Category Archives: მეცამეტე გვერდი

„აი, თითი“! „აი ხე“!

5

გამოქვეყნდა გაზეთ “ქრონიკა+”-ში, 2012 წლის 15 ივლისს, საავტორო რუბრიკაში “მეცამეტე გვერდი”.

რეზო შატაკიშვილი

ხელისუფლება გამარჯვებას ზეიმობს. არადა, საზეიმო არც არაფერია. ან არ უწყიან, ან თავს არ უტყდებიან, ან კიდევ – ამომრჩეველს, ამ გამარჯვებაში რაოდენი დამარცხებაა. კი, რიხით გვიცხადებენ, რომ ნარმანიას 72%-მა მისცა ხმა. ფრთხილად, ფრთხილად, ე, მანდ, ზვიად გამსახურდიად არ შემოგვასაღოთ! დააყოლეთ, ბატონებო, რომ არჩევნებზე მისული ამომრჩევლის 72%-მა მისცა ხმა ნარმანიას და ისიც არ დაგავიწყდეთ, თბილისელი ამომრჩევლის რა პროცენტი გეწვიათ არჩევნებზე – 34,3%. რეალურად, თბილისის ამომრჩევლის ორმა მესამედმა ზურგი გაქციათ თქვენც და ნაციონალურ მოძრაობასაც. როგორ ფიქრობთ, ესაა უფრო მნიშვნელოვანი მარცხი თუ ის გამარჯვება – ერთი მესამედი რომ მოვიდა არჩევნებზე და იმ ერთი მესამედის 72%-მა მოგცათ ხმა? თბილისის ბედი 222 000-მა კაცმა გადაწყვიტა.

არადა, რა არ იღონეს, თუნდაც ეს 34% რომ მიეყვანათ საარჩევნო ურნებთან? ისტორიაში ჯერ არ გაგონილი „სეილებიც“ კი მოიგონეს. მარკირებული თითით დედებს ბალღების „მაკდონალდსა“ და „ვენდისში“ 20%-იანი ფასდაკლებით წაყვანა შესთავაზეს, გაჩანაგებულ პენსიონერებს წამლების 22%-იანი ფასდაკლებით ყიდვა აფთიაქებში, „გუდვილი“ და „სმარტი“ 15%-იან სეილზე ეპატიჟებოდა ხალხს, „გალფი“ და „ვისოლი“ კი 5 თეთრით ნაკლებად უსხამდა ბენზინს. ეს მამაძაღლი, ამ ერთი დღით მაინც გექციათ რეალობად თქვენი წინასაარჩევნო ბოდვა-ლეგენდა და ლარით ნაკლებად ჩაგესხათ ბენზინი. აი, იმ ლარით, მიშა რომ ლიტრ ბენზინზე იდებდა ჯიბეში. რა იყო, 5 თეთრით მეტზე ვერ დაიყოლიეთ მიშა? არ გითმობთ? მოკლედ, რა მსუნაგია ეს მიშა, ძალაუფლება უდრტვინველად დათმო და ლიტრ ბენზინზე ლარს არ ელევა.

ლიტრი ბენზინი და მიშას ჯიბეში „მდინარი“ ლარი იქით იყოს და რაც თქვენ მოიმოქმედეთ, ცხადია, ჯდება კანონის ფარგლებში, მაგრამ რა არის, თუ არა ხვეწნა-მუდარა, რომ ამომრჩეველი არჩევნებზე მიგეყვანათ და მეტიც – მათი მიტყუება არჩევნებზე? და ვის დააჯერებთ, რომ ან ამ აფთიაქებს, ან სხვა კომპანიებს ასე აღელვებდათ ამომრჩევლის აქტივობა, ამხელა ხარკი რომ გაიღეს? ეს რომ მიშას დროს მომხდარიყო, ქოშებს ხომ წაღმა-უკუღმა გაისროდით და ერთ ამბავს ატეხდით, რომ მიშა ბიზნესზე ძალადობს? რაც მიშას დროს ბიზნესზე ძალადობა იყო, ახლა იმას კეთილი ნება დაარქვით? კი დაარქვით, მაგრამ რატომ არ კითხულობთ, სჯერა ეს ვინმეს თუ არა? თუ სულაც არ გაინტერესებთ, რას ფიქრობს ან არჩევნებზე მოსული ის 27%, ვინც ხმა მელიას მისცა, ან მეტიც – საერთოდ, ამომრჩევლის 66%, ვინც საერთოდ ზურგი აქცია არჩევნებს და თითის მარკირების ნაცვლად, თითების სულ სხვა კომბინაცია დაგანახვათ? ხომ არ გგონიათ, რომ ამ 66%-მა საერთოდ ხელი აიღო ყველაფერზე? არ დაგავიწყდეთ, რომ მომავალი არჩევნების ბედს სწორედ ეს 66% გადაწყვეტს. თავს ნუ დაიმშვიდებთ, რომ ეს 66% თქვენიანები არიან, რომლებიც ბრმად გენდობიან, ისე ბრმად, რომ თავსაც არ იწუხებენ და არჩევნებზეც არ მოდიან. არც ის დაგავიწყდეთ, ან ეგ 72% როგორ მოაგროვეთ. კარგად გაიხსენეთ პირველი ტურის შედეგები. დათონორ ნარმანიამ 46% ძლივს აიღო, სულ 151 807 კაცმა მისცა ხმა. ახლა 46% 72%-ზე ავარდა და 151 807 კაცის ნაცვლად, 222 066-მა მისცა ხმა. ნამდვილი და არა ღარიბაშვილისეული არითმეტიკით, ნარმანიას პირველ ტურთან შედარებით 70 259 კაცით მეტმა მისცა ხმა. ამ 70 000-ს კაცს ახლა გაახსენდა არჩევნებში მონაწილეობა? ამ „სეილებით“ მიიზიდეთ, თუ ეს ის 70 ათასი ადამიანია, ვინც პირველ ტურში სხვა კანდიდატებს მისცა ხმა? დაიხ, დიახ! დიმიტრი ლორთქიფანიძეს 42 208 კაცმა მისცა ხმა, ირმა ინაშვილს – 17 684-მა, კახა კუკავას – 7 642-მა, ანუ ჯამში 67 534 კაცმა და სწორედ ამათ ხომ არ მისცეს ხმა ახლა ნარმანიას? და ნეტა, რით მიიზიდეთ? „სეილებით“? თუ გიგი უგულავას დაჭერით? დიახ, ბატონებო, ამჯერად, სწორად გათვალეთ – გიგი უგულავასთვის ბორკილების დადებით – თანაც კამერების წინ სწორედ ამ აგრესიულად განწყობილი ელექტორატის გული მოიგეთ. მით უფრო იმ ბაკქანალიით, რაც შემდეგ სასამართლოს ეზოში დაატრიალეთ თუ ვერ აღკვეთეთ! წინასაარჩევნოდ მოწყობილმა ჰიჩკოკმა გაჭრა. შურისძიებას მოწყურებული ელექტორატის გული მოიგეთ და ხმებიც მოიზიდეთ, მაგრამ ვერ ატყობთ, რომ პროცესი „ჩიტო, ჩიტო, ჩიორას“ ზღაპარს ემსგავსება? როდემდე გადაუგდებთ ამგვარ ელექტორატს „ბარტყებს“? წინ კიდევ 2 წელი გაქვთ, 2 წლის შემდეგ არჩევნები და როგორ ფიქრობთ, გეყოფათ ნაციონალები? თუ მერე ხადურს „გადაუგდებთ“ და ამით მოიგებთ მათ გულს? არ ფიქრობთ, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ეს აგრესიული ელექტორატი ისევ იმათ მისცემს ხმას, ვისაც აძლევდა? ვისაც მისცა პირველ ტურში?

სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ამომრჩევლის ორი მესამედი არც მივიდა არჩევნებზე, საზოგადოებაში უკვე აჩენს მესამე ძალის მოლოდინს. უკვე ჩნდება ვარაუდები, რომ ეს ორი მესამედი ახალი პოლიტიკური ძალის მოლოდინშია. გარკვეულ თუ გაურკვეველ პირებს უკვე ესახებათ კიდეც ლევან ვასაძე ამ მესამე ძალად, მაგრამ სულ ტყუილად. რატომ? იმიტომ, რომ ამ არჩევნებზეც, სწორედ ამ მეორე ტურზეც, შეგეწიათ ეკლესია ამბიონიდან – სამებაში ქორეპისკოპოსმა იაკობმა პირდაპირ მოუწოდა მრევლს ნარმანიას მხარდასაჭერად. აბა, სხვა რანაირად უნდა იქნეს გაგებული მისი ქადაგება, სადაც ის ნაციონალებს გვერდზე განდგომისკენ მოუწოდებს? თავისთავად ცხადია, ქორეპისკოპოსის ძალისხმევამ ხელი შეუწყო და, გარკვეულწილად, განსაზღვრა კიდეც თქვენი გამარჯვება ამ მეორე ტურში, გამორიცხული არ არის, რომ შემდგომ საპარლამენტო არჩევნებში ეკლესიამ სწორედ ვასაძეს დაუჭიროს მხარი, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ეკლესიის მოწოდებასაც აღარ აქვს ის ძალა, რაც ჰქონდა 2012 წლის არჩევნებზე. ფაქტია, რომ მათი მოწოდების მიუხედავად, აქტივობა აქამდე არსებულ ყოველგვარ ნიშნულს ჩასცდა. საერთოდ კი რა ამის პასუხია და, ვინმე დაფიქრებულა, რომ, საერთოდ, ეკლესიის, თუნდაც პატრიარქის რეიტინგები რბილად, რომ ვთქვათ, გაზვიადებულია? დიახ, იმ მაღალ პროცენტებზე მოგახსენებთ, სხვადასხვა დროს რომ ფიქსირდებოდა კვლევებში, ხან 93%-იანი ნდობა, ხან 86%-იანი. კი მაგრამ, ამ მრავალეროვან საქართველოში 300 ათასამდე აზერბაიჯანელი ცხოვრობს, ისინი საქართველოს მოსახლეობის 6,6%-ს შეადგენენ, ამ ქვეყანაში ცხოვრობს 250 ათასამდე სომეხი (5,7%), დამეთანხმებით, რომ იშვიათი გამონაკლისების გარდა, ამ ერის წარმომადგენლები საერთოდ არ არიან მართლმადიდებლები. ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოს 9,9% მუსლიმანია, 3,9% სომხური წმინდა სამოციქულო ეკლესიის მრევლია, 0,8% კათოლიკეა, ახლა ამ ყველაფერს დაუმატეთ სხვადასხვა კონფესიები – იეღოვას მოწმეები, ბაპტისტები და ა. შ. და ამიხსენით, რანაირად აქვს პატრიარქს 93%-იანი ნდობა? არც ის დაივიწყოთ, რომ მართლმადიდებელთა გარკვეული ნაწილი ეკლესიას და რწმენას სულაც აღარ აიგივებს, კიდევ უფრო დიდი ნაწილი კი სულაც არ ენდობა სამღვდელოებას, რაც გასაკვირი სულაც არაა, მწამდეს ღმერთი, დავდიოდე ეკლესიაში, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ვენდობი მათ, ვინც იქ ქადაგებს. მით უმეტეს, ვენდობოდე ისე ბრმად, რომ ვისზეც მეტყვის, ის შემოვხაზო არჩევნებზე. არავინ დაობს, რომ ეკლესიას დიდი ძალა აქვს, იქნებ, საბედისწეროც, მაგრამ როცა ნდობა პროცენტებში გადაგვყავს, პროცენტებით ვილაპარაკოთ – როცა ტარანს ვითვლით, ტარანი ვთვალოთ. ფაქტია, რომ ქორეპისკოპოსის მოწოდებამ – არჩევნებზე მისულიყვნენ, დიდად ვეღარ გაზარდა აქტივობა და მცირეა ალბათობა, რომ ასპარეზზე მათი ხელდასხმით გამოსული ვასაძე ეგულებოდეს მესამე ძალად ელექტორატის იმ 66%-ს, რომელმაც ყური არ ათხოვა ქორეპისკოპოსის ქადაგებას. ამომრჩევლის ამ ნაწილის განწყობებში რომ დიდი გადალაგება ხდება ფაქტია, ხომ ფაქტია, რომ საპარლამენტო არჩევნებზე დედაქალაქში „ოცნებას“ ხმა მისცა 433 700-მა კაცმა და ახლა, მეორე ტურში – 222 000-მა და, ლამის, ამდენივემ, – 211 000-მა კაცმა აღარ მოგცათ ხმა? თავს იმით ნუ დაიმშვიდებთ, რომ მაშინ ნაციონალებს დედაქალაქში 172 494 კაცმა მისცა ხმა და ახლა, ამ მეორე ტურში, 84 350-მა კაცმა, ანუ ხმები მათაც გაუნახევრდათ. არ დაგავიწყდეთ, რომ ეს რადარებიდან „გამქრალი“ ძალაა, თან ოპოზიციური და თქვენს ხელისუფლებაში მყოფი ძალა. და რომ ყველა უკეთურებაზე, პრობლემაზე თქვენ მოგეთხოვებათ პასუხი და არა მათ. კი, ეჭვიც არ მაქვს, კვლავაც სარფიანად გადააბრალებთ მათ ყველა უბედურებას, „9 წელი“ კვლავაც აქტუალური იქნება, ამ „კოზირს“ თქვენგან ხელდასხმული ნარმანიაც არაერთხელ გამოიყენებს, ყინჩად გამოაცხადებს იმას, რომ გიგი-მაჰმად-ხანის აოხრებული თბილისი ჩაიბარა, რომ ამ ქალაქში არც შუქი იყო, არც წყალი და არც ის ყბადაღებული ასფალტი, 9 წელი რომ არავის უნდოდა ჭამა, მაგრამ იცოდეთ, ეს დიდხანს ვერ გასტანს. რომ ვერ გასტანს, სწორედ ამის დასტურია ეს დაბალი აქტივობა და ნუ გგონიათ, რომ ამ ორ წელიწადში ეს აქტივობა სათქვენოდ აიწევს. დამიჯერეთ, ამ საქმეს არც მილიონი ხე უშველის, ჯერ ერთი, რომ „ასი ქარხნის“ არ იყოს, ეგ მილიონი ხეც შეუსრულებადია და რომც შეასრულოთ, ეს თქვენი დარგული ხეები 2 წლის შემდეგ ჯერაც ნერგები იქნება – კოჭებსაც ვერ გაუნიავებს ელექტორატს და შედეგად არც ჩაგეთვლებათ. არც ის დაგავიწყდეთ, რომ დიდად არც არავის ხიბლავს უსიერ, დაბურულ ტყეში ცხოვრების პერსპექტივა. მერწმუნეთ, არც იმ 222 ათას ამომრჩეველს მოეწონება „კრასნაია შაპოჩკასავით“ ტყეში ცუნცული. ნურც მესამე ძალის გამოჩენის და მისი სისუსტის იმედი გექნებათ. თუ ეს მოხდა, მით უფრო სავალალო შედეგი დადგება თქვენთვის, ხალხი ისევ ნაციონალური მოძრაობისკენ იბრუნებს პირს. ინერტულობა, გულგრილობა დროებითი მდგომარეობაა, ახლა არ ჰქონდათ იმედი თქვენი დამარცხებისა და წაგებულ არჩევნებზე მისვლით თავი არ შეიწუხეს. როგორც კი ძალას იგრძნობენ, როგორც კი თქვენი მარცხის სურნელი დატრიალდება, სწორედაც რომ არ დაეზარებათ არჩევნებზე მოსვლა და თქვენი შემოხაზვა კი არა – თქვენთვის მოხაზვა. განა, ასე არ იყო ოქტომბრის არჩევნებზე? ნუ გგონიათ, რომ მაშინ თქვენ გამოგყვნენ. არა, ბატონებო, მათ სჯერათ, რომ ფულს დიდი ძალა აქვს და დაიჯერეს, რომ ეს დიდი ფული დაამარცხებდა წინა ხელისუფლებას და ამაში არც შემცდარან. მერე რა, რომ იმაში შეცდნენ, რომ ეს ფული მათზე განაწილდებოდა? ხოდა, ამ თავის შეცდომასაც თქვენ გადენენ ძმრად, აბა, თავის თავს ხომ არ დასჯიან? ლომის არ იყოს, აბა, ჩემს შვილს ხომ არ დავსჯიო?.. დიახ, თავის შეცდომაზეც თქვენ გაგებინებენ პასუხს და თქვენს უნიათობაზე და შეცდომებზეც. „მაკდონალდსში“ შეღავათიან ფასად მოხვედრით ვეღარ მოიტყუებთ ურნებთან, აღარც დაგჭირდებათ ხვეწნა-მუდარა, ისე მოვლენ და გაგისტუმრებენ პოლიტიკური საიქიოს გზას. მერე თქვენგან გარიყული პრეზიდენტიც კიდევ უფრო მიეცემა სევდას და ვეღარც მოგილოცავთ გამარჯვებას. მას ხომ ეს ფუნქციაღა დაუტოვეთ. ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელი არ მოაწერინეთ, ექსპრეზიდენტი შევარდნაძე არ დაატირებინეთ, მადლობა ღმერთს, ნარმანიასთვის მაინც მიალოცინეთ გამარჯვება, მაგრამ იქნება და სჯობდა ახლაც დაგებრიყვებინათ? ხანდახან მგონია, რომ ღარიბაშვილი არც ტყუის მასთან, გასაქანს რომ არ აძლევს. მგონია კი არა, დარწმუნებულიც ვიქნებოდი, თავად ღარიბაშვილი რომ უარესი „სიბრძნეებით“ არ გვიმასპინძლდებოდეს. ახლა კი ბატონმა პრეზიდენტმა რა ბრძანა? თურმე, ეს ყოფილა ისტორიული მომენტი, რომლიდანაც საქართველოში რეალურად იწყება პოლიტიკური კულტურისა და თვითმმართველობის განვითარება. „ამ არჩევნებით ჩვენმა საზოგადოებამ კიდევ ერთი დამაჯერებელი ნაბიჯი გადადგა ქვეყანაში დემოკრატიის კონსოლიდაციისკენ და ისე, როგორც არასდროს, მიუახლოვდა თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს“, – ბრძანებს ბატონი პრეზიდენტი, მაგრამ, იქნებ, განგვიმარტოს, „დემოკრატიის კონსოლიდაცია“ სადაური ხურმაა? ინდის? ან რომელ ისტორიულ მომენტზე საუბრობს? ერთი მისი არჩევა იყო ისტორიული მომენტი და მეორე ახლა გვიდგას ეს ისტორიული მომენტი. ისე, მეტი ისტორიული მომენტი რა გინდა, ავირჩიეთ (უფრო სწორად – აირჩიეთ, კიდევ უფრო სწორად – ბიძინამ აირჩია) პრეზიდენტი, რომელიც ქსოვით იქცევს თავს და იქარვებს მარტოობით მოგვრილ კაეშანს და საინტერესოა, მერი ნარმანია რით შეიქცევს თავს, თუკი მასაც დაუქნევენ თითს? სწავლა სიბერემდეო და, ალბათ, ბატონი პრეზიდენტი არ დაზარდება, შეასწავლის ქსოვას. ეს გაგრძელდება მანამ, სანამ ამომრჩეველი მათაც და მათთვის თითის დამქნევსაც ერთად არ დაუქნევს მარკირებულ თითს, ან მეტიც – არ აჩვენებს სამი თითის კომბინაციას.

ჰერაკლე მარგველაშვილი

2

გამოქვეყნდა გაზეთ “ქრონიკა+”-ში, 2014 წლის 22 ივლისს, საავტორო რუბრიკაში “მეცამეტე გვერდი”. 

რეზო შატაკიშვილი

პრემიერ-მინისტრობის რა მოგახსენოთ და ღარიბაშვილი ურიგო სინოპტიკოსი არ ყოფილა – ზაფხული მართლაც ცხელი გვაქვს – ასეც და ისეც. ქვეყანაში საზარელი „სმესი“ დუღს – „სმესი“ ტრაგიზმის, დრამატიზმის, მასთან ერთად ზეობს ცინიზმი, ფარსი და ამ ჩვენს მიწიერ ტრაგიკომიკურ თუხთუხს კიდევ უფრო ამძაფრებს ის უბედურება, რაც უკრაინის ცაზე დაატრიალა პირსისხლიანმა პუტინმა.

„საზარელი მკვლელობა“ – ზუსტად ეს შეფასება იხმარა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით. ეს მაშინ, როცა მთელი ხელისუფლება თვითმკვლელობაზე საუბრობდა და საუბრობს. თუნდაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელიც უაპელაციოდ „საკუთარი სიცოცხლის მოსპობაზე“ საუბრობს. და მეტიც, მოძღვრავს კიდეც საზოგადოებას, რომ თავი შეიკავონ წინასწარი სპეკულაციებისგან. სპეკულაციებისგან თავშეკავების მოწოდება მართლაც მართლზომიერი იქნებოდა, ამას რომ სხვა პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი ამბობდეს და არა იმ გუნდის, რომელმაც რაფალიანცის საქმეზე პოლაროიდის სისწრაფით დაიწყო ვერდიქტების გამოტანა. ესეც რომ არ ჰქონდეთ აქტივში, საინტერესოა, რას სთხოვენ საზოგადოებას, როცა მათი რჩეული პრეზიდენტის განცხადება ძირშივე სპობს იმის საშუალებას, რომ საზოგადოება მშვიდად დაელოდოს გამოძიების შედეგებს? როდესაც პრეზიდენტი ხმარობს შეფასებას „საზარელი მკვლელობა“, რა უნდა იფიქროს საზოგადოებამ? მხოლოდ ის, რომ პრეზიდენტი გათამამდა? თუ ის, რომ იგი ფლობს გარკვეულ ინფორმაციას, რიგით მოკვდავთათვის ხელმიუწვდომელს და მასზე დაყრდნობით ამბობს ამას? რაც ისედაც აძლიერებს იმ დიდ ეჭვს, რაც გაჩნდა საზოგადოებაში ამ ფაქტთან დაკავშირებით? ან რა გასაკვირია, რომ საზოგადოებამ უყოყმანოდ არ მიიღოს ის ვერსია, რასაც აწვდიან? როდესაც საქმე აღიძრა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით, ამაში სამართლებრივად გაუმართლებელი არაფერია. საქმე აღიძვრება ამ მუხლით და თუ გამოიკვეთება სხვა რამ, მოხდება გადაკვალიფიცირება. ამაში ტრაგიკული არაფერია, მაგრამ საზოგადოებას განუმარტა ვინმემ ხეირიანად, რომ სამართალდამცველებმა მხოლოდ საქმე აღძრეს ამ მუხლით და უაპელაციოდ არ ამტკიცებენ იმას, რომ კიწმარიშვილმა თავი მოიკლა? თუ არაა საჭირო ასეთი განმარტებები და საზოგადოებამ თვითონ უნდა იგულისხმოს? მით უფრო მაშინ, როცა პრეზიდენტი „საზარელ მკვლელობაზე“ საუბრობს და იუსტიციის მინისტრი და სხვები – თვითმკვლელობაზე? თვითონ ჩქარობენ და აკეთებენ ხმაურიან დასკვნებს, თან ერთი გაღმა, მეორე – გამოღმა და საზოგადოების რაღა უკვირთ? და საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები რას აკეთებენ? „ვინც ეროსის პირადად იცნობდა, თვითმკვლელობა კატეგორიულად გამორიცხულია!“ – ძირითადად ასეთია მათი შეფასება. არადა, ასეთ დროს, თეორიულად, თან კატეგორიულად არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, არც თვითმკვლელობის, არც უბედური შემთხვევის, არც ვინმე ბიზნესპარტნიორისგან შურისძიების და არც ამ პროცესში ხელისუფლებისა თუ სპეცსამსახურების მონაწილეობის. კი, თავისთავად ცხადია, ადამიანის ფსიქოტიპიდან გამომდინარე, მცირდება თვითმკვლელობის ალბათობა, მაგრამ მისი უაპელაციოდ გამორიცხვა ნამდვილად არ წაადგება საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას. მეტიც, ეს კიდევ უფრო მუხტავს საზოგადოებას, აძლიერებს უნდობლობას და ხელისუფლება შეჰყავს ჩიხში. დიახ, ბატონებო, ეს სწორედ ის ჩიხია, სადაც თქვენ ოსტატურად გყავდათ ატუზული წინა ხელისუფლება, მაშინაც როცა ისინი ხელისუფლებაში იყვნენ და ახლაც, როცა ხელისუფლებაში აღარ არიან და გაუთავებლად აპელირებთ გამოძიებულ და გამოუძიებელ საქმეებზე. „ეროსი თავს არ მოიკლავდა“ შესაძლოა გექცეთ ისეთივე ლოდად, რაც იყო და არის „ჟვანია გაზით არ გაიგუდებოდა“. არადა, ეროსიც ადამიანია და გარდაცვლილი პრემიერიც – ერთმაც შეიძლება თავი მოიკლას და მეორეც გაზით გაიგუდოს. და როცა თავად თესდით უნდობლობას გამოძიების მიმართ, ახლა იგივე გიბრუნდებათ ბუმერანგად და შედიხართ ტრაგიკომიკურ ჩიხში: „აბა, გამოიძიე“. იმედი მაქვს, გამოიძიებთ კიდეც. ალბათ დადგინდება კიდეც ჭეშმარიტება, მაგრამ ყველაზე მწარე იცით, რა იქნება? მის ჭეშმარიტებას რომ არავინ ირწმუნებს, ან, ყოველ შემთხვევაში, საზოგადოების დიდი ნაწილი და ყველას დარჩება ეჭვი, ეჭვი იმისა, რომ ეროსი კიწმარიშვილი ხელისუფლებამ მოიშორა გზიდან. რაც უფრო ტყუილი იქნება ეს, მით უფრო მწარე იქნება თქვენი ხვედრი.

პარადოქსული იცით, რა არის? ისინი, ვისაც არანაირი ეჭვი არ გამოუთქვამს ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტთან და დედის რძესავით შეირგო მაშინდელი სამართალდამცველების მიწვდილი ინფორმაცია, რომ ზვიად გამსახურდიამ თავი მოიკლა, ახლა ხელებს აქტიურად ასავსავებენ და ამტკიცებენ, რომ ეროსი მებრძოლი იყო და თავს არ მოიკლავდა. უკაცრავად და ზვიად გამსახურდია მებრძოლი არ იყო? თუ როგორაა თქვენი საქმე?

ისე არ გამიგოთ, წულუკიანის დარიგებულივით ვიჯდე და მშვიდად ველოდო გამოძიების შედეგებს და თავში არანაირი ეჭვი არ ტრიალებდეს, უბრალოდ, მე საუბარი მაქვს იმაზე, რომ კატეგორიულად რამის გამორიცხვა, კატეგორიულად რამის მტკიცება, სწორედაც რომ კატეგორიულად მიუღებელია ამგვარ ვითარებებში. დიახ, ისევე კატეგორიულად მიუღებელი, როგორც იმ საქმეებზე კატეგორიული განცხადებების კეთება და ყველაფრის წინა ხელისუფლებაზე შეწმენდა, რითაც ამ ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ აქტიურად დაკავებულები და არც დღეს ეშვებიან და ჟამიდან ჟამზე ახსენდებათ.

პრეზიდენტმა თქვა „საზარელი მკვლელობა“ და რამდენიმე დღის შემდეგ რა მოაყოლა – თვითმკვლელობაც მკვლელობააო. „ქართული სიტყვა მკვლელობა ნიშნავს ცოცხალი ორგანიზმისთვის სიცოცხლის მოსპობას. იქნება ეს მკვლელობა, რომელსაც თვითონ ადამიანი სჩადის თავის თავზე, თუ სხვაზე ახორციელებს, ყველაფერი ეს მკვლელობაა. მე ამით იმის თქმა მინდა, რომ იურიდიული კვალიფიკაცია იმ მომენტში არ მიმინიჭებია“, – ბრძანა პრეზიდენტმა… დიდი ილია ასეთ დროს იტყოდა: „აგანგალა-განგალა“.

თუ აქამდე ექსპრემიერის განცხადებებს სჭირდებოდა განმარტებები და განმმარტებელი, ახლა უკვე პრეზიდენტსაც სჭირდება. მოკლედ, დიდი მოთხოვნაა „იოანე ოქროპირებზე“ ნაოცნებარ ხელისუფლებაში. თუმცა არც ის უნდა დაგავიწყდეთ, ეს განცხადება მას მერე გაკეთდა, რაც იგი პარლამენტს ეწვია დაუპატიჟებლად…

ეს ცალკე თემაა. მართლაც ტრაგიკომიკური. მართლაც გაურკვეველია, რა სურს ამ ხელისუფლებას – პრეზიდენტის ინსტიტუტის საბოლოოდ მიჯირყვნა და გაფარჩაკება? თუ პირადად მარგველაშვილზე ახორციელებენ შტურმს? ხომ გავიგეთ, რომ მიაღწიეს წარმატებას და ლამის გიორგი გარიყულად აქციეს? ხომ ფაქტია, რომ არც ასოცირების ხელშეკრულებაზე მოაწერინეს ხელი, მეტიც „პაეზდკიდანაც“ მოტეხეს და არც წაიყვანეს? დატუქსვასაც აქვს ზომა და წონა! რას ნიშნავს: „ეს შენობა ყველას ვერ დაიტევს ფიზიკურად“? გამაგებინეთ, ვისი ადგილია იქ, სადაც არ არის ქვეყნის პრეზიდენტის ადგილი? თუ მარგველაშვილი პრეზიდენტად არ გინდოდათ, რას აირჩიეთ, რა ასკილივით უქნევდით თავს ყველა ბიძინა ივანიშვილს?! ამოგეღოთ ხმა, თუ ახლაც ისევ თავკანტურის რეჟიმში ხართ ჩარჩენილი?! თუ საერთოდ პრეზიდენტი არ გინდოდათ და არ გინდათ? იქნებ, სცადოთ და ცოტა გვერდიდან შეხედოთ თავს? თუ ამას მოახერხებთ, ნამდვილად დაინახავთ, რასაც ჰგავს ეს ყველაფერი…

დღის მთავარ ინტრიგად გამოცხადდა პრეზიდენტ მარგველაშვილის გამოჩენა პარლამენტში ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებისას. ის გამოჩნდა და ხურდა დააბრუნა: „ხომ ყველა დავეტიეთ?“. ეს შემდეგ გასაღდა მის ფანტასტიკურ იუმორად და შამპანურებით ხელში ინციდენტი ამოწურულად კი არა, საერთოდ უარყოფილი იქნა, მაგრამ რა ვუყოთ იმ ფაქტს, რომ იგი საერთოდ არ იყო სიაში? მისი იქ გამოჩენა კი ლამის ჰერაკლეს გმირობად იქნა მიჩნეული. თუ, ახლა, მითოსს გავიხსენებთ, მარგველაშვილი კაი ხანია დგას გზაჯვარედინზე – იმ გზაჯვარედინზე, სადაც ჰერაკლეს ორი მანდილოსანი გამოეცხადა, ერთი ნეტარებას, ხორციელ სიამენს აღუთქვამდა, მეორე გმირობას და დიდებას, მაგრამ მას, მარგველაშვილს, ჯერაც არ აურჩევია, დაადგეს სათნოების გზას და გახდეს მართლა პრეზიდენტი, თუ, უბრალოდ, იცხოვროს საპრეზიდენტო განცხრომაში? ახლა ის ფაქტი, რომ პარლამენტში მივიდა, ჯერაც ვერ ჩაითვლება იმად, რომ იგი საგმირო საქმეების გზას დაადგა,  ლომი ჯერ არ დაუხრჩვია და, შესაბამისად, ვერც ლომის ტყავი მოსავს მას. დრამატული, კულმინაციური მომენტი კვლავ გალაითდა და იმ შამპანურივით აშუშხუნდა, რომელიც იქ შეისვა. მით უმეტეს, რომ სწორედ ამის შემდეგ მოხდა სკანდალური განცხადების ჩანეიტრალება.

„მარგველაშვილი არის ტრეფიკინგის მსხვერპლი“, – დაწერა ბექა მინდიაშვილმა „ფეისბუკში“.

ამ გაგანია ზაფხულში ისევ აქტიურდება პრეზიდენტის სასახლის თემა: მარგველაშვილს უტრიალებენ იმ განცხადებას, სადაც ამბობდა, რომ ეს სასახლე პრეზიდენტისთვის დიდი იყო და სტუდენტებს უნდა გადასცემოდა. მედიაში ჩნდება ცნობები მისი კომპრომატების თაობაზე, ქმედება იწვევს უკუქმედებას… საზოგადოებაშიც და დავიჯერო, ამ გზით აპირებთ, საზოგადოება კეთილად განაწყოთ პრეზიდენტ მარგველაშვილის მიმართ? რაღაც არ მგონია, საკუთარ იმიჯს სწირავდეთ მის სამსხვერპლოზე. რა არის თქვენი ამოცანა? ქრონიკულად „ტომი და ჯერის“ თამაში? ისედაც გარიყული პრეზიდენტის უარესად გარიყვა? ბარემ რობინზონ კრუზოსავით უკაცრიელ კუნძულზე გარიყეთ! ვიდრე პრეზიდენტს ჯირყვნიან, რა ხდება იმ ქალაქში, სადაც ოდესღაც უღრანი ტყე იყო და გორგასალმა ქალაქი გააშენა? დავით ნარმანია ისევ ტყეს გვიშენებს. ოღონდ, არ იკითხავთ, ვის ხარჯზე? – ბიზნესმენების ხარჯზე! არჩევნებამდე დაგვპირდა მილიონი ხის დარგვას, ახლა რა გაირკვა? თურმე, ბიზნესმენები, სამშენებლო კომპანიები, ვალდებულები ხდებიან, დარგონ ეს ხეები. აქამდე ვიცოდით სხვისი ხელით ნარის გლეჯა. ახლა გავიგეთ, სხვისი ხელით (და ფულით) ხეების დარგვა. მერე რა, რომ თვითონ დაგვპირდა? ხო დაარგვეინებს რაც მთავარია? აა, ეს მათი „კეთილი ნებით“ მოხდება? ამ კეთილ ნებას მიშას დროს ბიზნესზე ძალადობა ერქვა. დროც იცვლება, ლექსიკონიც… მერე რა, რომ ეს „კეთილი ნება“ ისევ მოსახლეობას შემოუტრიალდება და ბინები გაძვირდება? ამდენ ხლაფორთს, ბარემ, ჩვენ დაგვავალეთ და ჩვენი ხარჯით დავრგავთ თითო ხეს და კიდეც გამოვა მილიონი ხის დარგვა. თქვენ, უბრალოდ, წამოგორდით და დაითვალეთ, როგორც ლუარსაბი ითვლიდა ბუზებს…

 

აქლემი და თეა

6

გამოქვეყნდა გაზეთ “ქრონიკა+”-ში, 2014 წლის 10 ივნისს, საავტორო რუბრიკაში “მეცამეტე გვერდი”. 

რეზო შატაკიშვილი

მადამ „რამეთუ“ ახალ რეჟიმში გადადის – ამჯერად „მიუხედავად ყველაფრისას“ იყენებს ფარად და მახვილად, ცხადია, ნაციონალების წინააღმდეგ ბრძოლაში.   გამობრძანდა და გვამცნო, – უპრეცედენტოდ მშვიდიაო წინასაარჩევნო გარემო, ისეთი კი არააო, ქარაფებიდან გადაეშვასო შორენა, არამედ ისეთიაო – ლაითიო – უპრეცედენტოდ მშვიდიო, ლამისაა ხიდან ხეზე გადმოფრინდეს ჩიორაო.

მიუხედავად ყველაფრისაო, – თქვა თეამან არაკი, – მე, როგორც უწყებათშორისი კომისიის თავმჯდომარე, ვაცხადებ, რომ საარჩევნო გარემო იყოო თავისუფალი, არ ხდებოდაო ძალადობა სახელმწიფოს მხრიდან, როგორც ეს ადრე ხდებოდაო. ჩვენ შევძელით – სახელმწიფო არ ძალადობსო საკუთარ მოქალაქეებსა და საკუთარ ოპოზიციაზეო. სხვა „ყველაფერი“ კი რაც ხდება – „რაიმე ტიპის იციდენტები“ – მიაწერა კერძო პირებს…

რაი არს საფუძველი სიამაყისა მისისაი?

რას ეძახის ნეტარ სიმშვიდეს, ხალხი რომ უცვივდება კანდიდატს ამომრჩეველთან შეხვედრაზე? კანდიდატი რომ ამ მივარდნილ ვითომ „ადგილობრივებში“ „ოცნების“ აქტივისტებს რომ ამოიცნობს? ეს სახელმწიფოს მხრიდან ძალადობა არაა, თუ მაინცდამაინც შესაბამისმა უწყებებმა უნდა დააწიოკონ ხათუნა ბერძენიშვილი ფონიჭალაში და მაშინ ჩაითვლება ძალადობად? თუნდაც უპარტიო ხალხი რომ ტეხდეს დებოშს და აყალ-მაყალს, როცა პოლიცია არ ანძრევს ხელს, რა ჰქვია ამას?

თურმე უპრეცედენტო სიმშვიდეა, როცა ზუგდიდში ნაციონალების ოფისს ქვებს უშენენ, ოფისში შეჭრას ცდილობენ და ნაციონალები ამ აქციის მეთაურებში „ქართული ოცნების“ ადგილობრივ აქტივისტებს და კონკრეტულ ლიდერებს, მეტიც, თვითმმართველობის სპეციალისტს ამოიცნობენ.

თურმე უპრეცედენტო სიმშვიდეა, როცა ბათუმში ამომრჩეველთან შეხვედრაზე მიუცვივდებიან გიგა ბოკერიას, გია ბარამიძეს და უგულავას. თურმე ეს სიმშვიდეა, თანაც უპრეცედენტო, აბა, რა, კერძო პირები მიუცვივდნენ, ვოლსკი და ღარიბაშვილი ხომ არა?

თურმე უპრეცედენტო სიმშვიდეა ის, რაც განვითარდა მარნეულში. გამგებლობის კანდიდატი იმამკულიევი არჩევნებიდან მოხსნეს. რეგისტრაცია საოლქო კომისიამ გააუქმა, თითქოსდა იმ მოტივით, რომ იმამკულიევს ბოლო 2 წელი საქართველოში არ უცხოვრია. ეს გააკეთეს მიუხედავად იმ დოკუმენტებისა, საიდანაც დასტურდება, რომ იგი ცხოვრობდა. ამ ყველაფრის შემდეგ ხათუნა გოგორიშვილმა ფარდა ახადა სკანდალურ კულისებს და განაცხდა, რომ 12 ივნისს შეხვედრა ჰქონდა უსუფაშვილთან, რომელმაც მას გადასცა მთავრობის გზავნილი, რომ მოეხსნათ იმამკულიევის კანდიდატურა. უსუფაშვილი ეკრანებზე არ გამოჩენილა, ხათუნა გოგორიშვილის სკანდალურ ბრალდებას ეპისტოლარულად გამოეხმაურა, გოგორიშვილთან შეხვედრის ფაქტი ვერ უარყო, მაგრამ თურმე იმ შეხვედრაზე გვარები და სახელები არ ყოფილა ნახსენები. თურმე, მათ „ქვეყნის ეროვნული ინტრერესების საზიანო შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილების მოდელებზე“ უსაუბრიათ. თუ გავითვალისწინებთ, რომ ხათუნა გოგორიშვილი წარმოადგენს ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო არტილერიას, ცოტა ძნელი დასაჯერებელია, მას ამ გაგანია წინასაარჩევნო პერიოდში მოდელებზე სასაუბროდ მოეცალა ვინმესთან, თუნდაც ეს პარლამენტის თავმჯდომარე ყოფილიყო. ხათუნა გოგორიშვილთან წინასაარჩევნოდ შეხვედრა იმთავითვე ნიშნავს იმას, რომ შეხვედრა არჩევნებს შეეხებოდა და არა გეოპოლიტიკურ პერიპეტიებს თუ მოდელებს. ფაქტია ისიც, რომ სწორედ ეს იმამკულიევი არჩევნებიდან მოხსნა ჯერ საოლქო კომისიამ, შემდეგ ამ გადაწყვეტილებაზე კვერი დაუკრა „ცესკომ“. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ხელისუფლება სისხლხორცეულად იყო დაინტერესებული, არჩევნებიდან ჩამოეშორებინათ „ნაციონალური“ კანდიდატი იმამკულიევი, რომელსაც გამარჯვების დიდი შანსები ჰქონდა?

არის თუ არა ეს ძალადობა? რა მნიშვნელობა აქვს, საბოლოო რეზულტატს ვინ დადებს – პარლამენტის თავმჯდომარე კულუარული შეხვედრებით თუ საარჩევნო ადმინისტრაცია რომელიღაც არასამთავრობო ორგანიზაციის აწეული „ტოპკით“? ამ ყველაფერს კი ვერანაირად ვერ გაანიორწყლებს წულუკიანის განცხადება, რომ თურმე გოგორიშვილი „არ ისვენებს“.

იმამკულიევი გამოდგა კერკეტი კაკალი, თორემ ხათუნამდე, ცხადია, მას შესთავაზებდნენ კანდიდატურის მოხსნას, როგორც ეს არაერთ კანდიდატთან გააკეთეს, მეტიც – კანდიდატურების მოხსნის გზით, საერთოდ, სიების განულებაც დაამუღამეს. ამის შესახებ, თავის დროზე, გიგი უგულავაც წერდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ასეთი ილეთებით მარტო ნაციონალებს არ უსწორდებიან, როგორც გაირკვა, იგივეს აკეთებენ არასაპარლამენტო ოპოზიციის მიმართაც. როგორც ფიქრია ჩიხრაძემ მიამბო, მათი კანდიდატები თერჯოლაში, ხულოში, ქობულეთში, უბრალოდ, გაქრნენ – ვეღარც პოულობენ, სად წავიდნენ. ფიქრია ჩიხრაძე მისტიკაზე ან მკვლელობებზე კი არა, იმ ზეწოლაზე საუბრობს, რომელსაც ამ კანდიდატებმა ვერ გაუძლეს და არჩევნებს საერთოდ გაერიდნენ, ვერც ის გაიგეს, რა პირითღა ელაპარაკათ საკუთარ პარტიასთან და საერთოდ გავიდნენ მომსახურების ზონიდან, თორემ მართლაც რას ნიშნავს, როცა ადამიანები არჩევნებში მონაწილეობას აპირებენ, ავსებენ დოკუმენტაციას, იღებენ სურათებს, ირჩევენ ოლქებს, იწყებენ მუშაობას და ერთი კვირის მერე უსიტყვოდ ილალებიან? ეს ძალადობა არაა? დიდი მიხვედრა უნდა, ვის აქვს დაშინების ბერკეტები? რაკი ეს დაშინებულები არ გაჰკივიან, სიმშვიდეა?

რას ვიზამთ? ყველას ის მოხერხება არ ექნება, რაც ნაციონალების დმანისელ კანდიდატს, კურბან მამედოვს ჰქონია. ვერანაირად რომ ვერ ათქმევინეს უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, ღამით სახლში მიადგნენ, საკუთარი კანდიდატურა მოხსენიო. ისიც ამდგარა და განცხადებაზე ხელი უკუღმა მოუწერია – მემედ კურბანოვი და მეტიც, მეორე დღეს ამ უკუღმას წაღმა განცხადებაც დაადევნა – წინა წერილი სისულელეა, ძალით დამაწერინესო.

ესაა უპრეცედენტო სიმშვიდე?

ან სახელმწიფოსგან მეტი რა ძალადობა გინდა, როცა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი საჯაროდ აცხადებს, რომ „არ დაუშვებს“ სხვების გამარჯვებას? გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთო კი არ ამბობს, არ დავუშვებთ სხვების გამარჯვებასო. მადამ „რამეთუ“, როგორ ფიქრობთ, როგორ იქნება პრემიერის ეს განცხადება აღქმული დაბალ რგოლებში? როგორ უნდა უზრულველყონ, როგორ არ უნდა დაუშვან მათ სხვა პოლიტიკური ძალების გამარჯვება?

პრემიერის სტილში პლანტაციებში მუშაობით დაემუქრონ ყველას, ვინც კი არ „იოცნებებს“? პლანტაციებზე გამახსენდა, პრემიერი ბჭობდა და ღმერთი დასცინოდა – კაცს, რომელსაც პლანტაციებში გზავნიდა, ობამა მომდევნო დღეებში დიდის ამბით ხვდებოდა. ჯო ბაიდენზე და რასმუსენზე აღარ მაქვს ლაპარაკი. მიშას თქმისა არ იყოს, იქნებ, მართლა აღარაა ლანზღანდარობისა და „შპილკაობის“ დრო და იქნებ, მართლა დროა, დაღვინების, დასერიოზულების? ისევ თქვენთვის გეუბნებით, თორემ ისევ თქვენ იწვევთ ღიმილს ამ უკბილო ხუმრობებით.

და კიდევ, თქვენი ასტრონომიული ხელფას-პრემიებით ისე წყდებით რეალობას, ვერც ხვდებით! დიახ, ვერც ხვდებით და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ტანში გამაჟრჟოლებელ თანხებს პრემიას დაარქმევთ, ალასანიასავით სარგოს თუ მარგოს! ისევე წყდებით რეალობას, როგორც ნანული შევარდნაძე მოსწყდა რეალობას, როცა გამოაცხადა, რომ 14-ლარიანი პენსიით კარგი დიასახლისი ოჯახს დააპურებდა! აგერ, თქვენი პაატა ზაქარეიშვილი „ვერსიასთან“ ინტერვიუში ყინჩად აცხადებს, რომ თურმე როცა ხელფასამდე 800 ლარი რჩება, ოჯახის წევრებს ეუბნება, – გვეყო ფულის ხარჯვა, ხელფასს დაველოდოთო. იცით თუ არა, რომ ამ ქვეყანაში მაგ თანხაზე, რომელზეც თქვენ ხარჯვას „ასტოპებთ“, ოჯახები თვეობით ცხოვრობენ? ხელფასები კი, რომელიც თქვენ გაქვთ, მართლაც ღირს დალოდებად – თვის ბოლომდე კი არა, წლის ბოლომდეც სიამოვნებით დაელოდებოდა ამ ქვეყნის ყველა მოქალაქე! იქნებ, ერთხელ მაინც გადაგეკითხათ სულხან-საბას „სიბრძნე სიცრუისა“? იქნებ, იქ მაინც ამოგეკითხათ „თუცა შიმშილით არ მომყმარიყო, რამცა იცის გლახაკთა და უღონოთა შიან“. თუ „სიბრძნე სიცრუისას“ წაკითხვა გესქელტანიანებათ, მოკლედ გეტყვით ანდაზით: მაძღარს ყველა მაძღარი ეგონაო! ეგრეა თქვენი ამბავი. რატომ გგონიათ, რომ ეს ნაკლებ რისხვას იწვევს და ეს რისხვა არ დაგატყდებათ თავს ამ არჩევნებზე თუ არა, შემდეგ არჩევნებზე? თუმცა მანამ ალბათ იმდენს დააგროვებთ, კარგა ხანს მსუყედ იქნებით, მაგრამ ნურც ის დაგავიწყდებათ, მიხეილმა მობრუნებაც იცის და ხელის შემობრუნებაც – ბადალი არ ჰყავს ფულების დაყრევინებაში. „ასტაროჟნად“, ემანდ უკან არ დაგაყრევინოთ ეგ თქვენი ხელფას-პრემია-სარგო-მარგოები. იქნებ, სწორედ ამას გრძნობთ და იმიტომაც მიდის სმა-ჭამა დიდად შესარგი. მთელ ქვეყანას – თქვენ მომხრესაც და თქვენ მოწინააღმდეგესაც, შეგრძნება აქვს, რომ მოსწრებაზე ხართ. დამშვიდდით, გადმოდით ჩემოდნებიდან და მიხედეთ ქვეყანას, თორემ არც იმის ძახილი გარგებთ, რომ დანგრეული ქვეყანა ჩაიბარეთ, თან პირდაპირი მნიშვნელობით, რომ თურმე 9 წელი გვატყუებდნენ ჩვენც და მსოფლიოსაც, რომ თურმე რაღაც რამდენიმე ათი შენობა ააშენეს… მაინც, რა მოგატყუეს, თუ ქვეყანას ანგრევდნენ, როგორ გაუსწრო ქვეყნის წლიურმა ბიუჯეტმა იმის ქონებას, ვინც პირადად თქვენ დაგნიშნათ? თუ ქვეყანა დანგრეული დატოვეს, აბა, რას ჰპირდება თქვენი მინისტრი პეტრიაშვილი უკრაინელებს რეფორმების გამოცდილების გაზიარებას, უკაცრავად და რომელი რეფორმა გაატარეთ, რომ თქვენი გატარებული რეფორმა გაუზიაროთ? ვის გატარებულ წარმატებულ რეფორმებს უზიარებთ? ვისი აშენებული იუსტიციის სახლების გამოცდილებით მოაქვს თავი საზღვარგარეთ წულუკიანს? ვის განახლებულ რაბათს ათვალიერებინებს ფანჯიკიძე უცხოელ დიპლომატებს? ან რომელ წყალზე და შუქზე გაიძახით, – აბა, სადააო? მაინც რა გეგონათ, რომ მიშამ მარადიული ნათელი დაგიტოვათ და თქვენ ზრუნვა არ მოგიწევდათ?

თქვენი მინისტრი ხადური კი აპრილში დაფიქსირებულ დაბალ ეკონომიკურ მაჩვენებელს იმით ხსნის, რომ კაზინოებში ბრუნვა შემცირებულა. ჩვენ გვაპატიეთ, ჩვენ მოგვიტევეთ, რომ კაზინოში არ დავიარებით. ვალებს არ ვიღებთ და არ ვფლანგავთ კაზინოებში, რომ მაჩვენებელი მაღალი გქონდეთ და მერმე პაატას, ზაქარეიშვილს, 800-ის ნაცვლად 8000 გაჰყვეს ხელფასიდან ხელფასამდე.

ისევ ჩვენ გვაპატიეთ, რომ 9 წლის გაპარტახებულ ქვეყანაში გიწევთ მუხლჩაუხრელი შრომა,

ჩვენ გვაპატიეთ, რომ არ ვაფასებთ იმ სიმშვიდეს, რომელმაც თქვენი ხელმწიფებისას დაისადგურა ამ ქვეყანაში, სადაც მხოლოდ აქლემი ესხმის თავს მოქალაქეს და სხვა არავინ და ჩვენ კიდე ასე ინერციით რა აღარ გველანდება, – ხან გახშირებული კრიმინალი, ხან წინასაარჩევნო მიეთ-მოეთი. მოგვიტევეთ ეს ფობიები, ეჭვიანობები, მოჩვენებანი, ეს ყველაფერი სულ იმ ავბედითი ცხრა წლის ბრალია. დავბრმავდით, პოზიტივს ვერ ვხედავთ, თორემ განა ის პოზიტივი არაა, იპოდრომზე აქლემი რომ გამოგიდგება და არა ზებრა?

თინას ფეხბურთი, მანანას ლეკური და ირაკლის გასაჭირი

gigiiiiiiiiiii

დაიბეჭდა “ქრონიკა+”-ში, მეცამეტე გვერდზე. 

რეზო შატაკიშვილი

დააკავეს სარკოზი და ატყდა კუნტრუში საქართველოში. მერე რა, რომ იმ უმძიმეს წუთებში, როცა თბილისი დაბომბვის საფთხის ქვეშ იდგა და ბევრი თბილისელი კუდამოძუელბული გარბოდა თბილისდან, ეს დაკავებული სარკოზი, აქ ჩამოვიდა და საუკთარი უსაფრთხოების, სიცოცხლის ფასად გარანტად ედგა თბილისს.

მერე რა, რომ სარკოზი დააკვეს, დაკითხეს და შემდეგ გაუშვეს. აქ დაკავება აწყობდათ, აწყობდათ პარალელებისთვის. ამბის გაგრძელება ხელს არ აძლევდათ და არც აპელირებდნენ. აკუტრუშდა აგრესიული ელეტორატიც და აკუნტრუშდნენ მინისტრებიც და ეს სიხარული ცუკენბერგის სივრცეში, საკუთარ აივნებზეც გადმოფინეს. მერე რა რომ ჩვენ მინისტრებს და მათ მოადგილეებს, „ფეისბუკი“ და „ტვიტერი“ „ქუხნა“ ჰგონიათ და იმდენს ჯერ ვერ ხვდებიან, რომ სოცქსელებში გაკეთებული განცხადება საჯარო განცხადებაა. ამას რა მნიშვნელობა აქვს? მთავარი ისაა, რომ გაუხარდათ სარკოზის დაჭერა, ცხელი ზაფხულის სურნელი ეცათ, პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილისგან დაანონსებული. ცხადია, მათაც და აგრესიულ ელექტორატსაც მიხეილის დაჭერა უფრო გაახარებდათ, მაგრამ გიგი უგულავას დაჭერაც „ნიჩევოდ“ ჩათვალეს და მას მერე, რაც უგულავას პატიმრობა შეუფარდეს, ახლა ამაზე ატყდა სიხარულის აპოთეოზი. ეს ამბავი ქალბატონმა მანანამ, კობახიძემ ინგა გრიგოლიასთან პირდაპირ ეთერში შეიტყო. როცა ინგამ გამოაცხადა, რომ უგულავას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, კობახიძემ სიხარულისგან ტაში დასცხო და „აი ასე, დიახაცო“  შესძახა. პრაქტიკულად ლეკური დაუარა სიხარულისგან.

მანანას ლეკური პირდაპირ ეთერში ვნახეთ. იმ ღამეს პოლიტიკისთვის სად ეცალა თინა ხიდაშელს. ფეხბურთი იყო. აკი გაგვიზიარა კიდეც განცდილ-გადატანილი? „როგორც ჩვენში ამბობენ, გერმანიის გამარჯვება დავით ლუიშმა გადამატანინა ))) დედა რა იყო ეს )))“.

ახლა ამიხსენით ან მანანას ლეკური რა ფენომენია, ან თინას ფეხბურთი? როდესაც ქვეყანა დუღს, როგორც შემდეგ „ნიუ იორკ თაიმსმა“ დაწერა ქვეყანაში პოლიტიკური ქარიშხალია და ქვეყნის წამყვანი პოლიტიკოსი ფეხბურთის ყურებით იქცევს თავს? თუ ამ პოსტით, ხაზს უსვამს, რომ უგულავას დაპატიმრება-არ დაპატიმრება, ან ის რაც შემდეგ სასამართლოს ეზოში ხდებოდა, სრულიად უმნიშვნელოა? თუ ასეა, რა უხაროდა მანანას? ამის მერეც იტყვის მანანა კობახიძე, რომ არანაირი პოლიტიკური დევნა არაა? მისი ეს აღტაცება არანაირ ზეგავლენას არ მოახდენს გამოძიებაზე? მანანას ლეკური რა არის იმასთან, რაც კულტურის მინისტრის მოადგილემ შემოგთვავაზა. „ფეისბუკიდან“ მოსალოდნელი რეპრესიები დაანონსა: „ეს მოფერებად მოგეჩვენებათ, როდესაც მორატორიუმი დასრულდება და მართლმსაჯულების მანქანა ამოიქოქება ახალი საწვავით. უგულავა ვის გაგახსენდებათ“. კულტურის მინისტრის მოადგილეს, ალექსნადრე მარგიშვილს, რომ ის საწვავი არ აქვს მხედველობაში, საიდანაც ლიტრზე ლარი მიშას ჯიბეში მიდიოდა და უნდა გაეიაფებინათ, ფაქტია. მაგრამ საინტერესოა რას ეძახის მორატორიუმს? იმას რომ სასამართლომ გირაოც არ შეუფარდა დედაქალაქის უფლებამოსილება შეჩერებულ მერს  და მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს და მიუხედავად ამისა, გამთენიისას მაინც დააკავეს და დააპატიმრეს და თან არჩევნები დამკვრელური ვახტით გადმოწიეს და 12 ივლისს დანიშნეს? რას ეძახის მოფერებას, გიგი უგულავა წიხქვეშ რომ არ გაიგდეს დააკავებისას, ან ლევან ბეჟაშვილივით ტანზე ყველაფერი რომ არ შემოახიეს? და საერთოდ, რას ნიშნავს, როცა ქვეყნის კულტურის მინისტრის მოადგილე ამას აცხადებს? თურმე ნუ იტყვით და როგორც მეორე დღეს, კულტურის სამინისტრო გამოაცხადებს – მარგიშვილი შვებულებაში ყოფილა და მისი განცხადებები აინუნში ჩასაგდები არაა. აი, კულტურის მინისტრ ოდიშარიას აზრით კი ეს მარგიშვილის მრწამსი და მოქალაქეობრივი ხედვა ყოფილა და როგორ შეიძლება ამაზე გააკრიტიკოო. ნუ გააკრიტიკებთ გურამ ბატონო, ცივი ყავა მიართვით, ეამაება – ცხელი ზაფხულია. მაგრამ გახსოვდეთ, მუდამ მინისტრი არავინაა, არც მოადგილე, თქვენი ხელისუფლებაც წავა ოდესღაც, მოვლენ სხვა მინისტრები, მათაც ეყოლებათ მოადგილეები და ისინი თქვენზე ნადირობის სეზონს ამცნობენ ასეთი რიხით და აღმაფრენით საზოგადოებას და არა მგონია გეამოთ.

არა მგონია, ან ამ პროცესებმა, რაც ახლა ხდება ხეირი მოუტანოს თქვენს ხელისუფლებას. ვგონებ ნაადრევია მანანას ლეკური და თქვენი მოადგილის აღმაფრენა. ეს არც მართმსაჯულების ზეიმია, როგორც თქვენი – აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური ბრძანებს. ამ ნარმანიას გადამკიდე, პრემიერი ღარიბაშვილი კლდიაშვილის დარისპანს მაგონებს. გათხოვება და მერის ჯვრისწერა არაფერ შუაშია. როგორც დარისპანი ცდილობდა, კაროჟნას გასაღებას, ისე ცდილობს ნარმანიას მეორე ტურში როგორმე გაყვანას. მეტი რა ქნას, ერთ ღამეში 2 ექსმერი დაიჭირეს. რა შუაშია ექს-მერის დაჭერა ნარმანიას მერად გაყვანასთან? მართლაც არაფერ შუაშია. თავშია. ფაქტია რომ იმის გამო, რომ ახალმა ხელისუფლებამ ცოტა ნაციონალი დაიჭირა, აგრესიული, შურისძიების წყურვილით ანთებული ელექტორატი გაანაწყენა და მათ ადგილობრივ არჩევნებში ბურჯანაძეს და პატრიოტთა ალიანსს მისცეს ხმა. ახლა მეორე ტურია, ტატამზე მარტო ნაციონალი ნიკანორი და მეოცნებე დათონორი დარჩნენ. ვის მისცემდნენ ხმას ისინი, ვინც პირველ ტურში ლორთქიფანიძეს ან ინაშვილს მისცეს ხმა? ფაქტია რომ ისინი მელიას ხმას არ მისცემდნენ, მაგრამ ისიც საკითხავია – მივიდოდნენ კი საერთოდღა მეორე ტურზე? სწორედ მათი გულის მოგებას შეეცადა ეს ხელისუფლება ჯერ გიგის დაჭერით და შემდეგ იმით, რაც მოხდა სასამართლოს ეზოში. იქნებ ვინმემ გიგის მაინცდამაინც არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე დაჭერა გადაუდებელი აუცილებლობით ახსნას, მაგრამ რით ახსნით იმას რაც დატრიალდა სასამართლოს ეზოში? ვის საამებლად იყო ის ჰიჩკოკი? კოტე გაბაშვილის დაპატიმრება ან აგვისტოს გმირის ლაშა რუხაიას ცემა? ან შემდეგ ღუდუშაურის კლინიკიდან მისი ძალით წაყვანა განყოფილებაში? თუ რუხაიას არაფერი სჭირდა, ის ვაჟბატონი და ქალბატონი თეთრხალათიანები რატომ სთხოვდნენ თანხის გადახდას? აკი, თანხის გადახდამდე დახმარებაც არ აღმოუჩინეს? და თუ არაფერი სჭირდა, რას ეხმარებოდნენ? ან პარლამენტარ ლევან ბეჟაშვილის დაპატიმრება რას ემსახურებოდა? თინა ხიდაშელმა კი ბრძანა, ბეჟაშვილი ჯორჯ ქლუნი არაა, რომ ყველა პოლიციელმა იცნოსო, მაგრამ მაინც? ისე, საინტერესოა, ქალბატონი თინა დარწმუნებულია რომ ყველა პოლიციელი იცნობს ჯორჯ ქლუნს? კარგი, არ იცოდნენ რომ ბეჟაშვილი პარლამენტარი იყო, დაყრუვდნენ და ვერ გაიგეს რომ ეძახდნენ „პარლამენტარია“, მერე რაღას არკვევდნენ სამი საათი? იმას რომ პარლამენტარია? თუ იმას რომ ბეჟაშვილი იყო თუ ქლუნი?

ხომ ფაქტია, რომ ეს ყველაფერი სწორედ აგრესიული ელექტორატის გულის მოსაგებად გაკეთდა და როგორც ერთ-ერთმა ფეისბუკმომხმარებელმა მახვილგონიერად შენიშნა უგულავას დაპატიმრება ეს იყო რომის იმპერიისდროინდელ საშუალოსტატსიტიკურ პლებეიზე გათვლილი ტრიუკი. დიახ, ტრიუკი, რომელმაც შესანიშნავად იმუშავა და აღაგზნო აგრესიული ელეტორატი. თუ ტრიუკი არ იყო, რას აპატიმრებდნენ აეროპორტში, სადაც იცოდნენ რომ ტელეკამერების ჯარი იქნებოდა? რატომ არ დააპატიმრეს სახლში, ან თუნდაც სახლიდან გამოსული? ხომ გადაუდებელი ინფორმაცია ჰქონდათ? მაგრამ ასე რომ ექნათ, როგორღა მიანიჭებდნენ სიამოვნებას იმ ელქტორატს, რომელიც არჩევნებზე უნდა მივიდეს და ნარმანიას მისცეს ხმა გულანთებულმა? გაჩნდება კითხვა, თავად უგულავას რად ამშვენებდა პირს ღიმილი? თქვენ თუ იცით როგორ ასიამოვნოთ თქვენს მხარდამჭერებს, რომლებიც ცოტა ხნის წინ სხვასთან გაგექცნენ, ან თუნდაც თქვენთან დარჩნენ, როგორ გგონიათ, უგულავამ არ იცის, როგორ არ გაუტეხოს საკუთარ ელექტორატს? მან ზუსტად იცოდა, რომ დღეს თუ არა ხვალ, მას დაიჭერდნენ, და ისიც იცის, როგორ დაიჭიროს თავი. ან იქნებ უხაროდა კიდეც? პოლიტიკოსისთვის დაპატიმრება, მით უფრო ასეთ ვითარებაში, როცა წინა ღამით სასამართლო უშვებს და მაინც იჭერ, პირდაპირ მანტიაა პოლიტიკური ნიშნით დევნილის, რაც ერთობ მსუყე პოლიტიკურ კაპიტალს წარმოადგენს, რომელიც უახლოეს მომავალში შესაძლოა კვლავ ძალაუფლებად კონვერტირდეს?

ამ ხელისუფლებამ მთელი ამ მიეთ-მოეთით აგრესიული ელეტორატის გული მოიგო და ალბათ მიიღებს კიდეც მათ ხმებს. თუ ეს ასეა, მაშინ რატომ არ მოუტანს ხეირს ამ ხელისუფლებას? მეტი ხეირი რა უნდა იყოს, ნარმანია გამერდება. საქმე ის გახლავთ, რომ ამ ყველაფერმა როგორც გაახარა ამომრჩევლის ნაწილი, ისევე აღაშფოთა საზოგადოების სხვა ნაწილი, რომელსაც სძულს ძალადობა, რომლისთვისაც მიუღებელია ადამიანის ამ ფორმით დაპატიმრება და მთელი ის ორომტრიალი რაც იყო სასამართლოს ეზოში და რაც გაგრძელდა ღუდუშაურის კლინიკაში. ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებზე სულაც არ მოგახსენებთ. მოგახსენებთ, იმ ნეიტრალურ ნაწილზე, რომელიც არჩევნებზე სულაც არ წასულა, ან იმათზე, რომელმაც ინერციიით ხმა ჯერაც ქართულ ოცნებას მისცეს. ამგვარი დაჭერობანით ოცნება სწორედაც რომ კარგავს მათ მხარდაჭერას. ამგვარი დაჭერობანით და საერთოდ დაჭერობანით. დაჭერობანა მთელი საზოგადოების დაკვეთა სულაც არაა, ხალხს შია, შურისძიება კი არ სწყურია. არც მერაბიშვილი იჭმევა, და ვერც უგულავას ჩაასხამ ბენზინის ნაცვლად. თვალახვეულ თემიდას შეიძლება თვალები დააჭყეტინო და ხალხსაც აუხვიო თვალები ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით, მაგრამ დროებით. მერე გაახელს თვალს და დაინახავს, რომ ევროპაში კი არა, იმ ქვეყანაშია, სადაც პინგვინები ბალალაიკაზე უკრავენ და ეულ, ვაკელ აქლემს სულ ცალ კუზზე ჰკიდია კანონიც და სამართალიც.

P.S: ძველ „ახკომელებს“ ლეგენდასავით აქვთ მოყოლილი, როგორ მიიტანა ერთმა სრულიად უნიჭო, ვითომ პოეტმა ქალმა „ახალგაზრდა კომუნისტში“ თავისი უნიჭო ლექსები და როგორ არ აძლევდა გასაქანს პაატა ნაცვლიშვილს დაბეჭდეო და პაატა ნაცვლიშვილმა როგორ მოიფიქრა გამოსავალი რომ მისი ლექსები არ დაებეჭდა, ჩვენ „ახალგაზრდა კომუნისტი“ ვართ და მხოლოდ ახალგაზრდების ლექსების ბეჭდვის უფლება გვაქვსო. იმ ქალბატონს კარი გაუჯახუნებია, კარის გაჯახუნებამდე კი დაუხეთქებია – ასე მოკლეს ვაჟა-ფშაველაცო. მაშინვე ეს გამახსენდა როცა ითქვა – სარკოზიც დააკავესო. 🙂

გაგების ხე

რეზო შატაკიშვილი

(დაიბეჭდა “ქრონიკა+”-ში, საავტორო რუბრიკაში “მეცამეტე გვერდი”). 

მილიონი ხის დარგვას ახლა დაგვპირდნენ. აი, ერთი ხე კი მოსვლისთანავე დაგვიდგა ივანიშვილმა – ხე გაგებისა. ცნობადის ხე არ გეგონოთ, რომლის ნაყოფის ჭამაც ღმერთმა აუკრძალა ადამ და ევას, პირიქით, ივანიშვილი გვაიძულებს ვჭამოთ ნაყოფი გაგების ხისა, ანუ მოვეკიდოთ გაგებით. სხვანაირად, ჩვენ ვერ მოვხვდებით მის მიერ შეპირებულ ნაოცნებარ საქართველოში. არადა, ხაზავდით რა, 41-ს გეგონათ რომ დაგიდგავდათ ოცნების ხეებს, ნატვრის ხეებივით, მიხვიდიოდით, შეაბამდით ჭრელ ბაფთას და ასრულდებოდა ოცნებები – განულდებოდა კრედიტები, ღვარად წამოვიდოდა რძე და თაფლი, ბიძინა გვიწილადებდა ათასებს თავის მილიარდებიდან, განახევრდებოდა კომუნალური გადასახადები, ბენზინს გამოაკლდებოდა ის ერთი ლარი, რომელიც მიშას ჯიბეში მიდიოდა, დედლის ორივე ბარკალიც ჩვენ დაგვრჩებოდა, აი, ყველა იმ დედლის, გუბაზ ბატონი რომ გვეუბნებოდა – ცალი ბარკალი მიშასიაო. და რა გამოვიდა? აგერ ბატონო, სადაცაა მეორე წელი შესრულდება, ასფალტიც შემოგვეჭამა, არდა, გახსოვთ როგორ ვუკადრისობდით? ასფალტი ვჭამოთო? – რა რიხით, რა გონორით ვკითხულობდით. არადა, ცივი ჭადის არ იყოს, რა გემრიელი ყოფილა, როცა გშია? ახლა კიდე, ბენზინი ძვირდება. თანახმად, ბიძინას ანდერძისა, მოეკიდეთ გაგებით! რას ვიზამთ, ვერ გაძღა მიშას მუცელი, ლარი აღარ ჰყოფნის და „ლარ სოროკს“ ითხოვს. მარტო ბენზინის გაძვირება რა არის, აგერ გამოვიდა ხადური და ფასები მოიმატებსო, გვამცნო. თანახმად ბიძინას ანდერძისა, მოვეკიდოთ გაგებით! ხადურივით სუქდება და სუქდება ფასები. არის, ამ პროცესში რაღაც ჭეშმარიტად ანტიკური.

თვითონ უჭირთ, მაგრამ ჩვენ მაინც გაგებით უნდა მოვეკიდოთ იმ ფაქტს, რომ სადღაც რომელიღაც უწყებაში, 38 ათასებს ირიგებენ თვეში. ან თვითონ უჭირთ კი? ეგ ჯამაგირ-პრემიები დეკემბერში ჩამოირიგეს, ყველამ კარგად იცოდა და ყველამ დედის რძესაეფ შეირგო, და რომ არა ირმა ნადირაშვილი, რომელმაც 5 თვის თავზე გაუბაზრა ხელისუფლებას ეს ამბავი, კი იყვნენ ძუძუს გოჭებივით გატრუნულები. ახლაღა ემცხეთათ, გაემიჯნენ და დარბაისლურად ჩამოიშორეს დარბაისელი. ისე, ჩამოიშორეს, არც თქვეს, მაინც რისთვის მისცეს ეს ამხელა პრემიები იმ ჩინოვნიკებს? რა ჩაიდინეს ასეთი? ან რა გმირობა ჩაიდინეს, ან რა დანაშაულის მომსწრე გახდნენ, ასე ძვირი რომ ღირს დუმილი? როგორც ირმამ ივარაუდა – ვანოს გაყვანა? გაგებით უნდა მოეკიდოთ იმასაც რომ ვანო ციხეშია და მის აღდგენილ-დამშვენებული რაბათით უცხოელებთან კეკლუცობენ. აბა, სხვა რა აჩვენონ? ერთი იმ პრემების უწყისს თუ აჩვენებენ. მერწმუნეთ ნამდვილად გადაფარავს და გაახუნებს რაბათით მოგვრილ შთაბეჭდილებას, სასჯელაღსულების დეკემბრის თვის უწყისი. რაბათით მოგვრილ შთაბეჭდილებას კი არა, ვერსალით მოგვრილ შთაბეჭდილებას არ გაახუნებს, რომ რამე? ვანო ციხეშია, მაგრამ რად არ აფასებთ იმას რომ ციხეშია და მკლავი არ წააჭრეს? სვეტიცხოვლის აგებისთვის არსაკიძეს მკლავი წააცალეს, ამათ უბრალოდ ციხეში დაიჭირეს და განა არ უნდა დაინახოთ ეს დინამიკა? რა ჰუმანურები გავხდით 10 საუკუნის მერე? ყველაფერს დანახვა უნდა! აბა რისთვის დაგიდგათ ბიძინამ გაგების ხე?

თვალებში რომ წიწმატი ამოგივათ, გაიხსენეთ ანდერძი ბიძინასი და მოეკიდეთ გაგებით. ეს თქვენი არჩევანია და უკუეთუ არ ისწავლით პატივის მიგებას საკუთარი არჩევანისთვის, არც რაი გეშველებათ. გაგებით მოეკიდეთ ყვედრებასა. იმ ყვედრებასა, რომლითაც იყვედრება მხევალი იგი ბიძინასი – თეა, წულუკიანი. მადლობა მითხარით 5 ათას ლარად რომ ვმუშაობთო. განა თქვენ არ იყავით რომ დიპლომის უნახავად ამტკიცებდით მის დიდ იურისტობას? „დიდი იურისტები“ ძვირს ითხოვენ და შეეგუეთ. დიპლომი ვის რა ოხრად სჭირია, გოგა ხაჩიძის გარდა?

გაგებით მოეკიდეთ იმას რომ 22 მაისს ქმარმა ცოლი მოკლა ადგინეში, იმას რომ იმავე 22 მაისს ქმარმა ცოლი მოკლა ქობულეთში, იმას რომ 20 მაისს ქმარმა ცოლი მოკლა გურჯაანში, 15 მაისს ქმარმა ცოლი მოკლა ისანში, 22 აპრილს ქმარმა ცოლი მოკლა ვაკეში, 7 მარტს ქმარმა ცოლი მოკლა ორხევში, 1 იანვარს – ქმარმა ცოლი მოკლა მუხრანში…

არა, ბიძინას არ უთქვამს, ცოლები ხოცეთო, მაგრამ რაკი დახოცეს, თანახმად ბიძინას ანდერძისა, გაგებით უნდა მოვეკიდოთ ამ ფაქტსაც. ავე ბიძინა, როგორ გაგვიფართოვე არეალი გაგებით მოკიდებისა! გაგებით უნდა მოვეკიდოთ ყველაფერს უკეთურს და ეს გზა მიგვიყვანს საოცნებო საქართველომდე!

ისე, ჩვენში დარჩეს და ან რა ხელისუფლების ბრალია, ან რა ჩვენი საქმეა, თუკი ქმარი საკუთარ ცოლს კლავს, თავისას კლავს, შენსას ხომ არა? ჩვენ დავდგეთ და ოჯახის სიმტკიცე ვიზეიმოთ. ამოვუდგეთ გვერდში კიტოვანს და იმის ბიჭებს, ქვეყნისათვის ზრუნავენ, სადარაჯოზე არიან. თუ რამეა, უსუფაშვილის პარლამენტიდან გამოგდებაშიც წავაშველოთ ხელი, ამას ითხოვს კერა! ქეთოი წმინდა კერა! ჩვენი ვალია, გაგებით მოვეკიდოთ იმას რომ ქუჩაში გახშირდა მკვლელობები, დღისით მზისით ესვრიან, ხან ერთმანეთს, ხან ოპონენტს და ხანაც ვის. უნდა გავუგოთ იმას ვინც ისვრის, გაბრაზებულია, ნაწყენია იმაზე ვისაც ესვრის და აბა, რა ქნას, არ ესროლოს?  ჯავრი იმ ქვეყნად გაიყოლოს? ნუ, ახლა დიდი ამბავი, სხვისთვის ნასროლი ტყვია თუ შენ მოგხვდა, აბა როგორ გინდა? ან რომ ჭყვიტინებთ სარკეების მოპარვა ისევ დაიწყესო, როგორ გინდათ? თქვენ მანქანები გყავდეთ და იმათ სარკეც არ ჰქონდეთ? რა მოხდა, დიდი ამბავი, წავა ელიავაზე ჩააბარებს, სახლში ხომ არ დაიდებს? თუ ძაან მოგწონდა შენი სარკე, წადი, კარგად დაძებნე ელიავაზე და თავიდან იყიდე! დიდი ამბავი! აი, რა უნდა ამის გაგებას? ან იმას რა უჭირს, თუკი წყალი წყდება 21-ე საუკუნეში, რა ბოთლები აღარაა 21-ე საუკუნეში? როცა მოდის, აიღე, გაალიპლიპე და დადგი, ამას ხდი სალაპარაკოდ? ან იმას რა უჭირს რომ შუქი ხან რომა და ხან რომ აღარაა. განა თავისუფლად სუნთქვა არ გიღირთ იმათ, რომ ხან ნავთის სუნი ისუნთქოთ? რაც მთავარია, ხან ხომ არის, არაა? მარტო იმას რომ ხედავთ, რომ არაა, ისიც დაინახეთ რომ ხან არის კიდეც. თქვენზე არაა საიდან შეხედავთ? ნახევრად სავსე და ნახევრად ცარიელი ჭიქის ამბავია, თქვენ ნუ მომიკვდებით უშუქობაში და უწყლობაში! სამაგიეროდ, გახსოვდეთ, რომ რამდენმა ადამიანმა იხეირა ამ ხელისუფლების მოსვლით, რა პრემიები აირტყეს, რა სავარძლები. კმარა! კმარა ამდენი წუწუნი, რა მოხდა თუ პარლამენტარებს ახალი მანქანები უნდათ და კიდევ ჯამაგირის გაზრდა. იმათაც ხომ უნდათ თავიანთი ოცნებების ახდენა. ასეა, ბატონო, პარლამენტარიც ადამიანია, მასწავლებლის არ იყოს ისიც დადის ტუალეტსა შინა, მასაც აქვს ოცნებები, ნატვრები. აბა თქვენ რა გაგიხარდებათ, თქვენი ქვეყნის კანონმდებელს ნერწყვი სდიოდეს, იდგეს და სასჯელაღსრულებაში რიგით ჩინოვნიკად მუშაობას ნატრობდეს? ეს გეამოებოდათ? არ შეგილახავდათ თავმოყვარეობას?

ან რა ამბავი ატეხეთ, ვინ მოაწერს ხელს ასოცირების ხელშეკრულებას, პრემიერი თუ პრეზიდენტიო. მერე რა, რომ თქვენ პრეზიდენტი აირჩიეთ პიორდაპირი გზით და არა პრემიერი, მერე რა რომ სახელმწიფოს მეთაური პრეზიდენტია და პრემიერი მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლების! და დიდი ამბავი თუ ამის გამო, საბოლოდ დინგში მოგვდეს და გვითხრეს, არაუფლებამოსილი პირის ხელმოწერააო. რა მოხდა? თავიდან მოვაწეროთ მერე. თუ აღარ მოგვაწერინეს და აგერ ბატონო ევრაზიის კავშირში გვეხვეწებიან. იქ მოვაწეროთ. ასეთი რა გაწყეინათ აზიამ? აა, ევროპა გინდოდათ? ინჩე ასუმ.

დიახ, ბატონო, გაგებით უნდა მოეკიდოთ პრემიერისა და პრეზიდენტის კინკლაობას, აბა, მათ ამ ხელშეკრულებისთვის არაფერი უქნიათ (არც ერთს, არც მეორეს) და ხელმოწერაზე მაინც აღარ იკინკლაონ?

ბიძინამ დაგიბარათ და გაგებით უნდა მოეკიდოთ იმასაც რომ ერთ დღეს მღვდელი გამოგიდგეთ ტაბურეტკით, ან თუნდაც „კუშეტკით“. მართალია, ეს ამბავი თვითონ ბიძინასაც არ მოწონს ხოლმე და აპროტესტებს, მაგრამ მაინც გაგებით უნდა მოეკიდოთ – საერთო სულისკვეთება ითხოვს ამას. გარდა ამისა, რომ არა სწორედ ეგ სამღვდელოება, განა აიხდენდით ოცნებას და მოიშორებდით მიშას? ამიტომ ადექით და მოთმინებითა თქვენითა იყავით ახლა.

ან ზუსტად ისე, როგორც დავით კლდიაშვილთანაა „მოთმინება და იმედი“…. მერე რა, რომ სადაც მაგ მოთმინებასა და იმედზეა საუბარი, იმ პიესას „უბედურება“ ჰქვია…

მოთმინება მაინც სხვა რამეა და გაგებით მოკიდება კიდე სხვა რამ. კარგად გაიგეთ, გაგებით მოკიდება 41-ის შემოხაზვის საზღაურია. გაიგეთ და გაგებით მოეკიდეთ ამ ფაქტს. გინდოდათ ნატვრის ხე და ხელში შეგრჩათ გაგების ხე. მე მესმის თქვენი და თან არ მესმის. არ მესმის თქვენი ვიშვიშის. იმიტომ რომ ეს იმათავითვე ცხადი იყო, მაგრამ ეს თქვენ ატყდებით ხოლმე სამგლე გოჭებივით. ასე ატყდით 90-იან წლებში, დღესაც ჩამესმის ყურში თქვენი კაკაფონია „შევარდნაძე აგვაყვავებს“, მაშინაც კაი ხანს ზვიადისტებს აბრალებდით, კვირტები რომ არ დაგასკდათ და ახლაც ისევ ნაციონალებს აბრალებთ ნირვანაში რომ არ ლივლივებთ. მეტიც, თქვენ ახერხებთ იმასაც რომ იქით ისინი გახადოთ დასაცინი, ვისაც ამ ინფანტილური „აყვავება-გაბრწყინების“ არ ჯერა, აკერებთ მათ სხვადასხვა იარლიყებს, ხან ზვიადისტს, ხან მიშისტს, რაკი თქვენ საყოველთაო აღტკინებას არ იზიარებენ. დღესაც კარგად მახსოვს, როგორ ახდენდა იმდროინდელი პირველი არხი ზვიადისტების მარგინალიზაციას, მივდიდოდნენ მიტინგზე და საგულდაგულოდ მოძებნიდნენ ვინმე ჭკუამხიარულს, ტინგიცს ან ისტერიულ ქალს და ისე აჩვენებდნენ საზოგადოებას, რომ ყველა ასეთი იყო, ვინც რუსთაველზე არ უჩოქებდა თეთრ მელას და არ შეთხოვდა, არ შეღაღადებდა დარჩენას. კარგად გაიხსენეთ ისიც, ამ 2 წლის წინ, თქვენი ისტერიის გადამკიდე რამდენი ადამიანი მალავდა რომ სააკაშვილის ხელისუფლების მომხრე იყო. რატომ მალავდა? არ ჰქონდა თავი თქვენთან შერკინების, თქვენი ისტერიის მოსმესნის. ახლა კარგად იცოდეთ, რომ ეს ადამიანები დგანან და ნიშნის მოგებით ხარხარებენ თქვენზე, ხოდა ახლა კეთილი ინებეთ და გაგებით მოეკიდეთ ამასაც. ამას ითხოვს ბიძინას დარგული ხე გაგებისა!

 

 

„სიგუა“, კიტოვანი და კონჩიტა

kitovani-konchita

რეზო შატაკიშვილი

(დაიბეჭდა გაზეთში “ქრონიკა+”, მეცამეტე გვერდზე). 

მე არ მძულს კონჩიტა, რას ვერჩი, გინდა კონჩიტა ყოფილა, გინდა მწყერჩიტა, გინდა ტოროლა ალიონზე. გამოგიტყდებით და არც ვიცოდი ვინ იყო და ვერც  გავიგებდი, რომ არა ცუკენბერგის ველ-მინდვრებში ატეხილი დიდი გნიასი. დიახ, მე არ მძულს კონჩიტა, მე მძულს თენგიზა კიტოვანი. დიახ, მისი ტრადიციული თავყბა მირევს გულს და არა ეგ თქვენი ყბადაღებული ექსტავაგანტური კონჩიტას სიფათი. მეტსაც გეტყვით, თვითმფრინავი რომ ვარდებოდეს და 1 ცალი ზედმეტი პარაშუტი იყოს და ჩემი გადასაწყვეტი იყოს, რომელს ვარგუნო, კონჩიტას თუ კიტოვანს, რომლის სიცოცხლე ვიხსნა, წამიც არ დავფიქრდებოდი ისე დავტოვებდი კიტოვანს უპარაშუტოდ. მეტსაც გეტყვით, ზედ ზღურბლთან იმასაც ვიზამდი, რაც ჯაბა იოსელიანმა უქნა არძინბას ჟენევაში – ჭიტლაყი რომ ამოარტყა. დიახ, სიამოვნებით გადმოვუშვებდი ბატონ კიტოვანს უპარაშუტოდ  – პანღურით და მოვაძახებდი კიდეც – წართმეული ახალგაზრდობისთვის-თქო. მივაძახებდი ზუსტად ისე, ჟან მარემ რომ მიაძახა მის მიერ დაპანღურებულს – ეს კოქტოს შეურაცხყოფისთვის, ეს საფრანგეთის შეურაცხყოფისთვისო. დიახ, წამწამსაც არ გავატოკებდი ისე დავაპანღურებდი ძმათამკვლელი ომის გაჩაღებისთვის და  ჩემი წართმეული ბავშვობისა და ახალგაზრდობის გამო და კარგა ხანს, ფეხსაც არ დავიბანდი – გმირობის ჩამდენ ფეხს. დიახ, გმირობის, იმიტომ რომ ბავშვობაში პირველი წიგნი, რომელიც მომიტანეს და წამაკითხეს იაკობ გოგებაშვილის „საგანძური“ იყო, იქიდან ვისწავლე სამშობლოს ისტორიაც და მისი სიყვარულიც და  ჩემთვის ერთ-ერთი სამაგალითო ქართველი ის საჩინო ბარათაშვილია, რომელმაც უფსკრულში გადაჩეხა მოღალატე ყორღანაშვილი. დიახ, პარაშუტს გავიმეტებდი კონჩიტასთვის და მაგ თქვენ კიტოვანს – ყინჩად რომ დაიარება რუსთაველზე, უპარაშუტოდ გადმოვაგდებდი. ახლა თუ გინდა წმინდა ინკვიზიციას გადამეცით, თუ გინდა იმ წულუკიანს თვეში 5 ათასი რომ ეცოტავება და თავის მინისტრობასაც რომ გვაყვედრის.

გამეცით პასუხი 21-ე საუკუნის ციციკორეებო, დიახ ციციკორეებო, რა უნდა დაუშავოს ერს რომელიმე ელგებეტემ, გინდაც საწყალმა, ასეთად რომ დაიბადა და ასეთად დაბადებით უბედურია და თავის ტრაგედიას რომ დაათრევს როგორც სიზიფე ლოდს, გინდაც ავყიამ და აგრესიულმა? დიახ, რას დაუშავებენ ისეთს, რაც უკვე დაუშავა კიტოვანმა? ჯიპით რომ გამოგეცხადათ ზეიმზე და კვლავ დაგვიანონსა – უარესს გიზამთო? პარლამენტს ანტიდისკრიმინაციული კანონი არ უნდა მიეღო, ეს პარლამენტი დაიშლება, რაც აქ ხდება მხოლოდ დასაწყისიაო?

“ყველაფერი რაც ხდება ეს არის საქართველო სპარლამენტი სბრალი. ე სდასაწყისია და ამას მოჰყვება დიდი ამბავი პარლამენტი აუცილებლად დაიშლება. აქ სულ ყველა ჩემი ბიჭები არიან, ამას ჩვენ არ დაუშვებთ, უსუპოვმა თუ უსუფაშვილმა გაიგოს რომ ამ კანონის მიღება მისთვის ცუდად დასრულდება” – გამოაცხადა კიტოვანმა.

სად იყო თქვენი ტაბურეტკები მამაოებო და სად იყავით „ჰოი, დედანო მარად ნეტარნო“? იქნებ დაგავიწყდათ, ვის პროვოკაციებს ემსხვერპლა თაობები?  ის ჩახოცილი ბიჭები შვილები თუ არა, ძმები არ იყვნენ თქვენი?

იქნებ დაგავიწყდათ, ვინ დაიწყო თბილისის ომი, სწორედ მანდ, რუსთაველზე სადაც ახლა ჯიპით გამოგეცხადათ?  თავმოყვარე ხელისუფლება არაფრის დიდებით არ დაუშვებდა მის დაბრუნებას საქართველოში, დაბრუნებულს დაიჭერდა მაინც. თავმოყვარე ერი რუსთაველზე გავლას მაინც აუკრძალავდა რუსთაველის გამზირის დამაქცევარს! ფიანდაზები გაგეშალათ ბარეღამ! უი, არ გქონდათ წამოღებული? არც ნოხები? „ნიუჟელი“ ტაბურეტკებზე ძნელი სათრევია? მანდილები მაინც მოგეხსნათ და გაგეშალათ, ეგრე უპატივცემულოდ გაშვება იქნებოდა? თუ უთავშლო ქალი სძაგს უფალსა?

დაგავიწყდათ თუ გაგახსენოთ, როგორ დაიწყო ომი აფხაზეთში? ვინ შევარდა აფხაზეტში, ვინ გაუხსნა ხელფეხი აფხაზ სეპარატისტებს? ან ის გაგახსენოთ, ვინ მისცა ჩამოწერილი ტანკები და იარაღი კიტოვანს? ახლა რომ დგას და იქმურება? გაგახსენოთ რა დაგვიჯდა მაგის მუქარები?

ახლა უსუფაშვილს და პარლამენტს ემუქრება რუსტაველიდან, ორიოდე კვირით ადრე „რეპორტიორში“ იმქურებოდა: „მივმართავ უსუფაშვილს და მის მეუღლეს, რომლებიც ასე მონდომებული არიან  – არ დაუშვათ ამ კანონის მიღება! ის გამოიწვევს უდიდეს ომს,   პირდაპირ ვამბობ  – ეს იქნება ომი –  პარლამენტის  შემოღებული კანონით. კანონპროექტი  ქართველი ერის შეურაცხყოფაა!  კავკასიაში ასეთი რამ არ მომხდარა  და არც მოხდება. ქართველი კაცის შემარცხვენელი კანონის მიღებას –  არ დავუშვებ!  პირველი ჩვენ დავიწყებთ ომს ამ კანონის  საწინააღმდეგოდ, პარლამნეტში შევალთ, ცხვირ-პირს დავუმტვრევთ და ისე გამოვყრით ყველას, არც მომერიდება არაფრის!”.

მორიდებით ნამდვილად არ მოერიდება, არაფრის მოერიდება და არაფერს მოერიდება, არც რუსთაველის ხელახლა გადაბუგვას და არც დაუმთავრებელი მხატვრის სახლის ხელახლა დაქცევას. ეგაა ხან გაუდის მუქარები, ხან არა. გაუვიდა გამსახურდიას შემთხვევაში – დაამხო. გაუვიდა – აფხაზეტში შეჭრა – ომი დაიწყო. გასდიოდა მუქარები მაშინ, როცა რუსეთის დავალებით მოქმედებდა. რუსეთის დავალებით მოქმედება გამსახურდიას დამხობით არ დაუწყია, კარგად გაიხსენეთ ვინ გაიყვანა გვარდია რკონის ხეობაში. ნუგზარ წიკლაური წერდა კიდეც – „თენგიზ კიტოვანს ნამუსი რომ ჰქონდეს, საკუთარი ფეხით უნდა მივიდეს ციხეში, ჩაჯდეს და მთელი ცხოვრება მონანიებაში გაატაროს. მაგრამ ამ კაცს ნამუსი არ გააჩნია ის 1991 წლის აგვისტოში გაყიდა, როცა გვარდია ტყეში გაიყვანა ცხადია, ფულზე გაყიდა და რუსებს მიჰყიდა, ფულზე და ძალაუფლების, თანამდებობის პერსპექტივაზე“.

მუქარით მერე შევარდნაძესაც დაემუქრა – ოფსაიდში დატოვებით. დიახ, შევარდნაძეზე და მოქკავშირზე გაცოფებულმა ბრძანა, „მე მაგათ დედებს ვუტირებ, ყველას ოფსაიდში დავტოვებო“ და აფხაზეთზე ხელმეორედ გალაშქრება სცადა 2 ავტობუსი შეიარაღებული ხალხით და გასკვანჩეს. ასეა, მუქარა აღარ ჭრის, როცა არ შედის დამკვეთის ინტერესებში. რა მოხდება ახლა? შესრულდება თუ არა მისი მუქარა?  ქეთი ხატიაშვილმა კარგად დაწერა, თენგიზ კიტოვანი ის პარაზიტია, რომელიც ყოველთვის მაშინ ჩნდება, როცა პოლიტიკოსები ერთმანეთთან საერთო ენას ვერ პოულობენო.  ისიც დაწერა, 90-იან წლებში პოლიტიკოსები რომ შეთანხმებამდე მისულიყვნენ, კიტოვანი ხელში იარაღს მაინც აიღებდა, იმიტომ რომ ასეთი დავალება ჰქონდა მიღებული რუსეთისგან, მაგრამ ის შექმნიდა მხოლოდ რისკებს და საფრთხეებს, და ვერ გამოიწვევდა ისეთ კატაკლიზმებს, როგორიც პრეზიდენტის დამხობა, სამოქალაქო ომი, ქურდობა და მოროდიორობა იყოო.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თენგიზა ამჯერად ანტიდისკრიმინაციული კანონის ფონზე იმუქრება, მსუყე ნიადაგი – პოლიტიკური ძალების უთანხმოება არ ეჭყანება. ეს კანონი ერთხმად მიიღეს. თენგიზას მხოლოდ რუსული ზურგის ქარი უმაგრებს და ის „ბიჭები“, რომელიც რუსთავლზე გამოვიდნენ. თუ ვინმეს „კიტოვანის ბიჭობა“ ეკონჩიტება, პრეტენზიებით თენგიზას მიმართოს, მან გამოაცხადა „ აქ სულ ყველ აჩემი ბიჭები არიან“-ო. რუსულ ზურგის ქარს რაც შეეხება კიდე, თვით პაატა ზაქარეშვილს აქვს ნაბრძანები, თენგიზ კიტოვანს ბევრი დანაშაული აქვს ჩადენული ქვეყნის წინაშე, ის მოქმედებდა ჯერ რუსეთის დაკვეთით, გარკვეული ძალების ზეგავლენით, ხოლო როცა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება დაემხო – შევარდნაძესთან შეთანხმებითო.

კიტოვანი იყო საქართველოს პრობლემა. ახლა, კიტოვანი კი აღარაა საქართველოს პრობლემა, ის ხალხია, ვინც ნერვაუტოკებლად ისმენს, თუ როგორ ემუქრება პარლამენტს გამორეკით და როგორ გვემუქრება ისევ არეულობით. ვინც მშვიდად ეგებება მას რუსთაველზე – ვინც მტრის ხატებას კონჩიტებში დაეძებს და კიტოვანს მოყვარედ და მეტიც ლამისაა დალაი ლამად იღებს. ეგ გზა ტაძრამდე არ მიგიყვანთ, ბატონებო. არა, ბუკვალურად კი მიხვალთ ტაძრებში, სანთლებსაც დაანთებთ, მაგრამ მე ტრანსპორტირებაზე არ გელაპარაკებით. კიტოვანის გზას სხვაგან მივყავართ, იმ ეპოქაში, როცა სანთლები ენთო ყველას ოჯახში, ღვთისმოსაობის გამო კი არა, იმის გამო რომ შუქი არ იყო. იმ ეპოქაში, როცა ქუჩებში ხალხს ხვრეტდნენ, ძარცვავდნენ, შინ კი ყავის ნაცვლად რკოს და ქერს ვფქვავდით და იმასაც ლამფებზე ვადუღებდით, ეს ის ეპოაქაა, ლამის ხბოები რომ გავაჩენინეთ სოიოს – კატლეტებს სოისოგან, წიწიბურსგან რომ გვიმზადებდნენ, ისიც ეზოებში, კორპუსებშუა დანთებულ ცეცხლზე, იმიტომ რომ ერთი ხანობა ნავთქურის ქონა ისეთივე პრივილეგია იყო, როგორც იმ ჯიპით სეირნობა, ეგ თქვენი დალაი ლამა თენგიზა რომ დაკატაობს ახლა და სხვა კაბიან-წვრეიანები. კონჩიტაზე არ მოგახსენებთ, კარგად იცით ვინც დადის ჯიპებით და იწყევლება. მიშას წყევლა შერჩათ და ახლა აგერ მამა თომას ბიძინა დაუწყევლია – „დღევანდელი ხელისუფლება უკუნითი უკუნისამდე დაწყევლილია! თვითონ გეებია დღევანდელი ხელისუფლება. დაწყევლილი იყოს უკუნითი უკუნისამდე ივანიშვილი!”.

არც „ოცნება“ მეხატება გულზე, არც ივანიშვილი, მაგრამ არც კიტოვანის დამხობილი „ოცნება“ მინდა და არაც ბიძინას წყევლის მოსმენა თომასგან. კიტოვანის კი არა, არავისი დამხობილი არ მინდა, დიახ, არ მინდა დამხობები და თენგიზას ჯიპივით შავი 90-იანი წლების განმეორება, და არც წყევლა და შუასაუკუნეებში ჩაქვესკნელება.

რა ქენით აბა, იზეიმეთ ოჯახის დღე? „სიგუა“ არ გამოაცხეთ?  „სიგუას“ გარეშე რაა ან მამული, ან ოჯახი, ან ქეთოი წმინდა კერა? ვინმეს თუ ჩემი დღევანდელი ცინიზმი ეუხეშება, კარგად გაიხსენოს ის წლები, როცა „იდეალებს“ გამოვეთხოვეთ – საკონდიტრო თვალსაზრისითაც და ღირებულებების თვალსაზრისითაც და „სიგუას“ ამარა დავრჩით. უშუქობისგან, შიმშილისგან განაწამებმა ქართველმა ჯინაზე ისევ ცხრაჯერ მწარედ გაიცინა და ნამცხვრის სახელში გადმოანთხია ბოღმა, მაგრამ „კიტოვანის“ დარქმევას მაინც მოერიდა – საკუთარ ჯანმრთელობას გაუფრთხილდა. დიახ, კიტოვანი საშიშია ჯანმრთელობისთვის.

 

 

 

 

მილიონი ხე ჩვენს ერამდე და გაფუფქული პინგვინი

რეზო შატაკიშვილი

(დაიბეჭდა გაზეთ “ქრონიკა+”-ში, “მეცამეტე გვერდზე”). 

narmaniaaa

ნარმანია გვპირდება – მილიონი ხის დარგვას თბილისში! რას უპირებს კონკურენტ მელიას? იმ უსიერ, დაბურულ ტყეში, რომლადაც თბილისს უპირებს ქცევას, იცხოვროს არა როგორც გვარად მელიამ, არამედ როგორც ნამდვილმა მელიამ? თუ თეთრ მელას უმზადებს მწვანე, შრიალა ნავსაყუდარს? იმ თეთრ მელას, რომელიც წლების წინ, ზუსტად ნარმანიას სტილში დაგვპირდა მილიონ სამუშაო ადგილს? მერე რომ უტიფრად გამოგვიცხადა, ეს პირობა შევასრულეო. დიახ, „შეასრულა“ – კანონის ძალით დასაქმებულად გამოაცხადეს ყველა, ვისაც ნახევარ ჰექტარ მიწაზე მეტი ჰქონდა. უკვე დასაქმებული (ვაი, ამ დასაქმებას!) გამოაცხადა დასაქმებულად. ეს ნარმანიაც ასე აპირებს მილიონი ხის დარგვას? უკვე დარგულებზე იტყვის, ხომ დარგულიაო? თორემ რომც დარგოს, სად უნდა დარგოს ეს მილიონი ხე? როგორც მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსი ამტკიცებს, მილიონი ხე თბილისში ვერც ტექნიკურად და ვერც ფიზიკურად ვერ დაირგვება, ვერ დაირგვება იმიტომ, რომ ხეს ჯანსაღად ზრდისთვის 4-5 კვადრატული მიწა სჭირდება და რა გამოდის, – რაცაა, ისინი უნდა მოჭრას და ახალი დარგოს?

ვინც ამწვანებულ-აღაღანებულ თბილისზე ოცნებობს, ცხადია, იტყვის, ეგ უგულავას ნარჩენიაო და ოცნებას განაგრძობს და უფრო დაუჯერებს სხვისი ხელისუფლების მონარჩენ ნინო ჩხობაძეს, რომელიც ამტკიცებს, რომ მილიონი ხის დარგვა შესაძლებელიაო, მეტიც, თბილისს 2 მილიონი ხეც არ ეყოფაო. თუ ეს ასეა და მიჩნდება კითხვა, მაშინ როცა ქალბატონი ჩხობაძე გარემოს დაცვის მინისტრი ბრძანდებოდა, რატომ არ დარგო ეს 2 მილიონი ხე, გნებავთ, ერთი? ახლა, თუ ოცნებას ატანილი ჰყავახარ, ცხადია, დაუჯერებ ნარმანიასაც, ჩხობაძესაც და ოცნებებში ჰამაკსაც გაჭიმავ ნარმანიას დარგულ 2 ხეს შუა, მაგრამ ეგ თქვენი ნაოცნებარი მწვანე ოაზისი ისეთივე მირაჟია, როგორც აგუგუნებული ქარხნები. და რომც გაშენდეს მილიონი ხე, ჩვენი ადგილი დარჩება ამ ქალაქში? თუ, რა უნდა ნარმანიას, – თბილისის ისტორია უკან შეაბრუნოს იმ წიაღში, საიდანაც იშვა? ისევ ატეხილ ტყედ იქცეს თბილისი, რათა შემდეგ კვლავ ხოხბები გაუშვას, მერმე ინადიროს და ალიევის პარკთან მოკლას ხოხობი, გაფუფქოს გოგირდებში და თავიდან დაგვიარსოს თბილისი? თუმცა თუ მილიონი ხე დაირგო, ვინ იცის, ისე შეიცვალოს კლიმატი, ბიძინას პინგვინებმაც უპრობლემოდ იცხოვრონ და ხოხბების გაშვება აღარც გახდეს საჭირო და ნადირობის სეზონი პინგვინებზე გამოცხადდეს და ახალ თბილისს გაფუფქულმა პინგვინმა დაუდოს დასაბამი?
ოცნებას კაცი არ მოუკლავსო, უთქვამთ ჩვენს წინაპრებს, მაგრამ, მე მგონი, ის ჟამი დგება, როცა ამ გაქვავებულ გამოთქმას დაფშვნის ჟამი უდგება.
ბერნარდ შოუს აქვს სადღაც ნათქვამი, – კაცს ორი უბედურება შეიძლება შეემთხვესო, ერთი როცა ოცნება არ უსრულდება და ერთი როცა უსრულდებაო. რა იცოდა დიდმა შოუმ, რომ ჩვენ ეს ორივე უბედურება ერთად დაგვატყდებოდა თავს?! ელექტორატის დიდ ნაწილს, რომელმაც არჩევნებზე 41 შემოხაზა, ოცნებად ჰქონდა სააკაშვილის თავიდან მოშორება, სააკაშვილს სახავდნენ უბედურებად და აიხდინეს ეს ოცნება – თავიდან მოიშორეს სააკაშვილი. სხვა მხრივ, პირში ჩალაგამოვლებულები დარჩნენ – ასფალტის ჭამა არ უნდოდათ და ნარმანიამ აგერ მწვანილი შესთავაზა – მილიონი ხე საკვებად. არადა, რაზე არ ოცნებობდნენ – დარიგებულ ფულებზე, განულებულ საბანკო ვალებზე, კარგ ცხოვრებაზე… კახი კალაძე კი გამოვიდა და ბრძანა: „წელიწადნახევრის წინ ჩვენ დავიბრუნეთ ქვეყანა, აღვადგინეთ ძალადობა და უსამართლობა“.
სამართლიანობის აღდგენა უნდოდათ და ეს მიიღეს – „აღდგენილი ძალადობა და უსამართლობა“. ვინმე იტყვის, რომ კალაძეს ეს შემთხვევით გამოუვიდა, ისევე როგორც ყბადაღებული ავტოგოლები? მაგრამ ფსიქოლოგიაში ამას სხვა სახელი ჰქვია – წამოცდენა. ეს რომ ასეა და ეს რომ უფრო ალალი განცხადებაა, ვიდრე ივანიშვილის წინასაარჩევნო დაპირებები, ორი რამითაც დასტურდება.
პირველი: როდესაც ამბობდნენ და ახსენებდნენ „სამართლიანობის აღდგენას“, რას გულისხმობდნენ? დავუშვათ, სააკაშვილის დროს იყო ტრიუმფი უსამართლობის, მაგრამ როდის იყო სამართლიანობა? გამოდის, რომ შევარდნაძის დროს. აბა, სხვანაირად თუ არასოდეს ყოფილა, მაშინ კი არ უნდა აღადგინო, უნდა დაამკვიდრო. სამართლიანობის დამკვიდრება არავის უხსენებია, ამბობდნენ აღდგენას. შევარდნაძის დროს იყო სამართლიანობა? როცა შსს-ს სართულებიდან ხალხი ცვიოდა? როცა საჯაროდ, უცერემონიოდ კლავდნენ დათო ვაშაყმაძეს „პესკებზე“? როცა მიტინგები იხვრიტებოდა? როცა მცოდნე გარეთ რჩებოდა და მაყუთა მამის უვიცი ძენი სტუდენტები ხდებოდნენ? როდის იყო სამართლიანობა? შევარდნაძემდე? ზვიად გამსახურდიას დროს? კი მაგრამ, იმ გამსახურდიას დამამხობლები რომ ყინჩად იყვნენ და არიან წარმოდგენილი „ოცნების“ კოალიციაში? ეს როგორ გავიგო? იმ სამართლიანობას თვითონ მოუღეს ბოლო და ახლა ისევ თვითონ უნდა აღედგინათ? თვითონ ცეკვავენ, თვითონ მღერიან და ბილეთებსაც ყიდიან? თუ უფრო მანამდე იყო სამართლიანობა? კომუნისტების დროს? ეს მამაძაღლი, გეთქვათ, თუ საბჭოთა წიაღში გვაბრუნებდით. მე თუ გული გამისკდებოდა, იმათ ხომ მაინც გაახარებდით, ვინც დღე და ღამ იმ საბჭოთა დროს და მოსკოვში 37-მანეთიან ფრენას მისტირის?
ახლა მეორე: კახიმ ძალადობა აღვადგინეთო და ამ დღეებში ილუსტრაციაც დაიდო – დათო კოდუას დღისით, მზისით სცემეს. იმ უსიერ ტყეში კი არა, ნარმანია რომ გვპირდება გაშენებას, აგერ – ვაკეში!
ახლა მითხარით, არის ვინმე ამ ხელისუფლებაში უფრო ალალი, ვიდრე კახი კალაძეა?
ესეც თქვენი ახდენილი ოცნება და აუხედენელი რომელი ერთი ჩამოგითვალოთ? დაგებული ასფალტი ნერვებს გიშლიდათ და ახლა როგორ ხართ, ორმო-ორმო რომ დახტიხართ? თუ ყინვაც მიშამ და გიგა ბოკერიამ გამოიწერეს მათი დაგებული ასფალტის დასახეთქად? საღოლ, გიგას, მარტო დასავლურ პრესას კი არა, თურმე, სტიქიებსაც აკონტროლებს. ზევსი გვყოლია ქართულ პოლიტიკურ ოლიმპოზე და ვერ გაგვიგია! მარტო იმიტომ არ შევიცანით ზევსად, დანჯღრეული, უსიკვდილოდ გამოსაცვლელი მანქანით რომ დაიარებოდა. თამარ ჩერგოლეიშვილი ჰერა ყოფილა და ვერ გაგვიგია.
როგორც ჩანს, ჩვენ ბევრი რამ ვერ გავიგეთ და ახლაღა ვაცნობიერებთ, ანდა ვერც ვაცნობიერებთ როგორ დაგვატყდა თავს უბედურება წყვილად – ოცნებების ახდენით და არახდენით. სამღვდელოებასაც ეგონა, რომ უკუეთუ კურთხევას გასცემდნენ 41-ის შემოხაზვაზე და მიშას ანათემას გადასცემდნენ, დასწყევლიდნენ, მიშას და მის ხროვას უსურვებდნენ მზის დაბნელებას, მიწის ნაყოფის შხამად შერგებას, წყლის გამწარებას და მარილის განქარებას, მოვიდოდა მათგან კურთხეული “ოცნება” და მათ დაკრულზე იცეკვებდა მზის დაუბნელებლად. რა იცოდნენ, მუქარა თუ მოუწევდათ ლოცვაში არმოხსენიებით? რა იცოდნენ, რომ ამის გამო მაინც მიიღებდნენ ანტიდისკრიმინაციულ კანონს? ისე, რაღა დაგიმალოთ და მათი წყევლა თუ უშველის საქმეს და ამ ხელისუფლებას მყარად დააყენებს პროგრესის ლიანდაგებზე.
თუმცა ისიც ფაქტია, რომ ეკლესიის ზოგიერთ წარმომადგენელს ლოცვაზე და წყევლაზე უკეთ თვალებში ნაცრის შეყრა უფრო ეხერხება. „17 მაისის აქციის დროს არც ერთი „ელგებეტე“ ადამიანის ფიზიკური შეურაცხყოფა იქ არ მომხდარა, და ხდება მუდმივი აპელირება ამ 17 მაისთან დაკავშირებით“, – სიტყვასიტყვით ასე განაცხადა მამა დავითმა „რუსთავი 2“-ის ეთერში ნინო შუბლაძესთან. რა ჰქვია ამას, თუ არა უტიფრობა და თვალებში ნაცრის შეყრა? ვის თვლიან სკლეროტიკებად? მათ ჰგონიათ, რომ ვინმეს (და ეს ვინმე მთელი საზოგადოებაა) წყევლას შეუთვლიან და ეს წყევლა მასობრივ სკლეროზს გამოიწვევს? უცებ დაგვავიწყდება, რა ამბები დაატრიალეს „ტაბურეტკებით“ ერთი წლის წინათ? და ახლა რას აპირებენ? რაკიღა „ელგებეტეები“ არ ატარებენ აქციას, თვითონ ატარებენ! ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს აწყობენ სუპერჰომოფობიურ აქციას და მერე კიდე ამტკიცებენ, – აქ არავის უფლებები არ ილახებაო. თურმე, ნუ იტყვით და ფოტომასალა უნდა გამოფინონ ჰომოსექსუალიზმის, ფემინიზმის, ათეიზმისა და ტრანსსექსუალური ურთიერთობების ამსახველი. ეს ფოტოგამოფენა ვის რად უნდა? ვინმე დაობს, რომ ეს ყველაფერი ბუნებაში, თუნდაც, ქართულ სინამდვილეში არ არსებობს, თუ რა უნდა თქვან ამ ფოტომასალით?
მოკლედ, ისეთ რეჟიმში გადავდივართ, „ოცნებაც“ კი საოცნებო გაგვიხდება, თუ ჭკუით არ ვიქნებით. ჯანი გავარდეს, მიუშვით ნარმანია ბუხართან, დარგოს მილიონი ხე! იმედია, ბიძინა მილიარდებს თუ არა, 1 ცალ პინგვინს მაინც გაიმეტებს ახალი თბილისის დასაარსებლად!

 

 

თავწაგლეჯილი კატა და გაშვებული შანსები

1780654_726792067339425_2110701328_n

დაიბეჭდა გაზეთ “ქრონიკა+”-ში, საავტორო რუბრიკაში “მეცამეტე გვერდი”. 

 ბიძინამ დაიგვიანა

ბიძინას რიტორიკის თანახმად, ყველაფერი ანეკდოტიდან იწყება. მეც ანეკდოტით დავიწყებ: ქვრივი გათხოვდა. არ ეშინოდა მეორე ქმრის. არადა, ამ მეორე ქმარმა იცოდა, რომ ცოლს მაგრად ეშინოდა თავისი პირველი ქმრის და ერთხელაც იკითხა, –  რატომო? და მოუყვა ცოლიც: პირველ ღამეს აივანზე კატა კნაოდა, ტვინი წაიღო, ჩემი ქმარი წამოხტა, თავი წააგლიჯა, გადააგდო და იმის მერე შიში და რიდი მქონდა მისიო. ეს მეორე ქმარიც წამოხტა და წააგლიჯა თავი კატას, რომელიც თავისთვის იყო – არცა კნაოდა. ქმარი გაიჯგიმა და შეხედა ცოლს. ცოლმან მიუგო, – რას ერჩოდი მაგ საწყალ კატას? დაგაგვიანდა, ეგ პირველ ღამეს უნდა გექნაო.

ასევეა პოლიტიკაშიც. ყველაფერს თავისი დრო აქვს. არის რაღაც, რომლის გაკეთებას მერე აზრიც აღარ აქვს და მეტიც – რასაც შემდეგ აღარავინ დაგაცლის, აღარავინ დაგანებებს, რომ გააკეთო.

როდესაც ხელისუფლებაში მოდიხარ მაღალი მხარდაჭერით, როდესაც მაღალია ლეგიტიმაციის ხარისხი, ბევრი რამ გეპატიება, ბევრ რამეზე წამოგყვება ხალხი, ბევრ რამეზე დაგიხუჭავს თვალს, მერე კი, როცა ვნებები ჩაცხრება, მხარდაჭერის ხარისხი დაიწევს, იგივეს ვეღარანაირად გააკეთებ. მაგალითად, 2004 წელს, მაქსიმუმ, 2005 წელს, სააკაშვილს შეეძლო მიეხედა ეკლესიისთვის, მოეწყო ახალი „რუის-ურბნისი“, მაგრამ იგივეს ვერანაირად ვეღარ გააკეთებდა მომდევნო წლებში. არ მოაწყო ახალი „რუის-ურბნისი“, ელოლიავა საპატრიარქოს და რა მიიღო შედეგად? მაღალმა სასულიერო იერარქიამ დიიიდი ოქტომბრის არჩევნებზე კურთხევა 41-ის შემოხაზვაზე გასცა, მერმე კი მამა ბართლომემ წყევლა-კრულვა არ დაამადლა მიხეილს. თუმცა ეკლესიის მესვეურები წყევლას და კრულვას არც არჩევნებამდე აკლებდნენ სააკაშვილს. მოკლედ, მიხეილმა ნამდვილად გაუშვა ისტორიული შანსი ხელიდან. მან არა მარტო ეს შანსი გაუშვა ხელიდან, თუმცა ობიექტურად უნდა ითქვას ისიც, რომ მან სწორუპოვრად გამოიყენა არაერთი შანსი ქვეყნის სასიკეთოდაც და თავისი ხელისუფლების გასაძლიერებლადაც თავის დროზე. საერთოდ, მას აქვს ნიჭი – სასხვისო სიტუაცია ხელად სათავისოდ გადატალღოს – შემოაბრუნოს. მეტიც, შეიძლება ოპონენტმა პროცესი მის წინააღმდეგ ააგოროს, მან კი ეს აგორებული ისე დააბზრიალოს, რომ სარგებელი თვითონ ნახოს და ის ოპონენტი პირღია დატოვოს. ამაზე ქვემოთ. ახლა იმაზედ, საერთოდ, ვინ როგორ და რისთვის გამოიყენა მაღალი მხარდაჭერა?

გამსახურდია_6511

 

ზვიად გამსახურდიას ყველაზე მაღალი მხარდაჭერა ჰქონდა. ასეთი მხარდაჭერა არც ერთს არ მოელანდებოდა, ერთი მიხეილი თუ მივა იმ მხარდაჭერით, `ვარდების რევოლუციის~ შემდგომ ტალღაზე რომ ჰქონდა. თავად განსაჯეთ – 1991 წელს საპრეზიდენტო არჩევნებზე მივიდა 2 978 247 ამომრჩეველი და აქედან 2 565 362 კაცმა ზვიად გამსახურდიას მისცა ხმა. 1995 წელს 2 139 369 კაცი მივიდა და აქედან 1 589 909 კაცმა მისცა ხმა შევარდნაძეს, 2000 წელს – 2 343 176 მივიდა და 1 870 311-მა მისცა ხმა შევარდნაძეს. 2004 წელს არჩევნებზე 1 963 556 კაცი მივიდა და 1 890 256 კაცმა მისცა ხმა სააკაშვილს, ეს მხარდაჭერა საგრძნობლად დავარდა 2008 წელს, არჩევნებზე 1 982 318 კაცი მივიდა და მხოლოდ 1 059 647 კაცმაღა მისცა ხმა სააკაშვილს. და რა მოხდა მარგველაშვილის არჩევნებზე? არჩევნებზე მივიდა 1661 037 კაცი, ანუ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 46,95%! მისულებიდან კი მარგველაშვილს ხმა მისცა 1 012 597 კაცმა. რა გამოდის? ყველაზე დაბალი მხარდაჭერით მარგველაშვილი გამხდარა პრეზიდენტი. ფაქტია, ყველაზე ნაკლები ხმა მას აქვს მიღებული.

მოკლედ, ყველაზე მაღალი მხარდაჭერა ზვიად გამსახურდიას ჰქონდა და ეს ციფრებშიც გამოჩნდა. თუმცა მას ეს მხარდაჭერა ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნებამდეც ჰქონდა – საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, სადაც მრგვალები უმრავლესობაში მოვიდნენ, ზვიად გამსახურდიამ შეძლო უმთავრესი – გამოაცხადა ქვეყნის დამოუკიდებლობა. რა შანსი გაუშვა მან ხელიდან? არ გაანეიტრალა ოპონენტები დროულად. უფრო სწორად, ხერხემალში არ გადატეხა დანარჩენი ძალები, მაშინ რომ თავს ეროვნულობაზე დებდნენ და როგორც ისტორიამ ცხადყო, შესანიშნავად „იტანცავეს“ კრემლის ფერხულში. მას ამისთვის რამდენიმე გზა ჰქონდა: ერთი – ლუსტრაცია, რითაც ერთხელ და სამუდამოდ გაირკვეოდა ყველაფერი. ვეღარც მას ვერ მოუღებდნენ ასე იოლად ბოლოს, ვეღარ შედგებოდა ნომენკლატურული შურისძიების აქტი. თუმცა ეგეც საკითხავია, ზეპირად ნათქვამ „კრემლის აგენტსა“ და „წითელ ინტელიგენციას“ რა მოჰყვა და ლუსტრაციას რაღა მოჰყვებოდა? მეორე გზა იყო, – ხრიკებით, ინტრიგებით, პოლიტტექნოლოგიებით უნდა გაენიორწყლებინა კონკურენტები, როგორც ბებერი კომუნისტები, ისე ჯეელი „ეროვნულები“, მაგრამ ამისთვის მას არც გამოცდილება ჰქონდა და მორალურადაც მიუღებელი იყო მისთვის ეს გზა.

ერთი შეხედვით, პარადოქსული რამ მოხდა – ზვიად გამსახურდიას იმხელა მხარდაჭერა ჰქონდა და ერთი მიტინგის დაშლა არ ეპატია. არადა, გავიდა ხანი და შევარდნაძეს ეპატია არათუ მიტინგის დაშლა – დახვრეტილი მიტინგები! მაშინ, როცა შევარდნაძე ვერც იოცნებებდა ზვიადისნაირ მხარდაჭერა-ლეგიტიმაციაზე. ზვიადს არ აცალეს რამდენიმე თვე და მორჩილებით 10 წელზე მეტ ხანს ელოდნენ, როდის ააყვავებდა შევარდნაძე. არათუ ელოდნენ – საზოგადოების რაღაც ნაწილმა დაუჩოქა კიდეც შუა რუსთაველზე… მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ ერთი შეხედვითაა პარადოქსული. კარგად შეხედვით კი ყველაფერი ცხადზე ცხადია – მას შემდეგ, რაც გამსახურდიამ უარი თქვა ბაქო-ჯეიჰანზე და ავტომატურად ამოვარდა დასავლეთის ინტერესიდან, ის პირისპირ აღმოჩნდა რუსეთთან. დასავლეთმა უგანა და რუსეთმაც არ დაახანა, გაბოროტებულ პარტიულ ელიტაზე, საკუთარ აგენტურაზე დაყრდნობით აუმხედრა საზოგადოება და მოუწყო გადატრიალება. ამ პროცესში სარფიანად გამოიყენეს სხვა ეროვნული ძალები – გაბოროტებულნი იმით, რომ ხელისუფლებაში ზვიადი აღმოჩნდა და არა ისინი, ასევე თავად გამსახურდიას თანამებრძოლები, რომლებმაც წვრილ-წვრილ პირად წყენებს ქვეყანა გადააყოლეს. იქნებ, სჯობდა, ზვიად გამსახურდია წასულიყო ვა ბანკზე, განეხორციელებინა ლუსტრაცია? ამაზე უარესი რაღა მოხდებოდა? გვეცოდინებოდა მაინც, ვინ ვინ იყო! არა, ცოდნით ბარემ ახლაც კარგად ვიცით ბევრზე, ვინ ვინაა, მაგრამ იხტიბარს არავინ იტეხს და კუდს ყავარზე ათამაშებენ.

post-29-1327440657

 

აი, შევარდნაძესთან ყველაფერი პირუკუ მოხდა. ჰქონდა ფრიად საეჭვო ლეგიტიმაცია და გასდიოდა ყველაფერი – დახვრეტილი მიტინგების ჩათვლით. იგი ხელისუფლების დამხობის გზით მოვიდა ხელისუფლებაში, შემდეგ ჩატარებული არჩევნები ფრიად საეჭვო იყო და იმ არჩევნებშიც არ მიუღია გასაგიჟებელი შედეგები, მაგრამ რაღა არ ეპატია? აფხაზეთის დაკარგვაც, სამაჩაბლოს დაკარგვაც, ინფლაციაც, უპენსიობაც, უხელფასობაც, უდენობაც, უგაზობაც, უპერსპექტივობაც, თაობების დასახიჩრებაც, შიმშილიც, უფრო სწორად, როგორც ქართლში იტყვიან „ტყ… და შიმშილი“… არ ვიცი, ძალიან მაინტერესებს, ამდენი მურვან ყრუმ გაუკეთა ამ ქვეყანას? მაგრამ მას პატიობდნენ, უფრო სწორად, მას გასდიოდა. რადგან მის გვერდით იდგა წითელი ინტელიგენცია, აგენტურა, რადგან არ აკლდა „გამპრავებლები“. ასე მაგალითად, გამოვიდოდნენ და გეტყოდნენ, რომ არ უნდა იარო მიტინგებზე და არ დაგხვრეტენ! იგივე ხალხი მერე ძაღლის ყბას გამოიბამს და დაამუნათებს სააკაშვილს წყლით დაშლილ მიტინგებზე. შევარდნაძეს ეყოლება ქონიანი და „წონიანი“ ჟურნალისტები, რომლებიც „გაუპრავებენ“ ყველაფერს, მერე კი იგივე ჟურნალისტი ქალბატონები დედოზარებს დაარისხებენ ციხის კადრებზე. კი, საშინელება იყო, რაც მოხდა, ცემაც და წამებაც, მაგრამ მაშინ სად იყვნენ, შსს-ს მაღალი სართულებიდან რომ ბატი-ბუტივით ცვიოდა ხალხი? სად იყვნენ და კრწანისში – ჩაის ცეცხლავდნენ!

მოკლედ, შევარდნაძის შემთხვევაში ნამდვილად ვერ ვისაუბრებთ, რომ მან რამე შანსი გაუშვა ხელიდან. რამე გაუშვა კი არა, შანსი არ გამაზა. ყველაფერი გამოიყენა, ოღონდ საკუთარი ძალაუფლებისა და დღეგრძელობისთვის და არა ქვეყნის საკეთილდღეოდ.

Mikhail Saakashvili

 

რევოლუციურ ტალღაზე მოსულ სააკაშვილს იმხელა მხარდაჭერა ჰქონდა, წესით, კიდევ ბევრი რამ უნდა განეხორციელებინა, როგორც ქვეყნის, ისე საკუთარი ძალაუფლების საკეთილდღეოდ. მაგრამ მანაც თავი აარიდა კონფრონტაციას და არ მიმართა ლუსტრაციას. რატომ? იმიტომ, რომ არქივები გატანილი იყო და აგენტები და მათი შთამომავლები არათანაბარ, უსამართლო მდგომარეობაში აღმოჩნდებოდნენ? – ზოგს „გაუბაზრდებოდა“, ზოგს „ნამუსი“ შეენახებოდა (თუმცა ვიწრო წრის გარდა, არც არავინ იცის, რა გაიტანეს, რა დარჩა, რა დახვდათ…)? თუ იმიტომ, რომ თავად რევოლუციონერთა შორისაც იყვნენ ისეთები, რომლებსაც საბოლოოდ დაასამარებდა ლუსტრაცია? ალბათ, ეს მეორე. იქნებ, იფიქრა კიდეც სააკაშვილმა, რომ შემდეგ განახორციელებდა ამას, მაგრამ გადადებული საქმე ვისიცაა, კი იცით. ფაქტია, არც მის დაქცევაში შეიტანეს ნაკლები წვლილი მათ, ვისაც დედას მოუხნავდა ლუსტრაცია. სააკაშვილმა გაუშვა ეს შანსი ხელიდან. რომ არ გაეშვა, მერე ნამდვილად აღარ დასჭირდებოდა ჩარეცხილების ძახილი – ჩარეცხვის პროცედურა ძახილის გარეშე იქნებოდა აღსრულებული და ვეღარც ისინი დაატრიალებდნენ ენებს კაშნეებივით.

სააკაშვილმა არ მოაწყო ახალი „რუის-ურბნისი“ და აქაც ზღო. ზღო მანაც და ქვეყანამაც. თუმცა თუკი ლუსტრაციას განახორციელებდა, ეგ „რუის-ურბნისი“ აღარც დასჭირდებოდა… თუმცა ვერ ვიტყვით, რომ მიშამ ურიგოდ გამოიყენა მაღალი მხარდაჭერა და ლეგიტიმაცია. სწორედ ამის ხარჯზე მოახერხა მან უმწვავესი რეფორმების გატარება პოლიციაში, განათლებაში. რომ არა ეს მხარდაჭერა, რევოლუციური ტალღა, მას მართლაც გაუჭირდებოდა ერთი ხელის მოსმით პოლიციის გამოცვლა და პატრულის ჩამოყალიბება. ვერც საგამოცდო კორუფციას მოუღებდა ასე იოლად ბოლოს, მაგრამ მან ეს შეძლო, თუმცა, სამწუხაროდ, განათლების რეფორმა წარმატებულ გამოცდებზე გაიყინა და ვეღარ მოხერხდა რეფორმის ბოლომდე მიყვანა. იქნებ, იმიტომ, რომ უკვე გაიარა რევოლუციურმა ტალღამ? არც უამისობაა. იმიტომ, რომ თითქმის იგივე მოხდა „გარაჟების“ შემთხვევაზე. „გარაჟებს“ რომ 2004 წელს მისდგომოდნენ, დღეს თბილისში არც ერთი დამამახინჯებელი და, რაც მთავარია, უკანონო – შანსპეპლობით დათრეული „გარაჟი“ აღარ იდგებოდა, მაგრამ დააგვიანდათ, დაიწყეს და იძულებული გახდნენ, შეშვებოდნენ, რადგან აღმოჩნდა, რომ „ნაციონალების“ რეიტინგის დაგდებაში ლომის წილი „გარაჟების“ ნგრევას მიუძღოდა. ასეთია „გრუზინი“ – გაპატიებს აფხაზეთის წართმევას და არ გაპატიებს „გარაჟის“ წართმევას, მერე რა, რომ შავბნელ 90-იანებში დაითრია მამაძაღლობით და მერე რა, რომ მანქანაც აღარ ჰყავს, კამპოტი სად შეინახოს, სიმონ?

რევოლუციურ ტალღაზე განხორციელდა ბევრი დაჭერა, ბევრს დააყრევინეს ფული. პროცედურულად რა როგორ ხდებოდა, ვის კამერების თანხლებით არბენინებდნენ, ვის ისე, ეს ცალკე თემაა, მაგრამ ფაქტია, რომ მაშინ ფულებს აბრუნებდნენ – თან არცთუ ცოტას… რომ არ ჰქონოდათ, ვერც დააბრუნებდნენ და იმდენს აბრუნებდნენ, რომ თანხა ცხადყოფდა მათი დაჭერის საფუძვლიანობას – საიდან ჰქონდათ ამდენი, თუ არ მამაძაღლობდნენ?

როდესაც მხარდაჭერაზე ვსაუბრობთ, ერთია ხალხის მხარდაჭერა და მეორეა – დასავლეთის, საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა. შევარდნაძეს, თავის დროზე, რუსეთთან ერთად დასავლეთიც უჭერდა მხარს, იმდენად რომ დასავლელი ლიდერები მასთან ერთად ქუჩაში მიდიოდნენ, მაშინ როცა იქვე მიტინგი ირბეოდა, იხვრიტებოდა და ვერ „ხედავდნენ“… სააკაშვილის შემთხვევაში ორივე სახეზე იყო და ეს აძლევდა მას მანევრირების საშუალებას.

4E7098B8-266C-4882-8CC5-AE0E4E657E57_mw1024_n_s

 

რა ხდება დღეს? უფრო სწორად, რა ხდებოდა დიდი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ და რა ხდება დღეს? იმიტომ, რომ სიტუაცია მაშინ და ახლა უკვე რადიკალურად სხვადასხვაა. შანსი უკვე გაშვებულია… ანუ კატის დახრჩობა უკვე დაგვიანებულია.

ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა დიდი მხარდაჭერა საზოგადოებაში, იმდენად, რომ ერთი წლის თავზეც კი ეს მხარდაჭერა „გენეტიკურად“ გადავიდა მის ხელდასხმულ მარგველაშვილზე – ანუ ბიძინას ხათრით აირჩიეს მარგველაშვილი. ასეთი რამ ქართულ პოლიტიკურ რეალობას არ ახსოვს. დაბალ რგოლებზე როგორ არა, რამდენიც გინდათ, იმდენი აურჩევიათ, გნებავთ, შევარდნაძის ხათრით, გნებავთ, – სააკაშვილის, მაგრამ საქართველოს პირველ კაცებზე ნამდვილად ვერ იტყოდით, რომ კაცის კაცი იყო. შევარდნაძე კრემლის კაცი იყო, მიშა – დასავლეთის, მაგრამ კაცის კაცი არც ერთი იყო, არც – მეორე. მარგველაშვილი ბიძინას კაცი იყო და არის. დავუბრუნდეთ ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერის ხარისხს. მას ჰქონდა ხალხის მხარდაჭერა, არ ჰქონდა დასავლეთის მხარდაჭერა და ეს გამოჩნდა კიდეც თვალნათლივ. დასავლეთი მისი ძალოვნების მიერ განხორციელებულ პოლიტიკურ დაჭერებს კრიტიკის ქარცეცხლში ატარებდა და ატარებს. ისინი მაინც ჯიუტად ატარებენ იმ პოლიტიკას, რაც უნდათ, ისევ შიდამხარდაჭერის ხარჯზე. უფრო სწორედ იმაზე, რომ მათ ელექტორატს „სწყურია“ ნაცების სისხლი, მაგრამ ეს შიდა მხარდაჭერაც იოლად დნობად-ლღობადია. ეს მხარდაჭერა ეფუძნებოდა ამომრჩევლის ინფანტილურ ფინანსურ ოცნებებს, რომელიც, ცხადია, არ სრულდება და ელექტორატის დიდი ნაწილი მხარდაჭერიდან „რაზაჩეროვანიის“ სექტორში გადადის.

`ოცნებამ~ ბევრი შანსი გაუშვა ხელიდან – სათავისოდაც და ქვეყნის საკეთილდღეოდაც.

სათავისოდ ის, რომ მათ ვერ მოახერხეს „ნაციონალების“ განეიტრალება, მაგრამ მათაც უნდა გავუგოთ და მათ ინფანტილურ ბუნებასაც. მათ ეგონათ, რომ „ნაციონალები“ თავისით გადაშენდებოდნენ, როგორც გადაშენდა „მოქკავშირი“. მათ დაავიწყდათ, რომ საქმე ჰქონდათ არა ბარიერს მიღმა დარჩენილ „მოქკავშირთან“, არამედ პარტიასთან, რომელმაც იმ კოშმარ სიტუაციაში მაინც აიღო 40%-ზე მეტი. მათ დაავიწყდათ ისიც, რომ ამ პარტიას ჰყავდა სააკაშვილი, რომელსაც ჰქონდა და დღესაც აქვს მხარდაჭერა ქვეყნის გარეთ და ამის აღმოსაჩენად არ უნდა დასჭირვებოდათ წელიწადნახევარი. მხოლოდ წელიწადნახევრის შემდეგ მიხვდნენ. მიხვდნენ რა, ლევან ბერძენიშვილმა თქვა, რომ სააკაშვილს უფრო დიდი რეიტინგი აქვს დასავლეთში, ვიდრე ქვეყანას.

მათ ჰქონდათ შანსი, მოეპოვებინათ დასავლეთის მხარდაჭერა, უარი ეთქვათ „სამართლიანობის აღდგენაზე“, პოლიტიკურ დაჭერებზე, ნანა კაკაბაძის გულის გახარებაზე, თვითონაც სწორ გზაზე დამდგარიყვნენ და ქვეყანაც სწორი გზით წაეყვანათ. მაინც რა, – დაუბნრუნეს ვინმეს რამე? ან დაუმტკიცეს ვინმეს რამე? ცხადია, მხარდაჭერას დაკარგავდნენ დასავლური კურსის განმტკიცებით, ამ ყველაფერზე უარის თქმით, მაგრამ ქვეყანასაც წაადგებოდა და თვითონ მათაც. მხარდაჭერას რაც შეეხება, მაინც დაკარგეს და, ბარემ, სასიკეთოდ დაეკარგათ?

„ნაციონალების“ განეიტრალებასაც ამ გზით მოახერხებდნენ უმტკივნეულოდ, თუ „ნაციონალების“ ელექტორატი დაინახავდა, რომ ესენიც არიან პროდასავლელები, ესენიც ნულოვან ტოლერანტობას მისდევენ, ორიენტირებულნი არიან ქვეყნის შენებაზე, ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და ა. შ. ამომრჩევლის დიდი ნაწილი, როგორ ფიქრობთ, რას იზამდა?

მოკლედ, მათ გაუშვეს შანსი, მოეგოთ დასავლეთის გული, მოეგოთ `ნაციონალების~ ელექტორატის გული. მერე რა, რომ ამ პროცესში თავისი რადიკალური ელექტორატის განაწყენებას გამოიწვევდნენ? ისინი მაინც განაწყენებულნი არიან. კვლავაც სისხლი სწყურიათ და დაჭერილი ვანო და ბაჩო არ ჰყოფნით. რაც მთავარია, „ოცნებამ“ გაუშვა შანსი იმისა, რომ დარჩენილიყვნენ ასოცირებული მატერიალურ კეთილდღეობასთან. შეჰპირდნენ კაი ცხოვრებას და მიიღეს ნიფხავივით გარღვეული ბიუჯეტი, „ჭამე, ნოდარი“ მინისტრი და 2-ლარიანი კარტოფილი.

და საერთოდ, რა ქნეს ამათ? რაში გამოიყენეს მხარდაჭერა? მხარდაჭერა გამოიყენეს საიმისოდ, რომ ქუჩაში 17 ათასი პატიმარი გამოუშვეს, ელექტორატი, თავისიც და მიშასიც – აიძულეს, გაგებით მოკიდებოდნენ. შედეგი? ნანას გაუხარდა, კაკაბაძეს… თორემ რაღაც არ მგონია, ირაკლი ღარიბაშვილს გახარებოდა ეგ ამბავი.

მოკლედ, შანსები ხელიდან გაშვებულია. კატის დახრჩობა უკვე გვიანია.

მოკლედ: აწი, ტყუილა ნუ აწვალებთ კატებს…

P. S. მიხეილ ჯავახიშვილს აქვს ერთი შესანიშნავი მოთხრობა, „ყბაჩამ დაიგვიანა“. არ ვიცი, ყბაჩა რამ გამახსენა, მაგრამ ბიძინამ ნამდვილად დაიგვიანა…

ქართული „ფორბსი“, ხინკალი, „სულელი უცხოელი“ და გურამ დოჩანაშვილი

დაიბეჭდა გაზეთ “ქრონიკა+”-ში, ჩემ საავტორო რუბრიკაში – “მეცამეტე გვერდი”. 

khinkals

„მაკდონალდსმა“ აფხაზეთი ცნო – ქვეყნების ჩამონათვალში აქვს. წესით, ამას დიდი საპროტესტო აქციები უნდა მოჰყოლოდა თბილისურ „მაკდონალდსებთან“. აქციები თუ არა, კარების აჭედვები თუ არა, საზოგადოების რაღაც ნაწილს მაინც უნდა გამოეცხადებინა, რომ პროტესტის ნიშნად აღარ შევა და აღარ გაამდიდრებს „მაკდონალდს“… მაგრამ ეს ხომ ის ქვეყანაა, საიდანაც სოჭის ოლიმპიადაზე უკანმოუხედავად გარბიან?

მოკლედ, ჩვენ უარს არ ვამბობთ ვჭამოთ „მაკდონალდსი“, სამაგიეროდ, აი, გამოხტა ვიღაც უცხოელი და მოგვახალა, – ხინკალს აღარ შევჭამო! დიახ, ქართულმა „ფორბსმა“ უცხოელი ჟურალისტის – უილიამ დანბარის სტატია გამოაქვეყნა სათაურით: „რატომ აღარ შევჭამ ხინკალს აღარასოდეს?- ქართული კერძების სავალალო მდგომარეობა“.

ვიდრე საფუძვლიან პასუხს გავცემ ამ ბატონ თუ ვაჟბატონ ჟურნალისტს, მინდა, ერთი რამ ვუთხრა, –  ხინკალს ნაოჭები ნამდვილად არ გაუსწორდება, თუ იგი არ მიირთმევს.

ვინაა ეს უილიამ დანბარი? ამ სტატიიდანვე ეტყობა, რომ მას, ნიჭის თვალსაზრისით, არაფერი აკავშირებს გენიალურ შოტლანდიელ პოეტ უილიამ დანბართან (1460-1520 წწ.). დიახ, მას უყვარს თავისი სტატიების ასე დაწყება: „ვშიშობ, ცუდი ამბავი მაქვს. არ ინერვიულოთ, ტრაგიკული არაფერია, თუმცა იმედი, შეიძლება, გაგიცრუვდეთ“. მინდა, სწორედ ამ სიტყვებით მივმართო მას და ვუთხრა, რომ მეც ცუდი ამბავი მაქვს მისთვის, მეც ვურჩევ, არ ინერვიულოს, ტრაგიკული არაფერია ამაში, მაგრამ იმედი შეიძლება გაუცრუვდეს, – თქვენ წერა არ იცით. სამწუხაროდ… თქვენ, რა თქმა უნდა, არ დამეთანხმებით, შეიცხადებთ კიდეც –  შეიცხადებთ, აბა, რა იქნება? აგერ ქართული „ფორბსი“ ბეჭდავს თქვენს ნაწერებს, როგორც გავარკვიე, „ტაბულაც“ გბეჭდავთ „სულელი უცხოელის“ ფსევდონიმით, მანამდე რუსულ ტელაერხსაც წარმოადგენდით(!) საქართველოში, მაგრამ წერა მაინც არ იცით და მხოლოდ ის ფაქტი, რომ საქართველოში ასე წარმატებით იბეჭდებით, არაფერს ნიშნავს – აქ ათას სისულელეს ბეჭდავენ. დიახ, აქ, ქართულ „ფორბსში“ და ქართულ ჟურნალ-გაზეთებში თუ დაბეჭდავენ თქვენს პასკვილებს, თორემ თქვენც კარგად იცით, რომ წამყვანი დასავლური გაზეთები ამ თქვენს ბოღმით სავსე ნაკვესებზე ადგილს არ მოაცდენენ.

თქვენ არც წერა გეხერხებათ და არც იმას ცდილობთ, რომ თქვენი მოსაზრებები რამით დაასაბუთოთ. თქვენ, უბრალოდ, ცამოწმენდილზე აბრახუნებთ – რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ და ამ ყველაფერს თქვენს ზედაპირულ ანალიზში ხვევთ, თქვენი წარმოდგენები არაფრით განსხვავდება ამ ქვეყანაში 2 დღით ჩამოსული ტურისტის სტერეოტიპული წარმოდგენებისგან.

ხინკალზე სულ ტყუილად ხართ გაბრაზებული. ხინკალი ვერ გიშველიდათ და ვერც ახლა გიშველით, ყოველდღე რომც ჭამოთ. იცით, რატომ? არ ვიცი, თქვენს ყურამდე მოაღწია თუ არა ამ ამბავმა, მაგრამ ჩვენ, სტუმართმოყვარე ქართველებს, ლამაზი მთებისა და კარგი საჭმელების გარდა, ლიტერატურაც გვაქვს, ასე, მინიმუმ, 16-საუკუნოვანი. კი ვიცი, თქვენ ფრიად ნერვებს გიშლით, როდესაც ჩვენ საუკუნეებზე ვაპელირებთ, მაგრამ რას ვიზამთ – გვყავდა და დღესაც გვყავს მწერლები, არცთუ ურიგო, ჰოდა სწორედ ერთმა ასეთმა არცთუ ურიგო მწერალმა, გურამ დოჩანაშვილმა, აღმოაჩინა კანონი – დეტალურად აღწერა, როგორ გშია, როგორ მიდიხარ სახინკლეში, როგორ მიირთმევ ხინკალს, როგორ ძღები და უკვე დამძიმებული, მოფომფლოვებული, მთვლემარე როგორ იგრძნობ „რომ ისევ ის ბითური ხარ, რაც მანამდე, ხინკლის ჭამამდე იყავი“.

ასეა, ხინკალი სასწაულმოქმედი არაა, რაც არ უნდა 19-ნაოჭიანი იყოს და თუ რამეს ელოდით ხინკლის ხშირი ჭამისგან, ტყუილად ელოდით და ახლაც ტყუილად აყრით ბოღმას პილპილად. ნუ დაემსგავსებით საჭურის აღა-მაჰმად ხანს, რომელსაც იმედი ჰქონდა, რომ თბილისური აბანოები უშველიდა და რომ ვერ უშველა, მისდგა და მიწასთან გაასწორა ისინი…

ტენდენციურობაში რომ არ დამდოთ ბრალი, სტრიქონ-სტრიქონ გაგცემთ პასუხს.

ნებისმიერმა ადამიანმა, რომელიც ერთხელ მაინც ყოფილა საქართველოში, იცის, რომ აქ კარგი საჭმელია, ხალხი სტუმართმოყვარეა, მთები _ ლამაზი და საჭმელიც _ გემრიელი. ეს აქსიომად ჩამოყალიბდა. ჰოდა, ქართველებიც ზედმეტად დარწმუნებულნი არიან ამაში და ქვეყანაც სავსეა ქართული რესტორნებით, რომლებიც, თავის მხრივ, ქართველი ხალხით არის სავსე“, – წერთ თქვენ. უფრო სწორად, თან ჭრით, თან კერავთ. თავადვე ამბობთ, ვინც ერთხელ მაინც ყოფილა, იცის, რომ აქ კარგი საჭმელიაო და იქვე საწინააღმდეგოს ამბობთ, – ქართველებიც ზედმეტად დარწმუნებულნი არიანო. თუკი ყველამ, ვინც ერთხელ ყოფილა, ეს იცის – ესე იგი, ეს ასეა, ქართველებს კარგი საჭმელი გვაქვს და ზედმეტი დარწმუნება რაღა შუაშია? რა გაღიზიანებთ, ქვეყანა ქართული რესტორნებით რომაა სავსე? თუ ეს რესტორნები ქართველებით რომაა სავსე? თუ იმას უსვამთ ხაზს, რომ ამ ქართულ რესტორნებში მარტო ქართველები დადიან? არა, თქვენ უგულობას სხვა მიზეზი ჰქონია, მერე რა, რომ აბდაუბდა?

ჩემს უგულობას მიზეზი აქვს: მე ვარ ადამიანი, რომელსაც წლების განმავლობაში ძალიან ბევრჯერ გაუცრუვდა იმედი და ვსვამ კითხვას, იქნებ, ეს ყველაფერი ტყუილია? იქნებ, ქართული საჭმელი სინამდვილეში ძალიან მოსაბეზრებელია და ჩვენ, უბრალოდ, ისე გავისიგრძეგანეთ ქართული საჭმლის განსაკუთრებულობის იდეა, რომ მართლაც ვიწამეთ მისი?

ვარიანტი რამდენიმეა, ან თქვენ, უბრალოდ, არ მოგწონთ ქართული სამზარეულო და მართლაც გაუგებარია, რას იტანჯავთ თავს, რატომ ჭამთ ან ხაჭაპურს, ან ხინკალს, შედით სხვა რესტორნებში და მიირთვით რაც გნებავთ; ან სხვა ვარიანტია – რესტორნებმა გაგიცრუეს იმედი. არასწორად შერჩეულმა რესტორნებმა. დიახ, ბატონო დანბარ, თავს ნამდვილად ვერ დავდებ ყველა ქართული რესტორნის კეთილსინდისიერებაზე, ხარისხზე, მომსახურების დონეზე, მაგრამ ამ ლანძღვას არ სჯობდა, გაგერკვიათ და მიგეგნოთ წესიერი რესტორნისთვის, სადაც იმედებს არ გაგიცრუებენ? ასე ბრმად თუ შეაბოტე, ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება აღმოჩნდე უვარგის რესტორანში და, უბრალოდ, იმედები კი არ გაიცრუო, კუჭიც გაიხეთქო.

და საერთოდ, რამდენად საფუძვლიანად გეჩვენებათ, ქართული სამზარეულოს ავკარგი რესტორნების მიხედვით განსაჯოთ? დავიჯერო, ამ სტუმართმოყვარე ქვეყანაში შინ არავინ არ დაგპატიჟათ? თუ „ფორბსის“ და თქვენი ინტერესი ქართულ რესტორნებზე დარტყმა იყო Wendy’s – ის სასარგებლოდ? აკი ამბობთ კიდეც, მობეზრდება ხალხს ქართული სამზარეულო და Wendy’s-ში გადავლენო? კიდევ ერთი კითხვა მაქვს, – ლოგიკაზეც ისევე გაბრაზებული ხართ, როგორც ხინკალზე? რომ არ მოსწონებოდა, ვინმე გაისიგრძეგანებდა ქართული საჭმლის განსაკუთრებულობის იდეას? კი გამუნათებთ, მოსაზრებებს არ ასაბუთებთ-მეთქი, მაგრამ ისეთ დასაბუთებას, როგორც თქვენ ასაბუთებთ, ვინძლო, სჯობდა, საერთოდ არ დაგესაბუთებინათ. თქვენი მტკიცებით, ქართველები ზედმეტად გავუნებივრებივართ კომპლიმენტებით სამზარეულოს მიმართ. მთელი საიდუმლო კი ის ყოფილა, რომ: „200 წლის განმავლობაში ქართული სამზარეულო რუსულ სამზარეულოს უწევდა მეტოქეობას და ჩვენ ყველამ კარგად ვიცით რუსული სამზარეულოს ამბავი. საბჭოთა კავშირის დროს გამხმარი ხაჭაპურიც კი მადის აღმძვრელად გამოიყურებოდა ხორციანი ჟელეს კატასტროფასთან შედარებით, სახელად ხალადეცი“. და ის ფაქტი, რომ ქართველები ეროვნული სალათების მომზადებისას მაიონეზს არ იყენებდნენ, ალბათ, საბჭოთა ჩაგვრისგან სულის მოთქმას ჰგავდა“.

გისვამთ კითხვას, – რა შუაშია ან 200 წელი, ან რუსული სამზარეულო, როდესაც დღეს ადამიანი ჩამოდის საფრანგეთიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან და იხიბლება ქართული სამზარეულოთი? ვეჭვობ, თქვენი ცოდნა ისეთივე ზედაპირულია რუსული სამზარეულოს შესახებ, როგორც ქართულის შესახებ, მეტიც, ვგონებ, არც ფრანგულ სამზარეულოს იცნობთ საერთოდ, თორემ მაიონეზს საბჭოეთის სიმბოლოდ არ გამოიყვანდით.

თქვენ წერთ: უცხოელი სტუმრები საქართველოში მოსკოვის გავლით ჩამოდიან, ვიტამინ C-ზე დახარბებულები და ღორის ქონითა და არყით დაბეჩავებულები. მათ, ვინც გაყინულ ჩრდილოეთში, კვირების განმავლობაში, უშედეგოდ ეძებდა არამჟავე კიტრს, ქართული სამზარეულო ნამდვილ აღთქმულ მიწად ეჩვენებოდათ და, შესაბამისად, გულწრფელად ეუბნებოდნენ თავიანთ მასპინძლებს: თქვენი საჭმელი ძალიან გემრიელია, გაცილებით უკეთესი, ვიდრე რუსეთში. მაგრამ გქონდეს უკეთესი საკვები, ვიდრე რუსულია, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ იგი უმაგრესია, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ იგი რუსულ საჭმელზე უკეთესია“.

მართლა ვერ გავიგე, უბრალოდ, გრამატიკაზეც ნაწყენი ხართ, თუ, უბრალოდ, დროები გერევათ? ჯერ აწმყოში საუბრობთ, მოსკოვის გავლით ჩამოდიანო და მერე წარსულში გადადიხართ, ეჩვენებოდათ, ეუბნებოდნენო. ასე რომ, ვერ გავიგე, რას ამბობთ, დღეს ჩამოდიან უცხოელები მოსკოვის გავლით? თქვენ რუსულ ტელეარხს წარმოადგენდით და მოსკოვის გავლით მოხვდით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა უცხოელი მოსკოვის გავლით ჩამოდის აქ, ბატონო დანბარ. თუ წარსულზე საუბრობთ და აგერ 20 წელიწადზე მეტია, პირდაპირ ჩამოდიან უცხოეთიდან, არ აქვთ ეგ გზა გამოვლილი, რატომ მოსწონდათ ქართული სამზარეულო და რატომ თქვენამდე არ დაიმსხვრა მითი ქართულ სამზარეულოზე? თუ ეს თქვენ გხვდათ წილად – ამცნოთ კაცობრიობას სიმართლე ქართულ სამზარეულოზე? მძიმე ხომ არაა მონომახის ქუდი?

მეტწილად, ქართული კერძები მარტივია (ამას ვამბობ მე, ადამიანი ინგლისიდან, აგრეთვე მარტივი სამზარეულოსქვეყნიდან) და მოდი, თვალი გავუსწოროთ სიმართლეს, არჩევანი წარმოუდგენლად შეზღუდულია. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მე ხაჭაპურის წინააღმდეგი ვარ, უბრალოდ, მე არ მინდა მისი ყოველდღიურად ჭამა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ამ გაღმერთებული ყველის ღვეზლის შემთხვევაში, ერთადერთი ამაღელვებელი სიახლე შეიძლება იყოს ის, რომ ყველს მის ზედაპირსაც დაურთავენ, ან (ჩშშშშ!..) შიგთავსს კარტოფილს დაამატებენ. ამ დროს, ცხადია, რამე სხვას გაუსინჯო გემო. ხინკალი? ცომში გახვეული ხორცი განა რამე ისეთია, რაზეც ინგლისში ვინმეს მოვუყვები?

თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოს კარგი კერძები არ გააჩნია. მიყვარს საცივი, ნაკლებად ცხიმიანი აჯაფსანდალი და ცხარე ხარჩო. ჩიხირთმა მშვენიერი წვნიანია და კარგი გულიანი ჩანახიც საუცხოოა ზამთრის ღამეს. აი, ვწერ და ჩემი მუცელიც ხმებს გამოსცემს. თუმცა ფაქტია, რომ იმ ადგილების ჩამოსათვლელად, სადაც ამ კერძებს გემრიელად მიირთმევ, ერთი ხელის თითებიც საკმარისია. და ჩვენც წყალწყალა ლობიოსა და მლაშე ტყემლის ოკეანეში ვიძირებით“, –  თქვენ, უბრალოდ, თავხედი ხართ, სერ. არ იცნობთ არათუ ქართულ სამზარეულოს, საერთოდ საკითხს; რამდენჯერმე ხართ ნასადილევი (არ მინდა გითხრათ, გამძღარი) ქართულ რესტორანში და ეს საკმარისად მიგაჩნიათ იმისთვის, რომ დასკვნები გამოიტანოთ და შეურაცხყოფა მიაყენოთ ეროვნულ სამზარეულოს! როგორც გატყობთ, სულ რამდენიმე კერძი გაქვთ მირთმეული და იმის მიხედვით ციცერონობთ, ურთულეს სამზარეულოს – მარტივად ნათლავთ და ისიც არ იცით, რომ ეგ ქართული სამზარეულო ნაკრებია სხვადასხვა სამზარეულოსი, რომ საქართველოს ყველა კუთხეს თავისი სამზარეულო აქვს – ხშირ შემთხვევაში, რადიკალურად განსხვავებული. რა ვქნა, დავდგე ახლა და ყველა კერძი ჩამოგითვალოთ? თუ დავდგე და აგიხსნათ, რომ ისპანახი, რომელსაც ევროპა მე-15 საუკუნიდან იცნობს, საქართველოში მე-12 საუკუნიდან მიირთმევენ და მისგან მრავალნაირი კერძი მზადდება? ინდოეთიდან წამოსულმა ბადრიჯანმა, თქვენთან, ევროპაში რომ მე-16 საუკუნეში ძლივს მოაღწია, ჩვენ უკვე მე-12 საუკუნიდან მივირთმევდით? (რა ამის პასუხია და ნიგვზიანი ბადრიჯანი მაინც არავინ გაჭამათ? და მარტივად მოსამზადებლად გეჩვენებათ?:))…) თუ დავდგე და ის გიმტკიცოთ, რომ არსად იმდენ და იმდენნაირ მწვანილს არ მოიხმარენ, როგორც ქართულ სამზარეულოში, როგორც ცოცხლად, ისე კერძებში _ ნედლად და სუნელების სახით?  გადაშალეთ და წაიკითხეთ რუსუდან გორგილაძის შესანიშნავი წიგნი „კერძთაყვანისმემა“ და, იქნებ, მერე მაინც აღმოაჩინოთ, რომ თქვენ მიერ გალანძღული ხინკალი, რომელზეც, თურმე, ვერავის მოუყვებით ინგლისში, მთელ მსოფლიოშია მოდებული – ხინკალს ენათესავება შუააზიური მანტი. მანტს ნათესაობა მთელ მსოფლიოში ჰყავს – ტაჯიკური და ავღანური ხუსანი და მანდუ, თურქული თათარ-ბერეკი, სლავური ვარენიკები, ციმბირული პელმენი, ჩინური ვოტონი და ბაოზი, გუიტიე, იაპონური იაკიმანუ, მონღოლური ბუუზი, ებრაული კრეპჩალი, მანტს ნათესავები ევროპაშიც ჰყავს – იტალიელი რავიოლი, ტორტელინი და გერმანელი მაულთაშე. მანტის ნათესავია – განთქმული ქართული ხინკალი – მრავალნაირი ვარიაციით.

საქართველოში რომ გაზრდილიყავით, ვიფიქრებდი, რომ მძიმე ბავშვობა გქონდათ და ძალით გაჭმევდნენ ხაჭაპურს, ხინკალს, მაგრამ საქართველოში არ გაზრდილხართ, და ძალიან საინტერესოა, აქ ჩამოსული ასეთი ვის ხელში აღმოჩნდით – პირში ძალით რომ გტენიდნენ ხაჭაპურს, თან სულ ერთსა და იმავეს? ხეირიანი ქართული რესტორნების მისამართები თუ არ იცით, ის მაინც არ იცით, რომ ეროვნული სამზარეულო ეროვნული იდენტობის გამოხატვისა და შენახვა-გადაცემის ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა და ასე ხელაღებით მასზე საუბარი და ლანძღვა ამ ერის ლანძღვაა?

„მე მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე საკმარისი ხინკალი უკვე მივირთვი და, აგრეთვე, ბოსტნეულით სხვა უამრავ რამესაც მოამზადებ, გარდა ფხლისა. აი, ღვინოზე კი გადაკრული სიტყვა არ დამცდება…“ – თუ თქვენ ობიექტური ხართ, ამ ქვეყანაში თუ წყალწყალა ლობიოა და მლაშე ტყემალი, დავიჯერო, ერთხელ მაინც არ დაგალევინეს წყალწყალა ღვინო?

თუ ასე გძულდათ ეს ხინკალი, ან აქამდე რას ჭამდით და ან ახლა რა ტვინი შეჭამეთ, – არ შევჭამო? აკრიტიკეთ, ბატონო, ქართული რესტორნები, მომსახურებაც, ხარისხიც, მაგრამ ამ რესტორნებიდან გამომდინარე რატომ მსჯელობთ საერთოდ ეროვნულ სამზარეულოზე? კიდევ ერთხელ გეკითხებით, შინ არავინ გიმასპინძლათ? თუმცა ისეთი უმადური და ღრძო ენის პატრონი ჩანხართ, არც გამიკვირდება შინ რომ არავის შეეშვით.

დაბოლოს, მაინტერესებს, რა ამოძრავებს ქართულ „ფორბსს“, რა არის მისი ამოცანა, – ქართული სამზარეულოს დისკრედიტაცია? იმედს ვიტოვებ, რომ ამ უნიჭო პასკვილს ასეთი შორს მიმავალი მიზნები არ აქვს და არც ქართული „ფორბსის“ ლიცენზიის არაქართველი მფლობელის გენერალურ ინტერესებში შედის.

ცოფიანი აბსურდი – ”ტაბურეტკიდან” სინჯარამდე

დაიბეჭდა გაზეთში ”ქრონიკა+”

jjjjjjjjjjjjjjjjjjjjjjjjjjjjjjjjjjjjjjjjjjjjjj

 

საზოგადოების ნაწილისთვის 2013 წელი ოცნებების მსხვრევის წელი იყო. ზოგს დაემსხვრა, ზოგს გაუბერწდა, ზოგს გაუხუნდა, მე? – ჩემს ოცნებებს არაფერი დამართია. ერთი წამითაც არ იფიქროთ, რომ ბიძინაზე დიდი მეოცნებე ვარ, სულაც არა. პირიქით – ჩემი ოცნებები სწორედაც რომ არანაირად არ უკავშირდებოდა ხელისუფლებაში მოსულ ახალ ძალას და აბა, რა დამემსხვრეოდა? ივანიშვილითა და მისი დასით მოხიბლული არც არასოდეს ვყოფილვარ და რანაირად განვიხიბლებოდი? მოკლედ, ხელისუფლებასთან მიმართებით: არც განვხიბლულვარ, არც მოვხიბლულვარ. მე სხვა რამემ დამცა თავზარი – ერმა და ბერმა. ქუჩაში ”ტაბურეტკებით” გამოვარდნილი მღვდლები და ათეულათასობით ”ღრმად” მორწმუნე – 40-იოდე ადამიანის ჩასაქოლად….

მართლა არ მეგონა და მართლა რა ძალა ჰქონია ფორმულას: ”რაც ერი, ის ბერი” და პირუკუც. უნდა გამოგიტყდეთ, ასეთი თავზარდაცემული იმ ცოცხების კადრების შემდეგ ნამდვილად არ ვყოფილვარ. ჯერ ერთი, კარგად ვხედავდი, რომ მთელ იმ უბედურებას წინასაარჩევნო სუნი უდიოდა და ეგეც რომ არა, გამოცვლი სასჯელაღსრულების სამინისტროს, თუნდაც მთელ ხელისუფლებას (როგორც მოხდა კიდეც შემდეგ) და ეშველება პატიმრებს (ცალკე თემაა, რომ არც ეშველათ და ძველი ჭირიც (ე. წ. ”მაყურებლებიც”) განახლდა), მაგრამ რას უშველი ერს და ბერს? დედის მაგინებელ, ”ტაბურეტკიან” მამაოებს, თავშლიან მრევლს და კუნთმაგარ მუტრუკებს, რომლებიც მზად არიან, ჩაქოლონ, გაანადგურონ ადამიანი? – მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მათგან გასხვავებული სექსუალური ორიენტაცია აქვთ და თავის უფლებებზე მოინდომეს ხმის ამოღება. მაგრამ ჰქონდათ კი იმ 40-50 ადამიანს ყველა მდევნელისგან განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია? რაღაც ეჭვი მეპარება. ჯერ ერთი, ბევრმა ამ რაკურსით სახელგანთქმული მუტრუკებიც ამოიცნო გამოდევნებულთა შორის და ბევრი ლატენტურიც იქნებოდა (ქე რომ უნდა და არ შვება, ვერ ბედავს, ან ქე რომ უნდა და არც იცის, რომ უნდა…), თორემ ამიხსნას ვინმემ, ახალგაზრდა, ჯანმრთელ მამაკაცს რატომ უნდა აღელვებდეს, ვინ ვისთან წევს, თან იმ დონეზე, რომ გამოვარდეს და ვინმეს გამოუდგეს, ტანთ გაიხადოს და ავტობუსს შეაფრინდეს? მზად იყოს – მოკლას, დაასახიჩროს, დაკბინოს, დაფლითოს?

yyyyyyyyyyyyyyyyyyyyyyyyyyyy

zzzzzzzzzzzzzzzzzzz

ჩემთვის, ისევე როგორც ბევრისთვის, 17 მაისს დაიწყო პროცესი, რომელიც დაგვირგვინდა საშობაოდ – ეპისტოლეთი. ამ პროცესს პირობითად ვუწოდებ ”ტაბურეტკიდან სინჯარამდე”.

გაუგებრობების თავიდან ასცილებლად, თავიდანვე განვმარტავ, არ ვარ და არასოდეს ვყოფილვარ ურწმუნო, არც ღმერთზე მიქილიკია, არც ხატებზე და არც სხვა ადამიანების რწმენაზე. მოკლედ, არ განვეკუთვნები ”ღმერთზე ნაწყენების” კასტასა თუ კატეგორიას (როგორც რეჟისორი გია კიტია ენამოსწრებულად უწოდებს მათ). მინდა გითხრათ, პატრიარქსაც დიდ პატივს ვცემდი უწინ, თუმც კი უნდა ვაღიარო, რომ ღმერთზე წინ არასოდეს დამიყენებია იგი და არც ცოცხალი წმინდანის რანგში განვიხილავდი მას, რომლის კრიტიკაც დაუშვებელია. ამ დამოკიდებულების გამო არაერთხელ მიგრძნია არაერთისგან ზიზღნარევი მზერაც – თუ როგორ ვბედავდი პატრიარქზე რამის თქმას?

ქართული სინამდვილე ხომ გამაოგნებელია – პატრიარქის სჯერათ, სწამთ მათაც კი – ვისაც ღმერთი არ სწამს. და ვისაც ღმერთი სწამს, იმათთვისაც კი პატრიარქია უზენაესი.

”უწმინდესო და უნეტარესო, დღეს განა მონუმენტურ კერპად არ აღმართულხართ მთელი ქართველი ერის წინაშე? როგორც ღმერთს, ისე არ მოგმართავენ რიგითი მორწმუნენი? არ გიგალობენ? არ გხატავენ ხატებზე? ღმრთისთვის კუთვნილ ლოცვასა და ქება-დიდებას განა არ გიძღვნიან? კარგად დააკვირდით, რა ხდება თქვენი თაყვანისმცემლების დიდ არმიაში? განა, თქვენმა დიდებამ არ დაჩრდილა ღმრთის დიდება?” – წერდა იმ 17 მაისის შემდეგ ბექა მინდიაშვილი.

მოკლედ, იმ 17 მაისს დაიწყო და საშობაოდ დასრულდა პროცესი, ჩემთვის მეტად მტკივნეული. მე დავკარგე რწმენა… ღვთის არა, პატრიარქის. საბოლოოდ. ღვთის არა, ალბათ, იმიტომ, რომ არასოდეს გამიიგივებია მაწყევარი, დედის მაგინებელი, ”ტაბურეტკით” მორბენალი სასულიერო პირები სიყვარულის ღმერთთან.

მაინც, რა მოხდა რეალურად იმ 17 მაისს, მართლა ეგ აღელვებდა ვინმეს? ვინ მართავდა აქციას ტრასფობიასთან და ჰომოფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით, საკუთარ მრევლს რომ გეიპარადად მიასაღეს? ვინმეს ეგ სჯერა, რომ 50, როგორც ხშირად უწოდებდნენ იმ დღეებში, გზააბნეული ადამიანის გავლა-გამოვლით გაირყვნებოდა ვინმე? ან ვინმემ რომ საკუთარ უფლებებზე ხმა ამოიღოს, ეს ნიშნავს მათი ცხოვრების წესის პროპაგანდას? ეს აღელვებდათ იმ ”ტაბურეტკიან” მამაოებს, თუ საკუთარი ძალების დემონსტრირება სურდა ეკლესიას? დიახ, ეკლესიას და არა რამდენიმე მამაოს, იმიტომ რომ ამ კონტრაქციის მონაწილეებს მადლობა სამების საკათედრო ტაძრიდან გადაუხადა პატრიარქოს ქორეპისკოპოსმა. ასე რომ, სულ ტყუილად ცდილობდა იმ დღეებში მამაო ბიჩინაშვილი, – ორგანიზატორი არც მე ვყოფილვარ, არც პატრიარქი (იმ დღეს თურქეთში ბრძანდებოდაო), ორგანიზატორი, ალბათ, ისეო ქრისტე იყოო. ქრისტე კი ზიდავს თქვენს ცოდვებსაც, მაგრამ დაგიჯერებთ მაგას ვინმე? ეჰ, სწორედაც პრობლემა ეგ არის, რომ დაიჯერებენ…

ასე დაუჯერა მათ ძალიან ბევრმა და სწორედ მამაოების კურთხევით შემოხაზეს  41. არავისთვის უცხო აღარაა ის, რომ სწორედ სასულიერო პირების დიდი ნაწილის, ეკლესიის მხარდაჭერამ განაპირობა ”ნაციონალური მოძრაობის” მარცხი და ”ოცნების” გამარჯვება. და სწორედ ამ გაწეულ ”ღვაწლთანაა” პირდაპირ კავშირში ის, რაც 17 მაისს მოხდა. ეკლესიამ კუნთები უჩვენა სწორედ ახალ ხელისუფლებას, ბიძინა ივანიშვილს, გაისმა კიდეც იმ კონტრაქციაზე კომენტარებში პირდაპირი სიგნალები, – თუ ახალი ხელისუფლება სწორად არ შეაფასებდა მოვლენებს – როგორც მოიყვანეს, ისე წაიყვანდნენ. მთელი ამ ისტერიის შემდეგ კულუარებში უკვე ამ აქციის რეალურ მიზეზებზე ალაპარაკდნენ, რომ ივანიშვილმა უარი უთხრა ეკლესიას დაფინანსების ერთბაშად მიცემაზე და შესთვაზა თანხის ეტაპობრივი ჩარიცხვა, ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ და ა. შ. მოკლედ, ეკლესიამ ქიში გამოუცხადა ახალ ხელისუფლებას  – ანახვა ძალა! მერე რა, რომ გული ისევ წინა ხელისუფლების წყევლით და ლანძღვით მოიოხეს? რაღა არ ბრძანა მეუფე იაკობმა იმ დღესაც და შემდეგ დღეებშიც – 17-ში რომ სამღვდელოება იყო გამოსული, ეს თქვენი სირცხვილია, სამღვდელოების სირცხვილი კი არაო. თქვენ ხომ მარტო 17 მაისების მოწყობა შეგიძლიათო, ბედმა გაგიღიმათ, რომ მართლმადიდებლები შემწყნარებლები ვართო და რაღა აღარ თქვა – თმები ყალყზე დაგადგებოდა. აქეთ წუხდა, –  ნაცვლად იმისა, რომ გვერდში დაგვიდგეთ, გვირტყამთო.

უფლებადამცველებსაც მიმართავდა, – უფლებადამცველობა უფრო დიდია თუ წესიერად ცხოვრებაო, რას ვიცავთ, ხომ უნდა ვიცოდეთ, ვის წინააღდეგ მივდივართო? ვის წინააღმდეგ და თქვენ წინააღმდეგ და არა ღმერთის წინააღმდეგ! ვის იცავენ და ცოდვილებს და არა ცოდვას. თქვენ ვის ებრძვით? ცოდვას თუ ცოდვილებს? ცოდვას გამოუდექით ქუჩაში თუ ცოდვილებს? ძალიან მარტივი კითხვა მაქვს, – ეკლესიაში ვინც დადის, ყველა უცოდველია? ფრთიანი ანგელოზია? მათ რატომ არ დასდევთ ”ტაბურეტკებით”? და საერთოდ, რა ხელი გაქვთ მათთან, მათ ცხოვრებასთან, ვინც თქვენი მრევლი არ არის? რატომ ახვევთ ყველას თავზე თქვენს ძალაუფლებას?

მთელ ამ ისტერია-ისტორიაში ორი რამაა საშიში – ერთი ის, რომ სამღვდელოებამ მოითხოვა დივიდენდი _ ძალაუფლება და დაიწყო სახელმწიფოს საქმეებში უხეში ჩარევა. მეორე ის, რომ გამოჩნდა თავზადამცემი ტენდენცია – საკმარისია ერთი დაძახება და ეს მასა გადათელავს ნებისმიერს, ვისზეც თითს მიუშვერს სამღვდელოება. სწორედ ეს ქმნის ჰომეინიზაციის საფრთხეს. სწორედ ეს ლავასავით წამოსული ძალაა, თავზარს რომ დაგცემს და გულს აგიცრუებს ყველაზე და ყველაფერზე. რა ნატო, რა ევროკავშირი, შეხედე – როგორ მორბიან, როგორი ჟინით, გახელებით, შუა საუკუნეების სიბნელით ”გასხივოსნებულნი”, სადაა ან ქრისტეს სიყვარული, ან ლიბერალიზმი? ”დაგხოცავთ, თქვენი დედა მოვტ…ან მ”, – მამაოს ამ გინებაშია ქრისტეს სიყვარული? ვის აგინებს დედას, – იმათ, შეშინებული რომ გარბიან? თუ ქრისტეს? გინება, უპირველესად, ღვთისმშობლის შეურაცხყოფაა. სწორედ ეს გინებაა ქართველი მამაოების სამარკო ნიშანი. გინება, წყევლა და მუქარა. აგერ, ბათუმში ბერმონაზონმა ლუკა კოკრაშვილმა და ქალმა ერთმანეთს აფურთხეს, ბერმონაზონმა უსინდისო ეძახა ქალს, მეზობელს ეწექიო, ისიც კი წააძახა, დაწყევლა. ეს ვიდეო ფეისბუკით თეა თუთბერიძემ გამოაქვეყნა და რა მიიღო პასუხად? მუქარა და ლანძღვა – რა თქმა უნდა: თუთბერიძე, შე ნაძირალაო, შენი რისხვა ვარო, პასუხს აგებ, გპირდებიო. მოკლედ, გაისარჯა მამაო, მაგრამ ობიექტურობისთვის უნდა ვთქვათ, მისმა წყევლამ იმ მხატვრულ მასშტაბებს ვერ მიაღწია, რასაც მამაო ბართლომეს წყევლამ. შეიძლება იმიტომ, რომ მამაო ბართლომეს მუზა მიხეილი იყო, სააკაშვილი. ეს ის მამაოა, რომელიც ”ოცნებას” ღიად უჭერდა მხარს,  წინასაარჩევნო შეხვედრებსაც არ ტოვებდა, ბიძინა ივანიშვილს იდეალურ ადამიანად აცხადებდა, დაბადებაც განსაკუთრებული იყოო – ამბობდა, იწყევლებოდა კიდეც: ”ვინც ბიძინა ივანიშვილს შავ პიარს აუგორებს, იმას გაუშავდა სახე და ცხოვრება, ამინ!” 2013 წლის 1-ლ სექტემბერს ”ნაციონალები” დაწყევლა: ”წყეული ”ნაცები”, მაგათ სხეულზე ხორცები უნდა შემოალპეთ ცოცხლად!”  საპრეზიდენტო არჩევნებისას წერდა: ”ნაც-ფაშისტების პანაშვიდისთვის ვემზადებიიიიიიიი”. ნოემბერში კი მიშა დაწყევლა: ”წყეული იყოს მიშა სააკაშვილი და მისი ხროვა! მისთვის მზე დაბნელდეს, მთვარემ ნათელი არ მისცეს, მიწის ნაყოფი შხამად შეერგოს, წყალი გამწარდეს, მარილი განქარდეს და ჰაერი მავნებელ იქმნას! ამინ!”

და რა ქნა საპატრიარქომ? არქიმანდრიტ ბართლომეს ეპიტემია დაადეს. გგონიათ, მიშას დაწყევლის გამო? არც იოცნებოთ. პირიქით, ხაზი გაუსვეს – მას ეკლესიისა და ქვეყნის დაცვის სურვილი ამოძრავებდაო, უბრალოდ, მღვდლობის ხარისხის მქონეს, თვითნებურად არ უნდა დაეწყევლაო.  განა, რატომ დაწყევლეო, ჩვენთან შეუთანხმებლად რატომ დაწყევლეო?!

დიახ, მათ გარეშე არც წყევლა შეიძლება, არც ქველმოქმედება. აგერ, ”იდენტობამ” მოინდომა თავშესაფრის გახსნა უსახლკაროებისთვის, ფართიც იყო გამონახული და ატყდა ისტერია, რომ არ მისცემდნენ ამის საშუალებას, რომ ამ უზნეო ხალხს არ ჰქონდათ უპატრონო ბავშვების მოვლა-პატრონობის უფლება. თუ 17 მაისს ჰომოფობიის წინააღმდეგ აქცია გეიპარადად გაასაღეს, ახლა უსახლკაროები უპატრონო ბავშვებად ”ჩააკონკრეტეს”, გაიტანეს კიდეც თავისი. მათ აქვთ მონოპოლია ქველმოქმედებაზეც, სიკეთეზეც. სახელმწიფომ რა ჰქმნა? – ყლაპა.

ჰოდა, რაღა გვიკვირს, რომ კუნთები შეათამაშეს და ცალკე ფრაქციაზეც ალაპარაკდნენ – პარლამენტში ცალკე ფრაქცია უნდა გვქონდესო. ამ ტენდენციის გაგრძელება იყო ის, რომ პატრიარქმა თვითმმართველობის კანონის წინააღდეგ გაილაშქრა, რასაც პარლამენტარ კორძაიას პროტესტი მოჰყვა: ”ხომ არ სჯობდა, ერთი საპარლამენტო მანდატი გადაგვეცა პატრიარქისთვის?! კორძაია აცხადებდა, რომ პატრიარქი ამ განცხადებით ზედმეტად ერეოდა სახელისუფლებო ფუნქციებში. ახლა კორძაიაზე გაილაშქრეს, შუა საუკუნეები რომ ყოფილიყო, ვინ აკმარებდა კორძაიას იმას, რაც აკმარეს? კოცონი გარანტირებული ექნებოდა!

ასე გაილია 2013 წელი წყევლასა და მუქარაში და საახალწლოდ, მე თუ მკითხავ, უკვე კომიკურად შეიფერა – 1-ლ და 2 იანვარს თევზის ჭამაზე გაიცა კურთხევა, იმ ლოგიკით, რომ მაინც ჭამენ… მაგ ლოგიკით, ყველაფერზე უნდა გაიცეს კურთხევა… მაგრამ ეს მაინც ჟურნალი იყო იმ კინოსი, რომელიც ნაახალწლევს დაიწყო. დედა პარასკევამ ერთი თქვა და ქვეყანამ კიდევ ერთხელ დაიხია 5 საუკუნით უკან. გავრცელდა ინფორმაცია, რომ დედა პარასკევას ჰქონდა ბერი გაბრიელის გამოცხადება, რომელმაც უთხრა, რომ ყველას შეუსრულებდა 2 სურვილს, ვინც კი შობამდე მის საფლავზე ან ციხისჯვარში მისი სახელობის მონასტერში მივიდოდა. ჰოდა, დაიძრა მთელი საქართველო, მიაწყდა მცხეთას, გვერდს უვლიდნენ სვეტიცხოველს – ქრისტეს კვართს და მიიწევდნენ სამთავროსაკენ. დედა პარასკევა კმაყოფილებას ვერ მალავდა და იმეორებდა, რომ მინიშნება მიეცა საფლავიდან. მას მერე კი, რაც საპატრიარქომ ხილვაც უარყო და გამოცხადებაც, დედა პარასკევამაც უკან წაიღო ხილვაც, გამოცხადებაც, საფლავიდან მიღებული მინიშნებაც და დარჩა რა? რომ დედა პარასკევას უთხოვია მამა გაბრიელისთვის მლოცველთათვის სურვილების შესრულება. მხოლოდ ეს დინამიკაც ცხადყოფს მრველის გაბითურებას. რას ემსახურებოდა წმინდანის საფლავის სანტაკლაუსად ქცევა საშობაოდ? – ქრისტიანობას? მრევლს? სანთლების გასაღებას? რა არის ამ ისტერია-ისტორიაში უმთავრესი? გაწამებული ხალხი რომ სასწაულს, ხსნას ელის? მათზე რომ მანიპულირებენ, თუ ის, რომ საკმარისია ერთი დაძახება და ლავა დაიძრება? ესეც და, ალბათ, კიდევ უფრო მეტად ის, რომ 21-ე საუკუნეში ადამიანი მზადაა, ასე გულუბრყვილოდ დაიჯეროს ვინმეს ხილვა, ოღონდ კი სურვილები შეუსრულდეს. მცხეთაში გათამაშდა აბსურდი, უფრო სწორად, ბავშობაში წაკითხული ის ზღაპრები, სადაც ოქროს თევზი და სამი სურვილი ფიგურირებს (ერთი სურვილი, როგორც ჩანს, დედა პარასკევამ ”მოგვიტეხა”) და ის ანეკდოტები, რომელიც შემდეგ გვსმენია ოქროს თევზსა და სურვილებზე.

გონების სიბნელეა იმის რწმენა, რომ ვინმეს აქციით, თუნდაც გეიპარადით გაირყვნები და ”გაპიდარასტდები”; გონების სიბნელეა, როცა გჯერა, რომ 2 ნებისმიერი სურვილი აგისრულდება სადმე მისვლით. მოიცა, თუ საფლავზე არ მიხვედი, ისე წმინდანი არ შეგეწევა? გაგებუტება? ანდა იმიტომ გწამს, რომ სურვილები აგისრულდეს, თან მერკანტილური? თან წყვილად? რა არის ეს, მართლაც ”სიცოფე ქართულად, ანუ ქრისტიანობა ქართულად”? როგორც დეკანოზმა ლევან მათეშვილმა დაწერა? თუ წარმართობასთან წილნაყარი აბსურდი? ვაი, რომ ეს სოცოფე თუ ცოფიანი აბსურდია იმ ფასადური რწმენის რეალური სახე, რაც დღეს საქართველოში ბატონობს. ამ ცოფიანი აბსურდის გამოვლინება იყო ახალ წლამდეც, როცა ხანუკას მოზეიმე ებრაელებს მიუცვივდნენ თავისუფლების მოედანზე. მიუცვივდა ზუსტად ის ხალხი, რომელიც დიდი სიამოვნებით დაიარება იერუსალიმში შობისა თუ აღდგომის დღესასწაულებზე.

და ბოლოს იყო ეპისტოლე. აღმოჩენა იმისა, რომ, თურმე, ქრისტიანობის მთავარი გამოწვევა პოსტმოდერნიზმი ყოფილა. თურმე, ნუ იტყვი და საძრახისი, ცუდი აზროვნება ყოფილა ის, რომ მე შენ უფლებებს არ შევლახავ და შენ ჩემი უფლებები არ შელახო. არჩევანის თავისუფლება, რომელზეც დღეს მთელი ცივილიზებული კაცობრიობა დგას, ფსევდოლიბერალური ყოფილა. ჯანდაბას, პოსტმოდერნიზმი, როგორმე, აიტანს ამ შტურმს, მაგრამ რა ვუყოთ იმ ოჯახებს, რომელსაც უთხრეს: ”ბედნიერებას ვერ ეღირსებით”!

”განა შეიძლება ბედნიერი იყოს ის ოჯახი, სადაც აბორტი კეთდება და უსუსური პატარა არსებების უღვთოდ დაჩეხილი სხეულების აჩრდილები დადიან?”

აბორტი მართლაც საშინელებაა, მაგრამ რა ქნას ოჯახმა, თუ აბორტი სამედიცინო ჩვენებითაა აუცილებელი? მოკვდეს ქალი? ან არასასურველი ორსულობა როგორ აიცილონ, როცა მამაოები კონტრაცეფციასაც უკრძალავენ, პრეზერვატივსაც, ან მილიონი აბორტი რანაირად კეთდება საქართველოში ყოველწლიურად? ვინ მიაწოდა პატრიარქს ეს მონაცემი? სპეციალისტთა მტკიცებით, ეს მონაცემი, მინიმუმ, გაათმაგებულია. ან სად იპოვეს ”ჰუმანისტი”, რომელიც მხარს უჭერს თვითმკვლელობას?

და ყველაზე მტკივნეული დარტყმა ისედაც გოლგოთაგამოვლილ ოჯახებს, სინჯარაში ჩასახულ ბავშვებს: ”შეიძლება ოჯახი იყოს ბედნიერი, სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი იზრდება? ეს პატარა ხომ თავიდანვე გაწირეს უსიყვარულობისთვის, მიუსაფრობისა და მარტოობისთვის. იგი კეთილდღეობაშიც რომ გაიზარდოს, მუცლადყოფნის პერიოდის ამ სიმძიმეს ვერაფერი შეცვლის და ეს აუცილებლად იჩენს თავს ზრდასრულ ასაკში”.

მოვეშვათ ეკლესიის დამოკიდებულებას სუროგაციასთან, დავუშვათ, და ეს მართლაც ასეა, მაგრამ შეიძლება ეს უთხრა განაწამებ ოჯახს, რომელსაც სურდა შვილი ჰყოლოდა, ჯანმრთელობა საშუალებას არ აძლევდა და ეს გზა გამოიარა? დათანხმდა ხელოვნურ განაყოფიერებაზე, სინჯარაზე, სუროგატი დედის აყვანაზე? ”თავიდანვე გაწირეს” – რა, დედას შეეძლო თვითონ გაეჩინა, დაეზარა და სხვას აჩენინებს?

”პრობლემატურნი იქნებიან ის ბავშვებიც, რომლებიც ხელოვნური განაყოფიერებით დაიბადნენ და მათი სიცოცხლე მრავალი ემბრიონის განადგურების შედეგად განვითარდა”, _ რას ნიშნავს, პრობლემატურნი იქნებიან? ფინთი ხასიათი ექნებათ? ხელოვნურ განაყოფიერებამდე ყველა ბავშვი უპრობლემო იყო დედამიწის ზურგზე? ჰიტლერიც, ლენინიც და ყველა ძაღლი და მამაძაღლი? ან ვინ მიაწოდა ინფორმაცია პატრიარქს, რომ ებრიონები ნადგურდება? რა ქნას ქალმა, რომელსაც ელემენტარულად პრობლემები აქვს საშვილოსნოს მილებზე და სხვანაირად დედა ვერ გახდება? ან მამაკაცმა, რომელსაც დარღვეული აქვს სპერმატოგენეზი და მამად გახდომის ერთადერთი გზა ხელოვნური განაყოფიერებაა? უარი თქვან? არ გახდნენ მშობლები?

”ეკლესიაში იარონ, ილოცონ და ბავშვი დაიბადებაო?! მუსკომედიის თეატრის დონეზე ჩამოვედით?” – იკითხა გიორგი შენგელაიამ, რომელმაც ისიც დასძინა, რომ ეს ეპისტოლე პატრიარქის დაწერილი არაა. საერთოდ, საზოგადოებაში გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს ეპისტოლე არცაა პატრიარქის დაწერილი. მედიაში დასახელდა კიდეც ავტორი – პატრიარქის მითიური მდივან-რეფერატი შორენა.

მაგრამ აქვს კი მნიშვნელობა, ვინ დაწერა? ხელი ხომ პატრიარქმა მოაწერა? და თუ მისი გარემოცვა ისე თავნებობს, რომ აღარც უთახმდება და ისე გვამცნობს პატრიარქის ეპისტოლეს, მაშინ კიდევ უფრო დიდ აბსურდთან და უბედურებასთან გვქონია საქმე.

ჯამში რა შედეგს გვაძლევს ეს ყველაფერი? ნაწილში აღვივებს ფანატიზმს, ნაწილში ბადებს გულგატეხილობას, ურყევს ღვთისადმი რწმენასაც კი. ხელს უწყობს საზოგადოების დისტანცირებას ეკლესიისგან. საზოგადოების პოლარიზაციას, სახელმწიფოს საფუძვლების რყევას. არ შემიძლია არ დავეთანხმო ზაზა ბიბილაშვილს, რომ ”დღევანდელი გადმოსახედიდან, სააკაშვილის მთავარი შეცდომა იყო ის, რომ მან არ ჩაატარა ”რუის-ურბნისის” კრება პრეზიდენტობის პირველივე წელს”.

 P. s. იმედია, დაინდობთ და სინჯარის ბავშვებს არ დაერევით… ”ტაბურეტკებით”, თორემ ”უტაბურეტკოდ” – ეს უკვე მოხდა.

რეზო შატაკიშვილი

 

 

%d bloggers like this: