22 ფაქტობრივი შეცდომა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის ერთ რეცენზიაში

„გამოცდილ“ თეატრმცოდნეს „გამოუცდელი“ რეჟისორისგან

(გამოქვეყნდა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის გაზეთ “დურუჯში”).

იძულებული ვარ, გამოვეხმაურო დურუჯისწინა ნომრის ერთ-ერთ პუბლიკაციას, რომელიც რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე ჩემს დადგმულ სპექტაკლებს ეხებოდა. პუბლიკაცია მთელ გვერდზეა დაბეჭდილი, ავტორი ხელოვნებადმცოდნეობის დოქტორი, თეატრმცოდნე თამარ ქუთათელაძე გახლავთ. არ დავმალავ, უფროსი თაობის თეატრმცოდნის ასეთმა ინტერესმა გამახარა და ცოტა არ იყოს გამაკვირვა – განა რით დავიმსახურე-მეთქი?

მართალიც აღმოვჩნდი არც მე და არც ერთი სხვა რეჟისორი არც დამწყები და არც ღვაწლმოსილი, დამეთანხმეთ და, ნამდვილად არ იმსახურებს, რომ მისი სპექტაკლების შესახებ დაწერილი ერთი საგაზეთო რეცენზია სავსე იყოს უხეში ფაქტობრივი შეცდომებით. ამ რეცენზიასა თუ პასკვილში დაშვებულია 22 უხეშზე უხეში ფაქტობრივი შეცდომა, რაც არათუ ხელოვნებადმცოდნეობის დოქტორს, ზოოვეტინსტიტუტდამთავრებულ არაპროფესიონალ ჟურნალისტსაცარ ეკადრება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თეატრმცოდნემ რედაქციამდე სპექტაკლის სათაური მაინც უნდა მიიტანოს დაუმახინჯებლად!

არადა, გაზეთი რომ გადავშალე, გამიხარდა და ვიფიქრე, რომ უფროსი თაობის თეატრმცოდნის რაიმე საგულისხმო რჩევას, კრიტიკულ შენიშვნებს ვიპოვიდი იქ, რაც შემდგომ მუშაობაში წამადგებოდა. შენიშვნებიც უხვადაა, კრიტიკაც, განქიქებაც (დამსახურებული თუ დაუმსახურებელი, ეს ცალკე თემაა და ნამდვილად არ შევუდგები მათ განხილვას), მაგრამ 22 ფაქტობრივი შეცდომის აღმოჩენისა და არაერთი ურთიერთსაწინაღმდეგო შეფასების თუ დასკვნის წაკითხვის შემდეგ, გამიჩნდა კითხვა ღირს კი ამ კვალიფიკაციის ავტორის ან რჩევის, ან შენიშვნის გაზიარება?

შეცდომა #1: უხეში და ყოვლად დაუშვებელი შეცდომა სათაურშივეა – ძმებიდა აივანი. მინდა განვმარტო: მე არ დამიდგამს „ძმები“, „ძმები“ თავისუფალ თეატრში დადგა ბატონმა ავთო ვარსიმაშვილმა. მე, რეზო შატაკიშვილმა, რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე დავდგი ფაუსტო პარავიდინოს „ორი ძმა“. არ იფიქროთ, რომ ქალბატონი დოქტორი მხოლოდ სათაურში იხსენიებს „ორ ძმას“ – „ძმებად“. ყველგან და არაერთგან ის სპექტაკლს მოიხსენიებს – „ძმები“ და არსად – „ორი ძმა“.

ქალბატონმა დოქტორმა დისერტაცია დაიცვა ჩემი პირველი პედაგოგის, ბატონ შალვა გაწერელიას შემოქმედებაზე, ამჟამად კი ბატონ შალვასთან ერთად მსახიობების სამაგისტრო ჯგუფს ხელმძღვანელობს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში. ვეკითხები ქალბატონ თამარს: ბატონი შალვა 2008-2009 სასწავლო წელს, სამსახიობო ჯგუფთან სადიპლომო სპექტაკლად ა. ჩეხოვის „სამ დას“ დგამდა თუ ჩეხოვის „დებს“?! ან როგორ ფიქრობს, ბატონ შალვას ამ სპექტაკლზე მუშაობა რომ დაესრულებინა და მას ანალოგიური შემართებით დაეწერა, თითქოს შალვა გაწერელიამ ჩეხოვის „დები“ დადგა, ამის წამკითხავ ბატონ შალვას გაუჩნდებოდა სურვილი, მასთან ერთად სამაგისტრო ჯგუფი აეყვანა?

