თამარ ბოკუჩავას რეცენზია რევაზ შატაკიშვილის სამაგისტრო სპექტაკლზე „მინის სამხეცე“


 

რევაზ შატაკიშვილის სამაგისტრო დიპლომი ტენესი უილიამსის „მინის სამხეცის“ დადგმას წარმოადგენს. დადგმაში დაკავებულია ოთხი მსახიობი: ამანდა – მედეა ახლაძე, ლაურა – ნათია ქარუმიძე, ტომი – ირაკლი ჩხიკვაძე, ჯიმ ო’კონორი – ერეკლე გეწაძე. სპექტაკლის ქორეოგრაფია ლაშა მძინარაშვილი, მთარგმნელები – რევაზ შატაკიშვილი და ელზა ნაბახტეველი. სცენოგრაფისა და მუსიკალური გამფორმებელის ფუნქციებს დადგმის რეჟისორი ითავსებს.

 

„მინის სამხეცე“ ტენესი უილამსის ნაწარმოებთა შორის განსაკუთრებული ლირიზმით, პოეტურობითა და ნოსტალგიურობით გამორჩეული ნაწარმოებია. ის გაჯერებულია მითო-სიმბოლური ფორმებითა და ასოციაციებით, ავტორის სუბიექტური განცდების პროექციებით. ნაწარმოების ტექსტურ ქსოვილში დიდ როლს თამაშობს სხვადსხვა შეგრძნებათა და წარმოსახვათა მასტიმულირებელი ცნებები და განსაზღვრებები. თვითონ სახელწოდება „მინის სამხეცე“ მყიფე, ძვირფასი და სათუთი სამყაროს განცდას ბადებს. ლაურა, მინის ფიგურების კოლექციონერი, თითქოს თავადაც ასეთივე მყიფე არსებაა, მორიდებული, ჩაკეტილი და გაბზარული (პიესის მიხედვით ის ცალი ფეხით კოჭლობს).

 

რევაზ შტაკიშვილის გადაწყვეტილებით, მამის მიერ მიტოვებულ ოჯახში დედის როლის ჰიპერტროფირება განხორციელდა. მედეა ახალაძის ამანდა განზრახ ყველაზე ხმაურიანი და ფორმალურად ავტორიტარული ფიგურაა სპექტაკლში, ცენტრად ყოფნაზე პრეტენზიით. მისი სცენური ეგზისტენციის ფიზიკური ხატი განსაკუთრებულად მსუყეა, გაჯერებული, აგრესიული. ამას მსახიობის ფაქტურა, შესრულების მანერა და რეჟისორის მიერ შერჩეულ ფერთა ლოგიკაც ადასტურებს, ჯიმ ო’კონორის სტუმრობის სცენაში ამანდა აგრესიულად წითელ და გამომწვევ სამოსშია გამოწყობილი, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს მისგან მომდინარე ერთგვარი სასოწარკვეთილად ვიტალური ისტერიის განცდას. ამანდას მიწიერი სამეფოს რყევებს მისი ვირტუალური ანტაგონისტის, მამაკაცის სიმბოლოდქცეული სტენლი კოვალსკის მშვიდი და ძლიერი ფოტო დაჰყურებს.

 

რევაზ შატაკიშვილმა სცენა ორ პირობით ნახევრად გაჰყო, მაყურებლის თვალსაწიერიდან მარჯვენა, ხოლოს სცენური სამყაროს ლოგიკით მარცხენა ნაწილი ქალურ, ხოლო მარჯვენა (შესაბამისად მაყურებლის თვალით მარცხენა) ნაწილი მამაკაცურ საწყისს შეესაბამება. მარჯვენასა და მარცხენას შექცევის ეს თამაში პიესის განმსჭვალავ ამბივალენტური სექსუალურობის იდეას ეხმიანება. სცენის სიმეტრიულად პერპენდიკულარული გაყოფის გარდა, სპექტაკლის მდგრად სტრუქტურულ კომპოზიციაში ერთგვარი დიაგონალური მიმართებებიც იკითხება. ტომი დედის „მინდორზე“ მამასთან დიაგონალურ დისპოზიციაში მოიაზრება, ლაურა მამის „მოედანზე“ დედასთან დიაგონალურ კვეთაში იკითხება. ეს მიმართებები ტენესი უილიამსზე ფროიდის ფსიქოანალიზის მიერ მოხდენილ გავლენასა და ამ გავლენების თემით ცნობიერ თამაშ მოწმობს. სიღრმე სცენისა მშობლებისაა (სიღრმე, ამასთან არაცნობიერს, არქეტიპულს, ნუმიოზურსაც ნიშნავს, რაც მშობლების სახის მითოლოგიზაციის საფუძველი ხდება), ავანსცენაზე შვილების ხაზი ვითარდება და თამაშობს. ეს ჰორიზონტალური დაყოფა დამდგმელის აქცენტებსა და პრიორიტეტებს ააშკარავებს და ტომისა და ამანდას სახეთა დინამიზმს, მათი ფორმირების დრმატულობას უსვამს ხაზს.

 

ამანდას პირობითი მხარე რევაზ შატაკიშვილმა, როგორც სცენოგრაფიული გადაწყვეტის ავტორმა, მიჯრით გაფენილი სარეცხის ფარდით დაფარა. ფარდის სიმბოლიკა მრავალ ალუზიას მოიცავს, მათ შორის ძალაუფლების, განდეგილობის, სიკვდილის, გამოცდისა და სხვ. ყველა ეს მნიშვნელობა დედის ხატების ფუნქციონალურ-ფსიქიკური ასპექტებისა და არსის დემონსტრაციას წარმოადგენს. ამასთან, ის ძალზე თეატრალური და აფექტურია, რაც ამანდას ბუნების ექსპრესიულობის, ექსცენტრიულობისა და ვოლუნტარულობის დასტურად, ოჯახის სამყაროს ჩაკეტილობის ხატად შეიძლება მივიჩნიოთ. ამასთან, ეს ის ფარდაა, რომელიც პერსონაჟების ფსიქიკის გადაულახავ ბარიერად გვევლინება და მათ სულიერ გამთლიანებას უშლის ხელს.

 

ლაურას სიკოჭლე, სხვა სიმბოლოებთან ერთად, ერთ ერთი მნიშვნელოვანი გასაღები და სიმბოლოა, რომელიც წარმოდგენილი სამყაროს სტრუქტურულ დისბალანსს გამოხატავს. ის თავად ყოფიერების ცალმხრივობის, ჰარმონიის, ყოფიერების სრულყოფილების განცდისა და სრულფასოვანი პიროვნული რეალიზაციის შეუძლებლობას განასახიერებს. ამ მხრივ, გმირებს და მათში რეინკარნირებულ დრამატურგს, გარდა ფსიქოლოგიური პრობლემებისა, ეგზისტენციური პრობლემებიც სტანჯავთ.

 

სცენისა და მოქმედების სტრუქტურული ორგანიზებაც, ჩემის აზრით იმ წონაწორობისა და ჰარმონიის პრინციპზე ნოსტალგიას განსახიერებს, რომლითაც სპექტაკლია განმსჭვალული. ორ დომინანტურ საწყისს (რომლებიც მრავალი ტიპის დისპოზიციისა და წინაარმდეგობის გამოხატულებას წარმოადგენენ) შორის დარღვეული ბალანსი ადამიანთა ყოფასა და მათ სულიერსა და ფსიქიკურ ცხოვრებას მოიცავს. გაგება, წვდომა, განთავისუფლება და ხსნა – აი, ის  განწირული სურვილი, რომლითაც აფექტური ამანდა, მოკრძალებული ლაურა და რეფლექტიური ტომი არიან შეპყრობილნი. მათი ურთიერთობების ამბივალენტური იმპულსები, მიზიდულობისა და განზიდულობის ტემპერატურა კიდევ უფრო დრამატულს ხდის ვითარებას.

 

ამ დაძაბულობის ილუზიური, თუმცა ამით არანაკლებ ჰუმანური გადაწყვეტისათვის, რეჟისორი მოულოდნელ ნაბიჯს დგამს, მას ჯიმ ო’კონორის ძალზე ორიგინალურად გადაწყვეტილი და სიმბოლოდქცეულის სახე შემოჰყავს. ჯიმს სპექტაკლის წარმოსახვით სტრუქტურაში განსაკუთრებული ადგილი აქვს მოძებნილი, შეიძლება ითქვას, რომ ის ერთგვარ ოქროს კვეთზე, პრობლემურ ვექტორთა თავშეყრის ადგილას მოძრაობს, როგორც მედიაციის პრინციპი, როგორც წინააღმდეგობათა კავშირის მისტიკური სიმბოლო. ჯიმის სიმბოლური და ფსიქოლოგიური ფუნქციები ერთმანეთს აძლიერებს, როგორც სიმბოლო და როგორც პერსონაჟი ის ერთგვარი მხსნელის, ტკივილთა დამაამებლის ფუნქციას ასახიერებს. მისი ნახევრადშიშველი ტორსი, ცისფერი ვარდის სიმბოლო, სიმბოლო-ჯიმს ამკობს, სპექტაკლის ფილოსფიურ კვინტენსენციად იქცევა. სხეულის (ზურგიდან დანახულის) და ცისფერი ვარდის სინთეზი, შეიძლება ითქვას, კულტურათა და დისკურსთა გადაკვეთისა და თავმოყრის წერტილია. ადამიანის სურვილთა და მიზანსწრაფვათა წარმოსახვითი დაზავების ხატებაა, სადაც ადამიანური, ღვთაებრივი, წარმართული და ქრისტიანული, სულიერი და სხეულებრივი, ასკეტური და სურვილისმიერი ერთად იკრიბება და გადაულახავ წინააღმდეგობათა დაზავებისა და ჰარმონიზაციის მხოლოდ ოცნებაში, სურვილთა ზმანებებში მისაწვდომ კომბინირებულ ნიშანს ჰქმნის. ჯიმისაგან შექმნილი სიმბოლოს ანდროგინულობა მას, ამავე დროს, პერსონაჟთა გადამკვეთ ლტოლვათა ობიექტად აქცევს.

 

მიუხედვადა ამისა, ჯიმის პერსონაჟი ფსიქოლოგიურად სრულიად ასექსუალურია, მშვიდია, კეთილგანწყობილი და იოსებ მშენიერის გარეგნობით აღჭურვილი, იოსებივით მიუწვდომელია.

 

ჯიმის სიმბოლოს გადაწყვეტა გვაჩვენებს, რომ რეჟისორს განზრახ არ დაუსახავს მიზნად რაიმე გამოსავალი მოენახა ტენესი უილიამსის გმირთა გრძნობების ლაბირინთიდან, თუმცა, მან ამ მყიფე მინის სამყაროში სინათლისა და იმედის სხივი მაინც შეიტანა.

 

ჩვენი რეცენზია სადიპლომო ნაშრომზე სპექტაკლის მხოლოდ ზოგიერთ ასპექტს ეხება, თუმცა, ვფიქრობთ, ეს სრულიად საკმარისია, რათა დავრწმუნდეთ, რომ რევაზ შატაკიშვილი კარგად ფლობს პიესის სარეჟსორო ანალიზის ფორმებსა და საშუალებებს, დრამატურგის მხატვრული ენის ინტერპრეტაციის შესაძლებლობებს, გააზრებულად მუშაობს მსახიობთან და ყველა კომპონენტის გათვალისწინებით ქმნის სპექტაკლის მხატვრულ მთლიანობას.

 

რევაზ შატაკიშვილის სამაგისტრო ნაშრომი უმაღლეს შეფასებას იმსახურებს.

 

 თამარ ბოკუჩავა,

ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი

 


Post a comment or leave a trackback: Trackback URL.

Trackbacks

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: