ბლოგზე პირველად ამ 13 წლის წინ, 2010 წლის 11 აგვისტოს გამოვაქვეყნე ნარკვევი. ეს იყო ნარკვევი ლია ელიავაზე. ამ დღეებში (28 მაისს), მის დაბადების დღეზე, იდეა დამებადა თავი მომეყარა სხვადასხვა არქივებში გაბნეული მისი ფოტოებისთვის, იქნებოდა ეს პირადად ჩემი არქივი (ჩემ მიერ გადაღებული ლია ელიავას პორტრეტული ფოტოების ჩათვლით), ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ ბიბლიოთეკა “ივერიელის” არიქვი თუ სხვადასხვა ინტერნეტ-გვერდებზე გაბნეული ფოტოები. თავი მოვუყარე ლია ელიავას ას ფოტოს და გთავაზობთ – ერთად გავადენოთ თვალი ქართული კინოს უალამაზესი ქალღმერთის ცხოვრებასა და შემოქმედებას… ლია ელიავას ფოტოების თავმოყრით შთაგონებულ ამ რუბრიკას კი შემდეგშიც გავაგრძელებ და დროდადრო შემოგთავაზებთ სხვადასხვა დიდი ქართველის ას-ას ფოტოს. (ცნობისთვის, თავს ვუყრი და აუცილებლად შემოგთავაზებთ – ზვიად გამსახურდიას ას ფოტოს).
ლია ელიავას პორტრეტები
ჩემ მიერ გადაღებული ფოტოები
ეს ფოტოები 1997 წელს გადავიღე გაზეთ “ფიქრებისთვის”, რომელსაც 1995-1997 წლებში გამოვცემდი და ვრედაქტორობდი. ქალბატონი ლია იმ ჩემი ახალგაზრდული გაზეთის დიდი ქომაგი, ერთგული მკითხველი და რესპოდენტი იყო…
ლია ელიავა უახლოეს ადამიანებთან ერთად
ლია ელიავა მეგობრებთან, კოლეგებთან, მაყურებელთან
ლია ელიავას კინოროლები
კადრები ფილმიდან “ჩრდილი გზაზე“
ლია ელიავა ნინოს როლში.
კინოსტუდია „ქართული ფილმი“, რეჟისორი დავით რონდელი. ფილმი ეკრანებზე გამოვიდა 1956 წელს.
კადრები ფილმიდან „ბაში-აჩუკი“.
ლია ელიავა პირიმზისა და პირიმთვარისას როლში.
კინოსტუდია „ქართული ფილმი“, რეჟისორი ლეო ესაკია. ფილმი ეკრანებზე გამოვიდა 1956 წელს.
კადრები ფილმიდან „ქალის ტვირთი“
ლია ელიავა ქეთევან ახატნელის როლში.
რეჟისორი ნიკოლოზ სანიშვილი. ფილმი ეკრანებზე გამოვიდა 1957 წელს.
კადრები ფილმიდან „მამულუქი“
ლია ელიავა ცირა/ზეინაბის როლში.
კინოსტუდია „ქართული ფილმი“, რეჟისორი დავით რონდელი. ფილმი ეკრანებზე გამოვიდა 1958 წელს.
კადრი ფილმიდან „შეწყვეტილი სიმღერა“
ლია ელიავა ელიკო გელოვანის როლში.
კინოსტუდია „ქართული ფილმი“, რეჟისორი ნიკოლოზ სანიშვილი. ფილმი ეკრანებზე გამოვიდა 1960 წელს.
კადრები ფილმიდან „ირისთონის ვაჟი“
ლია ელიავა ანნა ცალიკოვას როლში.
კინოსტუდია „ლენფილმი“, რეჟისორი ვლადიმირ ჩებოტარიოვი. ფილმი ეკრანებზე გამოვიდა 1960 წელს.
კადრები ფილმიდან „ჭიაკოკონა“
ლია ელიავა ირმას როლში.
კინოსტუდია „ქართული ფილმი“, რეჟისორი იური ქავთარაძე. ფილმი ეკრანებზე გამოვიდა 1961 წელს.
კადრი ფილმიდან „მე ვხედავ მზეს“
ლია ელიავა ქეთოს როლში.
კინოსტუდია „ქართული ფილმი“, რეჟისორი ლანა ღოღობერიძე. ფილმი ეკრანებზე გამოვიდა 1965 წელს.
კადრი ფილმიდან „მალე გაზაფხული მოვა“
ლია ელიავა ნატოს როლში.
კინოსტუდია „ქართული ფილმი“, რეჟისორი ოთარ აბესაძე. ფილმი ეკრანებზე გამოვიდა 1958 წელს.
კადრები ფილმიდან „ძმები საროიანები“
ლია ელიავა თაკუის როლში.
კინოსტუდია „არმენფილმი“, რეჟისორები ხობერნ აბრამიანი, არკადი აირაპეტიანი. ფილმი ეკრანებზე გამოვიდა 1969 წელს.
კადრი ფილმიდან „ღამის ვიზიტი“
ლია ელიავა გამომძიებელი ლენა დვალის როლში.
კინოსტუდია „ქართული ფილმი“, რეჟისორი ნიკოლოზ სანიშვილი. ფილმი ეკრანებზე გამოვიდა 1974 წელს.
კადრი ფილმიდან „გაქცევა გათენებისას“
ლია ელიავა კოწია ერისთავის მეუღლის როლში.
კინოსტუდია „ქართული ფილმი“, რეჟისორი სიკო დოლიძე. ფილმი ეკრანებზე გამოვიდა 1975 წელს.
კადრი ფილმიდან „არ დაიჯერო, რომ აღარ ვარ“
ლია ელიავა მხატვარ ლიას როლში.
კინოსტუდია „ქართული ფილმი“, რეჟისორი გუგული მგელაძე. ფილმი ეკრანებზე გამოვიდა 1975 წელს.
კადრები ფილმიდან „სინემა“
ლია ელიავა ელენეს როლში.
კინოსტუდია „ქართული ფილმი“, რეჟისორი ლიანა ელიავა სიკო დოლიძე. ფილმი ეკრანებზე გამოვიდა 1975 წელს.
კადრები ფილმიდან „დათა თუთაშხია“
ლია ელიავა თიკო ორბელიანის როლში.
კინოსტუდია „ქართული ფილმი“, რეჟისორები გიგა ლორთქიფანიძე, გიზო გაბესკირია. ფილმი ეკრანებზე გამოვიდა 1978 წელს.
კადრი ფილმიდან „ცისფერი მთები“
ლია ელიავა რედაქციის სტუმრის, მსახიობის როლში.
კინოსტუდია „ქართული ფილმი“, რეჟისორი ელდარ შენგელაია. ფილმი ეკრანებზე გამოვიდა 1982 წელს.
კადრები ფილმიდან „წიგნი ფიცისა“
ლია ელიავა თინათინ დედოფლის როლში.
კინოსტუდია „ქართული ფილმი“, რეჟისორები გიგა ლორთქიფანიძე, ამირან დარსაველიძე. ფილმი ეკრანებზე გამოვიდა 1983 წელს.
კადრი ფილმიდან „ჩიორა“
ლია ელიავა ნიკას დედის როლში.
კინოსტუდია „ქართული ფილმი“, რეჟისორები ნელი ნენოვა, გენო წულაია. ფილმი ეკრანებზე გამოვიდა 1984 წელს.
კადრები ფილმიდან „ვინ არის მეოთხე?“
ლია ელიავა თემურის დედის როლში.
კინოსტუდია „ქართული ფილმი“, რეჟისორი ოთარ კობერიძე. ფილმი ეკრანებზე გამოვიდა 1985 წელს.
კადრები ფილმიდან „ბაგრატიონი“
ლია ელიავა ქართველი თავადის ქალის როლში.
კინოსტუდია „ქართული ფილმი“, „მოსფილმი“ , რეჟისორები – გუგული მგელაძე, გიული ჭოხონელიძე. ფილმი ეკრანებზე გამოვიდა 1985 წელს.
კადრები ფილმიდან „ორომტრიალი“
ლია ელიავა რუსუდანის როლში.
კინოსტუდია „ქართული ფილმი“, რეჟისორი ლანა ღოღობერიძე. ფილმი ეკრანებზე გამოვიდა 1986 წელს.
კადრი ფილმიდან“ მხოლოდ სიკვდილი მოდის აუცილებლად“
ლია ელიავა პოლკოვნიკის მეუღლის როლში.
სტუდია „ატრიუმი“, რეჟისორი მარინა წურწუმია. ფილმი ეკრანებზე გამოვიდა 199 წელს.
როდესაც ვწერდი მხიარულ ზღაპარს („წითელქუდა და ბრემენელი მუსიკოსები“) ჭიათურის თეატრისთვის, მე მისთვის დავწერე პატარა როლი – დათიკო, როლი კაცის, რომელსაც დასაკლავად არ ემეტებოდა მის ხელში გაზრდილი მამალი მამუკა და ნაცვლად იმისა, რომ ცოლის მოთხოვნის შესაბამისად დაეჭირა იგი, მამალს ცალყბად გამოდევნებული, ცოლის ჩუმად აქეზებდა მას – „გაიქეცი მამუკა“… მან ეს პატარა ეპიზოდი ჩვეული ოსტატობით განასახიერა და პრემიერის შემდეგ, როგორც უკვე ძმაკაცმა ძმაკაცურად მითხრა, რომ იგი, ჩემს სპექტაკლებში სხვა დროსაც სიამოვნებით ითამაშებდა ასეთ პატარა როლებს….
და მეც დავპირდი, რომ იგი მუდამ იქნებოდა იმ ჩემს სპექტაკლებში, რომელსაც კი მე ოდესმე დავდგამდი ჭიათურის თეატრში…
არც ვაპირებდი მე ამ პირობის დარღვევას, მაგრამ… დღეს, 9 მაისს თავად დაარღვია ეს პირობა… მიგვატოვა ჩვენ და სულმოუთქმელად გასწია იმ ქვეყნად, სადაც ეგულებოდა ჩვენზე ყველაზე ძვირფასი – ტრადიკულად დაღუპული ვაჟი.
ძალიან მძიმე დღე იყო 9 მაისი ჩემთვის. თამაზ ფანჩულიძე არ იყო მხოლოდ მსახიობი, რომელიც უეცრად და უდროოდ გარდაიცვალა. იგი, როგორც უკვე ვთქვი, რეპეტიციების დროს, ჩემს უფროს მეგობრად იქცა, სულ მანამდე კი იგი ჩემი მეგობრისა და უანგარო გულშემატკივრის, თეატრის უანგარო მეგობრის – თათა ფანჩულიძის მამა იყო. ერთ დღეს მე ერთად დავკარგე, მეგობრის მამაც, მეგობარიც და მსახიობიც… იგი არაა პირველი მსახიობი, რომელთანაც მე მიმუშავია და ამ ქვეყნად აღარაა. 2011 წელს რუსთაველის თეატრში მე დავდგი სპექტაკლი „აივანი“, სადაც თამაშობდა, ქართული თეატრის კაშკაშა მსახიობი მამუკა ლორია, რომელიც ამ ქვეყნად აღარაა, მაგრამ როდესაც იგი გარდაიცვალა, ის სპექტაკლი კარგა ხნის გარდაცვლილი იყო… ახლა კი, „წითელქუდა და ბრემენელი მუსიკოსების“ პრემიერა შედგა სულ ახლახანს – 5-6 აპრილს, ბოლოს ეს სპექტაკლი ვითამაშეთ ამ დღეებში, 4 მაისს და … და 9 მაისს ვიგებთ რომ თამაზი ამქვეყნად აღარაა.
მე რა დავიწყებ იმის ახსნას თუ რა დიდბუნოვანი და დიდი ადამიანი იყო ეს ადამიანი, სახელად თამაზი, ჩემი მეგობრის შვილმკვდარი მამა, რამოდენიმე კვირაში რომ ჩემს უფროს მეგობრად იქცა….
მე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ვიტყვი იმას, რომ მისთვის დაწერილ როლს ვეღარავინ ითამაშებს! პიესის მიხედვით და სპექტაკლში ის იყო დარიკოს ქმარი დათიკო. ის დარიკოს დირექტივით დასდევდა მამალ მამუკას „დასაჭერად“. ამიერიდან მამალ მამუკას ქვრივი დარიკო გამოედევნება..
მისებრ მშვენიერს კალმით ნახატს უწოდებენ. მაგრამ კალამმა რომ მისი სიალამაზე სიტყვით გადმოსცეს, ეს კალამი მართლაც გენიოსს უნდა ეპყრას ხელთ. რიგითი მოკვდავის მიერ კი მისი მშვენიერების მეტ-ნაკლებად სრულყოფილად გადმოცემა ისევ და ისევ მის გვარ-სახელს თუ ძალუძს – მედეა ჯაფარიძე.
მეტად საინტერესო მდგომარეობაა – გაშტერება – როდესაც ყველა ყურადღების ობიექტი ქრება და რჩება ერთი… ასე ემართებოდა ყველას ვინც კი პირველად იხილავდა მის მშვენიერებას.
„მე და პაოლო იაშვილმა პირველად რომ დავინახეთ, მისმა მშვენებამ ისე მოგვნუსხა, ჩვენი ეტლის ცხენებიც კი შედგნენ და ერთ ადგილზე გაშეშდნენო“ – ამბობდა გერონტი ქიქოძე.
მედეა აღარ იქნება ამ ქვეყნად, ოთარ მეღვინეთხუცესი რომ გაიხსენებს რა დაემართა მედეას პირველად დანახვისას ქუჩაში – მივყვებოდი და არ მეჯერა, რომ ეს შესაძლებელია მართლა არსებობდეს…
გავიდა წლები, ისინი პარტნიორები გახდნენ – სცენასა თუ ეკრანზე, მაგრამ… „თვალი მაინც ვერ შევაჩვიე. მოდი და გაუშინაურე მზერა მზეს!“.
რომის პაპი იოანე მე-13 სხვადასხვა ქვეყნის ქალთა ტიპაჟის სურათებს აგროვებდა. საქართველოდან მედეა ჯაფარიძის, ლია ელაიავს, ლიანა ასათიანის და დოდო ჭიჭინაძის ფოტოები გაუგზავნეს. რომის პაპი აღფრთოვანებულა მათი მშვენიერებით – მედეა ჯაფარიძეზე და ლია ელიავაზე უთქვამს – ესენი დიდებული ევროპაა…
მას გერონტი ქიქოძემ უფსკრულის პირას ამოსული ყვავილი უწოდა, მის ცხოვრებაში იყო აურაცხელი ყვავილი, მაგრამ გზა ცხოვრებისა არ ყოფილა იავარდფენილი. მისი ცხოვრება სავსე იყო დრამატული კოლიზიებით. პაწაწინა იყო რევოლუციონერი ბიძა ალიოშა ჯაფარიძე რომ დაუხვრიტეს, ამ ტრაგედიამ ახალი ტრაგედია შვა – მედეას ულამაზეს დედას ფსიქიკური ჯანმრთელობა შეერყა, ის ხშირად იწვა საავადმყოფოში და ხშირად იპარებოდა იქიდან შვილის სანახავად და რა თქმა უნდა მას ისევ აგლეჯდნენ შვილს და ისევ საავადმყოფოში მიჰყავდათ… მედეას ბავშვობის ნაწილმა რუსეთში ალიოშა ჯაფარიძის ქალიშვილებთან ერთად განვლო.
დედის მომჯობინების შემდეგ კვლავ თბილისს დაუბრუნდა. ჯერ მხოლოდ ქუჩაში შემხვედრს აშტერებდა თავის განუმეორებელი სილამაზით, მალე ეკრანებზე გამოჩნდა თექვსმეტიოდე წლის მედეა ჯაფარიძე… 19 წლის იყო მარჯანიშვილის თეატრში რომ მივიდა და პირველად “მარგარიტა გოტიეში” გამოჩნდა ეპიზოდურ როლში… სულ მალე კი ცოლად გაჰყვა მარჯანიშვილის თეატრის მსახიობს ასაკით 16 წლით უფროს გრიგოლ კოსტავას, მათ ბედნიერებას მალე მოეღო ბოლო – გრიგოლ კოსტავა ანტისაბჭოთა საქმიანობისთვის დააპატიმრეს, ელოდა დახვრეტა. ლეგენდასავითაა შემორჩენილი თუ როგორ იხსნა 20 წლის მედეამ მეუღლე – როგორ გაფრინდა მოსკოვს, როგორ შეაღწია კრემლში, იქ, საიდანაც ყველას უარით ისტუმრებდნენ, მის სილამაზეს კი ვერ შებედეს უარი. სასიკვდილო განაჩენი პატიმრობით შეიცვალა…
პატიმართა დახსნა და სხვათა დახმარება მისი ცხოვრების წესად იქცევა შემდგომ – 200-მდე პატიმარი ჰყავს დახსნილი… ის თამამად აღებდა მაღალი თანამდებობის პირთა კაბინეტის კარებს.
„მას ხომ შეუძლებელი შეეძლო. შევიდოდა ნებისმიერ თანამდებობის პირთან. ჯერ სილამაზით წააქცევდა, მერე ატირებდა სხვისი გასაჭირის გამო და გულის მაგივრად ყინულიც რომ ჰქონოდა მომსმენს, მაინც უნდა დაეკმაყოფილებინა თხოვნა“ (ოთარ მეღვინეთუხუცესი).
ცნობილი საბჭოთა იდეოლოგი იაკოვლევი იტყვის რომ როცა მედეა ჯაფარიძე შეხვედრას ითხოვდა, ყველამ იცოდა რომ მას საჩოთირო სათხოვარი ექნებოდა, მაგრამ მაინც მოუთმენლად ელოდნენ მასთან შეხვედრას და… ისინიც ისეთ რამეს აკეთებდნენ რაც საბჭოთა იდეოლოგიისთვის მიუღებელი იყო…
მედეა ჯაფარიძე არსად არ ერიდებოდა არც თავის მშვენიერების, არც თავის ავტორიტეტის გამოყენებას სხვათა დასახმარებლად. არც ცეკას მდივნებთან და არც შინ – მშობლიურ თეატრში.
დოდო ჭიჭინაძე, ჩემთან საუბარში იხსენებდა, როგორ უქმნიდნენ პრობლემებს უნიჭიერეს ელენე ყიფშიძეს თეატრში პრობლემებს ბოჰემური ცხოვრების „ეგიდით“ და როგორ დაუდგნენ ის და მედეა ჯაფარიძე თავდებში, რომ ელენე ყიფშიძე აღარ ჩაიდენდა „საბჭოთა მოქალაქისთვის შეუფერებელ საქციელს“.
ეს იყო მერე და მერე, მაშინ კი, 40-იანი წლები იდგა. ის მარტო დარჩა.
წლები მიდიოდა, მოსკოვში წავიდა – სამხატვრო თეატრში, ნემიროვიჩ-დანჩენკოს სტუდიაში, და აი ბედმა მოსკოვში შეახვედრა მომავალ დიპლომატს, ქალთა ყურადღებით განებივრებულ 20 წლის რეზო თაბუკაშვილს… მედეა გაურბის გრძნობას, თბილისში უწევს დაბრუნება – დედის ავადმყოფობის გამო, მოდის, მაგრამ უკვე შეყვარებული… მისი გული დაპყრობილია და ის სწორედ ამ დროს იწყებს მასების გულის დაპყრობას -ვახტანგ ტაბლიაშვილი „ქეთო და კოტეში“ იღებს… მაგრამ წინააღდეგობების გარეშე არც ეს როლი არგუნა განგებამ.
კინოსტუდიის რეჟისორები ოპერის უცვლელად ეკრანიზებას ითხოვდნენ, ტაბლიაშვილს სხვაგვარად სურდა გადაღება. ტაბლიაშვილს ქეთოს როლზე მხოლოდ მედეა ჯაფარიძე უნდოდა, მიხეილ ჭიაურელი – მერი ნაკაშიძის გასინჯვას მოითხოვდა. ახალგაზრდა ტაბლიაშვილი პოზიციებს არ თმობდა – „ქეთოს როლში მედეა ჯაფარიძეს ვხედავ მხოლოდ“.
კონფლიქტმა პიკს მიაღწია. საბოლოოდ, ფილმის ბედი კანდიდ ჩარკვიანმა გადაწყვიტა – მხარი ტაბლიაშვილს დაუჭირა, მედეა ჯაფარიძემ – რეჟისორის იმედები გაამართლა – „მედეა ჯაფარიძემ ჩემს მოლოდინს გადააჭარბა – მან შექმნა ქეთოს იდეალი“. მედეამ ყველას გული დაიპყრო – თაობებს ეკრანული ხატება დაუტოვა სახსოვრად…
ტაბლიაშვილმა ოდნავ მოგვიანებით თავის ეკრანულ ქეთოს ჯულიეტას როლი უბოძა როლი უბოძა. მანამდე კი იყო კვლავ მოსკოვი და შეხვედრა თავის რომეოსთან. მათ იქორწინეს.
ლაშა თაბუკაშვილი გაიხსენებს – „ეს იყო ჩვენთვის საოცარი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება რომანის გახანგრძლივება არა ხელოვნურად, არამედ ორგანულად, მათ ბოლო მომენტამდე რომეოსა და ჯულიეტას სიყვარული ჰქონდათ. რა თქმა უნდა ამის აფიშირებას არ ახდენდნენ. რადგან მიაჩნდათ რომ ეს მხოლოდ მათი იყო. მაგრამ ჩვენ ერთ ოჯახში ვცხოვრობდით და ამას ვხედავდით. ისინი წინ აყენებდნენ ერთმანეთის პორობლემებს – ყოფითი წვრილმანი იქნებოდა თუ გლობალური პრობლემა. ამიტომაც ვერ გაძლო დედამ მამას სიკვდილის შემდეგ. ჩაქრა, ჩაიფერფლა.
ოჯახში რა თქმა უნდა ძალიან დიდი დღესასწაულები გვქონდა, მაგრამ ამავე დროს იყო სერიოზული ჯახები, წყენები, გაბუტვები. ჩხუბი იცოცხლე, მაგათ რომ ჰქონდათ ხოლმე, მაგრამ, ალბათ არ ჩხუბობენ მხოლოდ იმ ოჯახებში, სადაც ერთმანეთი არ უყვართ“.
ლაშა თაბუკაშვილი გაიხსენებს, რომ დედა საოცრად კრიტიკული იყო საკუთარი ფოტოების მიმართ და არც გადაღება უყვარდა სურათის… მას ობიექტივი არ უყვარდა. ის ყველას თვალებს უყვარდა.
„დღეს, როცა სამყაროში ამდენი რამ ინგრევა და იმსხვრევა, როცა ამდენი საშიშროება ემუქრება კაცობრიობის მშვენიერებას, როცა ასე მოჭარბებულადაა ყველაფერი ყოფითი და მიწიერი, ბედნიერებაა ხედავდე ისეთ ადამიანს, როგორიცაა მედეა ჯაფარიძე, რომლის შემქომედებითი ნიჭიერება, სულიერი და ფიზიკური მშვენიერება მიიწევს ზევით, მაღალი იდეალებისკენ და თითქოს შენც მაღლდები მისი შემხედვარე“ – ამბობდა ტონინო გუერა.
და მავანი მის მშვენიერებას იყენებდა ისევ მის წინააღდეგ. ასეთი რამეც ხდება. აქა-იქ მავანი იტყვის რომ ის იყო მხოლოდ მშვენიერი ქალბატონი… მისი მშვენიერებით შეეცდება მისი დიდი არტისტიზმის, დიაპაზონის დაკნინებას. მედეა ჯაფარიძის მიერ სცენაზე განსახიერებული როლები თეატრის და საერთოდ ერის ისტორიის კუთვნილებაა, მხოლოდ უფროს თაობებს ახსოვთ მისი წარმატებები სცენაზე, მაგრამ მის მიერ კინოში განსახიერებული რამოდენიმე როლიც კი კმარა ამ დიდი უსინდისო სიცრუის გასაცამტვერებლად. მისი კინოგმირები გაჯადოვებენ თავისი ნატიფი ლირიზმით, პასტელურ ფერებად დაღვრილი დრამატიზმით და ნიუანსური იუმორით, ნიავივით რომ გელამუნება ეკრანიდან.
მედეა ჯაფარიძე უკვე 16 წელიწადია (ამჯერად უკვე 29) მხოლოდ ეკრანიდან და ფოტოებიდანღა აშტერებს მნახველს…
მის ცხედართან ოთარ მეღვინეთხუცესი იტყვის: „მედეა ერთადერთხელ მოვიდა თეატრში დაუგვიანებლად, მაგრამ ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ეს საჭირო იყო. ეტყობა რეზოსთან აგვიანდება უკანასკნელ პაემანზე“…
მას დღემდე იხსენიებენ მარინა თბილელის – მართლაც თბილი და ელვარე, თვალისმომჭრელად ლამაზი მარინა თბილელის გოგოდ და დღეს უკვე ეს აღარც აღიზიანებს. პირიქით, რაც უფრო ემსგავსება დედას და რაც უფრო ამსგავსებენ დედას – უფრო ახარებს. მას დედასაც ადარებენ და კონდოლიზა რაისსაც ეძახიან შინ. კონდოლიზა რაისმა პოსტი დატოვა, ბაია კვლავ პოსტზეა და ასწრებს ყველაფერს – სცენაზე დგომასაც, ტელევიზიაში მუშაობასაც, სერიალში გადაღებსაც, დიასახლისობსაც, კითხვასაც… მას გვიან დაუდგა პრაიმტაიმი… საერთოდ თანახმად დამკვიდრებული წესისა, მსახიობის შვილები ბევრად იოლად იმკვიდრებენ ადგილს თეატრალურ სამყაროში, მაგარამ…
ბაია დვალიშვილი:
„ კარგი დრო როცა მქონდა, ასაკს ვგულისხმობ, ყველაზე მეტი ტკივილი და განცდა მაშინ მქონდა… სადაც არ შევდიოდი, უმეტესად, ყველა კარი ცხვირწინ იკეტებოდა… არადა, მაშინ ისე მიყვარდა ჩემი პროფესია, რომ დამთმობდი ყველაფერს და ვთმობდი კიდეც. არ მინდოდა არც ოჯახი, არც შვილი, არაფერი არ მინდოდა. მინდოდა თამაში. მინდოდა ისეთ ხარისხში, რომ მგონი ეს ზედმეტი მონდომება მიშლიდა ხელს. მერე ვიკეტებოდი საკუთარ თავში, ბევრ რამეს ჩემ თავს ვაბრალებდი, ვკომპლექსებოდი…. მოკლედ, ახლა რომ ვუყურებ, არშემდგარი ახალგაზრდობა მქონდა…
– რატომ იკეტებოდა ყველა კარი? მსახიობების შვილები ხომ უფრო იოლად იკვლევენ გზას? თან თქვენ მხოლოდ მსახიობის შვილი კი არა, გავლენიანი მამის შვილი იყავით, თან ბატონი აკაკი გავლენიანი სწორედ კულტურის სფეროში იყო და არა სადმე სხვაგან. მას ყველგან ანგარიშს უწევდნენ…
– ასე გვერდიდან ჩანდა, მაგრამ რეალურად…
– შურისძიების მსხვერპლი ხომ არ იყავით?
– შურისძიება არა მგონია, მაგრამ ფაქტი სახეზეა. მე არ ვარ გადაღებული ბევრ ფილმებში… ახლა რომ კასტინგებია, ზოგი არც მიდის, არ კადრულობს, არადა, მაშინ კასტინგები კი არა, უზარმაზარი სამხატვრო საბჭო წყვეტდა და გამტკიცვებდა ან არ გამტკიცებდა როლზე. გიღებდნენ ეპიზოდს და სრულიად კინოსტუდია წყვეტდა შენ ბედს. ძალიან ხშირად არ მამტკიცებდნენ, ხშირად ამის მიზეზად იმას მიიჩნევდნენ რომ მე არაქართული გარეგნობა მქონდა ქართული კინოსთვის. მახსოვს, რეზო ესაძემ რის ვაივაგლახით გაიტანა ჩემი კანდიდატურა და გადამიღო „ნეილონის ნაძვის ხეში“. მახსოვს მიღებდნენ ერთ ძალიან კარგ ფილმში, სცენარზე ხელი მომიწერეს „გისურვებ წარმატებას“, შეკერილი იყო კოსტიუმები, მე ვაგებდი ოცნების კოშკებს და… უცებ გადაიფიქრეს ჩემი გადაღება…
– ბევრი კარი დაიხურა თქვენ წინ, მაგრამ გაიღო დიდი კარი – ფარაჯანოვი…
– ფარაჯანოვმა „ნეილონის ნაძვის ხე“ რომ ნახა, დეპეშა მომწერა ბაქოდან რომ შენ ჩემთან ითამაშებ „აშუღ ყარიბში“, გადამიღო კიდეც, მის ბოლო ფილმშიც უნდა მეთამაშა, მაგრამ გარდაიცვალა… საერთოდ, იყო რამდენიმე ადამიანი, ვისაც უნდოდა ჩემთვის ხელი ჩაეკიდა და არ გაეშვა, მაგრამ რატომღაც მოხდა ისე, რომ ძალიან მალე წავიდნენ ამ ქვეყნიდან… საერთოდ მაკლია ადამიანები, ვის გვერდითაც უბრალოდ ზიხარ ჩაიზე, ან უყურებ ტელევიზორს, ანდა სულაც ის სხვას ესაუბრება და შენ იზრდები. შენ კი არ გასწავლის რამეს, მის გვერდით ყოფნით იზრდები. ასეთი იყო სერგო ფარაჯანოვი…
მშობლებს არ უნდოდათ რომ ბაია მსახიობი გამხდარიყო. იცოდნენ რა ამ პროფესიის სირთულეები, შვილი არ ემეტებოდათ, მაგრამ ბაია თავისას არ იშლიდა და ბოლოს რეპეტიტორად აუყვანეს…. ლეგენდარული სესილია თაყაიშვილი.
ბაია დვალიშვილი: „დედა ძალიან ახლო მეგობარი იყო სესილია თაყაიშვილის. მათი ღამის საუბრები იცით როგორი იყო? დედას გულზე ყურმილი ედო და ეძინა, სესილია კი საუბარს განაგრძობდა, ვიღებდი ყურმილს და ჩავძახებდი „სესო, დაიძინა მარინამ უკვე“. და ვკიდებდი ტელეფონს… სესილია ძალიან მეგობრობდა ნათლიაჩემთან, დათიკო ბიბილეიშვილთან, მედეა ბიბილეიშვილის მამასთან. ძალიან ხშირად, აქ რომ სტუმრები აიშლებოდნენ და წავიდოდნენ და დედა უკვე სახლს გვიდა, კარზე ზარი იყო, გააღებდა და სესილია და დათიკო იდგნენ როგორც „კოტ ბაზილიო“ და „ლისა ალისა“ – დათიკოს დიდი ლუპები ჰქონდა სათვალეში… სესილია იტყოდა „რა იყო, ჩაი არ გაქვს, ჩაი“, ანუ დიად არ შეგაწუხებთო. შემოვიდოდნენ და დილამდე იყო მიწის მიყრა-მოყრა ყველაზე – ორივეს საზიზღარი ენა ჰქონდა… მსახიობობა რომ ვერ გადამაფიქრებინეს, სესილიას მიმაბარეს მოსამზადებლად, გადააფიქრებინე არტისტობაო. იმუშავა სესილიამ, იმუშავა და ვერ გაჭრა… მერე დაავალეს, გადააფიქრებინე რომ არტისტს არ გაჰყვეს ცოლადო. მახსოვს სესილია მეუბნებოდა, ვასო მყავდა გოძიაშვილი ქმარი და იმას ვერ შევეგუეო და მაინც ვერ გადამათქმევინა.
– სესილია თაყაიშვილი პედაგოგიურ მოღვაწეობას არ ეწეოდა და შეიძლება ითქვას, რომ თქვენ სესილიას ერთადერთი მოწაფე ხართ?
– პედაგოგიურ მოღვაწეობას ნამდვილად არ ეწეოდა, მაგრამ არ ვიცი, შეიძლება კიდევ ვინმეს ამეცადინებდა, არ ვიცი, მე არ მახსოვს ყოველ შემთხვევაში. ძალიან არ მინდოდა და მაკითხებდა ჯულიეტას მონოლოგს. ატანა არ მქონდა ჯულიეტასნაირი როლების… ახლა ვიღას რაღად უნდა ჩემი ჯულეტა, მაგრამ ახლაღა მივხვდი, როგორ უნდა ითამაშო ჯულიეტა… მაშინ გაგონება არ მინდოდა და არც წამიკითხია ის მონოლოგი გამოცდაზე. მაგრამ დღესაც მახსოვს როგორ მიკითხავდა ამ მონოლოგს თვითონ სესილია, არ დამავიწყდება მისი თვალები… ცისფერი თვალები ჰქონდა ძალიან ლამაზი, ეცვა ბამბაზიის ხალათი, ეწეოდა ტარიან „ყაზბეგს“ და კითხულობდა ჯულიეტას მონოლოგს…
მიხეილ თუმანიშვილმა ბაიას მშობლებს ურჩია, გამოუშვით ჩემთან, იაროს რეპეტიციებზე, მოსინჯოს, თუ არ მოეწონება, აღარ დაგაყვედრით მაინც რომ მსახიობობაში ხელი შემიშალეთო. მშობლებმა ბაია გაუშვეს იმ იმედით რომ ბაია გულს აიცრუებდა, მაგრამ მოხდა პირიქით – თეატრი მოეწონა, მაგრამ მსახიობობაზე ხელი აიღო (როგორც შემდეგ აღმოჩნდა დროებით) და მიხეილ თუმანიშვილთან სარეჟისოროზე ჩააბარა.
ბაია: „ბატონმა მიშამ მაშინ გამაგებინა რა არის თეატრი. ბატონმა მიშამ, ყველა მოწაფე გაზარდა ფანატიკოსად. რისიც მე წინააღდეგი ვარ. ფანატიზმი არაფერში არ შეიძლება, არც შვილის სიყვარულში, არც ქმრის, არც პროფესიის, იმიტომ რომ ეს არის ძალიან ხელისშემშლელი ცხოვრებაში. ახლა მივედი ამ დასკვნამდე, თორემ მაშინ მიყვარდა სიგიჟემდე, იცით როგორ იყო? მოვკლავ დედას, მოვკლავ მამას, თუ მიშა მიბრძანებს… ღამე არ მეძინა, მეჩქარებოდა რომ დილა გათენებულიყო და წავსულიყავი ინსტიტუტში. მიუხედავად ამისა, მესამე კურსის ბოლოს, მე წავედი ბატონ მიშასგან.
– რა მოხდა, რა იყო მიზეზი?
– ასე, კონკრეტული მიზეზით, ჩემ ცხოვრებაში არასოდეს არაფერი არ მომხდარა… რაღაც მეწყინა, აღარც მახსოვს – რა. დაგროვდა რაღაც, ინტუიტიურად მივედი ამ გადაწყვეტილებამდე და გადავედი შალვა გაწერელიასთან სამსახიობოზე. ეს მოხდა ძალიან უხმაუროდ, მაგრამ ატყდა ერთი ამბავი – მიშა თუმანიშვილისგან რომ ვინმე წავიდეს, ეს ხომ ნონსენსია, წარმოუდგენელია! მამაშენმა იცის? დედაშენმა? მეუბნებოდნენ, ბაია ან სახლში თქვი, ან ვინმეს უთხარი, არა მეთქი, ეს არის ჩემი გადაწყვეტილება. მე არ მინდა რეჟისორობა. გადამიყვანეს შალვა გაწერელიასთან. მაშინაც კი, როცა წამოვედი მიშა თუმანიშვილისგან, მიმაჩნდა რომ მიშას იქით პედაგოგი არ არსებობდა, მაგრამ ძალიან მალე აღმოვაჩინე რომ შალვა გაწერელია, მეტი თუ არა, მასზე არაფრით ნაკლები პედაგოგი არ იყო… ამ აღმოჩენამ ცოტა დამზაფრა კიდეც… ამიტომაა, არავისგან არ უნდა შექმნა კერპი… არ ვიცი, ბატონმა შალვამ კარგი თვალით შემომხედა თუ რა იყო, მაგრამ ძალიან შევუყვარდი და მეც ძალიან შემიყვარდა. ბატონი შალვა მეხვეწებოდა რომ მასთან დავრჩენილიყავი მოზარდმაყურებელთა თეატრში და მეც ძალიან მინდოდა, მაგრამ ოჯახში გადაწყვიტეს რომ მე უნდა წავსულიყავი რუსთაველის თეატრში… მე საერთოდ კონსერვატორულად გამზარდეს, ეს შეიძლება, ეს არ შეიძლება, ეს ჩაიცვი, ეს არ ჩაიცვა, ეს თქვი, ეს არ თქვა, მშობლებს ანგარიში უნდა გაუწიო, არ თქვან ეს რა ცუდი გაზრდილია… ასე ვიყავი გაზრდილი, მაგრამ რაც ცხოვრებაში ჩემით გადამიწყვეტია, ის აღმოჩენილა სწორი, რაც არ გადამიწყვეტია…. დღესაც მახსოვს, რა მეცვა როცა განცხადებას ვწერდი რობერტ სტურუას სახელზე, შტატგარეშე მსახიობად მიმიღეთ-მეთქი. განცხადება რომ მივაწოდე, მივხვდი რომ არასწორად ვიქცეოდი… ახლაც უდიდეს პატივს ვცემ სტურუას შემოქმედებას და მაშინ მითუმეტეს, მაგრამ ვგრძნობდი შინაგანად რომ რაღაცას არასწორს ვაკეთებდი. მოკლედ, სწორი იყო თუ არასწორი მე მივედი რუსთაველის თეატრში და 16 წელი გავატარე იქ, აქედან 7 წელი ვიყავი შტატგარეშედ, 7 წელი ოცკაპიკობაზე… თუმცა, მაინც დიდი ფული გამოდიოდა, ყვეალფერს ვთამაშობდი – მასოვკა, ეპიზოდი… მივედი რუსთაველის თეატრში და ყველაფერი გავიარე, მთელი ცხრა წრე, რაც კი არსებობს თეატრში სირთულეების… იყო ძალიან კარგიც, ძალიან ბევრი მტკივნეულიც, ბევრი ცრემლიც, იმედგაცრუებაც, მაგრამ იმ 16 წელმა ბევრი რამ მომცა, გამაძლიერა, გამომაწრთო, მაგრამ ძალიან ბევრი რაღაც ჩამიქრო, მიაძინა, მიასუსტა. დიდად ამბიციური არც მანამდე ვიყავი, მაგრამ მსახიობი ამბიციის გარეშე არ შეიძლება, უნდა ჰქონდეს და მეტიც, უნდა გაუღვივონ სწორად. ეს იქ არ მოხდა, მაგრამ გავხდი საოცრად ამტანი.
– კი მაგრამ გიღირდათ? სწორედ ეგ 16 წელია საუკეთესო წლები… სწორედაც რომ პრაიმტაიმი.
– დიახ, ჩემი საუკეთესო წლები, როცა უნდა ბევრი ითამაშო, სრულყო ოსტატობა… ვერ ვიტყვი რომ ეს საერთოდ არ მქონდა, მქონდა ნაგლეჯ-ნაგლეჯ, ვთამაშობდი მასოვკაშიც, ეპიზოდებსაც, როლებსაც. სხვათაშორის, ცუდად არ მახსენდება ის წლები, ოღონდ არანაირად არაფერზე გული არ მიჩუყდება, არ მენატრება…
– ახლა რაიმეს გადაჭრით თქმა ძნელია, მაგრამ როგორ ფიქრობთ, როგორ წარიმართებოდა თქვენი ცხოვრება, მოზარდმაყურებელთა თეატრში რომ დარჩენილიყავით შალვა გაწერელიასთან? – არ ვიცი, მაგრამ მე ხომ ის სიყვარული ძალიან გამაძლიერებდა? ძალიან ბევრს მომცემდა ბატონ შალვასთან ურთიერთობა, რაღაც წლები მაინც ნაყოფიერი იქნებოდა და მარტო გავიზრდებოდი, არაფერი არ მომაკლდებოდა. მერე არავინ იცის, რა როგორ წარიმართებოდა, მაგრამ არ ჩავიკეტებოდი.
– რა იყო ის, რითაც დაკომპლექსდით რუსთაველის თეატრში, თუ გიფიქრიათ ამაზე?
– არ ვიცი… შენი პირველი ნაბიჯი რომ შედგეს, რეჟისორი უნდა გიცნობდეს, მონაცემები მაინც იცოდეს შენი, მოუნდეს შენთან მუშაობა, შენი კარგი მხრიდან ჩვენება, უნდა დაემთხვეს რომ როლი სწორად იყოს შერჩეული, სპექტაკლიც თუ კარგი გამოვიდა ხომ საერთოდ… როცა ეს თანხვედრა ხდება, იბადება სამომავლოდ კარგი არტისტი და ყველა ამბობს, ამისგან კარგი არტისტი დადგება… უნდა იგრძნო რომ საჭირო ხარ, რომ ვიღაც იმედით გიყურებს, რომ შემდეგ გაამართლო ეს იმედი. ეს არ მოხდა, არ მოხდა ძალიან დიხანს. არ ვიცი ამის სურვილი არ იყო, თუ ჩემგან არ მიდიოდა ამის იმპულსი… არ მოხდა ეს და მერე როგორ არის, ჯახირ-ჯახირ ვიბრძოდი… გარდა ამისა, ამ თეატრს აქვს რაღაცა კოდი დიდებულების, რაც არის მომაჯადოებელი, მაგრამ ამავე დროს დამანგრეველი… მარჯანიშვილის თეატრი ხმაურიანი თეატრია, ამ თეატრს აქვს ის, რაც ჩემთვის თეატრის ამოსავალია – ბალაგანურობა. ბალაგანი ხმაურისა და წივილ-კივილის, ხმამაღალი სიცილის გარეშე არ არსებობს. დედაჩემი მარჯანიშვილის თეატრიდან ისევ რუსთაველის თეატრში რომ დაბრუნდა, შევიდა სიცილით – დედაჩემი ძალიან ხმამაღლა იცინოდა საერთოდ და ძალიან მაღალ ქუსლებზე იდგა და ასე პაკიპუკით შევიდა ამაყად. მახსოვს დედა მიყვებოდა, ეროსიმ მომატრიალა, მარინა, ამ თეატრში ასე ხმამაღლა არ იცინიან და ასე ხმაურით არ დადიანო…
შემდეგ გაიხსნა თეატრალური სარდაფი და… ბაიამ მიატოვა რუსთაველის თეატრი.
ბაია: „მე და ჩემი მეუღლე რუსთავლზე მივდიოდით, ლევან წულაძე და ოთარ ეგაძე შეგვხვდნენ – ნიჩბებით ხელში, ჩვენ აქ ვთხრითო. რას თხრით მეთქი. თეატრსო. მაგრად მივაცინე… გათხარეს ეს თეატრი და ჩავძვერით იქ, ვითამაშეთ „სამგროშიანი ოპერა“ და მოხდა საოცრება, უცებ ჟანგბადი შემოვიდა რაღაცა დიდი დოზით, თავისუფლება ჩავისუნთქე, მიწის ქვეშ ვიპოვე მე ის თეატრი, რომელიც მიწის ზემოთ ვერ ვნახე. ვამბობდი რომ ჩემი ვუდსტოკი ვნახე, ეს მოწესრიგებული ადამიანი, თურმე ჰიპი ვყოფილვარ და ვუდსტოკი მდომებია თქო. ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს, ამოსვლა არ მინდოდა. არადა, არანაირი პირობები არ იყო, იყო სიცივე, ჭუჭყი, ფეხსაცმელები ჰაერში გვეკიდა რომ ვირთხებს არ შეეჭამათ, ხდებოდა ის რაც გარეთ ხდებოდა – ქრებოდა სინათლე, იყო გაჭირვება, მაგრამ ვიყავით ამაყნი და ბედნიერი, იმიტომ რომ მაყურებელი არ გვაკლდა, იტენებოდა დარბაზი და პატარა ფულსაც ვშოულობდით რომ გვეარსება და ახალი სპექტაკლები დაგვედგა. ძალიან მალე დავწერე განცხადება და წამოვედი რუსთაველის თეატრიდან. ვერ გაიგეს, როგორ შეიძლებოდა რუსთაველის თეატრიდან წასვლა და სადღაც გაუგებრობაში, მიწის ქვეშ ჩაძრომა, მაგრამ ესეც აღმოჩნდა რომ აბსოლუტურად სწორი გადაწყტვეტილება იყო, იმიტომ რომ მე წლები დამჭირდა რომ გავთავისუფლებულიყავი უამრავი კომპლექსისგან და დავბრუნებოდი ჩემ თავს, გამვხდარიყავი ისეთი, როგორიც ვიყავი სტუდენტობისას – ლაღი და იმედით სავსე.
– გაჭირვებაზე გამახსენდა, თქვენ იმ შავბნელ 90-იან წლებში, ნინო არსენიშვილთან ერთად თოჯინებს აკეთებდით და ბიზნესიც ააწყეთ.
– ეს შემდეგ გახდა შემოსავალი და ბიზნესი, თორემ თავიდან გატაცება იყო. იმ უშუქობასა და უგაზობაში, თვითგადარჩენისთვის წამოვიწყეთ ხუმრობით და ხალისით. საშობაოთ პატარა თოჯინები გავაკეთეთ, „ბუტკებშიც“ გვინდოდა ჩაბარება, მაგრამ არავინ ჩაიბარა. მერე, შარდენზე, ბაია წიქორიძემ ჩაიბარა ჩვენი პატარა ფიგურები, გაიყიდა 5 დოლარად, 7 დოლარად და ეს მაშინ იმხელა ფული იყო… ჩავუჯექით სერიოზულად და ამან გადამატანინა ის უმძიმესი წლები, უშუქობის, დეპრესიის და გამოუვალი მდგომარეობის… გაყინულ სახლში მეყარა უამრავი დამტვრეული ბიჟუტერია, ნაჭრები, რითაც გვამარაგებდნენ ამხანაგები და ჭრაქის შუქზე, ვიყავი ხან რემბრანდტი, ხან რუბენსი, ხან ვანგოგი, ვძერწავდი, ვაწეპებდი და ვღებავდი… მერე და მერე ეს გატაცება ბიზნესად იქცა, 300-400 დოლარად იყიდებოდა ჩვენი თოჯინები. ერთხელ 1 200 დოლარიც მომცეს პრიზად, მახსოვს დედაჩემი მაშინ 80 წლის გახდა და იმ ფულით სარდაფში იუბილეც გადავიხადეთ… ადამიანმა თვითონ არ იცის, რამდენი რამ შეუძლია, მე არ მიყვარს წუწუნა, აპათიური ხალხი, ყველაფერი დამტავრდა, მე ეს არ შემიძლია… ყველაფერიც შემიძლია! ახლაც, ღმერთმა არ დამაჭირვოს, თორემ ყველაფერს დავიწყებ ნულიდან, თუ საჭირო გახდა დამლაგებლადაც წავალ. მე ნამდვილად არ მზრდიდნენ ასე, არაფერი არ მაკლდა, მაგრამ ძალიან ბევრი რამის კეთება მომიწია და ძალიან ამაყი ვარ რომ ძალიან ბევრი რამე შევძელი.
დედაზე
– დედამ ასაკში გამაჩინა, 41 წლის იყო, მაგრამ სასწაული იყო, ყველას უკვირდა რომ მე მისი შვილი ვიყავი – გამხადრი, ყვითელი და აწოწილი, ერთხელ ერთ ქალს კინაღამ გული შეუწუხდა, მერე ბოდიშებს იხდიდა, მახსოვს რაღაც ქაღალდი მივიტანე სახლმმართველობაში, დახედა თუ არა სახელს და გვარს, ამომხედა და დაიწყო, “დედაააა, არ გეწყინოს, დედაშენი შენს ასაკშიიიი” თან მოთქვამდა და თან აყოლებდა “არ გეწყინოს, არ გეწყინოს”, ისეთ დღეში იყო იქით ვამშვიდებდი, არ მწყინს, ვიცი, შეჩვეული ვარ, ბავშვობიდან ამას მეუბნებიან–მეთქი. ვერ გეტყვით რომ იოლი იყო ეს, პროტესტიც მქონდა, საშინლადაც განვიცდიდი, ვამბობდი კიდეც მამას ვგავარ მეთქი, მაგრამ ახლა, ხანდახან გრიმს რომ ვიკეთებ, ხანდახან მგონია რომ დეა მიყურებს სარკიდან, უკვე ვამსგავსებ თავს… დედას ვემსგავსები და ძალიან მიხარია.
დედას ანკეტა შეავსებინეს, სადაც წერდა რომ ჩემს გაგრძელებას ჩემ შვილში ვხედავ, ის გააგრძელებს ჩემ სცენიურ ცხოვრებასო. არც ერთხელ არ გავსულვარ სცენაზე დედაჩემის გარეშე! შვილები ყველა ერთნაირი ვართ, სანამ მშობლები ცხოცხლები გვყავს, ვართ მათთან ომში, პრიტესტებში, თვითდამკვიდრებაში…მაგრამ რაც წავიდნენ გავხდი ისეთი ერთგული და მორჩილი შვილი… მუდმივი კონტაქტი მაქვს მათთან, და ეხლა უფრო მეტს მაძლევენ, ძალიან ბევრს მაძლევენ… დედაჩემისთვის თეატრი იყო პირველი, ეს ყველამ ვიცოდით და ყველას გვეამაყებოდა.
– თეატრის ისტორიაში შემორჩენილია ფაქტი, რომ როდესაც იგი რუსთაველის თეატრში დაბრუნდა და რეპეტიციაზე, რობერტ სტურუამ სცენაზე უხმო…
– სცენას რომ აკოცა? კი, ეს „კავკასიურის“ რეპეტიციაზე მოხდა. დედა 53 წლის იყო რუსთაველის თეატრში რომ დაბრუნდა. დაბრუნდა ხრიკებით. აკაკი ბაქრაძეს რაღაც მოატყუა, მარჯანიშვილიდან არ უშვებდნენ, 12 სპექტაკლში იყო დაკავებული, თქვა რომ ავად ვარ, ვეღარ ვითამაშებო, მოკლედ რაღაც ჩაახვია, თავისი გაიტანა და დაბრუნდა რუსთაველის თეატრში, იმიტომ რომ ძალიან ტკივილით და ძალიან დაუმსახურებლად გაუშვეს თავის დროზე… მამაჩემი ამბობდა დედაშენსო სულ ალჩუნზე უჯდება კოჭიო, ძალიან იღბლიანი იყო და ამას არც თვითონ უარყოფდა, ყველაფერთან ერთად, ნიჭთან და გარეგნობასთან ერთად, იღბლიანიც იყო. რუსთაველის თეატრში დედა ერთი წელი არაფერს არ აკეთებდა, დაკავებული არ იყო, სახლში ხდებოდა საშინელება, თბილელი სახლში იყო ძალიან ბევრი. ერთი სული გვქონდა რომ რეპეტიციები დაწყებოდა, დაეყო „კავკასიურის“ რეპეტიციები და დედა სახლში ბრუნდებოდა შეშლილი, დედაჩემს ასეთ ხერხში საერთოდ არ უმუშავია, მისთვის აღმოჩენა იყო.
– თქვენ თქვით დედა იღბლიანი იყოო, მაგრამ თუ მის პირად ცხოვრებას გადავავლებთ თვალს, ცოტა ძნელია თქვა, იღბლიანი. იყო სირთულეები მის პირად ცხოვრებაში
– კი როგორ არ იყო, ინსტიტუტის დამთავრებისთანავე რუსთაველის თეატრში მივიდა და თეკლა ბატონიშვილი ითამაშა, და ყვებოდნენ რომ სასწაული იყო მისი სცენაზე გამოსვლა… მაგრამ ძალიან მალე დედა გაეყარა თავის მეუღლეს, გიორგი ვასაძეს, რომელიც იყო აკაკი ვასაძის შვილი და მოხდა ის რომ აკაკი ვასაძემ რეალურად გაუშვა თეატრიდან, ოღონდ ოფიციალურად ეს გაფორმდა ისე რომ იგი გადაიყვანეს სოხუმის თეატრში, კადრების გასაძლიერებლად. მახსოვს დედა ყვებოდა, სოხუმში რომ ჩავედი, ზღვაში გადახტომაზე ვფიქრობდი, მაგრამ კაკული გამახსენდაო… ჩემი ძმა მაშინ 3-4 წლის იყო… 2 წელიწადში სოხუმში ისეთი ფურორი მოხდა, მილიციის კორდონი იდგა თეატრთან როცა დედა თამაშობდა და შემდეგ ვასო გოძიაშვილმა წამოიყვანა მარჯანიშვილში. როცა თეატრში მარტო შენ ხარ ვარსკვლავი, ვერ იზრდები, არც კონკურენციაა, არც არაფერი და შენვე გწყინდება შენი თავი. დედას იღბალი რაშია იცით? მარჯანიშვილში რომ გადმოვიდა თითები არ მეყოფა იმდენი ვარსკვლავი იყო მარჯანიშვილში. ოქროს ხანა იდგა მარჯანიშვილში. როგორც კი ეს ოქროს ხანა მიძინებისკენ წავიდა, დედა რუსთაველში გადავიდა და ახლა იქ დაიწყო მართლა ეპოქალური ოქროს ხანა. „კავკასიურს“, „რიჩარდი“ მოჰყვა და დედა ძირითადად ძირითადად ჩემოდანზე იჯდა, ხანდახან თვეობით არ იყო ხოლმე სახლში. ამ ორმა შედევრმა აცოცხლა დედა, ამ ორა შედევრმა აიყვანა სხვა ეტაპზე რუსთაველის თეატრი, საერთოდ ქართული თეატრი…
ისევ საუკეთესო წლებზე
– სულ მეგონა რომ საუკეთესო წლები არის ახალგაზრდობის წლები და ალბათ ასეც არის, მაგრამ მინდა ყველას ვუთხრა, რომ საუკეთესო წლები, აბსოლუტუირად შესაძლებელია იყოს 40-ის მერე, 45-ის მერე… რა ასაკშიც არ უნდა მოგიწიოს ვარდობის ხანამ, მზად უნდა დახვდე და შეირგო, ხარობდე ამით… მე მადლობელი ვარ ჩემნი თავისაც და იმისაც რაც ხდება ჩემ თავს. იმიტომ რომ მე ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშანვს როცა იღვიძებ და არ იცი როგორ გაიყვანო ის დღე, თვე, წელი… ამ დროს ვერ აიძულებ თავს რომ იკითხო, ისწავლო ენები… მე ძალიან კარგად ვიცი რა არის, როცა გამტკიცებენ და მერე გხსნიან როლიდან, დამტკიცებული რომ ხარ, ელოდები როდის დაგირეკავენ, გადაგიღებენ, და მერე გეუბნებიან რომ იღებენ უკვე, იღებენ უშენოდ… ყველაფერი ვიცი და ამიტომ თუ რამე ხდება, ამის ძალიან მადლობელი ვარ. უცებ დამეყარა თავზე ყველაფერი. როგორც კი გიჟური სიყვარული ჩამიქრა, მაშინ მოვიდა ყველაფერი, ძალიან მინდოდა სცენაზე დგომა, ახლაც მინდა, როგორ არ მინდა, მაგრამ ასე არ ვგიჟდები, რატომაა ეს, რა პარადოქსია? თითქოს მე თვითონ ამ ჩემი გიჟური სიყვარულით ვუშლიდი ხელს ჩემ თავს ყველაფერში. და როგორც კი დალაგდა, დამშვიდდა, მაშინ დაიწყო კარების გაღება, მეც წყნარად შევდივარ… ერთბაშად დამეყარა თავზე როლებიც, ტელევიზიაც, სერიალიც, მაგრამ ეტყობა პაუზაში იმდენი შემონახული ენერგია და რესურსი მაქვს, რომ ჯერჯერობით მყოფნის. სულ მეკითხებიან როგორ ასწრებ, ვაიმე გადასარევად ვასწრებ! ამასაც ვასწრებ, ბავშვსაც ვუვლი, ოჯახსაც და ახლა ვკითხულობ ყველაზე მეტს, იმიტომ რომ ვარ არაჩვეულებრივ ახალგაზრდებთან და არ მინდა ჩამოვრჩე მათ. სიბერის პირველი ნიშანი ისაა, როცა რაღაც არ მოგწონს და არ ღებულობ ახალგაზრდებისგან და იძახი რომ ჩემი ახალგაზრდობა და ჩემი დრო უკეთესი იყო. რაც აბსოლუტური ტყუილია და ამიტომ სანამ არ აცდები, არ მოწყდები დროს და მიჰყვები ფეხდაფეხ იქნები ახალგაზრდა. ეს არის ახალგაზრდობის ელექსირი…
მაია თომაძის პირველი როლი ეთერი იყო „აბესალომ და ეთერში“ და ეთერივით მწარე ბედი არგუნა განგებამ. ეთერის პარტია იმღერა სიკვდილის წინაც და იმ ქვეყნადაც ეთერის კაბით გაეშურა…
მაია თომაძე, ანუ მაკო, როგორც მას შინაურობაში ეძახდნენ, მუსიკალური ტრადიციების ოჯახში დაიბადა. მამა – პეტრე თომაძე საოპერო მომღერალი იყო, დედა – ნათელა სვანიძე კომპოზიტორია.
მომღერალს ადრევე შეტყობია, აბსოლუტური სმენა და უნიკალური ტემბრის ხმა რომ ჰქონდა. იხსენებენ, ჩვილი ტირილს რომ იწყებდა, სახლი ზანზარებდაო. მაიას დედა საგანგებოდ უფრთხილდებოდა შვილის ხმას. მაშინ მოდად იყო ქცეული ვოკალური მონაცემების მქონე ბავშვების სცენაზე გაყვანა, რითაც არაერთი მშვენიერი ხმა დაღუპეს. მაიას დედას არათუ სცენაზე არ გაუყვანია მაია, საერთოდ მალავდა მის ვოკალურ მონაცემებს, მეგობრებთან წამღერებასაც კი უშლიდა. მაია ჭირვეულობდა, სიმღერა უნდოდა, მაგრამ დედა უშლიდა… სკოლის გუნდის ხელმძღვანელს თავს ისე აჩვენებდა, თითქოს ზუსტად ვერ იღებდა გამებს… სიმღერას უშლიდნენ და ფუნდამენტურ მუსიკალურ განათლებას აძლევდნენ: 5 წლისა ვიოლინოზე მიაბარეს. 8 წლისა უკვე სტრავინსკის ისმენდა. მუსიკალური ტექნიკუმიც ვიოლინოს დიპლომით დაასრულა. კონსერვატორიაში კი უკვე ვოკალურ ფაკულტეტზე ჩაირიცხა.
მერე იყო „აბესალომ დე ეთერი“. წამყვანი პარტიები „მთვარის მოტაცებაში“, „ევგენი ონეგინში“, „ომსა და მშვიდობაში“, „შუშანიკის წამებაში“, „დონ ჟუანში“ , „და არს მუსიკაში“, „აიდაში“, „დონ კარლოსში“…
მაიასპირველიროლიეთერიიყო „აბესალომდაეთერში“.
იყო სამწლიანი სტაჟირება დიდ თეატრში.
იყო დიდი წარმატება ბარსელონაში.
1986 წლის ნოემბერი, ბარსელონა, მომღერალთა საერთაშორისო კონკურსი. მონაწილეობს 17 ქვეყნის 148 მომღერალი.
მაია თომაძემ წარმატებით გაიარა სამივე ტური. პირველ ტურში, მაიას ნამღერმა ესპანურ რომანსმა მარტო მაყურებლის კი არა, მუდამ თავშეკავებული ჟიურის მქუხარე ტაშიც დაიმსახურა.
ჟიურიში იყვნენ – მონსერატ კაბალიე, ირინა არხიპოვა, ჯუზეპე დისტეფანო, რენტა კუპერი, მაგდა ალივიერო…
მესამე, ბოლო ტურში კი, ჟიურის თხოვნით, განმეორებითაც შეასრულა ლეონორას არია ვერდის „ბედისწერის ძალიდან“ და… ტრიუმფალური გამარჯვება. გამარჯვებულთა კონცერტს ხსნის ესპანეთის დედოფალი სოფიო. აღფრთოვანებით იხსენიებენ მაია თომაძეს. მაია თომაძე ასრულებს ლეონორას და აიდას არიებს, მერე კი მსმენელის დაჟინებული თხოვნით, ესპანეთის ცის ქვეშ აჟღერდა არაყიშვილის „ქალის ურმული“ და უკვდავი „სულიკო“… და მაია თომაძის აფიშას მიეწერა ბარსელონას ფრანსისკო ვინიასის სახელობის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი, პირველი პრემიისა და გრან პრის მფლობელი…
თეატრის ახალგაზრდობა დიდ მაესტროს – ჯანსუღ კახიძეს დაუპირისპირდა, ისეთ დირიჟორს ითხოვდნენ, რომელსაც მათთვის ეცლებოდა. დაიწყო კახიძე-ხომერიკის ცნობილი კონფლიქტი. მაია თომაძემ სოლიდარობა გამოუცხადა პარტნიორს და გამოაცხადა, თუ ხომერიკს თეატრიდან გაუშვებდნენ, თავადაც წავიდოდა, და წავიდა კიდეც. მავანმა კი ამაზრზენი ხმა გაუვრცელა – ვითომ თომაძემ ხმა დაკარგა და ამიტომ წავიდა თეატრიდან…
თეატრიდან წასულმა საოპერო მომღერალმა პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრში გადაინაცვლა, ეროვნულ მოძრაობაში ჩაება. იყო უზენაესი საბჭოს წევრი „მრგვალი მაგიდიდან“. მაჟორიტარი დეპუტატი – 31-ე ქარხნიდან. მერე ხმაც გაუვრცელეს, 31-ე ქარხანამ მაია თომაძეს წყნეთში სასახლე აუშენაო, თბილისიდან ასულ კომისიას, წინაპრების დანატოვარი, ღარიბული, ხისკიბიანი აგარაკი შერჩა ხელში. ისიც ოჯახის. ამ აგარაკს თავის დროზე საცოდავი ღობე ერტყა თურმე. ახალი ღობე მაია თომაძეს ბარსელონის პრემიით შემოუვლია. ოჯახმა ეს აგარაკი მაკოს გარდაცვალების შემდეგ გაყიდა, საფლავის გასაკეთებლად. ახალმა პატრონმა კი ბარსელონის პრემიით ნაყიდი ღობე სადღაც შორს მოისროლა…
მაია თომაძე იყო ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლი. თუმც კი, იყო ინციდენტი, რომლის შემდეგაც იგი კვლავ ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლად დარჩა უკანასკნელ ამოსუნთქვამდე, მაგრამ ურთიერთობა დაეძაბა მანანა არჩვაძე-გამსახურდიასთან.
ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეზე, მანანა არჩვაძემ მაია თომაძეს სთხოვა, გვიმღერეო. საოპერო მომღერალმა მოკლედ მოუჭრა: მე ჩანგლის წკარუნზე არ ვმღერიო!
ზვიად გამსახურდიას დამხობის შემდეგ, მაია თომაძე დროებით საცხოვრებლად ფინეთში გადავიდა. ეს მისი მხრიდან იძულებით გადადგმული ნაბიჯი იყო, თორემ მას შეთავაზება საზღვარგარეთ ცხოვრებაზე ჯერ კიდევ ბარსელონას ფესტივალის დროს ჰქონდა, მაგრამ არ წავიდა. ფინეთის მუსიკალურმა საზოგადოებამ თბილად მიიღო, პატრონობდნენ, სიმღერის საშუალებას აძლევდნენ. და როცა უკურნებელი სენი აღმოაჩნდა, საკუთარი ხარჯებით გაუკეთეს ურთულესი ოპერაცია იქვე, ფინეთში და სიცოცხლის ხუთწლიანი გარანტიაც მისცეს.
იმ ზაფხულს გახარებული დაბრუნდა საქართველოში, ხუთ წელიწადს ვიცოცხლებო. აქ კი დახვდა ეკონომიკური ქაოსი, პურის რიგები, უშუქობა…
სწორედ იმ ზაფხულს შეეხმიანა ერთ-ერთი მასზე ბევრად უფროსი კოლეგა, დედად რომ ერგებოდა, იმ ასაკის, შეცვლილი ხმით: „კიდევ ცოცხალი ხარ? რით ვერ მოკვდი“. მომღერალი ატირდა, იცნო, ვისი ხმაც იყო, მერე იმ „ღირსეულმა“ ქალბატონმა თავის მართლება დაიწყო, მე როგორ ვიკადრებდიო. არადა, მომღერლის უტყუარ სმენას არ გამოჰპარვია, ვისი ხმა იყო…
მაგრამ ისევ აქეთ გამოუწია გულმა. ბათუმის საოპერო თეატრში „ლელა“ იდგმებოდა, მას ლელა უნდა ემღერა და იმდენად უნდოდა ქართულ მიწაზე ქართულად სიმღერა, რომ წინა დღეს ქიმიამიღებული წამოვიდა ფინეთიდან. პეტერბურგის აეროპორტში თავსხმა წვიმაში თავისი ლაბადა უცხო ბავშვს მოახურა და გაცივდა, ბათუმში უკვე სიცხიანი ჩავიდა.
დეკორაციები იგვიანებდა და „ლელა“ ვერ შედგა. სხვათა შორის, როცა რეზო ლაღიძის ოპერა „ლელა“ თბილისში დაიდგა, მაია თომაძეს არ ამღერეს პრემიერაზე. და ეს მაშინ, როცა თავად რევაზ ლაღიძე აღფრთოვანებული იყო მაია თომაძის შესრულებით და თვალცრემლიანმა უთხრა კიდეც: თითქოს შენთვის დამიწერია ეს არიაო.
ბათუმშიც ვერ იმღერა, რადგან სპექტაკლი აგვიანებდა, ვერ შედგა „ლელა“, მაგრამ დაინიშნა „აბესალომ და ეთერის“ მორიგი სპექტაკლი, იმდენად დიდი სურვილი ჰქონდა, ქართულ მიწაზე ქართულად ემღერა, რომ დასთანხმდა, ხომერიკთან ერთად გამოსულიყო სცენაზე, რომელზეც იმჟამად განაწყენებული იყო. სცენაზე 39 გრადუსი სიცხით გავიდა.
ეს იყო მაია თომაძის ბოლო გამოსვლა სცენაზე, მისი ეთერი გაცილებით ტრაგიკული და ამაღლებული ყოფილა, ვიდრე ოდესმე. დარბაზი ტიროდა ეთერის ბედზე. დარბაზი ცრემლს აფრქვევდა, ტიროდა მაიას. თბილისის მაღალ ეშელონებში კი ბოღმას აფრქვევდნენ, რატომ მღეროდა ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლი მაია თომაძე ბათუმის სცენაზე. ასეთი დროც იყო.
მაია თომაძემ ეთერით დაიწყო და ეთერით დაასრულა.
ექიმებმა ფილტვებში გასული მეტასტაზები შენიშნეს, ეგონათ, არ იცოდა, რა სჭირდა… სიკვდილის ბოლო დღეებშიც საფრანგეთის კონკურსისთვის ემზადებოდა, დედა და ახლობლები რომ დაემშვიდებინა, რომ ვითომ არაფერი იცოდა თავსდატეხილ უბედურებაზე, არადა იცოდა ფინელი მედიკოსებისგან. იხსენებენ, რომ სიკვდილის ბოლო წუთებშიც კი თავის ხმაზე იყო. ვისაც სენისგან გატეხილი არ ენახა და მარტო ტელეფონზე ესაუბრებოდა, ვერ იჯერებდა მის ავადმყოფობას.
არ ეპუებოდა სენს. ებრძოდა, მხოლოდ ბოლო ორი კვირა ვერ შეძლო ფეხზე წამოდგომა. და აი, სწორედ მაშინ, სიცოცხლის ბოლო წუთებში უგანეს ყოფილმა თანამებრძოლებმა, ჰპირდებოდნენ სამკურნალო თანხას, ამაოდ ალოდინებდნენ, ატყუებდნენ. ქართველებისგან გაწბილებული მომღერალი ფინელებისთვის უფრო ძვირფასი აღმოჩნდა, სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე დაურეკეს და ფინეთში ჩასვლა შესთავაზეს, მთელ სამკურნალო ხარჯებს კისრულობდნენ. მაგრამ წასვლა ვეღარ მოასწრო, გარდაიცვალა. იმის გამო, რაკიღა მაია თომაძე „ზვიადისტი“ იყო, მისი გარდაცვალება აქაურმა ტელევიზიამ ერთი ფარღალალა განცხადებით ამოწურა, ამ დროს ფინელმა მუსიკოსებმა გაიგეს რა მაია თომაძის გარდაცვალება, მიმდინარე კონცერტი შეწყვიტეს მომღერლის პატივსაცემად.
დაკრძალვის წინა დღეს ბათუმიდან ჩამოფრინდნენ და ეთერის უძვირფასესი ხავერდის კაბა ჩამოუტანეს, შემოსეს ქართული საოპერო სცენის ეთერი ამ კაბით და იწვა კუბოში მაია თომაძე ეთერის კაბით – ეთერივით მრავალჯერ გულნატკენი, მრავალჯერ აღიარებული, მრავალჯერ გახარებული… მეზობლის კართან გვირგვინი იპოვეს – „მაია თომაძეს ოპერის კოლექტივისგან“…
არათუ ხილვა, მხოლოდ გვარ-სახელის „იპოლიტე ხვიჩიას“ ხსენებაც კი სიცილს გვრის და კარგ განწყობაზე აყენებს ადამიანს.
შორეული გალაქტიკის გიგანტური ვარსკვლავის ჩვენებური სეხნია – იპოლიტე ხვიჩია. ჩვენებური გიგანტური ვარსკვლავი.
არც ფისტი თოფურია იყო ანტიოპე და არც ალექსნადრე ყვინჩია – ათენის მეფე თეზევსი (ის რევოლუციონერი იყო და რუსეთშიც იყო გადასახლებული), მაგრამ რიგით მეექვსე შვილს რატომღაც მაინც მითოლოგიური სახელი – იპოლიტე უწოდეს.
გლეხის ოჯახში დაბადებული სიცილის მეფე, ბავშვობაში მეტად მტირალა ყოფილა. იმდენად მტირალა, რომ დედამისს ერთხელ აკვნიანად გადაუგდია თოვლში.
„ბებია მეგრელი ქალი იყო და უთქვამს, – ძაღლი მამაძაღლი, ბაღანა გადამიგდე? ახლავე შენი ხელით ამომიყვანე.
ბებიამ დასვლებული ტანსაცმელი გამომიცვალა თურმე, და ტირილი რომ აღარ შევწყვიტე, ახლა იმასაც მოუნდომებია ჩემი გარედ გაგდება. დედა შეხვეწნია, ნუ გადამიგდებ, გაცივდება და მოკვდებაო. ამის შემდეგ დედას საცემად აღარ გავუმეტებივარ.“
შემდეგ იყო მამის გადასახლება. ნალიაში ცხოვრება. საღამოობით შუაცეცხლთან რომ შემოიკრებდა დედა შვილებს და უკითხავდა წიგნებს, ასწავლიდა ლექსებს, აცეკვებდა, ამღერებდა… პატარა იპოლიტე უფროსი ძმით აღფრთოვანებას ვერ მალავდა, კუთხეში მიკუნჭული, გაფაციცებით აკვირდებოდა უფროსი ძმის ყოველ ჟესტს, ინტონაციას, მიმიკას, მერე ჩუმად გამოილალებოდა სათონეში და იქ კედელზე დაკიდებულ გაყვითლებულ სარკეში ბაძავდა, თავის თავი ხან მოსწონდა, ხან არა, ბოლოს დაასკვნა რომ არაფერი გამოსდიოდა და ხელი ჩაიქნია, გული გაიტეხა, არც სიმღერაში მაქვს ბედი, არც მსახიობობა გამომდისო და დადარდიანებულს სოფლის გარეთ დაუწყია ხეტიალი, მაგრამ მას მერე რაც დედამ ავი სულებით დააშინა, ეზოს გარეთ აღარ გაუყვია თავი, მაგრამ მავნეობას არ მოეშვა, თხების და წიწილების წვალებას ვინ დაეძებს, ერთხელ საკუთარი და ჩაამწყვდია ქვევრში და თვითონ ქვევრის თავზე აცეკვდა, ქვევრში გამომწყვდეული და წიოდა, კიოდა, იპოლიტე კი ლეკურს უვლიდა ქვევრის თავზე. ბედად უფროსმა ძმამ მიუსწრო და გემოზე მიტყიპა.
ცელქ და მოუსვენარ იპოლიტეს, არავისი მორიდება არ ჰქონდა, უფროსი ძმის – საშას გარდა, მაგრამ საშას ავტორიტეტმაც ვერ გასჭრა, როცა საშამ და იპოლიტეს მეორე ძმამ აკაკიმ, სკოლაში დრამწრე ჩამოაყალიბეს, იპოლიტე ვერას დიდებით ვერ დააინტერესეს, იტყოდა,
„ნეტა მოცლილები არ იყვნენო“ და საქეიფოდ მიდიოდა ძმაკაცებთან.
14 წლის იყო, როცა თბილისში ჩამოვიდა და სწავლა სამრეწველო ეკონომიკურ ტექნიკუმში გააგრძელა. დამთავრების შემდეგ მუშაობდა ხაშურში, საზკვების ინსპექტორად, შემდეგ ხარაგაულის რაიონში, სოფელ ძირულაში, აგურის ქარხნის მგეგმავი ეკონომისტი იყო. მერე ხე-ტყეს ჭრიდა ხაიშში, ლახამულაში, ჭუმბერში. მუშაობდა სოხუმშიც მეთულუხჩედ და პურის მცხობლად.
მერე ხონში რაიონული თეატრი გაიხსნა, სამხატვრო ხელმძღვანელად იპოლიტეს უფროსი ძმა დანიშნეს, მაგრამ იპოლიტეს მაშინვე სულაც არ დაუწყია ძმის თეატრში მუშაობა. თეატრმა მხოლოდ მას შემდეგ მიიზიდა, როცა სცენაზე აკაკი კვანტალიანი და გრიგოლ კოსტავა ნახა. ძმამაც შესთავაზა, გადმოდი ჩემთან ხონის თეატრში, შენგან კარგი მსახიობი დადგებაო. შეცდა თუ?
თეატრში მისულ 22 წლის იპოლიტეს დეკორაციული ოთახებიც ეპატარავებოდა, არც ტანზე სახელდახელოდ მორგებლული კოსტიუმიც ეპიტნავებოდა და სოფლიორის ჩიფჩიფი ხომ საერთოდ სისხლს უმღვრევდა. უარესად ავიწყებდა ტექსტს. დებიუტი წარმატყებული აღმოჩნდა. პრესაც გამოეხმაურა. იპოლიტე აღტაცებას ვერ მალავდა, წამდაუწუმ აკითხებდა ცოლს ერთ ფრაზას რეცენზიიდან: „იპოლიტე ყვინჩიას შეუძლია აიღოს საკმაოდ რთული როლი და დამაკმაყოფილებლად შეასრულოს იგი“.
იპოლიტე თავს ტრაგიკულ ამპლუის არტისტად მიიჩნევდა, ამიტომაც როცა ძმამ ყვარყვარეს როლი მისცა, ერთი წივილ-კივილი ატეხა, სულ წავალ თეატრიდანო. ძლივს დაითანხმეს, დაიწყო მუშაობა და მერე ისევ გაჯიუტდა. ძმას კატეგორიულად სთხოვდა, შემცვალე, კომედიური როლი ჩემი ამპლუა არააო. დედასაც კი შესჩივლა თურმე: „მე, ტრაგედიისთვის დაბადებული კაცი, ჩემ ძმას უნდა კომედიაში გადამაგდოს. ჩემი დაღუპვა უნდა, მაგრამ ვერ მოესწრება“!
ატირებული დედასაც სთხოვდა ძმასთან შუამდგომლობას, მაგრამ როცა ძმამ მაინც უარი თქვა მის შეცვლაზე, იპოლიტე სახლიდან გაიპარა რამდენიმე დღით და მხოლოდ დაჟინებული თხოვნის შემდეგ გამოცხადდა დარცხვენილი რეპეტიციაზე. წარმატება არნახული იყო. იპოლიტეს ყოველ გამოჩენაზე დარბაზი გრგვინავდა. იპოლიტემ როლში გაილაღა. ის კი არა, ერთ-ერთი გასვლითი სპექტაკლის დროს, მთლად გადაურევია დარბაზის ოვაციებს, მოუმატებია და მოუმატეებია თამაშისთვის, გვარიანად გადაუმლაშებია, ხალხს ესეც მოსწონებია, ძმა ანიშნებდა, ტემპს დაუწიეო, იპოლიტე კი არც ტემპს უწევდა, არც ლამფას – გიჟობდა, საქმე იქამდე მივიდა რომ ძმამ კულისიდან დაუძახა, დამაცადე, გამოხვალ და ნახავ როგორ მიგჯეჯგვავო. იპოლიტემ არც აცია, არც აცხელა და პირდაპირ სცენიდან წამღერებით, ნერვებისმომშლელად უპასუხა: არ გამოვალ და რას მიზამ, არ გამოვალ და რას მიზამ?..
26 წლის იპოლიტე ტყიბულის მეშახტეთა კლუბის გამგედ და სამხატვრო ხელმძღვანელად დანიშნეს და 2 წლის მანძილე იქ რეჟისორ-მსახიობობდა.
სწორედ იქ ნახა იპოლიტე დოდო ანთაძემ და ქუთაისის თეატრში გადაიყვანა.
თავად იპოლიტე იტყვის რომ სოწრედ დოდო ანთაძის ხელში იქცა ის, იპოლიტე ყვინჩია, იპოლიტე ხვიჩიად. სწორედ დოდო ნათაძეს შეუთავაზებია „ყ“ „ხ“– თი შევცვალოთ, რა დაშავდებაო. „არც არაფერი, ერთი ოხერია ორივე“. იყო პასუხი და იქცა ხვიჩიად…
იპოლიტეს დოდო ანთაძეც კომიუკურ როლებს აძლევდა, იპოლიტე კი კვლავ არ ისვნებედა, რა დაგემართათ, ერთი ტრაგიკული როლი რა გაგიხდათ ჩემთვისო. სწორედ ქუთაისში გახდა ის დამსახურებული არტისტიც და სახალხო არტისტიც. თბილისში 49 წლის ასაკში გადმოვიდა – რუსთაველის თეატრსა და კინოსტუდიაში სამუშაოდ. რუსთაველის თაეტრში მხოლოდ 5 წელი დაჰყო, შემდეგ. მთლიანდ კინოსა და ტელევიზიაში გადაინაცვლა.
ცოტა ხანს იყო რუსთაველის თაეტრში მაგრამ მაინც მოასწრო თამადობა და პურმარილი ქვეყნის მთავარ სცენაზე.
რუსთაველის თეატრში საგანგებოდ მისთვის დაიდგა ლევან სანიკიძის „ქუთათურები“. სპექტაკლში ქეიფის ათ წუთიანი სცენა იყო, სუფრას იპოლიტე ხვიჩია, ემანუილ აფხაიძე, კარლო საკანდელიძე, ჯემალ ღაღანიძე და ხუთი მომღერალი უსხდნენ. მსახიობისთვის, რომელიც ოფიციანტს თამაშობდა, კახეთიდან ღვინო ჩამოუტანიათ, უფიქრია ამათზე უკეთესს ვის დავალევინებო და სუფრაზე ნამდვილი ღვინო შეუტანია. სცენა ათ წუთის ნაცხვლად ნახევარ სათზე მეტხანს გაგრძელდა. ჯემალ ღარანიძემ რომ უთხრა, დავამთავროთო, იპოლიტე გადაირია: „შენ ხომ არ გაგიჟდი, რა უნდა დავამთავროთ, ახლა ვიწყებ ქეიფსო“. ღაღანიძეს ხელათ იმპიჩმენტი მოუწყო, გადააყენა და თამარ მეფიდან მოყოლებული ყველა დიდი მამულიშვილის სადღეგრძელო შესვა. არც მაყურებელი დავიწყა: „თქვენს მობრძანებას და ჩვენს დახვედრას გაუმარჯოსო, ვინც გარეთ დარჩა და სპექტაკლზე ვერ შემოვიდა, იმათი ხსოვნაც იყოსო. შიგადაშიგ ვერიჩკასაც ახსენებდა. ჯემალ ღაღანიძემ რომ კითხა, ვერიჩკა ვინააო, იპოლიტემ შეიცხადა: „აბა ვისას ვართ?“. ვერიჩკასას წუხელ ვიყავით, ახლა სცენაზე ვართ და დროზე დავამთავროთ – რომ უთხრა ღაღანიძემ, რა უნდა დავამთავრო? შეჰყვირა, წამოხტა, პირში დანა ჩაიდო და დაიწყო ცეკვა…
ვერიჩკა – იპოლიტეს სიდედრი იყო და იპოლიტეს წყალობით უკვდავყოფილიცაა არტისტულ „ფოლკლორში“.
გადაღების შემდეგ იპოლიტემ გადამღები ჯგუფი შინ დაპატიჟა. მოილხინეს, სუფრას ჩიტის რძეც არ აკლდა, მაგრამ ეროსი მანჯგალაძე არ ეშვებოდა, სულ ესაა, ამისთვის დამიძახეო. შეწუხებული იპოლიტე მეუღლეს ეძახდა და ყურში ჩურჩულით ახალი კერძის შეკვეთას აძლევდა. „ხაჭაპუროვნაც“ (ასე ეძახდნენ იპოლიტეს ცოლს) ამატებდა და ამატებდა ახალ-ახალ კერძებს. ეროსი მაინც არ ისვენებდა, სულ ესაა, ამისთვის დამიძახეო? ბოლოს იპოლიტე წამოხტა და გასძახა მეუღლეს – „ლუბა, გაპუტე ვერიჩკა და შეწვი“…
სწორედ ვერიჩკას ნიფხვითაა გადაღებული იპოლიტე ხვიჩია „ბურთ და მოედანში“. კუჭკუჭის სტადიონზე სარბენად დიდი შავი ტრუსები დასჭირდა, ვერ იშოვეს. გადაღება გადაიდო. შინ დაბრუნებულმა იპოლიტემ, სასურველ კოსტიუმს აივანზე მიაგნო – სიდედრს თავისი მოგრძო ნიფხავი ჰქონდა გაფენილი გასაშრობად. მეორე დღეს ვერიჩკამ ქვეყნა შეძრა, მაგრამ თავის ნიფხავს ვერსად მიაგნო. გვიან ღამით გადაღებიდან დაბრუნებულმა იპოლიტემ აივანზე დაიძინა და დილით ვერიჩკას კივილმა გააღვიძა: – დედაა, ამას რას ხედავს ჩემი დასაფსები თვალები, სად იყო ბიჭო მაი ტრუსიკი?
– კაი ახლა ვერიჩკა, რა მოხდა მერე, ამ ასაკში შენს ტანზე ჩაცმულს მაინც ვერავინ ნახავდა და ახლა ეს ნიფხავი მთელს მსოფლიოს მოივლის…
მართალც მოიარა!
სწორედ „ბურთსა და მოედანს“ უჩვენებდნენ კანის ფესტივალზე როცა ჟან გაბენმა რეზო ჩხეიძეს კითხა „რატომ არ ვიცნობ ამ კაცს, ეს რა გენიოსი გყოლიათ“. ეს კაცი იპოლიტე ხვიჩია იყო.
იპოლიტე ფესტივალებზე არ დადიოდა და როცა კითხეს, რატომ არ დადიხარ, მოსკოვში წასვლა მაინც რა გაგიხადაო, ჩვეული იმუმორით უპასუხა: „იმიტომ რომ ეშინიათ, ჩემნაირი რუსული მოსკოვში არ ისწავლონო“.
სიცილის მეფეს, იუმორი არც ცხოვრებაში ღალატობდა. მუშის როლი რომ სათანადოდ განესახიერებინა (ფილმში „ქალაქი ადრე იღვიძებს“) საგანგებოდ დადიოდა ელმავალმშენებელ ქარხანაში, სადაც ერთი მუშა ნამეტნავად დაუმეგობრდა და ყოველდღე მიირთმევდა იპოლიტეს შინიდან წაღებულ საუზმეს. იპოლიტეს, აღიზიანებდა მისი ყოველდღიური თანამეინახეობა. ერთხელაც ცოლს კვერცხი მიახარშინა, ერთი უმიც გააყოლა ხელს. აიღო მოხარშული კვერცხი და ითხლიშა შუბლში. მეორე, უმი კი თორნიკეს გაუწოდა. თორნიკემაც მიბაძა იპოლიტეს და ითხლიშა შუბლში. იპოლიტე ნეტარებით შეჰყურებდა კვერცხის გულით მითხუპნულ თორნიკეს ცხვირ-პირს. შინ დაბრუნებული კი ამაყობდა, მაგარი ნომერი ჩავატარე, ისე ითხლიშა ეჭვიც არ შეჰპარვიაო.
ბათუმში, ზღვისკენ მიმავალი იპოლიტე უკვე მზით ნასიმოვნებ სესილია თაყაიშვილს გადაეყარა. შეიცხადა, აუ, სესილია გამომასწარი? შენი ნახვა მინდოდა „კუპალნიკშიო“. სესილიაც აჰყვა და გაიხსნა ხალათი და საბანაო კოსტიუმში წარსდგა იპოლიტეს წინაშე.
– დუდუუუ! ყვავს დააჩხავლებს… – შესძახა იპოლიტემ…
სიცოცხლის ბოლო წლებში მეტწილად აივანზე იყო და იქდან ადევნებდა თავლყურს ეზოს ამბებს. ეზოში რაღაცის შენება დაიწყეს და იპოლიტემაც ყველა მშენებელი გაიცნო ზემოდან. ერთ დღეს ხელში გახვეული ჩვილით გავიდა, უმღეროდა და ანანავებდა, უცებ, იყვირა, აღარ მაქვს ამდენი ფერების ნერვები, ხალხი არ ხართ, მიშველეთ, ახლა თქვენ დაიჭირეთო და მეოთხე სართულიდან ჩვილი გადააგდო. მუშები თავპირისმტვრევით გაცივდნენ ბავშვის გადსასრჩენად, დაზაფრულებმა შეახეს ხელი გადმოგდებულ „ბავშვს“, შეახეს თუ არა, თუ არა შალითიდან „ბავშვი“ „ამოძვრა“ და და იქვე დაიწყო ხტუნვა… იპოლიტემ, ხუთლიტრიანი ღვინით სავსე ტიკი გადაუგდო მუშებს…
მას პანაშვიდებზე და დაკრძალვებზეც კი სიცილით ეგებებეოდნენ და ამიტომაც იხვეწებოდა, ჩემს დაკრძალვაზე სურათი წინ არ გაიტანონ, ხალხი სურათის დანახვაზე გაიცინებს, მე კი მინდა, ამ ერთხელ მაინც მომეგებნონ ცრემლით. ამ ერთხელ მაინცო.
ის ცრემლით გააციილეს.
ერთ-ერთი ინტერვიუს დროს, კორესპოდენტს კითხა, რამდენი შეკითხვა გამოვიდაო. 11-იო. არ შეიძლება კიდევ ორი რომ დავუმატოთო? ცამეტი ჩემი ციფრია, კარგად მაქვს დაცდილიო. ოჯახში 13-ნი ვიყავით, დედა, მამა და 11 შვილი. ქუთაისშიც ლერმონტოვის 13-ში ვცხოვრობდი, ქუთაისიდან თბილისშიც წითელი პარტიზანერბის 13-ში გადმოვედი, დამსახურებული არტისტის წოდებაც 1953 წლის 13 ივნისს მივიღე, სასტუმროში ყოველთვის 13 ნომერი მხვდება, სახალხო არტისტის წოდებაც 1960 წლის 13 ივლისს მივიღე, ახალი ბინაც სევასტოპოლზე 13 ივნისსო…
იპოლიტემ 13 იპოლიტე ითამაშა კინოში.
13-ის შებრუნებული „31“-იც საკრალური აღმოჩნდა იპოლიტესთვის დაიბადა 1910 წლის 31 დეკემბერს, გარდაიცვალა 1985 წლის 31 იანვარს…
(დაიბეჭდა „პრაიმტაიმში“. შენიშვნა – გარდაცვალების თარიღად რიგ წყაროებში 1 თებერვალია მითითებული).
(ეს ნარკვევი 2010 წელს დაიბეჭდა გაზეთ „პრაიმტაიმში“ სატაურით – „რეზო შატაკიშვილი დაუვიწყარ კაკო კვანტალიანზე“ და თავსი მხრივ ეფუძნებოდა, 1998 წელს, გაზეთ „ახალ საქართველოში“ გამოქვეყნებულ ჩემს ინტერვიუს – მსახიობის ოჯახის წევრებთან. „პრაიმტაიმში“ გამოქვეყნების შემდეგ, ეს ნარკვევი განთავსდა ინტერნეტშიც, რის შედეგადაც ეს ნარკვევი ნაფლეთებათ თუ მთლიანად (ცხადია ავტორის და გაზეთის მითითების გარეშე) არაერთმა ფეიჯმა ატრიალა. ასე რომ თუ რამე გეცნოთ, იმედი მაქვს, აქეთ მე არ დამადანაშაულებთ ქურდობაში)
1967 წლის ივლისის მიწურულს, ცხელი ზაფხულის ერთ დღეს პლეხანოვი გააყრუა მემეწვნე თათარი ბაჯის მოთქმით კივილმა. მოდიოდა და კიოდა ბაჯი, დასტიროდა კაკო კვანტალიანს, შვილის გადამრჩენელ კაცს…
… კვანტალიანებთან მაწონი დააქვს ერთ თათრის ქალს. მისი სახელი არავინ იცის – „ბაჯის“ ეძახიან. ბაჯი ყოველ დილით 6 საათზე მიდის კვანტალიანებთან. მსახიობი მაწონს ართმევს. ეს რიტუალი გრძელდება წლობით. ერთ დღესაც ბაჟი ტირილით კვდება. კვანტალიანი ეკითხება – რა მოხდა, რა გჭირს. ბაჯიმ არც ქართული იცის, არც რუსული. მეორე დღეს ქალიშვილს მიიყვანს თარჯიმნად – თურმე 12 შვილი ჰყოლია. უფროსი ვაჟი ქორწილში ყოფილა, ჩხუბი ატეხილა, ვიღაც დაუჭრიათ, ყველას თავი დაუძვრენია და მხოლოდ ის დაუჭერიათ და ხუთი წელი მიუსჯიათ. ბაჯის „თარჯიმანი“ გოგონა კვანტალიანს ეტყვის – სოფელში რომ გაიგეს რომ დედას მაწონი დააქვს თქვენთან, გვითხრეს, სთხოვეთ, კეთილი კაცია, აუცილებლად დაგეხმარებათო.
კვანტალიანი ბაჯის დაამშვიდებს – მაცალეთ და ციხიდან გამოვიყვან.
შეწყალების კომიისას გრიგოლ აბაშიძე ხელმძღვანელობს. გრიგოლ აბაშიძე კვანტალიანის მეზობელია წყნეთში. კვანტალიანი გული გაუწვრილებს აბაშიძეს – ყოველ დილით 7 საათზე ურეკავს და ახსენებს. ბოლოს მარტო იმ თათარი ბიჭის სახელს ეუბნება „აგაჯანა“ და ყურმილს უკიდებს.
იმდენს იზამს აგაჯანას მართლა გამოაშვებინებს.
ბაჯიც გამოაცხობინებს დიდ ტორტს, უკან ამოიყენებს თავის 12 შვილს სიმაღლის მიხედვით და კვანტალიანს მიადგება… კვანტალიანი უკან გაატანს ტორტს. გაატანს ზრდილობიანად, აი, ქუთაისელ რიჟინაშვილს კი, რომელსაც თბილისში ჩაწერაში დაეხმარება და ის „მაღარიჩს“ იკისრებს – მაშინ იშვიათ დიდ ფერად ტელევიზორს მიართმევს, წიხლს უკრავს ტელევიზორზე და კიბეებზე დააგორებს…
დაცარიელებული ქალაქის ქუჩები ხალხით გაივსო. ზღვა მიაცილებს აკაკი კვანტალიანის კუბოს და ჰაერი გააპო ქალის კივილმა. შეჩერდით! შეჩერდით! ამჯერად მოსთქვამდა მშვენიერების ეტალონი – მედეა ჯაფარიძე. პროცესია შედგა. სევდა ააზვირთა ტალღებად მისმა გამოსათხოვარმა სიტყვამ…
… კაკო კვანტალიანი გრიშა კოსტავას მეგობარი იყო. ის ხშირად აკითხავდა პარტიულ ბოსებს, გაჭირვებულების დასახმარებლკად, მაგრამ პარტია სძულდა. პარტიაში ცოცხალი თავით არ შევიდა,მ არა ვარ ბატონო პარტიის ღირსიო. უპარტიობის გამო დაკარგა ლენინის როლი. თავსაც დაკარგავდა, იღბალზე გადაღებებზე რომ არ ყოფილიყო დაკავებული და იმ შეკრებებზე ევლო, სადაც გრიშა კოსტავა დადიოდა. არადა აპირებდა თურმე, მაგრამ გადაღებები, რეპეტიციები და ის გარადჩა.
გრიშა კოსტავა დახურულმა სასამართლომ უმძიმესი ბრალდებით გაასამართლა და აღუკვეთა თავისუფლება. კაკო კვანტალიანმა მოახერხა და სასამართლოს შემდეგ გრიშა კოსტავა და მედეა ჯაფარიძე შეახვედრა. სწორედ მაშინ უთქვამს გრიშა კოსტავას თავის ულამაზესი მეუღლისთვის რომ დროზე გათხოვილიყო, რადგან მოცდას აზრი არ ჰქონდა…
შემდეგ სწორედ მედეა ჯაფარიძის ხელშეწყობით შეირთავს კაკო კვანტალიანი მასზე გაცილებით ახალგაზრდა მშვენიერ მაია ჭიპაშვილს _ რეპრესირებული ოჯახიდან და მის უმცროს დებს მამობას გაუწევს.
(კაკო კვანტალიანის მეუღლე 26 წელიწადი ხელმძღვანელობდა მარჯანიშვილის თეატრის მუზეუმს).
გრიშა კოსტავას დაპატიმრების შემდეგ, მის ძმას _ მერაბ კოსტავას მამასაც დააპატიმრებენ. გადასახლებიდან დაბრუნებული ოჯახი კვანტალიანებმა სადილზე მიიპატიჟეს, მაშინ როცა ბევრს მათთვის გამარჯობის თქმისაც კი ეშინოდა…
ორი ქალის გოდება – „ბაჯის“ და მედეა ჯაფარიძის – ამომწურავად გამოხატავს იმ სიყვარულის უკიდეგანო არეალს, რომელიც დაიმსახურა კაკო კვანტალიანმა.
ის ყველას უყვარდა და ყველას უყვარს დღესაც. ის მსუყე ფერებით, „მაზოკებით“, გასაოცარი სიმსუბუქით ხატავდა გმირებს და ათბობდა განუმეორებელი, სიკეთით სავსე იუმორით.
დაიბადა სამტრედიაში. იქვე, სამტრედიაში, კიბის ქვეშ მოწყობილ სცენაზე დაუწყია არტისტობა და გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, თბილისში წამოსულა – სწავლობდა უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე, 21 წლის კი უკვე მარჯანიშვილის გვერდითაა – კიბის ქვეშ მოწყობილი სცენიდან პირდაპირ მარჯანიშვილის ორბიტაზე მოხვედრილა. ჯერ მარჯანიშვილმა იწამა მისი ნიჭიერების, შემდეგ მთელმა საქართველომ…
მას უყვარდა: სცენა, ეკრანი. ქეიფი, სმა, კიტრი და რაც მთავარია ადამიანები და სიკეთის ქმნა. თავის პროფესიას, პოპულარობას დაუზოგავად იყენებდა სიკეთის საკეთებლად…
ხშირად აკითხავდა პარტიულ ბოსებს – ხან ვის ბინის თაობაზე, ხან ვისაზე. როცა სხვა საკითხზე მიდიოდა, მდივნებს აფრთხილებდა, უთხარით ამჯერად ბინა არ მინდა, სხვა საკითხზე მოვედი!
ოლღა ბებიას პროტოტიპი
მსახიობის დედა – ანეტა – სესილია თაყაიშვილის ოლღა ბებიას პროტოტიპი იყო.
თავად სესილია თაყაიშვილი ამბობდა -„მე თუ ვინმემ შთამაგონა და თუ ვინმე მედგა თვალწინ ოლღა ბებიას თამაშისას, ეს კაკო კვანტალიანის დედა, ქალბატონი ანეტა გახლდათ!“
ქალბატონი ანეტაც ოლღა ბებიას მსგავსად ზრდიდა ობოლ შვილიშვილს – ბიძინა კვანტალიანს, რომელსაც დედა 6 თვისა გარდაეცვალა.
შვილიშვილები იხსენებენ, რომ ქალბატონ ანეტას წერა-კითხვა არ სცოდნია ხეირიანად, მაგრამ ქალური გონიერებით გამოირჩეოდა.
… ქალბატონი ანეტა იქ, სამტრედიაში გაიგებს რომ თბილისში, ოპერაში „აბესალომ და ეთერის“ პრემიერაა. თბილისში მოჯამაგირეს გამოაგზავნის ბილეთებისთვის. მოჯამაგირე ფულს გამოჭამს და ბილეთებს ქანდარაზე უყიდის. თბილისში ურმით ჩამოსული და ჩიხტიკომპით დამშვენებული ანეტა აღფოთდება და წყენას მხოლოდ სპექტკლით მინიჭებული სიამოვნება გადაავიწყებს.
უკიტროდ დარჩენილი კაკო
კვანტალიანს უზომოდ ჰყვარებია კიტრი და მწვანილი. ხმა დადიოდა კაკო კვანტალიანი ძილშიც კირტს ჭამსო. ყიდულობდა თვითონ, თან ბლომად და ყოველდღე მიირთმევდა. ერთხელ ბიძინა კვანტალიანს უკვე ავადმყოფი ბიძისთვის წყნეთში 40 კილო კიტრი აუტანია, მესამე დღეს მსახიობს ძმისწულისთვის დაურეკავს, „არ გცხვენია ბიძინა, ბიჭო, უკიტროდ მტოვებ“? რომ უკითხავს, 40 კილო იყო, რა იქნაო, მე რომ მიყურებენ, ესენიც მადაზე მოდიან და ყველანი ჭამენო.
ერთხელ ბაზარში ერთ გლეხს კიტრი ცოცხალი თავით არ მიუყიდია. არა ხარ შენ კაი კაცი, მაგდანას ბალღებს ვირი როგორ წაართვიო, და უშვერი სიტყვებით დაუწყო ლანძღვა. ამშივდებენ, ეგ კინოშია მასე, ეს მსახიობიაო. არაო. აუკრეფია კიტრი იმ გლეხს და საერთოდ ბაზრიდან გაქცეულა.
უკიტროდ დარჩენილი კვანტალიანი ბედნიერი ყოფილა – მართლა კარგად მითამაშიაო.
შტუკა ვასოსთვის
კვანტალიანს იუმორი არ ღალატობდა არც ეკრანზე, არც სცენაზე და არც ცხოვრებაში. ჰყვარებია „შტუკების“ მოწყობა.
თურმე კაკო კვანტალიანს ძალაინ ჰგავდა მისი და, გარეგნობითაც, აღნაგობითაც. ერთხელ წვეულებაზე, კაკო კვანტალიანს ვასო გოძიაშვილისთვის უთქვამს, ცოტა ხნით დაგტოვებთო. გამოსულა, თავისი დისთვის ცაუცმევია კაცურად, თავზე ცილინდრიც დაუხურებია და ვასოს მიუსვა გვერდით. გოძიაშვილი მთელი საათი ელაპარაკებოდა კაკო კვანტალიანის დას, როგორც კაკო კვანტალიანს. კიდე კაი ხანს ვერ მიხვდებოდა, თვოთონ კაკო კვანტალიანი რომ არ გამოსულიყო და ხარხარი არ აეტეხა…
… „მაგი რომ ჭამს და მაგი რომ სვამს, მე ცალ ყურში ჩავისხამო“ – დაიტრაბახებს კვანტალიანის ქებით გულმოსული დოდო აბაშიძე.
მსახიობები გადაწყვეტენ და მოაწყობენ მათ „სმაჭიდს“ – აქეთ კაკოს დასვამენ, იქით დოდოს. სასმელსაც, საჭმელსაც თანაბრად მიუტანენ. მოილხენენ, სვამენ, სვამენ… გვარიანად შეთვრებიან და გამთენიიისას დაიშლებიან.
შინ მისული კვანტალიანი დაიძინებს. ახლობლები მიაკითხავენ. მეუღლე ეტყვის რომ კაკოს სძინავს. შესჩივლებენ – ქორწილი გვაქვს და ბატონი კაკო რომ თამადა არ იყოს, ქორწილს ეშხი დაეკარგება.
„ქორწილიო?“ – გაიგებს მძინარე მსახიობი და მერცხალივით წამოფრინდება, გაჰყვება ბიჭებს. გაჰყვება და კვანტალიანებთან ტელეფონი აწკრიალდება – დოდო აბაშიძის დედა რეკავს – გულშეწუხებული: დოდოს ექიმები ახვევია, მგონი მოწამლულია, ამბობს კაკოსთან ერთად დავლიეო და კაკო როგორღააო.
კაკო კარგადაა, ქორწილში წაიყვანეს თამადადო. დოდო აბაშიძე იტყვის – რა მრჯიდა, ვის ვეჯიბრებოდი.
ერთკვირიანი ბანკეტი
კვანტალიანებთან ბანკეტია – კაკოს ვაჟი – გელა სკოლას ამთავრებს. თამადას ვის ინატებენ კაკოზე უკეთესს. თამადობს და პურმარილი ხელუხლები რჩება – ბავშვები სიცილ-ხარხარს უნდებიან, ჭამისთვის ვის სცალია… სუფრა მეორე დღესაც იშლება, ახლა უკვე პარალელურ კლასელებსაც პატიჟებენ – დასახმარებლად. მაგრამ რა გინდა, პურმარილი ისევ ხელუხლები რჩება – მეორე დღეს თენგიზ ჩანტლაძე თამადობს… და ასე ერთი კვირა იშლება სუფრა…
ცელქი აღმასკომი
… კაკო კვანტალიანი თამადობს. სუფრაზე კი ერთი კაცი „ცელქობს“ – თამადას არ უსმენს. „ცელქი“ კაცი აღმასკომის თავმჯდომარეა. კვანტალიანი ითმენს, თან ბრაზდება. ითმენს, ითემენს და უცებ ომახიანად შესძახებს – მოდი გავცვალოთ ადგილები, შენ აქ იყავი თავმჯდომარე, მე იქ ვიქნები. არაო – ამოიღმუილა თავჯდომარემ და გაისუსა.
ჭიქა თუმნად
თავდაუზოგავად მუშაობდა თეატრში, კინოში, ეწეოდა საკონცერტო მოღვაწეობას, მაგრამ მისი ხელფასი მაინც ვერ აუდიოდა მის პურ-მარილიანობას. მუდამ ცოლისდის ვალი ჰქონია და მეუღლესთანაც ხშირად კამათობდა ფინანსურ საკითხებზე. ერთ-ერთი ასეთი დავის შემდეგ უმცროს ძმას ვასოს საქეიფოდ დაუპატიჟია, ცოლი გაცეცხლებულა, მაზლს დაუმშვიდებია – რამდენ ჭიქასაც დალევს, იმდენი თუმანი ჩემზე იყოსო. კვანტალიანი წასულა და 44 ჭიქამდე ასულა (ითვლიდა ძმისწული ბიძინა კვანტალიანი და ჭიქების რაოდენობასაც ბერავდა). ბოლოს ვასოს თანხა დაურგვალებია და რძლისთვის 500 მანეთი გაუგზავნია. ცოლი მაინც ბრაზობდა – ისე ას ჭიქას სვამ და ახლა რა გეტაკა, 44 ჭიქაზე მეტი ვერ დალიეო…
პატიმრობა სუფრასთან
უყვარდა როცა ვინმეს ეხმარებოდა – შინაურს თუ გარეულს. როცა მორიდებით ეტყოდნენ, ამას და ამას თუ იცნობთო, პასუხობდა – მე თუ არ ვიცნობ, ის ხომ მიცნობსო და დასახმარებლად მისდევდა – ყველა მასთან მიდიოდა _ ვის ბინის მიღება უნდოდა, ვის თბილისში ჩაწერა, ვის წართმეული მართვის მოწმობის დახსნა. დიდუბის მილიციის წინ გავლისას მილიციას ხმამაღლა ესალმებოდა – მე მიცავს ჩემი მილიცია! მილიციაც უზომო სიყვარულით პასუხობდა მას. ერთხელ, ახალგაზრდობაში, ნაღვინევ ოთარ მეღვინეთხუცესს უჩხუბია, ვიღაც უცემია და მილიციას დაუკავებია. ვინ არ მიუგზავნიათ, მაგრამ არ გამოუშვიათ. ბოლოს კაკო კვანტალიანი მისულა. მილიციის უფროსს მაშინვე უთქვამს, ერთი პირობით გამოვუშვებ, თუ საქეიფოდ გამომყვებითო! მეღვინეთხუცესი შინ გაუშვეს, მის ნაცვლად კვანტალიანი „დააკავეს“ – სუფრასთან…
პირსისხლიან ბერიასთან
ნამდვილ დაპატიმრებას კი ბეწვზე გადაურჩა – ერთხელ ბერიასგან, შემდეგ მჟავანაძისგან…
კვანტალიანს სამჯერ მოუწია შეხვედრა პირსისხლიან, სულძაღლ ბერიასთან. მასთან მიღებული შტაბეჭდილებები მოგვიანებით თენგიზ აბულაძეს გაანდო და „მონანიებაში“აისახა კიდეც მისი ნაამბობი მოზაიკურად, კარადიდან გადმოსვლის სცენა სწორედ კვანტალიანს უამბნია რეჟისორისთვის.
კვანტალიანს თვით ბერია დამუქრებია გაქრობით, მერე დღეს რომ მსახიობი თეატრში მისულა ცოცხალი, სახტად დარჩენილა მთელი დასი. სასწაული არსი: ზუსტად იმ საღამოს ბერია დაუწინაურებიათ და მოსკოვში გადაუყვანიათ, ტრიმფატორ სისხლისმსმელს ვიღაც კომიკი არტისტისთვის აღარ ეცალა…
მჟავანაძესთან
კვანტალიანი პოლიკარპე კაკაბაძის „ცხოვრების ჯარაში“ მეცნიერებაში ფეხშემდგარ, პარტიული კარიერიდან დათხოვნილ გენერალს თამაშობდა. მჟავანაძესთან დაასმინეს, შენ განსახიერებსო. წააგავდა კიდეც თურმე გრიმით. მერე ფეხს ითრევდა, როდესაც მჟავანაძესთან შესვლამ მოუწია საყოფაცხოვრებო საკითხებზე, მჟავნაძეს თბილად მიუღია, საიდუმლოდ გაუნდია კიდეც, მეც კარგად ვიცი რასაც ვემსახურები, მაგრამ რა ვქნაო. იმ როლზე სიტყვა არ დასცდენია. თვითონ კვანტალიანს მოუყოლია, ასე და ასე დამაბრალესო. არც ეგ შეუცხადებია ვასილ პავლოვიჩს, და საერთო ჯამში კარგი შთაბეჭდილება დაუტოვია. ის კი არა, კონიაკიც „გადაუხუხიათ“.
კვანტალიანი – ნოსტრადამუსი
კვანტალიანი ქუთაისში სოფრაზე შეხვედრილა ახალგაზრდა, ახლადაწინაურებულ შევარდნაძეს. მოხიბლულა. შინ დაბრუნებულს ცოლისთვის უთქვამს, ისეთი ახალგაზრდაა, ან აგვაშენებს ან დაგვანგრევსო.
აკაკი კვანტალიანი 60 წლის გარდაიცვალა 1967 წელს, დრომ ვერაფერი დააკლო მის გაუხუნარ ეკრანულ გმირებს…
2000 თუ 2001 წელს, ნააღდგომევს, დიდუბის პანთეონში ყვავილები მივუტანე ლია ელიავას… ქალბატონ ლიანას ასათიანს შევხვდი, მეუღლის საფლავზე მოსულს. გაეხარდა იქ რომ მნახა, ესე იგი მეც მომიტან ხოლმეო ყვავილებს… არაერთხელ მიმიტანია… დღესაც მივუტენე.
დღეს, 20 დეკემბერს ლიანა ასათიანის დაბადების დღეა… პანთეონში დაბადების დღეს სასმისს თვალს მომდგარი ცრემლი ენაცვლება…
არაერთხელ დამიწერია რომ თუ თქვენ ერთხელ მაინც გინახავთ ლიანა ასათიანი, შეგიძლიათ იამაყოთ – თქვენ ნანახი გყავთ ნამდვილი დედოფალი. არა სისხლით. არამედ სულით.
მე კი, ბევრად საამაყოდ მაქვს საქმე… ის ჩემი უფროსი მეგობარი იყო…
ცივი დედოფლური, ზვიადი სილამაზე. რომელსაც წლებამდე ვერას აკლებდა დრო… არსიტოკრატიზმი – შინაგანიც და გარეგანიც. ის იყო ზეპური ჯიშით. ასეც მითხრა ქალბატონმა მედეა ცახავამ – ლიანა ასათიანი სხვა ჯიშის ქალია… მითხრა მაშინ, როდესაც ერთგვარი პროდიუსინგი გამიწია – მასთან ინტერვიუ შემითანხმა გაზეთ „ახალ საქართველოსთვის“. ეს იყო 1998 წელს… მაშინ შევხვდი პირველად…
მე მას მუდამ ქალბატონოთი მივმართავდი. არადა, არაერთხელ მითხრა მიმემართა სახელით – ლიანა…. მე ვერ შევძელი. დიახ, ძნელი იყო მიგემართა „ქალბატონოს“ გარეშე, მაშინაც კი როცა თავად გაძლევდა უფლებას…
როგორც ლანა ღოღობერიძე იტყვის ლიანა ასათიანის სილამაზეში იყო ტრაგიკული, საბედისწერო რამ. სწორედ ეს ტრაგიკული, საბედისწერო რამ აქცევდა მას იმ სილამაზედ, იმ მშვენიერებად, რომლის სრულყოფილად ასახვა მხოლოდ ფრესკის შემოქმდთა პრეროგატივაა, ვინემ მხატვრების.
ის არ იყო აღფრთოვანებული პიროვენება, მაგრამ თავად აღაფრთოვანებდა მნახველს.
ის იყო უჩვეულოდ თვითკრიტიკული და ამაყი. ქალბატონი გულახდილობის საკუთარი ფორმულით. სევდით, რომელიც მხოლოდ მისი იყო.
ასეთი ქალბატონები მუდამ განსაზღვრავენ ირგვლივ მყოფთა ბედს, არ აძლევენ მათ დინების მიყოლის საშუალებას. თავად მებრძოლნი, მუდამ საბრძოლო მზადყოფნისთვის მოუწოდებენ და იმარჯვებენ კიდეც.
გაიმარჯვა კიდეც – ფასდაუდებელი იყო მისი ღვაწლი დავით და ლექსო თორაძეების წარმატებაში.
„შვილებში ჩადებული თავდაუზოგავი შრომა წაუგები ბიზნესიაო“ – არაერთხელ უთქვამს ლიანა ასათიანს. არც წაუგია.
არ უყვარდა ოცნება. უფრო რეალისტი იყო. არ უყვარდა წუწუნი საერთოდ და მითუმეტეს იმაზედ რომ ქართულმა კინომ არ გამოიყენა.
„მე კი არა, არ მიყვარს როცა სხვები წუწუნებენ ამაზე. ამ დროს მე ვუყურებ თვალებში და ვფიქრობ, მიხვდი ახლა მარტო შენ ხომ არ ხარ, სხვებიც არიან ასე, მე ჩემს ახლობელებთანც არ მიუთქვამს ეს, ჩემს ტავთანაც არ მითქვამს, არამც თუ ერთს ვამბობ და მეორეს ვფიქრობ. მაღიზაინებს ეს გაუთავებელი პრეტენზიები, როგორ თუ არ მიღებენ… შენ კი არა ნატო ვაჩნაძე იყო გულდაწყვეტილი, არ გაუკეთეს იმდენი, რამდენიც შეიძლებოდა. ვის გაუკეთეს ანდა? საერთოდ ვინ იხარჯება იმდენს, რაც აქვს პოტენციალში. ეს პრეტენზიულობა მაინც პროვინციალიზმია. პროვინციალიზმი კი რასაც დაჰყვება საშინელებაა“ – ამბობდა ჩემთყან ინტერვიუში. არ წუწუნებდა, არადა, მისი შემოქმედებითი ბიოგრაფია სავსე იყო მტკივნეული მრავალწლიანი პაუზებით.
ლიანა ასათიანი პირველად მაყურებელმა 1943 წელს ეკრანებზე გამოსულ „გიორგი სააკაძეში“ ნახა.
1945 წელს ეკრანებზე გამოდის „ჭირვეული მეზობლები“, სადაც ლიანა ასათიანი ციალას როლს ასახიერებს. მომდევნო ოთხი წლის მანძილზე მას პაუზა აქვს – ამ 4 წლის მანძილზე მხოლოდ 4 ქართული ფილმი გამოვიდა. 1950 წელს ეკრანებზე გამოდის ერთი ფილმი – „გაზაფხული საკენში“ და მაყურებელმა ლიანა ასათიანი კამას როლში იხილა. 1951 წელს მხატვრული ფილმი არც გამოსულა, 1952 წელსაც ერთი გამოვიდა „მწვერვალთა დამპყრობნი“, მაყურებელმა ლიანა ასათიანი ალექსანდრა ლომიძის როლში იხილა. 1953 წელს კვლავ არ გამოსულა ქართული მხატვრული ფილმი ეკრაბნებზე, 1954 წელს 2 ფილმი გამოვიდა „ჭრიჭინა“ და „ისინი ჩამოვიდნენ მთიდან“. ლიანა ასათიანი მაყურებელმა „ჭრიჭინაში“ ნახა.
1955 წელს ის ეკრანზე არ გამოჩენილა, 1956 წელს უკვე 6 ფილმი გამოვიდა ეკრანებზე და ლიანა მხოლოდ ერთგან იყო – „ეთერის სიმღერაში“.
ამის შემდეგ, 4 წლის მანძილზე ეკრანებზე გამოდის ფილმები – გამოვიდა 31 ფილმი – არც ერთგან ლიანა ასათიანი. არადა, 1956 წლისთვის ლიანა ასათიანი მხოლოდ 30 წლის იყო.
1961 წელს ლანა ღოღობერიძე იღებს თავადის ქალ მაიაში.
წარმატებულ როლს ისევ პაუზა მოსდევს – კვლავ 4 წელი, 4 წლის მანძილზე გადაღებული 51 ფილმი – კვლავ არც ერთგან ლიანა ასათიანი. არადა ამ პაუზის დასასწყისიას , 1961 წელს ის იყო – 35 წლის. 1966 წელს გიორგი შენგელაია ლიანა ასათიანს იღებს დედოფალ გურანდიხტის როლში – „მაცი ხვიტიაში“. იმ წელს ათი ფილმი გამოვიდა ეკრანებზე, ლიანა მხოლოდ „მაცი ხვიტიაში“ იყო, 1967–68 წლებში 25 ფილმი გამოვიდა – არც ერთგან ლიანა ასათიანი.
1969 წელს ეკრანებზე გამოსული 8 ფილმიდან ლიანა მხოლოდ ერთგან იყო („სინათლე ჩვენს ფანჯრებში“) იქაც მეორეხარისხოვან როლში.
1970 წელს 15 ფილმი გამოვიდა, ლიანა მხოლოდ ერთგან იყო – კვლავ მეორე ხარისხოვან როლში – ასახიერებდა გურანდუხტს „დიდოსტატის მარჯვენაში“.
1971, 72 წლებში გადაიღეს 30 ფილმი – ლიანა არავის გახსენებია. 1973 წელს ეკრაბნებზე 22 ფილმი გამოვიდა – ლიანა ერთგან იყო, კვლავ მეორეხარისხოვან როლში. (ლიანა ასათიანი ამ დროს მხოლოდ 47 წლის იყო და დაიწყო ათწლიანი პაუზა – ამ ხნის მანძილზე გადაიღეს 200–მდე ფილმი, ლიანა ასათიანი არც გახსენებიათ. ვიდრე 1983 წელს გამოსულ „წიგნი ფიცისაში“ არ განასახიერა დარეჯან დედოფალი.
ამ ფილმს ისევ პაუზა მოჰყვა. 1984–1989 წლებში ეკრანებზე 138 ქართული ფილმი გამოვიდა, ლიანა – არც ერთგან. 1990 წელს ეკრანებზე გამოსული 21 ფილმიდან ლიანა მხოლოდ ერთგანაა. „სტალკინის შვილში“.
ისევ პაუზა, ისევ ხაანგრძლივი, ვიდრე რეზო ესაძემ არ გადაიღო „ჭერში“ რომელიც ძალიან გვიან – 2003 წელს გამოვიდა ეკრანბებზე, უკვე შესაბამისი სათაურით „ჭერი ანუ დაუმთავრებელი ფილმის მასალა“.
ლიანა ასათიანი სულ 14 ფილმშია გადაღებული. მისთვის მხოლოდ ერთხელ გაიმეტა ქართულმა კინომ მთავარი როლი…
„თითქმის არც ერთი ფილმი არ მომწონდა ჩემი. მართალი გითხრათ არც ვუყურებდი. ახლა რომ ვუყურებ, ვფიქრობ, თითქოს არა უშავს… ჩემს შემოქმედებაში ყვეალზე წარმატებული როლი თავადის ქალი მაიაა, უფრო მეტიც პირველად ვითამაშე როლი რასაც ჰქვია… მე ვთვლი რომ ლანა ღოღობერიძის ყველაზე კარგი სურათიც “თავადის ქალი მაიააა”. თავიდან რომ გადაგვეღო “მაია” –სხვანაირად ვითამაშებდი. მე უფრო მეტს ვთხოვ საკუთარ თავს…” – ამბობდა ჩემთან ინტერვიუში ლიანა ასათიანი…
თვალს ავლებ მის შემოქმედებას და… გული გწყდება სად და რა ფილმებში უწევდა მას თამაში… არადა, გხიბლავს მისი გამომსახველი საშუალებების სიძუნწე, ზომიერების გრძნობა, რომელიც მას იმ პრიმიტიულ ფილმებშიც არ ღალატობდა. მაგრამ უყურებ გიორგი შენგელაიას “მაცი ხვიტიას” და ხვდები რომ ლიანა ასათიანი ხანდახან აჭარბებს, მაგრამ აჭარბებს არა ეკრანზე, არამედ თავისი განსახიერებული როლების, საკუთარი ნაღვაწის შეფასებაში, ზედმეტად, ამ შემთხვევაში სრულიად უსაფუძვლოდ თვითკრიტიკულია. მის მიერ “მაცი ხვიტიაში”განსახიერებული სამეგრელოს ავზნიანი დედოფალი გურანდუხტი, მართლაც რომ საოცრად მაღალმხატვრული სახეა, ის ერთი ჟესტით ახერხებს ხასიათის გამოქანდაკებას – სწრაფად ზეაღმართული ხელის ნელი დაშვებით.
ზუსტი, გამომსახველი ჟესტის მიგნება და გამოყენება ლიანა ასათიანის ხელწერაა. “თავადის ქალ მაიაში” ის შალის უეცარი მოქნევით, გადაგდებით, გვამცნობს რომ თავადის ქალმა მაიამ მიიღო საბედისწერო გადაწყვეტილება.
ის გმირის განცდებს უზუსტესად გადმოგვცემს მსხვილი ხედის დროს, როდესაც ჩვენ მხოლოდ მის სახეს ვხედავთ, ან გნებავთ მხოლოდ თვალებს –მაგალითად ეპიზოდი ბონდოსთან, ჩაბნელებულ კარავში, როდესაც ჩვენ მხოლოდ მსახიობთა თვალებს ვხედავთ და… და ვხედავთ მთელ დრამას ამ თვალებში დატრიალებულს.
ის გმირის ხასიათს, განცდებს უზუსტესად გადმოგვცემს შორი ხედის დროსაც – როდესაც ის სივრცეში გადაადგილდება – მიდის. ეს სვლა სწრაფი იქნება თუ შენელებული, თუ ამ სიჩქარეების მონაცვლეობა, მთლიანად ცვლის გმირის ტემპორიტმს და დვრიტად ედება საერთოდ ეკრანულ ატმოსფეროს…
მას არ უყვარდა წუწუნი იმაზედ რომ ქართულმა კინომ არ გამოიყენა, არც წუწუნებდა, მაგრამ ბოლოს, როცა უკვე ვარსკვლავი გაუხსნეს, მაშინღა დასცდა სევდიანი და ამაყი საყვედური იმაზედ რომ ტყუილად ელოდა თავადის ქალი მაიას შემდეგ, მისთვის შესაფერის როლს…
ლიანა ასათიანი 16 წლის იყო თეკლეს როლზე რომ აიყვანეს „გიორგი სააკაძეში“. მას შემდეგ თითქმის 70 წელი ისე გაილია, რომ ის პირისპირ არასოდეს შეხვედრია მაყურებელს, ეს მხოლოდ მაშინ მოხდა, როცა იგი უკვე 85 წლის იყო, როცა ვარსკვლავი გაუხსნეს კინო „რუსთაველის“ წინ.
ის ეთაყვანებოდა გრეტა გარბოს, გარბოს, რომელიც გაურბოდა მაყურებელს… „როდესაც „გიორგი სააკაძე“ ეკრანზე გამოვიდა, მეორე კუსრზე გადავდიოდი სამედიცინო ინსტიტუტში, ხალხს რომ ხშირად არ შევჩეხებოდი აკადემიური ავიღე, სულ ვფქირიობდი, აი სახურავებით სიარული რომ შეიძლებოდეს _ აკადემიურს არ ავიღებდი და წელს არ დავკარგავდი მეთქი. ახლა აღარავინ აქცევს ყურადღებას, თორემ მაშინ ნიშა ძაღლივით ყველა გვცნობდა. ჯერ ამდენი არ მესმოდა, მაგრამ ქვეშეცნეულად ვგრძნობდი, რომ სულ არენაზე ვიყავი ცხოვრებაში და გამუდმებით ფორმაში უნდა ვყოფილიყავი, ასაკის მიუხაედავად ეს პასუხისმგებლობა უკვე მქონდა. შეიძლება არ დამიჯეროთ, მაგრამ გარეგნობის თვალსაზრისით, იმ სახელის ღირსად არ ვთვლიდი თავს, რაც კინომ მომცა და არ მინდოდა პირისპირ შევჩეხებოდი მაყურებელს…
არადა, მე ვიცი მსახიობები, ფილმი რომ გამოვიდოდა, ფეხბურთის დღეებში კინოსტუდიის წინ დგებოდნენ და სტადიონიდან წამოსულ ხალხს ელოდნენ. მე არასოდეს. ის კი არა, ზედმეტად,მ უსაქმოდ, სტუდიაში არც მივსულვარ.“ – ამბობდა ჩემთან ინტერვიუში ლიანა ასათიანი და მას თავისი კერპის გარბოს დარად, არც ერთი ფანის წერილზე არ უპასუხია: – „არავითარ წერილზე პასუხი არ გამიცია. ქება ერთ ყურში რომ შედის, მეორეში გადის. ქება და კომპლიმენტი არასოდეს დამიფიქსირებია. და სერიოზულად არ ჩამითვლია. ამას ყოველთვის თავაზიანობად და ზრდილობის ერთ-ერთ ატრიბუტად აღვიქვამდი. საბედნიეროდ თუ საუბედუროდ აღფრთოვანებული, აღტაცების პიროვნება არ ვარ, პირიქით უფრო ნიჰილისტი ვარ. თვითკრიტიკა საოცრად ჭარბობს ჩემში. ლექსოსაც ჩავუდე ეს და სულ მეუბნება რატომ ჩანმიდე ეს, რატო, არტისტი უფრო ლაღი უნდა იყოსო. უნდა დაიჯეროსო. არა, ვეუბნები, ნახევარი კი არა, რასაც ამბობენ, 90% სიცრუეა. ჩემში კრიტიკული აზრი, შეფასება უფრო იბუდებს… როგორი ქებაც არ უნდა მოვისმინო, და როგორი რეცენზიაც არ უნდა წავიკითხო, მე მარტო ჩემი ორი ყურის და ორი თავლის მჯერა. იშვიათია თანხვედრა რეცენზიებისა ჩემს აზრთან. ჩემი აზრი, გათავდა და მორჩა! ლექსოც ჩემსავითაა, როცა კი მიმიტანია რეცენზიები, არ მართმევს – არ დამანახო, არც მაინტერესებსო. იმან უკეთესად იცის როგორ დაუკრა…
ლექსო რომ გამოდის კონცერტებზე – მე მიყურებს. ლექსოს შეფასებაშიც არ ვცდები. არ ვპატიობ არაფერს. ის უსაზღვრო სიყვარულიც ვერ მაბრმავებს. შვილისადმი სიყვარული ფიზიოლოგიური გრძნობაა, პატივისცემა სხვა განძია ადამნიანის. შენ შეიძლება შენი უნიჭო, ავადმყოფი შვილი მეტად გიყვარდეს, მაგრამ ისე არ უნდა დაბრმავდე, ვერ გაარჩიო, არის ის თუ არა პიანისტი, მხატვარი და ა.შ. ერთმა ჩემმა ნაცნობმა ქალმა შვილს უთხრა, აბა დაჯექი, ლიანას მოასმენინე როგორ უკრავ. „უჟასსსს!!!“ ამას დედა თუ ვერ ხედავს, ცოდოა ისიც და მისი შვილიც მის ხელში…“
6 წლისას ბიძა ოპერაში წაიყვანს და სამთავრობო ლოჟაში წამოასკუპებს. მას შემდეგ კვირას არ გამოტოვებს. შინ კი, მარტო დარჩება თუ არა, ბალიშს აბრეშუმის გადასაფარებელს ახდის, თავზე წაიკრავს, თან აცეკვდება, თან ამღერდება… მეზობლად ოლღა ბახუტაშვილი ცხოვრობს, ეთერის პარტიის პირველი შემსრულებელი, ოპერის მომღერლები მას ხშირად სტუმრობენ და პატარა ლიანაც გაფაციცებით აკვირდება.
„უკვე იმ დროიდან მსურდა მსახიობობა, მე რა მეცვა არ მახსოვს, იმ მსახიობების კი დღესაც მახსოვს დეტალურად, მახსოვს როგორი ქურქი ეცვა მერი ნაკაშიძეს, როგორი ნადია ცომაიას…“ – მიამბობდა ლიანა ასათაინი.
ნატვრა მალე აუხდა და თანაც როგორ – ბედმა პირდაპირ ვერიკო ანჯაფარიძის, აკაკი ხორავას, აკაკი ვასაძეს, ჟორა შავგულიძეს, სპარტაკ ბაღაშვილს ამოუყენა გვერდში გადასაღებ მოედანზე -„ გიორგი სააკაძეში“ თეკლას როლზე აიყვანეს. ვისზეც გუშინ აბოდებდა, დღეს მის გვერდით იყო.
„ეტყობა ადამიანის წრაფად ეჩევა ყველაფერს, ამ პატარა კურკა გოგომ ისე მივიღე ეს ყველაფერი – თითქოს ასეც უნდა მომხდარიყო“.
იქ გადასაღებ მოედანზე ლიანა ასათიანი კიდევ ბევრ სხვა მსახიობს ნახავს, ვის სურათებსაც რუდუნებით აგროვებდა და ეთაყვანებოდა, მაგრამ ნახავს ცუდ მდგომარეობაში – მიხეილ ჭიაურელთან მისულებს თხოვნით – „გადამიღეთ, მშია…“
იცის ლიანამ რომ ამას ვერასოდეს შესძლებს და… გრანდიოზული სტარტის მიუხედავად, სამედიცინო ინსტიტუტს მიაშურებს, მაგრამ კინო მაინც დარჩება მისი სულის და ცხოვრების ნაწილად.
თვალის ექიმი იყო – მკურნალობდა საკუთარი მაყურებლის თვალებს…
არ უყვარს და გულზე ეკლად ესობა, როცა მის სამედიცინო განათლებას უსვამენ ხაზს კინოსთან დაკავშირებით.
„არ ღირს ჩამოთვლა – თუნდაც ჯულიეტა მაზინა, მარჩელო მასტროიანი და აუარებელი, მსოფლიო კინოს სხვა ავრსკვლავები პროფესიონალებად იქცნენ დიდ საინტერესო რეჟისორებთან მუშაობაში. ისე რამდენი სტუდია და თეატრალური ისნტიტუტიც დაამთავრე და თავი პროფესიონალად ჩათვალე, მაშინ როცა ელემენტარულად არ გიმუშავია, კამერას არ გადაუღიხარ“.
„გიორგი სააკაძის“ შემდეგ ლიანა ასათიანს „ჭირვეულ მეზობლებში“ იღებენ. სწორედ ამ ფილმის გადაღებისას გაიცნობს თავის მომავალ მეუღლეს – კომპოზიტორ დავით თორაძეს. ლიანა 20 წლისაა, პოპულარობის მწვერვალზე, 23 წლის დავით თორაძისთვის კი ეს პირველი ფილმია… თუმცა, იგი 21 წლის უკვე კინოსტუდიის დოკუმენტური ფილმების საესტრადო ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. 25 წლის იყო, მისი ოპერა „მთების ძახილი“ რომ დაიდგა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, 27 წლის იყო – მისი ბალეტი „გორდა“ რომ დაიდგა და სახელმწიფო პრემიაც მიიღო…
ლიანა ასათიანი: „ჩემს მეუღლესთან შეუღლება რომ გადავწყვიტე ის თავის ტოლებში გამორჩეული, ცნობილი, დაფასებული და უკვე ძლიერი პერსონა გახლდათ. ქალს გინდა არ გინდა ხიბლავს ნიჭიერი, ძლიერი მამაკაცი… წუწუნი გვძულდა და ხალხს ეგონა რძეში და კარაქში ვცურავდით. არადა გვიჭირდა, მაგრამ არანაირი წუწუნი. არანაირი თავის მოსაწყლება. შინაურ პრობლემებს შინ ჩვენთვის ვიტოვებდით, გარეთ კი გამოვდიოდით როგორც წესი იყო. შემოგვნატროდნენ და არც თუ უსაფუძვლოდ – ჩვენს სიყვარულს გონიერება, მყარი მდგომარეობა და თუნდაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ პრაგმატულობა უმაგრებდა ზურგს…. მთელი ცხოვრება უჭირდა ჩემს ოჯახს, როდესაც მე და გუგულიმ (ასე უწოდებდნენ დავით თორაძეს ახლობლები, – რ. შ.) ოჯახი შევქმენით, ჩვენი დამხმარე არავინ იყო. ჩვენს მშობლებს ჩვენთვის არ ეცალათ. დედაჩემი მეორედ იყო გათხოვილი და ჩვენთვის არ ეცალა, რაკი გავთხოვდი, ჩემდამი ყურადღება აღარ გამოუჩენია. როდესაც ოჯახში ფინანსურად გიჭირს, პრობლემებიც მაშინ იწყება. შვილები ისე გავზარდე, არავინ დამხმარებია, გადაღებებიდან პირდაპირ სახლში გავრბოდი, რომ ოჯახისთვის მიმეხედა. დროს გასატარებლად არასოდეს მეცალა, ოჯახი დიდ ენერგიას მართმევდა. ბავშვებს რომ დავაწვენდი, მაშინღა მოვიკითხავდი ხოლმე ნათესავებსა და მეგობრებს ტელეფონით, რადგან მათთან მისვლის დრო არ მქონდა. ვერც გუგულის მივდევდი წვეულებებზე, ბავშვების დამტოვებელი არ მყავდა…“ -ამბობდა ლიანა ასათიანი და, საერთოდ, სწამდა, „სიყვარულს თუ თან არ ახლავს გონიერება, თუ გნებავთ, პრაგმატულობა დაარქვით, ის დღემოკლეა“. სწამდა და იხსენებდა იმ გატაცებას, რომელიც მას 16 წლის ასაკში ჰქონდა და მერე, როცა იმ პიროვნებას უყურებდა, რომელიც ადრე უყვარდა, უკვირდა – როგორ შეიძლებოდა, ეს მომწონებოდაო?..
ლიანა ასათიანმა და დავით თორაძემ ერთად 38 წელი იცხოვრეს. უკვე მხცოვანი ლიანა ასათიანი იხსენებდა, თუ როგორ ეჭვიანობდა დავით თორაძე მეუღლის სილამაზის გამო, ყოველგვარი საბაბის გარეშე ისეთ ვინმეზე, ვისთვისაც ლიანას ხელიც არ ჰქონდა ჩამორთმეული. იხსენებდა იმასაც, თუ როგორი მწვავე რეაქცია ჰქონდა თავად ასეთი ეჭვიანობისას. თანაცხოვრების მანძილზე არაერთხელ უკამათიათ, მაგრამ დედის შეცდომის განმეორება არც უფიქრია, ყოველთვის ოჯახის, შვილების ინტერესს აყენებდა წინ.
„ოჯახში უთანხმოებისას ყველაფერზე წინ მაინც ოჯახი და შვილების ინტერესი უნდა დააყენო და კაცის სისულელეებს არ უნდა აჰყვე. შვილების ინტერესი კი მშობლების ერთად ცხოვრებაა. კარიერისთვის, შენი საქმისთვის, შვილებისთვის, ოჯახის შენარჩუნებისთვის ბევრ რაღაცაზე უნდა წახვიდე, ცხოვრება უკომპრომისოდ არ არის, ახლა თუ თავზე ლაფი დაგასხეს, შენ კი მოიწმინდე და თქვი, ეს ცის ნამიაო, სისულელეა, ეს ჩემს ხასიათში არ ზის… რამდენადაც შეიძლება, წინ უნდა გაიხედო. შეიძლება სულ წინ იყურო, გინდოდეს სწორი ანალიზის გაკეთება და მაინც შეცდე, მაგრამ ვინც არ იყურება, ის ხომ მთლად განწირულია კისრის მოსატეხად?“ – ამბობდა ლიანა ასათიანი და თავის უმთავრეს დანიშნულებად შვილების აღზრდა მიაჩნდა.
დავით თორაძე და ლიანა ასათიანი ერთად შეჰხაროდნენ ლექსო თორაძეს, როცა პატარა ლექსომ ფორტეპიანოზე დაკვრა ისწავლა და თავისთვის პატარ-პატარა მუსიკასაც თხზავდა. მამა მომავალ კომპოზიტორს ხედავდა შვილში, დედა არ ჩქარობდა და მიაჩნდა, რომ ჯერ დაკვრა უნდა ესწავლა კარგად.
6 წლის იყო ლექსო, დედამ გოფილექტის ბაღში ვან კლიბერნის კონცერტზე რომ წაიყვანა და როცა ყველა აღტაცებული, გარინდული უსმენდა ვირტუოზს, ლიანა ასათიანი თავის ვაჟს „დააპროგრამებს“: „აი, ლექსო, შენ გახდები ასეთი მუსიკოსი, შენ მოივლი მსოფლიოს“.
ასეც მოხდება. ლექსო სახელგანთქმული პიანისტი გახდება.
1975 წელს პრემია – იტალიაში კასაგრანდეს სახალხო საერთაშორისო კონკურსში და აგრეთვე, ვან კლიბერნის სახალხო-საერთაშორისო კონკურსში აშშ-ში. ლექსო თორაძემ შესრულებისთვის დამახასიათებელი მასშტაბურობით, ვირტუოზულობითა და სინატიფით საქვეყნო აღიარება მოიპოვა. 70-იანი წლების ბოლოს გასტროლებით მოიარა საბჭოეთის ქალაქები, ასევე აშშ, გდრ, ბულგარეთი, იტალია…
1983 წელს კი გასტროლებზე წასული ლექსო შინ არ დაბრუნდა. საზღვაგარეთ დარჩა.
ლიანა ასათიანი: „ლექსო აიძულეს, ასე მოქცეულიყო. ცუდად ექცეოდნენ. ყველანაირად ავიწროვებდნენ. მოსკოვის კულტურის სამინისტრო ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ლექსოს სკანდალი აეტეხა, მერე შარი მოედოთ და საზღვარგარეთ აღარ გაეშვათ. მახსოვს ლექსოს ლენინგრადის ფილარმონიის დიდ დარბაზში კონცერტი ჰქონდა დანიშნული, რეპეტიციის შემდეგ სასტუმროში დაბრუნებულს თავისი ბარგი, შეკრული და ნომრიდან გამოტანილი დახვდათ, ლენინგრადში ბევრი ტურისტია ჩამოსული და ოთახი დაგვჭირდაო.
გაბრაზებულმა ლექსომ მიახალა – ჰოდა იმ ტურისტებს დააკვრევინეთ კონცერტზეო და წამოსულა. სკანდალი ატყდა, ლენინგრადის მერი დაუდგა გვერდში მაშინ ლექსოს… რუსებს ყოველთვის კარგად გამოსდიოდათ პიროვნების აბუჩად აგდება. მათ აიძულეს. ადრეც უნდა წასულიყო… ესპანეთში კონცერტების დროსაც მოინდომეს მისი შევიწროება, მაგრამ ტავს უშველა, გაიპარა. მთელ ესპანეთში ეძებდნენ. ძალიან განვიცადე მისი წასვლა, მაგრამ მაინც არ გამიმტყუნებია. მხოლოდ იმის მეშინოდა, არ დაეჭრირათ… რამდენიმე ხნის შემდეგ, როდესაც ლექსო უკვე კონცერტებს მართავდა, დარბაზში ყოველთვის იყო ერთი თავისუფალი სკამი, რომელიც მხოლოდ მე მეკუთვნოდა. კონცერტის ბოლოს კი ყვავილებს სცენიდან მიგზავნიდა. მე კი აქ ცრემლად ვიღვრებოდი.“
1983 წელს გარდაიცვალა საზღვარგარეთ გაქცეული პიანისტის მამა…
ლიანა ასათიანის თქმით, დავით თორაძის გარდაცვალება ლექსოს გაქცევას მიაწერს, მაგრამ ასე არ ყოფილა.
„ჩემს მეუღლეს სუსტი გული ჰქონდა, დიაბეტიც ჰქონდა, ამ ყველაფერს ლექსოს ამბავიც დაემატა , ძალიან განიცადა და გარდაიცვალა. გუგულიმ ლექსოს სპეციალურად დაუწერა კონცერტი, რომელიც ლექსოს მოსკოვის კონსერვატორიის დიდ დარბაზში უნდა შეესრულებინა 7 ნოემბერს, მაგრამ… 7 ნოემბერს დავითი გარდაიცვალა… გაზეთში სამგლოვიარო განცხადებას რომ ვაქვეყნებდი, ლექსოს ხსენების უფლება არ მომცეს, დავწერე „იუწყება ლიანა ასათიანი შვილებით“…
ლიანა ასათიანი 1988 წელს ჩავიდა ამერიკაში ლექსოსთან…
ლიანა ასათიანი ჩემთან ინტერვიუში აცხადებდა: „მე ვიყავი პირველი დედა, რომელსაც საკავშირო “კაგებემ” ნება დართო შეხვედროდა შინდაუბრუნებელ შვილს – ჩასულიყო ამერიკაში. ეს გადაწყდა უმაღლეს დონეზე, შულცის თბილისში ყოფნის დროს. 1988 წელს ჩავედი ამერიკაში და ვნახე 5 წლის უნახავი შვილი…“
ფაქტმა რომ საბჭოეთიდან ცნობილ პიანისტს დედა ჩამოსდიოდა, პრესის ინტერესი გააცხოველა და დედა-შვილს ფოტორეოპრტიორების, ტელეკამერების ალყაში მოუწიათ შეხვედრა – იძულებული გახდნენ შეეკავებინათ ემოციები, რამაც ერთგვარად გაუადვილა ლექსოს დაქვრივებულ დედასთან შეხვედრა. შემდეგ „ფიფლ მაგაზინი“ დაწერს – „გამოვიდა ლექსოს დედა შავი თმით, კარდინალის იერით“.
ლიანა ასათიანს არ მოსწონდა ელიზაბეთ ტეილორი და ალენ დელონი: „ჩემთვის კაპიკის ფასი აქვს ელიზაბეტ ტეილორს, მე მას გამოვაკრავდი საპარიკმახეროს რეკლამაში, მაგასაც და ალენ დელონსაც“.
ეთაყვანებოდაა: გრეტა გარბოს, ჩარლზ ლოუტონს და ჟერარ ფილიპს: „მამაკაცებიდან ყველაზე ძალიან მხიბლავს ჟერარ ფილიპი… ქალში მომწონს სექსი რომ იგრძნობა, მაგრამ თავშეკავებული, არა ისეთი ახლა რომ არიან ბარბებივით, ქალში იმდენად არა, რამდენადაც მამაკაცში სისუფთავეს ვეთაყვანები. ეს ყველაფერი უნდა იყოს შიგნით. როცა გარეგნობაში გადადის, ასეთი არც ფილმები და არც ადამიანები არ მომწონს. ჟერარ ფილიპი, მაშინაც კი როცა წვებოდა ლოგინში დანიელ დარიესთან („წითელი და შავი“), იქაც სუფთა რჩებოდა – თითქოს არაფერი მომხდარაო…“
„ჩემი დღევანდელი გემოვნებით, ეკრანზე თუთქოს რომ არაფერს არ აკეთებ, ის უკეთ იცქირება. იგივე ჟან გაბენი, ლოუტონი – თითქოს არაფერს არ აკეთებდნენ, მაგრამ როცა ეს „არკეთება“ კარგადაა დამონტაჟებული, რაც დრო გადის მით უფრო ჯდება და უფრო იქცირება. ეს ახალ, თორემ ადრე კატეგორიულად არ მომწონდა და სხვები მომწონდნენ. დღეს კი უკვე მაღიზიანებს კეკლუცური რაღაცეები და ის ფილმები შეურაცხმყოფებ. ეტყობა ახლა უფრო ვკითხულობ შინაგან ფასეულობებს ადამიანისას და გადმომდინარეს მათ ეკრანზე…“
„ნახავ სპექტაკლს, არც ერთი ცოცხალი ადგილი არაა, ვერც გრძნობენ, რომ არ გამოუვიდათ, ხალხი ულოცავს, ისინიც ყველაფერს იჯერებენ – ბედნიერებაა ისე, „ვსემ გლუპიმ სჩასტიე ატბუდით ბეზუმია, ა უმნიმ გორია ატ უმა…“
თვითკონტროლი საოცარი რამაა, ტანაც სცენაზე შენის გატანა გაცილებით იოლია, ვიდრე კინოში – თუ ოპერატორმა ხეირიანად არ გადაგიღო, რეჟისორმა წესიერად არ ჩაგსვა, ამოგჭრა, გადაგაგდო, ან უვარგისი დუბლი ჩაგიგდო – რას იზამ? თეატრში მაინც შენზეა დამოკიდებული – როცა სცენაზე გადიხარ და მაყურებლის პირისპირ რჩები. მაყურებელი თუ ვერ გრძნობს რომ სცენაზე იმ წამს მოქმედებ, ეს მიზანსცენა აი ახალ დაიბადა და არა გაკეთებულია წინასწარ და ახლა ტექნიკურადღა სრულდება უბრალოდ – არაფერს აზრი არ აქვს. ამისთვის ოსტატობა უნდა ეყოს მსახიობს, სხვანაირად მე მსახიობად არ ვთვლი. მომაჩვენე რომ ახლა აკეთებ, შენ თუ გინდა მოიკალი ტავი, თვეები იმუშავე იმაზე რომ მე მომაჩვენო, მე მომატყუო, გქონდეს ამის შნო. მე რომ მოვდივარ თეატრში, მე უკვე ვიცი რომ თეატრია. მომატყუე, ოღონდ კარგად, მაღალ დონეზე, აი, ისე, როგორც მუშაობდა ვერიკო, სესილია, სხვატაშორის მედეა ჩახავას ჰქონდა შესანიშნავი სპექტაკლები, არაჩვეულებრივი, ნამდვილი იყო. ახალგაზრდებიდან ნინელი ჭანკვეტაძე მომწონს ძალიან. ახლა მოუნდა და ახლა მითხრა – ვითომ. ეს „ვითომ“ კარგადაა გაკეთებული, ყოველგვარი ღრეჭვის გარეშე.“ – მეუბნებოდა წლების წინ ლიანა ასათიანი.
ლიანა ასათიანი არც თუ იშვიათად ახსენებდა ხოლმე მედეა ჩახავას – მედეა ჩახავასთან მას დიდი მეგობრობა აკავშირებდა.
მახსოვს, 2001 წელს, „დილის გაზეთში“ მუშაობისას ორბელიანების უბანში, ტავერნა „მაიკოში“ სალონურ შეხვედრებს ვაწყობდი მსახიობებთან, ცნობილ სახეებთან. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა მედეა ჩახავას 80 წლის იუბილეს მივუძღვენით. მედეა ჩახავა შეხვედრაზე მოვიდა თავის მრავალრიცხოვან ოჯახთან ერთად, მაკა მახარაძესთან, ნატო მურვანიძესთან, ნანი ჩიქვინიძესთან, ეკა ჩხეიძესთან, ნიკა თავაძესთან, შვილთაშვილებთან ერთად. მეგობრებიდან კი გვერდს სწორედ ლიანა ასათიანი უმშვენებდა. იმ შეხვედრების ტექსტური ანარეკლი `დილის გაზეთში~ იბეჭდებოდა ხოლმე. ქალბატონ ლიანა ასათიანის პორტრეტისთვის, 2 მცირე ფრაგმენტს, ამონარიდს შემოგთავაზებთ.
ნანი ჩიქვინიძე: ბავშვებს დედაც უყვართ, მამაც, მაგრამ “თიში” სჭირთ ბებიებსა და ბაბუებზე, ასევე პირიქით.
ლიანა ასათიანი: მე არანაირი “თიში” არ მჭირს.
მაკა მახარაძე: ნინო რომ აქ იყო, პატარა, არ გქონდათ “თიში”?
ლიანა ასათიანი: ნინი? არა, მე ჩემს შვილებზე მჭირს “თიში”.
მედეა ჩახავა: რასაკვირველია, მაგრამ პატარებს ჭკუიდან გადავყავარ.
ლიანა ასათიანი: მასე, ლეკვი რომ ლეკვია, შეიძლება, იმან გადაგიყვანოს ჭკუიდან.“
მედეა ჩახავა: მე არ ვიცი, კონკრეტულად ვინ არის ჩემი მაყურებელი. გუშინ მირეკავს ქალბატონი და მიხსნის სიყვარულს, თეატრალური ინსტიტუტის სპექტაკლებიდან მოყოლებული, არ გამომიტოვებია თქვენი არც ერთი სპექტაკლიო, ” ესპანელი მღვდელი”, “როცა ასეთი სიყვარულია” 32-ჯერ ვნახეო.
ლიანა ასათიანი: მოცლილი ყოფილა“.
***
ლიანა ასათიანი ამბობს რომ არც ერთი კინოგმირი – არც თავადის ქალი მაია და არც სხვა, მას არ ჰგავს. თავადის ქალ მაიას დრომ ძალაუფლება, სიყვარული გამოაცალა ხელიდან და დაანგრია. ლიანა?
“იცით რა, მე საერთოდ აღფრთოვანებული პიროვნება არა ვარ, ცხოვრების ყველა ვარიანტებიდან ყვეალზე ცუდს წარმოვიდგენ ხოლმე. რაც არ უნდა გამომეცალოს ხელიდან და რაც გინდა ის მოხდეს – ერთი ჩემი შვილები იყვნენ კარგად – ესაა მTავარი, სხვა რა არის?
წლების წინ ლიანა ასათიანი, ინტერვიუში მეუბნებოდა:
„ღმერთმა კარგად მიმყოფოს ლექსოც და ნინოც, მაგრამ ვერც ერთთან ვჩერდები დიდხანს. ისინი თავისი ცხოვრებით არიან დაკავებული, მე ან მათი შვილების ძიძად უნდა ვიქცე, ან სამზარეულოში გამოვიკეტო. მე არ შემიძლია გამოვემშვიდობო ყველაფერს ჩემს. თორემ მაგათ ცქერას რა მირჩევნია… ერთი რამ არ მომწონს ჩემი შვილების… მე მაგალითად ძალიან ფრთხილი, ფაქიზი ვარ მათთან ურთიერთობაში, მაგრამ მოვითხოვ რომ ისინიც ასევე იყვნენ ჩემდამი. თუ რაიმე შეცდომა დაუშვეს, ვპატიობ, მაგრამ არ მავიწყდება და თუ მიდგა ამაზე საქმე, შეიძლება დადგეს დრო რომ ყველაფერი გადმოვულაგო. რა საოცარი პიროვნება ვარ არა? რაღაცა ისე გელაპარაკები, აღსარებასავით. ეს ჩემს ხასიათშია, მე ან არ ვიტყვი, ან თუ ვიტყვი სიმართლეს ვირტყვი. გულახდილობაც ესაა და არა ის, დააღო პირი და ყველაფერი თქვა…“
ეს იყო წლების წინ, სიცოცხლის ბოლოს კი… ლიანა ასათიანს მაინც დასცდა საყვედური რომ ის მარტოა, რომ მისთვის არ სცალიათ შვილებს…
თუმცა, იყო კი ეს საყვედური? მან იცოდა რომ ასე ხდება ამ ცხოვრებაში და არც ამტყუნებდა შვილებს… იცოდა რომ მათ თავისი ცხოვრება აქვთ, თან დიდი, ტევადი, დაძაბული…
ლიანა ასათიანი – რომელიც თამაშობდა კოლმეურნეებს, გლეხის ქალებს, აზნაურის ქალს, რომელიც დედოფალი ხდებოდა, თავადის ქალ მაიას, ფხოვის ერისთავის მეუღლეს, ქართლ-კახეთის თუ სამეგრელოს დედოფალებს.. მაგრამ ის თავად იყო უგვირგვინო დედოფალი.
ლიანა ასათიანი – ქალბატონი, რომელიც სწორუპოვრად ანსახიერებდა როლს ცხოვრებაში, როლს ლიანა ასათიანის.
ვიწყებ წერას და მახსენდება. მახსენდება ეულ ფრაგმენტად. ვერც გავიხსენებ ეს რომელი სტუმრობა იყო იმ ხშირ სტუმრობებს შორის. იმ დღეს ბატონმა ოთარმა თავისი ხელით გაშალა სუფრა. რატომღაც თავად მოიწადინა – სხვა დროს მუდამ ქალბატონი ლია შლიდა სუფრას. მადლობა რომ გადავუხადე, ტრაგიკოსის ხმით, ყოველგვარი ტრაგიზმის გარეშე მითხრა – მე რომ მოვკვდები, – იქვე დაამატა – როცა მოვკვდები, შენ მომიგონებ. და გაიღიმა.
მას შემდეგ ბევრი წელი იცოცხლა. დღეს ამ ქვეყნად აღარაა. და მე ვიგონებ მას. მე, 18-19 წლის ბიჭს, თავის უმცროს მეგობრად მთვლიდა, თუმცა პირველობაში არ ეცილებოდა ქალბატონ ლიას…
„შენი მეგობარი აღარაა“ – დღესაც ყურებში მიდგას მისი ეს სიტყვები, რომელიც მითხრა მაშინ, როდესაც მიწამ უკან გამოითხოვა მისგან ნაძერწი მშვენიერება – ლია ელიავა და მე მუხლმოკვეთილი და თავზარდაცემული მივედი იქ, სადაც მანამ მუდამ მიმიხაროდა… მე იქ, სახელგანთქმული ქართველების ამ ლამაზ ოჯახში მუდამ მომღიმარი სახით მიღებდნენ კარს, მე ამ ოჯახში მასწავლიდნენ არგაბოროტებას – იმას თუ როგორ არ უნდა გავბოროტებულიყავი. მასწავლიდნენ ყოველგვარი დიდაქტიკის გარეშე – თავად იყვნენ ამის მაგალითი. მაგალითი იმის, თუ როგორ არ უნდა გაბოროტდე თავსდატეხილი ტრაგედიების მიუხედავად. მათ ვერ მოერია წუთისოფელი – ვერც ლია ელიავა და ვერც ოთარ კობერიძე ვერ გააბოროტა ამ ცხოვრებამ. უსმენდი მათ, მათ თავს გადამხდარ ამბებს და უყურებდი მათ რომ იმ თავსდატეხილი ქარაშოტების მიუხედავად – რჩებოდნენ არათუ უბრალოდ კეთილ, სიკეთით სავსე ადამიანებად და მე, მაშინ სრულიად ახალგაზრდამ ვირწმუნე რომ ეს შეიძლება! თუ ლია ელიავა, ოთარ კობერიძე ვერ გააბოროტა ვერც ამდენმა პირადმა ტრაგედიამ, ვერც ამდენმა პოლიტიკურმა ქარტეხილმა, ცხოვრების გზაზე შეხვედრილმა შურმა და ღვარძლმა, უსამართლობამ, დაუნდობელმა შემოქმედებითმა პაუზებმა თუ ათასმა უბედურებამ, ესე იგი შეიძლება რომ ადამიანი არ გაბოროტდეს მიუხედავად ყველაფრისა! ესე იგი თუ მე ოდესმე გავბოროტდები, მხოლოდ და მხოლოდ თავს მოვიტყუებ თვითდამშვიდებით, რომ ეს ყველას ემართება… ასეთი ფასდაუდებელი ამაგი, მშობლების შემდეგ ვინმეს ძნელად თუ ჩაუდია ჩემს აღზრდასა და პიროვნებად ჩამოყალიბებაში, როგორც მათ შესძლეს ასე მსუბუქად და ძალდაუტანებლად…
ის ჩემს ხსოვნას მუდამ შემორჩება იმპოზანტურ, ჭარმაგ, გალანტურ პერსონაჟად იმ ფილმის, რომელიც ფირზე არავის გადაუღია და ჩემში რჩება, რომელსაც ჰქვია ჩემი ახალგაზრდობა…
ოთარ კობერიძე. ის იყო ნამდვილი კაშკაშა ვარსკვლავი და მის კინოვარსკვლავობას ვერ უარყოფენ ისინიც კი ვინც მას პირადად ვერ იტანდა, ან ვერ იხიბლებოდა მისი არტისტიზმით.
ის კინოკერპად იქცა ბრწყინვალე გარეგნობის წყალობით, თუმც კი სწორედ ეს გარეგნობა ეღობებოდა მას თავის დროზე კინოსკენ სავალ გზაზე. მას ხან იტალელელად ნათლავდნენ, ხან უნგრელად, ხან ესპანელად. ეს იყო მას შემდეგ, რაც მისი კინომამობილი – ნიკოლოზ შენგელაია უდროოდ წავიდა იმ ქვეყნად.
ოთარ კობერიძე კინოში მართლაც რომ ზღაპრულად მოხვდა.
პატარა ბიჭი იყო, თუმცკ კი უკვე ტანაშოტილი, თავის ძმაკაცებთან ერთად კინოსტუდიასთან რომ ხშირად „აბირჟავებდა“ – ეგება და გამოვიდნენ, შეგვამჩნიონ, კინოში გადაგვიღონო. იმ დღესაც სპარტაკ ბაღაშვილს აედევნენ ბიჭები. იდგენენ ტრადიციულად კინოსტუდიასთან, მათთვის უცნობმა კაცმა რომ ოთარი შეამჩნია და გამოელაპარაკა. მეორე დღეს 12 საათზეც დაიბარა, 16 წლის ოთარი მეორე დილით 9 საათზე უკვე კინოსტუდიასთან იდგა… იმ კაცმა – ნიკოლოზ შენგელაიამ „შავ მთებში“ გადაიღო… მერე მისი რეკომენდაციით, მერვეკლასელი ოთარი კინომსახიობთა სტუდიაშიც ჩარიცხეს, თავის უკანასკნელ დაუსრულებელ ფილმშიც („ის კვლავ დაბრუნდება“) აიყვანა მთავარ როლზე – ჯარისკაცის როლზე. მაგრამ ფილმის გადაღება არ დასცალდა.
ოთარ კობერიძემ მამობილი დაკარგა. მამა კი არც ახსოვდა – ოთარი 2 წლის იყო, მამა ზღვაზე რომ დაიღუპა _ წყლიდან ამოსვლისას ფეხი დაუცდა კლდეზე, გადავარდა წყალში და ვეღარ უშველეს, მლაშე წყალმა გულმუცელი ჩაუწვა. ამ ამბის შემდეგ დედა დარდისგან ტუბერკულოზით დაავადდა და მოგვიანებით გარდაიცვალა, როცა ოთარი 14 წლის იყო…
ათეული წლების შემდეგ, უკვე სახელგანთქმული ვარსკვლავი, თავის მემუარებში წერდა:
„1939 წლის დეკემბრის საშინელი დილა გაგვითენდა. მახსოვს მაისიკომ (ასე ვეძახდით დეიდას, მარიამს, რომელიც დედობას გვიწევდა) მიმიხმო და გარეგნულად მშვიდად, თავშეკავებით მითხრა: ოთარ გაიქეცი და რაც შეიძლება სწრაფად ორი ბალიში მოიტანე.
ბოლო ხანებში ჟანგბადის ბალიშები ხშირად მოგვქონდა დედისთვის. იმ დილას დედამ სიცოცხლეში პირველად მშვიდობის დილა ვერ გვისურვა მე და ჩემს დას. როგორ გავცდი მუხრანის (ბარათაშვილის) ხიდს, როგორ გადავკვეთე მოედანი და კიროვის ქუჩაზე მდებარე აფთიაქთან როგორ გავჩნდი, არ მახსოვს.
– გამაგრდი, შვილო, გამაგრდი! აფთიქარის ამ სიტყვებმა გამომარკვია. ცრემლი რომ არ შეემჩნია ადგილიდან მოვწყდი. უცებ ვიგრძენი რომ მარცხენა იღლიაში ამოდებული ბალიში იჩუტებოდა. სიტყვები არ მყოფნის იმ გრძნობის გამოსახატავად, მე რომ დამეუფლა. გიჟივით მივრბოდი შინისკენ. შემხვედრნი გზას მითმობდნენ. მეგონა მთელი ქალაქი მეხმარებოდა და ჩემს მწუხარებას იზიარებდა… ბალიში კი თვალსა და ხელს შუა დნებოდა და დნებოდა… აღმართი ქოშინით ავირბინე… ჩვენი ძველი, დიდი სახლი, კიდევ ერთი შვილის დაკარგვის მოწმე გახდა. როგორ აღ%მოვჩნდი პაპის გვერდით, არ მახსოვს… იქვე კუთხეში ჟანგბადის ბალიშები ეყარა, ერთი მათგანი სულ დაჩუტული… დედის სასთუმალთან კი სანთელი თანდათან ილეოდა… სახლში სამარისებური სიჩუმე იდგა. მე და ლეილა დავობლდით“.
15 წლისას უკვე მზრუნველი პაპა გარდაეცვალა…
შენგელაიას დაუსრულებელ ფილმში, ომიდან დაბრუნებული ჯარისკაცი ისევ ფრონტზე ბრუნდებოდა – კვლავ დაბრუნების იმედით. შენგელაიას დაღუპვის შემდეგ, კინოგმირი ნამდვილ ომში წავიდა, ფეხით მოიარა მთელი ევროპა, მონაწილეობდა პრაღის, ბინსკობისტრეცის, ვენის, ბუდაპეშტის აღებაში. ომის დამთავრების შემდეგ კი, უკრაინაში, ჩერნიგოვის ოლქში გაამწესეს ერთ-ერთ ხუტორში შეშის დასამაზადებლად. იქ, მალე ხუტორის კომენდატადაც დანიშნეს და ჯამაგირიც დაუნიშნეს – 6 კილო ღორის ქონი და 6 ლიტრი ჭარხლის არაყი – კვირაში. შინ 1947 წლის გაზაფხულზე დაბრუნდა.
ოთარ კობერიძე: „ჩემი დემობილიზაციის დღეც დადგა. სამი დღე-ღამე მოვუნდი თბილისში ჩამოსვლას და აი, ჩემი თბილისი… ჩემი ბეღლეთის ქუჩა, ბებიაჩემი, ლეილა და ჩვენი გამზრდელი მაისიკო შემომეგებნენ.. ბებომ ჩემმა ჩემი საყვარელი დუმიანი ბადრიჯანი მომიმზადა და კარგად დანაყრებულმა დავიძინე. საღამო ხანს, ბურანში ბიძაჩემის ანდროს ხმა შემომესმა:
– დედა, რამე მაჭამე, მშია!
– ჩუმად, შვილო, ჩვენი ოთარი დაბრუნდა და…
მიწა გამსკოდომოდა და თან ჩავეტანე ის მინდოდა. როგორ არ გავითვალისწინე რა დრო იყო. პურს ტალონებით ღებულობდნენ…
მოგვიანებით შევიტყვე, ჩემსთვის ბადრიჯანი რომ მოემზადებინა, საქორწინო ბეჭედი დაუგირავებია ბებოს…“
ოთარი რომ თბილისში დაბრუნდა, კინომსახიობთა სტუდია უკვე თეატრალურ ინსტიტუტს იყო შეერთებული, განაგრძო სწავლა, აიღო დიპლომი, მაგრამ კინოში არ იღებდნენ – ცნობილი მიზეზის გამო: მას ხან იტალელელად ნათლავდნენ, ხან უნგრელად, ხან ესპანელად. არც მარჯანიშვილის თეატრში მისვლა აღმოჩნდა შედეგიანი. მალე სოხუმის თეატრში მიიწვიეს და იქ დაიწყო მისი პროფესიული კარიერა. სწორედ იქ ნახეს სცენაზე და მიიწვიეს „ბაში-აჩუკში“- არა ბაში-აჩუკის არამედ შალვა ერისთავის როლზე. მისი ბედის ბედაურის გაჭენებაში ისევ ბედაურმა შეუწყო ხელი. ფილმის რეჟისორს ლეო ესაკიას გადაღებების დაწყება ეჩქარებოდა, მსახიობებს კი დრო სჭირდებოდათ ცხენზე ჯდომის სასწავლად, ოთარ კობერიძეს კი ეს დრო სულაც არ სჭირდებოდა – კარგი ცხენოსანი იყო ბავშვობიდან და ლეო ესაკიამ მასში ბაში-აჩუკი დაინახა და ოთარ კობერიძის არაქართული გარეგნობის მითი დაიმსხვრა.
ოთარ კობერიძის არაქართული გარეგნობის მითი დაიმსხვრა, თუმცა, სწორედ ამგვარმა, არაორდინარულმა გარეგნობამ მას უკვე უცხოურ კინოშიც გაუხსნა გზა, სადღა აღარ გადაიღეს და რაღა აღარ უთამაშია. ნადირ-ხანი თუ სულთანი „ალადინის ლამპარში“, მარატ მესხიევი ფიმში „დღეს ახალი ატრაქციონია“ თუ მფრინავი ეგზიუპერი „პატარა უფლისწულში“, შაჰ-კავუსი „რუსტამის გმირობანში“, თუ ესპანელ“ ოფიცერი ფილმში „ისინი მიდიოდნენ აღმოსავლეთისკენ“, ჩეჩონი „წითელ კარავში“ თუ დაჭრილი იტალიელი ფილმში „თავდასხმა და უკანდახევა“…
ოთარ კობერიძე: „იმ ფილმებმა დიდი გამოცდილება შემძინა. ეს იყო ჩემი პროფესიონალიზმისა და პიროვნების აღიარება. პიროვნებისას იმიტომ ვამბობ რომ ნადირ-ხანის როლის შემსრულებლისგან მის შვილს, მაშინდელ ავღანეთის ზაჰირ-შაჰს პიროვნული თვისებები უფრო აინტერესებდა, ვიდრე არტისტული. თანაც რომ გაიგო რომ გიურჯი, ქართველი ვიყავი, კმაყოფილება გამოხატა და ცხენიც მიფეშქაშა თავისი თავლიდან. სამწუხაროდ, უსახსრობის გამო, ცხენი ვერ წამოვიყვანეთ. ასევე ჩემმა ქართველობამ განაპირობა ფირდოუსის „შაჰ-ნამეში“ შაჰ-კავუსის სახის შექმნა…“ – მითხრა წლების წინ ინტერვიუში.
ვიღას არ შეხვედრია გადასაღებ მოედანზე თუ მის მიღმა – კლაუდია კარდინალეს თუ ორნელა მუტის, ბრიჯით ბარდოს…
კლაუდია კარდინალეს მიხეილ კალატოზოვის სახელგანთქმული ფილმის „წითელი კარავი“ გადაღებისას შეხვდა გადასაღებ მოედანზე.
ოთარ კობერიძე: „წითელ კარავში“ მე არ ვიყავი კლაუიდია კარდინალეს უშუალო პარტნიორი. მას პარტნიორობას უწევდა მსახიობი მარცევიჩი. რომელიც მის შეყვარებულს ასახიაერებდა. ერთ დღეს როდესაც შეყვარებულების გამომშვიდობების სცენას იღებდნენ, უკლებლივ ყველამ გადასაღებ მოედანზე მოვიყარეთ თავი, რათა გვეყურებინა ბედნიერი მარცევიჩისთვის, რომელიც კლაუდიასთან ერთად ხვევნა-კოცნით უნდა დაგორებულიყო დათოვლილი მთიდან. ფილმის რეჟისორმა მიხეილ კალატოზიშვილმა, მარცევიჩს უბრძანა ეჩვენებინათ მისთვის ეს სცენა. მარცევიჩი საშინლად ღელავდა, ვერა და ვერ ჩაეხუტა, ვერ აკოცა კლაუდიას, რცხვენოდა მისი. რეჟისორმა შესძახა, მარცევიჩ შენ თუ არ შეგიძლია ამ სცენის ჩატარება, მე მყავს საამისოდ მომზადებული მსახიობიო და მომიბრუნდა, ოთარ, შვილო, მოდი ასწავლე, როგორ უნდა ლამაზი ქალბატონის ჩახუტებაო. სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა რომ კლაუდია ჩემს მკლავებში იყო მოქცეული და ხვევნა-კოცნით დავაგორე მთიდან., მსახიობები შურით დასკდნენ. „ბრავოს“ ძახილით შემომეგება კლაუდიას მეუღლე, ჩემი მეგობარი, „ფიატის“ პრიზის მფლობელი. ავტომრბოლელი. როგორც იქნა, მერეღა მოახერხა მარცევიჩმა ამ სცენის გადაღება…“
იტალიური კინოს ვარსკვლავს, ორნელა მუტის ოთარ კობერიძე რუსულ-იტალიურ ფილმ „სიცოცხლე მშვენიერიას“ გადაღებისას შეხვდა.
ოთარ კობერიძე: „იმ პერიოდში ორნელა ძალიან გულჩათხრობილი იყო. გადასაღებ მოედანზე, ჩრდილში ვისხედით და თავის გულისტკივილს მიზიარებდა. მიამბო როგორ აწამებდა ქმარი. არ აძლევდა ბავშვის ნახვის უფლებას, თან დიდ თანხას ითხოვდა. მითხრა, მხოლოდ ერთი საფიქრალი მაქვს, ფული შევაგროვო და ბავშვი გამოვისყიდოო. ვუთანაგრძნე ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე, ნიჭიერ მსახიობს, იტალიელი ახალგაზრდების კერპს. მან მადლიერების ნიშნად თავი მკერდზე დამადო, მეც ლოყაზე ვაკოცე…
მეორე დილით გადასაღებ მოედანზე ჟურნალით ხელში მოვარდა მხიარული ორნელა. „ოთარ ნახე, რა გამოაქვეყნეს „ჭორიკანებმა“? და ჟურნალი მაგიდაზე გადამიშალა, ფოტოზე ორნელას ჩემს მკერდზე ედო თავი და მე კი ვკოცნიდი… იქვე დაემონატჟებინათ ორნელას ქმრის დაღრეჯილი სახე და წარწერა „ორნელა თავისი ახალი თეთრთმიანი სიყვარულით“…
ოთარ კობერიძეს ბრიჯიტ ბარდო გადასაღებ მოედანზე არ გაუცვნია. გადასაღებ მოედანზე მან ცნობილი მსახიობი მარიო ადორფი გაიცნო. დამეგობრდნენ. მარიო ადორფმა შინ რომშიც დაპატიჟა, შემდეგ კი დაუვიწყარი თავგადასავალი აჩუქა. სტუმრად წაიყვანა ტავის მეგობარ ქალთან, ბრიჯით ბარდოს დუბლიორთან, „ტყუპისცალთან“, რომელთანაც იმხანად ნამდვილი ბრიჯიტ ბარდო იმყოფებოდა.
ოთარ კობერიძე: „ბრიჯიტი ინკოგნიტოდ იყო ჩამოსული – ემალებოდა სენსაციების მაძიებელ ფოტორეპორტიორებს და ცხოვრობდა თავის მეგობარ ქალთან რომიდან 40 კილომეტრით დაშორებულ პატარა ქალაქ აპრელაში, ძველისძველ ერთსართულიან სახლში, რომელსაც წინ მობიბინე მოლი ამშვენებდა. მარიოს შეყვარებული შინ შეგვიძღვა. ბრიჯიტ ბარდო მშვიდად იჯდა სავარძელში და წიგნს კითხულობდა. როდის როდის ინება თავის აწევა. ამათვალიერა და ღიმილით გამომიწოდა ხელი. თვალი მომჭრა მისმა მშვენებამ. ალბათ კარგა ხანს გაგრძელდებოდა ჩემი გაოეცება მარიოს რომ არ ეშველა. ცოტა ხნის შემდეგ მე, მარიო, ბრიჯიტ ბარდო და მისი `ტყუპისცალი~ `მშვიდად~ შევექცეოდით ყავას და ფრანგულ კონიაკს. ისმოდა მუსიკა. თვალწარმტაცი იყო თაყვანისმცემლებსა და ჟურნალისტებს მორიდებული, შვინდისფერ ლაიკის შარვალსა და ხალვათ კვართში გამოწყობილი ბრიჯიტ ბარდო. მარიომ თვალი ჩამიკრა, უცებ ბრიჯიტმა ხელი დამიქნია და ეზოში გავარდა. სპორტულ ბეემვეში მჯდარი ქალი მაცდურად მიღიმოდა. ვისკუპე და გვერდით მივუჯექი. თავაწყვეტილი მიჰქროდა მანქანა, ოქროს თმებს ქარი ურხევდა ბრიჯიტს. მათრობდა მისი ელვარე ტანი… სპიდომეტრის მოუსვენარი ისარი 190-ს უჩვენებდა, მერე 220-ს გადააჭარბა… ხომ არ გეშინიაო, _ გამიღიმა ბრიჯიტმა. ხელები გავშალე _ პირიქით უდიდეს სიამოვნებას მანიჭებ მეთქი.. ბრიჯიტმა სწრაფად მოაბრუნა მანქანა და ვილაში დავბრუნდით. მხიარულად შეგვხვდნენ მარიო და მისი ოქროსთმიანი სატრფო. ბრიჯიტმა ტაში შემოკრა და უჩინარმა ხელმა მუსიკა ჩართო, მეორე ტაშზე ვახშამი გაიშალა… ქალები ტანსაცმლის გამოსაცვლელად გავიდნენ. „უთხარი შარვალით დარჩეს, ძალიან უხდება“ – წავჩურჩულე მარიოს. „შენ უთახრი, მაგის თქმის უფლება უკვე მოიპოვე“ – ხმამაღლა მომაძახა მარიომ… ეს იყო 1969 წელს. მერე სამწუხაროდ აღარ შევხვედრივარ ბრიჯიტს…“
ოთარ კობერიძეს ხშირად იღებდნენ უცხოეთში, ვიღას არ ხვდებოდა გადასაღებ მოედანზე, რა არ იბეჭდებოდა იქ – ტაბოიდებში და რა ხმები არ აღწევდა აქ, მაგრამ ვერაფერი არყევდა იმ სიყვარულს რომელიც აელვარდა აქ, „ბაში-აჩუკის“ გადაღებისას…
განგებამ თავის ცხოვრების მუდმივ თანამგზავრს – ელეგანტურობისა და სილამაზის სიმბოლოს ლია ელიავას სწორედ „ბაში-აჩუკის“ გადაღებისას შეახვედრა. მისმა ელვარე სილამაზემ გადასაღებ მოედანზე მოსჭრა თვალი…
წარმოიდგინეთ: ბაში-აჩუკისა და აბდუშაჰილის შეხვედრის ეპიზოდს იღებენ ტყეში. უფრო სწორად – აპირებენ გადაღებას და რატომღაც გვიანდება გადაღების დაწყება, არადა ყველა მზადაა – ირკვევა რომ ლია აგვიანებს, ელიავა. ოთარი მოთმინებას კარგავს, ღიზიანდება, რატომ უნდა ელოდოს მთელი გადამღები ჯგუფი ამ ლია ელიავას, ვინაა ასეთი? ლამის თავზე დაათენდებათ მის ლოდინში და აი, გადასაღებ მოედანზე დოდო აბაშიძე კალმით ნახატ ქალს შეიყვანს და… ეს სილამაზე ყველას დაამუნჯებს, ყველას დაავიწყებს რომ სწორედ მას ელოდნენ ამდენ ხანს… ოთარი იგრძნობს რომ თვალთ უბნელდება, აეყუდება ხეს, რომელიც ყველაზე ახლოსაა. ესაკია ყვირის „მატოორ“ – კობერიძეს არაფერი ესმის, კობერიძე ვერაფერს ხედავს… ის მხოლოდ ლია ელიავას ხედავს – ის უკვე უგონოდ შეყვარებულია ქალზე, რომელსაც პირველად ხედავს. მალევე ეტყვის და შემდეგაც, წლების შემდეგაც არაერთხელ გაუმეორებს რომ მას მერე თვალებდაბნელებული დადის, რომ პირველი დანახვისას ლამის დამუნჯდა, რომ ისეთი შეგრძნება ჰქონდა რომ ენა ჩაუვარდა მუცლად…
ეს ოთარმა ნახა იმ დღეს ლია ელიავა პირველად, ლია ელიევას კი იმ დღემდე ახსოვდა მისი ნაცეკვი ესპანური ცეკვა… ინტერვიუში მიამბობდა, როგორ წაიყვანა დედის მეგობარმა ნინა სტიპანოვამ კინომსახიობთა სტუდიაში გამოსაშვებ საღამოზე, როცა ის 6 წლის იყო. დედის მეგობარი ცეკვას ასწავლიდა იმ სტუდიაში. ლია ელიევა მრავალი ათეული წლის შემდეგ, კვლავ აღტაცებით იხსენებდა როგორ იცეკვა იმ საღამოზე ერთმა ბიჭმა ესპანური ცეკვა, როგორ მოიხიბლა მაშინ მისი ცეკვით და როგორ დაუყარა ყვავილები ფერხთით… „მაშინ ვნახე პირველად. იგი ცეკვავდა ესპანურს, ეს ცეკვა დღესაც მახსოვს“ – იხსებდა ლია ელიავა და იხსენებდა იმასაც როგორ გაახსენა ეს ცეკვა შემდეგ პირველ პაემანზე ოთარ კობერიძეს…
თავად ოთარ კობერიძე კი ინტერვიუში ასე მიამბობდა: „ლია გავიცანი „ბაში-აჩუკზე“ მუშაობისას, მანამდე არ ვიცნობნდი. ერთ-ერთი ღამის სეცნის გადაღებისას მე მას მოვუყევი, აქ კი ოტელოს სიტყვებს მოვიშველიებ, „ჩემგან გამოვლილი ჭირისთვის მან მე შემიყვარა, მე შევიყვარე ჭირთა ჩემთა თანაგრძნობისთვის. არ მიხმარია ამის მეტი ჯადო-თილისმა“. მე და ლიამ დიდი ცხოვრება განვვლეთ, ერთად ვიყავით ჭირსა და ლხინში და მას ერთი წამითაც არ დაუკლია თავისი მზრუნველი ხელი ოჯახის კეთილდღეობისათვის…“
ეკრანებზე გამოვა „ბაში-აჩუკი“, ქალაქს კი ხანძარივით მოდება ლიას და ოთარის სიყვარულის ამბავი, იქნება გნიასი, მითქმა და მოთქმა, პროგნოზები – ზოგის ვარაუდით ხანმოკლე იქნება მათი სიყვარული, ზოგის ვარაუდით – ხანგრძლივი. მოკლედ – მძვინვარე რომანი და ხელისმოწერა – ყოველგვარი პომპეზურობის გარეშე. ენაჭარტალებს არც ის გამორჩებათ, რომ ეს ქორწინება ორივესთვის – ლიასთვისაც და ოთარისთვისაც მეორე ქორწინებაა. იმ დროს ოთარი უკვე გაშორებულია პირველ მეუღლეს, რომლისგანაც 10 წლის გია ჰყავს…
„ბაშიაჩუკი“ ორივე სახელს გაუთქვამს, ორივე გახდება ქართული კინოს ნამდვილი, კაშკაშა ვარსკვლავი. არ მოაკლდებათ არც წარმატება, არც დაბრკოლებები. შეეძინებათ ნანა კობერიძე, რომელიც შემდეგ მხატვარი გახდება და შეეძინება ანკა მანჯგალაძე…
ლია და ოთარი მართლაც ერთად იქნებიან ჭირსა და ლხინში, იქნებიან თანამოაზრეები – მხარს დაუჭრერენ და ბოლომდე უერთგულებენ საქართველოს პირველ პრეზიდენტს. ერთად გამოივლიან იმ მძიმე წლებს, როცა მათ არაერთი კოლეგა, მეგობარი განუდგება პოლიტიკური პოზიციის გამო…
ისინი მართლაც ერთად იქნებიან ჭირსა და ლხინში. მაშინაც კი, როცა „კაგებემ“ საშინელი, ბინძური კამპანია წამოიწყებს ოთარ კობერიძის წინააღდეგ, როცა შეეცდებიან მის დადანაშაულებას უწლოვანი გოგოების გარყვნაში, ოთარ კობერიძის გვერდით იდგება… სწორედ ლია ელიავა! ეს ფაქტი შოკისმომგვრელი აღმოჩნდება „კაგებესთვის“…
და საერთოდ, ლიაზე არ იმოქმედებს არც „კაგებეს“ აგორებული და არც ქალაქში მოარული ჭორები, არც ოთარზე შეყვარებული ქალებისგან მიღებული უამრავი წერილები… და ამ სიყვარულის მოწმე ვიყავი, მე ვხედავდი, როგორ უყვარდათ მათ ერთმანეთი…
ბობოქარი ახალგაზრდობა ჩავლილი იყო, მათ უყვარდათ უკვე წყნარად, ესმოდათ უსიტყვოდ. ეს სიყვარული იგრძნობოდა ყველა ქცევაში, ყველა ჟესტსა თუ ინტონაციაში, საუბრისას თუ უბრალოდ სახელით მიმართვისას… ეს იყო სიყვარული – დანახვიდან უკანასკნელ ამოსუნთქვამდე…
„მე ვარ ამაყი, რომ ვარ ლია ელიავას და ოთარ კობერიძის შვილი, არა მარტო როგორც ორი კინოვარსკვლავის, არამედ როგორც ადამიანების, როგორც თავისი ქვეყნის საოცარი პატრიოტების“ – მეტყვის ნანა კობერიძე და მეც გავიმეორებ:
„მე ვარ ამაყი, რომ ვიყავი ლია ელიავას და ოთარ კობერიძის უმცროსი, არა მარტო როგორც ორი კინოვარსკვლავის, არამედ როგორც ადამიანების, როგორც თავისი ქვეყნის საოცარი პატრიოტების“…
დაიბეჭდა ყოველწლიურ გამოცემაში “სახე(ლ)ები”.
გთავაზობთ ფოტოებს, რომელიც დაცულია ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ ფოტოარქივსა და პირად არიქვში…
ბლოგის ფუნქციონირება დაკავშირებულია გარკვეულ, მინიმალურ სახსრებთან.
ვინც ეცნობით ბლოგს, გაინტერესებთ და გაქვთ საშუალება რომ დაგვეხმაროთ, მადლობელი დაგრჩებით. თქვენი მხარდაჭერით, ბლოგი ყოველდღიურად განახლდება.
რეკვიზიტები მათთვის, ვისაც სურს და აქვს საშუალება დაგვეხმაროს ბლოგის ფუნქციონირებისათვის საჭირო სახსრების თავმოყრაში:
თუკი ერთმანეთს შევადარებთ იმ აღშფოთებას, რომელიც მოჰყვა გუშინ, 14 დეკემბერს პრეზიდენტ სააკაშვილის კადრების გავრცელებას, რამოდენიმე დღის წინანდელ აღშფოთებას, რომელიც მოჰყვა კახა კინწურაშვილისა და თორნიკე გოგრიჭიანის სცენაზე, როლში, 4 წლის წინანდელ კოცნას, არათუ უნდა შეშფოთდე და აღშფოთდე, თავზარი უნდა დაგეცეს, თუ ოდნავ მაინც საღი ხარ და ერთიანად წამპალი არ გაქვს ყველაფერი სინდისთან ერთად.
მასები შოკში კი არა, ლამის კომაში ჩააგდო იმის გააზრებამ რომ ერთმა მსახიობმა მეორეს სცენაზე აკოცა! მერე ალბათ მორიგმა შოკმა მაშინ ჰკრათ, როცა აღმოაჩინეს რომ ეს ახლა გუშინ ან გუშინწინ კი არ მომხდარა, არამედ 4 წლის წინ და მათ, ამ მორალის სადარჯოზე ჩაცუცქულ გუშაგებს – გამოჰპარვიათ.
გამოეპარათ კოცნა, გამოეპარათ ისიც რომ სწორედ ამ სპექტაკლიდან გაიქცა გორის თავზარდაცემულ მერი თავზარაშვილი, როცა ეს სპექტაკლი („დემონები“) გორში, ერისთავის თეატრში, კომედიის ფესტივალის ფარგლებში წარმოადგინა სამეფო უბნის თეატრმა. დიახ, დიახ, აი ასე, სცენაზე სპექტაკლი მიდიოდა, გორის მერე წამოხტა და ყვირილ-ყვირილით „რაგატკით“ ნასროლივით გავარდა დარბაზიდან!
არადა, მთელი ამ მიეთ-მოეთის მთელი არსიც იმაშია, რომ ამ კამპანიის ამგორებლებს არც არაფერი არ გამოპარვიათ. ეს ახლა დასჭირდათ მსახიობ კახა კინწურაშვილის დასჯა და მასზე შურისძიება და ახლა აღიგზნეს თავი და აღაგზნეს მასები. ერთის მხრივ, კახა კინწურაშვილზე ამ ბინძური თავდასხმით კი ყველა მსახიობს მიანიშნეს, რომ მათაც იგივე დღეს დააყრიან, თუკი ისინიც გაბედავენ ხმის ამაღლებას ამ ხელისუფლების წინააღდეგ!
ესაა, თორემ ან იმ თავზარაშვილს რამ დასცა თავზარი, ან ამათ? რა ზარავთ, თეატრი რომ ამგვარ ურთიერთობებს ასახავს? თუ თეატრი ამას არ ასახავს, ეს ყველაფერი გაქრება და მთელი სამყარო გაჰეტერსექსუალაურდება? მალვას და ჩქმალვას რა აზრი აქვს? და თუ თეატრმა ამ ტიპის ურთიერთობები უნდა ასახოს, ეს ურთიერთობები უკაცრავად როგორ უნდა ასახო? მსხიობმა ნაცვლად იმისა რომ მეორე მსახიობს აკოცოს, რემარკა წაიკითხოს – „აკოცა“? თუ თქვას „ვაკოცე“ – რომ უფრო გამომსახველი იყოს? და თუ მსახიობმა მსახიობს უნდა აკოცოს, ეს მსახიობი ამ კოცნისთვის უნდა აბულინგო და აბურთაო?
თავისი პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის ათახსირო და ლაფში აგორაო?
მსახიობის მის მიერ განსახიერებულ როლთან გაიგივება არის სრული იდიოტიზმი და გაუნათლებლობა, ნიშანი იმის, რომ არანაირი წარმოდგენა არ გაქვს არც თეატრზე, არც კინოზე და საერთოდ არანაირ ხელოვნებაზე.
თუმცა, აქვე ისიც უნდა ვთვაქთ, რომ მსახიობის მის მიერ განსახიერებულ როლთან გაიგივება ქართული სინამდვილისთვის ჩვეული მოვლენაა, მაგალითად, „მაგდანას ლურჯას“ ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ, აკაკი კვანტალიანს ბაზარში გლეხმა კიტრი არ მიჰყიდა – უნამუსო კაცი ხარ, მაგდანას ობოლ ბალღებს ვირი როგორ წაართვიო. ისე, აკაკი კვანტალიანმა ამ დღეებში სხვა რაკურსშიც გაიჟღერა – მისმა „კოცნიანმა“ ფოტომ „უდიპლომო სასიძოდან“ მთელი სოცქსელები მოიარა…
დავუბრუნდეთ, მსახიობის გაიგივებას მის მიერ განსახიერებულ როლთან. არაერთხელ მსმენია ოთარ მეღვინეთხუცესს რომ დათა თუთაშხიასთან აიგივებდნენ, ისიც მსმენია, ბევრი თუ როგორ სძრახავდა, მეფე გიორგი განასახიერა და მხარს ამ პიპა ბიძინას როგორ უჭერსო…
მოკლედ, ამ იდიოტურ გაიგივებას თავისი ფესვები აქვს, მაგრამ თუ აქამდე ეს ყველაფერი უბრალოდ ღიმილის მომგვრელი იყო, ახლა უკვე საგანგაშო ხდება – მსახიობს იმაზე განიკითხავენ და ქოლავენ, მისმა პერსონაჟმა რომ ვიღაც სხვა პერსონაჟს აკოცა. ამავე ლოგიკით, ოტელოს როლის შემსრულებელი ქალზე ძალადობისთვის, ფემიციდისთვის გვეყოლება დასასჯელი, ოფელიას როლის შემსრულებელი – საგიჟეთში დასაწვენი….
ეს რა თქმა უნდა ნახევრად ხუმრობით, მაგრამ თუ ამ ბნელ ძალებს გაუვიდათ, ის დრო ნამდვილად მობრუნდება, როდესაც ნანა ფაჩუაშვილს საჯაროდ გმობდნენ თემურ ჩხეიძის „ჯაყოს ხიზნებში“ მარგოს განსახიერებისთვის.
მოკლედ, მსახიობს როლში კოცნისთვის სძრახავდნენ და ათრევდნენ. უმეტესობა მის გამართლებას სწორედ ამ ეგდიდთაც ცდილობდა და აღფოთებულ შავბნელ მასებს მოკრძალებულად უხსნიდა რომ ეს თეატრია, რომ ეს როლში, სცენაზე მოხდა… არადა, რომც სცენაზე კი არა, ცხოვრებაში მომხდარიყო ეს ყველაფერი, ვისი რა საქმეა და ვის რა უფლება აქვს ადამიანი ამის გამო სამარცხვინო ბოძზე გააკრას? მით უმეტეს ვის რა უფლება აქვს ეს კადრები ასე აფრიალოს, თუ ეს კადრები პირადია და არა სცენა სპექტაკლიდან, როგორც ამჯერად იყო?!
მოკლედ, ერთმა კოცნამ წალეკა და აალაპარაკა სრულიად საქართველო. რატომღაც ამის ნახევარმა აღშფოთებამ ვერ გადაუარა საზოგადოებას, მას მერე რაც ნახეს, რაც იკადრა ხელისუფლებამ – კადრების გავრცელებით.
საზოგადოების თვალწინ, მოძალადე ხელისუფლებამ წიხლქვეშ გაიგდო ადამიანის ღირსება, თავმოყვარეობა. მისი სავალალო ყოფა იმ სახით მიაწოდა საზოგადოებას, რა სახითაც არც ერთი ჩვენგანის ყოველდღიურობა არ იქნება თვალწარმტაცი…
მოკლედ, რა გინდა რომ ქნა ამ ქვეყანაში, სადაც იმაზე უფრო შფოთავენ ირაკლი კოტეს აკოცებს თუ კატოს, ვიდრე იმაზე, თუ როგორ სრესავს მოძალადე ხელისუფლება ადამიანს და მის ღირსებას.
ბლოგის ფუნქციონირება დაკავშირებულია გარკვეულ, მინიმალურ სახსრებთან.
ვინც ეცნობით ბლოგს, გაინტერესებთ და გაქვთ საშუალება რომ დაგვეხმაროთ, მადლობელი დაგრჩებით.