შეცდომა # 2: ქალბატონი თამარი მე მიხსენიებს სარეჟისორო ფაკულტეტის მაგისტრანტად. მეტად სამწუხაროა, რომ ქალბატონმა დოქტორმა ესეც არ იცის – უნივერსიტეტში, სადაც მოღვაწეობს, საერთოდ არ არსებობს სარეჟისორო ფაკულტეტი. თეატრისა და კინოს უნივერსიტეტს აქვს დრამის ფაკულტეტი, სადაც დრამის რეჟისურა წარმოდგენილია როგორც სპეციალობა.

შეცდომა #3: ქალბატონი დოქტორი წერს „…მაგისტრანტის რეზო შატაკიშვილის ორი სპექტაკლი იხილა თეატრალურმა საზოგადოებამ“.

განვმარტავ: ჩემი სპექტაკლები არ უხილავს მხოლოდ თეატრალურ საზოგადოებას, ორივე სპექტაკლი იხილა ფართო მაყურებელმა – ბილეთები იყიდებოდა თეატრის სალაროში და სპექტაკლს ესწრებოდა თეატრალური საზოგადოებაც და ფართო მაყურებელიც.

შეცდომა #4: ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი პიესის ავტორად იხსენიებს ფაუსტო პარავედინოს. განვმარტავ: პიესის ავტორია ფაუსტო პარავიდინო და ეს გარკვევით იყო აღნიშნული როგორც აფიშაზე, ისე მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე გამოცემულ პროგრამაში.

შეცდომა #5: ქალბატონი დოქტორი ოთარ ქათამაძის „აივანის“ შესახებ წერს: პიესა მიხ. თუმანიშვილის სახ. ფონდის მიერ ორგანიზებული კონკურსის ახალი ქართული პიესადა ფონდ ღია საზოგადოება ახალი ტალღისკონკურსების გამარჯვებულია“.

ასეთი ფონდი – „ღია საზოგადოება ახალი ტალღა“ საერთოდ არ არსებობს და ვერც ვერანაირ კონკურსს ვერ გამართავდა. არსებობს ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“.

შეცდომა #6: ქალბატონი დოქტორი იქვე აღნიშნავს რომ „ახალი ტალღა“ რუსთაველის თეატრთან პარტნიორობით ხორციელდება და სპექტაკლიც ამ ფორმატში დაიდგა. მოვეშვათ იმას, რომ სპექტაკლი პროექტის ფარგლებში დაიდგა და არა ფორმატში, იმასაც, რომ ეს პროექტი კი არ ხორციელდება, უკვე განხორციელდა, შევეხოთ გაცილებით არსებითს: „ახალი ტალღა“ რუსთაველის თეატრთან პარტნიორობით კი არ განხორციელებულა, რუსთაველის თეატრის პროექტი იყო, რომელიც ფონდმა „ღია საზოგადოება – საქართველომ“ დააფინანსა.

შეცდომა #7: დოქტორი წერს: ორივე სპექტაკლის სცენოგრაფიაში რეჟისორი შავ-თეთრ-წითელი ფერების კომბინაციებს ანიჭებდა პრიორიტეტს“.

იძულებული ვარ განვმარტო: შავ-თეთრ-წითელი ფერების კომბინაცია გამოყენებული მქონდა მხოლოდ „ორ ძმაში“ (თან პრიორიტეტს კი არ ვანიჭებდი, მეტი ფერი საერთოდ არ იყო გამოყენებული). სპექტაკლ „აივანის“ სცენოგრაფიაში კი საერთოდ არ იყო გამოყენებული წითელი ფერი. სცენაზე იდგა იასამნისფერი აივანი და ვეება, 3,5 მეტრი სიმაღლისა და 5,5 მეტრი სიგანის თაღი – ასევე იასამნისფრად შეღებილი… „აივანში“ წითელი იყო მხოლოდ ფერმონიას ღამის ქოთანი, ტელეფონი, პავლიკოს სავარჯიშო გირები, ტაისას ბაირაღი – რაც მსუბუქ რეკვიზიტს წარმოადგენს და სცენოგრაფიად ვერ „გასაღდება“.

იხილეთ სპექტაკლის (ო.ქათამაძის „აივანი“) ფოტოები და თავად განსაჯეთ რა ფერები სჭარბობდა სცენოგრაფიაში…

შეცდომა #8: ქალბატონი დოქტორი განაგრძობს: ამ სამი ფერის პრიმატი ჭარბობდა მსახიობების ჩაცმულობაშიც“.

კვლავ იძულებული ვარ განვმარტო, თან დეტალურად: მსახიობების ჩაცმულობაში ეს სამი ფერი გამოყენებული იყო „ორ ძმაში“, თან, კი არ ჭარბობდა, მხოლოდ ეს ფერები იყო გამოყენებული. რაც შეეხება „აივანს“, ფერმონიას ეცვა კრემისფერი პერანგი და ჩალისფერი ხალათი, მარტას – კაშკაშა ლურჯი კაბა, ტაისას – ხასხასა მწვანე კაბა, პავლიკოს – ფორთოხლისფერი პიჯაკი, სანდროს – ნაცრისფერი ხალათი, ნიკუშას – კაშკაშა ლურჯი მაისური… წითელი კოსტიუმი არ სცმია არც ერთ გმირს!

ზაზა პაპუაშვილის გმირის რეპლიკა გამახსენდა (რობერტ სტურუას სპექტაკლიდან „ბიდერმანი და ცეცხლის წამკიდებელნი“) – „ცეცხლის წამკიდებელი რომ იყოს, იტყოდა? იტყოდა?..“

ქალბატონი თამარი რომ სპექტაკლზე ყოფილიყო, ასეთ რამეს დაწერდა? დაწერდა?

აბა, რანაირად უნდა მოახერხო, სცენაზე იდგეს 5,5 მეტრი სიგანისა და 3,5 მეტრი სიმაღლის იასამნისფერი თაღი და ვერ დაინახო?! მოძრაობდნენ ლურჯ, მწვანე, სტაფილოსფერ, ჩალისფერ კოსტიუმებში გამოწყობილი მსახიობები და ამტკიცო, რომ მსახიობების ჩაცმულობაში შავ-თეთრ-წითელი ფერები სჭარბობდაო?!

რასთან გვაქვს საქმე – დალტონიზმთან? არადა, დალტონიზმით დაავადებული წითელსა და მწვანეს ვერ არჩევს, ქალბატონმა დოქტორმა კი გაარჩია – ნინო არსენიშვილის გმირს კაშკაშა მწვანე კაბა ეცვა და კიდევ უფრო ხასხასა მწვანე პლატფორმიან „ბასანოჩკებზე“ იყო წამოსკუპებულიო.

აბა, რასთან გვაქვს საქმე? უკიდეგანო არაკვალიფიციურობასთან, ნინო არსენიშვილის კაბაზე უარესად რომ ხასხასებს? სცენაზე ფერების გარჩევას რა კვალიფიკაცია უნდა? თუ ბოღმასთან, რომელიც ისე გაბრმავებს, რომ სცენაზე ხუთმეტრიან თაღსაც ვეღარ ხედავ? კი, მაგრამ, რა დავუშავე, ან რა გავუწითლე, ან რა გავუთეთრე ქალბატონ დოქტორს?

იხილეთ სპექტაკლის (ო. ქათამაძის „აივანი“) ფოტოები და თავად განსაჯეთ რაომელი სამი ფერის პრიმატი სჭარბობს მსახიობთა ჩაცმულობაში.


შეცდომა #9: ქალბატონი დოქტორი წერს, რომ „ძმები“ ჩემი პირველი რეჟისორული ნამუშევარია. მე „ძმები“ არ დამიდგამს და ამდენად ვერც პირველი იქნება, ვერც _ მეცხრე და არც „ორი ძმაა“ ჩემი პირველი რეჟისორული ნამუშევარი. „ორი ძმა“ ჩემი მეხუთე რეჟისორული ნამუშევარია. პირველი სპექტაკლი – ტენესი უილიამსის „გათელილი პეტუნიები“ მეორე კურსზე თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სწორედ იმ აუდიტორიაში (#28) დავდგი, რომელშიც ამჯამად ქალბატონი თამარი ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას – მაგისტრანტებს ზრდის.

შეცდომა #10: ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი წერს რომ „ძმები“ დაიდგა 2010 წელს. „ძმები“ ბატონმა ავთო ვარსიმაშვილმა 2005 წელს დადგა; რაც შეეხება „ორ ძმას“, დაიდგა 2009 წელს. არა მგონია, ჩემს სპექტაკლს დროთა კავშირი დაერღვია… თუ ქალბატონი დოქტორი სპექტაკლს 2010 წელს დაესწრო, მინდა შევახსენო, რომ სპექტაკლის დადგმის თარიღად პრემიერის თარიღი მიიჩნევა და არა ის, იგი როდის ნახავს…

შეცდომა #11: „ორი ძმის“ მთავარი გმირები არიან ძმები – ბორისი და ლევი. ქალბატონი დოქტორი ბორისს არსად ახსენებს, მეორე ძმას – ოთხგან და ოთხივეგან შეცდომით – ლევი „ლეო“-დ „მონათლა“. ნეტავ, გააქართულა თუ გააიტალიურა? (მადლობა ღმერთს, ლევიკო ან ლევანიკო არ დაარქვა!). დაუდგენელია, რა წყაროებზე დაყრდნობით აქცია ლევი ლეოდ, როცა იტალიური ენის აღიარებული სპეციალისტის, ხათუნა ცხადაძის თარგმანში ლევია? დედამ შვილებს რუსული ლიტერატურის გავლენით დაარქვა სახელები – ბორისი და ლევი. უკაცრავად, „ომი და მშვიდობა“ ლეო ტოლსტოიმ დაწერა?

შეცდომა #12: როგორც ირკვევა, ქალბატონ თამარს, სიუჟეტიც არასწორად გაუგია – მიტოვებული და შეურაცხყოფილი ქალი შურისძიების მიზნით შეყვარებულის ძმასთან გააბამს რომანს“-ო. არადა, სპექტაკლი სწორედ იმით იწყება, რომ ერიკას თავისი შეყვარებულის ძმის მიმართ აქვს ლტოლვა და ცდილობს, გაიპაროს სახლიდან და თავი დააღწიოს დამღუპველ ვნებას… ეს იქნებ მეც დამაბრალოს, ამბავს ვერ ყვები და შენი ბრალიაო, მაგრამ ძალიან მაინტერესებს, რას ან ვის დააბრალებს მორიგ შეცდომას?

შეცდომები #13, #14, #15: დოქტორი წერს: საკუთარ თავთან უშედეგო ომით დაღლილი, ორმხრივი ღალატით დათრგუნული ძმები, ლეო-შაკო მირიანაშვილი და ბექა მიქაძის სცენური გმირები, დაკარგული თავისუფლების მოპოვების მიზნით, იძულებული ხდებიან საყვარელი არსება მკვლელობით მოიკვეთონ გულიდან“.

შეცდომა #13: ბექა მიქაძის სცენური გმირია მეზობელი ფაუსტო და არა ძმა…

შეცდომა 14: „ლეო-შაკო მირიანაშვილი და ბექა მიქაძის სცენური გმირები“ – სულ ცოტა იმას ნიშნავს, რომ ბექა მიქაძე რამდენიმე სცენურ გმირს ასახიერებდა. განვმარტავ – ბექა მიქაძე ასახიერებდა ერთადერთ გმირს – ძმების ისტორიის მოთვალთვალე ავტორს – მეზობელ ფაუსტოს…

შეცდომა #15: და კიდევ, ერიკას კლავს მხოლოდ ერთი ძმა – ლევი და ეს გარკვევით და ცხადად იკვეთება, მინიმუმ ტექსტიდანაც. როგორც ხედავთ, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა ისიც ვერ გაარკვია, ვინ მოკლა ერიკა, ერთმა ძმამ, ორმა ძმამ თუ ერთმა ძმამ და მეზობელმა, რომელსაც მათი სახლის ზღურბლისთვის არც გადაუბიჯებია. მან ფინალში, უკვე მკვდარს გადაუღო შორიდან ფოტო. ბექა მიქაძის გმირი კი ფოტოაპარატით მომუშავე სნაიპერი ნამდვილად არ იყო… თან უკვე მკვდრისთვის და ვარდის ფურცლებში ჩაფლული გოგონასთვის რომ დაეხლია „საკონტროლო“ ტყვია…

შეცდომები #16, #17: დოქტორი წერს: სოფი მაიერი თავისი პერსონაჟის ჰედონისტური სწრაფვების წარმოსაჩენად, მთელი სპექტაკლის მანძილზე თან დაატარებს შოკოლადით სავსე ქილას და ყოველ ხელსაყრელ წუთს ნეტარებით აგემოვნებს მას“.

შეცდომა #16: ჰედონისტურ სწრაფვებს შოკოლადის ჭამით ვერ წარმოაჩენ. შოკოლადის ჭამით, დიდი-დიდი, გემოთმოყვარეობა ან მსუნაგობა წარმოაჩინო.  ჰედონიზმი ეთიკის იდეალისტური მიმდინარეობაა (ეს მოძღვრება ჩაისახა ძველ ბერძნულ ფილოსოფიაში, ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-4 საუკუნეში), რომელიც ცხოვრების მიზნად და უმაღლეს სიკეთედ უდიდეს სიამოვნებას, ნეტარებას მიიჩნევს. მე-18 საუკუნის ფრანგ მატერიალისტებთან ჰედონიზმი მიმართული იყო ფეოდალური იდეოლოგიისა და მისი რელიგიურ-ასკეტური მორალის წინააღმდეგ. რა შუაშია ჰედონიზმთან „ნუტელას“ ჭამა?

შეცდომა #17: ორსაათიან სპექტაკლში სოფი მაიერის ერიკა სულ სამჯერ ჩნდება „ნუტელას“ ქილით, თან თითო წუთით (სპექტაკლის ზუსტი ქრონომეტრაჟი – 1 საათი და 52 წუთი). პირველად – სპექტაკლის დაწყებიდან 27-ე წუთზე, მეორედ – 50-ე წუთზე, მესამედ – 92-ე წუთზე. მაიერს თითქმის ორსაათიან სპექტაკლში 3 წუთიც არ სჭერია ხელში შოკოლადის ქილა და სულ 9-ჯერ ჩაჰყო თითი იქ. ესაა მთელი სპექტაკლი?! სოფი მაიერის ერიკა გაცილებით ხშირად ვაშლს ახრამუნებდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ქალბატონ თამარს ვაშლის ჭამა არაჰედონისტურად ეჩვენა…

შეცდომები #18, #19: ქალბატონი დოქტორი თეატრისა და კინოს უნივერსიტეტს თეატრალურ უნივერსიტეტად იხსენიებს. თეატრალურ უნივერსიტეტს საქართველოს სინამდვილეში არ უარსებია – არსებობდა თეატრალური ინსტიტუტი, რომელიც გარდაიქმნა თეატრისა და კინოს უნივერსიტეტად.

ქალბატონი დოქტორი ასევე ახსენებს „შალვა გაწერელიას სახელოსნოს“. დღევადელ თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში სახელოსნოები არ არსებობს, არსებობს ჯგუფები.

შეცდომა #20: ქალბატონი დოქტორი ოთარ ქათამაძის „აივანში“ მონაწილე მსახიობების ჩამოთვლისას ახსენებს გიორგი იაგორაშვილს, რომლის გვარი მართლაც იყო მითითებული აფიშაზე, მაგრამ მას არ უთამაშია სპექტაკლში – ავადმყოფობის გამო. იგი შეცვალა მსახიობმა გიორგი ოქროპირიძემ (სპექტაკლის პროგრამაში სწორედ გიორგი ოქროპირიძე ეწერა), რომელსაც რეცენზიაში ახსენებს კიდეც. ზემოთ არ ახსენებს, ქვემოთ ახსენებს…. იქნებ მომედავოს და დამადანაშაულოს კიდეც, აფიშაში გეწერათ და რა ვქნა, თუ დამწყები მსახიობი ვერ ვიცანიო, მაგრამ რით ახსნის შემდეგ შეცდომას?

შეცდომა #21 ყველაზე სამარცხვინო: ქალბატონი დოქტორი წერს: მსახიობ ეკა მოლოდინაშვილის მიერ შექმნილი სცენური გმირი, უტრირებული სახისმეტყველებით, მოვლენებზე არაადექვატური რეაქციებით, ხელოვნური მოძრაობებითა და გაუაზრებელი ფრაზების ჟონგლიორობით, უშედეგოდ იღწვის შექმნას შთამბეჭდავი კომედიური საქციელი, გაამართლოსდრამატურგის მიერ დადგენილი ჟანრი“.

განვმარტავ: მსახიობ ეკა მოლოდინაშვილს საერთოდ არ უთამაშია ჩემს სპექტაკლში და შესაბამისად, არც არსად ყოფილა მისი გვარი ნახსენები – არც აფიშაზე, არც პროგრამაში. ჩემს სპექტაკლში მარტას როლს ასახიერებდა მსახიობი ეკა მინდიაშვილი. ზემოთ, მსახიობების ჩამონათვალში ახსენა კიდეც ეკა მინდიაშვილი, ქვემოთ მის ნაცვლად ეკა მოლოდინაშვილი გათათხა. გეკითხებით, ნანახი რომ ჰქონდეს სპექტაკლი, ამას დაწერდა? დაწერდა?

არ მითხრათ ახლა, რა მოხდა, შეეშალაო. თამუნა ნიკოლაძის ქეთევან ღლონტის არ იყოს, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, მაგრამ 22-ჯერ?

ქალბატონ დოქტორს ცოტა უხერხულად მაინც არ მიაჩნია რუსთაველის თეატრის ორი მსახიობი რომ ერთმანეთში ერევა და ერთის მაგიერ მეორეს უყენებს პრეტენზიებს? ვგონებ, ქალბატონი დოქტორისგან არც ქალბატონი ეკა მინდიაშვილი იმსახურებს ასეთ აგდებულ ტონსა და შეფასებებს, ეს ჩემი აზრია, მაგრამ მსახიობი, რომელსაც „აივანში“ საერთოდ არ უთამაშია, არანაირად რომ არ იმსახურებს თათხვას, ფაქტია და თან – ვირივით ჯიუტი. უკაცრავად და, მსახიობის ლანძღვა იმ როლის განსახიერებისთვის, რომელიც მას არ უთამაშია, თეატრმცოდნეობის ახალი სტილია?

და კიდევ: შეცდომაა – „არაადექვატური“; სწორია – „არაადეკვატური“. შეცდომაა – „იღწვის“; სწორია – „იღვწის“.

შეცდომა #22: ქალბატონი დოქტორი წერს „…მათი ვაჟი ზურაბ ჯავახიას გმირი – ზუკა“. განვმარტავ – ზურაბ ჯავახია მართლაც თამაშობდა სანდროსა და მარტას ვაჟს, მაგრამ მას ჰქვია არა ზუკა – არამედ ნიკუშა და ეკა მინდიაშვილის  (და არა ეკა მოლოდინაშვილის) მარტა და ნინო არსენიშვილის ტაისა მას წამდაუწუმ ეძახდნენ „ნიკუშა, ნიკუშა…“ ზუკა კი, სანდროს და მარტას ქალიშვილის – მეგის შეყვარებულს ჰქვია, რომელიც ასევე ხშირად იმეორებს: „ზუკა ვარ, ზუკა…“ უკაცრავად და, თუ პროგრამაში ჩახედვა დაგეზარათ, ან სცენიდან ამდენჯერ დაძახებული სახელების დამახსოვრება დაგეზარათ, საერთოდ, რა გრჯიდათ, რომ ცდებოდით ჩვენზე?

აღარაფერს ვამბობ იმ ორთოგრაფიულ, სტილისტურ შეცდომებზე, რომლებითაც სავსეა ქალბატონ დოქტორის პასკვილი, არც იმაზე, თუ საიდან, რომელი ლექსიკონიდან ამოკრიბა ფერთა „სიმბოლიკა“, შავი გლოვის გარდა, ლამის ყველაფრის ფრად რომ დასახა – სექსუალობის ფერადაც კი. არც იმაზედ, რომ დაასკვნა, წითელი შიმშილს იწვევსო. ვინმეს მოშივდა გვერდით მჯდომს? არც მისეულ დასკვნებს შევეხები და არც დავას ვაპირებ მასთან, მაგრამ უყურადღებოდ ნამდვილად ვერ დავტოვებ მის ურთიერთგამომრიცხავ შეფასებებს.

ერთგან ჩემს „გაუწაფავ შემოქმედებით ფანტაზიაზე“ საუბრობს, მეორეგან კი წერს, რომ კონკრეტული სცენა რეჟისორის მიერ მართლაც გამორჩეული სისადავითა და ფანტაზიის შესაშური ელვარებითაა შექმნილი“.

რა გავიგო? „გაუწაფავი“ ფანტაზია მაქვს თუ  „შესაშურად ელვარე“?

კი, ერთი შეფასება ერთ სპექტაკლს ეხება და მეორე – მეორეს, მაგრამ ფანტაზია ხომ ერთი მაქვს? ერთ სპექტაკლში ასე რა ძალამ ააბდღვრიალა ჩემი „გაუწაფავი“ ფანტაზია?

აი, ამ სცენაში "აელვარებულა" ჩემი "გაუწაფავი" ფანტაზია🙂

აი, ამ სცენაში "აელვარებულა" ჩემი "გაუწაფავი" ფანტაზია🙂

რეცენზიის შუაში წერს, რომ რეჟისორს თითქოს ნებაზე ჰყავდა მიშვებული ახალბედა, ჯერ კიდევ გამოუცდელი მსახიობები“, რომ მე ისინი თურმე თავისუფლებით დამისჯია, დამიბნევია და დამიტანჯია, რეცენზიის ბოლოს კი, ჰოი, საოცრებავ:

თანამედროვე ეტაპზე, თეატრალური ხელოვნება ჯერ კიდევ ტოტალური რეჟისურის ხანაში იმყოფება და მსახიობის შემოქმედებაც კვლავ რეჟისურის დიქტატის ფარგლებში ვითარდება. მსახიობი არ არის მზად თავისუფლებისა და დამოუკიდებელი შემოქმედებითი შრომისთვის, სცენური სახის გააზრებულად შექმნისთვის. ამ ფაქტისა და პრობლემის საილუსტრაციოდ ეს ორი სპექტაკლიც კმარა…

ჯერ ერთი, ვეღარ გავიგე, დიქტატორი ვარ თუ ლობიო. და მეორე, მე მგონი ქალბატონ დოქტორს ერთობ გაზვიადებული წარმოდგენა აქვს ჩემზე, თორემ არა მგონია მაგისტრანტის, დამწყები, თანაც „გაუწაფავი“ და „გამოუცდელი“ რეჟისორის ორი სპექტაკლი კმაროდეს ქართული თეატრის პრობლემების საილუსტრაციოდ და ტენდენციების გამოსაკვეთად. ანდა, რომ ბრძანებს, მსახიობი მზად არაა, თავისუფლებისა და შემოქმედებითი შრომისთვის, სცენური სახის გააზრებული შექმნისთვისო, უკაცრავად და, ვინ არაა მზად, დარეჯან ხარშილაძე? რას ამტკიცებს თავისი „გააზრებული ნაშრომით“, რომ დარეჯან ხარშილაძემ გაუაზრებლად შექმნა ან ფერმონია „აივანში“ და ბოლო-ბოლო, რეგანის შთამბეჭდავი სახე სტურუას შედევრ „მეფე ლირში“?

ქალბატონი დოქტორი მიუთითებს რომ რეჟისორულ ნამუშევარში დამკვიდრებულია მზარდი დისჰარმონია“, ეს მისი შეფასებაა და დაე, იყოს ასე, მაგრამ რა ვუყოთ იმ ფაქტორს, რომ მის ნაშრომში დამკვიდრებულია მზარდი დისბალანსი? თავად განსაჯეთ: ქალბატონი დოქტორი 237-სტრიქონიან პუბლიკაციაში 63 სტრიქონს უთმობს მსახიობ შაკო მირიანაშვილს, რომელიც თამაშობდა მხოლოდ ერთ სპექტაკლში – „ორ ძმაში“, იხსენებს მის საფესტივალო წარმატებას (სხვა სპექტაკლით), 18 სტრიქონს უთმობს მის წარმატებულ სტუდენტურ ნამუშევარს და დანარჩენ სტრიქონებში ლანძღავს – ჩემს სპექტაკლში განსახიერებული როლისთვის, მაშინ, როცა მეორე მთავარ გმირს – ირაკლი ჩხიკვაძეს მხოლოდ გაკვრით იხსენიებს ერთგან, საერთოდ არ ახსენებს, რა ერქვა მის გმირს; კრინტს არ ძრავს მის შესრულებაზე – არც ავად, არც კარგად. თან გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ირაკლი ჩხიკვაძე, შაკო მირიანაშვილისგან განსხვავებით, ორივე სპექტაკლში მთავარ როლს თამაშობდა…. ნუთუ სოფი მაიერმა, ირაკლი ჩხიკვაძემ, ქება თუ არა, თითოაბზაციანი ლანძღვა მაინც არ დაიმსახურეს? სოფი მაიერის გმირს მხოლოდ 4 სტრიქონით იხსენიებს და ისიც შოკოლადის ჭამის კონტექსტში. საერთოდ კრინტს არ ძრავს ქართული სცენის ოსტატზე, მანანა სურმავაზე, არც ახსენებს, რა როლი განასახიერა ქალბატონმა მანანამ – დედა თუ ბნედა. ეს ჩემს სპექტაკლზე რეცენზიაა თუ კონკრეტული მსახიობის „შემოქმედებითი პორტრეტი“? არ მინდა დავიჯერო, რომ ამ ყველაფრის მიზეზი მხოლოდ ისაა, რომ შაკო მირიანაშვილი თავად ქალბატონ დოქტორის მაგისტრანტია. და თუ ასეა, უბრალოდ უხერხულია, არაპედაგოგიურია საკუთარი მაგისტრანტის ამგვარი „ლობირება“ სხვისი – კერძოდ, ბატონ რობერტ სტურუას მაგისტრანტის სპექტაკლებისადმი მიძღვნილ რეცენზიასა თუ პასკვილში. მით უმეტეს, რომ მართლაც ნიჭიერ მსახიობ შაკო მირიანაშვილს არაფრად არგია ეს „ლანძღვაქებიანი“ „ლობირება“ და ვგონებ, ისედაც, ჩემგან დამოუკიდებლადაც იმსახურებს სტუდენტური გაზეთის, საერთოდ კრიტიკოსთა ყურადღებას.

დამწყებ მსახიობებს ვინ ჩივის, „აივანში“ მთავარ როლს სცენის აღიარებული ოსტატი დარეჯან ხარშილაძე ასახიერებდა, მაგრამ რად გინდა, ქალბატონი დოქტორის ყურადღებას ვერ „ეღირსა“. ნუთუ ის ფაქტი მაინც არ იმსახურებდა ყურადღებას, რომ სტუდენტის სპექტაკლში სრულიად უანგაროდ თამაშობდა ქართული თეატრის აღიარებული ოსტატი?! ქალბატონმა დოქტორმა მხოლოდ გაკვრით მოიხსენია იგი.

ფერებით და სიმბოლიკით გატაცებულმა რეჟისორმა სპექტაკლის ფინალში სრული რებუსი შემოგვთავაზა. მან მეუღლეზე მარადიული სიყვარულით გამიჯნურებული დარეჯან ხარშილაძისეულ ბებიას დაკრძალვის სცენაში, საფლავებთან მდგარ ჭირისუფლებს თავზე ჯიღად დაადგა აყვავებული ხეები“.

სპექტაკლის გროტესკულ ფინალში ბებიას შვილიშვილმა ძეგლად სამოვარიც დაადგა. როგორც ჩანს, თ. ქუთათელაძემ ეს რებუსი ამოხსნა. ან არასრული რებუსი „გამომივიდა“, ბარემ გულში ხინჯად რომ არ დარჩეს, იმ „სრულ რებუსსაც“ ავხსნი. მერე რა, რომ ეს „სრული რებუსი“ ყველამ გადასარევად გაიგო – აყვავებული ალუბლები პაროდიულად მიანიშნებდა ჩეხოვის „ალუბლის ბაღზე“, ისევე როგორც კარადასთან ნიკუშას სცენა – კარადასთან გაევის სცენის ერთგვარი პაროდია იყო; დიახ, სწორედ „ალუბლის ბაღზე“, რადგან ოთარ ქათამაძის პიესაში იკვეთებოდა „ალუბლის“ მოტივები….

და კიდევ: განა, უსიყვარულოდ გამიჯნურება არსებობს, „მარადიული სიყვარულით გამიჯნურებას“ რომ წერს ქალბატონი დოქტორი? და კიდევ: ბებია ნათესაობით ბრუნვაში „ბებიას“ კი არაა, არამედ – „ბებიის“… შესაბამისად, „ბებიის დაკრძალვაა“ და არა „ბებიას დაკრძალვა“. სტილისტურ, ენობრივ შეცდომებზე და აბდაუბდაზე საუბარი შორს წაგვიყვანს…

P.S. უკომენტაროდ: ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხიაში“ პროკურორი პატიმრებს ასეთ ისტორიულ ფაქტს უყვება. იმპერატორმა ნიკოლოზ მეორემ სამი სტუდენტისგან სახელმწიფო რეფორმის 16-გვერდიანი პროექტი მიიღო, განრისხებულმა პრემიერ-მინისტრ სტოლიპინს უხმო და ხელნაწერი დაუდო. სტოლიპინი წითელი ფანქრით ხელში შეუდგა კითხვას… ბოლოს იმპერატორს სთხოვა: გთხოვთ დაადოთ ამ საბუთს შემდეგი ვიზა: რუსული მართლწერის დაუფლებამდე სახელმწიფო რეფორმებს ნუღა შეეხებით, დროს ამაოდ ნუღარ დამაკარგვინებთ! ნიკოლოზი“. ამ 16 გვერდზე 61 ენობრივი, სტილისტური და ორთოგრაფიული შეცდომაა დაშვებული, თქვენო უდიდებულოესობავ თქვენ დაადეთ ხსენებული ვიზა, მე ამ წერილს ავტორებს გადავუგზავნი და თვალთვალს დავუნიშნავ. შედეგებს მოგახსენებთ. ხელმწიფე-იმპერატორმა ჩაიცინა და ბატონ პრემიერ-მინისტრის თხოვნას დაჰყვა. ნაწერი სტუდენტებს უნივერსიტეტის მისამართით გადაეგზავნა. მისი უდიდებულესობის კარის შტემპელიანმა კონვერტმა, გასაგებია, სტუდენტებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ორასამდე ახალგაზრდამ მოიყარა თავი პაკეტის საზეიმო გახსნასა და წაკითხვაზე. რეზულტატი: ორმა ავტორმა საერთოდ დაანება უნივერსიტეტს თავი, მშობლების იმ მამულებს მიაშურა, რომლის ჩამორთმევასაც თავის პროექტში ისე დაჟინებით მოითხოვდა. მესამე გალოთდა! მეფე ტახტზე დარჩა…

P.S.s ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი თამარ ქუთათელაძე სხვებთან ერთად თეატრის ენციკლოპედიაზე მუშაობს. ფრიად საინტერესოა, მის მიერ მოძიებული მასალები და მისეული პუბლიკაციები ანალოგიურად უხეში ფაქტობრივი შეცდომებით იქნება სავსე? მეტად საინტერესო ენციკლოპედია კი იქნება, ღმერთმანი…

რეზო შატაკიშვილი,

თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის დოქტორანტი

 

Post a comment or leave a trackback: Trackback URL.

Comments

  • Manana  On December 3, 2010 at 11:01 am

    am qals etyoba arc speqtakli unaxavs, arc misi programa waukiTxav (Tu aseTi arsebobda) da gafuWebuli telefoniT aqvs statia dawerili. ra ginda dar erCi kidev kargad mouxerxebia!

    P.S. Cem wigns velodebi, rezo, Torem dedaCemi saxlSi aRar miSvebs.

    Like

  • Tak_k  On December 4, 2010 at 7:38 pm

    ხალისით, წყალივით წავიკითხე ეს ოქროსავით სვეტი! :)) იმდენად გამიხარდა თქვენი დოქტორანტობის ამბავი, რამდენადაც აწ უკვე დოქტორის ამბავი მეწყინა.
    გმადლობთ
    თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კინომცოდნეობის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენი

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: