სკანდალური ინტერვიუ გია ფერაძის ქალიშვილთან

„6 წლის ვიყავი, ეზოში ბავშვებმა რომ მითხრეს: მამამ დედა მოგიკლაო“

მარიკუნა მიქატაძე

რეზო შატაკიშვილი

(დაიბეჭდა “პრაიმტაიმში”).

ეს შემზარავი ტრაგედია 24 წლის წინათ დატრიალდა. კინოსა და თეატრის ცნობილმა მსახიობმა, თბილისის საყვარელმა კოლორიტულმა პერსონამ გია ფერაძემ თავისი მშვენიერი მეუღლე, სრულიად ახალგაზრდა, 26 წლის ირინა მიქატაძე მოკლა. ამ ტრაგედიამ დაზაფრა და აალაპარაკა თბილისი.

ერთ-ერთი ვერსიით, ეს უბედური შემთხვევა იყო – გია ფერაძეს შემთხვევით გაუვარდა მინიატურული, კალმის ფორმის იარაღი და ცოლი შემოაკვდა. სხვა ვერსიით კი, მან განზრახ ესროლა და მოკლა…

შემზარავი იყო ამ შემზარავი ტრაგედიის გაგრძელებაც – ირინას მამამ, ცნობილმა მოქანდაკემ და სახალხო მხატვარმა – ჯუნა მიქატაძემ დაუნდობლად იძია შური შვილის მკვლელ სიძეზე – ამ დანაშაულისთვის განკუთვნილი უმაღლესი ზომა მიასჯევინა, ციმბირში, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გააგზავნინა და მერეც მკაცრად აკონტროლებდა, რომ მისთვის რეჟიმი არ შეემსუბუქებინათ.

გია ფერაძემ ბოლომდე მოიხადა სასჯელი და ციხიდან გამოსვლიდან ორიოდე წელში გარდაიცვალა. ამ ტრაგედიას ჰყავს კიდევ ერთი მსხვერპლი – მარიკუნა, გია ფერაძისა და ირინა მიქატაძის ქალიშვილი. ის 11 თვის იყო, მამამ დედა რომ მოუკლა. მარიკუნა ამ ტრაგედიის მოხდენისთანავე ჯუნა მიქატაძემ და მისმა მეუღლემ მარიკა საყვარელიძემ შვილად აიყვანეს და გაზარდეს.

დღეს მარიკუნა მიქატაძეს აღარც ბაბუა ჰყავს, აღარც ბებია და აღარც მამა. მწარე რეალობის მსხვერპლი მორიგი მწარე რეალობის პირისპირ აღმოჩნდა – ჯუნა მიქატაძის სიკვდილის შემდეგ ის ღვთის ანაბარა მიატოვეს ნათესავებმა, მეგობრებმა, ყველამ, ვინც ჯუნა მიქატაძის სიცოცხლეში გარს ეხვია…

მარიკუნა მიქატაძე:

– მამას არ ვიცნობდი, მხოლოდ ფილმებითა და ტელევიზიით მყავს ნანახი… ახლა ცოტა მოვერიე ჩემს თავს, თორემ თავიდან ძალიან დიდი აგრესია მქონდა მამაჩემზე. შემთხვევით იყო, ძალით იყო, თუ რა იყო, მაინც ის არის, რომ მე დედა არ მყავს, გიას გაუთვალისწინებელი ნაბიჯის გამო. ეს ძალიან დიდი სტრესი იყო ჩემთვის, ასეა დღემდე და ალბათ, ასე იქნება მთელი ცხოვრება… მამამ დედა მომიკლა, შემთხვევით თუ ძალით, ჩემთვის  მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ დედა არ მყავს, ამას შეეწირა ბებიაჩემი, ბაბუაჩემი… ახლა ცოტა შეცოდების მომენტიც გამიჩნდა მამაჩემის მიმართ. ალბათ, თვითონაც განიცდიდა, ეს რომ დაემართა, ციხეში იჯდა და ამაზე მეტი საფიქრალი რა ექნებოდა…  გული მწყდება, რომ არ ვიცნობდი…

– ბავშვობაში დედა რომ მოიკითხეთ, რა გიპასუხეს?

– ლაპარაკი რომ დავიწყე, დედა ეგრევე დავუძახე ბებიას, რომელიც მზრდიდა. არ ვსვამდი კითხვას, რატომაა დედაჩემი ბებერი-მეთქი, მაგრამ, როცა ბავშვებისგან მესმოდა: „დედაჩემი ახალგაზრდაა, ლამაზია“, სულ კომპლექსი მქონდა, მე რატომ მყავს ასეთი მოხუცებული დედა…

სამი წლის ვიქნებოდი, ფოტოების თვალიერებისას დედაჩემის სურათი რომ ვნახე და ვიკითხე, ეს ვინ არის-მეთქი. ბებიას არ დაუმალავს, რომ დედაჩემი იყო. მითხრა, ეს დედაშენია და საზღვარგარეთაა წასულიო. 6 წლის ვიყავი, ეზოში ბავშვებთან ვთამაშობდი, მშობლებზე ჩამოვარდა ლაპარაკი, ერთმა მკითხა: შენი დედა რატომაა ბებერიო, მე ვუთხარი: მე მყავს დედა, რომელიც ახალგაზრდაა და გერმანიაში წასული-მეთქი. ერთმა ბავშვმა მითხრა: დედაშენი გერმანიაში კი არაა, მამამ დედა მოგიკლა და დედაშენი მკვდარიაო. ეს იყო ჩემთვის შოკისმომგვრელი… როგორ უნდა გადამეხარშა ეს 6 წლის ბავშვს?..  ეგრევე ავვარდი სახლში, დავიწყე ტირილი, ისტერიკაში ჩავვარდი, მომიყევით სიმართლე, მანახეთ მამაჩემის სურათი, მამაჩემი მკვლელია-მეთქი. ძალიან ცუდ დღეში ვიყავი. ბებიამ, შეძლებისდაგვარად, როგორც შეიძლება 6 წლის ბავშვს აუხსნა, დამიჯდა და ამიხსნა, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა. მაინც არ უნდოდა, რომ მძიმედ დაეხატა ყველაფერი…  მაგრამ მერე დროთა განმავლობაში, რაც უფრო ვიზრდებოდი, სულ მესმოდა, მამამ დედა მოუკლა, მამამ დედა მოუკლაო…

– ცნობილია ბატონ ჯუნას პოზიცია, მისი სასტიკი ანგარიშსწორება, მაგრამ თქვენ რას გეუბნებოდნენ მამაზე, სანამ გაიგებდით, რომ დედა მოგიკლათ?

– თავიდან საერთოდ არ იყო მამის ხსენება, ბაბუაჩემი მეგონა მამა.

– მას შემდეგაც, როცა დედის ფოტო ნახეთ და ბებიამ გითხრათ, რომ ის საზღვარგარეთაა?

– კი, საერთოდ, მამაჩემის ხსენება არ ყოფილა სახლში. მერე, რომ გავიგე, დედა მომიკლა, და ვიკითხე, სად არის-მეთქი, მითხრეს, რომ ციხეშია. 11 წლის ვიქნებოდი, ციხიდან რომ გამოვიდა, რომ არ ვენახე და არ მომკარებოდა, ყოველდღე ძიძა დამყვებოდა სკოლაში. 12-13 წლის ვიყავი, შევედი ოთახში, ბებია ტიროდა, ვკითხე, რა გატირებს-მეთქი. მამაშენი გარდაიცვალაო. ძალა უნდა მოიკრიბო, მაინც მამაშენი იყო და უნდა წახვიდე პანაშვიდზეო. ბებიაჩემის დიდსულოვნებას საზღვარი არ ჰქონდა… ყვავილები მიყიდეს და წავედი. მივედი პანაშვიდზე, იქ გავიცანი ჩემი ძმა, ჩემი და, რომელიც პირველი და მერე ცოლებისგან ჰყავდა მამაჩემს. ესეც ძალიან დიდი სტრესი იყო. იქიდან რომ წამოვედი, მკვდარი ვიყავი. მამა ვნახე გარდაცვლილი, ისე არ მყავდა ნანახი. თუმცა, ერთხელ, ფანჯარაზე ვიჯექი, ეზოში შემოვიდა კაცი, გრძელ წვერებში, გაწეწილი, დახეულ პალტოში, ჩაჩაჩულ შარვალში, დაგლეჯილ „ბატინკებში“, ჩვეულებრივი ლოთი, მათხოვარი მეგონა. მოუახლოვდა ჩემს ფანჯარას და მკითხა, ირინას გოგო ხარო? ჰო-მეთქი და დაიწყო ღრიალი. ბებიაჩემმა, ეტყობა, ხმა იცნო, მოვარდა, ფანჯრიდან გადმომაგდო და გული წაუვიდა, თავიდან ვერ მივხვდი, ვერც წარმოვიდგენდი, რომ ეს შეიძლებოდა მამაჩემი ყოფილიყო. მამა კინოში კი მყავდა ნანახი, მაგრამ იმდენად იყო შეცვლილი, საერთოდ ვერ მივხვდი, ვინ იყო. მერე ბებიამ მითხრა, მამაშენი იყოო… მესმოდა, როგორ ღრიალებდა, როგორ გავარდა ეზოდან ღრიალით…

– ბებიამ გითხრა, რომ მომხდარი ტრაგედია უბედური შემთხვევა იყო, შემდეგ პანაშვიდზეც გაგგზავნათ. როგორც ჩანს, მაინც განსხვავებული შინაგანი პოზიცია ჰქონდა, ვიდრე ბაბუას.

– ბაბუას ძალიან დიდი აგრესია ჰქონდა, ფიქრობდა, რომ საერთოდ გაექრო გია. შემდეგ პატრიარქმა დაიბარა ჯუნა, ბავშვს მკვლელი მამაც ეყოფა, მკვლელ ბაბუასაც ნუ დაუმატებ, აკმარე, ნუ გაწირავ ბავშვსო.

ბაბუას ბოლომდე სასტიკი აგრესია ჰქონდა. მახსოვს, „არასერიოზულ კაცს“ ვუყურებდი, ჩემს მეგობარს დავუძახე, ნახე მამაჩემი-მეთქი… უცებ წამომცდა, ბაბუაჩემი იქით ოთახში გავიდა და ტიროდა, ძალიან ეწყინა…

– რას გეუბნებოდათ ბაბუა მამაზე, როცა გაიგეთ, რომ მამამ მოგიკლათ დედა?

– ბაბუაჩემი საერთოდ არ მელაპარაკებოდა ამ თემაზე, უფრო მე და ბებია ვსაუბრობდით. ჯუნასთვის ეს თემა ძალიან მტკივნეული იყო. რა თქმა უნდა, ბებიასთვისაც, მაგრამ ბებიას ვთხოვდი, აეხსნა, ჯუნას კი მაგ თემაზე ვერ დაელაპარაკებოდი, საერთოდ ვერ უხსენებდი მამაჩემს.

– ბებიამ რომ პანაშვიდზე გაგგზავნათ, ამ ფაქტს როგორ შეხვდა ბაბუა?

– წინააღმდეგობა არ გაუწევია, ბებიაჩემმა დაისვა და უთხრა, ბავშვი უნდა წავიდესო! ხმა არ ამოუღია, თავჩაქინდრული იჯდა.

– ვერსია რამდენიმე იყო. თქვენ როგორ გგონიათ, რა მოხდა მაშინ?
– ვიცი, რომ სიგიჟემდე უყვარდათ ერთმანეთი. თურმე დედაჩემი სულ იმას ამბობდა, ერთადერთი კაცია, ვისაც სიცოცხლეს შევწირავო. მართლაც ასე მოხდა… ხშირად ვფიქრობ მაგაზე, ხშირად კი არა, რომ ვწვები, სულ მაგაზე ვფიქრობ. ხან მგონია, რომ მამაჩემი არ იყო ასეთი რაღაცის გამკეთებელი, მარტო იმიტომ კი არა, რომ სიგიჟემდე უყვარდა დედა, იმიტომაც, რომ საერთოდ არ იყო მსგავსი რამის გამკეთებელი და რომ ეს მართლაც უბედური შემთხვევა იყო, ხანდახან მგონია, რომ განზრახ მოკლა. თან ეს ჭორები სულ გონებას მირევს, ერთი მეუბნება, რომ იმ ღამეს იჩხუბეს, გაშორება უნდოდა, ის ვერ შეეგუა ამას, აიღო და ესროლა. ზოგი ამბობს, რომ იმ კალამს ჩვენც გვიშვერდა, ყველას გვაშინებდა იმ კალმითო. ისეთი იარაღი იყო და ისეთი პატარა ტყვია ჰქონდა, ლარნაკსაც ვერ გატეხდა, მაგრამ დედაჩემს პირდაპირ გულში მოხვდა, არტერია დაუზიანა, ექიმებიც ვერ უშველიდნენ, მაშინვე რომც მისულიყვნენ. გაორებული ვარ, ხან როგორ ვფიქრობ, ხან – როგორ… 19 წლის ვიყავი, როცა ჩემთან შეხვედრა მოისურვა გიას ადვოკატმა. სამწუხაროდ, გვარი და სახელი არ ვიცი. უნდოდა, რომ სიმართლე ეთქვა. მე არ შევხვდი, სიმართლის შემეშინდა, იმ ეტაპზე არ ვიყავი მზად… სამიოდე თვის შემდეგ, როცა თავს მოვერიე და ვთქვი, რომ მირჩევნია, სიმართლე ვიცოდე და იმ სიმართლით ვიცხოვრო მთელი ცხოვრება-მეთქი, მერე უკვე ვეღარაფერი გავარკვიე. ის კაცი რომ მოვიკითხე, მითხრეს, გარდაიცვალაო… იცით, რამ შემზარა? ამ მკვლელობის შემდეგ მამაჩემი გაიპარა, მოაწყო ინსცენირება, თითქოს დედაჩემს ეძინა, დააწვინა, „ადიალა“ გადააფარა, იარაღი „დუხოვკაში“ შედო და გაიპარა. დილით, ბებია რომ შევიდა ოთახში, გულწასული ეგონა და ფეხებს უთბილავდა დედას… თავიდან ეგონათ, რომ ქურდები შემოვიდნენ და მოკლეს, ბებიაჩემი იმას ტიროდა, გია რომ გაიგებს, გადაირევაო. გია…  წასულა ვიღაც ცუდი ყოფაქცევის ქალთან, მთელი ღამე იქ ყოფილა, დილას მივიდა და ჩაბარდა. ეგ იყო ჩემთვის ძალიან ცუდი ფაქტი. კი თქვეს ექიმებმა, მაინც არაფერი ეშველებოდაო, მაგრამ ხომ შეიძლებოდა, შველებოდა? ან მან ხომ არ იცოდა, რომ არ ეშველებოდა? ხომ შეიძლებოდა, ეყვირა, რომ ეს დაემართა? სულ ის ფიქრები მაწვალებს, რამდენი ხანი იცოცხლა დედაჩემმა, რამდენი იწვალა, ვინ იცის, რამდენი იყვირა, შველას ითხოვდა… თავიდან პირველი-ორი კვირა ბებია არ მიკარებდა, დანახვა არ უნდოდა ჩემი, გიას შვილიაო. მერე სიცხე მქონდა მაღალი, გულში ჩამიკრა და მას მერე გვერდიდან არ მიშორებდა. ვერ გეტყვით, როგორ მზრდიდა, მართლა ყველაფერი მომცა, თუმცა სულ იმას განიცდიდა, მთავარს, დედის სითბოს მაინც ვერ მივცემო. ნერვიულობის ნიადაგზე კიბო დაემართა. 13 წლის ვიყავი, რომ გავიგე, ექიმები ამბობდნენ, მაქსიმუმ 2 წელს იცოცხლებსო, ბებია კი სულ იძახდა, სანამ გზაზე არ დავაყენებ, მანამდე ყველაფერს ვიზამ, რომ ვიცოცხლოო. მართლაც, ისეთი წამლები იკეთა, რომ როგორღაც გაძლო. 17 წლის ვიყავი, რომ დაიღუპა. მერე ბაბუაჩემს აღმოაჩნდა კიბო და 20 წლის ვიყავი, ბაბუა რომ გარდაიცვალა. ძალიან ბევრმა მაქცია ზურგი, არადა მეგონა, რაღაც რომ გამიჭირდებოდა, გვერდით დამიდგებოდნენ, მაგრამ მწარე რეალობას შევასკდი. აღმოჩნდა, რომ სულ მარტო ვარ, ჩემი მეგობრების ამარა. ჩემით მიწევს ცხოვრების გატანა. მხოლოდ მეგობრები მიდგანან გვერდით.

– აბა, ვინ გაქციათ ზურგი? ბატონი ჯუნას მეგობრებმა?

– მეგობრებმაც, ნათესავებმაც, ძალიან ბევრმა, არ მინდა გვარებისა და სახელების დაკონკრეტება… ბებია სულ ამას ამბობდა, ჩვენ რომ არ ვეყოლებით, სულ მარტო დარჩებაო… უკვე აღარავის ვაწუხებ ჩემი პრობლემებით, ყველაფერს ჩემით ვჭრი და ჩემით ვაგვარებ.

– არც მამას მეგობრები არ დაგკონტაქტებიან?

– არა, ისე, თუ თეატრში ან სადმე შემხვდებოდნენ, უი ეს გიას შვილია და გია და გია… მაგრამ ისე, რომ კონკრეტულად დამხმარებოდნენ, ფინანსურს არ ვგულისხმობ საერთოდ, მორალურ თანადგომაზე მაქვს საუბარი, რომ ვინმეს დაერეკოს და ეკითხოს: მარიკუნა, როგორ გრძნობ თავს, როგორ ხარ, რამე ხომ არ გჭირდებაო, ასეთი არაფერი ყოფილა…

– თქვენ როდის შექმენით ოჯახი?

– 18 წლის ვიყავი, ოთო ქიქოძეს რომ გავყევი ცოლად. ვერ შევეწყვეთ ერთმანეთს, სადღაც სამ წელიწადში განვქორწინდით. არ ვნანობ, ასე ადრე რომ გავთხოვდი, იმიტომ, რომ დამრჩა ანგელოზივით შვილი – ირინა. ძალიან მინდოდა, რომ გოგონა მყოლოდა და დედაჩემის სახელი დამერქმია, ამით მაინც მეცა მისთვის პატივი…

– როდესაც ბატონ ჯუნას ასეთი მწარე გამოცდილება ჰქონდა სიძესთან დაკავშირებით, როგორ შეხვდა სიძეს? ალბათ, მაქსიმალურად ეჭვის თვალით უყურებდა, შეეცდებოდა, ყველაფერი გაეგო მის შესახებ…

– ძალიან ცუდად მოვექეცი ბაბუაჩემს, გავიპარე… გულზე ოპერაცია გაიკეთა სტამბულში, ჩამოვიდა და მე გავიპარე… დავუტოვე წერილი, რომ ძალიან მიყვარს, რომ ეს ნაბიჯი გადავდგი და ა.შ. დამირეკა, ტიროდა, ოღონდ შენ ბედნიერი იყავი, ჩემთვის ეგაა მთავარი, მეტი სათქმელი არაფერი მაქვსო და ღმერთმა დაგლოცოთო. ძალიან კარგად მიიღო სიძე, მაგრამ სულ აკვირდებოდა და სულ მაფრთხილებდა, შენ გაქვს დიდი მაგალითი, არასოდეს გამოიყვანო წყობიდან კაცი, იმიტომ, რომ შეიძლება ისეთი რაღაც გააკეთოს, მოხდეს გაუთვალისწინებელი შემთხვევაო…

ძალიან ბედნიერი ვარ, ისეთმა ადამიანებმა რომ გამზარდეს, როგორებიც ბებია და ბაბუა იყვნენ, მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, მაგრამ ბედნიერი ვიქნებოდი, დედასა და მამას რომ გავეზარდე…

ირინა მიქატაძე


Post a comment or leave a trackback: Trackback URL.

Comments

  • Manana  On January 21, 2011 at 9:38 am

    მარიკუნას უახლოესი ნათესავები სხვათა, შორის არიან: ნანი ბრეგვაძე, ივიკო საყვარელიძე, ბუბა კიკაბიძე, ჯანო ბაგრატიონი და ა.შ. რომელთაც არც მატერიალურად უჭირთ და ავტორიტეტიც ისეთი აქვთ, რომ კეთილშობილებას და მოწყალებას არავის არ უნდა ამადლიდნენ. გაარკვიეთ ერთი რაშია საქმე. ხოლო რაც შეეხება გიას ამხანაგებს (მე მათ პირადად ვიცნობ) მატერიალურად ისე უჭირთ, რომ საკუთარი თავი ძლივს გააქვთ.

    თავად ირინას ამხანაგებიც კარგად არიან ძალიან, ხათუნა აბაშიძე, მაია ჯაბუა, თიკო ჩიქოვანი, ქეთუსია იგნატოვი და ა.შ. ყველა გამოვიდა გიას სასამართლოზე და ის გააკეთეს, რაც ჯუნამ უბრძანა. ახლა რატომ არ ეხმარებიან ამ ობოლ ბავშვს არ მესმის!

    რას იზამ, ასეთია ცხოვრება და ჩვენი საზოგადოება! გია როგორც ბომჟი ისე გარდაიცვალა, ფაქტობრივად თავი მოიკლა, ყველაფერი გააკეთა ამისთვის. მერე კი, მთელი თბილისი საფლავში მიყვებოდა. სამოქალაქო პანაშვიდები და დასაფლავება მოუწყვეს.

    მარიკას სიძლიერეს ვუსურვებ, ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი და ბევრი გამოცდა ჩასაბარებელი. ვურჩევ ილიკო ფერაძესთან იმეგობროს, გიას ძმასთან. ის ნამდვილად ღირსეული ადამიანია. და კიდევ, წაიკითხოს გიას ლექსები და ყველაფერს მიხვდება, არავისი მოყოლა და ფაქტების ძიება აღარ დასჭირდება. გია გია იყო, და ზუსტად ისე მოიქცა, როგორც შეეძლო, მერე მიხვდა, რაც დაემართა და თავად აწამა საკუთარი თავი ბევრად უფრო ძლიერად, ვიდრე ამაზე ჯუნა მიქატაძე იოცნებებდა.

    Liked by 1 person

  • მე  On September 7, 2011 at 12:18 am

    მანანა, ძალიან მიყვარხართ ამ კომენტარის გამო !

    Like

  • Gvantsa Mikautadze  On September 26, 2011 at 11:00 am

    საყვარელი გოგოა . ძააან ძააან…

    Like

  • David Saakashvili  On January 9, 2012 at 12:06 am

    კარგი ხართ მანანა და დიდი მადლობა ამ კომენტარისთვის. საწყალი გია კი, ღმერთმა ნათელში ამყოფოს თავისი სიკეთის, უბედურების, წამების, ნიჭის თუ საიქიოდ უდროოდ თავის გადადებისათვის!!!

    Like

  • xocho  On October 18, 2012 at 11:15 pm

    😦

    Like

  • FROM BRUSSELS  On November 24, 2012 at 6:53 pm

    DZALIAN SAINTERESO IYO,GIAS SHVILIS MONAYOLI,MIS CXOVREBAZE.DZALIAN DIDI MADLOBA! MCARE DA DZALIAN SAMCUXARO SIMARTLEA,ROCA TQVA,CHIRSHI ARAVIN AMOMIDGA MXARSHIO! ;((( ZOGADAD XOM ASEA XOLME! DZALIAN IMOQMEDA AM SITYVEBMA: ” ბებია სულ ამას ამბობდა, ჩვენ რომ არ ვეყოლებით, სულ მარტო დარჩებაო…”,MAGRAM MTAVARIA IS,ROM GMERTI AR MIATOVEBS KARG DA KETIL ADAMIANEBS! CARMATEBEBS GISURVEBT!

    Like

  • Annie Mercury  On August 3, 2013 at 5:32 pm

    შემძრა ამ ამბავმა!გმერთმა დაიპაროს მარიკუნა და მისი საყვარელი ადამიანებისთვის კი მსუბუკი ყოპილიყოს ჩვენი ქვეყნის მიწა!

    Like

  • ninka  On February 3, 2014 at 10:45 pm

    Bravo Manana arachveulebrivi komentaristvis

    Like

  • nick  On February 19, 2014 at 7:26 pm

    am gogos rogor davukavshirde iqneb mirchiot vinmem aucilebla dmchirdeba

    Like

  • zaza  On September 13, 2014 at 8:42 pm

    gias vicnobdi roca cixeshi iyo marikuna minda gicnobde shenc

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: