„რუსუდან კარავში შედი“ -დან – „შედი ქალო, „ბუტკაში“-მდე

ტრაგედიიდან კიჩამდე – სააკაძის კარავიდან ივანიშვილის „ბუტკა“-მდე

კადრი ფილმიდან "გიორგი სააკაძე"

კადრი ფილმიდან “გიორგი სააკაძე”

(5 ნოემბერი, 2012 წელი, გაზეთი “პრაიმტაიმი”).

რეზო შატაკიშვილი

„რუსუდან, შედი კარავში!“ – არავინ იცის, მართლაც ასე მიმართა თუ არა, სააკაძემ თავის თანამეცხედრეს, ეს ფილმის რეალობაა – ასე ხორავას გიორგი სააკაძე მიმართავს ვერიკო ანჯაფარიძის რუსუდანს.
„შედი, ქალო „ბუტკაში“ – კი ნამდვილად ბრძანა ივანიშვილმა მაღალი ტრიბუნიდან. სააკაძის ტრაგედია და ივანიშვილის ჩამოფასებული იუმორი.
ტრაგედიიდან კიჩამდე – სააკაძის კარავიდან ივანიშვილის „ბუტკა“-მდე.

 

ესეც ჩვენი აღმაფრენის დაღმართი და ამ ორ წერტილს შორის გამომწყვდეული ისტორია. კარავი არაერთგან ფიგურირებს საქართველოს ძველ და ახალ, უახლეს ისტორიაში. ხან კარვის სახით, ხანაც საკნის და ხანაც აგერ უკვე „ბუტკის“ სახით. თუ ისტორიას „კარვულ-ბუტკური“ გადასახედიდან გადავხედავთ, საინტერესო სურათს მივიღებთ.
მართლაც არავინ იცის, მართლაც კარავში იხილა თუ არა სააკაძის მეუღლემ პაატას მოკვეთილი თავი, მაგრამ კარავი ნამდვილად ფიგურირებს სააკაძის ბიოგრაფიაში – სხვა ეპიზოდში – კერძოდ, წავკისის ტრაგედიაში. ფარსადან ციციშვილისა და შადიმან ბარათაშვილის გეგმით, სააკაძე წავკისს მიიწვიეს, მეფესთან სანადიროდ, რომ იმ ღამეს თავს დასხმოდნენ და მოეკლათ. სააკაძე ერთი მხლებლის ამარა ეწვია სიძეს, „ღვინო დალია, თავის კარავში შევიდა, რათა დაისვენოს და დილით ნადირობას შეუდგეს“. არადა, მასზე იწყებოდა ნადირობა, მაგრამ ვერ დაიწყო – ბააკა ხერხეულიძემ მოახერხა და გააფრთხილა – მოურავი ახალუხის ამარა გავარდა კარავიდან, მხოლოდ ხმლის აღება მოასწრო. ბააკა ხერხეულიძეს ძვირი დაუჯდა სააკაძის გადარჩენა – „დააჭრეს ცხვირ-პირი“.
კარავში უპირებდნენ მოკვლას ქეთევან დედოფლის მეთაურობით აჯანყებული კახელები მოღალატე კოსტანტინე-მირზას. ეს მაშინ, როცა კონსტანტინემ კახელების და ყიზილბაშების ჯარით შირვანზე გაილაშქრა, ოსმალთაგან შაქი გაანთავისუფლა, მაგრამ შემახს რომ მიადგა, ვეღარ სძლია ოსმალებს, ქართველებმა დრო იხელთეს. კონსტანტინეს კარავს ქართველთა რაზმი დარაჯობდა, სწორედ ეს რაზმი შეიჭრა ყიჟინით კარავში მის მოსაკლავად, მაგრამ კონსტანტინემ თავს უშველა – ხმლით კარვის უკანა კალთა გააპო და გავარდა. ძმისა და მამის მკვლელი, სამშობლოს მოღალატე მაინც ჩააძაღლეს ბელაქნის წყალზე გამართულ ბრძოლაში.

მოკლედ, კარავი იყო ადგილი – პოლიტიკური ანგარისსწორების… ისე, ქართულ პოლიტიკაში, ყველაზე შთამბეჭდავი შინაარსი, „კარავმა“ სააკაძემდე ბევრად ადრე შეიძინა – ეს თამარის დროს იყო, როცა აბუნტებულმა დიდგვაროვნებმა თამარს თანამდებობებიდან გადააყენებინეს უგვარონი – აფრიდონი და ყუბასარი, და როცა დიდებულები ერთმანეთს დაერივნენ გამოთავისუფლებული თანამდებობებისთვის, ასპარეზზე მაშინ გამოვიდა „კარავი“ – მეჭურჭლეთუხუცესმა ყუთლუ ასლანმა (რომელიც ამირსპასალარობისკენ იწევდა) და მისმა დასმა, როგორც თამარის ისტორიკოსი გვამცნობს „უცხოდ მოსაგონებელი“ რამ განიზარახა და მოიმოქმედა – მოითხოვა ისანში, თამარის სასახლესთან დაარსებულიყო „კარავი“ – მუდმივმოქმედი საკანონმდებლო ორგანო. კარავს უნდა ჰქონოდა უმაღლესი მართლმსაჯულების ფუნქცია, უფლება უმაღლესი მოხელეების დანიშვნა-გადაყენების, თამარი მხოლოდ აღმასრულებელ ხელისუფლად რჩებოდა. მონარქია იზღუდებოდა, რაც შემდგომი ეპოქების გადასახედიდან პროგრესულადაც შეფასდა, როგორც მცდელობა კონსტიტუციურ მონარქიაზე გადასვლის, პარლამენტარიზმის ჩასახვის. მაგრამ მაშინ, თამარმა, იგრძნო რა, რომ ამით მისი მეფობის დასასრული იწყებოდა, დიპლომატიური სვლით, ხვაშაქ ცოქილისა და კრავაი ჯაყელის მეოხებით, გაანეიტრალა პარლამენტარიზმის სიო. ამბოხებულებმა ისევ თამარს შეჰფიცეს ერთგულება და არ „გაიშალა“. თამარის ისტორიკოსის მეოხებით კი ყუთლუ-არსლანი ისტორიაში დარჩა როგორც „ბიჭი, რომელმაც ჯორის ორბუნებოვნება გამოიჩინა“…

 

კარავი ისტორიაში ჩაიკარგება, გავა მრავალი საუკუნე და „კარვის“ ფენომენი ამოყვინთავს. და სად? ზედ პარლამენტის წინ. როგორც ედუარდ შევარდნაძე იტყოდა, ყუთლუ-არსლანი რომ ცოცხალი ყოფილიყო საფლავში გადატრიალდებოდა🙂 – ეს ღიმილი, როგორც აკაკი იტყოდა, ცრემლზე უფრო მწარეა – კარვებით დაიწყო უახლესი ისტორიის ტრაგიკული ხანა. ეს კარვები ზვიად გამსახურდიას მომხრეებმა გაშალეს რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ (მაშინ მთავრობის სახლად იწოდებოდა). ამ კარვებმა ახალი ფენომენი შვა „კარვის ქალები“… კარავი –  ავადმოსაგონრად იქცა. საზოგადოების ნაწილში ეს კარვები აგრესიას იწვევდა და იწვევს იმ ადამიანების გამო, ვინც მაშინ კარვებში იყვნენ და გამსახურდიას იცავდნენ, მაგრამ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, კარავი განზოგადდა და არეულობის, ქაოსის ატრუბუტად იქცა. არცაა გასაკვირი ხალხში რომ ამ ემოციას იწვევს. ამ ემოციას რომ იწვევს, ეს სამიოდე წლის წინაც გამოჩნდა, როდესაც ბურჯანაძის მეთაურობით ოპოზიციამ თბილისში კარვების დადგმა განიზრახა და დაიწყო. ხალხს ამ კარვებმა ის კარვები გაახსენა და კარვებს მალე საკნები ჩაანაცვლეს, სიმბოლურადაც „დატუმბეს“ – რომ სააკაშვილმა ქვეყანა საკნად გადააქცია. თუმცა,  ტელევიზიასთან, რუსთაველზე და მრავალ სხვაგან გამოფენილი საკნები, მაინცდამაინც არ ჰგავდა საკნებს, გალიებს უფრო ჰგავდა. მაშინდელი ხელისუფლება აპელირებდა კიდეც ამაზე და გალიებად იხსენიებდა. მაშინ ოპოზიციამ დიდად ვერ ილომ-გალია. საკნები აიღეს.

 

ბოლო წლების თბილისში ისევ გამოჩნდა კარვები – ამჯერად უკვე სხვაგვარი დანიშნულებით, კვირაობით კარავს დასცემდნენ ხოლმე მარჯანიშვილის მოედანზე, თავისუფლებაზე, სხვა საკვანძო ადგილებში და იყო ერთი „იარმურკა“ – ვაჭრობა. ეს კარვები, თავისი ფორმით იმდენად ჰგავდა სააკაძის კარავს, გადასაღები მოედნიდან მოპარული გეგონებოდა, და ცოტაც და პირზე მოგადგებოდა – „შედი რუსუდან კარავში“.
კარავმა ბოლოს წინასაარჩევნო პერიოდშიც გაიელვა – ალაგ-ალაგ „ოცნებამ“ კარავი დასცა – აქაოდა, ოფისები ვერ გვიქირავია – მესაკუთრეები არ გვაქირავებენ ხელისუფლების შიშითო.
ეს „კარავიადა“ საბოლოოდ დაგვირგვინდა ივანიშვილის ანეკდოტით – „შედი ქალო ბუტკაში“. ამ უკბილო ანეკდოტმა, არა დადგმულმა „ბუტკამ“ ან იქ შეყვანილმა ქალმა, უბრალოდ ნათქვამმა „ბუტკამ“ წრედი შეკრა. კარავი-საკანი-„ბუტკა“… ოპოზიციის ჯამბაზის, ვანო ჯავახიშვილის არ იყოს, მართლაც და რამ გაახსენა, საიდან გაახსენდა ივანიშვილს „ბუტკა“?
„ბუტკა“ – ეს 90-იანი და შემდგომი (განსაკუთრებით 90-იანი) წლების ფინთადმოსაგონარი ატრიბუტი. როცა თბილისი და არა მარტო თბილისი იყო ნაქცევი ერთ დიდ „ბუტკნარად“. ქართველი ქალები სერიულად იქცნენ „ბუტკის ქალებად“ – „ბუტკა“ კარგა ხანს რჩებოდა თავის გატანის, შიმშილისგან თავის დაღწევის ერთადერთ თუ არა, ერთ-ერთ წამყვან საშუალებად, როგორც მათთვის, ვისაც სადმე „ბუტკა“ ედგა, ისე მათთვის ვინც იქ იყო დასაქმებული (მერე რა რომ მიზერულ ხელფასად მუშაობდნენ – ათას ინფლაციაზე გადამხტარ კუპონებსა, რუსულ მანეთებსა თუ ოდნავ მოგვიანებით შემოსულ თითოოროლა ლარზე). ეს „ბუტკები“ გადარჩენის საშუალება იყო სხვათათვის – ბიჭებისთვის ვინც მაყუთს აწერდა, ასევე მათთვისაც ვისაც შეეძლო ნისიად – ჩაწერით გამოეტანა ლუკმა-პური და შიმშილი მოეკლა. „ბუტკებს“ მიჰქონდა თბილისის ქუჩები, წლები დასჭირდა „ბუტკნარის“ „გაჩეხვას“. ახლა თბილისში ალაგ-ალაგ თუ ნახავ „ნუგეშის“, ან სხვა რომელიმე კომპანიის „ბუტკას“ „სანუგეშოდ“.
გამოვიარეთ კარვების ხანა.
გამოვიარეთ „ბუტკნარის“ ხანა.
გამოვიარეთ საკნების ხანა.
და ბიძინამ „ბუტკაო“… რა არის ეს, ვადაგასული, ჩამოფასებული ანეკდოტი თუ მინიშნება კარვების, საკნების, „ბუტკების“ ხანის კვლავაც აღირძინებაზე? მე მგონი, მაინც ვადაგასული იუმორია, უტყუარი საბუთი – დღევანდელი პოლიტიკური კიჩისა.

 

Post a comment or leave a trackback: Trackback URL.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: