
მას „თამარი“ მამამ დაარქვა – თამარ შერვაშიძის „მიხედვით“…
თამარ გამსახურდია თამარ შერვაშიძის მსგავსად ატარებდა ნაწნავებს და საერთოდ რაც დიდმა კონსტანტინემ თავის პერსონაჟებში – თამარში, დედისიმედში, შორენაში ჩააქსოვა, როგორც თამარის თანამედროვენი იხსენებენ, გარკვეულწილად აირეკლა თამარის ხასიათში… თითქოს გენეტიკურად გადაეცა მამის პერსონაჟების თვისებანი და მათი ტრაგიკული ბედიც…

მას ადარებდნენ თამარს, მაგრამ არა შერვაშიძეს, არამედ დიდ თამარს – „ალბათ თამარ მეფე იქნებოდა ასეთი დარბაზობისას…“ – ასე იტყვის დისერტაციის დაცვისას თამარით აღფრთოვანებული დიმიტრი ჯანელიძე…
თამარ გამსახურდიას სახელი მთლიანდ მამის და ძმის ჩრდილში მოექცა. ის ვერ იქცა ეპოქის, ეროვნული იდეის, თავისუფლების სიმბოლოდ, ვერც პოპულარული გახდა კონსტანტინეს და ზვიადის მსგავსად, მაგრამ თამარ გამსახურდია, დედის – მირანადა ფალავნდიშვილის დარად დარჩა კეთილშობილების და თავმდაბლობის სიმბოლოდ. ამბობენ რომ სწორედ მირანდა და თამარი აწონასწორებდნენ მრისხანე და შეუპოვარ მამა-შვილს – კონსტანტინე და ზვიად გამსახურდიებს…

თამარ გამსახურდია მირანდასთვის პირველი შვილი იყო, კონსტანტინესთვის – მეორე ასული. თამრი რომ დაიბადა, კონსტანტინეს უკვე ჰყავდა ქალიშვილი – ნათელა, რომელიც მას შეეძინა პირველი ქორწინებიდან, რევეკა ვაშაძისგან.
თამარ გამსახურდია დაიბადა ავბედით 1937 წელს, შინ დედ-მამის გარდა, 9 წლით უფროსი მამიდაშვილი –თათია ხაინდრავა დახვდა, რომელიც ბიძის –კონსტანტინეს ოჯახში იზრდებოდა. სწორედ ამიტომ, დედასთან, მირანდასთან ერთად, თამარის აღზრდაში სწორედ თათია ხაინდრავამაც შეიტანა წვლილი. შედგომში მხატვრული კითხვის დიდოსტატი, „ვეფხისტყაოსნის“ სწორუპოვარი მკითხველი, თათია ხაინდრავა სწორედ პატარა თამართან და ზვიადთან გადიოდა რეპეტიციებს, სწორედ მათ უკითხავდა „ვეფხისტყაოსანს“…

ცელქმა მაგრამ უპრეტენზიო თამრიკომ სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა და უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე შევიდა. შოთა მესხიას ხელმძღვანელობით ამუშავებდა ადრეფეოდალური ხანის ქალაქების ისტორიას. მონოგრაფია 1966 წელს დაასრულა და ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატიც გახდა. დისერტაციის დაცვამდე კი უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე ნახევარშტატზე და 40 მანეთ ხელფასზე დაიწყო მუშაობა უნივერსიტეტში… როგორც თათია ხაინდრავა იხსენებდა, თამარს მთელ შტატს აძლევდნენ და მეგობარს გაუყო…

ამბობენ, კონსტანტინეს ასულს შესანიშნავი ლექციები ჰქონდა. თათია ხაინდრავა ურჩევდა კიდეც რომ გამოსულიყო ტელევიზიით – „ვეუბნებოდი, შესანიშნავი ფაქტები გაქვს, მასალები, შესანიშნავი დიქცია, მაგრამ ვერ დავიყოლიე“ – იხსენებდა თათია ხაინდრავა ჩემთან, გაზეთ „ფიქრებისთვის“ საუბარში, ჯერ კიდევ 1997 წელს…

თამარ გამსახურდიას დაწყებული ჰქონდა მუშაობა ძველი საქართველოს სახელმწიფოებრივი სტრუქტურის პრობლემებზე, რომლის ნაწილი „პიტიახშის ინსტიტუტის საკითხისათვის“ გამოსცა კიდეც სომხეთის მეცნიერებათა აკადემიამ და აქ საქართველოს სამეცნიერო წრეებშიც დიდი დაინტერესება გამოიწვია…
საბჭოური რეჟიმისთვის უდავოდ არაორდინარული პერსონები ბინადრობდნენ კოლხურ კოშკში.
მათ გვერდით „ტრივიალურ“ ძაღლთან და კატასთან ერთად ეგზოტიკური ცხოველებიც იყვნენ, კონსტანტინეს ასულს, შინ მელიაც კი ჰყავდა, რომელსაც მელანოს ეძახდა. თამარს ორი შვლის ნუკრიც ჰყავდა –„ბიჭი“ – „კუკური“ და „გოგო“– „ნუკრი“. ფილმ „დიდოსტატის მარჯვენაში“ სწორედ თამარის შვლის ნუკრია გადაღებული.

სწორედ ამ შვლის ნუკრებმა ამცნეს გამსახურდიებს მოსალოდნელი უბედურება. ჯერ კიდევ მირანდა ფალავნდიშვილის სიცოცხლეში სრულიად უმიზეზოდ მოკვდა ნუკრი, შემდეგ კუკური. სულ მალე გარდაიცვალნენ მირანდაც და თამარიც…

თამარს შვილები არ დარჩენია, მაგრამ გადაგებული იყო თათიას და ზვიადის შვილებზე.
„მე რომ გოგონა შემეძინა, დედობაში მეცილებოდა. მახსოვს, უკრაინაში ქართული ხელოვნების და ლიტერატურის დეკადა იყო და ყველანი იქ მივდიოდით, დაემთხვა ისე რომ ჩემი გოგონა _ მირანდა პირველად უკრავდა კონკურსზე (თათია ხაინდრავას ქალიშვილი – მირანდა მევიოლინეა – რ.შ.), თამარს იმდენად უყვარდა ჩემი მირანდა რომ თავად დარჩა აქ და ჩვენ უკრაინაში გაგვიშვა. მირანდას ოპერაში ჰქონდა საჩვენებელი კონცერტი, გაოცებულები მიყვებოდნენ შემდეგ, როგორ მიიყვანა ჩემი გოგონა, როგორ დავარცხნა, როგორ ღელავდა მასთან ერთად კულისებში. მახსოვს რა გახარებულმა დაგვირეკა, პირველი ადგილი აიღოო. ზვიად რომ პირველი ვაჟი, კონსტანტინე შეეძინა, მასზე მთლად გადაირია, კოკოსთვისაც მამიდა დარჩა სალოცავ ხატად, ისევე როგორც ყველა ჩვენგანისთვის“ – იხსენებდა თათია ხაინდრავა.
თამარ გამსახურდიას უახლოესი მეგობრები იმდროინდელი თბილისის ზეპური ქალბატონები იყვნენ – მანანა ხიდაშელი, ნათელა ვაჩნაძე (რეჟისორ გიზო ჟორდანიას მეუღლე), დოდო მეტრეველი, ნუნუ ჩხუბიანიშვილი. იმდროინდელ თბილისში, მანანა ხიდაშელი და აგი აბაშიძე ულამაზეს წყვილად იყო აღიარებული. მანანა ხიდაშელი დიდი მხატვრის სოლიკო ვირსალაძის დისშვილი იყო, მანანა ხიდაშელის და აგი აბაშიძის ვაჟი იყო კინოვარსკვლავი ლევან აბაშიძე…
თამარ გამსახურდიას მეუღლე იყო კალათბურთელი გურამ მინაშვილი. დიდი კონსტანტინე უძლური აღმოჩნდა მათ დიდ გრძნობასთან, თორემ ამბობენ, კლასიკოსი დიდად არ სწყალობდა თამარის გრძნობას და არჩევანს.

„რას ვიზამთ, ყველა მამას უკეთესი უნდა შვილისთვის… მაგრამ ძალიან კარგად იყო განწყობილი მათ მიმართ“ –ამბობდა თათია ხაინდრავა.
ისე, როგორც ამბობენ, კონსტანტინეს, პიროვნული პრეტენზიები კი არ ჰქონდა სიძესთან, უბრალოდ ვერ ჰგუობდა იმ ფაქტს, რომ სიძე კალათბურთელი იყო… იმასაც ამბობენ რომ კონსტანტინეს ხშირად ჰყვარებია თქმა „ჩემი სიძე გურამი ფეხბურთელია“. როდესაც თამარი უსწორებდა „მამა, გურამი კალათბურთელია“, კონსტანტინე ჩაიცინებდა და იტყოდა, „რა მნიშვნელობა აქვს, ბურთს ხელით გამოეკიდები თუ ფეხით…“
საერთოდ ცნობილია, რომ დიდ კონასტანტინეს თავისი „ანგარიშები“ ჰქონდა სპორტის ამ სახეობებთან… მაგრამ იმდენად დიდი იყო გრძნობა, რომელიც თამარ გამსახურდიას და გურამ მინაშვილს აკავშირებდა, რომ კონსტანტინემ უკან დაიხია… ამბობენ რომ თამარი წარმოუდგენელი სიხარულით ელოდებოდა ქმრის ყოველ გამოჩენას. მისი გამოჩენისას ყოველთვის ისოწრებდა თმას… ისინი მხოლოდ სიკვდილმა დააშორა…
გარდაიცვალა მირანდა ფალავანდიშვილი, რაც საბედისწერო დარტყმა აღმოჩნდა თამარისათვის. როგორც თათია ხაინდრავა ამბობდა, ექიმების შედომამ და დაუდევრობამ იმსხვერპლა მირანდაც და შემდგომში თამარიც, რომელსაც სიმსივნე განუვითარდა.
დაიწყო გამომშვიდობების ხანგრძლივი პროცესია.
ოჯახის წევრების გარდა, მის სასთუმალთან იყვნენ მისი ბავშვობის მეგობრები, სტუდენტები, და – ნათელა გამსახურდია, რომელთანაც ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, დიდი მეგობრობა აკავშირებდა. ნათელა გამსახურიას ქალიშვილი შორენა, სასთუმალს არ მოშორებია, როცა თამარს ბოლო დღეები ედგა.
თამართან იყო მისი ძმა ზვიადი, რომელიც ყველაფერი იყო თამარისთვის.
„მახსოვს პატარა ლეკვი მოუყვანა საავადმყოფოში ზვიადმა“ – იხსენებდა თათია ხაინდრავა.
თამარზე უგვზოუკვლოდ შეყვარებული გურამი კი, რომელსაც განგებამ საყვარელ ადამიანთან განშორება არგუნა წილად, ერთადერთ ნუგეშს თამარის ნატვრების ასრულებაში ხედავდა.
…უკურნებელი სენით დაავადებული თამარი მარწყვს მოინატრებს. არადა არაა მარწყვის პერიოდი. გურამი წავა სადღაც რაიონში, სათბურის მარწყვს იშოვნის და ჩამოუტანს მომაკვდავ მეუღლეს…
მომაკვდავი თამარი ზღვის ნხვას მოიწადინებს. მოენატრება ლიძავა და ზღვა. ამბობენ რომ არაჩვეულებრივად ცურავდა და იდგა წყლის თხილამურებზე. როგორც კი ზღვა მოინატრა, ქმარმა ლიძავაში წაიყვანა, ვედროებით მიჰქონდა წყალი ზღვის ნაპირას მწოლიარე მეუღლესთან და ასხურებდა…
სიკვდილის წინ მელომანი ინატრებს კარაიანს, აჩვენებენ კონცერტს კარაიანის დირიჟორობით….
დაიღუპება თამარი, რაც მძიმე დარტყმა იქნება კონსტანტინესთვისაც, ზვიადისთვისაც, ნათესავებისთვისაც, მეგობრებისთვიუსაც და რაც მთავარია, გურამისთვის.
„თარაშ ემხვარი არ მოჰქცევია თამარს ისე, როგორც გურამი მოექცა ჩემს თამრიკოს. ერთ-ერთ პანაშვიდზე, გურამმა მთელი მანქანა ჩაის ვარდები მოიტანა და დააბნია გულზე თამარს. „მე მალე მოვალ შენთან“ – უთხრა მიცვალებულ თამარს. მადლობა ღმერთს რომ არ უსმინა გურამს.“ – იხსენებდა თათია ხაინდრავა…
თამარ გამსახურდია გარდაიცვალა 1975 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ გურამ მინაშვილს ცოლი აღარ შეურთავს… გარდაიცვალა 2015 წელს, თამარ გამსახურდიას გარდაცვალებიდან 40 წლის შემდეგ…
დაიბეჭდა “პრაიმტაიმში”.
გთავაზობთ ფოტოებს მირანდა ბარამიძის არქივიდან:


