წინა ხელისუფლების კადრები ერთ კადრში

shashkini

რეზო შატაკიშვილი

დაიბეჭდა “პრაიმტაიმში” – 12 ნოემბერი, 2012 წ.

შესაძლოა ეს ფოტო ვინმემ სულაც შემთხვევით ჩააჩხაკუნა, მაგრამ ამ ფოტოს მაინც ვერ უწოდებ შემთხვევითს. ყოველ შემთხვევაში – ამ შემთხვევაში. ამ სამ პერსონას ბევრი რამ აქვთ საერთო, აკავშირებდათ და აკავშირებთ. თუ რა აკავშირებდათ, ეს შეფასება დამოკიდებულია რაკურსზე – ვინ საიდან, რა პოზიციიდან შეხედავს. ვისთვის – მათ მიზნები, იდეალები აერთიანებთ, ვისთვის – რეჟიმი, რომელსაც ერთად ქმნიდნენ.

ვინ საიდან მოვიდა, სად წავიდა, სადაა და სად იქნება?

ვინ საიდან მოვიდა და როდის აღმოჩნდა მიხეილ სააკაშვილის ორბიტაზე?

ბაჩო ახალაია – თავისუფლების ინსტიტუტში იწყებს მოღვაწეობას, ჯერ კიდევ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი. სწორედ თავისუფლების ინსტიტუტიდან მიდის ომბუდსმენის მოადგილედ, მაგრამ მისი სააკაშვილთან დაახლოება ბევრად ადრე იწყება, ეს იმ პერიოდს უნდა უკავშირდებოდეს, როდესაც ხდება როლანდ ახალაიას და მიხეილ სააკაშვილის დაახლოება. სასამართლო რეფორმის შემდეგ, ჯერი რომ პროკურატურის რეფორმირებაზე მიდგა, ეს ახალი რეფორმა სწორედ პროკურორ როლანდ ახალაიას სკანდალური აღიარებითა და სისტემის მხილებით დაიწყო. მაშინ, როცა მისი კოლეგები ეურჩებოდნენ კორუმპირებული პროკურატურის რეფორმირებას, ახალაიამ ღიად დაიწყო საუბარი ამ სისტემაში კორუფციაზე.

ბაჩო ახალაიამ ომბუდსმენის მოადგილეობიდან კარიერა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის რანგში განაგრძო – კარიერის სწორედ ეს მონაკვეთი ექცა საბედისწეროდ. შემდეგ თავდაცვის მინისტრი იყო, მერაბიშვილის გაპრემიერების შემდეგ შს მინისტრი გახდა, მან ეს პოსტი არჩევნებამდე დატოვა – ციხის კადრების სკანდალის შემდეგ. საპროტესტო ტალღა სწორედ მის თავს ითხოვდა.

ზურაბ ადეიშვილი – 1996 წლიდან პარლამენტში მუშაობდა – იურიდიულ კომიტეტში, წამყვან სპეციალისტად, მუშაობდა იმ დროს, როდესაც სააკაშვილი იყო კომიტეტის თავმჯდომარე. სასამართლო რეფორმის დროს სააკაშვილის ერთ-ერთი მარჯვენა ხელი იყო, უშუალოდ მისი დაწერილია იმ კანონთა და კოდექსთა უმეტესობა, რომელიც სააკაშვილს გამოჰქონდა პარლამენტში. ცხადია, სააკაშვილმა იზრუნა მის შემდგომ კარიერაზე – 1999 წელს ის მაშინდელი მოქალაქეთა კავშირის საარჩევნო სიაში, სწორედ მიხეილ სააკაშვილის კვოტით ჩაჯდა. სააკაშვილის ოპოზიციაში გადანაცვლების შემდეგ, ადეიშვილმაც ოპოზიციაში გადაინაცვლა და შესაბამისად, დატოვა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი. ვარდების რევოლუციის შემდეგ მას ვხედავთ იუსტიციის მინისტრად, უშიშროების მინისტრად, გენპროკურორად, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად, და ბოლოს, 2008 წლიდან ამ ოქტომბრამდე – კვლავ იუსტიციის მინისტრად. ადეიშვილმა აღმასრულებელ ვერტიკალზე მოღვაწეობა – იუსტიციის მინისტრობით დაიწყო და იუსტიციის მინისტრობითვე დაასრულა.

დიმიტრი შაშკინი – სააკაშვილის ხელისუფლებაში მოგვიანებით, 2009 წლიდან ჩნდება და ელვის სისწრაფით იკეთებს კარიერას, ერთი წელიც კი არ იყო სასჯელაღსრულების მინისტრად, განათლების მინისტრი რომ გახდა, ბოლოს თავდაცვის მინისტრი იყო. როდიდან შეიძლება დაწყებულიყო მისი დაახლოება თუ არა, ნაცნობობა სააკაშვილთან? შაშკინი 1997-98 წლებში ამერიკის იურისტთა ასოციაციაში მუშაობდა (ABA) დირექტორის თანაშემწედ, ABA ის ამერიკული ორგანიზაციაა, რომელიც აქტიურად იყო ჩართული სასამართლო რეფორმის განხორციელებაში და იმ წლებში ამ ორგანიზაციასთან აქტიურად თანამშრომლობდა სააკაშვილი.

სამივე წინა ხელისუფლების საყრდენები იყვნენ, სამივე – ოპოზიციის და საზოგადოების სამიზნეები. სამივემ დატოვა საქართველო არჩევნების შემდეგ.

პირველმა საქართველო ადეიშვილმა დატოვა. 2 ოქტომბერს ის უკვე აღარ იყო საქართველოში. ეს ცნობა მაშინვე გავრცელდა, ოდნავ მოგვიანებით გაკეთდა ოფიციალური განცხადება იმის თაობაზე, რომ 5 ოქტომბრიდან ზურაბ ადეიშვილი დამსახურებულ შვებულებაში იმყოფებოდა. იგივე განუცხადა მისმა მოადგილე ბურჯალიანმა იმ ეტაპზე მომავალ და დღეს უკვე – იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს. იუსტიცია საბოლოოდაც ბურჯალიანმა გადააბარა წულუკიანს.

საინტერესოა ადეიშვილის წულუკიანისეული შეფასებები. სწორედ წულუკიანმა დაამუნათა ადეიშვილი გაქცევისთვის, ამასთან ერთად სწორედ წულუკიანმა გააკეთა შეფასება: “თქვენ იცით, რომ ასე თუ ისე, ზურაბ ადეიშვილი იყო კარგი იურისტი”. მერე რატომღაც ამ შეფასებაში „ასე თუ ისე“ გადაადგილეს და მივიღეთ: “ადეიშვილი ასე თუ ისე კარგი იურისტი იყო”. ამ “ასე თუ ისე”-ს გადაადგილება რომ აზრს ასე თუ ისე კი არა რადიკალურად ცვლის – ფაქტია.

დღემდე არ ხმაურდება ქვეყანა, სადაც იმყოფება იუსტიციის ყოფილი მინისტრი. ხმაურდება მხოლოდ კონტინენტი – ევროპა. ხმაურდება ისიც, რომ ადეიშვილი საზღვარგარეთ მოინახულეს ნაციონალებმა. ვანო მერაბიშვილმა “პრაიმტაიმს” დაუდასტურა, რომ საზღვარგარეთ ნამდვილად შეხვდა ადეიშვილს. მერაბიშვილმა განაცხადა ისიც, რომ ადეიშვილი პოლიტიკაში აღარ დაბრუნდება.

შესაძლოა, პოლიტიკაში არდაბრუნება პარალელურად საქართველოში არდაბრუნებასაც ნიშნავდეს და ადეიშვილმა პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვოს რომელიმე ევროპული ქვეყნისგან. თუ ადეიშვილი თავშესაფარს მოითხოვს, ამ თავშესაფრის მიღებაში მას ბაჩო ახალაიაც დაეხმარება – ბაჩო ახალაიას დაჭერის შემდეგ ევროპისთვის უკვე ცხადია, რომ საქართველოში ყოფილი მინისტრების დაჭერის საფრთხე რეალურია. ადეიშვილის დაჭერის საფრთხე მართლაც რეალურია (თუმც კი წულუკიანი ამბობს, რომ ის კვალს არ ტოვებდა), რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ რომელიმე ევროპულმა ქვეყანამ ადეიშვილს თავშესაფარი მისცა და ამასთან ერთად ახალმა ხელისუფლებამ საქმე აღძრა მის წინააღმდეგ? ინტერპოლს გადასცემენ და ძებნა გამოცხადდება. რას უშველის თავშესაფარი? ადეიშვილი მხოლოდ იმ ქვეყანაში იქნება უსაფრთხოდ, რომელი ქვეყანაც მისცემს პოლიტიკურ თავშესაფარს – სხვა ქვეყანაში გადაადგილება შეეზღუდება. გადაადგილდება სხვა ქვეყანაში და – დაიჭერენ.

ადეიშვილის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით, ახლახანს მედიით გავრცელდა დაუდასტურებელი ინფორმაცია (ჩემ ბალღობაში ასეთ რამეს ჭორი ერქვა), რომ ოქრუაშვილი ადეიშვილს დაუპატიჟებლად ესტუმრა ვენაში და კბილები ჩაუმტვრია. თავს ნამდვილად ვერ დავდებ ამ ამბის გამავრცელებელს უტყუარი ინფორმაცია აქვს, თუ „კომბლეს“ გავლენის ქვეშაა.

“კომბლეს” მოტივების გავლენა ახალაიას საქმეშიც იგრძნობოდა – ერთ-ერთი ბრალდება თლა იყო, უბრალოდ, კომბლების თლას ვაშლის თლა ჩაენაცვლა. ნაკბეჩი ვაშლი „ეფლის“ სიმბოლოა – თანამედროვე ტექნოლოგიების, ნიუტონის ვაშლი – მიზიდულობის, გაუთლელი ვაშლი – ევასგან ადამის ცდუნების, გათლილი ვაშლი – შესაძლოა, ივანიშვილის მართლმსაჯულების სიმბოლოდ იქცეს.

სხვათა შორის, ამ სამი პერსონიდან, ყველაზე ბოლოს სწორედ ბაჩო ახალაიამ დატოვა საქართველო და ყველაზე პირველი – სწორედ ახალაია დაბრუნდა საქართველოში. გავრცელებული ინფორმაციით, ძმებმა, ბაჩო და დათა ახალაიებმა მას შემდეგ დატოვეს ქვეყანა, როცა გაირკვა ზუგდიდში მამის გამარჯვება. თუმცა, მედია ბევრად ადრე ავრცელებდა ინფორმაციას მათ მიერ ქვეყნის დატოვების შესახებ. საქართველოდან წასული ახალაიას დაბრუნებას არავინ ელოდა, არც ივანიშვილის ხელისუფლება. ბაჩო ახალაიას დაბრუნება მათთვის ის გამოწვევა აღმოჩნდა, რომელსაც მთლად სათანადოდ ვერც უპასუხეს. ახალაიას იმ ბრალდებებით დაჭერას, რომლითაც დაიჭირეს, არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ბევრისთვის, მათთვისაც კი, ვინც ამ დღეს კბილების კაწკაწით ელოდა, აღმაშფოთებელი იყო სადიზმში, წამებაში, სადამსჯელო მანქანის შექმნაში არაერთგზის დადანაშაულებული პირის ამ ბრალდებებით დაკავება.

რა ბრალდებებით და რა ვითარებაში დააკავებენ საქართველოდან ამერიკაში, მივლინებაში წასულ და ჯერაც არ დაბრუნებულ დიმიტრი შაშკინს? გავრცელებული ინფორმაციით, შაშკინი საქართველოში დაბრუნებას აპირებს. თავადაც განაცხადა, რომ თუ გამოძიებას მასთან კითხვები გაუჩნდება, ის დაბრუნდება საქართველოში. რა იქნება ის კითხვები, რომელზე პასუხგასაცემადაც დაბრუნდება შაშკინი? ან საქართველოში უამისოდ დაბრუნებულს – რა კითხვები ელის გამოძიებისგან? ეს კითხვები, ალბათ, ისევ ციხეების თემიდან იქნება და კიდევ: ყალბი დიპლომები. მაია მიმინოშვილმა, მას შემდეგ, რაც “ოცნებაში” გადაინაცვლა, სწორედ ეს ბრალდება წაუყენა შაშკინს – მისი მინისტრობისას გაიცემოდა ყალბი დიმპლომები.

გადაიღებენ ახალაია, ადეიშვილი და შაშკინი კვლავ ერთად ფოტოს? და სად გადაიღებენ – ერთად ციხეში, თუ გარეთ? და როდის?

Post a comment or leave a trackback: Trackback URL.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: