ქუთათელაძეების ოჯახი

რეზო შატაკიშვილი

(დაიბეჭდა “საერთო გაზეთში”).

ანზორ და ეკა ქუთათელაძეები

ინტელიგენტურობა, ზომიერება და კეთილშობილება – აი, თვისებები, რაც გამოარჩევდა ანზორ ქუთათელაძეს ქართველ რეჟისორთა შორის…
ეს თვისებები თითქმის პირწმინდად აირეკლა მისი ქალიშვილის – ეკა ქუთათელაძის ხასიათშიც…


ანზორ ქუთათელაძე 1933 წლის 5 იანვარს დაიბადა. ბაბუა – დედის მამა – კოლია ასათიანი ზესტაფონის თეატრის მსახიობი იყო და ამიტომ არავის გაჰკვირვებია, არც მაშინ 13 წლის ანზორმა პიონერთა სასახლის დრამწრეს რომ მიაშურა და არც შემდეგ – 1951 წელს, სკოლის დამთავრებისთანავე რომ თეატრალურ ინსტიტუტს მიაშურა და სარეჟისორო ფაკულტეტზე ჩაირიცხა.
1956 წელი მნიშვნელოვანი იყო ანზორ ქუთათელაძისთვის – შეეძინა ქალიშვილი ეკა… ანზორ ქუთათელაძესა და ლია ლეკიშვილს ერთმანეთი რომ შეუყვარდათ ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობდნენ – ანზორი ვაჟთა, ლია კი – ქალთა სკოლაში. ფარულად ხვდებოდნენ ერთმანეთს. ერთობ უჩვეულო მიმოწერაც ჰქონიათ – ეკა ქუთათელაძე მამის არქივის მოწესრიგებისას გადააწყდა ამ წერილებს. ანზორი ლიას სწერდა წერილებს, მაგრამ თავის გვარსა და სახელს კი არ აწერდა, აწერდა „შენი ლამარა“, „შენი თინა“… ლია მიიღებდა წერილს და ხვდებოდა, ვინც იყო „ლამარა“… როცა შეუღლდნენ, ანზორი თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტი იყო, ლია – სამედიცინო ინსტიტუტის…
1956 წელს ანზორ ქუთათელაძემ თეატრალური ინსტიტუტი დაამთავრა – სადიპლომო სპექტაკლი სოხუმის თეატრში დადგა – რეზო თაბუკაშვილის „რას იტყვის ხალხი“.
„სოხუმის ქართულ თეატრში სადიპლომო სპექტაკლის დასადგმელად სრულიად ახალგაზრდა, ელეგანტური შესახედაობის ვაჟი ჩამოვიდა. დადგა სპექტაკლი და წავიდა… წავიდა, მაგრამ წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა, როგორც ნიჭიერმა, პერსპექტიულმა შემოქმედმა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო მისი ადამიანური თვისებები და აი, რვა წლის შემდეგ ეს კაცი თეატრში მოვიდა უკვე როგორც მთავარი რეჟისორი…“ –  იხსენებდა ვიქტორ ნინიძე.
ის რვა წელი კი ანზორ ქუთათელაძე მარჯანიშვილის თეატრში მოღვაწეობდა.
მარჯანიშვილის თეატრში ანზორ ქუთათელაძის დებიუტიც 1956 წელს შედგა…
23 წლის ახალგაზრდა რეჟისორი მარჯანიშვილის თეატრში ტიტანების გარემოცვაში აღმოჩნდა. მარჯანიშვილის სცენაზე მისი დებიუტი გურამ მაცხონაშვილთან ერთად დადგმული „სამი ბულბულის ქუჩა #17“ იყო. დებიუტანტი რეჟისორების სპექტაკლში სცენის აღიარებული ოსტატები იყვნენ დაკავებული – აკაკი კვანტალიანი, მარინე თბილელი, ელენე ყიფშიძე…

მარინა თბილელი

მარინა თბილელის მოგონებიდან: „ჩემთვის სპექტაკლი „სამი ბულბულის ქუჩა #17“ არაჩვეულებრივი იყო და აი რატომ! სპექტაკლი დადგეს დებიუტანტმა რეჟისორებმა ანზორ ქუთათელაძემ და გურამ მაცხონაშვილმა. ისინი საოცარი გატაცებით მუშაობდნენ. სარეპეტიციო დარბაზში მხიარული ატმოსფერო სუფევდა. ჩვენც ვცდილობდით, ავყოლოდით ახალგაზრდა რეჟისორების მჩქეფარე ფანტაზიას. რეჟისორებმა მოიწვიეს საფრანგეთიდან ახლად ჩამოსული ქორეოგრაფი გულბაათ დავითაშვილი – სარეპეტიციო დარბაზში აჟღერდა უცხოური თანამედროვე მუსიკა. ქორეოგრაფმა დადგა იმ დროისათვის მეტად მოდური ცეკვა „ბუგი-ბუგი“, რომელსაც მე და მერაბ თაბუკაშვილი დიდი აზარტით ვასრულებდით. ეს ეპიზოდი ყოველთვის ტაშის გრიალში მიდიოდა.
სპექტაკლი იწყებოდა მსუბუქი, მხიარული რიტმით. აკაკი კვანტალიანის ენერგიული ნაბიჯით შემოსვლა საწინადარი ხდებოდა სპექტაკლის მთლიანი განწყობილებისა. სცენაზე იდგა პირობითი დეკორაცია – მშენებარე ბინა ხარაჩოებში, რომლის ბინადარნი მთელი ღამე ყარაულობდნენ ნაჯახებით შეიარაღებულნი, რომ ახალი მოსახლე არ შემოესახლებინათ. მე –  ლულა –  ჩამოვდიოდი დეიდა პოლისთან სტუმრად, რომელსაც ფუმფულა და კეთილი გენრიეტა ლეჟავა თამაშობდა. მოდურად მეცვა, მოკლე მოტკეცილ შავ კაბაზე მწვანეფოთლებიანი დიდი სტაფილო მქონდა მიხატული, თავზე მედო ტაფასავით ქუდი დიდი ფრთით. დეიდასთვის საჩუქრად ჩამომყავდა თხა. მსახიობებს ეს თხა ძალიან შეგვეჩვია. ყველას გვცნობდა. სპექტაკლის დასასრულს აკაკი კვანტალიანი თხას რქაში ხელს წაავლებდა, ავანსცენაზე მიჰყავდა და მაყურებლისთვის მადლობას ახდევინებდა, ეს პროცესი თხასაც უყვარდა და თავს აქიცინებდა, ტაშს აყოლებდა… სიცოცხლით სავსე სპექტაკლი იყო, მსახიობებიც დიდი სიამოვნებით ვთამაშობდით. მთელი საქართველო მოვიარეთ ამ სპექტაკლით, ყველგან უდიდესი წარმატება ჰქონდა…“

1959 წელს ანზორ ქუთათელაძემ გურამ მაცხონაშვილთან ერთად მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე „შავთვალა გოგონა“ დადგა, „შავთვალა გოგონას“ „ჩარლის დეიდა“ მოჰყვა. შემდეგ კი, 1962 წელს დადგა „ბაფთიანი გოგონა“ –  სპექტაკლი, რომელშიც განსახიერებულ როლს – ჰარას – სოფიკო ჭიაურელი თავის არტისტულ პასპორტად მიიჩნევდა…

„რეჟისორი ანზორ ქუთათელაძე და მხატვარი ოთარ ლითანიშვილი დასაწყისშივე ქმნიან სპექტაკლის პლასტიკურ ხატს. სცენაზე თითქოს ძალიან შორიდან დანახული დედამიწის სფეროს გლუვი ნახევარია, რომელზედაც ერთადერთი შიშველი ხის ელასტიური, გადაზნექილი ტანია აღმართული. იგი თითქოს სივრცეებში – უღრუბლო ბერძნული ცისკენ ლამობს გაფრენას“, –  წერდა ნოდარ გურაბანიძე.

სოფიკო ჭიაურელი

„თითქოს გუშინ იყო ის დაუვიწყარი დღეები, თეთრად ნათევი ღამეები, როდესაც ჩვენ „ბაფთიან გოგონაზე“ ვმუშაობდით. ჩვენს სპექტაკლს წინ უძღვოდა ევრიპიდეს „მედეა“ ბატონ არჩილ ჩხარტიშვილის დადგმით და ვერიკოს მონაწილეობით. ეს მართლაც შესანიშნავი სპექტაკლი მაყურებელმა ზარ-ზეიმით მიიღო, ეს იყო მარჯანიშვილის თეატრის და მთელი დასის დიდი გამარჯვება. და აი, რიგშია ჩვენი „გოგონა“. შენ სრულიად ახალგაზრდა რეჯისორი, მე ახალბედა მსახიობი და მახსოვს, რომ თეატრში არავის სჯეროდა (ალბათ ჩვენს გარდა), რომ გამოვიდოდა კარგი წარმოდგენა და წარმოდგენა გამოვიდა, გამოვიდა უპირველეს ყოვლისა შენი პოეტური ბუნების, შენი თავდავიწყების, შენი ტალანტის გამო… არც მანამდე და არც მას შემდეგ, არასოდეს მქონია ის საოცარი შეგრძნება, რომელიც დამეუფლა „ბაფთიანი გოგონას“ პრემიერის დღეს, წარმოდგენის დღეს მე ვიგრძენი სრული შერწყმა მაყურებელთან…“ –  ასე გაიხსენებს სოფიკო ჭიაურელი იმ წლებს მოგვიანებით, როცა რეჟისორს დაბადებიდან 60 წელი შეუსრულდება…
„ბაფთიან გოგონას“ დიდი წარმატება ხვდა მოსკოვსა და რიგაში გასტროლებისას. ჟურნალი „თეატრი“ წერდა:
„ქორწილის სცენა ერთ-ერთი საუკეთესოა სპექტაკლში. დადგმულია იგი თითქოსდა ვახტანგოვისეული, არა, უფრო ზუსტად, მარჯანიშვილისეული ხერხით. თავისი მღელვარე რიტმით და ნათლად აღსაქმელი მეორე პლანით, იგი დრამატულიცაა და თითქოსდა სასაცილოც… მხიარულიც, მაგრამ ღრმად ჩამალული, სევდიანი ინტონაციების მქონეც… „ბაფთიანი გოგონას“ ტრაგიკული ფინალი თავისი სახიერი გადაწყვეტით თამამად შეიძლება თეატრალური ხელოვნების ბოლო წლების ყველაზე საუკეთესო მიღწევათა გვერდით დავაყენოთ“…

ანზორ ქუთათელაძემ 1963 წელს „უსახელო ვარსკვლავი“ დადგა, 1964 წელს კი „ჯარისკაცის ქვრივი“, სადაც ჯარისკაცის ქვრივს –  ხათუნას დოდო ჭიჭინაძე ანსახიერებდა…
1964 წელსვე ანზორ ქუთათელაძე სოხუმის ქართულ თეატრში გადაიყვანეს მთავარ რეჟისორად. სწორედ იქ დადგა სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“ და სწორედ ამ სპექტაკლში გამოვიდა პირველად სცენაზე ანზორ ქუთათელაძის ქალიშვილი – ეკა ქუთათელაძე.

ეკა ქუთათელაძე

ეკა მაშინ მხოლოდ ათი წლის იყო. მაშინ იქ, სოხუმში ბებიასთან ისვენებდა.
ეკას ბაბუას – კოტე ქუთათელაძეს, ჯანმრთელობის შერყევის შემდეგ, ექიმებმა ურჩიეს თბილისიდან საცხოვრებლად ზღვისპირას გადასულიყო. ეკას ბებია-ბაბუა სოხუმში გადავიდნენ საცხოვრებლად. ეკას ბებია –  ნორა ასათიანი სოხუმის თეატრალური საზოგადოების დასასვენებელ სახლს ხელმძღვანელობდა. ეკა ყოველ ზაფხულს ბებიასთან ატარებდა და იმ წელსაც იქ იყო…
მამიკომ ჰკითხა –  გინდა სცენაზე გამოხვიდე?
როგორ არ უნდა? ამას კითხვა უნდა?
პირველ რეპეტიციაზე დიდის ამბით წავიდა. ხუმრობა ხომ არაა, ანტიგონეს თამაშობს. ცხადია, ყველას იცნობდა თეატრში, ყველა სიყვარულით შეეგება, პრემიერაზე დიდი თაიგულიც მიართვეს, ის კი ადგა და ყველას ჩამოურიგა ყვავილები…
მერე სოხუმის თეატრთან ერთად გასტროლებზეც წავიდა ოდესაში, თანაც გემით. მსახიობები გემის ერთ-ერთ სალონში უკრავდნენ, ერთობოდნენ, პატარა ეკამ ვერ მოითმინა და…

ეკა ქუთათელაძე – კადრი ფილიმიდან "მევლუდი"

ეკა ქუთათელაძე: „ყველამ იცოდა ჩემი ზღვარგადასული სიყვარული ცეკვისადმი, იმ სალონში მეც შევიჭყიტე, მუსიკის ხმაზე ავცმუკდი, ბოლოს ვეღარ მოვითმინე, წამოვხტი და ბოშურის ცეკვა დავიწყე, გრძელი თმა მქონდა ხვეული, გავიშალე ეს თმა და ამ ცეკვა-თამაშში შეგროვდა უცხო ხალხი, ისე ამაყად გამოვედი იქიდან, თითქოს მთელი ცხოვრება სცენაზე მქონდა გატარებული“.
ცეკვა მართლაც ძალიან უყვარდა, ის კი არა ბალერინობაზეც ოცნებობდა…
„7-8 წლის ვიქნებოდი, მამამ ოპერაში წამიყვანა, ჭაბუკიანი ადიოდა კიბეებზე. მამამ გაუმხილა –  ეკას ძალიან უნდა ბალერინობაო. ცეკვის ჯადოქარმა შემომხედა –  კი, კი ძალიან კარგი იქნება, ოღონდ ცოტა ნაკლები უნდა ჭამოს და გახდესო. ეს ჩემთვის ძალზე რთული იყო, ასე გამოვემშვიდობე ნალოლიავებ ოცნებას… მერე მამამ ქართული ცეკვის ანსამბლში მიმიყვანა. უნდა გენახათ, მუსიკის ხმაზე რა ამაყად მოვემზადე საცეკვაოდ, მეგონა, რომ აი, ახლავე ჩამოვუვლი და ვიცეკვებ მეთქი. თურმე რამდენი შრომა და წვალება ყოფილა საჭირო…“
ეკა 47-ე სკოლაში სწავლობდა, დადიოდა ლიტერატურულ წრეზე, სადაც სპექტაკლებსაც დგამდნენ, სწორედ იქ ითამაშა მომავალმა მსახიობმა ეკამ –  ეკატერინე ჭავჭავაძე „ბარათაშვილში“… ოცნებობდა მსახიობობაზე, მაგრამ უფროს კლასებში ცოტა შეშინდა კიდეც –  მსახიობის ცხოვრების დაძაბულმა რიტმმა შეაშინა –  რეპეტიციები, სპექტაკლები… გადაწყვიტა, მხატვარი გამოსულიყო, მაგრამ მარჯანიშვილის თეატრის ტრიუმფულმა გასტროლებმა მოსკოვში გეგმები შეუცვალა –  როგორც მაყურებელმა ირწმუნა თეატრის სასწაულებრივი ძალა და მსახიობობის ჭიას, რომელიც მოსვენებას არ აძლევდა –  გასაქანი მისცა და საბოლოოდ გადაწყვიტა, მსახიობი გამოსულიყო.

ბატონ ანზორს არაფრით სურდა, მისი ქალიშვილი მსახიობი გამოსულიყო, მაგრამ ვერაფრით გადაათქმევინა. ვერ გადაათქმევინა და განზე გადგა, დაემუქრა, არ მოგეხმარებიო, ის კი არა, იმის თქმაც კი აუკრძალა, რომ მისი შვილი იყო. არადა, თქმა რად უნდოდა, ისედაც ყველა იცნობდა – კომისიაში – ეთერ გუგუშვილი, დოდო ალექსიძე და მამის სხვა მეგობრები ისხდნენ.
„დოდო ალექსიძე მეკითხება – თქვენ გოგონა ვისი შვილი ხართ? – თქვენ არ იცნობთ მეთქი – ეშმაკურად დავიძვრინე თავი. გაეცინათ. ტურის წინ ფეხი გადამიბრუნდა, ძლივს დავდიოდი, მაგრამ მაინც მივედი. მომცეს ეტიუდი, ვითომ ცეკვის პირველი გაკვეთილია, მოდის ჩემთან ბიჭი და ცეკვის დროს მიხსნის სიყვარულს. მაშინ აბიტურიენტებს სტუდენტები ეხმარებოდნენ ეტიუდის მომზადებაში, მახსოვს ალეკო მახარობლიშვილი „გამომიყვეს“. ცეკვა უნდა მესწავლებინა. ბოლოს, მე შენ მიყვარხარო – შეთანხმებისამებრ მითხრა ალეკომ. ჩემი რეაქცია არ დამავიწყდება –  პირველად გხედავ, რა სიყვარული აგიტყდა?! ისე ბუნებრივად გამომივიდა, ყველას სიცილი აუტყდა…“
ეკა ქუთათელაძე თეატრალურ ინსტიტუტში ჩაირიცხა –  გიზო ჟორდანიას ჯგუფში. სწორედ ინსტიტუტში ეწვია სიყვარული.
შემდეგ ამ გრძნობას დაარქმევს –  ნამდვილ სიყვარულს. მანამდე კი ეგონა, რომ ადრეც უყვარდა…
“ბავშვობაში მეგონა, რომ ყველა მიყვარდა და ყველას ვუყვარდი. კი, ვუყვარდი… ვუყვარდი… ბევრს… ერთი ჩემი თანაკლასელი ბიჭი გრძნობებს ასე გამოხატავდა – თმას მაწიწკნიდა. სახლში აღშფოთებული მოვდიოდი, რა გამიჭირა საქმე-მეთქი. ერთხელაც, მწყერი მომიყვანა პარკში ჩასმული. სასხვათაშორისოდ მითხრა _ ეს შენო… პარკში რაღაც ფხაჭუნობდა, შემეშინდა, გავხსენი –  ერთი ციცქნა მწყერი იყო. იატაკზე ისე საცოდავად დარბოდა… მერე კატამ შემიჭამა, ძალიან განვიცადე…
ჩემი მეუღლე ვაჟა მინდიაშვილი პირველ კურსზევე გავიცანი. მე ბატონ გიზოსთან ვსწავლობდი, ის – რეზო მირცხულავასთან. თავიდან მეგობრები ვიყავით. იანვარში გამოცდები რომ დაიწყო, ერთად ვმეცადინეობდით. ერთხელ, ჩვენთან ვმეცადინეობდით, მამაჩემი და კოტე მახარაძე მოვიდნენ. დედაჩემმა, მახსოვს, გამოაცხო ნამცხვარი „მაკოცე“. ოთახში ნამცხვარი რომ შემოვიტანე, ჯერ მამას მივაწოდე, მერე ბატონ კოტეს, ვაჟას კი ეშმაკურად შევეკითხე: ვაჟა, „მაკოცე“ არ გინდა-მეთქი? ვაჟას ჩემს კითხვაზე ისე შერცხვა და დაიბნა, რომ აღარ იცოდა, სად წასულიყო… სიყვარული ზამთარშივე ამიხსნა. მახსოვს, იანვარში ხელსახოცში გახვეული მარწყვები მომიტანა და სიყვარულიც მაშინ ამიხსნა, 8 მარტს კი მომიტაცა… მე წავიყვანე 8 მარტს ჩემს თანაკლასელებთან ქეიფზე, იქიდან რომ წამოვედით, თავის მამიდაშვილთან წასვლა შემომთავაზა, რაღაც ვიეჭვე, მანქანაში არ ჩავუჯექი, ავტობუსით წავედით..“
ეკა ბედისწერას ვერც ავტობუსით გაექცა – მივიდნენ სტუმრად, მოილხინეს, გვიანღა შენიშნა ეკამ, საათი სულ ერთსა და იმავე დროს რომ აჩვენებდა… შინ წასვლა რომ დააპირა, უკვე ღამის პირველი საათი იყო, ვაჟამ აღარ გამოუშვა, აღარც ეკას გაუგიჟებია თავი… მერე? მერე იყო 300-კაციანი ქორწილი – კოტე მახარაძის თამადობით… ეკა მაისში გახდა 17 წლის, ვაჟა კი – 18-ის…

ეკა ქუთათელაძე და ვაჟა მინდიაშვილი

ვაჟა მინდიაშვილი ათი წელი რუსთავის თეატრში მუშაობდა, არაერთი როლი განასახიერა, შემდეგ რუსთაველის თეატრში გადმოვიდა… შემდეგ კი მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ეკას თავიდან არ მოეწონა, შემდეგ კი გვერდით დაუდგა… ვაჟა მინდიაშვილი 9 აპრილის ტრაგედიის უშუალო მონაწილე იყო. სწორედ იმ ღამეს შეხედა ცხოვრებას სხვა თვალით, შემდეგ ჩააბარა სასულიერო აკადემიაში, მღვდლად ეკურთხა _ მამა ნიკოლოზი გახდა.  რამდენიმე წლის შემდეგ, სწორედ 9 აპრილს რუსი ჯარისკაცისგან ზურგში მოხვედრილი ნიჩაბი გახდა საბოლოოდ მისი გარდაცვალების მიზეზი – ნიჩაბმა ხერხემალი დაუზიანა… გარდაცვალებამდე ხერხემალზე სამჯერ გაუკეთეს ოპერაცია…  ეკამ და მამა ნიკოლოზმა (ერისკოცობაში ვაჟა მინდიაშვილმა) ერთად 30 წელი იცხოვრეს, მამა ნიკოლოზი 6 წელია, რაც გარდაიცვალა… ეკას დღემდე ახსოვს და არც არასოდეს დაავიწყდება, როგორ ახვედრებდა დილით სასთუმალთან პატარა წაკამათებების შემდეგ ეკასთვის ასე საყვარელ თეთრ ვარდებს…

ეკა ქუთათელაძე და ვაჟა მინდიაშვილი შვილებთან – აჩიკოსთან და ნატოსთან ერთად

 

მამა-შვილი რუსთავის თეატრში

ანზორ ქუთათელაძემ სოხუმის თეატრში სამი სეზონი დაჰყო, დადგა „ოთარაანთ ქვრივი“, ედუარდო დე ფილიპოს „აჩრდილები“ ოთარ ჩხეიძის „ძველი რომანსები“, გ. ბერძენიშვილის „მთაში ნათქვამი“, სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“… სოხუმში მუშაობისას სოხუმში სამუშაოდ მიიწვია იმ დროს უთეატროდ დარჩენილი დიდი მსახიობები ნინო ლაფაჩი და თამარ ჭავჭავაძე…
შემდეგ კვლავ მარჯანიშვილის თეატრს დაუბრუნდა. დადგა „ყარამან ყანთელაძე“, „მოსამართლე“… 1975 წლიდან კი რუსთავის თეატრის დირექტორი და მთავარი რეჟისორი გახდა. იმ დროს რუსთავის თეატრი მართლაც მძიმე მდგომარეობაში იყო – მარჯანიშვილის თეატრიდან წასული მსახიობები – ვინც რუსთავში გაჰყვა გიგა ლორთიქიფანიძეს ახალი თეატრის დასაარსებლად, იმ პერიოდისთვის უკან – მარჯანიშვილის თეატრში იყვნენ უკვე დაბრუნებული. ახალგაზრდა თეატრი ყოფნა-არყოფნის პირას იდგა. ანზორ ქუთათელაძემ თეატრი ახალბედა მსახიობების მიზიდვით გადაარჩინა –  რუსთავის თეატრში მიიწვია თეატრალურ ინსტიტუტის ახლად კურსდამთავრებულები. მათ შორის იყო რეზო ჩხიკვიშვილი და თავად რეჟისორის ქალიშვილი –  ეკა ქუთათელაძე…
სწორედ რეზო ჩხიკვიშვილი და ეკა ქუთათელაძე ითამაშებენ რუსთავის თეატრის სახელგავარდნილ სპექტაკლში – „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“…
ნინიკო ლაშა თაბუკაშვილის პიესაში „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“ –  ეკასთვის სულ მეორე როლი იყო რუსთავის თეატრში.
სპექტაკლის რეჟისორი –  მიშა ბუკია და მთავარი როლების შემსრულებლები –  რეზო ჩხიკვიშვილი და ეკა ქუთათელაძე სულ 21-21 წლისანი იყვნენ…

რეზო ჩხიკვიშვილი და ეკა ქუთათელაძე, სცენა სპექტაკლიდან "დარაბებს მიღმა გაზაფხულია"

ეკა ქუთათელაძე: „საოცარი ენთუზიაზმით ვმუშაობდით. 9 თვე ვწვალობდით, ვჩხირკედელაობდით. ბოლოს საჩვენებელი რეპეტიცია გავმართეთ ლაშა თაბუკაშვილისთვის. მაშინ სპექტაკლი სხვანაირად იწყებოდა – კოკას უკვე გავლილი აქვს ყველაფერი, ზის და იხსენებს, რაც გადახდა თავს. ბინდბუნდი იყო, მე შემოვდიოდი როგორც აჩრდილი –  ეტყობა, რაღაც საშინელება იყო, ლაშამ თავს ძალა დაატანა, სპექტაკლის ბოლომდე, როგორც იქნა, გაძლო და დამთავრებისთანავე გავარდა –  თავი დამანებეთ, ეს არ არის ჩემი პიესაო. მართლაც ასე იყო, რაღაცები ამოვიღეთ, მივჭერ-მოვჭერით, შემდეგ ჩავამატეთ კიდეც. ეს სიურპრიზი ლაშას დიდად არ მოეწონა, გაგვებუტა. შემდეგ შემორიგებაზე ვზრუნავდით. მაშინ სამხატვრო ხელმძღვანელი მამა იყო, ლაშას სთხოვა, ერთი კვირა აცალე, მერე მიდი და ნახე, რას გააკეთებენო… ერთი კვირაც გავიდა და ლაშა თაბუკაშვილი აღტაცებული დარჩა…“

სპექტაკლს არნახული წარმატება ხვდა წილად. თბილისდან კვლავ დაიძრა მაყურებელთა ლეგიონები რუსთავისკენ… სპექტაკლი იქცა დიდ მოვლენად.
აგორდა ჭორების კორიანტელიც…
ეკა ქუთათელაძე:
„მეორე ბავშვზე ვიყავი ფეხმძიმედ, უკვე შინ ვიყავი, გარეთ აღარ გავდიოდი, ჩემი მული მოვიდა და სიცილით კვდებოდა –  ახალი ჭორი გავიგე, თურმე შენ და რეზო სოჭის მატარებელს გაჰყოლიხართ ჩუმადო. ჩემი თანდასწრებით ყვებოდა ვიღაცა ქალი, თან მარწმუნებდა, მე თვითონ ვნახე სადგურშიო… ჩვენი სიყვარული სცენაზე რჩებოდა, ცხოვრებაში კი ძალიან კარგი მეგობრები ვიყავით…“

ანზორ ქუთათელაძემ რუსთავის თეატრში მოღვაწეობისას არაერთი სპექტაკლი დადგა. ყველაზე წარმატებული ჩეხოვის „თოლია“ აღმოჩნდა.
საგულისხმოა, რომ სწორედ მან დადგა ქართულ სცენაზე პირველად ჩეხოვის „თოლია“.
სპექტაკლში არკადინას ლეილა შოთაძე თამაშობდა, ტრეპლიევს –  რეზო ჩხიკვიშვილი, ნინა ზარეჩნაიას – ეკა ქუთათელაძე…

ეკა ქუთათელაძე, სცენა სპექტაკლიდან "თოლია"

მოსკოვში გასტროლებისას სპექტაკლს დიდი წარმატება ხვდა წილად.
„სპექტაკლი „თოლია“ სრულად პასუხობს ავტორის ჩანაფიქრს და ეს დადგმა თეატრის ჭეშმარიტი წარმატებაა“ (მარი სტრუევა).
„როდესაც „თოლია“ ვნახე, მე გამაოგნა მსახიობთა ინდივიდუალობამ… ყოველი მათგანი მოსკოვის ნებისმიერ თეატრს დაამშვენებდა..“ (ანდრეი დუნევი).
„ჩეხოვის პიესის არჩევისას, ანზორ ქუთათელაძეს არ განუზრახავს უარი ეთქვა იმაზე, რაც ქართული სცენის არსს წარმოადგენს. მან დადგა რომანტიკული სპექტაკლი, რომელშიც ჩეხოვის ტექსტი, გაჟღენთილი უიშვიათესი სურნელით, ქართულად ჟღერს, როგორც კეთილშობილებით აღსავსე პოეზია, სადაც ყველა ილტვის მოსწყდეს მიწას, რათა ერთი წამით მაინც შეიგრძნოს ტრეპლევისეული შთაგონება და აღმაფრენა…“ (სვეტლანა ოვჩინნიკოვა).
„ანზორ ქუთათელაძემ თითქოსდა შემოგვთავაზა –  შეგვეჩერებინა ახალმოდური სცენური ხერხების უსასრულო დემონსტრაცია და მეხსიერებაში აღგვედგინა სრულიად სხვაგვარი თეატრი –  დინჯი, საზრიანი, უხმაურო, ჩეხოვისეული!“ (ვიქტორ პოტაპოვი)…
ანზორ ქუთათელაძე სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა კულტურის სამინისტროში –  თეატრების სამმართველოს უფროსად. 1988-2000 წლებში იყო თეატრის მოღვაწეთა კავშირის პირველი მდივანი. ჯერ კიდევ 70-იანი წლებიდან გარდაცვალებამდე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თეატრალურ ინსტიტუტში, მსახიობების არაერთი თაობა გამოზარდა…
გარდაიცვალა 2002 წელს… მისი მეუღლე –  ლია ლეკიშვილი მეუღლის გარდაცვალებიდან ორ წელიწადში გარდაიცვალა… დარჩათ ორი ქალიშვილი –  მსახიობი ეკა ქუთათელაძე და კინომცოდნე თეონა ქუთათელაძე…

დახურული დარაბები

ეკა ქუთათელაძემ არნახული, თავბრუდამხვევი წარმატებით დაიწყო სამსახიობო კარიერა, მაგრამ… მისთვის ორჯერ დაიხურა სცენის დარაბები…
ჰქონდა 12-წლიანი პაუზა… შემდეგ ელექტრა ითამაშა… მას მერე კიდევ გავიდა 12 წელი… ჟამიდან ჟამზე იყო კინოროლები (ოცამდე ფილმშია გადაღებული), ბოლოს მაყურებელმა ლევან კოღუაშვილის „ქუჩის დღეებში“ იხილა. ასევე ტელესერიალში „ჟამი ყვავილობისა“.
დღეს ეკა ქუთათელაძე სასცენო მეტყველებას ასწავლის მომავალ მსახიობებს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში. ასევე მუშაობს უნარშეზღუდულ ბავშვებთან…

ეკა ქუთათელაძე, კადრი ფილმიდან "წინამორბედი", 1988 წ.

ეკა ქუთათელაძე, კადრი ფილიმიდან "წინამორბედი", 1988 წ.

ეკა ქუთათელაძე, კადრი ფილმიდან "ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი". 1989წ.

კადრი ფილმიდან "ჟამი მოქცევისა", 1982 წ.

კადრი ფილმიდან "მევლუდი", 1985 წ.

კადრი ფილმიდან "მევლუდი", 1985 წ.

კადრი ფილმიდან "მევლუდი", 1985 წ.

სცენა სპექტაკლიდან "შემოსავლიანი ადგილი"

ეკას შვილები და შვილიშვილები

ეკა ქუთათელაძეს სამი შვილი და ექვსი შვილიშვილი ჰყავს.უფროსი გოგონანატო მინდიაშვილი მხატვარია. სამი შვილის დედაა, ახლა მეოთხე ბავშვს ელოდება. ნატოს მეუღლეფეხსაცმლის ცნობილი დიზაინერი ირაკლი ბოჭორიშვილია. ეკას შუათანა ვაჟიარჩილ მინდიაშვილი განათლებით აღმოსავლეთმცოდნეა, არაბული ენის და არაბული ქვეყნების ისტორიის სპეციალისტია, ეგვიპტეში დაამთავრა უნივერსიტეტი, მაგრამ დღეს თავის სპეციალობით არ მუშაობს –  „ბიპისთანამშრომელია. არჩილის მეუღლეთეა ლეჟავა განათლებით ჟურნალისტია, ამჟამადპროკრედიტბანკშიმუშაობს მარკეტინგის სპეციალისტად. ჰყავთ სამი შვილი. უფროსი გოგონაეკატერინეპროკრედიტბანკისსახეაგადაღებულია ოთარ იოსელიანის ბოლო ფილმშიც...

ეკა შვილებთან ერთად

ეკა ქუთათელაძე ვაჟებთან და რძალთან ერთად

ეკა ქუთათელაძე შვილიშვილებთან ერთად

ეკა ქუთათელაძე შვილიშვილებთან ერთად

ეკა ქუთათელაძის უმცროსი ვაჟი – ალექსანდრე, ანუ სანდრო სულ პატარა, ხუთიოდე წლის ბიჭუნა იყო, ეკა ქუთათელაძესთან ინტერვიუზე მისულმა რომ გავიცანი. არ ეზარებოდა სტუმრებისთვის მონოსპექტაკლების ჩატარება, თუ ძალიან მოეწონებოდი, მალაყებსაც გადავიდოდა, მასპინძლობაც კაცური იცოდა, თავისი „საწყობი“ ჰქონდა და სასურველ სტუმრებს გადანახული პროდუქტით უმასპინძლდებოდა… დღეს კი უკვე რაგბისტია. თამაშობდა „ყოჩებში“. ერთი წელია, სამხრეთ აფრიკაში, ქალაქ დურბანში სწავლობს რაგბის აკადემიაში –  შარქსის აკადემიაში. გადაღებულია ლევან კოღუაშვილის „ქუჩის დღეებში“, ასევე ოთარ იოსელიანის ბოლო ფილმში…

სანდრო მინდიაშვილი

სანდროს დაბადების დღე სამხრეთ აფრიკაში

დედა–შვილი: ეკა ქუთათელაძე და სანდრო მინდიაშვილი


Post a comment or leave a trackback: Trackback URL.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: