მიხეილ სააკაშვილის ინვესტორი

მასმედიის ფავორიტს გაზეთები ბავშვობიდან ჰყვარებია

„შვილები წაუგები ბიზნესია“ – არაერთხელ უთქვამს ჩემთან, ამ გაგებით სწორუპოვარ ბიზნეს-ლედის  – ლექსო თორაძის დედას, ქალბატონ ლიანა ასათიანს.

როგორც ბიზნესის ყველა სახეობა, ესეც გამართლებაზეა. ვინ იცის, რამდენ დედას ჩაჰყრია წყალში შრომა, წლობით თეთრად გათენებული ღამეები, ბოლოს კი უთქვამს „ვაჰმე საშოსა ჩემსა, რამეთუ გშობე“…

გიული ალასანიას მართლაც გაუმართლა, მის პირმშოს მიხეილ სააკაშვილს თამამად შეუძლია გაიმეოროს უოლტ უიტმანის სიტყვები: „მე ძალზე სწრაფად მივექანები წინ და ჩემ განვლილ ბილიკებს უნდა გავუფრთხილდე“.

უნდა გაუფრთხილდე იმ ბილიკებს, რომელზეც ხელჩაკიდებული დაჰყავდი დედას და რომელი ბილიკებითაც შარაგზაზე გამოგიყვანა.

ამ ქვეყნად კი გზები არ თავდება. გზები და ამ გზებზე შეხვედრილი ოჩო-კოჩები…

დედის ბავშვობამ სხვა ეპოქაში გაიფრინა, შვილისამ, ცხადია სხვაში.

თუმცა: დიდი ასაკობრივი სხვაობა მათ შორის არც იგრძნობა, დღესაც და-ძმას ჰგვანან (ქალბატონი გიული 51 წლისაა).

დედა სკოლაშიც დადიოდა, მუსიკაზეც, ბალეტზეც, სპორტზეც, ეზოში სათამაშო დროსაც ნახულობდა ყოველთვის. შვილის დროს კი აშენდა კორპუსები და ყველა საკუთარ „კოლოფში“ შეიკეტა.

თუმცა: დედაც და შვილიც საოცრად კომუნიკაბელური ბუნებისანი არიან.

დედა რეპრესირებულ აბაშიძე-წერეთლების ოჯახში აღიზარდა, ბაბუები წლობით ხეხავდნენ საბჭოურ საპყრობილეებს. შვილიც მომსწრეა მათი.

სწორედ ამიტომ: არც დედას, არც შვილს არ სთენთავთ ნოსტალგია იმ კოშმარისა, რომელსაც დღესაც რატომღაც  პასტელის ფერებში სახავენ და სახელად კომუნიზმსმომლოდინე საბჭოური სოციალიზმი ერქვა.

დედა მოძრავია ბავშვობიდან, მის ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს პლასტიკა, მოძრაობა, – „ძალზე დატვირთული ვარ ყოველთვის, მაგრამ შემიძლია ყველაფერი გადავდო მოძრაობისთვის – ვითამაშო ჩოგბურთი, წავიდე ცურვაზე“.

შვილი ნაკლებ სპორტულია.

თუმცა: დედას არ დაუკრიფავს გულ-ხელი – 4 წლისა მიიყვანა ცურვაზე, მოგვიანებით კალათბურთზე და მაშინაც კი, როცა მიშა ავადმყოფობდა, არ დაანებებინა თავი და შემდეგ მასაც დედასავით მოძრაობის მოთხოვნილება ჩამოუყალიბდა.

დედა საოცრად მუსიკალურია და მიაჩნია, რომ მუსიკა უებარი საშუალებაა ადამიანის სულის დასახვეწად. დედას გული სტკივა რომ შვილი ვერ მღერის მაინც და მაინც კარგად, უჭირს მელოდიის ზუსტად გამეორება.

თუმცა: შვილს საოცარი შინაგანი სმენა ჰქონია, სოლფეჯიოს კარნახს უშეცდომოდ წერდა. სწორედ შინაგან სმენას უნდა უმადლოდეს, დღეს რომ დახვეწილი მუსიკალური გემოვნება აქვს.

დედისთვის ყველაზე ბუნებრივი და სასურველი ბიბლიოთეკაში თავაუღებლივი მუშაობაა. შვილისთვის კი ბიბლიოთეკა საშუალებაა და არა მიზანი.

თუმცა: ამის გამო მიშას უწიგნურობა დასწამო, მაღლა ღმერთი არ გაპატიებს.

დედა მეცნიერებაში წარმატებებს ნამდვილად არ უჩივის. პროფესორია, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციას 1974 წელს დაიცავს თემაზე: „ქათიბ ჩელების ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ“.  სადოქტორო დისერტაციას – 1986 წელს. დისერტაციის თემა ამჯერად – „ქართული წერილობითი საისტორიო წყაროების კლასიფიკაცია“. ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას, არის არაერთი შრომის, მონოგრაფიის და წიგნის ავტორი.

შვილი მეცნიერებისთვის, ცხადია, ვერ იცლის და დედას გულს სტკენს, სადოქტოროს რომ არ იცავს.

იმედია: მიშა იურისპრუდენციას მთლად არ გადააყოლებს პოლიტიკას.

დედა წყაროთმცოდნეობის განყოფილების გამგეა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში.

შვილი საპარლამენტო ფრაქცია „მოქალაქეთა კავშირის“ თავმჯდომარეა.

თუმცა: კონფორმისტი არც ერთია.

დედამ იცის ინგლისური, რუსული, ფრანგული, გერმანული, თურქული და სხვა ენები. შვილმა – ინგლისური, ფრანგული, ესპანური, რუსული, უკრაინული ენები.

მაგრამ: შვილი ცოცხალ ენას ფლობს, დედის ცოდნა კი, როგორც თავად მიიჩნევს, უფრო პასიურია, იმდროინდელი ჩაკეტილი საზღვრების დამსახურებით.

შვილს სიამოვნებს პრესასთან ურთიერთობა. დედა – თავს იკავებს.

და, აი, მაინც: დღეს ის ჩემი მასპინძელია.

„ჩვენ ახლა იცით როგორ ვცხოვრობთ – მიშასთვის დამახასიათებელი სისწრაფითა და იუმორით იწყებს საუბარს  ქალბატონი გიული – მიშიკოს რეჟიმში. ღამის 2 საათამდე ვერ დაწვები. გუშინ, მაგალითად, გამოცხადდა ორ საათზე. ასეა ყოველთვის. იდეალური შვილია, ძალიან უყვარს ოჯახი, თუ სანდრა თბილისში არ არის, აქ იძინებს, როგორც ჩანს იმპულსებს აქედან იღებს. სადაც უნდა იყოს, კონტაქტს არ წყვეტს. მუდმივ მზადყოფნაში გვამოყოფებს – ან მოდის, ან ტელეფონზე გვირეკავს – ისე დარეკავს ღამის ორის ნახევარზე, თითქოს შუადღე იყოს. – როგორ, გძინავს? ისე შეიცხადებს, როგორ გაბედავ რომ უთხრა, მძინავსო – არა, ვმუშაობ – ვიმართლებ ხოლმე თავს.

მიხეილ სააკაშვილი თურმე თავიდანვე, ადრეულ ასაკში დაინტერესებულა პოლიტიკით და პრესით. 4 წლისას კითხვა თითქმის გაზეთებით უსწავლია. ის კი არა, ფრანგულის პედაგოგს ნაადრევადაც კი ეჩვენებოდა პატარა მიშიკოს ფრანგულზე სიარული, რადგან დიდ ინტერესს არც ავლენდა, მაგრამ აი, ხელში ჩაუვარდა ფრანგული გაზეთები და მასმედიის მომავალ ფავორიტის ინტერესებმაც ფრთები გაშალა. რადიოსაც სწყალობდა – როგორც დედა იხსენებს, სულ რადიოზე ჰქონია ყური მიდებული. მერე ბატონ გელა ჩარკვიანთან ერთად ჟურნალსაც უშვებდა. წერდა, იღებდა ფოტოებს, აკრავდა, აწებებდა – ჟურნალის პრიორიტეტული თემა პოლიტიკა იყო. ვექტორი – მიშიკოს თვალსაწიერის გაფართოება.

მიხეილ სააკაშვილი დაწყებით  კლასებში ინიციატივას სულაც არ იჩენდა და ვიდრე პერსონალურად არ მიმართავდნენ, ხმასაც არ იღებდა (!) (ვიცი, წაიკითხავენ და ბევრი ინატრებს ასეთ მიშას).

„ძალიან შემაშინა ამან, საშინელებაა, მოდუნებული რომ ხარ და ელოდები, როდის გამოგიძახებენ, როდის შეგამჩნევენ, შეიძლება ისე ჩაიაროს ცხოვრებამ, არავინ შეგამჩნიოს. შევეცადე, პატივმოყვარეობა, გარკვეული დოზით, ხელოვნურად გამეღვიძებინა – ეს მისია სპორტმა იკისრა, განსაკუთრებით – ჯგუფურმ, კერძოდ კალათბურთმა. სპორტში ძალაუნებურად სურვილი გიჩნდება, შეგამჩნიონ, სხვას არ ჩამორჩე. მერე და მერე, უკვე 51-ე სკოლის დამსახურებაცაა- ოლიმპიადებმა, კონფერენციებმა, ტურებმა გამოაწრთო და გააქტიურა“ (მერედა, როგორ! – რ.შ.)

_ ქალბატონო გიული, ძნელია ორ ფრონტზე ბრძოლა – მეცნიერება ხელოვნების დარად გულის სისხლს მოითხოვს, შვილის აღზრდა კი ეგზომ ხანგრძლივი და შრომატევადი მისტერიაა, თანაც – უძირო. როგორ უთავსებდით ორ ფრონტს ერთმანეთს?

_ ყოველთვის ერთ-ერთის ხარჯზე ხდება ხოლმე. ხშირად ოჯახი ეწირება მერცნიერებას, ხან პირიქით, მეცნიერება – ოჯახს. გააჩნია როდის რომელია პრიორიტეტული. იმ წლებში, როდესაც ჩემი შვილი იზრდებოდა – პრიორიტეტი ის იყო, ყველა დანარჩენებმა უკანა პლანზე გადაინაცვლა.

მეცნიერება მუდმივი შრომაა, რასაც სამწუხაროდ, ყოველთვის ვერ ვახერხებ და თვითონ არ ვარ კმაყოფილი – უფრო მეტის გაკეთება შეიძლებოდა, თანაც უფრო უკეთესად.

_ თქვენ როგორ მიგაჩნიათ, თვითკმაყოფილება საერთოდ უნდა არსებობდეს?

_ ლაპარაკია წუთიერ კმაყოფილებაზე, როცა დგება მომენტი, რომ რაღაცით კმაყოფილი ხარ. ცხადია, ამან მალევე უნდა გაიაროს! მაგრამ იმ წუთებისთვის ღირს სიცოცხლე.

შვილი – არიქტექტურული ნაგებობაა, რომელსაც საძირკველს თავდაუზოგავად უყრის დედა, დააფრთიანებს და… სიტყვა ოხერია – წლების შრომას ერთი წინადადება შთანთქავს, არადა, კენჭებით უწევს მშობელს შვილის „აგება“. ქალბატონი გიული დედობის დამახასიათებელ ნიშნებსა და დღევანდელ ფუნქციებზე, თვით დედა-შვილი გვესაუბრება.

დედა: მაშინაც კი, სულ პატარა რომ იყო, ყოველთვის ვაძლევდი არჩევანის საშუალებას, მუდამ ვცდილობდი, თვითონ მიოეღო გადაწყვეტილება. ყურადღებას ვაქცევდი რა აინტერესებდა, რა უყვარდა – ბუნებრივ მიდრეკილებებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისას არჩევანის უფლება განმსაზღვრელია.

მიხეილ სააკაშვილი: მე და დედაჩემს თავიდანვე დემოკრატიული ურთიერთობა გვქონდა – ჩვენს დიდ ოჯახში შიდადემოკრატიზმი სუფევდა. ალბათ იმიტომ, რომ ჩვენს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობა არ არის და ოჯახში დედის ბებია-ბაბუები ცხოვრობდნენ, მე და დედა და-ძმასავით უფრო ვიყავით. დედა ჩემთვის უფროსი მეგობარი გახლდათ, ჩვენი ცხოვრება გარკვეულწილად ეს იყო საერთო ბრძოლა არსებობისთვის, ერთ პრობლემებს ვწყვეტდით ყოველთვის. ეს მეგობრული ურთიერთობა საშუალებას გვაძლევდა, გარკვეული ასაკის შემდეგ მხოლოდ მე კი არ მიმეღო მისგან რჩევა-დარიგება, არამედ მეც მიმეცა რჩევები დედისთვის. მერე და მერე ის თანასწორი ურთიერთობები ჩამოყალიბდა მყარ მეგობრობად, რომელიც დღემდე გრძელდება და გაგრძელდება.

_ ბატონო მიხეილ, დედათქვენისა და ახლა უკვე თქვენი მეუღლისეული დედაშვილობის  კონცეფციები შეადარეთ, საინტერესოა კონკრეტულად რა სხვაობა და მსგავსებაა მათ შორის?

_ ჩვენ ოჯახში ბევრი თაობა ცხოვრობდა ერთად, ეს თავისთავად ამდიდრებდა ცხოვრებას, მაგრამ შეიცავდა გარკვეული კონფლიქტების მარცვლებსაც. ჩემი ცოლი კი საკმაოდ ტრადიციული ოჯახიდანაა, სადაც დაცულია იერარქია – მამა ოჯახის თავია, რომლის ბრძანებებსაც უსიტყვოდ ასრულებს ყველა და შვილებიც ერთობ მოწიწებით ეკიდებიან. ჩვენს შემთხვევაში ასეთი მეტისმეტი მოწიწება არასოდეს ყოფილა, , მას შიდადემოკრატიზმი და პარტნიორული ურთიერთობები ცვლიდა.

_ საბჭოეთში დემოკრატია და დემოკრატიულ ქვეყანაში – დიქტატურა?

_დემოკრატიული ქვეყნები ისეთ შიდაკონსერვატიულ სტრუქტურებს ეფუძნება, როგორიც ოჯახის ინსტიტუტია. ყოველ შემთხვევაში, სამხრეთ ჰოლანდუიაში, საიდანაც ჩემი ცოლია, ერთობ მტკიცეა ოჯახის ფენომენი.

დედა: მიშიკო სწავლისთვის არასოდეს დამიზოგავს. არჩევანის საშუალება, აი, აქ უკვე აღარ ჰქონდა – არის შემთხვევები როდესაც დიქტატორი უნდა იყო, თუ შვილის სრულყოფილ პიროვნებად აღზრდა გსურს. არ ჰქონდა მნიშვნელობა, როგორ იყო – 39 გრადუს სიცხიანს ლოგინში წოლიასასაც რაღაც უნდა ესწავლა, სიცხიანი ბევრჯერ სკოლაში გამიშვია. ამ მხრივ დაუნდობელი დედა ვიყავი. სხვანაირად არ გამოვა – ეს ცხოვრება არ დაინდობს მოუმზადებელსა და უცოდინარს. დედები, რომლებიც ზოგავენ და ნაჭუჭში ზრდიან შვილებს, ცდებიან – ცხოვრებაში ხომ გავა, ბოლოს და ბოლოს?

დედა: მიშიკო შემთხვევით არ წასულა კიევში სასწავლებლად. თავიდანვე ვამზადებდი საამისოდ. აუცილებელია, ახალგაზრდის წასვლა ოჯახიდან – სხვანაირად ვერ ისწავლის დამლოუკიდებელ ცხოვრებას. იყვნენ დედები, რომლებიც შვილებთან ერთად გადაბარგდნენ, დატოვეს ოჯახები. მე ამის საშუალება არასოდეს მქონია და რომც მქონოდა, მაინც არ გავაკეთებდი – ახალგაზრდას უნდა აცალო ცხოვრება, მას შეცდომებიც უნდა მოუვიდეს, კისერიც მოიტეხოს, სიმწარეც იწვნიოს – შეხედეთ ევროპაში, ამერიკაში როგორაა.

მიუხედავად იმისა, რომ ჯარის პერრიოდი მიშასთვის დღემდე ერთი დიდი კოშმარული ეპოპეაა, მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთისა და ჩეხეთის საზღვრიდან კუბოს კობოზე მოასვენებდნენ საბჭოთა ჯარისკაცებისას, ქალბატონ გიულის მიაჩნია, რომ იმ პერიოდსაც არ ჩაულია უკვალოდ

დედა: იმ წლებმა მიშიკოს სამართლიანობის გრძნობა გაუმზაფრა. კონფლიქტები არ აკლდა, „ბუნტარის“ სახელით სარგებლობა (სტაჟირებას გადიოდა პოლიტიკაში „ბუნტარობისთვის“ – რ.შ) – ეტყობა კარგია ასეთი სკოლაც, ზოგი ჭირი მარგებელია“.

დედა: მოთხოვნილება აქვს რომ რაღაცა გიამბოს, რაღაცა შენგან მოისმინოს. ბევრი რამ ბავშვური შემორჩა – ძალიან გულწრფელია. ჩემთან რასაც ლაპარაკობს, იგულისხმეთ რომ იგივეს ლაპარაკობს ეკრანზე. ძალიან ხშირად გვეკამათება, სპეციალურად საწინააღმდეგოს გვეუბნება, მერე რომ ჩვენი არგუმენტები მოისმინოს და საკუთარი აზრის სიწორე კიდევ ერრთხელ შეამოწმოს.

მიხეილ სააკაშვილი: დედა არასოდეს ცდილობს საკუთარი აზრის თავზე მოხვევას, კატეგორიულობა მისი ბუნებისთვის უცხოა. მე თვითონ ვარ ხოლმე დაინტერესებული, რჩევა ვკითხო მას, რაც სულაც არ ნიშნავს მის ავტომატურად გათვალისწინებას. ყოველთვის მიმაჩნდა რომ დედამ ჩემზე უკეთ იცის ყველაფერი. მე-10 კლასამდე დარწმუნებული ვიყავი რომ დედამ ჩემზე უკეთ იცოდა ინგლისური, ფრანგული, ასევე უკეთ იცნობდა უცხოურ ლიტერატურას. მახსოვს არაბულის სწავლა მინდოდა, რომელსაც იმ დროს დედა სწავლობა. ხელშეწყობის მიუხედავად, არაფერი გამომივიდა. საერთოდაც, დედა ჩემთვის იყო და არის ავტორიტეტი.

დღეს მაგალითად, ყოველთვის ვეკითხები ანალოგიებს ისტორიიდან. საქართველოს ისტორიაში ის ჩემთვის ყველაზე ობიექტური მრჩეველია, დედა დღემდე ჩემი ინფორმაციის უტყუარი წყაროა.

მიხეილ სააკაშვილი: დედას ვუკრძალავ იმის მოყოლას, რომ ვიღაცამ მასთან შემაქო. პირიქით ვთხოვ, არ დამიმალოს, თუ ვინმე მასთან გამლანძღავს. მსურს ობიექტურ ინფიორმაციას ვიგებდე  საკუთარ თავზე.

_ ასე გგონია, ლანძღვა ყოველთვის ობიექტურია?

_ ცხადია არა, მაგრამ როდესდაც დედასთან გლანძღავენ, აქ უფროა რაციონალური მარცვალი, ვიდრე მასთანვე შექებისას. თვითონ ძალიან ხშირად მაკრიტიკებს. გუშინ მისაყვედურა – რამდენს ლაპარაკობო. ეს ალბათ, მართლაც ასეა. დედა ნამდვილად არ მღებულობს უკრიტიკოდ. ამას ვაფასებ, ყველა მშობელს უნდა ჰქონდეს ეს  – რადგანაც შვილი დედას ბოლომდე ენდობა, სჯერა. ამიტომ, სჯობს, დედამ ობიექტურობა შეინარჩუნოს. ბევრი ადამიანი მინახავს, საკუთარი მშობლებისა და მეუღლისგან ბოლომდე გატუტუცებული – აბსოლუტური სისულელეები დაუჯერებიათ საკუთარ თავზე. ამ მხრივ საფრთხე ნამდვილად არ მემუქრება.

დედები შვილების მესაძირკვლეობას არ სჯერდებიან და შემდეგაც გამალებით ცდილობენ “არქიტექტორობას“. ქართულ სინამდვილეში დედები მხოლოდ შვილების ცხოვრებით ცხოვრობენ, და მაშინ, როცა შვილებს საკუთარი ცხოვრება მოუხმობს, დედა თითქმის უფუნქციოდ რჩება – რაც ხშირად გარემო სიტუაციის, ხშირად კი მათივე მცდარი არჩევანის ბრალია.

დედა: _ „ეს ყოვლად მიუღებელია ჩემთვის, მარტო დედაშვილობა კი არა, ჩვენთან ყველა ადამიანური ურთიერთობა ასეთ პრინციპზეა აგებული. იმის გამო, რომ ადამიანს არა აქვს ნამდვილი პირადი ცხოვრება და ინტერესები, ცდილობს იცხოვროს სხვისი ცხოვრებით, რაღაც ისეთით დაინტერესდეს, რაც, კაცმა რომ თქვას, საერთოდ არ უნდა აინტერესებდეს. შვილი დამოუკიდებელი პერსონაა – შენ კი, როგორც დამოუკიდებელ პიროვნებას, შენი ინტერესები, დამოუკიდებელი ცხოვრება უნდა გაგაჩნდეს. სხვანაირად ბედნიერი ვერ იქნები და შვილსაც გაუმწარებ სიცოცხლეს. ადამიანს უნდა მისცე საშუალება, თვითონ იცხოვროს. რანაირად უნდა განსაზღვრო მისი გადასაწყვეტი, როცა ბოლომდე არასოდეს იცი საქმის ვითარება, მართალია ყველაფერს გიყვება, მაგრამ სრულ ინფორმაციას მაინც ვერ ფლობ.

_ მართლაც, ადამიანს შეიძლება ყველაფერი მოუყვე კიდეც, უამბო ის, რაც გაცნობიერებული გაქვს. მაგრამ ქვეცნობიერი რა ინფორმაციასაც ფლობს, ძალიანაც რომ გინდოდეს ვერავის გადასცემ.

_ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მათ შორის ინფორმაციას და იმასაც, რაც ინტუიციის დონეზე იცი, მაგრამ ვერ ხსნი. თანაც სულ სხვა გამოცდილებაა, სხვა წრე, თაობა. ყველაფერს რომ თავი დაანებო. ცხადია, ჩვენ ბევრი საერთო გვაქვს, მაგრამ მაინც სხვადასხვა ხასიათისანი ვართ.

_ მაინც რაში ვლინდება თქვენი ხასიათის სხვადასხვაობა?

მიხეილ სააკაშვილი: მე ფეთქებადი, ემოციური ვარ, დედა კი ძალზე გაწონასწორებული, აბსოლუტურად წყნარი და მშვიდი ადამიანია, რაც თავისთავად, დამამშვიდებლად მოქმედებს ჩემზე.

დედა: მე, მაგალითად მშისარა ვარ, ურთიერთობებშიც სიფრთხილე მჩვევია, მიშიკო კი ძალიან მებრძოლი და უშიშარი აღმოჩნდა. მე ადამიანებს ვზოგავ, ნებისმიერი ადამიანის წყენინება მიჭირს. მიშიკო იმ მომენტში, როცა ვინმეს საქმის გამო უპირისპირდება, არ ფიქრობს რომ პიროვნებასთან აქვს საქმე, რომლის უკან ახლობლები, შვილები, მეგობრები დგანან. ჩემი სიფრთხილე ალბათ იმ პერიოდმაც განაპირობა, რომელშიც ვიზრდებოდი. რაღაც საშინელი ორმაგი სტანდარტი მოქმედებდა – ერთი უნდა გეფიქრა, მეორე გეთქვა, მესამე გეგულისხმა… ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ეკრანიდან პირდაპირი ლაპარაკი შესაძლებელი გახდებოდა.

_ ქალბატონი გიული, მიშას გააქტიურებას, პირდაპირობას და უკომპრომისობას როგორ შეხვდით?

_ მართალი გითხრათ, დღემდე მეშინია. თუმცა, მომწონს, ზოგჯერ აღტაცებულიც ვარ, მაგრამ მის ამპლუაში  ჩემი თავი ვერ წარმომიდგენია. ჩვენ დაკომპლექსებული ტაობა ვართ და არ ვარგივართ ამ საქმისთვის. შეიძლება ცოტა ვაზვიადებ კიდეც – ჩემს დარგში, საბჭოს სხდომებსა თუ დისერტაციუების დაცვებზე ვცდილობ პრინციპულობა გამოვიჩინო და არც პოზიციის გამოხატვა მიჭირს პირდაპირ, მაგრამ მასშტაბსაც ხომ გააჩნია. ისე, ხანდახან რაღაცა მეწევა, ხოლმე უკან, მიშიკოს და თქვენს თაობას, ჩემი ანგარიშით, ეს კომპლექსი აღარ უნდა გბორკავდეთ. დრო უნდა იმას, რომ განთავისუფლდე. თან ეს თავისუფალი ცხოვრებაც უნდსა ნახო. მე რომ მკითხოთ, ყველას დროებით საცხოვრებლად სადმე ევროპაში გავუშვებდი, საკუთარი თვალით ნახონ, რა არის ღია საზოგადოება, დემოკრატია, ტოლერანტობა.

_ ანუ რაც თქვენს შვილს ნამდვილად არ აკლდა. მიშაზე ამბობენ „ძალიან ამერიკელიაო“, თქვენ როგორ მიგაჩნიათ, რა როლი შეასრულა მის ჩამოყალიბებაში ამერიკამ და რა შეიცვალა მის პიროვნებაში ძირეულად?

_ ამერიკაში მაინც და მაინც არაფერი უსწავლია. იქ მომზადებული წავიდა. ტვინს არავინ უდგამს იქ, ის განათლებაც აქ ჰქონდა, ის ენებიც აქვე იცოდა, კიევში იურისპრუდენციის შესანიშნავი სკოლა გაიარა. სხვათა შორის, ამერიკაში მე გავუშვი ძალით. ორი წელიწადი ცოდნის მხრივ ძალიან ცოტა დროა, მაგრამ თვალსაწიერის იფართოებ, საშუალება გეძლევა იქაური ცხოვრების წესს დააკვირდე – როგორ ცხოვრობს მსოფლიო.

კოლუმბიის უნივერსიტეტს ცუდი საერთო საცხოვრებელი ჰქონდა. მიშიკომ თვითონ მოძებნა სადღაც ბინა – მაგრამ საშინელ რაიონში – აქედან რომ გორში ჩახვიდე, იმ მანძილზე, თან უტელეფონო. ამერიკაში უნდა იპოვო ასეთი ბინა. სანდრა რომ ჩავიდა, ყველაფერში უცბად გაერკვნენ, სანდრამ ჰოლანდიურ ფირმაში დაიწყო მუშაობა, ბინაც იშოვეს მანჰეტენზე, მიშიკოსაც აეწყო საქმე. მაგრამ მანამდე იყო მომენტები – ერთ ბანანს გაიყოფდნენ ორად და ასე ცხოვრობდნენ.

_ ქალბატონო გიული, როგორ შეხვდით უცხოელი რძლის შემოსვლას თქვენს ოჯახში?

_ ამ მხრივ მიშიკოს თავისუფლება ჰქონდა. საერთოდ, ძალიან ღარიბები ვართ ყველანი, ერთადერთი ფუფუნება, რომელიც საკუთარ თავს შეიძლება მივცეთ, ესაა მეგობრების არჩევის უფლება – იცხოვრო მასთან, ვინც გიყვარს, ვისთანაც გსიამოვნებს.

ძალიან ბევრი რამ ვისწავლე სწორედ სანდრასგან. ჩვენ ძალიან წუწუნა ხალხი ვართ – აი, კიდევ რა გვიშლის ხელს ცხოვრებაში. სანდრას, რაც უნდსა უჭირდეს და რთული საქმე ჰქონდეს, სულ იცინის – რომელ წუტშიც არ უნდა ჰკითხო, როგორ ხარო – „ვერი ფაინ“ – მშვენივრადო, გიპასუხებს. მაგრამ ის კი არ თამაშობს, ასეა უბრალოდ აღზრდილი. ცოცხალი რომ ხარ უნდა გიხაროდეს, სიცოცხლით ტკბობა უნდა შეგეძლოს. სანდრა საოცრად მშრომელი და ორგანიზებული ადამიანია. რამ გამაკვირვა იცით? რამდენიმე საათის გაჩენილი ჰყავდა ბავშვი, გავხედე, ზის და საქმიან წერილს წერს – ერთი წუთითაც არ მოდუნებულა. ჩვენი ზოგიერთი სტუდენტი დაფეხმძიმდება თუ არა, მეორე დღიდან ლექციებზე აღარ დადის, არის ერთი კვნესა და ოხვრა, „ფეხმძიმე ვარ და არ შემიძლია“, „მე ბავშვი გავაჩინე“, „მე უნდა ვაჭამო“. – სანდრა კიდევაც აჭმევსმ კიდევაც უვლის, თან არასოდეს მიუტოვებია სამსახური, საკონსულოში მუშაობს, ექვს ენას ფლობს თავისუფლად – ამდენი ენის ასეთ დონეზე ცოდნა არც ევროპაშია ჩვეულებრივი მოვლენა.

საოცარი სიმსუბუქეა მის ხასიათში, იქ ყვეკლა ასეა აღზრდილი. არაფრისგან ტრაგედიას არ ქმნიან, გარდა იმისა, რაც მართლა ტრაგედიაა. ყველაფერი გამოვა, ყველკაფერს ეშველება – მთავარია, მოინდომო – ღრმად სწამს ეს და თავისი უფლებებიც მშვენივრად იციან, ჩვენგან განსხვავებით.

_ და აი, თქვენ უკვე ბებია ხართ…

_ მე და ჩემი შვილიშვილი ძალიან ვმეგობრობთ, ბევრ ელემენტს ვიჭერ მიშიკოსას. მიშიკო ბავშვობაში ძალიან ფრთხილი იყო, ნაბიჯს არ გადადგამდა დაუფიქრებლად. სხვათა შორის, სანდრაც ასეთი ყოფილა, მაგრამ, რომ გაიზარდა, პარაშუტით ხტებოდა. ალბათ, პაწია ედუარდიც მერე ასე იქნება.

_ ხართ თუ არა თქვენი შვილის პოლიტიკური თანამოაზრე?

_ იცით რა, მე პოლიტიკა ნაკლებად მესმის – მე ვიცი, რომ არ ვიცი, მაგრამ მიშიკოს აღმოაჩნდა დარწმუნების უნარი, თვითონ მას მართლა სჯერა ხოლმე და შეიძლება თავიც შეაკლას – ან უნდა გაკეთდეს, ან უნდა მოკვდეს – ასეა განწყობილი. ბუნებით საერთოდ მაქსიმალისტია.

_ქალბატონო გიული, როგორ შეხვდთ შვილის წლის პოლიტიკოსად აღიარებას?

_უზმომდ ბედნიერი ვიყავი, ქართველთათვის ყველაზე ძნელი აღიარების მოპოვება ხომ საქართველოშია. ესეც ბედია – ზურაბ ჟვანიას ფაქტორი, სასამართლო რეფორმა, არასამთავრობო ორგანიზაციები. თვითონაც ისეთი ბედნიერი იყო… აი, ასეთი მომენტებისთვის ღირს იცხოვრო.

გიული ალასანიას დღის რეჟიმი დაძაბულია – განყოფილება, 10 ლექცია კვირაში, სხდომები, დისერტაციები, მოხსენებები, კონფერენციები. „ეს არის მუდმივად რამდენიმე დაწყებული და დაუმთავრებელი საქმე, მომკლა ამ დაუმთავრებელმა საქმეებმა“. საქმე, საქმე და… და ოჯახი, პატარა შვილიშვილი. სადღაა ჰობისთვის დრო, არადა ზალიან უყვარს თეატრი, ოპერა, მუსიკა… მიშას კი დღესაც უკვირს, თუ როგორ ასწრებდა დედა სამსახურისა და ოჯახის შეთავსებას, – „ალბათ გაათმაგებული ენერგიით და გაასკეცებული სიყვარულით“.

დღეს კი, როგორც მიშა ამბობს, დედამისს მისი გამოისობით, მხოლოდ უარყოფითი ემოციები ხვდება, აი, მაგალითად, დედის ყოველ წარმატებას ინსტიტუტში უკვე მის გავლენას მიაწერენ – თუნდაც გრანტების განაწილებისას. რამდენიმე გაზეთშიც კი შეურაცხყვეს. მიშა კი მხრებს იჩეჩავს – „აქამდე როგორ მიაღწია ამდენს, ეს ხომ ამბსურდია“.

რას იზამ, როგორც გოეთე ბრძანებდა, ყველას მოსაწონი ვერ იქნები.

მიხეილ სააკაშვილი: „როცა მაქებენ, სიამაყით იმსჭვალება დედაჩემი, ეს ალბათ კანონზომიერიცაა. მისი მთელი მოღვაწეობა გარკვეულწილად ჩემს მომავალზე მუშაობა იყო. მან ბევრი ინვესტიციები ჩადო ჩემში და ამიტომაც ჩემი ყველა წარმატების და წარუმატებლობის თანამონაწილეა. მან ძალიან ბევრი რამ მომცა – თხილამურებზე დგომით დაწყებული, ცხოვრებაში ფეხზე დაყენებით დამთავრებული. ამიტომ მე ვიტყოდი – დედა ჩემთვის მუდმივი თვითგანვითარების და სრულყოფის საწყისია“.

რეზო შატაკიშვილი

„დილის გაზეთი“, № 199 (716), 3 სექტემბერი, 1998 წელი.

Post a comment or leave a trackback: Trackback URL.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: