რა თვისებებს უვითარებს ბავშვს ვაჟა-ფშაველას შემოქმედებასთან ზიარება?

ვაჟა-ფშაველა – კოსმოსის ფერმწერი

რეზო შატაკიშვილი

უდიდესია ვაჟას თხზულებათა ზემოქმედების ძალა ადამიანზე, მით უფრო მოზარდზე. ძნელად მოიძებნება ქართველი რომელსაც “შვლის ნუკრის ნაამბობზე” არ ეტიროს და ალბათ შვლის ნუკრის დამაობლებელ მონადირეზე უფრო სასტიკია მშობელი, რომელიც ბავშვს “შვლის ნუკრის ნაამბობს” არ წაუკითხავს და არ აატირებს. სასტიკია იმიტომ რომ არ ცდილობს ბავშვში სისასტიკის ამოძირკვას, თანაგრძნობის გაღვივებას… ვაჟას გენიალური შემოქმედება თითქმის ყველა ასაკისთვის საჭირო საზრდოს იძლევა – თუკი ადამიანის ქართველად და საზოგადოდ ადამიანად გაზრდა გვინდა – პატრა მოთხრობები თუ ზღაპრები, ლექსები და კოსმიური პოემები…

და მაინც, როგორ გამოვიყენოთ ვაჟას უკვდავი თხზულებები მოაზრების აღზრდისას, როგორ გავხადოთ ეს პროცესი კიდევ უფრო მიზანმიმართული?

“ქართული უნივერსიტეტი” ამ საკითხებზე ესაუბრება ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორს, ფსიქოლოგს, ქალბატონ მანანა მაჩაბელს.                     

მანანა მაჩაბელი:

 

— ვაჟა-ფშაველას შემოქმედებას უდიდესი გავლენის მოხდენა შეუძლია ქართველი მოქალაქის ჩამოყალიბებისას და ეს ჩამოყალიბება იწყება უკვე ჩვლილი ასაკიდან. რას ასწავლის ვაჟას მოთხრობები ბავშვს? ესაა ბუნების პერსონიფიცირება, ვაჟა იას, მთის წყაროს, ხმელ წიფელს, შვლის ნუკრს აწერს ადამიანურ თვისებებს, თან დახვეწილ ადამიანურ თვისებებს. და ამასთანავე თვით ბავშვში შემოდის ის თვისებები რაც ვაჟამ მიაწერა ამ ბუნებას. შედეგად ბავშვი სწავლობს სიყვარულს, გაფრთხილებას, სინაზეს, რომ ყველაფერს ძალიან დიდი გაფრთხილება უნდა, რომ ძლიერ ადვილია ადამიანის სულის დაკოდვა, მისი განადგურება… მთის წყარო ხომ ამბობს, ორისა თუ სამი ვერსის სიგრძეზე ვარ მხოლოდ ბედნიერი და უცოდველი, მერე დამლევს, ჩანმთქავს უზარმაზრი მდინარეო. ცხოვრებაც ასეა, იზრდები, კარგი თვისებები გაქვს, მაგრამ შემდეგ წინააღდეგობას ვეღარ უწევ იმას რასაც სოციუმი, რასაც საზოგადოება გკარნახობს… ია, რომელიც მოვლენილია სხვათათვის სიამოვნების მოსანიჭებლად, გვასწავლის რომ ადამიანიც ამავე მისიითაა მოვლენილი, რომ სხვას სიამოვნება მიანიჭოს, სხვისთვის იყოს გახსნილი როგორც იაა. ვაჟა ბავშვს აზიარებს იმას, რაც ადამიანმა ბიბლიიდან უნდა შეიმეცნოს და ისწავლოს შემდგომში. ვაჟა თავისი მოთხრობებით ღვთის გზაზე სიარულს გვასწავლის. არაჩვეულებრივი ამერიკული ფილმია “ბემბი”, არ ვიცი მისი ავტორები იცნობდნენ თუ არა ვაჟას “შვლის ნუკრის ნაამბობს”, მაგრამ ფაქტია რომ ეს პრობლემა ზოგადსაკაცობრიო პრობლემაა. მშობელს შეუძლია “შვლის ნუკრი” თავიდან ზღაპრად მოუყვეს ბავშვს. თუ მოუყვება, ბავშვი პეპელას ფრთებს აღარ დააცლის და აღარც სახლში გააკრავს კედელზე, მიხვდება რომ ისედაც ცოტა სიცოცხლე აქვს პეპელას, რომ პეპელა ბევრად უფრო ლამაზია ბუნებაში, მწვანე მინდორში, ფერად ყვავილებში, აღარ მოკლავს პეპელას იმიტომაც რომ სხვაც დატკბეს მისი მშვენებით. “შვლის ნუკრზე” გაზრდილი ადამიანი, მონადირე ვერ გახდება,

 

— ყოველ შემთხვევაში ზოოპარკში არ მივა და ირემს ან შველს ბარკალს არ მოაჭრის სამწვადედ.

 

— არა, რა თქმა უნდა და პირიქით მათი ცქერით დატკბება და მერე თავის შვილსაც ასწავლის ტკბობას. იმასაც აუხსნის, რომ შველი ბუნებაში უნდა იყოს, მაგრამ აქ იმისთვის ჩამოიყვანეს რომ მას ენახა. ამისთვის უნდა ატარო ბავშვი ზოოპარკში და არა იმისთვის რომ სასწრაფოდ ეგრევე ეშმაკის ბორბალზე შესვა, რაკიღა საქნლებისკენ იწევს. ჯერ დაათვალიერებინე, მოუყევი, მაგრამ ზოგ მშობელს ამ ახსნა-განმარტებებს მეზობელთან ჭორაობა ურჩევნია. მე არ ვლაპარაკობ იმ მშობელბზე, რომლებსაც ძალიან უჭირთ და არსებობისთვის იბრძვიან, მაგრამ ძალიან ბევრი მშობელი, გადასარევად ცხოვრობს და დადიან სხვადასხვა გასართობ ადგილებში და ბავშვები ძიძებისამარა ჰყავთ დატოვებული. აკაკიც ძიძამ გაზარდა, მაგრამ მაშინ სხვა იყო, ახლა ეს ძიძაც დაღლილია, სახლში პრობლემები აქვს, მოდის ლუკმა-პურისთვის, და იმას ვერ მოსთხოვ ბავშვს უკითხოს და მის გაუთავებელ კითხვებს გასცეს პასუხი. ბავშვს რომ წაუკითხავ, “ამოდის მზე” გეკითხება “რატომ”, რომ ეტყვი, იმიტომ რომ  განათდეს, ისევ გეკითხება “რატომ”, და ეს “რატომ” გაუთავებელია, ძიძას ამ გაუთავებელი კითხვებზე პასუხის გაცემის ნერვები აქვს? სადილი აქვს მოსამზადებელი, სარეცხი დასარეცხი, დასალეგებლი, მაღაზიაში უნდა გადავიდეს, სკოლაში წაიყვანოს, მოიყვანოს, და ა.შ. არადა ამ გაუთავებელ “რატომში” ვითარდება ბავშვი, როდესაც მშობელი ამ გაუთავებელ “რატომს” პასუხობს მაშინ ვითარდება გონება, მაშინ მოქალაქეც გამოვა, მეცნიერიც, ექიმიც, პედაგოგიც, იმიტომ რომ მას გასცეს პასუხცი, მას დაეხმარნენ რომ შეემეცნო, გაეგო, მის გარშემო რა ხდება და რატომ ხდება. ბოლო-ბოლო ამისთვისაა გაჩენილი ადამინი, რომ შეიმეცნოს ის რაც მისთვის უცნობია, თორემ არც ფიზიკა იქნებოდა, არც გეომეტრია და არც კოსმოსში წავიდოდიოთ.

 

— ზოგი მშობელი შვლის ნუკრის წაკითხვაზე, რატომღაც უარს ამბობს იმ მოტივით რომ ბავშვს ტკივილი არ მიაყენოს, არ აატიროს.

 

— ცრემლი, მხტავრული ნაწრმოებით გამოწვეული ესაა კათარზისი, ანუ სულის გამწენდა. ახლა რატომღაც დაიწყეს “ჰეპი ენდები”, ჩემთვის უძვირფასესი ზღაპარია “წიქარა”. მოზარდთა სახლში უნარდაქვეითებულ ბავშვებთან მქონდა ურთიერთობა, ბავშვს “წიქარა” მოვაყოლე, ბავშვი მიყვება ზღაპარს და ამთავრებს – ბიჭი ხეზე ზის სალამურსა უკრავს და წიქარაცა იქვე სძოვსო. ავხტი , დავხტი, რანაირად ამთავრებ მეთქი. მომიტანეს წიგნი, ასეთი ჰეპი ენდით მთავრდებოდა… შვლის ნიუკრზე ტირილს გაურბიან და რას აყურებინებენ ბავშვებს? ან რა მუტფილემს უყურებენ, ან რა თამაშებს თამაშობენმ ერთი სული აქვთ ერთმა მეორე მოკლას, რაც მეტს მოკლავს, მით უფრო გამრჯვებულია… “არ იტიროს” რას ნიშნავს, კათარზისი არ უნდა მოხდეს? თუ ბავშვობიდან არ მიავაჩვიეთ თანაგრძნობას, მერე როგორ უნდა მოსთხოვო იმ ადამიანს რომ მეგობარს უთანაგრძნოს? ან უცხოს უთანაგრძნოს? მხატვრული ნაწარმოები აღუძრავს თანაგრძნობას. შეეცოდა, იტირა, მერე რა? ეს ხომ საშინელებათა ფილმები არაა – “უჟასტიკები”? ვაჟა ეს გენიალური ადამიანი, პატარა მოთხრობაში იმდენს გეუბნება… ვაჟა ბავშვს უნდა უკითხო ყოველდღე, შეიძლება მთელი მოთხრობა ვერ მოისმინოს ბავშვმა, იმიტომ რომ ყურადღებას ყოველთვის ვერ იკრებს, მაგრამ არაა პრობლემა, გაწყვიტე და მერე წაუკითხე, ჯერ ზღპარად მოუყევი, ბოლო-ბოლო აჩვენე წყარო, ხომ დადიხარ დასასვენებლად, მაინცდამიანც კომპიუტერს ნუ წაიღებ და მაინცდამაინც მარტო ჭამაზე და ბურთის თამაშზე ნუ იფქრებ და წყაროსთან რომ მიიყვან, “მთის წყარო” ზღაპარივით მოუყევი, წყაროსთან ყვავილებმა იციან გაშლა, იქვეა ხავსი, ია აჩვენე, ყაყაჩო აჩვენე, გაიყვანე გარეთ, ფეხით იარე! ვაჟა გაძლევს კოსმოსში ჩახედვის საშუალებას, როგორც გარეკოსმოსში, ისე მიკროკოსმოსში, შენს თავში, რომელში ჩახედვაც ზარავს ადამიანს, ამიტომ ბოლომდე უყურებს ტელევიზორს, ბოლომდე რაღაცეებით ერთობა რომ არ დარჩეს თავსი თავთან მარტო, არ აღმოაჩინოს ის, რაც უნდა აღმოაჩინოს… “ბახტრიონის” ბოლო ხომ გახსოვთ, “ერთ დღეს გველი ვით ნისლი, გაწოლილიყო ხეზედა…” მრავალ ცოდვის მოქმედ გველს ებრალება ლუხუმი… გველს ეცოდება ადამიანი და ჩვენ ადამიანს არ გვეცოდება ხშირად ადამიანი. ესაა ჩვენი სამყაროს დიდი კოსმიური სურათი.

 

— სკოლაში ავად თუ კარგად, ვაჟას პოემები ისწავლება, მაგრამ რამდენად სათანადო ასაკში ისწვალება? ამ ასაკის ბავშვს შეუძლია ჩასწვდეს “ალუდა ქეთელაურს”, “ბახტრიონს”?

 

— ჩაწვდება თუ მას ჰყავს წინამძღოლი, ან პედაგოგის სახით, ან მშობლის სახით. უნდა აუხსნან, რატომაა რომ სხვა რჯულის კაცს გადეფარა, რომ იმის ცოლი მიდის და ორივეს ერთად დასტირის.. “ბახტრიონი” ქართულ ცნობიერებას აღვიძებს. ეროვნული ცნობიერების, ეროვნული იდეოლოგიის გარეშე არ არსებობს არაფერი. ვერც ქვეყანა ვერ აშენდება და ვერც ბავშვი ვერ გაიზრდება მოქალაქედ ეროვნული იდეოლოგიის გარეშე, რომელიც ნელ-ნელა უნდა შეიქმნას. კი ბატონო, გლობალიზაცია, მაგრამ ამ გლობალიზაციაში სხვადასხვა ფერებია და იმ ფერებს ნუ დაუკარგავენ. კი ბატონო, უნდა ვიამაყოთ რომ ქართველები ვართ, მაგრამ ამის გამო, სხვა ერი უარესი არაა, “რაც კარგები ვართ ქართველები ვართ” – ასე რააა, ყველა კარგები ვართ, ყველა ღვითის შვილები ვართ და ყველა პატარა ბურთზე ვცხოვრობთ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი მასწავლებელი ასწავლის ბავშვს ქართულ ლიტერატურას, თუ მას არ უყვარს ბავშვიც და საგანიც, ის ისე მიარიხინ-მოარიხინებს, ყველაფერს აზრს უკარგავს. შეიძლება საზეპირო არ მისცე ბავშვს? თუ ბავშვმა არ დაიზეპირა, რანაირად უნდა გაარჩიოს რომ ესაა ილია, ესაა ვაჟა, კონსტანტინე გამსახურდია თუ შიო მღვიმელი?

 

— ზოგიერთი თანამედროვე პედაგოგი უარყოფს დაზეპირებას, რადგან ბავშვები ძალდატანების გარეშე არ იზეპირებენ და ძალადტანება კი ძალადობაა ბავშვზეო…

 

— პედაგოგიკაც ცუდად იციან და ფიზიოლოგიაც. ადამიანი თუ სულ იჯდება და არ გაინძრევა, კუნთიც ზარმაცდება და გულიც. დაზეპირება ტვინის  უჯრედების ვარჯიშია, სკლეროზი გვიან დაგემართება. ნუ იძალავებ, ისე დააზეპირებინე. მე და ჩემს შვილს მთელი თამაში გვქონდა. ბავშვმა არ იცოდა რა წიგნს ვიღებდი, გადავშლიდი და ვუკითხავდი განყენებულ აბზაცს, სადაც ნახსენები არ იყო გმირების სახელი. ის უნდა მიმხვდარიყო, რა ნაწარმოებიდან ვუკითხავდი. იგივეს მეც ვაკეთებდი, ბავშვი დაიკავებდა წიგნს, “აბა დედა გამოიცანი”. მე რომ არ გამომეცნო, არ ამყვებოდა თამაშში, ამყვა და დღეს  მშვენივრად არჩევს ერთი მწერლის თავისბურებას, სტილს, როგორ წერს, რა ლექსიკას ხმარობს. ვთამოშობდით და ვიხოცებოდით სიცილით, ხან მე მეშლებოდა, ხან იმას და მერე ავიღებდით და რა შავი ლაქაც გვქონდა დედა-შვილს, თავიდან ვსწავლობდით. აკაკის ლექსებს იოლად ისწავლი, სხვისასაც, მაგრამ განსაკუთრებუთ ძნელია ალექანდრე ჭავჭავაძის და გრიგოლ ორბელიანის დაზუთხვა, აი მაშინ იწყებოდა თავდავიწყება, უჭირდა, ვერ მაბარებდა და როცა მე ზეპირად ვუკითხავდი, ვერ მიტანდა, როგორ თუ მე მახსოვდა და თვითონ ვერ დაიმახსოვრა, ამ გაჯიბრებით, შესანიშნავი მეხსიერება გამოუმუშავდა, რომელიც მერე ზღაპრულად გამოადგა მედიცინაში, მედიცინეს ტერმინოლოგია როგორი დამსამახსოვრებელია? ამას თითქოს საქმე არა აქვს ლიტერატურასთან და ლექსების დაზეპირებასთან, მაგრამ არ აქვს?

 

— ანუ შეიძლება ვთქვათ რომ მეხსეირების გასავარჯიშებლად და ჩამოსაყალიბებლად უებარია ვაჟას დაზეპირება? თან საკმაოდ რთული ენაა…

 

— არაფერი რთული ენა არაა, თავისით ჯდება, გონებაც ვარჯიშდება და ლექსიკაც მდიდრდება, ვაჟას ნაწარმოებების დაზეპირება ლექსიკისთვის არაჩვეულებრივია, თან პოეტურ ლექსიკას ამდიდრებს. ლექსიკის გამდიდრება აუცილებელია, თორემ დღეს ტელევიზიაშიც და გაზეთებშიც, რესპოდენტებიც და კორესპონდენტებიც მაქისმუმ 50-100 სიტყვასღა ხმარობენ. სტუდენტებს ყოველთვის ვეუბნები, ყველას უნდა ჰქონდეს საკუთარი ლექსიკონი, რაც იმას ნიშნავს, რომ რაღაც სიტყვას თუ ვერ გაიგებს, ამოიწეროს, მიაწეროს მნიშვნელობები, მერე წეროს წინადადებების ვარიანტები, სადაც ამ სიტყვას გამოიყენებს, ეცადოს რომ ეს სიტყვა ხშირად გამოიყენოს, ანუ გააქტიუროს რომ მის მეტყველებაში ბუნებრივად ჩაჯდეს…

 

                                                                     

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Advertisements
Post a comment or leave a trackback: Trackback URL.

კომენტარები

  • Nana Oniani  On ოქტომბერი 10, 2011 at 2:19 AM

    არაჩვეულებრივია, მომეწონა , ყველაფერში ვეთანხმები ერთის გარდა- დ ა ზ ე პ ი რ ე ბ ა.ყველას უნდა ჰქონდეს არჩევანის უფლება რა ჩაიბეჭდოს ტვინში, წაიკითხოს ,გაიაზროს,დასკვნები გამოიტანოს,ცხოვრებაში გაატაროს, თავისი სიტყვებით მრავალფეროვნად გამოთქვას ჩადებული აზრი,ეს უფრო მიმაჩნია გონების ვარჯიშად. მომიტევეთ , მაგრამ მინდა ინდივიდუალურად მიეცეს ნიჭსა გზა ფართო….

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: