Category Archives: მწერლები

შალვა ამირეჯიბის პორტრეტი

„დღეს მე 56 წლისა ვარ. წონითაც 56 კილო გამოვედი. გუშინწინ ზურაბი იყო ჩემთან და ვუთხარი: ვინ იტყვის, რომ ამ წუთისოფელში არაფერი მიკეთებია, რაც უნდა იყოს, წელიწადში თითო კილო მაინც მიგროვებია მეთქი. იცინეს იმან და ალექსანდრე თაყაიშვილმა“ – ამ სიტყვებს გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მისწერს თავის დას დიდი ქართველი მამულიშვილი – ემიგრანტი შალვა ამირეჯიბი…

შალვა ამირეჯიბი – მწერალი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე. კაცი რომლის ღირსებაც აუწონელია.

იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიისა და ამ პარტიის მთავარი კომიტეტის დამფუძნებელიც და წევრიც. დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი, 1924 წლის აჯანყების აქტიური წევრი. აჯანყებისა, რომელიც მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, მართალია დამარცხდა და ვერ შვა ახალი დამოუკიდებელი საქართველო, მაგრამ შვა ახალი სულიერი საქართველო.

თავად ქართლში დაიბდა 1886 წელს.

„მე დავიბადე სოფელ ხურვალეთში, რომელიც ქალაქ გორზედ ოცი ვერსის მანძილზედა სდევს და რომელიც ტირიფონას გადმოსქერის…“ – ასე იწყება შავლა ამირეჯის მიერ ემიგრაციაში დაწერილი ავტობიოგრაფიული, თხზულება, რომლის ფრაგმენტიცაა შემონახული. სადაც იხსენებს ხურვალეთის განაპირას მაღლობზე მდგარ ორსართულიან ნათალი ქვით ნაშენ სახლს, იხსენებს დეტალურად, სვეტებიან, აივნიანად, ოთახებიანად, იმ სახატიანად, რომლის წინაც ლოცვებს აკითხებდნენ, რომელიც ძალზე მაღლა ყოიფილა კედელში და „ვიდრე არ გავიზრდენით, არ ვიცოდით რანაირი ხატები ესვენა იქ…“.

სათავადაზნაურო გიმნაზიის დასრულების შემდეგ ევროპაში მიდის და ისმენს ლექციებს ვენის უნივერსიტეტში.

„1909 წელს მე დავბრუნდი საქართველოში ვენიდგან, ჩემი იქ ორი წლის ყოფნის შემდეგ, თან ჩამოვიტანე არა უნივერსიტეტის დიპლომი, არამედ ლექსების კონა, რომელთა დაბეჭდვას არც თუ ისე ვჩქარობდი. ისეთი ბრწყინვალე და ბუმბერაზ ქალაქების შემდეგ, როგორიც იყვნენ პარიზი, ბერლინი, ვენა და თუ გნებავთ ვარშავაც, თბილისი მინგრეულ-მონგრეულ და ოღრო-ჩოღრო ადგილად მეჩვენა. ვჩქარობდი როგორ მის ნახვას და ჩვენი დედაქალაის შემხედავი პირველ კვირეებში თავს დარცხვენილადაც კი ვგრძნობდი. მაგრამ ყოველი ქალაქი ქალსა ჰგავს, რომელსაც თავისი საკუთარი თილისმა აქვს. ტფილისის ნამდვილმა და თავისებურმა სილამაზემ თანდათან ისევ მომინადირა და თავის უცვალებელ ეშხში გამხვია.

დავტოვე 1907 წელს, ილია ჭავჭვაძის დასაფლავების, იმ ტერორის დაგვირგვინების მეორე დღეს, რომელიც ჩვენში შეუგნებელმა და ანტინაციონალურმა ბნელმა ძალებმა აამუშავეს 1904 წლიდგან და ვპოვე შედარებით დამშვიდებული. ადამიანებს ისე აღარ ხოცავდნენ ქალაქის ქუჩებში და სოფლებში, როგორც უწინ და ნაციონალისტებსა და სოციალისტებს შორის ბრძოლა მხოლოდ გაზეთებშიღა გრძელდებოდა…“

შალვა ამირეჯიბისთვის, ილია იყო ქართული ცნობიერების კოლოსი,  როგორც ნებისმიერი ჭეშმარიტი ქართველისთვის, ილიას შემდეგ დაბადებულისთვის…

„თუ ისტორიულ ანალოგიებს მივმართავთ, შეგვიძლიან ილია ჭავჭავაძის როლი – ყოფილ ქართულ სამეფოების და სამთავროების ერთ ქართველ ერად გარდაქმნის, ერთი ქართული საზოგადო აზრის შექმნის და ერთი ქართული ეროვნული იდეალის დასახვისა – შევადაროთ ბისმარკის მნიშვენლობას გერმანიის გაერთიანების საქმეში. მაგრამ ბისმარკმა გააერთიანა დანაწილებული ცალკე სამფლოლბელოებად, მაგრამ თავისუფალი გერმანელი ერი. ილია ჭავჭავაძემ დამონებული ქართველი ერი გააერთიანა… 

თუ გრიგოლ ორბელიანმა „სადღეგრძელოში“ წარსულის დიდებული სურათი მოგვცა, თუ ბარათაშვილმა ქართული სისიხლის ფილოსოფია გადაგვიშალა, ილია წავაჭავაძემ თავისი დროის საქართველოს შაეხო ხელი, ქართულ ჭრილობას პირი მოუხსნა და იქიდგან სისხლი ადინა.

… ილია არ იყო არც პოროპაგანდისტი, არც აგიტატორი, არც პარტიის კაცი და მითუმეტეს პარტიის ლიდერი. ის იყო ქართული სულის ფილოსოფოსი, ჭეშმარიტი მანთავისუფლებელი ქართული აზროვნების და ქართული პიროვნების, ეროვნული და ადამიანური მონობისაგან. ის იყო ლიბერატორი, რომლის აზროვნების ნიადაგი და ძირი ქართული ეროვნული სული და ეროვნული ცხოვრება იყო. მის ეროვნულ იდეოლოგიაში არაფერია ნასესხები, უცხო და გადამთიელი, აქ არ არის არც მარქსის თეორია, არც ერფრუტის პროგრამა, არც რუსული პლეხანოვისებური მენშევზიმი. ილია თავით ფერხამდის ქართული სისხლის, ქართული გენიის, ქართული ისტორიის და ქართული იდეალის ქადაგებაა. მის შემდეგ ქართულ აზროვნებას ახალი არაფერი შემატებია და როგორც შეშვენის ჭეშნარიტ გენიოსს, ილიამ დიდი ხნით განსაზღვრა, როგორც ქართული ეროვნული იდეოლოგია, ისე კალაპოტი, რომლითაც ქართული ცხოვრება უნდა წავიდეს. ილია ქართული ეროვნული აზროვნების და ქართული ეროვნული თავისუფლების უკვდავი მღადადებელია“ – წერდა შალვა ამირეჯიბი…

თავისუფლების უკვდავი მღადადებელია“ – წერდა შალვა ამირეჯიბი…

ქართულ ჟურნალ-გაზეთებთან თანამშრომლობა ევროპიდან დაბრუნებისათანავე დაიწყო. თუმცა, ჯერ კიდევ ვენაში ყოფნისას გამოაქვეყნა ორი ლექსი ვალერიან გუნიას ჟურნალში. მწერლების წრეში ბავშვობიდან ტრაილებდა _ ოჯახის ახლობელი იყო მარიამ დემურია, რომელთანაც თავს იყრიდნენ გამოჩენილ მწერლები და საზოგადო მოღვაწეები – აკაკი წერეთლის ჩათვლით.

1920 წელს გამოვიდა მისი ლექსების ერტადერთი კრებული „მინანქრები“.

ორიოდე წლით ადრე კი პოეტმა ამირეჯიბმა იქორწინა თავის მუზაზე – ვერიკო ანჯაფარიძეზე. 

იგი ეტრფოდა ვერიკო ანჯაფარიძეს და 1918 წელს 32 წლის შალვა ამირეჯიბმა ცოლად შეირთო 18 წლის ვერიკო ანჯაფარიძე… შეეძინათ ქალიშვილი, რომელიც მალევე გარდაიცვალა. შალვა ამირეჯიბი სიკვდილამდე ერთგულებდა თავის პირველ და უკანანსკნელ სიყვარულს – არც ემიგრაციაში ყოფნისას შეურთავს ცოლი…

1918 წელი მეტად მნიშვნელივანი იყო მის ცხოვრებაში – მისი სამშობლო თავისუფალი გახდა.

„26 მაისის დილას, 1918 წელს, მეც ისე ვღელავდი, როგორც ალბად ბევრი სხვა ქართველიც და ადრე ავდექი, ხუმრობა საქმე არ იყო. ასჩვიდმეტი წლის მონობის შემდეგ, საქართველო თავის დამოუკიდებლობას აცხადებდა. ახლა ადვილია ამაზედ ლაპარაკი, მაგრამ ამ დილის ელდა, ასჩვიდმეტი წლის ოცნებით ნაზარდი, დღესაც გულში მიდევს. რამდენი ჩავიდა საფლავში თაობა, რომ ეს ოცნება თან ჩაიტანა?!“– წერს  უკვე ემიგრაციაში ყოფნისას შალვა ამირეჯიბი და დეტალურად იხსენებს იმ დღეს…

იმხანად ვერაზე უცხოვრია, მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძის მეზობლად.

იმ დილას შინიდან გამოსულისთვის, თვალებგაბრწყინებულ მოქნადაკეს ფანჯრიდან დაუდევნებია სიტყვა –„აბა თქვენ იცით, სეიმი უნდა დაიშალოს, სეიმს ტფილისთან ხელი არ აქვს, აქ საქართველოა თუ გაჭირდა ყველანი იქ მოვალთ!.“

იაკობ ნიკოლაძეს, ისევე როგორც არაერთ ქართველს მაშინ, ნერვებს უშლიდა ნოე ჟორდანიას მიერ ეროვნულ ყრილობაზე ნათქვამი „დაგვიანება არ ვარგა, მაგრამ არც აჩარება ვარგაო“. ჰოდა ნიკოლაძე ამირეჯიბს ჟორდანიასთან აბარებს: „უთხარი იმ კაცს, უთხარი ჩემგან, ყველასგან, მთელ საქართველოსგან, რომ ეხლა მხოლოდ აჩაქარება ვარგა, დაგვიანება კი მაშინაც არ ვარგოდა-თქო“.

„ყველა ჩვენი ცხადი, თუ საიდუმლო დადგენილებანი იაშამ (იაკობ ნიკოლაძემ) მუდამ ზეპირად იცოდა. იცოდა აგრეთვე ისიც რომ ეროვნული საბჭო დღეს დამოუკიდებლობას აცხადებდა, მაგრამ იაშა მაინც ანჩხლობდა და იმისი ანჩხლობის მიზეზიც ისეთივე კანონიერი იყო, როგორც ბევრი სხვა ქართველის. თექვსმეტი თვე იყო რაც რუსეთი დაიშალა, 16 თვე იყო აგრეთვე რაც საქართველო უპატრონო ურემივით ეგდო და ჩვენი დემოკრატია ჯერ კიდევ თავის რევოლუციურ ორღობეს არ გასცლოდა.

წინა დღეებში სოციალ-დემოკრატიულ პარტიას კრება ჰქონდა, რომელზედაც დამოუკიდებლობის გამოცხადების საკითხი სწყდებოდა, საზოგადიებაში ხმა დადიოდა რომ კრებაზედ ბევრ დრამატულ სცენას ჰქონდა ადგილი. ლაპარაკობდნენ რომ ვიღაცას გული შეუწუხდა, ვიღაცამ თავის აზრის პროტოკოლში შეტენა მოითხოვა, „აზრი“ კი დამოუკიდებლობის საწინააღდეგო იყო…. ოდესმე ისტორია იტყვის, რა მოხდა ამ კრებაზედ და ვინ იყო დანამდვილებით ის ხალხი, რომელიც ასე მისტიროდა რუსეთს. ერთი კი მაშინაც ვიცოდით. საქართველოს დამოუკიდებლობის აზრი, ქართულმა სოციალ დემოკრატიამ მიიღო არა ერთხმად, არამედ ხმის უმეტესობით. ეს „საიდუმლო“ იაშამაც იცოდა და ამიტომ ანჩხლობდა. მე უკვე დავშორდი იაშას რომ მომაძახა:

– სხდომაზე დასწრების ბილეთი არ მაქვს, მე მინდა დავესწრო ქართული პარლამენტის პირველ სხდომას. ასე გადაეცი ყველას!.

იაშა დაესწრო, არა მარტო პირველ სხდომას, მგონია, ყველას. იჯდა ჟურნალისტების ლოჟაში, ხანდახან დეპუტატების სილუეტებსაც ხატავდა…

„ნუთუ არ მოგბეზრდა პარლამენტში ჯდომა და დეპუტატების უთავბოლო ლაპარაკის ყურის გდება?“ – ჰკითხეს ერთხელ სკულპტორს.

– არა! მე ვსტკბები ჩვენის დამოუკიდებლობით. დამოუკიდებლობა ნამდვილი საზრდოა. ადამიანი ყოველდღე ღებულობს საზრდოს. მაგრამ არასოდეს არა სწყინდება“! – იხსენებს შალვა ამირეჯიბი და განაგრძობს, თუ როგორ ჩაიარა ფეხით რუსთაველი, თუ რა მშვენიერი ტფილისური დილა იდგა, სასტუმრო „ორიენტთან“ პეტრე ქავთარაძე შეხვედრია, ის პეტრე ქავთარაძე, რომელიც ეროვნული საბჭოს იურიდიული კომისიის წევრი იყო და დამოუკიდებლობის აქტის შედგენა ჰქონდა მინდიბილი და „იაღლაში პორტფელგარჭობილი სადღაც გარბოდა“.

– რაო, თქვენი აქტი? ვკითხე ჩემს ძველ მეგობარს.

– აქა მაქვს! მომიგო მან და პორტფელი მანიშნა.

ისტორიული პორტფელი! ისტორიული კაცი! ისტოქრიული აქტი მეთქი. გავიფიქრე მე, მაგრამ გაირკვა რომ ეს აქტი, ჯერ კიდევ შედგენილი არ იყო…“

პეტრე ქავთარაძე კომისიის სხდომაზედ გარბის უკანასკნელი რეადქციისთვის, აქტი პატარაა, სულ 5-6 მუხლისგან შესდგება, მაგრამ სოციალ-დემოკრატები ძირითად დებულებებს უბათილებენ, დაობენ, კამათობენ… ქავთარაძე წუწუნებს „ნახავ, ვერც აქტი გამოვა რიგიანი და პარლამენტის გახსნაზეც უსადილოდ მოვალ“.

„აღარ მახსოვს რომელი საათი იყო, როცა სეიმში შევედი და დიდი ამბების მოლოდინში, ჟურნალისტების ლოჟაში მოვთავსდი ქართული პარლამენტის წევრობის ბილეთი უკვე ჯიბეში მედო. ამ დღეს, როგორც შემდეგ პარლამენტის პირველ სხდომაზედ ჟორდანიამაც აღნიშნა, ჩვენ ვიყავით მოწმე, როგორ მოკვდა ერთსა იმავე დარბაზში ერთი სახელმწიფო და დაიბადა – მეორე. პირველი ამიერ-კავკასიის რესპუბლიკა იყო, მეორე – საქართველო!

სეიმის უკანასკნელი კრება დაღვრემილი, უხალისო და უფერული იყო. პირველად ვნახე ჩემს სიცოცხლეში სახელმწიფოს „სიკვდილი“. და ისიც ასე დრამატიზმს მოკლებული. სახელმწიფონი კვდებიან ომში, ან რევოლუციაში. ჩვენი ამიერ-კავკასიის რესპუბლიკა ტრიბუნაზედ მოკვდა.

…ამიერ-კავკასიის რესპუბლიკა კვდებოდა ისე, რომ არავისში სინანულს არ იწვევდა…“.

სეიმის დაშლის მერე, სომხები და აზერბაიჯანელები წავიდნენ, ქართველი წევრები თავის ადგილზე დარჩნენ და: „ქართული პარლამენტის დანარჩენი წევრები ლოჟებიდან სხდომის დარბაზში გადავლაგდით და პირველი ქართული პარლამენტი ასე შესდგა… საქართველოს პარლამენტი დაიწყო!

დარბაზში სანახაობა უცებ შეიცვალა. ლოჟებში ისხდნენ კათალიკოსი ლეონიდე, ქართული ჯარის სარდლობა, გრაფი შულენბერგი თავისი გერმანელებით და კავკასიის ერთა წარმომადგენლები, ცარიელი იყო მთავრობის ლოჟა, რომელიც ჯერ არ გვყავდა…. ჟორდანიამ, საქართველოს ეროვნული საბჭოს თავჯდომარემ, „დამოუკიდდბლობის აქტი“ წაიკითხა. ვერ ვიტყვი რომ ამ აქტისთვის მაშინ დიდი ყურადღება მიმქეციოს. ყველამ ის, ვინც ამ 16 თვის განმავლობაში დამოუკიდებლობას ითხოვდა, ისე იყო გაწვალებული რევოლუციონერულ-დემოკრატიის ეროვნული ნიჰილიზმით, რომ ყოველი სიტყვა მისგან საქართველოზედ და საქართველოსთვის თქმული, დიდ ღვთის წყალობად მიგვაჩნდა. ყველაფერს ნაჩუქარ ცხენის ფასი ჰქონდა, რომელსაც კბილებს აღარავინ უშინჯავდა. ფეხზედ ავდექით და ტაში დავუკარით, ჰიმნი ვერ ვიმღერეთ, რადგან არცა გვქონდა. ყველაზე უწინ პარლამენტის პრეზიდიუმი აირჩა…

ამრიგად, საქართველო დამოუკიდებელი გახდა. … იყო რაღაცა ელდა, რომელიც ახლა ამ სიხარულს და რომელსაც განზრახ ყველა მალავდა ამ დღეს. საქართველო დამოუკიდებელი იყო, მას ჰყავდა თავის ეროვნული მთავრობა, მაგრამ ის არ იყო გმირი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებაში ეროვნული ბრძოლის მოედნიდან მოვიდა… ეს იყო ხალხი, რომელმაც დიდხანს აბრეცინა თვალი საქართველოს, ვიდრე „მუშათა და გლეხთა საბჭოდან“ მერე „ამიერკავკასიის კომისარიატიდაგან“ შემდეგ ამიერ-კავკასიის რესპუბლიკიდგან საქართველოს მთავრობაში მოვიდოდა. ეხლა მიღებულია რომ თითქოს ეს ეტაპები აუცილებელი იყო, მაგრამ დავიწყებულია რომ ეს „აუცილებლობა“ დიდი ხანია ხელოვნურად იყო შექმნილი. ქართველი სოციალ-დემოკრატები თვითონ შეძვრნენ ოდესღაც იმ ხვრელში, რომელსაც კავკასიის და სრულიად რუსეთის დემოკრატია ერქვა და იქიდან გამოძვრომის დროს საქართველოს სახე დააკაწრეს.

როდესაც პარლამენტის კანცელარიის მდივანმა ილ. ზურაბიშვილმა ეს აქტი სასახლის აივნიდგან ტფილისის ხალხსაც წაუკითხა, არც ეს „ხალხი“ იყო მაინცდამაინც მრავალი და თვალი იქიდანაც ამ აქტს წითელ დროშაზე ჩამოხატულმა მარქსმა ჩაუკრა – ამ დღეს ჩვენს პარლამენტზედ სოციალიზმის დროშა ფრიალებდა და ეროვნული დროშა მგონია მხოლოდ ნახევარი წლის შემდეგ გაჩნდა იქ!..

დასასრულ, ეს იყო ყველაზედ გრძელი პროცედურა ამ სხდომაზედ – დეპუტატებს დამოუკიდებლობის აქტზედ ხელი უნდა მოეწერათ. მღელვარება და სიხარული საერთო გახდა. წუთი, კაცი და ქაღალდი ისტორიული ხდებოდა! საღამოს მეექვსე საათი იყო. მთელი დღის უჭმელ პეტრე ქავთარაძეს ცოლმა რაღაც შეხვეული მოუტანა. ეს იყო ცოტა ღვინო პატარა შუშაში და პატარა დასაწყნარებელი. პეტრემ ღვინო შუა გამიყო და საქართველოს სადღეგრძელო შევსვით“.

საქართველო დამოუკიდებელი გახდა, ჰყავდა ეროვნული მთავრობა, მაგარამ ამ მთავრობას ეცხო კი რაიმე ქართული? 

შალვა ამირეჯიბის მრისხანებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა თბილისში ერეკლე მეფის სახელობის ერთ პატრა სკოლას ერეკლეს სახელი მოხსნეს და ვიღაც რუსის სახელი მიწაეპეს.

„ვინ იყო ეს რუსი, აღარ მახსოვს და არც საყურადღებოა. როცა ქვას გესვრიან, სულ ერთია მარმარილოა თუ რიყის ქვა. ქართულმა „დემოკრატიამ“ ამ დღეს მაღლა შეაფურთხა და მერე სახე შეუშვირა. ეს სეირი მთელმა საქართველომ ნახა! ახლა როცა ამ დემოკრატიის „უწარჩინებნულესი“ ნაწილი, ერისა და ქვეყნის სასახელოდ პარიზის ტროტუარებს სტკეპნის და თავის ბედნიერი თავლით ხედავს, რომ დემოკრატიის ქალაქში ცოცხალი პრეზიდენტის გვერდით, გაქვავებულ მეფეთა ძეგლებიც ბევრია, იქნებ ვინმე დაგვეთანხმოს რომ საფრანგეთის დემოკრატია არც თუ ისე ჩამორჩენილი ყოფილა…“ – წერს შალვა ამირეჯიბი უკვე ემიგრაციაში ყოფნისას და გულისტკივილით აღნიშნავს, რომ „ეროვნული გრძნობის ასეთი შელახვა და ეროვნული წესრიგის ასეთი დარღვევა დამოუიკიდებლ საქართველოში ფეხის ყოველ ნაბიჯზე ხდებოდა. განა ვისთვის იყო საჭირო რომ ტფილისის ერთ უმთავრეს ქუჩას „პლეხანოვის პროსპექტი“ დაარქვეს? მხოლოდ რამდენიმე თუთიყუშისთვის, რომელიც პლეხანოვს საქართველოში ჰყავდა.

განა დღეს ბევრს ახსოვს რომ „ქართული“ მიწის კანონი რუსმა ნერუჩევმა დაწერა?! ამ კანონს მერე ცოტა ფერი უცვალეს, ხომერიკის თხზულებად მონათლეს და ცხოვრებაშიც შემოიღეს. საქართველოს მინვრებში სტეპკა რაზინის, პუგაჩოვის და ლენინის სული დასთესეს…“

საქართველო დამოუკიდებელი იყო, მაგრამ ქვეყანაში ქართველთათვის გაუგონარი ტერორი დაიწყო – მენშევიკური აგიტაციით დამუხტულები ხოცავდნენ თავად-აზნაურობას. ხოცავდნენ კაცებს, ქალებს, მოხუცებს, ბავშვებს, ქარელში დედა-წულიანად ამოწყვიტეს ციციშვილების ოჯახი. გვამებით სავსე სახლში ძაღლები შერეკეს და კარები გამუკეტეს – ასე გაატრეს ძაღლებმა მკვდრებს შორის რამდენიმე დღე, მაგრამ თავის პატრონების ხორცს პირი არ დააკარეს. შალვა ამირეჯიბმა წერილი გამოაქვეყნა „საქართველოში“ – თუ ადამიანები არ გეცოდებათ, ძაღლები მაინც შეიცოდეთო.

კითხულობ დღეს შალვა ამირეჯიბის მიერ ძარღვიანი ქართულით ნაწერ პუბლიცისტურ წერილებს, რომელსაც დღემდე არ დაუკარგავს აქტუალობა და არ დაკარავს კიდე დიდხანს.

მეტად აქტუალურია მისი წერილი ცხინვალთან დაკავშირებით.

„ცხინვალი, შესაძლებელია, საქართველოს საბედისწერო ფრონტად იქცეს. იქ სწარმოებს ნამდვილი ომი, ყველანაირი ჯურის იარაღის საშუალებით… ეს ომი ადვილად არ გათავდება…

პოლიტიკა წაგლეჯისა, აი, რა არის დღევანდელი ლოზუნგი და ოსებმაც აშკარად განაცხადეს: ცხინვალი ჩვენია, საქართველოს მაღლობი ოსეთია! …ისეთი პატარა და უკულტურო ერისთვის, როგორიც არის ოსობა, არაფერია იმაზე ადვილი, რომ განუხორცილებელ ოცნებებით იკვებებოდეს. და მათ პატრიოტულ თავში საქართველოს გულში დამოუკიდებელ ან ავტონომიურ ოსეთის შექმნის იდეია აღმოცენდა, არის ეს პოლიტიკური იდეია ან ნაციონალური მისწრაფება? ჩვენ ვფიქრობთ, რომ  არა. თვით ჩვენ დროშიც, რევოლიუციისა და ერთა თვითგამორკვევის ხანაში, ეს იდეია ავაზაკურ იდეიად დარჩება. ჩვენ არ ვიცით საქართველო უფრო ქართული, ვიდრე ის ადგილი საქართველოსი, სადაც ამჟამად ოსები ცხოვრობენ. ეს არის ზურგი საქართველოსი, მისი ხერხემალი.

… ჩვენ გვსმენია მრავალი პოლიტიკური ფანტაზია, მაგრამ ოსეთის სახელმიწფო საქართველოში – არა. … დღეს უკვე აშკარად ლაპარაკობენ რომ მთელ ამ სამწუხარო ისტირიას დიდი კავშირი აქვს ჩრდილოეთ კავკასიის უკანასკნელ დროის ამბებეთან და შესაძლებელია, პოლიტიკური იდეალის ტვირთი, რომლის ზიდვა მას არ შეუძლიან, სულ გარეშე ძალამ აჰკიდა ოსობას. ჩვენ ვსცხოვრობთ ისეთ დროს, როდესაც სცდებიან და ავანტიურაში ებმებიან არა მარტო ცალკე პირნი, არამედ მთელი ერებიც. ცხინვალის ამბები საშიში მოჩვენებაა საქართველოს მომავლისთვის და საჭიროა არა მარტო მისი სახელმწიფო ლიკვიდაცია, არამედ სიმკაცრეც რომ იგი არ განმეორდეს“ – ამ სიტყვებს შალვა ამირეჯიბი 1918 წელს წერდა..

შალვა ამირეჯიბმა ამ ქვეყნად 57 წელი იცოცხლა, აქედან 20 წელი – სამშობლოდან გადახვეწილმა, შორს ემიგრაციაში გაატარა.. სამშობლო 1924 წელს, აგვისტოს აჯანყების დამარცხების შემდეგ დასტოვა.

გულს კლავს მისი მოგონაბა:

„ხოფაში გემზედ აგვიყვანეს, მაგრამ ჩვენამდე ოთხასი ხარი და ძროხა ჩასხეს შიგ. ამრიგად ოთხასი სული საქონელი და ცხრა ემიგრანტი!

ვიღა ვართ ჩვენ აჯანყების გმირები, თუ ამ ოთხასი ხარის ფილოსოფიური დამატება, რათა ჩვენ თავად და ამ ოთხასი ხარის მაგივრად მხოლოდ ამქვეყნიური ამაოების შესახებ ვიფიქროთ!?“.

დაიბეჭდა გაზეთ “ქართულ უნივერსიტეტში”

რეზო შატაკიშვილი დიდოსტატ კონსტანტინეს ასულზე

მას „თამარი“ მამამ დაარქვა – თამარ შერვაშიძის „მიხედვით“…

თამარ გამსახურდია თამარ შერვაშიძის მსგავსად ატარებდა ნაწნავებს და საერთოდ რაც დიდმა კონსტანტინემ თავის პერსონაჟებში – თამარში, დედისიმედში, შორენაში ჩააქსოვა, როგორც თამარის თანამედროვენი იხსენებენ, გარკვეულწილად აირეკლა თამარის ხასიათში… თითქოს გენეტიკურად გადაეცა მამის პერსონაჟების თვისებანი და მათი ტრაგიკული ბედიც…

მას ადარებდნენ თამარს, მაგრამ არა შერვაშიძეს, არამედ დიდ თამარს – „ალბათ თამარ მეფე იქნებოდა ასეთი დარბაზობისას…“ – ასე იტყვის დისერტაციის დაცვისას თამარით აღფრთოვანებული დიმიტრი ჯანელიძე…

თამარ გამსახურდიას სახელი მთლიანდ მამის და ძმის ჩრდილში მოექცა. ის ვერ იქცა ეპოქის, ეროვნული იდეის, თავისუფლების სიმბოლოდ, ვერც პოპულარული გახდა კონსტანტინეს და ზვიადის მსგავსად, მაგრამ თამარ გამსახურდია, დედის – მირანადა ფალავნდიშვილის დარად დარჩა კეთილშობილების და თავმდაბლობის სიმბოლოდ. ამბობენ რომ სწორედ მირანდა და თამარი აწონასწორებდნენ მრისხანე და შეუპოვარ მამა-შვილს – კონსტანტინე და ზვიად გამსახურდიებს…

თამარ გამსახურდია მირანდასთვის პირველი შვილი იყო, კონსტანტინესთვის – მეორე ასული. თამრი რომ დაიბადა, კონსტანტინეს უკვე ჰყავდა ქალიშვილი  – ნათელა, რომელიც მას შეეძინა პირველი ქორწინებიდან, რევეკა ვაშაძისგან.

თამარ გამსახურდია დაიბადა ავბედით 1937 წელს, შინ დედ-მამის გარდა, 9 წლით უფროსი მამიდაშვილი  –თათია ხაინდრავა დახვდა, რომელიც ბიძის  –კონსტანტინეს ოჯახში იზრდებოდა. სწორედ ამიტომ,  დედასთან, მირანდასთან ერთად, თამარის აღზრდაში სწორედ თათია ხაინდრავამაც შეიტანა წვლილი. შედგომში მხატვრული კითხვის დიდოსტატი, „ვეფხისტყაოსნის“ სწორუპოვარი მკითხველი, თათია ხაინდრავა სწორედ პატარა თამართან და ზვიადთან გადიოდა რეპეტიციებს, სწორედ მათ უკითხავდა „ვეფხისტყაოსანს“…

ცელქმა მაგრამ უპრეტენზიო თამრიკომ სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა და უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე შევიდა. შოთა მესხიას ხელმძღვანელობით ამუშავებდა ადრეფეოდალური ხანის ქალაქების ისტორიას. მონოგრაფია 1966 წელს დაასრულა და ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატიც გახდა. დისერტაციის დაცვამდე კი უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე ნახევარშტატზე და 40 მანეთ ხელფასზე დაიწყო მუშაობა უნივერსიტეტში… როგორც თათია ხაინდრავა იხსენებდა, თამარს მთელ შტატს აძლევდნენ და მეგობარს გაუყო…

ამბობენ, კონსტანტინეს ასულს შესანიშნავი ლექციები ჰქონდა. თათია ხაინდრავა ურჩევდა კიდეც რომ გამოსულიყო ტელევიზიით  – „ვეუბნებოდი, შესანიშნავი ფაქტები გაქვს, მასალები, შესანიშნავი დიქცია, მაგრამ ვერ დავიყოლიე“ – იხსენებდა თათია ხაინდრავა ჩემთან, გაზეთ „ფიქრებისთვის“ საუბარში, ჯერ კიდევ 1997 წელს…

თამარ გამსახურდიას დაწყებული ჰქონდა მუშაობა ძველი საქართველოს სახელმწიფოებრივი სტრუქტურის პრობლემებზე, რომლის ნაწილი „პიტიახშის ინსტიტუტის საკითხისათვის“ გამოსცა კიდეც სომხეთის მეცნიერებათა აკადემიამ და აქ საქართველოს სამეცნიერო წრეებშიც დიდი დაინტერესება გამოიწვია…

საბჭოური რეჟიმისთვის უდავოდ არაორდინარული პერსონები ბინადრობდნენ კოლხურ კოშკში.

მათ გვერდით „ტრივიალურ“ ძაღლთან და კატასთან ერთად ეგზოტიკური ცხოველებიც იყვნენ, კონსტანტინეს ასულს, შინ მელიაც კი ჰყავდა, რომელსაც მელანოს ეძახდა. თამარს ორი შვლის ნუკრიც ჰყავდა  –„ბიჭი“ – „კუკური“ და „გოგო“– „ნუკრი“. ფილმ „დიდოსტატის მარჯვენაში“ სწორედ თამარის შვლის ნუკრია გადაღებული.

სწორედ ამ შვლის ნუკრებმა ამცნეს გამსახურდიებს მოსალოდნელი უბედურება. ჯერ კიდევ მირანდა ფალავნდიშვილის სიცოცხლეში სრულიად უმიზეზოდ მოკვდა ნუკრი, შემდეგ კუკური. სულ მალე გარდაიცვალნენ მირანდაც და თამარიც…

თამარს შვილები არ დარჩენია, მაგრამ გადაგებული იყო თათიას და ზვიადის შვილებზე.

„მე რომ გოგონა შემეძინა, დედობაში მეცილებოდა. მახსოვს, უკრაინაში ქართული ხელოვნების და ლიტერატურის დეკადა იყო და ყველანი იქ მივდიოდით, დაემთხვა ისე რომ ჩემი გოგონა _ მირანდა პირველად უკრავდა კონკურსზე (თათია ხაინდრავას ქალიშვილი  – მირანდა მევიოლინეა – რ.შ.), თამარს იმდენად უყვარდა ჩემი მირანდა რომ თავად დარჩა აქ და ჩვენ უკრაინაში გაგვიშვა. მირანდას ოპერაში ჰქონდა საჩვენებელი კონცერტი, გაოცებულები მიყვებოდნენ შემდეგ, როგორ მიიყვანა ჩემი გოგონა, როგორ დავარცხნა, როგორ ღელავდა მასთან ერთად კულისებში. მახსოვს რა გახარებულმა დაგვირეკა, პირველი ადგილი აიღოო. ზვიად რომ პირველი ვაჟი, კონსტანტინე შეეძინა, მასზე მთლად გადაირია, კოკოსთვისაც მამიდა დარჩა სალოცავ ხატად, ისევე როგორც ყველა ჩვენგანისთვის“  – იხსენებდა თათია ხაინდრავა.

თამარ გამსახურდიას უახლოესი მეგობრები იმდროინდელი თბილისის ზეპური ქალბატონები იყვნენ – მანანა ხიდაშელი, ნათელა ვაჩნაძე (რეჟისორ გიზო ჟორდანიას მეუღლე), დოდო მეტრეველი, ნუნუ ჩხუბიანიშვილი. იმდროინდელ თბილისში, მანანა ხიდაშელი და აგი აბაშიძე ულამაზეს წყვილად იყო აღიარებული. მანანა ხიდაშელი დიდი მხატვრის სოლიკო ვირსალაძის დისშვილი იყო, მანანა ხიდაშელის და აგი აბაშიძის ვაჟი იყო კინოვარსკვლავი ლევან აბაშიძე…

თამარ გამსახურდიას მეუღლე იყო კალათბურთელი გურამ მინაშვილი. დიდი კონსტანტინე უძლური აღმოჩნდა მათ დიდ გრძნობასთან, თორემ ამბობენ, კლასიკოსი დიდად არ სწყალობდა თამარის გრძნობას და არჩევანს.

„რას ვიზამთ, ყველა მამას უკეთესი უნდა შვილისთვის… მაგრამ ძალიან კარგად იყო განწყობილი მათ მიმართ“ –ამბობდა თათია ხაინდრავა.
ისე, როგორც ამბობენ, კონსტანტინეს, პიროვნული პრეტენზიები კი არ ჰქონდა სიძესთან, უბრალოდ ვერ ჰგუობდა იმ ფაქტს, რომ სიძე კალათბურთელი იყო… იმასაც ამბობენ რომ კონსტანტინეს ხშირად ჰყვარებია თქმა „ჩემი სიძე გურამი ფეხბურთელია“. როდესაც თამარი უსწორებდა „მამა, გურამი კალათბურთელია“, კონსტანტინე ჩაიცინებდა და იტყოდა, „რა მნიშვნელობა აქვს, ბურთს ხელით გამოეკიდები თუ ფეხით…“
საერთოდ ცნობილია, რომ დიდ კონასტანტინეს თავისი „ანგარიშები“ ჰქონდა სპორტის ამ სახეობებთან… მაგრამ იმდენად დიდი იყო გრძნობა, რომელიც თამარ გამსახურდიას და გურამ მინაშვილს აკავშირებდა, რომ კონსტანტინემ უკან დაიხია… ამბობენ რომ თამარი წარმოუდგენელი სიხარულით ელოდებოდა ქმრის ყოველ გამოჩენას. მისი გამოჩენისას ყოველთვის ისოწრებდა თმას… ისინი მხოლოდ სიკვდილმა დააშორა…

გარდაიცვალა მირანდა ფალავანდიშვილი, რაც საბედისწერო დარტყმა აღმოჩნდა თამარისათვის. როგორც თათია ხაინდრავა ამბობდა, ექიმების შედომამ და დაუდევრობამ იმსხვერპლა მირანდაც და შემდგომში თამარიც, რომელსაც სიმსივნე განუვითარდა.

დაიწყო გამომშვიდობების ხანგრძლივი პროცესია.

ოჯახის წევრების გარდა, მის სასთუმალთან იყვნენ მისი ბავშვობის მეგობრები, სტუდენტები, და – ნათელა გამსახურდია, რომელთანაც ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, დიდი მეგობრობა აკავშირებდა. ნათელა გამსახურიას ქალიშვილი შორენა, სასთუმალს არ მოშორებია, როცა თამარს ბოლო დღეები ედგა.

თამართან იყო მისი ძმა ზვიადი, რომელიც ყველაფერი იყო თამარისთვის.

„მახსოვს პატარა ლეკვი მოუყვანა საავადმყოფოში ზვიადმა“ – იხსენებდა თათია ხაინდრავა.

თამარზე უგვზოუკვლოდ შეყვარებული გურამი კი, რომელსაც განგებამ საყვარელ ადამიანთან განშორება არგუნა წილად, ერთადერთ ნუგეშს თამარის ნატვრების ასრულებაში ხედავდა.

…უკურნებელი სენით დაავადებული თამარი მარწყვს მოინატრებს. არადა არაა მარწყვის პერიოდი. გურამი წავა სადღაც რაიონში, სათბურის მარწყვს იშოვნის და ჩამოუტანს მომაკვდავ მეუღლეს…

მომაკვდავი თამარი ზღვის ნხვას მოიწადინებს. მოენატრება ლიძავა და ზღვა. ამბობენ რომ არაჩვეულებრივად ცურავდა და იდგა წყლის თხილამურებზე. როგორც კი ზღვა მოინატრა, ქმარმა ლიძავაში წაიყვანა, ვედროებით მიჰქონდა წყალი ზღვის ნაპირას მწოლიარე მეუღლესთან და ასხურებდა…

სიკვდილის წინ მელომანი ინატრებს კარაიანს, აჩვენებენ კონცერტს კარაიანის დირიჟორობით….

დაიღუპება თამარი, რაც მძიმე დარტყმა იქნება კონსტანტინესთვისაც, ზვიადისთვისაც, ნათესავებისთვისაც, მეგობრებისთვიუსაც და რაც მთავარია, გურამისთვის.

„თარაშ ემხვარი არ მოჰქცევია თამარს ისე, როგორც გურამი მოექცა ჩემს თამრიკოს. ერთ-ერთ პანაშვიდზე, გურამმა მთელი მანქანა ჩაის ვარდები მოიტანა და დააბნია გულზე თამარს. „მე მალე მოვალ შენთან“   – უთხრა მიცვალებულ თამარს. მადლობა ღმერთს რომ არ უსმინა გურამს.“ – იხსენებდა თათია ხაინდრავა…

თამარ გამსახურდია გარდაიცვალა 1975 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ გურამ მინაშვილს ცოლი აღარ შეურთავს… გარდაიცვალა 2015 წელს, თამარ გამსახურდიას გარდაცვალებიდან 40 წლის შემდეგ…     

დაიბეჭდა “პრაიმტაიმში”.

გთავაზობთ ფოტოებს მირანდა ბარამიძის არქივიდან:

                     

ილია – ქართული ენის კანონმდებელი

„არსებითი ნიშანი ეროვნებისა, მისი გული და სული ენაა“ – ბრძანებდა დიდი ილია და ცოტას თუ გადაუდია თავი ენის მსახურებისთვის მისებრ. მისი დამსახურებაა დღეს რომ გვაქვს ერთი ქართული ენა და არა ორი – ერთი წიგნებში სახმარი და მეორე – სამეტყველო. და საერთოდ რომ გვაქვს ენა ქართული. გერონტი ქიქოძე მის ღვაწლს რუსთაველისას ადარებდა: „რუსთველის მსგავსად ილია ჭავჭავაძემაც ქართული სალიტერატურო ენის რეფორმა მოახდინა: მან ის გაათავისუფლა არქაული, მწიგნობრული ნორმებისაგან და ის ხალხის სალაპარაკო ენას დაუახლოვა…“

„მშვიდობით, ჩვენო ენის კანონმდებელო დიდო მამულიშვილო!“ – ასე გამოემშვიდობა ილიას იონა მეუნარგია. აკაკი შანიძე წერდა რომ ილიას ენის კანონმდებლის სახელი იმის გამო დაერქვა, რომ მას ბაძავდნენ და მის გზა-კვალზე დადიოდნენ, თორემ რაიმე თეორიული ნარკვევი გრამატიკისა და სპეციალურად შემუშავებული სალიტერატურო ქართულის ნორმების სახით მას არ დაუტოვებიაო. თუმცა, აკაკი შანიძე აღნიშნავდა, ილიას რომ მოეწადინებინა, უთოდ კარგ გრამატიკასაც დაგვიწერდაო. ამას ქართული გრამატიკის პატრიარქი, ენის საკითხებზე, ილიას ნაწერებში გაბნეულ მოსაზრებებზე დაყრდნობით წერდა. აკაკი შანიძე ყურადღებას ამახვილებდა იმ ფაქტზე რომ ილია საფუძვლიანად იცნობდა უსლარის, ოველაკის, შრადერის, ჰუმბოლდტისა და სხვა შრომებს ენათმეცნიერების საკითხებზე და თავის ნაწერებში იმოწმებდა კიდეც მათ. შრადერიდან იმოწმებდა აზრს ქართული ენის მრავლობითი რიცხვის წარმოების შესახებ, რომელიც მხოლობითისგან მარტო ებ-ის ჩართვით განსხვავდება და რაც შრადერს ღირსებად მიაჩნდა. ილიას ენის წარმატების ნიშნად მიაჩნდა ქართული ზმნები და მისი „ნამეტნავად მართლადა გასაკვირი ფორმები“.

„ზმნების ფორმების მიხედვით ბევრი სხვა ენა წინ ვერ წაუვა ჩვენს ენასა. თუ კარიერისა და ჰუმბოლდტისა არ იყოს, მეტყველების ღონე და ძლიერება ზმნა არის, მაშ ქართულ ენა ზედგამოჭრილი ყოფილა ამ ნათქვამზედ, იმიტომ რომ ქართველი უფრო ზმნებით ლაპარაკობს, ზმნებით მეტყველებს, ვიდრე სხვა სიტყვის ნაწილებით… “- წერდა ილია.

მას არ დაუტოვებია ჩვენთვის გრამატიკა, პრიორიტეტად არ მიუჩნევია ეს, ისევე როგორც იაკობ გოგებაშვილს, მათ სხვა პრიორიტეტი ჰქონდათ – ჩვენთვის დაეტოვათ თავად ენა – ენა ცოცხალი. მათთვის მთავარი იყო ენა ქართული და არა „თეორეტიკა“.

აკი ეტყვის კიდეც თავის ოპონენტებს ოთარაანთ ქვრივის პირგამეხებით – „თქვენი თეორეტიკა თქვენთვის შეინახეთო“, როდესაც სალიტერატურო ენის რეფორმას დაიწყებს.

როდესაც ილია სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა, ქართულ სალიტერატურო ენას ჯერ კიდევ კისერზე ლოდად ეკიდა მემკვიდრეობით მიღებული მძიმე ტვირთი – ანტონ კათალიკოზისა და მისი სკოლის მიერ ძველი ნორმებისკენ მიბრუნებული ფორმები და მისი თანხლები, ძველი ქართულისთვის საჭირო, ახალისთვის კი სრულიად გამოუსადეგარი და ზედმეტად ქცეული ასოები (უ, ჱ, ჲ, ჴ, ჵ, ჳ, ф).

ამ ძველ ასოებს მწერლებისა და მკითხველისთვის ფონეტიკური ღირებულება აღარ მოეპოვებოდათ და ახალ სალიტერატურო ენას, რომელიც ის ის იყო ფეხს იდგამდა, ამძიმებდა და მოუქნელს ხდიდა. ილიამ სწორედ ეს ძველი, უკვე უქმანისი ასოები ამოიღო მიზანში და როდესაც რევაზ ერისთავის თარგმნილი „შეშილი“ გააკრიტიკა, პრინციპულად არ იხმარა ეს ასოები და წერილს შენიშვნა დაურთო, თუ ვინმეს კითხვა გაუჩნდება რატომ არ ვიხმარე, მზად ვარ საპასუხოდო.

ილიას თავს დაესხნენ „ცისკრელები“. ბარბარე ჯორჯაძე წერდა რომ „ყველა მწერლისთვის აუცილებელია თეორეტიკის ანუ „ჰსწავლა ხელოვნებითის სიტყვებისა“. და ეს რომ ყურადღებით წაეკითხა ჭავჭავაძეს არ იტყოდა რომ ამ ასოების ხმარება საჭირო არააო… თუ რომ უფ. ჭავჭავაძეს ჰსურს ახალი ენის დაბადება, ეს კი არ ვიცით.“

ჯორჯაძე ახალი ენის დაბადების მცდელობაში ადანაშაულებდა, სარდ. ალექსევ-მესხიევი კი ენის ფიზიკურად დაკოდვასა, დამახიჯებასა და ზნეობრივად გარყვნაში.

ილიამ მალევე გასცა ოპონენტებს დასაბუთებული პასუხი იმაზედ, თუ რატომ არ ხმარობდა „ძველ“ ასოებს და რატომ უნდა ამოგდებულიყო ისინი საერთოდ ანბანიდან. 

„კაცის ენა კერძო პირსავით იზრდება და ვითარდება; ამ ზრდაში იცვლება, როგორც ჩვენ კაცნი ვიცვლებით ხოლმე; ხშირად იქნება, რომ კანონები, ერთ დროს საჭირონი, სხვა დროს უვარგისნი არიან ხოლმე; ამიტომ ახალი ენა ძველს ენას არ ჰგავს, როგორც ახალი კაცი არ ჰგავს ძველ კაცს… ენას კანონსა თვიოთონვე ენა აძლევს და არა რაიმე თეორეტიკა… თქვენი თეორეტიკა თქვენთვის შეინახეთ, ეგ ამგვარ საქმეს პასუხს ვერ გასცემს… ეგ ასოები რომლების ხმაც გამოითქმება სხვა ასოებითაც, ეგ ასოები სულ ტყუილად არიან ჩვენს ანბანში… ტყუილად აგრძელებენ ანბანსა, აძნელებენ მართლწერასა და სხვას არაფერს არ შეგვძინებენ. თუ მართლა ეგ ასოები აღარ ისმის ეხლანდელ ენაში, რატომ არ უნდა გადაიგდონ? შემსუბუქდება და გაადვილება მართლწერისა და ანბანისა განა ცოტა საქმეა?“

დღეს უკვე ილიას წყალობით ხმარებიდან ამოგდებულ იმ ასოებს, უკვე მაშინ ჰქონდათ დაკარგული თავისი პირვენდელი მნიშვნელობა და ძნელი იყო აღრევის თავიდან აცილება. ილიას აუცილებლად მიაჩნდა ოპერაციული ჩარევა და ქადაგებდა: „უკურნებელ ნაწილს სხეულისას მოკვეთა უნდა რომ მან სხეულის მთელი ნაწილები არ დააზიანოს“.

ორთოგრაფიული რეფორმის გატარება პრაქტიკაში დაიწყო „საქართველოს მოამბის“ დაარსების დღიდან და გატარდა კიდეც – დაუბრკოლებლად.

„ქართულმა მწერლობამ ეს რეფორმა შეიწყნარა და გაატარა კიდეც, დღეს ჩვენ ამ რეფორმის საფუძველზე ვდგავართ. აღნიშნული ძველი ასოების უქონლობით ახალ ქართულ ენასა და ლიტერატურას არ დაშავებია რა“ – წერდა აკადემიკოსი აკაკი შანიძე.

ძველი ასოებისგან განთავისუფლება დიდი მიღწევა იყო, მაგრამ მარტო ეს არ კმაროდა სალიტერატურო ქართულისთვის. ახალი სალიტერატურო ენის ჩამოყალიბებისთვის მუხლჩაუხრელი მუშაობა `ივერიაში“ გაგრძელდა. “ივერიის“ პირველივე ნომერი იქცა პოლემიკის საგნად.

„გაზვიადებული კილო, გაბერილი სიტყვები, გაპრტყელებული ენა!“ – წერდა სილოვან ხუნდაძე, რომელმაც ანტონ კათალიკოზის მიმდევრობაც კი დასწამა ილიას და მის „ივერიას“.

„ივერიის“ პირველი ნომრით უკმაყოფილო იყო ნიკო ნიკოლაძეც:

„1861 წელს უფ. ი. ჭავჭავაძემ დიდი და დაუვიწყარი სამსახური გაუწია ჩვენს მწერლობას. უწინდელი ჩვენი მწერლები ხმარობდნენ მკვდარ მწიგნობრულ ენას, რომელსაც ჩვენი ხალხი ვერც კი იგებდა. ილია ჭავჭავაძემ პირველმა დაამტკიცა ის საფუძვლიანი აზრი, რომ მწერლობა იმ ენას უნდა ხმარობდეს, რომლითაც ხალხი ლაპარაკობსო. ამით მან ზურგი გაუმაგრა იმ მწერლებს, რომელტაც მასზე უწინ სახალხო ენაზედ წერა დაეწყოთ… უფალ წავჭავაძეს ეხლა ალბათ შეშინებია იმ მიმართულების, რომელიც თვითონვე დაამყარა, „ივერიის“ პირველ ნომერში ის უკან დახეულა ძველი მწიგნობრული ენისკენ…“

ილიას ერთის მხრივ მწიგნობრული ენისკენ მიბრუნებაში ადანაშაუილებდნენ, მეორეს მხრივ კი – ზრდილობიანი ქართული ენის სრულიად გაპამპულება-გამსახარავებსა და მდაბიო ხალხის ენად გადააქცევაში.

ილია შეგნებულად ცდილობდა რომ სალიტერატურო ენა გასაგები ყოფილიყო მდაბიო ხალხისთვის, რადგან სწორედ მდაბიო ხალხს მიიჩნევდა ქართველობის, ქართული კულტურის და ქართული ენის საყრდენად. „ილია იტყოდა ხოლმე: ჩვენი დიდკაცობა, ჩვენი წარჩინებული მოხელენი გადაგვარების გზაზე არიან დამდგარნი, იმათ ქართულიც და ქართველობაც ორივე ფეხებზე ჰკიდიაო. ამათთვის წერა ტყუილი შრომა, წყლის ნაყვა იქნებოდა“ – იხსენებდა მანსვეტაშვილი და განაგრძობდა, რომ ილიას რწმენით, ხე არ კვდება თუ ფესვები მაგარი, ღონიერი აქვს. ამ ფესვებად კი მდაბიო ხალხს მიიჩნევდა. „დეე, ჩვენი წარჩინებულნი გადაგვარდნენ როგორც გამხმარი კენწეროები. ამათ ადგილას სხვა უფრო ღონიერი ან ჯანსაღი ყლორტები ამოვა. და აი, სწორედ ამ ფესვებს უნდა მოვუაროთ ჩვენც. ამ მდაბიო ხალხისთვის, მუშა-გლეხობისთვის უნდა ვიზრუნოთ. ჩვენს მოვლას, ჩვენს ზრუნვას ფასი ექნება მხოლოდ მაშინ, თუ იმათი ენით დავიწყებთ ლაპარაკს, თუ ჩვენი სიტყვა იმათ ყურს მისწვდება, იმათ გულს მოხვდება. აი, ვისთვის უნდა ვფიქრობდეთ, ვისთვის უნდა ვზრუნავდეთ, ვისთვის უნდა ვწერდეთო.“

ილიას გარჯამ ნაყოფი გამოიღო – „მაქსიმალურად შეკვეცა განსხვავება წიგნსა და ზეპირ მეტყველებას შორის, მწერლის ენასა და სოფლელის ენას შორის“ (აკაკი შანიძე).

თავდაუზოგავად იღწვოდა ქართული ენის სიწმინდისათვის. „ივერიაში“ არ იბეჭდებოდა არც ერთი დიდი და პატარა სტატია, არც ერთი ფელეტონი, კორესპოდენცია, ვიდრე მთელი კოლეგია, თავად ილიას უშუალო ხელმძღვანელობით, ძირფესვიანად არ გაეცნობოდა შინაარსისა და ენის მხრივ, ვიდრე ბოლომდე არ გააქართულებდა, არ გააშალაშინებდა, არ დაიყვანდა გლეხ-კაცისთვის გასაგებ, წმინდა ქართულ ენაზე. გრიგოლ ყიფშიძის თქმით, „ეს იყო ღამ-ღამობით. ამ დროს რომ გარეშე ვინმეს შემოეხედნა რედაქციაში, ეგონებოდა აქ რედაქცია კი არა, სენაკია და რაღაც მღვდელ-მოქმედება სწარმოებსო“.

სალიტერატურო ქართულში სადაო საკითხების მოსაგვარებლად ილია ხშირად კრებდა საგანგებო კომისიას, რომელსაც უნდა გადაეწყვიტა საცილობლად გამხდარი საკითხები და მიეცა ყველასთვის სავალდებულო წესები. ერთ-ერთი ასეთი სხდომის უწყების შეფასებისას, აკადემიკოსი აკაკი შანიძე ბრძანებდა, „მრავლის მეტყველი დოკუმენტია! აქ ჩამოთვლილია ძირითადად ის საცილობელი საკითხები, რომელთაგანაც ზოგი ჯერაც გადაუწყვეტელია“.

ფასდაუდებელია ილიას ღვაწლი ქართულ ენაში ახალი ტერმინების შემოტანა-დამკვიდრებაში. მისმა შემოღებულმა არაერთმა სიტყვამ დაიმკვიდრა ადგილი ქართულ ენაში და დღესაც ვხმარობთ. მისი შემოღებული და დამკვიდრებულია თანხა, აშუღი, სენტიმენტალური, ფორმა, სიუჟეტი, აგანგალა-განგალა, ეო-მეო.

ილიას არ აშინებდა უცხო სიტყვების შემოტანა. სიტყვა „კრიტიკის“ შესახებ წერდა: „კრიტიკა – ამით თანასწორი მნიშვნელობის სიტყვა არ არის ქართულ ენაზე და არც ძალიან საჭიროა, რომ იყოს, თუმცა უკეთესი იქნებოდა რომ ყოფილიყო, რადგანაც ეგ დაგვიმტკიცებდა რომ ჩვენი მამა-პაპანი მაგ მხრივ განვითარებულნი ყოფილან. სადაც სახელია, იქ უთოდ საგანიც უნდა იყოს. ეგ სიტყვა ეხლა მთელს კაცობრიობას ეკუთვნის და ყოველი ხალხი, ცოტაოდენად განათლებული ხმარობს თავის ენაში; მაშასადამე არც ჩვენთვის არის დასაძრახი რომ ეგ სიტყვა ჩვენში იხმარებოდეს“.

ტერმინების შემოტანა-დამკვიდრებისას ილიას მხოლოდ უცხო სიტყვები არ შემოჰქონდა, ის გულდაგულ ეძებდა და არჩევდა ქართული ენის სიტყვიერი მარაგში ისეთ სიტყვებსა და გამოთქმებს, რომელიც გამოდგებოდნენ ახალი შინაარსის გადმოსაცემად.

აკაკი შანიძე ბრძანებდა, „თამამად შეიძლება ითქვას რომ ილიას ოდენა საქმე ამ მხრივ არავის აქვს გაკეთებული ჩვენში მე-19 საუკუნეში“.

სწორედ ასე შემოიღო და დაამკვიდრა ილიამ სიტყვა „მიმართულება“, „აგებულება“… 

„რაც უნდა კარგად მოიგონო სიტყვა, თუნდა წმინდა ქართულიც იყოს, რაკი ამ სიტყვას ახალ მნიშვნელობას მისცემ, ისიც ისე გაუგებარი იქნება ჯერხანად, როგორც უცხო ენის სიტყვა, ამ უკანასკნელ დროს რამდენი ახალი სიტყვა შედგა წმინდა ქართული: შიგ-მდებარება, მიქცევა-მოქცევა, წარტოლვილი, მოთხოვნილება, გავლენა, მეცნიერება და თვით „მამული“ უწინ იხმარებოდა როგორც მარტო დედულ-მამულის სახელი, ახლა ეგრეც იხმარება და ისეც როგორც მთელი სამშობლო ქვეყნის საზოგადო სახელი, მაგალითად: ჩემი მამული საქრათველო. აი ეს სიტყვები ხომ წმინდა ქართულია, მაგრამ მაინც კიდევ ადვილად გასაგებნი არ არიან, იმიტომ რომ ახლები არიან, ე.ი. ახალი აზრით და მნიშვნელობით იხმარებიან. რასაკვირველკია ამ სიტყვების აზრს შევეჩვევით თავის დროზედ, მაგრამ მინამ შევეჩვევით, იმ დრომდე ეგეთი ბნელნი იქნებიან და ძნელად გასაგონნი“ – წერდა ილია. დღეს მის მიერ დამკვიდრებული სიტყვები არათუ იოლად გასაგებნი არიან, უბრალოდ წარმოუდგენელიც კია უამსიტყვებოდ თუნდ ერთი დღის დაღამება…

დაიბეჭდა გაზეთ “ქართულ უნივერსიტეტში”.

ეკატერინე გაბაშვილი – მოძრავი სკოლა

 „ქალებში მწერლის სახელი პირველად თქვენ გეკუთვნით“

Untitled12

 „თქვენ ნუ დაივიწყებთ რომ ქალებში მწერლის სახელი პირველად თქვენ გეკუთვნით და რაც უნდა მოხდეს, კალამი ხელიდან არ დასტოვოთ“ –  ამგვარად ამხნევებდა პეტრე უმიკაშვილი ეკატერინე გაბაშვილს, ეს ტიტული კი  „პირველი მწერალი ქალისა“ დღემდე არ დაუკარგავს ეკატერინე გაბაშვილს…

იაკობ გოგებაშვილის განსაკუთრებით მოსწონდა მისი მოთხრობების „მსუბუქი კილო, ცოცხალი მიმდინარეობა აზრებისა და მშვენიერი ქართული ენა“.

პირველი დიდი ნაწარმოები „რომანი დიდხევაში“ 1881 წელს გამოაქვეყნა „ივერიაში“ და ილია ჭავჭავაძის ქებაც დაიმსახურა. რაც მისთვის მძლავრ სტიმულად იქცა და მართლაც კალამი ხელიდან აღარც გაუგდია ილიას თანამებრძოლსა და მისი რეალისტური სტილის წარმომადგენელს. არ დარჩენილა არც ერთი ქართული ჟურნალი და გაზეთი, სადაც მისი მოთხრობები არ დაბეჭდილიყოს.

ფასდაუდებელი ამაგი დასდო ქართული საბავშვო ლიტერატურის და საერთოდ ქართული ლიტერატურის განვითარებას, დღეს უკვე წარმოუდგენელიცაა დაიჯერო იმ ადამიანის ქართველობა ვისაც მისი „მაგდანას ლურჯა“, „ღვინია გადაიჩეხა“ თუ „თინას ლეკური“ არ წაუკითხავს.

gabashvili ekaterine.+

ეკატერინე გაბაშვილი დაიბადა გორში 1851 წლის 16 ივნისს. მამას – რევაზ თარხნიშვილს (თარხან-მოურავს) თბილისის პირველი გიმნაზია ჰქონდა დამთავრებული, მეტად განათლებული კაცი იყო, კარგად იცნობდა იურისპრუდენციას და ჯერ სასამართლო მდივნის მოვალობას ასრულებდა, შემდეგ ვექილისას. ეკატერინეს დედა – სოფიო ვახტანგ ბაგრატიონ-დავითაშვილის ასული იყო – მეტად გულკეთილი, მხნე, სერიოზული შინაური განათლების პატრონი.

ეკატერინე გაბაშვილის თქმით დედამისი იყო „გასაკვირველი მოჯირითე და შეუდარებელი მსროლელი; პაპაჩემი ვახტანგი, რომელსაც ვაჟიშვილი არ ჰყავდა, თავის პირმშო ქალიშვილს ვაჟურ სიმხნევეს ასწავლიდა მემკვიდრეობის დასაცავად. მემკვიდრეობა, რომელიც დედაჩემზე გადმოვიდა, არ იყო ძლიერ დიდი, მაგრამ საკმაოდ კარგი მამული იყო ზემო ქართლში, სურამის რაიონში, სადაც ზაფხულობით ვცხოვრობდით და სადაც გავიცანი და შევისწავლე სოფლის ცხოვრება, გლეხთა ავი და კარგი და რომელთა შესწავლა და დაკვირვება შემდგომ მასალად გამომადგა.“

პატარა კატოს ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელდება, შემოდგომის ერთ შავბნელ დღეს 5 წლის კატოს და მის პატარა ძმას წივილ-კივილი გააღვიძებთ – დედა აღარ ჰყავთ… რევაზ თარხნიშვილმა ობლების აღზრდა ანჩხლ სიდედრს – ბარბარეს მიანდო, რომელმაც ობლები გორში გადაიყვანა საცხოვრებლად.

კატო 7 წლის იყო ბებიამ გორში სასწავლად რომ მიაბარა ფალავანდიშვილის ქალს, რომლისგანაც  ბევრი არაფერი უსწავლია პატარა კატოს. მამამ თბილისში წამოიყვანა. ჯერ გერმანული სკოლა. შემდეგ ამბარდანოვების პასიონი. არც ამ სასწავლებლებს მიუცია რამე კატოსთვის. ამ უნაყოფო ხუთმა წელმა თავი მაშინ იჩინა როცა 12 წლის კატომ საქალებო ინსტიტუტში შესვლა მოიწადინა და გამოცდებზე დაიწუნეს, სუსტი მომზადების გამო, განსაკუთრებით რუსულ ენაში. მამამ პატარა კატო ისევ გორში წაიყვანა და ქუცნა ამირეჯიბის მეუღლეს მიაბარა, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ეკატერინეს პიროვნულად ჩამოყალიბებაში, მაგრამ პატარა კატოს ცოდნის წყურვილი არ ასვენებდა და არც მამას ასვენებდა – ისეთ გულისმომკვლელ წერილებს სწერდა რომ რევაზ თარხნიშვილმა კატო მალევე დააბრუნა თბილისში და გოლოვინის პროსპექტზე, მადამ ფავრის პანსიონში მიაბარა, სადაც თვით მადამ ფავრი ფრანგულ ენას, მანერებს და ესთეტიკას ასწავლიდა. იმხანად პოლონეთის აჯანყება ახალი დასრულებული იყო, თბილისში ბევრი იმიგრანტი იმყოფებოდა, რომელთა შორის მადამ ფავრიმ საუკეთესო პროფესორები შეარჩია და პანსიონში მიიწვია პედაგოგებად. პანსიონში ქართულ ენასაც დიდი ყურადღება ექცეოდა, გამოცდებზე თვით იაკობ გოგებაშვილსაც იწვევდნენ. გამოცდაზე მისული იაკობ გოგებაშვილი იმდენად აღატცებულა ეკატერინეს ცოდნითა და მომზადებით, რომ მისთვის თავის „პირველი ანბანი“ უჩუქებია გულთბილი წარწერით, როემლსაც მთელი ცხოვრება ინახავდა ეკატერინე გაბაშვილი.

Dato_Shugliashvili-5742ეკატერინე გაბაშვილი აღმზრდელთან ერთად

პანიონის დამთავრების შემდეგ ეკატერინეს სწავლის გარძელება და უმაღლესი სამედიცინო განთლების მიღება სურდა, მაგრამ სურვილი სურვილად დარჩა…

17 წლის ეკატერინე გორში ბრუნდება და აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას იწყებს.

„კატო ბუნებით პედაგოგი იყო და კიდევაც იმით აიხსნებდა რომ იგი ყველგან სადაც კი მოხვდებოდა  – სკოლაში, ოჯახში, ქუჩაში, თუ სოფლად – აგროვებდა წერა-კითხვის უცოდინართა და ახალგაზრდული გატაცებით ყველას წერა კითხვას ასწავლიდა, კატო მართლა რომ მოძრავი სკოლა იყო და მისი დახმარებით მრავალ ქართველს აუხელია თვალი“ – წერდა ეკატერინე გაბაშვილის თანამედროვე ალექსანდრე მიქაბარიძე.

Dato_Shugliashvili-5744

ეკატერინე მოწაფეების სათაყვანო პედაგოგია, მაგრამ წარმოიდგინეთ სწავლას მოწყურებული ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა ქალაქში, სადაც ვერც ქართულ წიგნს იპოვი, ვერც ჟურნალს, არც ბიბლიოთეკაა და შინაური ბიბლიოთეკაც ბიბიისეული სახერებითა და რამოდენიმე დაფლეთილი წიგნით ამოიწურება. ეკატერინე შემოქმედებითი გზის გამონახვას ცდილობს. ჯერ ლექსების დაწერა სცადა, მაგრამ უშედეგოდ. მერე ცდილობს დაწეროს რაიმე გლეხთა ცხოვერებიდან – მათ ცხოვრებას იცნობს, მაგრამ წერა არ ეხერხება, კალამი არ ემორჩილებნა ჯერ. „აზრები ბევრი მაქვს, მაგრამ გამოხატვა და ბევრჯერ დაწყობაც კი ვერ მომიხერხებია“ – ვკითხულობთ მის წერილში.

Untitled

1871 წელს რევაზ თარხნიშვილი მიქაძის ქალზე ქორწინდება და საცხოვრებლად თბილისში გადმოდის, ეკატერინეც უკვე უფრო ხშირაადაა თბილისში, სადაც ის დაუახლოვდა ილია ჭავჭავაძეს, აკაკი წერეთელს, ვაჟა ფშაველას, ივანე მაჩაბელს. თუმცა, თბილისში მისი პირველი ნაცნობი პეტრე უმიკაშვილი იყო, სწორედ მისი მეოხებით დაესწრო ეკატერინე გიორგი წერეთლის ბინაზე გამართულ ლიტერატურულ შეკრებას სადაც ილია ჭავჭავაძემ „კაცია ადამიანი“ წაიკითხა. ამ შეხვედრაზე გაიცნო ილია ჭავჭავაძე და ასევე მომავალი მეუღლე – ხალხოსნური იდეებით გატაცებული ალექსანდრე გაბაშვილი. საქმიანმა ყმაწვილმა იოლად მოხიბლა ეკატერინე – საქმიანი მიმოწერას მალე სატრფიალო ჩაენაცვლა და იქორწინეს. დასახლდნენ თბილისში, მაგრამ იმ იდეებს და მისწრაფებებს, რასაც გათხოვებამდე შეტრფოდა, ცივი წყალი გადაესხა: „დღიდან გათხოვებისა დაიმარხა მთელი ჩემი ოცნებანი, კეთიშლობილური ზრახვანი. ოცი წლის განმავლობაში გამუდმებულმა მშობიარობამ, მათმა აღზრდამ, ნამეტნავად სიკვდილმა, ერთობ გამანადგურა“ – ჩიოდა მწერალი.

ეკატერინეს ჰყავდა 11 შვილი – 7 ვაჟი და 4 ქალი… იოლი არ იყო ერთად ოჯახის მოვლა-აპტრონობა და საზოგადოებრივი მოღვაწეობა, მით უფრო მაშინ, როცა ქმრის ოჯახი ალმაცერად უყურებდა მის საზოგადოებრივ მოღვაწეობას და სამარცხვინოდ მიაჩნდათ ქალის მწერლობაც. მიუხეადავად ამისა, ეკატერინე გაბაშვილს უარი არ უთქვამს საზოგადოებრივ მოღვაწეობაზე და არც ერთ კრებას არ გამოკლებია, სადაც კი ერისთვის საჭირბოროტო საკითხი იხილებოდა.

ეკატერინე გაბაშვილი აქტიურად ჩაება 1872 წელს ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლის ინიციატვით შემდგარ ქალთა წრის საქმიანობაში – თარგმნიდნენ და წიგნაკებად გამოსცემდნენ რუსი და ევროპელი მწერლების პოპულარულ თხზულებებს. ეკატერინე გაბაშვილი იმთავითვე იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობაში. ოლღა გურამიშვილთან ერთად ეკატერინე გაბაშვილმა რამდენჯერმე მოაწყო საქველმოქმედო ბაზრობა, რომელიც პირველ ხანებში დიდ შემოსავალს იძლეოდა.

ეკატერინე გაბაშვილმა უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული საყმაწვილო ლიტერატურის განვითარებაშიც, „ჯეჯილის“ დაარსებაშიც, თავადაც სურდა ილუსტრირებული საბავშვო ჟურნალ „ხომლის“ გამოცემა, მაგრამ მთავრობამ არ დართო ნება. ეკატერინე გაბაშვილს და საერთოდ ქართველ წარჩინებულ ქალბატონებს საბავშვო მწერლობის სიღარიბეც ადარდებდათ და ბიბილიოთეკა-სამკითხველოების არარსებობაც, ამიტომაც შინაური ბიბლიოთეკებიდან წიგნები შეაგროვეს და პირველი ბიბლიოთეკაც გახსნეს, რასაც მოჰყვა ბიბლიოთეკების გახსნა ვერაზე, კუკიასა და ავლაბარში. მაგრამ ამ კეთილ საქმეს ბოლო მალევე მოეღო, წერა-კითხვის საზოგადოებამ ვერ გადაიხადა ქირა იმ ბინისა, სადაც ეს ბიბლიოთეკა იყო მოსთავსებული და გაგულისებულმა სახლის პატრონმა ეს წვითა და დაგვით ნაგროვი წიგნები ქუჩაში გადმოყარა.

„წარმოიდგინეთ რა დამემართა როცა ჩვენი ვაი-ვაგლახით შეგროვილი წიგნები ქუჩაში ვნახე გამოყრილი, თვალთ დამიბნელდა, გული მომეკუმშა“ – წერს ეკატერინე გაბაშვილი.

ის არასოდეს უშინდებოდა თამამ ნაბიჯებს, 1879 წელს  წარმოდგენა გამართა ახალქალაში, ეს პირველი წარმოდგენა იყო მთელს მაზრაში და მთელი მაზრა დაიძრა. „მე გავმართე წარმოდგენა, ჩემი იყო პიესა და ვთამაშობდი მე“ – წერს ეკატერინე გაბაშვილი. მის ამ ნაბიჯს საშინელი რეაქცია მოჰყვა, იმ ხანებში სამარცხვინოდ ითვლობოდა ქალის სცენაზე გამოსვლა, მაგრამ ეკატერინე გაბაშვილი არც ლანძღვას შეუშინდა, არც დაცინვას, რამდენჯერმე გაიმეორა წარმოდგენა და წარმოდგენები ჩვეულებად აქცია მთელს მაზრაში, ისე რომ წარჩინებული ქალები არათუ აღარ თაკილობდნენ სცენაზე გამოსვლას, ერთმანეთს ეცილებდნენ კიდეც.

ეკატერინე გაბაშვილს თეატრი „ხალხის საუკეთესო გამოსაფხიზელებელ საშუალებად“ მიაჩნდა და ამისთვის არც ერთ ნაბიჯს არ ერიდებოდა – სცენაზე გამოვიდა სურამშიც, გორშიც და თბილისშიც.

საბჭოთა კრიტიკა მას ფემინისტობასაც უკიჟინებდა. ეკატერინე გაბაშვილს ეკუთვნოდა ქალთა კლუბის დაარსების იდეაც. 1905 წელს ისარგებლა შექმნილი მდგომარეობით და როგორც თავად იხსენებდა „მაშინ ჩვენ ქალებიც ავხმაურდით… პირველმა კრებამ,რომელიც ჩემს სახლში იყო დანიშნული იმდენი მსურველნი გამოიწვია რომ არამც თუ ჩემს სადგურში, მთელი ქუჩა სავსე იყო…“

ეკატერინე გაბაშვილს გულს უკალავდა ქალთა უუფლებო მდგომარეობა, ის რომ ქალი მოკლებული იყო განათლების მიღებას, ის რომ ღარიბ აზნაურიშვილებსაც კი შეეძლოთ ვაჟებისთვის განათლების მიცემა, მაშინ როცა ქალიშვილები რჩებოდნენ უნუგეშო სიბნელესა და უმეცრებაში. „რამდენჯერ ყოფილა ყოველი თქვენგანი, ბატონებო, მოწმე, როდესაც ძმა ბრუნდება შინ სწავლითა და მეცნიერებით აღჭურვილი და ბეჩავი და – კი მოწიწებით შეჰყურებს იმის სწავლით ძლევამოსილს და ბევრჯერ შურით მდუღარებასაც აბნევს. რათა? რისთვის? სად არის ჩვენი თავმოსაწონი „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია?“ ქალთა სწორუფლებიანობის მოწინააღდეგენი ყოველ ღონისძიებას ხმარობენ, რომ მოეწყვიტათ ქალი პოლიტიკური და საზოგადოებრივი საქმიანობისგან და ჩაეკეტათ ოჯახის კედლებში“… 

Tina_Petriashvili-060მონაზონიეფემია პეტრიაშვილი, ეკატერინე გაბაშვილი, ოლღა გურამიშვილი ქალთა საეპარქიო სასწავლებელში

„სკოლით დავიწყე და ალბათ სკოლითვე დავამთავრებ“ – წერდა მწერალი და ასეც მოხდა. მისი და ოლღა გურამიშვილის დიდი ძალისხმევით, ეკატერინე გაბაშვილის სახლში გაიხსნა ქალთა ჭრა-კერვის სკოლა-სამკერვალო. მის გამგედ დაინიშნა თავად ეკატერინე გაბაშვილი. ამ სკოლაში ჭრა-კერვის გრდა სხვა საგნებსაც ასწავლიდნენ. თვით ეკატერინე გაბაშვილი და მისი ქალიშვილი თამარი ასწავლიდნენ ქართულ და რუსულ ენებს. 25 წელი იარსება ამ სკოლამ, იარსება მანამ სანამ 1922 წელს  ბოლშევიკებმა არ დახურეს…

Dato_Shugliashvili-5754

ბოლშევიკებმადე იყვნენ მენშევიკები, რომელთაც არ ასცდათ ილიას თანამებრძოლის, იმჟამდ უკვე მხცოვანი მწერლის საჯარო რისხვა – ეკატერინე გაბაშვილი ნოე ჟორდანიას საჯაროდ სწერდა – „თქვენ პირადად და თქვენი ძველი და ახალი „პოპონშჩიკები“ დესპოტურად განაგებდით და განაგებთ საქვეყნო საქმეს… თქვნ ხალხს ჰპირდებით მფარველობას, იმის ინტერესების დაცვას, და თვით ხალხს კი არ აძლევთ ნებას იქონიოს თავისი საკუთარი აზრი. ყველას ნაძალადევად ახვევთ თავს თქვენს საკუთარ პიროვნებას. თქვენ ცდილობთ უდიდესი თვისება (სამშობლოს სიყვარული) გააბათილოთ და ძალით აბრმავებთ ახელებთ და გულიდან გლეჯავთ ამ გრძნობას…“.

საბჭოთა კრიტიკა მას ფემინისტობასაც უკიჟინებდა და ნაროდნიკული ბელეტრისტიკის მნიშვნელოვან ფიგურადაც აცხადებდა, ამუნათებდა კიდეც, გაზვიადებულად აქვს წარმოდგენილი ინტელიგენციის და საერთოდ განათლების როლი სოფლის მშრომელი მოსახლეობის განვითარების საქმეში და ფიქრობს მხოლოდ განათლებასა და განათლებულ ხალხს შეუძლია ხალხის დაყენა აღირძინების გზაზეო.

გაბაშვილი კი წერდა რომ „ქართველ ინტელიგენტს ძილი არ მიეტევბება, რომ იმას ყოველთვის სიფხიზლესა და მუშაობას ავალებს სამშობლოს უბედურება“.

თავად მუდამ – კუბოს კარამდე გრძნობდა ამ ვალდებულებას – გარდაიცვალა 1938 წელს – 87 წლის ასაკში, განისვენებს დიდუბის პანთეონში…

Kldiashvilis_Muzeumi (548)

(დაიბეჭდა გაზეთ „ქართულ უნივერსიტეტში“, 2009 წელს, 5-11 მარტის ნომერში).

რეზო შატაკიშვილი ალექსანდრე ყაზბეგის მკვლელებზე

ის გაანადგურეს და სულიერად დასცეს – გააგიჟეს, ჭკუიდან შეშალეს ღობეგლეჯია ვაირეცენზენტებმა. ის მოკლეს მათ.

Untitled

ის თავგანწირვით ეტრფოდა სცენას და შეეწირა სცენას.

ის გაანადგურეს და სულიერად დასცეს – გააგიჟეს, ჭკუიდან შეშალეს ღობეგლეჯია ვაირეცენზენტებმა. ის მოკლეს მათ.

მისი ცხოვრების ბოლო წლები იყო საჯაროდ გამოცხადებული მკვლელობის ქრონიკა.

ალექსანდრე ყაზბეგი – უბადლო ბელეტრისტი, ქართული ლიტერატურის კლასიკოსი და… დრამატურგი და მსახიობი,  სცენაზე ფანატიკურად შეყვარებული.

მან ქართულ თეატრს 49 ორიგინალური, ნათარგმნი და გადმოკეთებული პიესა შესძინა, სცენაზე ცხრაწლიანი მოღვაწეობისას კი 45 როლი განასახიერა.

ცხოვრება ყაზბეგისა – ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ ინელებს ქართული სინამდვილე პიროვნებებს.

კაცი, რომელიც სცენაზე გამოჩნდა ბრწყინვალე გარეგნობით, ხმით, შესანიშნავი აქტიორული მონაცემებით, დახვეწილი მანერებით, ელეგანტურად  ჩაცმული, რამდენიმე წელიწადში დაფლეთილი ჩოხით დაიარებოდა, ნაადრევად დაბერებულ, გულგატეხილ ადამიანად იქცა და სცენა დატოვა, როგორც სუსტმა მსახიობმა. მის ტრაგედიას ხელი შეუწყო მისმავე ზედმეტად ემოციურმა, მგრძნობიარე ბუნებამ…

საბედისწერო დასაწყისი

ის სიყრმიდანვე ეტრფოდა თეატრს. 14 წლისამ დაწერა ავტობიოგრაფიული პიესა „გამზრდელნი“, მოსკოვში სწავლისას თარგმინდა შექსპირის „რომეო და ჯულიეტას“, გრიბოედოვის „ვაი ჭკუისაგან“-ს.

1874 წელს ის გახდა მოწმე საყოველთაო გოდებისა – ქართული პიესების უქონლობაზე. წავიდა ანთებული, შეუდგა პიესების წერას, თარგმნას, გადმოკეთებას და 5 წელიწადში თბილისს დაბრუნდა იმ იმედით, რომ ქართული თეატრის მესვეურთ აღაფრთოვანებდა თავისი 21 პიესით.

დიდად თავი არავის გაუგიჟებია. მხოლოდ ვასო აბაშიძემ მიაკითხა მას – ჩუღურეთის ერთ-ერთ სასტუმროში მცხოვრებ ინტელიგენტ მოხევეს. მიაკითხა იმიტომ, რომ  ეძებდნენ პიესას მაკო საფაროვას საბენეფისოდ.

ვასო აბაშიძემ შინ მიიპატიჟა სანდრო ყაზბეგი.

მაკო საფაროვას მოგონებიდან: „…გარეგნობა განსვენებულს ისეთი ჰქონდა, სილამაზით იმ დროს ჩვენს დასში ვერავინ შეედრებოდა, ტანადი, დიდრონი მომცინარი ჟუჟუნა თვალები, მშვენიერი ტუჩები, ჩაცმული ხომ ისე იყო, რომ ჩვენს ღარიბ სცენას იმ ხანებში არ ჰყოლია ისეთი მორთული არტისტი“.

ცოლ-ქმარი ვასო აბაშიძე და მაკო საფაროვა მოიწონებენ პიესას. ის კი არა, მაკო საფაროვას ისტერიკასაც კი დამართებს პიესის გრძნობით ნაწერი ადგილები.

გადაწყდა ყაზბეგის პიესის დადგმა. მაგრამ თეატრის ადმინისტრაცია მაინცდამაინც სიხარულით არ შეხვედრია ამ ფაქტს.

მაკო საფაროვამ თავისი გაიტანა. თუმც კი კომპრომისი გარდაუვალი გახდა – პიესიდან მეორე მოქმედება მთლიანად ამოუგდეს, პიესის მთლიანობა დაურღვიეს.

მაშ ასე, ყაზბეგი გამოდის ასპარეზზე, როგორც დრამატურგი – მოჩხუბარიძის გვარით და ამასთანავე, ის ირიცხება მუდმივ დასში და გამოდის სცენაზეც. ორივე დებიუტი ერთად დგება – 1880 წლის 13 მაისს. როგორც დრამატურგი კატასტროფას ელოდა, როგორც მსახიობს ენა ებმებოდა სცენაზე, სიტყვებს ყლაპავდა, ტექსტი აერია…

„ერთი კაცი არ იდგა ჩემს გვერდით… ერთისგან არ გამიგონია თანაგრძნობის სიტყვა“. შინ წავიდა და ელოდა რეცენზენტების განაჩენს.

განაჩენმაც არ დაახანა. 16 მაისს „დროება“ წერდა: „მოჩხუბარიძის დრამაში არავითარი დრამა არ მოიპოვება“. „დროება“ მის თამაშს არ შეხებია, დაკმაყოფილდნენ მისი, როგორც დრამატურგის, განადგურებით. როგორც მსახიობს კი, მხოლოდ ტექსტის უცოდინრობა უსაყვედურეს: „აქტიორებმა როლები კარგად იცოდნენ, უფალ მოხევის გარდა“…

მსახიობ მოხევეს ჯერ არ ესხმოდნენ თავს რეცენზენტები, დრამატურგი მოჩხუბარიძე კი კონტრშეტევაზე გადავიდა. დაიწყო ომი…

მის გადაწყვეტილებას არც ოჯახი შეხვედრია აღფრთოვანებით. თუმცა, არც გაჰკვირვებიათ, მათ ის უკვე გამოტირებული და განწირულ ადამიანთა რიცხვში ჰყავდათ შეყვანილი – რუსეთიდან დაბრუნებული, 22 წლის, გენერლის შვილი ყაზბეგი ხომ მწემსად წავიდა…

ახლა კიდევ თეატრი და ყაზბეგის დეიდები – თარხნიშვილის ქალები მოსთქვამდენენ: ვაი, სირცხვილო, გენერლის შვილი და ჯამბაზი… არც ყაზბეგები იყვნენ მშვიდად: „მამამისს რომ წამოახედა და თავისი ბიჭის ბერიკაობა ენახა, გადაირეოდა…“

ჩინებული სტარტი

ალექსანდრე ყაზბეგი დასში ჟან-პრემიერის (ახალგაზრდა მოარშიყის) ამპლუაზე აიყვანეს. ახალგაზრდა მოარშიყეთა როლების შესრულება განსაკუთრებულ სცენურ გარეგნობას ითხოვდა. ალექსანდრე ყაზბეგი კი სწორედ რომ ბრწყინვალე გარეგნობითაც გამოირჩეოდა და პლასტიკითაც, რიგიანი მიხრა-მოხრით, დახვეწილი მანერებითა და კოსტიუმის ტარების დიდი კულტურით.

„თუ მოხევე ასე თანდათან გაკეთდა ახალგაზრდა მოარშიყეების როლში, უეჭველია, რომ ერთ დროს ის საუკეთესო მოთამაშე შეიქმნება ამ მძიმე და უმადური როლებისა. რაც ახალგაზრდა მოარშიყისთვის საჭიროა, ყველაფერი მიუნიჭებია ღმერთსა მოხევისთვის. კარგი ტანი, ლაზათიანი მიხვრა-მოხვრა, ტკბილი საარშიყო ხმა და არა უშნო სახე“, – წერდა „დროება“ 1880 წლის 24 ნოემბერს.

მანამდე, 1880 წლის სექტემბერში, როცა აკაკი წერეთლის „კუდურ ხანუმი“ წარმოადგინეს, „დროება“ წერდა: „ევროპის განვითარებულ და გამოცდილ მოთამაშეებისგანაც ძვირად გვინახავს ჩვენ, ამაზე უკეთ წარმოედგინათ სიყვარულის განცხადება“. თვითონ აკაკიმაც კი, რომელმაც საკუთარ პიესაზე დაწერა: მოსაწყენი პიესააო, მოხევეს აქებდა სამაგალითო თამაშისთვის.

მოხევეს აქებენ, როგორც არტისტს, არცთუ იშვიათად წერენ, რომ მხოლოდ მან არ წაახდინა როლი. მოკლედ, ყველანაირი პირობა იყო საიმისოდ, რომ ის სახელოვანი არტისტი დამდგარიყო, მაგრამ მერე და მერე დამკვიდრდა აზრი, რომ ის უნიჭო არტისტი იყო და თურმე მხოლოდ ერთი ჯამბარაშვილის როლს თამაშობდა კარგად. არადა, თავიდან ყველა ქება-დიდებით იხსენიებდა, შეიძლება რომ აქტიორული ნიჭითა და გაქანებული ტემპერამენტით დაჯილდოებული არტისტი ისე დაქვეითდეს, რომ მერე სიბრალულს იწვევდეს?

ზუსტად ის რეცენზენტები, რომლებიც ქება-დიდებას ასხამდნენ, რამდენიმე წელიწადში სცენიდან მის მოშორებას ითხოვდნენ. რამდენიმე წელიწადში კი არა, გაზეთ „დროებაში“ ლელო წერდა, რომ მოხევემ ჩინებულად ითამაშა „თამარ ბატონიშვილში“, ზუსტად იგივე ლელომ ორი კვირის თავზე გაანადგურა მოხევე – ხმაც დაუწუნა, მიხრა-მოხრაც…

აშკარაა, რომ რეცენზენტი ტენდენციური იყო, როგორც ჩანს, მასა და ყაზბეგს შორის ომი დაიწყო. სწორედ რეცენზენტებთან გადამტერებამ ითამაშა გადამწყვეტი როლი ყაზბეგის ტრაგედიაში.

გადამტერებული რეცენზენტები მის სცენიდან მოშორებას ითხოვდნენ.

მაგრამ ყაზბეგი სცენას არ მოშორებია. მას არ შეეძლო, მიეტოვებინა სცენა – გაგიჟებით უყვარდა. მისი მეგობარი ცხვილოელი წერდა: „მის სიცოცხლეს მხოლოდ მაშინ შეამჩნევდა ადამიანი, როდესაც განსვენებული სცენაზედ სათამაშოდ  ემზადებოდა და წავიდოდა შინიდან“.

თეატრის ისტორიაში გაუგონარი ომი

ყაზბეგი სცენას არ ჩამოშორებია, პირიქით – ომი გამოუცხადა რეცენზენტებს. დაიწყო თეატრის ისტორიაში გაუგონარი ომი. წესად იყო, რეცენზენტს რაც არ უნდა ელანძღა არტისტი, არტისტები პასუხს არ სცემდნენ კრიტიკოსს. ყაზბეგმა დაარღვია ეს წესი და რეცენზენტებს იმავე ეპითეტებით უმასპინძლდებოდა: „ჩმახავთ, ენა წაგიგრძელებიათო“.

ამ იერიშმა რეცენზენტები გააერთიანა მის წინააღმდეგ.

რეცენზენტები კრიტიკას აღარ დასჯერდნენ და ცილისწამებაზე გადავიდნენ: ლადო მესხიშვილი და ყაზბეგი ფოთში კონცერტის მოსაწყობად ჩავიდნენ, შემდეგ ფოთელების თხოვნით, კონცერტი გადადეს და სპექტაკლის დადგმა დაიწყეს, გაზეთმა „შრომამ“ კი ყაზბეგს გაყიდული ბილეთების ფულის შეჭმა დააბრალა. „შრომას“ მალე მოუწია იმის აღიარება, რომ ეს ჭორი იყო. ყაზბეგმაც ბოლომდე სდია შეურაცხმყოფელს, მაგრამ…

ყაზბეგმა პირობა შეასრულა, კონცერტის ნაცვლად ფოთში „სამშობლო“ ითამაშეს, ცრემლიც ადინეს ფოთელებს, მაგრამ „შრომას“ კრინტი არ დაუძრავს ამ ფაქტზე. მათ ჭორები და ყაზბეგის სულის მოწამვლა ჰქონდათ მიზნად.

ბათუმში მყოფმა ყაზბეგმა შეიტყო, რომ ერთი პირი „დროებაში“ წერილის დაბეჭდვას აპირებდა „სამშობლოს“ უხეირო თამაშობაზე, და მის წინააღმდეგ პირდაპირ სცენიდან გაილაშქრა – როლში თავისი სიტყვები ჩაამატა: „ეხლა რაღა მიჭირს, კორესპონდენტიც ვარ, ადვოკატიც ვარ, აქაური კორესპონდენტებივით ქუჩიდან მოვხვეტ ჭორებს, ვისაც მინდა და რამდენსაც მინდა, ვაგინებ, ვლანძღავ, რა მენაღვლება, ამისთვის ხომ ვიღებ ბლომად ფულებსა“.

ამ ინციდენტის შესახებ ერთი პოლემიკა ატყდა „დროებაში“ ყაზბეგსა და ჟურნალისტ დავით სოსლანს (კეზელს) შორის. სოსლანს, როგორც კი საშუალება მიეცემოდა, საშინელების მეტს არაფერს წერდა ყაზბეგზე.

ერთი რეცენზენტი ისე გათავხედდა, პრესით ითხოვდა, როცა მოხევე სცენაზე გამოვა, მკვდარი კატები დავუშინოთო. ეს იდეა ილია ხონელმა დაიწუნა, რას ვერჩით კატებს, მოხევის გამო მთელი თბილისის კატების გაწყვეტა მოგვიწევსო. თან „ებრალებოდა“ ყაზბეგი: „გვეცოდება თვით ბ-ნი მოხევე, უკანასკნელის ჭაპან-წყვეტა ამ საქმეში, რომელიც მას არ შეჰფერის და რომლისთვისაც მას ნიჭი არ აქვს“.

ყაზბეგს ივანე მაჩაბელი გამოესარჩლა და ხონელი იძულებული გახდა, „ივერია“ მიეტოვებინა.

დაღმართი

ყაზბეგი სცენაზე მოხევის ფსევდონიმით კი გამოდიოდა, მაგრამ ყველამ კარგად იცოდა, რომ ეს მოხევე „ელგუჯას“, „მამის მკვლელის“, „ელისოსა“ და სხვა შედევრების ავტორი ყაზბეგი იყო, მაგრამ იცავდა კი ვინმე გენიალურ ბელეტრისტს რეცენზენტების შეურაცხყოფისგან?

რატომ არ დაიცვეს? ალბათ, იმიტომ რომ ამ იერიშების მერე ყაზბეგს ისე დაუკარგეს წონასწორობა, რომ მისი ნიჭი არათუ ერთ ადგილზე გაიყინა, საერთოდ, დაბლა-დაბლა დაეშვა. ყაზბეგმა ვერ გაუძლო თავსდატეხილ უბედურებას, ეს კაკაფონია მის მგრძნობიარე სულს აფორიაქებდა.

მაყურებელს  კი  სულაც არ აინტერესებდა, რა განწყობით გამოდიოდა ის სცენაზე… მას სრულფასოვანი თამაშის ნახვა ეწადა…

დევერტისმენტში მოხევე გამოდიოდა, როგორც დეკლამატორი და  მოცეკვავე. მნახველს ატყვევებდა მისი ნაცეკვი ქართული, ჩაჩნური, ლეკური, ცეკვა ხანჯლებით. როცა ის ცეკვავდა, ტაშის გრიალისგან დარბაზი ზანზარებდა. მტრებიც კი დუმდნენ, ხალხის ფეხის ხმას ყვებოდნენ იმის საილუსტრაციოდ: აი, ობიექტურები ვართ, კარგად ცეკვავს და მოგვწონს, არტისტად არ ვარგა და მზად ვართ, მკვდარი კატები ვესროლოთო. მტრებიც კი აღიარებდნენ, რომ ყაზბეგი განსაცვიფრებლად ცეკვავდა, მაგრამ რეცენზენტები აქაც დაუკრეფავში გადადიოდნენ. 1886 წელს ერთ-ერთმა რეცენზენტმა მის ცეკვას ტლინკაობა უწოდა…

ჩვენ არ ვიცით, როგორი არტისტი იყო ყაზბეგი, მაგრამ ვიცით ის, რომ თავიდან ხოტბას ასხამდნენ, შემდეგ ლანძღავდნენ… იქნებ თავიდან შეცდნენ შეფასებაში და მერე გამოასწორეს?

ჩვენ არ ვიცით, როგორი არტისტი იყო ყაზბეგი, მაგრამ ვიცით, როგორი მწერალიცაა, ის ორღობის კრიტიკოს-რეცენზენტები კი მის შედევრულ მოთხრობებსა და რომანებსაც კენწლავდნენ. სწორედ ეს გვაფიქრებინებს, რომ ისინი ტენდენციურები იყვნენ და პირადი მტრობა აკავშირებდათ ყაზბეგთან, რომელმაც გაბედა და მათ უვიცები უწოდა.

კრიტიკოსებმა მიზანს მიაღწიეს, ყაზბეგი სიცოცხლეშივე დასცეს, დააძაბუნეს. სილამაზით, დახვეწილი მანერებითა და სისუფთავით განთქმული ყაზბეგი, სასცენო დებიუტიდან რამდენიმე წლის შემდეგ გატეხილი, გაუბედურებული, დაფლეთილი ჩოხით დაიარებოდა, მეგობრებს ჩამოშორდა, განმარტოვდა. კრიტიკოსებმა გაიმარჯვეს, ყაზბეგმა სცენა დატოვა, მართლაც, როგორც სუსტმა მსახიობმა…

 

%d bloggers like this: