ბიძოკრატიის საერთაშორისო ფიასკო

(შენიშვნა: ეს სტატია ნოემბრის ბოლოს დავწერე, გაეროში პალესტინის ამბებამდე რამდენიმე დღით ადრე. სტატია არ დაბეჭდილა…)

ALX_4075

რეზო შატაკიშვილი

ერთწლიანი სტაჟის მქონე პარტია ხელისუფლებად იქცა, ასევე ერთწლიანი სტაჟის მქონე პოლიტიკოსი ივანიშვილი – ქვეყნის პრემიერ-მინისტრად, პრემიერ-მინისტრად, რომელიც გვპირდებოდა, რომ ხელისუფლებიდან წელიწად-ნახევარში წავიდოდა, მაგრამ ისეთი სიჩქარეებია აკრეფილი, ემენდ ბევრად ადრეც არ აუხდინოს ეს ოცნება – ამჯერად ოპონენტებს. თავის მომხრეებს ვერ შეუსრულა, რასაც დაჰპირდა და იქნებ ოპონენტებს მაინც შეუსრულოს დანაპირები. აკრეფილი სიჩქარეები მართლაც განუმეორებელია, როგორც ქვეყნის შიგნით – ელექტორატის „რაზაჩეროვანიეს“ ამბავში და გაგებაში, ისე ქვეყნის გარეთ  – საერთაშორისო კრიტიკის მხრივ. ამ თვალსაზრისით, ივანიშვილმა უკვე გადაასწრო არათუ სააკაშვილსა და შევარდნაძეს, თვით ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებასაც კი. ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაზე  ხალხის ნაწილის გულაცრუება და დასავლური კრიტიკა რამდენიმე თვის შემდეგ დაიწყო, ივანიშვილი კი ჯერ ერთი თვის პრემიერი არცაა და ხალხს უკვე უთავდება „გაგების“ მარაგი. დასავლურმა პრესამ კი უკვე კრიტიკის სასტიკ ალყაში მოიმწყვდია. საერთაშორისო ფიასკო – ის კი არაა, რაც საფრთხედ ელის მის ხელისუფლებასა და კარიერას, ეს უკვე დიაგნოზია. ცხადია, ის ამ დიაგნოზს მტარვალ სააკაშვილს აბრალებს და სწორედ ამ ნაბიჯით დინების წინააღმდეგ კი არ მიდის ზვიად გამსახურდიასავით, არამედ იმ ჩიხსა და ცარიელ აკვარიუმში შედის, სადაც  თევზები აღარც აღმა ცურავენ და არც დაღმა.

Le Figaroმ სკანდალი აუგორა ივანიშვილის ვიცე-სპიკერს, მანანა კობახიძემ სექსუალური უმცირესობების აუტანლობით ფრანგული პრესა აღაგზნო, თავად ივანიშვილს კი Le Figaroღიად იხსენიებს პრორუსული ორიენტაციის მილიარდერად, რომელიც პოლიტიკური ოპონენტების დაკავებით „კუდიანებზე ნადირობს“. რატომ მიმართავს დასავლური მედია ამ ეპითეტს – „კუდიანებზე ნადირობას“? სწორედ იმიტომ, რომ ივანიშვილის მართლმსაჯულების ქვაკუთხედი მოწმეთა ჩვენებებია. ცოტაც და, ქვეყანაში გაჩაღებული სასამართლო პროცესები სეილემის პროცესს დაემსგავსება – სეილემის კუდიანთა სამსჯავროს. მე-17 საუკუნის ამერიკაში, მასაჩუსეტსის შტატში, სეილემში, კუდიანობის ბრალდებით 20 ადამიანი ჩამოახრჩვეს, 200-მდე დაიჭირეს და ციხეში ჩასვეს. სწორედ ეს ამბავი დაუდო საფუძვლად ლეგენდარულმა არტურ მილერმა თავის პიესას, რომელსაც ჩვენ „სეილემის პროცესის“ სახელით ვიცნობთ. არტურ მილერი ამ პიესით გამოეხმაურა სენატორ ჯოზეფ მაკარტის საგამოძიებო კომისიას, რომელიც საბჭოეთის აგენტებზე ნადირობდა და ბოლოს კრახით დაასრულა კარიერა. „კუდიანებზე ნადირობა“ პირველი წკიპურტია. დაჭერების გაგრძელების შემთხვევაში, გამორიცხული არაა, ამერიკულ საზოგადოებას ივანიშვილმა მაკარტიზმიც გაახსენოს.

მასობრივი დაჭერებისა და სხვა დაშვებული შეცდომების გამო ივანიშვილს აკრიტიკებს Liberationიც. პირდაპირ წერენ, „თბილისში კანონი ივანიშვილიაო“, „Economist“-იც არანაკლებ მწვავე სათაურს „აძლევს“: „მართლმსაჯულება თუ შურისძიება?“. მოკლედ, არ ეკიდება, რა, ეს დასავლეთი გაგებით იმას, რაც ფეხს იკიდებს საქართველოში – ბიძოკრატიას. დასავლეთი მოიკოჭლებს „გაგებაში“🙂 ამ ყველაფრის კულმინაცია კი მაინც “The Washington Post”-ის სარედაქციო წერილი გახდა. ერთმა ჟურნალისტმა კი არა, მთელმა სარედაქციო საბჭომ დააფიქსირა თავისი პოზიცია ივანიშვილის მიერ განხორციელებულ არასწორ  ნაბიჯებზე, დადებითად შეაფასეს მისი ამერიკაში ვიზიტის გადადება და ისიც დასძინეს, სანამ ოპოზიციონერ ლიდერებს იჭერს და ძალაუფლების მონოპოლიზაციას ცდილობს, ვაშინგტონში მისასალმებელი ფიგურა არ უნდა იყოსო. სწორედ აქ უმტყუნა ნერვებმა ივანიშვილს და ისეთი განცხადებები აკეთა სახელგანთქმულ „ვაშინგტონ პოსტთან“ დაკავშირებით, ლამის რეიგანისა და ძირმომპალი კაპიტალიზმის მარადიულ განმაქიქებელ აბონ ციციაშვილად იქცა. დაჭერებზე სკანდალურია, რაც მან განცხადა – თურმე „ვაშინგტონ პოსტს“ სარედაქციო წერილებს მიშა „აწერინებს“. მე მგონი, ბატონი პრემიერი დილა-საღამოს უსმენს გოგა ხაჩიძის „მიშა მაგარიას“ და თავს ვერ აღწევს ამ გავლენას. კიდევ უფრო სკანდალურია „ვაშინგტონ პოსტს“ პასუხს მოვთხოვთ“. მაინც რანაირად? ხადურ-წულუკიანის იურისდიქციას გაავრცელებს მთელ დუნიაზე? ამ „პასუხის მოთხოვნით“ ის დასავლური მედიის უარეს სამიზნედ იქცა, უკვე მოჰყვა თვითონ „ვაშინგტონ პოსტისა“ და საერთოდ, დასავლური პრესის საკადრისი პასუხები და დასავლეთმა კიდევ ერთხელ დაინახა, როგორ უყურებს მილიარდერი ივანიშვილი მედიასაშუალებებს. მათთვის ეს საგანგაშო სიმპტომია, ქართული მედიისთვის – არანაკლებ. როცა „ვაშინგტონ პოსტს“ ასე ხელაღებით „სთხოვენ პასუხს“, როგორი იქნება ქართული გაზეთების ხვედრი?

როგორი იქნება თავად ბიძინა ივანიშვილის ხვედრი საერთაშორისო ასპარეზზე, თუ ასე გააგრძელებს? გამორიცხული არაა, მეტეორივით ჩაუქროლოს მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებების „ქავერებს“. „ვაშინგტონ პოსტის“ სარედაქციო წერილი არა მარტო გაზეთის რედაქციის აზრსა და პოზიციას გამოხატავს, ამ გაზეთის სტრიქონებს შორის სახელმწიფოს პოზიციები იკითხება. ასე რომ, მართლაც საკითხავია, პრემიერმა გადადო ვიზიტი, როგორც თავად ამბობს, თუ ვაშინგტონში მიიჩნევენ არასასურველ სტუმრად და სწორედ ამიტომაც ინაცვლებს ევროპისკენ? თუმცა ამგვარი შემტევი რიხით, გამორიცხული არც ისაა, ევროპისთვისაც არასასურველი სტუმარი გახდეს. დასავლეთს კიდევ მრავალი ბერკეტი აქვს, შეუძლია ანგარიშები გაუყინოს. ეს დასავლეთს არაერთხელ გამოუყენებია სადამსჯელოდ. რას მოიმოქმედებს ივანიშვილი? ალბათ, ქალბატონი მაია „ვაშინგტონ პოსტს“ კიდევ ერთხელ ეწვევა.🙂

Post a comment or leave a trackback: Trackback URL.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: