ჩემი ოცნებების ოკუპაცია

რეზო შატაკიშვილი

(დაიბეჭდა 8 ოქტომბერს, 2012 წელს).

გერბი

ბიძინა ივანიშვილი ოცნებას იწყებს… ჩვენი ოცნების ოკუპაციით! დიახ, ჩვენი ოცნების, ვყოფილიყავით გეოპოლიტიკური მოთამაშე.

„მე ვფიქრობ, რომ საქართველომ ძალიან კარგად უნდა გააცნობიეროს და გაიგოს თავისი ადგილი. საქართველო ვერ იქნება დიდი გეოპოლიტიკური მოთამაშე, რასაც ცდილობდა სააკაშვილი, ჩვენ უნდა დავრჩეთ რეგიონულ მოთამაშედ“…

ნახვამდის ნატო, ნახვამდის ევროპა. არადა, როგორ ვოცნებობდი, (ისევე როგორც მილიონობით ქართველი), რომ მეცხოვრა ევროპაში – საქართველოდან გაუსვლელად. რას ვიზამთ, ზოგს ჰყოფნის ევროპაში განავარდება, მე გაუმაძღარი ვარ – სულ ევროპაში მინდა ყოფნა. როგორ ვოცნებობდი, რომ ნატოს ისე ეზრუნა ჩემი ქვეყნის უსაფრთხოებაზე, როგორც ვანო ზრუნავდა ჩვენს უსაფრთხო სიარულზე ღამის თბილისში. აღარც ნატო, აღარც ვანო. ფაფუ…

არადა, თურმე ნუ იტყვით და ქვეყნის სტრატეგია არ იცვლება და ჩვენ ისევ ვისწრაფვით ნატოსკენ. „ჩვენი სწრაფვა იქნება ევროპა და უსაფრთხოების მიზნით ნატო. ეს არის ჩვენი სტრატეგია და ჩვენ სტრატეგიას არ შევიცვლით. ეს არის ქართველი ხალხის გადაწყვეტილებაც, ამაზე რეფერენდუმიც ჩატარდა… გარდა ამისა, ჩვენი სტრატეგიაა, რომ გვაქვს ვალდებულება და დიდი სურვილი, რომ ჩვენს მეზობელ დიდ ქვეყანასთან დავალაგოთ ურთიერთობა“ – ბრძანა ივანიშვილმა, მას შემდეგ, რაც შეახსენეს, რომ ის იმ რუსეთთან აპირებს ურთიერთობის დალაგებას, რომელიც საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კატეგორიული წინააღმდეგია.

რუსეთი კატეგორიული წინააღმდეგია, მაგრამ ბიძინა მაინც აპირებს. იცის, რომ არაა მარტივი, მაგრამ აპირებს. რის ხარჯზე? თურმე რუსეთი უნდა დაარწმუნოს, რომ რუსეთს ჩვენი ნატოში შესვლა არანაირ საფრთხეს არ უქმნის და არ უნდა იყოს ეს მათთვის პრინციპული. შეიგნეთ? რუსეთის საწინააღმდეგოდ შექმნილი ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, თურმე, არანაირ საფრთხეს არ უქმნის რუსეთს, არანაირს! დიახაც, სულაც არ აკარგვინებს რუსეთს იმ რეგიონს, რომელიც მისი წევრი ხდება! შეიგნეთ, რომ ნატო ისე, საღლაბუცოდ შექმნილი რამაა, ვერავის ვერ უქმნის საფრთხეს. და თუ ეს ასეა, მაშინ რა ჯანდაბა გვინდა ნატოში? თუ რუსული საფრთხისგან არ დაგვიცავს, რად გვინდა?

ივანიშვილი არა მგონია იმდენად არ ერკვეოდეს ქიმიაში, რომ წყლის და ზეთის ერთ სითხედ ქცევა უნდოდეს და ეიმედებოდეს და იმდენად პოლიტ-მათემატიკაში რომ შეუთავსებელის – ნატოს და რუსეთის გაერთმნიშვნელიანება ეიმედებოდეს. აბა, რას ნიშნავს მისი განცხადება? ერთადერთს – პროდასავლურად განწყობილ მეოცნებეებს ის ეჭვის ჭია უნდა მიუძინოს, რომელიც სუსტად, მაგრამ მაინც უღრღნით გულს – ევროპიდან ისევ რუსულ ორბიტაზე არ გადაგვიყვანოს ბატონმა ბიძინამო…

ბიძინას თუ დავუჯერებთ, სააკაშვილი ტორეადორი ყოფილა, რომელიც რუსეთს ისე უფრიალებდა ნატოს, როგორც ხარს წითელ ნაჭერს და აღიზიანებდა. თურმე პუტინი, ისეთი ჩლუნგი ყოფილა, თუ მიშა ხშირ-ხშირად არ გაუმეორებდა ნატოში შევალო, ვერც მიხვდებოდა ჩვენს ზრახვას და თურმე სულაც არ გაბრაზდებოდა.

და კიდევ, ჩვენ რომ გვეგონა, დასავლურ მედიას რომ ეგონა და თვითონ კრემლი რომ აცხადებდა, 2008 წლის ომის მიზეზი სულაც არ ყოფილა ნატოსკენ რომ ვიქაჩებოდით. ივანიშვილი ისევ ძველ ჩვენებას „აწვება“ – სააკაშვილის პროვოკაცია იყო მიზეზიო. იმასაც დასძენს, რუსეთს ამის სურვილი უფრო ადრეც ჰქონდა, ჩემი ოპონენტები ამბობენ, სამი წელი ემზადებოდა ამისთვისო – „მე დავამატებ, რომ რუსეთი საუკუნეები ემზადებოდა, რომ კავკასიონს აქეთ გადმოსულიყო, მაგრამ აქ მთავარი იყო პროვოკაცია ჩვენი ხელისუფლების მხრიდან და გაუაზრებელი ქმედება, წინააღდეგ შემთხვევაში რუსეთი ვერ მოახერხებდა იმას, რაც მოხდა“. 

სთქვა რუქამან არაკი რაა…🙂 საწყალი რუსეთი, მრავალსაუკუნოვანი ოცნება ჰქონია კავკასიონს აქეთ გადმოსულიყო. მრავალსაუკუნოვანი! ოცნება მიშამ აუხდინა თურმე. მანამდე რუსული ჩექმა არ უნახავს ქართულ მიწას, არცა შიოლა ყოფილა და არცა 1921 წელს დაპყრობა, არც 1801 წელი და ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმება, არც დიდი აჯანყებები მე-19 საუკუნის დასაწყისში, არც 1832 წლის შეთქმულება. ეს ისტორიკოსები გვატყუებდნენ, თორემ 1832 წელს შეთქმულები რუსი ოფიცრობის ამოხოცვას კი არ აპირებდნენ მანანა ორბელიანის სახლში, არამედ ერთმანეთი უნდა დაეკბინათ. ჰო, ეს სულ ისტორიკოსებმა აქციეს ბუზი აქლემად. დიახ, დიახ, არც 9 აპრილს არ გაუთელიათ გოგო-ბიჭები რუსთაველზე. აბა, როგორ ჩაგვცხებდნენ ორლესულ ნიჩბებს, როცა მხოლოდ ოცნებობდნენ კავკასიონს აქეთ გადმოსვლაზე? მთავრობის სახლი კი რამდენადაც მახსოვს კავკასიონს აქეთაა, თან ლიხს აქეთაც. ეს სააკაშვილმა მოიწადინა პარლამენტის ლიხს იქით გადატანა. გადაიტანა კიდეც ქუთაისში, მაგრამ რა გინდა? როგორც ბატონმა ბიძინამ ბრძანა, მალე ისევ ლიხს აქეთ გადმოვა. პირველ ეტაპზე ვისარგებლებთ, რადგან თბილისში პარლამენტი დაანგრიეს და ნაჯახით დაჩეხესო. პირველ ეტაპზეო, ასე რომ, მალე თბილისში გადმოვა პარლამენტი. არ უნდოდათ ქუთაისელებს ეცხოვრათ საპარლამენტო დედაქალაქში, ვერ შეიმშნოვეს. რა უნდა ქნა, როცა ადამიანს არ უნდა საპარლამენტო დედაქალაქში ცხოვრება და კოპიტნარი ურჩევნია საერთაშორისო აეროპორტს?

ივანიშვილმა განგვიმარტა, „თბილისიდან სულ გარბის სააკაშვილი, იმიტომ, რომ თბილისელებმა ადრე შეიცნეს ის“. 

რას ვიზამთ, ზოგს ქუთაისისკენ მიუწევს გული, ზოგს მოსკოვისკენ. ურთიერთობები უნდა დავალაგოთ რუსეთთანო. როგორ უნდა მორიგდე დამპყრობელთან? ნუ, თუ დანებდებები, ურთიერთობებიც დალაგდება, ლეიბიც და ეგება სიამოვნებასაც გამოჰკრა ხელი… მაგალითიც დაგვისახელა – ბალტიისპირეთის ქვეყნები. კი დაგვისახელა, მაგრამ რაღაც არ მახსოვს იქ კრემლს თავისი გაეტანოს…

ხალხი ოცნებობდა, ამ დღეს ელოდა, და რა მიიღო? რა მოისმინა ნაოცნებარი ლიდერისგან? ჰკითხეს, რა იქნება თქვენი პირველი ნაბიჯი, რის გაკეთებას აპირებთო და რა უპასუხა? „რთული სათქმელია რა იქნება პირველი ნაბიჯი“.

ერიჰაა… აქამდე მეგონა, მე ვერ ვიგებდი რა იყო „ქართული ოცნება“, რაზე ოცნებობდნენ, რაგვარ, როგორ საქართველოზე, მაგრამ ახლა ირკვევა, რომ… ახლა იწყებენ ოცნებას. ივანიშვილს თავისუფლად შეუძლია სლოგანი დაესესხოს შალვა ნათელაშვილს „ვიწყებთ!!! ოცნებას…“.

ხალხი ოცნებობდა, ამ დღეს ელოდა, და რა მიიღო? თამაზ თამაზაშვილი. „შევახსენებ პირველ პატიმარს, რომელიც პოლიტპატიმრად მოიხსენიება. ჩემი ახლო ადამიანის სიმამრი თამაზ თამაზაშვილი. ერთადერთი პრეცედენტი დაუშვეს და მასთან საპროცესო შერიგება, გარიგებაც არ ისურვეს გასაგები მიზეზების გამო, თუმცა ეს შესაძლებელია და დაუშვას, კარგი იქნება რაიმე გზებით მოახერხონ ეს ადამიანი გაათავისუფლონ“ – ამ თხოვნით მიმართა ივანიშვილმა ჯერ კიდევ მოქმედ ხელისუფლებას, ანუ ძალიან ეჩქარება, იმდენად, რომ ხელისუფლებაში მოსვლამდეც ვერ იცდის.

არადა, ხალხი რას ოცნებობდა? მილიარდს სოფლის მეურნეობაში, თითქმის უფასო ჯანდაცვას და მეტიც – მოვა ბიძინა და ფულს დაგვირიგებს.

ბიძინამ კი ძალიან კულტურულად განაცხადა, რომ მას არასოდეს უკადრია რომ ამას საკუთარი კაპიტალით გააკეთებს. არადა, სწორედ ამ კაპიტალმა არ დაახვია თავბრუ ამდენ მეოცნებეს? ბიძინამ კიდე არ მიკადრიაო… ასე რომ, ვინც ამაზე ოცნებობდა, ახლა დადგეს და ტიგრან გულოიანივით სთხოვოს ბიძინას – იკადრეთ, ბატონო ბიძინა, იკადრეთ!!!

ერთხელ ნანუკა ხუსკივაძემ მითხრა, შენ არ იცი, როგორ დამღალა სამშობლომო – ზარმაცობსო. მე კიდევ ამ ხალხმა დამღალა თავისი ინფანტილური ოცნებებით, იმედებით და მოლოდინებით. შევარდნაძე ჩამოვიდა და იყო ყიჟინა, იმედი, ოცნება – „შევარდნაძე აგვაყვავებს“. არადა არ გამოისხა კვირტები ქვეყანამ. თუ იკითხავდი – „როდისღა?“, გაჩუმებდნენ – აცალე, ბატონო, დრო უნდა… 11 წელი ელოდნენ აყვავებას. ქვეყნის შენებას დრო უნდა და ამით გაიყვანეს დრო.  მაგრამ ფულის დარიგებასაც დრო უნდა? მე შენ გეტყვი და ვინმე დაიჯერებს თუ ბიძინა იტყვის – „არ მაქვს“.

არავინ უწყის რაი არს ივანიშვილის „ქართული ოცნება“. მაგრამ ვიცი, რაც იყო ბევრის ოცნება, როდესაც ხმას აძლევდნენ „ოცნებას“. მოვა ბიძინა და ფულებს დაარიგებს. ამ ოცნების ახდენის იმედს ის აძლევდა, რომ აქამდე ბევრს აძლევდა, თანაც წლობით.

სხვათა შორის, ფულიან ადამიანთან დაკავშირებით ამგვარი მოლოდინები, ოცნებანი საერთოდ სჩვევია ხალხს და სულაც არაა საჭირო საგანგებოდ დაპირდეს ვინმე. თვითმოტყუებაც კაი ხილია. ამ „ტრიუკით“ წინა არჩევნებზე „ნაციონალებმაც“ იხეირეს – ისანში რუსუდან კერვალიშვილმა იყარა კენჭი. გაქანდნენ და ხმა მისცეს – ფულიანი ქალბატონია და იქნებ რამე ხეირი იყოსო. ხმა მისცეს, ხეირი ვერ ნახეს – სულ მალე კერვალიშვილმა წუწუნს მიჰყო ხელი – ხაჭოს ვერ ვყიდულობო. არ ვიცი, მიირთმევს თუ არა ივანიშვილი ხაჭოს საუზმეზე, მაგრამ მეეჭვება აწუწუნდეს – ფული არ მაქვსო, მაგრამ ზუსტად ვიცი – ფულს არავის დაურიგებს და მათ ოცნებასაც ფრთები დაეგლიჯება. რომც მოიწადინოს და ბერა რომ სულ უკაპიკოდ დატოვოს და თავისი ხუთი მილიარდი ყველა მოქალაქეს, მეოცნებეს და არამეოცნებეს ჩამოურიგოს, თითოს რა შეხვდება? ასე რომ ფრთებდაგლეჯილი, იკარუსივით ფრთებშეტრუსული ოცნებანი ჩაეშვება უფსკრულებში. ასე რომ, იკაროსის ხვედრი არ აცდება თქვენს ოცნებებს. კრუსუნი არ მიიღება.

კრუსუნი და კრუასანი არ ვიცი, მაგრამ ბევრს, შუქზე მართლაც ფინთად მიბმული ნაგვის გადასახადით გაღიზიანებულს, ისიც ეგონა, რომ ნაგავში აქეთ ფულს მისცემდა ახალი მთავრობა, მაგრამ როგორც მიხეილი იტყოდა, სააკაშვილი – „ნურას უკაცრავად“. ცხადია, ახლა ამას ბიძინა იტყვის, ცხადია სხვა აქცენტით.

აკი, მოიბოდიშა, რუსულში აქცენტი მაქვსო. როგორ შევკადრო, მაგრამ აქცენტი ქართულშიც რომ აქვს? ამ ლოგიკით ქართულადაც არ უნდა გველაპარაკოს?  :(

დალაპარაკებას რაც შეეხება, ამერიკელებს ურჩევიათ, იქნებ დაელაპარაკო სააკაშვილსო, დაურეკოო. „მე ლამაზად უარი არ მითქვმს, პაუზა ავიღე“ – ამბობს ივანიშვილი. თან ამას ამბობს და თან იმას – მე ურთიერთობის პრობლემა არ მაქვს, მაგრამ მას გაუჭირდება, დიდი ხანია ოპონენტებთან არ უმუშავია და განსხვავებულ აზრს ეს კაცი ვერ ეგუებოდაო. ბრძანა ეს და უცხოელ ჟურნალისტს რაღაც „კინო“ მოუყვა – თუ როგორ გააღიზიანა მიშა ერთი ოპოზიციონერის შეკითხვამ, როგორ შეაყარა ქაღალდები სახეში, როგორ გაიქცა პარლამენტიდან, მერე ვიღაცამ შემოაბრუნა და შემობრუნებული როგორ ვერ მალავდა აღელვებას, როგორ იმუქრებოდა, რომ მისი დაცვა გაუსწორდებოდა და გვერდებს დაუზელდა.

აბა რა, ჯონდის კითხვამ რომ გააღიზიანა, მიშას ქაღალდები შეუყრია, მერე, სხდომათა დარბაზიდან კი არ გასულა, პარლამენტიდან გაქცეულა, და დაუზუსტებელია სად დაეწივნენ ლაღიძის წყლებთან თუ თავისუფლების მეტროსთან და შემოაბრუნეს🙂 არადა, ხომ ყველას კარგად გვახსოვს, მიხეილის გროტესკული ხუმრობა, როგორ დაპატიჟა ჯონდი მამამისის ბალნეოლოგიურ კურორტში – ტალახის აბაზანების მისაღებად და დასაზელად? და ისიც ხომ კარგად გვახსოვს, რომ სააკაშვილს ოპოზიციაშიც აქვს ნამუშევარი და ხელისუფლებაშიც? თავად ივანიშვილს კი სულ ერთწლიანი სტაჟი აქვს პოლიტიკაში…

ივანიშვილი იმასაც ამბობს, რომ თურმე მისი დამსახურება ყოფილა, ის დახმარებია სააკაშვილს მარცხის აღიარებასა და იმ განცხადების გაკეთებაში, რომელმაც მთელი საერთაშორისო საზოგადოება აღაფრთოვანა. ყველაფერი მისი დამსახურებაა – ბათუმში დუმბაძის გამარჯვებაც, მიშას ეს განცხადებაც….

„შეიძლება ცოტა ტრაბახად გამომივიდეს, მაგრამ მე მაინც ისე ვიტყვი, როგორც ვხედავ, რომ ჩვენ ისე კარგად ვიმუშავეთ, მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ხელისუფლებას, პირადად სააკაშვილს სხვა გზა არ დავუტოვეთ, გარდა მსგავსი განცხადებისა… რაც შეეხება სააკაშვილის გადაწყვეტილებას, ვფიქრობ, რომ ყველაზე მეტად ამაში მას დავეხმარეთ მე და ჩემი გუნდი, რადგან ძალიან ფაქიზად ვაწარმოეთ პროცესები“ (ბიძინა ივანიშვილი).

უფაქიზესად ნაწარმოები პროცესები ყოფილა ის წინასაარჩევნო ბატალიები, რომელიც ქვეყანამ გამოიარა… რას გადავრჩით? ეს თუ ფაქიზი იყო, სად წავიდოდით „ოცნებას“ რომ უხეში კამპანია ეწარმოებინა?

და კიდევ: თუ ამ ივანიშვილს ეს ჯადო–თილისმა ჰქონდა, რას ახოცინა ხალხი ლიბიაში, ჩასულიყო კადაფთან, დალაპარაკებოდა… ნეტა, თავად თუ სჯერა რასაც ბრძანებს? ადამიანს მარცხის აღიარება არ შეეძლოს და რა ძალა აღიარებინებს? მით უმეტეს ის ძალა, რომელსაც თავად რამდენიმე ოლქში მარცხი ვერ უღიარებია?

ან დაამარცხებდნენ კი, რომ არა ის თავზარდამცემი კადრები?

„კადრები წყვეტენ ყველაფერს“ – სთქვა სტალინმა… რა იცოდა დიდმა გორელმა, რომ მისი ნათქვამი ახლებურად გაჯაზდებოდა და ამჯერად უკვე ვიდეო კადრები გადაწყვეტდა ყველაფერს პოლიტიკაში. თავზარდამცემმა კადრებმა გადაწყვიტა სააკაშვილის ხელისუფლების ბედი და კადრები გადაწყვეტს ბიძინას მთავრობის ბედს. ამჯერად უკვე კადრები, კადრები, რომელიც მარტო ივანიშვილმა იცის… მთელი კვირაა ელოდებიან. ელოდება ხალხი – ვინ იბარებს მათ ბედს. ელოდებიან ისინი, ვინც ელოდება, რომ იყოს ამ კადრებში. ივანიშვილი ამბობს, რომ მარტო მან იცის, რას უმზადებს გუნდის წევრებს… ხომ ვამბობდი, ახლა იწყებს ოცნებას ბატონი ბიძინა…

თორემ თუ მმართველობას აპირებდა, აქამდეც ექნებოდა ნაფიქრი მინისტრთა კაბინეტზე და ამდენ ხანს ლოდინი არ მოგვიწევდა. აბა, რისთვის იყო „ოცნება“ მზად? ორში ერთია, ან თავად არ სჯეროდათ საკუთარი გამარჯვების, ან გაყალბებას ელოდნენ და შესაბამისად მზად იყვნენ გამოსულიყვნენ ქუჩაში, აეგორებინათ საპროტესტო ტალღა, მოეწყოთ ცოცხების რევოლუცია, დაემხოთ სააკაშვილი – ხელისუფლების ყველა შტოიანად. ალბათ ამიტომაც ეუცხოებათ ქვეყნის მართვა სააკაშვილის  პრეზიდენტობის სინქრონში. ამიტომაც ითხოვს პრეზიდენტის გადადგომას. არ ელოდა, რომ ქვეყნის მართვა სააკაშვილთან ერთად მოუწევდა. კი, მაგრამ რევოლუციაც რომ მოეწყოთ, მაინც ხომ უნდა ემართათ ქვეყანა, მაინც ხომ დასჭირდებოდათ მინისტრთა კაბინეტი? იმის ცოდნა, რა უნდა გაეკეთებინათ პირველ რიგში? თუ იმ ცოცხების რევოლუციის შემდეგ სხვა ძალა უნდა მოსულიყო ხელისუფლებაში? ანუ სხვა ძალისთვის უნდა გაეხსნა გზა „ოცნებას“? თუ პირდაპირ უნდა ჩავბარებოდით იმ რუსეთს, რომლის ჯარებიც საზღვრებს იყო მომწყდარი?

ნუთუ მიხეილმა, თავისი მოულოდნელი გადაწყვეტილებით – დემოკრატიული არჩევნებით (როგორც ივანიშვილი აზუსტებს „დემოკრატიულის მსგავსი არჩევნებით“) და შემდეგ მარცხის ღირსეული აღიარებით ჯამანაკები აურია ყველას და ყველაფერს?

სააკაშვილმა მართლაც გააოგნა (ქართლში ამგვარ გაოგნებას გამოთაყვანებას ეძახიან) ყოველი ჭეშმარიტი მეოცნებე – შოკისმომგვრელი აღმოჩნდა მათთვის პრეზიდენტის განცხადება ოპოზიციაში გადასვლასთან დაკავშირებით.

ბიძინაც დაიბნა და მისი მეკონსტიტუციე ვახტანგ ხმალაძეც. როგორ უნდა მართონ ქვეყანა, როცა ოპოზიციაში ქვეყნის პრეზიდენტია? ბიძინამ „იოლ“ გამოსავალს მიაგნო – გადადგომა მოსთხოვა პრეზიდენტ სააკაშვილს. მოგვიანებით ეს მოთხოვნა რჩევად გაასაღა.

ვითარება მართლაც უჩვეულოა, მაგრამ საქართველოს ისტორიას ახსოვს ბევრად უფრო უჩვეულო სიტუაციებიც – ერეკლე მეორის ოპოზიციის ლიდერი იყო… დარეჯან დედოფალი. კი, პარალელი მეტისმეტად ცერაა, ოპოზიციის ლიდერი მიხეილ სააკაშვილია და არა ეკატერინე ხვედელიძე, საერთო მხოლოდ ერთია – მაშინაც რუსეთთან დამოკიდებულების გამო იყო უჩვეულო „რასკლადი“ – ერეკლე რუსეთისკენ იწევდა, დედოფალი კი დაუძინებელი მტერი იყო რუსეთის.

მოვეშვათ ისტორიაში ნავარდს, რა დროს ესაა, აგერ ჩვენს ცხვირწინ იწერება ისტორია. „ოცნება“ რომ ქვეყნის სამართავად ყოფილიყო მზად, ბატონი ივანიშვილი ხომ უფრო გულდასმით გადაიკითხავდა კონსტიტუციას?! გადაიკითხავდა და აღმოაჩენდა, რომ პრეზიდენტმა უნდა წარადგინოს და პარლამენტმა დაამტკიცოს პრემიერ-მინისტრი, რომ პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტთან შეთანხმებით უნდა დააკომპლექტოს მინისტრთა კაბინეტი. აღმოაჩენდა და არაფრის დიდებით არ ეტყოდა უცხოელ ჟურნალისტს: „არავითარი პრეზიდენტი. არა, როგორ გეკადრება, არა, არა, არა…ეს იურიდიული პროცედურებია და ალბათ მეც და თქვენც პასუხის გაცემა გაგვიჭირდება, ამიტომ დროებით გადავდოთ“. 

აღმოაჩენდა, რომ ეს სააკაშვილმა გააიოლა საქმე, როცა განაცხადა, რომ წარადგენს „ოცნების“ დაკომპლექტებულ მთავრობას და არ შექმნის ქვეყანაში კრიზისს.

აღმოაჩენდა და კითხვაზე, „თუ თქვენ შემოგთავაზებთ პრემიერ-მინისტრის პოსტს“ – არ უპასუხებდა: „სააკაშვილი მე ვერაფერს შემომთავაზებს, მე შემიძლია შევთავაზო მას“. 

არადა, 1 იანვრამდე სწორედ სააკაშვილმა უნდა შესთავაზოს. ის მაინც გაიძახის: „ჩვენ უნდა ვმართოთ სიტუაცია, ამიტომაც მინდა მოვუწოდო მას, თავი არ გაიწვალოს… ის უნდა გადადგეს და დანიშნოს არჩევნები“.

არ იტყოდა, რომ თუ სააკაშვილი ვერ მოახერხებს ამას და არ გადადგება, „ჩვენ გვექნება შემდგომი შემხვედრი ნაბიჯები“. მას ეიმედება, რომ იქ – კონსტიტუციაში არის მუხლები, რომლითაც აიძულებენ გადადგომას. არადა, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა ურთულესია და ხანგრძლივი, ჯერ ერთი, პრეზიდენტს დარღვეული უნდა ჰქონდეს კონსტიტუცია, ან დანაშაული ჩადენილი, კონსტიტუციის დარღვევის შემთხვევაში უნდა მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს, დანაშაულის შემთხვევაში – უზენაეს სასამართლოს, ორივეს შემთხვევაში – ორივეს და ამ სასამართლოებმა უნდა დაასკვნან, რომ პრეზიდენტმა მართლაც დაარღვია კონსტიტუცია, რომ პრეზიდენტის ქმედებაში მართლაცაა დანაშაულის ნიშნები. თუ ეს დაასკვნეს, მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა დაისვას კენჭისყრაზე საკითხი იმაზე, რომ კენჭი ეყაროს პრეზიდენტის იმპიჩმენტს და თუ უმრავლესობა ხმას მისცემს, მხოლოდ ამის შემდეგ დადგება ეს კენჭისყრაზე და პრეზიდენტის იმპიჩმენტი შედგება თუ მას მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომელიც მათ არ გააჩნიათ. რომც გააჩნდეთ ამ მიეთ-მოეთში კი ისედაც გაუვა სააკაშვილს საპრეზიდენტო ვადა.🙂

აი, კონსტიტუციის დარღვევას რაც შეეხება, კონსტიტუციის დარღვევა თავად ივანიშვილს მოუწევს, თუკი არ ააშენებს ლაზიკას. დიახ, დიახ, ლაზიკის შესახებ სწორედ კონსტიტუციაშია გაკეთებული ჩანაწერი. ააშენებს თავის სიტყვას დაარღვევს (არ აშენდებაო), არ ააშენებს და კონსტიტუციას. ვნახოთ, რომელს უფრო უფრთხილდება ივანიშვილი, თავის კომენტარს თუ კონსტიტუციას.

კიდევ ბევრ კითხვას აარიდა ბატონმა ბიძინამ თავი. აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა ჰკითხა, რას ფიქრობთ ყარაბახის კონფლიქტზეო და რა უპასუხა? „მე არ ვიცი, რომელი უფრო მძიმეა, თქვენი თუ ჩვენი. ორივე საკითხი ძალიან რთულია და გამიჭირდებოდა ამაზე ანალიზის გაკეთება და თავს შევიკავებდი“.

ამ პასუხს რომ მოისმენ, იფიქრებ ყარაბახში გუშინწინ იფეთქა კონფლიქტმა, ბატონი ბიძინა საარჩევნო კამპანიით იყო დაკავებული და დეტალებს ვერ ჩაუღრმავდა… ყარაბახის კონფლიქტი იმდენი წლისაა, მაგდენი წლის კონიაკიც აღარაა სომხეთში და რა ვერ გაანალიზა?

ბევრ კითხვას თავი აარიდა. ერთმა კითხვამ კი, როგორც ბურჯანაძე იტყოდა – „აღაშფოთა“. კითხვა კანონიერი ქურდების დაბრუნებას ეხებოდა. ჟურნალისტი ხელისუფლებასთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა. დებატებშიც შევიდა ჟურნალისტთან. თურმე, ნუ იტყვით, ამ კითხვას სერიოზულად აღარავინ არ სვამს.

„სააკაშვილმა გთხოვათ თუ ბოკერიამ გთხოვათ? ხალხში ასეთი კითხვები არაა…ამ კითხვას არ აქვს არანაირი საფუძველი, როდესაც ჩემი ბიოგრაფია, ჩემი ხელწერა, ჩვენი გუნდი, ერთ ადამიანზე ვერ იტყვით და უეცრად ასეთ შეკითხვას სვამთ კანონიერ ქურდებთან ვითანამშრომლებთ თუ არა…“ – ამბობს ივანიშვილი და იმასაც ამატებს, „რას ნიშნავს დაბრუნება, მერცხალი ხომ არაა გადმოფრინდეს“.

ამის მოსმენის შემდეგ რა უნდა თქვა? მხოლოდ ის, რომ კაი ხანია მერცხლების გარდა, ცაში ავიაციაც დაფრინავს და იმ თვითფრინავით ქურდსაც შეუძლია გადმოფრენა და რომის პაპსაც. და ხალხსაც, თუნდაც ბოკერია-სააკაშვილისგან დაბოლებულს, აქვს ეს კითხვა და უფლებაც იკითხოს, აბრუნებენ თუ არა ქურდებს. ისე, ხელისუფლებას რომ ვანო ჩამოშორდება, რა დაუპატიჟებლად არ დაბრუნდებიან, თუ? შეთანხმებაც რომ არ ყოფილიყო?

ისე, საინტერესოა, რა ხასიათზე დადგებოდნენ ქურდები, როცა მოისმენდნენ, როგორ ადარებდა ივანიშვილი მათ კუდმაკრატელა მერცხლებს.

კოალიციის ლიდერი და დღე-დღეზე პრემიერ-მინისტრი გვარწმუნებს, რომ არ იქნება პოლიტიკური ნიშნით დევნა, არ იქნება შურისძიება, რევანში. იგი გვარწმუნებს, მაგრამ სოციალური ქსელი რომ გაჟღენთილია შურისძიებით? სწორედ რევანშის წყურვილით? არა მარტო სააკაშვილის მთავრობის, არამედ რიგითი მხარდამჭერების მიმართაც?  ნუთუ ივანიშვილი მათ ამ ოცნებასაც ოცნებად დაუტოვებს? მერედა, რას იტყვიან რევანშის წყურვილით ანთებულები? არ დაკარგავენ საოცნებო ლიდერის პატივისცემას? შეძლებს კი ივანიშვილი შურისძიების წყურვილით სავსე საზოგადოების გაკონტროლებას?

ივანიშვილმა ქუჩის აქციებთან დაკავშირებითაც მიმართა საკუთარ აქტივისტებს, მოეშვით ქუჩის აქციებსო, მაგრამ მოეშვნენ? ვერ ლეწავენ საოლქო კომისიების ფანჯრებს? ვერ უვარდებიან კაბინეტებში? არ ახდენენ ზეწოლას?

ფიცი მწამს, მაგრამ ბოლო რომ გვაკვირვებს? მთლად ლიდერი ერთს ამბობს, სხვა ლიდერები კი, სუბარი მაგალითად, პირადად მეთაურობს ამგვარ აქციებს. რა ვიფიქროთ, ან რაღაზე ვიოცნებოთ?

Post a comment or leave a trackback: Trackback URL.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: