რეზო შატაკიშვილი სუნთქვისშემკვრელ რუსუდან ფეტვიაშვილზე

რუსუდან ფეტვიაშვილი "უფლისწული და ჭეშმარიტება" (საგანგებოდ რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე განხორციელებული სპექტაკლისთვის "უფლისწული და ჭეშმარიტება").

რუსუდან ფეტვიაშვილი "უფლისწული და ჭეშმარიტება" (საგანგებოდ რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე განხორციელებული სპექტაკლისთვის "უფლისწული და ჭეშმარიტება").

ელვარე სასწაული რომელიც 40 წელია გრძელდება და კვლავ გაგრძელდება

ის გაოცებს, გხიბლავს, გაჯადოებს.  მის ფანტაზიას არ აქვს სამანი.  ის რუსუდან ფეტვიაშვილია. მისი მარჯვენა ქმნის სამყაროს – განუმეორებელს, სიკეთით სავსეს და მეტაფორულს. უმზერ მის ხილვებს, ფერებად, ხაზებად დაღვრილს, მისი მაჯა რომ გამოიარა და გიკვირს, თურმე რა ძალა შესწევს ერთი შეხედვით უმწეო ქალის სუსტ მაჯას – ამ ყვეალფერს რომ ქმნის. ამ სუსტი მაჯებით  ყოველ ტილოზე რომ ამარცხებს ბოროტს… ის ბავშვობიდან შერაცხეს გენიოსად, დღეს კი რატომღაც გვავიწყდება ეს…

დასაწყისი

ეს სასწაული ზუსტად 40 წლის წინ დაიწყო – რუსუდან წლის და ათი თვის იყო, ფერადი ფანქრებით პირველად ძმის პორტრეტი რომ დახატა…  მას მერე აღარც გაჩერებულა. 4–5 წლის იყო, როცა მისი ნამუშევრები უკვე იფინებოდა ბავშვთა სურათების გალერეაში და მნახველს ნუსხავდა, აოცებდა… 6 წლისას უკვე პერსონალური გამოფენა ჰქონდა – 80 ნამუშევარი იყო წარმოდგენილი… 8 წლისას 3 პერსონალური გამოფენა ჰქონდა მოსკოვში, შემდეგ კვლავ თბილისში… საოცრება მალევე გასცდა საბჭოეთის ფარგლებს.

“13 წლის რომ ვიყავი, პერსონალური გამოფენა მქონდა საფრანგეთში, ერთი წლის განმავლობაში მთელი საფრანგეთი შემოიარა, იყო პარიზშიც. ამას მოჰყვა კვლავ პერსონალური გამოფენა ესპანეთში, შემდეგ ლონდონში, ავსტრიაში,  გერმანიაში…”

მოწოდების სიმაღლეზე იდგა ნორჩი მხატვარი და მოწოდების სიმაღლეზე იდგა მხატვრის დედა – სწორედ მანანა აბრამიშვილს უნდა ვუმადლოდეთ, ფეტვიაშვილი რომ სხვათა მსგავსად არ გადაიწვა და თავბრუდამხვევი წარმატებების მორევში არ ჩაიძირა…

სკოლა დამთავრებულიც არ ჰქონდა, გასტონ ბუაჩიძის ფრანგულად თარგმნილი “ვეფხისტყაოსანი” რომ აამეტყველა “უსიტყვო პროზად”…  სწორედ რუსთველისეული “ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია” – არის მისი მთელი შემოქმედების ხერხემალი. კეთილისა და ბოროტის ჭიდილია მის ყოველ ნამუშევარში. მას ღრმად სწამს რომ კეთილი საბოლოდ სძლევს ბოროტს და სწორედ ეს რწმენა აძლევს მის ტილოებს უნიკალურ გამჭვირვალობას, უფაქიზეს სისუფთავეს. არადა უყურებ მრავალთავიან უცნაურ აპოკალიპტურ ურჩხულებს და მაინც სიმშვიდე ისადგურებს შენში…

ვის ხატავს?

ის ხატავს ამაღლებულ ადამიანებს, მათ ვინც ზღურბლს გადააბიჯეს და საკუთარ თავზე, ვნებებზე ამაღლდნენ. ის არასოდეს ხატავს ბოროტ ადამიანებს. არ ემეტება ადამიანი ბოროტების საჩვენებლად. ბოროტების არსს ის ცხოველთა, ურჩხულთა მეშვეობით გადმოგვცემს. ხატავს აურაცხელ ჩიტებს და თევზებს და მათ, ისევე როგორც ყოველ გავლებულ ხაზს, თავის სიმბოლური დატვირთვა აქვთ. “ჩიტი, რომელსაც ნისკარტით უჭირავს თევზი სიუხვესა და ბარაქას განსახიერებს, ჩიტი, რომელიც არის მობრუნებული აღმოსავლეთის მხარეს, არის წინსვლის და სიმამაცის სიმბოლო, ჩიტი, რომელიც ადამიანის თავზეა, გამოხატავს მის შინაგან ბუნებას და თუკი ამ ჩიტს ნისკარტით უჭირავს თევზი, ესე იგი, ის ადამიანი არის სულიერად ძალიან მდიდარი, წინმსწრაფი…” – ასე ხსნის ის თავის აუხსნელ მეტაფორებს და მუდამ უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს.

არადა, როგორც ამბობენ, ის არც აღმოსავლეთს ეკუთვნის, არც დასავლეთს, საქართველოს დარად გზაჯვარედინზეა და აღმოსავლეთიც და დასავლეთიც ჩაპირქვავებულია მის არსებაში, რომელიც მოედინება ნატიფ, გამჭვირვალე ფერებად, მკაფიო ხაზებად, საოცრებად…

რუსუდანის ფორმულები

მან მიაგნო ფორმულას – ნიჭის გაათმაგების. ფორმულა მარტივია – თავაუღებელი შრომა. არადა არც თუ იოლი შესასრულებლად – ხატო 12 საათი თავაუღებლივ. უსმენდე თუნდაც ბეთჰოვენს, რომელიც გიყვარს.

მან ამ ნიჭით და შრომით მოიხელთა ბედნიერებაც – გარჩინოს საკუთარმა შრომამ… თანაც ისე რომ არანაირ შემოქმედებით კომპრომისზე არ წახვიდე. ის ყოველთვის ხატავდა იმას რაც ეწადა და ხატავდა ისე, როგორც ეხატებოდა. მისი ნახატები დღესაც საკმაოდ ძვირად ფასობს, მაგრამ იცის რომ მოვა დრო და ათასმაგად დაფასდება, თუ მეტად არა…

ჯერ კიდევ 18 წლის იყო, მისი ნამუშევრები ლონდონში, ერთ–ერთ პრესტიჟულ გალერეაში რომ იყო გამოფენილი და მნახველს მისი ნამუშევრების ყიდვა სურდა.

რუსუდან ფეტვიაშვილი: “მთელი ინგლისის ნაღები საზოგადოება იქ იმყოფებოდა. ძალაინ ბევრს ჰქონდა ნამუშევრების შეძენის სურვილი. მაგრამ სსრკ–ს საელჩოდან მოვიდნენ და გაგვაფრთხილეს თუ გავყიდიით, ისინი პასუხს არ აგებდნენ საბაჟოზე. ჩვენც რა თქმა უნდა ყველას ვუარით ვისტუმრებდით. ჩემს ცხოვრებაში ნახატი არ მქონდა გაყიდული, მით უმეტეს ასეთ სიტუაციაში რაღა გამაყიდინებდა, გაკვირვებულები დარჩნენ, გამოვფინე ნახატები, ყიდვა უნდათ და არ ვყიდი… მათ შორის იყო ბრილაინტებით შემოსილი ლორდების ასოციაციის თავჯდომარე, მოხუცი ქალი, რომელიც გაკვირვებული იყო ჩვენი სიჯიუტით… იმ გალერეაში ფასები იყო დადგენილი, რომლის ქვემოთაც აკრძალული იყო ნამუშევრის გაყიდვა, ერთფიგურიანი ნახატი არ შეიძლებოდა გაყიდულიყო ათას ფუნტ სტერლინგზე ნაკლებად, ჩემი მრავალფიგურიანი ნახატების წყალობით შემეძლო ოფიციალური მილიონერი ჩამოვსულიყავი…”

მას არც თუ იშვიათად ატყუებდნენ. მის ნახატებსაც ითვისებდნენ.

90–იანი წლების დასაწყისში ამერიკლემა წაიღო მისი ნამუშევრები და დაიკარგა, კანადაში მიაკვლეს. მაგრამ ფეტვიაშვილს არ უჩივლია… ბევრად უფრო მტკივნეული იყო, მისთვის როცა ქართველმა 200–მდე ილუსტრაცია დაახატვინა, მერე ნამუშევრებიანად გაქრა, თანხის გადაუხდელად , მოგვიანებით გამოაცხდა, ნამუშევრები დაიწვაო, არადა, მხატვარმა ის ნამუშევრები შემდეგ სხვასთან ნახა… არც მისთვის უჩივლია.

მას თავის ურყევი ფორმულა აქვს: “ არავისთვის მიჩივლია, არ მიღირდა. ყველაფერს თუ ებრძოლე, საქმეს ვეღარ გააკეთებ ადამიანი…”

ის არ იბრძვის, უფრო სწორად იბრძვის ტილოზე ფუნჯით ხელში. ავბედით 90–იან წლებში კი მას სწორედაც რომ საშინელი პროტესტი ჰქონდა იმ ომებისადმი, არეულობისადმი, უსამართლობისადმი, პროტესტის ნიშნად თავიც კი ჰქონდა გადახოტრილი…

როგორ ხატავს?

ის ხატავს უსაშლელოდ. ყოველგვარი წინასწარი ჩანახატების, ესკიზების გარეშე. ერთი ხელის მოსმით აგებს ფიგურებს. აზრს ხაზი მიჰყვება, ხაზი ფორმას ქმნის და… გნუსხავს მნახველს…

ის ერთი წერტილიდან იწყებს ხატვას და ავსდებს მთელ სივრცეს.

დღემდე არ გამნელებია ის გაოცება პატარ–პატარა თითო–ოროლა სანტიმეტრიანი კაცუნებით გადავსებული უზარმაზარი ფორმატი რომ ვნახე მასთან… არადა, მას მერე ზუსტად 15 წელი გავიდა…

ის ხატავს უსაშლელოდ, ასრულებს ნახატს, და თუ არ მოსწონს, თავიდან გრუნტავს და თავიდან ხატავს…

“თუ ნახატი არ მომეწონა, თავიდან ვგრუნტავ და მერე ახალ ნამუშევარს ვაკეთებ. ამას ჩემს გარდა ვერავინ ვერ იგებს, არის ნამუშევრები, რომლის ქვეშ ორი-სამი ნახატი დევს”.

ის ესკიზების გარეშე ავიდა, თოჯინების თეატრის კედლის მოხატვისას ხარაჩოებზე და დაიწყო პირდაპირ ხატვა და მოხატა ათი მეტრი სიმაღლისა და 15 მეტრი სიგანის კედელი…

ის ხატვას იწყებს ერთი წერტილიდან და ავსებს ტილოს მთელი სამყაროთი…

როდის ხატავს?

“არ ვხატავ როცა ცუდად ვარ, არც მაშინ ვხატავ როცა კარგ გუნებაზე ვარ. როცა მშვიდი და გაწონასწორებული ვარ და არაფერი მაღელვებს, სწორედ მაშინ ვხატავ. სიყვარული რაღა თქმა უნდა მოქმედებს ხელოვანზე, როგორც ყველა ადამიანზე… როცა ადამიანი სავსეა ამ გრძნობით, ყველაფერში გადმოდის. ის ნახატები, რომელიც შეყვარებულმა დავხატე, განსხვავებულია სხვა ნახატებისგან, გამოსჭვივის ის სიყვარული. სულიერ ძალებს უნდა ეყრდნობოდე რომ ძალიან არ აითქვიფო ამ გრძნობებში. ის ერთი იყოს შენი საყრდენი. ვნება არ არის სიყვარული”.

მის ნახატებში არ არის ვნება. ის ძლიერ ადამიანებს ხატავს, ვინც ამაღლდა ვნებებზე, საკუთარ თავზე. მისეული ტარიელიც კი იოკებს ვნებებს…

ჩემს ნახატებში არ არის ვნება. ყოველ შემთხვევაში თუ არის იმდენად დაფარულია, რომ არც ჩანს, საერთოდ თავშეკავებული ადამიანი მხიბლავს, რადგან ის უფრო სავსეა ყველაფრით, გინდაც ვნებით. როცა შენი ემოციების გაკონტროლება შეგიძლია, თავისთავად ეს ძალაა და დიდი ნიჭიც…” 

თემურ ბადრიაშვილი

თავის ტილოებს ზღაპრული რეალობით ჟღინთავდა და თავადაც სჯეროდა ზღაპრის – რომ გამოჩნდებოდა მისი პრინცი.

ბავშვობიდან ძალიან გამოკვეთილად ვიცოდი, სკოლის დამტავრების შემდეგ აუცილებლად გამოჩნდებოდა ვიღაც, ვინც იქნებოდა ჩემი ბედი. ჩემთვის განკუთვნილი ადამიანი, ვინც იქნებოდა ჩემი საყრდენი”.

არც შემცდარა. თავისი “პრინცი” თემურ ბადრიაშვილი პირველად ზღაპრების “სათბურში” – თოჯინების თეატრში ნახა.

“დედა მაშინ სალიტერატურო ნაწილის გამეგ იყო თოჯინების თეატრში, იქ ჩემი და სალომე მივიყვენ სპექტაკლზე, თემურს რეპეტიცია ჰქონდა, საკურსო სპექტაკლს დგამდა…15–16 წლის ვიყავი… დავინახე თუ არა მაშინვე მივხვდი რომ ის იყო… მომეწონა და შემიყვარდა… გული დამწყუდა რომ ადამიანი, რომელიც ჩემს წარმოდგენას შეესაბამებოდა, ვნახე, მაგრამ შორს იყო ჩეგან… ერთი წლის შემდეგ დედაჩემის კაბინტში ვნახე ისევ… პიესებზე მუშაობდნენ ერთად… გავიცანი. დამპატიჟა თავის დაბადების დღეზე… წავედით წყნეთში, ლადო ბურდულის სახლში გადაიხადა დაბადების დღე… ვაჩუქე ნახატი, პატარა შავ–თეთრი, ორფიგურიანი… ქალი და კაცი ეხატა, რომელირაც სპარსული ლექსის ილუსტრაცია იყო… სადღაც წელიწადნახევარში დავქორწინდით. მე 18 წლკის ვიყავი. მას შემდეგ ერთად ვართ… თემური საინტერესო ადამიანია, მრავალმხრივად განათლებული.

არანაირი რომანტიკული დღესასწაულები არ გვქონია. ჩვეულებრივი მშვიდი სიყვარული და ურთიერთობა გვქონდა და გვაქვს… თავიდანვე დარწმუნებული ვიყავი, ვიცოდი რომ მე მისთვის ძალიან ახლობელი ადამიანი ვარ. ვიცი არც ისე ლამაზი ვარ, ჩემზე ლამაზებიც არსებობენ, შეიძლება უკეთესი გოგოებიც მოეწონოს და ასეთებს იცნობს კიდეც, მაგრამ ვიცი, რომ მისთვის ყველაზე ახლობელი ვარ და ვუყვარვარ. ბუნებრივად მოვიდა ეს გრძნობა. “ გიჟდება ჩემზე და ჭკუას კარგავს” ასეთი ილუზიები არასოდეს მქონია, ჩვენ ერთმანეთი მშვიდად გვიყვარს. სიმშვიდის ფასი არაფერია. სიმშვიდე იძლევა სიმყარეს, გაუწონასწორებლები ჩვენც ვიყავით და შეიძლება ვიყოთ კიდევაც, მაგრამ კალაპოტში ჩადგომა ყოველთვის შეიძლება…”

მათეს სახარება

მისი 200–ზე მეტი მინიატურა ამშვენებს სამების საკათედრო ტაძრისთვის შექმნილ მსოფლიოში ყველაზე დიდ ხელნაწერ სახარებას.

პატრიარქის კურთხევით რუსუდან ფეტვიაშილი 4 წლის მანძილზე თავაუღებლივ მუშაობდა მათეს სახარების მოხატვაზე.

მისმა უწმინდესობამ შემომთავაზა.  ძალიან გამიხარდა, იმავდროულად, უდიდესი პასუხისმგებლობის გამო, მოწიწებისა და შიშის გრძნობაც დამეუფლა”.

მინიატურების ხატვის ხელოვნებას რუსუდანი საგანგებოდ დაეუფლა  –გაეცნო წიგნს „ბიზანტიური მინიატურები“, სადაც ყველა ის მინიატურაა შესული, რაც ოდესმე მართლმადიდებლურ სამყაროში შექმნილა. საგანგებოდ გაეცნო ხატწერის შესახებ არსებულ ლიტერატურას, მხოლოდ ამის შემდეგ შექმნა საზედაო ასოები და მიიღო კურთხევა მინიატურების შექმნაზე. 4 წლის მანძილზე ყოველ დღეს საპატრიარქოში იყო და რუდუნებით და მოწიებით მუშაობდა. ხატავდა ეტრატზე, უძველესი მეთოდით, რაც არც თუ ისე იოლია…

იმ წლებში სხვა არაფერი დაუხატავს, წიგნიც კი არ წაუკითხავს, თუ სახარებასთან არ იყო დაკავშირებული.

“მუშაობის დასასრულს ჩავწვდი თავმდაბლობის არსს, რომ ის მხოლოდ და მხოლოდ ძალას ანიჭებს ადამიანს და არა – პირიქით”…

 

***

მე რომ დავიბადე, მას უკვე შეშლილი ჰყავდა მსოფლიო, არადა სულ 8–9 წლითაა უფროსი ჩემზე…

არ შეიძლება არ მოგხიბლოს ამ ელვარე ტილოების ავტორის სისადავემ, თავმდაბლობამ, უბრალოებამ და დიდმა სიკეთემ… აბა სხვა რა ვთქვა, როდესაც მან წლების წინ სრულიად უანგაროდ, უერთსტერლინგოდ (არათუ ათასობით ფუნტსტერლინგების…) დამიხატა ჩემი დამოუკიდებელი გაზეთის (“ფიქრები”) მრავალფიგურიანი სათაური – აურაცხელი ჩიტებითა და თევზებით. აბა სხვა რა ვთქვა, როდესაც სადიპლომო სპექტაკლისთვის (ჟან კლოდ კარიერის “უფლისწული და ჭეშმარიტება”) სრულიად უანგაროდ და საგანგებოდ დამიხატა, უფრო სწორად უსიტყვოდ ააჟღერა ჭეშმარიტების მაძიბელი უფლისწულის თავგადასავალი – ვეება პანოზე გადასატანად.

მისი უანგარობით გაოგნებული, ჩემი მეგობარი გიგი მიგრიაული რომ დადიოდა და ყველას უყვებოდა ჩემზე – პარკით ცინცხალი “ნივა” დააქვსო…

რუსუდანს დააქვს დიდი სიკეთე, რომელიც იღვრება ფერებად, ხაზებად და იმარჯვებს ბოროტზე…

დაიბეჭდა “პრაიმ ტაიმში”

 

Post a comment or leave a trackback: Trackback URL.

Comments

  • frances franny glass  On September 2, 2015 at 11:26 am

    სუნთქვას მიკრავს ხოლმე ამ ქალის ნახატები❤ ძალიან ძალიან მაგარი პოსტია. უამრავი ახალი და საინტერესო რამ გავიგე ამ დიდ ხელოვანზე. მადლობა ^_^

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: