ღვარძლ-ოსნული ომები „ფეისბუკის” მინდვრებში

 

 

 

რეზო შატაკიშვილი

კოკასა შიგან რაცა სდგას, დღეს სწორედ იგი მოედინება, უფრო სწორად კი არ მოედინება ღვარცოფად იღვრება ინტერნეტ სივრცეში –  “ფეისბუკის” მინდვრებსა თუ სხვადასხვა საიტებზე, ფორუმებზე და სადღა აღარ. მაინც რა დგას და რა მოდის ღვარცოფად? ცოფი, გესლი, ბოღმა და ღვარძლი. საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ინტერნეტი იქცა შინიდან გაუსვლელად ლანძღვისა და ბოღმის ნთხევის უებარ საშუალებად. სწორედ ამისთვის იყენებენ სხვადასხვა სოციალურ ქსელებს, იყენებენ სწორუპოვრად. “უტორმუზოდ” და ანგარიშმიუცემლად. ხან გეგონება მეტი დანიშნულება და ფუქნცია არც ჰქონდეს ამ სოციალურ ქსელებს. დიახ, გეგონება, არადა, ყველამ კარგად ვიცით ეს რომ სულაც არაა ასე, ამ ქსელებსაც და საერთოდ ინტერნეტსაც ბევრად  მეტი და ბევრად ღირებული დანიშნულება გააჩნია, მაგრამ ჩვენთან როგორ მოიხმარენ? 

ვიღაც თავის ვოლზე დააგდებს სტატუსს, მერე ატყდება და რა ატყდება. ხან რომ გადახედავ მათ ღვარძლიან პოლემიკას, თავზარი დაგეცემა. ვიღაც პირდაპირ დაურიდებლად ლანძღავს მეორეს, ვიღაც შეფარვით კბენს და აწვეთებს გესლს,  კითხულობ და ფიქრობ, ამდენ გესლს სად იტევთ? კასრებით გაქვთ? ან რითი ვერ გამოგელიათ? რამ გაგაბოროტათ?

სწორედ აქ ფეისბუკის მინდვრებში უპირისპირდებიან ერთმანეთს ოპოზიციციისა და ხელისუფლების მხარდამჭერები. დაპირისპირება მშვენიერია, კამათიც კარგია – ჭეშმარიტებას შობსო, მაგრამ რასაც უმეტეს შემთხვვევაში ვხედავთ, ეს არც კამათია და არც დაპირისპირება. ესაა ურთიერთ ლანძღვა და ფაშისტური დამოკიდებულება ყოველგვარი განსხვავებული აზრისა და შეხედულების მიმართ. მინდა გითხრათ, ეს სულაც არ ახასიათებთ მარტო ხელისუფლების აპოლოგეტებს, ეს სწორედაც რომ ოპოზიციურად განწყობილ პირებს ახასიათებთ ყველაზე მეტად, ისეთი გავეშებით ლანძრავენ ყველას და ყველაფერს, რაც მათ არ მოსწონთ, რაც მათ არ მიაჩნიათ სწორად რომ ლამისაა პირჯვარი გადაიწრო და ღმერთს მადლობა შესწირო რომ ისინი არ არიან მართვის სადავეებთან. ერთი ძველთაძველი ანეგდოტია, ოსს ეკითხებიან, ავტობუსი უფრო სწრაფია თუ ტროლეიბუსიო და ოსმან მიუგო – ტროლეიბუსიო, დაბმულია და რას იწევს და რო აუშვა რაღას იზამსო.

ოპოზიციაში არიან და რა დღეში არიან და ეგენი რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ სად გაგიშვებენ, თუ ემანდ ღმერთი გაგიწყრა და განსხვავებულმა აზრმა შეგაწუხა, ან განსხვავებული შეხედულება გექნა? ფაქტია რომ “ფეისბუკს” ოხრად დაგატოვებინებენ.

ვიღაც ვიღაცეები ლიბერალიზმზე, დემოკრატიულ ფასეულობების თაყვანისცემაზე დებენ თავს და იქვე რიხით ემუქრებიან ყველას ვინც განსხვავებულად ფიქრობს, მეგობრების სიიდან ამოგშლითო. მერმე კი ერთმანეთს  (“დო პარი დო ვრემენი” თანამოაზრეებს) ისე რიხით ამცნობენ, “ფრენდ ლისტი” გავწმინდეო, წავშალე ხალხიო, ეჭვიც არ შეგეპარება რომ ეს ხალხი ვირტუალურ სივრცეში იკმაყოფილებს მოწინააღდეგეთა გაჟუჟვის ფაშისტურ თუ ბოლშევიკურ ჟინს.

ხან არის შემთხვევები რომ კამათი მართლაც ნორმის ფარგლებში მიდის, რამოდენიმე ადამიანი კორექტულად უზიარებს ერთმანეთს განსხვავებულ შეხედულებას, კორექტულადვე არ ეთნახმება, მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს ვინმეს განა? შეხტება ვიღაც და ააფრენს თავის ოფოფებს, გადავა პირდაპირ პიროვნლ შეურაცხყოფაზე, ლანძღვასა და გინებაზე. გინება კი იცოცხლე, იმდენასრთულიანია, რამდენსართულიანიც ჯერ არ აგებულა არც აქ და არც ცათამბჯენებით განთქმულ ქალაქებში.

ვირტუალურ სამყაროში გინებას წინ რა უდგას? მითუმეტეს იმ შემთხვევაში თუ ანონიმურად პოსტავ სხვადასხვა ფორუმებსა თუ საიტებზე?  ათასვგვარ ნიკებს ამოფარებულ ბოღმის ბუკეტებს, შეუძლიათ დაგაბრალონ რაც უნდათ, გამოგაცხადონ და გაგინონ როგორც უნდათ, თანაც იმ შემთხვევაში თუ შენ საერთოდ არაფერ შუაში ხარ. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, სადღაც ფორუმზე ერთი გვამი ისეთი გავეშებით ამტკიცებდა რომ მე ოდესღაც ასლან აბაშიძის აპოლოგეტიც ვიყავი, მგონი ყველა დააჯარა ვისაც ეტლიკინებოდა. თან საჯარო ბიბლიოთეკისკენ ექაჩებოდა, მიდით, ნახეთ რეებს წერდა თავის დროზე “რეზონანსშიო”. მიდი და უმტკიცე იმ რეგვენს, რომ მიმუშავია ბევრგან, მაგრამ არასდროს “რეზონანსში”, რომ “რეზონანსთან” არაფერი მაკავშირებს გარდა იმისა რომ პერიოდულად ერთგული მკითხველი ვიყავი ამ გაზეთის და გარდა იმისა რომ პიროვნულად დიდ პატივს ვცემ “რეზონანსელებს” – ლელა ოჩიაურს და ელისო ჩაფიძეს. რა ველაპარაკო იმ რეგვენს? ან იმ ქვეშაფსიებს რა უნდა ელაპარაკო, ვინც ანონიმურად იგესლება და ილანძღება? კომპიუტერი კი გაქვთ, მაგრამ მოწოდებით თქვენ სწორედ 37-იანი წლების ღვიძლი შვილები ხართ, უბრალოდ არ გაგიმართლათ, გვიან გაჩნდით და თქვენ “ანონიმკებს” ძალა აღარ აქვს, თორემ რა სიამოვნებით დაასმენდით ყველას ვინც ნერვებს გიწეწავთ და ვისი წარმატებაც ყელში გეჩხირებათ… “აფსუს” რა იოლად ჩამოიშორებდით გზიდან, რა იოლად გააფუჭებდით?! წახდა ხო, დრო?

თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, ვიღაც ანონიმურ ნიკებს სიმხდალის გამო ეფარება, ვიღაცას ნამუსი არ აქვს, მაგრამ იცის რომ ასეთი რამ არსებობს და იცის რომ საკუთარი გვარით და სახელით ლანძღვა ცოტა არ იყოს და სამარცხვინოა და ნიღაბს ეფარება.  წინ წავიდა ცხოვრება. ადრე რომ ვიღაცისთვის დედა შეგეგინებინა საჯაროდ, ფართო აუდიტორიის წინაშე, ამისთვის რადიოში ან ტელევიზიაში მაინც უნდა მიეწვიე ვინმეს, ან გაზეთიდან მოსულიყო კორესპოდენტი. ამისთვის მინმიმუმ “ფეისად” უნდა ეცანი ვინმეს, და თან დიდი შანსი იყო რომ გაზეთის თუ ტელევიზიის ჟურნალისტი (თუ ნამუსი ჰქონდა) შენს უცენზურო გამოხტომას ამოჭრიდა, პირდაპირი ეთერის შემთხვევაში კი, ტელეწამყვანი – გაგაჩერებდა. ან უნდა გამოსულიყავი სადმე ხალხმრავალ ადგილას კიკასავით და აგეტეხა გინება. ახლა? არც “ფეისობა” გჭირდება, არც ვინმეს დაპატიჟება, აგერაა ტრიბუნა და თუ “მეგობრებში” ათასობით ხალხი გყავს, შეგიძლია დედა აგინო იმას, ვისაც გინდა და ხმაც არ ჩაიხლიჩო.

ისე არ გამიგოთ, თითქოს, მხოლოდ პოლიტიკურ შეხედულებებზე მიდიოდეს ჯვაროსნული ომები “ფეისბუკის” მინდვრებში თუ სხვადასხვა ინტერნეტ-ორღობეებში. სულაც არა, აქ ნახავთ, კოლეგების დატაკებას და იმას თუ როგორ იყენებენ ინტერნეტს ერთმანეთის ჩასაძირად თუ ვიღაცის გასაპიარებლად, ერთმანეთისთვის გულის მოსაკლავად თუ სიცოცხლის ხალისის დასაკარგვინებლად. არც ის იფიქროთ რომ მარტო ლანძღვისა და ჩხუბისთვის იყენებენ ინტერნეტს. როგორ გეკადრებათ? საკამარისია, თვალი შეავლო ვინ ვის რას წერს საჯაროდ, ვინ ვის “სტატუსს”, თუ ფოტოს “ალაიქებს” და რა წერია იმ “სტატუსებში” რომ იმწამსვე ნათელი გახდება, ვინ ვის უძვრება და ვინ ვის ეპირფერება. ვინ ვის ემლიქვნელება და ვინ ვის ახსნებს საკუთარ თავს, ახსნებს და სთავაზობს თავის “ქვეშევრდომობას” დიდსა თუ პატარა კლანში.

ადრე ეზოებთან ნახავდით წარწერას “ეზოში ავი ძაღლია”. ახლა? ვინ დათვალოს, ზღვაში ქვიშა და “ფეისბუკში” კიდე “ავი ძაღლები”…

დაიბეჭდა “საერთო გაზეთში”, 2011 წლის 8 ივნისს

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Post a comment or leave a trackback: Trackback URL.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: