Category Archives: თეატრის პრობლემები

5 წლიანი განუკითხაობა მოზარდმაყურებელთა თეატრში

გაივლის თუ არა ტესტს კულტურის ახალი მინისტრი?

mozardi

ანთაძემ თეატრიდან გაუშვა ათეულობით მსახიობი, რეჟისორი და ორი გოჭი!

რეჟისორები თუ ადრე „ჩადგმით“ იყვნენ თეატრში, ახლა ხაშლამასავით „ჩამოტარებით“ არიან – ქართული თეატრის ქელეხში

gverdi

გამოქვეყნდა “პრაიმტაიმში” 2012 წლის 29 ოქტომბერს.

რეზო შატაკიშვილი

ახალი ხელისუფლება აცხადებს, რომ მის წინამორბედს არაერთი დანაშაული, შეცდომა აქვს დაშვებული. შეცდომების არსებობის ფაქტს არც წინა ხელისუფლება უარყოფს.

ახალი ხელისუფლება  იმასაც აცხადებს, რომ ეს შეცდომები უნდა გამოსწორდეს. სამართლიანობა უნდა აღდგეს. შექმნილი რეალობა უმწვავესი გამოწვევის წინაშე აყენებს კულტურის ახალ მინისტრს გურამ ოდიშარიას. მეტიც, მას ტესტის გავლა მოუწევს – ყველაზე თვალნათლივ ეს მისი გადაწყვეტილებიდან გამოჩნდება  – თუ რას მოიმოქმედებს მოზარდმაყურებელთა თეატრთან დაკავშირებით, აღადგენს თუ არა სამართლიანობას, კანონიერებას თეატრში, სადაც აგერ უკვე ხუთი წელიწადია სრული განუკითხაობა სუფევს. „მოზარდის“ (როგორც ამ თეატრს დღემდე უწოდებენ. ოფიციალურად მას  ნოდარ დუმბაძის სახელობის ცენტრალური საბავშვო თეატრი ჰქვია) საკითხი აქტუალურია არა მხოლოდ დაშვებული აურაცხელი უკანონობის გამო, აქტუალურია იმიტომ, რომ საქმე ეხებათ ბავშვებს – ადამიანი ბავშვობიდან უნდა მიეჩვიოს თეატრში სიარულს, გაუჩნდეს ეს მოთხოვნილება. საბავშვო თეატრი კი აგერ უკვე ხუთი წელიწადია ჩვენს თვალწინ ნადგურდება, და წამით არ ვუფიქრდებით რა ელის საერთოდ თეატრს, სადაც ხვალ უთეატროდ გაზრდილი ბავშვები მოვლენ, ან დღევანდელი „მოზადის“ სპექტაკლებზე აღზრდილები – ეს თეატრი, სახელდახელო, ყოველგვარ მხატვრულ ღირსებას მოკლებული სპექტაკლებით, გეგმაზომიერად აძულებს ბავშვებს თეატრს.

ამ თეატრს პრობლემები აქვს სამართლებრივი თვალსაზრისითაც და შემოქმედებითადაც. ეს პრობლემები მაშინ დაიწყო, როცა თეატრში მიხეილ ანთაძე მივიდა მმართველად – 2007 წლიდან. იმ დღიდან მოყოლებული ეს თეატრი გამბულ სკანდალებშია. თეატრალურ სამყაროში სკანდალი არავის უკვირს, მაგრამ ამ თეატრმა მოხსნა ყოველგვარი რეკორდი. და ეს ფაქტი ცნობილი იყო მთელი თეატრალური სამყაროსთვის, მთელი იმჟამინდელი ხელისუფლებისთვის… მიხეილ ანთაძემ მისვლისთანავე გაანთავისუფლა რეჟისორები, რომლებმაც სასამართლოს მიმართეს და მოიგეს კიდეც პროცესი (მაგრამ დღემდე არ შესრულებულა ეს გადაწყვეტილება… ამაზე ქვემოთ), თეატრიდან ბოლოს გაშვებული ათეულობით მსახიობი დღესაც უჩივის მას სასამართლოში, მანამდე თეატრიდან გაუშვა 15 მსახიობი, მაშინდელ სამხატვრო ხელმძღვანელთან, გიგა ლორთქიფანიძესთან შეუთანხმებლად, რის შემდეგაც გიგა ლორთქიფანიძემ დატოვა კიდეც პოსტი…

ის რაც დღეს „მოზარდში“ ხდება, შედეგია იმ უხეირო, ყოვლადმანკიერი მოდელისა, რომელიც ბოლოს, 2006 წლიდან დაკანონდა სახელმწიფო თეატრებში: კულტურის სამინისტრო ნიშნავს თეატრების მმართველს. სამხატვრო ხელმძღვანელის ყოლა „ფაკულტატურია“ – უნდათ დანიშნავენ, უნდათ არ დანიშნავენ. რაც შეეხება მთავარ რეჟისორს, ის მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჰყავდეს თეატრს, როცა არც სამხატვრო ხელმძღვანელი არაა რეჟისორი და არც მმართველი.

ერთი შეხედვით, შეიძლება ვიფიქროთ, რომ თეატრებს დირექტორები ადრეც ჰყავდა და ახალი და სკანდალური არც არაფერი მომხდარა. სწორედაც რომ მოხდა! აბსურდი სახელიდან დაიწყო – „მმართველი“. „რეჟისორი“ ფრანგული სიტყვაა და ნიშნავს სწორედ მმართველს… სრულიად გაუგებარი ხდება რეჟისორის ფუნქცია თეატრში. დღეს, მოქმედი კანონმდებლობით, თეატრში საერთოდ სავალდებულოც აღარაა, რეჟისორების შტატში აყვანა –  უნდათ აიყვანენ, უნდათ არ აიყვანენ და ცალკეულ სპექტაკლების დასადგმელად მიწვევაზე  „ჩამოკიდებენ“ მის ბედს. რეჟისორები თუ ადრე „ჩადგმით“ იყვნენ თეატრში, ახლა ხაშლამასავით „ჩამოტარებით“ არიან – მე თუ მკითხავთ, ქართული თეატრის ქელეხში! თეატრის მთავარ რეჟისორს ნიშნავს მმართველი, სამხატვრო ხელმძღვანელთან შეთანხმებით. თავად, მმართველს და სამხატვრო ხელმძღვანელს, ორივეს თანამდებობაზე ნიშნავს კულტურის სამინისტრო. სწორედ აქ მარხია ძაღლის თავი. თეატრის დირექტორს, ამ კანონამდეც სამინისტრო ნიშნავდა, მაგრამ სამხატვრო ხელმძღვანელის წარდგინებით და მასთან შეთანხმებით. ახლა რა ხდება?

ვარიანტი პირველი: თეატრს მხოლოდ მმართველი ჰყავს და მთელი ძალაუფლება მის ხელშია აკუმულირებული. თეატრს რეალურად პატარა დიქტატორი ჰყავს. არადა, თეატრი პატარა სახელმწიფოა და როგორც სახელმწიფოში, აქაც აუცილებელია ძალაუფლების გადანაწილება. დგამენ რასაც უნდა, ფულს ხარჯავენ რაშიც უნდა…

ვარიანტი მეორე:  თეატრს ჰყავს მმართველიც და სამხატვრო ხელმძღვანელიც. ერთმანეთს დაპირისპირებული ორი ფიგურა, ორივე ძალაუფლებას თავისკენ ექაჩება. არის ურთიერთბრალდებების კორიანტელი, ყველაფრის ერთმანეთზე გადაბრალება და რეალურად პასუხს არავინ აგებს…

ვარიანტი მესამე: მმართველი და სამხატვრო ხელმძღვანელი შეხმატკბილებულები მუშაობენ, მაგრამ ეს „შეხმატკბილებაც“ მანკიერებას აჩენს – შეთანხდებიან და როცა ვინმე რაიმეზე პასუხს სთხოვს, მხრებს იჩეჩავენ და თითს ერთმანეთისკენ იშვერენ. სამხატვრო ხელმძღვანელი მმართველთან გაგზავნის, მმართველი სამხატვრო ხელმძღვენელთან. მიდი და უარე მათ დუეტს გარს – როგორც აბდუშაჰილმა შუამთის მონასტერს.

სამივე ვარიანტი უვარგისია თეატრისთვის. როცა თეატრის დირექტორი სამხატვრო ხელმძღვანელთან შეთანხმებით ინიშნებოდა, ის იღებდა კიდეც პასუხისმგებლობას, მას ვერ გადააბრალებდა ვერაფერს, რადგან დირექტორის კანდიდატურა მისი შეთავაზებული იყო, დანიშვნა მასთან შეთანხმებული… სამხატვრო ხელმძღვანელი იღებდა სრულ პასუხისმგებლობას თეატრში მიმდინარე პროცესებზე. დირექტორი ანგარიშვალდებული იყო თეატრის წინაშეც, სახელმწიფოს წინაშეც და ყოველ ღონეს ახმარდნენ იმას, რომ რეჟისორებისთვის, მსახიობებისთვის  ყველა პირობა შეექმნათ წარმატებული სპექტაკლების დასადგმელად და არა, როგორც ახლაა… იმის საილუსტრაციოდ, თუ რამდენად იძლეოდა ამ კანონით გაუქმებული მოდელი წარმატების შანსს,  იმის გახსენებაც კმარა, რომ რუსთაველის თეატრმა თავისი დიდების ზენიტს მიაღწია მაშინ, როცა თეატრს ჰყავდა სამხატვრო ხელმძღვანელი, ან სარეჟისორო კოლეგია, ჰყავდა მთავარი რეჟისორი და ჰყავდა დირექტორები – დორიან კიტია, აკაკი ბაქრაძე.

თუ ახალ ხელისუფლებას უსამართლო და უვარგისი კანონების გასწორება სურს, ერთ-ერთი სწორედ ეს კანონია გასასწორებელი.

სწორედ, ეს იყო პირინციპულად მიუღებელი „მოზარდის“ მთავარი რეჟისორისთვის – ცნობილი საბავშვო რეჟისორისთვის, როდესაც მან მმართველის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში არ შეიტანა განაცხადი. იგივე მიზეზით, განაცხადი არ შეიტანა არც ნიკოლოზ ჯანდიერმა – „მოზარდის“ იმჟამინდელმა სამხატვრო ხელმძღვანელმა. ამ კონკურსში განაცხადი შეიტანა იმჟამინდელმა დირექტორმა ცისანა ჯანაშიამ. მაგრამ სამინისტრომ დანიშნა მიხეილ ანთაძე და დაიწყო ეს საბედისწერო ორომტრიალი.

მიხეილ ანთაძემ, დაინიშნა თუ არა მმართველად, გამოაცხადა  საქათმეში 2 მამალი ვერ იქნებაო და მთავარი რეჟისორი გია კიტია თეატრიდან გაუშვა. ცალკე, ბრძოლა გამოუცხადა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს – ნიკა ჯანდიერს, რადგან მისი ფუქნციების შეთავსება თავად სურდა – აქაოდა, ზოგ თეატრში მმართველი სამხატვრო თეატრის ფუნქციასაც ითავსებსო. ფაქტობრივად შეითავსა კიდეც, მიუხედავად იმისა, რომ კულტურის სამინისტრომ სამჯერ დანინიშნა ნიკა ჯანდიერი სამხატვრო ხელმძღვანელად. ბოლოს 2009 წლის 1 იანვრამდე იყო დანიშნული, მისი მოხსნის უფლება ანთაძეს არ ჰქონდა და ვერც ხსნიდა, მაგრამ რა გინდა? კაბინეტიც წაართვა, ტელეფონიც, ბიძინა ივანიშვილის დახმარებაც მოუხსნა და ხელფასიც. აფიშებსაც თვითონ ანთაძე აწერდა ხელს, არადა, იმ თეატრის აფიშებს, რომელსაც სამხატვრო ხელმძღვანელი ჰყავს, ხელს სწორედ სამხატვრო ხელმძღვანელი უნდა აწერდეს… არც სპექტაკლის ჩაბარებაზე ეძახდა ჯანდიერს ვინმე, არც თათბირებზე. ანთაძე დასის წევრებსაც მასთან შეუთანხმებლად ყრიდა სამსახურიდან და შემოქმედებით მხარესაც ერთპიროვნულად განაგებდა. არადა, ამ უხეირო კანონითაც კი, თეატრის შემოქმედებით საქმიანობას წარმართავს სწორედ სამხატვრო ხელმძღვანელი, ისაა პასუხისმგებელი შემოქმედებით პროცესზე, სწორედ სამხატვრო ხელმძღვანელი წარუდგენს მმართველს წინადადებებს დასის წევრთა მოწვევა-განთავისუფლებაზე, მათი ხელფასის ოდენობაზე. სამხატვრო ხელმძღვანელთან შეთანხმებით უნდა დადოს მმართველმა შრომითი ხელშეკრულებები დასის წევრებთან. თვითონ, ერთპიროვნულად მხოლოდ ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის მიღება-განთავისუფლება შეუძლია. მაგრამ რას აკეთებდა ანთაძე?

მის მიერ, ერთპიროვნულად, ჯანდიერთან შეუთანხმებლად შედგენილ საშტატო განრიგში, პირველი  მმართველი წერია, სამხატვრო ხელმძღვანელი სულ ბოლოს დამლაგებლების, „კაჩეგრების“ შემდეგ 228-ე ადგილზე. ის სკანდალური საშტატო განრიგი იმ მხრივაც საინტერესო იყო, რომ  ჩამოთვლილი იყო შტატები, რაოდენობა  და მითითებული არ იყო,  ვის რა ხელფასი ჰქონდა, მხოლოდ ჯამი ეწერა:  „სულ 18 504 ლარიო“. საქმე ისაა, რომ თეატრში ადრე 280 შტატი იყო და იმ 280 კაცზეც ზუსტად ეს თანხა იყო გამოყოფილი, ანთაძემ, მათი რიცხვი 228-ზე ჩამოიყვანა და სამსახურიდან გაშვებული იმ 52 საშტატო ერთეულის კუთვნილი ხელფასი დანარჩენებზე გადაანაწილა. როგორც ჩანს, სწორედ ეს არ სურდა გაშიფრულიყო კულტურის სამინისტროში, სადაც ეს განრიგი უნდა დამტკიცებულიყო. „როგორც ჩანს“ კი არა, ნამდვილად ასე ყოფილა, რადგან ხელფასებს ანთაძე პირადი შეხედულებისამებრ ანაწილებდა და ანაწილებს, პრინციპი გაუგებარია, არც კვალიფიკაციაა განმსაზღვრელი, არც სტაჟი, არც ის, ვინ როგორაა დაკავებული. როგორც უნდა, ისე ანაწილებსო – ამბობენ. „ხოშის“ მიხედვით. თეატრი თავის დუქანი ჰგონიაო.

ანთაძის ინიციატივით, თეატრს  შტატში ჰყავს 4 მედიატორი და ერთიც გენერალური მედიატორი. („მედიატორი“ – შუამავალი, მომრიგებელი – ამ სიტყვას სხვა განმარტება არ გააჩნია). სამედიატორო სასამართლო გაგვიგია, ისიც იცით, რომ მედიატორი მომრიგებელია, მაგრამ თეატრში ვის ვისთან არიგებენ? მოდით და თქვენ გაიგეთ, რას აკეთებს თეატრში მედიატორი…

„მიხეილ ანათაძემ ჩათვალა, რომ მას შენობა კერძო მფლობელობაში გადაეცა, თავისი დასით, ადმინისტრაციით, ტექნიკური პერსონალით, ან საბავშვო თეატრი იჯარით აიღო და მას ისე ექცევა, როგორც კერძო მესაკუთრე – რასაც უნდა იმას აკეთებს, თავისი ოჯახის წევრებით: მეუღლით, შვილებით, ნათესავ-მეგობრებით, მათთან დაახლოებული ადამიანებით. ამიტომაცაა, რომ ასე უხეშად იქცევა ახალგაზრდა ადმინისტრატორიც, მასაც ხომ მამამისის კერძო თეატრი ჰგონია ეს ჯერ კიდევ სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი ქართული თეატრი. განმკითხავი ხომ უნდა იყოს ვინმე“ – კითხულობდა საქვეყნოდ აღიარებული თეატრმცოდნე ნათელა არველაძე, ის ნათელა არველაძე, რომელსაც ანთაძემ კვალიფიკაცია დაუწუნა, ლიტერატურული ნაწილის გამგეობიდან მოხსნა და თეატრიდან გაუშვა. ანთაძემ  „პიარი“ დაუწუნა და სამსახურიდან „ესემესით“ გაუშვა თეონა ჯორბენაძე, რომელსაც ფართო საზოგადოება პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ ხელმძღვანელის ამპლუაში იცნობს. ანთაძემ თეატრიდან გაუშვა რეჟისორი გულსუნდა სიხარულიძე, ასევე ახალგაზრდა რეჟისორები, როგორც გია კიტიას მომხრეები. ამ ახალგაზრდა რეჟისორებს თეატრში რეჟისორის თანაშემწის თანამდებობები ეკავათ, თეატრისთვის საჭირო საქმიანობას ასრულებდნენ და თან სპექტაკლებს დგამდნენ. ანთაძემ ისინი გარეკა, 9 რეჟისორის შტატი დაუშვა და ახლები მოიყვანა. ზოგი პროფესიით არცაა რეჟისორი (მაგალითად, თამარ თუხარელი), და როგორც ნათელა არველაძე ამბობს, მას თავად ანთაძემ მიანიჭა რეჟისორის კვალიფიკაცია.

თეატრიდან გაშვებული ახალგაზრდა რეჟისორები კერკეტი კაკლები გამოდგნენ და ოთხმა – ლუკა წულაძემ, ლევან უმიკაშვილმა, ზაზა კიკნაველიძემ და გრიგოლ ჭანტურიძემ ანთაძეს სასამართლოში უჩივლეს, სამსახურში აღდგენა და გაცდენილი ხელფასის გადახდა მოითხოვეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2008 წლის 31 მარტს გადაწყვეტილება გამოიტანა და მათი სარჩელი დააკმაყოფილა. მმართველს დაავალა თეატრიდან გაშვებული რეჟისორების სამსახურში აღდგენა, მაგრამ რა გინდა? ისინი არც „მოზარდში“ დაუბრუნებია ვინმეს, არც „ბებერში“. იმასაც ამბობენ, რომ სწორედ ამ სასამართლოზე ამოტივტივდა გაყალბებული დოკუმენტი, რომელიც სასამართლომ საერთოდ არ სცნო დოკუმენტად… მიხეილ ანთაძემ სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეასრულა, სასამართლოს არ დაემორჩილა, მაგრამ რა გინდა, კი შერჩა ხახვივით…

2009 წლის დასაწყისში, კულტურის სამინისტრომ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელად გიგა ლორთქიფანიძე დანიშნა. იმ იმედით, რომ ბატონ გიგას ავტორიტეტს მაინც მოერიდებოდა ანთაძე. ნაწილობრივ გაამართლა კიდეც – ჯანდიერივით ვერ დაჯაბნა, მაგრამ ბოლოს მაინც მასთან შეუთანხმებლად გაყარა თეატრიდან 15 მსახიობი, პროტესტის ნიშნად გიგა ლორთქიფანიძემ დატოვა თეატრი.

ბოლოს ამ ზაფხულს გაყარა თეატრიდან 40 მსახიობი. მსახიობებმა სასამართლოს მიმართეს. ეს მოკლედ, მასშტაბურ გაშვებებზე, თორემ მსახიობების, თანამშრომლების გაშვებას ამ თეატრში ქრონიკული სახე ჰქონდა. ყველა ქართული თეატრიდან არ გაუყრიათ ერთად იმდენი მსახიობი, რამდენიც აქედან გაყარეს, არც ერთ თეატრში არ დაუტოვებიათ პერსონალი, დასი უხელფასოდ – აქ თვეობით ტოვებდნენ. მერე რა, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებისთვის უცხო იყო სეკვესტრი, „ნაციონალების“ ხელდასხმულ ანთაძეს ეს ხელს არ უშლიდა ეწარმოებინა სეკვესტრი, თვეობით უხელფასოდ დაეტოვებინა ხალხი…

ამ ხუთი წლის მანძილზე ლამის ყველა ქართულ თეატრში ერთად არ დადგმულა იმდენი სპექტაკლი, რამდენიც აქ დაიდგა. ხარისხზე უკაცრავად, აქ დამკვრელური ვახტაა მოდური!

კიდევ დახუჭავდი თვალს ამ უკანონობაზე, უსამართლობაზე, ამ თეატრში რომ შედევრები თუ არა, ნორმალური სპექტაკლები მაინც  იდგმებოდეს. სპექტაკლის შემხედვარეს ტირილი უნდა აგიტყდეს, თუ ან თეატრზე შეგტკივა გული, ან ბავშვებზე. რატომ უნდა უყურონ ამ რიგრიგობით უგერგილო ლაპარაკს სკოლებიდან აბონემენტებით წამოსხმულმა ბავშვებმა, იქნებ განმარტოს ვინმემ?

„პირველი, რამაც თავში გამიელვა, ის აზრი იყო, რომ ვესწრებოდი არა პროფესიული თეატრის, არამედ სცენის მოყვარულთა წარმოდგენებს. ასე წინათ, ბალღობაში ვთამაშობდით ხოლმე ეზოში, აგარაკზე, სოფლის ორღობეში“ –  ამას „მოზარდის“  სწორედ დღევანდელ სპექტაკლებზე წერს  ნათელა არველაძე.

ანთაძემ თეატრიდან მარტო რეჟისორები კი არა, გოჭებიც გაუშვა. დიახ, დიახ, „სამი გოჭის“ ნაცვლად აქ იდგმება „წითელქუდა და ერთი გოჭი“.

ორი გოჭი ანათაძემ შტატების შემცირებაში მოაყოლა, დიახ ანთაძემ, ამჯერად უკვე როგორც ინსცენირების ავტორმა.

„თანამედროვე თეატრი რეჟისორის თეატრია. რაც მიხეილ ანთაძეს თავისბურად ესმის – ის წერს პიესას, თავად არის ინსცენირების ავტორი, დგამს სპექტაკლს, თავად აფორმებს მუსიკალურად, თავად წერს სიმღერების ტექსტს, როგორც ჩანს, აღორძინების ეპოქის ტიტანური ნიჭისა და უნარის ჰუმანისტებს ბაძავს და მიაჩნია, რომ ყველაფერი ხელეწიფება, ყველაფერი შეუძლია… ყველაფერი შერჩება! ის რომ ასე ფიქრობს, მისი პრობლემაა, მაგრამ ასე რომ ხელმძღვანელობს თეატრს, ეს უკვე სხვა ინსტანციების პრობლემა უნდა გახდეს!“ –  წერდა ნათელა არველაძე.

სპექტაკლი რომ სპექტაკლად და თეატრი თეატრად ვარგოდეს, ამ უნივერსალიზმსაც აიტანდა კაცი,  მაგრამ… მოდი და მოიწონე, სპექტაკლი, როდესაც სცენაზე გამოდის სამი მსახიობი, რომელიც ბავშვებს უკითხავს „ლექციას“ თუ რა არის „თეატრი“, ბერძნულ თეატრში ქალების როლებს მამაკაცები თამაშობდნენო და გაითამაშებენ ბერძნული თეატრის პაროდიას, ვითომ ბერძნულ თეატრში „წითელქუდა“ იდგმება… რაც იქნება კი მიხვდებით… მერე ბალეტს წაუცეკვებენ, წაიოპერებენ, მერე სამი გოჭის გათამაშებასაც მოინდომებენ, და აქაოდა სულ სამნი ვართო, ერთი იქნება გოჭი, მეორე მგელი, რომელსაც გოჭი გააბრიყვებს და მგელი მგელობაზე აიღებს ხელს, წითელქუდას ბებიასთან წავალ ძაღლად ვიმუშავებო. გზადაგზა კი სლენგით და უკბილო ხუმრობით ცდილობს ბავშვების აყოლიებას.

„თერძს ახსენებენ, რომ არსებობს დიზაინერი ბერგერი (ამ დროს დარბაზი დუმს, პატარებმა არ იციან, ვინ არის ბერგერი). გოჭი სახლის მშენებლობას იწყებს და ნაღვლიანად ამბობს – ელიავაზე ჩავიარე, ძალიან გაძვირდა მასალაო (დარბაზი ამ დროსაც დუმს, არ იციან რას ნიშნავს ელიავაზე გავიარე!). შემდეგ გოჭი დააყოლებს: მაია რჩეულიშვილი ხო არა ვარო…“ (ნათელა არველაძე).

რა უბედურებაა? რა სკეჩობანაა, ან გოჭებს რას ერჩიან, ან ბავშვებს, ან მაია რჩეულიშვილს? ეს საბრალო, მარტოხელა გოჭი და ამ თეატრში შექმნილი სიტუაცია იმ კაცის ლექსს მახსენებს, ვის სახელსაც ეს თეატრი ატარებს: „პაწაწინა დინგებით გადათხარეს ეზო… არ გცხვენიათ გოჭებო ღორებივით იქცევით?“

ანთაძე რომ პოსტს ვერ შეინარჩუნებს, ფაქტია. მაგრამ ნიშნავს კი ეს სამართლიანობის აღდგენას? თუკი ამჯერად რომელიმე მეოცნებე „ანთაძეს“ ჩაბარდება ეს თეატრი? სხვა რომელიმე თეატრს რომ ეხებოდეს საქმე, და არა საბავშვო თეატრს, იქნებ სულაც არ ყოფილიყო პრინციპული – თანამდებობაზე დააბრუნდნენ თეატრიდან უსამართლოდ გაგდებულ რეჟისორს, თუ თეატრს სხვა კვალიფიციურ რეჟისორს ჩააბარებდნენ, მაგრამ ამ პრობლემის მთელი არსი ისაა, რომ დღევანდელ ქართულ თეატრს, თეატრიდან უსამართლოდ გაშვებული გია კიტიას გარდა, პრაქტიკულად არ ჰყავს საბავშვო რეჟისორი. მით უფრო ამ რანგის („გიტისის“ დამთავრების შემდეგ, გია კიტია მხოლოდ საბავშვო რეჟისურაში მოღვაწეობდა). ეს რომ ასეა, ამას ჯერ კიდევ წინა ხელისუფლებას უხსნიდა დღეს მოქმედი ყველა რეჟისორი ერთხმად; ითხოვდნენ კიტიას თეატრში დაბრუნებას.

თუმცა დაბრუნება უფრო ხალხური ნათქვამია. თეატრიდან უკანონოდ, უსამართლოდ გაშვებული გია კიტია და სხვა ახალგაზრდა რეჟისორები უნდა აღადგინონ თეატრში. უნდა აღსრულდეს სასამართლოს კანონიერი გადაწყვეტილება, რომელსაც დღემდე არ ასრულებს ანთაძე. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს კულტურის ახალი მინისტრი. რამდენად წარმატებით გაივლის ტესტს: დაუსვამს თუ არა წერტილს ამ ხუთწლიან განუკითხაობას და აღადგენს თუ არა სამართლიანობას.

იხილეთ სტატია “პრაიმტაიმის” ვებგვერდზე, გვ. 42–43

 

ინტერვიუ ირინა ღოღობერიძესთან

„გოდოს მოლოდინში ვართ, იმედია, გოდო მოვა…“

ინტერვიუ ირინა ღოღობერიძესთან.

(დაიბეჭდა გაზეთში “დრონი.ჯი”, 2010 წლის მაისში).

რეზო შატაკიშვილი

რა პრობლემები აქვს დღეს ქართულ თეატრს და ამ პრობლემათაგან, რომელი ვლინდება უშუალოდ მაშინ როდესაც მაყურებელი სპექტაკლს უყურებს? რომელია ამ პრობლემებიდან „ქართული“ – ანუ ისეთი რაც არ ახასიათებს დასავლურ თეატრს? ამ თემებზე „დრონი.გე“ ესაუბრება თეატრმცოდნე ირინა ღოღობერიძეს, რომლისთვისაც დღევანდელი ქართული თეატრიც კარგადაა ნაცნობი და – დასავლურიც.

ირინა ღოღობერიძე – ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, საფრანგეთის ხელოვნებისა და სიტყვიერების რაინდის ორდენის კავალერი, კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი. ბეკეტის, იონესკოს, კამიუს, სარტრის და სხვა თანამედროვე ავტორეთა მთარგმნელი.

ირინა ღოღობერიძე: თეატრი იმდენად უნივერსალური და მსოფლიოს მოდებული ხელოვნებაა, რომ შეუძლებელია განსხვავებული პრობლემები ჰქონდეს. გლობალური პრობლემა, თეატრს ყველგან ერთი და იგივე აქვს – თეატრის მიმართ ინტერესმა იკლო. იკლო იმ თანამედროვე ტექნოლოგიებს, ახალი ვიზუალური საშუალებების გამოჩენის ხარჯზე, რაც დღეს ყველგან არის, იგივე ტელევიზია, იგივე ინტერნეტი, იგივე ვირტუალურ სივრცეში გადატანა იმ სანახაობის, რომელიც უშუალო კონტაქტს გულისხმობს ადამიანთან, როგორიცაა თეატრი – აბსულუტურად ცოცხალი ხელოვნება, რომლის სასიცოცხლო ძარღვიც მაყურებელთან უშუალო კონაქტია. ეს პრობლემა ყველგანაა, მაგრამ დასავლეთში ამ პრობლემას ისევ თანამედროვე ტექნოლოგიებით უპირისპირდებიან, ხდება გათვლა მაყურებელზე, სწავლობენ მაყურებელს, ზრდიან მაყურებელს, აქედან გამომდინარე, ევროპულ თეატრში მე იშვიათად მინახავს არათუ ცარიელი, ნახევრად ცარიელი დარბაზიც კი.

თუ მინახავს, ისიც ძალიან ცუ და ცუ სეპქტაკლებზე. ასეთი სპექტაკლები ძალიან ცოტა ხანს ცოცხლობენ, სპექტაკლი სცენაზეა მანამ სანამ მას მაყურებელი ჰყავს. ეს ჩვენთანაც ასეა. ვერ ვიტყვი რომ ჩვენთან მაყურებელი სპექტაკლებზე არ დადის. შეიძლება მე პრემიერებზე დავდივარ, შეიძლება მე საინტერესო სპექტაკლებზე მივიდავარ… მაყურებელი არის თითქოს, მაგრამ მერე? მერე რა ხდება? შემდეგ უკვე მაყურებლის რაოდენობას და ინტერესს განსაზღვრავს თვითონ თეატრების მუშაობა მაყურებელთან – როგორ მიიზიდონ, როგორ მოახერხონ რომ გაავსონ დარბაზი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ნუ გვცხვენია ამისი. რით და როგორ მოვიზიდოთ მაყურებელი? პირველ რიგში ხარისხიანი სპექტაკლებით.

– დიახ, სწორედ ხარისხიანი სპექტაკლით პირველ რიგში და არა ხარისხიანი პიარით, თორემ ყოფილა სპექტაკლები – ფანტასტიკური პარით, მაყურებელიც მიუზიდავთ, მაგრამ მესამე-მეოთხე სპექტაკლზე კაციშვილი არ მისულა…

– ეს ძალიან ბუნებრივია. კარგი და სიანტერესო სპექტაკლი უნდა იყოს. თეატრი თანამედროვეობის კამერტონია და სპექტაკლების პრობლემატიკა, ესთეტიკა უნდა ესადაგებოდეს დღევანდელობას, უნდა პასუხობდეს დღევანდელი მაყურებლის მოთხოვნებს. დაკნინდა სპექტაკლების ხარისხი, დაქვეითებულია გემოვნება, თუ მაყურებელი არ ერთობა, ან თუ სპექტაკლი იმ ზედაპირულ გრძნობებზე არაა, რომ უცებ მიიზიდოს, ნაკლებად აინტერესებთ.

– ამ პროცესში ალბათ სერიალებმაც ითამაშა გარკვეული როლი.

– სერიალებმაც, ტელევიზიამ საერთოდ, ესტრადაზე გაურკვეველი სახეების გამოჩენამ, ფეისების ინსტიტუტის ფორმირებამაც. თანამედროვე კინომაც, რომელიც თრილერითა და სხვა მძაფრი ჟანრებით ზემოქმედბს მაყურებელზე, ვიდრე სერიოზული კინო, როგორიც იყო ადრე. თეატრს სჭირს იგივე, რაც საზოგადოებას – სოციალური პრობლემა, სულიერების დაკარგვა, ფასეულობათა გადაფასება. ფასეულობათა გადაფასება საზოგადოების სენია და აბსილუტურად იგივე ხდება თეატრში, რომელიც აჭრილია თავის შინაარსით. სოციალური აღევაა, სოციალური ძვრებია, ცხოვრება არაა დალაგებული და როგორ გინდა დაალაგო თეატრი? თეატრი რომელიც მოდელია ცხოვრების. ნუ იფიქრებთ რომ აბსოლუტურად შავი სურათია. ქართული თეატრი საკმაოდ რეზისტენტული, საკმაოდ წინააღდეგობის გამწევი აღმოჩნდა. წარსული გვაქვს ძალიან დიდი და ძლიერი, რაც საშუალებას იძლევა მასზე დაყრდნობით აკეთო და არა სიცარიელეში. თუმცა თანამედროვე თეატრში წამოვიდა ბევრი ისეთი ჟანრები, რომელიც ჩვენთან არ იყო, იგივე რიტუალური თეატრი, ფიზიკური თეატრი თუ სხვა. რიტუალურ თეატრზე შემედავებიან რომ ეს ყოველთვის იდო ქართულ თეატრალურ ხელოვნებაში, კი ნამდვილად იდო, მის ფესვებშიც კი, მაგრამ მას დღეს განვითარება და გათანამედროვება სჭირდება, რაც ახალგაზრდა ხელოვანთა საქმეა. რასაც მეტნაკლებად ცდილობენ კიდეც.

ერთი პერიოდი ქართული თეატრის გასაჭირის მიზეზად ქართული პიესების უქონლობა სახელდებოდა, ახლა ამას ვეღარ ვიტყვით, ბოლო3-4 წლის მანძილზე ძალიან ბევრი ავტორი წამოვიდა. ბევრს წერენ თეატრისთვის. ახლა, შექსპირი 400 წელიწადში ერთხელ თუ დაიბადა იმაზეც ძალიან დიდი მადლობა უნდა ვთქვათ… გოდოს მოლოდინში ვართ, მაგრამ იმედია რომ ეს გოდო მოვა, იმიტომ რომ უკვე რაღაცნაირად ჩანს ის საფუძველი, ის ნიადაგი, რომელზეც შეიძლება ძალიან ძლიერი დრამატურგია გამოჩნდეს. ვერც იმას ვიტყვი, რომ ქართულ თეატრები არ აქცევენ ყურადღებას ქართულ დრამატურგიას. პირიქით. არაჩვეულებრივ საქმეს აკეთებს თუმანიშვილის ფონდი, პიესების კონკურსებითა და პიესების ბაზის შექმნით. პიესების უზარმაზარი რაოდენობა დევს, ნებისმიერს შეუძლია მივიდეს და წაიკითხოს. მაგრამ ძალიან ხშირად წაკითხვა ეზარებათ, და გთხოვენ “მირჩიე”, ამ “მირჩიედან” გამომდინარე, ხომ არ ჯობს თეატრებმა იფიქრონ პატარა, რამდენიმეკაციანი სადისკუსიო საბჭოების შექმნაზე? დასავლურ თეატრში ჰყავთ ასეთი ჯგუფები, რომელიც ურჩევს რეჟისორს პიესებს. მერე უკვე რეჟისორის საქმეა, გაიზიარებს თუ არა მათ რჩევას. დიდ რეჟისორებზე არ ვლაპარაკობ, დავანებოთ მათ თავი, მათ თავიანთი სამყარო აქვთ, რომელიც ჩვენთვისაც ძალიან საინტერესოა და მადლობა ვუთხრათ რომ მას გვაზიარებენ, მაგრამ საშუალო და ახლაგაზრდა თაობას ეს ჭირდება. ქართულ თეატრს ასევე ძალიან აფერხებს ეკონომიკური მხარდაჭერის სიმწირე. ის დაფინანსება რაც თეატრებს აქვთ, რა თქმა უნდა საკმარისი არაა.

– თუმცა, იყო წლები, როდესაც ესეც არ იყო და საუბარი მხოლოდ ფინანსურ კრიზისზე იყო, მაგრამ ცოტა რომ დალაგდა ქვეყანა, წარმოჩინდა უმთავრესი – შემოქმედებითი კრიზისი და კიდევ უფრო მეტად პროფესიონალიზმის დეფიციტი. როდესაც სცენიდან მსახიობის ხმა არ იმსმის, ან სპექტაკლი რეჟისორული ლაფსუსებითაა სავსე, ესეც ფულის ან უფულობის ბრალია?

– გეთანხმებით, დღეს მით უმეტეს პროქტების ინსტიტუიტი მეტ-ნაკლებად ჩამოყალიბებულია, 2-3 მეცენატიც მოიძებნება, რომელსაც უყვარს თეატრი და სიანტერესო პროექტის შემთხვევაში დააფინანსებს კიდეც, მაგრამ ვერანაირი ფული ვერ ასწავლის მეტყველებას. პროფესიონალთა აღსაზრდელად, ალბათ სკოლის გათანამედროვებაცაა საჭირო. დღესაც ასეა თუ ისე მიხეილ თუმანიშვილის დატოვებული სკოლით საზრდოობს ქართული თეატრი. ამ ტრადიციის დაკარვა არ შეიძლება, ალბათ არც იკარგება და გრძელდება, მაგრამ ალბათ რაღაც ახლის შემოტანაც შეიძლება იგივე დასავლეთიდან, რომელიც ძალიან საინტერესოდ მუშაობს სწორედ ექსპერიმენტული თეატრის თვალსაზრისით, ალბათ საჭიროა  დასავლეთიდან პედაგოგების მოწვევა, რომლებიც ასწავლიან იმას, რაც ჩვენთან არ ისწავლება, ალბათ სტაჟირებებზე გაგზავნაც აუცილებელია მსახიობების და რეჟისორების, მაგრამ რაც შეეხება ქართულ მეტყველებას, სხვა ვერავინ გასწავლის მისი სფეციფიკიდან გამომდინარე, ადგილზე უნდა ისწავლო. ალბათ ინსტიტუტში მიღებისასაც უნდა შეირჩეს ისეთი ვისაც გამოუსწორებელი დეფექტი არ აქვს. ამასაც დავანებოთ თავი, თავად მსახიობსაც ხომ შეუძლია იმუშაოს საკუთარ თავზე ამ მხრივ? მხოლოდ თეატრის ისტორიაში კი არა, ორატორული ხელოვნების ისტორიაში, რომაელებიდან მოყოლებული, უამრავი მაგალითი გვაქვს, როდესაც ენაბლუ არაჩვეულებრივი ორატორი ხდებოდა. თვითონ მსახიობსაც უნდა აინტერესებდეს და მუშაობდეს. ცოტა ფუქსავატური და ზედაპირული დამოკიდებულებაა პროფესიის მიმართ.

– მე მგონი სწორედ ეგაა დღევანდელი თეატრის უმთავრესი პრობლემა. მსახიობის, რეჟისორის პროფესია, საერთოდ თეატრი ვერ ჰგუობს ზედაპირულობას.

– განსაკუთრებით თეატრი, თორემ ზედაპირულოიბას ვერც ერთი პროფესია ვერ იტანს. პროფესიონალი საერთოდ არ შეიძლება იყოს ზედაპირული. მართლა ვერ გავიგე რა ხდება, ალბათ ან არც იღებენ ამ განათლებას, ან არ იკარებენ, ან არ სურთ რომ ის მიღებული განავითარონ.

– დასავლეთში  თუ გცემიათ თვალში მსახიობების ზედაპირული დამოკიდებუილება საქმისადმი?

– რა თქმა უნდა ძალიან ხშირად, მაგრამ ეს პრაქტიკულად არ იგრძნობა დიდ თეატრებში. ხანდახან ძალიან დიდ მსახიობსაც ეტყობა რომ იმ ფასადს მიღმა არაფერი აღარაა. სიღრმე არ მოდის. ზედაპირულობა ყველგან და ყოველთვის იგრძნობა, მთავარია ეს გლობალურ ტენდენციად არ იქცეს, რასაც ახლა ვხედავთ ჩვენს შოუებში, სადაც ფონს სამსახიობო ტექნიკის ილეთების გამოყენებით გადიან.

– მაყურებლის გემოვნების დაქვეითებასთან ერთად ხდება გადაჩვევა თეატრალური ენისგან, რომლის გარეშეც ჭირს თეატრალური სანახაობის, პირობითობის აღქმა. მინიმალური ცოდნა მაინცაა საჭირო რომ გაიგო ელემენტარულად სცენაზე რა ხდება.

– ძალიან კარგი ტრადცია იყო როდესაც ბავშვები თავიდანვე რეგულარულად დაჰყავდათ თეატრში და ეჩვეოდნენ ამ თეატრალურ ენას, მეტაფორულ აზროვნებას თეატრში, შემოთავაზებულ თამაშის სწეს და ასე შემდეგ. ახლა თვითონ თეატრზეა დამოკიდებული, რომ ეს მაყურებელი რაღაცნაირად ხელახლა შეიყვანოს თეატრში და გეომოვნება აუმაღლოს. უგემოვნობა და პროვიციალიზმი საერთო სენია. თეატრში უნდა გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც დააინტერესებს, დააფიქრებს მაყურებელს. სხვანაირად რა, გავიხსენოთ 20-იანი წლები, კომუნისტები რომ დადიოდნენ და აღზრდა დაიწყეს ახალი ადამიანის? ახალი ადამიანის აღზრდა არ არის საჭირო, საჭირო იმის ჩვენება, რაც გვჭირს დღეს. პრობლემაა ისიც რომ დღეს თეატრის განთვიათრების პოლიტიკა არ არსებობს. ერთ-ერთმა ჩემმა კოლეგამ, ერთ-ერთი სპექტაკლის შემდეგ, გამწარებულმა დაწერა რომ ცენზურაა შემოსაღები, რომ კარგი და ცუდი სპექტაკლები ერთმანეთისგან განასხვავოსო. მე სიტყვა ცენზურა და სამხატვრო საბჭო თავისი ძველი დანიშნულებით დღემდე მზარავს, ცენზორი არის მაყურებელი და თვითონ ის შემოქმედებითი კოლექტივი თავის თავისთვის, რომელიც დგამს ამ სპექტაკლს და რაღაცნაირად უნდა იგრძნოს და შეიგრძნოს, კარგს აკეთებს თუ ცუდს. და გამოხმაურება და კრიტიკაა საჭირო, საფუძვლიანი და დასაბუთებული. როცა გაკრიტიკებენ არ უნდა გეწყინოს, რაც მისაღებია უნდა მიიღო, ან ეკამათო კრიტიკოსს და დაუმტკიცო შენი სიმართლე. და რაც მთავარია, კრიტიკა უნდა იყოს კეთილგანწყობილი, ნებისმიერ სპექტაკლზე უნდა წახვიდე კეთილგანწყობილი და არა იმ აკვიატებული აზრით, რომ მე მაგის ნამუშევრები არ მომწონს და არც ეს სპექტაკლი მომეწონება. პირადად მე ნებისმიერ სპექტკლზე მივდივარ იმ განწყობით რომ თუ სპექტაკლი არა, რაღაც ხომ შეიძლება მომეწონოს, რომელიც დამაინტერესებს, მომცემს ფიქრის, განსჯის, ანალიზის საშუალებას. დიდმა თეატრებმა ძალიან კარგი საქმე გააკეთეს ექსპერიმენტული სცენების ამუსავებით. რასაც დიდი სცენა ვერ იტანს, მიდის იქ და ამ ექსპერიმენტებში ძალიან ბევრი საინტერესო რამ შეიძლება წამოვიდეს. ძალიან კარგად მუშაობს რუსთაველის თეატრი. შეიძლება ვინმემ თქვას, შედეგი არაა, რა ვნახეთ იქ საინტერსოო, მაგრამ მაინც ვნახეთ საინტერესო. ნებისმიერ ახალგაზრდის, თუ ახლაბედის ექსპერიმენტულ სპექტაკლში არის რაღაც ძალიანს აინტერესო მომენტები, რაც დაგანახებს იმ ადამიანის არზოვნების და გაქანების დონეს…

 

„სპექტაკლმა უნდა ააფორიაქოს, ააღელვოს მაყურებელი… წონასწორობა დააკარგვინოს…“

როგორ აწვალებს მაყურებელს გოგი მარგველაშვილი?


(დაიბეჭდა გაზეთ „ქართულ უნივერსიტეტში“).

რეზო შატაკიშვილი

რა პროცესი მიმდინარეობს დღეს ქართულ თეატრში, რა ტენდენციები იკვეთება და რა როლი აქვს ამ პროცესში ახალაგზრდობას  და პირიქით, რა როლი აკისრია დღეს თეატრს ახალგაზრდობის და საერთოდ ადამიანის ცხოვრებაში? როგორი მაყურებელია ახალგაზრდობა და როგორია როგორც შემოქმედი? ამ საკითხებზე „ქართული უნივერსიტეტი“ ესაუბრება რეჟისორსა და პედაგოგს, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ გოგი მარგველაშვილს.

გოგი მარგველაშვილი:

– ვინც ქართულ თეატრში მიმდინარე პროცესებს თვალს ადევნებს, დამეთანხმება რომ აშკარად მიმდინარეობს განახლება და ეს განახლება ბევრად ინტენსიურად მიდის მსახიობთა შორის, ვიდრე სარეჟისორო ამქარაში. გადავხედოთ, დღეს სცენაზე დგაანან და თამაშობენ როლებს, მთავარ როლებს, სათაურებსაც კი, ახალი თაობის მსახიობები. ეს თაობა შემოქმედებითად გაცილებით აგრესიულია… კარგი გაგებით…

თუმცა ხშირად გვესმის რომ ახალგაზრდა თაობა მოკლებულია მკვეთრ ინდივიდუალობას, რომ ყველა ერთმანეთს გავს…

ეს საერთოდ 21-ე საუკუნის პრობლემაა. დამნაშავე არავინ და არაფერი არაა. დრო მოვიდა ასეთი, როგორც ჩანს… გამოკვეთილი ინდივიდუალური ხელწერის შემოქმედები, სულ უფრო და უფრო ნაკლებია თეატრშიც, კინოშიც, ლიტერატურაშიც. გასაშუალოება ხდება, ხელობა ისწავლა ბევრმა და ხელობამ დაიმკვიდრა მყარად ადგილი. ის კი რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, მის ზევით დგას. ლაპრაკია უკვე ფილოსოფიაზე, წმინდა წყლის შემოქმედებაზე, ახალი სამყაროს შექმნაზე. ახალი სამყაროს შექმნა მხოლოდ რჩეულთა ხვედრია…

როგორც პედაგოგს და როგორც რეჟისორს, რამდენად გაკმაყოფილებთ ახალგაზრდა თაობის საქმისადმი დამოკიდებულება?

– დამოკიდებულებაში არაა საქმე, უბრალოდ მოთხოვნილებები გამარტივდა, როგორც მსახიობის ისე სპექტაკლის მიმართ. ადრე შეჯიბრი იყო კარგს, ძალიან კარგს და ფანტასტიკურს შორის, კი იყო სუსტი სპექტაკლებიც, წარუმატებელიც, მაგრამ ბევრად უფრო ნაკლები იყო არაპროფესიული სპექტაკლების რიცხვი დღევანდელთან შედარებით. უნიჭოები კი არ მომრავლდნენ და ნიჭიერები კი არ დაცოტავდნენ, მოთხოვნები შეიცვალა, შესუსტებულია მოთხოვნა რომ სპექტაკლი იყოს პროფესიულ დონეზე დადგმული. მაყურებელი მიეჩვია და ითხოვს ადვილად აღსაქმელ წარმოდგენის ნახვას, ისეთი ამბის გათამაშებას მის წინაშე, რომელიც მას არ შეაწუხებს, რომელიც მისგან არ მოითხოვს ელემენტარულ ცოდნას, ელემენტარულ ინტელქტუალურ დონეს. თეატრალურ ხელოვნებაში მოღვაწე ადამიანების გარკვეული ნაწილი აჰყვა ამას, აჰყვა იმიტომ რომ ეს იოლია… რაც შეიძლება მეტი მაყურებლის მოზიდვას იმისთვის კი არ ცდილობენ, რომ რაც შეიძლება მეტს მოუყვნენ ამბავი, რომელიც მათ ააღელვებს, დააფქირებს, წონასწორობას დააკარგვინებს, არამედ იმისთვის რომ რაც შეიძლება მეტი ლარი შეუვიდეთ სალაროში. ასეთი თეატრი უბრალოდ სალაროს ავსებს და ცდილობს გაართოს მაყურებელი, არ შეაწუხოს, პრობლემებზეც ესაუბროს ისე, რომ პრობლემის არსის სრული ნიველირება მოხდეს, ანუ არაფერი არ ხდება, მოდი ვიღადაოთ ამაზე, მოდი დავცინოთ, ვითომ ეს არც არსებობს… ამ ყველაფერმა მიგვიყვანა იქამდე რომ სცენაზე ვხედავთ პრაქტიკულად იმას რასაც ტელეეკრანზეც ვხედავთ. სერიალებს ვგულისხმობ. ლექსიკონში, სამწუხაროდ პროფესიულშიც კი, უკვე დამკვიდრდა ცნება `პროდუქტი~, პროდუქტი ეწოდება სპექტაკლს, ფილმს, ყური უკვე მიეჩვია ამას, მაგრამ არ შეიძლება სპექტაკლი იყოს პროდუქტი, სპექტაკლი შეიძლება იყოს მხოლოდ ხელოვნების ნაწარმოები და ხელოვნების ნაწარმოები არ შეიძლება იყოს პროდუქტი… თუმცა, რასაც ჩვენ ხშირად სცენაზე გვთავაზობენ, ის მართლაც პროდუქტია.

სერიალები ახსენეთ და როდესაც მე ამ პროდუქტსმთავაზობს თეატრი და მთავაზობს ასევე ტელევიზია სერიალების სახით, თანაც უფასოდ, და ის შემიძლია ვნახო შინიდან გაუსვლელად, რაღატომ წავალ თეატრში? ასეთი თეატრი არ შევა ჩიხში?

– ტელესერიალებში დაკავებული მსახიობების დიდი ნაწილი სცენაზეც დგას, ტელესერიალების მაყურებელი კი ტელესერიალის გმირს მიჰყვება ყველგან, თეატრშიც და უყურებს ცოცხლად, უკვე ტკბება მისით ცოცხლად… ტელესერიალებმა მოახერხეს ეს და ეს მარტო საქართველოში კი არა, მთელ დედამწიაზე ხდება. ისინი დომინირებენ და ახდენენ მაყურებლის გემოვნების, ესთეტიკის და მოთხოვნების ჩამოყალიბებას. ამაზე მეტს უკვე აღარ ითხოვს ადამიანი და როცა სთავაზობ ამაზე მეტს, ის უკვე აღიზიანებს, რადგან ის უკვე აიძულებს დაფიქრდეს, გაანალიზოს, შენთან ერთად იყოს და გარკვეული კონცეპტუალური ხედვა მასაც ჩამოუყალიბდეს. კარგი სპექტაკლის მაყურებელს, თვითონაც უნდა უყალიბდებოდეს კონცეფცია, თუ მაყურებელი გადის და არ გეკამათება, არაა აღელვებული და წონასწორობადაკარგული, მაშინ ესე იგი, ის 2-3 საათი იყო – სერიალი სცენაზე.

დასავლეთში, რეკლამებში და სერიალებში დაკავებული მსახიობების აყვანას, როგორც წესი ერიდებიან ხოლმე.

– სწორად იქცევიან.

დღეს, როცა თეატრსა და სერიალებს საზიარო მსახიობები ჰყავთ, ხომ არაა სასურველი თუნდაც მათი გამიჯვნა, ვთქვათ თეატრებმა მსახიობებს აუკრძალონ სერიალებში გადაღება, გარდა ამისა სერიალებში აქტიურად არიან დაკავებული სტუდენტებიც, სერიალები კიდევ უფრო საზიანოა მათთვის. არ გიფიქრიათ სტუდენტებისთვის სერიალში გადაღების აკრძალვა?

– სერიალში გადაღება დიდ ზიანს აყენებს მსახიობს და მითუმეტეს სტუდენტს, რომელიც ჯერ კიდევ სწავლობს სამსახიობო გრამატიკას და ჩამოყალიბებული არაა ჯერ. მაგრამ სერიალებში გადაღებას ვერც ერთს აუკრაძალავ და ვერც მეორეს. არანაირი იურიდიული ნორმა არ გვაძლევს სტუდენტისთვის ამის აკრძალვის უფლებას, თუ მას სწავლისაგნ თავისუფალ დროს იღებენ და არ აცდენს ლექციებს. თავისუფალი დრო მისია და როგორც უნდა გამოიყენებს. ვერც მსახიობებს აუკრძალავს ვინმე ამას, თუ თეატრის ადამინისტრაცია კონტრაქტში არ ჩაუწერს ამას, მაგრამ დღეს ისეთ ანაზღაურებას ვერც ერთი თეატრი ვერ აძლევს მსახიობს, რომ ეს მოსთხოვოს… კომუნისტების დროსაც ვერ უკრძალავდნენ მსახიობებს გადაღებას, მაშინაც იყო მდარე ხარისხის, საწარმოო თემაზე შექმნილი ფილმები, სადაც არავითარი შექმომედებითი ამოცანები არ იყო დასახული, მაგრამ მსახიობები მიდიოდნენ ანაზღაურების გამო. მსახიობსაც და სტუდენტსაც ერთადერთი შეიძლება ურჩიო. პროფესიონალ მსახიობს ურჩიო რომ არ დათანხდეს მისი პროფესიული დონისთვის შეუფერებელ სამუშაოს… სტუდენტს კიდევ ის რომ ეს საზიანოა მისთვის, რომ ეს ელემენტარულად ყველაფერს ანგრევს, რასაც მას აქ ასწავლიან, ხშირად სტუდენტი ხვდება კიდეც რომ სიმართლეს ეუბნები, მაგრამ მას სჭირდება ის 500 თუ 600 ლარი თვეში, რომელსაც უხდიან და მიდის. უბრალოდ, ახალგაზრდა გამოუცდელია დაბოლომდე კიდე ვერ აცნობიერებს, არ სჯერა რა მასშტაბის ზიანს აყენებს ასეთ სერიალში გადაღება მას.

თქვენთვის როგორც რეჟისორისთვის რამდენად საინტერესოა გაპაპსავიკებულ, გატელესერიალებულგმირთან მუშაობა?

– ჩემთვის არნაიარად საინტერესო არაა და არც ვაპირებ მუშაობას ასეთ გმირთან, მაგრამ არც თუ იშვიათად, ოჯახის შესანახად, თავის სარჩენად ძალიან კარგი მსახიობებიც მიდიან და თამაშობენ სერიალში. რას იზამ? ყველა კარგ მსახიობს ხომ არ დაკარგავს იმის გამო რომ წავიდა და სერიალში ითამაშა?.. თავიდან ცდილობდნენ დეტქიტიური, გნებავთ მელოდრამატული სერალების გაკეთებას, შემდეგ ეს გაქრა, ახლა სერიალები პრაქტიკულად დეგენერატებზე კეთდება, ანუ მოქმედი პირები არიან დეგენერატები, რომლებსაც მსახიობები საოცარი სიამოვნებით, პლუს „ნაიგრიშით“, კიდე უფრო, ხაზგასმით დეგენერატებად თამაშობენ. დააკვირდით ნებისმიერი სერიალის ნებისმიერ პერსონაჟს, მის ქცევას, რეაქციებს ამა თუ იმ მოვლენაზე, როგორ ურთიერთობენ ერთმანეთთან… ესაა დეგენერატების კრებული, რომელსაც მსახიობები ასახიერებენ. …

ვსაუბრობდით იოლადაღსაქმელ სპექტაკლებზე, რომელმაც მაყურებელი არ უნდა ააღელვოს, ბოლო დროს იმასაც ამბობენ, რომ თეატრმა არ უნდა გადაღალოს მაყურებელი და შესაბამისად სპექტაკლი უნდა იყოს საათნახევრიანი, მაქსიმუმ ორსაათიანი. თქვენ კი ცნობილი ხართ როგორც ხანგრძლივი, მრავალსაანი სპექტაკლების დამდგმელი.

– მე ვაწვალებ ხალხს… სპექტაკლის ფორმაც, ქრონომეტრაჟიც, სიუჟეტიც დამოკიდებულია დამდგმელის გემოვნებაზე, მის მსოფლმხედველობაზე, შინაგან ტემპო-რიტმზე, დასახულ მიზანზე. თუ მას მხოლოდ მაყურებლის გართობა-გაცინება უნდა და სხვა არაფერი, მაშინ რა პრობლემაა, ის ერთ საათშიც ჩაეტევა, ნახევარ საათშიც და ანეგდოტის მოყოლას რამდენიც სჭირდება იმ დროშიც… ქრონომეტრაჟი სპექტაკლის ხარისხის მაჩვენებელი არაა, მაგრამ სწრაფად არ კეთდება არაფერი ხარისხიანი. ამბავის გათამაშებას, მაყურებლის აფორიქებას სჭირდება გარკვეული სივრცე, გარკვეული დრო… მთავარია მაყურებელი ააფიქრიაქო, წონასწორობა დააკარგინო, შეიძლება მისთვის შენი ინტერპრეტაცია კატეგორიულად მიუღებელი იყოს და ისე გაბრაზდეს მტრადაც მოგეკიდოს, მაგრამ შედეგი მიღწეულია, ის იწყებს ფიქრს, კამათს, შენთან ერთად აქტიურად აზროვნებს, იმ შემთხვევაშიც თუ გეთანხმება, და იმ შემთხვევაშიც თუ კატეგორიულად არ გეთანხმება. ყველა შემთხვევაში ის იწყებს ანალიზს, იწყებს ფიქრს იმ ამბავზე, სვამს საკუთარ თავს ამ ამბავში, რომელიმე გმირთან აიგივებვს თავს, ვიღაცის მხარესაა, ვიღაცის წინააღდეგაა და ირიბად ამავე სპექტაკლის თანამონაწილე, ამავე სპექტაკლის პერსონაჟი ხდება, ეს არაა ხშირი, ძალზე იშვიათია.

ახალგაზრდა მაყურებელი როგორია?

– ნამდვილად არაა ცუდი მაყურებელი, ვერ ვიტყვი რომ დღევანდელი მაყურებელი ადრინდელზე უარესია, რა თქმა უნდა 20-30 წლის წინ უფრო მომზადებული მაყურებელი იყო. ახლანდელი მაყურებლის უმეტესი ნაწილის დამოკიდებულება უფრო ზედაპირულია, იმ მოთხოვნების დაკმაყოფილებაზეა ორიენტირებული, რომელიც აქვს სერიალის ყურებისას. მაგრამ ეს მარტო საქართველოში კი არა, ყველგან ასეა. უბრალოდ თეატრალური მაყურებელი, ისევე როგორც სიმფონიური მუსიკის მსმენელი, ისევე როგორც საავტორო კინოს მაყურებელი და მაღალმხატვრული ლიტერატურის დამფასებელი გარკვეულწილად პროფესიებია. პროფესიონალი მაყურებელი უნდა იყო. ხელოვნების ასეთი ნაწარმოების მაყურებელი შენთან ერთად უნდა თხზავდეს და შეძლოს  კონცეპტუალური სქემის ყველა ეტაპის შენთან ერთად გავლა. თუ ეს არ შეუძლია მას სწყინდება, უბრალოდ იყურება სცენისკენ თუ ეკრანისკენ, თორემ ვერ მიყვება ამბავს. პროფესიონალი მაყურებელი არის თეატრის, კინოს შემადგენელი ნაწილი, ამ მაყურებელზე დგას თეატრიც და კინოც, ასეთი მაყურებელი უწყობს ხელს იმას რომ განვითარდეს ერთიც და მეორეც და ასეთი მაყურებელი მასიური არასოდეს არ არის და არც ყოფილა არასოდეს, ალაბათ სავბერძნეთში იყო, ალბათ… ყოველშემთხვევაში დღეს შეუძლებელია საავტორო ფილს, თუ კონცეპტუალურ სპექტაკლს ჰყავდეს მასიური მაყურებელი. არ ხდება მასეთი რაღაცა, არსად…

რატომ? ჩვენი პატარა ქალაქი“, კავკასიური ცარცის წრე“? ამ სპექტაკლებს ჰყავდა და ჰყავს მაყურებელი. თუ ეს ის გამოანკლისებია რომელიც წესს ადასტურებს?

– არა, ეს სპექტაკლები არც გამონაკლისებია და არც იმას ამბობს ვინმე რომ თუკი სპექტაკლს მაყურებელი ჰყავს, ესე იგი იგი მდარე ხარისხისაა და თუ არავინ დადის, ესე იგი აუცილბლად მაღალმხატვრულია, რაკიღა პროფესიონალი მაყურებელი ცოტაა, არა, მაღალმხატვრულ სპექტაკლსაც ჰყავს მაყურებელი, ოღონდ ეს ხდება იმ შემთხვევაებში როდესაც ეს სპექტაკლი თვითონ იქცევა მოვლენად. მაგრამ  ყველა მაღალმახატვრული, პროფესიული ღირებულების სპექტაკლი მოვლენად ვერ იქცევა… როდესაც სპექტაკლი მოვლენად იქცევა, მაშინ მაყურებელი გარანტირებულია. პროფესიონალი მაყურებლის შემდეგ მოდის უბრალო მაყურებელი, რომელიც შეიძლება ვერ წვდევბა და ალბათ ვერ წვდება და ვერ იგებს რაშია ამ სპექტაკლის ასეთი განსაკუთრებული ხიბლი და რატომაა ეს სპექტაკლი ასე გამორჩეული, რა საეტაპო მნიშვნელობის სიახლეა გადაწყვეტაში, ფორმაში… ამას ვერ ხვდება, მაგრამ მან იცის რომ ესაა მოვლენა და რომ მან ეს უნდა ნახოს. ხშირად ნახულობენ, ვერ იგებენ „რა არის ამისთანა“, მაგრამ ზრდილობს გამო ამბობენ „გენიალურია“, „გადასარევია“, ეს ბედია ასეთი სპექტაკლების, რომლებიც იქცნენ მოვლენებად.

როგორი იქნება უთეატრო თაობა? ინტერვიუ გია კიტიასთან

„არა თაობა, არამედ ცალკე ცალების კრებული

რა როლი აკისრია თეატრს მოზარდების აღზრდაში და როგორი იქნება უთეატრო თაობა?

ინტერვიუ გია კიტიასთან

რეზო შატაკიშვილი

(დაიბეჭდა გაზეთ “ქართულ უნივერსიტეტში”).

რას აძლევს ბავშვს თეატრთან ზიარება და რა ხდება მაშინ როცა მას ამ სასწაულის ნაცვლად სატყუარას ვთავაზობთ? რა როლს ასრულებს თეატრი ბავშვის ადამიანად ჩამოყალიბებაში? რატომ აკისრია საბავშვო თეატრს გაორმაგებული პასუხისმგებლობა? როგორი უნდა იყოს თეატრი ბავშვებისათვის?

ამ თემებზე ქართული უნივერსიტეტიესაუბრება თეატრისა და კინოს უნივერისტეტის პროფესორს, რეჟისორ გია კიტიას, რომლის შექმომედებითი მოღვაწეობა მთლიანად საბავშვო თაეტრს უკავშურდება.

გია კიტია:

– დღეს ბავშვს აღარა აქვს შეხება მარტო მხატვრულ ლიტერატურასთან კი არა, საერთოდ ცოცხალ ადამიანთან, მშობლებსაც აღარ სცალიათ მისთვის და მიჯაჭვულია ტელევიზორს, ინტერნეტს, ამიტომ ერთადერთი ადგილი სადაც ცოცხალი ადამიანის მოქმედებას უყურებს, თეატრია. ესმის მისი სუნთქვა, გრძნობს. და სწორედ ამიტომაც ენიჭება თეატრს გადამწყვეტი როლი.  მედიცინეს თვალსაზრისით, ბავშვს სერიოზული პრობლემები ექმნება, თუ თეატრში არ ხდება მისი არარეალიზებული სურვილების რეალიაზაცია. მაგალითად, შეიძლება უფროსები ვერ ხედავდნენ და ჰგონიათ რომ შესანიშნავი ოჯახი აქვთ, რაკიღა მანქანა და შაბათ-კვირას სტუმრები ჰყავთ, შინ ბლომად ბროლი უწყვიათ და მოვლილები დადიან, მაგრამ ბავშვი გრძნობს რომ დედ-მამას ერთმანეთი არ უყვართ, არადა არანორმალურად, ავადმყოფურად უნდა რომ მათ ერთმანეთი უყვარდეთ და თუ ბავშვმა არ დაიჯერა რომ ეს შესაძლებელია, ნორმალური ვერ გაიზრდება. ამ დროს თეატრში მოდის და რომეო და ჯულიეტას შემყურე, რწმუნდება რომ სიყვარული არსებობს, სამ მუშკეტერს უყურებს და რწმუნდება რომ მეგობრობა არსებობს. რომ ქალის პატივისცემა არსებობს, სიკეთე იმარჯვებს… თორემ თუ ბავშვმა მარტო იმას უსმინა, სახლში რას ლაპარაკობენ და მეზობელი მეზობელს როგორ პარავს და ძმა ძმას როგორ ღალატობს, რა თქმა უნდა ვერ გაიზრდება ნორმალურ ადამიანად. ახლა, თეატრი რეალობაზე უფრო რეალურია. ახლა ცხოვრებაში ყველა თამაშობს იმიჯს, ყველა მოვლენა იდგმება, ყველგან პიარია, ცხოვრებაში თამაშობენ სწორედ და ერთადერთი ადგილი, სადაც ცოცხალ ადამიანს ხედავ ნამდვილი განცდებით, სწორედ სცენაა. დიდებთან კათარზისი მიკროინფარქტის ვარიანტშია, მიკროკათარზისია. ცოტაზე რაღაც შეიძლება მოხდეს, ვითომ რაღაც მოხდაო. ეგეც ყოველთვის არა და ყოველ სპექტაკლზე არა… დიდები თეატრში მოდიან იმის საჩვენებლად რა ტანისამოსით, რა მქანანით მოვიდნენ, რა “სასტავში” “გაიჩითნენ”, ბავშვების შემთხვევაში კი ნამდვილად ხდება კათარზისი, და ეს მათთვის მნიშვნელოვანია ისევე როგორც ძილი. ყველა კარგად დადგმული სპექტაკლი ესაა აბსოლუტური განწმენდა, შვება, რა ბედნიერი ვარ, რა კარგია რომ სიყვარული არსებობს, რა კარგია რომ მეგობრობა არსებობს…

ბავშვი თეატრში უნდა ვატაროთ. მაგრამ მშობლებს, გნებავთ პედაგოგებს აკისრიათ დიდი პასუხისმგებლობასად და რა სახის სპექტაკლზე წაიყვანენ პატარას, რამდენად გასაგები იქნება მისთვის ის სპექტაკლი, ან რამდენად ხარისხიანი იქნება ის სპექტაკლი და საერთოდ ხომ არ დავუმახინჯებთ ბავშვს გემოვნებას, ანდა სულაც შევაძულებთ თეატრს? ხომ ხშირად გვინახავს ბავშვები ისეთ სპექტაკლებზე, რომლის აღქმა ბევრ მოზრდილსაც რომ უჭირს.

– ერთის მხრივ არსებობს მოსაზრება რომ ბავშვები არ უნდა ვატაროთ დიდების თეატრში, მათი ასაკისთვის შეუფერებელ სპექტაკლებზე, მაგრამ არსებობს აბსოლუტურად საწინააღდეგო მოსაზრება რომ ბავშვი აუცილებლად უნდა ატარო დიდების თეატრში. ეს წაყვანა-არწაყვანაც ისევ იმაზეა დამოკიდებული რამდენად კარგი საბავშვო თეატრი გვაქვს. თუ გვაქვს კარგი საბავშვო თეატრი და იქ დაგვყავს ბავშვი და თეატრის ანაბანა იცის, მაშინ ის მართლაც აუცილებლად უნდა ატარო დიდების თეატრში, თან ატარო არა ამ თეატრებში ბავშვებისთვის დადგმულ სპექტაკლებზე, არამედ დიდების სპექტაკლებზე და მერწმუნეთ, ის დიდებზე მეტს გაიგებს იმ სპექტაკლიდან. მაგალითად მე ბავშვობაში მოაზრდშიც დავდიოდი და რუსთაველის თეატრშიც. რუსთაველში „ჭინჭრაქასაც“ ვუყურებდი და ასევე „ოიდიპოს მეფესაც“, „სეილემის პროცესსაც“, და „დეზერტირკასაც“,  და სწორედ რუსთაველის თეატრმა ითამაშა გადამწყვეტი როლი, მაგრამ ესა ალბათ არ მოხდებოდა მოაზრდი რომ არ ყოფილიყო ჩემს ცხოვრებაში. ბავშვი უნდა ვატაროთ იქაც და იქაც, მთავრია ის რომ ეს სპექტაკლები იყოს მაღალი ხარისხის, რადგან ბავშვი ყველაფერს ღრუბელივით ისრუტავს და მისი მიყვანა არაფრით არ შეიძლება ცუდ, ან დაბალი დონის სპექტაკლზე. ეს გამოუწორებელ შედეგებამდე მიგვიყვანს, დააზიანებს მათ ფსიქიკას.

აღნიშნეთ რომ ბავშვი დიდების თეატრში უნდა ვატაროთ დიდებისთვის და არა ბავშვებისთვის დადგმულ სპექტკლებზე, რატომ არ უნდა ვატაოროთ ბავშვი იქ მათთვის დადგმულ სპექტაკლებზე?

– იმიტომ რომ დიდების თეატრები ვერ დგამენ კარგად საბავშვო სპექტაკლს, მათ ამის პროფესიული ჩვევეები არ გააჩნიათ, ამისთვის არც არის მოწოდებული ეს თეატრი, საამისო მონაცემები არც მსახიობებს აქვთ, არც რეჟისორებს, არც კაპელდინერს, შენობაც სხვა რამეზეა გათვლილი, ამიტომ ჯობია ბავშვმა დიდების თეატრში ნახოს დიდების სპექტაკლი და არა ცუდად დადგმული ვითომ საბავშვო, რეალურად კი შემოსავლის მისაღებად დადგმული ხალტურა. ყველა კარგი საბავშვო სპექტაკლი, რომელიც დიდების თეატრს დაუდგამს, დიდებისთვის იყო, თუმანიშვილის „ჭინჭრაქაც“, სტანისლავკის „ლურჯი ფრინველიც“,  ვახტანგოვის „პრინცესა ტურანდოტიც“, დანარჩენი მე არ მახსოვს დიდების თეატრს კარგი საბავშვო სპექტაკლი გამოსვლოდეს. ამ დროს კი, ყველა კარგი სპექტაკლი საბავშვოა, „ჩვენი პატარა ქალაქიც“, „კავკასიური ცარცის წრეც“, „რიჩარდ მესამეც“, საბავშვოა იმიტომ რომ კარგი სპექტაკლი შესანიშნავად ესმის ყველა ბავშვს. აბსოლუტურად ყველაფერი ესმის და ყველაფერს გრძნობს. მახსოვს ერთ-ერთ თეატრში ვიყავი, ჩემ კოლეგას ბავშვი ჰყავდა მოყვანილი, ამ ბავშვმა ტირილი ატეხა, თეატრში წამიყვანეთო. ხან დედა უხსნიდა, თეატრში ვართო, ხან მამა. არა, თეატრში წამიყვანეთო, ვერ გააჩერეს ეს ბავშვი. მივტრიალდი და ვუთხარი, დაუჯერეთ ამ ბავშვს, წაიყვანეთ იმ თეატრში, ამან უფრო იცის რომელია თეატრი და რომელი არა-თქო. ამ ბავშვისთვის, თეატრი არ იყო მარტო დეკორაცია, კოსტიუმი და მსახიობი, კიდე სჭირდება რაღაც, რაც იმ `სხვაგან~ ნახა და კიდე უნდოდა. საქმე ისაა, რომ ბავშვი ვერ იტანს ტყუილს ვერანაირს, არადა ახლა თეატრი გამოტენილია ტყუილით, ბავშვი აცრილია ტყუილაზე, თორემ პირობითობას მიიღებს როგორსაც შესთავაზებ. თითებით რომ აჩვენო, ეს გოჭიაო, დაგიჯერებს, გამოგყვება, მაგრამ რომ გამოვარდება სექლი დეიდა და ეტყვის გოჭი ვარო, ბავშვი გრძნობს რომ ეს პირობითობა კი არა, უკვე იმ დეიდაზე მსუქანი ტყუილია და მიდი რაო, გეუბნება. ბავშს თუ შეუთანხდები, მოდი ვითამაშოთო, რომ ესაა გოჭი, გამოგყვება. არ უნდა უმტკიცო რომ ეს მართლა გოჭია. ბავშვი არის ძალიან უცნაური შერწყმა, რაციონალურის და ემოციურის.

– ეს ხომ საერთოთ თეატრის არსია – შეთხზულისა და სინამდვილის შერწყმა.

– დიახ და ეს საბავშვო თეატრში კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. მახსოვს, მე და ნეკრუშიუსი ვილნიუსში ჩავედით რიმას ტუმინასის სადიპლომო სპექტაკლზე, სპექტაკლში 20 მგლის ფიტული სჭირდებოდათ. სპექტაკლის დაწყებამდე თეატრს ვათვალიერებდით და ვნახეთ აწყვია ეს 20 ფიტული, დამბურძგლა, ისე კარგად გაკეთებული ფიტულები იყო. იქვე 5-6 წლის ბიჭი დარბოდა. ვკითხე, ამდენ მგლებში რომ დადიხარ, არ გეშინია-მეთქი? რისი უნდა მეშინოდეს, მამაჩემი ბუტაფორია და ვნახე როგორც აკეეთებდაო და დაწვრილებით მომიყვა როგირ გააკეთა მამამისმა ეს მგლები. კარგი, აბა თუ ნამდვილი არაა და გაკეთებულია, მიდი, ხელი დაადე მეთქი, ვუთხარი, არა, არაოოო… იცოდა რომ მგელი არ იყო, მაგრამ ემოციურად მისთვის მაინც მგელი იყო. ბავშვი როცა თეატრში მოდის, ხომ იცის რომ რეალურად ზღაპარს უყურებს? მაგრამ აი გვქონდა ასეთი შემთხვევა. სერიოჟა ლიუტროვი თამაშობდა მეზღაპრეს და მამას, რომელიც გზადაგზა ხან ყაჩაღად გადაიცმევდა, ხან რად, მაყურებელმა ყოველთვის არ იცოდა ამის შესახებ და ერთ-ერთ სცენაში, გადაცმული იყო ლუჯწვერა ყაჩაღად, რომელსაც ქირაობენ ბავშვების დასახოცად, ის-ის იყო კულიუსებში უნდა გასულიყო სერიოჟა ლიუტროვი რომ სცენაზე ამოვარდა 8 წლის გოგონა და 15 წუთი ეხვეწებოდა რომ ბავშვბი არ დაეხოცა, სერიოჟას ცრემლები წამოუვიდა, ნელ-ნელა წვერი მოიხსნა, ამ გოგონას რომ  არ ენერვიულა, და სანამ უთხრა მამა ვარ, ნუ გეშინია, არ დავხოცავო, ლაპარაკში გართულმა გოგონამ ახედა, მიხვდა რომ მამა იყო, „უი, მაპატიეთ, მამა ყოფილა, კარგით, კარგით, მე ჩავალ და ყურებას გავაგრძელებ“-ო. ჩავიდა დარბაზში და გააგრძელა ყურება. ის რომ ადგა და აქტიურად ჩაება მოქმედებაში, ნიშბნავს ერთს – ჯერა და არ ჯერა… სხვათაშორის, ეს ახასიათებთ ბავშვებსაც რომლებიც თამაშობენ სპექტაკლში. ყველა მსახიობი ამბობს რომ სცენაზე გასვლის წინ საშინლად ნერვიულობს. მაგრამ აი, ჩემი გოგონა, მარიშკა, პატარ იყო, მოზარდში თამაშობდა უკვე, ერთხელ კორესპოდენტმა რომ კითხა, სპექტაკლის წინ ნერვიულობო, მარიშკამ არაო, უპასუხა. კორესპოდენტს ძალიან გაუკვირდა, ჟურნალისტად დავბერდი და მსახიობისგან არ გამიგია ასეთი რამო, ყველა ნერვიულობს და შენ რატომ არ ნერვიულობო. მარიშკამ უპასუხა, როცა სპექტაკლი მაქვს, იმ დღეს, გავიღვიძებ თუ არა, ვნერვიულობო, სკოლაშიც სულ ვქცმუტავ, მაჯღჟოლებსო, მარშრუტკით რომ თეატრში მოვდივარ, ლამის ცუდად გავხდეო, თეატრშიც რომ შემოვდივარ სულ მაძაგძაგებს, მაგრამ როგორც კი საგრიმიოროში გრიმს გავიკეთებ და კოსტიუმს ჩავიცმევ, საერთოდ აღარ ვნერვიულობ, არც სპოექტაკლამდე და არც სპექტაკლზეო. ჟურნალსიტი დაიბნა, თუ მანმადე ნერვიულობდი, ახლა რატომ აღარ ნერვიულობო. ის მარი კიტია ნერვიულობდა და რომ ჩავიცვი კოსტიუმი, მე ხომ ქრისტოფერ რობინი ვარ და იმას რა აქვს სანერვიულო, სპექტაკლი ხომ არა აქვს სათამაშოო. უკვე რომ სხვა იყო, მას იმდენად ჯეროდა, რომ აღარ ნერვიულობდა. მეტსაც გეტყვით, ეს თვისებები არათუ ბავშვებს, ყველას უნდა ჰქონდეს შერჩენილი, ვინც საბავშვო თეატრში მუშაობს. საბავშვო თეატრში განსაკუთრებული ხალხი უნდა მუშაობდეს. ყველა: მსახიობები, კაპელდინერები, მკერავები, სცენის მუშები. გასაკუთრებული კასტა, რომელთაც უყვართ ბავშვები. გივი ჭიჭინაძე კარგი საბავშვო პოეტი იმიტომ კი არ იყო რომ ეს ნიშნა იპოვა, იმიტომ რომ ასე აზროვნებდა, ასე უყვარდა ბავშვები. ან რა საბავშვო კომპოზიტორები, იმიტომ კი არ წერდნენ საბავშვო მუსიკას, რომ იმ სიმღერას ვერ დაწერედნენ სიყვარულზე, „შენ მომეცი და მე მოგცემ“-ზე, ისინი სხვანაირად გრძნობდნენ, სხვანაირად აზროვენებდნენ, სხვანაირი გულით და სულით უყვარდათ ბავშვები. საერთოდ თეატრში განსხვავებული ადამიანები არიან, მახსოვს მამაჩემი, დორიან კიტია (რუსთაველის თეატრის დირექტორი წლების მანძილზე რ.შ). მიყვებოდა, ათი წელი ვეძებდი რუსთაველის თეატრისთვის დურგალსო, ყოველ წელს ერთმანეთზე უკეთესი დურგლები მომყავდა, მაგრამ ვცვლიდი, ძლივს ვიპოვე ისეთი დურგალი რომელსაც თეტრი უყვარდა, თეატრს გრძნობდაო. ასეთივე მკერავი სჭირდება თეატრს, უბრალოდ ის კი არა, ვინც კარგად კერავს, ვინც გრძნობს თეატრს. ვინც უბრალოდ კარგად კერავს, წავიდეს და საქორწინო კაბები კეროს. თეატრი ერთ მთლიანობაზე მუშაობს. თეატრში ისეთი ხალხია საჭირო, ვინც რეზულტატზე ფიქრობს, აინტერესებს.  საბავშვო თეატრში მითუმეტეს. საბავშვო თეატრში საჭიროა ხალხი, ვისაც უყვართ თეატრი და შეუძლიათ ბავშვებთან ურთიერთობა, შეუძლიათ კი არა, ეს მათი ცხოვრების წესია. ეს განსაკუთრტებული ხალხია, მათი პოვნა და აღზრდა ძაან ძნელია, მითუმეტეს მათი ერთიან კოლექტივად შერწყმა. ამას წლები უნდა.

საბავშვო თეატრის ფუქნციები და საზოგადოდ მისია განსაკუთრებულია. თუნდაც მარტო იმიტომ რომ მან ერთის მხრივ წვლილი უნდა შეიტანოს ადამიანის ჩამოყალიბებაში და მეორეს მხრივ თეატრს უნდა აღუზარდოს მაყურებელი. ცხოვრებაც ასწავლოს ბავშვს და თეატრიც. რა სირთულეები და რა სპეციფიკური თავისებურებები აქვს ბავშვებისთვის სპექტაკლის დადგმას?

– კატეგორიულად მიუღებელია ადაპტირება. ბავშვებთან მოჩლექვით საუბარი. მახსოვს ჰოლანდიის კულტურის მინისტრმა რესტორანში ვახშამზე მიგვიწვია მსოფლიო „ასიტეჟის“ (საბავშვო თეატრების პროფესიონალური გაერთიანება) პრეზიდენტი, მსოფლიოში სახენმგანთქმული რეჟისორი ადოლფ შაპირო და მე. მინისტრი ამბობდა რომ ბავშვებს ყველაფერი ადაპტირებულად უნდა მიეწოდოსო, დრამატურგია ადაპტირებული უნდა იყოსო, მაგალითად „რომეო და ჯულიეტას“ დადგამც შეიძლება, „ჰამლეტისაც“, მაგრამ შექსპირის პიესების კი არა, გადაკეთებულისო. მაჩვენა კიდეც ეს ადაპტირებული „რომეო და ჯულიეტა“, „ჰამლეტი“. საშინლად გაპრიმიტიულებული იყო „ჰამლეტი“, მთელი რიგი თემები ამოღებული იყო, ბავშვი ვერ გაიგებსო. დავა არ დამიწყია, უბრალოდ იქვე ქაღალდის ხელსაწმენდზე, კალმისტრით დავხატე მზესუმზირა და ვაჩვენე, როგორ ფიქრობთ ეს რომ ჩემს გოგონას ვანახო, და ვუთხრა ეს ვან გოგის „მზესუმზირებია“, მიხვდება ვან გოგი რა, ან ვინაა მეთქი? ვან გოგმა რაც დახატა ის უნდა ანახო ბავშვს და რაც შექსპირმა დაწერა ის უნდა წააკითხო, თორემ მარტო სიუჟეტში ხომ არაა საქმე? ადაპტირება კატეგორიულად მიუღებელია. ახლა სწორედ ეს ადაპტირებული სპექტაკლები იდგმება და კატასტროფაა. რატომრაც ჰგონიათ რომ ბავშვს უნდა ელაპარაკო ასე: ფუსი-ფუსი, პუწუ-პუწუ, კუდგელი მოვიდა და რაღაც. გავიხსენოთ, ბავშვობაში რას ვფქირობდით მათზე ვინც ასე გველაპარაკებოდა? იმ წუთას იდიოტი და შტერი გვეგონა ის დეიდა თუ ბიძია. ის გამოდიოდა დებილი და არა შენ. ბავშვს უნდა ელაპარაკო როგორც თანატოლს, თანასწორს, და არა ზემოდან ქვემოთ. არ შეიძლება ბავშვს წააკითხო ადაპტირებული სახარება, ახლა რომ გამოდის კომიქსებად, ბავშვს ვერ გააგებინებ რომ მაცხოვარი არაა კომქისის პერსონაჟი,ბავშვობისას ერთხელ რომ ჩაუჯდება ტვინში რაღაც პრიმიტიულად, შემდეგ მისი ამოგდება ძნელდება. პიესების ადაპტირება მიუღებელია, მაგრამ ზუსტად უნდა ვიცნობდეთ ბავშვის ფსიქოლოგიას, რას აღიქვამს და რას არ არიქვამს, რა შედეგს მივიღებთ. სიტყვები კი არ უნდა ცვალო, ან ამარტივო, შეიძლება რაღაც გაიმეორო, რაღაც ნელა თქვა, იმიტომ რომ მათ სწრაფად ეცვლებათ ყურადღების ობიექტები. გასათვალისწინებელია ისიც რომ პატარაობისას ყოველ წელს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, თან ერთია ბიოლოგიური ასაკი და მეორე – ფსიქოლოგიური. ადამიანი შეიძლება 18 წლის იყოს და არაფერი გაეგებოდეს და შეიძლება 5 წლისა საკმარისად იყოს განვითარებული იმისთვის რომ სანახაობა აღიქვას.

რა პრინციპით უნდა ირჩეოდეს რეპერტუარი, და რამდენად გამართლებულია საბავშვო თაეტრში იგივე თეატრალური ექსპერიმენტების განხორციელება?

– არანაირი ექსპერიმენტები არ შეიძლება საბავშვო თეატრში, ექსპერიმენტები თუ გინდა სადმე სხვაგან უნდა ჩაატარო, აქ ბავშვთან გაქვს საქმე და ვის ბავშვზე ატარებ ექსპერიმენტს? ჩემს ბავშვზე ატარებ? საბავშვო თეატრში აუცილებლად უნდა იდგმებოდეს კლასიკური ნაწარმოები, კლასიკურში ვგულისხმობ ფორმას, თორემ შეიძლება თანამედროვეც იყოს, თუ ის ჯდება კლაისკურ, არაექსპერიმენტულ ფორმებში. ასევე არ შეიძლება ხელაღებული ინსცენირებები საბავშვო თეატრში. დიდების თეატრში შეიძლება ცუდი დრამატურგიაც დადგა, რომანი იყოს საინტერესო და ინსცენიერება გააკეთო, კოლაჟივით დადგა, რომ ვერ გაიგებ რაა, თეატრი, კინო თუ ნახევრადპუბლიცისტიკა, მაგრამ ერთიანობაში მაყურებელი მაინც რაღაცას გამოიტანს. საბავშვო თეატრში ეს დაუშვებელია. საბავშვო თეატრში დრამატურგია კლასიკური უნდა იყოს, სადაც იქნება მოქმედებაც, ურთიერთობაც, ხასიათებიც, იმიტომ რომ ბავშვმა ცხოვრების გარდა თვითონ თეატრი უნდა შეიმეცნოს. არ შეიძლება თეთრი ლექსებით, ან რეაქტიული პოეზიიით დააწყებინო ბავშვს პოეზიასთან ზიარება, ვერ გაიგებს პოეზია რა არის. წაიკითხოს რა ჯერ წერეთელი, ცა ფირუზ ხმელეთ ზურმუხტო…  რეპერტუარის შერჩევისას მნიშვნელოვანია თემა, თორემ შექსპირის ყველა ნაწარმოები კლასიკაა, მაგრამ შექსპირის ყველა ნაწარმოები არ არის საბავშვო და არ ღირს მათი დადგმა საბავშვო თეატრში. დიდების თაეტრში დადგან, მივიდნენ და იქ უყურონ ბავშვებმა. საბავშვო თეატრში შეიძლება „რომეო და ჯულიეტას“, იგივე „რიჩარდ მესამის“, „ქარიშხალის“ დადგმა, „ტიტუს ანდრონიკუსი“ არ შეიძლება, ვიღაც შემდეავება, შენ რა იცი, რა, სია გაქვსო? სია არ მაქვს, ინტუიციურად ვგრძნობ, რიცა ვკითხულობ შექსპირს, არის რაღაც პიესები, რომელსაც როგორც ბავშვიც აღვიქვამ, და არის პიესები, როცა ბავშვი ჩუმადაა ჩემში. გასათვალისიწნებელია ისიც რომ ასაკმა დაიწია, რაც გუშინ უფროსკლასელებისთვის იყო განკუთვნილი, დღეს მათთვის მიუღებელია, სმაგიეროდ ის აინტერესებთ პატარებს. მაგალითად,  ჩვენთან თეატრში რეპერტუარში გვქონდა მიუსეს „სიყვარულით არ ხუმრობენ“, გოგოსა და ბიჭის ურთიერთობაზეა, ტრაგიკულად მთავრდება, ისეთივე ტიპისაა, როგორც შილერის „ვერაგობა და სიყვარული“, უფროსკლასელებისთვის განკუთვნილი სპექტაკლი იყო, მაგრამ ერთ დღეს შეცდომა გაიპარა აფიშაში და მოვიდნენ პატარები, მეხუთეკლასელები. გულის გაუსკდათ მსახიობებს, სპექტაკლის შეცვლას ითხოვდნენ. არ მოვხსენი სპექტაკლი, გავედი ბავშვებთან და ავუხსენი, შეცდომა გაგვეპარა, თქვენ მოხვდით დიდების სპექტაკლზე, ძალიან ნერვიულობენ მსახიობები რას გაიგებთ, რას ვერ გაიგებთ, შეიძლება მოსაწყენი იყოს თქვენთვის, ამიტომ წინასწარ გთხოვთ პატიებას, და ძალიან გთხოვთ სპექტაკლის შემდეგ აზრი გამიზიარეთ, ფოიეში ვქინები-მეთქი. ასეთი კარგი სპექტაკლი არ გვქონია, საოცარი ყურადღებით უსმენდნენ. აღმოჩნდა რომ ზღვარმა ზემოდან ქვემოთ დაიწია. „რომეო და ჯულიეტა“ აღააა მეათე-მეთერთმეტეკლასელებისთვის საინტერესო, სიყვარულს უკვე ცინიკურად უყურებენ, ყველაფერი ნანახი აქვთ, პორნოგრაფია ინტერნეტში. მაგრამ „რომეო და ჯულიეტა“ ძალიან აქტუალურია მეხუთე-მეექვსე კლასლისთვის. „თოვლის დედოფალი“ მაქვს დადგმული გოგი მესხიშვილთან და ბასილაიასთან ერთად, საინტერესო იყო მაყურებლის რეაციები, პატარები, სადღაც მეოთხე კლასამდე სიამოვნებით უყურებდნენ, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე, მერვე კლასელებს ეზარეაბოდათ, მეცხრეკლასელებს, ძალითაც ვეღარ შემოათრევდი, დიდები ვართ, რაღა დროს ზღაპარიაო, სამაგიეროდ, მეათე, მეთერთმეტე კლასელები სიამოვნებით მოდიოდნენ, იმიტომ რომ ისინი უკვე მართლა დიდები არიან და სიამოვმნებთ ბავშვობაში დაბრუნება. ესეც ფსიქოლოგიური მომენტია, როდის შეიძლება და როდის არ შეიძლება ჩვენება, , ვისზეა გათვლი და ვისზე არა. ბავშვებისთვის სპექტაკლის დადგმას ერთი სირთულეც აქვს. მაყურებელი თეატრში შერჩევით ხო მარ მოდის, მოდის ის ვინც ბილეთი იყიდა.

რატომ ხომ არსებობს აბონიმენტის პრაქტიკა?

– საბავშვო თაეტრისთვის დამღუპველია აბონემენტზე მუშაობა. ჯერ ერთი საშინელია ეს კულტმასობრივი სიარული თეატრში და მეორეც, ეს იძლევა ფულის მპპარვის საშუალებას. არადა, თუ ადამიანი ფულს იპარავს და ტყუის, საბავშვო თეატრში რანაირად უნდა იმუშაოს? სახლიდან თუ ბებია გყავს გაგდებული, როგორ უნდა დადგა „თოვლის დედოფალი“, „მე ბებია, ილიკო და ილარიონი“. „ლურჯი ფრინველი“? ან რა კაცობაა, ხალხი თაეტრიდან გაყარო პენსიაზე და მერე ბავშვებს წყნარად ელაპარაკო სიკეთეზე? ან ვაჟკაცობაზე? მეგობრობაზე, ურთიერთგატანაზე, ურთიერთდანდობაზე? რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ, მიუყვან ეგეთ ადამიანს შვილს აღსაზრდელად? ვის ანდობ შენ შვილს? დავუბრუნდები იმ თემას, რომელზეც ვსაუბრობდით, თეატრში მაყურებელი შერჩევით არ მოდის. მოდის ის ვინც ბილლეტს ყიდულობს და ამიტომ საბავშვო სპექტაკლი ისე უნდა იყოს დადგმული რომ სხვადასხვა განვიღებების დონეებს აკმაყოფილებდფეს. აკმაყოფილებდეს გოგონების აუდიტორისაც და ვაჟების აუდიტორიასაც, ისინი სხვადასხვანაირად აღიქვამენ სპექტაკლს, გოგონებს სხვა რამ აინტერესებთ და ბიჭებს სხვა რამ და რას იზამ? ხო მარ დადგამ სპექტაკლს მარტო ბიჭებისთვის, ან მარტო გოგონებისთვის? ამის გარდა, გასათვალისწინებელია კიდევ ერთი გარემოება. ბავშვი თეატრში მოჰყავს დედას, მამას, ბებიას, ბაბუას, ან მასწავლებელს, და თუ მათი გემოვნებაც არ გაუთვალისწინე, ისინიც თუ არ დააინტერესე, ბავშვს არ მოიყვანენ სპექტაკლზე. ამ რთული კომბინაციის დასადგმელად, ცხადია საჭიროა კარაგდ მომზადებული დასი, მარტო მსახიობები კი არა, მთელი კოლექტივი, ყველა _ მსახიობიც და კაპელდინერიც, სცენის მუშაც, ყველა და ყველაფერი იმაზე უნდა მუშაობდეს რომ ბავშვს შეუქმნას პირობები, აგრემო, სადაც მოხდება სასწაული. რომ ბავშვმა თავი იგრძნოს რიტუალზე და არა მაკდონალდსში.

კი, ახლა სამწუხაროდ ყველაფრის მაკდონალდიზაცია ხდება, ყველას ყველაფერი ჩქარა-ჩქარა უნდა, 45 წუთზე მეტი არ გვინდა სპექტაკლი, მერე იღლება ბავშვიო. ასეთ სპექტაკლებზე ტარებით, ბავშვს რა ჩვევა გამოუმუშავბდება? გაძლებს ის შემდეგ ხანგრძლივ სპექტაკლებზე? ეს ყველაფერი არ უწყობს ხელს კლიპური აზროვნების განვითარებას?

– მარტო კლიპური აზროვნების კი არა, ის უბრალოდ არანორმალურ ადამიანად ჩამოყალიბდება. მარტო სპექტკლს ვერ გაუძლებს კი არა, გულს ვერ დაუდებს ცოლთან, შვილთან ლაპარაკს, წიგნს ხომ არ წაიკითხავს და არ წაიკითხავს, და საერთიდ აღარ იქნება ის რასაც ვეძახით ქართველს, საერთოდ ადამიანს.

რა ხდება როცა ბავშვი არ დაჰყავთ თეატრში? ასეთი კატეგორია მართლაც არსებობს, რა აკლდება ბავშვს ამ დროს, როგორი იზრდება ადამიანი უთეატროდ? ძველი ბერძნები მიიჩნევდნენ რომ თეატრი აუცილებელი იყო ადამიანის განვიტარებისთვის, ამიტომაც ეწოდნენ მის სუბსიდირებას.

– კითხვა ისეა დასმული, პასუხი ისედაც ნათელია, ეს იგივეა, მკითხო როგორი ბავშვი გაიზრდება თუ წიგნს არ ეკარება საერთოდ. რა თქმა უნდა ნორმალური არ გაიზრდება, მაგრამ ლიტერატურსა და თეატრს შორის იცი რა განსხვავებაა და რაშია სირთულე? მშობელს ნამდვილად შეუძლია ბავშვისთვის კარგი წიგნები შეარჩიოს მსოფლიო ლიტერატურიდან და ბავშვს შესთავაზოს, მაგრამ როდესაც ჩვენ თეატრზე ვლაპარაკობთ, ძნელია ცალსახად რაიმე თქმა, ის ბავშვი უარესი გაიზრდება, რომელიც თეატრში არ დადის, თუ ის რომელიც დადის. შეიძლება რომელიც დაჰყავთ ის უარესი გაიზარდოს და უფრო არანორმალური ჩამოყალიბდეს, ვიდრე ის, რომელიც დაჰყავთ.

რატომ?

– იმიტომ რომ არ ვიცით რამდენად ხარისხიანია ეს სპექტაკლები, ვის ვაბარებთ ჩვენ შვილებს და რას იღებენ ისინი იქ და რა შედეგს მივიღებთ. ისევე, როცა მივაგდებთ ტელევიზორთან, ჩავურთავთ მულტფილმებს. რა ვიცით, იმ მულტფილმში რა დევს? ჩვენ ხომ ეს მუტფილემბი არც ბავშვის თვალით გვინახია, არც ჩვენი თვალით. პატარა ბავშვებში, სპეციალური გამოკვლევა ჩავატარე, ტრაგიკული სიტუაციაა, არც ერთი ზღაპარი არ ჰქონდათ წაკითხული, კითხვები იმ მულტფილემბიდან დავუსვი, რომელიც ნანახი ჰქონდათ. აღმოჩნდა, რომ 20 ბავშვიდან არც ერთს არ ახსოვდა, რომ სამ გოჭში არის მგელი, უბრალოდ არც ახსოვდათ. ახსოვდათ მარტო ის რომ ერთი იყო წითელი, ერთი იყო ყვითელი, ერთი მწვანე და რაღაცას რომ მღეროდნენ. ეს კიდე კარგ მულტფილმზეა ლაპარაკი, დისნეის მულტფილმზე. რაღა უნდა ვილაპარაკოთ კოშმარულ მუტფილმებზე, ან მუტფილმებზე სადაც სიტყვების მიღმა არაფერი არ დევს.

ანუ ცუდ თეატრში, ცუდ სპექტაკლებზე ტარებას ჯობს საერთოდ არ ატარო ბავშვი თეატრში?

– არა, ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ძალიან კარგი საბავშვო თეატრი, საბავშვო კინო, საბავშვო ლიტერატურა, საბავშვო მუსკა.

როგორი იქნება უთეატრო თაობა?

– ჯერ ეს ერთი საერთოდ არა მგონია რომ ეს თაობა იყოს, ეს იქნება კრებული, ცალკ-ცალკე, არც ვიტყვი ინდივიდების მეთქი, ცალკე ცალების. თეატრში ხომ ადამიანი ცხოვრებას სწავლობს. ადრე, რიცა დედა და მამა საშოვარზე არ იყვნენ გასულები, ბავშვი მათ ურთიერთობებს აკვირდებოდა, და შემდეგ სახლობანას თამაშში იმეორებდა რაღაცას, ითვისებდა ცხოვრების მასალას, ახლა ესეც არაა. თვალსაწიერს წიგნი, თეატრი უაფრთოვებდა, ბავშვმა ხომ უნდა გაიგოს რა ხდება მის სახლს გარეთ? ამიტომაც არ ბერდება ტომ სოიერი, სამი მუშკეტერი, მათ ისევე კითხულობენ, როგორც კითხულობდნენ ასი წლის წინათ და ასი წლის შემდეგაც წაიკითხავენ. იმიტომ რომ კარგი მასალაა. თუ თეატრში არ ივლის ბავშვი და არ მიხვდება რომ არსებობს ასეთი მოდელები, ურთიერთობები, სირთულეები, რანაირად უნდა გაერკვეს ის ცხოვრებაში? ამის საშუალებას არც ტელევიზია იძლევა და არც ინტერნეტი, ინტერნეტით რა ინფორმაციაც მოდის ზედაპირულია. `ვიკიპედია~ კარგია როცა კარგი განათლება გაქვს მიღებული და მერე რომ ჩაიხედავ, რაღაც რომ გაიხსენო, თითოეული სიტყვის მიღმა რომ დადგეს მთელი სამაყარო, და აქ რა უნდა დადგეს? როცა იმ სიტყვის მიღმა არაფერი იცი? ამ სამყაროს ჩამოყალიბებასა და ცოდნის, ცხოვრებისეული გამოცდილების შეძენაში, თეატრს გადამწყვეტი როლი აკისრია. მახსენდება, დუმბაძესთან რომაა, ჩტო ტაკოე გრამატიკა? გრამატიკა “გრეჩესკოე სლოვა”. ეგ იცის და მორჩა. ამის მიღმა არაფერი რომ არაა…

%d bloggers like this: