Category Archives: გმირები

„ნუ გეშინიათ მეომრებო, თუ დავიღუპებით, იცოდეთ არასოდეს მოკვდებით. ჩვენ მუდამ ცოცხალები ვიქნებით“

გმირი სერგო მელია40477_121812251199713_1464468_n

რეზო შატაკიშვილი
ის ცხინვალში ხეთაგუროვიდან შევიდა, მიმდებარე სოფლების აღების შემდეგ.
ცხინვალის დამხობილ აბრასთან ჩამოჯდა თანამებრძოლებთან ერთად, სიგარეტის მოსაწევად.
გაგარასაც ასე ავიღებთ _ უთხრა თავის თანამებრძოლს.
სოხუმიც ასაღებია _ იყო პასუხი.
გაგრა რომ დაატოვებინეს, 14 წლის სერგუნა მელია იყო, მოსული, პუტკუნა, ფრიადოსანი ბიჭი, გარეთ თამაშს რომ წიგნების კითხვა ერჩია, საქართველოს ისტორიაზე რომ გიჟდებოდა მაშინაც და მერეც. წამოწოლილი კითხვის გამო რომ გულმკერდის დეფორმაცია მიიღო… მისი და და პატარა ძმა რომ გარეთ თამაშობდნენ, ის შინ იჯდა და დილით რომ ისტორიულ რომანს კითხულობდა, შუადღეს დეტექტივით ხალისობდა, საღამოს _ კიდე სხვა წიგნს კითხულობდა…
ბავშვობა სოფელ ახალაძეში გაატარა, ომის დაწყების პირველი დღიდან მტრის კონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოჩნდნენ. მამამ ზღვით სცადა ცოლ-შვილის გაყვანა, მაგრამ მოაბრუნეს და ალბათ ცოცხლები ვერც გადარჩებოდნენ, გაგრაში მცხოვრებ ბიძას რომ არ ემარჯვა _ ბიძამ გაგრაში აფხაზები დაიჭირა და საკუთარ ძმიშვილებში და რძალში გაცვალა. შემდეგ ძმაც გამოიხსნა, ამავე ხერხით.
იქ, ცხინვალის აბრასთან ჩამომჯდარს აუცილებლად გაახსენდებოდა, როგორც ჩაუწუილა გაცვლის დროს ტყვიამ 2 სანტიმეტრში, როცა თვალებახვეული მიწაზე იჯდა და სიმწრისგან ღიღინებდა… გაახსენდებოდა ის სიმწარეც და შემდეგ მთელი ცხოვრებაც დევნილობაში _ ჯერ აბაშაში, ბებია-ბაბუასთან, შემდეგ თბილისში…
გაახსენდებოდა და ალბათ გულს გაჰკრავდა კიდეც ფიქრი _ ამჯერად გადავრჩები?
მის ჯარისკაცებს ხომ დღესაც ახსოვთ მისი სიტყვები ბრძოლის წინ:
„ნუ გეშინიათ მეომრებო, თუ დავიღუპებით, იცოდეთ არასოდეს მოკვდებით. ჩვენ მუდამ ცოცხალები ვიქნებით“.
იარაღის დარიგებისას ხომ ეტყვის კიდეც თავის ბიჭებს _ დღეს ნახავთ ბიჭებო ლამაზ სიკვდილს ბრძოლის ველზე…
ლამაზ სიკვდილამდე გზაა. გულანთებული ბიჭის გზა, ჯანი მაინცმადამინც რომ არ ერჩოდა.
თვალცრემლიანი და _ ნანა მელია მიამბობს, სკოლა რომ დაამთავრა, კადეტთა კორპუსში უნდოდა ჩაბარება და მამამ არ გაუშვა, სერგო ნერვიულობდა, ცხოვრებას მინგრევო. „ასე სჯეროდა, ჯარში თუ შევიდოდა გაგრას დაიბრუნებდა…“. თავდაცვის აკადემიაში ჩააბარა. ისტორიაში ხუთი მიიღო, ქართულში – 4, მათემატიკაში _ 3 და ფიზკულტურაში _ 2… მაინც ჩარიცხეს, აღოჩნდა რომ აბითურიენტების 80 %-მა ფიზკულტურაში 2 მიიღო…
სერგო მელიას გული მიუწევდა ჯარისკენ და არა გაუვარჯიშებელი ტანი.
მაგრამ ყველა წინააღდეგობა გადალახა. ფიზიკურიც და მორალურიც.
„მამაჩემს ეუბნებოდა, ცხვარი გამზარდე და მგლების ხროვაში შემაგდეო… პირველ კურსზე რომ იყო, გამორბოდა, კარტში ფული წააგებინეს, არ იყო ძველი ბიჭი… ძლივს გავუშვით. ყველაფერს გაუძლო. კარანტინები ჰქონდათ, საშინელება იყო, მახსოვს ტკიპებიანი რომ მოდიოდა. თან საშინლად ალერგიული იყო, მაგრამ მაინც გაუძლო ყველაფერს. აკადემიის დამთავრების შემდეგ, სენაკში მსახურობდა 2 წელი, იქაც გაუსაძლისი პიურობები იყო, ხელფასი არც მიუციათ, საშინლად განიცდიდა, ბიჭები მშივრები არიან, ფეხსაცმელი არ აქვთ, ჩუსტებით როგორ ვარბენინო, რა ჯარი უნდა გამოვიდესო. რომ დაინახა რომ ტერიტორიების დაბრუნებაზე არავინ ფიქრობდა გული აიყარა, მოსკოვში ბიძაჩემთან წავიდა სამი წელი… ეს ხელისუფლება რომ მოვიდა და ჯარში სიტუაცია რომ შეიცვალა, ისევ დაბრუნდა და ჩადგა სამსახურში. ჯერ ფოთში, მსახურობდა, შემდეგ ბათუმში. შემდეგ მუხროვანში გადმოჰყვა მეგობარს. ბოლოს ვაზიანში მსახურობდა, მეოთხე ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონის მეორე მსუბუქი ქვეითი ასეულის მეთაურად“.
თავდაუზოგავმა ბრძოლამ საკუთარ ტანთან, შედეგი გამოიღო _ ფორმაში ჩადგა, ის კი არა, თურმე როცა ჯარისკაცებს სჯიდა ათ კილომეტრზე სირბილით, მათთან ერთად დარბოდა. დას ეტრაბახებოდა _ ლომებივით ბიჭები მყავსო.
ნანა მელია: „ასეული რაც ჩააბარეს, სალაპარაკოდაც ვეღარ ვნახულობდი. ვეუბნებოდი, ოფიცერი ხარ, ხომ შეგიძლია შენც მოხვიდე ოჯახში, როგორც სხვები დადიან-მეთქი. ბიჭებს რომ რამე დაემართოთ, ხომ მოსაკლავი მექნება თავი, მათ დედებს თვალებში როგორ შევხედოო. ნაწილიდან რომ გამოვიდოდა, სულ ტელეფონზე ეკიდა, აბა სად ხართ, რას აკეთებთ… მართლაც შვილებივით უვლიდა ბიჭებს. ნაწილიდან არ გამოდიოდა ფიზიკურად და რომ ვეუბნებოდი, ცოლი მოიყვანე მეთქი, მეუბნებოდა, მე სახლში არა ვარ და შენ მოგიყვანოო? თუ ნაწილში წავიყვანოო? ხუმრობდა…“.
გმირულად დაღუპვამდე 2 თვით ადრე _ 30 წელი შეუსრულდა. ცხოვრებაში პირველად გადაუხდია დაბადების დღე.
„ცხოვრებაში პირველად ჩააქრო სანთლები… არ ვიცი გული მიგრძნობდა რა იყო, არ ვიცი რისთვის ვამზადებდი ჩემს ძმას, რაღაც მიმინდა, მე ვუყიდე სანთლები, 30 წელი შეგისრულდა და სანთელბი უნდა ჩააქრო მეთქი. გაგიჟდა მეღადავებითო, ამხელა კაცს სანთლები რად მინდაო. ერთხელ ხომ უნდა ჩააქრო ბიჭო მეთქი… ჩააქრო სანთლები, არ ვიცი რა ჩაუთქვა, მაგრამ არ შეჩა ამ ქვეყანას…“
მისი სიცოცხლე მტერმა ჩააქრო ბომბებით _ ცხინვალთან, დუბოვაროშაში….
4 აგვისტოს ბაბუა გარდაეცვალა და სოფელში წაასვენა. 7 აგვისტოს დილით გამთენიისას დაურეკეს და გამოიძახეს. ჩამოვიდა თბილისში, ფორმა აიღო. ბიძაშვილს უკითხავს, რას იზამ, ჩამოხვალ, ბაბუაშენის გასვენებაში? პასპორტი მიუგდია _ თუ ცოცხალი ვიქენი ჩამოვალო…
წასულა. თავზარდაცემული დედის ზარებს არ პასუხობდა, არც დისას. შემდეგ თავად ურეკავდა. როცა სიჩუმის წამს დაიჭერდა გაგანია ბრძოლის დროს. რომ არ ენერვიულათ, ატყუებდა, ზარს მაქვს ჩაწეული და ახლა ვნახე დანარეკი და გირეკავთო. დედას 7-ში ღამით ეუბნებოდა, დამაძინე ახლა და შენც დაიძინე, გორში ვარ ნუ ნერვიულობთო. დას, 8-ში დილით _ ახლა გავიღვიძე, რა ხდება, რას ამბობენ ტელევიზორშიო და დაც იდგა და ბრძოლის ამბებს უყვებოდა ბრძოლის ველზე მყოფ, მთელი ღამე ბრძოლისგან დაღლილ ძმას… ამ დროს ძმას სამი სოფელის აღებაში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული, ცხინვალში იბრძოდა… უკანდახევისას მისი ასეული სხვა ასეულის მეთაურს _ ნატროშვილს ჩააბარეს, თავად შტაბს მიამაგრეს. ის და მისი მეგობარი მურად ტორჩინავა შტაბთან ერთად იბრძოდნენ. წინ მიდიოდნენ, მაგრამ მობრუნდნენ _ მტერმა ბენზინკალოკნას დაარტყა. იქ მელიას ასეულის ბიჭები აფეთქდნენ. ნატროშვილი ადგილზე ჩაიფერფლა. სერგო მელია ბიჭების ამოსაყვანად ჩავიდა. ამოიყვანა ერთი, მეორის ამოსაყვანად რომ ჩასულა, ჯავშანი გაუხდია, ვეღარ ვერევი, ერთი ამისიც, კაცი ვერ ამომყავსო… გაუხდია ჯავშანი, მოუკიდია მეორე დაჭრილიც და ამოუყვანია (ორივე დაჭრილი გადარჩა). მანქანაც მოიყვანეს მათ გადასაყვანად. სანამ დაჭრილებს მიხედავდნენ დაღლილი ბიჭები მიწაზე ჩამოსხდნენ _ სიგარეტის მოსაწევად. უკან მედდები ამაზადებდნენ დაჭრილებს გადასაყვანად.
სიგარეტს არ ჰქონდათ მოკიდებული რომ დაბომბვა დაიწყო _ ტანკებს დაარტყეს. „ტანკებს დაარტყეს“- არ ჰქონდათ ერთმანეთისთვის ბიჭებს ნათქვამი, რომ მათ უკან აფეთქდა ბომბი…
მურად ტორჩინავა 7 მეტრზე გაისროლა, ადგილზე რომ მივიდა, ნახა _ ზვიად მემარნიშვილს ჩაფხუტი გახეთქვოდა და ტვინი გადმოსდიოდა, მაგრამ გონს იყო (დღემდე ვერ მეტყველებს). სერგო მელიაც იქვე ეგდო _ მიწა ეყარა. გადაფერთხა მიწა. სისხლი ვერსად ნახა, მაგრამ თვალები ჰქონდა ოდნავ ღია და პირი. უგონოდ იყო. რაკიღა სისხლი ვერსად ნახა, ხელოვნური სუნთქვის ჩატარება სცადა, მაგრამ რეაქცია არ იყო…
ეს მოხდა დუბოვა როშაში… 8 აგვისტოს ნაშუადღევს.
მანქანა იმ დაჭრილებით დატვირთეს, რომელიც გონს იყვნენ და მანქანა წავიდა. სერგო დატოვეს. აზრზე რადგან არ იყო…
თვითონ ფეხში დაჭრილმა ტორჩინავამ ტყიდან ტრასამდე ატარა ძმაკაცი. ტრასაზე დაქოქილი სატვირთო მანქანა ნახეს, გადაწყვიტეს დანარჩენი დაჭრილები და გარდაცვლილები იმ მანქანით გამოეყვანათ. სერგო მელია აიყვანაეს მანქანაზე და… მანქანა ჩაქრა. ნამსხვრევი მოხვედრია და მწყობრიდან გამოსულა. ვეღარ დაქოქეს.
„მარტო ჩემი ძმა დარჩა მანქანაზე დაწვენილი. სხვები აღარ დაუწვენიათ. მერე უკანაც დაუხევიათ და ის მანქანა იქ დატოვეს…“.
ოჯახმა სერგოს ძებნა დაიწყო და „ენეტვეს“ კადრებში ამოიცნო…
ფიფილოვი 8-შივე იყო შესული ცხინვალში, გადაიღო კიდეც ის სატვირთო მანქანა, სადაც სერგო მელია ესვენა, გამოაცხადა კიდეც, „აი, დაღუპული ქართველი ოფიცერი, რომლის გაყვანა ვერ შესძლეს და დატოვესო…“.
ნანა მელია: „შემდეგ ფიფილოვსაც ვესაუბრეთ, გვითხრა, „ფეესბეს“ ვყავდი შეყვანილი და მქანანაზე ასვლის საშუალება არ მომცეს, ამიტომ ზუსტად არ ვიცი, მკვდარი იყო თუ ცოცხალიო. მაგრამ ერთს გეტყვით, ის კაცი იქ არ დაუტოვებიათო. იმედი გაგვიჩნდა, ვიფიქრეთ, იქნებ ცოცხალია, იქნებ ტყვედაა, იქნებ ფეესბემ აიყვანა… მაგრამ 29 დეკემბერს მოვიდა დეენემის პასუხი, რომ ჩემი ძმა განისვენებს მუხათგვერდის სასაფლაოზე. იმ 43 კაცში იყო, რომელიც 26 აგვისტოს გადმოასვენეს…
როგორ შემდეგ გაირკვა, ის მანქანა იმავე ღამეს გამოიყვანეს, იმ ადგილიდან 200-300 მეტრში ჩამოაგდეს, არ ვიცი იქამდე მანქანით გადაიყვანეს და მერე ჩამოაგდეს თუ ისე ათრიეს… ცხედარი რომ გავხსენით, მავთული ჰქონდა ხელზე მობმული…
ჩემი ძმა დაპლა და ორჯერ დაწვეს… პირველად ხეები დააყარეს, და წაუკიდეს, კადრშიც ჩანს, მეორედ ბენზინი დაასხეს და დაწვეს… მერე აღმოჩნდა მუხათგვერდის სასაფლაოზე, კბილებით ვიცანი… ისეთი გახრწნილი იყო ცხედარი, რაღას დაადგენდნ, რით მოკვდა… ზუსტად არავინ არაფერი იცის. სისხლი არ იყოო, მერე თქვეს, იღლიის ქვეშ იყოო. შეიძლება წნევისგან ისედაც მომკვდარიყო…»
ის დაეცა ბრძოლის ველზე. დაეცა გმირულად და ეს დაეცემა არ იყო შემთხვევითი, მან იცოდა სად მიდიოდა… თანამებრძოლები იხსენებენ რომ მუდამ წინ იწვდა, რომ რამდენჯერმე ძლივს მოატრიალეს… გრძნობდა სიკვდილის მოახლოვებას, ალბათ იმასაც რომ აუხდენელი რჩებოდა ნატვრა _ გაგრის აღება…

დაიბეჭდა „პრაიმ თაიმში“, შესულია „პრაიმ თაიმის“ გამოცემულ წიგნში „გმირი“

თუში გმირი

რეზო შატაკიშვილი

ის ერთი ალვანელი ალვასავით მაღალი თუშის ბიჭი იყო. დღეს გმირია. დედამისს დღემდე არ სჯერა რომ ის მკვდარია. და როგორც ორჯერ ორი რომ ოთხია ისე იცის რომ მისი შვილი ცოცხალია. დღემდე ცრემლი არ ჩამოვარდნია თუშის ქალს… ის შვილს დღესაც ელის. ელის რადგან ასე უთხრა ოსის ქალმა, ნათესავმა რომლის შვილიც ოსურ ჯარში მსახურობს… თუმცა სხვას ამბობს „დეენემი“…

გიორგი ანწუხელიძე ახმეტაში, ალვანში დაიბადა, გაჭირვებულ ოჯახში, 13-იოდე წლის ბიჭი იყო, მეწყერმა მათი სახლი რომ დაანგრია და ოჯახი აიყარა და ვაზიანში გადმოვიდა. მისი მეუღლე მაკა ჩიკვილაძე გვიამბობს რომ მის გმირ მეუღლეს დალხენილი ბავშვობა ნამდვილად არ ჰქონია. მამა ავადმყოფი იყო, ვერ მუშაობდა და გიორგის ჯერ კიდევ პატარაობიდან დააწვა მძიმე ტვირთი – დედასთან ერთად ის ინახავდა ორ დას, მამას, გამზრდელ მამიდას, მუშაობდა, ცხვარში დადიოდა, მერე ჯარში გაიწვიეს და მას შემდეგ ჯარში მსახურობდა, 24 წლის 18 აგვისტოს უნდა გამხდარიყო… ომში რომ წავიდა მისი ბიჭუნა ლევანი 10 თვის იყო, მეუღლე – მეორე ბავშვზე ფეხმძიმედ, 2 თვის ფეხმძიმე, ისე წავიდა ომში, ბავშვის სქესი არ იცოდა, უნდოდა გოგონა ჰყოლოდა, გოგონა ჰყავს – ანა ჯერ 3 თვისაც არაა… ანამ დაბადებამდე იგლოვა მამა – ყველა სტრესი მასზე გადავიდა და რომ დაიბადა ცალი ფილტვი დახურული ჰქონდა, თვენახევარი აპარატზე იყო იაშვილის კლინიკაში, თავდაცვის სამინისტროს თანადგომით, ექიმთა ძალისხმევით ანა მდგომარეობიდან გამოვიდა, დღეს შინაა დედასთან, თუმცა კვლავ ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშაა… მისმა გმირმა მამამ და დედამისმა კი ერთმანეთი ამ სამი წლის წინ რესტორანში გაიცნეს. მაკა ჩიკვილაძე ახლობლის დაბადების დღეზე იყო, გიორგი სხვა ჯარისკაცებთან ერთად _ სავახშმოდ შესული იმ რესტორანში, მერე სუფრები გაერთიანდა, მაკამ ახლოს გაიცნო გიორგი, რომელიც ადრეც ენახა. „იმ საღამოს შემდეგ კი რეკავდა ხშირად. ვხვდებოდით, თუმცა ბევრჯერ არც შევხვედრივართ, გიორგი მალევე წაიყვანეს ორფოლოს პოლიგონზე, დღეში ათასჯერ მირეკავდა, დავიწყების საშუალებას არ მაძლევდა, პოლიგონიდან რომ დაბრუნდა, დამირეკა, ნახვა მინდაო, მე არ გავედი, გვიანი იყო და გამიბრაზდა. მერე ისევ იმ რესტორანში ვნახეთ შემთხვევით ერთმანეთი, ვილაპარაკეთ და… ტაქსი გააჩერა, გაგაცილებო და დეიდამისთან წამიყვანა, აღარ გამომიშვა…“მაშინ გიორგი სენაკში მსახურობდა, შინ იშვიათად იყო. შემდეგ კუჭის წყლულმა შეაწუხა, ჰოსპიტალში მკიურნალობდა, ჯარს ჩამოშორდა, ოჯახს გაუჭირდა, ისევ აღიდგინა თავი, მეოთხე ბრიგადაში დაიწყო მუშაობა მეტყვამფრქვევის თანაშემწედ, ომამდე 2 თვით ადრე. 6 აგვისტოს ცოლ-შვილი გორის რაიონში ძევერაში გააცილა. „კარგად მახსოვს ოთხშაბათი იყო და ვთხოვე იქნებ პარასკევს ჩამოხვიდე მეთქი, კიო ჩამოვალო, რაღაც არ გვინდოდა თითქოს დაშორება, თითქოს ვგრძნობდით… საშინელება ატყდა, თავიდან მიწისძვრა გვეგონა, მთელი სახლი ზანზარებდა, სარდაფში ვიმალებოდით, მე დამირეკეს ნაწილიდან, გიორგის ზარი ჰქინდა გათიშული ტელეფონზე… მამიდამისთან დავრეკე, გვიანი იყო, მამიდამ გააღვიძა გიორგი, იმ ღამეს წავიდა ომში. 7 რომ თენდებოდა…  ვუთხარი, შეიძლება ცხინვალში წაგიყვანონ და თავს გაუფრთხილდი მეთქი…“ომი დამთავრდა, ჯარი თბილისში დაბრუნდა, გიორგი არ ჩანდა. არც ცოცხალი, არც მკვდარი. ოჯახს გიორგი დაღუპული ეგონათ. ყველგან ეძებდნენ. ოქტომბერში, ნათესავი, ოსის ქალი, რომლის ვაჟიც ოსურ ჯარში მსახურობს, ეტყვის რომ გიორგი ცოცხალია და ორი კვირის წინ ვლადიკავკაზში გადაიყვანეს. ოჯახს იმედი გაუჩნდება, მეტიც დარწმუნედებიან რომ ცოცხაკლია, თან „კვირის პალიტრაში“ წაიკითხავენ რომ „ალანია“ იღებს ფილმს, სადაც არის კადრები თუ როგოირ აწამებენ ოსები ქართველ ჯარისკაცს, მეოთხე ბრიგადის სერჟანტს – გიორგი ანწუხელიძეს. ოჯახი „ალანიას“ მიაკითხვას, და ფილმის გასვლამდე ნახავს კადრებს, სადაც გიორგი წელსზემოთ შიშველია, თავჩაღუნული, სცემენ, ზედ ადგებიან, ეკითხებიან, სად იყავი გიორგი გუშინ? გიორგი პასუხობს აზრზე არ ვარო, გონებას კარგავს, წყალს ასხამენ. ზუსტად არ იციან როდინდელია ეს კადრები, ტელეკომპანია ამბობს რომ აგვისტოს კადრებია. „გიორგი ტყვედ ჩავარდა. მისი ძმაკაცი, თანამებრძოლი იყო ამოსული ჩვენთან, ნასვამი იყო და გვითხრა, ამას არ უნდა გეუბნებოდეთ, მაგრამ გიორგი დაჭრილი დაიჭრა ფეხში, 9 აგვისტოს, ბოლო შეტაკების დროს, სამმა ბიჭმა ნახა, ეხვეწებოდა გიორგი, აქ არ დამტოვით, წამიყვანეთ, სახლში ფეხმძიმე ცოლი მყავსო და არ წამოიყვანეს, მძიმე ხარ და ვერ გათრევთო. და ტყვედ ჩავარდა. ვერ გავარკვიეთ ვინ იყო ის სამი კაცი. არ ვიცი, ეჭვი მაქვს რომ თვითონ იყო იმ სამიდან… ალბათ ძალიან მძიმედ იყო დაჭრილი, თორემ გიორგი ტყვედ არ ჩავარდებოდა. ისიც ვიცი რომ ჩემი ქმარი ასე არავის მიატოვებდა…ვიცოდით რომ ცოცხალი იყო და ვეძებდით, მაგრამ მერე 20 იანვარს მოგვივიდა პასუხი, რომ დაიღუპა, ბოლოს რომ გადმოასვენეს 10 მიცვალებული, ნოემბერში იქ ამოვიდაო. იმის მერე აგვერია ყველაფერი, ვეღარ გავიგეთ, მკვდარი იყო თუ ცოცხალი. გიორგი ტყვედ იყო ჩავარდნილი და ამოვიდა ომში დაღუპულ ბიჭებთან ერთად… არადა, იმ კადრზე ჩანს რომ გიორგი მარტოა ტყვედ… გვეუბნებიან დახვრიტესო, ერთ დღეს ეგ კადრები გადაიღეს, მეორე დღეს დახვრიტესო. დასკვნაც მოგვივიდა თავდაცვის სამინისტროდან რომ დაღუპულია. ტყვეობის ამბებს ახლა სამხედრო პოლიცია იძიებს. „დეენემზე“ ეჭვი არ მაქვს, ყველასი დაემთხვა და რა ვიცი… თან აღწერილობაში წერია, რომ კბილები არ აქვს, გიორგის ისე სცემდენენ რომ კბილები არ შერჩებოდა, მაგრამ გვამის სიმაღლე არ ემთხვევა, ჩემი ქმარი 195 სმ იყო, იქ 182 სმ წერია…გვამის ამოსაცნობადაც იყო წასული ჩემი და და გიორგის სიძე, ამოსაცნობი არაფერი იყო, ცარილეი ჩინჩხიღა იყო… ღუდუშაურის კლინიკაშიც ვიყავით მისული, ნაკაშიძესთან, გიორგის ოცეულში იყო ის ბიჭი, ისიც ტყვედ იყო ჩავარდნილი, გამოიხსნეს, ჯერ თავს იკავებდა, მერე თქვა, ბოლო დღემდე ერთად ვიყავითო, შეტაკება რომ მოხდა, გიორგი პირქვე ეგდო ძირსო, გაუნძრევლად იყო, მკვდარი იყო თუ დაჭრილიო, ვერ იხსენებს, ხან ერთს ამბობს ხან მეორეს… ეჰ… ნაიწლიდან რომ მოვიდოდა სულ სახლში იყო ჩვენთან, სულ ბავშვთან იყო. აძინებდა, უცვლიდა. რამდენჯერ შევსულვარ, ზევიდან ეწვინა გულზე და ეგრე ეძინათ მამა-შვილს… 27 ივლისს თანაცხოვრების ორი წელი შეგვისრულდა, 6 აგვისტოს მერე აღარც მინახავს, აღარც მილაპარაკია, ვურეკავდი, მაგრამ სულ მიუწვდომელი იყო, ტელეფონი აქ ჰქონდა დატოვებული… დეკემბერში ერაყში მიდიოდა, სულ ვეხვეწებოდი არ წახვიდე მეთქი, ერთი წელი რა გასძლებს მეთქი უშენოდ და ახლა სულ წავიდა…“

მან სიცოცხლე გაიმეტა ჩვენთვის და ჩვენ?

რეზო შატაკიშვილი
8 აგვისტო. ცხინვალი აღებულია. ნაომარი ბიჭები ხეთაგუროვოში, ტყეში ისვენებენ. ჩაფხუტები მოიხსნეს, ჟავშან-ჟილეტები გაიხადეს. მოეშვნენ.
მეთაური ბიჭებს ეტყვის, არ გეგონოთ რომ ომი უკვე მოვიგეთ, ჩაიცვით, დაიხურეთ… იმდენად დიდია პირველი გამარჯვების სიხარული, რომ ბიჭებისთვის ომი მოგებულია.
გიორგი ჯავახიშვილი ალბათ უბედნიერესი კაცი იყო იმ წამებში. აკი უთხრა კიდეც მამამისს, როდესაც ჯარში სამსახური დაიწყო, შენი დაწყებული საქმე უნდა გავაგრძელოო. მამამისი იბრძოდა სამაჩაბლოში, შემდეგ აფხაზეთში, თან იბრძოდა პარტიზანულად, 1994 წლმდე, სანამ არ დაინვალიდდა. პატარა გიორგი მაშინ ხუთიოდე წლის იყო, მთელი ცხოვრება ომში დაინვალიდებულ მამას უყურებდა, ცალი მხარი რომ წართმეული ჰქონდა. მაგრამ 18 წლის გახდა თუ არა, ვიდრე გაიწვევდნენ, მანამდე თვითონ მიაკითხა ჯარს და ვაზიანში, მეოთხე ბრიგადაში დაიწყო სამსახური.
ალბათ იწვა ხეთაგუროვის ტყეში და ფიქრობდა რომ მამის დაწყებულ საქმეს აგრძელებდა, თან ვაჟკაცურად. ჯერ არ იცოიდა, გმირი თუ გახდებოდა. შეყვარებულიც გაახსენდებოდა, თამუნა. ცოლად რომ არ გაყვა, ჯერ ერაყი მოიარე და მერე გამოგყვებიო, რომ უთხრა. ამაყი იქნებოდა, წარმოიდგენდა, როგორ დაბრუნდებოდა რუსთავში გამარჯვებული, როგორ მივიდოდა, როგორ ეტყოდა, ანდა სულაც არაფერს არ ეტყოდა და შეხედავდა ამაყად… დედა აუცილებლად გაახსენდებოდა, დედა, რომელსაც მეგობრის ტელეფონით დაურეკა და მოატყუა, ქუთაისში ვართ წრთვნებზეო. მოატყუა, რომ არ ენერვიულა. არადა, დედაც, მამაც, მთელი ოჯახი იქვეა, გიორგის მშობლიურ სოფელ ქსუისში. ასეთ ამაღლებულ წამებში თავისი ჩაყრილი ატამი ალბათ არ გაახსენდება, იმ წელს პირველად რომ მოისხა ნაყოფი. ეს ომის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე რომ ნახა დახუნძლული, მაშინ გაუხარდა, ახლა ატამი რა მოსატანია, როცა… როცა წამი და გმირი გახდები. როცა წამი და უკვდავებას ეზიარები.

ავიაცია ტყის დაბომბვად დაიწყებს.
ყუმბარის ნამსხვრევი თავში დაჭრის გიორგის. მაგრამ დაინახავს თუ არა,
ტრიალ მინდორზე დაჭრილ კაპიტანს, ორ ბიჭთან ერთად გაიქცევა გამოსაყვანად. ასმეთაური შამათავა არ უშვებს, დაჭრილი ხარ, დარჩიო. ვერ დააკავებს, ის მაინც შევარდება გამოსაყვანად. და… სნაიპერის ტყვია. ისევ თავში. დაცემა უგონოდ. სნაიპერის ტყვია მეორე ბიჭსაც მოხვდება. ისიც დაეცემა _ ოღონდ უკვე უსულოდ. თანამებრძოლები შევარდებიან, კაპიტანსაც მოაფარებენ ნანგრევებს (ის გადარჩება) და გიორგისაც და მის თანამებრძოლსაც გამოიყვანენ. გიორგი უგონოდაა, ოდნავ ფეთქავს. მეორე მკვდარია. ღრიალი ასმეთაურის _ ეს ბავშვი გაიყვანეთ როგორც გინდათ… ის მართლაც ბავშვი იყო _ მხოლოდ 19 წლის.
ახლა, მე მის სახლში ვზივარ, რუსთავში, სადაც დიდებასთან და სევდასთან ერთად, უკიდურესი სიღარიბე სუფევს და ვაცნობიერებ დასასმელი კითხვის იდიოტურობას, “მომიყევით მის ბავშვობაზე”, ვაცნობიერებ რომ გიორგის დედას, ქალბატონ ფატის მართლაც და არაფერი აქვს მოსაყოლი გიოს ბავშვობისა და გმირული დაღუპვის გარდა.
გიორგი გარდაბანში დაიბადა. 9 კლასი რუსთავში, მეექვსე სკოლაში დაამთავრა. მერე ოჯახი მშობლიურ სოფელ ქსუისში გადავიდა საცხოვრებლად _ იქ მარტოხელა ბებია ჰყავდათ მისახედი, თან ინვალიდი მამისთვისაც უფრო იოლი იქნებოდა, ეზოში გასვლის მაინც არ მოერიდებოდა. სკოლა იქ დაამთავრა. ჯარში წავიდა.
„ჩუმად შეაგროვა საბუთები, მე წინააღდეგი ვიყავი“ _ ჰყვება თვალცრემლიანი დედა _ „მამამისი ხშირად უყვებოდა ბრძოლების ამბებს. ისტორია უყვარდა ძალიან. ხატავდა, კარგად სწავლობდა, სამხედრო აკადემიაში უნდოდა ჩაბარება. ვერ გეტყვით რომ ფიზიკურად ძალიან ძლიერი ბავშვი იყო, სუსტი ბავშვი იყო, მაგრამ ძალიან უყვარდა ვარჯიში, სულ ვარჯიშობდა. ბოლო ერთ თვეს ისე დავაჟკაცდა… ძალიან დავაჟკაცდა ბოლო თვეს… ბოლოს ომამდე ერთი კვირით ადრე ვნახე, სოფელში იყო ჩამოსული, მოწყენილი, სევდიანი იყო. თავის პატარა ბლოკნოტში ავტომატს ხატავდა… გამოვკითხე, რატომ ხარ მოწყენილი, ეს არეულობა რომაა თქვენ ხომ არ უნდა გაგიძახონ თქო, არაო, დამამშვიდა. თამუნა არ მომყვება და მაგაზე ვდარდობო. დავამშვიდე. ძალიან უხაროდა, მის დარგულ ატმებს რომ კარგად ესხა. ნახე დედა, რა კარგად ასხია ჩემს ატმებსო, დამწიფებას ვერ მოესწრო. ვერ მოესწრო ვერაფერს…
არ დავუჯერე როცა მითხრა, ქუთაისში ვართო. თვითონ ტყვიების წვიმაში ვიყავით, 8 აგვისტო რომ დაღამდა, მაშინ გაგვიკეთა ჯარმა კორიდორი და გამოვედით. მანამ რამდენი კოლონაც შემოვიდოდა, გიორგის ვეძებდი, რა ვიცოდი რომ იქ იყო ჩემი შვილი, თორე რა წამომიყვანდა…
9 აგვსტო თენდებოდა, გარდაბანში, დედაჩემთან რომ ჩამოვაღწიეთ. იმ საღამოს კი გამაგებინეს რომ გიორგი რესპუბლიკურ საავადმყოფოში იწევა, კომაში იყო. მთელი ერთი კვირა ველოდებოდი რომ ხმას ამოიღებდა. როგორ არ ეცადნენ ექიმები, მაგრამ ვერაფერი ვერ უქნეს ჩემს პატარა ბიჭს… ზოგჯერ არც მჯერა რომ აღარაა ჩემი გიორგი…
ნაწილში რომ მივდივარ თავლებცრემლიანი მხვდებიან ხოლმე ბიჭები. გიორგი კარგად ვერ დავიცავითო. სულ 8 თვე იმსახურა და ძალიან დიდი სიყვარული დაიმსახურა. ალბათ ამიტომაც არ დამიტოვეს ამ ბიჭებმა ცხინვალში და გამომიყვანეს… ყველას გული დასწყვიტა ჩემმა პატარა გიორგიმ, მის ბიძაშვილებს და მამიდაშვილებს მოსვლა აღარ უნდათ აქ, მარტო ცარიელი სურათები რა არის, გიოს სიცილი გვენატრებაო, ძალიან მხიარული იყო. მხიარულობა უყვარდა, მღეროდა… ერთ რამეზე მწყდება გული, ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენი მისცეს, სიცოცხლე გასწირა ბავშვმა და მეტი რა უნდა გაეკეთებინა 19 წლის ბიჭს, ნუთუ პირველი ხარისხის ორდენი არ ეკუთვნოდა? ჩემი პატრა ბიჭი სათანადოდ არ დააფასა მთავრობამ… ახლა 19 მაისს, მიჩურინის ქუჩას დაერქრვა გიორგი ჯავახიშვილის სახელი… ხომ ასეთი უბედური დედა ვარ და მაინც მეამაყება რომ ასეთი გმირი შვილი გამიზრდია, თვალსა და ხელს შუა გამიზრდია ჩემი პატარა ბიჭი. ეჰ…“
მართლაც და მეტი რა ევალება 19 წლის ბიჭს, ან რით არააა პირველხარისხოვანი გმირობა ბიჭის, რომელიც მთელი ბავშვობა ომის ცოცხალ მსხვერპლს უყურებდა შინ, მაინც არ შედრკა, მაინც თვითონ წავიდა ჯარში, არც მაშინ დამფრთხალა როცა თვითონ თავში დაიჭრა და სხვის გამოსაყვანად, თანამებრძოლის გადასარჩენად გაიქცა კიდე? ან რა არშინით ვზომავთ გმირობას? მან სიცოცხლე გაიმეტა ჩვენთვის და ჩვენ?
დაიბეჭდა „პრაიმ თაიმში“, შესულია „პრაიმ თაიმის“ გამოცემულ წიგნში „გმირი“

„დე, სანთელი მაინც დაანთე ჩემზე…“

გმირი სერგეი გოროზია

რეზო შატაკიშვილი
მან თავის სოხუმი დაიბრუნა ცხინვალში. 9 სოფელი, ცხინვალამდე შეუსვენებლივ – შეძახილით წინ!!!!!! არც ცხინვალში შესჭრილს შეუსვენია ერთი წამი. თანამებრძოლები გაიხსენებენ, რომ არასოდეს უნახავთ ასეთი ბედნიერი ადამიანი, როგორც სერგეი გოროზია იმ ღამით იყო ცხინვალში. არავინ იცის საიდან იღებდა იმ ზღვა ენერგიას ის გაწლეკილი ბიჭი… ერთად დადუმდა მისი ტყვიამფრქვევი და გულისცემა…
სოხუმში დაბადებული, გალში გაზრდილი ბიჭი ქართულ ჯარში შევიდა. და ცხინვალთან დაეცა გმირულად.
ჯარში შესვლამდსე ცოტა ხნით ადრე, დედას სოხუმში გაეპარა, ფიცი დადო სომხების მიერ მოკლულ მამის საფლავთან რომ ქართულ ჯარში შევიდოდა და სოხუმს დაიბრუნებდა. სოხუმი ვერ დაიბრუნა, ამდენი ვერ შესძლო, მაგრამ საარაკო გმირობის ჩადენა შესძლო…
ის სულ 20 წლის იყო.
სერგეი ნანატრი შვილი იყო, მისი მშობლები 4 წელი ელოდნენ შვილს…
სერგეი მეხუთე წელს დაიბადა. დედაც მზია კვირკველიაც ნახევრად რუსი ჰყავდა და მამაც – კონსტანტინე გოროზიაც – ორივე ბებია ეროვნებით რუსი იყო. ოჯახშიც ძირითადად რუსულად საუბრობდნენ, მაგრამ როგორც სერგეის დედა იტყვის ქართველობა, სამშობლოს სიყვარული, მათ ოჯახში არასოდეს მდგარა მეორე პლანზე.
მოკლედ, მათი ოჯახი რუსულენოვანი ქართული ოჯახი იყო და არა გარუსებული ქართველების. საოჯახო ბიბლიოთეკაში თუ რამე მოეპოვებოდათ _ საქართველოს ისტორია, ქართველი მწერლები, რუსულად მაგრამ ქართველი მწერლები _ რუსთაველიდან დუმბაძემდე…
სერგეი რომ დაიბადა, სამამულო ომიდან ლეიტენატის წოდებითად დაბრუნებული ბაბუა ცოცხალი უკვე აღარ იყო, მაგრამ შინ ინახებოდა აურაცხელი ჯილდოები – ორდენები, მედლები, რომლებსაც პატარა სერგეი ხშირად პარავდა ბებიას და მკერდს იმშვენებდა… დედა გაიხსენებს რომ სერგეის პატარაობიდანვე ჰქონდა მიდრეკილება სამხედრო ნივთებისკენ –თვალი სულ სამხედრო ქუდებისკენ, ავტომატებისკენ გაურბოდა და სულ მათ ყიდვას ითხოვდა…
2 წლის იყო სერგეი მის მშობლებს გოგონაც რომ შეეძინათ, 90-იანი წლებიც დაიწყო და ქვეყანაც აირია. ომგამოვლილ ბებიას ჯერ კიდევ 9 აპრილის შემდეგ უგრძნო გულმა – აქ ცხოვრება უკვე დამთავრდა, აქ ცხოვრება უკვე გასუსაძლისი გახდებაო და აფხაზეთის ომამდე, მათ ოჯახში დაიწყო ომი –ბებია კატეგორიულ;ად ითხოვდა სოხუმიდან საცხოვრებლად რუსეთში გადასულიყვნენ, სერგეის მამა კი სასტიკ უარზე იყო – მე დავიბადე და მოვკვდები აფხაზეთში – ასეთი იყო მისი პოზიცია.
შვილმა გაიმარჯვა. ოჯახი არ წავიდა არსად.
დაიწყო ომი. ამ დროს სერგეის მშობლები ბავშვებიანად, გალში, ენგურჰესის დასახლებაში იმყოფებოდნენ სტუმრად _ სერგეის დედ-მამის ოჯახში. ომი მძვინვარებდა, რუსები რომ ენგურის ხიდს მოადგნენ, სოფელში პანიკა ატყდა, დედაწულიანად იყრებოდა სოფელი.
მზია კვირკველია: „ჩვენც ავიბარგეთ. ჩემს მშობლებს უნდოდათ ჩვენ ბავშვებიანად გადმოსვულიყავით ზუგდიდისკენ და თვითონ დარჩენილიყვნენ გალში. მაგრამ ჩემმა მეუღლემ გადაწყვიტა _ ჩვენ არსად არ მივდივართ. გაჯიუტდა. მაგრამ ეს არ იყო ბავშვური გაჯიუტება, ეს ზრდასრული ადამიანის გააზრებული პოზიცია იყო. დავრჩით. საბერიოში, (ასე ჰქვია ენგურჰესის დასახლების იმ ნაწილს სადაც ჩვენ ვცხოვრობდით), ერთადერთი ოჯახი ვიყავით. ჩვენგან ენგურის ხიდამდე 12 კილომეტრია. მთელი 16 წელიწადი იქ გავატრეთ. 3-4 წელი ფეხი არ გაგვიდგამს ამ საბერიოდან. დიდი სირთულეები გადავიტანეთ. კიდე იმან გვიშველა რომ ენგურჰესთან ახლოს ვცხოვრობდით და აფხაზებს ბრძანება ჰქონდათ ჰესის გარშემო, 5 კილომეტრ რადიუსში მოსახლეობას არ შეხებოდნენ, ენგურჰესის უსაფრთხოების მიზნით, თორემ ჩვენი დარდი ვის ჰქონდა. ასე გადაურჩა ჩვენი სახლები გადაწვას. მერე ნელ-ნელა შევეჩვიეთ სიტუაცაიას და დავიწყეთ სიარული სოხუმში, ჩემი ქმრის დედას მივაკითხეთ. რაკი ჩემი მეუღლე იარაღით ხელში არ იბრძოდა, სოხუმში შესვლის და ცხოვრების უფლება მოგვცეს… დავდიოდით სოხუმში. მერე ჩემი ქმრის დედა ლოგინად ჩავარდა, მე აქეთ მოხუც, ბრმა დედას ვერ ვტოვებდი, ჩემი ქმარი წავიდა დედამისის მისახედად. დედამისი რომ გარადიცვალა, სახლი ვერ გაიმეტა მისატოვებლად და დროდადრო დავდიოდით აქეთ-იქით. შესახედვად კი გავდა უფრო რუსს, ვიდრე ქართველს, მაგრამ მისი იქ ყოფნა სახიფათო იყო, ლაპარაკში მაინც ქართველობდა და სულ იმის მეშინოდა არ მოეკლათ…“
ცოლ-შვილს სამი თვე არ ენახა მამა. დედამ 14 წლის სერგეი თან გაიყოლა და სოხუმში წავიდნენ. საკუთარ ეზოს რომ მიუახლოვდნენ, დედა საშინელმა წინათგრძნობამ შეიპყრო. ბიჭიც შეამზადა _ ყველანაირი უბედურებისთვის მზად იყავი, შეიძლება მამიკო ცოცხალი არ დაგვხვდესო… ბიჭი იქით ამშვიდებს წინათგრძნობას აყოლილ დედას.
ეზოში სომეხი მეზობელი, კარის მეზობელი დახვდათ, ვისთან ერთადაც გაიზარდა და მთელი ცხოვრება გაატარა კონსტანტინე გოროზიამ…
მზია კვირკველია: „მათი იქ ყოფნა არ გამკვირვებია, კარის მეზობლები იყვნენ, გვეიმედებოდნენ. ვკითხე კოსტია სადაა მეტქი. „კოსტია უმერ“ _ ცივად მიპასუხეს… სამი თვის წინ დაღუპულა… რატომ არ გაგვაგებინეთ, ან აქ რას აკეთებთ მეთქი? ჩვენ აქ ვცხოვრობთო. სახლი დაუსაკუთრებიათ, უკვე იქ ცხოვრობენ თურმე. როგორ თუ აქ ცხოვრობთ მეთქი? ცინიკურად მიპასუხეს, მე მგონი შენ ვერა ხარ, ვერ გრძნობ შენ ვინ ხარ და ჩვენ ვინ ვართ, ნუ გავიწყდებათ ქართველები რომ ხართო…
საიდანღაც მოსულმა რუსმა ან აფხაზმა კი არ წაგვართვა სახლი, საკუთარმა კარის მეზობელმა, სომეხმა… ჩემი ქმარი აივანზე უპოვიათ მკვდარი, გასისხლიანებული, შეიძლება დაეცა და მოკვდა, მაგრამ ყველაფერი იმაზე მიუთითებდა რომ თვითონ მათ მოკლეს ჩემი ქმარი, სახლი რომ დაესაკუთრებინათ. არც ჩვენთვის გაუგებინებიათ რამე, არც იქაური პოლიციისთვის, არადა ის მეზობელი თვითთონ პოლიციის მაიორია… თვითონ დამარხეს. ბავშვი ბღაოდა, ღრიალებდა, ვეუბნებოდი, ჩვენი შვილები ხომ ერთად გაიზარდნენ, ნუთუ ბავშვები იმის ღირსი მაინც არ იყვნენ, გაგეგებინებინათ, თვითონ დაემარხათ ბავშვებს მამა-თქო. ასეთი რამეები ახლა რაში გჭირდებათ, ქართველები ხართ, ნუ გავიწყდებათო. კიდევ გამიმეორა.
ბიჭო, განა არ იცი ვინ იყო კოსტანტინე, ვის ებრძოდა, ვინ მოკლა მეთქი?
არ იბრძოდა, მაგრამ სულით მოღალატე იყო, ვძულდითო… მიისკაუთრეს ჩვენი ორსართულიანი სახლი, უზარმაზარი ბაღით, ქუჩაში გამოგვყარეს… გადავწყვიტე მეჩივლა სოხუმის პროკურატურაში. თურმე ყველგან არსებოპბს ადამიანი. არასოდეს დამავიწყდება ის კაცი. წარმოშობით გუდაუთელი აფხაზი იყო. ძალიან დამეხმარა. ბოლოს მითხრა, კი შენ გეკუთვნის სახლი, მაგრამ არ გირჩევ აქ დარჩენას, თუ ვინმე აფხაზი არ გყავს, შენც მოგკლავენო… მე დაგეხმარები რომ როგორმე პატარა ფული გამოვართვა შენთვის, ბავშვებისთვის პურის ფული მაინც იქნებაო. იმ კაცმა სომხებს არაოფიციალურად წაართვა 50 ათასი რუსული რუბლი ჩვენთვის და მოგვცა… წამოვედით.“
სომხების მიერ მოკლული მამა. წართმეული სახლი. დამცირება ყოველ ფეხის ნაბიჯზე. არაერთხელ შევარდნიათ სახლში კბილებამდე შიარაღებული აფხაზები _ ფულის მოთხოვნით. უკრძალავენ ქუჩაში დგომას, სტადიონზე თანატოლებთან ერთად თამაშს… ბიჭი იზრდებოდა და უფრო და უფრო აუტანელი ხდებოდა მისთვის ამგვარი ყოფა.
მზია კვირკველია: „ერთ დღეს მოვიდა და პირდაპირ მითხრა, დედიკო, როდემდე უნდა ვიცხოვროთ ასე? დამიჭერენ და ჯარში წამიყვანენ… ხდებოდა კიდეც ასე, ბიჭებს იჭერდნენ, თუ ოჯახი იმწამსვე არ გადაიხდიდა გამოსასყიდს, მიჰყავდათ ჯარში. ან აღრიცხვაზე უნდა დაგეყენებინა და გეხადა 200 დოლარი ყოველ გამოძახებაზე. დავაყენე აღრიცხვაზე, ორჯერ მომიწია კიდეც გადახდა. საშინლად ღიზიანდებოდა, სახლი წაგვართვეს და კიდე იქით უნდა ვუხადოთ ფულიო?! ვამშვიდებდი, სამაგიეროდ უშიშრად დადუიხარ, ჯიბეში საბუთი გიდევს-მეთქი. რა საბუუთი, რომ მოვიდნენ და დამიხიონ ეგ ფურცელი და მაინც წამიყვანონ, ჭკუა დაუშლით ამ განუკითხაობაშიო? ვამშვიდებდი, ნუ გეშინია, სახლს გავყიდი და შენ იქ არ დაგტოვებ მეთქი. კიდე მეორე სახლი უნდა გავყიდოთ და ისევ მაგათ უნდა მივცეთო? რისთვისო? თურმე რა… ნიადაგს იმზადებს რომ აქეთ წამოვიდეს ჯარში… ერთ დღეს მეუბნება. დედა რაღაცის თქმა მინდა და ვერ გიმხელ, უკვე რამდენიმე თვეა ვწვალობო. მე უკვე ვგრძნობდი რასაც მეტყოდა… მითხრა კიდეც _ დედა, მე მივდივარ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. გადავირიე… მამიდაშვილი ჰაყვს დაღუპული, 21 წლის ბიჭი, სოხუმის დაბომბვის დროს ისიც კისერში დაიჭრა და დაიღუპა. ის არ გვეყოფა მეტქი? გაუთავებლად ვდავობდით. სამსახურიც ვუშოვე, ენგურჰესში ზეინკლად მოვაწყვე, დიდი არაფერი ასი ლარი ჰქონდა ხელფასი, მომატებას პირდებოდნენ, მაგრამ მითხრა, დედა ეს არაა გამოსავალი. კარგად გამიგე, არ გვაქვს საშუალება, მიწაც რომ შეჭამო, მაინც ვერ მასწავლი, რომ კაცად დავდგე, სჯობია გამიშვიო. ერთხელ აფეთქების გარეშე,მ მშვიდად ვკითხე, რატომ გინდა იქ წასვლა მეთქი. საამაყო ჯარი ჰყავს სააკაშვილსო. ხომ იცი ჯარი ჩემნი ოცნებაა, მე ყველაფერს მივაღწევ, მე ოფიცერი გავხდებიო… ჯერ ერთი ეს და მერე, ვთქვათ და ჩვენი ჯარი შემოვიდა აფხაზეთში, რა ვუთხრა მე იმ ჯარისკაცებს, თქვენ რომ იბრძოდით მე სად ვიმალებოდიო? აქ ჩუმად აფხაზეთში ვიჯექი და ველოდებოდი ამ მშვენიერ დღესო?
თუნდააც ვერ დაიბრუნოს საქართველკომ აფხაზეთი, მაშინ მე უნდა მივატოვო აქაურობა და ტქვენც საქართველოში უნდა წაგიყვანოთო.
დავთანხდი… იმასაც მეუბნებოდა, ხომ იცი, ამათ ჯარში თუ წამიყვანეს რომ მე აუცილბლად გამოვიქცევი და ან გზაშივე მომკლავენ გამოქცეულს, თუ გავაღწიე საქართველოში, აქ თქვენ დაგწვავენო… მაიძულებდა დავთანხმებულიყავი…
მე თვითონ ვეხმარებოდი საბუთების შეგროვებაში და უხაროდა… ურთულეს პირობებში გაიარა კარანტინი, 50 კაციდან 2 დარჩნენ. ვაზიანში, მეოთხე ბრიგადაში ჩაირიცხა. 43-ე ბატალიონში. გახარებული იყო, ყველანაირი უბედურება უკან მოვიტოვე, ყველაფერი გადავლახე, ყველა ნორმატივი ჩავაბარეო.
19 წლის იყო ჯარში რომ შევიდა. 20-ის იქ გახდა. ძალიან უხაროდა, პატარ-პატარა წარმატებები ჰქონდა. გახარებული მეუბნებოდა, უფროსები მეუბნებიან, ნამდვილი ჯარისკაცი ხარო. ყველას გავაგებინე რომ აფხაზეთიდან ვარ და რომ ჩემი მთავარი მიზანი აფხაზეთის დაბრუნებააო.
ძალიან კმაყოფილი იყო მეგობრებით, უფროსებით. ებვრალებთან ჰქონდა სწავლებები, ფრიადზე ჩააბარა. ემზადებოდა ერაყში წასასვლელად, ამისთვის 43-ე ბატალიონიდან 42-ეში გადავიდა. ერთი თვის გადასული იყო 42 ვბატალიონში, როცა დაიწყო ომი… დაღუპვამდე 42 დღით ადრე, გალში ჩამოვიდა, საერაყო შვებულება ჰქონდა. თურმე მზვერავებში ჩაწერილა ბოლოს და იქ რომ ჩამოვიდა, მზვერავობდა, თავის ძალებს სინჯავდა. მითხრა, სულ ვეუბნები ჩემს უფროსებს, რომ მე აფხაზეთი კარგად ვიცი და მინდა დავუმტკიცოოო. რომ ვაცილებდი, შიშით გული მისკდებოდა, ვინმეს არ ვეცანით და არ დაეჭირა, ცოტა ფულიც გავიყოლე თან, რიგითი თუ შეგვხვდებოდა რომ თავიდან მომეშორებინა, თორემ ისე 25 ატასი დოლარი ღირებულა ქართველი ჯარისკაცი… მე გული მისკდებოდა, ის კიდე ტელეფონით ყველა აფხაზურ და რუსულ საგუშაგოს უღებდა სურათებს. უნდოდა დაემტიცებინა რომ შეუძლია დაზვერვა…»
დაიწყო ომი. სერგეი დედას ბოლოს 7 აგვისტოს, შეღამებულზე ელაპარაკა. მთლად რომ დაემალა დედას უფრო ეჭვებში ჩააგდებდა და ამიტომ ცოტა უთხრა, ბევრი დაუმალა _ განგაში გვქონდა, ჩვენ არაფერს გვეუბნებიან და ერთი ტელევიზორს უყურე, რა ხდება ჩვენს თავსო. ახლა ამ წუთას ჩვენ უკვე ვწევართო.
მზია კვირკველია: „ბოლოს მითხრა, დედა, სანთელი მაინც დაანთე ჩემზეო. იმის შემდეგ მე მისი ხმა აღარ გამიგია… რომ მელაპარაკა თურმე უკვე ცხინვალის მისადგომებთან ყოფილან.
იცით რა მასულდგმულებს? იმ ღამეს რომ იგემა მოგების გემო… ბიჭები მიყვებიან, ვერ აგიწერთ რა მდგომარეობაში იყო სერგო, დედამიწაზე ვერ ეტეოდა, სულ იმას გაიძახოდა აბა ბიჭებო წინო… ოცმეთაური მიყვებოდა, სამ-სამი გადიოდნენ, ეს სამეულები იცვლებოდნენ და სერგოს სულ გასვლა უნდოდა და ყველას მაგიერ გადიოდაო. ვეუბნებოდით დაისვენე, როცა საჭირო იქნება ვერარ გახვალო და რას ამბობთ, მე ვერ გამოვალო? რაღაცნაირი ძალა მოიკრიფა, არ გაჩერებულა, არ დაუსვენია, სულ წინ წინს იძახდა, ასეთ მდგომარეობაში გავატარეთ მთელი ღამეო. სნაიპერობაზე ოცნებობდა, მაგრამ მეტყვიამფრქვევე იყო, თუმცა იმ ღამით ავტომატით უწევდა სულ ბრძოლა. 8 აგვისტოს, მეტყვიამფრქვევე დაჭრილა. ის ტყვიამფრქვევი სერგეის უპოვია, წუთში გაუმართავს და იმ ტყვიამფრქვევით იბრძოდა ბოლომდე…“
იბრძოდა უკანასკნელ ამოსუნთქვამდე. ხალხს უყვიროდა, გაიქეცით თავს უშველეთო და თვითონ იბრძოდა, ბიჭებს ეუბნებოდა 2 კაცის სიცოცხლე რომ გადავარჩინო ეგეც საქმეაო. პოზიცია მაშინაც არ მიუტოვებია როცა ავიაციამ დაბომბვა დაიწყო. უწერია კიდეც საბრძოლო მოკვლევაში რომ სერგეი გოროზია იდგა თავს პოზაიციაზე ბოლომდე, რათა გაეყვანათ დაჭრილები და დაღუპულები…
შვილი ცხინვალში იბრძოდა და დაიღუპა. დედა გალში იყო და არ იცოდა რა გზას დასდგომოდა. გზები ჩაკეტილი იყო და 9 აგვისტოს მაინც წამოვიდა ტყე-ტყე, 18 წლის ქალიშვილტან ერთად. თბილისში 10 აგვისტოს ღამით ჩამოაღწია. მივიდა ვაზიანში, პასუხის გამცემი არავინ დახვდა, იქ სამხედრო პოლიციის გარდა არავინ იყო. მეორე დღეს მისულს უკვე ბატალიონის მეთაური კიკაბიძე დახვდა.
მზია კვირკველია: „კიკაბიძემ ვერ მითხრა პირდაპირ დაიღუპაო. მითხრა დაჭრილია, ტყვედ არის აყვანილიო… არ ვამტყუნებ, ძნელი სათქმელია _ შენი შვილი დაიღუპა… ორი დღის მერე რომ მივედი, მერე მითხრა, უფრო სწორედ თვოთონ ისევ ვერ მითხრა, ჯარისკაცი მომიყვანა, ვისაც ნანახი ჰყავდა სერგო მკვდარი. ის ბიჭუნა მომიყვა, სერგო კისერში იყო დაჭრილი ღრმად ხერხემლამდე, მნე დავუხუჭე თვალები, გოროზია მკვდარიაო.
იმ ბიჭუნას კი ათქმევინა მკვდარიაო, მაგრამ თვითონ მითხრა, მე ქალბატონო დაჟინებით ვერ გეტყვით რომ მაინცდამაინც დაღუპულია, რადგან ყოფილა ასეთი შემთხვევები, მოუტანიათ ბიჭებს ასეთი ამბავი, მაგრამ ცოცხლები გამოჩენილანო. ჩემზეც თქვა ერთმა მოკვდაო და რომ ვნახე ვუთხარი, სად მოკვდი, აგერ ვარ შე უპატრონოთქო, დღემდე ვერ იჯერებს ის კაცი ცოცხალს რომ მიყურებსო. ალბათ ვინმეში ავერიე, ყველას საღებავი გვესვა სახეზე, ყველა ერთმანეთს ვგავდითო, მე სერგო არ მინახავს მკვდარი და შეიძლება ბიჭები ცდებოდნენო.
კი მითხრეს მკვდარიაო, მაგრამ მე თვითონ არ მინდოდა ამის დაჯერება და კიკაბიძის ნათქვამს ვებღაუჭებოდი…“
იმედს ბოლო „დეენემის“ პასუხმა მოუღო. მანამდე იყო ორთვიანი ჯოჯოხეთი _ დაკარგული შვილის ყველგან ძებნის.
მერე დედა გალში წავიდა. ადგილობრივებს შესვლის უფკლება მიუციათ, შემოვიდეს რას ვერჩითო. მაგრამ მალე გამოჩენილან გუდაუთელები. ბოლო სიტყვებით ლანძღეს გმირიც და გმირის დედაც. დედას შვილის სურათი მიატანინეს.
მზია კვირკველია: „აჰა კრასავჩიკ, სდოხ სუკა“? ვდგევარ დედა და ვისმენ ამას…“

„დეენემის“ პასუხმა რომ საბოლოოდ გაარკვია ყველაფერი, დედამ გალში ტრადიციული მეგრული ტირილი მოაწყო. დასტიროდნენ სერგოს სურათებს და ტანსაცმელს.
მზია კვირკველია: „ისევ გამოჩნდნენ ეს ვაჟბატონები. რაო, გმირს ტირიხართო? დედააა, ბიჭები იყვნენ ახალგაზრდა ბიჭები სამძიმარზე მოსული, ისე ცემეს, ისე ცემეს ჩემ თვალწინ, ჩემი სერგი დამავიწყდა,
თავბედს ვიწყევლიდი, ეს რა ვქენი… ერთს წელს ქვემოთ ჩასცხეს, თვალებიდან არ ამომდის, როგორ დაგორავდა სიმწრისგან საწყალი ბიჭი…
შეცვივდნენ სახლში წიხლით მაგიუდა აგვიყირავეს, დალეწეს ყველაფერ, საბოლოოდ ჩაერივნენ და ეგდოს დედაო. იქ ენგურჰესში ვმუშაობ, გოგონა აქეთაა…“
სერგეის დედა ვერ მალავს გულისტკივილს. ბატალიონის მეთაურმა კიკაბიძემ სერგეი გოროზია ჩადენილი გმირობის გამო ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენზე წარადგინა. დედამისსაც ახარა.
„ისეთი გახარებული ვიყევი, თითქოს გაცოცხლდა ჩემი სერგო, მაგრამ…“
მაგრამ ის რომ შემდეგ სხვამ, კერძოდ ბერიძემ მის ვაჟს მეორე ხარისხის ორდენი არგუნა.
„მე ბატონ მიხეილ სააკაშვილსაც გადავეცი უკვე წერილი, ახლა რომ იყო მუხათგვერდში და ალბათ რეაგირებას მოახდენს. პირველი ხარისხი ჩემი კაპრიზი არაა. კიკაბიძემ, ვისაც საქმე ჰქონდა ამ ბიჭებთან, დაწერა მოკვლევა და წარადგინა პირველ ხარისხზე და რატომ მისცა მას მეორე ხარისხი მან, ვისაც არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია 42-ე ბატალიონთან, არ ყოფილა მათთან ბრძოლის ველზე…. ბერიძემ ჩემთან ასე იმართლა თავი, მეო ქალბატონო დამნავალეს, უბრალოდ ხელი მოვაწერეო. ეს ისეთი უპასუხისმეგბლო განცხადება იყო… ეს საქონლის ამბავი ხომ არ იყო, რიცხვში რომ დაგაკლდა ძროხა და ღორი და შენ მოდი და ხელი მოაწერე…»
მართლაც და რა ბედენაა მეორე ხარისხი? განა რა გიმრობასღა ვითხოვთ 20 წლის ბიჭისგან, რომნელმაც ეს გზა გამოიარა ომამდე და ომშიც იბრძოდა გააფთრებული? მის გმიროობის ამბავს თვით ბრმა აედებიც კი დაამღერებდნენ ლირაზე ძველ საბერძნეთში და ჩვენ რა ჯანდაბამ დაგვაბრმავა ან ამ გმირობას რომ ვერ ვხედავთ ან ამ ბიჭის თავგადასვალი რომ არ გზარავს და გულს არ გვიკლავს?

დაიბეჭდა „პრაიმ თაიმში“, შესულია „პრაიმ თაიმის“ გამოცემულ წიგნში „გმირი“

%d bloggers like this: