Category Archives: პოლიტიკა

დავით საყვარელიძე: „მომავალ არჩევნებზე თბილისი იქნება ყველაზე ობიექტური და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი“

davit sayvarelidze

„ქართული სასამართლო თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის ამ ქვეყანაში და ამაში დარწმუნდება ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც დღეს მოსულია ხელისუფლებაში“

 „პატრულის ჩამოშლა ადვილი არ არის, ეს შეიძლება იყოს ძალიან გრძელვადიანი პროცესი. ეს ერთ-ორ კვირაში არ ჩამოიშლება“

რეზო შატაკიშვილი

(ინტერვიუ დაიბეჭდა ”პრაიმტაიმში”).

რატომ ვერ გაგრძელდება დიდხანს დაჭერები და რა  სიურპრიზები ელის ივანიშვილის ხელისუფლებას სააკაშვილის მიერ რეფორმირებული სასამართლოსგან? რა ავანტიურას წამოეგო ამომრჩეველი და რისი იმედი აქვთ ნაციონალებს მომავალ არჩევნებში?

„პრაიმტაიმი“ პარლამენტარ დავით საყვარელიძეს ესაუბრება.

– უკვე ამ გადასახედიდან, როგორ ფიქრობთ,რა იყო არჩევნების წაგების მიზეზები? მე მგონი, ცოტა ზედაპირულია, მარცხი დაბრალდეს მხოლოდ ბოლოს გავრცელებულ ციხის კადრებს…

– რაც ხდება, ჯანსაღი პროცესია და ბევრისგან განსხვავებით ტრაგედიად არ მივიჩნევ. ჩვენ საზოგადოება გადავტვირთეთ იმ წარმატებებით და სიახლეებით, რომელიც ამ ქვეყანაში ხდებოდა, ბუნებრივია, შეცდომებთან ერთად – ვინც არ მუშაობს, ის შეცდომებს არ უშვებს. თუმცა იმ შეცდომების მასშტაბი რომ შეადარო იმ წარმატებებს, რაც მართლა იყო, ძლიან უმნიშვნელო იქნება. მე მიმაჩნია, რომ ჩვენ რაიმე დიამეტრული შეცდომა არ დაგვიშვია. აქ მოხდა ერთგვარი კონკურენცია რეალურ საარჩევნო პროექტებსა და ზერეალურ დაპირებებს შორის, ერთგვარ აუქციონს დაემსგავსა არჩევნები, ჩვენს პოლიტიკას (მეტი მუშაობა, მეტი საქმის კეთება, მეტი შედეგი,  ტექნოლოგიური განვითარება, ბიუროკრატიული ბარიერებისგან, კორუფციისგან, კრიმინალისგან გათავისუფლება…) დაუპირისპირდა ამომრჩევლისთვის ბევრად კომფორტული იდეა – ყველაფერი უფასოდ, უმოკლეს ვადებში, უფასო ხვნა-თესვა, უფასო განათლება, მილიარდიანი ფონდი, რამდენიმე ასეული მილიონი იქით, რამდენიმე აქეთ და ა.შ. ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ ხალხში ძალიან დიდი მოლოდინები გააჩინა. ამომრჩევლისთვის გაუგებარია, რატომ უნდა მოგცეს შენ ხმა მეოთხედ, როცა შეუძლია მოსინჯოს რაღაც სხვაც, აგერ კაცი არის მოსული, მის უკან არის რამდენიმე მილიარდი, მას აქვს გაკეთებული ჭორვილა, ჭორვილა ჰგავს შვეიცარიას და ის ადამიანი მეუბნება, რომ მთელი საქართველო იქნება ჭორვილა. ანუ იქნება შვეიცარია. ჩვენი გეგმები კი უკავშირდებოდა გრძელვადიან ეკონომიკურ პროცესს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ათჯერ გავზარდეთ ბიუჯეტი, სამჯერ გაიზარდა ეკონომიკის ხვედრითი წილი ერთ სულ მოსახლეზე, ჩვენ მაინც ვერ შევძელით ეკონომიკის იმ დონეზე აყვანა, რომ ამომრჩევლის სტანდარტი ყოფილიყო ოდნავ განსხვავებული. ბევრი მათგანი ძალიან დიდ ავანტიურას წამოეგო, მაგრამ ახლა ხალხს ექნება შედარების საშუალება, ნახავენ რა ვიყავით ჩვენ და რითია ჩვენზე უკეთესი ან უარესი ახალი ხელისუფება.

-რითი ხსნით, განსაკუთრებულად მწვავე მარცხს თბილისში?

– თბილისი განსაკუთრებით სპეციფიკური ქალაქია, ძალიან რთულია თბილისს რომ ასიამოვნო, ასი სიკეთიდან ერთი თუ არ გამოგივიდა, არ მოგიწონეს, ეს ერთი ასს გადაფარავს. ურთულესი სტანდარტების ქალაქია, პირად ურთიერთობებს ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და ეს პირადი ურთიერთობები სამწუხაროდ, საზოგადოებრივ აზროვნებაზე უფრო მაღლა დგას ხოლმე. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ არჩევნებზე თბილისი იქნება ყველაზე ობიექტური და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი… ქვეყნისთვის ამოსავალი წერტილი უნდა იყოს განვითარება. განვითარების თვალსაზრისით კი ტრაგედია არ არის, თუ ერთი პოლიტიკურ ძალა შეიცვლება მეორე პოლიტიკური ძალით. რამდენად ხარისხიანია ეს პოლიტიკური ძალა და რამდენად პოლიტიკური ძალაა საერთოდ, ეს ცალკე საკითხია… თუ თვალს გადავავლებთ იმ კატაკლიზმებსა და ცვლილებებს, რომელიც საქართველოში მიმდინარეობდა 2004 წლიდან, ხელისუფლება არ იყო მარტივ მდგომარეობაში. ბოლო 20 წლის მანძილზე საქართველო გაღარიბდა 70%-ით, ასეთი რამ გერმანიას არ მოსვლია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მაშინ გერმანია 50%-ით გაღარიბდა მხოლოდ. ჩვენს წინაშე მდგარი გამოწვევა იყო ძალიან მტკივნეული და ბევრად რთულად გასაკეთებელი, ვიდრე რომელიმე ქვეყანას ჰქონია ოდესმე –  ჩვენ უნდა აგვეკრიფა აზიური განვითრების ტემპები, დასავლური დემოკრატიის სტანდარტებით. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ დავმსგავსებოდით, გვქონოდა ტაივანის, სინგაპურის მსგავსი ეკონომიკა, თუნდაც თურქეთის მოდელთან დაახლოებული, ათათურქის მოდელების გათვალისწინებით. ამისთვის ჩვენ გვიწევდა ძალიან სწრაფად, ზოგჯერ ქირურგიულადაც გარკვეული რეფორმების გატარება, რისთვისაც საზოგადოების ნაწილი მზად არ იყო და ეს ბუნებრივიცაა. ადამიანებს უჩნდებათ დისკომფორტი, პროტესტი. იოლი არაა განახორციელო კარდინალური რეფორმები, დაწყებული სამართალდამცავი, დამთავრებული ეკონომიკური მიმართულებებით და ადამიანები, რომლებიც შეჩვეულები იყვნენ სულ სხვანაირ ცხოვრებას, ერთბაშად გადაიყვანო რაღაც ლიბერალურ მოდელებზე. ამის გარდა, ქვეყნის ეკონომიკა, მოსახლეობის დიდი ნაწილი, ვერ დაეწია იმ ტემპებს, რომელიც ჩვენ გვქონდა აღებული. იყო ჩავარდნები საზოგადოებასთან კომუნიკაციის თვალსაზრისითაც, ალბათ, უფრო მეტად უნდა მოგვესმინა ხალხისთვის, მეტი კომუნიკაცია გვქონოდა. ჩვენ, 24  საათი ვიყავით შეკეტილები და ვაკეთებდით  იმ საქმეს, რომელშიც ჩვენ დარწუნებულები ვიყავით და ახლაც ეჭვი არ გვეპარება, რომ სწორი იყო და ეს ქვეყანა ნამდვილად წინ წავწიეთ, მაგრამ საზოგადოების რაღაც ნაწილისთვის ეს აღმოჩნდა მიუღებელი.

– თქვით,რომ იყო ბევრი წარმატება, რა მოხდა  რეალურად, ვერ დაინახა ხალხმა ეს სიკეთე?

არა, ხალხმა დაინახა ეს სიკეთე, ნახა, რომ სარგებლის მიღება რეალურია, ეს ადამიანი კი ჰპირდებოდა ბევრად მეტს და გადაწყვიტეს მოესინჯათ. ვხუმრობ კიდეც ხოლმე, ჩვენი სლოგანი „მეტი სარგებელი ხალხს“, ასე გადათარგმნეს მეთქი, შეეცადნენ რაც შეიძლება მეტი სარგებელი მიეღოთ. ეჭვი მეპარება, რომ ეს მეტი სარგებელი მიიღონ, ეს დაპირებები უბრალოდ არარეალურია და არარეალისტური.

– ახსენეთ, ხალხს ექნება შედარების საშუალება. აქ რაღაც ქვეტექსტი არის ის, რომ ხალხს გაუცრუვდება იმედები, ანუ „ნაცმოძრაობის“შემდგომი ნაბიჯები და წარმატება ბევრწილად დამოკიდებული იქნება „ოცნების“წარუმატებელ პოლიტიკაზე, მათი „ჩასვრის“ იმედი გაქვთ?

– არამხოლოდ. პირველ რიგში წარმატებები მინდა ვუსურვო, მე არ ვარ ჩემი ქვეყნის მტერი და მინდა, რომ ჩემზე უკეთესი ადამიანი მოვიდეს და ჩემზე უკეთ გააკეთოს საქმე. მე ვიქნები ბედნიერი და საერთოდ წავალ პოლიტიკიდან თუ ნამდვილად დავინახავ, რომ ვიღაცა ჩემზე წარმატებულად აკეთებს და მე ვყოფილვარ მცდარი ჩემს შეხედულებებში. მე სურვილი მაქვს ვიყო მიუკერძოებელი, ობიექტური კრიტიკაში, არ მინდა ვინმეს ლანძღვით ვიყო დაკავებული და ვიღაცის წარუმატებლობით მოვიპოვო პოლიტიკური ქულები. „ოცნების“ წინააღმდეგ ვინმე რომ წავა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად „ნაციონალური მოძრაობის“ მხარეს შემოტრიალდება. ამისთვის საჭიროა აქტიურად მუშაობა, ხალხთან შეხვედრები, ჩვენ მალე კიდევ უფრო გავაქტიურდებით, უბრალოდ, რაღაც დრო დაგვჭირდა, რომ დაგვესვენა, მე პირადად ძალიან გადაღლილი ვიყავი, იოლი არაა აქტიურად იყო ჩართული საარჩევნო კამპანიაში და შემდეგ წარუმატებლობაც იწვნიო პირველად, მაგრამ  ვინც არ იცის დამარცხების გემო, იმან არ იცის გამარჯვების გემოც. ჩვენ ვიყავით გარკვეულ სფეროებში წარმატებული მენეჯერები, ნანახი გვაქვს წარმატებაც, წარუმატებლობაც, ვიცით რა არის საქმის ნულიდან დაწყება და წარმატების მიღწევა, საერთაშორისო აღიარების მოპოვება, თუმცა ახლა გვაბრალებენ, რომ ეს საერთაშორისო აღიარება და რეიტინგები ჩვენი მოგონილია… ჩვენ ენერგიაც გვაქვს, გამოცდილებაც, კონტაქტებიც და ვაგრძელებთ იგივე მიმართულებით მუშაობას. ჩემთვის პირადად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დარჩეს როგორც ქმედითი, ძალიან ეფექტური და გადაიარაღებული ახალი პარტია, რომელიც გააგრძელებს მუშაობას. დასამალი არაფერია, ძალიან ბიუროკრატიული ფორმა ჰქონდა მიღებული პარტიას, 9 წლის განმავლობაში კარდინალურად არაფერი შეგვიცვლია პარტიის სტრუქტურაში, დღეს „ნაციონალურ მოძრაობას სჭირდება გადაიარაღება და ჩვენ ვართ ამ რებრენდინგის და გადაიარაღების სერიოზულ პროცესში. აქამდე ყველა პარტია, რომელიც ჩამოშორდა მმართველობას, გაქრა ისტორიიდან, მე მახარებს ის ფაქტი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აგრძელებს თავის მოღვაწეობას, ამჯერად ოპოზიციაში და ამას არა აქვს მნიშვნელობა. თურქეთი აიღეთ მაგალითისთვის. ერდოღანის ერთ დროს უძლიერესი და გავლენიანი პარტია დღეს სადღაც 30%-ს ფლობს თურქეთის პარლამენტში.

– არჩევნების შემდგომ დღეებში, როდესაც დაიწყო ნაციონელბის გადინება „ოცნებაში“,  სოციალურ ქსელში გქონდათ სტატუსი,მიესალმებოდით ამ ფაქტს, რომ „ვირთხები“ მიდიოდნენ და პარტია იწმინდებოდა. ესეც ხომ არ იყო მარცხის ერთ-ერთი მიზეზი? ბევრი უმაქნისი, უმსგავსოიყო „ნაციონალურ მოძრაობაში“, მის ქვედა რგოლებში და ხალხს სწორედ მათთან ჰქონდა უშუალო ურთიერთობა, მათგან გამომდინარე ექმნებოდა წარმოდგენა ხელისუფლებაზე.

– მმართველი პარტიისა და ძლიერი ხელისუფლების ავადმყოფობა და დაავადება არის სწორედ ფილტრების შესუსტება, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ეტმასნება, ძალიან ბევრ ადამიანს უნდა, რომ ამითი ერთგვარად თავისი სტატუსი, აქტუალურობა და მნიშვნელობა წამოსწიოს. წმენდის არაჩვეულებრივი საშუალება კი სწორედ ასეთი ექსტრემალური სიტუაციები, რყევები და პოლიტიკური კრიზისებია. მე ვთვლი, რომ ვინც ახლა ჩვენს გვერდით დარჩა, ისინი არიან ნამდვილად თავის ღირებულებების ერთგული ადამიანები, ვინც გასამდიდრებლად, სახელის და გავლენების მოსახვეჭად არ ყოფილა პარტიაში და გვამოძრავებდა ერთადერთი მიზანი – ამ ქვეყნის ფეხზე დაყენება და ჩვენ ვთვლით, რომ ეს წარმატებით შევძელით. ამის ერთ-ერთი მაგალითია ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება მეორე გაერთიანებაზე. მიუხედავად იმისა, რომ დიდი სიმპათიით ერთმანეთის მიმართ არ გამოვირჩევით და ამაში დასამალი არაფერია, ძალიან ნორმალურად გადავაბარეთ ხელისუფლება ამ ადამიანებს, ყოველგვარი ძიძგილაობის, სროლებისა და უბედურების გარეშე. ამ სასტუმროში („თბილისი მარიოტი“ – სადაც შედგა ინტერვიუ – რ.შ), სადაც ჩვენ ყავას და ჩაის მივირთმევთ, ტანკები იდგნენ და აქედან ესროდნენ პარლამენტის შენობას – ასეთი იყო ხელისუფლების გადაბარების ტრადიცია საქართველოში.

– განხორციელებული დაჭერები შეფასდა პოლიტიკურ დაჭერებად, როგორ ფიქრობთ, პროკურატურა, სასამართლო რომ ნამდვილად რეფორმირებული ყოფილიყო, ასე უცებ გადაეწყობოდა პოლიტიკური დაკვეთების შესრულებაზე? ეს ყველაფერი არასაკმარის რეფორმაზე არ მიუთითებს?

მე არ ვიცი, კონკრეტულად ვინ მუშაობდა ამ საქმეებზე, ვინ აკრიფა ბრალის დადგენილება კომპიუტერში, მაგრამ მე ვიცი, რომ პროკურატურაში მოხდა გარკვეული საკადრო ცვლილებები, ძირითადად დააბრუნეს ძველი, ბიზნესების ლობირების გამო, ჩვენს მიერ გაშვებული თანამშრომლები, ზოგი ძმაკაცობა-ნათესაობის პრინციპით არის მობრუნებული და დარწმუნებული ვარ, ძმაკაცობის პრინციპით მოხდა ამ საქმეებზე მუშაობა. რაც შეეხება პოლიტიზებას, თქვენ თუ მოგისმენიათ ბოლო წლების განმავლობაში ასე ღრმად პოლიტიზებული გამოსვლა ან მთავარი პროკურორის, ან მისი მოადგილის, ჩემი ჩათვლით? მაგალითად, როგორც ისმენთ ბოლო კვირეების განმავლობაში? რაღაც პოლიტიკურ შოუს დაემსგავსა, როდის გვეტყვით? ორშაბათს გეტყვით…

– შეიძლება თქვენ არ გამოსულხართ, მაგრამ იყო დრო, როდესაც ამ ქვეყანაში ჰყვაოდა სატელევიზიო დაჭერები…

– რომელი მაგალითად?

– ირაკლი ოქრუაშვილის განხორციელებული, აბსოლუტური ტელეშოუები.

– მე არ ვამბობ, რომ ყველაფერსვეთანხმები, რაც ადრე იყო, არც მაშინ მომწონდა ოქრუაშვილის მივარდნები საროსკიპოებში, არც ის, თავად რომ აკავებდა ხალხს გენერალური პროკურორი და ეს დღესაც მიუღებელია ჩემთვის. თუ ვინმემ რამე ჩაიდინა 2004 წელს, ეს იმას არ ნიშნავს, იგივე გავიმეორო დღეს, 2012 წელს. როცა წინასაარჩევნო კამპანიისას ქადაგებ, „პირველ რიგში მოვახდენ პროკურატურის დეპოლიტიზირებას“, იმარჯვებ და იგივეს იმორებ… თუ იმაზე გაქვს ამბიცია, რომ ჩვენზე უკეთესი იყო, არ უნდა გაიმეორო ოქრუაშვილის შეცდომები. მე პასუხისმგებელი ვარ ჩემს კარიერაზე, მსგავსი პოლიტიზირებული პროკურატურა, ჩემი მუშაობის პერიოდში, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, მე არ მახსოვს. მე ბედნიერი, გაბრწყინებული სახით გამოვსულვარ და მითქვამს, რომ ადამიანი დავაკავე, რომ დაელოდეთ კიდევ ძალიან ბევრ ეპიზოდს დავუმატებთ?..

– რაც შეეხება სასამართლო? სასამართლოში ხომ არ მომხდარა საკადრო ცვლილებები.  

– სასამართლომ, ჩემი აზრით, მიიღო ძალიან სამართლიანი გადაწყვეტილება, გირაოთი გამოუშვა ადამიანი, რომელიც არ დაემალა რუსეთის აგრესიას და ავტომატგადაკიდებული, დაჭრილი შევარდა ომში….

ეს სასამართლომ გამოუშვა თუ მოხდა დასავლეთის საშინელი ზეწოლის შემდეგ?

– არა, სასამართლომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ნებისმიერმა ელჩმა და საერთაშორისო ორგანიზაციამ რაც არ უნდა განაცხადოს, სასამართლო წყვეტს საბოლოო ჯამში ყველაფერს. თუ სასამართლო შეშინებულია, მაშინ სასამართლო არ გამოუშვებდა.

– სერთაშორისო ზეწოლას ვერ უძლებს ადგილობრივი,საქართველოს ხელისუფლება და საქართველოს ხელისუფლება უკვეთავს შემდეგ სასამართლოს.

– არა მგონია, სწორედ რასმუსენის განცხადებების შემდეგ წაუყენეს კალანდაძეს ახალი ბრალდება, შეეცადნენ დაემძიმებინათ მისი მდგომარეობა და მოეთხოვათ მისი წინასწარი პატიმრობა. სასამართლო ნამდვილად სწორ გზაზეა.

– ეს როგორ გავიგოთ, კალანდაძის შემთხვევაში სასამართლო რეფორმირებული გვაქვს და ბაჩო ახალაიას შემთხვევაში არარეფორმირებული?

–  მე პროფესიული ეთიკიდან გამომდინარე, თეა წულუკიანივით და კბილაშვილივით არ ვისაუბრებ, თავს შევიკავებ სასამართლოზე რაიმე კომენტარისგან. არ მაქვს უფლება მათი გადაწყვეტილებები შევაფასო პოლიტიკურად, ეს იქნება ზეწოლა, მნიშვნელობა არა აქვს პოლიტიკური ზეწოლა ხელისუფლებიდანაა თუ ოპოზიციიდან. საერთოდ, მოსამართლეების მიმართ ასეთი ანგაჟირებული იერიშების წინააღმდეგი ვარ. თეა წულუკიანი, რომელიც გვპირდება, რომ მე სასამართლოს გავათავისუფლებ პოლიტიკური წნეხისგან, შემდეგ ბედნიერი სახით გამოდის და ამბობს, მე დავაკავე გენშტაბის უფროსი საკუთარ კაბინეტში, მეორე დღეს კი საერთაშორისო ორგანიზაციებს იწვევს, იწვევს კოტე კუბლაშვილს და მისი თანდასწრებით საუბრობს იმაზე, რომ თურმე მოსამართლეების დასჯის და მათ მიმართ დისციპლინარული  დევნის პრაქტიკა არაფექტურია, არ აკმაყოფილებს და უნდა შეიცვალოს კანონმდებლობა, რომ უკეთესად დასაჯონ არსებული მოსამართლეები… რას ჰგავს ეს, გამაგებინეთ? არის თუ არა ეს პოლიტიკური ზეწოლა? ქართული მართლმსაჯულება და სასამართლო ნამდვილად შემდგარია და ქართული სასამართლო თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის ამ ქვეყანაში და ამაში დარწმუნდება ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც დღეს მოსულია. ვიღაცის ჯიბის სასამართლო ეს ნამდვილად არ იყო, მათ ექნებათ საშუალება იმუშაონ ამ სასამართლოსთან, თვითონაც დარწმუნდებიან. ახლა სამართალდამცავ სისტემაში რაც ხდება, ეს კატასტროფაა. რაღაც რევანშის სუნი უფრო უდის ამას, ძველი გათავისუფლებული პოლიციელები კორუფციისა და კიდევ სხვა მძიმე დანაშაულის ბრალდებით, ან ეჭვებით და ცუდი რეპუტაციით გაშვებული ადამიანები ბრუნდებიან და დგებიან ძირითადი ძალოვანი ორგანოების, მენეჯმენტის სათავეში. რა მოტივაცია უნდა ჰქონდეთ ამ ხალს? მათ ჰქონდათ თავის დროზე ყველანაირი ბერკეტი საიმისოდ, რომ დაედოთ შედეგი. რა შედეგიც გვქონდა ყველას კარგად გვახსოვს, ხომ? სიმართლე გითხრათ, ღარიბაშვილის მიმართ მე პიროვნულად არ ვარ ცუდად განწყობილი, იმიტომ, რომ ეს ადამიანი გამოვიდა და პირველი, რაც თქვა, იყო ის, რომ მე თქვენს პოლიტიკას, სისხლის სამართლისას, შევინარჩუნებ, ანუ ნულოვან ტოლერანტობას. ეს არის დიდი მონაპოვარი და ეს კაცი ხვდება და აანალიზებს და თქვა, რომ მე ამას გავაგრძელებო, რაც ძალიან კარგია, ტაბატაძე და ლაშა ნაცვლიშვილი ამას რამდენად შეძლებენ, ეს მეორე საკითხია. მე დარწმუნებული ვარ, რომ მალე მიხვდება, რომ ამ ადამიანების აშენებული შსს ამ პროდუქტს ნამდვილად ვერ დადებს და ვერ შეინარჩუნებს.

– ეს არ შეიცავს იმ საფრთხეს, რომ ჩამოიშალოს პატრულის სისტემა, რასაც მოჰყვება განუკითხაობა?

– ჯერჯერობით პატრული მუშაობს, პატრული არის ინსტიტუტი, რომლის ჩამოშლაც ადვილი არ არის. პატრულში არის ტრადიციები, პატრულში გაიზარდა პატრულ-ინსპექტორებისა და მათი ზემდგომების თაობა, რომლებსაც ასევე უშვებენ სამსახურებიდან. თუმცა ყველა რიგითმა იცის თავისი  უფლება-მოვალეობა, მაგრამ ამ რიგითს უნდა მუდმივი პატრონობა, მუდმივი განათლება, იქ უნდა იყოს დაწინაურების ობიექტური სისტემა, კარიერული წინსვლის კიბე, წახალისების სისტემა, სოციალური გარანტიები. საფრთხე არსებობს, მაგრამ პატრულის დაშლა, ეს შეიძლება იყოს ძალიან გრძელვადიანი პროცესი. ეს ერთ კვირაში და ორ კვირაში არ ჩამოიშლება.

– როგორ ფიქრობთ, გაგრძელდება დაჭერები? ფაქტია, რომ ეს ხელისუფლება ვერ სთავაზობს ხალხს პურს და იძულებულნი არიან გადავიდნენ სანახაობაზე – დაჭერებზე.

– არა მგონია, მათ ჰქონდეთ ამის სურვილი, მაგრამ სჭირდებათ, იმიტომ რომ ხალხს ჰპირდებოდნენ დავიჭერთ და ციხეში ჩავყრით ამათ დიდ ნაწილს, იმიტომ რომ ესენი არიან კაციჭამიები და ა.შ. დაჭერები მათ სჭირდებათ იმ წარუმატებლობის გადასაფარად, რაც მათ ელით. დღევანდელი კვერცხი, რომელსაც ვერ მიიღებს საზოგადოება, უნდა გადაიფაროს, ასე ვთქვათ, დაკავებული ჩინოვნიკებით, რომლებისგანაც შეეცდებიან, რომ შექმნან გარკვეული დემონები, რომლებიც ადამიანებს სჭამდნენ, ხარშავდნენ, ხოცავდნენ… მაგრამ რამდენ ხანს გასტანს ეს? რამდენიმე თვე შეიძლება ეს საკვები აჭამო ამომრჩეველს, მაგრამ მოვა გაზაფხული და ადამიანებს მოუნდებათ სამედიცინო დაწესებულებაში უფასოდ მისვლა გამოკვლევაზე, გლეხს მოუნდება უფასო ხვნა-თესვა, რამდენი ჩინოვნიკიც გინდა დაიჭირე, დაჭერილი ჩინოვნიკი პურს, ხორბალს და ყველს მისცემს გლეხს? კბილებს ჩაუსვამს დაზღვეულ ადამიანს, ოპერაციას გაუკეთებს? ამიტომ ეს არის ძალიან სუსტი ტალღა, რომელსაც ესენი ვერ აწევენ ჩემი აზრით. ადამიანის დაჭერა არ არის მარტივი. ამას სჭირდება ნებისყოფა, ძალიან დიდი შინაგანი ენერგია, დიდი ლეგიტიმაცია, საზოგადოებრივი აზრის მხარდაჭერა. მე ვგულისხმობ პოლიტიკურ დაჭერებს. ამ ტალღას ვერ აწევენ, იმიტომ რომ დაჭერას სხვა თვისებები სჭირდება, რომელიც მათ არ აქვთ ნამდვილად. მათ აქვთ ბოღმა, მათ აქვთ ყოჩობის სურვილი ამომრჩეველთან, რომ გამოჩნდნენ ძლევამოსილები. ესაა რევანშისტული მთავრობა. პარლამენტში საუბარი მიდის მუდმივმოქმედ საგამოძიებო კომისიაზე, რომლის თავმჯდომარეც მუდმივად იქნება თინა ხიდაშელი. თინა ხიდაშელი მუდმივად იქნება დასაქმებული და მას ექნება საშუალება, რომ მუდმივად, პოლიტიკური შოუები დადგას პარლამენტში. ეს მაშინ, როცა მათ განკარგულებაშია შსს, პროკურატურა, ფინანსური პოლიცია, ძალიან ბევრი მაკონტროლებელი ორგანო, რომელსაც შეუძლია აკადემიურად დაიწყოს საქმის გამოძიება და დაამთავროს, გადასცეს სასამართლოს. ესაა რიტორიკა – ჩვენ მოვედით იმიტომ, რომ თქვენ გაჩვენოთ სეირი. ეს ჩვენების სერია დიდი ხანი ვერ გაგრძელდება, ამ საკენკს საზოგადოება დიდი ხანი არ აკრეფავს.

გამორიცხავთ, რომ  ხიდაშელის კომისია დაერიოსთვითონ ოცნებისმიტრებსაც?

– არაა გამორიცხული, იმიტომ რომ „ოცნება“ ჭრელი წარმონაქმნია, „ქართული ოცნება“ არ არის პოლიტიკური პარტია. „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი იდეის გარშემო გაერთიანებული – ეს არის ზიზღი და შიში „ნაციონალური მოძრაობის“, იმიტომ რომ ყველა ვართ ცოცხლები და ყველას გვაქვს გონება გახსნილი, ყველას გვაქვს ენერგია და სურვილი ჯანსაღი ოპონირების. არა მგონია „ოცნებამ“ დიდხანს შეინარჩუნოს ერთიანობა, საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ აიღეს, ვერც აიღებენ და დაკარგავენ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღდეგ ბრძოლის მოტივაციას. ჩვენთან ძიძგილაობა მობეზრდებათ და დაერევიან ერთმანეთს. „ოცნება“ არაა იდეის გარეშემო შეკრებილი ხალხი, ესაა დაბოღმილი, გამდიდრების მოსურნე ხალხის ჯგუფი, ცხადია, იქ ბევრი ღირსეული ადამიანია, რომლის ინტელექტს, წარსულს, პატივს ვცემ, მაგრამ უმეტესობას მერკანტილური ინტერესები აქვს, ცოტა ხანში ღარიბაშვილს, ივანიშვილს, მინისტრებს დაუდგებათ მათი პარლამენტარების რიგები, რომლებიც მოითხოვენ ბიზნესებს, წილებს, მიადგებიან მათი აქტივისტები, „დამასაქმე“, „მე მინდა ბიზნესი“, ყველას ყველაფერს ვერ შეუსრულებენ და დაიწყება გაღიზიანება, რღვევა.

 

„რუსუდან კარავში შედი“ -დან – „შედი ქალო, „ბუტკაში“-მდე

ტრაგედიიდან კიჩამდე – სააკაძის კარავიდან ივანიშვილის „ბუტკა“-მდე

კადრი ფილმიდან "გიორგი სააკაძე"

კადრი ფილმიდან “გიორგი სააკაძე”

(5 ნოემბერი, 2012 წელი, გაზეთი “პრაიმტაიმი”).

რეზო შატაკიშვილი

„რუსუდან, შედი კარავში!“ – არავინ იცის, მართლაც ასე მიმართა თუ არა, სააკაძემ თავის თანამეცხედრეს, ეს ფილმის რეალობაა – ასე ხორავას გიორგი სააკაძე მიმართავს ვერიკო ანჯაფარიძის რუსუდანს.
„შედი, ქალო „ბუტკაში“ – კი ნამდვილად ბრძანა ივანიშვილმა მაღალი ტრიბუნიდან. სააკაძის ტრაგედია და ივანიშვილის ჩამოფასებული იუმორი.
ტრაგედიიდან კიჩამდე – სააკაძის კარავიდან ივანიშვილის „ბუტკა“-მდე.

 

ესეც ჩვენი აღმაფრენის დაღმართი და ამ ორ წერტილს შორის გამომწყვდეული ისტორია. კარავი არაერთგან ფიგურირებს საქართველოს ძველ და ახალ, უახლეს ისტორიაში. ხან კარვის სახით, ხანაც საკნის და ხანაც აგერ უკვე „ბუტკის“ სახით. თუ ისტორიას „კარვულ-ბუტკური“ გადასახედიდან გადავხედავთ, საინტერესო სურათს მივიღებთ.
მართლაც არავინ იცის, მართლაც კარავში იხილა თუ არა სააკაძის მეუღლემ პაატას მოკვეთილი თავი, მაგრამ კარავი ნამდვილად ფიგურირებს სააკაძის ბიოგრაფიაში – სხვა ეპიზოდში – კერძოდ, წავკისის ტრაგედიაში. ფარსადან ციციშვილისა და შადიმან ბარათაშვილის გეგმით, სააკაძე წავკისს მიიწვიეს, მეფესთან სანადიროდ, რომ იმ ღამეს თავს დასხმოდნენ და მოეკლათ. სააკაძე ერთი მხლებლის ამარა ეწვია სიძეს, „ღვინო დალია, თავის კარავში შევიდა, რათა დაისვენოს და დილით ნადირობას შეუდგეს“. არადა, მასზე იწყებოდა ნადირობა, მაგრამ ვერ დაიწყო – ბააკა ხერხეულიძემ მოახერხა და გააფრთხილა – მოურავი ახალუხის ამარა გავარდა კარავიდან, მხოლოდ ხმლის აღება მოასწრო. ბააკა ხერხეულიძეს ძვირი დაუჯდა სააკაძის გადარჩენა – „დააჭრეს ცხვირ-პირი“.
კარავში უპირებდნენ მოკვლას ქეთევან დედოფლის მეთაურობით აჯანყებული კახელები მოღალატე კოსტანტინე-მირზას. ეს მაშინ, როცა კონსტანტინემ კახელების და ყიზილბაშების ჯარით შირვანზე გაილაშქრა, ოსმალთაგან შაქი გაანთავისუფლა, მაგრამ შემახს რომ მიადგა, ვეღარ სძლია ოსმალებს, ქართველებმა დრო იხელთეს. კონსტანტინეს კარავს ქართველთა რაზმი დარაჯობდა, სწორედ ეს რაზმი შეიჭრა ყიჟინით კარავში მის მოსაკლავად, მაგრამ კონსტანტინემ თავს უშველა – ხმლით კარვის უკანა კალთა გააპო და გავარდა. ძმისა და მამის მკვლელი, სამშობლოს მოღალატე მაინც ჩააძაღლეს ბელაქნის წყალზე გამართულ ბრძოლაში.

მოკლედ, კარავი იყო ადგილი – პოლიტიკური ანგარისსწორების… ისე, ქართულ პოლიტიკაში, ყველაზე შთამბეჭდავი შინაარსი, „კარავმა“ სააკაძემდე ბევრად ადრე შეიძინა – ეს თამარის დროს იყო, როცა აბუნტებულმა დიდგვაროვნებმა თამარს თანამდებობებიდან გადააყენებინეს უგვარონი – აფრიდონი და ყუბასარი, და როცა დიდებულები ერთმანეთს დაერივნენ გამოთავისუფლებული თანამდებობებისთვის, ასპარეზზე მაშინ გამოვიდა „კარავი“ – მეჭურჭლეთუხუცესმა ყუთლუ ასლანმა (რომელიც ამირსპასალარობისკენ იწევდა) და მისმა დასმა, როგორც თამარის ისტორიკოსი გვამცნობს „უცხოდ მოსაგონებელი“ რამ განიზარახა და მოიმოქმედა – მოითხოვა ისანში, თამარის სასახლესთან დაარსებულიყო „კარავი“ – მუდმივმოქმედი საკანონმდებლო ორგანო. კარავს უნდა ჰქონოდა უმაღლესი მართლმსაჯულების ფუნქცია, უფლება უმაღლესი მოხელეების დანიშვნა-გადაყენების, თამარი მხოლოდ აღმასრულებელ ხელისუფლად რჩებოდა. მონარქია იზღუდებოდა, რაც შემდგომი ეპოქების გადასახედიდან პროგრესულადაც შეფასდა, როგორც მცდელობა კონსტიტუციურ მონარქიაზე გადასვლის, პარლამენტარიზმის ჩასახვის. მაგრამ მაშინ, თამარმა, იგრძნო რა, რომ ამით მისი მეფობის დასასრული იწყებოდა, დიპლომატიური სვლით, ხვაშაქ ცოქილისა და კრავაი ჯაყელის მეოხებით, გაანეიტრალა პარლამენტარიზმის სიო. ამბოხებულებმა ისევ თამარს შეჰფიცეს ერთგულება და არ „გაიშალა“. თამარის ისტორიკოსის მეოხებით კი ყუთლუ-არსლანი ისტორიაში დარჩა როგორც „ბიჭი, რომელმაც ჯორის ორბუნებოვნება გამოიჩინა“…

 

კარავი ისტორიაში ჩაიკარგება, გავა მრავალი საუკუნე და „კარვის“ ფენომენი ამოყვინთავს. და სად? ზედ პარლამენტის წინ. როგორც ედუარდ შევარდნაძე იტყოდა, ყუთლუ-არსლანი რომ ცოცხალი ყოფილიყო საფლავში გადატრიალდებოდა 🙂 – ეს ღიმილი, როგორც აკაკი იტყოდა, ცრემლზე უფრო მწარეა – კარვებით დაიწყო უახლესი ისტორიის ტრაგიკული ხანა. ეს კარვები ზვიად გამსახურდიას მომხრეებმა გაშალეს რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ (მაშინ მთავრობის სახლად იწოდებოდა). ამ კარვებმა ახალი ფენომენი შვა „კარვის ქალები“… კარავი –  ავადმოსაგონრად იქცა. საზოგადოების ნაწილში ეს კარვები აგრესიას იწვევდა და იწვევს იმ ადამიანების გამო, ვინც მაშინ კარვებში იყვნენ და გამსახურდიას იცავდნენ, მაგრამ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, კარავი განზოგადდა და არეულობის, ქაოსის ატრუბუტად იქცა. არცაა გასაკვირი ხალხში რომ ამ ემოციას იწვევს. ამ ემოციას რომ იწვევს, ეს სამიოდე წლის წინაც გამოჩნდა, როდესაც ბურჯანაძის მეთაურობით ოპოზიციამ თბილისში კარვების დადგმა განიზრახა და დაიწყო. ხალხს ამ კარვებმა ის კარვები გაახსენა და კარვებს მალე საკნები ჩაანაცვლეს, სიმბოლურადაც „დატუმბეს“ – რომ სააკაშვილმა ქვეყანა საკნად გადააქცია. თუმცა,  ტელევიზიასთან, რუსთაველზე და მრავალ სხვაგან გამოფენილი საკნები, მაინცდამაინც არ ჰგავდა საკნებს, გალიებს უფრო ჰგავდა. მაშინდელი ხელისუფლება აპელირებდა კიდეც ამაზე და გალიებად იხსენიებდა. მაშინ ოპოზიციამ დიდად ვერ ილომ-გალია. საკნები აიღეს.

 

ბოლო წლების თბილისში ისევ გამოჩნდა კარვები – ამჯერად უკვე სხვაგვარი დანიშნულებით, კვირაობით კარავს დასცემდნენ ხოლმე მარჯანიშვილის მოედანზე, თავისუფლებაზე, სხვა საკვანძო ადგილებში და იყო ერთი „იარმურკა“ – ვაჭრობა. ეს კარვები, თავისი ფორმით იმდენად ჰგავდა სააკაძის კარავს, გადასაღები მოედნიდან მოპარული გეგონებოდა, და ცოტაც და პირზე მოგადგებოდა – „შედი რუსუდან კარავში“.
კარავმა ბოლოს წინასაარჩევნო პერიოდშიც გაიელვა – ალაგ-ალაგ „ოცნებამ“ კარავი დასცა – აქაოდა, ოფისები ვერ გვიქირავია – მესაკუთრეები არ გვაქირავებენ ხელისუფლების შიშითო.
ეს „კარავიადა“ საბოლოოდ დაგვირგვინდა ივანიშვილის ანეკდოტით – „შედი ქალო ბუტკაში“. ამ უკბილო ანეკდოტმა, არა დადგმულმა „ბუტკამ“ ან იქ შეყვანილმა ქალმა, უბრალოდ ნათქვამმა „ბუტკამ“ წრედი შეკრა. კარავი-საკანი-„ბუტკა“… ოპოზიციის ჯამბაზის, ვანო ჯავახიშვილის არ იყოს, მართლაც და რამ გაახსენა, საიდან გაახსენდა ივანიშვილს „ბუტკა“?
„ბუტკა“ – ეს 90-იანი და შემდგომი (განსაკუთრებით 90-იანი) წლების ფინთადმოსაგონარი ატრიბუტი. როცა თბილისი და არა მარტო თბილისი იყო ნაქცევი ერთ დიდ „ბუტკნარად“. ქართველი ქალები სერიულად იქცნენ „ბუტკის ქალებად“ – „ბუტკა“ კარგა ხანს რჩებოდა თავის გატანის, შიმშილისგან თავის დაღწევის ერთადერთ თუ არა, ერთ-ერთ წამყვან საშუალებად, როგორც მათთვის, ვისაც სადმე „ბუტკა“ ედგა, ისე მათთვის ვინც იქ იყო დასაქმებული (მერე რა რომ მიზერულ ხელფასად მუშაობდნენ – ათას ინფლაციაზე გადამხტარ კუპონებსა, რუსულ მანეთებსა თუ ოდნავ მოგვიანებით შემოსულ თითოოროლა ლარზე). ეს „ბუტკები“ გადარჩენის საშუალება იყო სხვათათვის – ბიჭებისთვის ვინც მაყუთს აწერდა, ასევე მათთვისაც ვისაც შეეძლო ნისიად – ჩაწერით გამოეტანა ლუკმა-პური და შიმშილი მოეკლა. „ბუტკებს“ მიჰქონდა თბილისის ქუჩები, წლები დასჭირდა „ბუტკნარის“ „გაჩეხვას“. ახლა თბილისში ალაგ-ალაგ თუ ნახავ „ნუგეშის“, ან სხვა რომელიმე კომპანიის „ბუტკას“ „სანუგეშოდ“.
გამოვიარეთ კარვების ხანა.
გამოვიარეთ „ბუტკნარის“ ხანა.
გამოვიარეთ საკნების ხანა.
და ბიძინამ „ბუტკაო“… რა არის ეს, ვადაგასული, ჩამოფასებული ანეკდოტი თუ მინიშნება კარვების, საკნების, „ბუტკების“ ხანის კვლავაც აღირძინებაზე? მე მგონი, მაინც ვადაგასული იუმორია, უტყუარი საბუთი – დღევანდელი პოლიტიკური კიჩისა.

 

განცხრომა ოცნებებში!!! – „ეგონა“, „გეგონა“, „მეგონა“…

 

15 ოქტომბერი, 2012 წელი, გაზეთი “პრაიმტაიმი”

რეზო შატაკიშვილი

„ეგონა“, „გეგონა“, „მეგონა“… ამ ზმნის უღლება სწორედაც რომ უპრიანია ბოლო ხანს განვითარებული მოვლენების გადამკიდე.

ყველას რაღაც ეგონა. მაგალითად, ბიძინა ივანიშვილს ეგონა, რომ პარლამენტი აირჩევდა პრემიერ-მინისტრად და არ დასჭირდებოდა სააკაშვილის წარდგინება. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ეგონა, სააკაშვილი არ აღიარებდა მარცხს, მეტიც, არ გააყალბებდა არჩევნებს… მას საერთოდ სხვაგვარი ეგონა იმ ქვეყნის კონსტიტუცია, რომელიც უნდა მართოს. ეს უკვე აღმოაჩინა და ახლა უკვე სხვა რამ ჰგონია – „ჭკუაზეა მოსაყვანი კონსტიტუციაო“. ქვეყნის უმთავრეს კანონს რომ ახალი მმართველი ასე უყურებს, ხომ წარმოგიდგენიათ რას უპირებს სხვა, რიგით კანონებს. და კიდევ: მას ჰგონია, რომ ჭკუაზე მოიყვანს კონსტიტუციას. მაგრამ როგორ ახლებს ხელს კონსტიტუციას, როდესაც საკონსტიტუციო უმრავლესობა არა ჰყავს? მას ისევ ჰგონია, რომ უმრავლესობას შექმნის. უმრავლესობას იმ ნაციონალი დეპუტატების ხარჯზე, რომელიც განუდგება სააკაშვილს. ვნახოთ, აოცნებდებიან თუ არა ნაციონალი დეპუტატები და აუნთებენ თუ არა მწვანეს ბიძინას კონსტიტუციის „მოსაჭკვიანებლად“. ცალკე თემაა, რისთვის სურს ბიძინას.

მე რატომღაც მართლა კვალიფიციური იურისტი მეგონა თეა წულუკიანი, მაგრამ  ისეთი რამ თქვა „იმედის“ ეთერში – გამაოგნა. არ ვიცი, რა ეგონა და რა ფუნქციების ჰგონია იუსტიციის სახლები. ჰკითხეს, იუსტიციის სახლის სერვისით თუ გისარგებლიათო და რა უპასუხა? „მე არ მისარგებლია, იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილმა ჩემთვის საქართველოში დაბრუნებისას ვერ მოასწრო მოქალაქეობის ჩამორთმევა…“

რა ჰგონია, იუსტიციის სახლებში მხოლოდ მოქალაქეობაჩამორთმეულნი დაიარებიან?

ირაკლი ალასანიასაც ბევრი რამ ეგონა. ეგონა, საპრეზიდენტო კანდიდატი იყო, მივიდა ბრიფინგზე და აღმოაჩინა, რომ არ იყო –  ივანიშვილმა ვახტანგ ხმალაძე მოიხსენია ამ კონტექსტში, ისიც სამარქაფოდ, უფრო იმისთვის, რომ გაენელებინა ის ტკივილი, რომელიც ხმალაძეს მიადგა – მას უკვე თავი მთელი პარლამენტის თავმჯდომარე ეგონა და გაიგო, რომ მარტო იურიდიული კომიტეტი შერჩა ხელში.

ალასანია პრეზიდენტობის კანდიდატი ვერ იქნება – ეს პირველი შოკი იყო მისთვის იმ დღეს, მეორე შოკმაც არ დაახანა – გაიგო, რომ შს მინისტრი ვერ იქნება, მესამე შოკი – გენშტაბს პრეზიდენტი ნიშნავს… არადა, რამდენი რამ ეგონა? ერთ დღეში სამი შოკი მართლაც მეტისმეტია. ბატონ ბიძინას იქნებ დაენდო ეს მუდამ ღიმილიანი ალასანია.

მხოლოდ ალასანია იდგა ბადრი მთვარესავით სააკაშვილი-ივანიშვილის შეხვედრის შემდეგ რომ გამოეფინენ პრეზიდენტის რეზიდენციის წინ. ალასანია რომის პაპზე მეტი კათოლიკე გამოდგა – ბიძინას არ ეწერა სახეზე კმაყოფილება, ალასანია კმაყოფილი იყო. იხუმრეს კიდეც, ალასანია იმდენად ნაწყენია და იმდენად შოკშია – გაბმულად იღიმის წყენის დასამალადო.

მას ბევრი რამ ეგონა. არ ეგონა ის, თუ მისი საუბრები იწერებოდა და ეს საუბრები თუ ამდენს დააკარგვინებდა, თორემ ასე უხამსად არ მოიხსენიებდა ბიძინას, თავს აარიდებდა იმ მეტაფორებს, რომელიც სტყორცნა ლიდერს „აუ ეს რა ყ…“. ძვირი დაუჯდა ეს ყ..-ური მეტაფორა.

არც გუბაზს დაუჯდა იაფი, რომ გაიძახოდა მილიონები უნდა ვიშოვოო. ბიძინა ივანიშვილის ოჯახზე საუბარი, ემანდ ისე არ დაუჯდეს, საოცნებო არ გაუხდეს კარაქიანი პური. თუმცა, თუ ივანიშვილის მიერ წამოწეულ კადრებს გადავხედავთ, გამორიცხული არაა, კვლავ ის არნახული ინფლაცია დაიწყოს და გუბაზი უბიძინოდაც გახდეს მილიონერი. ემანდ ყველა არ გაგვითანაბროს ბატონმა ბიძინამ, ემანდ ყველას არ გვქონდეს 5 მილიარდი…

ჯერჯერობით, მხოლოდ ღარიბაშვილს შერჩა გინება. პირიქით, ლიდერმა მოუწონა კიდეც – „ეს რა გინება სცოდნიაო“. გინება მოუწონა? ეს თქვენ გეგონათ, თორემ მან ის მოუწონა – ღარიბაშვილმა ის რომ იცის, ვის აგინოს…

ივანიშვილმა იმდენი ვინმე წამოაყენა პოლიტიკური სასაფლაოდან, გეგონება მაიკლ ჯექსონის „triller“ უყურებ – ჯექსონი რომ მიდის და გვამები რომ საფლავებიდან დგებიან. მიდის „ბიძო“ და დგებიან ყორღანებიდან, ცოტაც და გოგლას წაგვიკითხავენ – „ისევ აღვსდექი, მუხრანის ბოლოს, ჩასაფრებული ვსინჯავ იარაღს…“.

„იარაღს სინჯავენ“, შურისძიების, ანგარიშსწორების ჟამი დგას. ასლანი მოდისო, ლევან მამალაძეო, კახა თარგამაძე, თენგიზ კიტოვანი… კინაღამ უნებურად ჯაბა იოსელიანიც დავწერე, მაგრამ ბატონი ჯაბაც რომ გამოგვეცხადოს, ლამის ეგეც აღარ გამიკვირდება.

ის გვპირდებოდა მთავრობას „ჯერარნახულს“ და გვიბოძა მთავრობა – ასჯერ ნანახი – ამირან გამყრელიძე ადრეც იყო მინისტრი, მინისტრი იყო დათო კირვალიძეც, მთავრობაში მუშაობა არც სოზარ სუბარისთვის არის უცხო, არც ირაკლი ალასანიასთვის… რევაზ შავიშვილი,  ნოდარ ჯავახიშვილი…

ვინც უკვე წარადგინა, ხომ წარადგინა და დარჩენილ პოსტებზე ისეთი კანდიდატურები გაჯაზდა, (ალეკო კარტოზია, მირცხულავა, ჩხობაძე), რომ ხალხს შიში გაუჩნდა პრეზიდენტის კანდიდატურად ალასანია-ხმალაძე კი არა, ემანდ ედუარდი არ წამოაყენოსო.

არადა, ხალხს ვინ ეგონა?

წინასაარჩევნო პერიოდში ერთმა მეოცნებემ „გამანდო“ – ვანო მერაბიშვილი ჩვენიანია, არჩევნების მერე გაიგებო. მაშინ მეგონა, რომ ეს მათი მორიგი ცალფეხა ოცნება იყო. თურმე მეგონა. მეგონა, იმიტომ, რომ ეს უბრალოდ ცალფეხა ოცნება კი არა, კარგად შორს გამიზნული მანევრი ყოფილა. ბევრმა, ვინც ხმა მისცა „ოცნებას“, არჩევნების შემდეგ, მას მერე, რაც ბიძინა ივანიშვილის კომენტარი მოისმინა, რომ ვანო მერაბიშვილიც გამოეთხოვებოდა პოსტს, გაიკვირვა, როგორ, ვანო აღარ იქნებაო? როგორც გაირკვა, მათთვის „მეოცნებეებს“ სწორედ ისევე გაუნდვიათ „ვანო ჩვენიაო“, როგორც მე გამანდეს. თუ კარგად გადავხედავთ მოვლენებს, გაირკვევა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა კარგა ხნის წინ დაიწყო. დაიწყო თავად ბიძინა ივანიშვილმა – საქართველოში დაბრუნებულმა „ჩაუფინა“ ერთი ორი კეთილი სიტყვა ვანო მერაბიშვილზე. უკვე ციხის კადრების შემდეგ, ვანო ახსენა ბედუკაძემ, ახსენა ირმა ინაშვილმა… ეს ყველაფერი დამაჯერებლობას მატებდა „მეოცნებე“ აქტივისტების რიგით ამომრჩეველთან მუშაობას ამ მიმართულებით. რატომ ვანო? მიზეზი მარტივია, თუკი რამ ეძვირფასება მოსახლეობას, ეს სწორედ ის უსაფრთხოებაა, რომელიც სწორედ ვანო მერაბიშვილის დამსახურებაა. გასათვალისწინებელია ის მზარდი რეიტინგი, რაც ვანო მერაბიშვილს არჩევნებამდე ჰქონდა. როგორც ჩანს, ეს კარგად გათვალეს „ოცნებაში“ და რიგ შემთხვევებში იხეირეს კიდეც ვანოს ფაქტორით.

ეს, რაც აქ გვეგონა… მაგრამ რა ეგონა პუტინს? ის, რომ აქ პოსტსაარჩევნო არეულობა დაიწყებოდა, კარს მომდგარ ჯარს შემოიყვანდა და საბოლოოდ მოუღებდა ბოლოს ნატოზე ოცნებას. მაგრამ მგონი პირიქით ხდება, ყოველ შემთხვევაში ამას მოწმობს პრეზიდენტ სააკაშვილისა და რასმუსენის სატელეფონო საუბარი. მე მგონი, ნატოს ეშინია, ქვეყნის ახალმა მეოცნებე ლიდერმა არ უგანოს და პირიქით აჩქარებენ კიდეც საქართველოს ნატოში მიღებას, რომ ეს 2014 წელს კი არ მოხდეს, როგორც აქამდე ამბობდნენ, არამედ 2013 წელს, სანამ აქ პრეზიდენტად სააკაშვილია. წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ უბრალოდ უმცროს სტრატეგიულ პარტნიორს კი არა, რეგიონს კარგავს.

ეს რომ ვთქვი, ჩემმა ერთ-ერთმა კოლეგამ დაუვიწყარი რეპლიკით მიპასუხა: ისინი რეგიონს კარგავენ, ჩვენ მომავალს.

ბიზნესმენებსაც ბევრი რამ ეგონათ, ასე მაგალითად, ბიზნესმენებს ეგონათ, რომ მოგების გადასახადისგან განთავისუფლდებოდნენ – როგორც ჰპირდებოდნენ. როცა ეს შეახსენეს, უპასუხა, გასარკვევია, რამდენი შედის მოგების გადასახადიდან ბიუჯეტში, მე მგონი 30 მილიონი და შეიძლება ამაზე ვიფიქროთო. როცა უთხრეს, რომ 600 მილიონამდე შედისო, დაფიქრდა, უი, არაო და ოცნებაც „კაპუტ“.

ბიზნესმენებს ბევრი რამ ეგონათ, ახლა ინაღვლონ, როცა ფასების დაწევა მოსთხოვეს. აბა, რაიმე ხომ უნდა მოიმოქმედოს „ოცნებამ“ ოცნებების ინფლაციის შესაჩერებლად? ამას ემსახურება მგონი ის განცხადებაც – უმუშევრებისთვის შემწეობების დანიშვნას რომ აპირებენ, მაგრამ არ ასახელებენ რამდენი იქნება ეს შემწეობა. ჯერ ერთი, ხალხს დასაქმებას ჰპირდებოდნენ. ხალხს ეგონა დაასაქმებდნენ – ახლა გაარკვიეს, რომ ამას დიდი დრო და დიდი ფული უნდა (!), ჰოდა, ახლა შემწეობებს ჰპირდებიან – გაურკვეველი ოდენობით. ბევრს ჰგონია, ნაოცნებარი ხანა დაუდგა – არ იმუშავებს, მხართეძოზე წამოწვება და იცხოვრებს. მხართეძოზე წამოწოლას ვინმე ვინმეს უშლის? ცხოვრების და განცხრომის რა მოგახსენოთ. განცხრომა? კვლავ ოცნებებში. სხვა რას ითხოვთ პარტიისგან, რომელმაც სათაურად ეგზომ არაპრაგმატული რამ დაირქვა?

ესეც ჩვენი სულელური, ინფანტილური „მეგონა“, „ეგონა“ „გეგონა“

აინშტაინი ბრძანებდა: „ორი რამ არის უსასრულო, სამყარო და ადამიანის სისულელე, თანაც სამყაროსთან დაკავშირებით დარწმუნებული არ ვარ“.

დაანებეთ კახის თავი

 

რეზო შატაკიშვილი

ხმაური და მძვინვარება. არა, ფოლკნერი რა შუაშია, მე იმ ხმაურსა და მძვინვარებაზე ვწერ, რაც კახი კალაძის ენერგეტიკის მინისტრად დანიშვნას მოჰყვა. ეს ხმაური და მძვინვარება ბევრწილად ცინიზმსა და ირონიაში გატარდა, მაგრამ მაინც ვერ იფარებოდა არსი – ამ ფაქტით გაღიზიანება. არადა, ენერგეტიკის მინისტრად რომ კახი კალაძე წარადგინეს, თავიდან მეც იგივე რეაქცია მქონდა, რაც ყველას. მეც გავღიზიანდი – სად აფრიკა, სად პინგვინი… მეც გამეცინა, ნეტა, რა ესმის ენერგეტიკის-მეთქი. ეს საღლაბუცო დონეზე, სერიოზულად კი, მისთვის გატანილ პოლიტიკურ გოლად მეჩვენა უმცირესობის ლიდერ დავით ბაქრაძის ენამოსწრებული შენიშვნა პარლამენტში, მთავრობის წარდგენა-დამტკიცებისას. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მეც ამიტანა უშუქობის შიშმა. არა, ამ შიშს, მინდა გითხრათ, არც ახლა გაუვლია, მაგრამ იმ ხმაურმა და მძვინვარებამ, იმ ცინიზმმა და ირონიამ, რაც კახის გამინისტრებას მოჰყვა, ჩემში უკვე უკურეაქცია გამოიწვია. ისე დაესხნენ თავს კახის, გეგონება, ამ ქვეყანაში სხვა არავინ დანიშნულიყოს შესაბამისი ცოდნა-განათლებისა და კვალიფიკაციის გარეშე. რომელი ერთი ფაქტი გავიხსენოთ უახლოესი თუ მთლად გუშინდელი წარსულიდან?

ზურაბ ნოღაიდელი? მისგან დავიწყებ. ზურაბ ნოღაიდელსა და კახი კალაძეს თუ დიდი იდეალები არა, კაპიტალი და ბიზნესინტერესები მაინც ჰქონდათ საერთო, და არცთუ უხსოვარ დროში. ნოღაიდელი ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს დაინიშნა ფინანსთა მინისტრად, ვარდების რევოლუციის შემდეგაც იჯდა იგივე პოსტზე, შემდეგ პრემიერ-მინისტრიც იყო. ფინანსისტი იყო ბატონი ნოღაიდელი? როგორც სააკაშვილი იტყოდა, – „ნურას უკაცრავად“ – ფიზიკოსი ბრძანდებოდა. ფიზიკოსი კი იყო, მაგრამ მე თქვენ გეტყვით და მაიკლ ფარადეი მყავდა, ანუ ცნობილი გამოთქმის არ იყოს, „ტოჟე მნე მაიკლ ფარადეი“. ნოღაიდელი ნამდვილად არ არის იმ რანგის ფიზიკოსი, რა რანგის ფეხბურთელიც კახი კალაძე იყო. რომც გითხრათ, იყო-მეთქი, დამიჯერებს ვინმე? მოკლედ, ნოღაიდელსაც არაფერი აკავშირებდა ფინანსებთან, გარდა იმისა, რომ ფინანსები და ფიზიკა, ორვე „ფი“-ზე იწყება. მაგრამ რატომღაც არავინ აღშფოთებულა ამ ფაქტით. არც შალვა ნათელაშვილს დაურქმევია მისთვის „დაღლილი ვირი“ ფიზიკოსობის გამო. აქ თავად ნოღაიდელის ფიზიკა იყო შუაში და არა მეცნიერება ფიზიკა.
წინა ხელისუფლების, დღეს კი უკვე ოპოზიციის აღშფოთება ერთი მხრივ გასაგებია, მაგრამ რა ვუყოთ იმ კითხვას, რომელიც ავტომატურად გებადება: დიდი ბოდიში და მომღერალი გოგა ხაჩიძე გარემოს დაცვის სპეციალისტი იყო? ფრიად განსწავლული ბუნებრივ რესურსებში? კი, ახლა თუ მის ბიოგრაფიაში არქეოლოგიურ გათხრებს ჩავატარებთ, აღმოვაჩენთ, რომ ოდესღაც უნივერსიტეტში ბიოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა და მცენარეთა ფიზიოლოგია შეისწავლა, მაგრამ ამ განათლებამ რა კონკრეტული შედეგი მისცა ქვეყანას, ან თვითონ იმ ხელისუფლებას? ხაჩიძესაც რომ მოვეშვათ, შევარდნაძისდროინდელი ნინო ჩხობაძე რომ მართლა გარემოს დაცვის სპეციალისტი იყო, რა ხეირი? დავდგეთ და გავიხსენოთ მის დროს მიღებული ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც არა თუ იცავდა, არამედ თავს ესხმოდა ბუნებას. არ ვიცი, რას იცავდა, ვკითხოთ კრწანისში გამაგრებულ შევის, რას იცავდა ჩხობაძე? იქნებ შევარდნაძის გარემოს?
ან ამერიკაში განსწავლულმა ხათუნა კალმახელიძემ (საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრმა) რა კალმახებიც დააჭერინა წინა ხელისუფლებას, არ ვნახეთ? ან მას ჰქონდა პენიტენცურ სისტემაში მუშაობის გამოცდილება? შესაბამისი განათლება ვერა ქობალიასაც ჰქონდა, მაგრამ ვინმეს სჯერა, რომ ამ ელეგენტურ ქალს რაიმე აკავშირებდა ქვეყანის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებთან? გნებავთ პოზიტიურთან, გნებავთ ნეგატიურთან?
ან შაშკინი რომ დავლურს უვლიდა მთავრობაში, ხან განათლების მინისტრი იყო, ხან სასჯელაღსრულებისა და ხანაც თავდაცვის, რომელი სფეროს წარმომადგენელი იყო, რომელი განათლების? „ტოჟე მნე დავით გამყრელიძე“ – „ექიმი, მეწარმე, ლიდერი“…

 

ან თვითონ ამ ხელისუფლებაში მარტო კახია „ნიპრიჩომ“? ფინანსისტი ღარიბაშვილი იყო ძალოვანი სფეროს წარმომადგენელი, ან იურიდიული განათლებით დაიკვეხნის? მაგრამ მოიცათ, ვანო მერაბიშვილს თუ „გეპეი“ ჰქონდა დამთავრებული (სამთო ფაკულტეტი), ბევრს დამისახელებთ ვანოსნაირ შს მინისტრს? ბევრმა მინისტრმა ააწყო და დატოვა სისტემა?
ან წინა, ან თვითონ ამ ხელისუფლებაში ვინმე მარტო იმიტომაა მოსაწონი, რომ დარგის თუ სფეროს წარმომადგენელია? „ლაიქ-დისლაიქზეც“ არაა საქმე. გურამ ოდიშარია კულტურის მინისტრია, ნამდვილად ამ სფეროს წარმომადგენელია, არცთუ ურიგო, მაგრამ კითხულობს ვინმე, რამდენ ხანს გაეწელა მოადგილეების დანიშვნა? როგორ უჭირს გადაწყვეტილებების მიღება? კარგ და ცუდ, კანონიერ და უკანონო გადაწყვეტილებებზე არაა საუბარი, საუბარია გადაწყვეტილების მიღებაზე, საერთოდ. დღემდე არ მიუღია გადაწყვეტილება თეატრისა და კინოს უნივერსიტეტთან დაკავშირებით. უნივერსიტეტში დღემდე ორმეფობაა – ცალკე გოგი მარგველაშვილია რექტორი, აკადემიური საბჭოს არჩეული, და ცალკე რექტორობას არ თმობს და აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებას არ ცნობს გადარჩეული რექტორი ჩხაიძე. მინისტრი ან უნდა დაეთანხმოს აკადემიურ საბჭოს, ან არ დაეთანხმოს. ამ შემთხვევაში, როგორც უკვე მოგახსენეთ, განხილვის საგანს არ წარმოადგენს, რომელი გადაწყვეტილებაა კანონიერი და რომელი – უკანონო, საუბარია საერთოდ გადაწყვეტილების მიღებაზე. ან ასე, ან ისე. და არა ისე, როგორც დღესაა – გაურკვევლობა და ორმეფობა.
და საერთოდ, რა ნიშნით უნდა ინიშნებოდეს კონკრეტული დარგის მინისტრი?
იმ სფეროს წარმომადგენელი უნდა იყოს, რომელსაც განაგებს? მხოლოდ ეს კმარა წარმატებისთვის? დავით მირცხულავა რომ ენერგეტიკის სფეროს წარმომადგენელი იყო და განათლებით ენერგეტიკოსიც, ძალიან გაანათა ქვეყანა და ააყვავა ენერგეტიკა?
რა არის აუცილებელი, მინისტრს იმ სფეროს შესაბამისი დიპლომი ედოს უბრალოდ ჯიბეში, როგორც ბევრ მინისტრს ედო და უდევს? ოდესღაც, ნადეჟდა კრუპსკაიას ქალწულობის ჟამს რომ ვინმე რამე ფაკულტეტს ამთავრებდა, ნიშნავს კი ეს რამეს? ან ქვეყნისთვის, ან თვითონ ამ პირისთვის?
თუ, უბრალოდ, მინისტრად პოლიტიკური პერსონა უნდა ინიშნებოდეს, როგორც არაერთი დანიშნულა? ან ამას მოუტანია რაიმე შედეგი? სანამ დარგის სპეციფიკაში გარკვეულა, მოუხსნიათ და გაუგზავნიათ კიდეც პოლიტიკურ მოუსავლეთში.
ან იქნებ, უბრალოდ, გამოცდილი მენეჯერი სჯობს, რომელიც შესაძლოა, არ არის დარგის, სფეროს წარმომადგენელი, მაგრამ კარგად ფლობს მართვის ხელოვნებას?
ყველა ჩამოთვლილ ვარიანტს აქვს თავისი პლუსი და მინუსი. ეფექტს მხოლოდ იმ ვარიანტთა კომბინაციები იძლევა, როცა ადამიანი სფეროს წარმომადგენელიცაა, პოლიტიკური ნებაც გააჩნია, კარგი ორგანიზატორული უნარებითაცაა აღჭურვილი და მართვაც ეხერხება.
საქართველოში ეს ყველაფერი მაინც გარტყმასა და გამართლებაზე – ცალკეულ პიროვნებაზეა დამოკიდებული, რა უნარს გამოავლენს და რა მარიფათს გამოიჩენს, წინასწარ რაიმეს განჭვრეტა ხშირად შეუძლებელიცაა. ისიც გვახსოვს, რა ზარ-ზეიმით აღმოუჩენიათ ახალი სახე, ღრუბლებში აუყვანიათ და იქიდან უპარაშუტოდ გადმოუგდიათ, თუნდაც ირაკლი რეხვიაშვილი. ან დიპლომატი სალომე ზურაბიშვილის ტრიუმფით ჩამოყვანა გახსოვთ? მერე რომ პოლიტიკური შეუთავსებლობა დაეწყო მმართველ პოლიტიკურ გუნდთან, თავი რომ ნესტან-დარეჯანად წარმოიდგინა და ყველას ქაჯები ეძახა?
ასე რომ, თითქმის აბსურდია ამ ქვეყანაში რაიმე გარანტიის ძიება, ამ ფხვიერ ქვიშაში საყრდენის მოძებნა, იმ საყრდენის, რომელიც დედამიწას თუ არა, ამ ერთი ბეწო ქვეყნის პოლიტელიტას დაძრავს და წინ წასწევს. ისევ ალალბედზე ვართ, ვინ გაამართლებს და ვინ – არა.
მით უმეტეს, მთელ ამ ფონზე კიდევ უფრო გამაღიზიანებელია ასეთი შტურმი მაინცდამაინც კახი კალაძეზე. თუმცა კი საინტერესოა, ასე რატომ აღიზიანებს საზოგადოებას ერთ საქმეში წარმატებული ადამიანის სხვა სფეროში გადანაცვლება? ამ შემთხვევაში მარტო კახიზე არაა საუბარი, საერთოდ ფენომენზეა ლაპარაკი. თავის დროზე, ლანა ღოღობერიძეზეც ატყდა გნიასი, რა უნდა პოლიტიკაში, გადაიღოს კინოო… რატომ არ ვეკითხებით თვითონ შემოქმედს, უნდა თუ არა ის სამოღვაწეო ასპარეზი, რომელსაც უსაზღვრავ? ლანა ღოღობერიძემ არცთუ ურიგო როლი ითამაშა თავის დროზე საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანებაში.
ან ახლა რას ერჩით კახის? თქვენი არ ვიცი და მე კახი მირჩევნია ბევრ ვითომ დარგის გამოლელეტებულ სპეციალისტს და სფეროს წარმომადგენელს. კახი კალაძეს გოლი მაინც აქვს გატანილი. ვიცი, მეტყვით, „ავტოგოლიო“ და მეც გიპასუხებთ, – დიახ, გოლი აქვს გატანილი თუნდაც საკუთარ კარში, თქვენ ან სხვებმა – თქვენგან „დალაიქებულმა“ „სფეროშნიკებმა“ სად რა გაიტანეთ, ან რა გამოიტანეთ?
ანდა მხოლოდ მინისტრებზე რომაა საუბარი, პარლამენტი, კანონშემოქმედება, ქვეყნის ბედის გაწყვეტა ხელწამოსაკრავია?
გიორგი ასანიძემ ციცერონი ჩამოიტოვა მჭევრმეტყველებაში თუ იუსტინიანე – კანონმდებლობაში?
ან ამ პარლამენტშია დეფიციტი სპორტსმენების, ხელოვნების წარმომადგენლების, ან საერთოდ სხვა დარგის წარმომადგენლების, რომელთაც კანონშემოქმედებასთან ისეთივე შეხება აქვთ, როგორც კონდოლიზა რაისს საცივთან?
არ ვიცი, ვინ რაში ჩამითვლის ამ აზრებით „მატაობას“, მაგრამ ერთ რამ კი ვიცი – ამოჩემება იწვევს უკურეაქციას…

  დაიბეჭდა “პრაიმტაიმში”

%d bloggers like this: