ნოდარ გურაბანიძის რეცენზია რეზო შატაკიშვილის სამაგისტრო ნაშრომზე

 “რეზო შატაკიშვილი პირველია საქართველოში, ვინც მოიპოვა “თეატრალური ხელოვნების                                          მაგისტრის” ხარისხი”    

რეზო შატაკიშვილს მაგისტრის აკადემიური ხარისხი მიენიჭა


თორნიკე ყაჯრიშვილი  (დაიბეჭდა “პრაიმტაიმში”).

  14 ივნისს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საკვალიფიკაციო კომისიამ “პრაიმტაიმის” თანამშრომელს, რეზო შატაკიშვილს თეატრალური ხელოვნების მაგისტრის აკადემიური ხარისხი მიანიჭა. აღმოჩნდა რომ რეზო შატაკიშვილი პირველია საქართველოში, ვინც მოიპოვა “თეატრალური ხელოვნების მაგისტრის” ხარისხი. ეს ხარისხი ენიჭებათ მათ ვინც წარმატებით ამთავრებს მაგისტრატურას საშემსრულებლო ხელოვნების მიმართულებით. ამ მიმართულებით კი პირველი სამაგისტრო ჯგუფი რობერტ სტურუას სამაგისტრო ჯგუფი იყო, რომელიც დაამთავრა რეზო შატაკიშვილმა და პირველმაც მოიპოვა ხარისხი. მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად რეზო შატაკიშვილმა დადგა ტენესი უილიამსის “მინის სამხეცე” და თეორიული ნაშრომიც დაწერა “ტენესი უილიამსის “მინის სამხეცეზე” მუშაობის თეორიული და პრაქტიკული ასპექტები”. სამაგისტრო ნაშრომი სტანდარტულად 30-35 გვერდიანია, თუმცა რეზო შატაკიშვილმა კომისიას 140 გვერდიანი ნაშრომი წარუდგინა. ნაშრომმა ხელმძღვანელის – ხელოვნებადმცოდნეობის დოქტორ, პროფესორ თამარ ბოკუჩავას მოწონება დაიმსახურა, რეცენზენტმა – აღიარებულმა თეატრმცოდნემ, ხელოვნებადმცოდნეობის დოქტორმა ნოდარ გურაბანიძემ კი ნაშრომის რეცენზიაში ასეთი შეფასებები გააკეთა: 

,,რეზო შატაკიშვილის მიერ წარმოდგენილი სამაგისტრო ნაშრომი, რომელიც მეცნიერული აპარატის ჩათვლით, შეიცავს 140 გვერდს, არის პირველი, სერიოზული მეცნიერული გამოკვლევა, შესრულებული ქართულ ენაზე, რომელიც ეძღვნება XX საუკუნის ერთერთი გამოჩენილი დრამატურგის ტენესი უილიამსის დრამატურგიის თავისებურებათა შესწავლას. მართალია, ჩვენში გამოქვეყნებულია ერთიორი სტატია ტენესი უილიამსის ერთ რომელიმე პიესაზე (და მის სცენურ ინტერპრეტაციაზე), მაგრამ ასე სრულად პირველად არის შესწავლილი არა მარტო უილიამსის დრამატურგია, არამედ მისი თეატრალური სამყარო მთლიანად. მიხეილ თუმანიშვილის უაღრესად მნიშვნელოვანი შრომების შემდეგ, ქართულ თეატრალურ სივრცეში, პირადად მე, არ მეგულება უფრო მნიშვნელოვანი ყოველმხრივი ანალიზი ერთი პიესისა. მთელი ნაშრომი, პირადად მე, შეუნელებელი ინტერესით წავიკითხე და მისგან მოგვრილი ესთეტიკური სიამოვნებაც განვიცადე.”    

 თეატრალური ხელოვნების მაგისტრის ხარისხი რეზო შატაკიშვილს როგორც სამეცნიერო, ისე პედაგოგიური მოღვაწეობის გაგრძელების უფლებას აძლევს.  შეგახსენებთ რომ თბილისურ პრემიერამდე “მინის სამხეცის” პრემიერა აპილში, მოლდავეთში, ქალაქ კიშინოვში თეატრალური სკოლების საერთაშორისო ფესტივალ “კლასფესტიზე” შედგა. ამ ფესტივალზე ხუთი ქვეყნა იყო წარმოდგენილი. ფესტივალზე “მინის სამხეცის” წარმატებას გაგრძელება მოჰყვა – 6 ივლისს რეზო შატაკიშვილი, კიშინოვის მუსიკის, თეატრისა და სახვითი ხელოვნების აკადემიის მიწვევით მოლდავეთში 2 თვით მიემგზავრება სპექტაკლის დასადგმელად. სპექტაკლის პრემიერა სექტემბრის დასაწყისშია დაგეგმილი.

რეზო შატაკიშვილი: “სპექტაკლში 5 მოლდაველი მსახიობი ითამაშებს,რომლებიც სწორედ ფესტივალზე გავიცანი და ძალიან მნაინტერესებს მათთან მუშაობა. მათ წელს დაამთავრეს სამსახიობო ფაკულტეტი. ვდგამთ ფერნანდო არაბალის პიესას “პინკინი ბრძოლის ველზე”. ჩემი ინიციატივით, სპექტაკლს ვითამაშებთ ორ ენაზე – ქართულად და მოლდოვურად. ეს პროექტი ჩვენი უნივერსიტეტის და მოლდავეთის აკადემიის ერთობლივი პროექტია. ხორციელდება პირადად ბატონ გოგი მარგველაშვილის დიდი მხარდაჭერით”.

რეჟისორის განცხადებით, ახალი სპექტაკლი ადამიანების ინფანტილიზმს ეხება _ თუ როგორ ვერ აცნობიერებენ ომის საფრთხეს. სიუჟეტის მიხედვით, მშობლები ბრძოლის ველზე აკითხავენ ჯარისკაც შვილს და პიკნიკს აწყობენ. აჰყავთ ტყვე და მასთან ერთად აგრძელებენ ქეიფს, ცეკვას, მანამ დაბომბვა არ დაიწყება და ყველას არ გაანადგურებს…

ნოდარ გურაბანიძე: “მიხეილ თუმანიშვილის უაღრესად მნიშვნელოვანი შრომების შემდეგ, ქართულ თეატრალურ სივრცეში, პირადად მე, არ მეგულება უფრო მნიშვნელოვანი ყოველმხრივი ანალიზი ერთი პიესისა…”

რეცენზია რევაზ შატაკიშვილის მიერ ხელოვნების მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად წარმოდგენილ ნაშრომზე “ტენესი უილიამსის “მინის სამხეცეზე” მუშაობის თეორიული და პრაქტიკული ასპექტები”

რ. შატაკიშვილის მიერ წარმოდგენილი სამაგისტრო ნაშრომი, რომელიც მეცნიერული აპარატის ჩათვლით, შეიცავს 140 გვერდს, არის პირველი, სერიოზული მეცნიერული გამოკვლევა, შესრულებული ქართულ ენაზე, რომელიც ეძღვნება XX საუკუნის ერთ-ერთი გამოჩენილი დრამატურგის ტენესი უილიამსის დრამატურგიის თავისებურებათა შესწავლას. მართალია, ჩვენში გამოქვეყნებულია ერთი-ორი სტატია ტენესი უილიამსის ერთ რომელიმე პიესაზე (და მის სცენურ ინტერპრეტაციაზე), მაგრამ ასე სრულად პირველად არის შესწავლილი არა მარტო უილიამსის დრამატურგია, არამედ მისი თეატრალური სამყარო მთლიანად, რომელიც მოიცავს საკუთრივ მის პიესებს, მის ესთეტიკურ შეხედულებებს თეატრალურ ხელოვნებაზე, იმ ფილოსოფიურ თუ ფსიქოლოგიურ საფუძვლებს, რომლებზეც აღმოცენდა უილიამსის დიდი შემოქმედება.

მაგისტრის ხარისხის მაძიებელი რ. შატაკიშვილი მხოლოდ მის მიერ სცენაზე განხორციელებული “მინის სამხეცის” თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტებზეც რომ შეჩერებულიყო, ესეც საკმარისი იქნებოდა, საძიებელი ხარისხი მიგვენიჭებინა მისთვის, მაგრამ იგი ამით როდი დაკმაყოფილდა: მან შორს განზიდა თავისი მეცნიერულ-რეჟისორული კვლევის საზღვრები, დაისახა უფრო მნიშვნელოვანი ამოცანა, კერძოდ – ტენესი უილიამსის ადგილის განსაზღვრა თანამედროვე თეატრალური ხელოვნების კონტექსტში და ეს დასახული ამოცანა მან ბრწყინვალედ შეასრულა. მიხეილ თუმანიშვილის უაღრესად მნიშვნელოვანი შრომების შემდეგ, ქართულ თეატრალურ სივრცეში, პირადად მე, არ მეგულება უფრო მნიშვნელოვანი ყოველმხრივი ანალიზი ერთი პიესისა, განვრცობილი დრამატურგის მთელ შემოქმედებაზე, დამტევი თვით ამ დრამატურგის ფსიქოლოგიური პორტრეტისა, მომცველი მისი ცხოვრების რთული პერიპეტიებისა, რომლებმაც მხატვრული ასახვა ჰპოვა შემდგომ მისი პერსონაჟების ხასიათებში.

ამ რთული ამოცანის დაძლევის მიზნით რ. შატაკიშვილს მოუხდა იმდროინდელი ამერიკული სოციალურ-პოლიტიკური ვითარების, ამერიკული თეატრისა და დრამატურგიის, XX საუკუნის გამოჩენილ ფსიქოლოგთა (დიმიტრი უზნაძე, ზიგმუნდ ფროიდი, კარლ გუსტავ იუნგი) შრომების შტუდირება, სიმბოლოთა მხატვრულ-ესთეტიკური გაშიფვრა-გაანალიზება და ბოლოს, ამ ზღვა მასალის კონცენტრაცია მთავარი პრობლემის ირგვლივ.

ვინც ასე თუ ისე იცნობს ტენესი უილიამსის შემოქმედებას, მის მოძღვრებას პლასტიკური თეატრის შესახებ, დაგვეთანხმება, რომ ვერც განწყობის თეორიის, ვერც ფსიქოანალიზის და ვერც იუნგის ფსიქოლოგიური კვლევების შესწავლის გარეშე ჩვენი ავტორი ვერ შეძლებდა დრამატურგის სრულყოფილი პორტრეტის შექმნას, რამეთუ მხოლოდ მხატვრულ-ესთეტიკური ანალიზი, ზემოთ ჩამოთვლილთა გარეშე, უკმარია ამ მრავალპლანიანი სამყაროს იდუმალებათა წვდომისთვის.

რ. შატაკიშვილი ხშირად მიმართავს ციტატას ამა თუ იმ ნაშრომიდან, მაგრამ ეს ციტატები ისე ორგანულად არის ჩაწნული მის მსჯელობაში, რომ მათი სიუხვე თითქმის არ არის შესამჩნევი. ხშირად ავტორი, თავის ასოციაციებს აყოლილი, თითქოს პრობლემატიკას ამცდარია, ზოგჯერ გაიფიქრებ კიდეც, რომ ამდენი დეტალიზაცია, უკან დახევები, პარალელები საჭირო არ არის, მაგრამ მალევე ქარწყლდება ეს პირველი შთაბეჭდილება, რადგან თითოეული ეს დეტალი თუ “ფერადოვანი” კენჭი ბოლოს თავის ადგილს პოულობს ვრცელ მოზაიკურ პანორამაში და ამ გზით მიიღწევა მსჯელობისა თუ საერთო კომპოზიციის მთლიანობა.

განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ავტორის მშვენიერი ქართული, მსჯელობის (და ამგვარად წერის) ნათელი სტილი, რაც ძალიან იშვიათია ჩვენს თეატრალურ ლიტერატურაში თუ მსგავსი პროფილის სხვა ოპუსებში. ეს თთთქოს არც უნდა იყოს გასაკვირი უკვე ცნობილი ჟურნალისტისგან, მაგრამ ეს ნაშრომი ჟურნალისტიკის ჟანრს კი არ განეკუთვნება, არამედ წარმოადგენს თეატრმცოდნეობით-რეჟისორულ კვლევას, საკმაოდ მაღალ დონეზე შესრულებულს, რომელიც ერთდროულად შეიცავს ორივე ასპექტს – ანუ აქ ბედნიერად არის გაერთიანებული ორი იპოსტასი – თეატრმცოდნისა და რეჟისორისა.

ნაშრომი მრავალი თავისა და კიდევ უფრო მრავალი ქვეთავისგან შედგება, მაგრამ ეს პრობლემის დანაწევრება-დაქუცმაცებას კი არ მოასწავებს, არამედ მხოლოდ მისი მრავალმხრივი ასპექტით განხილვას, როცა უფრო ნათლად იკვეთება განხილული საგნის არსი. სხვათა შორის, ყველა პრობლემის არსი სათაურშივეა გამოხატული. იგი მთავარი ძარღვია ავტორის მსჯელობისა, რომლის პროცესში ხორციელდება თანამიმდევრული, ურთიერთდაკავშირებული და ურთიერთგანპირობებული მოსაზრებების ასხმა. ყოველი თავი, ეს ფაქტობრივად, თავის თავში დასრულებული “ნაწარმოებია”, რის გამოც მთელი ნაშრომი, პირადად მე, შეუნელებელი ინტერესით წავიკითხე და მისგან მოგვრილი ესთეტიკური სიამოვნებაც განვიცადე.

როგორც რ. შატაკიშვილის ნაშრომის სათაურიდანვე ჩანს, იგი აგებულია თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტებზე, ანუ თუ ამის მიხედვით ვიმსჯელებთ, იგი ორპლანიანია, მაგრამ ნაშრომის გაცნობისას ვრწმუნდებით, რომ ეს ორპლანიანობა ერთი მოვლენის ორი მხარეა, რომლებიც ორგანულად არის დაკავშირებული ურთიერთთან და ცალ-ცალკე არ მოიაზრება. მაგალითად, ე.წ. “პრაქტიკულ ასპექტებზე” მსჯელობისას, გასაგებად რომ ვთქვა, პიესის მხატვრული სახის შემქმნელი რეჟისორი რეზო შატაკიშვილი არ წყდება თეორიულ მსჯელობას. ყოველ თავის მიგნებას, სიმბოლოებს, მეტაფორებსა თუ ფსიქო-ფიზიკურ მოქმედებებს ასაბუთებს დამარწმუნებელი მსჯელობით (ამ შემთხვევაში, როგორც თეატრმცოდნე რეზო შატაკიშვილი) და თავისი “პრაქტიკული” აღმოჩენების გენეზისს ნათელყოფს.

ტყუილად არ მიხმარია გამოთქმა – “დამარწმუნებელი მსჯელობით” – ვინაიდან მე, სამწუხაროდ, მისი სპექტაკლი არ მინახავს, მაგრამ ამ მსჯელობით მარწმუნებს ამა თუ იმ დეტალის, მოქმედების, გმირთა ურთიერთობის ფსიქოლოგიურ აუცილებლობაში. თუმცა, სპექტაკლი რომც მენახა, შესაძლოა ზოგი მისი სიმბოლურ-მეტაფორული სახე, ცოცხლად, უშუალოდ აღქმისას გაუგებარიც კი ყოფილიყო, მათი სირთულის გამო, მაგრამ ვიმეორებ, იგი თავისი მსჯელობით გვარწმუნებს მათ მხატვრულ კანონზომიერებაში.

თუმცა ამ ნაშრომში სხვადასხვა ავტორი უფრო ხშირადაა ციტირებული (მაგალითად, ფროიდის “ფსიქოანალიზი”, იუნგის “ფსიქოლოგია და ალქიმია”, სმირნოვის “XX საუკუნის ამერიკული თეატრი” (რუსულ ენაზე), ლანა ღოღობერიძის “პარიზული ჩანაწერები”), ვიდრე მიხეილ თუმანიშვილი, მაგრამ სწორედ ამ რეჟისორის შესანიშნავი წიგნებია მისი წინამძღოლი ამ რთულსა და სახიფათო კვლევებში. განსაკუთრებით დამარწმუნებლად ნათელყოფს ჩვენი ავტორი სპექტაკლის სიუჟეტის ვერტიკალური და ჰორიზონტალური განვითარების თუმანიშვილისეულ გაგებას, აგრეთვე მის მოსაზრებებს სპექტაკლის ტემპო-რიტმზე, ატმოსფეროზე, პაუზაზე, მოვლენის შეფასებაზე და თავისი “მინის სამხეცის” რეჟისორული ინტერპრეტაციისას ზუსტად გვიხატავს და განმარტავს ყოველი მათგანის (როლს) კონკრეტულ მხატვრულ განსახიერებაში. ეს ნაშრომი ე.წ. “რეჟისორული ექსპლიკაცია” არ არის, თუმცა ამ სახის პასაჟებს კი შეიცავს, არამედ სერიოზული ფუნდამენტია ამგვარი ექსპლიკაციის ასაგებად.

მართებულად შენიშნავს იგი “დასკვნაში”, რომ “მხატვრული ნაწარმოების შექმნა წარმოუდგენელია თეორიისა და პრაქტიკის გამიჯვნით, სათანადო თეორიული მომზადებისა და პრაქტიკული შედეგების გაუთვალისწინებლად”. მთელი მისი ნაშრომი ამგვარი მოსაზრების დამადასტურებელია. არ გამომპარვია ზოგიერთი შეუსაბამობა მსჯელობისას. არ ვიზიარებ ტენესი უილიამსის სინათლის თუ განათების მისეულ გაგებას (მხედველობაში მაქვს პიესა “ტრამვაი, რომელსაც სურვილი ჰქვია”), შევნიშნე მცირე უზუსტობანი სქოლიოში, მაგრამ თვით ნაშრომი იმდენად მნიშვნელოვანი და ფასეულია, რომ ასეთ ვითარებაში მათი ხაზგასმა უადგილოდ მიმაჩნია.

ნოდარ გურაბანიძე,

 ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი



                                                                                                                                                        

Advertisements
Post a comment or leave a trackback: Trackback URL.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: