რეზო შატაკიშვილი ალექსანდრე ყაზბეგის მკვლელებზე

ის გაანადგურეს და სულიერად დასცეს – გააგიჟეს, ჭკუიდან შეშალეს ღობეგლეჯია ვაირეცენზენტებმა. ის მოკლეს მათ.

ის თავგანწირვით ეტრფოდა სცენას და შეეწირა სცენას.

ის გაანადგურეს და სულიერად დასცეს – გააგიჟეს, ჭკუიდან შეშალეს ღობეგლეჯია ვაირეცენზენტებმა. ის მოკლეს მათ.

მისი ცხოვრების ბოლო წლები იყო საჯაროდ გამოცხადებული მკვლელობის ქრონიკა.

ალექსანდრე ყაზბეგი – უბადლო ბელეტრისტი, ქართული ლიტერატურის კლასიკოსი და… დრამატურგი და მსახიობი,  სცენაზე ფანატიკურად შეყვარებული.

მან ქართულ თეატრს 49 ორიგინალური, ნათარგმნი და გადმოკეთებული პიესა შესძინა, სცენაზე ცხრაწლიანი მოღვაწეობისას კი 45 როლი განასახიერა.

ცხოვრება ყაზბეგისა – ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ ინელებს ქართული სინამდვილე პიროვნებებს.

კაცი, რომელიც სცენაზე გამოჩნდა ბრწყინვალე გარეგნობით, ხმით, შესანიშნავი აქტიორული მონაცემებით, დახვეწილი მანერებით, ელეგანტურად  ჩაცმული, რამდენიმე წელიწადში დაფლეთილი ჩოხით დაიარებოდა, ნაადრევად დაბერებულ, გულგატეხილ ადამიანად იქცა და სცენა დატოვა, როგორც სუსტმა მსახიობმა. მის ტრაგედიას ხელი შეუწყო მისმავე ზედმეტად ემოციურმა, მგრძნობიარე ბუნებამ…

საბედისწერო დასაწყისი

ის სიყრმიდანვე ეტრფოდა თეატრს. 14 წლისამ დაწერა ავტობიოგრაფიული პიესა „გამზრდელნი“, მოსკოვში სწავლისას თარგმინდა შექსპირის „რომეო და ჯულიეტას“, გრიბოედოვის „ვაი ჭკუისაგან“-ს.

1874 წელს ის გახდა მოწმე საყოველთაო გოდებისა – ქართული პიესების უქონლობაზე. წავიდა ანთებული, შეუდგა პიესების წერას, თარგმნას, გადმოკეთებას და 5 წელიწადში თბილისს დაბრუნდა იმ იმედით, რომ ქართული თეატრის მესვეურთ აღაფრთოვანებდა თავისი 21 პიესით.

დიდად თავი არავის გაუგიჟებია. მხოლოდ ვასო აბაშიძემ მიაკითხა მას – ჩუღურეთის ერთ-ერთ სასტუმროში მცხოვრებ ინტელიგენტ მოხევეს. მიაკითხა იმიტომ, რომ  ეძებდნენ პიესას მაკო საფაროვას საბენეფისოდ.

ვასო აბაშიძემ შინ მიიპატიჟა სანდრო ყაზბეგი.

მაკო საფაროვას მოგონებიდან: „…გარეგნობა განსვენებულს ისეთი ჰქონდა, სილამაზით იმ დროს ჩვენს დასში ვერავინ შეედრებოდა, ტანადი, დიდრონი მომცინარი ჟუჟუნა თვალები, მშვენიერი ტუჩები, ჩაცმული ხომ ისე იყო, რომ ჩვენს ღარიბ სცენას იმ ხანებში არ ჰყოლია ისეთი მორთული არტისტი“.

ცოლ-ქმარი ვასო აბაშიძე და მაკო საფაროვა მოიწონებენ პიესას. ის კი არა, მაკო საფაროვას ისტერიკასაც კი დამართებს პიესის გრძნობით ნაწერი ადგილები.

გადაწყდა ყაზბეგის პიესის დადგმა. მაგრამ თეატრის ადმინისტრაცია მაინცდამაინც სიხარულით არ შეხვედრია ამ ფაქტს.

მაკო საფაროვამ თავისი გაიტანა. თუმც კი კომპრომისი გარდაუვალი გახდა – პიესიდან მეორე მოქმედება მთლიანად ამოუგდეს, პიესის მთლიანობა დაურღვიეს.

მაშ ასე, ყაზბეგი გამოდის ასპარეზზე, როგორც დრამატურგი – მოჩხუბარიძის გვარით და ამასთანავე, ის ირიცხება მუდმივ დასში და გამოდის სცენაზეც. ორივე დებიუტი ერთად დგება – 1880 წლის 13 მაისს. როგორც დრამატურგი კატასტროფას ელოდა, როგორც მსახიობს ენა ებმებოდა სცენაზე, სიტყვებს ყლაპავდა, ტექსტი აერია…

„ერთი კაცი არ იდგა ჩემს გვერდით… ერთისგან არ გამიგონია თანაგრძნობის სიტყვა“. შინ წავიდა და ელოდა რეცენზენტების განაჩენს.

განაჩენმაც არ დაახანა. 16 მაისს „დროება“ წერდა: „მოჩხუბარიძის დრამაში არავითარი დრამა არ მოიპოვება“. „დროება“ მის თამაშს არ შეხებია, დაკმაყოფილდნენ მისი, როგორც დრამატურგის, განადგურებით. როგორც მსახიობს კი, მხოლოდ ტექსტის უცოდინრობა უსაყვედურეს: „აქტიორებმა როლები კარგად იცოდნენ, უფალ მოხევის გარდა“…

მსახიობ მოხევეს ჯერ არ ესხმოდნენ თავს რეცენზენტები, დრამატურგი მოჩხუბარიძე კი კონტრშეტევაზე გადავიდა. დაიწყო ომი…

მის გადაწყვეტილებას არც ოჯახი შეხვედრია აღფრთოვანებით. თუმცა, არც გაჰკვირვებიათ, მათ ის უკვე გამოტირებული და განწირულ ადამიანთა რიცხვში ჰყავდათ შეყვანილი – რუსეთიდან დაბრუნებული, 22 წლის, გენერლის შვილი ყაზბეგი ხომ მწემსად წავიდა…

ახლა კიდევ თეატრი და ყაზბეგის დეიდები – თარხნიშვილის ქალები მოსთქვამდენენ: ვაი, სირცხვილო, გენერლის შვილი და ჯამბაზი… არც ყაზბეგები იყვნენ მშვიდად: „მამამისს რომ წამოახედა და თავისი ბიჭის ბერიკაობა ენახა, გადაირეოდა…“

ჩინებული სტარტი

ალექსანდრე ყაზბეგი დასში ჟან-პრემიერის (ახალგაზრდა მოარშიყის) ამპლუაზე აიყვანეს. ახალგაზრდა მოარშიყეთა როლების შესრულება განსაკუთრებულ სცენურ გარეგნობას ითხოვდა. ალექსანდრე ყაზბეგი კი სწორედ რომ ბრწყინვალე გარეგნობითაც გამოირჩეოდა და პლასტიკითაც, რიგიანი მიხრა-მოხრით, დახვეწილი მანერებითა და კოსტიუმის ტარების დიდი კულტურით.

„თუ მოხევე ასე თანდათან გაკეთდა ახალგაზრდა მოარშიყეების როლში, უეჭველია, რომ ერთ დროს ის საუკეთესო მოთამაშე შეიქმნება ამ მძიმე და უმადური როლებისა. რაც ახალგაზრდა მოარშიყისთვის საჭიროა, ყველაფერი მიუნიჭებია ღმერთსა მოხევისთვის. კარგი ტანი, ლაზათიანი მიხვრა-მოხვრა, ტკბილი საარშიყო ხმა და არა უშნო სახე“, – წერდა „დროება“ 1880 წლის 24 ნოემბერს.

მანამდე, 1880 წლის სექტემბერში, როცა აკაკი წერეთლის „კუდურ ხანუმი“ წარმოადგინეს, „დროება“ წერდა: „ევროპის განვითარებულ და გამოცდილ მოთამაშეებისგანაც ძვირად გვინახავს ჩვენ, ამაზე უკეთ წარმოედგინათ სიყვარულის განცხადება“. თვითონ აკაკიმაც კი, რომელმაც საკუთარ პიესაზე დაწერა: მოსაწყენი პიესააო, მოხევეს აქებდა სამაგალითო თამაშისთვის.

მოხევეს აქებენ, როგორც არტისტს, არცთუ იშვიათად წერენ, რომ მხოლოდ მან არ წაახდინა როლი. მოკლედ, ყველანაირი პირობა იყო საიმისოდ, რომ ის სახელოვანი არტისტი დამდგარიყო, მაგრამ მერე და მერე დამკვიდრდა აზრი, რომ ის უნიჭო არტისტი იყო და თურმე მხოლოდ ერთი ჯამბარაშვილის როლს თამაშობდა კარგად. არადა, თავიდან ყველა ქება-დიდებით იხსენიებდა, შეიძლება რომ აქტიორული ნიჭითა და გაქანებული ტემპერამენტით დაჯილდოებული არტისტი ისე დაქვეითდეს, რომ მერე სიბრალულს იწვევდეს?

ზუსტად ის რეცენზენტები, რომლებიც ქება-დიდებას ასხამდნენ, რამდენიმე წელიწადში სცენიდან მის მოშორებას ითხოვდნენ. რამდენიმე წელიწადში კი არა, გაზეთ „დროებაში“ ლელო წერდა, რომ მოხევემ ჩინებულად ითამაშა „თამარ ბატონიშვილში“, ზუსტად იგივე ლელომ ორი კვირის თავზე გაანადგურა მოხევე – ხმაც დაუწუნა, მიხრა-მოხრაც…

აშკარაა, რომ რეცენზენტი ტენდენციური იყო, როგორც ჩანს, მასა და ყაზბეგს შორის ომი დაიწყო. სწორედ რეცენზენტებთან გადამტერებამ ითამაშა გადამწყვეტი როლი ყაზბეგის ტრაგედიაში.

გადამტერებული რეცენზენტები მის სცენიდან მოშორებას ითხოვდნენ.

მაგრამ ყაზბეგი სცენას არ მოშორებია. მას არ შეეძლო, მიეტოვებინა სცენა – გაგიჟებით უყვარდა. მისი მეგობარი ცხვილოელი წერდა: „მის სიცოცხლეს მხოლოდ მაშინ შეამჩნევდა ადამიანი, როდესაც განსვენებული სცენაზედ სათამაშოდ  ემზადებოდა და წავიდოდა შინიდან“.

თეატრის ისტორიაში გაუგონარი ომი

ყაზბეგი სცენას არ ჩამოშორებია, პირიქით – ომი გამოუცხადა რეცენზენტებს. დაიწყო თეატრის ისტორიაში გაუგონარი ომი. წესად იყო, რეცენზენტს რაც არ უნდა ელანძღა არტისტი, არტისტები პასუხს არ სცემდნენ კრიტიკოსს. ყაზბეგმა დაარღვია ეს წესი და რეცენზენტებს იმავე ეპითეტებით უმასპინძლდებოდა: „ჩმახავთ, ენა წაგიგრძელებიათო“.

ამ იერიშმა რეცენზენტები გააერთიანა მის წინააღმდეგ.

რეცენზენტები კრიტიკას აღარ დასჯერდნენ და ცილისწამებაზე გადავიდნენ: ლადო მესხიშვილი და ყაზბეგი ფოთში კონცერტის მოსაწყობად ჩავიდნენ, შემდეგ ფოთელების თხოვნით, კონცერტი გადადეს და სპექტაკლის დადგმა დაიწყეს, გაზეთმა „შრომამ“ კი ყაზბეგს გაყიდული ბილეთების ფულის შეჭმა დააბრალა. „შრომას“ მალე მოუწია იმის აღიარება, რომ ეს ჭორი იყო. ყაზბეგმაც ბოლომდე სდია შეურაცხმყოფელს, მაგრამ…

ყაზბეგმა პირობა შეასრულა, კონცერტის ნაცვლად ფოთში „სამშობლო“ ითამაშეს, ცრემლიც ადინეს ფოთელებს, მაგრამ „შრომას“ კრინტი არ დაუძრავს ამ ფაქტზე. მათ ჭორები და ყაზბეგის სულის მოწამვლა ჰქონდათ მიზნად.

ბათუმში მყოფმა ყაზბეგმა შეიტყო, რომ ერთი პირი „დროებაში“ წერილის დაბეჭდვას აპირებდა „სამშობლოს“ უხეირო თამაშობაზე, და მის წინააღმდეგ პირდაპირ სცენიდან გაილაშქრა – როლში თავისი სიტყვები ჩაამატა: „ეხლა რაღა მიჭირს, კორესპონდენტიც ვარ, ადვოკატიც ვარ, აქაური კორესპონდენტებივით ქუჩიდან მოვხვეტ ჭორებს, ვისაც მინდა და რამდენსაც მინდა, ვაგინებ, ვლანძღავ, რა მენაღვლება, ამისთვის ხომ ვიღებ ბლომად ფულებსა“.

ამ ინციდენტის შესახებ ერთი პოლემიკა ატყდა „დროებაში“ ყაზბეგსა და ჟურნალისტ დავით სოსლანს (კეზელს) შორის. სოსლანს, როგორც კი საშუალება მიეცემოდა, საშინელების მეტს არაფერს წერდა ყაზბეგზე.

ერთი რეცენზენტი ისე გათავხედდა, პრესით ითხოვდა, როცა მოხევე სცენაზე გამოვა, მკვდარი კატები დავუშინოთო. ეს იდეა ილია ხონელმა დაიწუნა, რას ვერჩით კატებს, მოხევის გამო მთელი თბილისის კატების გაწყვეტა მოგვიწევსო. თან „ებრალებოდა“ ყაზბეგი: „გვეცოდება თვით ბ-ნი მოხევე, უკანასკნელის ჭაპან-წყვეტა ამ საქმეში, რომელიც მას არ შეჰფერის და რომლისთვისაც მას ნიჭი არ აქვს“.

ყაზბეგს ივანე მაჩაბელი გამოესარჩლა და ხონელი იძულებული გახდა, „ივერია“ მიეტოვებინა.

დაღმართი

ყაზბეგი სცენაზე მოხევის ფსევდონიმით კი გამოდიოდა, მაგრამ ყველამ კარგად იცოდა, რომ ეს მოხევე „ელგუჯას“, „მამის მკვლელის“, „ელისოსა“ და სხვა შედევრების ავტორი ყაზბეგი იყო, მაგრამ იცავდა კი ვინმე გენიალურ ბელეტრისტს რეცენზენტების შეურაცხყოფისგან?

რატომ არ დაიცვეს? ალბათ, იმიტომ რომ ამ იერიშების მერე ყაზბეგს ისე დაუკარგეს წონასწორობა, რომ მისი ნიჭი არათუ ერთ ადგილზე გაიყინა, საერთოდ, დაბლა-დაბლა დაეშვა. ყაზბეგმა ვერ გაუძლო თავსდატეხილ უბედურებას, ეს კაკაფონია მის მგრძნობიარე სულს აფორიაქებდა.

მაყურებელს  კი  სულაც არ აინტერესებდა, რა განწყობით გამოდიოდა ის სცენაზე… მას სრულფასოვანი თამაშის ნახვა ეწადა…

დევერტისმენტში მოხევე გამოდიოდა, როგორც დეკლამატორი და  მოცეკვავე. მნახველს ატყვევებდა მისი ნაცეკვი ქართული, ჩაჩნური, ლეკური, ცეკვა ხანჯლებით. როცა ის ცეკვავდა, ტაშის გრიალისგან დარბაზი ზანზარებდა. მტრებიც კი დუმდნენ, ხალხის ფეხის ხმას ყვებოდნენ იმის საილუსტრაციოდ: აი, ობიექტურები ვართ, კარგად ცეკვავს და მოგვწონს, არტისტად არ ვარგა და მზად ვართ, მკვდარი კატები ვესროლოთო. მტრებიც კი აღიარებდნენ, რომ ყაზბეგი განსაცვიფრებლად ცეკვავდა, მაგრამ რეცენზენტები აქაც დაუკრეფავში გადადიოდნენ. 1886 წელს ერთ-ერთმა რეცენზენტმა მის ცეკვას ტლინკაობა უწოდა…

ჩვენ არ ვიცით, როგორი არტისტი იყო ყაზბეგი, მაგრამ ვიცით ის, რომ თავიდან ხოტბას ასხამდნენ, შემდეგ ლანძღავდნენ… იქნებ თავიდან შეცდნენ შეფასებაში და მერე გამოასწორეს?

ჩვენ არ ვიცით, როგორი არტისტი იყო ყაზბეგი, მაგრამ ვიცით, როგორი მწერალიცაა, ის ორღობის კრიტიკოს-რეცენზენტები კი მის შედევრულ მოთხრობებსა და რომანებსაც კენწლავდნენ. სწორედ ეს გვაფიქრებინებს, რომ ისინი ტენდენციურები იყვნენ და პირადი მტრობა აკავშირებდათ ყაზბეგთან, რომელმაც გაბედა და მათ უვიცები უწოდა.

კრიტიკოსებმა მიზანს მიაღწიეს, ყაზბეგი სიცოცხლეშივე დასცეს, დააძაბუნეს. სილამაზით, დახვეწილი მანერებითა და სისუფთავით განთქმული ყაზბეგი, სასცენო დებიუტიდან რამდენიმე წლის შემდეგ გატეხილი, გაუბედურებული, დაფლეთილი ჩოხით დაიარებოდა, მეგობრებს ჩამოშორდა, განმარტოვდა. კრიტიკოსებმა გაიმარჯვეს, ყაზბეგმა სცენა დატოვა, მართლაც, როგორც სუსტმა მსახიობმა…

 


Post a comment or leave a trackback: Trackback URL.

Comments

  • ლოლიკა  On March 21, 2011 at 11:22 pm

    რეზო, შენი ფანი ვაააააააარ!!!!!!

    Like

  • marex  On May 13, 2014 at 9:04 pm

    გაანადგურეს ,მაგრამ ვერ მოკლეს , უკვდავთან სიკვდილს რა ხელი აქვს!

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: