იური იარვეტი – ქართული კინოს ესტონელი გრაფი

მას არ ჰქონდა გამორჩეული, ძლიერი ხმა, საუბრობდა მშვიდად, აუღელვებლად, როგორც კინომცოდნეები აღნიშნავენ, თან ატარებდა სიჩუმეს… და მაინც, ჩვენთვის, ვისაც არ გვინახავს ესტონური ფილმები მისი მონაწილეობით, უცნობია მისი ხმა, „დათა თუთაშხიაში“ მას სხვა ახმოვანებს, ასევე სხვები ახმოვანებენ მას რუსულ ფილმებში. იური იარვეტი ესტონურ ოჯახში იზრდებოდა (ნაშვილები იყო), ძალზე ცუდად ფლობდა რუსულს და მას, რუსულ კინოში, მუდამ სხვები ახმოვანებდნენ.
1919 წელს, ტალინში დაიბადა. 19 წლამდე გეორგი კუზნეცოვი იყო, მხოლოდ 1938 წელს, როდესაც ესტონეთში აგორდა გვარ-სახელების გამოცვლის ტალღა, მან ესტონური სახელი და გვარი აიღო – გახდა იური იარვეტი.
როგორც ბიჭების უმეტესობა, ბავშვობისას იური იარვეტსაც სპორტი იზიდავდა. გატაცებული იყო ტანვარჯიშით, გატაცებული იმდენად, რომ ტალინის ჩემპიონიც გახდა. თეატრისადმი ინტერესს დიდად არ ამჟღავნებდა, თეატრთან ის სწორედ ტანვარჯიშმა დააკავშირა. სპორტულ დარბაზში შემთხვევით ნახეს ქორეოგრაფებმა და დაასკვნეს – ის შეძლებს ცეკვას. ასე მოხვდა 22 წლის იური იარვეტი ტალინის მუშათა თეატრის მოცეკვავეთა გუნდში, მალე კი ესტონეთის სახელმწიფო ანსამბლში. ბოლოს მოზარდმაყურებელთა თეატრის დასში ჩარიცხეს. თავიდან მასში მხოლოდ მოცეკვავეს ხედავდნენ, მალე პატარა როლებიც მიანდეს, მაგრამ ის დიდხანს არ დარჩენილა ამ თეატრში, ტალინის თეატრალურ ინსტიტუტს მიაშურა და დაამთავრა კიდეც 1949 წელს. სწავლის პარალელურად, ესტონურ პრესაში, კულტურის განყოფილებაში მუშაობდა, ასევე ესტონეთის რადიოში. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, როდესაც მთელი მისი კურსი, სამხრეთ ესტონეთში, პროვინციულ თეატრში წავიდა სამუშაოდ – განაწილებით, ის ტალინში, სწორედ რადიოში დარჩა. თანაკურსელებს მოგვიანებით შეუერთდა – რეჟისორის ამპლუაში. ორიოდე წელი იმ თეატრის მთავარი რეჟისორის პოსტიც ეკავა, მაგრამ ეს უფრო ხელოვნებაში საკუთარი ადგილის ძიების ხანა იყო, ვიდრე მისი ბოლო გაჩერება…
ის, როგორც მსახიობი, ტალინის ვიკტორ კინგესეპის სახელობის აკადემიურ თეატრში ჩამოყალიბდა. სცენაზე უეცრად არ აელვარებულა, როგორც მსახიობი, ნაბიჯ-ნაბიჯ, თანმიმდევრულად, შეუპოვრად იზრდებოდა.
თავს მუდამ თეატრის მსახიობად თვლიდა. სწორედ თეატრმა მოუტანა მას აღიარება ესტონეტში, სამშობლოს გარეთ მისი პოპულარობა კი უკვე კინოს დამსახურებაა.
36 წლის იყო კინოში პირველად რომ გადაიღეს. ალბათ, სწორედ ნაგვიანევი აღიარების „ბრალი“ იყო ის, რომ სუსტი სქესის ყურადღება სიკვდილამდე არ მოჰკლებია, ის უყვარდათ მაშინაც კი, როცა უკვე 70 წელს გადაცილებული იყო…

„მე თეატრის მსახიობი ვარ და მუდამ ასე დავრჩები. თეატრის ყველა მსახიობი უნდა თამაშობდეს კინოში. ყველა! კინოში ხედავ შენი შრომის ნაყოფს… თეატრში გეუბნებიან: „რა კარგია, რა კარგი ხარ“, შენ გჯერა ამის და ფიქრობ, რომ ეს მართლაც ასეა. კინოში ასე არაა, იქ შეუძლებელია ასეთი რამ. ახლო ხედი არ გატყუებს. კინოში ყველაფერი ისეა, როგორც ცხოვრებაში…“-აღნიშნავდა ის და კინო მისთვის ვარჯიშივით იყო, რომლისკენაც მას ფორმის შენარჩუნების სურვილი უბიძგებდა.
კინოში გვიან გამოჩნდა, არც შემდეგ იღებდნენ მაინცდამაინც ხშირად – 30-მდე ფილმშია გადაღებული, მაგრამ გადამწყვეტია არა ფილმების რაოდენობა, არამედ მის მიერ განსახიერებული როლების ხარისხი.
მისი შემოქმედება სავსეა ფანტაზიით, იუმორით, ტრაგიზმით. იარვეტის თამაში ძუნწია, პასიურია, მაგრამ ზუსტი. თითქოს არც თამაშობს, „არაფერს არ აკეთებს“, მაგრამ ამ „არაფრის კეთებით“ აკეთებს ყველაფერს. მას შეეძლო ეთამაშა ისე, რომ მისი სიცილიც კი, გაუნელებელი ტკივილისა და ღრმა შინაგანი ძვრების დამტევი ყოფილიყო, მის სიცილშიც კი ჟღერდა სევდა…

მიაჩნდა, რომ ყველაფერი ასაკთან, ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან იყო დაკავშირებული. „როდესაც ახალგაზრდები ვართ, გვიყვარს ჯაზი, გვემატება ასაკი და გვიყვარდება სიმფონია. მე, როგორც ჩანს, მათ რიცხვს მივეკუთვნები, რომელთაც სერიოზული ხელოვნება უფრო იტაცებთ, რომელიც გასაქანს აძლევს აზრს და აღძრავს ღრმა გრძნობებს. და წლიდან წლამდე უფრო და უფრო ტრაგიკული ვხდები, თუმცა კი, წმინდად „ტრაგიკული“, ჩემი აზრით, არც სცენაზე არსებობს, არც ცხოვრებაში. მსახიობი, რომელიც თავს მხოლოდ ტრაგიკოსად, ან მხოლოდ კომიკოსად მიიჩნევს, იზღუდავს თავს და საკუთარ შესაძლებლობებს. იღარიბებს თავის ნიჭს“.
ის ტრაგიკოსიც იყო და კომიკოსიც. თავადვე წერდა სკეჩებსა და ინტერმედიებს, გამოდიოდა ტელევიზიით, როგორც საესტრადო მსახიობი. სცენაზე სხვადასხვა დროს განასახიერა პოლონიუსი და კლავდიუსი – „ჰამლეტში“, კრეონი -„ანტიგონეში“ და… მეფე ლირი – „მეფე ლირში“.

კადრი ფილმიდან "მეფე ლირი"

კადრი ფილმიდან “მეფე ლირი”

კადრი ფილმიდან "მეფე ლირი"

კადრი ფილმიდან “მეფე ლირი”

კადრი ფილმიდან "მეფე ლირი"

კადრი ფილმიდან “მეფე ლირი”

„მეფე ლირის“ რეჟისორი, გრიგორი კოზინცევი იარვეტს არ მოიაზრებდა ლირის როლზე. იარვეტის კანდიდატურა კოზინცევს ასისტენტმა – ინა მოჩალოვამ შესთავაზა, რომელიც იარვეტთან „მკვდარი სეზონის“ გადაღებისას მუშაობდა. როლი მაშინ შესთავაზა, როდესაც იარვეტი ლენინგრადში იყო გასტროლებით – კლავდიუსს თამაშობდა „ჰამლეტში“. მაგრამ ინა მოჩალოვამ იარვეტი „დაალობირა“ არა ლირის, არამედ შეშლილი მაწანწალის ერთ პატარა როლზე. მით უმეტეს, რომ ამ როლის გახმოვანება არც წარმოადგენდა რუსულად ცუდად მოლაპარაკე იარვეტისთვის სიძნელეს, გმირს ტექსტის ნაცვლად წამოყვირებები ჰქონდა… იარვეტი დათანხმდა ამ პატარა როლზე, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავდა, რომ მას ეს როლი სურდა… როდესაც კოზინცევმა არტისტს ჰკითხა, ვისი თამაში სურდა ფილმში, იარვეტმა წყნარი და მშვიდი ხმით მიუგო – „ლირის“. რეჟისორმა მას ყურადღებით შეხედა და აღმოაჩინა, რომ იარვეტს ძალიან დამახასიათებელი სახე და არაჩვეულებრივად მეტყველი, ნათელი, ცისფერი თვალები ჰქონდა.

კოზინცევმა მას მიანდო ლირის როლი. არადა, იარვეტს არ „ეცხო“ არაფერი მეფური, არც აღნაგობა, არც ხმა… მაგრამ პირველი გამოჩენა ეკრანზე და… ის მეფე იყო, თავით ფერხამდე, არა მარტო იმიტომ, რომ ის შენელებულად, ცერემონიულად მოძრაობდა, არამედ იმიტომ, რომ „მეფე იყო დაბადებიდან“…
როდესაც იარვეტის ნიჭის თავისებურებაზე საუბრობენ, ყოველთვის მიუთითებენ მის გრაციაზე. მისი ბედი თეატრში სწორედ გრაციუზულობამ, თანდაყოლილმა პლასტიკურობამ განსაზღვრა და ეს თვისება შერჩა სიკვდილამდე – მისი გმირები მუდამ ზუსტად და მუდამ ელეგანტურად მოძრაობენ ეკრანზე, მაგრამ, როდესაც საუბარია იარვეტის გრაციაზე, არავინ გულისხმობს მხოლოდ გარეგნულ გრაციას – საუბარია სულიერ გრაციაზე, მის ინტელიგენტურობაზე, დახვეწილობაზე. „გრაციოზულია მისი შინაგანი სამყარო“ – წერდნენ მასზე.
„მეფე ლირის“ გამოსვლის შემდეგ, ხელოვნებადმცოდნეებმა იარვეტი დაასახელეს საუკეთესო ლირად საბჭოთა კავშირში (რაც კი დადგმულა ომის შემდეგ).
1971 წელს, თეირანის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ლირის განსახიერებისთვის, იური იარვეტი წლის საუკეთესო მსახიობად აღიარეს, ფილმმა წარმატება მოიპოვა ჩიკაგოში, მილანში. 1975 წელს იარვეტს მიანიჭეს სსრკ სახალხო არტისტის წოდება…

საგულისხმოა, რომ გიგა ლორთქიფანიძემ გრაფი სეგედის როლზე სწორედ უკვე სახელგანთქმული, აღიარებული ლირი მოიწვია. როლების განაწილებაში, უბადლო გიგა ლორთქიფანიძე, არც ამჯერად შემცდარა.
იური იარვეტის გრაფი სეგედი იმდენად დამაჯერებელი, ზუსტი და უტყუარია, რომ შეუძლებელია არ მოექცე მისი განუმეორებელი ხიბლის ქვეშ. გრაფი სეგედის განსახიერებისთვის ქართული კინოს ესტონელმა გრაფმა სსრკ სახელმწიფო პრემია მიიღო… გარდაიცვალა 1995 წელს.

„რას აფასებთ ცხოვრებაში ყველაზე მეტად და რას არ დაუთმობთ არავის?“ – ჰკითხეს ერთ-ერთ ბოლო ტელეინტერვიუში. „თავისუფლებას“ – ახალგაზრდული გზნებით უპასუხა 70-ს გადაცილებულმა იური იარვეტმა.

კადრი ფილმიდან "დათა თუთაშხია"

კადრი ფილმიდან “დათა თუთაშხია”

დაიბეჭდა “პრაიმტაიმში”

Post a comment or leave a trackback: Trackback URL.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: