ჯორჯ ბალანჩინი – კაცი, რომელიც ცეკვად თარგმნიდა მუსიკას

წინამდებარე პუბლიკაცია დაიბეჭდა ,,პრაიმტაიმის” 28 მარტის ნომერში, ასე სასწრაფოდ ბლოგზე არც დავდებდი, რომ არა ერთი გარემოება – ტექნიკური მიზეზების გამო ამოვარდა საკმაოდ მოზრდილი აბზაცი. არც ეს იქნებოდა პრობლემა, რომ არა შექმნილი უხერხულობა: პუბლიკაციაში გამოყენებული მაქვს ფრაგმენტი ნოდარ გურაბანიძის ნარკვევიდან, სწორედ ამ ფრაგმენტის დასაწყისი შეეწირა ტექნიკურ გაუგებრობას და მეტიც – აღარაა მითითებული ფრაგმენტის ავტორი ნოდარ გურაბანიძე და ისე გამოვიდა, თითქოს მე მეკუთვნის ის სტრიქონები, რომელიც დარჩა ბატონ ნოდარის ნარკვევის ფრაგმენტიდან… თითქოს ბატონი ნოდარი კი არა, მე ვიყავი 1968 წელს ამერიკაში ბატონ რობერტ სტურუასთან ერთად…
გთავაზობთ პუბლიკაციის სრულ ვარიანტს. (ამოვარდნილი ნაწილი წითლადაა)…

რეზო შატაკიშვილი

 

მამამ დაწერა პირველი ქართული ოპერა, პირველი ქართული რომანსები.

ერთმა ვაჟმა დაწერა პირველი ქართული ბალეტი, ქართული სიმფონიის პირველი სრულყოფილი ნიმუში, პირველი საფორტეპიანო კონცერტი….

მეორე ვაჟმა…. შექმნა ამერიკული ბალეტი და გააოგნა მსოფლიო….

ჯორჯ ბალანჩინი – კაცი რომელმაც გაარღვია საბჭოეთის საზღვრები, კაცი, რომელმაც გაარღვია დრამ-ბალეტის საზღვრები…

ქუთაისის პეტრე-პავლეს ეკლესიიის მოძღვრის ვაჟი, თბილისის სასულიერო სემინარიაში განალებამიღებული მელიტონ ბალანჩივაძე 18 წლის თბილისის საოპერო თეატრის გუნდში მღეროდა, 20 წლის უკვე ქართულ ხალხურ სიმღერებს კრებდა, აყალიბებდა გუნდებს, კონცერტებს მართავდა მთელს საქართველოში. 26 წლისამ ბედი კომპოზიციაში სცადა _ ,,ქართული ხალხური სიმღერების პოპური’’ დაწერა, მალევე  რომანსები – ,,ოდესაც გიცქერ’’, ,,შენ გეტრფი მარად’’, ,,ნანა შვილო’’… ამ რომანსებმა აღიარება მოუტანა დამწყებ კომპოზიტორს. 27 წლისამ პეტერბურგის კონსერვატორიას მიაშურა. 1896 წელს მუშაობა დაიწყო პირველ ქართულ ოპერაზე – ,,თამარ ცბიერზე’’, რომელსაც ბოლოს ,,დარეჯან ცბიერი’’ ეწოდა. სწორედ პეტერბურგშუი მოღვაწეობისას შეეძინა მას ვაჟები – 1904 წელს გიორგი ბალანჩივაძე მოევლინა ქვეყანას, 1906 წელს –  ანდრია ბალანჩივაძე.

ხუტი  წლის იყო გიორგი ფორტეპიანოს რომ მიუჯდა, 9 წლისა უკვე მარიას თეატრთან არსებულ საიმპერატორო თეატრალურ სასწავლებლის საბალეტო  სექციაში ჩაირიცხა და მალევე გამოჩნდა კიდეც მარიას თეატრის სცენაზე. 13 წლის იყო მამა საქარველოში რომ წამოვიდა, ერთი წლის შემდეგ საქარველოში  წამოვიდა 12 წლის ძმა ანდრია, მალევე დედაც და დაც, ბალეტზე ფანატიკურად შეყვარებული, 14 წლის გიორგი კი პეტერბურგში მარტო დარჩა. 14 წლის გიორგი და 12 წლის ანდრია რომ ერთმანეთს შორდებოდნენ, ალბათ  ვერც კი წარმოიდგენდნენ თუ რა ხანგრძლივად შორდებოდნენ ერთმანეთს… 15 წლის იყო, საბალეტო სასწავლებელი რომ წარჩინებით დაამთავრა და მარიას თეატრის საბალეტო დასში ჩაირიცხა. ცეკვის პარალელურად, პეტერბურგის კონსერვატორიაში ეუფლებოდა ფორტეპიანოს, მუსიკის თეორიას, კომპოზიციას, ჰარმონიას. იმ ავბედით რევოლუციურ წლებში, როცა ფული გაუფასურებული იყო, მომავალში სახელგანთქმულ ბალეტმაისტერს ხშირად უწევდა ფორტეპიანოზე დაკვრა კაბარეებსა და მუნჯი კინოს დარბაზებში _ ლუკმა-პურისთვის.

მუსიკასთან ასეთ ინტენსიურ ურთიერთობას უკვალოდ არ ჩაუვლია და მთელი ძალით გამოვლინდა მის ქორეოგრაფიაში, მის განუმეორებელ უნარში _ ,,ეთარგმნა’’ მუსიკა _ ცეკვად. მომავალში სახელგანტქმულმა ბალეტმაისტერმა  ჯერაც სრულად ყმაწვილმა მოჰკიდა ხელი ქორეოგრაფობას, 16 წლისაც არ იყო, პირველი პა-დე-დე რომ დადგა რუბინშტეინის მუსიკაზე – თავისთვის და სტუდენტი გოგონასთვის, სახელწოდებით “ლა ნუიტ”. მის მიერ საბენეფისო შესრულებისთვის დადგმული მორიგი დუეტი ,,ენიგმა’’ წლების მანძილზე სრულდებოდა. 19 წლის იყო მცირე საბალეტო დასი ,,ახალგაზრდული ბალეტი’’ რომ ჩამოაყალიბა. მის მიერ შეთხზულმა ექსპერიმენტული ხასიათის ცეკვებმა ბოლშევიკური ხელისუფლების გულისწყრომა გამოიწვია _ მოცეკვავეებს დაემუქრნენ კიდეც მარიას თეატრიდან გამორეკვით, თუ თავს არ დაანებებდნენ საბჭოთა მოქალაქისათვის მავნე ექსპერიმენტებს. 1924 წელს, 20 წლის გიორგი ბალანჩივაძე საზღვარგარეთ წავიდა საგასტროლოდ, სამ სხვა მოცეკვავესთან ერთად და… დარჩა როგორც ემიგრანტი _ დიაგილევმა ნახა და მიიწვია ტავისთან _ პარიზის რუსულ საბალეტო დასში. სწორედ დიაგილევმა ურჩია გამხდარიყო ბალანჩივაძე _ ,,ბალანჩინი’’ და ასპარეზზე გამოვიდა ჯორჯ ბალანჩინი…. მალე ჯორჯ ბალანჩინი დიაგილევის დასის მთავარი ბალეტმაისტერი გახდა. მალე ტრავმაც მიიღო, აქტიურად აღარ ცეკვავდა და მთლიანად ბალეტმაისტერის ამპლუაში გადავიდა _ დიაგილევის დასში მოღვაწეობისას 9-ზე მეტი ბალეტი დადგა.

დიაგილევის სიკვდილის შემდეგ, ცეკვებს დგამდა ბრიტანელების პოპულარული რევიუსთვის, იყო მიწვეული ბალეტმაისტერი დანიის სამეფო ბალეტში, კოპენჰაგენში, იყო მონტეკარლოს რუსული საბალეტო დასის ბალეტმაისტერი…

ევროპაში თვითდამკვიდრება იოლი არ აღმოჩნდა ევროპაში  გადახვეწილი  ჯორჯ ბალანჩინისთვის. პარიზსა და მონტე-კარლოში მას “ხელმოცარულ არტისტს” უწოდებდნენ, ამას დაემატა დაზიანებული ზურგი, ისიც რომ სრულიად ახალგაზრდა ტუბერკულოზით დაავადდა… ,,შარვალი გავყიდე და საჭმელი ვიყიდე’’ _ გაიხსენებს მოგვიანებით.

მიუხედავად ამისა, ის არ გატეხილა _ ბრიტანელი საზოგადო მოღვაწის ედვარდ ჯეიმსის დახმარებით დაარსა საკუთარი საბალეტო დასი ,,ბალე -1933’’. ამ კომპანიას სულ ერთი სეზონი ჰქონდა, ამ ერთი სეზონის მანძილზე ბალანჩინიმ დადგა 6 ბალეტი, ერთ-ერთი ბალეტის დადგმისას თანამშრობლობდა ბერტოლტ ბრეჰტთან და კურტ ვეილთან. შემდეგ, ლონდონში გასტროლების დროს დასი დაიშალა. მიზეზი? ბალანჩინის სპექტაკლს დაესწრო ლინკონ ქირსტეინი, რომლესაც ამერიკაში საბალეტო დასის შექმნა სურდა და ბალანჩინი ამერიკაში მიიწვია. ბალანჩინი წავიდა ამერიკაში. დაარსდა ,,ამერიკული საბალეტო სკოლა’’, რომლის საფუძველზეც შეიქმნა დასი, რომელსაც მოგვიანებით ეწოდა ,,ნიუ-იორკ სიტი ბალე”…

ბალანჩინიმ დადგა “სერენადა” და სახელი გაიტქვა მთელ მსოფლიოში.

,,სერენადას” გლიუკის ,,ორფეოსი და ევრიდიკე” მოჰყვა, შემდეგ ხანგრძლივი თანამშრომლობა სტრავინსკისთან. დაიწყო ამერიკული ბალეტის დიდების ხანა და ბალანჩინის მსოფლიო აღიარება…

ჯორჯ ბალანჩინი ,,ნიუ-იორკ სითი ბალესთან” ერთად საბჭოთა კავშირს პირველად 1962 წელს ეწვია. 44 წლის უნახავ ძმასთან შესახვედრად ანდრია ბალანჩივაძე ლენინგრადში ჩავიდა.

,,ამერიკული თვითმფრინავიდან გიორგი, კაპიტანივით, სულ ბოლოს გამოვიდა და, წარმოიდგინეთ, პირდაპირ ჩემსკენ გამოემართა. დამხვედრიც და ჩამოსულიც – ყველა ტიროდა… საქართველოშიც ჩამოვიდა, თბილისმა იგი აღაფრთოვანა, აღფრთოვანებულები იყვნენ თბილისელებიც _ ბალანჩინითა და მისი საბალეტო დასით. შემდეგ ჩვენ ქუთაისსაც ვეწვიეთ, მოვინახულეთ მამაჩვენის საფლავი ,,მწვანე ყვავილაში”… ჩვენ ერთად მოვიარეთ დასავლეთ საქართველოს რაიონები… ჩვენი ცეკვებიც ნახა, მოისმინა პოლიფონიური სიმღერებიც… ბალანჩინი გაოგნებული დარჩა… მეორე ჩამოსვლისას ბალანჩინი უკვე ქართველობდა” _ იხსენებდა ანდრია ბალანჩივაძე.

ჯორჯ ბალანჩინი და ანდრია ბალანჩივაძე

დოკუმენტალისტ ზურაბ ინაშვილის ფილმში, ქორეოგრაფი ნიკიტა დოლგუშინი იხსენბს, რომ ბალანჩინი რეპეტიციისას, ერთხელ ამერიკელ ბალერინას მიუახლოვდა და ქართულად უთხრა ,,შენი ჭირიმე!”. დოლგუშინი დასძენდა:

,,მე მეუღლე ქართველი მყავს და ყველაფერს მივხვდი. ამერიკელმა მოცეკვავემ, შესაძლოა, ვერ გაიგო ამ სიტყვების მნიშვნელობა, მაგრამ, თუ მსახიობების რეაქციას გავითვალისწინებთ, მივხვდებით, რომ მასში ყველა შეყვარებული იყო.”

ჯორჯ ბალანჩინიმ ქართული არ იცოდა, მაგრამ ყოველთვის ხაზს უსვამდა თავის ქართველობას. ჰყვარებია ქართული სამზარეულო, განსაკუთრებით ჭადი და ხაჭაპური. ბალანჩივაძეების ოჯახში ის წერილებიც აქვთ შემონახული, სადაც ბალანჩინი დედას საცივის რეცეპტის გაგზავნას სთხოვს…

საბჭოთა თბილისში ბალანჩინის საბალეტო დაისის გამოჩენა ერთდროულად იყო მეხის გავარდნაც და ცისარტყელის აელვარებაც.

ნოდარ გურაბანიძე წლების შემდეგ დაწერს:

,,ავად თუ კარგად სახსენებელი ,,ოტტეპლის” შემდეგ, თბილისში საგასტროლოდ ჩამოდიოდნენ ხოლმე საბალეტო ხელოვნების ცნობილი უცხოელი სოლისტები. მაგრამ მათ ჩვენს ,,ჩაკეტილ სივრცეში” იმიტომ უშვებდნენ, რომ უპირატესად კლასიკურ რეპერტუარს ასრულებდნენ. მიუხედავად მათი ვირტუოზული კლასისა, მაინც ღრმად ვიყავით დარწმუნებული, რტომ რუსული ბალეტი მსოფლიოში ყველაზე უკეთესი იყო, რომ ის აძლევდა ტონს და მიმართულებას მთელ კლასიკურ ქორეოგრაფიას და რომ სხვა ალტერნატიული ხელოვნების არსებობა ამ ჟანრში შეუძლებელი იყო. მაგრამ აი, 1962 წელს თბილისში პირველად ჩამოვიდა ჯოჯრ ბალანჩინის (გიორგი ბალანჩივაძის) ,,ნიუ-იორკ სიტი ბალე” და ერთბაშად ყველაფერი შეიცვალა. ტერფსიქორას ამ გენიალურმა მსახურმა გახსნა ,,კლასიკის” აკადემიური საზღვრები, ახალი ფორმები და მოძრაობა შეიტანა მის პლასტიკურ სამყაროში და ყველაფერი დაუმორჩილა მუსიკის სულს, მუსიკის დრამატურგიას და ამ მუსიკის ინდივიდუალური აღქმის შედეგად გამოწვეულ ხილვებს. ბალანჩინი არა მარტო დიდი ბალეტმაისტერი იყო, არამედ შესანიშნავი მუსიკოსი _ იგორ სტრავინსკის თქმით, იგი თავისუფლად დირიჟორობდა დიდ სიმფონიურ ორკესტრს. ამანაც განსაზღვრა მისი პლასტიკური ხილვების ორიგინალობა და ამ ამ პლასტიკის მუსიკალობა. მისთვის მთავარი იყო არა ამბავი, არა იდეა, ან რაიმე ტენდენცია (რის გარეშეც წარმოუდგენელია ე.წ. ,,დრამ-ბალეტი”), არამედ მუსიკის ადექვატური შეგრძნება, მისი პლასტიკური ანალოგის მიგნება. ბალანჩინის ბალეტების უმეტესობა ,,უშინაარსო” იყო (თვით ამბობდა ,,უშინაარსო” ,,უაზროს” არ ნიშნავსო), რადგან მისი ხელოვნების სული ამოდიოდა მუსიკალური ფორმიდან _ ეტიუდი, სუიტა თუ სიმფონია _ და არა მუსიკალურად ,,გაფორმებული” ამბიდან, სიუჟეტიდან, შინაარსიდან. შთაგონებას უპირველესად სწორედ ე.წ. ,,უპროგრამო მუსიკაში” ჰპოვებდა, სადაც ადამიანის არსებობის მრავალფეროვნებაა გადმოცემული ჟანრულ-ბუკოლიკური შთაბეჭდილებებიდან სამყაროს ტრაგიკულ შეგრძნებამდე… ამავ დროს აქ ქალისა და მამაკაცის სხეულის მშვენიერება, ჰარმონია კულტის დონემდეა ამაღლებული. სხეული ისეთსავე როლს თამაშობს მის ქორეოგრაფიაში, როგორც ფერი იმპრესიონისტების მხატვრობაში (ამით ხომ არ აიხსნება მისი ბრწყინვალე მოცეკვავეების სახეების უძრავი გამომეტყველება?!). ამერიკული ჟურნალი ,,ბალეტი” წერდა: ,,ცეკვისა და მუსიკის რიტმის ერთიანობას, ხედვითი და სემნითი შთაბეჭდილებების შესაბამისობას ამერიკული ბალეტი ჯორჯ ბალანჩინს უნდა უმადლოდეს”. თვით ბალანჩინი კი ამბობდა: `ბალეტი უნდა იყოს თავისთავადი. ბალეტი, უპირველესად სილამაზე, პოეზიაა. ბალეტზე უნდა ვილაპარაკოთ ესთეტიკური პოზიციებიდან, თუკი საერთოდ საჭიროა მასზე ლაპარაკი… მოცეკვავის ყველა უჯრედი უნდა მღეროდეს… მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე ვცდილობ რომ ადამიანის სხეულმა არ დაჰკარგოს თავისი აზრი და სილამაზე” .

თბილისში და მოსკოვში ჯორჯ ბალანჩინის ბალეტს უდიდესი წარმატება ხვდა წილად. ამერიკაში კი, როგორც თავად დავრწმუნდი, მას პირდაპირ ეთაყვანებოდნენ. 1968 წელს ,,ლინკონ ცენტრში”, სადაც ერთ გრანდიოზულ კომპლექსშია გაერთიანებული ,,მეტროპოლიტენ ოპერა”, ,,ნიუ-იორკ სიტი ბალე” და ჯულიარდის სასწავლებელი, რობერტ სტურუა და მე დავესწარით ბალანჩინის ბალეტს ,,აგონს”, სეზონის პრემიერას (სადაც ბრწყინავდა მიტჩელი _ შესანიშნავი ზანგი მოცეკვავე, რომელმაც შემდგომ ჰარლემის ზანგთა დიდად პოლულარული საბალეტო დასი ჩამოაყალიბა და რომელიც ბალანჩინის ქორეოგრაფიულ იდეებს ნერგავდა).

მაშინ, ორივენი პირველად მოვხვდით ამერიკელ მაყურებელთა შორის და, სიმართლე გითხრათ, გავვოგნდით: ეს ბრწყინვალე, რესპექტაბელური პუბლიკა სპექტაკლის დასასრულს შლეგივით იქცეოდა _ ყვიროდა, უსტვენდა, ფეხებს აბრახუნებდა, ტიროდა. ეს იყო ექსტაზი”.

ჯორჯ ბალანჩინი საქართველოში მეორედ ათი წლის შემდეგ ჩამოვიდა. 1983 წელს კი გარდაიცვალა. ალცჰაიმერის დაავადებამ იმსხვერპლა… ანდერძის თანახმად, მთელი მისი ქონება გადანაწილდა მის ბალერინებს შორის… შვილი არ დარჩენია… ჰყავდა ბევრი ცოლი, ქორწინდებოდა ბალერინებზე, ამბობდნენ რომ შვილის ყოლის წინააღდეგი თავად იყო. ბოლოს ერთ-ერთმა მაინც დაითანხმა, მაგრამ ფეხმძიმობისას პოლიომიელიტით დაავადდა და სამუდამოდ დაინვალიდდა. მას შემდეგ ბალანჩინის ოფიციალურად აღარ უქორწინია…

ბალანჩინის გადაწყვეტილი ჰქონია ძმის ბალეტის ,,მთების გულის’’ დადგმა, ძმისთვის მეოთხე საფორტეპიანო კონცერტის პარტიტურაც გამოურთმევია _ სურდა ამ კონცერტზე უსიუჟეტო ბალეტი დაედგა, მაგრამ ეს ჩანაფიქრები არ განხორციელებულა… და კიდევ: საბჭოთა ხელისუფლებამ მას არ მისცა საშუალება რომ თბილისში დაედგა რამე…

 

 

Post a comment or leave a trackback: Trackback URL.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: