„ბუნებამ მას ყველაფერი მისცა: სილამაზე, შესანიშნავი ხმა, ნიჭი და ერთში დაჩაგრა – არ მისცა ბედი“ –იტყვის რობერტ სტურუა… მას მართლაც საოცარი სილამაზე ამშვენებდა, სწორედ 19 წლის თათია ხაინდრავა იქცა მხატვარ უჩა ჯაფარიძის შთაგონების წყაროდ და ნესტან-დარეჯანის მიწიერ განხორციელებად, როცა „წერილის ეპიზოდის“ ილუსტრაციას ქმნიდა.
მას ჰქონდა იშვიათი ხმა, პოეზიის არსში წვდომისა და გადმოცემის უბადლო ნიჭი და იყო დიდოსტატი მხატვრული კითხვის. „მისი კითხვა უშუალო იყო, ლაღი, მსუბუქი, მთის ჰაერივით გამჭვირვალე და სუნთქვასავით ბუნებრივი!“ – ამბობდა ანა კალანდაძე.
მას არ რგებია არც ერთი პრემია, არც ერთი წოდება, არც ერთი ჩინი, მას მხოლოდ მერაბ კოსტავამ უბოძა ჩინი – „უჩინო თათია“…
ამ ქვეყანას გაგრის მახლობლად მოევლინა. სიმონ ხაინდრავა 18 წლის იყო, კონსტანტინე გამსახურდიას 17 წლის დაზე – სოფიოზე რომ იქორწინა, მაგრამ… შვილი არ უჩნდებოდათ, არ უჩნდებოდათ 22 წლის მანძილზე და აი, ქორწინებიდან 22 წლის თავზე, ქვეყანას მოევლინა თათია ხაინდრავა, მოევლინა გაგრაში. გაგრაში იმიტომ, რომ მშობლები გემით მოგზაურობდნენ და სწორედ გაგრის მახლობლად გამხდარა დედა შეუძლოდ… ბედნიერმა ბავშვობამ მხოლოდ 7 წელიწადს გასტანა… პატარა თათია მტირალა ყოფილა, კონსტანტინე გამსახურდია სწორედ იმხანად წერდა „მთვარის მოტაცებას“ და კაროლინას შვილსაც ამიტომ დაარქვა თათია… მერე მოვიდა ავბედითი 37, მართლა სატირალი ხანა… სოფიო გამსახურდიას 2 ძმა დაუხვრიტეს, დაუხვრიტეს ძმისშვილიც და ქმარსაც თავი მოაკვლევინეს… მამის თვითმკვლელობამდე იყო ბარბაროსული გამოსახლება კუთვნილი ბინიდან – არ გაატანეს არათუ ავეჯი, ტანსაცმელიც კი. მალე კი ავლაბარში, ერთ ბნელ ოთახში თათიასთან შეხიზნულ სოფიო გამსახურდიას ამცნეს, რომ სიმონი ცუდად იყო… სოფიო გამსახურდია ავა თიანეთში, სადაც იმალება დევნილი სიმონ ხაინდრავა. ავა და ნახავს ფილტვების ანთებით გათანგულ ქმარს. წუთით ეზოში გამოდის, უკან შებრუნებულს კი შემზარავი სურათი ხვდება – მომაკვდავი ქმარი და სიტყვები: „თათიას კონსტანტინე გაგიზრდის“…
კონსტანტინე გამსახურდია მართლაც ითავებს თათიას გაზრდას. ცოცხალი კლასიკოსი სამუდამოდ აღიბეჭდება მის მეხსიერებაში – ფეხქვეშ გაშლილი დათვის ტყავით, ძვირფასი კალმით, მაგიდაზე ერთი ბოთლი შავი ღვინით, მუქი ჩაით ან ყავით, შავი ქლიავით… თათია ლექსებს უკითხავდა პატარა ზვიადსა და თამარს. „ერთხელ დიდ ოთახში ბავშვებს ვუკითხავდი ლექსებს. კონსტანტინემ დამიძახა და მითხრა: „აბა, ერთი ხმამაღლა წამიკითხეო“. მომიწონა… იმ დღიდან მხატვრული კითხვა უმთავრესი გახდა ჩემს ცხოვრებაში“, – დაწერს თათია ხაინდრავა წლების შემდეგ… პატარა თათიას უკანასკნელ ამოსუნთქვამდე გაჰყვება ის სითბო და მზრუნველობა, რასაც მის მიმართ ავლენდნენ კლასიკოსი ბიძა და მისი უსათნოესი მეუღლე – მირანდა ფალავანდიშვილი.
ეს სითბო იმდენად დიდი იქნება, რომ, როდესაც თათიას ქალიშვილი შეეძინება, მას სწორედ მირანდას დაარქმევს – საყვარელი ბიცოლას პატივსაცემად.
მირანდას შეძენამდე კი დიდი გზაა – ტკივილებითა და ტრაგედიებით დანაღმული. ტკივილები და ტრაგედიები არც მერე მოაკლდება. ტკივილები, დრამები, ტრაგედიები – მისი ცხოვრების განმეორებადი და შეუქცევადი ფაზებია. თათიას ჰქონდა ბრწყინვალე გარეგნობა, საამო ხმა, კითხულობდა „ვეფხისტყაოსანს“, კითხულობდა საოცრად, მაგრამ დედას არ უნდოდა, მის შვილს თეატრალურზე ჩაებარებინა. გოგონა დაჰყვა დედის ნებას – უნივერსიტეტს მიაშურა, აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტს, მაგრამ ერთმა საღამომ მისი ბედი ისევ სცენას დაუკავშირა. უნივერსიტეტში იოსებ გრიშაშვილს ხვდებოდნენ სტუდენტები. თათიამ გრიშაშვილის „ხელთათმანის ღილი“ წაიკითხა. საღამოს დასრულებისთანავე აღფრთოვანებული გრიშაშვილი კულისებში შევა და თათიას ამცნობს: ხვალ კონსტანტინეს დავურეკავ და თეატრალურ ინსტიტუტში უნდა წაგიყვანო. წაიყვანს კიდეც. თათია წაიკითხავს „ხელთათმანის ღილს“ და… მას მაშინვე ჩარიცხავენ თეატრალურ ინსტიტუტში. ბედნიერ სტარტს უბედურება მოჰყვა. თათია მელანიას თამაშობდა დოდო ალექსიძის დადგმულ მაქსიმ გორკის „მზის შვილებში“. თამაშობდა იმდენად კარგად, რომ პედაგოგმა უთხრა კიდეც: იმდენად კარგად გამოგივიდა, შენ ამას ვეღარ გაიმეორებო. რეჟისორის სიტყვები წინასწარმეტყველური აღმოჩნდა – თათიას მანქანა დაეჯახა და კარგა ხანს ჩამოშორდა სცენას. დაამთავრა ინსტიტუტი, მეტყველების კათედრაზე დატოვეს, გამოჯანმრთელებულს კი… თეატრებში აღარ იღებდნენ. ის არ გააკარეს სცენას, მისთვის ყველა თეატრის კარი დაკეტილი აღმოჩნდა. რეალურად კარი დაკეტილი იყო მაშინაც კი, როცა თეატრში უშვებდნენ და… როლებს არ აძლევდნენ, ან თითქმის არ აძლევდნენ. არადა ნიჭიც ჰქონდა, ბრწყინვალე ხმაც და გარეგნობაც და არც პროტექტორები ჰკლებია. თავადვე იხსენებდა, რომ მის თეატრში მისაყვანად ბევრს იბრძოდნენ სერგო ზაქარიაძე, აკაკი ხორავა, აკაკი ვასაძე, თამარ ჭავჭავაძე, შალვა დადიანი, იოსებ გრიშაშვილი… ის კი არა, თამარ წულუკიძე რუსთაველის თეატრის დირექტორთანაც შეჰყვა და კატეგორიულად მოსთხოვა – მე ისევ წავალ გადასახლებაში და ჩემს შტატში ეს ახალგაზრდა მიიღეთო, მაგრამ მაინც არ მიიღეს. არ მიიღეს, მიუხედავად იმისა, რომ თათია ხაინდრავას აქტივში უკვე იყო შტეფან ცვაიგის „უცნობი ქალის წერილები“ – რადიოდადგმა, რომელიც შესულია ოქროს ფონდში. თეატრებში არ იღებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ კლასიკოსი ბიძა დაჰყვებოდა თეატრებში და რეჟისორებს სთხოვდა, შტატში მიეღოთ. წიგნებსაც ჩუქნიდა ავტოგრაფებით, მაგრამ… თათიას თეატრში არ იღებდნენ. მოგვიანებით სევდიანად იტყვის თათია ხაინდრავა, რომ მათთვის (რეჟისორებისთვის) მაშინ რაიკომის მდივნის ტელეფონის ზარს უფრო მეტი ძალა ჰქონდა, ვიდრე კონსტანტინე გამსახურდიას სიტყვას… შემდეგ როგორღაც თითქოს ნავსი გატყდა, თათია ბათუმის თეატრში მიიწვიეს, მთავარი როლიც ერგო, მაგრამ ამ ხანამ სულ ერთი წელი გასტანა… პატარა მირანდას უდედოდ უჭირდა და თათია იძულებული გახდა, თბილისში დაბრუნებულიყო. იმხანად სანკულტურის თეატრს ლილი იოსელიანი ჩაუდგა სათავეში. თათიაც წაიყვანა. თამაშობდა კიდეც ლილი იოსელიანის სპექტაკლში „ჩვენი ერთი საღამო“. ლილი იოსელიანი გაიხსენებს, რომ თათია ხაინდრავა იმ როლში განუმეორებელი იყო, შესანიშნავად მღეროდა, ცეკვავდა, მისი პლასტიკით აღფრთოვანებული იყო ლეგენდარული იური ზარეცკი. მაგრამ ეს ბედნიერებაც ხანმოკლე აღმოჩნდა, თეატრს მოშურნეები გამოუჩნდნენ. „სანკულტურის“ თეატრი უცებ ძალიან პოპულარული გახდა… შეშურდათ და ბრძოლა დაგვიწყეს… ისეთი ქება და მოწონება გვქონდა, რომ სხვა თეატრებს შეშურდათ… დაფინანსება მოგვისპეს, არსებობა შეგვაწყვეტინეს…“ – იტყვის ლილი იოსელიანი. შემდეგ ძლივძლივობით თათიას შტატი გამოუჩხრიკეს მარჯანიშვილის თეატრში. თითქმის 30 წელი დაჰყო თეატრში, მაგრამ მეტი ბედის დაცინვა რა გინდა, რომ ხმით განთქმულ მსახიობს მხოლოდ უსიტყვო როლებს აძლევდნენ. მასოვკაში კლავდნენ მის ნიჭს. „30 წლის განმავლობაში, მხოლოდ „რას იტყვის ხალხში“ ვითამაშე. ლალი ნიკოლაძემ მომცა როლი. ერთხელ ზანდა იოსელიანმა მცა პატივი – თავი მოიავადმყოფა და ხუხაშვილის „მოსამართლეში“ დედა ვითამაშე… მარჯანიშვილის თეატრში ვიმუშავე მთელი 30 წელი, მაგრამ ხმა არ ამომაღებინეს. მასიურ სცენებში კი, იცოცხლე, წარამარა მათამაშებდნენ. თუ რომელიმე მსახიობი ავად გახდებოდა, მხოლოდ მაშინ მაღირსებდნენ სცენაზე გასვლას“, – იტყვის მოგვიანებით.
არ გააკარეს სცენას, არც ეკრანს. ერთადერთი როლი აქვს კინოში ნათამაშები – ელისაბედი სიკო დოლიძის გადაღებულ „კაცია ადამიანში?!“. „დიდოსტატის მარჯვენაში“ ცოქალის როლი მქონდა. რეჟისორმა ვახტანგ ტაბლიაშვილმა გადაღებული ფირიდან ამომჭრა“, – იტყვის გულმოკლული… ის არ გააკარეს არც ეკრანს, არც სცენას. მიაჯაჭვეს მხოლოდ რადიოს, მაგრამ ის მაინც ავიდა სცენაზე. 1976 წელი მისთვის ყველაზე ბედნიერი იყო. უკვე 48 წლისა გახლდათ, მისი რეპერტუარით რობერტ სტურუა რომ დაინტერესდა. სტურუა, რომელიც იმხანად „კავკასიურ ცარცის წრეს“ დგამდა, რომელსაც უკვე დადგმული ჰქონდა „სეილემის პროცესი“, „ხანუმა“, „ყვარყვარე“… რეპეტიციების შუალედებში მთელი თვე უსმენდა სტურუა თათია ხაინდრავას მხატვრულ კითხვას, ზღვა რეპერტუარს. დაბოლოს, თათია კითხულობს თარაშ ემხვარის წერილს და გაისმის სტურუას ვერდიქტი: „მე თქვენ დაგიდგამთ სპექტაკლს!“. შვიდი თვე მუშაობდნენ სპექტაკლზე. ამ უბედნიერეს წუთებშიც არ დაინდო ბედმა – აფიშები უკვე იუწყებოდა, რომ რუსთაველის თეატრში გაიმართებოდა „მზეო თიბათვისა“, რომ თათია სასწრაფო ოპერაციის გასაკეთებლად გადააფრინეს მოსკოვში. მაგრამ 1976 წლის 17 მაისს ის ახლად ნაოპერაციები მაინც წარდგა მაყურებლის წინაშე. ერთი კვირა ტევა არ იყო რუსთაველის თეატრში. „მზეო თიბათვისა“ 170-ჯერ აჩვენეს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. „რობერტ სტურუამ ოქროს გვირგვინი დამადგა თავზე“, – ასე აფასებდა ამ ფაქტს თათია ხაინდრავა. ის მაინც დაბრუნდა სცენაზე, დაბრუნდა მარტო – იდგა და კითხულობდა ქართულ პოეზიას. პოეზიას, რომელსაც მუდამ ერთგულებდა და არც პოეზია ღალატობდა მას.
ბედმა მარტო დგომა არგუნა ცხოვრების სცენაზეც. ტრაგიკული აღმოჩნდა მისი პირველი სიყვარული. მას და აკადემიკოს ვიქტორ კუპრაძის ვაჟს – გურამ კუპრაძეს უყვარდათ ერთმანეთი. „რამდენჯერაც შევხვდებოდი, მუხლები მიკანკალებდა, მაშინ ასეთი სიყვარული იყო…“ – გაიხსენებს უკვე ღრმად მოხუცებული. მაგრამ ბედმა არც აქ დაინდო. გურამ კუპრაძე 19 წლის დაიღუპა – თევზაობისას თავბრუ დაეხვა და მტკვარში დაიხრჩო. იმ საბედისწერო დღესაც შეხვდა თათიასა და თათიას დედას სათევზაოდ გზადმიმავალი და უთქვამს კიდეც, თევზს დავიჭერ და პირდაპირ თქვენთან მოვალო. თათია და დედამისი მაშინ კონსტანტინესთან ცხოვრობდნენ. ელოდნენ იმ დღეს გურამს, მაგრამ… კლასიკოსის სახლში ტელეფონის ხმა გაისმა. ტელეფონი თათიამ აიღო – „ვიქტორ კუპრაძის ვაჟი წყალში დაიხრჩო, ვეძებთ და კონსტანტინემ თავისი ვილისი გამოგვიგზავნოს“. თათიას ტყუილი ეგონა, მაგრამ დაბეჯითებით ითხოვდნენ კონსტანტინეს… არც შემდეგ გაუმართლა სიყვარულში. ქალიშვილი რამაზ ჩხიკვაძისგან შეეძინა, მაგრამ მათი თანაცხოვრება არ შედგა… თუმცა ამ სიყვარულმა მისცა მას ყველაზე დიდი ბედნიერება – მირანდა. „მე ვიპოვე ბედნიერება ჩემი შვილის სახით!“ – ამბობდა ის. ცხოვრებამ არ დაინდო თათია. რაღას არ მოასწრო, რა ტკივილი არ გადაატანინა – ჯერ მირანდა ფალავანდიშვილის სიკვდილი, შემდეგ სრულიად ახალგაზრდა თამარ გამსახურდიას დაღუპვა, კონსტანტინეს გარდაცვალება… ურთულესი პერიპეტიები, რაც თან ახლდა მის ხელში გაზრდილ ზვიად გამსახურდიას ცხოვრებასა და მოღვაწეობას. შემდეგ ზვიადის სიკვდილი…
ბედმა არ დაინდო უჩინო თათია, მაგრამ ამ ცხოვრებამ მასზე მაინც ვერ გაიმარჯვა. ის ვერ გააბოროტა, ვერ დაბოღმა, ვერ წაართვა სხვისი წარმატებით სიხარულის უნარი, ვერ წაართვა მადლიერების გრძნობა. მადლობელი იყო დოდო ჭიჭინაძის, რომელიც საშუალებას აძლევდა, ხანდახან მაინც ეთამაშა არზაყანის დედის როლი „მთვარის მოტაცებაში“, მადლობელი იყო ზანდა იოსელიანის, რომელმაც ერთხელ ავადმყოფობა მოიმიზეზა, რომ სცენაზე თათია გამოსულიყო… მადლობელი იყო რობერტ სტურუასი – უკანასკნელ ამოსუნთქვამდე – თვლიდა რომ მან ოქროს გვირგვინი დაადგა. მართლაც ბევრ მსახიობს არ ღირსებია ასეთი გვირგვინი, მაგრამ ვგონებ, არც თავად სტურუას არ ღირსებია ბევრი ასეთი მადლიერი არტისტი შემოქმედების თუ ცხოვრების გზაზე. რეჟისორის ხვედრია გაუძლოს გუშინ მადლიერი არტისტის ხვალ და ზეგ უმადურებას. თათია ხაინდრავამ 30-ზე მეტი წელი ატარა მადლიერება ოცნებასთან ერთად – ერთხელ მაინც ეთამაშა მოხუცი ქალის რაიმე ეპიზოდური როლი სტურუას რომელიმე სპექტაკლში…
დაიბეჭდა „პრაიმტაიმში“