Category Archives: პოლიტიკა

ცრუღმერთ ვასაძის კრუსუნი და ბიძინა – რომაული ტოგის შრიალით

ვასაძე

რაინდმა ვასაძემ ერთობ არარაინდულად, მე ვიტყოდი ვირულადაც კი, მოსთხოვა ბიძინა ივანიშვილს მედიის გაკონტროლება.

უკუეთუ ვითარმედ იგი ბოდავს, სასწრაფოდ უნდა შეიქმნას მკაცრი რეგულირების მექანიზმები, რომლითაც მედიასაშუალებები და კონკრეტული ჟურნალისტები ცილისწამებისთვის და შეურაცხყოფისთვის უმკაცრესად დაისჯებიან.

თუ მას ვერწმუნებით, „ვერანაირ ეკონომიკას და სტაბილურობას, ასეთი ფარღალალო, უპატრონო მედიაპოლიტიკის პირობებში ვერ შექმნით. აქედან წამოგითაქებენ და ლამის გადმოგიყირავებენ სახელმწიფოს ერთი ჩვეულებრივი მედია პროვოკაციის მეშვეობით და გაზარალებენ კიდევ სამ მილიარდს“. ამბობს ვასაძე და პირდაპირ ცენზურის შექმნას ითხოვს, რომელსაც „მედიარეგულატორად“ იხსენიებს და ამბობს, რონ ეს მედირეგულატორი უნდა დაკომპლექტდეს პრინციპული, ეროვნული, უმწიკლო ხალხით, რომელიც ქრთამს არ აიღებს და გააკონტროლებს ქართული ტელესივრცის მუშაობას.

თან იქვე ბიძინას ამშვიდებს – „ბევრი არ დაჭირდება ამ ლაჩარი ხალხის პირობაზე – ერთს, ორს, სამს, ლიცენზიას ჩამოართმევ, ჯარიმას მიარჭობ, თუ საჭიროა ციხეში ჩასვამ და თქვენით ნახავთ, როგორ დალაგდება ეს ქვეყანა. გამოიბერტყეთ ყურები, გამოიფშვნიტეთ თვალები და გააკონტროლეთ უმკაცრესი სახით მედია, რომელიც დასახლებულია უსინდისო და უკუღმართი ადამიანებით. სხვანაირად ამ ქვეყანას არაფერი არ ეშველება“.

ახლა რა გამოდის? ვასაძე, რომელსაც ასობით ათასი ლარით სწორედ ივანიშვილს მთავრობა აფინანსებს ჩვენი გადახდილი გადასახადებიდან, ახლა  ჩვენ გაკონტროლებას და ციხეებში ამოლპობას სთხოვს.

ანუ, ივანიშვილი პოლიტიკური ლიდერების დაჭერას კი არ უნდა დასჯერდეს, უნდა დავიდეს ცალ-ცალკე ყველა იმ ადამიანის დონეზე, ვინც გაბედავს და კოლექტიური ვასაძისთვის და ინდივიდუალური ივანიშვილისთვის არასასურველს რასმეს იტყვის.

ახლა, ტექნიკურად როგორ წარმოგიდგენიათ, ბიძინა აფინანსებს და ეს მუსიკას უკვეთავს? გჯერათ რომ ბიძინა იხდის, ეს მუსიკას უკვეთავს და ისევ ბიძინა ცეკვავს და ცმუკავს მაგის დაკრულზე?

ცხადია არა. ბიძინა იხდის და ბიძინა უკვეთავს და სწორედ ეს ცეკვავს და ახმოვანებს იმას, რაც გულით სწადია ჭორვილელ დენდს, რომელიც ჭირვეულად და ჭირად ექცა ქართულ სინამდვილეს.

დიახ, ბატონებო, ვასაძე რაინდი კი არა, ივანიშვილის კარზე დაბმული ჟირინოვსკი პინგვინია და ახმოვანებს იმას, რაც გულით სწადია ბიძია ივანიშვილს.

თან დააკვირდით სურათს – დემოკრატ ბიძინას კი არ სურს მედიის კონტროლი, საზოგადოება აიძულებს მას და ისიც, ვითარცა რჩეული ხალხისა, იძულებულ არს ანგარიში გაუწიოს ხალხის მოთხოვნებს, გამოვიდეს რომაული ტოგის შრიალით და დაჰყვეს ხალხის ნებას, ან უფრო ააშრიალოს ტოგა და იუაროს… წარმოჩინდეს დემოკრატიის დედაბოძად.

რეალობა კი სრულიად სხვაა. ინტერნეტის ეპოქაში, როცა ყველას ჯიბეში სმარტფონი უდევს, აზრი ეკარგება ყოველგვარ ცენზურას და კონტროლს. ტელეარხებს ლიცენზიას ჩამოართმევ, მაგრამ ხალხს რას უზამ, რამდენს წაართმევ სმარტფონს? რას უზამ ამდენ ლაივს, ამდენ ვიდეო თუ ისე ბლოგს, ფეისბუკ-პოსტებს? ყველას ციხეში ჩაყრი და გამოკეტავ? კარგი, ვინც საქართველოშია იმას დაიჭერ, მაგრამ ვინც საზღვარგარეთ ცხოვრობ იმას რა ტარხუნას წააკვნიტავ?

ვასაძე ვერ ხვდება რომ არ გაუმართლა, იმ საუკუნეში დაიბადა, რომელიც მის შავბნელი აზრებისთვის ზედმაეტადაა გადანათებული.

 

რატომ დაიჭირა ოქრუაშვილი და რატომ არ დაიჭირა მელია ივანიშვილმა?

collage

ეს ორი დღეა, რაც ოქრუაშვილს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს, ვფიქრობ – რატომ დაიხია უკან ივანიშვილმა მელიას შემთხვევაში და არ დაიხია უკან ოქრუაშვილის შემთხვევაში? ან ცოტა სხვა გარნირით რომ ვთქვათ – რატომ დაინდო მელია (თუ ეს დანდობაა) და არ დაინდო ოქრუაშვილი?

მოკლედ, რატომ გამოკეტა მელია სახლში და ოქრუაშვილი ციხეში?

ჩემი აზრით, არაფერ შუაში არაა ივანიშვილის არც ნერვების ღალატი და არც ემოციების მიქცევა-მოქცევა. ივანიშვილი აბსოლუტურად ცივი გონებით ანეიტრალებს საფრთხეეებს. ასეა 2012 წლიდან – ანუ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან და დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოლიტიკური ველის შეუდარებელი გამნაღმველია. ყველა პერსონა, რომელსაც კი შეეძლო მისთვის ამა თუ იმ სახის პრობლემები შეექმნა, ეგრევე გაანეიტრალა. ზოგი დაიჭირა, ზოგი გააქცია, მეტ სადამსჯელო ღონისძიებებზდე საუბრისგან თავს შევიკავებ… უდანაშაულობის პრეზუმფციის და არა ივანიშვილის ხათრით….

დაიჭირა ბაჩო ახალაია, ვანო მერაბიშვილი, შემდეგ გიგი უგულავა. ვიღაც ტვინყოჩაღი გამოხტება და მეტყვის, რომ ეს საზოგადოებრივი დაკვეთა იყო იმ დროს და ბიძინამ კოჭი გაუგორა იმ განწყობებს. და რამდენი წელი გავიდა მათი დაჭერიდან? არისღა სადმე ის განწყობები? ახლა ვის უგორებს და უკოტრიალებს კოჭს თუ გოდორს ივანიშვილი? რატომ არ უშვებს ციხიდან ან მერაბიშვილს, ან ახალაიას?

რატომღაც სულ არ მეჩვენება, რომ ივანიშვილისთვის პანაცეა ყველას ციხეში გამოკეტვაა. პირიქით, პრაქტიკამ ცხადყო რომ მას სულაც არ სურს იგივე სააკაშვილი ქართულ ციხეში. პირიქით, მას ამის პანიკურადაც კი ეშინია. ივანიშვილის ამოცანა, ყველას ციხეში შეყრა კი არა, სწორედ საფრთხეების განეიტრალებაა.

სწორედ ამიტომ, მისთვის სრულიად კომფორტულია და საკმარისია სააკაშვილი არ ჩამოუშვას ქვეყანაში. ქვეყანაში ჩამოუსვლელად, ცხადია შეუძლებელია რევოლუციური ტალღის აგორება. იცის ეს ჭორვილელმა დენდმა და როგორღაც იტანს სააკაშვილის ონლაინ თუ ტელეშტურმებს სხვა ქვეყნებიდან.

მოკლედ, ივანიშვილისთვის მთავარია არ მიუშვას ხალხთან სააკაშვილი.

სწორედ, მსგავსი შემთხვევაა ნიკა მელიას შემთხვევაც. პრაქტიკამ ცხადყო ისიც, რომ თუ ვინმეს ხელეწიფება ქუჩაში მანევრირება, სწორედ მელიაა. სწორედ მას შეუძლია იკისროს ლიდერის ფუქცია საპრორესტო ტალღის დროს და ამიტომ გახდა საჭირო, სასწრაფოდ მისი განეიტრალება – ხალხისგან დისტანცირება. საამისოდ, თავიდან მართლაც რომ მისი დაჭერა გადაწყვიტეს, კარგად გახსოვთ, 93 დეპუტატს კანონზე, ნამუსზე, ყველაფერზე ხელი ააღებინეს და მხარი დააჭერინეს სამარცხვინო გადაწყვეტილებისთვის, რომელიც გზას უხსნიდა მელიას ციხეში გამომწყვდევას. მაგრამ… შემდე განვითარებულმა მოვლენებმა, საერთაშორისო თუ აქაური საზოგადოების მძაფრმა რეაქციამ, მისი დაჭერა გაადააფიქრებინა და დასჯერდნენ შეზღუდვებს. კარგად გაიხსენეთ რა აეკრძალა მას – ხალხთან გასვლა მოწოდებებით. მისთვის არავის აუკრზალავს არც ტელევიზიით მიმართვა, არც ფეისბუკით… მას ხალხთან უშუალო კონტაქტი აუკრძალეს!  მომდევნო ინსტანციამ კი ამ ყველაფრის უზრუნველსაყოფად, მას სამაჯური დაადო და შინ გამოკეტა!

ივანიშვილმა, მელია ისევე ჩახსნა ხალხისგან, როგორც სააკაშვილი. სწორედ ივანიშვილმა გადასარევად იცის, რომ ფეისბუკით და ტელევიზიით, ვერც მიშამ დატოვა უსკამოდ და მელიაც დიდს ვერაფერს დააკლებს.

აბა, რატომ დაიჭირა ოქრუაშვილი?

ოქრუაშვილი მას სხვა ტიპის საფრთხეს უქმნიდა. მელიასგან განსხავევებით, ოქრუაშვილს შეუძლია გაიხსენოს ზოგი პიკანტური რამ უახლესი წარსულიდან და დაიწყო კიდეც გახსენება… გარდა ამისა, მას ხელთ აქვს დოკუმენტი, რომელიც მას, ივანიშვილს (და არა ხალვაშს) ხელიდან წაგლეჯს ძლივს დათრეულ „რუსთავი2“-ს. ამიტომ მისთვის სასწრაფოდ უნდა გადაეკეტა გზა როგორც ტელეეკრანებისკენ, ისე სასამართლოსკენ. სწორედ ამიტომ არ იყო საკმარისი მისთვის მელიას მსგავსად სამაჯურის დადება. ოქრუაშვილისთვის რომ სამაჯური დაედოთ და სახლში გამოეკეტათ, რა ის ვერ შეძლებდა რაღაცეების გახსენებას გინდ ტელევიზიის, გინდ სოცმედიის მეშვეობით?

საგულისხმო დეტალი: კარგად გაიხსენეთ, რა დროს დახურეს ცამოწმენდილზე ოქრუაშვილის პროცესი? სწორედ მაშინ, როცა ის სიტყვით უნდა გამოსულიყო…. რჩება შთაბეჭდილება რომ ოქრუაშვილს ჯერაც არ უთქვამს მთავარი და სწორედ ის მთავარი უფრთხობს ძილს პინგვინძაღლს. სწორედ მაგის შეეშინდათ რომ მაშინ, სწორედ სასამართლოში არ ეთქვა ის მთავარი ოქრუაშვილს…

მოკლედ, ივანიშვილს რომ ოქრუაშვილის ქუჩაში გამოვარდნის შეშინებოდა, მასაც მელიასავით სამაჯურს დაადებდა და ამით მოაკვარახჭინებდა საქმეს, მაგრამ მის შემთხვევაში საფრთხე სხვაა. კარგად გაიხსენეთ, ოქრუაშვილმა სააკაშვილის ხელისუფლებასაც სწორედ ტელეთერიდან შეუქმნა საფრთხე და არა ქუჩიდან.

მოკლედ, ვინც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ქუჩაში, მას ქუჩას, ხალხს აშორებს, ვინც ტელეეკრანიდან – მას ტელეეკრანს აშორებს. მთელ ტელემედიას რომ აკონტროლებდეს, ოქრუაშვილს უბრალოდ ტელე-პროდიუსერების მეშვეობით გაანეიტრალებდა, მაგრამ ჯერ ვერც მედიას ვერ აკონტროლებს ასე და რომც აკონტროლებდეს, ინტერნეტის ეპოქაში, დიდად მაგასაც არა აქვს აზრი.

მოკლედ, მელიას შემთხვევაში ამოცანა იყო ხალხისგან, საპროტესტო ტალღისგან ჩამოშორება. ოქრუაშვილის შემთხვევაში – ტელეეკრანებიდან და იმ საქმიდან დისტანცირება, რომელიც „რუსტავი2“-ს ეხება, ანუ იმას რომ დოკუმენტზე ხალვაშის ხელმოწერა ნამდვილია და „რუსთავი2“ სწორედ მისი, ირაკლი ოქრუაშვილისაა და არა ხალვაშის ან ლავაშის.

 

ზურაბ ჭიაბერაშვილი: „არც საპროტესტო აქციებზე დავიხევთ უკან!“

„ბეჟაშვილის საქმე აუცილებლად წავა სტრასბურგში!“

zurab

ინტერვიუ დაიბეჭდა გაზეთ “ქრონიკა+”-ში.

რეზო შატაკიშვილი

ნაციონალურ მოძრაობას ცემა, ძალადობა, მით უფრო, საარჩევნო პერიოდში – კარგად აქვს დაცდილი. როგორც წესი, ეს ხელისუფლებაში მისი მოსვლით მთავრდება. ასე იყო 2003 წელს, გავიხსენოთ ბოლნისი, ბათუმი… ის, რაც დღეს ხდება, შეიცავს თუ არა მოვლენების იმგვარად განვითარების საფრთხეს?

 „ქრონიკა+“ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ ჭიაბერაშვილს ესაუბრება.

 ზურაბ ჭიაბერაშვილი: ამ ხელისუფლების ჩატარებულ ორ არჩევნებს, საპრეზიდენტოსა და ადგილობრივს თუ შევადარებთ, ეს მოგვცემს საშუალებას დავინახოთ, გვაქვს თუ არა ის ტენდენცია, რაც იყო 2003 წელს. უნდა ითქვას, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დროს დიდი დრო არ იყო გასული და მოლოდინი ჯერ კიდევ არსებობდა, რომ ბიძინა ივანიშვილი თავის ფულს დახარჯავდა. აშკარა იყო „ქართული ოცნების“ საარჩევნო უპირატესობა. მიუხედავად იმისა, რომ მაშინაც იყო ძალადობის ფაქტები წინასაარჩევნო პერიოდში, იგივე ზუგდიდში, ბათუმში, პრაიმერისის ჩატარების დროს, საპრეზიდენტო არჩევნებმა მაინც შედარებით ნორმალურად ჩაიარა, მაგრამ ხელისუფლების დემოკრატიულობა ფასდება იმის მიხედვით, რამდენად რჩება წესების ერთგული და რამდენად იცავს თამაშის წესებს კონკურენტულ გარემოში. აქედან გამომდინარე, ახლა, ადგილობრივ არჩევნებზე, როცა მაღალი იყო კონკურენცია, დავინახეთ, რაც მოხდა – მასობრივი ძალადობა, დაპატიმრებების ტალღა ადგილობრივ დონეზე, გამგებლობის სამი კანდიდატი წინასწარ პატიმრობაშია, იყო ფიზიკური ძალადობის, შანტაჟისა და ზეწოლის ტალღა. ამ არჩევნებზე უპრეცედენტოდ მაღალი იყო კანდიდატურების მოხსნა. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ყველა კანდიდატმა ზეწოლის გამო მოხსნა კანდიდატურა, იყვნენ კანდიდატები, რომლებმაც, უბრალოდ, საარჩევნო კანონმდებლობის ნორმები ვერ დაიცვეს, მაგრამ მინიმუმ 50-მა კანდიდატმა ზეწოლის გამო მოხსნა კანდიდატურა.

– სხვა ოპოზიციური პარტიებიც აცხადებდნენ, რომ მათ კანდიდატურებს აიძულებდნენ მოხსნას.

– რა თქმა უნდა. მაგალითად, დმანისში ცესკოს ჩარევა გახდა საჭირო, რომ მთლიანად ჩვენი სია არ მოხსნილიყო, ანალოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდა ბურჯანაძის სია. ვანო მერაბიშვილის სოფელში მაჟორიტარად დარჩა ერთადერთი კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“, სხვა ყველა მოიხსნა. იცოდნენ, თუკი ვინმე იქნებოდა სხვა კანდიდატი, ის გაიმარჯვებდა და სოფელს თავზე მოახვიეს თავისი „ოცნების“ კანდიდატი. ღარიბაშვილისთვის იყო პრინციპული, რომ ვანო მერაბიშვილის სოფელშიც კი „ოცნებიდან“ გასული მაჟორიტარი ყოფილიყო. ეს რაც ხდებოდა წინასაარჩევნოდ. არჩევნების დღეს კი ჩვენ ვნახეთ იარაღით ხელში დარბეული უბნები, პოსტსაარჩევნო პერიოდშიც ვხედავთ, რაც ხდება. საბოლოო ჯამში, სურათი საკმაოდ მძიმეა. ხელისუფლებამ აჩვენა, რომ როდესაც ემუქრება ხელისუფლებიდან წასვლის საშიშროება, იქცევა ძალადობრივად და როცა უფრო დაემუქრება (ღრმად ვარ დარწმუნებული, 2016 წელს სწორედ ასე იქნება), ის კიდევ უფრო ძალადობრივად მოიქცევა. ობიექტური ვიქნები და ვიტყვი, რომ არჩევნების გაყალბების თვალსაზრისით, ამ არჩევნებზე არ ყოფილა იმდენად ტრაგიკული მდგომარეობა, როგორიც იყო 2003 წელს, მაგრამ ამ ხელისუფლებას ზედვე ეტყობა, რომ იქამდეც აუცილებლად მივა.

– საპრეზიდენტო არჩევნები იქნებ იმიტომაც ჩატარდა მეტ-ნაკლებად დემოკრატიულად, რომ მარგველაშვილი, ასე თუ ისე, მაინც აკმაყოფილებდა ხალხის მოთხოვნებს, რასაც ვერანაირად ვერ აკმაყოფილებს ნარმანია?

– ერთიც და მეორეც პირადად ივანიშვილის შერჩეულია და ორივეს მიმართ თვითონ ქართულ „ოცნებაშია“ უკმაყოფილება. მიაჩნიათ, რომ გაცილებით არჩევადი კანდიდატურის წამოყენება შეეძლო ბიძინა ივანიშვილს. მარგველაშვილი გადაარჩინა იმან, რომ მაშინ თვითონ „ოცნებას“ და ივანიშვილს ჰქონდათ უფრო მაღალი ნდობის მანდატი და მარგველაშვილმა აიღო ის ხმები, რასაც აიღებდა თვითონ კოალიცია. ნარმანიამაც ასევე, რაც აიღო კოალიციამ, ზუსტად ის აიღო და ერთი ზედმეტი ხმაც არ აუღია. სხვა კანდიდატი რომ შეერჩიათ, შეიძლება ცოტა უფრო არჩევადი ტიპი ყოფილიყო. მე მარგველაშვილის ადვოკატად ვერ გამოვდგები, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ვერც მისი პრეზიდენტობის სტილი, ვერც მოქმედება და ვერც მისი გაუბედაობა ივანიშვილის მიმართ, მას ის გონიერება მაინც ჰყოფნის, რომ რაღაც საზღვრებს არ გადავიდეს, ნარმანიასგან განსხვავებით. მას ძალიან გაუჭირდება მეორე ტურში. ჩვენ ვიბრძვით გამარჯვებისთვის! ისინიც კი, რომლებიც მას აძლევენ ხმას, არათუ გულში, ღიად აღიარებენ, რომ ეს არ არის ის ადამიანი, ვინც თბილისს გამოადგება მერად, მასში ვერ ხედავენ ვერც გამოცდილებას, ვერც კომპეტენციას, ვერც გაბედულებას, რაც ნამდვილად სჭირდება ამხელა ქალაქის მართვას.

– სწორედ სამსხვერპლოზე ხომ არ მიიტანეს ზვარაკად გიგი უგულავა, რომ დაეკმაყოფილებინათ შურისძიებას მოწყურებული ელექტორატის მუხტი? თორემ აუცილებლობას წარმოადგენდა მისი დაჭერა მაინცდამაინც ახლა? მით უმეტეს, იმავე ღამეს დაიჭირეს თბილისის მეორე ექსმერიც…

– მესამე ექსმერი კი ვარ გასამართლებული… გიგის დაჭერა ბიძინა ივანიშვილის დიდი ხნის ოცნება და გადაწყვეტილება იყო. ივანიშვილს არაერთხელ განუცხადებია, რომ ნაციონალური მოძრაობა უნდა განადგურდეს, მისი ლიდერები უნდა იყვნენ ციხეში, რომ ჩვენ არ გვაქვს პოლიტიკური მოღვაწეობის უფლება და ა. შ. ქართველი ხალხის არჩევანი სხვაგვარია. საზოგადოების უდიდესი ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში აუცილებელია ძლიერი ოპოზიციის არსებობა და საზოგადოება ხედავს, რომ ჩვენ სწორედ ასეთი, ძლიერი ოპოზიცია ვართ. ვინც ჩვენ ხმას არ გვაძლევს, მიიჩნევენ, რომ ნაციონალური მოძრაობა არის ძირითადი ოპოზიციური პარტია და ეს კვლევებშიც ნათლად ჩანს. ამდენად, ბიძინა ივანიშვილის გეგმებში ცვლილება შეიტანა ჩვენმა სიძლიერემ და ქართველი ხალხის არჩევანმა. რაც შეეხება გიგის უშუალოდ ახლა, ამ ვითარებაში დაჭერას, აბსოლუტურად მართალია, ეს უკავშირდება მეორე ტურს: იმდენად რთულია ნარმანიას გაყვანა, რომ აუცილებლად სჭირდებათ აგრესიული ელექტორატის მობილიზება, ეს ელექტორატი შესაძლოა, დიდი არ არის, 8-10%-ია, მაგრამ მაინც ელექტორატია.

– ეს სწორედ ის ელექტორატი ხომ არაა, რომელიც სამართლიანობის არაღდგენის გამო “ოცნებას” ბურჯანაძესთან გაექცა? 

– რა თქმა უნდა, ვინც ხმა მისცა ბურჯანაძეს და პატრიოტთა ალიანსს, სწორედ იმ ელექტორატზე ვსაუბრობ. ეს არის რადიკალური, რუსეთზე ორიენტირებული და რევანშიზმით განმსჭვალული ელექტორატი, რომლის ხმებიც დასჭირდა „ოცნებას“, რომ ნარმანია რამენაირად გაიყვანონ მერად, რადგან საკუთარი ამომრჩევლის მობილიზების არანაირი რესურსი არ გააჩნიათ. ივანიშვილისა და ღარიბაშვილის ამოცანა იყო სწორედ ამ რადიკალურად განწყობილი ადამიანების გულის მოგება, მათი მობილიზაცია. გიგის დაჭერა, პრაქტიკულად, მათთვის გადახდილი ხარკი იყო. ამის გარდა, არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ივანიშვილი ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას ელოდებოდა, მას მიაჩნია, რომ მთავარი ხელმოწერაა, ახლა უკვე გზა ხსნილია და შეუძლია აიხდინოს თავისი წელიწადნახევრის „ოცნება“ – ნაცმოძრაობის კიდევ რამდენიმე ლიდერი ჩასვას ციხეში. იგი ფუნდამენტურად ცდება ყველა იმ განცხადებაში, რაც კი საერთაშორისო არენაზე გაკეთდა, მკაფიოდ მიუთითებენ სწორედ ასოცირების ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებზე და კანონის უზენაესობაზე. გიგი უგულავამ განაცხადა კიდეც სასამართლოზე, რომ „სამართლიანობის აღდგენამ“ ჩაანაცვლა კანონის უზენაესობა, რაც სახელმწიფოს მოწყობისა და ჩვენი ევროპული განვითარების ფუნდამენტია. მინდა, დავეთანხმო ბაჩო ახალაიას, რომელმაც სასამართლოზე მოიყვანა პლატონის სიტყვები, რომ უსამართლობის ყველაზე დიდი გამოხატულება მისი სამართლიანობად წარმოჩინებაა. დიახ, „სამართლიანობის აღდგენის“ ფარდის უკან ხდება უზარმაზარი უსამართლობები და უკანონობა. მსოფლიოში არ არსებობს პრეცედენტი, რომ ადამიანს მეათეჯერ შეუფარდო აღკვეთის ღონისძიება, თან აბსოლუტურად მოგონილ და ხელოვნურ საქმეებზე, რომელზეც მოგვიანებით მართლდება. ან როდესაც სასამართლო არ უფარდებს უგულავას აღმკვეთ ღონისძიებას, არ უზღუდავს გადაადგილებას და, პრაქტიკულად, იმავე დღეს, გამთენიისას, მას მაინც აკავებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილმა უთხრა სასამართლოს, – არ აინტერესებს მათი გადაწყვეტილება, ეს კაცი უნდა იჯდეს ციხეში! ეს, რა თქმა უნდა, კეთდება ნარმანიას გასაყვანად, მაგრამ შორსმიმავალი გეგმებიც აქვს – დარტყმა ოპოზიციაზე, პარტიის დაზიანება, რადგან უგულავა პარტიის გამოკვეთილი ლიდერია და მისი დაპატიმრება, გარკვეულწილად, პარტიაზე დარტყმაა. სასამართლოს მიმართ ასეთი დამოკიდებულებით ჩვენ ვკარგავთ სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტიტუტს, სასამართლოს, იმიტომ რომ აქამდე ხელისუფლება, პროკურატურა, ასე თუ ისე, ცდილობდა სახის შენარჩუნებას, ამჯერად კი აბსოლუტურად ყველანაირი მოჩვენებითი სამართლისა და კანონის ფარდაც ჩამოიხსნეს. სრულიად გაშიშვლებულად ითქვა, რომ ეს კაცი უნდა იჯდეს ციხეში. ამ გზას ღრმა კონფრონტაციამდე მივყავართ, საიდანაც გამოსვლა ძალიან რთული იქნება.

– უგულავას ამ ფორმით დაპატიმრება ცხადია, მოეწონა აგრესიულ ელექტორატს, მაგრამ აღაშფოთა საზოგადოების ნეიტრალური ნაწილი. მე არ ვსაუბრობ თქვენს მხარდამჭერებზე, მათთვის უგულავას დაჭერა ყველანაირი ფორმით იქნებოდა მიუღებელი, მე ვსაუბრობ ნეიტრალურ ელექტორატზე, რომლისთვისაც მიუღებელია ძალადობა და რომელსაც სისხლი კი არა, მშვიდობა სწყურია. არაა გამორიცხული, რომ უგულავას დაჭერით, როგორც მოხდა აგრესიული ელექტორატის მობილიზება ნარმანიას სასარგებლოდ, ასევე მოხდეს ძალადობით აღშფოთებული ნეიტრალური ელექტორატის მობილიზაცია მელიას სასარგებლოდ.

– მეც ვფიქრობ, რომ ასეთი ნაბიჯები ამ ხელისუფლებას უფრო აკლებს მხარდამჭერებს, ვიდრე ჰმატებს. 2012 წლის არჩევნებზე, როცა ხალხმა არჩევანი გააკეთა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, ამას ჰქონდა საფუძველი. მე ვსაუბრობ არა იმ რადიკალურ ნაწილზე, რომელსაც, უბრალოდ, სისხლი სწყურია, არამედ საზოგადოების დიდ ნაწილზე, რომელსაც უნდა მშვიდობა, უკეთესი ცხოვრება. რა თქმა უნდა, ისინი ხედავდნენ პროგრესს, მაგრამ ჩათვალეს, რომ ეს არ იყო საკმარისი და თავისი იმედი დაუკავშირეს იმას, რომ აგერ მილიარდერი კაცია, თავის ფულს დახარჯავს და უფრო უკეთესად ვიცხოვრებთ. საზოგადოების ამ ნაწილს შურისძიება კი არა, უკეთესი ცხოვრება უნდოდა, მაგრამ ცხოვრება არ გაუმჯობესდა. ნაცვლად იმისა, რომ სამუშაო ადგილები შექმნილიყო, სამუშაო ადგილები იკარგება. აღმოჩნდა, რომ არც ბენზინი იაფდება, არც ელექტროენერგია, არც გაზი, არც პენსია მატულობს, ცხოვრება ძვირდება. ცხადია, ამომრჩეველი უკმაყოფილოა და ჩვეულებრივ ადამიანს რომ ჰკითხო, დაჭერების გარდა ეს ხელისუფლება არაფერს აკეთებს და ეს დაჭერები არავითარ კავშირში არ არის იმასთან, რასაც კეთილდღეობა მოაქვს თითოეული ადამიანისთვის. ეს რომ პოლიტიკური დევნაა, ამაში ეჭვი არავის ეპარება, რაც კარგად გამოჩნდა იმ რეაქციებშიც, რომელიც მოჰყვა გიგის აბსოლუტურად უკანონო დაპატიმრებას. ვგულისხმობ მანანა კობახიძის რეაქციას, რომელიც სიხარულით შეხვდა ამ ფაქტს, კულტურის მინისტრის მოადგილეს, რომელმაც დააანონსა რეპრესიების ახალი ტალღა. პოლიტიკური დევნაა, როდესაც ხელისუფლება წინასწარ აანონსებს, რომ ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს ამას და ამას ვუზამთ და შემდეგ პროკურატურა მიდის და იმ ადამიანებს იჭერს. სამწუხაროდ, სრულ არაკომპეტენტურობას ავლენენ მინისტრები და პარლამენტარები „ქართული ოცნებიდან“, როდესაც ამ სიტუაციას ადარებენ სარკოზის დაკითხვას. ღარიბაშვილმა მოიტყუა, რომ სარკოზი დააკავეს, ის უბრალოდ მიიყვანეს დაკითხვაზე და გაუშვეს, არავის სარკოზი არ დაუპატიმრებია. გარდა ამისა, ძალიან დიდი განსხვავებაა, როდესაც სარკოზი ან ბერლუსკონი მიჰყავთ სასამართლოში, იმასთან, რაც ჩვენს თავს ტრიალებს. კოლის წინააღმდეგაც იყო საქმე პარტიულ ფინანსებთან დაკავშირებით, მაგრამ არც სარკოზის, არც ბერლუსკონის და არც კოლის საქმეს წინ არ უძღოდა პოლიტიკური ოპონენტების, ხელისუფლებაში მყოფი პირების განცხადებები, რომ მათ აუცილებლად დაიჭერდნენ, წინ არ უძღოდა მათი თანაპარტიელების დაჭერები და დაკითხვებზე ტარება, წინ არ უძღოდა განცხადებები ოპონენტების რადარებიდან გაქრობაზე, განადგურებაზე. გარდა ამისა, იქ გამოძიება იწყებს კონკრეტული დანაშაულის ძიებას და შემდეგ ჩნდება, რომ რომელიღაც თანამდებობის პირი, შესაძლოა იყოს ამ საქმეში დამნაშავე. ჩვენთან კი ჯერ განისაზღვრება დამნაშავე და მერე ხდება საქმეების აწყობა. ამიტომაც არც საქართველოში და არც მის ფარგლებს გარეთ არავის ეჭვი არ ეპარება, რომ ეს პოლიტიკური დევნაა და სარკოზიზე და ევროპაზე აპელირება უადგილოა. გარდა ამისა, დღეს ვინც სარკოზიზე აპელირებს, სწორედ ისინი საქართველოს პროკურატურასა და სასამართლოს მუდმივად აძაგებდნენ და აგინებდნენ თუნდაც 1 წლის წინათ. ახლა კი, როდესაც მთლიანად დაიმორჩილეს ეს ორი სისტემა და იყენებენ პოლიტიკური დევნის იარაღად, მიაჩნიათ, რომ კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით ყველაფერი წესრიგშია და უბრალოდ ებრძვიან დამნაშავეობას, რასაც, ბუნებრივია, ვერავის დააჯერებენ.

– მეორე ტური ნაცმოძრაობისთვის ეს არის ბრძოლა ბრძოლისთვის, რეიტინგისთვის, ასე ვთქვათ, მზადება მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის, თუ რეალური ბრძოლა ნიკა მელიას მერად გასაყვანად? მეეჭვება, იმის იმედი გქონდეთ, რომ მას გასაქანი ექნება. პირიქით, ხელისუფლებას საბაბს მისცემს, კიდევ ილაპარაკოს ის, რასაც ლაპარაკობდა, რომ მერი ნაციონალია, რომ ადგილებზე ნაციონალები არიან და ა. შ.

– „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან 3 თვეში ძალადობის ტალღამ გადაუარა მთელ ქვეყანას, ყველა საკრებულო ხელში ჩაიგდეს, ადგილი ჰქონდა საკრებულოებში შეჭრას, სკამების ფანჯრებიდან სროლას, დეპუტატების ფიზიკურ შეურაცხყოფას. ამოიღონ და ნახონ ის კადრები. ადგილობრივი არჩევნების გარეშეც მათი იყო უკვე ყველა გამგებელი. ერთადერთი თბილისის მერი იყო დარჩენილი და ისიც უკანონოდ გადააყენეს. ამიტომ ეს არგუმენტი, რომ ამის გამო ვერ აკეთებდნენ საქმეს, აბსოლუტურად უსუსურია. სადაც გამარჯვების შანსი გვაქვს, სადაც მეორე ტურია, თბილისი იქნება ეს, ხონი, თერჯოლა, ყვარელი, თუ სხვა, ჩვენ ვიბრძვით გამარჯვებისთვის, იმისთვის, რომ ხალხს რეალური საქმით ვაჩვენოთ ალტერნატივა. ვაჩვენოთ, რომ საქმის კეთება შეიძლება იმ პირობებშიც კი, როცა გებრძვიან. ყველამ დაინახა, რომ „ქართული ოცნება“ ცენტრალურ დონეზე არაკომპეტენტურია და ასეთივე არაკომპეტენტურები იქნებიან ისინი თბილისშიც. ნარმანია ინფრასტრუქტურის მინისტრი იყო და ჰქონდა შესაძლებლობა უამრავი საქმის კეთებისა. წელიწადნახევრის მანძილზე მას საქმე არ გაუკეთებია. ჩვენ ამ პირობებშიც შევძლებთ მუშაობას. ჩვენი ხელისუფლების დროს ადგილობრივმა თვითმმართველობამ შეიძინა საკმარისი ფინანსური დამოუკიდებლობა, ანუ განსაზღვრულია ფორმულა ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტის მოცულობისა და თუ ამ კანონსაც არ შეცვლიან, ნიკა მელიას, როგორც ქალაქის მერს, ექნება კარგი საფუძველი საიმისოდ, რომ მნიშვნელოვანი საქმეები გააკეთოს ქალაქში.

– დავუბრუნდეთ უგულავას სასამართლოს, გასაგებია, რომ მისი დაპატიმრება დიდი ხანია უნდოდათ და დააპატიმრეს კიდეც, მაგრამ რით ხსნით იმ ფაქტს, რაც მოხდა სასამართლოს შემდეგ, როდესაც დააპატიმრეს კოტე გაბაშვილი, ლევან ბეჟაშვილი, აქტივისტები?

– ივანიშვილმა და ღარიბაშვილმა დაინახეს, რომ დაჭერების, ზეწოლის მიუხედავად, არათუ ვერ გაგვაქრეს რადარებიდან, პირიქით – მატულობს ჩვენი მხარდაჭერა. თუ საპრეზიდენტო არჩევნებზე თბილისში, საშუალოდ, 19% გვქონდა, ახლა გვაქვს 26% და ეს ზრდა შემაშფოთებელი აღმოჩნდა მათთვის. მათ დაინახეს, რომ თუ ასე გაგრძელდა, პრაქტიკულად, აღარ ექნებათ წარმატება მომავალში და ამიტომაც ცდილობენ, კიდევ უფრო ძალადობრივ სიტუაციაში გადაიყვანონ მდგომარეობა.

– ანუ ის ყველაფერი, რაც სასამართლოს ეზოში მოხდა, ძალის დემონსტრირება იყო?

– დიახ, ძალის ჩვენება. პოლიციის ოპერმუშაკებს პირდაპირი დავალება ჰქონდათ, რომ გამოეწვიათ ქაოსი, არეულობა და მერე ამ მოტივით დაეპატიმრებინათ აქტივისტები, პარტიის წარმომადგენლები. ჩემი თვალით ვხედავდი, როგორ ქმნიდნენ ამ ქაოსს. სასამართლოს გადაწყვეტილება იყო უსამართლო, უკანონო, პირდაპირ ვიტყვი, მოსამართლე გოგინაშვილმა იმ დღეს არა გიგი უგულავას, არამედ საკუთარ განაჩენს მოაწერა ხელი, მიუხედავად ამისა, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას შევხვდით მშვიდობიანად. გიგა ბოკერიამ მიმართა იქ შეკრებილ საზოგადოებას, რომ ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას. ხალხმა ნელ-ნელა დაიწყო დაშლა, ქაოსი და არეულობა გამოიწვია თავად პოლიციის ქმედებამ, როდესაც მათ მოინდომეს თავისუფალი ზონის ერთ-ერთი ოპერატორისთვის კამერის წართმევა. უკვე კოტე გაბაშვილი ცდილობდა ამ ახალგაზრდების გამოხსნას ძალადობრივი კლანჭებიდან, ამაზე დააპატიმრეს, რაც შეეხება ლევან ბეჟაშვილს, აქ მოხდა უპრეცედენტო რამ საქართველოში: კონსტიტუცია დაირღვა, დააკავეს პარლამენტარი!

– თინა ხიდაშელმა განაცხადა, ლევან ბეჟაშვილი ჯორჯ ქლუნი არაა, რომ ყველა პოლიციელმა სახეზე იცნოსო.

– რა არსებითი მნიშვნელობა აქვს, რას ლაპარაკობს ხიდაშელი? კადრებში ისმის: „პარლამენტარია, რას აკეთებთ?!“ თვითონ ბეჟაშვილმაც განუცხადა პოლიციელებს, რომ პარლამენტარია. სასამართლომ ყველა დანარჩენი დაკავებულის მიმართ გამოიტანა გადაწყვეტილება, ლევან ბეჟაშვილზე მოსამართლემ გადაწყვეტილება ვერ გამოიტანა და გადადო. შევდივარ იმ მოსამართლის მდგომარეობაში, რა უნდა დაწეროს? დეპუტატი დააპატიმრეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, ჯერ ერთი, არც ჩაუდენია და რომც ჩაედინა, დეპუტატის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო დაპატიმრება არ შეიძლება, კონსტიტუციის დარღვევაა. ეს რომ გონიერი ხელისუფლება იყოს, აღიარებდნენ, რომ პოლიციელის მხრიდან ჩადენილია უფლებამოსილების გადამეტება, დასჯიდნენ იმ პოლიციელს, თუნდაც საყვედურით და საერთოდ არ წაიღებდნენ საქმეს სასამართლოში. ახლა გამოვიდა, რომ სასამართლოს ხელში შეაჩეჩეს ცხელი კარტოფილი და სასამართლო ვერ იკავებს ხელში ამ ცხელ კარტოფილს, ფიქრობს, რა ვქნა, რა დავწეროო? რა გადაწყვეტილებაც არ უნდა იყოს, ამას მოჰყვება ყველა შემდგომი ინსტანცია და ბეჟაშვილის საქმე აუცილებლად წავა სტრასბურგში, იმიტომ რომ ეს არის ნაწილი იმ დიდი პოლიტიკური დევნისა, რაც ჩვენ მიმართ ხორციელდება.

– იყო საუბარი, რომ შემოდგომიდან დაიწყება საპროტესტო აქციები. ამ მიმართულებით რას აპირებს ნაციონალური მოძრაობა?

– ისეთი დესტრუქციული და რადიკალური ოპოზიცია, როგორიც ჩვენ გვყავდა, ნამდვილად არ ჰყავს დღევანდელ ხელისუფლებას, ჩვენ გვყავდა ოპოზიცია, რომელიც, პრაქტიკულად, ყოველ 6 თვეში ერთხელ ჩვენ ჩამოგდებას და დამხობას აანონსებდა და ყველაფერს აკეთებდა ამისთვის. მათგან განსხვავებით, ჩვენ არანაირად არ ვფიქრობთ მიზანმიმართულად საპროტესტო აქციებზე და დესტრუქციაზე. ჩვენ თუ საპროტესტო აქცია გაგვიმართავს, ყოველთვის იყო დაკავშირებული კონკრეტულ საკითხთან და ცხადად ვეუბნებოდით ხელისუფლებას, რა არ მოგვწონს. ამიტომ წინასწარ რამე ტიპის აქციებზე არ ვფიქრობთ, ჩვენ ნამდვილად გაგვიხარდებოდა, რომ ამ ხელისუფლებას წინ წაეწია საქმე, მაგრამ რასაც ვუყურებთ, ვხედავთ, ერთი მხრივ, იმას, რომ მათ საქმის კეთება არ შეუძლიათ და, მეორე მხრივ, ვხედავთ საშიშ ტენდენციას, რომ მათ კანონის ყველა ზღვარი გადალახეს და, პრაქტიკულად, კონფრონტაციაში შედიან საზოგადოების ძირითად სურვილთან და მოთხოვნასთან, რომ ქვეყანაში იყოს კანონის უზენაესობა და ჩვენ ვიაროთ ევროპისკენ. ჯერ არ ვიცით, რით უპასუხებს ამას საზოგადოება. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს. ახლა კონკრეტულად კონცეტრირებული ვართ მეორე ტურზე, იმაზე, რომ გავიმარჯვოთ იმ ადგილებში, სადაც მეორე ტურში ვართ და ვაჩვენოთ კარგი შედეგი. ამის შემდეგაც ჩვენ ვაპირებთ ვიბრძოლოთ პარლამენტში, ველაპარაკოთ საზოგადოებას მედიის საშუალებით. რა თქმა უნდა, თუ ამის საჭიროება დადგება, არც საპროტესტო აქციებზე დავიხევთ უკან. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ჩვენ არ ვართ ჯიბრიანი, ვიღაცის დესტრუქციაზე მომართული ოპოზიცია.

 

სევდია უგრეხელიძე: „ძალიან ბევრმა ცუდად ისარგებლა იმით, რომ გიგი უგულავას არ უყვარდა ჭორაობა და მასთან ვერავინ მიიტანდა ენებს…“

sevdia-ugrexelidze (1)

სევდია უგრეხელიძე საარჩევნო გარემოზე, შუა გზაში შეწყვეტილ გზების დაგებაზე, ნაციონალების რიგ შეცდომებზე, იავანიშვილზე, სამართლის სამ მუზასა და ირაკლი ღარიბაშვილზე.

რეზო შატაკიშვილი

ეს კვირაც და ცნობილი გახდება დედაქალაქის ახალი მერის ვინაობა, მანამდე კი „ქრონიკა+“ თბილისის ვიცე-მერს სევდია უგრხელიძეს ესაუბრება წინასაარცევნო გარემოსა და ქვეყანაში შექმნილ სიტუაციაზე. 

(ინტერვიუ ჩაწერილი და გამოქვეყნებულია (გაზეთში “ქრონიკა+”) არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე). 

sevdia-ugrexelidze

სევდია უგრეხელიძე: საარჩევნო გარემოს მონიტორინგი არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე იწყება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საარჩევნო გარემო მაშინ იქმნება. ამ არჩევნებზე გარემოს ჩამოყალიბება დაიწყო 2012 წლის ოქტემბრის შემდეგ, როდესაც დაიწყეს თვითმართველობებში შევარდნა, სკამების გადმოყრა, ზეწოლა. ეს ხალხი ნამდვილად იყო ხელისუფლებისგან პროვოცირებული, რადგან პარლამენტის წევრები და თვით მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი ღიად აცხადებდნენ, რომ აბა, რა გინდათ, 9 წელი ხალხი გამწარებული იყო, ახლა, შეიცვალა ცენტრალური ხელისუფლება და ადგილებზეც უნდა შეიცვალნონ, აბა რა, ძალთა თანაფარდობა უნდა შეესაბამებოდეს იმას, რაც არის ცენტრალურ ხელისუფლებაში. ეს იყო არა მხოლოდ უვიცობა და სრული უწიგნურობა, არამედ გამიზნული ქმედებაც, რადგან ხელისუფლებაში არიან ადამიანები, ვინც ძალიან კარგად იციან ხელისუფლების დანაწილების პრინციპიც და ისიც, რომ ცენტრალური ხელისუფლების არჩევნები არაფერს ცვლის ადგილობრივ დონეზე. ამ მხრივ მინდა გამოვყო სამი გრაცია და სამართლის სამი მუზა.

– კერძოდ?

– ეკა ბესელია, თინა ხიდაშელი და მანანა კობახიძე, რომელთაც ასევე დავამატებდი, თეა წულუკიანს, თუმცა მას მეტად ესმის სტანდარტები, მაგრამ არც ის ჩამორჩებოდა დანარჩენებს აგრესიულ გამოსვლებში. შეიძლება, რომ იუსტიციის მინისტრს ჰქონდეს მკაცრი გამოსვლები, თუ ეს ჯდება კანონის ფარგლებში, მაგრამ ეს ასე ნამდვილად არ იყო, ხშირად მისი მკაცრი გამოანთქვამები სრულიად ეწინააღდეგება სტანდარტებს და მის პირად აგრესიას გამოხატავს, მაგრამ ეს რაღა გასაკვირია, როცა ქვეყანაში პროკურორად იქცა  ეკა ბესელია – ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე. მე დარწმუნებული ვარ, რომ თინა ხიდაშელმა ძალიან კარეგად იცის ბევრი რამ, როგორ არის და როგორ უნდა იყოს, მაგრამ აგრესიულ განცხადებებს აკეთებდა და აკეთებს ამ ცოდნის საპირისპიროდ. ესე იგი იგი რწმენით არაა კანონის მხარეს, უკანონობის მხარესაა და ამიტომ შეუძლია აკეთოს ისეთი აგრესიული განცხადებები, რომელიც პირდაპირ შედის კონფლიქტში კანონთან. ესაა, თორემ მე ნამდვილად ვიცი, რომ შტერი არაა. მე ვსაუბრობ ისეთ ადამიანებზე, რომელსაც მოეთხოვებათ რაღაც, თორემ მე არაფერს ვამბობ ისეთებზე, როგორიცაა მაგალითად ვოლსკი, რომელსაც არც მოეთხოვება და არც უნდა მოსთხოვო, უბრალოდ უნდა გაიღიმო.

– რატომ არ უნდა მოსთხოვო, კანონმდებელია.

– კი არის კანონმდებელი, მაგრამ მისი ბიოგრაფიიდან გამომდინარე, მას არაფერი მოეთხოვება, ადამიანი ამბობს, მერე რა რომ ცეკაში ვმუშაობდი ან “ოდეერი” ვიყავი, მე კაცი არ მომიკლავსო. მიდი და ელაპარაკე! ეს ხელისუფლება ხალხს ახალი პოლიტიკური კულტურისკენ, უფრო მაღალი სტანდარტისკენ კი არა, სიბნელისკენ, უფსკრულისკენ უბიძგებდა, როცა ეუბნებოდა რომ დიახაც, არ უნდა მოითმინოთ, შეიცვალა ცენტრალური ხელისუფლება და თქვენ ისევ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები გყავთ გამგებლებად. ამის შედეგი იყო ის რომ 73-დან 50 მუნიციპალიტეტში შეიცვალა ძალთა ბალანსი, უმრავლეოსბა გახდა ქართული ოცნების, შეიცვალა გამგებლები, აღმასრულებელი რგოლები. პრაქტიკულად, მათ უკვე ჩაატარეს „არჩევნები“ არჩევნების გარეშე და ამ შეცვლილი ბალანსით მოვედით არჩევნებზე. ღარიბაშვილი კი დადის და იტყუება, დანაპირებს იმიტომ ვერ ვასრულებდით რომ ნაციონალები იყვნენ ისევ ადგილობრივ ხელისუფლებაშიო, მაგრამ ხალხმა ხომ იცის რომ ეს ასე არაა, რომ გადავიდნენ ის ნაციონალები მათ მხარეზე? მე არ ვამტყუნებ კახი კალაძეს როცა ამბობს რომ არ უნდათ ყოფილი ნაციონალები ხელისუფლებაში. „ღამურა“ ყველამ ვიცით… ეს პირები, „ნაცქოცები“, რომლებიც გადახტდნენ და გაქოცდნენ, სძულთ ქოცებს, არათუ სძულთ, აყვედრიან კიდეც და ამბობენ რომ ისინი საერთოდ მადლობელი უნდა იყვნენ რომ არ დაიჭირეს. ბევრი ანგარებით გადახტა, ბევრი პროკურატურის მეშვეობით გადაიბირეს, მაგრამ მათ ასე კი არ უნდა მოპყრობოდნენ,  უნდა დაესაჯათ, უნდა აღძრულიყო საქმე, გაფორმებულიყო საპროცესო შეთანხმება, გადაეხადათ რაც გადასახდელია და შემდეგ მიეთითებინათ, სად და როგორ დაავალა გიგი უგულავამ კანონის დარღვევა, ახლა რომ დგანან და ჩვენებებს იძლევიან და შესაძლოა, ისინი მართლა არღვევდნენ კიდეც კანონს.

-“კოლექტიური შიხიაშვილის“ თემას მივადექით, ფიქრობთ თუ არა, რომ ასეთი ხალხის ყოლა, იყო ნაციონალური მოძრაობის დიდი შეცდომა და, იქნებ, დანაშაულიც კი? არავინ არ იცის ვინ როდის გიღალატებს, მაგრამ დღეს რომ საუბრობენ მის ინტელქტუალურ დიაპაზონზე, ვოლსკის ბიოგრაფია ახსენეთ და „შიხას“ რა ბიოგრაფია ჰქონდა, რომ გვერდით ამოიყენეს?

– მართალი ბრძანდებით, ეს იყო ხალხი, რომელსაც თავდიანვე ეტყობოდათ რომ არ იყვნენ დადებითი პიროვნებები, პატიოსანი პროფესიონალები და უბრალოდ იყვნენ დავალების მონურად შემსრულებლები, რომლებიც სხვათაშორის  არც არავის უთანხმებდნენ, ამ დავალებებს რა მეთოდით ასრულებდნენ. გიგი აძლევდა ლეგიტიმურ დავალებას და ისინი ახორცილებდნენ ამ დავალებას დანაშაულებრივი გზით. შეცდომა ის იყო, რომ არ ინტერესდებოდნენ როგორ ხორციელდებოდა ეს დავალება, ეს იყო შეცდომა და ასეთი მონური ფსიქოლოგიის ხალხი არ უნდა უნდოდეთ ლიდერებს. აი, ამას ვუთვლი ჩემ პარტიას დიდ ცოდვად. ასევე იყო მეორე ნაწილი, აბსოლუტურად არაკომპეტენტური და უვარგისი ადამიანები, რომლებიც არც ავლენდნენ თავს, ზუსტად ასეთი იყო შიხიაშვილი, რომელსაც არანაირი პოზიცია არ ეჭირა, გარდა იმისა რომ საკრებულოს წევრი იყო, მეტი უნდოდა, ეს მეტი რომ ვერ მიიღო, სწორედ ამიტომ იყო გაბრაზებული. ვერ გეტყვით, რომ რამე ვიცოდი მასზე, როგორი იყო, გარდა იმისა რომ თითონ მითხრა მხედრიონელი ვიყავიო. ასე რომ, მე რომ გითხრა, ვიცნობდი, ან ვინმე იცნობდა-მეთქი… უბრალოდ, იმ არტისტიზმით, რომლითაც მერე და მერე შეიჭრა როლებში, შეეძლო დადებითი, ზრდილობიანი ფონის შექმნა…

– კი მაგრამ პარტია არ უნდა იყურებოდეს ამ არტისტული ფასადის იქით? ან ინტელექტი არ არსებობს, ან “სივი”, ან ბიოგრაფია, ოპზიციური პარტია შეიძლება შეცდეს, მაგრამ სახელისუფლებო პარტიას ხელი მიუწვდება გადაამოწმოს ყველაფერი.

– შეცდომის უფლება ყველას აქვს, ადამიანი შეიძლება შეცდე, მაგრამ აპრიორი არ უნდა გინდოდეს დაბალი ინტელქეტის, მონური ფსიქოლოგიის ადამიანები. მე ვფიქრობ, რომ ამის განსაზღვრა და ამის მოშორება შეიძლებოდა  ჩვენი პარტიის ლიდერების მხრიდან. მაგრამ შეცდომა მაინც შეიძლება მომხდარიყო, ღალატით, შეიძლება პროფესიონალმაც გიღალატოს. კიდევ ერთი მომენტია, მე ყოველთვის მომწონდა  ის, რომ გიგი უგულავასთან მაინცდამაინც არ გადიოდა მლიქვნელობა, არ იყო ენის მიტან-მოტანა, მაგრამ ახლა იცით რას ვფიქრობ? ძალიან ბევრმა ცუდად ისარგებლა იმით, რომ გიგის არ უყვარდა ჭორაობა და ენებს მასთან ვერავინ მიიტანდა. მეც არ მიყვარს, ვიღაცა რაღაცას რომ მიყვება, მაგრამ მეორეს მხრივ თუ სრულ ინფორმაციას არ ფლობ, ვერც გაცხრილავ ამ ინფორმაციას და ვაკუუმში აღმოჩნდები. არც გიგი, არც მამუკა ახვლედიანი, არ იყვნენ დაკავებული ამ ჭორაობით, არ ჰქონდათ გარკვეული ინფორმაცია და მართლაც გამოეპარათ რაღაც. როცა იცოდნენ, რომ არ უყვარდათ ეს, აღარც მიდიოდნენ და აღარც ეუბნებოდნენ, მეც მათ შორის. ჩემ თვსაც ვიდანაშაულებ, როცა რაღაც არ მომწონდა და რაღაც ვიცოდი, ხომ შეიძლებოდა მეთქვა? მაგრამ ვფქიორობდი რომ მიხვდებიან, თავად გადახედავენ, გაიგებენ…

– ქალბატონო სევდია, დავუბრუნდეთ საარჩევნო გარემოს თემას, როგორ მიგაჩნიათ, შედარებით სხვა არჩევნებისგან, საარჩევნო გარემო მართლაც მშვიდია, როგორც ამას ხელისუფლება აცხადებს ?

– ვისთვის მშვიდია და ვისთვის…  გუნავას რომ მიუგზავნიან ქარდავას ოჯახს, ისე როგორც რაფალიანცის ოჯახი მიუგზავნეს ღვინიაშვილს, მათთვის მშვიდია? კი, შედარებითია ყველაფერი, კვერცხის სროლა სჯობს რა თქმა უნდა ქვის სროლას, იმიტომ რომ თავს არ გაგიტეხავს, მაგრამ უკვე ქვებზეც გადავიდნენ, ქვის სროლა სჯობს თოფის სროლას… თუ ასე, მხოლოდ გარეგნულ სიმშვიდეზე მიდგა საქმე, საქართველოში არც ერთი არჩევნები ისე მშვიდად არ ჩატარებულა, როგორც ჩატარდა 1992 წელს, რომელიც ჩატარდა აფხაზეთის ომის, ზვიადისტების ხოცვა-ჟლეტვის ფონზე. ხალხი სახლში იმალებოდა რომ არჩევნებზე არ წასულიყო, დაწიეს ბარიერი და ჩატარდა მშვიდად, მაგრამ დემოკრატიული არჩევნები იყო? დღეს საარჩევნო გარემო გაფუჭებულია და თანდათან უკვე სამარცხვინო ხდება, მე ვიყავი ფონიჭალაში, სადაც  მოცვივდნენ ოცნების აქტივისტები და დებოში, კვერცხების სროლა ატეხეს. მე მაჟორიტარებთან ერთად დავდივარ შეხვედრებზე და ვხედავ ხალხის პატივისცემასაც და შეცვლილ განწყობებსაც, მოდიან და პირდაპირ გეუბნებიან, რომ უკეთესობა უნდოდათ და ამიტომ შემოხაზეს 41, მაგრამ ახლა მიხვდნენ რომ ამათგან არანაირი ხეირი არ იქნება, არც იმას მალავენ რომ ეშინიათ, სურათებსაც არ გვაღებინებენ, გვეუბნებიან, რომ მეზობლები ჩვენ გვაძლევენ ხმას, მაგრამ ჩვენთან დაფიქსირების ეშინიათ, ამის შემდეგ ხელისუფლებას უფლება აქვს ილაპარაკოს, რომ გარემოა მშვიდი და შიში არაა დანერგილი? გეუბნებიან რომ “სუსი” აშინებს, არა მხოლოდ იმათ ვინც საჯარო სამსახურშია, ყველას.  ვინც კი სადმე მუშაობს, ვისაც კი მარკეტი აქვს, ყველას ეშინია. როდესაც ღარიბაშვილი, ჯაჭვლიანი ან ვოლსკი გამოდის, არა აქვს მნიშვნელობა ჩვენ გვემუქრება თუ იმათ, როდესაც ჩვენ გვემუქრებიან, ეშინიათ ჩვენ მხარდამჭერებსაც. მეტსაც გეტყვით, ძალიან ხშირად მირეკავენ და მეუბნებიან, ჩვენ ქუჩაზე დაიწყო ასფალტის დაგება და შეწყდა. რა ხდება? ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებს აშინებს სუსი და ისინიც ტოვებენ სამუსაოს, ურჩევნიათ რომ ჯარიმა გადაიხადონ. რატომ აშინებენ? რომ არჩევნებამდე არ გაკეთდეს და ნაციონალებს არ ჩაეთვალოთ…  ამ ქართულ ოცნებას ჰგონია რომ მთელი მერია ნაციონალური მოძრაობაა… ამათ ჰგონიათ, ჩვენ რომ გზას დავაგებთ, ჩვენ მოგვცემენ ახლა ხმას, მასე ჩვენ იმდენი გვქონდა გაკეთებული, მაგრამ წავიდნენ და მაგათ მისცეს ხმა… შიში არაა, როცა ტენდერში გამარჯვებული კომპანია ტოვებს სამუშაოს? ხან ტენდერს ვაცხადებთ და არც შემოდიან, იმიტომ კი არა, რომ ვინმე ეუბნებათ, იმიტომ რომ უკვე ყველას ეშინია და არჩევნებს ელოდება. ეშინიათ, რომ მერე არ გააგდონ, არ დააბრალონ რომ ნეპოტიზმით იყვნენ შემოსული. ეს არ არის იმის ნიშანი, რომ შიშია დანერგილი? ღარიბაშვილი გაიძახის აღარავის არ ეშინიაო. რა თქმა უნდა ღარიბაშვილს აღარ ეშინია, მას მანამდე ეშინოდა, სანამ სიმამრი ციხეში ჰყავდა და თვითონ საერთოდ არ ჩანდა, სანამ ივანიშვილმა არ აღაზევა. რახან ახლა აღარ ეშინია, მაგას ჰგონია, რომ აღარავის აღარ ეშინია. ღარიბაშვილი საერთოდ კარიკატურულ ფიგურად იქცა, არცაა ფიგურა და რაც ყველაზე სამწუხაროა, არც უნდა რომ იქცეს ფიგურად, იმიტომ რომ თავს იმასხარავებს, გამოდმებით სისულელეებს ლაპარაკობს და ამ ყველაფერს მართლაც ლანზღადარობის ხასიათი აქვს. ღარიბაშვილს მე არც განვიხილავ ცალკე, ისაა ივანიშვილის მარიონეტი, ფილმი „სათამაშო“ მახსენდება მასზე. ისაა მარიონეტი, ოღონდ მეტი საკუთარი აგრესია გააჩნია.  ქვეყანამ იცის, რომ სიტუაციას მართავენ არალეგიტიმური ადამიანები, კერძოდ პრემიერმინისტრი ისევ ივანიშვილია და ღარიბაშვილი მისი მარიონეტია, რომ ჭიკაიძე ღარიბაშვილის მარიონეტია და სინამდვილეში შსს-ს მართავს ჯანყარაშვილი და ზედელაშვილი, რომ პროკურორი არ არის ბადაშვილი და ისევ ფარცხალაძე მართავს, სოზარ სუბარი მინისტრი არის, მაგრამ სინამდვილეში მის კონტროლიდან გასული არის სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, ამას არ გვედავებოდნენ ჩვენ? აბა როგორ ედავებიან ბაჩო ახალაიას, თანამდებობაზე აღარ იყავი, მაგრამ შენ მართავდი სიტუაციასო? თუ ეს ასე იყო, და ამის გამო მოხვედი შენ რომ ხალხს ეს აღარ უნდოდა, კიდე იმას აკეთებ? დარბაისელს მადლობას როგორ უცხადებ და ხვედელიძეს? ყასიდად მაინც გაბრაზდი. არადა, ნამდვილად არ მეგონა, ახალგაზრდა კაცია, მეგონა სხვანაირად წარმართავდა ყველაფერს, მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა. ჩვენ ნამდვილად არ გვსურს ხელისუფლება ცუდად იქცეოდეს და ამ დივიდენდით გავაგრძელოთ მოღვაწეობა. არა, იყვნენ კარგები, აკეთონ საქმე და ჩვენ ახალ მიზნებს, ახალ ამოცანებს დავსახავთ. ჩვენ გვაქვს ამის გამოცდილებაც, შესაძლებლობაც, რომ ახალი ამოცანები და  ახალი მიზნები დავუსახოთ ჩვენ ქართველ ხალხს, ჩვენ თავს და იმ ახალი შეთავაზებებით მოვიდეთ შემდეგ არჩევნებზე.

– როგორ ფიქრობთ,  ღარიბაშვილი, თავისი გამონათვქმებით, რომელიც ბოლო დროს სააკაშვილის მისამართითაა,  სააკაშვილის საპირწონედ წარმოჩენას ხომ არ ცდილობს?

– ვერ წარმოჩინდება, რაც არ უნდა ყინჩად ეჭიროს თავი, ღარიბაშვილი კი არა, სააკაშვილის საპირწონედ ივანიშვილი ვერ წარმოჩინდება, მიუხედავად იმისა რომ ძალიან მძიმე ფიგურაა თავისი 7 მილიარდით. სამწუხაროდ, ღარიბაშვილი საერთოდ ფიგურა კი არა,  მართლაც კარიკატურადაა ნაქცევი. დღევანდელ ხელისუფლებაში, კარიკატურების მეტი რა არის, მაგრამ ძალიან საწყენია რომ პრემიერ-მინისტრია კარიკატურული. საწყენია, რომ დადის საზღვარგარეთ და მისი ქცევა არ შეესაბამება არანაირ სტანდარტებს. ეკითხებიან ქვეყანაზე და იწყებს წინა ხელისუფლებაზე ლაპარაკს. იმაზე ლაპარაკს, რომ საქართველომ დაიწყო აგვისტოს ომი. რა, მიხეილ სააკაშვილმა განა არ იცოდა, ის რაც მთელმა საქართველომ იცის? რომ შევარდნაძე შეიჭრა აფხაზეთში და გამიზნულად, რუსეთთან შეთანხმებით,  ომით დაკარგა აფხაზეთი? რა, ვერ იტყოდა, რომ ეს შევარდნაძემ გააკეთა? ვერ იტყოდა ამას საერთაშორისო ტრიბუნებიდან? მაგრამ არ გააკეთა იმიტომ, რომ საქართველოსთვის იქნებოდა ცუდი და კარტბლანშს მისცემდა სეპარატისტებს და რუსებს. საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, მნიშვნელობა არა აქვს,  რომელი ხელისუფლება აშავებს, კარგი თუ ცუდი. თუ იტყვი რომ იმან დააშავა, ასე იგი ქვეყანამ დააშავა. სააკაშვილს არც ერთხელ არ გაულანძღია შევარდნაძე ამ მიმართულებით, და რას აკეთებენ ივანიშვილი და ღარიბაშვილი? სადაც მიდიან, ყველგან გაიძახიან, რომ ეს რეფორმები, ყველაფერი ტყუილია, ბუტაფორიაა, რომ მან დაიწყო ომი. ეს ყველაფერი არის მტრის დაკვეთა. და შეგნებულად აკეთებს ამას ვინმე თუ შეუგნებლად, არა აქვს მნიშვნელობა, დავალება აქვს პუტინისგან ივანიშვილს და ივანიშვილისგან ღარიბაშვილს თუ თავიანთი უვიცობისა და გაუნათლებლობის გამო ასხამენ მტრის წისქვილზე წყალს, რა გაანსხვავებაა? ქვეყანას ვნებენ, ამაშია უბედურება. ეს სისულელით თუ მოსდით და არა აგენტურული დავალებით, ეს ბევრად უფრო საშიშია, ვინაიდან დავალებას მალე აეხდება ფარდა და ხალხი გასცემს პასუხს, თუ სისულელეა, სისულელეს არ აქვს საზღვარი და დასაშვები ხდება სულელების ყოფნა ხელისუფლებაში. ან ეხლა რას აკეთებს? ნაკლებ სისულელეს? მისი წყალობით, საარჩევნო კამპანია მიდის მძიმედ და აგრესიულად, ნაციონალების დადანაშაულების, ლანძღვა-გინების ფონზე. რას ნიშნავს როცა პრემიერი ამბობს „არ დავუშვებთ სხვა ძალის გამარჯვებას“? თან, როცა იქვე ამბობს რომ ეს თვითონ იმ რეგიონებისთვის იქნება ცუდი, არ არის ეს პირდაპირი მუქარა? რეპრესიებით, ტრანსფერების არ მიცემით და ა.შ? მათ უკვე დააყენეს ეჭქვეშ ამ არჩევნების ლეგიტიმურობა, დემოკრატიულობა.

– კიტოვანი გამოჩნდა იმ რუსთაველზე, რომელიც დაანგრია, რაც არავის გაუპროტესტებია. ახლა იარაღის დაკანონებას ითხოვს თავისი ბიჭებისთვის, ღარიბაშვილი ამბობს რომ ის უკანონოდ იყო დასჯილი ნაციონალების მიერ…

– კიტოვანი შევარდნაძის დროს გამოვიდა ციხიდან, წავიდა, “გრუს” აგენტია, ეს ყველამ იცის, იმიათ ტერიტორიაზე იყო, უბრალოდ ტახტრევანით არ შემოგვიყვანია უკან, ალბათ ამას გულისხმობს ღარიბაშვილი. ღარიბაშვილი ამბობს, რომ ახლობელია მისი კიტოვანი, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს, გასაგებია უკვე ღარიბაშვილი ვინაა, თუკი კიტოვანი მისი ახლობელია… ვოლსკი ამბობს, რომ თურმე კიტოვანს ბევრი კარგი გაუკეთებია… ესენი და კიტოვანი სულიერი ძმები არიან, ვერ იმალება ის ფაქტი რომ ამათი აზროვნება არის კიტიოვანისებურ-მხედრიონისებური. ვერ გეტყვით საშიშია თუ არა კიტოვანი, ეგ იარაღს რომ ითხოვს, შეიძლება უკვე აქვს კიდეც და შეიძლება კიდეც მისცენ და დაუკანონ, ცხადია იქ სულ სხვა იქნება ხელმძღვანელი და გონებაჩლუნგ კიტოვანს არავინ არაფერს შეეკითხება.  მე მაინც ვფირობ რომ ის ხალხის დაშაშინებლადაა გამოყვანილი ასპარეზზე, იმიტომ რომ კიტოვანის ხსენებაზე ხალხს შიში უჩნდება. არაერთი კრიმინალი იყო გადახვეწილი საქართველოდან, მათზე დევნა არ იყო, მაგრამ ისინი არ ჩამოდიოდნენ, რადგან მათთვის სასუნთქი გარემო არ იყო საქართველოში, ახლა ყველა კრიმინალისთვის და კანონიერი ქურდისთვის საუკეთესო გარემოა და მნიშვნელობა არა აქვს შეცვლი თუ არა კანონს. რაც გინდა დააბზრიალოს თვალები ჩვენმა ირაკლიმ, მარიხუანის ლეგალიზაცია არ მოხდებაო, ეს არის სასაცილო. ჯერ ერთი, მარიხუანის ლეგალიზაცია რომ არ მოხდება, ეს არის ცუდი, მაგრამ ტრაგედია არაა, ტრაგედია ისაა რაც ხდება, მომიატა ნარკოტიკების მოხმარებამ, „კრაკადილი“, ჩაცუცქული ბიჭები, მოიმატა ამ ნიადაგზე სიკვდილიანობამ, ჰყვევის კრიმინალი და გვიმტკიცებენ რომ დაკლებულია, გარდა ამისა, ყველამ იცის ის რომ ყოფილი პოლიტპატიმარი ეს არის უკვე მაგათი ზონდერი, სადაც უნდა გააგზავნიან და ვისაც უნდა აცემინებენ, ან თვითონ გაილახებიან, მაგრამ თავის წილს რაღაცას მიიღებენ. სრული ქაოსია, სადაც არავინაა დაცული და ასეთ პირობებში ჩატარებული არჩევნები, ვერანაირად ვერ იქნება დემოკრატიული. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ხალხში უკვე აკუმულირებული ის შეგნება, როგორ უნდა მოიქცეს ასეთ ვიტარებაში არჩევნებზე. 2 წელი კიდევ ეს ხელისუფლება უნდა იყოს და თუ ეს ხალხი თვლის, რომ მოატყუეს, ეს ამ არჩევნებზევე უნდა უთხრას ამ ხელისუფლებას, თუ კიდევ მათ მისცემენ ხმას, ამი ეტყვიან – „ეგრე გააგრძელე“ და ვწუხვარ, ეს ხალხი კიდევ უფრო შავ დღეში ჩავარდება. თუ ახლავე შეანჯღრევენ ამ არჩევნებზე, ასე მოხდება. პირადად ჩემი სურვილია, გონს მოეგოს ეს ხელისუფლება,  ხადურის კოჭლ და ბრმა ფინანსურ პოლიტიკა კი არ გატარდეს ქვეყანაში, დაეყრდნოს პროფესიონალებს და გააუმჯობესონ მდგომარეობა ამ 2 წლის განმავლობაში, თუ უნდათ რომ ეს ქვეყანა არ გადაიჩეხოს ხრამში, თორემ თვითონაც გადაყვებიან აუცილებლად და სამწუხაროდ ჩვენც გადავყვებით, ამიტომ ამ არჩევნებზე ჩვენ მოუწოდებთ ხალხს რომ აგრძნობინონ ეს, გამოაფხიზლონ ეს მთავრობა.

– ანუ ყვითელი აუნთონ.

– დიახ, ყვითელი აუნთონ. ამ ხელისუფლებამ კი დაიწყოს მუშაობა. მე პირადად როგორც ნაციონალური მოძრაობის პირველი ნომერი, მზად ვარ ვითანამშრომლო მათთან. გავუზიარო, რა გამოცდილებაც მაქვს დაგროვილი, მაგრამ ისინი არიან მზად ამისთვის? მოერევიან თავის აგრესიას? რომელიც მათი შიშითაა გამოწვეული? მათ ეშინიათ ნაციონალური მოძრაობის, ეშინიათ მიხეილ სააკაშვილის, რომელიც სულ სხვაგანაა და სასაცილო რჩევებს აძლევენ უკრაინის პრეზიდენტს რომ არ მოუსმინოს სააკაშვილს. ეს არის ძალიან დამამცირებელი! თავმოყვარე ადამიანი რჩევას არ მისცემს იმას, ვინც რჩევას არ ეკითხება… ვურჩევ, ნაცმოძრაობის შიში დაძლიონ, იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობა იქნება თუ სხვა იქნება, აუცილებლად შეიცვლებიან და ისე მოიქცნენ რომ შეიცვალნონ მშვიდობიანად და არა სასტიკი დამარცხებითა და აგრესიული მეთოდებით, ხალხი რომ ქუჩაში დასდევდეს ქვებით. ის კი არა ახლა რომ მოგზავნილი, ფულგადახდუილი ხალხი დაგვდევს ჩვენ… თუ შიშს ვერ მოერევიან, წინ ვერ წავლენ, თუ წინ ვერ წავლენ, ქართველი ხალხი, უმრავლეოსობა ეტყვის მათ უარს, იმ ნდობაზე, რომელიც მათ ივანიშვილს გამოუცხადეს, ივანიშვილი სად არის? – ფაფუ.

ნიკა მელიას პარადოქსული რჩევა ხელისუფლებას

nika 1

„სულაც არ მივიჩნევ ტრაგედიად იმას რომ  წინა ხელისუფლებამ არჩევნები წააგო. მე თუ მკითხავთ, უნდა წაეგო კიდეც…“

(ინტერვიუ ჩაწერილია არჩევნებამდე ერთი თვით ადრე. დაიბეჭდა გაზეტში “ქრონიკა+”). 

რეზო შატაკიშვილი

ერთ თვეში თბილისს ახალი მერი ეყოლება. როგორ აფსებს საკუთარ შანსებს, ვისი და რისი იმედი აქვს ნაციონალური მოძრაობის კანდიდატ ნიკა მელიას? რას ფიქრობს კონკურენტის დაპირებულ მილიონ ხეზე და ხელისუფლების ლამის ერთი ამდენ უკვე დაშვებულ შეცდომებზე? „ქრონიკა+“ ნიკა მელიას ესაუბრება.

ნიკა მელია: გამარჯვების იმედი თავიდანვე მქონდა და მაქვს. წინააღდეგ შემთხვევაში, სხვანაირად რომ შემეფასებინა ჩემი შანსები, არც მივიღებდი მონაწილეობას. წინასაარჩევნო კამპანიის აქტიურად დაწყების შემდეგ გამარჯვების რწმენა კიდევ უფრო გამიძლიერდა. ამ არჩევნებს არ ჰყავს უალტერნატივო კანდიდატი , თითოეულ ხმას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა და ყველაფერი დამოკიდებული იქნება საარჩევნო კამპანიაზე. ადრე იყო არჩევნები, სადაც მეტ-ნეკლებად ყველაფერი წინასწარ იყო განსაზღვრული, დღეს ძალიან რთულია რაიმეს პროგნოზირება.

– უალტერნატივო კანდიდატი არც „ენდიაის“ კვლევებით იკვეთება, გამოკითხულთა საკმაოდ დიდმა ნაწილმა არ დაასახელა ვის აძლევს ხმას, ამდენად მართლაცაა დამოკიდებული როგორ წარიმართება წინასაარჩევნო პერიოდი, თუმცა, თქვენი კონკურენტი ნარმანია ვარაუდობს რომ ეს ხმები მისია.

არ ვეთანხმები სახელისუფლებო კანდიდატს, იმიტომ რომ იმ ადამიანების უმრავლესობა, რომლებიც ამგვარ გამოკითხვებში თავს იკავებენ დასახელებისგან, მეტწილად ოპოზიციას უჭერენ მხარს. გარდა ამისა, ეს კვლევა დასრულდა აპრილის დასაწყისში, როცა მე ახალი დაწყებული მქონდა კამპანია და გამოკითხულთა 27% ამბობდა რომ არც კი სმენია ვინაა ნიკა მელია. დღეს რომ ტარდებოდეს კვლევა, დარწმუნებული ვარ სულ სხვა შედეგი დაფიქსირდებოდა ამ თვალსაზრისით. იმიტომ რომ რეალურად მაგ კვლევის დასრულების შემდეგ შევიდა კამპანია აქტიურ ფაზაში და მქონდა 140-მდე შეხვედრა. მიმაჩნია რომ ძალზე საჭირო და მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მეტი შეხვედრა, მეტი კომუნიკაცია სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფებთან, რომ მათ მიეცეთ საშუალება ცნობიერად, ცივი გონებით გააკეთონ არჩევანი და ბრმად არ გაჰყვნენ ავტორიტეტებს. სახელისუფლებო კანდიდატი მაქსიმალურად ცდილობს რომ ქართულ ოცნებას შეასრულებინოს პოლიტიკური ორთქმავლის ფუნქცია და ამის ხარჯზე გახდეს დედაქალაქის მერი, მიუხედავად ამისა, მიუხედავცად ადმინისტრაციული რესურსებისა, რაც მათ გააჩნიათ, მძიმე მდგომარეობაში არიან და გადაჭარბების გარეშე თუ შევაფასებ შანსებს, ეს შასები არის 50 50-ზე.

მარტო საარჩევნო კამპანიაზეა დამოკიდებუილი, თუ იმაზეც რა შეცდომებს დაუშვებს ეს ხელისუფლება ამ ერთი თვის მანძილზე? იმიტომ რომ ხელისუფლების ყველა შეცდომა, უნიათობა, კრიმინოგენური ფონის გამწვავება,  მათ საწინააღდეგოდ მოქმედებს და აკარგვინებს ხმებს, გაქვთ თუ არა ამ ხელისუფლების შეცდომების იმედიც?

– მე  პირველ რიგში საკუთარი თავის იმედი მაქვს და ჩემი მეგობრების და პოლიტიკური გაერთიანების. რაც შეეხება შეცდომებს, სამწუხაროდ, ხელისუფლება ძალზე უხვად უშვებს, რაც მაინცდამაინც არ მახარებს, იმტომ რომ ამ ქვეყანაში ვცხოვრობ და გამიხარდებოდა რომ ქვეყანას ჰყოლოდა ძლიერი ხელისუფლება, რომელიც მოიტანდა კეთილდღეობას და ეს კეთილდღეობა გავრცელდებოდა თითოეულ ჩვენთაგანზე. ამის საპირისპირო რომ დავინახე, მაგან გადამაწყვეტინა კენჭი მეყარა დედაქალაქის მერობაზე. თუ ამ ხელისუფლების შეცდომების ტენდენციას დავაკვირდებით, ვნახავთ რომ მზარდია ეს ტენდენცია და შესაბამისად დიდია იმის ალბათობა, რომ კიდევ არაერთ შცდომას დაუშვებენ. აშკარად ჩანს რომ ნერვიულობენ, ატყობენ რომ არაფერი გამოსდით, პრაქტიკულად შიშის სინდრომით არიან შეპყრობილნი, რაც კიდევ უფრო ზრდის შეცდომების დაშვების ალბათობას.

საქმიანობაში დაშვებული შეცდომების გარდა, არის კიდევ იაღლიშები, რომლესაც ასევე უხვად უშვებენ საჯარო გამოსვლების დროს, მაგალითად თინა ბოკუჩავა ლევან თარხნიშვილს „მიათხოვეს“… ახლა, ზუგდიდში გამოაცხადა, რომ 9 წელი ირბეოდა სამეგრელო, არადა, სამეგრელოს კარგად ახსოვს ვინ და როდის არბევდა…

სამწუხაროა, რომ პრემიერმინისტრი ზუგდიდში საუბრობდა არა როგორც ქვეყნის პრემიერმინისტრი, არამედ როგორც კლასიკური ოპოზიციონერი. მათი მთავარი პრობლემა სწორედ ეგაა, მოქმედებენ როგორც ოპოზიციის ოპოზიცია. ვერ გააცნობიერეს რომ ქვეყნის სადავეებთან არიან და განსაზღვრავენ ქვეყნის პოლიტიკას. ვერ გამოვიდნენ იმ კომპლექსიდან რომ ვიღაც კვალიფიკაციით, პროფესიონალიზმით სჯობს. წელიწადისა და 8 თვის განმავლობაში შიშის სინდრომი ჩამოუყალიბდათ. იმის კი არ ეშინიათ, რომ ადრე თუ გვიან დაკარგავენ ძალაუფლებას და ოპოზიციაში მოუწევთ გადასვლა, რაც სავსებით ნორმალურია, არამედ იმის, რომ ჩადენილი აქვთ მთელი რიგი დანაშაულებრივი შეცდომები და  თუ ხელისუფლება შეიცვალა, პასუხისგება მოუწევთ. დიახ, იმ 9 წლის მანძილზეც იყო შეცდომები, დანაშაულებრივი შეცდომებიც, რამაც რამოდენიმე თანამდებობის პირს ჩამოუყალიბა კიდეც ანალოგიური შიშის სინდრომი, მაგრამ თუ მათ 9 წლის თავზე ჩამოუყალიბდათ, დღეს იგივეს ვხედავთ წელიწადისა და 8 თვის თავზე. ნამდვილად არ მახარებს იმის თქმა, რომ ჩვენ ქვეყანას ჰყავს პრემიერ-მინისტრი, რომელსაც მანამდე არც ერთი დღე, არც ერთი საათი, არც ერთი წუთი არ უმუშავია სახელმწიფო სამსახურში და ისე გახდა სახელმიწიფო სამსახურების უფროსი. ცხადია იგი ნერვიულობს, ღელავს და  შეცდომას შეცდომაზე უშვებს. ნაცვლად იმისა რომ სამართლიანობა დამკვიდრდეს, რატომღაც ისინი საუბრობენ სამართლიანობის აღდგენაზე. 

– ეგ მართლაც საკითხავია, თუ „აღდგენაზე“ საუბრობ, ესე იგი იმთავითვე უშვებ რომ ეს სამართლიანობა იყო და დაიკარგა,  და უკაცრავად როდის იყო? შევარდნაძის დროს?

– დიახ, მანდ ცდებიან ფუნდამენტალურად და გადასულნი არიან პოლიტიკურვ შურისძიებაზე. მათი მტავარი პრობლემა ის არის, რომ ხელისუფლება მხოლოდ პროკურატურა, ძალოვანი უწყებები ჰგონიათ და მთელი ეს პერიოდი გართული იყვნენ დაბარებებით, დაკითხვებით და სადავეები ხელიდან გაექცათ. სხვანაირად წარმოუდგენელიცაა, როცა დღე-ღამეში 24 საათია და 18 საათს უთმობ აბსურდულ სისხლის სამართლებრივ დევნებს. შედეგად მივიღეთ ის რომ ეკონომიკა სულს ღაფავს, სოციალური ფონი დამძიმდა. აგერ გუშინ ვიყავი დიდუბეში, თევდორე მღდვლის ქუჩაზე, სადაც მოგეხსენებათ არის უამარავი სავაჭრო ობიექტი, თითოეული ობიექტის მეპატრონე საუბრობდა იმაზე რომ რეალურად თუკი წინა წლებში ვაჭრობა იყო 2 ათასი და 3 ათასი ლარი დღეში, დღეს შემცირდა 300-400 ლასრამდე, მთაწმინდაზე თუ გვყავდა 1800 სოციალურად დაუცველი, რომელიც სარგებლობდა უფასო სასადილოთი, დღეს სარგებლობს 2 400, ანუ ყველა მიმართულებით ასეთი სურათია. იმატა უმუშევრობამ, კრიმინალმა, რანაირი სტატისტიკაც არ უნდა აქვეყნო, კრიმინალის მატება თვალშისაცემია, ქალაქის ცენტრში, დღისით მზისით მიდის სროლები. პროკურატურისა და ძალოვანი უწყებების გარდა,  არადა არის სხვადასხვა მნიშვნელოვანი ადამინისტრაციული ორგანოები, რომელიც კეთილდღეობას ქმნის სახელმწიფოში და მათ უფრო დიდ ყურადღებას უნდა უთმობდეს პრემიერმინისტრი. ხელისუფლებაში ახლადმოსულებმა, იმ ტალღაზე და ტავიანთი პროპაგანდით მიაღწიეს იმას, რომ  ოპონენტებს დააბრალეს ყველაფერი ის რაც იყო და რაც არ იყო, მაგრამ ხელისუფლების ხელისუფლებაში ყოფნის ერთადერთი გარანტია როდემდე შეიძლება იყოს წინა ხელისუფლების შეცდომები, თუნდაც დანაშაულებრივი შეცდომები? მითუმეტეს რომ მხოლოდ შეცდომები ნამდვილად არ ყოფილა. შეცდომები იყო ბევრი წარმატების კვალდაკვალ. დღეს რას ვხედავთ? რაც კარგი იყო შეჩერდა, დაკონსერვდა და რაც მანკიერი იყო, ყველაფერი გაგრძელდა.

– თუმცა ამ მანკიერებებს ისევ თქვენ, ნაციონალებს მოგაწერენ – ნაციონალები გვისმენენო.

– ამგვარი უპასუხისმგებლო განცხადებებით, რომელიმე პარტიას კი არა, ქვეყანას აყენებენ ზიანს. ამ ქვეყანაში რომ ინვესტორი ჩამოვა, დაიწყებს სიტუაციაში გარკვევას და გაიგებს რომ ხელისუფლება სიამაყით აცხადებს რომ იგი იმდენად მოწყვლადია, რომ რომელიღაცა პოლიტიკური გაერთიანება მას უსმენს და ფარულ მიყურადებას ახორციელებს მასზე, რას იფიქრებს? არც ერთი ჭკუათმყოფელი აქ ინვესტირებას არ განახორციელებს.  ის თვლის, თუ ეს ხელისუფლება იმდენად მოწყვლადია რომ მას უსმენენ, ამ ქვეაყანში როგორ შეიძლება რამე? მე მაქსიმალურად ვცდილობ თავი შევიკავო პოლიტიკური განცხადებებისგან, მინდა ტავიდან ბოლომდე დედაქალაქის პრობლემებზე მინდა ვიყო კონცეტრირებული. ამ ქალაქს იმდენი წუხილი და პრობლემა აქვს, არც ერთ მერს რეალურად დრო არ უნდა რჩებოდეს იმისთვის რომ აქტიურად იყოს ჩართული პოლიტიკურ ბატალიებში. მე არ მინდა ვიყო ის მერი, რომელიც გამოვა და რაღაც სრულიად სხვა საკითხებთან მიმართებაში გააკრიტიკებს ეკა ბესელიას, მერე ის მიპასუხებს, მერე მე უნდა ვუპასუხო… იმდენი პრობლემაა თბილისში, რომ აბსოლუტურად არ მაინტერესებს ეს პოლიტიკური კინკლაობა. ჩემი პრიორიტეტია იმ პრობლემებზე ზრუნვა, რაც თბილისს და თბილისელებს აწუხებს. თუმცა შეუძლებელია, როგორც მოქალაქეს და არა როგორც მერობის კანდიდატს, გული არ შეგტკიოდეს, არ გაწუხებდეს ამ ხელისუფლების უნიათობა. მდგომარეობა მართლაც მეტად სავალალოა, მეტიც საგანგაშოა. ტრაგედია ისაა რომ ამ ხელისუფლებამ რომ ქვეყანა ვერ წაწია წინ, თორემ მე სულაც არ მივიჩნევ ტრაგედიად იმას რომ  წინა ხელისუფლებამ არჩევნები წააგო. მე თუ მკითხავთ, უნდა წაეგო კიდეც, მხოლოდ იმიტომ უნდა წაეგო, რომ ძალიან დიდი უმრავლესობა არა ღირებულებების გარშემო იყო გაერთიანებული, არამედ მდგომარეობის გამო და ამ ხალხსიგან დაწმენდა იყო საჭირო. ეს ხალხი წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სახელისუფლებო რგოლებში და ახლაც არიან წარმოდგენილნი, როგორც „ოცნების“ წარმომადგენლები… ამ არჩევნებზე წყდება – თბილისი ან განვითარდება მომდევნო 3 წლის განმავლობაში, ან აღმოჩნდება სტაგნაციაში. ძალიან დიდი იმედი მაქვს თბილისელების, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, გააკეთებენ იმ არჩევანს,  რომელიც ქვეყანას და თბილისს წაადგება. თბილის უნდა იყვეს ყველასთვის მიმზიდველი ქალაქი, რომ აქ ინვესტორები შემოვიდნენ, დააბანდონ თავიანთი კაპიტალი, როდესაც ისინი ხედევან რომ შენ  ქალაქში ვერთადერთი გასართობი გაქვს- ოპოზიციური პოლიტიკური ძალის დევნა, არავინ შემოვა. მოწონთ თუ არ მოწონთ, ფაქტი არის ჯიუტი, მომავალი პოლიტიკური ცხოვრება ვერ შედგება ნაციონალური მოძრაობის გარეშე, ეს მათ გადასარევად იციან და ამიტომ ჯობს ამ დაპირისპირებას წერტილი დაესვას და საქმის კეთებაში გავეჯიობროთ ერთმანეთს.

– როგორ ფიქრობთ, კამპანია კეთილსინდისიერად მიდის თუ?

– მას შემდეგ რაც კანდიდატად დავსახელდი, კამპანია ააგორეს ჩემ წინააღდეგ, რომ თურმე მე ვიყავი გამობრძმედილი ზონდერი და აქციებს ვარბევდი 2006-2007 წლებში. თბილისი რამდენადაც დიდია, იმდენად პატარაა და ბევრს სასაცილოდ არ ეყო ეს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იმ წლებში მე საერთოდ არ ვიყავი საქართველოში, ინგლისში ვსწავლობდი, მაგრამ ბევრს დააჯერეს ეს და დრო დასჭირდა იმას რომ სიმართლე გარკვეულიყო. ახლა, სახელდახელოდ სტატია დაბეჭდეს, თითქოს რომელიღაც პროფესორს გავუსწორდი ფიზიკურად, 1994 წელს, როდესაც საგამოძიებო მოქმედებას ვატარებდი მის ბინაში, როგორც გამომძიებელი. სასაცილო აქ ისაა, რომ 1994 წელს მე 14 წლის ვიყავი და ვერანაირად ვერ ვიქნებოდი გამომძიებელი. ასეთ ხრიკებს მიმართავენ… მე რომ „ქართული ოცნების“ ადგილზე რომ ვიყო, აბსოლუტურად არ ვინერვიულებდი არჩევნების შედეგებზე და დაველოდებოდი რეალურ შედეგს, დავინტერესდებოდი რეალურად როგორი განწყობაა დღეს საქართველოში. მათ გარანტირებული აქვთ ხელისუფლებაში ყოფნა 2016 წლამდე და ისევ მათთვისაა  სასიკეთო რომ დაინახონ ციფრებში გამოხატული რეალური შედეგი, დაინახონ რომ ხალხი ნამდვილად არაა კმაყოფილი მათი საქმიანობით, მათი მომხრეების უდიდესი ნაწილი იმედგაცრუებულია და თუ ძალას მოიკრეფენ, ყურებს გამოიბერტყავენ, შეუძლიათ მომდევნო 2 წლის განმავლობაში გაზარდონ მარგი ქმედების კოეფიციანტი, ამით თვითონაც იხეირებენ და ქვეყანაც იხეირებს. რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ისევ მათ სჭირდებათ რომ მკვეთრად გაუარესებული შედეგი მიიღონ ადგილობრივ არჩევნებზე, იმიტომ რომ პოლიტიკოსები, როგორც წესი, პირველ რიგში ციფრებში გამოხატულ შედეგებს უყურებენ და თუ შედეგები მკვეთრად არ გაუარესდა (რაშიც ეჭვი მეპარება, ადამიანს არ ვიცნობ, ვინც კმაყოფილია იმით რაც ხდება), მიეცემიან კიდევ უფრო მეტ განცხრობას, კმაყოფილებას, კიდევ უფრო მოდუნდებიან, რაც ისევ მათთვის იქნება ცუდი და ქვეყანაც იაზარალებს. 

– გამარჯვების შემთხვევაში, რამდენად შესაძლებლად მიგაჩნიათ ამ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა? ფაქტია რომ მათ გაუჭურდათ კოჰაბიტაცია  სააკაშვილთან, მეტიც საკუთარ პრეზიდენტთანაც ვერ ახერხებენ თანამშრომლობას და თქვენი თანამშრომლობა როგორ წარმოგიდგენიათ?

– მე პირადად მზად ვარ თანამშრომლობისთვის. როგორც გამგებელი ვახერხებდი და ვახერხებ კონსტრუქციულ თანამშრომლობას საკრებულოსთან, მიუხედავად იმისა რომ ბერ დეპუტატს პრინციპულად არ ვეთანხმები, განსხვავებული შეხედულებები გვაქვს და მათი გადაწყვეტილებებიც გაუგებარი იყო ჩემთვის. ყველანაირად ვცდილობდი რომ კონსტრუქციულ ჩარჩოებს არ გაცდენოდა ჩვენი ურთიერთობა, იმიტომ რომ მთაწმინდის რაიონის მაცხოვრებლებს ნაკლებად აინტერესებთ ურთიერთქიშპი და დაპირისპირება, მათ აინტერესებთ საქმის კეთება. ვხდებოდი რომ ოპონენტების ამოცანა სწორედ ეს იყო, ჩემი ამ კალაპოტიდან ამოგდება, მაგრამ ვცდილობდი და ვახერხებდი თანამშრომლობას და  იგივე იქნება თბილისის მასშტაბითაც. მოგვწონს თუ არა, ეს ხელისუფლება იქნა არჩეული 2012 წელს და იქნება  2016 წლამდე, ღმერთმა დაგვიფაროს რომ  მათ ხელისუფლება დაკარგონ არჩევნების გარეშე.  ამიტომ მე თავს ვალდებულად ვთვლი და მზად ვარ ვითანაშრომლო ამ ხელისფლებასთან და დარწმუნებული ვარ რომ ჩემი არჩევის შემთხვევაში, მათი მარგი ქმედების კოეფიციანტიც გაიზრდება, რადგან კონკურენცია იქნება, კონკურენცია საქმის კეთებაში და ამით იხეირებს თბილისი და ქვეყანა.

– ალბათ იმის იმედიც გაქვთ რომ საკრებულოში უფრო სოლიდურად იქნება წარმოდგენილი ნაციონალური მოძრაობა.

– ცხადია რაც უფრო მეტი თანამოაზრე იქნება წარმოდგენილი საკრებულოში, უფრო სწრაფად და ეფექტურად განვახორციელებთ ნებისმიერ პროქეტს, მაგრამ მე ვფიქრობ რომ საკრებულო იქნება მრავალპარტიული და მე ნებისმმიერ პოლიტიკურ ძალასთან ვაპირებ თანამშრომლობას.

 – ნარმანია მილიონი ხის დარგვას დაგვპირდა,  თქვენ რას აპირებთ ამ მიმართულებით?

– ნებისმიერ სარეკრეაციო ზონაში ნებისმიერი მშენებლობა დაუშვებელია და პირველი რასაც აუცილებლად გავაკეთებ, იქნება ის რომ გამოცხადდება მორატორიუმი. უნდა განვითარდეს არსებული სარეკრეაციო სივრცეები და მეტიც ახალია შესაქმნელი, მაგრამ ეს ყველაფერი არ უნდა დამესგავსოს უტოპიურ დაპირებებს, როგორიცაა მილიონი ხე, რომლის დარგვა წარმოუდგენელია 3 წლის განმავლობაში და არა 4 წლის განმავლობაში, როგორც ამას ხშირად ამბობს. მე მისგან გამკვირვებია, რომ კითხო იგი მუშაობდა თვითმართველობის ახალ კოდექსზე და ჩვენ ვიცით რომ ამ ახალი კოდექსით მერი ირჩევა 3 წლით და არა 4 წლით. გაუგებარია რატომ ამბობს რომ 4 წლის განმავლობაში დარგავს მილიონ ხეს? ეგ ციფრი 4 წლისთვისაც არანორმალურია და მითუმეტეს მერს 3 წელი აქვს. მისი ეს დაპირება ძალიან ჰგავს ივანიშვილის იმ დაპირებას, რომელზეც სულ მეცინება.

– რომელი ერთს გულისხმობთ?

– ურეკში რომ იყო ჩასული და გამოაცხადა,  რომ გამარჯვების შემთხვევაში თითოეულ ოჯახს ურეკში ექნება თავისი სოლარიუმიო, რაც ღიმილის მომგვრელი იყო მაშინვე.

– რა სტადიაშია თქვენ წინააღდეგ აღძრული საქმეები?

– სასამართლოშია, მაგრამ „ლატრუფეს“ საქმეზე წელს მაგალითად საერთოდ არ ჩატარებულა პროცესი,  მეორე საქმეზე 2 სხდომა ჩატარდა და იმ ტემპით მიდის წელიწადნახევარი დასჭირდება მაგ პროცესის დასრულებას.

– არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, გამორიცხავთ მაგ მიძინებული საქმეების „გამოღვიძებას“? არჩეული მერის თანამდებობიდან ჩამოშორების პრეცედენტი უკვე გვაქვს, გამორიცხავთ რომ თქვენ შემთხვევაში იგივეს არ გაიმეორებენ?

– არ მინდა დავუშვა რომ იგივე შეცდომას გაიმეორებენ,  ამით მე კი არა, პირველ რიგში თავიანთ თავს და ქვეყანას აზარალებენ…

კოჰაბიტაცია, როგორც ბედის ირონია

რას ურჩევს „ოცნებას“ ნიკა რურუა

nika_rurua_9503_

დაიბეჭდა გაზეთ “ქრონიკა+” -ში. 

რეზო შატაკიშვილი

რას ფიქრობს ანტიდისკრიმინაციულ კანონზე,  ეკლესიისა და დღევანდელი უმრავლესობის დაპირისპირებაზე, რატომ არ უნდა იყოს თბილისის მერი ვინმეს ფინია და რისგან იკავებს თავს ნიკა რურუა?

„ქრონიკა+“ ნიკა რურუას ესაუბრება.

 – ანტიდისკრიმინაციულ კანონის მიღებას წინ უძღვოდა, კონსტიტუციაში დისკრიმინაციული ჩანაწერის გაკეთების მცდელობა, რომლის მიხედვით ოჯახი მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ერთობაა, დისკრიმინაციული არა უმცირესობების თვალსაზრისით,  არამედ იმით რომ სადაც დედა ან მამა არაა, ოჯახი არ გამოდიოდა. გამოდიოდა რომ ილია ჭავჭავაძე ოჯახში არ გაზრდილა…

–  ვერ ვიტყვი რომ ეგ დისკრიმინაციულია, უფრო რაღაც ღია კარის მტვრევას ჰგავდა,  ტრადიციული საზოგადოება ვართ და ოჯახს ვეძახით ქალისა და მამაკაცის ერთობას.  ცხადია, თუ ერთ-ერთი მოკვდა, ამ ოჯახმა ოჯახის სტატუსი არ უნდა დაკარგოს. ის რომ ოჯახი ერქვას ერთსქესიანთა ერთობას, ეს საკამათო საგანია და ამაზე ჩამოყალიბებული არ არიან ბევრად უფრო დემოკრატიული  ევროპული ქვეყნები, ასვე აშშ. ერთსქესიანთა ერთობა, ჩემი აზრით, არაა ოჯახი, მაგრამ  მიუხედავად ამისა, ადამიანებს აქვთ უფლება, რომ თავისი პირადი ცხოვრება ისე მოაწყონ, როგორც თვითონ უნდათ.  რაც შეეხება ანტიდისკრიმინაციულ კანონს, ეს კანონი არის კონსტიტუციაში უკვე ჩადებული პრინციპის გამეორება და არ მესმის რაში დასჭირდათ ამ კანონის ამ წუთას წინ წამოწევა, ქვეყანაში დაგროვრილი სოციალური და ეკონომიკური პრობლემების  გადასაფარად? არ ვიცი.  ამ ხმაურში ხელისუფლება გამოჩნდა პროევროპულ, პროდასავლურ და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებულ ძალად.  მოტივაცია ჩემთვის უცნობია, მაგრამ რადგან დღის წესრიგში დადგა ამ კანონის მიღება, უნდა მიღებულიყო კიდეც. დაუშვებელია ადამიანის დისკრიმინაცია რელიგიური, ეთნიკური კუთვნილების, კანის ფერის, მათ შორის სქესობრივი ორიენტაციის გამო. ადამიანი თვითონ ირჩევს თავის პირად ცხოვრებას, ხანდახან არც ირჩევს, ასეთად იბადება, ამიტომ არაფრით არ შეიძლება რომ მისი დაჩაგვრა აკრძალული არ იყოს. უმცირესობებს დაცვა იმიტომ სჭირდებათ, რომ უმცირესობა სუსტია თავისი მოცემულობით, რადგან ის არის უმცირესობა და უმრავლესობისგან განსხვავებული. ამიტომაც როდესაც ეკითხები, ჩვენ ევროპელ პარტნიორებს, უნდა გქონდეს თუ არა უმცირესობების  სპეციალური დაცვის მექანიზმები, ცხადია გპასუხობენ, რომ დიახ. უმცირესობა იმისია, რომ დაცვა სჭირდება, სხვანაირად მათზე შეიძლება ნადირობა ატყდეს, გამოცხადდეს ღია სეზონი და ვისაც მოესურვება, შეეძლება ამ ხალხს წამოარტყას, დაჩაგროს, გალანძღოს, შეავიწროოს და მოკლას კიდეც. ასეთი შემთხვევევბი ბევრია და დემოკრატიულ საზოგადოებებში  ამიტომაც იცავს მათ კანონი განსაკუთრებულად. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მათ რაიმე პრივილეგია ექნებათ. უმცირესობას რომ პრივილეგია მიანიჭო,  უმრავლესობის დისკრიმინაცია გამოვა, აქ საუბარია იმზე, რომ არ უნდა დაჩაგროს ადამიანი, იმიტომ რომ უმცირესობაშია.

– ამ კანონის მიღება, ხელისუფლებას კი წარმოაჩენს პროდასავლურ ძალად, მაგრამ რეალურად ეს ხომ არ გამოიწვევს საზოგადოებაში პროდასავლური ღირებულებების დისკრედიტაციას?

– თუ ხელისუფლება საზოგადოებას კარგად არ აუხსნის, შესაძლოა გამოიწვიოს,  იმიტომ რომ რუსეთი, ჩვენი მტერი ამ წუთას, ძალიან სარფიანად იყენებს ამ პროპაგანდას და ყველანაირ საკამათო თემას დასავლურად ასაღებს. სინამდვილში, დასავლეთი ბევრად უფრო პურიტანული, კონსერვატიულია, ლიბერალურ საფრანგეთში იგივე ერთსქესიანთა ქორწინების წინააღდეგ მილიონიანი დემონსტრაცია მოეწყო. ვერ ვიტყვით რომ ერთსქესიანთა ქორწინება დასავლური ღირებულებაა, დასავლური ღირებულება ადვილად დასაჩაგრის დაცვაა, ესაა ღირებულება, თორემ ყველანაირი ხალხი არსებობდა ჩვენ ქვეყანაში და იარსებებს და უკუნითი უკუნისამდე.

– მაგრამ აქ ისე ფორმდება, რომ ამას ითხოვს დასავლეთი, მიბმულია ასოცირების ხელშეკრულებაზე და ცუდად ინფორმირებულ საზოგადოებას აღარც ევროპა უნდა და აღარც მასთან ასოცირება.

– ეგ ტყუილია! არანაირი მსგავსი მოთხოვნა არ არსებობს ასოცირებისთვის, არც ნატოს, არც ევროკავშირის წევრობისთვის! ვიმეორებ, ეს არის სისულელე და ტყუილი, ვინც ამას აკეთებს, ის ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის იზოლაციას და რუსეთის კლანჭებში ჩავარდნას. ასეთი მოთხოვნა არ არსებობს, მაგრამ თუ შეეკითხები, რას გეტყვიან? გეტყვიან რომ უმცირესობა დასაცავია. 17 მაისს ჩვენ ვნახეთ, საზოგადოების ერთი ნაწილის  ძალიან არასასიამოვნო , საკმაოდ ველური ქმედება. ადამიანების აბსოლუტურად უვნებელ, პატარა ჯგუფს ექცეოდნენ აგრესიულად და პოლიციას რომ არ გაეყვანა ეს ხალხი, შეიძლება  უბრალოდ ჩაექოლათ, რაც ჩვენი განუვითარებლობის შედეგია და გვაყენებს ისეთი ქვეყნების დონეზე, როგორიცაა ავღანეთი, ერაყი. არ უნდა გვეშინოდეს, ჩვენ რწმენას, ტრადიციას ვერავინ  ვერ წაგვართმევს, თუ ეს რწმენა მტკიცედ გვექნება. ეს არის აბსოლუტურად ირაციონალური შიში, ვერანაირი პროპაგანდა ვერ დაგვაკარგვინებს ჩვენ ვინაობას, ჩვენ სახეს.

– რაში დასჭირდათ ღია კარის მტვრევა, კონსტიტუციის  კანონად გამეორება, ხომ არ შედის ეს რუსეთის ინტერესებში? თორემ, ეს რომ ევროპის მოთხოვნა ყოფილიყო, რაღაც მეეჭვება ნაციონალებს ვერ მიეღოთ 9 წლის მანძილზე.

– არ ვიცი ამ წუთას ვისი დავალებით მოქმედებდნენ, ან საერთოდ დავალებით მოქმედებდნენ თუ უბრალოდ ეს იყო ყურადღების გადასატანი ფანდი, მაგრამ ამ კანონს და მის წინააღდეგ შექმნილ ასეთ ნეგატიურ ფონს ნამდვილად გამოიყენებენ რუსეთის სპეცსამსახურები ანტიდასავლური პროპაგანდისთვის. რუსეთი ამას მხოლოდ ჩვენთან კი არა, ბევრგან აკეთებს. დასავლეთს ხატავენ როგორც ტრადიციული ცხოვრების უარმყოფს. არადა პირიქითაა, დასავლეთი ძალიან კონსერვატიულია, მაგრამ ამავე დროს იქ დაცულია უმცირესობების უფლებები, ესაა თავისუფალი სამყარო, სადაც არავინ არ იჩაგრება, ასევე დასავლეთი არის კარგი ჯანდაცვა, აწყობილი ეკონომიკა, კარგი განათლება, მაღალი ტექნოლოგიები,  დისციპლინა, წესრიგი, დაცული სიბერე და არა გარყვნილება. ხელისუფლებამ ეს კარგად უნდა ახსნას და ფრთხილად უნდა იყვნენ ასეთი ინიციატივებით არ გაუკეთონ ჩვენ პროდასავლურ კუსრსს საბოტირება, ვიმეორებ ჩვენი მტერი, დიდ ენერგიას, დიდ ფულს ხარჯავს იმაზე, რომ ყველაფერი დასავლურის გაშავება, დემონიზაცია და დისკრედიტაცია მოხდინოს ჩვენ საზოგადოებაში. სამწუხაროდ, ჩვენ ხალხს, რაღაც ნაწილს, ჯერ კიდევ სჯერა ამ ლეგენდებისა და მითების და მათთან კარგი ახსნა-განმარტებითი, შემეცნებითი სამუშაოა ჩასატარებელი.

– ამ კანონის მიღებისას, ეკლესია კიდევ ერთხელ, ღიად ჩაერია საკანონმდებლო საქმიანობაში, საპარლემენტო კომიტეტის სხდომა დაემსგავსა სინოდის სხდომას. იყო მუქარაც რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში ლოცვებში აღარ მოიხსენიებდნენ. სადამდე მოგვიყვანს ეკლესიის და დღევანდელის ხელისუფლების დაპირისპირება?

– მე ზოგადად ეკლესიასთან ყველანაირი დაპირისპირების წინააღმდეგი ვარ. ეკლესია, ჩვენი ისტორიის განმავლობაში იყო ქართველი ერის შემკვრელი ძალა.  ჩვენი დასავლური არჩევანის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო ჩვენი ქრისტიანობა, ჩვენი ეკლესია, მაგრამ დღეს სამწუხაროდ ხდება რთული პროცესი, ეკლესია ერევა პოლიტიკაში, რაც არასწორია თვითონ ეკლესიიისავე წესებით. მაცხოვარმა თქვა, მიეცით კეისარს კეისრისა და ღმერთს ღვთისა. სახელმწიფოს ფუნქციებში ეკლესია არ უნდა ჩაერიოს, ისევე როგორც სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს ეკლესიის ფუნქციებში. ეკლესიას აქვს ყველა ძალა, რომ ის, რაც მას არასწორად მიაჩნია, შემეცნებით, ლოცვით, დარწმუნებით, ქადაგებით აუხსნას მრევლს, მაგრამ არ აქვს უფლება რომ დაემუქროს პოლიტიკურ ძალას შეჩვენებით, ანათემით. ეს ისევ და ისევ ეკლესიის დისკრედიტაციას გამოიწვევს,  გაირკვევა რომ ეკლესიაც ერთ-ერთი პოლიტიკური ძალაა.

– დაწყევლეს კიდეც სააკაშვილი, ახლა ოცნებას მიადგნენ, ამ ეტაპზე ლოცვებში არმოხსენიებით ემუქრებიან.

– ეს ძალიან რეგრესული ნაწილია ეკლესიის, ამ საქციელით მხოლოდ და მხოლოდ აბრკოლებენ ადამიანებს რომ მივიდნენ ეკლესიაში და სიმშვიდე ჰპოვონ. ამ ხალხს, ვინც წყევლა-კრულვით, მუქარით ცდილობს ადამიანებზე ზემოქმედებას, ძალიან ცოტა აქვთ საერთო ქრისტიანობასთან. მე ვთვლი, რომ დღევანდელი ოპოზიცია, ნაციონალური მოძრაობაც და ნებისმიერი სხვაც, იქცევა ღირსეულად და კეთილგონივრულად, როცა ამ დაპირისპირებაში არ ემხრობა ამ ძალებს. ეკლესია მისტიური მოძღვრების ინსტიტუტია და მიწიერ ამბებში ხშირად გამოუტანია საერო ცხოვრებისთვის არასწორი გადაწყვეტილებები.

– მათ შორის ქართუილ ეკლესიასაც, როდესაც ვლაპარაკობთ, ქართული ეკლესისს როლზე, უნდა გავიხსენოთ რუის-ურბნისის კრების აუცილებლობაც, ანტონ კათალიკოსიც, რომელმაც დაგვიწვა „ვეფხსიტყაოსანი“…

– კი, როდესაც პოლიტიკაში ცხვირს ყოფს რელიგია, ეს ცუდად მთავრდება პოლიტიკისთვისაც და პირველ რიგში რელიგიისთვისაც. კათოლიკურ ეკლესიას დღემდე შავ ლაქად აქვს ღვთის სახელით ჩატარებული ინკვიზიცია. უამრავი უდანაშაულო ადამიანი აბსოლუტურად გამოგონილი, შეშლილი, ირაციონალური შიშების გამო ცოცხლად დაწვეს, რაც ნამდვილად არაა ქრისტიანული საქციელი,  მაგრამ აქამდე მიდის საქმე, როდესაც ეკლესია ერევა საერო ცხოვრებაში უხეში ძალით და პოლიტიკური მიზნებით.

ახლოვდება ადგილობრივი არჩევნები, დღევანდელი რეიტინგებიდან, საზოგადოების განწყობებისგან გამომდინარე, როგორ ფიქრობთ, რა შანსი აქვს, გახდება ნარმანია მერი? თუ თბილისს კვლავ ნაციონალი მერი ეყოლება.

– მარჩიელობისგან თავს შევიკავებ, მთავარია არჩევნები ჩატარდეს გაყალბების გარეშე და გაიმარჯვოს იმან, ვისაც მეტი თბილისელი მისცემს ხმას. ტრაგედიას ვერ ვხედავ ვერც ერთი კანდიდატის გამარჯვებაში, ტრაგედია იქნება თუ არჩევნები გაყალბდება.  გაყალბებული არჩევნები არის რეცეპტი უარესი ცხოვრების, ნიჰილიზმის და დიქტატურის საბოლო ჯამში. თბილისი მერი უნდა იყოს კომპეტენტური ადამიანი, კარგი მენეჯერი, უნდა ჰქონდეს  სამეურნეო გამოცდილება, ხედვა და არ უნდა იყოს არავისი ფინია, უნდა იყოს დამოუკიდებელი ადამიანი.

– ესეც თვისობრივად ახალია, ქართულ პოლიტიკაში, აქამდე პრეზიდენტები ვინც გვაყვდა, ზვიად გამსახურდია, არავისი კაცი არ ყიფილა, არც შევარდნაძე, არც სააკაშვილი, კაცის კაცი არც ერთი არ იყო განსხვავევბით იგივე მარგველაშვილისგან, რომელიც ივანიშვილის კაცი იყო.

– მარგველაშვილი ამტკიცებს რომ ეს სტერეოტიპი არაა სწორი, რადგან ივანიშვილი  მისით უკმაყოფილოა, ეს ნიშნავს რომ მარგველაშვილს არ უნდა რომ კაცის კაცი იყოს და ეს კარგია. ის თუ მეტად დამოუკიდებელი იქნება და მეტად უერთგულებს კონსტუიტუციას და საკუთარ პრინციპებს და ღირებულებებს, რომელიც მას გააჩნია, უკეთესი იქნება ქვეყნისთვის.  მინდა მოვუწოდო ქართულ ოცნებას, მათ დიდი ხანი იმეორეს „კოჰაბიტაცია“ როგორც რაღაცა ცუდი, ახლა კეთილი ინებონ და ეს კოჰაბიტაცია დაამყარონ საკუთარ, არჩეულ პრეზიდენტთან, რომელსაც თითქმის არც ერთი მინისტრი აღარ ეურთიერთება, მის ზარსაც აღარ პასუხობენ. გასაგებია რომ რაღაც მიზეზების გამო, რომელიც მე არ ვიცი, მარგველაშვილი არ მოწონს მათ წინა მმართველს, და დღევანდელ სპონსორს, რომელიც ფაქტობრივად დღევანდელი ხელისუფლების ჩრდილოვანი მმართველია, ივანიშვილს ვგულისხმობ.

– გაებუტა.

– არ მოსწონთ ერთმანეთი, მაგრამ ქვეყანას სჭირდება რომ მთავრობამ და პრეზიდენტმა კოჰაბიტაცია დაამყარონ. ეს არაა სალანძღავი სიტყვა, როგორც მათ იმეორეს ამდენი ხანი და ახლა სჭირდებათ საკუთარ პრეზიდენტთან. ბედის ირონიაც ამას ჰქვია! ახლა მოვუწოდებ მათ, კოჰაბიტაციაში შევიდნენ საკუთარ პრეზიდენტთან. პრეზიდენიტისა და მთავრობის გაბუტვა მომასწავებელია კონსტიტუციური კრიზისის,  რაც ნამდვილად არ ჭირდება ჩვენ პირობებში მყოფ ქვეყნას.

– ასეთი რამ ბოლო 20 წლის საქართველოს არ ახსოვს, პრეზიდენტებს ამხობდნენ, რევოლუციებს უწყობდნენ, მაგრამ არ ებუტებოდნენ პრეზიდენტს. ესეც რაღაც ახალია.

– გაბუტვა სჯობს დამხობას. ჩვენი მიღწევა იყო ის რომ უზრუნველვყავით ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა, იმედი მაქვს ძალაუფლების შემდეგი გადაცემაც იქნება მშვიდობიანი და იქნება ყოველგვარი რეპრესიებისა და დევნის გარეშე, რაც დღეს სახეზეა სამწუხაროდ.  დაპატიმრებული არიან მინისტრები, პრემიერ მინისტრი, ითხოვენ პრეზიდენტის დაკითხვას. ეს არის ძალიან ცუდი პრეცედენტი, ყველას ეცოდინება რომ ძალაუფლების დაკარგვის მერე,  მასაც იგივე მოუვა. ყველა ხელისუფალს უნდა ჰქონდეს მოტივაცია, რომ ძალაუფლება დათმოს და არ ეშინოდეს იმის, მე თუ დავთმობ, ჩამომახრჩობენ, რომ ამის შიშით არ  ჩაებღაუჭოს ძალაუფლებას და არ დაამყაროს დიქტატურა. პოლიტიკური რეპრესიები გვერდზეა გადასადები და როგორც ჩვენმა ყველაზე ძლიერმა მოკავშირემ, შეერთებულმა შტატებმა და მისმა პრეზიდენტმა გვირჩია, უნდა ვიყუროთ წინ და არა უკან.

– როდესაც ხელისუფლება ჩადის შეცდომებს  ამ სისწრაფით და კარგავს რეიტინგს, იქმნება საფრთხე, რომ ხელისუფლება ვერ მივიდეს ვადის ამოწურვამდე და დადგეს ვადამდელი არჩევნების აუცილებლობა, ან რევოლუციური გზით განვითარდეს მოვლენები.

– რევოლუციური გზით საქართველოში აღარაფრის მოხდენა არ შეიძლება, ჩვენ ეს გავიარეთ, განვლილი ეტაპია და უკან ეს ნაბიჯი არ უნდა გადავდგათ. რევოლუციური გზით მოხდება ცვლილება, თუ ხელისუფლება გააყალბებს არჩევნებს, მაშინ აქვს ამომრჩეველს ასეთი მთავრობის გადაგდების უფლება, და ამას აღიარებს გაეროს ადამიანის უფლებების საყოველთაო ქარტია. მთავრობა, რომლიც აგებს არჩევნებს, მაგრამ მაინც არ თმობს ძალაუფლებას, მისი გადაგდება შესაძლებელია. მაგრამ მთავრობა, რომელიც არის არაპოპულარული, წარუმატებელი, მხოლოდ და მხოლოდ არჩევნებით უნდა იქნეს გასტუმრებული. რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, ეს არაა ტრაგედია, ჩვეულებრივი კონსტიტუიციური პროცესია.

– აქმადე რომ მივიდეს საქმე, დღეს  ნაციონალური მოძარობა არის თუ არა მზად იმისთვის, რომ კვლავ ხელში აიღოს ძალაუფლება?

– ვერ გეტყვით. ნაციონალურ მოძრაობაში დაწყებულია რეფორმა, რომელიც ბოლომდეა მისაყვანი, რომ გახდეს ნამდვილი, დასავლური ტიპის პოლიტიკური პარტია.  მე არ ვარ პარტიის წევრი, მაგრამ იქ ჩემი ბევრი მეგობარი, თანამოაზრეა. მოგეხსენებათ, მე და ჩემი სხვა მეგობრები ვაკეთებთ გაზეთ „ივერიას“ და გვაქვს საზოგადოებრივი მოძრაობა „ივერია“, რომელიც აქტიურად მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესებში, ამიტომ ნაციონალურ მოძრაობას მე არ განვიხილავ ერთადერთ ოპოზიციურ ძალად, არის ბევრი სხვა ადამიანი, რომელიც ოპოზიციურად არის განწყობილი, მაგრამ არ არის ნაციონალურ მოძერაობაში.

– როდეასც მოახლოვდება არჩევნები, თქვენი მოძრაობა ხომ არ იქნება ცალკე პოლიტიკური ძალა?

– არა, არა, ამ წუთას არ გავასწრებ მოვლენებს, ჩვენ ვართ საზოგადოებრივი მოძარობა, მაგრამ ბუნებრივია აქტიურად ვმონაწილეობთ პოლიტიკურ ცხოვრებაში.

– თქვენ მართლაც არ იყავით პარტიის წევრი, მაგრამ თქვენი ეს განცხადება სიახლე აღმოჩნდა ბევრისთვის და აღიქვეს, რომ ემიჯნებოდით ნაციონალებს.

– არავის არ ვემიჯნები, იქ უმეტესობა ჩემი მეგობარია, მაგრამ ვთვლი რომ ჩემთვისაც უკეთესია და ქვეყნისთვისაც,  თუ არ ვიქნები მე ხეშებოჭილი რომელიმე პარტიული ყოველდღიურობით და პროგრამით. მირჩევნია ვაკეთო ის, რასაც ვაკეთებ და თანავუგრძნო ძალას, რომელიც მიმაჩნია პროგრესულ ძალად. პროგრესული ძალების გაერთიანება ჩვენ ქვეყანაში არ დამთავრებულა და ის არ მთავრდება ერთი რომელიმე პარტიით.  ეს პროგრესული ძალები არიან და იმედი მაქვს, რომ კიდევ ვიხილავთ ქვეყნისთვის გულანთებულ და კომპეტენციით წელგამაგრებულ ხალხს ქართულ პოლიტიკაში.

 

ცოფიანი აბსურდი – ”ტაბურეტკიდან” სინჯარამდე

დაიბეჭდა გაზეთში ”ქრონიკა+”

jjjjjjjjjjjjjjjjjjjjjjjjjjjjjjjjjjjjjjjjjjjjjj

 

საზოგადოების ნაწილისთვის 2013 წელი ოცნებების მსხვრევის წელი იყო. ზოგს დაემსხვრა, ზოგს გაუბერწდა, ზოგს გაუხუნდა, მე? – ჩემს ოცნებებს არაფერი დამართია. ერთი წამითაც არ იფიქროთ, რომ ბიძინაზე დიდი მეოცნებე ვარ, სულაც არა. პირიქით – ჩემი ოცნებები სწორედაც რომ არანაირად არ უკავშირდებოდა ხელისუფლებაში მოსულ ახალ ძალას და აბა, რა დამემსხვრეოდა? ივანიშვილითა და მისი დასით მოხიბლული არც არასოდეს ვყოფილვარ და რანაირად განვიხიბლებოდი? მოკლედ, ხელისუფლებასთან მიმართებით: არც განვხიბლულვარ, არც მოვხიბლულვარ. მე სხვა რამემ დამცა თავზარი – ერმა და ბერმა. ქუჩაში ”ტაბურეტკებით” გამოვარდნილი მღვდლები და ათეულათასობით ”ღრმად” მორწმუნე – 40-იოდე ადამიანის ჩასაქოლად….

მართლა არ მეგონა და მართლა რა ძალა ჰქონია ფორმულას: ”რაც ერი, ის ბერი” და პირუკუც. უნდა გამოგიტყდეთ, ასეთი თავზარდაცემული იმ ცოცხების კადრების შემდეგ ნამდვილად არ ვყოფილვარ. ჯერ ერთი, კარგად ვხედავდი, რომ მთელ იმ უბედურებას წინასაარჩევნო სუნი უდიოდა და ეგეც რომ არა, გამოცვლი სასჯელაღსრულების სამინისტროს, თუნდაც მთელ ხელისუფლებას (როგორც მოხდა კიდეც შემდეგ) და ეშველება პატიმრებს (ცალკე თემაა, რომ არც ეშველათ და ძველი ჭირიც (ე. წ. ”მაყურებლებიც”) განახლდა), მაგრამ რას უშველი ერს და ბერს? დედის მაგინებელ, ”ტაბურეტკიან” მამაოებს, თავშლიან მრევლს და კუნთმაგარ მუტრუკებს, რომლებიც მზად არიან, ჩაქოლონ, გაანადგურონ ადამიანი? – მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მათგან გასხვავებული სექსუალური ორიენტაცია აქვთ და თავის უფლებებზე მოინდომეს ხმის ამოღება. მაგრამ ჰქონდათ კი იმ 40-50 ადამიანს ყველა მდევნელისგან განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია? რაღაც ეჭვი მეპარება. ჯერ ერთი, ბევრმა ამ რაკურსით სახელგანთქმული მუტრუკებიც ამოიცნო გამოდევნებულთა შორის და ბევრი ლატენტურიც იქნებოდა (ქე რომ უნდა და არ შვება, ვერ ბედავს, ან ქე რომ უნდა და არც იცის, რომ უნდა…), თორემ ამიხსნას ვინმემ, ახალგაზრდა, ჯანმრთელ მამაკაცს რატომ უნდა აღელვებდეს, ვინ ვისთან წევს, თან იმ დონეზე, რომ გამოვარდეს და ვინმეს გამოუდგეს, ტანთ გაიხადოს და ავტობუსს შეაფრინდეს? მზად იყოს – მოკლას, დაასახიჩროს, დაკბინოს, დაფლითოს?

yyyyyyyyyyyyyyyyyyyyyyyyyyyy

zzzzzzzzzzzzzzzzzzz

ჩემთვის, ისევე როგორც ბევრისთვის, 17 მაისს დაიწყო პროცესი, რომელიც დაგვირგვინდა საშობაოდ – ეპისტოლეთი. ამ პროცესს პირობითად ვუწოდებ ”ტაბურეტკიდან სინჯარამდე”.

გაუგებრობების თავიდან ასცილებლად, თავიდანვე განვმარტავ, არ ვარ და არასოდეს ვყოფილვარ ურწმუნო, არც ღმერთზე მიქილიკია, არც ხატებზე და არც სხვა ადამიანების რწმენაზე. მოკლედ, არ განვეკუთვნები ”ღმერთზე ნაწყენების” კასტასა თუ კატეგორიას (როგორც რეჟისორი გია კიტია ენამოსწრებულად უწოდებს მათ). მინდა გითხრათ, პატრიარქსაც დიდ პატივს ვცემდი უწინ, თუმც კი უნდა ვაღიარო, რომ ღმერთზე წინ არასოდეს დამიყენებია იგი და არც ცოცხალი წმინდანის რანგში განვიხილავდი მას, რომლის კრიტიკაც დაუშვებელია. ამ დამოკიდებულების გამო არაერთხელ მიგრძნია არაერთისგან ზიზღნარევი მზერაც – თუ როგორ ვბედავდი პატრიარქზე რამის თქმას?

ქართული სინამდვილე ხომ გამაოგნებელია – პატრიარქის სჯერათ, სწამთ მათაც კი – ვისაც ღმერთი არ სწამს. და ვისაც ღმერთი სწამს, იმათთვისაც კი პატრიარქია უზენაესი.

”უწმინდესო და უნეტარესო, დღეს განა მონუმენტურ კერპად არ აღმართულხართ მთელი ქართველი ერის წინაშე? როგორც ღმერთს, ისე არ მოგმართავენ რიგითი მორწმუნენი? არ გიგალობენ? არ გხატავენ ხატებზე? ღმრთისთვის კუთვნილ ლოცვასა და ქება-დიდებას განა არ გიძღვნიან? კარგად დააკვირდით, რა ხდება თქვენი თაყვანისმცემლების დიდ არმიაში? განა, თქვენმა დიდებამ არ დაჩრდილა ღმრთის დიდება?” – წერდა იმ 17 მაისის შემდეგ ბექა მინდიაშვილი.

მოკლედ, იმ 17 მაისს დაიწყო და საშობაოდ დასრულდა პროცესი, ჩემთვის მეტად მტკივნეული. მე დავკარგე რწმენა… ღვთის არა, პატრიარქის. საბოლოოდ. ღვთის არა, ალბათ, იმიტომ, რომ არასოდეს გამიიგივებია მაწყევარი, დედის მაგინებელი, ”ტაბურეტკით” მორბენალი სასულიერო პირები სიყვარულის ღმერთთან.

მაინც, რა მოხდა რეალურად იმ 17 მაისს, მართლა ეგ აღელვებდა ვინმეს? ვინ მართავდა აქციას ტრასფობიასთან და ჰომოფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით, საკუთარ მრევლს რომ გეიპარადად მიასაღეს? ვინმეს ეგ სჯერა, რომ 50, როგორც ხშირად უწოდებდნენ იმ დღეებში, გზააბნეული ადამიანის გავლა-გამოვლით გაირყვნებოდა ვინმე? ან ვინმემ რომ საკუთარ უფლებებზე ხმა ამოიღოს, ეს ნიშნავს მათი ცხოვრების წესის პროპაგანდას? ეს აღელვებდათ იმ ”ტაბურეტკიან” მამაოებს, თუ საკუთარი ძალების დემონსტრირება სურდა ეკლესიას? დიახ, ეკლესიას და არა რამდენიმე მამაოს, იმიტომ რომ ამ კონტრაქციის მონაწილეებს მადლობა სამების საკათედრო ტაძრიდან გადაუხადა პატრიარქოს ქორეპისკოპოსმა. ასე რომ, სულ ტყუილად ცდილობდა იმ დღეებში მამაო ბიჩინაშვილი, – ორგანიზატორი არც მე ვყოფილვარ, არც პატრიარქი (იმ დღეს თურქეთში ბრძანდებოდაო), ორგანიზატორი, ალბათ, ისეო ქრისტე იყოო. ქრისტე კი ზიდავს თქვენს ცოდვებსაც, მაგრამ დაგიჯერებთ მაგას ვინმე? ეჰ, სწორედაც პრობლემა ეგ არის, რომ დაიჯერებენ…

ასე დაუჯერა მათ ძალიან ბევრმა და სწორედ მამაოების კურთხევით შემოხაზეს  41. არავისთვის უცხო აღარაა ის, რომ სწორედ სასულიერო პირების დიდი ნაწილის, ეკლესიის მხარდაჭერამ განაპირობა ”ნაციონალური მოძრაობის” მარცხი და ”ოცნების” გამარჯვება. და სწორედ ამ გაწეულ ”ღვაწლთანაა” პირდაპირ კავშირში ის, რაც 17 მაისს მოხდა. ეკლესიამ კუნთები უჩვენა სწორედ ახალ ხელისუფლებას, ბიძინა ივანიშვილს, გაისმა კიდეც იმ კონტრაქციაზე კომენტარებში პირდაპირი სიგნალები, – თუ ახალი ხელისუფლება სწორად არ შეაფასებდა მოვლენებს – როგორც მოიყვანეს, ისე წაიყვანდნენ. მთელი ამ ისტერიის შემდეგ კულუარებში უკვე ამ აქციის რეალურ მიზეზებზე ალაპარაკდნენ, რომ ივანიშვილმა უარი უთხრა ეკლესიას დაფინანსების ერთბაშად მიცემაზე და შესთვაზა თანხის ეტაპობრივი ჩარიცხვა, ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ და ა. შ. მოკლედ, ეკლესიამ ქიში გამოუცხადა ახალ ხელისუფლებას  – ანახვა ძალა! მერე რა, რომ გული ისევ წინა ხელისუფლების წყევლით და ლანძღვით მოიოხეს? რაღა არ ბრძანა მეუფე იაკობმა იმ დღესაც და შემდეგ დღეებშიც – 17-ში რომ სამღვდელოება იყო გამოსული, ეს თქვენი სირცხვილია, სამღვდელოების სირცხვილი კი არაო. თქვენ ხომ მარტო 17 მაისების მოწყობა შეგიძლიათო, ბედმა გაგიღიმათ, რომ მართლმადიდებლები შემწყნარებლები ვართო და რაღა აღარ თქვა – თმები ყალყზე დაგადგებოდა. აქეთ წუხდა, –  ნაცვლად იმისა, რომ გვერდში დაგვიდგეთ, გვირტყამთო.

უფლებადამცველებსაც მიმართავდა, – უფლებადამცველობა უფრო დიდია თუ წესიერად ცხოვრებაო, რას ვიცავთ, ხომ უნდა ვიცოდეთ, ვის წინააღდეგ მივდივართო? ვის წინააღმდეგ და თქვენ წინააღმდეგ და არა ღმერთის წინააღმდეგ! ვის იცავენ და ცოდვილებს და არა ცოდვას. თქვენ ვის ებრძვით? ცოდვას თუ ცოდვილებს? ცოდვას გამოუდექით ქუჩაში თუ ცოდვილებს? ძალიან მარტივი კითხვა მაქვს, – ეკლესიაში ვინც დადის, ყველა უცოდველია? ფრთიანი ანგელოზია? მათ რატომ არ დასდევთ ”ტაბურეტკებით”? და საერთოდ, რა ხელი გაქვთ მათთან, მათ ცხოვრებასთან, ვინც თქვენი მრევლი არ არის? რატომ ახვევთ ყველას თავზე თქვენს ძალაუფლებას?

მთელ ამ ისტერია-ისტორიაში ორი რამაა საშიში – ერთი ის, რომ სამღვდელოებამ მოითხოვა დივიდენდი _ ძალაუფლება და დაიწყო სახელმწიფოს საქმეებში უხეში ჩარევა. მეორე ის, რომ გამოჩნდა თავზადამცემი ტენდენცია – საკმარისია ერთი დაძახება და ეს მასა გადათელავს ნებისმიერს, ვისზეც თითს მიუშვერს სამღვდელოება. სწორედ ეს ქმნის ჰომეინიზაციის საფრთხეს. სწორედ ეს ლავასავით წამოსული ძალაა, თავზარს რომ დაგცემს და გულს აგიცრუებს ყველაზე და ყველაფერზე. რა ნატო, რა ევროკავშირი, შეხედე – როგორ მორბიან, როგორი ჟინით, გახელებით, შუა საუკუნეების სიბნელით ”გასხივოსნებულნი”, სადაა ან ქრისტეს სიყვარული, ან ლიბერალიზმი? ”დაგხოცავთ, თქვენი დედა მოვტ…ან მ”, – მამაოს ამ გინებაშია ქრისტეს სიყვარული? ვის აგინებს დედას, – იმათ, შეშინებული რომ გარბიან? თუ ქრისტეს? გინება, უპირველესად, ღვთისმშობლის შეურაცხყოფაა. სწორედ ეს გინებაა ქართველი მამაოების სამარკო ნიშანი. გინება, წყევლა და მუქარა. აგერ, ბათუმში ბერმონაზონმა ლუკა კოკრაშვილმა და ქალმა ერთმანეთს აფურთხეს, ბერმონაზონმა უსინდისო ეძახა ქალს, მეზობელს ეწექიო, ისიც კი წააძახა, დაწყევლა. ეს ვიდეო ფეისბუკით თეა თუთბერიძემ გამოაქვეყნა და რა მიიღო პასუხად? მუქარა და ლანძღვა – რა თქმა უნდა: თუთბერიძე, შე ნაძირალაო, შენი რისხვა ვარო, პასუხს აგებ, გპირდებიო. მოკლედ, გაისარჯა მამაო, მაგრამ ობიექტურობისთვის უნდა ვთქვათ, მისმა წყევლამ იმ მხატვრულ მასშტაბებს ვერ მიაღწია, რასაც მამაო ბართლომეს წყევლამ. შეიძლება იმიტომ, რომ მამაო ბართლომეს მუზა მიხეილი იყო, სააკაშვილი. ეს ის მამაოა, რომელიც ”ოცნებას” ღიად უჭერდა მხარს,  წინასაარჩევნო შეხვედრებსაც არ ტოვებდა, ბიძინა ივანიშვილს იდეალურ ადამიანად აცხადებდა, დაბადებაც განსაკუთრებული იყოო – ამბობდა, იწყევლებოდა კიდეც: ”ვინც ბიძინა ივანიშვილს შავ პიარს აუგორებს, იმას გაუშავდა სახე და ცხოვრება, ამინ!” 2013 წლის 1-ლ სექტემბერს ”ნაციონალები” დაწყევლა: ”წყეული ”ნაცები”, მაგათ სხეულზე ხორცები უნდა შემოალპეთ ცოცხლად!”  საპრეზიდენტო არჩევნებისას წერდა: ”ნაც-ფაშისტების პანაშვიდისთვის ვემზადებიიიიიიიი”. ნოემბერში კი მიშა დაწყევლა: ”წყეული იყოს მიშა სააკაშვილი და მისი ხროვა! მისთვის მზე დაბნელდეს, მთვარემ ნათელი არ მისცეს, მიწის ნაყოფი შხამად შეერგოს, წყალი გამწარდეს, მარილი განქარდეს და ჰაერი მავნებელ იქმნას! ამინ!”

და რა ქნა საპატრიარქომ? არქიმანდრიტ ბართლომეს ეპიტემია დაადეს. გგონიათ, მიშას დაწყევლის გამო? არც იოცნებოთ. პირიქით, ხაზი გაუსვეს – მას ეკლესიისა და ქვეყნის დაცვის სურვილი ამოძრავებდაო, უბრალოდ, მღვდლობის ხარისხის მქონეს, თვითნებურად არ უნდა დაეწყევლაო.  განა, რატომ დაწყევლეო, ჩვენთან შეუთანხმებლად რატომ დაწყევლეო?!

დიახ, მათ გარეშე არც წყევლა შეიძლება, არც ქველმოქმედება. აგერ, ”იდენტობამ” მოინდომა თავშესაფრის გახსნა უსახლკაროებისთვის, ფართიც იყო გამონახული და ატყდა ისტერია, რომ არ მისცემდნენ ამის საშუალებას, რომ ამ უზნეო ხალხს არ ჰქონდათ უპატრონო ბავშვების მოვლა-პატრონობის უფლება. თუ 17 მაისს ჰომოფობიის წინააღმდეგ აქცია გეიპარადად გაასაღეს, ახლა უსახლკაროები უპატრონო ბავშვებად ”ჩააკონკრეტეს”, გაიტანეს კიდეც თავისი. მათ აქვთ მონოპოლია ქველმოქმედებაზეც, სიკეთეზეც. სახელმწიფომ რა ჰქმნა? – ყლაპა.

ჰოდა, რაღა გვიკვირს, რომ კუნთები შეათამაშეს და ცალკე ფრაქციაზეც ალაპარაკდნენ – პარლამენტში ცალკე ფრაქცია უნდა გვქონდესო. ამ ტენდენციის გაგრძელება იყო ის, რომ პატრიარქმა თვითმმართველობის კანონის წინააღდეგ გაილაშქრა, რასაც პარლამენტარ კორძაიას პროტესტი მოჰყვა: ”ხომ არ სჯობდა, ერთი საპარლამენტო მანდატი გადაგვეცა პატრიარქისთვის?! კორძაია აცხადებდა, რომ პატრიარქი ამ განცხადებით ზედმეტად ერეოდა სახელისუფლებო ფუნქციებში. ახლა კორძაიაზე გაილაშქრეს, შუა საუკუნეები რომ ყოფილიყო, ვინ აკმარებდა კორძაიას იმას, რაც აკმარეს? კოცონი გარანტირებული ექნებოდა!

ასე გაილია 2013 წელი წყევლასა და მუქარაში და საახალწლოდ, მე თუ მკითხავ, უკვე კომიკურად შეიფერა – 1-ლ და 2 იანვარს თევზის ჭამაზე გაიცა კურთხევა, იმ ლოგიკით, რომ მაინც ჭამენ… მაგ ლოგიკით, ყველაფერზე უნდა გაიცეს კურთხევა… მაგრამ ეს მაინც ჟურნალი იყო იმ კინოსი, რომელიც ნაახალწლევს დაიწყო. დედა პარასკევამ ერთი თქვა და ქვეყანამ კიდევ ერთხელ დაიხია 5 საუკუნით უკან. გავრცელდა ინფორმაცია, რომ დედა პარასკევას ჰქონდა ბერი გაბრიელის გამოცხადება, რომელმაც უთხრა, რომ ყველას შეუსრულებდა 2 სურვილს, ვინც კი შობამდე მის საფლავზე ან ციხისჯვარში მისი სახელობის მონასტერში მივიდოდა. ჰოდა, დაიძრა მთელი საქართველო, მიაწყდა მცხეთას, გვერდს უვლიდნენ სვეტიცხოველს – ქრისტეს კვართს და მიიწევდნენ სამთავროსაკენ. დედა პარასკევა კმაყოფილებას ვერ მალავდა და იმეორებდა, რომ მინიშნება მიეცა საფლავიდან. მას მერე კი, რაც საპატრიარქომ ხილვაც უარყო და გამოცხადებაც, დედა პარასკევამაც უკან წაიღო ხილვაც, გამოცხადებაც, საფლავიდან მიღებული მინიშნებაც და დარჩა რა? რომ დედა პარასკევას უთხოვია მამა გაბრიელისთვის მლოცველთათვის სურვილების შესრულება. მხოლოდ ეს დინამიკაც ცხადყოფს მრველის გაბითურებას. რას ემსახურებოდა წმინდანის საფლავის სანტაკლაუსად ქცევა საშობაოდ? – ქრისტიანობას? მრევლს? სანთლების გასაღებას? რა არის ამ ისტერია-ისტორიაში უმთავრესი? გაწამებული ხალხი რომ სასწაულს, ხსნას ელის? მათზე რომ მანიპულირებენ, თუ ის, რომ საკმარისია ერთი დაძახება და ლავა დაიძრება? ესეც და, ალბათ, კიდევ უფრო მეტად ის, რომ 21-ე საუკუნეში ადამიანი მზადაა, ასე გულუბრყვილოდ დაიჯეროს ვინმეს ხილვა, ოღონდ კი სურვილები შეუსრულდეს. მცხეთაში გათამაშდა აბსურდი, უფრო სწორად, ბავშობაში წაკითხული ის ზღაპრები, სადაც ოქროს თევზი და სამი სურვილი ფიგურირებს (ერთი სურვილი, როგორც ჩანს, დედა პარასკევამ ”მოგვიტეხა”) და ის ანეკდოტები, რომელიც შემდეგ გვსმენია ოქროს თევზსა და სურვილებზე.

გონების სიბნელეა იმის რწმენა, რომ ვინმეს აქციით, თუნდაც გეიპარადით გაირყვნები და ”გაპიდარასტდები”; გონების სიბნელეა, როცა გჯერა, რომ 2 ნებისმიერი სურვილი აგისრულდება სადმე მისვლით. მოიცა, თუ საფლავზე არ მიხვედი, ისე წმინდანი არ შეგეწევა? გაგებუტება? ანდა იმიტომ გწამს, რომ სურვილები აგისრულდეს, თან მერკანტილური? თან წყვილად? რა არის ეს, მართლაც ”სიცოფე ქართულად, ანუ ქრისტიანობა ქართულად”? როგორც დეკანოზმა ლევან მათეშვილმა დაწერა? თუ წარმართობასთან წილნაყარი აბსურდი? ვაი, რომ ეს სოცოფე თუ ცოფიანი აბსურდია იმ ფასადური რწმენის რეალური სახე, რაც დღეს საქართველოში ბატონობს. ამ ცოფიანი აბსურდის გამოვლინება იყო ახალ წლამდეც, როცა ხანუკას მოზეიმე ებრაელებს მიუცვივდნენ თავისუფლების მოედანზე. მიუცვივდა ზუსტად ის ხალხი, რომელიც დიდი სიამოვნებით დაიარება იერუსალიმში შობისა თუ აღდგომის დღესასწაულებზე.

და ბოლოს იყო ეპისტოლე. აღმოჩენა იმისა, რომ, თურმე, ქრისტიანობის მთავარი გამოწვევა პოსტმოდერნიზმი ყოფილა. თურმე, ნუ იტყვი და საძრახისი, ცუდი აზროვნება ყოფილა ის, რომ მე შენ უფლებებს არ შევლახავ და შენ ჩემი უფლებები არ შელახო. არჩევანის თავისუფლება, რომელზეც დღეს მთელი ცივილიზებული კაცობრიობა დგას, ფსევდოლიბერალური ყოფილა. ჯანდაბას, პოსტმოდერნიზმი, როგორმე, აიტანს ამ შტურმს, მაგრამ რა ვუყოთ იმ ოჯახებს, რომელსაც უთხრეს: ”ბედნიერებას ვერ ეღირსებით”!

”განა შეიძლება ბედნიერი იყოს ის ოჯახი, სადაც აბორტი კეთდება და უსუსური პატარა არსებების უღვთოდ დაჩეხილი სხეულების აჩრდილები დადიან?”

აბორტი მართლაც საშინელებაა, მაგრამ რა ქნას ოჯახმა, თუ აბორტი სამედიცინო ჩვენებითაა აუცილებელი? მოკვდეს ქალი? ან არასასურველი ორსულობა როგორ აიცილონ, როცა მამაოები კონტრაცეფციასაც უკრძალავენ, პრეზერვატივსაც, ან მილიონი აბორტი რანაირად კეთდება საქართველოში ყოველწლიურად? ვინ მიაწოდა პატრიარქს ეს მონაცემი? სპეციალისტთა მტკიცებით, ეს მონაცემი, მინიმუმ, გაათმაგებულია. ან სად იპოვეს ”ჰუმანისტი”, რომელიც მხარს უჭერს თვითმკვლელობას?

და ყველაზე მტკივნეული დარტყმა ისედაც გოლგოთაგამოვლილ ოჯახებს, სინჯარაში ჩასახულ ბავშვებს: ”შეიძლება ოჯახი იყოს ბედნიერი, სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი იზრდება? ეს პატარა ხომ თავიდანვე გაწირეს უსიყვარულობისთვის, მიუსაფრობისა და მარტოობისთვის. იგი კეთილდღეობაშიც რომ გაიზარდოს, მუცლადყოფნის პერიოდის ამ სიმძიმეს ვერაფერი შეცვლის და ეს აუცილებლად იჩენს თავს ზრდასრულ ასაკში”.

მოვეშვათ ეკლესიის დამოკიდებულებას სუროგაციასთან, დავუშვათ, და ეს მართლაც ასეა, მაგრამ შეიძლება ეს უთხრა განაწამებ ოჯახს, რომელსაც სურდა შვილი ჰყოლოდა, ჯანმრთელობა საშუალებას არ აძლევდა და ეს გზა გამოიარა? დათანხმდა ხელოვნურ განაყოფიერებაზე, სინჯარაზე, სუროგატი დედის აყვანაზე? ”თავიდანვე გაწირეს” – რა, დედას შეეძლო თვითონ გაეჩინა, დაეზარა და სხვას აჩენინებს?

”პრობლემატურნი იქნებიან ის ბავშვებიც, რომლებიც ხელოვნური განაყოფიერებით დაიბადნენ და მათი სიცოცხლე მრავალი ემბრიონის განადგურების შედეგად განვითარდა”, _ რას ნიშნავს, პრობლემატურნი იქნებიან? ფინთი ხასიათი ექნებათ? ხელოვნურ განაყოფიერებამდე ყველა ბავშვი უპრობლემო იყო დედამიწის ზურგზე? ჰიტლერიც, ლენინიც და ყველა ძაღლი და მამაძაღლი? ან ვინ მიაწოდა ინფორმაცია პატრიარქს, რომ ებრიონები ნადგურდება? რა ქნას ქალმა, რომელსაც ელემენტარულად პრობლემები აქვს საშვილოსნოს მილებზე და სხვანაირად დედა ვერ გახდება? ან მამაკაცმა, რომელსაც დარღვეული აქვს სპერმატოგენეზი და მამად გახდომის ერთადერთი გზა ხელოვნური განაყოფიერებაა? უარი თქვან? არ გახდნენ მშობლები?

”ეკლესიაში იარონ, ილოცონ და ბავშვი დაიბადებაო?! მუსკომედიის თეატრის დონეზე ჩამოვედით?” – იკითხა გიორგი შენგელაიამ, რომელმაც ისიც დასძინა, რომ ეს ეპისტოლე პატრიარქის დაწერილი არაა. საერთოდ, საზოგადოებაში გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს ეპისტოლე არცაა პატრიარქის დაწერილი. მედიაში დასახელდა კიდეც ავტორი – პატრიარქის მითიური მდივან-რეფერატი შორენა.

მაგრამ აქვს კი მნიშვნელობა, ვინ დაწერა? ხელი ხომ პატრიარქმა მოაწერა? და თუ მისი გარემოცვა ისე თავნებობს, რომ აღარც უთახმდება და ისე გვამცნობს პატრიარქის ეპისტოლეს, მაშინ კიდევ უფრო დიდ აბსურდთან და უბედურებასთან გვქონია საქმე.

ჯამში რა შედეგს გვაძლევს ეს ყველაფერი? ნაწილში აღვივებს ფანატიზმს, ნაწილში ბადებს გულგატეხილობას, ურყევს ღვთისადმი რწმენასაც კი. ხელს უწყობს საზოგადოების დისტანცირებას ეკლესიისგან. საზოგადოების პოლარიზაციას, სახელმწიფოს საფუძვლების რყევას. არ შემიძლია არ დავეთანხმო ზაზა ბიბილაშვილს, რომ ”დღევანდელი გადმოსახედიდან, სააკაშვილის მთავარი შეცდომა იყო ის, რომ მან არ ჩაატარა ”რუის-ურბნისის” კრება პრეზიდენტობის პირველივე წელს”.

 P. s. იმედია, დაინდობთ და სინჯარის ბავშვებს არ დაერევით… ”ტაბურეტკებით”, თორემ ”უტაბურეტკოდ” – ეს უკვე მოხდა.

რეზო შატაკიშვილი

 

 

ჩემი ოცნებების ოკუპაცია

რეზო შატაკიშვილი

(დაიბეჭდა 8 ოქტომბერს, 2012 წელს).

გერბი

ბიძინა ივანიშვილი ოცნებას იწყებს… ჩვენი ოცნების ოკუპაციით! დიახ, ჩვენი ოცნების, ვყოფილიყავით გეოპოლიტიკური მოთამაშე.

„მე ვფიქრობ, რომ საქართველომ ძალიან კარგად უნდა გააცნობიეროს და გაიგოს თავისი ადგილი. საქართველო ვერ იქნება დიდი გეოპოლიტიკური მოთამაშე, რასაც ცდილობდა სააკაშვილი, ჩვენ უნდა დავრჩეთ რეგიონულ მოთამაშედ“…

ნახვამდის ნატო, ნახვამდის ევროპა. არადა, როგორ ვოცნებობდი, (ისევე როგორც მილიონობით ქართველი), რომ მეცხოვრა ევროპაში – საქართველოდან გაუსვლელად. რას ვიზამთ, ზოგს ჰყოფნის ევროპაში განავარდება, მე გაუმაძღარი ვარ – სულ ევროპაში მინდა ყოფნა. როგორ ვოცნებობდი, რომ ნატოს ისე ეზრუნა ჩემი ქვეყნის უსაფრთხოებაზე, როგორც ვანო ზრუნავდა ჩვენს უსაფრთხო სიარულზე ღამის თბილისში. აღარც ნატო, აღარც ვანო. ფაფუ…

არადა, თურმე ნუ იტყვით და ქვეყნის სტრატეგია არ იცვლება და ჩვენ ისევ ვისწრაფვით ნატოსკენ. „ჩვენი სწრაფვა იქნება ევროპა და უსაფრთხოების მიზნით ნატო. ეს არის ჩვენი სტრატეგია და ჩვენ სტრატეგიას არ შევიცვლით. ეს არის ქართველი ხალხის გადაწყვეტილებაც, ამაზე რეფერენდუმიც ჩატარდა… გარდა ამისა, ჩვენი სტრატეგიაა, რომ გვაქვს ვალდებულება და დიდი სურვილი, რომ ჩვენს მეზობელ დიდ ქვეყანასთან დავალაგოთ ურთიერთობა“ – ბრძანა ივანიშვილმა, მას შემდეგ, რაც შეახსენეს, რომ ის იმ რუსეთთან აპირებს ურთიერთობის დალაგებას, რომელიც საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კატეგორიული წინააღმდეგია.

რუსეთი კატეგორიული წინააღმდეგია, მაგრამ ბიძინა მაინც აპირებს. იცის, რომ არაა მარტივი, მაგრამ აპირებს. რის ხარჯზე? თურმე რუსეთი უნდა დაარწმუნოს, რომ რუსეთს ჩვენი ნატოში შესვლა არანაირ საფრთხეს არ უქმნის და არ უნდა იყოს ეს მათთვის პრინციპული. შეიგნეთ? რუსეთის საწინააღმდეგოდ შექმნილი ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, თურმე, არანაირ საფრთხეს არ უქმნის რუსეთს, არანაირს! დიახაც, სულაც არ აკარგვინებს რუსეთს იმ რეგიონს, რომელიც მისი წევრი ხდება! შეიგნეთ, რომ ნატო ისე, საღლაბუცოდ შექმნილი რამაა, ვერავის ვერ უქმნის საფრთხეს. და თუ ეს ასეა, მაშინ რა ჯანდაბა გვინდა ნატოში? თუ რუსული საფრთხისგან არ დაგვიცავს, რად გვინდა?

ივანიშვილი არა მგონია იმდენად არ ერკვეოდეს ქიმიაში, რომ წყლის და ზეთის ერთ სითხედ ქცევა უნდოდეს და ეიმედებოდეს და იმდენად პოლიტ-მათემატიკაში რომ შეუთავსებელის – ნატოს და რუსეთის გაერთმნიშვნელიანება ეიმედებოდეს. აბა, რას ნიშნავს მისი განცხადება? ერთადერთს – პროდასავლურად განწყობილ მეოცნებეებს ის ეჭვის ჭია უნდა მიუძინოს, რომელიც სუსტად, მაგრამ მაინც უღრღნით გულს – ევროპიდან ისევ რუსულ ორბიტაზე არ გადაგვიყვანოს ბატონმა ბიძინამო…

ბიძინას თუ დავუჯერებთ, სააკაშვილი ტორეადორი ყოფილა, რომელიც რუსეთს ისე უფრიალებდა ნატოს, როგორც ხარს წითელ ნაჭერს და აღიზიანებდა. თურმე პუტინი, ისეთი ჩლუნგი ყოფილა, თუ მიშა ხშირ-ხშირად არ გაუმეორებდა ნატოში შევალო, ვერც მიხვდებოდა ჩვენს ზრახვას და თურმე სულაც არ გაბრაზდებოდა.

და კიდევ, ჩვენ რომ გვეგონა, დასავლურ მედიას რომ ეგონა და თვითონ კრემლი რომ აცხადებდა, 2008 წლის ომის მიზეზი სულაც არ ყოფილა ნატოსკენ რომ ვიქაჩებოდით. ივანიშვილი ისევ ძველ ჩვენებას „აწვება“ – სააკაშვილის პროვოკაცია იყო მიზეზიო. იმასაც დასძენს, რუსეთს ამის სურვილი უფრო ადრეც ჰქონდა, ჩემი ოპონენტები ამბობენ, სამი წელი ემზადებოდა ამისთვისო – „მე დავამატებ, რომ რუსეთი საუკუნეები ემზადებოდა, რომ კავკასიონს აქეთ გადმოსულიყო, მაგრამ აქ მთავარი იყო პროვოკაცია ჩვენი ხელისუფლების მხრიდან და გაუაზრებელი ქმედება, წინააღდეგ შემთხვევაში რუსეთი ვერ მოახერხებდა იმას, რაც მოხდა“. 

სთქვა რუქამან არაკი რაა… 🙂 საწყალი რუსეთი, მრავალსაუკუნოვანი ოცნება ჰქონია კავკასიონს აქეთ გადმოსულიყო. მრავალსაუკუნოვანი! ოცნება მიშამ აუხდინა თურმე. მანამდე რუსული ჩექმა არ უნახავს ქართულ მიწას, არცა შიოლა ყოფილა და არცა 1921 წელს დაპყრობა, არც 1801 წელი და ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმება, არც დიდი აჯანყებები მე-19 საუკუნის დასაწყისში, არც 1832 წლის შეთქმულება. ეს ისტორიკოსები გვატყუებდნენ, თორემ 1832 წელს შეთქმულები რუსი ოფიცრობის ამოხოცვას კი არ აპირებდნენ მანანა ორბელიანის სახლში, არამედ ერთმანეთი უნდა დაეკბინათ. ჰო, ეს სულ ისტორიკოსებმა აქციეს ბუზი აქლემად. დიახ, დიახ, არც 9 აპრილს არ გაუთელიათ გოგო-ბიჭები რუსთაველზე. აბა, როგორ ჩაგვცხებდნენ ორლესულ ნიჩბებს, როცა მხოლოდ ოცნებობდნენ კავკასიონს აქეთ გადმოსვლაზე? მთავრობის სახლი კი რამდენადაც მახსოვს კავკასიონს აქეთაა, თან ლიხს აქეთაც. ეს სააკაშვილმა მოიწადინა პარლამენტის ლიხს იქით გადატანა. გადაიტანა კიდეც ქუთაისში, მაგრამ რა გინდა? როგორც ბატონმა ბიძინამ ბრძანა, მალე ისევ ლიხს აქეთ გადმოვა. პირველ ეტაპზე ვისარგებლებთ, რადგან თბილისში პარლამენტი დაანგრიეს და ნაჯახით დაჩეხესო. პირველ ეტაპზეო, ასე რომ, მალე თბილისში გადმოვა პარლამენტი. არ უნდოდათ ქუთაისელებს ეცხოვრათ საპარლამენტო დედაქალაქში, ვერ შეიმშნოვეს. რა უნდა ქნა, როცა ადამიანს არ უნდა საპარლამენტო დედაქალაქში ცხოვრება და კოპიტნარი ურჩევნია საერთაშორისო აეროპორტს?

ივანიშვილმა განგვიმარტა, „თბილისიდან სულ გარბის სააკაშვილი, იმიტომ, რომ თბილისელებმა ადრე შეიცნეს ის“. 

რას ვიზამთ, ზოგს ქუთაისისკენ მიუწევს გული, ზოგს მოსკოვისკენ. ურთიერთობები უნდა დავალაგოთ რუსეთთანო. როგორ უნდა მორიგდე დამპყრობელთან? ნუ, თუ დანებდებები, ურთიერთობებიც დალაგდება, ლეიბიც და ეგება სიამოვნებასაც გამოჰკრა ხელი… მაგალითიც დაგვისახელა – ბალტიისპირეთის ქვეყნები. კი დაგვისახელა, მაგრამ რაღაც არ მახსოვს იქ კრემლს თავისი გაეტანოს…

ხალხი ოცნებობდა, ამ დღეს ელოდა, და რა მიიღო? რა მოისმინა ნაოცნებარი ლიდერისგან? ჰკითხეს, რა იქნება თქვენი პირველი ნაბიჯი, რის გაკეთებას აპირებთო და რა უპასუხა? „რთული სათქმელია რა იქნება პირველი ნაბიჯი“.

ერიჰაა… აქამდე მეგონა, მე ვერ ვიგებდი რა იყო „ქართული ოცნება“, რაზე ოცნებობდნენ, რაგვარ, როგორ საქართველოზე, მაგრამ ახლა ირკვევა, რომ… ახლა იწყებენ ოცნებას. ივანიშვილს თავისუფლად შეუძლია სლოგანი დაესესხოს შალვა ნათელაშვილს „ვიწყებთ!!! ოცნებას…“.

ხალხი ოცნებობდა, ამ დღეს ელოდა, და რა მიიღო? თამაზ თამაზაშვილი. „შევახსენებ პირველ პატიმარს, რომელიც პოლიტპატიმრად მოიხსენიება. ჩემი ახლო ადამიანის სიმამრი თამაზ თამაზაშვილი. ერთადერთი პრეცედენტი დაუშვეს და მასთან საპროცესო შერიგება, გარიგებაც არ ისურვეს გასაგები მიზეზების გამო, თუმცა ეს შესაძლებელია და დაუშვას, კარგი იქნება რაიმე გზებით მოახერხონ ეს ადამიანი გაათავისუფლონ“ – ამ თხოვნით მიმართა ივანიშვილმა ჯერ კიდევ მოქმედ ხელისუფლებას, ანუ ძალიან ეჩქარება, იმდენად, რომ ხელისუფლებაში მოსვლამდეც ვერ იცდის.

არადა, ხალხი რას ოცნებობდა? მილიარდს სოფლის მეურნეობაში, თითქმის უფასო ჯანდაცვას და მეტიც – მოვა ბიძინა და ფულს დაგვირიგებს.

ბიძინამ კი ძალიან კულტურულად განაცხადა, რომ მას არასოდეს უკადრია რომ ამას საკუთარი კაპიტალით გააკეთებს. არადა, სწორედ ამ კაპიტალმა არ დაახვია თავბრუ ამდენ მეოცნებეს? ბიძინამ კიდე არ მიკადრიაო… ასე რომ, ვინც ამაზე ოცნებობდა, ახლა დადგეს და ტიგრან გულოიანივით სთხოვოს ბიძინას – იკადრეთ, ბატონო ბიძინა, იკადრეთ!!!

ერთხელ ნანუკა ხუსკივაძემ მითხრა, შენ არ იცი, როგორ დამღალა სამშობლომო – ზარმაცობსო. მე კიდევ ამ ხალხმა დამღალა თავისი ინფანტილური ოცნებებით, იმედებით და მოლოდინებით. შევარდნაძე ჩამოვიდა და იყო ყიჟინა, იმედი, ოცნება – „შევარდნაძე აგვაყვავებს“. არადა არ გამოისხა კვირტები ქვეყანამ. თუ იკითხავდი – „როდისღა?“, გაჩუმებდნენ – აცალე, ბატონო, დრო უნდა… 11 წელი ელოდნენ აყვავებას. ქვეყნის შენებას დრო უნდა და ამით გაიყვანეს დრო.  მაგრამ ფულის დარიგებასაც დრო უნდა? მე შენ გეტყვი და ვინმე დაიჯერებს თუ ბიძინა იტყვის – „არ მაქვს“.

არავინ უწყის რაი არს ივანიშვილის „ქართული ოცნება“. მაგრამ ვიცი, რაც იყო ბევრის ოცნება, როდესაც ხმას აძლევდნენ „ოცნებას“. მოვა ბიძინა და ფულებს დაარიგებს. ამ ოცნების ახდენის იმედს ის აძლევდა, რომ აქამდე ბევრს აძლევდა, თანაც წლობით.

სხვათა შორის, ფულიან ადამიანთან დაკავშირებით ამგვარი მოლოდინები, ოცნებანი საერთოდ სჩვევია ხალხს და სულაც არაა საჭირო საგანგებოდ დაპირდეს ვინმე. თვითმოტყუებაც კაი ხილია. ამ „ტრიუკით“ წინა არჩევნებზე „ნაციონალებმაც“ იხეირეს – ისანში რუსუდან კერვალიშვილმა იყარა კენჭი. გაქანდნენ და ხმა მისცეს – ფულიანი ქალბატონია და იქნებ რამე ხეირი იყოსო. ხმა მისცეს, ხეირი ვერ ნახეს – სულ მალე კერვალიშვილმა წუწუნს მიჰყო ხელი – ხაჭოს ვერ ვყიდულობო. არ ვიცი, მიირთმევს თუ არა ივანიშვილი ხაჭოს საუზმეზე, მაგრამ მეეჭვება აწუწუნდეს – ფული არ მაქვსო, მაგრამ ზუსტად ვიცი – ფულს არავის დაურიგებს და მათ ოცნებასაც ფრთები დაეგლიჯება. რომც მოიწადინოს და ბერა რომ სულ უკაპიკოდ დატოვოს და თავისი ხუთი მილიარდი ყველა მოქალაქეს, მეოცნებეს და არამეოცნებეს ჩამოურიგოს, თითოს რა შეხვდება? ასე რომ ფრთებდაგლეჯილი, იკარუსივით ფრთებშეტრუსული ოცნებანი ჩაეშვება უფსკრულებში. ასე რომ, იკაროსის ხვედრი არ აცდება თქვენს ოცნებებს. კრუსუნი არ მიიღება.

კრუსუნი და კრუასანი არ ვიცი, მაგრამ ბევრს, შუქზე მართლაც ფინთად მიბმული ნაგვის გადასახადით გაღიზიანებულს, ისიც ეგონა, რომ ნაგავში აქეთ ფულს მისცემდა ახალი მთავრობა, მაგრამ როგორც მიხეილი იტყოდა, სააკაშვილი – „ნურას უკაცრავად“. ცხადია, ახლა ამას ბიძინა იტყვის, ცხადია სხვა აქცენტით.

აკი, მოიბოდიშა, რუსულში აქცენტი მაქვსო. როგორ შევკადრო, მაგრამ აქცენტი ქართულშიც რომ აქვს? ამ ლოგიკით ქართულადაც არ უნდა გველაპარაკოს?  😦

დალაპარაკებას რაც შეეხება, ამერიკელებს ურჩევიათ, იქნებ დაელაპარაკო სააკაშვილსო, დაურეკოო. „მე ლამაზად უარი არ მითქვმს, პაუზა ავიღე“ – ამბობს ივანიშვილი. თან ამას ამბობს და თან იმას – მე ურთიერთობის პრობლემა არ მაქვს, მაგრამ მას გაუჭირდება, დიდი ხანია ოპონენტებთან არ უმუშავია და განსხვავებულ აზრს ეს კაცი ვერ ეგუებოდაო. ბრძანა ეს და უცხოელ ჟურნალისტს რაღაც „კინო“ მოუყვა – თუ როგორ გააღიზიანა მიშა ერთი ოპოზიციონერის შეკითხვამ, როგორ შეაყარა ქაღალდები სახეში, როგორ გაიქცა პარლამენტიდან, მერე ვიღაცამ შემოაბრუნა და შემობრუნებული როგორ ვერ მალავდა აღელვებას, როგორ იმუქრებოდა, რომ მისი დაცვა გაუსწორდებოდა და გვერდებს დაუზელდა.

აბა რა, ჯონდის კითხვამ რომ გააღიზიანა, მიშას ქაღალდები შეუყრია, მერე, სხდომათა დარბაზიდან კი არ გასულა, პარლამენტიდან გაქცეულა, და დაუზუსტებელია სად დაეწივნენ ლაღიძის წყლებთან თუ თავისუფლების მეტროსთან და შემოაბრუნეს 🙂 არადა, ხომ ყველას კარგად გვახსოვს, მიხეილის გროტესკული ხუმრობა, როგორ დაპატიჟა ჯონდი მამამისის ბალნეოლოგიურ კურორტში – ტალახის აბაზანების მისაღებად და დასაზელად? და ისიც ხომ კარგად გვახსოვს, რომ სააკაშვილს ოპოზიციაშიც აქვს ნამუშევარი და ხელისუფლებაშიც? თავად ივანიშვილს კი სულ ერთწლიანი სტაჟი აქვს პოლიტიკაში…

ივანიშვილი იმასაც ამბობს, რომ თურმე მისი დამსახურება ყოფილა, ის დახმარებია სააკაშვილს მარცხის აღიარებასა და იმ განცხადების გაკეთებაში, რომელმაც მთელი საერთაშორისო საზოგადოება აღაფრთოვანა. ყველაფერი მისი დამსახურებაა – ბათუმში დუმბაძის გამარჯვებაც, მიშას ეს განცხადებაც….

„შეიძლება ცოტა ტრაბახად გამომივიდეს, მაგრამ მე მაინც ისე ვიტყვი, როგორც ვხედავ, რომ ჩვენ ისე კარგად ვიმუშავეთ, მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ხელისუფლებას, პირადად სააკაშვილს სხვა გზა არ დავუტოვეთ, გარდა მსგავსი განცხადებისა… რაც შეეხება სააკაშვილის გადაწყვეტილებას, ვფიქრობ, რომ ყველაზე მეტად ამაში მას დავეხმარეთ მე და ჩემი გუნდი, რადგან ძალიან ფაქიზად ვაწარმოეთ პროცესები“ (ბიძინა ივანიშვილი).

უფაქიზესად ნაწარმოები პროცესები ყოფილა ის წინასაარჩევნო ბატალიები, რომელიც ქვეყანამ გამოიარა… რას გადავრჩით? ეს თუ ფაქიზი იყო, სად წავიდოდით „ოცნებას“ რომ უხეში კამპანია ეწარმოებინა?

და კიდევ: თუ ამ ივანიშვილს ეს ჯადო–თილისმა ჰქონდა, რას ახოცინა ხალხი ლიბიაში, ჩასულიყო კადაფთან, დალაპარაკებოდა… ნეტა, თავად თუ სჯერა რასაც ბრძანებს? ადამიანს მარცხის აღიარება არ შეეძლოს და რა ძალა აღიარებინებს? მით უმეტეს ის ძალა, რომელსაც თავად რამდენიმე ოლქში მარცხი ვერ უღიარებია?

ან დაამარცხებდნენ კი, რომ არა ის თავზარდამცემი კადრები?

„კადრები წყვეტენ ყველაფერს“ – სთქვა სტალინმა… რა იცოდა დიდმა გორელმა, რომ მისი ნათქვამი ახლებურად გაჯაზდებოდა და ამჯერად უკვე ვიდეო კადრები გადაწყვეტდა ყველაფერს პოლიტიკაში. თავზარდამცემმა კადრებმა გადაწყვიტა სააკაშვილის ხელისუფლების ბედი და კადრები გადაწყვეტს ბიძინას მთავრობის ბედს. ამჯერად უკვე კადრები, კადრები, რომელიც მარტო ივანიშვილმა იცის… მთელი კვირაა ელოდებიან. ელოდება ხალხი – ვინ იბარებს მათ ბედს. ელოდებიან ისინი, ვინც ელოდება, რომ იყოს ამ კადრებში. ივანიშვილი ამბობს, რომ მარტო მან იცის, რას უმზადებს გუნდის წევრებს… ხომ ვამბობდი, ახლა იწყებს ოცნებას ბატონი ბიძინა…

თორემ თუ მმართველობას აპირებდა, აქამდეც ექნებოდა ნაფიქრი მინისტრთა კაბინეტზე და ამდენ ხანს ლოდინი არ მოგვიწევდა. აბა, რისთვის იყო „ოცნება“ მზად? ორში ერთია, ან თავად არ სჯეროდათ საკუთარი გამარჯვების, ან გაყალბებას ელოდნენ და შესაბამისად მზად იყვნენ გამოსულიყვნენ ქუჩაში, აეგორებინათ საპროტესტო ტალღა, მოეწყოთ ცოცხების რევოლუცია, დაემხოთ სააკაშვილი – ხელისუფლების ყველა შტოიანად. ალბათ ამიტომაც ეუცხოებათ ქვეყნის მართვა სააკაშვილის  პრეზიდენტობის სინქრონში. ამიტომაც ითხოვს პრეზიდენტის გადადგომას. არ ელოდა, რომ ქვეყნის მართვა სააკაშვილთან ერთად მოუწევდა. კი, მაგრამ რევოლუციაც რომ მოეწყოთ, მაინც ხომ უნდა ემართათ ქვეყანა, მაინც ხომ დასჭირდებოდათ მინისტრთა კაბინეტი? იმის ცოდნა, რა უნდა გაეკეთებინათ პირველ რიგში? თუ იმ ცოცხების რევოლუციის შემდეგ სხვა ძალა უნდა მოსულიყო ხელისუფლებაში? ანუ სხვა ძალისთვის უნდა გაეხსნა გზა „ოცნებას“? თუ პირდაპირ უნდა ჩავბარებოდით იმ რუსეთს, რომლის ჯარებიც საზღვრებს იყო მომწყდარი?

ნუთუ მიხეილმა, თავისი მოულოდნელი გადაწყვეტილებით – დემოკრატიული არჩევნებით (როგორც ივანიშვილი აზუსტებს „დემოკრატიულის მსგავსი არჩევნებით“) და შემდეგ მარცხის ღირსეული აღიარებით ჯამანაკები აურია ყველას და ყველაფერს?

სააკაშვილმა მართლაც გააოგნა (ქართლში ამგვარ გაოგნებას გამოთაყვანებას ეძახიან) ყოველი ჭეშმარიტი მეოცნებე – შოკისმომგვრელი აღმოჩნდა მათთვის პრეზიდენტის განცხადება ოპოზიციაში გადასვლასთან დაკავშირებით.

ბიძინაც დაიბნა და მისი მეკონსტიტუციე ვახტანგ ხმალაძეც. როგორ უნდა მართონ ქვეყანა, როცა ოპოზიციაში ქვეყნის პრეზიდენტია? ბიძინამ „იოლ“ გამოსავალს მიაგნო – გადადგომა მოსთხოვა პრეზიდენტ სააკაშვილს. მოგვიანებით ეს მოთხოვნა რჩევად გაასაღა.

ვითარება მართლაც უჩვეულოა, მაგრამ საქართველოს ისტორიას ახსოვს ბევრად უფრო უჩვეულო სიტუაციებიც – ერეკლე მეორის ოპოზიციის ლიდერი იყო… დარეჯან დედოფალი. კი, პარალელი მეტისმეტად ცერაა, ოპოზიციის ლიდერი მიხეილ სააკაშვილია და არა ეკატერინე ხვედელიძე, საერთო მხოლოდ ერთია – მაშინაც რუსეთთან დამოკიდებულების გამო იყო უჩვეულო „რასკლადი“ – ერეკლე რუსეთისკენ იწევდა, დედოფალი კი დაუძინებელი მტერი იყო რუსეთის.

მოვეშვათ ისტორიაში ნავარდს, რა დროს ესაა, აგერ ჩვენს ცხვირწინ იწერება ისტორია. „ოცნება“ რომ ქვეყნის სამართავად ყოფილიყო მზად, ბატონი ივანიშვილი ხომ უფრო გულდასმით გადაიკითხავდა კონსტიტუციას?! გადაიკითხავდა და აღმოაჩენდა, რომ პრეზიდენტმა უნდა წარადგინოს და პარლამენტმა დაამტკიცოს პრემიერ-მინისტრი, რომ პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტთან შეთანხმებით უნდა დააკომპლექტოს მინისტრთა კაბინეტი. აღმოაჩენდა და არაფრის დიდებით არ ეტყოდა უცხოელ ჟურნალისტს: „არავითარი პრეზიდენტი. არა, როგორ გეკადრება, არა, არა, არა…ეს იურიდიული პროცედურებია და ალბათ მეც და თქვენც პასუხის გაცემა გაგვიჭირდება, ამიტომ დროებით გადავდოთ“. 

აღმოაჩენდა, რომ ეს სააკაშვილმა გააიოლა საქმე, როცა განაცხადა, რომ წარადგენს „ოცნების“ დაკომპლექტებულ მთავრობას და არ შექმნის ქვეყანაში კრიზისს.

აღმოაჩენდა და კითხვაზე, „თუ თქვენ შემოგთავაზებთ პრემიერ-მინისტრის პოსტს“ – არ უპასუხებდა: „სააკაშვილი მე ვერაფერს შემომთავაზებს, მე შემიძლია შევთავაზო მას“. 

არადა, 1 იანვრამდე სწორედ სააკაშვილმა უნდა შესთავაზოს. ის მაინც გაიძახის: „ჩვენ უნდა ვმართოთ სიტუაცია, ამიტომაც მინდა მოვუწოდო მას, თავი არ გაიწვალოს… ის უნდა გადადგეს და დანიშნოს არჩევნები“.

არ იტყოდა, რომ თუ სააკაშვილი ვერ მოახერხებს ამას და არ გადადგება, „ჩვენ გვექნება შემდგომი შემხვედრი ნაბიჯები“. მას ეიმედება, რომ იქ – კონსტიტუციაში არის მუხლები, რომლითაც აიძულებენ გადადგომას. არადა, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა ურთულესია და ხანგრძლივი, ჯერ ერთი, პრეზიდენტს დარღვეული უნდა ჰქონდეს კონსტიტუცია, ან დანაშაული ჩადენილი, კონსტიტუციის დარღვევის შემთხვევაში უნდა მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს, დანაშაულის შემთხვევაში – უზენაეს სასამართლოს, ორივეს შემთხვევაში – ორივეს და ამ სასამართლოებმა უნდა დაასკვნან, რომ პრეზიდენტმა მართლაც დაარღვია კონსტიტუცია, რომ პრეზიდენტის ქმედებაში მართლაცაა დანაშაულის ნიშნები. თუ ეს დაასკვნეს, მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა დაისვას კენჭისყრაზე საკითხი იმაზე, რომ კენჭი ეყაროს პრეზიდენტის იმპიჩმენტს და თუ უმრავლესობა ხმას მისცემს, მხოლოდ ამის შემდეგ დადგება ეს კენჭისყრაზე და პრეზიდენტის იმპიჩმენტი შედგება თუ მას მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომელიც მათ არ გააჩნიათ. რომც გააჩნდეთ ამ მიეთ-მოეთში კი ისედაც გაუვა სააკაშვილს საპრეზიდენტო ვადა. 🙂

აი, კონსტიტუციის დარღვევას რაც შეეხება, კონსტიტუციის დარღვევა თავად ივანიშვილს მოუწევს, თუკი არ ააშენებს ლაზიკას. დიახ, დიახ, ლაზიკის შესახებ სწორედ კონსტიტუციაშია გაკეთებული ჩანაწერი. ააშენებს თავის სიტყვას დაარღვევს (არ აშენდებაო), არ ააშენებს და კონსტიტუციას. ვნახოთ, რომელს უფრო უფრთხილდება ივანიშვილი, თავის კომენტარს თუ კონსტიტუციას.

კიდევ ბევრ კითხვას აარიდა ბატონმა ბიძინამ თავი. აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა ჰკითხა, რას ფიქრობთ ყარაბახის კონფლიქტზეო და რა უპასუხა? „მე არ ვიცი, რომელი უფრო მძიმეა, თქვენი თუ ჩვენი. ორივე საკითხი ძალიან რთულია და გამიჭირდებოდა ამაზე ანალიზის გაკეთება და თავს შევიკავებდი“.

ამ პასუხს რომ მოისმენ, იფიქრებ ყარაბახში გუშინწინ იფეთქა კონფლიქტმა, ბატონი ბიძინა საარჩევნო კამპანიით იყო დაკავებული და დეტალებს ვერ ჩაუღრმავდა… ყარაბახის კონფლიქტი იმდენი წლისაა, მაგდენი წლის კონიაკიც აღარაა სომხეთში და რა ვერ გაანალიზა?

ბევრ კითხვას თავი აარიდა. ერთმა კითხვამ კი, როგორც ბურჯანაძე იტყოდა – „აღაშფოთა“. კითხვა კანონიერი ქურდების დაბრუნებას ეხებოდა. ჟურნალისტი ხელისუფლებასთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა. დებატებშიც შევიდა ჟურნალისტთან. თურმე, ნუ იტყვით, ამ კითხვას სერიოზულად აღარავინ არ სვამს.

„სააკაშვილმა გთხოვათ თუ ბოკერიამ გთხოვათ? ხალხში ასეთი კითხვები არაა…ამ კითხვას არ აქვს არანაირი საფუძველი, როდესაც ჩემი ბიოგრაფია, ჩემი ხელწერა, ჩვენი გუნდი, ერთ ადამიანზე ვერ იტყვით და უეცრად ასეთ შეკითხვას სვამთ კანონიერ ქურდებთან ვითანამშრომლებთ თუ არა…“ – ამბობს ივანიშვილი და იმასაც ამატებს, „რას ნიშნავს დაბრუნება, მერცხალი ხომ არაა გადმოფრინდეს“.

ამის მოსმენის შემდეგ რა უნდა თქვა? მხოლოდ ის, რომ კაი ხანია მერცხლების გარდა, ცაში ავიაციაც დაფრინავს და იმ თვითფრინავით ქურდსაც შეუძლია გადმოფრენა და რომის პაპსაც. და ხალხსაც, თუნდაც ბოკერია-სააკაშვილისგან დაბოლებულს, აქვს ეს კითხვა და უფლებაც იკითხოს, აბრუნებენ თუ არა ქურდებს. ისე, ხელისუფლებას რომ ვანო ჩამოშორდება, რა დაუპატიჟებლად არ დაბრუნდებიან, თუ? შეთანხმებაც რომ არ ყოფილიყო?

ისე, საინტერესოა, რა ხასიათზე დადგებოდნენ ქურდები, როცა მოისმენდნენ, როგორ ადარებდა ივანიშვილი მათ კუდმაკრატელა მერცხლებს.

კოალიციის ლიდერი და დღე-დღეზე პრემიერ-მინისტრი გვარწმუნებს, რომ არ იქნება პოლიტიკური ნიშნით დევნა, არ იქნება შურისძიება, რევანში. იგი გვარწმუნებს, მაგრამ სოციალური ქსელი რომ გაჟღენთილია შურისძიებით? სწორედ რევანშის წყურვილით? არა მარტო სააკაშვილის მთავრობის, არამედ რიგითი მხარდამჭერების მიმართაც?  ნუთუ ივანიშვილი მათ ამ ოცნებასაც ოცნებად დაუტოვებს? მერედა, რას იტყვიან რევანშის წყურვილით ანთებულები? არ დაკარგავენ საოცნებო ლიდერის პატივისცემას? შეძლებს კი ივანიშვილი შურისძიების წყურვილით სავსე საზოგადოების გაკონტროლებას?

ივანიშვილმა ქუჩის აქციებთან დაკავშირებითაც მიმართა საკუთარ აქტივისტებს, მოეშვით ქუჩის აქციებსო, მაგრამ მოეშვნენ? ვერ ლეწავენ საოლქო კომისიების ფანჯრებს? ვერ უვარდებიან კაბინეტებში? არ ახდენენ ზეწოლას?

ფიცი მწამს, მაგრამ ბოლო რომ გვაკვირვებს? მთლად ლიდერი ერთს ამბობს, სხვა ლიდერები კი, სუბარი მაგალითად, პირადად მეთაურობს ამგვარ აქციებს. რა ვიფიქროთ, ან რაღაზე ვიოცნებოთ?

ბიძოკრატიის საერთაშორისო ფიასკო

(შენიშვნა: ეს სტატია ნოემბრის ბოლოს დავწერე, გაეროში პალესტინის ამბებამდე რამდენიმე დღით ადრე. სტატია არ დაბეჭდილა…)

ALX_4075

რეზო შატაკიშვილი

ერთწლიანი სტაჟის მქონე პარტია ხელისუფლებად იქცა, ასევე ერთწლიანი სტაჟის მქონე პოლიტიკოსი ივანიშვილი – ქვეყნის პრემიერ-მინისტრად, პრემიერ-მინისტრად, რომელიც გვპირდებოდა, რომ ხელისუფლებიდან წელიწად-ნახევარში წავიდოდა, მაგრამ ისეთი სიჩქარეებია აკრეფილი, ემენდ ბევრად ადრეც არ აუხდინოს ეს ოცნება – ამჯერად ოპონენტებს. თავის მომხრეებს ვერ შეუსრულა, რასაც დაჰპირდა და იქნებ ოპონენტებს მაინც შეუსრულოს დანაპირები. აკრეფილი სიჩქარეები მართლაც განუმეორებელია, როგორც ქვეყნის შიგნით – ელექტორატის „რაზაჩეროვანიეს“ ამბავში და გაგებაში, ისე ქვეყნის გარეთ  – საერთაშორისო კრიტიკის მხრივ. ამ თვალსაზრისით, ივანიშვილმა უკვე გადაასწრო არათუ სააკაშვილსა და შევარდნაძეს, თვით ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებასაც კი. ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაზე  ხალხის ნაწილის გულაცრუება და დასავლური კრიტიკა რამდენიმე თვის შემდეგ დაიწყო, ივანიშვილი კი ჯერ ერთი თვის პრემიერი არცაა და ხალხს უკვე უთავდება „გაგების“ მარაგი. დასავლურმა პრესამ კი უკვე კრიტიკის სასტიკ ალყაში მოიმწყვდია. საერთაშორისო ფიასკო – ის კი არაა, რაც საფრთხედ ელის მის ხელისუფლებასა და კარიერას, ეს უკვე დიაგნოზია. ცხადია, ის ამ დიაგნოზს მტარვალ სააკაშვილს აბრალებს და სწორედ ამ ნაბიჯით დინების წინააღმდეგ კი არ მიდის ზვიად გამსახურდიასავით, არამედ იმ ჩიხსა და ცარიელ აკვარიუმში შედის, სადაც  თევზები აღარც აღმა ცურავენ და არც დაღმა.

Le Figaroმ სკანდალი აუგორა ივანიშვილის ვიცე-სპიკერს, მანანა კობახიძემ სექსუალური უმცირესობების აუტანლობით ფრანგული პრესა აღაგზნო, თავად ივანიშვილს კი Le Figaroღიად იხსენიებს პრორუსული ორიენტაციის მილიარდერად, რომელიც პოლიტიკური ოპონენტების დაკავებით „კუდიანებზე ნადირობს“. რატომ მიმართავს დასავლური მედია ამ ეპითეტს – „კუდიანებზე ნადირობას“? სწორედ იმიტომ, რომ ივანიშვილის მართლმსაჯულების ქვაკუთხედი მოწმეთა ჩვენებებია. ცოტაც და, ქვეყანაში გაჩაღებული სასამართლო პროცესები სეილემის პროცესს დაემსგავსება – სეილემის კუდიანთა სამსჯავროს. მე-17 საუკუნის ამერიკაში, მასაჩუსეტსის შტატში, სეილემში, კუდიანობის ბრალდებით 20 ადამიანი ჩამოახრჩვეს, 200-მდე დაიჭირეს და ციხეში ჩასვეს. სწორედ ეს ამბავი დაუდო საფუძვლად ლეგენდარულმა არტურ მილერმა თავის პიესას, რომელსაც ჩვენ „სეილემის პროცესის“ სახელით ვიცნობთ. არტურ მილერი ამ პიესით გამოეხმაურა სენატორ ჯოზეფ მაკარტის საგამოძიებო კომისიას, რომელიც საბჭოეთის აგენტებზე ნადირობდა და ბოლოს კრახით დაასრულა კარიერა. „კუდიანებზე ნადირობა“ პირველი წკიპურტია. დაჭერების გაგრძელების შემთხვევაში, გამორიცხული არაა, ამერიკულ საზოგადოებას ივანიშვილმა მაკარტიზმიც გაახსენოს.

მასობრივი დაჭერებისა და სხვა დაშვებული შეცდომების გამო ივანიშვილს აკრიტიკებს Liberationიც. პირდაპირ წერენ, „თბილისში კანონი ივანიშვილიაო“, „Economist“-იც არანაკლებ მწვავე სათაურს „აძლევს“: „მართლმსაჯულება თუ შურისძიება?“. მოკლედ, არ ეკიდება, რა, ეს დასავლეთი გაგებით იმას, რაც ფეხს იკიდებს საქართველოში – ბიძოკრატიას. დასავლეთი მოიკოჭლებს „გაგებაში“ 🙂 ამ ყველაფრის კულმინაცია კი მაინც “The Washington Post”-ის სარედაქციო წერილი გახდა. ერთმა ჟურნალისტმა კი არა, მთელმა სარედაქციო საბჭომ დააფიქსირა თავისი პოზიცია ივანიშვილის მიერ განხორციელებულ არასწორ  ნაბიჯებზე, დადებითად შეაფასეს მისი ამერიკაში ვიზიტის გადადება და ისიც დასძინეს, სანამ ოპოზიციონერ ლიდერებს იჭერს და ძალაუფლების მონოპოლიზაციას ცდილობს, ვაშინგტონში მისასალმებელი ფიგურა არ უნდა იყოსო. სწორედ აქ უმტყუნა ნერვებმა ივანიშვილს და ისეთი განცხადებები აკეთა სახელგანთქმულ „ვაშინგტონ პოსტთან“ დაკავშირებით, ლამის რეიგანისა და ძირმომპალი კაპიტალიზმის მარადიულ განმაქიქებელ აბონ ციციაშვილად იქცა. დაჭერებზე სკანდალურია, რაც მან განცხადა – თურმე „ვაშინგტონ პოსტს“ სარედაქციო წერილებს მიშა „აწერინებს“. მე მგონი, ბატონი პრემიერი დილა-საღამოს უსმენს გოგა ხაჩიძის „მიშა მაგარიას“ და თავს ვერ აღწევს ამ გავლენას. კიდევ უფრო სკანდალურია „ვაშინგტონ პოსტს“ პასუხს მოვთხოვთ“. მაინც რანაირად? ხადურ-წულუკიანის იურისდიქციას გაავრცელებს მთელ დუნიაზე? ამ „პასუხის მოთხოვნით“ ის დასავლური მედიის უარეს სამიზნედ იქცა, უკვე მოჰყვა თვითონ „ვაშინგტონ პოსტისა“ და საერთოდ, დასავლური პრესის საკადრისი პასუხები და დასავლეთმა კიდევ ერთხელ დაინახა, როგორ უყურებს მილიარდერი ივანიშვილი მედიასაშუალებებს. მათთვის ეს საგანგაშო სიმპტომია, ქართული მედიისთვის – არანაკლებ. როცა „ვაშინგტონ პოსტს“ ასე ხელაღებით „სთხოვენ პასუხს“, როგორი იქნება ქართული გაზეთების ხვედრი?

როგორი იქნება თავად ბიძინა ივანიშვილის ხვედრი საერთაშორისო ასპარეზზე, თუ ასე გააგრძელებს? გამორიცხული არაა, მეტეორივით ჩაუქროლოს მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებების „ქავერებს“. „ვაშინგტონ პოსტის“ სარედაქციო წერილი არა მარტო გაზეთის რედაქციის აზრსა და პოზიციას გამოხატავს, ამ გაზეთის სტრიქონებს შორის სახელმწიფოს პოზიციები იკითხება. ასე რომ, მართლაც საკითხავია, პრემიერმა გადადო ვიზიტი, როგორც თავად ამბობს, თუ ვაშინგტონში მიიჩნევენ არასასურველ სტუმრად და სწორედ ამიტომაც ინაცვლებს ევროპისკენ? თუმცა ამგვარი შემტევი რიხით, გამორიცხული არც ისაა, ევროპისთვისაც არასასურველი სტუმარი გახდეს. დასავლეთს კიდევ მრავალი ბერკეტი აქვს, შეუძლია ანგარიშები გაუყინოს. ეს დასავლეთს არაერთხელ გამოუყენებია სადამსჯელოდ. რას მოიმოქმედებს ივანიშვილი? ალბათ, ქალბატონი მაია „ვაშინგტონ პოსტს“ კიდევ ერთხელ ეწვევა. 🙂

ელენე თევდორაძის სკანდალური განცხადება, შესაძლოა, ადეიშვილის დაჭერის მიზეზი გახდეს

DSC_0187

„ჩვენი სიები, პრეზიდენტამდე, ხვდებოდა პროკურატურაში, იცხრილებოდა იქ, სვამდნენ სხვა პატიმრებს, ვისაც თვითონ მიიჩნევდნენ საჭიროდ. მერე ეს იფუთებოდა, როგორც ჩვენი კომისიის დასკვნა…“

„უკვე მეხუთე წელია, მე არ მინახია პრეზიდენტი. რამდენჯერაც ვეცადე შეხვედრა, მაგრამ მბლოკავდნენ“

„დაჭერები გაგრძელდება. თვითონ აძლევენ ამის საბაბას. სად გარბიან? თუ მართლები არიან?“

რეზო შატაკიშვილი

ინტერვიუ დაიბეჭდა ”პრაიმტაიმში”

23 ნოემბერს პრეზიდენტი პატიმრებს შეიწყალებს, შეწყალების კომსია ერთი კვირით ადრე შეიკრიბება. მაგრამ შეწყალების კომისიის თავჯდომარე, ელენე თევდორაძე, „პრაიმტაიმთან“ ისეთ სკანდალურ განცხადებებს აკეთებს სწორედ შეწყალების პროცესთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, ამ განცხადებებზე დაყრდნობით პროკურატურამ ზურაბ ადეიშვილი და პროკურატურის მაღალჩინოსნები დაიჭიროს.

ელენე თევდორაძე: – ჩვენი კომისია წელიწადში 4-ჯერ იკრიბებოდა და ჩვენი რეკომენდაციის საფუძველზე, პრეზიდენტი იწყალებდა პატიმრებს, იყენებდა მინიჭებულ კონსტიტუციურ უფლებას. უბრალოდ, შეგახსენებთ, გირგვლიანის საქმეში დაკავებული ბიჭების შეწყალებას… აი, ასეთი შეწყალებები, რომელიც ჩვენ კომისიას არ განუხილია, ძალიან ხშირად ხდებოდა.

რანაირად?

– მე, სამწუხაროდ, არ ვიღებდი ამაზე ხმას, მაგრამ ახლა შემიძლია თავისუფლად  ვილაპარაკო… ბოლო სხდომაზე ჩვენ განვიხილეთ 236 საქმე, რეკომენდაცია მივეცით 131-ს, ამ 131-დან, 40 პატიმარზე რეკომენდაცია მივეცით არა შეწყალებაზე, არამედ დარჩენილი ვადის განახევრებაზე. საერთოდ, როდესაც მოდიოდა საშინლად მძიმე სამედიცინო დასკვნა, მაგრამ პატიმარს ჩადენილი ჰქონდა მძიმე დანაშაული და არსებობდა დაზარალებული მხარე, ძალიან ვფრთხილობდით, არ მივდიოდით მთლიანად შეწყალებაზე და მხოლოდ დარჩენილი ვადის განახევრებაზე ვიძლეოდით რეკომენდაციას. მინდა გითხრათ, სოზარ სუბარიც ძალიან მკაცრი იყო ამ მხრივ. ჩვენ ყოველთვის ვითვალისწინებდით დაზარალებულის ინტერესებსაც. რაღაცნაირად ვაბალანსებდით. გადავაგზავნეთ ეს 131 საქმე პრეზიდენტთან, მაგრამ ჩვენი სიები, პრეზიდენტამდე, ხვდებოდა პროკურატურაში, იცხრილებოდა იქ ეს სია, თვითონ პროკურატურა სვამდა ამ სიაში სხვა პატიმრებს, ვისაც თვითონ მიიჩნევდნენ საჭიროდ. მერე ეს იფუთებოდა, როგორც ჩვენი კომისიის დასკვნა, მიდიოდა პრეზიდენტთან, პრეზიდენტი პრაქტიკულად ფორმალურად აწერდა ხელს. ასეთი პრაქტიკა დაინერგა ბოლო 2 წლის განმავლობაში, მანამდე ასე არ იყო, არ ვიცი, ვისი იდეა იყო, მაგრამ ასე ხდებოდა, პროკურატურაში მიდიოდა და იცხრილებოდა. იმ ჩვენი სიიდან რამდენი გამოვიდა იმ 131-დან? 12. აქედან 6 მთლიანად განთავისუფლდა, 6-ს გაუნახევრდა. არადა, იმ შეწყალებაზე საერთო ჯამში შეწყალებული იყო 204 ადამიანი. აქედან გათავისუფლდა 168, დანარჩენს გაუნახევრდა დარჩენილი ვადა. გავიდა ის, ვინც პროკურატურამ ჩასვა სიაში. ჩვენ მკაცრად ვიცავდით დაზალალებულის ინტერესებს, პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობას, საბოლოო ჯამში კი გამოდიოდნენ ისეთები, ვისაც, როგორც პატიმრები მეუბნებიან, დარჩენილი ჰქონდათ მრავალი წელი, არ ვიცი, რა პრინციპით ხელმძღვანელობდა ამ დროს პროკურატურა, შეიძლება იმიტომ, რომ თვლიდნენ, რომ თავიდან არასწორად მიუყენეს მუხლი და მოითხოვეს ეს სასჯელი, ანდა რაღაცა სხვა ინტერესი იყო ამაში ჩადებული.

ამის შესახებ პრეზიდენტთან არ გისაუბრიათ?

– მინდა გითხრათ, რაც პარლემენტიდან წამოვედი, ე.ი. უკვე მეხუთე წელია, მე არ მინახია პრეზიდენტი. რამდენჯერაც ვეცადე შეხვედრა, მაგრამ მბლოკავდნენ. ეს იყო გაუგებარი.

ვინ გბლოკავდათ?

– არც ვიცი, ვინ აკეთებდა ამას. მე შეხვედრას ვითხოვდი პრეზიდენტის აპარატში…  რადგანაც ვიცოდი, რომ ჩვენი სიები პროკურატურაში იცხრილებოდა, ზურაბ ადეიშვილთან მქონდა შეხვედრა და ავუხსენი, რომ ასე არ შეიძლებოდა, იმიტომ, რომ ჩვენ ვაგზავნიდით სიას, სადაც ძალიან მძიმე ავადმყოფები იყვნენ, მათ ტოვებდნენ შიგნით და ისინი იღუპებოდნენ. დავუსახელე კიდეც რამდენიმე ფაქტი, ჩვენ გავუწიეთ რეკომენდაცია შეწყალებაზე, ამოიღეს სიიდან და გარდაიცვალა, მალავე. ზურაბ ადეიშვილმა შემომთავაზა, ეს რომ არ განმეორებულიყო, თუ მექნებოდა ასეთი ფაქტები, დამერეკა და ინფორმაცია მიმიწვდია მისი მოადგილისთვის, დავით საყვარელიძისთვის. რაღაცა პერიოდის განმავლობაში ეს „სამკუთხედი“ მუშაობდა, მაგრამ მერე შეწყდა, დავით საყვარელიძე საერთოდ აღარ პასუხობდა ჩემს ზარებს. ბოლო შეწყალებაზე იყო 12 და მიხაროდა, რომ 12 დატოვეს სიაში, იმიტომ რომ იმის წინ გავაგზავნე 101 პატიმარზე და დაგვიტოვეს 5. სულ ვფიქრობდი, რატომღაა ეს კომისია?! თუ არ გვენდობიან, მაშინ რატომ ვართ? ძალიან განვიცდიდი. რა მაჩერებდა, რატომ არ ვტოვებდი ამ კომსიას? ამ ხუთი ადამიანის ინტერესი ხომ დავიცავი, ისინი ხომ არ გამოუშვებდნენ ამ ხუთ ადამიანს, ან იმ 12-ს?  პროკურატურა იძიებდა საქმეს, გამოჰქონდა სასამართლოზე, ვიცით, რომ  სასამართლო ყველა მათ მოთხოვნას უპრობლემოდ აკმაყოფილებდა, პრაქტიკულად პროკურატურამ სასამართლო ფუნქციებიც კი აიღო; პროკურატურა უთითებდა ვინ რომელ კამერაში უნდა მჯდარიყო, ვინ დაეტოვებინათ გლდანში და ვინ გადაეყვანათ და ბოლოს ისევ პროკურატურა იწყალებდა მათ!  ძალიან მიხარია, რომ ეს პრაქტიკა დამთავრდა. პროკურატურა ახლა, რა თქმა უნდა, არ ჩაერევა ამაში. შეწყალების პარალელურად მუშაობდა ვადაზე ადრე გათავისუფლების, ე.წ. უდოს კომისია, მაგრამ აქვე, სამწუხაროდ, მინდა გითხრათ, მას შემდეგ, რაც სასჯელაღსრულებაში მივიდა ბაჩო ახალაია, ამ კომისიის მუშაობამ მიიღო ძალზე უცნაურო ფორმა. მე როცა ვიყავი კომიტეტის თავმჯდომარე, ეს საკითხი ცხადია, მაღელვებდა და ბაჩო ახალაიასთან არაერთხელ მქონდა ამაზე საუბარი.

უცნაურ ფორმაში რას გულისხმობთ?

– კანონში გაწერილია, ვის ეკუთვნის ვადაზე ადრე გათავისუფლება. არის მუხლები, როდესაც ეს პატიმარს ეხება სასჯელის ნახევრის მოხდის შემდეგ, რიგ მუხლებზე ეს ეხებათ ორი მესამედის მოხდის შემდეგ, რიგ შემთხვევაში, სამი მეოთხედის მოხდის შემდეგ. მაგრამ ეს ხდებოდა მხოლოდ ერთ შემთხვევაში, როდესაც პატიმარს 6 თვეღა ჰქონდა დარჩენილი. მანამდე არაფერი არც გაჰქონდათ კომისიაზე განსახილველად. ვერასოდეს ვღებულობდი პასუხს კითხვაზე, რატომ? პრაქტიკულად ორგანო, რომელიც იცავდა კანონს, თავადვე არღვევდა კანონს პატიმრების მიმართ. გარდა ამისა, მაშინაც კი, როცა ეს 3, 4, 5, 6 თვეღა იყო დარჩენილი სასჯელის ამოწურვამდე, პროკურატურასთან შეუთანხმებლად, არც ერთი საკითხი არ გადიოდა კომისიაზე განსახილველად. პროკურატურაში იგზავნებოდა იმ პატიმრების სიები, ვისაც ჰქონდა დარჩენილი ეს 3, 4, 5 თვე, პროკურატურა ცხრილავდა ამ სიებს და უკან უბრუნებდა მათ.

ანუ,თუ პატიმარს, 6 თვეზე მეტი ჰქონდა დარჩენილი და კანონით ეკუთვნოდა გათავისუფლება, არ ათავისუფლებდნენ?

– არა, არც კი გამოჰქონდათ კომისიაზე განსახილველად, ყველას ეუბნებოდნენ უარს და ვისაც 6 თვეზე ნაკლები ჰქონდა დარჩენილი, იმათი სიებიც იცხრილებოდა. ეს პრაქტიკა იყო ძალიან მახინჯი, უკანონო და სრულიად გაუგებარი პატიმრებისთვის, მათი მშობლებისთვის. პატიმრებს უკვირდათ და მეუბნებოდნენ, რომ ციხეში რჩებოდნენ ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩამდენები, რეჟიმის მორჩილები და რატომღაც გარეთ გამოდიოდნენ ისინი, ვისაც უფრო მძიმე დანაშაული ჰქონდათ ჩადენილი და არც რეჟიმის მორჩილები იყვნენ.

რის საფუძველზე?

– ეს იყო პროკურატურის გადაწყვეტილებები. დღეს, როცა ბაჩო ახალაია დაკავებულია, მინდა გითხრათ, როცა ბაჩო იყო სოზარ სუბარის მოადგილე, რამდენჯერმე ერთად მოგვიწია გასვლა შეხვედრებზე და მაშინ ჩემს გვერდით იჯდა ძალიან ნორმალური უფლებათადამცველი. როცა სასჯელაღსრულებაში დაინიშნა, ძალიან მძიმე დავალება ჰქონდა მიცემული, რა თქმა უნდა, ძალიან საჭირო იყო ამ მაყურებლების, „ობშიაგის“, ყველაფრის დანგრევა, აუცილებელი, მაგრამ მეთოდი არ იყო სწორი. მე მაშინ შეიძლება არსად არ ვყვიროდი, მაგრამ ბაჩოსთან დავდიოდი ძალიან ხშირად და ბაჩოს ვესაუბრებოდი, ვაფრთხილებდი, ბაჩო, ახალგაზრდა ბიჭი ხარ, სულ არ იქნები ამ სისტემაში, ცხოვრება წინ გაქვს-მეთქი, საშინელი მაგალითებიც კი მოვუყვანე მაშინ, მეხუთე იზოლატორის უფროსი, როგორც კი განთავისუფლდა თანამდებობიდან „დაბრიდეს“, მოკლეს, იგივე მოხდა ქუთაისში. ქუთაისის ციხის დირექტორი, როგორც კი ის განთავისფულდა, მეორე კვირასვე მოკლეს. ეს მაგალითიც კი მოვუყვანე, რომ შურს იძიებენ.

– რატომ, რა გაძლევდათ ამის თქმის საფუძველს, წამება იყო ციხეში?

– იყო ის, რაც ყველამ ვიცით. იქ იყო ცემა. იყო ტყეპა,  როცა ახლა ლაპარაკობენ, რომ პირდაპირ ბაჩო ახალაია ამას აკეთებდა, ამას ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ. მაგრამ მე ვიცი მისი დავალებით ვინც აკეთებდნენ. გვარებით ვიცი, ძალიან მიკვირს დღეს, რომ რატომღაც ჭაკუა არ არის დაკავებული, მისი მოადგილე იყო. მანამდე ონიანი იყო, აღარ მახსოვს მისი სახელი. მანამდე იყო მეგის ქარდავა. მისი  დაწყება სამსახურში და აბსოლუტურად გარდაიქმნა ბიჭი ასეთ მონსტრად?! მაშინ, როდესაც ველაპარაკებოდი, ვუთხარი, მოდი რაღაცნაირად მეც დაგეხმარები, ყველანი დაგეხმარებით, რაღაცა სხვა ფორმით გავაკეთოთ. მე მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ეს არ იყო მისი ინიციატივა, მას ავალებდნენ, მაგრამ ვინ ავალებდა არ ვიცი და ის იყო შემსრულებელი. არ დაგიმალავთ და განვიცდი, ადამიანურად განვიცდი ბაჩოს დაჭერას, ციხისთვის არავინ არ მემეტება, მაგრამ როდესაც რაღაცას აკეთებ და დავალებას ასრულებ, ცოტა უნდა იფიქრო. იცით რა კარგად მახსოვს, შაშკინი რომ დაინიშნა, იმ დღეს გეგუთის კოლონიის გახსნა იყო და ჩავედი, იქ დამხვდა ბაჩოს მოადგილე ჭაკუა. ჭაკუას ვითხარი, ახალ მინისტრს საქმის კურსში ჩავაყენებ შენზე მეთქი. იცი, როგორ შეეშინდა? გათეთრდა, მთხოვა, ქალბატონო ელენე იქნებ დღეს არ უთხრათო. იმიტომ რომ ინიშნებოდა მოადგილედ. შაშკინი რომ ჩამოვიდა, ველაპარაკე, ვუთხარი, ეცადეთ, რომ იყოთ პროკურატურისგან დამოუკიდებელი, თქვენ ხართ მინისტრი და იმოქმედეთ თქვენს „ეპარქიაში“, იმუშავეთ ისე, როგორც გაწერილია კანონში. კი ველაპარაკე, მაგრამ ჩემი ხმა დარჩა უდაბნოში მღაღადებელ ხმად.

– ჭაკუაზე უთხარით?

– არ მითქვამს არაფერი, იმიტომ რომ მერე მითხრეს, შეიძლება არ დაინიშნოსო. მერე, როდესაც დაინიშნა, მე უკვე აღარ ვიყავი პარლამენტში…

– ქალბატონო ელენე, თუ ბაჩო ახალაია იყო ასეთი სადისტი, თუ მან შექმნა სადამსჯელო მანქანა, რამდენად ლოგიკურად მიგაჩნიათ მისი იმ ბრალდებით დაკავება, რომლითაც დააკავეს? თანამშრომლების შეურაცხყოფა, ვაშლის თლა…

– ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ, დარწმუნებული ვარ, რომ ამას დაემატება და დაემატება ძალიან ბევრი რამ. ძალიან ბევრი ფაქტი რომ დაემატება, ამაში დარწმუნებული ვარ, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იყო ციხის ბუნტი. იმ ბუნტის დროს, პირველი ვინც მივიდა, მე ვიყავი, ჩემს შემდეგ მოვიდა სუბარი, მერე ბოკერია მოვიდა, და დილით მობრძანდა იუსტიციის მინისტრი. ანეკდოტი იყო ეს. ვკითხე, სად ხართ? შვიდი გვამია, ყველაფერი დამთავრებულია-მეთქი. მე არავინ არ გამაღვიძაო. ეს იყო მისი პასუხი!

– როგორ ფიქრობთ, გაგრძელდება დაჭერები?

– გაგრძელდება. თვითონ აძლევენ ამის საბაბს. სად გარბიან? თუ მართლები არიან? ხარ იუსტიციის მინისტრი, გაბარია ამხელა პოსტი, სად მიდიხარ? გადააბარე და მერე წადი. იგივე შაშკინი, გვითხრეს, რომ ამერიკაშია მივლინებაში, წავიდა და აღარ დაბრუნდა. იქედან ამბობს, რომ თუ საჭირო გახდება, ჩამოვალო. გადააბარე და ისე წადი. სად არის მეგის ქარდავა? ვიცი, რომ წასულია. ვფიქრობ, რომ ჭაკუაც არ არის საქართველოში. რა გამოდის? ვიცი, რომ მე მაქვს საქმე ცუდად და მივდივარ? თვითონ აწერენ ხელს, რომ არის რაღაცა ისეთი, რაც მაიძულებს გავიქცე.

– მამალაძის, აბაშიძის დაბრუნებაზეა საუბარი, ამ ფაქტს როგორ შეაფასებთ, მოგწონთ, ყველა გაქცეულმა ერთად რომ წამოჰყო თავი?

– ვთვლი, რომ ეს ძალიან ცუდია. მამალაძემ არ უნდა ამოიღოს ხმა. არც აბაშიძემ სხვათა შორის. მამალაძეს, რომ ვუსმენ თურმე ანგელოზია. მე ვიცი რა ხდებოდა მასთან დაკავშრებით. სხვებს უფრო მეტი ეცოდინება. დარწმუნებული ვარ, რომ ესენი არც ჩამოვლენ. ისინი ყველანი არიან გასამართლებულები და როგორც კი ჩამოვლენ, აეროპორტიდან მივლენ ციხეში. მერე იქნება მათი საქმის გადახედვა.

– როგორ ფიქრობთ, მამალაძეს, აბაშიძეს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება დააკავებს?

– ადამიანები, რომლებიც არიან გასამართლებულნი, მათი გვარები არის კომპიუტერში. როგორც კი ჩამოვლენ, აეროპორტში დააკავებენ და წაიყვანენ ციხეში.

– და მეორე დღეს გამოუშვებენ?  ჩვენ ვნახეთ, როგორ გამოუშვეს თამაზაშვილი, სუბარის ძმა…

– სუბარის ძმა გამოუშვა მე მგონი პრეზიდენტმა, მაგრამ მამალაძე არ მჯდარა ციხეში.

– ეს ელიტური ციხიდან გამოშვებები როგორ მოგწონთ? რომელიც ახალი ხელისუფლების მოსვლისთანავე დაიწყო? გამოუშვეს სუბარის ძმა, თამაზაშვილი და ციხეში დარჩნენ სხვა პატიმრები, თუნდაც 26 მაისის მომიტინგეები.

– ისინი გამოვიდნენ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით.

– ბიძინა ივანიშვილის  კატეგორიული მოთხოვნით.

– მერე რა. იმიტომ რომ იცოდნენ, რომ არ უნდა ყოფილიყვნენ ციხეში. უსამართლოდ იყვნენ დაკავებულნი.

– ამ თვეშია შეწყალების კომისია და პარალელურად ხორციელდება ამინისტია, შეწყალება , ამინისტია… ციხიდან ამდენი პატიმრის გამოშვება არ გაამწვავებს კრიმინოგენურ სიტუაციას? ეს პროცესი აქამდე გარკვეულ ფარგლებში იჯდა, გარდა ამისა, გამართულად მუშაობდა პოლიცია და თუ ციხიდან გამოსული კვლავ ჩაიდენდა დანაშაულს, კვლავაც დაისჯებოდა, რაც საზოგადოებას არ აგდებდა შიშში, რა გველის?

– მე, ნაწილობრივ ვიზიარებ მაგ შეშფოთებას. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ შეწყალებაზე, ან ვადაზე ადრე განთავისუფლებაზე, საქმეები ინდივიდუალურად იხილება, მაგრამ ამინისტიის დროს საქმე გვაქვს მუხლთან. ამნისტირებული არა პიროვნებაა, არამედ მუხლი, რის საფუძველზეც პატიმარი იხდის სასჯელს. ვიღაც მართლა უკანონოდ იყო გასამართლებული და არაა დამნაშავე, მაგრამ ვიღაცამ ხომ მართლაც ჩაიდინა ეს დანაშაული? პერსონალურად საკითხი არ იხილება, ვერ აწონ-დაწონი და ყველა გარეთ გავა, ვინც ამ მუხლით გათვალისინებული დანაშაული ჩაიდინა და ვინც არ ჩაიდინა და ეს მუხლი მიუყენეს. გარდა ამისა, გარეთ გასული პატიმარი სამუშაოს ვერ შოულობს, პატიმრობის დროს მისმა ოჯახმა კრედიტი აიღო, იპოთეკით დატვირთეს ბინა, დაკარგეს ბინა, გაყიდეს ყველაფერი, რომ თავი ერჩინათ. იყო შემთხვევა, რომ ციხიდან გამოსულ პატიმარს, გზის ფული არ ჰქონდა, სახლში რომ წასულიყო, სადგურში ფული მოიპარა, დააკავეს და უკან შეაბრუნეს. ეს შემთხვევა არ იყო ერთადერთი. აქ რას აკეთებს, რას აპირებს საზოგადოება?

– საზოგადოება კი არა, ახალი მთავრობა რას აკეთებს და რას აპირებს, რომელიც დიდი იმედით აირჩია მოსახლეობამ, რომელიც მიმართავს ასეთ ამნისტიას?

– გასაგებია,  მაგრამ ყველაფერს ნუ მოვითხოვთ ხელისუფლებისგან. საზოგადოებას როდესაც ვამბობ – არიან ბიზნესმენები, არიან მეწარმეები, არიან კიდევ ვიღაცები… საზღვარგარეთ არასამთავრობოები, რომლებიც პატიმრების უფლებებზე მუშაობდნენ, მათ უფლებებს მხოლოდ ციხეში კი არ იცავდნენ, მათზე ზრუნვას მერეც აგრძელებდნენ, როდესაც ისინი გარეთ გამოდიოდნენ. ვიღაცა პატარა ქარხანას აკეთებდა და იქ ამუშავებდა, ვიღაცა კიდევ რაღაცას აკეთებდა. ე.ი. აძლევდნენ საშუალებას, რომ პირველ ეტაპზე მაინც რაღაცა შეეტანათ ოჯახში. ეგრძნო, რომ ის არ არის მოკვეთილი საზოგადოებისგან.

– ქალბატონო ელენე, პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც პატიმართა უფლებებზე აპელირებით მოვიდა ხელისუფლებაში, და რომელიც ახლა მიმართავს ფართომასშტაბიან ამნისტიას, თვითონვე უნდა იზრუნოს ამნისტირებული პატიმრების ბედზე.

– ჩვენ არ ვიცით რამდენად ფართომასშტაბიანი იქნება. მე არ ვერევი ამ საკითხებში, მაგრამ თუ მომისმენენ და დამიჯერებენ, ამნისტია უნდა შეეხოს ეკონომიკურ დანაშაულს, ისინი საზოგადოებისთვის ნამდვილად არ არიან საშიშები და არ იყო მათი ციხეში ყოფნა საჭირო. შესაძლებელი იყო მათ პირობითი ჰქონოდათ. ამ კატეგორიის პატიმარი ძალიან ბევრია ციხეში.

– ქალბატონო ელენე, თქვენ ბრძანეთ, მაშინ არ ვსაუბრობდი და ახლა შემიძლია ვისაუბროო, ხომ არ ჯობდა, თუ პრეზიდენტს არ გახვედრებდნენ, გამოსულიყავით და საჯაროდ, ღიად გეთქვათ? ეს პრეზიდენტისთვისაც უკეთესი იქნებოდა, თქვენი გუნდისთვისაც და საზოგადოებისთვისაც?

– აბსოლუტურად უშედეგო იქნებოდა ეს. რატომ გადავწყვიტე პოლიტიკიდან წასვლა? ჯერ კიდევ 2 წელი მქონდა დარჩენილი დეპუტატობის, როდესაც მე ინგა გრიგოლიასთან, პირდაპირ ეთერში განვაცხადე, რომ მივდივარ პოლიტიკიდან. მე, როგორც კომიტეტის თავმჯდომარე, უკვე ვერ ვგრძნობდი, რომ შემეძლო იმის კეთება, რის კეთებაც საჭირო იყო. მე აღმოვჩნიდი უმრავლესობის უმცირესობაში. განსაკუთრებით ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ… ზურა იყო  სერიოზული საყრდენი ჩემთვის, ადამიანი, ვისთანაც შემეძლო დაჯდომა, საუბარი, გულისტკივილის გაზიარება, შემეძლო მომესმინა მისი აზრები და მითითებები. რომელსაც ზოგჯერ მივყვებოდი და ზოგჯერ არა…  მე მარწმუნებდნენ, რომ დავრჩი სადღაც, რომ ფეხი ვერ ავუწყვე ცვლილებებს, რევოლუციის შემდეგ, რომ ახალგაზრდები წავიდნენ წინ… რა ვიცი, ჩავთვალე, რომ არ ვარ მართალი, მაგრამ საბოლოოდ, პირველ ოქტომბერს გამოჩნდა, რომ მე ვიყავი მართალი…

– შეცდომების არსებობას სააკაშვილიც აღიარებს და სხვა ლიდერებიც, როგორ მიგაჩნიათ, რამ განაპირობა საზოგადოების ასეთი არჩევანი?

– „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანიაში ერთხელ მაინც თუ მოგისმენია რამე ადამიანის უფლებებზე? არც პრეზიდენტისგან, არც სხვა ლიდერებისგან მე ეს არ გამიგია, პრეზიდენტი „აწვებოდა“ სოციალურ საკითხებს, „მეტი სარგებელი ხალხს“, მაგრამ მე ასე მგონია, ხალხი ითხოვდა არა სარგებელს, არამედ სამართლიანობას. ეს ოპოზიციის  ყველაზე ძლიერი იარაღი იყო. მოითხოვდა სამართლიანობას.

– კი, მაგრამ „ოცნებას“ ხომ სწორედ სოციალური დაპირებების გამო მისცა ხალხმა ხმა?

– არ გეთანხმები. „ოცნებას“ მისცეს ხმა იმიტომ, რომ… მე ძალიან მომეწონა როგორ ჩაატარეს საარჩევნო კამპანია.

– ციხის კადრების გამოყენებიანად?

– ციხის კადრები ბოლოს იყო, მე ვამბობ მთლიანად კამპანიაზე, სულ ვუსმენდი ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას. ის ლაპარაკობდა უსამართლობაზე. ძალიან სერიოზულ აქცენტს აკეთებდა ამაზე. „ოცნებაც“ და „ნაციონალური მოძრაობაც“, ორივე საუბრობდა სოციალურ საკითხებზე, სოფლის მეურნეობის აღორძინებაზე, ჯანდაცვაზე და ა.შ. მაგრამ „ოცნება“ ამის გარდა აქცენტს აკეთებდა სამართლიანობაზე, დეცენტრალიზაციაზე. დეცენტრალიზაცია არ ნიშნავს, პარლამენტი სად იქნება. დეცენტრალიზაცია ნიშნავს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება უნდა იყოს ნამდვილად ადგილობრივი ხელისუფლება და არ უნდა შესცქეროდეს ცენტრალურ ხელისუფლებას, რამდენს გადაუგდებს. ესეც  დასამალი არ არის, შიგნით ვიყავი და ვიცი, ვინც ჩვენიანი იყო, უფრო მეტ ტრანშს ვაძლევდით, რომელი მაჟორიტარიც ოპოზიციიდან იყო, დაჩაგრული იყო.

– ქალბატონო ელენე, თუ ყოფილა შემოთავაზება ბიძინა ივანიშვილის ან ახალი ხელისუფლების სხვა ლიდერების მხრიდან თქვენთან თანამშრომლობაზე?

– არ ყოფილა. მინდა გითხრათ, რომ, ალბათ, არც იყო საჭირო. მათ თავისი გუნდი ჰყავდათ და ამ გუნდით მოდიოდნენ. ძალიან გული მტკივა, მომსწრე ვარ, როგორ უყვარდა ხალხს მიშა სააკაშვილი და გული მტკივა, რომ დღეს ასეთი დამოკიდებულება არის მის მიმართ. მიშაა მხოლოდ დამნაშავე? არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ, რომ შესაძლოა გარემოცვა არც ეუბნებოდა რამეს ნაკლოვანებებზე და პირიქით, ასე ვთქვათ,  „პადხალიმობდნენ“ და ყველაფერში თავს უქნევდნენ. ვფქრობ, რომ არც ესენი არიან სუფთები.

– ამბობთ, რომ მომსწრე ხართ როგორ უყვარდა ხალხს სააკაშვილი და ხედავთ რა დამოკიდებულებაცაა დღეს, თუმცა მინდა შეგახსენოთ, რომ არჩევნებზე მისული ამომრჩევლის 40 %-მა მხარი მის პარტიას დაუჭირა, იმ 40%-ის უფლებებს დაიცავით ქალბატონო ელენე, იმ 40%-ის აზრიც გასათვალისწინებელია…. და იმ მილიონი მოქალაქისაც, რომელიც საერთოდ არ მივიდა არჩევნებზე და კაცმა არ იცის, ვის უჭერენ მხარს…

– რა თქმა უნდა… მომეწონა ბიძინას განცხადება, რომ ის არის პრემიერ-მინისტრი ქვეყნისა და არა ერთი ნაწილისა. რომ ის თანაბრად იზრუნებს მხარდამჭერებზეც და მათზეც, ვინც არ მისცა ხმა. მთავარია, ეს განცხადება განცხადებად არ დარჩეს.

– როგორ შეაფასებთ ამ ხელისუფლების პირველ ნაბიჯებს, რა კომენტარს გააკეთებთ?

– არ გავაკეთებ. მე სამი თვის შემდეგ ვიტყვი, მომწონს თუ არ მომწონს.

%d bloggers like this: