რეზო შატაკიშვილი მშვენიერების ეტალონზე – თამარ ციციშვილზე

თავადის ქალი ჯერ გლეხის ქალი “გახდა” – მერე კი უეცრად კინოვარსკვლავი.

თამარ ციციშვილი 28 წლის, ახალგაზრდა პერსპექტიული მეცნიერი იყო, კინოში რომ მიიწვიეს გადასაღებად, ითამაშა დარიკოს როლი და გახდა – კინოვარსკვლავი. იმდენად პოპულარული რომ მილიციის თანხლების გარეშე, ქუჩაში სიარულსაც ვეღარ ახერხებდა. მის სილამაზეს ეთაყვანებოდა მაყურებელი, ის იყო მხატვრების, პოეტების მუზა, მას ხატავდნენ, უძღვნიდნენ ლექსებს…

“თუმც გლეხურ ჩითში ის იმალება,

მაინც მიაგნებს პოეტის თვალი,

სდგას სილამაზის გაბრწყინვალება

ხელში დამბაჩით თავადის ქალი,

რად უნდა ტყეში თოფი სახმარად,

სროლა, თავდასხმა, მალვა, მარადდღე,

მისი ხომ ერთი ღიმილიც კმარა,

რომ მთელი ჯარი განიარაღდეს” – ხოტბას ასხამდა გიორგი ლეონიძე…

თამარ ციციშვილი იქცა ქართველი ქალის ხატებად, სიმბოლოდ, ეტალონად – დახვეწილი მშვენიერების.

თამარის მამამ გერმანელი ქალი ოდესაში გაიცნო, იქორწინა და იქვე ოდესაში 1908 წლის 19 დეკემბერს შეეძინა ქალიშვილი. როდესაც გოგონას თამარს არქმევდნენ, რას იფიქრებდნენ რომ გამოხდებოდა ხანი და როცა ქეთევან მაღალაშვილს თამარ მეფის პორტრეტის დახატვას შეუკვეთავდნენ, აღიარებული მხატვარი სწორედ მათი ქალიშვილის სახეს და თამარის ფრესკას გამოიყენებდა თამარ მეფის პორტრეტის დახატვისას და ეტყოდა კიდეც თამარ ციციშვილს, შეგიძლია ჩათვალო რომ შენი პორტრეტიაო…

ქეთევან მაღალაშვილი "თამარ მეფე"

ქეთევან მაღალაშვილი "თამარ მეფე"

თამარმა 1925 წელს თბილისის ქალთა მერვე სკოლა დაამთავრა და უნივერსიტეტში ფილოლოგიურ ფაკულტეტზე ჩაირიცხა, პარალელურად სწავლობდა კონსერვატორიაში, საფორტეპიანო განყოფილებზე და 1930 წელს დაამთავრა როგორც უნივერსიტეტი, ასევე კონსერვატორია. მუშაობდა სახელმწიფო მუზეუმში, პედაგოგიურ კვლევით ინსტიტუტში ლექტორად, ისტორიის მუზეუმში დღედაღამ სიგელ-გუჯრებსა და პალიმფსესტებს ჩაჰკირკიტებდა, სიკო დოლიძემ კინოში რომ მიიწვია მთავარ როლზე. განასახიერა დარიკო, დებიუტს არნახული წარმატება მოჰყვა, მაყურებელი აღაფრთოვანა იშვიათი გარეგნობისა და შარმის ახალგაზრდა ქალმა რომელიც ღირსეულ პარტნიორობას უწევდა აღიარებულ მსახიობებს სანდრო ჟორჟოლიანს, სერგო ზაქარიაძეს, შალვა ღამბაშიძეს. წარმატებული კინოდებიუტის შემდეგ, თამარ ციციშვილი მეცნიერებას ჩამოშორდა და კინოსტუდიის მსახიობი გახდა. “დარიკოს” “ვეფხისტყაოსნის” ერთ-ერთი თავის მიხედვით გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმი “ქაჯეთი” მოჰყვა, სადაც თამარ ციციშვილი ნესტან-დარეჯანს ანსახიერებდა… შემდეგ იყო “დავით გურამიშვილი”, “აკაკის აკვანი”, “ქეთო და კოტე”, “ბედნიერი შეხვედრა”, “ჭრიჭინა”, “ბაში აჩუკი”…

კადრი ფილმიდან "დარიკო"

კადრი ფილმიდან "დარიკო"

სწორედ თამარ ციციშვილისა და ნატო ვაჩნაძის შუაში მჯდარმა იხუმრა სტალინმა – ძლივს არ მეღირსა გლეხის ბიჭს თავადის ქალებში ჯდომა…

თამარ ციციშვილი 1950-59 წლებში მარჯანიშვილის თეატრის მსახიობიც იყო.

“ანტონიოს და კლეოპატრაში” ოქტავიას ასახიერებდა, სცენაზე პარტნიორობას უწევდა გიორგი შავგულიძეს, პიერ კობახიძეს, ვერიკო ანჯაფარიძეს.

თამარ ციციშვილი და ვერიკო კინოშიც ხშირად იყვნენ პარტნიორები. ამბობენ, რომ ერთხელ წაკამათებულან კიდეც – ვერიკოს უთქვამს: რა უნდა გელაპარაკო, ქართლელი ტეტია ხარ!

“ვერიკო, შენ რომ იცოდე რას ნიშნავს ტეტია, ალბათ არც გაიმეტებდი ჩემთვის” – იყო თამარ ციციშვილის პასუხი. ტეტია გულუბრყვილო, კეთილ, სიბოროტეს მოკლებულ ადამიანს ნიშნავს და ასეთი დიახაც რომ საამაყოა – სწამდა თამარ ციციშვილს.

კორნელი სანაძე "თამარ ციციშვილი"

კორნელი სანაძე "თამარ ციციშვილი"

ცეკვა “ქართული”

“დარიკო” 2 წლის გამოსული იყო ეკრანებზე, ჯანო ბაგრატიონმა რომ შესთავაზა ერთად ეცეკვათ “ქართული” ფოლკლორის ფესტივალზე, ინგლისში. თამარ ციციშვილი დათანხმდა ჯანო ბაგრატიონის თამამ გამოწვევას, ჯანო ბაგრატიონი ერთ კვირას ამეცადინებდა თამარ ციციშვილს ცეკვაში, ჯერ თბილისში უნდა წარმსდგარიყვნენ შესარჩევ კონკურსზე. წარსდგენენ. იმ დღეს ოპერის ლოჯაში ბერიაც იჯდა. ჯანო ბაგრატიონმა ცეკვისთვის ორიგინალური დასაწყისი დადგა – თამარ ციციშვილი შემოდიოდა და სცენას კვეთავდა – მარცხენა კულისიდან მარჯვენა კულისამდე, ციციშვილის სცენაზე გამოჩენას ტაშის გრიალით შეხვდა მაყურებელი, თამარ ციციშვილმა გადაკვეთა სცენა, გაჩერდა მარჯვენა კულისთან და…… ზურგშექცეული აღმოჩნდა იმ ლოჟასთან, სადაც ბერია იჯდა…

დასრულდა ბაგრატიონისა და ციციშვილის ნაცეკვი ქართული და არ ცხრებოდა ტაში. არ ცხრებოდა მანამ, სანამ თვით ბერია არ გადმოიხარა ლოჟიდან და არ მისცა დარბაზს ნიშანი გაჩუმების…

ბაგრატიონ-ციციშვილის წყვილმა კონკურსში გაიმარჯვა, უნდა გამგზავრებულიყვნენ კიდეც ფესტივალზე, მაგრამ მეორე დილით ბაგრატიონი თვითმფრინავში არ აუშვეს… მის ნაცვლად სხვა მოცეკვავე გააყოლეს თამარ ციციშვილს, მაგრამ უკვე ოდესაში კი უკვე თამარ ციციშვილიც აღარ აუშვეს გემზე…

თამარ ციციშვილი, ლადო გუდიაშვილი, ბაბო დადიანი

თამარ ციციშვილი, ლადო გუდიაშვილი, ბაბო დადიანი

ქორწინება

ილია ჭავჭავაძის თანამოაზრე და უმცროსი მეგობარი, ცნობილი ექიმი და საზოგადო მოღვაწე მიხეილ გედევანიშვილი რამოდენიმე დარგის სპეციალისტი იყო – ფსიქიატრი, ნევროპათოლოგი, რენტგენოლოგი… სწორედ მან ჩამოიტანა პარიზიდან საკუთარი სახსრებით რენტეგენის აპარატი თბილისში. საგულისხმოა, რომ მანამ რენტგენის აპარატი არ იყო მთელს რუსეთის იმპერიაში. რენტეგენის აპარატის გარდა, ელქტროფიზიოლოგიური მკურნალობის აპარატურაც ჩამოიტანა, საკუთარი სახლის პირველ სართულზე საავადმყოფოც მოაწყო. სწორედ ამ საავადმყოფოში მუშაობდა მისი ვაჟი _ დიმიტრი გედევანიშვილი, შემდგომში აღიარებული ფიზიოლოგი, ბერიტაშვილის სკოლის წარმომადგენელი.

სწორედ იმ საავადმყოფოში მივიდა ულამაზესი ქალიშვილი – თამარ ციციშვილი აპენდიციტის ოპერაციის გასაკეთებლად. სწორედ მაშინ შეხვდნენ ერთმანეთს ახალგაზრდა, 26 წლის დიმიტრი გედევანიშვილი და 18 წლის თამარ ციციშვილი. მალე იქორწინეს კიდეც…

სწორედ თამარ ციციშვილს უნდა უმადლოდეს შთამომავლობა რომ შემოგვრჩა ფიროსმანის ფერწერული ტილო “შველი”. “შველი” თამარ ციციშვილმა სოფელ გლდანში ნახა გლეხის ოჯახში _ კედელზე ლურსმნით მიკრული და სთხოვა დაეთმო მისთვის. გლეხს არ დანანებია “თეთრი დუქნიდან” წამოღებული ნახატის ჩუქება… საყვარელი კინოვარსკვლავისთვის…

თამარ ციციშვილი ყოფილა სათნო, ბუნებით მშვიდი. ჰყვარებია სტუმრები, ყოფილა შესანიშნავი დიასახლისი…

გარდაიცვალა 1988 წელს – 80 წლის ასაკში… ბოლო ფილმი რომელშიც თამარ ციციშვილი გადაიღეს 1986 წელს გადაღებული “რობიზონიადა, ანუ ჩემი ინგლისელი პაპაა” – “დარიკოდან” ზუსტად ნახევარი საუკუნის შემდეგ გადაღებული ფილმი. ნახევარი საკუნის მანძილზე თამარ

ციციშვილი 26 ფილმში გადაიღეს… რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, მსახიობს რომელიც დებიუტით კინოვარსკვლავი გახდა, დამსახურებული არტისტის წოდება მხოლოდ 45 წლის ასაკში მიანიჭეს, სახალხო არტისტობა რომ გაიმეტეს, თამარ ციციშვილი უკვე 72 წლის იყო…

დაიბეჭდა “პრაიმტაიმში”

Advertisements
Post a comment or leave a trackback: Trackback URL.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: