რეზო შატაკიშვილი ქართველების მეგობარ ავსტრიელ ნობელიანტ ბარონესაზე

ბერტა ფონ ზუტნერი

ბერტა ფონ ზუტნერი

ქართველ პრინცზე უიმედოდ შეყვარებული ავსტრიელი ასულის სევდიანი მოგონებები

ბარონესა ბერტა ფონ ზუტნერი. მწერალი. პაციფისტი. ნობელიანტი მშვიდობის დარგში. ვინ იყო ეს ავსტრიელი არისტოკრატი ქალი? ქალი, რომლის ირგვლივაც იკინძება მე-19 საუკუნის ელიტური ამბები?

ბერტასა და მის ქმარს – ბარონ არტურ გუნდაკკარ ფონ ზუტნერს 9 წელიწადი უცხოვრიათ საქართველოში…

რანაირად მოხვდნენ ბერტა და მისი მეუღლე საქართველოში?

ან რანაირად აღმოჩნდნენ საქართველოში ჩამოსვლისთანავე ქართულ მაღალ საზოგადოებაში უცხოელი ცოლ-ქმარი? მათ ხომ სწორედ აქ, საქართველოში, მოჰკიდეს ხელი მწერლობას. მეტიც, როდესაც ვეფხისტყაოსნის ქართველიშვილისეული ცნობილი გამოცემა მზადდებოდა, დაიბადა აზრი – პოემა რომელიმე უცხო ენაზეც ეთარგმნათ. სწორედ ბერტამ და არტურმა, სამეგრელოს მივარდნილ სოფელში, იონა მეუნარგიას მამის დახმარებით თარგმნეს ვეფხისტყაოსანი ფრანგულად, შემდეგ რომ გერმანულადაც თარგმნილიყო. ზუტნერების თარგმანი დაუბეჭდავი დარჩა, ბერტა და მისი ქმარი საქართველოდან წავიდნენ და აღარც გერმანულად უთარგმნიათ…

სამაგიეროდ, 66 წლის ბერტა 1909 წელს გამოსცემს მოგონებების წიგნს და ქართულ არისტოკრატიაზე დაწერს:

„ორბელიანების, წერეთლების, გრუზინსკების, დადიანების, მუხრანბატონების, ჭავჭავაძეების გვარები ისევე ამაყად ჟღერენ იქ, საქართველოში, როგორც მონმორასების, მანჩესტერების, ბორგეზების, ლიხტენშტეინებისა და სხვათა გვარები ჩვენში“.

მაინც ვის შეხვდა ასეთს? ყველაფერი გასაგები გახდება ამ კითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ – ჯერ კიდევ გასათხოვარმა, სრულიად ახალგაზრდა ბერტამ 1864 წელს ჰამბურგში, გერმანიის სამკურნალო წყლებზე ჰერ ფონ კენიგსვარტერის მეშვეობით გაიცნო უკანასკნელი ქართველი დედოფალი – ეკატერინე ჭავჭავაძე… ეკატერინე ჭავჭავაძე ბერტასთვის პირველი ქართველი იყო, ვისაც შეხვდა.

შემდეგ კი დედოფალ ეკატერინეს გარემოცვაში, მისი ორი ვაჟისა და ქალიშვილის, სალომეს გარდა, ის ხანდახან ხედავდა კიდევ ორ ქართველ ბანოვანს. ერთ-ერთი კი ეკატერინე ჭავჭავაძეზე არანაკლებ სახელგანთქმული ქალბატონი, როგორც გრიგოლ ორბელიანი უწოდებდა, აღმოსავლეთის თვალი – მანანა ორბელიანი იყო, მეორე ბანოვანი კი მანანას ქალიშვილი – ტასო. ასეთი სტარტის შემდეგ გასაგებია, რატომაც ეტრფოდა ასე ქართველებს ავსტრიელი არისტოკრატი ბერტა გაცნობის დღიდან სიკვდილამდე. ზოგადი ტრფობაც რომ გვერდზე გადავდოთ, ბერტას ბიოგრაფიიდან ვერავინ ამოშლის იმ სიყვარულს, რაც მას ქართველ პრინცთან აკავშირებდა. ამაზე ქვემოთ…

როგორც ბერტა თავის მემუარებში იხსენებს, მანანა ორბელიანი და ტასო ყოველთვის ლამაზ ქართულ ტანისამოსში იყვნენ გამოწყობილები. დედოფალი ეკატერინე კი ატარებდა „vorty“-ს ტუალეტებს და ატარებდა მათ „როგორც მართლა დიდი ქალბატონი, სრული შიკით და ელეგანსით“. ბერტას გადმოცემით, დედოფალი ეკატერინე იყო დიდად ელეგანტური ბანოვანი. „დაახლოებით 36-37 წლისა, ჯერ კიდევ წარმოსადეგად მშვენიერი, რომელიც ახალგაზრდობაში თვალისმომჭრელი სილამაზისა უნდა ყოფილიყო. ჭეშმარიტად ქართული ტიპის. ფრანგულად ლაპარაკობდა ისე, რომ ენაზე ჭავლი არ მოედებოდა, მაგრამ რუსულს – აქცენტით. თავის შვილებთან ის საუბრობდა უმთავრესად ქართულ ენაზედ“.

ბერტა დეტალურად აღწერს დედოფლის გემოვნებით მოკაზმულ აპარტამენტს და თქვენ წარმოიდგინეთ, იმ სურნელსაც კი, რომელიც ეკატერინე ჭავჭავაძის საბრძანებელში სუფევდა – რუსული სიგარეტებისა და ყავის სუნი შეზავებული იყო ფორთოხლის ყვავილების სუნთან. „მრავალი წლის მანძილზე მინახავს დედოფალი ეკატერინე სხვადასხვა ადგილას და სადაც კი ის დაიდებდა ბინას, უმალ ეს სურნელება დგებოდა. ნივთები ყველგან ასე სუნთქავდნენ“.

საცხოვრებლის შეცვლა ეკატერინე ჭავჭავაძეს ხშირად უწევდა. ზუგდიდის გარდა, ის ხან ევროპაში ცხოვრობდა, ხან – პეტერბურგში, ხან – პარიზში, ზაფხულობით ჰამბურგის სამკურნალო წყლებზე ისვენებდა. ბერტას გადმოცემით, ეკატერინე ჭავჭავაძე ყოველ დილით 7 საათზე უკვე წყაროებზე იყო. „შემდეგ ხშირად დაუვლიდა ხოლმე სათამაშო ოთახებს, მაგრამ არ თამაშობდა“.

ბერტა თავის მემუარებში ერთ ასეთ სუპერარისტოკრატიულ ვოიაჟსაც აღწერს კაზინოში. „ერთ ნაშუადღევს, კონცერტის დროს, ჩვენ ყველანი ვისხედით დედოფლისთვის ჩვეულ ადგილას. იმ დღეს ხმა დაირხა, იმპერატორი ალექსანდრე მეორე ჰამბურგში ჩამოვიდაო. მართლაც უცებ დიდი მისვლა-მოსვლა შეიქმნა და ყოველი მხრიდან გაისმა ხმა – „იმპერატორი, იმპერატორი“. მალე ალექსანდრე მეორის მაღალი, ახოვანი ტანიც გამოჩნდა. დედოფალს რომ თვალი მოჰკრა, გამოემართა, დედოფალი წამოდგა, რომ რამდენიმე ნაბიჯით წინ წამდგარიყო, იმპერატორმა მას ხელი მიაშურა და ემთხვია. დანარჩენები საპატიო მანძილზე ვიყავით გაჩერებული. მაგრამ მცირე ლაპარაკის შემდეგ, მე გავიგონე, როგორ უთხრა ცოტა უფრო ხმამაღლა დედოფალს იმპერატორმა: „ხომ არ ისურვებდით, ცალი თვალით ზალებში შევიხედოთო“. მკლავი გაუყარა დედოფალს. ჩვენ უკან გავყევით. ალექსანდრე მეორემ „რულეტკის“ სათამაშო მაგიდასთან, დედოფალს რამდენიმე ოქრო სთხოვა, ან ფული არ ჰქონდა თან, ან სწამდა, რომ ნასესხები იღბალს მოუტანდა. წითელზე დასვა, პირველი მოიგო, კიდევ ერთი-ორჯერ დასვა, მაგრამ საბოლოოდ იძულებული გახდა, ნეკი მოეკაკვა…“

შტრიხები ბერტას უიღბლო არისტოკრატიული ბიოგრაფიიდან

ბერტას ქალიშვილობის გვარი კინსკი იყო, კინსკები გაავსტრიელებული ჩეხები იყვნენ. ბერტას მამა, ფელდმარშალი და საიმპერატორო კარის ნამდვილი კამერერი ფრანც კინსკი ბერტას დაბადებამდე გარდაიცვალა. ბერტას დედა ფონ კერნერი კეთილშობილთა ფენას მიეკუთვნებოდა. ბებია ხომ, საერთოდ, პრინც ლიხტენშტეინის ასული იყო. მოკლედ, ბერტა უმაღლესი ჯიშისა და მოდგმის გახლდათ. მიუხედავად ამისა, მათი ოჯახი მაინც არ შედიოდა იმ საზოგადოებაში, რომელიც ავსტრიაში ნამდვილ საზოგადოებად იწოდებოდა. ბერტას დედა მომღერლობაზე ოცნებობდა, გარემოცვაც და ბევრი სხვა გულშემატკივარიც არწმუნებდა, რომ მას ლეგენდარული მალიბრანის ხმა ჰქონდა. ბერტაც ოცნებობდა მომღერლობაზე, მის დროს მალიბრანი აღარ ახსოვდათ, მაგრამ მას სხვა რამეს უჩიჩინებდნენ – ადელინა პატის ხმაზე უკეთესი ხმა გაქვსო. დედა-შვილს ხმებიცა და ოცნებებიც ფუჭად დარჩათ. ბერტას დედა ამ ოცნებას კი როგორღაც შეელია, მაგრამ ვერაფრით შეელია გამდიდრების დაუოკებელ სურვილს. საამისო საშუალებასაც მიაგნო – ხშირად სტუმრობდა იმ დროს განთქმულ კურორტებს და კაზინოებში თამაშობდა მილიონის მოგების იმედით. მილიონი არ მოუგია, ერთობოდა…

ბერტას მაინც არ ჰქონია ცუდი ბავშვობა, გამოუჩნდა მამობილი, მამამისის უშვილძირო მეგობარი, რომელმაც მთელი ენერგია ბერტას შეალია. ბერტას მამობილი იყო ნამდვილი გრანდსენიორი, კაიზერ ფრანც-იოსების ფელდცო გმეისტერი და „არსიენერებისგარდის“ კაპიტანი. რაც ერთ-ერთ პირველ ხარისხად ითვლებოდა ჰაბსბურგების კარზე. ბერტას ახალგაზრდა კაიზერი მხოლოდ სურათზე ჰყავდა ნანახი. სამაგიეროდ, მამობილი, ხშირად სწორედ მეფის სუფრიდან მიდიოდა პირდაპირ ბერტასთან. გოგონასთვის ეს საკმარისი იყო, რომ კაიზერის ცოლობაზე ეოცნება, მას დედოფლობა სურდა. მაგრამ ამ იმპერატორმა ბერტას ცხოვრებაში იმედგაცრუებების დიდი სეზონი გახსნა – როცა ბერტა ჯერ კიდევ 11 წლის იყო, იმპერატორმა თავისივე ნათესავი, ელისაბედ ბავარიელი შეირთო ცოლად. მას შემდეგ ბერტა უკვე სხვა პრინცებზე ოცნებობდა, მაშინაც კი, როცა 21-22 წლის იყო.

ვიდრე ბერტას პრინცების სიას გადავურბენთ, ერთი პარადოქსის თაობაზე: ბერტა 1914 წელს გარდაიცვალა, როგორც ცნობილი პაციფისტი ქალი, სწორედ 1014 წელს კი იმ კაიზერმა, რომელსაც ოდესღაც ბერტა „ესტროჩკებოდა“, მსოფლიო ომი დაიწყო… დაიწყებოდა კი ეს ომი, მას რომ თავის დროზე პაციფისტი ბერტა შეერთო? ან იქნებოდა კი ბერტა პაციფისტი, კაიზერის ცოლი რომ გამხდარიყო?

არავინ იცის. თუმცა ფაქტია ერთი რამ, ბერტას მიერ 1909 წელს გამოცემული მემუარები ნამდვილად არ დაემსგავსებოდა ფუფალას მემუარებს.

როგორც შალვა ამირეჯიბი წერს, ბერტას მემუარების გამოსვლის შემდეგ, ვენაში ოხუნჯობდნენ, ყველა პრინცს, ვისაც კი ცხოვრებაში შეხვედრია, თავის საქმროდ გვაცნობსო. თვითონ შალვა ამირეჯიბი სულაც არ ფიქრობდა ასე. თუ შალვა ამირეჯიბს ვერწმუნებით, ბერტას მემუარებში მართლა კონა ათ შაურად ყოფილან პრინცები, მაგრამ ბერტა სულაც არ ბერავდა ხელოვნურად მათ რიცხვს, პირიქით, ამცირებდა კიდეც. ამირეჯიბს არგუმენტიც კი აქვს ბერტას გასამართლებლად.

„ბერტას საქმროდ არ ჰყავს მონათლული უგანათლებულესი ნიკო მინგრელსკი, თუმცა ძნელი წარმოსადგენია, რომ საქორწილო გეგმებში გართულ და პატივმოყვარე ბერტასთვის არაფერი ყოფილიყო სამეგრელოს დედოფლის, ეკატერინე ჭავჭავაძის უფროსი ვაჟი, 17-18 წლის ნიკო. ისინი თითქმის ტოლები იყვნენ. მაგრამ ბერტას ტაქტიც სწორედ აქ ჩანს, ის იყო დედოფალ ეკატერინესა და მისი შვილების ისეთი საყვარელი და ახლობელი ადამიანი, რომ კარგად ზრდილი და გულმართალი ბერტა ასეთ ტრაბახს არ მოჰყვებოდა. არა ტრაბახობს ბერტა არც სხვათა შემთხვევაში“, – ასკვნის შალვა ამირეჯიბი.

მაშ ასე, ბერტას პრინცების სია:

ბერტას პირველი საქმრო პრინცი ფილიპე ვიტგენშტეინი გახლდათ, მაგრამ მას უარი უთხრეს, მაშინ ბერტა მხოლოდ 13 წლის იყო. მოგვიანებით, რომში ყოფნისას ბერტას ხელი სთხოვა ერთმა მოხუცმა ნეაპოლელმა პრინჩიპემ. ამჯერად უკვე თავად ბერტამ თქვა უარი, მას თვალი ბებრუხანა საქმროს 25 წლის შავთვალა ბიჭისკენ გაურბოდა, რომელიც დუკის ტიტულს ატარებდა.

„ეჰ, ვინ იცის, იქნებ მას გავყოლოდი ცოლად, მაგრამ იცოდა რა მამამისსა და ჩემს შორის მომხდარი ამბავი, თვითონ დუკას ეჭირა თავი შორსო“, – სინანულით გაიხსენებს მოხუცი ბერტა.

1864 წელს დედოფალ ეკატერინე ჭავჭავაძესთან ბერტამ გაიცნო პრინცი ერეკლე – ალექსანდრე ბატონიშვილის ვაჟი, ერეკლე მეორის შვილიშვილი. ბერტას გადმოცემით, ერეკლე იყო დაახლოებით 40 წლის, საშუალო სიმაღლის, ელეგანტური, შავგვრემანი, მწყობრი, ნაღვლიანი სახით. წვრილი, გრძელი შავი ულვაშებით. ბერტა არ მალავს, რომ ქართველი პრინცი მოეწონა. იმასაც ამტკიცებს, პრინცსაც მოვეწონეო. ბერტას 2 წელი აბოდებდა ქართველ პრინცზე და ოცნებობდა, რომ ერეკლე მას შეირთავდა, მაჭანკალიც ხომ თავად ეკატერინე ჭავჭავაძე იყო, მაგრამ ვერ ივარგა მაჭანკლად წინანდლის ვარდმა. რამდენიმე წლის შემდეგ ქართველმა პრინცმა ეკატერინე ჭავჭავაძის ძმისშვილი შეირთო ცოლად… საერთოდ, დედოფალ ეკატერინეს ბერტას ბედი ადარდებდა – არისტოკრატი გოგონას ბედი, რომელსაც მზითვი არ ჰქონდა. ნაწილობრივ იზრუნა კიდეც ამ მიმართულებით. „დედოფალი მიამბობდა თავის რომანტიკულ თავგადასავლებს და მეც მარიგებდა: „ბერტა, იშოვეთ ერთი კარგი საქმრო და გაბედნიერდით“. ერთ დღეს მითხრა, გამომყევით აქ, მე მინდა გაჩვენოთ, რა პირის სანახავს გიმზადებთ. წამიყვანა თავის ოთახში. პირისფარეშს განძეულობის ყუთი მოატანინა, მაჩვენა თავისი ნივთები, ბრილიანტების, თვალპატიოსანთა და თვალმარგალიტთა მთელი ასხმები. „ხედავთ ამას? ეს არის საქორწინო საჩუქარი, რომელსაც გიმზადებთ, მაგრამ უპირველესად საჭიროა იყოს საქმრო“.

ყველაზე პიკანტური აბზაცი: ბერტას მემუარებში საუბარია იმ თემაზე, რამაც ძალიან შეაშფოთა იმდროინდელი საქართველო. მაშინდელ თბილისს ელვის სისწრაფით მოედო ჭორი – ეკატერინე, დადიანის ქვრივი, ბარათაშვილის ჰაეროვანი სატრფო, ესპანეთის მდიდარსა და დიდგვაროვან ელჩს გაჰყვა ცოლადო. იყო ერთი მიეთ-მოეთი, ყველას უკვირდა. გრიგოლ ორბელიანსაც კი – „ეკატერინესგან მიკვირსო“. მალევე ყველამ ჭორებს მიათვალა ეს ამბავი, არადა, როგორც ბერტა თავის მემუარებში წერს, ეკატერინესთვის ბიარიცში მართლაც შეუთავაზებია ცოლობა ესპანეთის უშეძლებულეს დიდკაცს დიუკ დ’ოსსუნას. როგორც ბერტა იგონებს, ეკატერინემ ვერ გაბედა „ჰო“ ეთქვა… „ის უფრო თავისი შვილების მომავლისთვის ცოცხლობდა და გული საქართველოსკენ მოუწევდა“.

დავუბრუნდეთ ბერტას გათხოვების ეპოპეას… ბერტაზე ნამდვილად იყო დანიშნული პრინცი ადოლფ საინვიტგენშტეინი-ჰოჰენშტეინი. მათ დუეტი იმღერეს და ერთმანეთი შეუყვარდათ. პრინცი ამერიკაში წავიდა, უკან დაბრუნებულს ბერტაზე ჯვარი უნდა დაეწერა, მაგრამ გემზე ავად გახდა, მოკვდა და ზღვას მიაბარეს მისი გვამი. ბერტამ კი ეს ამბავი გაზეთში წაიკითხა… ბერტა პრინცებს მოეშვა. ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა გათხოვილიყო? საქმროების მიმართ წაყენებული მოთხოვნები შეარბილა – პრინცობას აღარ ითხოვდა, ამჯერად აქცენტს მხოლოდ სიმდიდრეზეღა აკეთებდა. თითქოს გამოინახა კიდეც ვენაში ასეთი ფულიანი, მაგრამ არაარისტოკრატული წარმოშობის სასიძო. გადამწყვეტ მომენტში ბერტამ საქმე ჩაშალა. საქმეში უკვე ეკატერინეს სიძეც, სალომეს მეუღლე, პრინცი აშილ მიურატიც ჩაერთო და პარიზში ვიღაც მდიდარი ავსტრიელი გამოუძებნა. საქმრო პირდაპირ გაშლილი სუფრიდან გაიქცა… ბერტა დეპრესიაში ჩავარდა. დედოფალი ეკატერინეც საქართველოში დაბრუნდა და ბერტასაც სხვა გზა არ ჰქონდა, ავსტრიას მიაშურა. ავსტრიაში ბერტამ ბარონ ზუტნერის მდიდარ სახლში დაიწყო მუშაობა ბარონის 4 ქალიშვილის კომპანიონად. ბარონს 3 ვაჟიც ჰყავდა. ბარონის უმცროს ვაჟს არტურს ბერტა შეუყვარდა. შეუყვარდა ბერტასაც. ბერტამ შვებით ამოისუნთქა, ბედი მეხსნებაო. გახარებულმა დედასაც ახარა: არტურს ვუყვარვარო. დედამ კი მკაცრად მოითხოვა, არტურმა ან სასწრაფოდ მოგიყვანოს ცოლად ან მაგ სახლიდან დროზე წამოდიო. ბერტას კი არც ამჯერად სწყალობდა ბედი, უმზითვო ხომ იყო და იყო, ყველა სიკეთესთან ერთად, არტურზე 7 წლით უფროსიც გახლდათ. არტურის მშობლები ამ ქორწინების წინააღმდეგნი წავიდნენ. ბერტა ზუტნერების სახლს უნდა გასცლოდა, მაგრამ სად? ისევ დედოფალმა ეკატერინე ჭავჭავაძემ იხსნა. ბერტას ხშირი მიმოწერა ჰქონდა სამეგრელოს დედოფალთან და მიპატიჟებულიც იყო ზუგდიდში.

ბერტა და არტური ზუგდიდში წამოვიდნენ დედოფალ ეკატერინესთან და დარჩნენ კიდეც საქართველოში 9 წელიწადს…

დაიბეჭდა “პრაიმტაიმში” 

Post a comment or leave a trackback: Trackback URL.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: