილელის გოგო ვარ. მე კი არა, მამაჩემს, რომელმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ქართულ კულტურაში, წავიდოდნენ, წამოგვიდოდნენ და როგორც მარინა თბილელის ქმარს, ისე იხსენიებდნენ, რაზეც მამა ბევრს იცინოდა ხოლმე. მისი ფაქტორი მაკომპლექსებდა? როგორ გითხრა, ეს მართლა არ იყო იოლი, პროტესტებიც მქონდა, შინაგანი ბრძოლებიც, მაგრამ ეს ყველაფერი ჩემში ფარულად ხდებოდა და არა ღიად, საჯაროდ. მადარებდნენ ყველაფერში, გარეგნობით, სცენაზე, მაგრამ ამ ყველაფერს ეგუები. მე, მაგალითად, ძალიან იოლად ვიტანდი, იუმორი მშველოდა. მახსოვს, ერთ ქალს, რომ გაიგო მარინა თბილელის გოგო ვიყავი, პირდაპირ გულყრა დაემართა. რაღაც ქაღალდი მივიტანე სახლმმართველობაში, დახედა თუ არა სახელს და გვარს, ამომხედა და დაიწყო: „დედაააა, არ გეწყინოს, დედაშენი შენს ასაკშიიიი“, თან მოთქვამდა და თან აყოლებდა: „არ გეწყინოს, არ გეწყინოს“… ისეთ დღეში იყო, იქით ვამშვიდებდი, არ მწყინს, ვიცი, შეჩვეული ვარ, ბავშვობიდან ამას მეუბნებიან-მეთქი… ასევე იყო სცენაზეც. ცოტა ძნელია. შენ იწყებ, ჯერ არაფერი არ იცი და უკვე გადარებენ დედას – წარმატებულ და ჩამოყალიბებულ არტისტს. კ, რთულია ეს, მაგრამ მეორე მხრივ კარგიცაა, უფრო მობილიზებული ხარ და უფრო ცდილობ თვითდამკვიდრებას. ეძებ შენს გზას, რომ არ ჰგავდე მას. კი არ შეეჯიბრო, შენი თავი იპოვო… შეჯიბრება სისულელეა, არასოდეს მომსვლია თავში…“

კადრი ფარაჯანოვის ფილმიდან "აშიკ–ქერიბი"

მას არასოდეს ავიწყდებოდა, რომ იყო მარინე თბილელის გოგო, რომ იყო აკაკი დვალიშვილის გოგო… მაგრამ აი, სცენაზე კი დაავიწყდა ერთხელ, ვის თამაშობდა….
„სარდაფში ვთამაშობდით გოგოლის „ცხვირს“, მე ვიყავი ოთხნაქმარევი მამიდა, ძალიან გამოპრანჭული და მიზანდასახული, რომელსაც უნდოდა, თავისი ძმისშვილი მიეთხოვებინა შეძლებული კაცისთვის. მოკლედ, მიდის ამ ავანტიურაზე და ეცნობა მამაკაცს. მე მერქვა მარი აფრიკანოვნა ბრანდახლიცკოვა. ვთამაშობთ მორიგ სპექტაკლს. მოვიდა იმ კაცის გაცნობის სცენა, გავუშვირე ხელი, იმ ყმაწვილმაც გამომიშვირა ხელი, უნდა წარვადგინო ჩემი თავი, ვუთხრა ვინ ვარ, მაგრამ… დაიწყო უსაშველოდ დიდი პაუზა, რომელსაც ბოლო არ უჩანდა… დამავიწყდა რა მერქვა. ყველა გამოვიდა კულისებში, მიყურებენ, მაგრამ არ მკარნახობენ ვინ ვარ და სეირობენ ჩემზე. მე რაც შემეძლო, ვიკვანწე, ავდექი, დავჯექი, მეორედ გავუშვირე ხელი. ბიჭი დაიბნა, ვერ მიხვდა, რა მჭირდა. ბოლოს ისევ იმან მიშველა, ვისაც „ვათხოვებდი“ – მანანა კაზაკოვამ უთხრა: ეს მამიდაჩემია, მარი აფრიკანოვნა ბრანდახლიცკოვა“.

17 წლის იყო ბაია დვალიშვილი, პირველად რომ გათხოვდა თავისზე 13 წლით უფროს მურმან ჯინორიაზე…
ბაია: „ეს იყო ძალიან დიდი ხნის წინათ და ეს იყო ჩემი პირველი სიყვარული და ძალიან მალე მოხდა ის, რაც მოხდა – დავცილდით. მე მგონი, წარსულში ძიება აღარ არის საინტერესო… მე ამ მხრივ ნამდვილად არ ვარ საინტერესო, არც დიდი გატაცებები მქონია და არც რომანები…“

1991 წელს კი, 31 წლის ბაიამ ნანა ხატისკაცის 60 წლის იუბილეზე გაიცნო ნანა ხატისკაცის ბიძაშვილი რეზო ხატისკაცი.
ბაია: „ჩემი ასეთი კონსერვატული ხასიათის მიუხედავად, გაცნობიდან ორ კვირაში გავთხოვდი და ეს იყო აბსოლუტური შოკი ჩემი მეგობრებისთვის. ალბათ ბედი იყო, რატომღაც მოხდა ასე. არ ვიცი, რამდენად დამახვია ჩემმა ქმარმა თავბრუ, მაგრამ ასე მოხდა, უცებ გავთხოვდი. უცნაური ის იყო, არც ხელოვნების წარმომადგენელია, მეც ნაკლებად მიცნობდა სცენიდან, თითქმის არანაირი შეხების წერტილი არ გვქონდა, არც სამეგობრო, არც პროფესია… რეზო ოკეანოლოგია, თუმცა, დღევანდელი ცხოვრებიდან გამომდინარე, რამდენჯერმე მოუხდა პროფესიის შეცვლა, გვყავს პატარა მაკრინე… ძალიან ხალისიანი, აქტიური, მუდამ ყურადღების ცენტრში ყოფნას რომ ითხოვს. სადღაც წავიკითხე: ანებივრეთ თქვენი ბავშვები, რადგან არ იცით, ცხოვრებაში რა ელოდებაო. გული მომეწურა: ღმერთმა ყველაფერი კარგად დაუხვედროს და იღბალიც მისცეს, მაგრამ, ხომ არ ვიცი, რა მოხდება მის ცხოვრებაში? იქნებ ახლა მაქვს შანსი და რატომ არ ვანებივრო?!.“

ბაია დვალიშვილს ამ 4-5 წლის წინათ კიდე ერთი „ოჯახი“ ჰყავდა – „დიესელის ოჯახი“: „ქმარი“ – დიმა ტატიშვილი, „გოგონა“ – ნინუცა მაყაშვილი, „ბიჭი“ ორი ჰყავდა, ჯერ ერთი, მერე „გამოუცვალეს“ _ მეორით. ისედაც პოპულარული მსახიობი ბაია დვალიშვილი ასმაგად პოპულარული გახდა თავისი „კმაყოფილებით“ – „დიესელის“ რეკლამით – მთელ საქართველოს რომ გვამცნობდა, მეც კმაყოფილი ვარ და ჩემი ოჯახიცო.
ბაია:
„მახსოვს ატელიეში შევედი, შარვალი მინდოდა გადამეკეთებინა. მკერავმა უკმაყოფილოდ გამომართვა შარვალი. არ ვიცი, კმაყოფილი დარჩებით თუ არა ჩემი ნამუშევრით, მაგრამ ისე სულ კმაყოფილი ხართ, ტელევიზორში რომ გამოდიხართო. თქვენი ოჯახიც კმაყოფილია, თქვენც კმაყოფილი ხართ და რითი ხართ ერთი კმაყოფილი, ამიხსენითო. მე ვიდექი და ვუხსნიდი, იცით რა, ეგ ჩემი ოჯახი არაა, და საერთოდ მე ფული გადამიხადეს, ეგ რომ მეთქვა-მეთქი…“

ბაია დვალიშვილის ოჯახი, თქვენ წარმოიდგინეთ, მართლა კმაყოფილია, ოღონდ „დიესელით“ კი არა – ბაია დვალიშვილით.
ბაია:
„კონდოლიზა რაისს მეძახიან, უჩემოდ არაფერი წყდება ამ სახლში. როგორც კონდოლიზა რაისი, ისე განვაგებ ამ სახლს და ძალიან მიხარია, ყველაფერს ვასწრებ… დიასახლისობა დედაჩემმა ბავშვობიდან გამიჯინა სისხლში. ბავშვობიდან მასაქმებდა, სადილებსაც ვაკეთებდი, სახლსაც ვალაგებდი, ასე რომ, ეს ჩემთვის არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს. პირიქით, ხალისითაც ვაკეთებ ამ ყველაფერს. მე საერთოდ არ მესმის, რას ნიშნავს – „არ ვიცი, არ მცალია და ვერ ვაკეთებ…“. არც მესმის და საერთოდ არც ვცემ პატივს ასეთ ქალებს. ეს არის ტყუილი და მატრაკვეცობა. რას ჰქვია „არ იცი“. უნდა იცოდე! ყოველ შემთხვევაში, თუ არ იცი და ხელთუპყარი ხარ, რაღას ამაყობ?! ეს სამარცხვინოა და არა საამაყო. დედასნაირი დაკავებული ბევრი არ იყო, მაგრამ სუპერდიასახლისი იყო და ყველაფერსაც ასწრებდა – ბაზარში სიარულსაც, შინ დიასახლისობასაც და სცენაზე დგომასაც…“

„მე ლამაზი არასდროს ვყოფილვარ. უბრალოდ, ვცდილობდი, ყველაფერი ლამაზად მეკეთებინა. ძალიან მიყვარდა ცეკვა, ყოველთვის ვცეკვავდი. გინახავთ, იპოდრომზე ცხენი რომ გამოჰყავთ, რა გრაციოზულად, ამაყად გამოდის თავლიდან? ასე გამოვდიოდი მეც სცენაზე… მინდოდა, ყველაფერი კარგად, მომხიბვლელად გამომსვლოდა და, როგორც ჩანს, გამომდიოდა კიდეც, ამიტომ ამბობდნენ, ალბათ, ჩემზე, ლამაზიაო…“ ამბობდა მარინე თბილელი…
ბაია:
„სპექტაკლის წინ, როცა გრიმს ვიკეთებ, ზოგჯერ მგონია, რომ სარკიდან დედა მიყურებს. რაღაცით უკვე გარეგნულადაც ვამსგავსებ ჩემს თავს და ხანდახან დამიჭერია, რომ ხმის ტონიც მიგავს, სცენაზე რაღაც ჟესტსაც მისებურად ვაკეთებ და ასე შემდეგ… ერთხელ, დედას ნივთებში რაღაც ანკეტას წავაწყდი, ეკითხებიან – რისი გეშინიათო? სიბერის და სცენის მიტოვებისო, – უპასუხია… თქვენი ცხოვრების გაგრძელებას რაში ხედავთო? – ჩემი ცხოვრების გაგრძელებას ჩემს შვილში ვხედავ, ის განაგრძობს ჩემს სცხოვრებასო და, მინდა, რაღაცნაირად ავუხდინო ეს ოცნება, ღირსეულად გავაგრძელო მისი გზა სცენაზე…“

Advertisements
Post a comment or leave a trackback: Trackback URL.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: