Category Archives: რეჟისორები

შალვა გაწერელიას მასტერკლასი

შალვა გაწერელია. ის არ იყო რეჟისორი, არც უბრალოდ დიდი რეჟისორი. ის იყო ქართული თეატრის ქურუმი. მე ბედნიერი ვარ, რომ ვიყავი მისი სტუდენტი.

მოკვდებოდი და ვერ გაიგებდი, რას ფიქრობდა ნანახ სპექტაკლზე, არც იყო გასაკვირი, იგი მიიჩნევდა – ჩვენ ვამბობთ რომ დავმალოთ… ის ოსტატურად მალავდა იმას, რასაც ფიქრობდა, მაგრამ მაინც იყო ორი რამ, რაც მას დაუნდობლად გასცემდა – რეპეტიციისას თუ სპექტაკლისას, როცა რაიმე მოსწონდა – თვალები უბრწყინდებოდა, თმა ყალყზე დგებოდა…

რა სიმწარე არ აგემა ცხოვრებამ, მაგრამ ვერ წაართვა უნარი – სიხარულის. უნარი, გახარებოდა როგორც უხარიათ მხოლოდ ბავშვებს!

ინტერვიუ 2011 წლის მიწურულს ჩავწერე – „სახელებისთვის“ – ბატონ შალვას 80 წლის იუბილის აღსანიშნავად, მაგრამ ვიდრე „სახელები-2011“ გამოვიდოდა, საქართველომ დაკარგა დიდი სახელი – შალვა გაწერელია… ეს ინტერვიუ დაღდასმულია გაუგონარი გულწრფელობით. მან ღიად თქვა ის, რაზეც არავინ საუბრობს და ყველამ იცის! მას აღიარებდნენ, მაგრამ არ იღებდნენ

შალვა გაწერელია: „ გულწრფელად გეტყვი, თეატრალურმა წრემ არ მიმიღო… არ გიღებენ, იმიტომ რომ თავიანთი წრეში, რომელიც მათ შექმნეს, აღარ უნდათ არავინ. უბრალოდ „ავიწყდებით“. კი ქმნი, მაგრამ ავიწყდებით… მახსოვს, დაასახელეს ახალგაზრდა რეჟისორები… მე არ მახსენეს. არადა, უკვე მნიშვნელოვანი სპექტაკლები მქონდა დადგმული. გამორჩი რა მოხდაო… მოსკოვში გამოვიდნენ მოხსნებით, ჩვენთან თეატრები შეიქმნაო და მოაზრდმაყურებელთა თეატრი არ ახსენეს, არადა, მოზარდმაყურებელთა თეატრი ზენიტშია -„ქამუშაძეც“ დადგმულია, „რღვევაც“, „ჩვენებურებიც“, „ირინეს ბედნიერებაც“. დადგმულია და აღიარებულია შედევრად და თეატრი გამორჩათ. მერე იმ მომხსენებელმა თავი იმართლა დრო არ მქონდა მაგდენიო… მაგრამ ახსენებს ისეთებს, რომელიც მისიანია… თავისი „ლუბიმჩიკები“ ჰყავთ და შენთვის არ სცალიათ. „კარგი ბიჭი ხარ, მაგრამ  მოიცა ერთი წუთი“ – მე ამას ვგრძნობდი სულ….“

პროლოგის მაგიერ

შალვა გაწერელია: „ ჩემს ცხოვრებაში იყო სამი პერიოდი: როდესაც მე „მონტიორი“ ვიყავი, მეორე პერიოდი როცა მოზარდმაყურებელთა თეატრში ვმუშაობდი. რა თქმა უნდა ცოტას აჭარბებენ, ახლა წავიკითხე მერაბ გეგიას წერილი, გაწერელიას ეპოქაო, ეპოქა, რა თქმა უნდა არ ყოფილა, მაგრამ  რაღაც გარკვეული პერიოდი ამ თეატრის აღორძინება  იყო, კურდღელისა და სტაფილოს თეატრი გახდა უფრო საინტერესო თეატრი  ბავშვისთვისაც და დიდისთვისაც. მესამე პერიოდია ინსტიტუტში ჩემი პედაგოგიური მოღვაწეობა. ამ სამ პერიოდს განვიხილავ ყოველთვის და დანარჩენი, ჩემი ცხოვრების სხვა დეტალები, რაღაც უმნიშვნელო მგონია და არც თუ საინტერესო“.

ბავშვობა, „მონტიორობა“…

ბავშვობიდან ბევრ ვერაფერს იხსენებდა სასიხაულოს, მაგრამ იხსენებდა ბევრ სიკეთეს და ბევრ კეთილ ადამიანს… შალვას მამა ლადო გაწერელია ერთ-ერთი იუნკერთაგანი იყო, კარაბინის გახეთქვამდეებრძოდა ტაბახმელასთან წითელ არმიას. დამარცხების შემდეგ გაქცევაც სცადა საქართველოდან, მაგრამ ვერ მოახერხა და მესხეთს შეაფარა თავი. მისი ერთი ძმა უკვე საფრანგეთში ცხოვრობდა, მეორე ძმა 1924 წელს დაუხვრიტეს. ლადო გაწერელია პოლიტიკურად არასაიმედო ელემენტად შერაცხეს. ყოველ 7 ნოემბერს და 1 მაისს თავისი ფეხით მიდიოდა ჩეკაში და ციხეში ატარებდა საბჭოთა „დღესასწაულებს“. 1938 წელს დააპატიმრეს. შალვა მხოლოდ 7 წლის იყო…  25 წლის იყო მამა ციხიდან რომ გამოვიდა.

„ხან პოლიტიკურ ბრალდებებს უყენებდნენ, ხან ეკონომიკურ დივერსიაში ადანაშაულებდნენ, უგრძელებდნენ სასჯელს, დახვრეტაც ჰქონდა მისჯილი, შემდეგ შეუცვალეს… რა გითხრათ, ვის რაში დებდნენ ბრალს? უნდოდათ და იჭერდნენ… იმიტომ რომ ეგონათ რომ ამათ არ უნდოდათ ეს მთავრობა. არა, კი არ ეგონათ, მართლაც ასე იყო,  მართლა არ უნდოდათ ის საბჭოთა მთავრობა და შანსი მიეცემოდათ თუ არა, მიუტრიალდებოდნენნ და გაანადგურებდნენ“.

ბავშვობა – მძიმე და რთული. გაჭირვება – უკიდურესი. ყოველ ღამ, ძილის წინ დედის გადაწერილი პირჯვარი და ვედრება – ღმერთო მოხედე ჩემ შვილებს და „ამათ“ ბოლოს მოღებას მომასწარი. დედა ვერ მოესწრება „იმათ“ ბოლოს მოღებას…

პატარა შალვას  არავინ ეტყვის ყელსახვევი არ გაიკეთოო, მაგრამ ის მაინც არ გაიკეთებს. შინაგანი პროტესტი იმთავითვე იქნება მასში. „მე ვითვლებოდი დამნაშავის ოჯახის შვილად“ – იტყვის მშრალად, მაგრამ ტკივილისგან, სიმწრისგან სახე აელეწება როგორც კი გაახსენდება, როგორ გახადეს პალტო, მხოლოდ იმიტომ რომ „დამნაშავის“ შვილი იყო.  „ერთი ხანობა ამერიკელებმა ჰუმანიტარული დახმარება შემოიტანეს, სკოლებში გაჭირვებულებს ტანსაცმელს ურიგებდნენ. მეც მომცეს პალტო, ყველას უხაროდა, სახლშიც, ეზოშიც რომ მე პალტო მეცვა. მეორე დღეს  მივედი სკოლაში და გამხადეს, შეცდომით მოგეცითო, პატიმრების შვილებზე არ ვრცელდებაო…“

სასცენო ნათლობა სკოლაში შედგება – ჯაშუშის შვილს ასახიერებდა, შვილს, რომელსაც უნდა მოეკლა ჯაშუში მამა. „რეპეტიციები მიდიოდა პირდაპირ ბისზე, ისეთი წარმატებით „ვკლავდი“ მამას, მაგრამ სპექტაკლზე… ავიღე პისტოლეტი და  უცებ ვიყვირე, ვერ მოვკლავ მამას მეთქი, პისტოლეტი ტირილით დავახეთქე და გავიქეცი. ჩაიშალა სპექტაკლი. ატყდა ერთი ამბავი,  მაგრამ არ დამსაჯეს, რაღაც შენიშვნები იქნებოდა, მაგრამ ჩაფარცხეს, ჩათვალეს რომ ამას პოლიტიკური კი არა, ფსიქოლოგიური მიზეზი ჰქონდა. ცხადია ასეც იყო, მაგრამ საერთოდ ვგრძნობდი, რომ ვიღაცა რაღაცას მაიძულებდა რომ მეკეთებინა.“

შალვას კიდევ ერთხელ დაადანაშაულებენ სპექტაკლის ჩაშლაში, ამჯერად 13 წლის თემიკო ჩირგაძე. 1941 წლის ივნის დგას,  ეზოში სპექტაკლს ამზადებენ. სცენის გასაკეთებლად ტახტები დასჭირდებათ, 10 წლის შალვა თავს გამოიდებს, მე მოვიტანო, ბებიის იერიშებსაც მოიგერიებს, ტახტს წაიღებს და ამ ტახტით მოხვდება „სასტავში“. გაკეთდება სცენა, საღამოს სპექტაკლია, მაგრამ გავარდება ხმა „ომი დაიწყო“. სპექტაკლის ორგანიზატორები ბავშვებს ტახტებს უკან გაატანენ, სპექტაკლი აღარ იქნებაო, მაგრამ გამოჩნდება ერთი პერსონაჟი, რომელიც იხსნის არა სამყაროს, არამედ სპექტაკლს.

„ჩვენ ეზოში პროკურორი ცხოვრობდა და იმან თქვა, სპექტაკლის ჩაშლა ცუდად ჩაითვლება, იფიქრებენ შევშინდით და მოდით ჩემს შუშაბანდში ითამაშეთ, პანიკა არაა საჭიროო. არადა, რა პანიკა არაა საჭირო, დაიქცა ქვეყანა და ჩვენ კი მის შუშაბანდში აკაკი წერეთლის „კინოტოს“ ვთამაშობდით. მე ფარდა  ჩამაბარეს.  თემო ჩირგაძე თამაშობდა კინტოს, პირველი სცენიური კონფლიქტი სწორედ თემიკოსთან მომივიდა. ფარდა ცუდად იყო გაკეთებული და გაწყდა… მომვარდა თემო ჩირგაძე, შენი ბრალაიო. მე ცრემლები მომაწვა, რა ჩემი ბრალია, გაწყდა მეთქი.  თემიკო მართლაც ძალიან კარგი იყო, ვყუურებდი და ვკვდებოდი სიცილით, შეიძლება ჩემი ბრალიცაა, თოკი რომ გაწყდა… მერეც ხშირად ვთამაშობდით ეზოში…“.

ომმა კიდევ უფრო დაამძიმა მომავალი რეჟისორის ბავშვობა.  ჩაბნელებული, პირქუში თბილისი, ტალონები და გაუთავებელი რიგები პურზე, ნავთზე. „ქვებს ვალაგებდით, ვნომრავდით… ნავთი რომ არ იყო ფინიკს გვირიგებდნენ ნავთის მაგიერ… ირგვლივ უბედურება ტრიალებდა, მე ეხლაც ვიგონებ იმ სამას გრამ პურს, რომელსაც დედაჩემი სამად ყოფდა,  ჩემთვის, ჩემი დისთვის და თავისთვის… დედა, ცხადია, თავისთვის ცოტას იტოვებდა და მეტს მე მაძლევდა… გვიჭირდა, მაგრამ ბევრი სიკეთეც მახსოვს, უფრო ჩანდნენ კეთილი ადამიანები, მათი საქციელები. მახსოვს, ჩვენი მეზოლბები, ას გრამ ყველს რომ აიღებდნენ,  20-30 გრამს აუცილებლად ჩვენ გვიტოვდნენ, მოკლედ,  უცნაური პერიოდი იყო, მაგრამ  არ გავბოროტებულვართ, როგორც დღესაა ხალხი გაბოროტებული. ამაზე უარესად გვიჭირდა, მაგრამ სულ გვეგონა რომ იმ არამზადების ბრალია და რომ აღარ იქნებიან, ჩვენ გადავრჩებით. ახლა კი ეგ აღარ მგონია, მე მგონია რომ ჩვენივე ბრალია…  ჩვენივე ბრალია და ეს მაბოროტებს.  ძალიან უღიმღამო ხალხი ვართ.“

მისი სკოლა სხვა სკოლას შეუერთეს, მეორე ცვლაში გადაიყვანეს – „სწავლა 7–8 საათზე მთავრდებოდა, მოვდიოდით ჩაბნელებულ თბილისში… მაგრამ ვსწავლობდით მაინც,  რატომღაც გვეგონა რომ სწავლა პანაცეაა, რომ სწავლა გადაგვარჩენს. ამას არავინ ასე ხაზგასმით არ გვეუბნებოდა, მაგრამ  ჩვენ ვგრძნობდით ინტუიციით, ყოველშემთხვევაში მე და ჩემი მეგობრები სწავლას ვეწაფებოდით. 10-12 წლის ვიყავი,  საიდანღაც ჩავიგდე ხელში შერლოკ ჰოლმსის თავგადასვალი. ერთი ოხერი ამხანაგი მყავდა და უფროსკლასელებს უთხრა შერლოკ ჰოლმსს  კითხულობსო და მაგარი რამეაო. ღამე რომ მოვდიოდი,  ეს უფროსკლასელები დამხვდნენ, მტაცეს ხელი, მოგვიყევიო და მეც ავდექი და წაკითხული რაც მქონდა მოვუყევი. რამდენიმე დღის შემდეგ ვუთხარი დამთავრდა, აღარ მაქვს წაკითხული მეთქი. იმ ოხერმა უთხრა, გატყუილებთ, კიდე აქვს წაგიკთხულიო. ისევ დამიჭირეს, მითაქეს, მოგვიყევიო, იძულებული ვიყავი შემეთხზა, ვატყუებდი… იმან ისევე გამყიდა, უთხრა გატყუილებთო, ეხლა ამაზე მითაქეს…“

ბავშვობის ბევრი მოგონება დრომ გაცრიცა, გააფერმკრთალა, დავიწყებას მიეცა ბევრი რამ, მაგრამ არ ავიწყდებიან ისინი, ვინც დახმარების ხელი გაუწოდა.

„ებრაელი კაცი იყო აჯიაშვილი, ღმერთმა აცხონოს, სამუშაო მოგვცა, აბრეშუმის სამკუთხედ ნაჭრებზე ყვავილებს ვხატავდით, ვაბარებდით და ეს კაცი ფულს გვიხდიდა. დედაჩემი ხატავდა, მეც ვეხმარებოდი, მერე მედიკოს (მედეა ჩახავა და შალვა გაწერელია ბიძაშვილ–მამიდაშვილები იყვნენ – რ.შ) დედაც ჩავრთეთ ამ საქმეში. მედეას ოჯახსაც უჭირდა, მამამისი ექიმი იყო და ფრონტზე იყო. მერე ჩვენ თვითონ ვიყიდეთ ნაჭერი, ვხატავდით, ეს „კასინკები“ ბაზარშიც გამიტანია და გამიყიდია.“

ბევრი ადამიანის სიკეთე ახსოვს, მაგრამ სკოლის დამთავრება მაინც ვერ შესძლო, 7 კლასის დამთავრების შემდეგ სკოლა მიატოვა და მუშაობა დაიწყო. თეატრალურ წრეებში დღემდეა შემორჩენილი მითი რომ შალვა გაწერელია ახალგაზრდობაში ქუჩის ცხოვრებით ცხოვრობდა, „კაი ბიჭი“ იყო.  

„ქუჩაში ვიყავი იმიტომ რომ  სახლი არ მქონდა, სარდაფში ვცხოვრობდით, თორემ ქუჩაში რა მინდოდა? მთელი ცხოვრება ის მინდოდა რომ წიგნი მეკითხა, მაგრამ ბევრი რამ მიშლიდა ხელს. 14 წლისამ დავიწყე მუშაობა. ვმუშაობდი მღებავად,  „კუბიკებს“ ვღებავდი, ელექტრომანიტიორად ვმუშაობდი დიდხანს, მეშვიდე თანრიგიც კი მივიღე, შახტებშიც ვმუშაობდი, ვალეში, „მეორე ბის“–ს ვაშენდბდით,  თურქეთის ძირში ვიყავით შესული, რუსეთშიც ვიყავი წასული სამუშაოდ, მატარებელზეც ვიყავი, არ დარჩენილა პროფესია, მე რომ არ მიცდია. გულწრფელად გეტყვით, არასოდეს არ მომიპარავს, არც უმიზოზად ხელი არავისთვის გამირტყამს და არც არავის გაურტყამს. მთელი ჩემი ცხოვრება ვცდილობდი სამართლიანი ვყოფილიყავი. ვცდილობდი.  რამდენად გამომდიოდა არ ვიცი. იმით ვამაყობ რომ ვერავინ მეტყვის, რომ რაღაც მოვპარე, ან წავართვი. თუმც ეშინოდათ, ეგონათ რომ რაკი მიჭირდა, ყველაფერზე წავიდოდი. ზოგ ნათესავსაც ეგონა ასე. ვერც გაამტყუნებ, 7 კლასი დავამთავრე და ხან სად ვიყავი, ხან სად, რაღაც ეჭვები ჩნდებოდა… ჩვენ ხომ სულ ეჭვებით ვცხოვრობთ და არა ფაქტებით. ფაქტებს ვერ ვაგროვებთ, ვერც ობიექტურები ვერ ვართ, ყოველთვის სუბიექტურები ვართ, იმიტომ რომ სუბიექტები ვართ. რამდენიც არ უნდა იძახონ, ობიექტური ვარო, ობიექტური როგორ შეიძლება სუბიექტი იყოს? არ შეიძლება. ამიტომ ყველა ჩვენი დამოკიდებულება იქმნება ამის, ამის და ამის გამო. ეჭვი თვისებაა ჩვენი. მითუმეტეს თუ შემოქმედებითი ფანატაზია გაქვს, სულ ვუშვებთ, ხომ შეიძლება ასე მომხდარიყო, ხომ შეიძლება იყოს ისე, ამიტომ ხომ შეიძლება ეს იყოს ისა? კი, რამდენიმე მყავდა ასეთი ამხანაგიც, ძველბიჭობდნენ, მაგრამ უმრავლესობა უკეთილშობილესი ადამიენები იყვნენ, რომელთანაც მთელი ცხოვრება გავატარე, მათში ქურდი არ იყო“.

გაწერელიების ოჯახის გაჭირვებას ვერც ომის დამთავრებამ დაუსვა წერტილი. შალვას კვლავ ლუკმა–პურისთვის უწევდა მუშაობა. სასოფლო–სამეურნეო ტექნიკუმში სწავლობდა, თეატრზე არ ფიქრობდა, იქ ურჩიეს სკოლის ექსტერნად დამთავრება, დაპირდნენ რომ სოფლის მეურნეობის ელექტროფიკაციის კათედრაზე მოაწყობდნენ.

„მყავდა ძალიან კარგი მეგობრები, ჩემზე კარგ მეგობრებს ნურავინ ნუ დაიკვეხნის, მათ მაიძულეს რომ დამემთავრებინა ექსტერნად სკოლა, მართლაც ჩავაბარე ექსტერნად 11 კლასი, და აღმოვჩნდი თეატრალურ ინსტიტუტში, რატომ? არ ვიცი… ვიღაცამ წაიტრიპაჩა ჩემთან, მე რეჟისორი ვიქნები და შენ ვინ იქნებიო… თავმოყვარეობამ იფეთქა, მეც შემიძლია მეთქი და თითქოს იმის ჯინაზე… მაგრამ ეტყობა ეს მოწოდება მაინც მქონდა, ვთამაშობდით სპექტაკლებს, თან გარს ისეთი ხალხი მეხვია, მედიკოსთან სახლში ვნახე აკაკი ხორავა, დედა თეატრისმოყვარული გახლდათ, მეზობელი იყო დავითაშვილი, მსახიობი ქალი, ჩვენთან თეატრზე ლაპარაკი და სპექტაკლების განხილვა ჩვეულებრივი ამბავი იყო. მოკლედ, ჩავაბარე თეატრალურ ინსტიტუტში და მას შემდეგ დაიწყო ჩემი თეატრალური ცხოვრება“.

მოზარდამდე და მოზარდში

შალვა გაწერელია 21 წლის იყო, სარეჟისორო ფაკულტეტზე რომ ჩაირიცხა. „ ეს ის პერიოდია როცა უცებ ქართული თაეტრის  ჰორიზონტზე გაჩდნენ ისეთი რეჟისორები, როგორიც იყო მიშა თუმანიშვილი, ლილი იოსელიანი და გიგა ლორთქიფანიძე, მათმა მოსვლამ რაღაც სხვა მუხტი შემოიტანა თეატრალურ სამყაროში. მივხვდი რომ ახალი ტალღა მოვიდა, რომელმაც რაღაც სხვანაირი უნდა გახადოს თეატრი, თუმც არ ვიცი – როგორი? ვერც იმას გეტყვით, რომ არ მომწონდა ის თეატრი, როგორიც იყო მაშინ. პირიქით, გულმხურვალე მაყურებელი ვიყავი, მომწონდა ის სპექტაკლები, მაგრამ ვგრძნობდი რომ რაღაც ახალი იყო საჭირო. სულ ველოდი რომ რაღაც სხვა რაღაც მოხდებოდა და მეჩვენებოდა რომ ამ სამის სახელთან იქნებოდა დაკავშირებული. ინსტიტუტში რომ გაივლიდნენ სულ ვუყურებდი, სულ მაინტერესებდნენ… ლილი და მიშა ჩემი პედაგოგები გახდნენ, გიგას სტუდენტი არ ვყოფილვარ, მაგრამ გამორჩეული დამოკიდებულება ყოველთვის მქონდა“.

ლილი იოსელიანზე

„ ლილი სამი წელიწადი მასწავლიდა მსახიობის ოსტატობას, ეს იყო ჩემი შესანიშნავი, ბედნიერი წლები. ლილის მუშაობა მსახიობთან, ჩემთვის იყო მთელი სკოლა. პრინციპიალური შეუვალი ბრძოლა იმისთვის რომ ყველაფერი იყოს ბოლომდე. შეიძლება ცოტა მაქსიმალისტური მიდგომა იყო, რომელიც ლილის ახასიათებს, არ არის საჭირო, იმიტომ რომ იმ წუთში არ გაკეთებული სულ არ ნიშნავს რომ ხვალ არ გაკეთდება, მაგრამ ყოველშემთხვევაში მე ვუყურებდი, რომ მას უნდოდა, ბოლომდე გაკეთებულიყო, ყოველ შემთხვევაში თუ ვერ მიაღწევდა შედეგს, იმედი მაინც უნდა დარჩენოდა რომ გააკეთებდა.“

მიხეილ თუმანიშვილზე

„მიმაჩნია რომ თუმანიშვილის მოწაფე ვარ, თუმცა ოფიციალურად სულ ნახევარი წელიწადი მასწავლიდა, მაგრამ სულ იყო… თავად მისი პიროვნება აღძრავდა ინტერესს, თორემ მისი სპექტაკლები მეტწილად არ მომწონდა, კი,   ბევრი სპექტაკლი შედევრი მგონია,  თუნდაც „ესპანელი მღვდელი“, მაგრამ რომ ვიგონებ „მარადმწვანე ქედებს“ და „ქარიშხლის წინ“–ს, რა თქმა უნდა ცუდი სპექტაკლები იყო. მიშა პირველივე დღიდან იყო ჩემთვის საინტერესო. პირველივე დღიდან მიშას ყოველი ნაბიჯი, ყოველი ფრაზა, ჩანაწერი ჩემთვის კვლავის საგანი იყო. ზოგადად და ჰაერზე არასოდეს ამბობდა რამეს…“

მიშა თუმანიშვილმა ერთი აქტის დადგმა მიანდო საკუთარ სპექტაკლში „საით მიდიან წლები“. შემდეგ იყო დამოუკიდებელი ნამუშევარი – „სიზიფე და სიკვდილი“.

შალვა გაწერელია: „ სპექტაკლიში თამაშობდნენ გურამ საღარაძე და კარლო საკანდელიძე, განუმეორებელი პერიოდი იყო, რეპეტიციებს გავდიოდიოთ გვიან ღამით, სპექტაკლის შემდეგ, 11 საათზე მთავრდებოდა სპექტაკლი, ამოდიოდნენ, ვატარებდით რეპეტიცებს, ვმუშაობდით, არავინ არ გვიშლიდა, აუდიტორიას არავინ გვიკეტავდა. მე მაშინ ვიყავი მეოთხე კურსზე, წინასადიპლომო სპექტაკლი იყო. ჩემთვის პირველი დამოუკიდებელი სპექტაკლი. განხილვაზე  გარკვეული ხმაური გამოიწვია, წითელი სკამები რატომ არისო. ცოტა შარიანი ხალხი იყო.  რა ვიცი, წითელი საღებავი მქონდა შევღებე მეთქი, მეც თავხედურად ვუპასუხე…“

სადიპლომო სპექტაკლი ქუთაისის თეატრში დადგა – ჰიუგოს „ანჟელო“, სპექტაკლში ნათლად ჩანდა რომ ახალგაზრდა რეჟისორი ტირანიის საშინელებას ებრძოდა, მაგრამ ამაზე კრინიც არავინ დაძრა, ხმა არ ამოიღეს – „არ შეიმჩნიეს, ასეთი პოზიცია ჰქონდათ საერთოდ, არ იმჩნევდნენ, აალაპარაკე ახლა რუსეთი…“

მოზარდი

შალვა გაწერელია: „მოზარდში ჩემი პირველი სპექტაკლი –  ეს იყო საშინელება. სპექტაკლს „დაკარგული დრო“ ერქვა და ეს მართლაც დაკარგული დრო იყო. საშინელი პიესა იყო, დღემდე გაოგნებული ვარ როგორ მირჩია ამ პიესის დადგმა ალექსანდრე თაყაიშვილმა?  კარგი პიესაა დადგი ყმაწვილოო. როგორ მირჩია?  მე ვერ ვურჩევდი ახალგაზრდა რეჟისორს ამ პიესის დადგმას, როგორი ეგოსტური ზრახვებიც არ უნდა მქონოდა. ხომ არის კიდე რაღაც ზღვარი? აი მან მირჩია. მე დავუჯერე, ვერ შევეკამათე, ის მაშინ ავტორიტეტი იყო, ამ თეატრის დამაარსებელი… ამის შემდეგ კატაევის პიესა მომცეს. მერე სულ გაჩერება…  კლასიკას როგორც ასეთი არ მადგმევინებდნენ… აღარ მიმიღეს თეატრში, გამომიშვეს, იური კაკულიამ ჭიათურის თეატრში წამიყვანა. იქ ვმუშაობდი ცოტა ხანს. შემდეგ ხან ვიყავი მოზარდში ხან არ ვიყავი. ერთი პერიოდი ტელესტუდიაში ვიყავი…

მოზარდში „მოკვეთილი“ დავდგი, არ ელოდნენ „მოკვეთილს“… შემდეგ „ანა ფრანკი“ დავდგი, შემდეგ „ქამუშაძის გაჭირვება“, „ანა ფრანკზე“ და „ქამუშაძეზე“ ერთი ამბავი ატყდა სამხატვრო საბჭოზე, პრაქტიკულად ჩააგდეს, ეს შეცვალე, ის შეცვალე, არ მოიწონეს. მახსოვს, ნათელა ურუშაძე და ეთერ გუგუშვილი აღშფოთდნენ, თქვენ არ იყავით ტაშს რომ უკრავდით ყველა სცენაზეო? მაშინ ასე თვლიდნენ რომ თვითონ არიან მაგრები და მათთვის მიუღებელია ასეთი სპექტაკლები. რა თქმა უნდა, თამარა თვალიაშვილისთვის და საშა მიქელაძისთვის მიუღებელი იყო „ქამუშაძის“ ასეთი ინტერპრეტაცია, მათთვის რომ მისაღები ყოფილიყო, აუცილებლად უნდა დაგეკიდა ყვითელი ფოთოლი, ასეთ პირობით სივრცეში კი, რომ სამყარო ცარიელია, მათთვის ცხადია მიუღებელი იყო. მე წამოვედი თეატრიდან, აღარ მინდოდა იქ მუშაობა. ერთმა მთავარმა რეჟისორმა სადადგმო ნაწილად მუშაობაც კი შემომთავაზა, რაკი კარგად ვერკვეოდი სადადგმო საკითხებში… „მოკვეთილი“, ანა ფრანკი“ „ქამუშაძე“ მქონდა დადგმული რომელიც დღემდე კვლევის საგანია და ისინი სადადგმო ნაწილობას მთავაზობდნენ…

მერე მოხდა… მოხდა ის რასაც ბედი ჰქვია. ჩატარდა სიმპოზიუმი, ჩამოვიდნენ მსოფლიოდან, რუსეთიდან ეს კნებელები და კიტები, მოვიდნენ „ქამუშაძის“ სანახავად, იცით რატომ? განრიგით ეკუთვნოდათ. რუსები და უცხოელები აღფრთოვანდნენ, ის დღე იყო და ის დღე, ყველამ დაიწყო ყვირილი ეს რა მაგარი სპექტაკლიაო. არადა, უკვე მოხსნას აპირებდნენ რეპერტუარიდან. ვერც შეედავებოდი, გეტყოდნენ უკვე ამოვწურეთო, მაგრამ სპექტაკლის გადარჩენაზე არ იზრუნებდნენ.  კი არ ახრჩობდნენ, თვითონ დაიხჩოო, დაამთავრაო, გეტყოდნენ. სხვათაშორის სტურუას მაშინ ძალიან გაუმართლა. ის ხალხი მივიდნენ და სტურიას სპექტაკლიც ნახეს, პირველი გასტროლი იქიდან მოხდა. ეს დამთახვევა იყო, ჩვენდა საზარალოდ… აი, როგორც მოხდა პირველი შემჩნევა. კი, „მოკვეთილზეც“ იყო დადებითი გამოხმაურება თეატრალური წრეებიდან, „ანა ფრანკზეც“.  სეზონის საუკეთესო სპექტაკლი, ერთიც და მეორე, ეს კი იყო, მე მაგ აღიარებებზე არ ვამბობ… იურიდიულად კი, პრემიები იყო, რეზო თავართქილაძე წერს, სპექტაკლი არ დაუდგია პრემია არ მიეღოო. ეს კი, იმდენი „ჟეტონები“ და „ზნაჩოკები“ მაქვს, სად წავიღო არ ვიცი, მაგრამ ისეთი, არსებითი აღიარება ამ შემთხვევითმა განაპირობა. კრაკოვსკიმ თქვა უკეთესი მე არაფერი მინახავსო. წაშალეს ეს ჩანაწერი… შემდეგ მოსკოვში გასტროლებისას, „ქამუშაძე“  ნახა მარკოვმა, მაგათმა პაპამ, დიდმა მარკოვმა, თეატრმცოდნე ივანოვმა ხელით მოიყვანა, ჩაწერეს ინტერვიუ, სადაც მარკოვმა თქვა, რომ ასეთი შთაბეჭდილება მაშინ მქონდა როცა ხორავა და ვასაძე პირველად ვნახეო, ისეთი დითირამბები იყო მეტი არ შეიძლება, ჩამოიტანეს ეს ფირი და ტელევიზიამ არ გაუშვა, უხერხულიაო. გესმით?! უხერხულიაო და გააქრეს… სხვას ვერ გაუბედავდნენ იმ ფირის გაქრობას, მე გამიბედეს… შევწუხდი მაშინ, მაგრამ ახლა ვთვლი, მაგის დედაცა ვატირე, ფაქტი ხომ მოხდა?“ 

„ანა ფრანკის“ და „მოკვეთილის“ შემდეგ კულტურის სამინისტრო უკვე კეთილგანწყობილი იყო რეჟისორ გაწერელიას მიმართ. „სამინისტროში ახალგაზრდები იყვნენ – გალუსტოვა, ბრეგვაძე, ძიგუა, მხარს მიჭერდნენ და უკვე სხვებიც ვეღარ მიხსენიებდნენ აუგად. „ქამუშაძის“ წარმატების შემდეგ სამხატვრო ხელმძღვანელად დავინიშნე. დავინიშნე და დავიწყე ბრეხტის „სიმონა მაშარის სიზმრებზე“ მუშაობა. რამაც დაძაბა ყველა, რატომ ბრეხტი და არა „წითელქუდა“. მაშინ ვფიქრობდი ასე, უბედურებაა როცა კვარცხლბეკი თავისუფალია და არავინაა ხელმძღვანელი, რომ იქ მოიკალათებს არამზადა და მას ვცემთ თაყვანს… იმ დროს იქ, კარგად იყო მოკალათებული ეს ჩვენი შევარდნაძე… აფორიაქებული ვიყავი ამით და დავიწყე ბრეხტზე მუშაობა. მხარში მედგნენ ახალგაზრდა თეატრმცოდნეები, მაგრამ აღიარებული თეატრმცოდნეები, კიტები მაინც განზე იდგენ. იმათ თავიანთი „ლუბიმჩიკები“ ჰყავდათ, კი გეფერებოდნენ, მაგრამ ბოლო წუთს გეუბნებოდნენ, კარგი რა გვაცალე ერთი წუთითო…

_ ყველას ახსოვს მოზარდის ის წარმატებული პერიოდი, მაგრამ თქვენი  გაქანების რეჟისორისთვის, იყო კი საკმარისი ტრიბუნა,  ხომ არ ჯობდა..

_  რომ უფრო დიდ, რუსთაველის თეატრის სცენაზე ვყოფილიყავი? ეგ სულ მესმის…  აი, ბედი უნდა, თორემ, შენ იქაო…. რა ვიცი აბა… მე სადაც ვიყავი კაიფი მქონდა და მაყურებელიც კაიფობდა, მე ბედნიერი ვიყავი, მე არ ვიცი, იქნებოდა თუ არა ეს იქ რომ ვყოფილიყავი… არ ვიცი… არა, მაგას არ ვდარდობ, შეიძლება ყოფილიყო და მე მაშინ სხვანაირი ვიქნებოდი.

_ მოზარდმაყურებლელთა თეატრი რომ  ერქვა, ეს არ იყო თქვენთვის გარკვეულწილად არტახი? _ კი, კი, იყო. დაუჯერებელ ამბავს მოგიყვებით, როცა სამხატვრო ხელმძღვანელად მნიშნავდნენ, პირობა წავაყენე ახალგაზრდულ თეატრს თუ გამახსენევინებთ დაგთანხდებით მეთქი. მაშინ მოზარდი დღევენდელ პანტომიმის თეატრის შენობაში იყო, დაიწყეს კიდეც ახალი თეატრის მშენებლობა, აი, ანდროპოვის ყურებს ქვემოთ, ახლა რომ სახინკლეა, იქ ქუჩა არ იყო და იქ აშენდა სამსართულიანი შენობა, 200 კაციანი დარბაზი, გადავყევით განათებას, უკვე რეპეტიციებს ვატარებდით იქ, ერთ მშვენიერ დღეს გამოგვიცხადეს, აქ გზა უნდა გაიჭრას და ეს შენობა უნდა დაინგრსო. გავგიჟდი, დაუმთავრებელი თეატრი დაანგრიეს.  პანტომიმის თეატრს მე გადავეცი ეგ შენობა, რადგან აღარ გვჭირდებოდა. იძულებული გავხდით ისევ იმ ძველ შენობაში გაგვეგრძელებინა მუშაობა. გადმოგვცეს ძველი კინოსტუდიის შენობა, მაგრამ კაკო დავლიშვილმა თქვა, ჩვენ სად გვიშენებთ სამაგიეროსო?  ჩაიშალა ეგ ამბავი, მერე ოფიცერთა სახლი მოგცეს, იქ ავტომატიანი ხალხი დაგვხვდა… მაინცდამაინც არც ჩვენ გვაწყობდა, მეგონა აგვიშენებდნენ ახალს… ახალი კი არა, პანტომიმის შენობიდანაც გამოგვყარეს. „ირინეს ბედნიერების“ პრემიერა უნდა გვქონოდა, ცეკადან რომ დარეკეს, სასწრაფოდ დაცალეთ შენობაო, პრემიერის თამაში მაინც გვაცადეთ მეთქი, არ გვაცადეს ისე გამოგვრეკეს. მას შემდეგ რკინიგზელთა სახლში ვმართავდით სპექტაკლებს. ეგრე რომ არ წასულიყო საქმე, სულ სხვანაირად განვითრდებოდა თეატრიც, მოვლენებიც. იქნებოდა ახალგაზრდული თეატრი. მოზარდმაყურებელტა თეატრი საერთოდ მოგონილია, „მოზარდმაყურებელთა“ რას ნიშნავს? მე არ ვიცი ჩემი შვილისთვის რომელი უფრო მნიშვნელოვანი იყო როცა პლისეცკაია ნახა დიდ თეატრში  თუ „წითელქუდა“ თუნდაც ჩვენთან? ასაკს რა მნიშვნელობა აქვს?

_ 90-იანი წლების დასაწყისში, დატოვეთ თეატრი, რამ გადაგაწყვეტინათ თეატრიდან წასვლა?

– მივხვდი რომ  უნდა გავქცეულიყავი, თეატრი ინგრეოდა, ნანგრევებში რომ არ მოვყოლოდი, უნდა წავსულიყავი.  ვეძებდი მიზეზის, რით გამემართლებინა ჩემი წასვლა და პატიოსნად წავსულიყავი. მსახიობებს ვუთხარი, თუ მართლა გინდათ რომ რაღაც გაკეთდეს, მე დავწერ განცხადებას და წავალ, წამოდით ყველა, თუ წამოხვალთ მთავრობა იძულებული გახდება რაღაც იღონოს, მოგვცეს შენობა, გაკეთდეს ახალი თეატრი. თუმცა, მე შინაგანად ვგრძნობდი, რომ თეატრმა თავისი არსებობა დაამთავრა. ყველაფერს აქვს საწყისი, განვითარება და ბოლო… თან ვეუბნებოდი დასს ყველანი წამოდით მეთქი და თან ვფიქრობდი, რა უნდა ვქნა, მართლა რომ წამოვიდნენ? მაგრამ მოხდა ის, რომ მხოლოდ 24 კაცი წამოვიდა, დანარჩენები დარჩნენ.  დაახლოებით კი ველოდი ამას, მაგრამ მაინც გაოცებული დავრჩი, ისეთი პაკეტი იყო დაგდებული – ახალი შენობა, ახალი თეატრი… ისეთი ხალხი არ გამომყვა და მიღალატა, დაუჯერებელი… მსახიობები, რომლებიც ჩემით არსებობდნენ… რეჟისორი, თეატრის შემქმნელი და არა სპექტაკლის დამდგმელი, უნდა მიხვდეს როდის მთავრდება თეატრი…

_ თეატრი დატოვეთ სიმწიფის პერიოდში, შემდეგ მაინც არ გიცდიათ დაგეარსებინათ ახალი თეატრი?

_ კი, ომის დროს, ჩემთან სახლში მოდიოდა 20-25 მსახიობი და აქ ამ ოთახში გავდიოდით რეპეტიციებს. სპექტაკლს ვამზადებდით ახალი თეატრისთვის. მერე გიგა ლორთქიფანიძემ შემოგვთავზა, ჩემთან მოდითო და ყველა შტატში აიყვანა, დავიწყეთ კიდეც რეპეტიციები, მაგრამ მივხვდი რომ ტყუილი ამბავი იყო… გიგამ ქუჩაში რომ არ დარჩენილიყვნენ ლუკმა-პური გაუჩინა მათ, ამისთვის მე არ შემეძლო გაჩერება და წამოვედი… მერე ისე აირია, სოციალურ-პოლიტიკური ვითარება, მცდელობაც კი უაზრობა იყო რომ გექფიქრა ახალ თეატრზე, არსებითზე და სერიოზულზე, თორემ ჯიბის თეატრი… მე ვერ ვეგუები ჯიბის თეატრს… არადა, როგორ ვიყავით შემართული, როგორ გვინდოდა თავის დროზე იმ ახალგაზრდულ-ექსპერიმენტული თეატრის შექმნა. მაგრამ დაანგრიეს ულაპარაკოდ,  დაიტაცეს მასალები…. ეს იყო მავნებლობა, კომუნისტური მავნებლობა, ააშენეს და ისე რომ არც გახსნილა, დაანგრიეს და ჩამოწერეს…

ისევ თუმანიშვილზე

„მე მიშა თუმანიშვილთან საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა მქონდა… იქამდე რომ… მიშამ წამიყვანა ტელესტუდიაში. გადავიღე „ბაკულას ღორები“. ვფიქრობ ძალიან საინტერტესო ტელესპექტაკლი იყო, ძალიან საინტერესო…. წაშალეს. ზუსტად ეს „ბაკულას ღორები“ მერე გააკეთეს თეატრში. ლაპარაკად არა ღირს, მაგრამ ჰკითხეთ თამაზ გოდერძიშვილს… ჩვენ ერთად გავაკეთეთ სცენარი, მერე გაუკეთა მიშას და კითხეთ თუ გინდათ, სიტყვა სიტყვით ის არის. თეატრს წარმატება მოუტანა ამ სპექტაკლმა, პირველად რომ მე გავაკეთე, დაიკარგა. ღმერთმა შეარგოთ წარმატება, მაგრამ ჩემი რატომ წაშალეს? ფირი არ გვქონდა და წავშალეთო… ასევე წამიშალეს „ჩვენებურები“, დარჩა მარტო „ირინეს ბედნიერება“, იმიტომ რომ იქ თამაშობდა ხარაბაძე და ეს მნიშვნელოვანია. ხარაბაძის ძამაკცი იყო ტელესტუდიის თავჯდომარე და იმას ვერ შებედეს…

თუმანიშვილთან იმდენად დაძაბული ურთიერთობა მქონდა, რომ მაგის სპექტაკლებზე აღარც მივდიოდი, არც ის მოდიოდა, ერთდერთი, ოსტროვსკი რომ დავდგი, მაშინ მოვიდა. ისე ვხვდებოდით, მეგობრული ლაპარაკი, მაგრამ, რაღაც გატყდა… მე თაყვანისმცემელი ვიყავი მაგის როგორც შემოქმედის, მაგრამ როგორც პიროვნება, ცოტა ინტრიგანი იყო. ღმერთო მაპატიე, კი არ უნდა ვამბობდე ამას, მაგრამ ხომ უნდა ითქვას ბოლოს და ბოლოს. ისეთ რაღაცას იზამდა… მაგან პრინციპში წამართვა ჯგუფი… მსახიობებისა და რეჟისორების შერეული ჯგუფი იყო. იმ რეჟისორებისგან არც ერთისგან დადგა რეჟისორი, თავიდანვე არ მინდოდა მათი აყვანა და იცოდნენ რომ პირველი კურსის მერე უნდა გამეშვა და მაგათ დაწერეს, რომ ვართ გაწერელიას ტერორის ქვეშ და მასთან მუშაობა გვიჭირს, გვეშინია უბრალოდ მასთან ყოფნა და გადაგვიყვანოთო. მე რომ  ეგ გავიგე, ვთქვი რომ საერთოდ ვტოვებ ჯგუფს მეთქი. არადა კარგი ჯგუფი იყო, ნინელი ჭანკვეტაძის და მაგ ყველანის. მსახიობები მექანიკურად მოჰყვნენ ამ პროცესში. მიშა შეპირდა ყველას რომ წაგიყვანთ ჩემთანო… ამან გამაღიზიანა და ვუთხარი კიდეც, ეგ არ არის კაცობა მეთქი… მსახიობებს არ მოუწერიათ ხელი, არც გოგი მარგველაშვილს მოუწერია ხელი, ხელი მოაწერა 5 რეჟისორმა… მაგრამ ჯგუფს ვერ ჰყოფდნენ, ჩემი განცხადება გამოსავლად ჩათვალეს… არადა, სინამდვილეში მე ჩემი გამოსავალი მოვძებნე, მე გამოვთავისუფლდი, იმიტომ რომ მე ვდგამდი „რღვევას“, კიდე მეორე პიესა მქონდა დაწყებული და მნიშვნელოვანი პერიოდი იყო თეატრისთვის. ისე შეიძლება კარგი მოხდა რომ მე გავთავისუფლდი…“

თეატრალურში

თეატრალურ ინსტიტუში მოღვაწეობა შალვა გაწერელიამ 1960 წელს დაიწყო, ჭიათურიდან დაბრუნების შემდეგ.  

შალვა გაწერელია: სრულიად შემთხვევით, ქუჩაში შევხვდი  კუკური პატარიძესა და ილია თავაძეს. კუკური პატარიძე მომიბრუნდა და მკითხა, რას აკეთებ შენაო? არაფერს მეთქი.  რაღაცა გადაულაპარაკა  ილია თავაძეს, ილია თავაძემ თავი დაუქნია. კუკური პატარიძემ მითხრა მოდი ხვალ ინსტიტუტშიო. მივედი მეორე დღეს და შემომთავაზეს ასისტენტად მუშაობა. ცხადია იმ წუთში დავთანხდი,  ქუჩაში ვიყავი.  ვიმუშავე ცოტა ხანს ხორავასთან, ვასაძესთან. მერე მომცეს ჯგუფი.

– რა მოგცათ ამ ორ გიგანტთან მუშაობამ ?

– ვასაძესთან მუშაობამ მომცა ის რომ ძალიან ფრთხილი უნდა იყო, თორემ მოგატყუებენ. არაფერი მნიშვნელოვანი არ მომხდარა, გარდა იმისა რომ ფანტასტიურად მოვიხიბლე  მათით. ვასაძე ჩემი პედაგოგი იყო, ჯგუფის ხელმზღვანელი და  ვიცნობდი, ხორავასთან მაშინ მქონდა პირველი შეხვედრა, ვგრძნობდი რომ დიდ კაცთან მაქვს საქმე, მეშინოდა სიტყვის თქმისაც კი, არ ვიყავი დარწმუნებული რომ გასაგებად ვიტყოდი. ასისტენტობის დროს, კუკური პატარიძემ თავის კურსთან დამადგმევინა სადიპლომო სპექტაკლი. დავდგი ოსტროვსკის „უმზითვო“, გავილაღე ძალიან, ვაკეთებდი ისე როგორც ვფიქრობდი. თუმცა, მსახიობების მხრიდან იყო ხელის შეშლა. იმიტომ რომ მე მათთვის არ ვიყავი ავტორიტეტი და მიწევდა თან მუშაობა და  თან იმის მტკიცება რომ მე ვარ პიროვნება. რთული იყო, მაგრამ მთელი ხალისით და გატაცებით ვიმუშავე. სპექტაკლს ჰქონდა წარმატება, კათედრაზე იცით ვინ იყვნენ? ხორავა, ვასაძე, დოდო ალექსიძე, მიშა თუმანიშვილი, ლილი იოსელიანი, საშა მიქელაძე, ასეთი კიტები ისხდნენ. განხილვაზე რომ შევედი ტაში დამიკრეს, ეს რა თქმა უნდა, წარმოუდგენელი შეფასება იყო ჩემთვის. ერთი წელი ვიმუშავე ასისტენტად და მომცეს უკვე ჯგუფი. 29 წლის ვიყავი. მანამდე ერთ ბიჭს ვეძახდი „ბატონო კოტეს“, ჩემზე უფროსი იყო, აღმოჩნდა ჩემს ჯგუფში და  იძულებული გახდა იმას დაეძახა ბატონო შალვა. რა თქმა უნდა კონფუზი იყო… თავიდან ცხადია, ლილი იოსელიანის და მიშა თუმანიშვილის ვარიანტებს ვაკეთებდი, მერე მივხვდი რომ ჩემი უნდა მქონოდა, საერთოდ ეგრეა, ყველაფერი შენი უნდა იყოს.

–უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევით, ინსტიტუტში მუშაობისთვის თავი არ მიგინებებიათ მაშინაც როცა აქტიურად მოღვაწეობდით თეატრში. რა კაიფი დაიჭირეთ პედაგოგიკაში?

– რა კაიფია? „პიგმალიონი“ ხომ წაგიკითხია.  ჰოდა ეგაა. როცა როლს აკეთებინებ სტუდენტს და ხედავ შედეგს, ბედნიერი ხარ. მსახიობს კი არ აკეთებინებ, აკეთებინებ ადამიანს, რომელიც იმდენად ელასტიურია რომ რაც გინდა იმას შეგიქმნის. მიხარია როცა ვაღწევ შედეგს, როცა ვერ ვაღწევ – ვწუხვარ, სერიოზულად განვიცდი. განვიცდი, როცა ვატყობ რომ ვერაფრით ვერ დავძარი… უმეტეს შემთხვევაში ნიჭის ბრალია, მისი უნარიანობის, ბევრ შემთხვევაში ჩემი ბრალიცაა.

მასტერკლასი

ვინაა რეჟისორი?

„ვინაა რეჟისორი? ეს კითხვა დღემდე მიტრიალებს. როდესაც სტუდენტებს ვხვდები, მომავალ რეჟისორებს, პირველი რასაც ვეუბნები, ისაა რომ რეჟისურა მსოფლმხედველობაა. თუ ასე არ მივუდგებით რეჟისურას, გავხდებით მენეჯერები, ორგანიზატორები, არა, რა თქმა უნდა მსოფლმხედველობის მქონე რეჟისორიც ითავსებს ამ ორგანიზაციულ ფუნქციებს, მაგრამ არსებითი ეს არაა, არსებითი მსოფლმხედველობაა. თუ შენი მსოფლმხედველობა, კრედო ჩამოყალიბებულია, გებადება კითხვები და ეძებ პასუხს, არა კონკრეტულ პიესაში, არამედ სამყაროში, კოსმოსში და მერე უცებ წააწყდები, რომ სადღაც პიესაში, ნაწარმოებში  მეტნაკლებად იგივე  პრობლემებია, იგივე კითხვებს სვამს… არ მიმაჩნია რომ  ხელოვანი უფლებამოსილია რაიმე პრობლემა გადაწყვიტოს. ეს არაა ხელოვნების საქმე, ხელოვნების საქმე დადებითი ემოციების გაჩენაა და არა პრობლემების გადაწყვეტა, პრობლემას ცხოვრება წყვეტს. ხელოვნება უნდა იყოს აფორიაქებული ამ პრობლემით. რეჟისორს, პრობლემა როგორც ბომბი ისე უნდა ეჭიროს და ასე შემოდიოდეს სცენაზე, ბომბი, რომელიც უნდა აფეთქდეს და მაყურებელს ეუბნებოდეს – რა ვუყო ამ ბომბს?  არ წერენ ამას, რეჟისურა ესაა ბომბით შესვლა სცენაზე.

ეკლესიას თავისი დოგმები აქვს, სახელმწიფო სახელმწიფო კანონებით მოქმდებს და თუ ქურდს ქურდობა და მკვლელს მკვლელობა ვერ დაუმტკიცა, მისთვის ქურდი და მკვლელი ვერ იქნება, მაგრამ ჩემთვის მკვლელი მკვლელია, ვერ ვუმტკიცებ რომ მკვლელია, მაგრამ მე ამ მკვლელზე ვყვირივარ. რეჟისურის გენიალობა იმაშია რომ მას უამრავი საშუალება აქვს, მწერალი სიტყვის იქით ვერსად ვერ წავა,  ვერ ხატავს, მხატვარი მხოლოდ ხატავს, ვერ წერს, რეჟისორს ყველაფერი ეს აქვს და მსახიობი ჰყავს, რომელსაც ზღვა გამომსახველი ხერხები აქვს. მე სულ ვამბობ ბრუკის ცნობილ ფრაზას, უხილავი ხილული გახადოს, ეს არის ჩვენი  ვალი და არა პიესის თამაში.“

მსახიობთან მუშაობა

_ თუმანიშვილთან წამიკითხავს ასეთი ფრაზა, თქვენზე და კუჭუხიძეზე წერს რომ გიყვართ მსახიობებთან მუშაობა და მსახიობებს უყვართ თქვენთან მუშაობა. თუმანიშვილს რომც არ დაეწერა, ეს საკუთარი თვალით მაქვს ნანახი, თქვენი მუშაობა სტუდენტებთან და მათი სიყვარულიც თქვენდამი.

-მსახიობთან მუშაობა რას ნიშნავს? მსახიობს უნდა გაუჩინო რწმენა, რწმენა იმ ლოგიკისა, რომლითაც ცხოვრობს გმირი. რომ მასში ამუშავდეს ქვეცნობიერება და შთაგონება. შუშკინის გმირი ცოლს საყვარელთან შეუსწრებს და აღშფოთებული გამოდის, რაც ქართველი მსახიობისთვის გაუგებარია, მოვკლავდიო, ამბობდა. რა უნდა ქნა რეჟისორმა? თუ ძლიერი ხარ, აჯობებ მსახიობს, მიიყვან მსახიობს იმ დასკვნამდე რომ გაიზიაროს გმირის ქმედების ლოგიკა. მე ძალიან პრიმიტიული მაგალითი მოვიყვანე, უფრო რთული პასაჟებია. რა ახასიათებს ფსიქოლოგიურ დრამას? მარჯვნივაც შეიძლება წასვლა და მარცხნივაც. მსახიობმა უნდა გადაწყვიტოოს საით წავიდეს, ფიქრობს აქეთ მიეხმროს გმირის წასვლას, თუ იქით, ამას ემატება თვითონ მისი შეხედულებებიც და ამ ლაბირინთში იხლართება, როცა შენ ეხმარები გარკვევაში,  სთავაზობ დამაჯერებლ ქმედების ლოგიკას, ცხადია მსახიობში ჩნდება რწმენა, სჯერა ამ ლოგიკის და თუ სჯერა, ქვეცნობიერება იწყებს მუშაობას. მსახიობს რომ რწმენა გაუჩინო, რამდენს მამაძაღლობ რეჟისორი, რამდენ ტყუილს ეუბნები… არაა ეს ცოდვა. ოღონდ კი დააჯერო, ოღონდ კი რწმენა გაუჩნდეს… რწმენა თუ გაუჩნდა მსახიობს, გააკეთებს. ცხადია თუ ნიჭიერია. ნიჭიერია ის, ვისაც არ უნახავს და იწამა, თუ ნახე, მაგას რაღა რწმენა უნდა. რომ იწამო – ძნელია. მსახიობი რომ იწამებს, გამომსახველობა უნდა აამუშაოს. თუ  მსახიობმა იწამა და ვერ გამოსახა, გამომსახველობა ვერ ამუშავდა მისი, მაშინ  ნიჭი არ ჰქონია, გამოსახველობის ქონაა ნიჭი, აბა მომღერალი რა მომღერალია თუ ხმა არა აქვს? მსახიობს გაუჩინო რწმენა ალია–ბალია ესაა რეჟისურა. სტანისლავსკის სისტემა რა არის? მთელი სისტემა არის  ობიექტური კანონები, რომელიც მიგიყვანს იქამდე რომ რწმენა გაგიჩნდეს, სტანისლავსკი ამბობს თვითონ, მერე უკვე ჩემი საქმე აღარ არისო, მერე უკვე შთაგონება მოდის, ქვეცნობიერება ირთვება და  გარდასახვა იწყება, და იქ მე უძლური ვარო.  ცხადია, ბოლომდე გარადასასხვა არ ხდება. გმირსა და მსახიობს შორის ყოველთვის არის მანძილი თუ მაინძილი მოისპო, ესთეტიკური ტკობობაც გაქრება. ანუ სცენაზე ყოველთვის დგას ორი ადამიანი – გმირი თავისი ლოგიკით და მსახიობი თავისი ლოგიკით. ამას ყასიდად არ ვამბობ, იმიტომ რომ სუბიექტი და ობიექტია, მსახიობია და როლია, არ შეიძლება ეს გახდეს ის.

– თუ ასე არ იქნა, მაშინ უკვე შეურაცხადაობასთან გვაქვს საქმე, ფსიქიურ შეშლილობასთან.

– გიჟი ხარ ესე იგი, მსახიობსა და პერსონაჟს შორის დისტანციაა, ამ დისტანციის მოძრაობაა. ამით განიცდის მსახიობი ტკბობას, თორემ თუ მოშლილია დისტანცია, მართლა ფსიქიკურ შეშლილობასთან გვექნება საქმე და ოტელოს როლის შემსრულებელი დაიჯერებს რომ ოტელოა და დაახრჩობს კიდეც დეზდემონას როლის შემსრულებელს. არავინ არ ითამაშებს, არც ერთი მსახიობი გრიმს არ წაითხუპნის და სცენაზე არ გამოვა ტკობას რომ არ განიცდიდეს.

–უბრალოდ ბრეხტთან ეს დისტანცია დიდია და თამაშის ხერხშია გადასული, როგორ ვადევნებ თვალს მე ჩემს პერსონაჟს, ილუზიურ თეატრში – შედარებით მცირეა.

–ეს მოძრავია სულ. დისტანციის კანონი არსებობს ესთეტიკაში, მანძილი სულ უნდა იყოს სუბიექტსა და ობიექტს შორის. ეს მანძილი ხან იზრდება, ხან პატარავდება.  შეიძლება გმირი დატოვო შენ და წახვიდე, მაგრამ დიდხანს ვერ მოშორდები, გარეთ ვერ გახვალ, ხელიხელ ჩაკიდებულს ვეძახი მე. მიბმულები უნდა იყვნენ. თუ ესნი ძალიან მივლენ ახლოს, კი ბატონო მიდი ახლოს, მაგრამ ძალიან დიდხანს ახლოს ვერ გაჩერდებიან, შესჯავრდებათ ერთმანეთი.“

პირობითობაზე

ცხადზე ცხად სათქმელთან, ერთად, რა იყო ის, რაც გამოარჩევდა შალვა გაწერელიას სპექტაკლებს? მძაფრი, უფრო მეტიც – მძვინვარე თეატრალობა, პირობითობა.

შალვა გაწერელია: „საერთოდ თეატრი პირობითია, ხომ არ გგონიათ მართლა კვდებიან? ფარდა რომ იხსნება უკვე პირობითობაა. აი, შიგნითა პირობითობა არ მაწყობს მე, შიგნით ის ტკივილი მართალი უნდა იყოს. სცენაზე ნამდვილი ცეცხლიც რომ ენთოს, არაფერი არ არის ჩემთვის ის ცეცხლი, თუ ხელებს ცეცხლი არ ჭირდება და თუ სჭირდება, ტყუილი ცეცხლითაც კარგად გადმოვცემ… მე თეატრს აღვიქვამ როგორც ცარიელ ყუთს და ამ ცარიელ სივრცეში, შემომაქვს ის რაც ჩემ გმირს ჭირდება და არა ის, რომ ილუსტრაცია გავუკეთო რამე მოვლენას. თუ ჩვენ მივიჩნევთ, რომ პირობითობას განაპირობებს თვითონ იდეა, ცარიელ სივრცეში უნდა შემოიტანო ის რაც შენ გაყვირებს, რაც შგიწყობს ხელს მის გამოსახატად. თუ მე ძალიან ხმამაღლა მინდა რაიმეს თქმა, მსახიობს ვაჭერინებ რუპორს, არადა, გმირს არ შეიძლებოდა ჭეროდა რუპორი,  მაგრამ სათქმელი იმდენად ძლიერია, მე ვამბობ, მიმიფურთხებია მაგ თქვენს სინამდვილზე, მეორეხარისხოვანია ჩემთვის, მე პირველხარისხოვანი მინდა წამოვწიო. პირობითობა მხოლოდ პირვეხარისხოვანს, არსებითს წევს წინ და არა ილუსტრაციას უკეთებს ზოგადად… 

სცენაზე ყველაფერი დასაბუთებული უნდა იყოს, ყველა  შედეგს მიზეზი აქვს. როგორც კი, წარმომქმნელ მიზეზს უგულვებელჰყოფთ და მარტო შედეგს მაჩვენებთ – პლაკატია, მე უნდა ვგრძნობდე წარმომქმნელ მიზეზს, შესაძლოა ამ მიზეს ვერ ხსნიდეთ, ვერ ხსნიდეთ როგორ დაიბადა ეს მეტაფორა, სიმბოლო, მაგრამ მაყურებელი უნდა ხვდებოდეს, გრძნობდეს წინაპირობას. რატომღაც თეატრმცოდნეები ყოფით ახსნას ითხოვენ, არადა ყოფითად ვერ აუხსნი… წითელი ფერი აღაგზნებს სექსუალურ ვნებებს, წადი და ახსენი, როგორ მოხვდება წითელი ფერი ჩემს თვალში და როგორ აღმაგზნებს… რაღაცეები ტრანსცენდენტურია, არ აიხსნება, მაგრამ ამ აუხსნელს რომ ხმარობ, აი ამის დასაბუთებაა საჭირო, მაგრამ იმას კი არ უნდა ასაბუთებდე რატომ გამოიყენე წითელი, დასაბუთება იმას უნდა რომ აქ გარემო ცოტა სხვანაირია და აქ  წითელიც შეიძლება იყოს, ლურჯიც. რატომ წითელი? არ ვიცი. გარდა მაგისა, არის რაღაც ლამაზი და გათავდა! ახლა სტრურუას „ნადირობის სეზონი“ ვნახე, მაგარია რა, მომეწონა რა! ლამაზია! უყურე დავითის ქანდაკებას, ლამაზია, ფანტასტიკურია! რა ჩანაფიქრი ჰქონდა, მიდი და გაიგე… ირაციონალური სცენა ისეთი სცენაა, რომელსაც ყოფითი ახსნა არ აქვს, მაგრამ სცენიურად დასაბუთებული უნდა იყოს – რამ განაპირობა. მე ხშირად ვეუბნები მსახიობს, ეს მუსიკა შენ მოგყავს, შენი სულიერი მდგომარეობა იმ დონეზეა რომ ამდაგვარი რაღაც გინდა და მუსიკა რომ გაჩნდა, ეს შენ მოიყვანე, ანუ შენს სულში გაჩნდა“.

კლასიკაზე, კლდიაშვილზე

შალვა გაწერელია: „ჩემთვის კლასიკა, როგორც ასეთი, განყენებულად არ არსებობს. მე ვდგამდი იმ თემაზე, რომელიც მაღელვებდა, ცხადია მაღალმხატვრულობას ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა, მაგრამ იმიტომ არ ვდგამდი რადგან კლასიკაა, მე ვდგამდი და ვიყენებდი კლასიკას ჩემი სათქმელისთვის.  ბრეხტის „სიმონა მაშარის სიზმრები“  დავდგი, მაგრამ არ დავდგი „სამგროშიანი“, იმიტომ რომ  მომეჩვენა რომ მე ამაზე ვარ აფორიქებული, როდემდე ვიცხოვროთ ასე ცრუგმირებით. ჩემს სპექტაკლში გმირს დაწვავდნენ და „პრასტიტუტკა“ აძვრებოდა და იმას სცემდნენ თაყვანს, გარშემო ურბენდნენ. ამ ფინამლამა მე ისე ამიყოლია, რომ გადავდე ყველა სხვა კლაისკა…“. 

იგი არასოდეს არ არჩევდა პიესას მსახიობის გამო. მას აღელვებდა პრობლემა, სათქმელი, ამ სათქმელს მიჰყავდა პიესამდე და შემდეგ ამ პიესიდან გამომდინარე ირჩევდა მსახიობს. და მაინც აღმოჩნდა: ის თავის სათქმელს ხშირად პოულობდა კლდიაშვილთან. დადგა „ქამუშაძის გაჭირვება“, „დარისპანის გასაჭირი“, „ირინეს ბედნიერება“, „ბაკულას ღორები“, როგორც თავად ამბობდა – ყველაფერი!

– ვინ არის დავით კლდიაშვილი თქვენთვის? რატომ მოხდა ისე რომ თქვენს სათქმელს და პრობლემებს პოულობდით მუდამ კლდიაშვილთან და არა სხვა თუნდაც უცხოელ, თუნდაც ქართველი ავტორთან?

–ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ცოტა ხანს ჭიათურაში ვმუშაობდი და იმ პერიოდში დავუახლოვდი იმერლებს. კი, თეატრში რეპეტიციები ძალიან მხიბლავდა, საინტერესოდ მიდიოდა, მაგრამ რა უნდა გეკეთებინა ყოველ საღამოს? ერთ დღეს წავიკითხე, მეორე დღეს კინოში წავედი, სისტემატურად მოსაწყენი იყო იქ, მეტი ვარიანტი არ იყო – ყოველდღე ან ქელეხში მივდიოდით, ან დასალევად, სხვა საქმე არ იყო, ანდა პერონზე ვსეირნობდით, მატარებელი რომ ჩამოდგებოდა, ამ ბოდიალში გავიცანი იმერლები, განსაკუთრებით ზემოიმერლები და შევამჩინე მათი ფანტასტიკური იუმორი. არ მინდა ძვირი ვთქვა გურულებზე, მაგრამ გურულის იუმორი რა არის? შეურაცხყოფას გაყენებს და კვდება სიცილით, იმერლები შეურაცხყოფას არ გაყენებენ, ისე მოვიხიბლე  ამ თვისებით რომ რასაც  კი იმერულს მოვკიდებდი ხელს, ასეთი რაკურსით აღვიქვამდი: კეთილი ხალხი რაღაცას ხუმრობს.

– ეს აღმოჩნდა კლდიაშვილის გრძნობათა ბუნების გასაღბიც?

–კლდიაშვილს როგორც კი მოვკიდე ხელი, აღმოჩნდა რომ რა კარგი, რა კეთილი ხალხია, უჭირთ, მაგრამ რა კეთილები არიან. ასე მეგონა თორემ, მე რა ვიცი… პირველად „ქამუშაძე“ ავიღე და მოვიხიბლე, ბიჭოს რა „ხოშიანი“ ხალხია, მამაჩემი რომ ადგეს საფლავიდან, იმას ჩავაბრუნებო, ამას იუმორით რომ იტყვის კაცი, გაგეცინება, შეგეცოდება… მოვიხიბლე კლდიაშვილით, ასე შეიძლება სხვითაც მოიხიბლო, მაგრამ კლდიაშვილი ძალიან დრამატურგიულია. რასაც არ უნდა მოკიდო ხელი, გკარნახობს რომ გახადო სასცენო მასალა. მერე კლდიაშვილი თავისი გაუთავებელი მრავალწერტილებით, ისეთ საგონებელში გაგდებს, ისეთ ფიქრებს, ისეთ ემოციებს გიღვიძებს რომ აუცილებლად თხზავ. კლდიაშვილი არ გიბრძანებს, კლდიაშვილი გირჩევს, მიგითითებს, გიბიძგებს, თუ შნო გაქვს წადი, თუ არა გაქვს შნო, გაჩერდი, არც ამაზე გაჯავრდება.

ვამბობთ რომ დავმალოთ…

_  თქვენ ხშირად გითქვამთ, რომ ჩვენ ადამიანები ვამბობთ იმისთვის რომ დავმალოთ. ეს ყოველთვის ასეა?  ცხადია, არსებობენ ადამიანები, რომლებიც მუდამ ასე იქცევიან, მაგრამ ხომ არსებობენ გულწრფელი ადამიანები, ვინც იმას ამბობენ რასაც განიცდიან, ან ფიქრობენ? ანდა წამები გულწრფელობის, როცა არაგულწრფელიც გულწრფელია?

_ არა, ჩვენ ყველა შემთხვევაში ვმალავთ, მაგრამ ჩვენ ვმალავთ საფუძველს. გმირობას კი არ ვუარყოფ, ან ვმალავ, იმას ვმალავ, რამაც ჩამადენინა ეს გმირობა. რამდენად მოხდა პატივმოყვარეობის, ეგოიზმის გამო. უანგაროდ,  უსასყიდლოდ ადამიანი, თავისი ბუნებით, ვერაფერს ვერ გასცემს. ჩვენ ხომ ადამიანები გაცემისთვის არ ვართ, ჩვენ აღებისთვის ვართ გაჩენილი. მე სულ აღება მინდა, მაგრამ რომ ავიღო, ვიცი რომ ხანდახან უნდა გავცე. და ეს უნდა დავმალო. ცხადია, ეს ცოტა უტრირებულია, მაგრამ ასეა. არის რაღაც, რასაც მეტად ვმალავ, რაღაც – რასაც ნაკლებად, მე კრიმინალის დამალვაზე არ ვსაუბრობ. ჭეშმარიტებაა ის, რომ ჩვენ ეგოისტები ვართ. ზოგი ამას ვერ მალავს, ზოგი კი ისე მალავს, ისე მოკვდება რომ ანგელოზი ჰგონიათ, ფრთებსაც კი მიაკერებენ ხოლმე.

ეს ჩემი მოგონილი არ არის, საფუძველია ჩვენი. ფროიდიც კი მეტი არაფერია, ჩვენ ვცხოვრებით ჩვენი ეგოიზმით. ვინმემ რომ მითხრას ეგოსტი ხარო, ჩავარტყამ თავში, მე ჩემს თავსაც ვატყუებ რომ მე არა ვარ ეგოსტი. რომეოსა და ჯულიეტას უყვარდათ ერთმანეთი. გენიალურია, სიკვდილმაც ვერ აჯობა ამ სიყვარულს, მაგრამ  აბა რომეო იმპოტენტი ყოფილოიყო, ჯულიეტა შეუყვარდებოდა?  ან ჯულიეტას შეუყვარდებოდა? ეგოისტები ვართ და რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, ამ თვისებას გვერდს ვერ ავუვლით. ეგოზიმი იმდენად ძლიერია, რომ მის დასაოკებლად ღმერთი გავაჩინეთ. ღმერთმა გაგვაჩინა და ჩვენ ღმერთი გავაჩინეთ ჩვენში რომ ეგოიზმი დაეთრგუნა, გაჩნდა რელიგია, მორალი, ეთიკა, კანონები, როგორმე რომ დათრგუნულიყო ეგოიზმი, დღეს ჩვენმა ეგოიზმმა იქამდე მიაღწია რომ უკვე ვლაპარაკობთ ღმერთი არ გვინდაო, აღარც მორალი აღარ გვინდა, აღარც კანონები,  ჩვენ მივდივართ კატასტროფამდე. ჩვენ გვგონია ჩვენ როგორც გვინდა ისე უნდა ვიყოთ. ფაქტია რომ ეგოიზმმა გადაჭამა ყველაფერი. თეატრი კვდება, კვდება იმიტომ რომ თეატრი ხომ ზნეობისთვის იღწევის. აბა თეატრი სკოლა არ არის, მე არ მინახია მეათაეკლასელი შესულიყოს  თეატრში და მეთერთმეტე კლასელი გამოსულიყოს. იქ ტკბობას ღებულობ ზნეობრივს, დადებით ემოციებს იღებ, არა ზოგადად ემოციას, არამედ დადებითს, თორემ ზოგადად ემოციით, ფეხბურთიდან, პელეს თამაშიდან უფრო გამოდის მაყურებელი. დადებითი ემოცია უნდა გაუჩნდეს, სიკეთის კეთების პატარა სურვილი მაინც. ეს უკვე აღარ არის. ამის არც მოთხოვნაა და არც გამკეთებელი. იმიტომ რომ ჩვენმა ეგოიზმმა ისე დაგვთრგუნა რომ  რაც უფრო ჩემთვის სასარგებლოა იმას ვაკეთებ.

„ყველასთვის გასაგები და მოსაწონი თუ იქნა ჩემი სპექტაკლი, მე თავს მოვიკლავ!“

–  ხშირად ამბობენ – „მაყურებელი ამას ვერ გაიგებს“, ხშირად ეს მართლაც ასეა, მაგრამ ხშირად ისეთ რამეზე ამბობენ, შეურაცყოფასაც კი აყენებენ მაყურებელს.

_ყველა ვერ გაიგებს! ყველა ვამბობთ, გალაკტიონი გვიყვარსო, მაგრამ ყველამდე გალაკტიონი ვერ მიდის! ტყუილია ეგ! ყველას თავის მკითხველი ჰყავს. ყველასთვის საერთო მხოლოდ ბიოლოგიური პროცესებია, სულიერი არ შეიძლება იყოს ყველასთვის ერთი. ყველას ერთნაირი სულიერი მოთხოვნა როგორ შეიძლება ქონდეს? დილის ხაშია ყველას უნდოდეს?  ყველასთვის გასაგები და მოსაწონი თუ იქნა ჩემი სპექტაკლი, მე თავს მოვიკლავ! ყველასთვის ვინც აკეთებს ის თაღლითია.  როცა ვინმეზე ამბობენ, ყველას უყვარსო, მე ვამბობ, ესე იგი ცუდი კაცია, იმიტომ რომ არამზადაა! გემოვნება ხომ სხვადასხვაა?  ის რაზეც მე ვღელავ, ყველა ვერ გაიგებს, მაგრამ ჩემი მაყურებელი გაიგებს. ჩაიყვანე ბრეხტის თეატრი ჩოხატაურში, რა მოეწონებათ? კი რაღაც მოეწონებათ, მაგრამ ის რაზეც ღელავდა ბრეხტი, ის არ ააღელვებთ…

შინ

ქმარი – რეჟისორი, ცოლი – მსახიობი. ცხოვრებაში როლების ასეთი განაწილება არც თუ სარფიანია – როგორც წესი, ცუდად მთავრდება…  თაიროვი, მეიერჰოლდი, ახმეტელი… შალვა გაწერელია ამ მხრივაც გამორჩეული იყო – მისი მეუღლე მსახიობია – ლემურა ჯაყელი. მეტიც, ლემურა ჯაყელი უშუალოდ იმ თეტრში მოღვაწეობდა, რომელსაც შალვა გაწრელია ხელმძღვანელობდა.

–ლემურა სტუდენტი იყო ჩემი, ერთ მშვენიერ დღეს მოვაწერეთ ხელი, ეგრევე თათარიახლად. ხელს რომ ვაწერდით, მკითხეს,  ვის გვარზე გინდათ რომ იყოს მეუღლეო. ვუპასუხე, ჩემს გვარზე მეთქი. უცებ ჩემი მეუღლე მოტრიალდა, არა რა, ბატონო შალვაო… მაშინ  ლემურა 22 წლის იყო, გვარი „ჯაყელი“ დაენანა… ამ მხრივ ბედნიერი კაცი ვარ იმიტომ რომ ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის რომ მე ვყოფილიყავი კარგად… მე მეტად კმაყოფილი ვარ ცხოვრებით.

–როდესაც მუშაობდით, ალბათ ყველაზე მეტს თქვენს მეუღლეს სთხოვდით, რომ თუნდაც სხვა მსახიობს რაღაც არ ეფიქრა, არ გიჭირდათ მუშაობა?

–არ გპატიობენ მსახიობები იმას რომ ცოლი მსახიობი გყავს. ეს რომ გაპატიონ, უკიდურესად სამართლიანი უნდა იყო. არც უნდა გაანებივრო, მაგრამ არც უსამართლოდ არ უნდა მოექცე ცოლს. ვცდილობდი მაქსიმალურად სამართლიანი ვყოფილიყავი, ვცდილობდი ამ ბალანსის დაცვას. ეს შესამჩნევი იყო და  ამჩნევდნენ კიდეც. ჩემი ცოლი როგორც წესი იმ ბანაკში იყო, სადაც იყვნენ მისი ამხანაგები. მახსოვს, მსახიობებმა შესვენება მოითხოვეს, არ გავუშვი და გაფიცვა მოაწყეს, წავიდნენ ბუფეტში, ჩემი ცოლიც მათთან ერთად იყო, მონაწილეობდა ბუნტში…

– როდესაც როლებს ანაწილებდით, არ ეჭვიანობდნენ სხვა მსახიობი ქალები?

–  რა თქმა უნდა ეჭვიანობდნენ. ეჭვიანობდნენ არა მარტო ცოლზე, საერთოდ ქალზე. თუ ვინმეს როლს აძლევდი, ესე იგი შენი საყვარელი იყო. როგორ გითხრა, უსინდისობა, ყოველთვისაა. თეატრის თვისებაა.  შემოქმედს სულ ჰგონია რომ ჩაგრავენ, განა მე არ მგონია რომ მჩაგრავდნენ? მეც მგონია, ყველას ჰგონია. დიახ, ცოტას ჩაგრავენ კიდეც, ცოტა ჰგონია და იქმნება რაღაც მითი. რა თქმა უნდა სულ იყო ლაპარაკი, ლემურას რატომ მისცა როლი… „მაკბეტის“ დადგმას ვაპირებდი და მახსოვს, რიგაში გასტროლებისას ვთქვი, ლედი მაკბეტი ჩემმა ცოლმა უნდა ითამაშოს–მეთქი. ლემურა 90 კილო იყო და ბუნებრივია, ცოტა გონიერი რომ ყოფილიყო მსახიობი, უნდა მიმხვდარიყო რომ ვხუმრობდი.  რა ამბავი ატყდა იცი? დაიჯერეს რომ მე მართლა შეიძლება მივცე ლემურას ლედი მაკბეტის როლი. არა, ეს კი არ დაიჯერეს, ის დაიჯერეს რომ თვითიონ დარჩნენ უროლოდ. გაარკვიეს, რომ მათ არ ვაძლევდი ამ როლს და გათავდა. ლაპარაკობდა ლემურაზე და იმაზე იყო აღშფოთებული თვითონ რომ თვითონ არ მიიღო ლედი მაკბეტის როლი. საერთოდ ცხოვრებაში სულ ასეა, ვამბობთ ერთს, ვგულისხმობთ მეორეს, ვფიქრობთ მესამეს და სადღაც მიდის სიღრმეებში. ასე რომ ვერავითარი დეტექტორი სიმართლეს ვერ ამოხსნის, ჭეშმარიტ სიმართლეს… ეჰ, ძალიან მინდოდა „მაკბეტი“ დამედგა, გატაცებული ვიყავი. მაგრამ მერე ისე აირია ეს ამბები, ომები და უბედურება, რომ  მაკბეტის დრო აღარ იყო.

ეპილოგის მაგიერ

 „არასოდეს შური არ მქონია, ბოღმით არ მიცხოვრია, იმიტომ ვარ ამ ხნის. პატიება სხვაა, დავიწყება – სხვა. დავიწყება სკლეროზის სფეროა, მაგრამ პატიებით რატომ არ უნდა აპატიო? არ მესმის, რა ლოგიკაა – არ აპატიო. ძალიან გაწყენინა? თუ ძალიან გაწყენინა, ძალიან აპატიე“.

გამოქვეყნდა როგორც წლის გამოცემა “სახე(ლ)ები 2012”-ში, ასევე “საუკუნის სახე(ლ)ებში”.

გოგი მარგველაშვილი: „ირონიულად მეღიმება, როდესაც ლაპარაკია ჩემს შემოქმედებაზე…“

იშვიათად ნახავ მასავით გაწონასწორებულ ადამიანს თეატრალურ სამყაროში. მისი მთელი რეჟისურა კი იმ ზამოცანითაა შეპყრობილი, რომ თქვენ, მაყურებელს დაგაკარგინოთ წონასწორობა – დაგაფიქროთ, აგაფორიაქოთ, გაგაბრაზოთ თუნდაც… უნდა ითქვას ახერხებს კიდეც – თუნდაც გრძელი პაუზებით და კიდევ უფრო გრძელი სპექტაკლებით… დიახ, ის იშვიათად დგამს, მაგრამ როცა დგამს – გრძელ სპექტაკლებს დგამს, რასაც გადაჩვეულია თანამედროვე მაყურებელი – გართობაზე ორიენტირებული, თან სხაპა-სხუპით, სწრაფად გართობაზე ორინეტირებული…

მისი ცხოვრების ყველა მონაკვეთი თეატრთანაა დაკავშირებული. მეტიც, ის თეატრში იყო ამ ქვეყანდ დაბადებამდეც – ის არის ვაჟი სახელგანთქმული ქართველი ტრაგიკოსის – ზინაიდა კვერენჩხილაძის. შემდეგ იყო ბავშვობა – ასევე თეატრში გატარებული, შემდეგ თეატრალური ინსტიტუტი, სადაც გაიარა ყველა საფეხური – სტუდენტობიდან რექტორობამდე.

გოგი მარგველაშვილი. დღევანდელი რეგალია: საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, სრული პროფესორი. გრიბოედოვის თეატრის მთავარი რეჟისორი…

(შენიშვნა – ინტერვიუ ჩაწერილი და გამოქვეყნებულია 2014 წელს).

 თქვენი ცხოვრების რომელი პერიოდი გახსენდებათ ყველაზე ტკბილად, და საერთოდ, ცხოვრების რომელი პერიოდი მიგაჩნიათ საუკეთესო დროდ ადამიანისთვის? –  როგორც წესი, იხსენებენ ბავშვობას, ახალგაზრდობას… ადამიანი, 50 წელს რომ გადააბიჯებს, განსაკურებული ნოსტალგიით იხსენებს ახალგაზრდობას.

ახლაგაზრდობა ძალიან სასიამოვნოა – როდესაც არის და სასიამოვნოა მისი გახსენებაც, მაგრამ მე არ ვიტყოდი, რომ ეს არის საუკეთესო პერიოდი ადამიანის ცხოვრებაში.  საუკეთესო პერიოდი  არის ალბათ მაინც 40 წლის შემდეგ, როდესაც უკვე გაქვს გაქვს ცხოვრებისეული გამოცდილება, პროფესიული გამოცდილება, უკვე გაქვს გამოცდილება ადამიანებთან ურთიერთობის, რაც ყველაზე რთულია და რაც ყველაზე დამღლელია ამ ცხოვრებაში.

ადამიანებთან ურთიერთობა, ეს იქნება პირადი, თუ პროფესიული, არის ყველაზე რთული, რაც შეიძლება იყოს ადამიანის ცხოვრებაში. ადამიანს არაფერი არ ხვდება ადამიანზე რთული. სარტრს აქვს მშვენივრად ნათქვამი, ჯოჯოხეთი, ეს არის სხვები.

 სარტრი მუქ ფერებში ხედავდა და ხატავდა სამყაროს, აი, კეთილი კაცი, ეკზიუპერი კი წერდა რომ ადამიანებთან ურთიერთობა ფუფუნებაა.

–  ეკზიუპერის ნათქვამი უფრო ოცნებაა, კეთილი სურვილია, რომ ეს ასე იყოს, სარტრის ნათქვამი კი უფრო ჰგავს სიმართლეს. ყოველ შემთხვევაში ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, სარტრის ნათქვამი უფრო ჰგავს სიმართლეს. და არა მარტო სარტრის… სხვებთან ურთიერთობა არის არა მხოლოდ ყველაზე დამღლელი, არამედ ყველაზე აუტანელი, რაც შეიძლება ადამიანს შეხვდეს ამ ცხოვრებაში. რატომრაც მგონია რომ ყველაზე მძიმე დაავადებაზე რთულია…

 ვის ღლის, ვის არა, ცალკე თემაა, მაგრამ ფაქტია რომ სწორედ ადამიანებთან ურთიერთობას მიაქვს ყველაზე დიდი ენერგია ადამიანის. –  მიაქვს მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მოზომილი აქვს ადამიანს, უბრალოდ ადამიანმა არ იცის, ეს მოზომილი რამდენია მის შემთხვევაში – მიაქვს დრო. დრო, რომელსაც ადამიანი ვერ იბრუნებს ვერასოდეს… არ ვამბობ იმას, რომ ადამიანებთან ურთიერთობა მხოლოდ დამღლელი და აუტანელია, მაგრამ ამ ურთიერთობის პარადოქსულობა სწორედ იმაშია, რომ როცა სასიამოვნოა და არ ჰგავს ჯოჯოხეთს, მაშინაც კი რთული და დამღლელია, დროის წამღებია… მაგრამ ეს არის ის, რაც ავსებს შენს ცხოვრებას.

 ანუ, ადამიანისთვის პრაიმტაიმი 40 წლის ასაკის შემდეგ იწყება, როცა მან იცის ლავირება ადამიანებთან, უმკლავდება ამ სირთულეებს? –  ლავირება და გამკვალვება იმდენად არა, უბრალოდ თუ ამ ასაკში ადამიანმა არ ისწავლა განსაზღვრა იმის, რა არის უფრო მნიშვნელოვანი, რა მნიშვნელოვანი და რა უმნიშვნელო, ესე იგი ვეღარასოდეს ისწავლის… ამიტომ 40 წლის შემდეგ, ეს ყველაფერი სახეს იცვლის. უკვე ახერხებ რაღაცნაირად შერჩევას, ვისთან გქონდეს ეს ურთიერთობები. თუმცა, ეს ჩვენს პროფესიაში რთულია. არის ურთიერთობები, რომელსაც ვერ აცდები პროფესიიდან გამომდინარე. თან, თეატრალურ სამყაროში ეს ურთიერთობები კიდევ უფრო სპეციფიკურია, ალბათ ყველა პროფესიას ამ მხრივ თავისი სპეციფიკა აქვს, მაგრამ მე სხვა პროფესიებზე ვერ ვილაპარაკებ, არ ვიცი, მაგრამ კარგად ვიცი, როგორია თეატრალურ სამყაროში და ერთი რამ შემიძლია ვთქვა – ის აბსოლუტურად არ გავს იმას, რაც ჩანს გარედან… თეატრალურ სამყაროში, ადამიანებთან ურთიერთობის სირთულეს ემატება აბსოლუტური აბსურდულობა და გამოირჩევა ზღვარგადასული სისასტიკით. შედგება ბევრი რამისგან –  სისასტიკისგან, დაუნდობლობისგან, უმადურობისგან, სიკეთისგან, სილამაზისგან, ყველაფრისგან, რაც შეიძლება ადამიანს შეხვდეს ამ ცხოვრებაში. ეს ურთიერთობები მხოლოდ ადამიანისთვის დამახასიათებელი ვნებებით კი არაა სავსე, პროფესიული ელფერის მქონეა ეს ვნებები. თამაშით ნებისმიერი ადამიანი თამაშობს, მაგარამ მსახიობებს პროფესიად აქვთ ქცეული ეს თამაში და ეს გარკვეულ დაღს ასვამს მათ შორის ურთიერთობებს.

ხშირად ისინი ერთმანეთთან იქცევიან მათ მიერ ნათამაშევი გმირებივით, მათი ლოგიკით, მათი თვისებების გამოყენებით. მეტიც, არის კიდევ ერთი საშინელი რამ – ძალიან ხშირად, მსახიობები, ნებისმიერ კონფლიქტში, იქცევიან ისე, როგორც მოიქცეოდა გმირი, რომელიც მათ არც უთამაშიათ. ყველა მსახიობს ჰყავს საოცნებო პერსონაჟები, „ენ“ რაოდენობა გმირების, რომლის თამაშიც უნდათ და თუ სცენაზე არ ეძლევათ ეს საშუალება, ცხოვრებაში, ადამიანებთან ურთიერთობაში ასახიერებენ იმ პერსონაჟს, ასახიერებენ თავისი კონცეფციით, ისე, როგორც მათ ჰყავთ წარმოდგენილი ეს გმირი და უცებ, შენ წინ დადგება რიჩარდ მესამე, ან ჰამლეტი, ან ლედი მაკბეტი, ან თვითონ მაკბეტი, ან ალქაჯი მაკბეტიდან, ან კიდევ ვინმე… მსახიობების დიდი ნაწილი, მათთვის საოცნებო როლებს ამზადებენ თავისთვის, თამაშობენ, გიჟობენ თავისთვის, ეს თავისთავად ძალიან საინტერესოა და სევდიანია, მაგრამ ეს სადღაც აუცილებლად იჩენს თავს. ხშირად, ადამიანებს, ვინც ამაში ვერ ერკვევა, რატომ იქცევა ესა თუ ის მსახიობი ასე და მე ვაწყნარებ ხოლმე, ეს თვითონ არ არის ახლა, ეს შენ გელაპარაკებოდა ის, ვისი თამაშიც უნდა… ოღონდ იმ გმირის ტექსტით არ ლაპარაკობს, თვისებებს ავლენს, ხან ფრაზას მოიშველიებს მისას… არტისტები განსხვავებული არიან  სხვა პროფესიიის ადამიანებისგან და ამ განსხვავებულეობას ბადებს მათი პროფესია, მუდმივად სხვისი ცხოვრებით ცხოვრება, ან სხვისი ცხოვრებით ცხოვრების სურვილი… რაც დაღს ასვამს მათ ქცევას, დამოკიდებულებას გარე სამყაროსადმი, ცხოვრებისადმი, განაპირობებს მის პრეტენზიებს, მის ურთიერთობებს არა მარტო სხვა მსახიობებთან, რეჟისორებთან თუ მხატვრებთან, საერთოდ ადამიანებთან და მეტიც, თუ ის მორწმუნეა, იმასთანაც ვისიც სწამთ… მსახიობები, როგორც წესი მორწმუნეები არიან, ყოველშემთხვევაში ასეთებად იცნობენ მათ უმერტესობას… რბილად რომ ვთქვათ მსახიობები უცნაური ხალხია, თუმცა აქვე მინდა ვთქვა, რომ არიან ძალიან კარგები, კეთილები და საინტერესონი… ძალიან საინტერესოა მათთან ურთიერთობა, მაგრამ ეს ურთიერთობა აღსავსეა სირთულეებით.

 თქვენ მსახიობების ოჯახში გაიზარედეთ, რამდენად იმოქმედა ამ ფაქტმა თქვენს პროფესიულ არჩევანზე? – მსახიობის ოჯახში გაზრდილი ადამიანის პრობლემები, გარკვეულწილადად სპეციფიკურია, რთულია, იმიტომ რომ მსახიობის პროფესია დაწყევლილი პროფესიაა, ძალიან დიდი დრო მიაქვს მისი ცხოვრებიდან თეატრს  და მაშინაც კი, როცა ადამიანი ძალიან ორგანიზებულია, მომართული, არასოდეს არაფერზე არ რჩებათ დრო. ხშირად ბავშვს ვერავის უტოვებენ და მიჰყავთ თეატრში, მსახიობების შვილების უმეტესობა იზრდება თეატრში. ცხადია, ექიმებსაც მიჰყავთ შვილები სამსახურში, როცა ვერავის ვერ უტოვებენ და სხვა პროფესიის ადამიანებსაც, მაგრამ განსხვავება იწყება მერე, რა სამყაროში ხვდება ის ბავშვი, რომელიც მიჰყავთ თეატრში და რომელიც მიჰყავთ ლაბორატორიაში. რა თქმა უნდა ლაბორატორიაც საინტერესოა, მაგრამ ის რაც ხდება მერე თეატრში… ბავშვს არავინ არ ერიდება თეატრში და მთელი ის ურთიერთობები, თავისი სიმალაზით და სიმახინჯით, მის წინაშეა გაშლილი.  

 თქვენ თეატრში იზრდებოდით და ფაქტია რომ მოგეწონათ, თორემ რეჟისორი არ გახდებოდით…

 – რა თქმა უნდა… მე ვერ ვიტყვი იმას, როდის იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული. ის რომ დავჯექი და გადავიწყვიტე, მე ვაბარებ თეატრალურში, ასეთი რამ არ ყოფილა. თავისთავად მოხდა. არც ყოფილა მსჯელობა ან კამათი ამაზე ჩვენს ოჯახში, აქეთ თუ იქით, იქნებ ან ამაზე ჩააბარო, ან იმაზე, არაფერი უთქვამს არც დედაჩემს, არც მამაჩემს. ასე გადაწყვიტე? მორჩა.

–  ბავშვი როცა იყავით, არ გიჭირდათ დედის ყურება სცენაზე?

–  კი, ძალიან რთულია. კვდები ნერვიულობით, განსაკუთრებით როცა პატარა ხარ – გეშინია, ღელავ, ღელავ ათჯერ მეტად ვიდრე სხვა, სხვა განიცდის პერსონაჟის ამბავს, შენ განიცდი დედას და მხოლოდ შემდეგ პერონაჟს…,

მაგ ასაკში, რა როლში გახსოვთ დედა ყველაზე შთამბეჭდავათ? ანტიგონეს როლში?

–  არა, ანტიგონეს დროს, ბავშვი აღარ ვიყავი უკვე, მერვე, მეცხრე კლასში ვიყავი უკვე. მე ნანახი მაქვს „ჭინჭრაქას“ თითქმის ყველა წარმოდგენა. არა მარტო მე, გიას, კიტიას და კიდევ რამოდენიმე ბავშვს, ვისაც გვიწევდა მუდმივად ყოფნა თეატრში. ბევრმა არ აირჩია რეჟისორობა, ან მსახიობობა, მაგრამ მაშინ ყველა თეატრში ვიყავით და დავრბოდით დერეფნებში, ხშირად, ჩვენს მშობლებს რეპეტიციები ჰქონდათ და ჩვენ შევდიოდი სხვა სპექტაკლებზე. სასიამოვნო გასახსენებელია ეს ყველაფერი. თვითონ რუსთაველის თეატრიც სხვანაირი იყო მაშინ, გადასასვლელებით, გვირაბებით, სადაც გამოფენილი იყო იყო ძველი მაკეტები, ზოგი გარედან, ზოგი შიგნიდან განათებული, უამრავი რამ გაგახსენდება, სარეკვიზიტოები, საგრიმიოროები, გარდერობი, საამქროები… როცა ბავშვია, ყველა ეფერება, პატიჟებს, შეჰყავს…

 რა როლს თამაშობენ ჩვენ ცხოვრებაში შეხვედრილი ადამიანები, რომელთაც გვახვედრებს ბედი, სიტუაცია თუ პროფესია? რომ არ შეხვედროდით მიხელ თუმანიშვილს, არ ყოფილიყავით მისი ჯერ სტუდენტი, შემდეგ ასისტენტი, როგორი იქნებოდა თქვენი ცხოვრება? ისეთი, როგორიც არის?

–  არა, რა თქმა უნდა არა, სხვანაირად იქნებოდა ბევრი რამ… თუმცა, მე ინსტიტუტში სწავლა არ დამიწყია ბატონ მიშასთან. ჩვენი ჯგუფი აიყვანა ბატონმა შალვა გაწერელიამ, მაგრამ ერთი წლის შემდეგ, არც თუ ისე სასიამოვნო გასახსენებელი მოვლენების შემდეგ, ბატონი შალვა წავიდა ინსტიტუტიდან და ჩვენ აღმოვჩნდით ბატონ მიშასთან. თუმანიშვილი ისეთი მასშტაბის ფიგურაა საერთოდ, არა მხოლოდ ჩემს ცხოვრებაში, არამედ საერთოდ ქართული თეატრის ისტორიაში, რომ ძნელია ვინმეს შეადარო. თუმანიშვილთან ურთიერთობა არასოდეს არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ სწავლის, პიესის გახილვის ან რეპეტიციების პროცესით. თუ ის ახლოს მიგიშვებდა, ეს ურთიერთობა უფრო ჰგავდა აღორძინების ხანის მოსწავლისა და მასწავლებლის ურთიერთობას, რომელსაც ჰქონდა პერმანენტული ხასიათი, ნონსტოპი იყო. ეს ურთიერთობა იყო უწყვეტი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მუდმივად ერთად ვიყავით, მაგრამ არ იყო შემოსაზღვრული გარკვეული დროით. ნებისმიერ საკითხზე, პრობლემაზე შეგეძლო მიგეღო მისგან კონსულტაცია, როგორც თეატრალურ პრობლემაზე, ისე არათეატრალურზე – ცხოვრებისეულზე, გემსჯელა მასთან ნებისმიერ საკითხზე, პოლიტიკაზეც ზოგჯერ და ა.შ. უბრალოდ, იგი ნებისმიერ საკითხს, რა ხასიათისაც არ უნდა ყოფილიყო და რა შინაარსისაც, აუცილებლად ჩაატრიალებდა პროფესიული თვალსაზრისით, თუ დავუშვათ ეს იყო რაიმე ცხოვრებისეული კონფლიქტი, ამ კონლქიტის განხილვა გადაჰქონდა ქმედითი ანალიზის სიბრტყეში – რა მოხდა, სად არის ამოცანა, სად ზეამოცანა, ჰყოფდა ეპიზოდებად და ა.შ. ცხოვრებისეულ საკითხების განხილვა ხდებოდა ისე, როგორც ხდება პიესის განხილვა. და ამას ახერხებდა ისეთი ფილიგრანული სიმსუბუქით რომ ვერც ამჩნევდი და მიჰყვებოდი. მასთან არა მარტო სწავლა, ურთიერთობა იყო ძალიან საინტერესო და მრავლის მომცემი. პროფესიული თვალსაზრისით, უამრავი ადამიანისთვის აქვს ყველაფერი მიცემული. ის არ იყო უბრალოდ რეჟისორი და არც უბრალოდ პედაგოგი, ის იყო მოვლენა ქართულ თეატრში და აქვე მინდა გითხრა, რომ მასთან  ურთიერთობა ძალიან რთული იყო, ეს არ იყო ადვილად საურთიერთო კაცი, არც თუ ისე მსუბუქი ხასიათი ჰქონდა. საკმაოდ ეჭვიანი იყო, საკმაოდ კი არა, ძალიან ეჭვიანი ადამიანი იყო, წყენია იყო, გაბუტვა იცოდა, ოღონდ ზოგჯერ იბუტებოდა მართლა, ზოგჯერ ეს იყო თამაში.  მასთან ურთიერთობის გამოცდილებით უნდა მიმხვდარიყავი, მართლა გაგებუტა თუ ეს იყო პატარა თამაში შენ გამოსაცდელად. ყველაფერი ახასიათებდა რაც ახასიათებს ადამიანს… განსაზღვრაც კი ძნელია იმ მასშტაბის ერუდიცია ჰქონდა პროფესიაში. რაც შეეხება მსახიობთან მუშაობას, სპექტაკლის ხერხემლის აგებას, პიესის ქმედით ანალიზს და ატმოსფეროს შექმნას, აბსოლუტში ჰქონდა აყვანილი, სრულად ფლობდა ამ საიდუმლოს. ზოგჯერ რეპეტიციებზე ისეთი ენერგეტიკა იბადებოდა, უკვე რაღაც მისტიურ პროცესში გადადიოდა ეს ყველაფერი… განსაკუთრებით მაშინ როცა აგებდა პერსონაჟებს შორის ურთიერთობას და იმ სცენისთვის საჭირო ატმოსფეროს შექმნას. ატმოსფეროს შექმნა ძალზე რთულია და ცოტა რეჟისორი თუ აღწევს, თუმანიშვილი ამას ყოველთვის აღწევდა.

 გარკვეული ასაკის შემდეგ რეჟისორებს ხშირად ეწყებათ შემოქმედებითი კრიზისი, მეტიც, ხშირად შემოქმედებით მარაზმშიც გადადიან, რაც საერთოდ არ მომხდარა თუმანიშვილის შემთხვევაში. არათუ კრიზისი, მან ცხოვრება დაასრულა შედევრებით. ფაქტობრივად მას ასაკმა ვერაფერი წაართვა პროფესიული თვალსაზრისით.

–  მან ეს ყველაფერი შეინარჩუნა თავისი პროფესიული დონით და სამყაროსადმი დამოკიდებულებით.

 ანუ ის არ დაბერდა. –  არ დაბერდა იმიტომ რომ ის რამოდენიმეჯერ იყო დაბადებული… რაც მან გადაიტანა ცხოვრებაში – ომი, ტყვეობა, დაჭრა, კონტუზია, დახვრეტაზე გაყვანა… იმდენჯერ დაიბადა თავიდან… მან ამ ცხოვრებაში გაიარა რამოდენიმე რეინკარნაცია, ოღონდ მუდმივად ბრუნდებოდა თავის სხეულში…

მის მიმართ დაუნდობელი იყო ცხოვრება, მათ შორის პროფესიაშიც. იშვიათად თუ ნახავთ ქართველ რეჟისორს, რომელსაც იმდენი ლანძღვა შეხვედროდეს, რამდენიც მას შეხვდა თავის სპექტაკლების გამო, რომელიც შემდეგ შედევრებად აღიარეს, ლამის იჭერდნენ და სხვა დრო რომ ყოფილიყო დახვრეტდნენ კიდეც… მაგალითად „ჭინჭრაქას“ გამო, მაგალითად „ზაფხულის ღამის სიზმარის“ პირველი ვარიანტის გამო და ა.შ. სხვა დრო რომ ყოფილიყო, ალბათ „ანტიგონეს“ გამოც დახვრეტდნენ… იგი არასოდეს არ სარგებლობდა ძლიერთა ამა ქვეყნისათა განსაკუთრებული სიყვარულით და პატივისცემით. თავად განსაჯეთ, თუმანიშვილი ისე გარდაიცვალა, რომ არც რუსთაველის პრემია აუღია, არც ახმეტელის. მხოლოდ მარჯანიშვილის პრემია მისცეს, ისიც სპექტაკლში კი არა, – წიგნში…. ძალიან მძიმე ცხოვრება გამოიარა და ისე გამოიწრთო, რომ პრაქტიკულად გარდაცვალებამდე შეინარჩუნა საოცარი ჟინი, უნარი იმის, რომ შექმნას ის, რაც ყველაზე კარგად შეუძლია – დადგას სპექტაკლი და ის ამისთვის აკეთებდა ყველაფერს, მიუხედავად იმისა სიცხიანი იყო თუ წნევიანი. ცოტა მშიშარაც იყო ამ მხრივ, მაგრამ რეპეტიციის გაცდენაზე დიდი ტრაგიკული მოვლენა მისთვის არც არსებობდა. მას სპექტაკლზე მუშაობის გარეშე არ შეეძლო ცხოვრება. 70-ს გადაცილებულმა დადგა „ზაფხულის ღამის სიზმარი“, შემდეგ დადგა სპექტაკლი სიყვარულზე, სიყვარულის ჰიმნი დადგა – „ამფიტრიონი 38“. ამ  ასაკში ადამიანები ხშირად ბოროტდებიან, აგრესიულები ხდებიან, უფრო და უფრო მუქ ფერებში ხედავენ სამყაროს, თუმანიშვილი ხედავდა მხოლოდ კარგს, მხოლოდ კეთილს, ნათელს და ამაზევე დგამდა სპექტაკლებს…

 თქვენი შემოქმედებიდან რომელ სპექტაკლს გამოარჩევთ, როგორ მიგაჩნიათ, სად, რომელ სპექტაკლში უფრო მოხერხდა თქვენი ჩანაფიქრის რეალიზაცია?

 – ირონიულად მეღიმება, როდესაც ლაპარაკია ჩემს შემოქმედებაზე… ძალიან ცოტა სპექტაკლი მაქვს დადგმული. ასე წარიმართა ცხოვრება, ამაში მეც მიმიძღვის ბრალი და ამას აქვს თავისი სხვა მიზეზებიც… იშვიათად ვდგამ, მაგრამ როცა ვდგამ, ვცდილობ რომ ეს იყოს პროფესიულ დონეზე და რომ სპექტაკლის შემდეგ მაყურებელი იყოს შეწუხებული, დაფიქრებული, ან გაბრაზებული, ან გახარებული, მოკლედ – წონასწორობა დაკარგული. თუ სპექტაკლმა წონასწორობა ვერ დააკარგვინა მაყურებელს, უბრალოდ იხალისა, გავიდა და დაავიწყდა იქვე, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს სპექტაკლი არ შედგა. რაც შეეხება იმას, რომელ სპექტაკლს გამოვარჩევ, მე უფრო ავტორებს გამოვარჩევდი. მე მიმუშავია სამი გენიოსის – შექსპირის, პირანდელოს, ჩეხოვის პიესებზე. ჩემთვის ეს სამი ავტორი ყველაზე მდიდარია თავისი მსოფლმხედველობით, დრამატურგიული შინაარსით და იმ უზარმაზარი კოსმოსით. დამდგმელსაც და მასაც, ვინც თამაშობს, საშუალებას გაძლევენ მოქმედება ააგო სხვადასხვა ფორმაში, სხვადასხვა საშუალებებით. როდესაც მუშაობ შექსპირის, პირანდელოს, ან ჩეხოვის პიესებზე, ძალიან ბევრ რამეში ერკვევი, პირველ რიგში – ბევრ ნიუანსსა და დეტალში შენივე ცხოვრების, შენი და ადამიანებს შორის ურთიერთობის, შენი და სამაყროს ურთიერთობის. ერკვევი და შედიხარ საკმაოდ სახიფათო ლაბირინთში – ადამიანის ქცევის სხვადასხვა მოტივების, სხვადასხვა მიზნების, ამ მიზნების განხიორციელების გზების, სურვილების, ამოცანების…. იმდენად მდიდარია ამ სამი დრამატურგის პიესები ამით, რომ გაძლევს საშუალებას შექმნა მართლა სამყარო. ყველა პიესა, ყველა დრამატურგი სამყაროს შექმნის საშუალებას არ იძლევა. ზოგჯერ ძალიან პოპულარული პიესებიც კი. განსაკუთრებით თანამედროვე პიესები. შექსპირზე ლაპარაკიც არაა საჭირო, აბსოლუტური გენიოსია, მასზე დიდი და მასზე მნიშვნელოვანი მსოფლიო დრამატურგიაში არაფერი შექმნილა. არანაკლებ რთული ლაბირინთში შედიხარ, როდესაც მუშაობ ჩეხოვის პიესაზე და თუ ცოტა იღბალიც არ დაგეხმარა, ვერც გამოხვალ. მხოლოდ ოსტატობა და პროფესიის ფლობა არ კმარა.

 როდესაც რექტორი გახდით, ამბობდით რომ თქვენი უმთავრესი ამოცანა იყო ქართული თეატრალური სკოლის შენარჩუნება, განვითარება. რა მოხერხდა და რა ვერ მოხერხდა?

–  სანამ მართვის სადავეებთან მიხვალ, ბევრი რამ სხვანაირად გეჩვენება და პრობლემები უფრო ადვილად მოგვარებადი გგონია. მაგრამ შემდეგ ძალიან რთულია. განსაკუთრებით რთულია ჩვენთან. ქართველები რთული ხალხი ვართ, არის ისეთი რაღაცეები, რასაც ვერ გავექცევით, ესაა  ზღავრს გადასული ამბიციები და საკუთარი თავის და პროფესიაში საკუთარი ადგილის არაადექვატურად აღქმა.რაც ართულებს ურთიერთობებს და ამ სირთულეს ემატება კიდე სხვადასხვა სუბიექტური და ობიექტური მიზეზები. ბევრი რამ უფრო სწრაფად განხორციელდებოდა, მაგრამ ამას სჭირდებოდა გარკვეული სახსრები დროულად, ასევე მზადყოფნა არა მხოლოდ შენი და შენი კოლეგების, არამედ იმ სამთავრობო სტრუქტურებისაც, რომელზედაც ყოველთვის არის დამოკიდებული სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელი. ბევრი რამაა დამოკიდებული სამთავრობო უწყებების გადაწყვეტილებებზე, ამა თუ იმ საკითხის დროულად ან საჭირო კუთხით გადაწყვეეტაზე… საქართველოში კი სწრაფად და მიზანმიმართულად ბევრი რამ არ კეთდება, საბოლოოდ ბევრი რამ კეთდება, უბრალოდ ის დროში ბევრად უფრო დიდ მონაკვეთს იკავებს, ვიდრე სასურველია, ამიტომ ამ წლების მანძილზე, რა თქმა უნდა არის შედეგები, ძალიან უნდა დაიბრმაოს ადამიანემა თავლები, რომ ეს შედეგები ვერ დაინახოს, მაგრამ დაგეგმილი ბევრად მეტი იყო, და მიღწევადიც ბევრად მეტი იყო…

რექტორობას დრო მიაქვს და ამანც ხომ არ ითამაშა გარკვეული როლი იმაში, რომ ცოტა სპექტაკლები გაქვთ დადგმული?  

–  არა, მარტო მაგაშიც არ არის საქმე, მე დიდი ხანია დავიწყე პედაგოგობა, უკვე 30 წელი გავიდა, 1983 წელს დავიწყე პედაგოგიური საქმიანობა, როგორც ბატონ მიშას ასისტენტმა… თუ გულით, პასუხისმგებლობით ეკიდები ამ საქმეს, ისედაც დიდი დრო მიაქვს. მაგრამ ეს იმდენად საინტერესო პროცესია, გარკვეულ ეტაპზე გადავიწყვიტე რომ ყოფილიყო ნაწილი ჩემი ცხოვრების და როცა ცხოვრების ნაიწლია, რა თქმა უნდა გარკვეულ დროს იკავებს. ამას დაემატა ის რომ აღმოვჩნდი რექტორის თანამდებობაზე, რა თქმა უნდა ამასაც თავისი დრო მიაქვს, მაგრამ ეს არ არის მთავარი მიზეზი იმისა რომ ხშირად არ ვდგამ, თვითონ ამ იშვიათად დადგმაში, თუ ვინმეა დამნაშავე, მე ვარ დამნაშავე. რაღაცნაირად ასე აეწყო, ჯერ ერთი არ ვთვლი რომ ხშირი დადგმა, რაიმეს ცვლის თვისობრივად, თუმცა არიან რეჟისორები, ჩემი უახლოესი მეგობრები, კოლეგები, რომლებიც ძალიან ბევრს დგამენ, და ძალიან კარგ სპექტაკლებს აკეთებენ. ერთი რამეცაა, იგივე ჩემი მეგობარი ავთო ვარსიმაშვილი ძალიან სწრაფად დგამს, მე ასე სწრაფად ვერ ვდგამ. ასევე ლევან წულაძე, დათო დოიაშვილი, გიორგი შალუტაშვიული, ანდრო ენუქიძე, ეს ბიჭები სულ ყველა, ჩემ გარშემო ვინც არიან, ბევრად უფრო სწრაფად დგამენ, რაღაცნაირად დაოსტატდნენ ამაში, ესეც უნარია. მე ამას ვერ ვახერხებ, ასე აეწყო, ალბათ სიზარმაცე მიშლის ხელს, არც ამას გამოვრიცხავ…

კოტე მარჯანიშვილის პორტრეტი

რომ არა ის ლურსმანი…

(ეს ნარკვევი, პანდემიამდე, 2019 წელს დავწერე სპეციალურად გამოცემისთვის „მარჯანიშვილის თეატრი“…)

ოდესღაც ხარკოვის თეატრში, დეკორაციაზე ერჭო ერთი დიდი ლურსმანი და იყო წამები ისტორიაში, როდესაც ამ ლურსმანზე ეკიდა…. სრულიად ქართული თეატრის ბედი და რომ არა ის ლურსმანი, საკითხავია როდის, ან საერთოდ ოდესმე დააღწევდა თუ არა თავს პროვინციალიზმს ქართული თეატრი და გახდებოდა თუ არა ევროპული რანგის და ხარისხის.

ყოველ შემთხვევაში, ნამდვილად არ იარსებებდა არც ეს თეატრი და არც ეს ჟურნალი – ამ თეატრის სახელელწოდებით. არც ის ქუჩა იქნებოდა მარჯანიშვილის, სადაც ახლა ეს თეატრია. ცხადია, იდგებოდა შენობა, ქუჩაც იქნებოდა სხვა და არავინ იცის რა იქნებოდა ამ შენობაში, სადაც ოდესღაც სახალხო სახლი იყო.

არავინ იცის რა იქნებოდა ამ შენობაში, ან იდგებოდაღა კი? მაგრამ დანანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ არა ის ლურსმანი, არ იქნებოდა მარჯანიშვილის თეატრი, არ იქნებოდა რადგან იქ, ხარკოვში ნაადრევად დაასრულებდა სიცოცხლეს საქართველოდან წასული ერთი არტისტი, რომელმაც რეჟისორობას მიჰყო ხელი. იმხანად ნატურალიზმამდე დასული რეალიზმით გატაცებული დამწყები რეჟისორი, რომელმაც სცენაზე ოთხასრთულიანი, უშველებელი სახლი ააგო, სადაც ადი-ჩამოდიოდა ლიფტი და სწორედ იქ, ბოლო სართულიდან დაუცდა ფეხი და გადმოეშვა დაბლა და… იატაკამდე სამიოდე მეტრიღა იყო, სწორედ იმ ერთ დიდ ლურსმანს რომ გამოედო პერანგით და დაეკიდა…

იმ ერეთმა ლურსმანმა განსაზღვრა არა მარტო მარჯანიშვილის, არამედ ქართული თეატრის ბედისწერაც და ყველა იმ ადამიანის სვეც და ბედიც, რომელიც მისმა გენიამ შენიშნა და წინ წამოსწია.

დღეს ჩვენ შეგვიძლია გავიხსნეოთ და უსასრულოდ ვისაუბროთ გენიალური რეჟისორის ცხოვრების, შემოქმედების როგორც ქრესტომატიულ, საქვეყნოდ ცნობილ დეტალებზე, პერიპეტიებზე, რომელზეც არაერთი ტომი დაწერილა, ისე იმ ეგზოტიკურ დეტალებზეც, რომელიც ამ დიდ მორევში გაბნეულა. თუნდაც ისეთზე, რომ პირველად სცენაზე ის ქალის როლში გამოვიდა – აგათია ტიხონოვნა განასახიერა გოგოლის „ქორწინებაში“, ჯერ კიდევ მოწაფემ, თბილისის პირველ გიმნაზიაში… ნატო ვაჩნაძის მოგონენებში გადავაწყდეთ პიკანტურ დეტალს, თუ როგორ საყვედურობდა იგი ნატო ვაჩნაძეს, რომელმაც უარი უთხრა ჯულიეტას როლის განსახიერებზე თეატრში, სადაც მას სურდა „რომეო და ჯულეტას დადგმა“ შოკისმომგვრელი განაწილებით – ჯულიეტა – ნატო ვაჩნაძე, რომეო – ვერიკო ანჯაფარიძე…

დიახ, ის გენიალური იყო როგორც განხორციელებულ დადგმებში, ისე განუხორციელებელ გეგმებსა და ოცნებებშიც…

დღეს ჩვცენ შეგვიძლია თანამედროვეთა მოგონებებზე დაყრდნობით ვისაუბროთ თუ როგორი აქტიორი იყო იგი, ან იქ, რუსეთში, სხვადასხვა ქალაქებში, უფასა თუ ირკუტსკში, ან მანამდე აქ, საქართველოში, როდესაც იგი ქართული სცენის ლეგენდების – მაკო საფაროვას, ნატო გაბუნიას, ვასო აბაშიძის და სხვათა გვერდით გამოდიოდა ქართულ სცენზე. ვისაუბროთ, თუ როგორ უსაფუძვლოდ მოუკლეს გული პრესაში დაუმსახურებელი საყვედურით – თითქოსდა იგი გულგრილად ეკიდებოდა პროფესიას. არადა, გაუსაძლის პირობებში უწევდა შრომა – რამოდენიმე რეპეტიციის ამარა, მოუმზადებლად გამოსვლა სცენაზე და… ბოლოს ყველაფერი იმით დამთავრდა რომ პრესაში იგი იქით დაადანაშაულეს გულგრილობაში, რის გამოც იგი პირველად გაექცა მაშინ ქართული თეატრის აუტანელ სინამდვილეს…

ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ, თუ როგორ და რა პირობებში განაგრძო მან თავისი აქტიორული კარიერა, შემდეგში როგორ შეუთავსა მას რეჟისორობა და ერთ მშვენიერ დღეს, როგორ დაუსვა წერტილი თავისი არტისტულ კარიერას. შეგვიძლია გავიხსენოთ, როგორ ამაყად იწყება მისი დაუმთავრებელი მემუარები – „ამიერიდან მე მხოლოდ რეჟისორი ვარ. მეტი ზავთიანობისთვის წვერი მოვუშვი და ასე მოვევლინე 1904 წელს მოსკოვის თეატრალურ ბაზარს. სხვათა შორის წვერი ძალიან საჭირო იყო: თუმცა ოცდაათის წლისა ვიყავი, მაგრამ გარეგნობა, ცოტა არ იყოს, ქათმის ჭუჭულისა მქონდა. აბა რა შთაბეჭდილებას მოვახდენდი იმ დარბაისელ აქტიორებზე, ვისთვისაც მე უნდა მეხელმძღვანელა“…

ეს თავად თვლიდა ასე, თორემ …

„აფთარივით მოქნილი და მოუსვენარი, კეთილაღნაგი – მდგომარეც მოძრაობისთვის დაძრული; სახე ეშხით სავსე, შავგვრემანი, სანდომიანი, შინაგანი ცეცხლით განათებული; თმა ხშირი გადავარცხნილი, თავისებურად გადაშლილი; ჯანსაღი და მიმზიდველი ბდღვრიალა თვალები – სარკე შინაგანი მოძრაობისა; სწორი ცხვირი და ლამაზი ბაგე-კბილი, მტკიცედ მოხაზული ტუჩები და მოკლედ შეკრეჭილი ულვაშები, ერთი ნახვის შემდეგ სამუდამოდ დაუვიწყარი – ასეთი იყო კოტე მარჯანიშვილის გარეგნობა“ – ასეთი იყო იგი პლატონ კეშელავას აღწერით…

მის მემუარებზე, თუ მასზე ნაწერ მდიდარ ლიტერატურაზე დაყრდნობით, ჩვენ შეგვიძლია უსასრულოდ ვისაუბროთ მისი ცხოვრებისა და შემოქმედების იმ ეტაპზებზე, რომელიც მან გამოიარა და რამაც საბოლოდ განსაზღვრა მისი ესთეტიკა, მსოფლშეგრძნება და მსოფლმხედველობა. რა გზა გამოიარა მან, ვიდრე საბოლოოდ მივიდოდა „…იმ შეგნებამდე, რომ ხელოვნების მიზანი სულ უბრალოა – მიანიჭოს ადამიანს სიხარული, შთაბეროს მას მხნეობა“.

ის ამ შეგნებით ჩამოვა აქ, საქართველოში და ჩამოგვიტანს „თეატრს დღესასწაულს“, თეატრს – ევროპულს, როგორც მასშტაბით, ისე პროფესიული მიდგომითა და დისციპლინით. ის მოგვევლინება სიხარულის მამკვიდრებლად…

მანამდე კი, როგორც რეჟისორი, ის გამოივლის მართლაც დიდ გზას, მოივლის არაერთ თეატრს, არაერთ ქალაქს, მოყოლებულს რიგიდან -ნეზლობინის ატრეპრიზიდან… სწორედ ამ დასის მოსკოვში გასტროლები მოუტანს მას პირველ აღიარებას მოსკოვში. შემდეგ იქნება ხარკოვი, კიევი, ოდესა… და როგორც თავად იამაყებს მემუარებში, თუ თავიდან რიგაში ნეზლობინისგან 250 მანეთს იღებდა თვეში, ოთხი წლის შემდეგ მისი განაკვეთი 2 400 მანეთამდე გაიზარდა…1909 წლიდან მარჯანიშვილი ისევ ნეზლობინთანაა, ოღონდ ამჯერად მოსკოვში – ნეზლობინის თეატრში. აქაც თავს იჩენს კონფლიქტი და როგორც თავად უწოდებდა, მისი „ცოფიანი ხასიათი“ და იგი შუა სეზონში გაეცლება ნეზლობინის თეატრს, წავა ისე, რომ არც იცის სად მიდის… მთელი თვე გაატარებს უკაპიკოდ, დღეში ორ მოხარშულ კვერცხზე, ვიდრე ისევ წაღმა არ დატრიალდება მისი ბედი და თავად ბულგარეთის განათლების მინისტრი, თავისი ფეხით არ მიადგება და თავისი ხელით არ მიუკაკუნებს კარზე. მას მიიწვევენ სოფიაში, მაგრამ მას მოუწევს ჩალაგებული ჩემოდნის ამოლაგება, მისთვის მანამდე მიუღწეველი ოცნება ახდება – ის მსოფლიოში სახელგანთქმული სამხატვრო თეატრის რეჟისორი ხდება.

ჩვენ შეგვიძლია ვრცლად ვისაუბროთ, თუ რა დიდი იმედებს ამყარებენ სტანისლავსკი და ნემიროვიჩ-დანჩენკო, როგორ მუშაობდა და იწრთობოდა მათ გვერდით, როგორ მუშაობდა გორდონ კრეგთან – „ჰამლეტზე“, ან როგორ დადგა სამხატვრო თეატრში პირველი ქართული სპექტაკლი, რომელიც მისი სიტყვებით რომ ვთქვათ ეს იყო კავკასიელი აბრაგის აშკარა ყაჩაღური თავდასხმა წყნარ ფიქრმორეულ სამხატვრო თეატრზე, ეს იყო სპექტაკლი, რომელსაც თამაშობდნენ რუსულ ენაზე, რუსი არტისტები, რუსულ თეატრში, მაგრამ „იგი მაინც მთლიანად ქართული ქმნილება იყო“.

კავკასიელი აბრაგი გაიქცევა სამხატვრო თეატრიდან და… შუა მოსკოვში დააარსებს ახალ თეატს – თეატრს სინთეზურს, სადაც ერთმანეთს ენაცვლება დრამა, ოპერა, ოპერეტა, პანტომიმა… დღეს, პარიზი თავს იწონებს პიერ კარდენის მიერ დაარსებული „ესპას პიერ კარდენით“, არადა, ეს გენიალური იდეა, რომელიც ერთ ჭერქვეშ ხელოვნების სხვადასხვა ჟანრის სინთეზს გულისხმობს, როგორც ნოდარ გურაბანიძე აღნიშნავს, პიერ კარდენამდე ბევრად ადრე, პირველად კოტე მარჯანიშვილის გენიალურ თავში იშვა და განახორციელდა კიდეც. და დღესაც განცვიფრებას იწვევს მისი მასშტაბები… მერე რა რომ დასახული დიდი სარეპეტრუარო გეგმიდან მხოლოდ ხუთი სპექტაკლი განხორცეილდა, ეს ხუთი სპექტაკლი საკმარისი გამოდგა იმისთვის, რომ საფუძველი ჩაჰყროდა სინთეზურ თეატრს.

თავისუფალი თეატრი დაიხურა, მის ნანგრევებზე კი სამი თეატრი აღმოცენდა „კამერული თეატრი“. კორშის თეატრი, დუვან-ტორცოვის ანტერპრიზა…

მარჯანიშვილის შექმოქმედება გრძელდება დონის როსტოვში, პეტერბურგში, და გვირგვინდება ლოპე დე ვეგას „ცხვრის წყაროს“ ამ მონარქისტული პიესის უაღრესად რევოლუციური პათოსის სპექტაკლად დადგმით კიევში და ეს სპექტაკლი შევა მეოცე საუკუნის მსოფლიოს ას საუკეთესო სპექტაკლში და სწორედ ამ დადგმას გაიმეორებს აქ, საქართველოში ჩამოსული მარჯანიშვილი, 1922 წელს.

შემდეგ იტყვიან რომ ეს იყო პირველი ქართული საბჭოთა სპექტაკლი. შემდეგ ისტორია დააჟანეგბს საბჭოეთს და იტყვიან რომ „ცხვრის წყარო“ იყო პირველი, ჭეშმარიტად ევროპული სპექტაკლი ქართულ სეცენაზე. როგორც ნოდარ გურაბანიძე იტყვის, რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა გეჩვენოთ, ერთიც სიმართლეა და მეორეც -„ცხვრის წყარო“ იყო პირველი საბჭოთა სპექტაკლიც და პირველი ევროპული დონის სპექტაკლიც ქართულ სცენაზე. მარჯანიშვილი ბევრ სხვა ხელოვნათან ერთად,. თავის დროზე გულმხურვალედ შეხვდა რევოლუციას. მეტიც, ის ჯერ კიდევ 1905 წლიდან თანაუგრძნობდა რევოლუციურ პროცესებს, იმდროინდელ მიტინგებზეც გამოდიოდა…. და ეს სპექტაკლიც იქ კიევში, სწორედ რევოლუციურ სპექტაკლად დადგა და როგორც კინორეჟისორი კოზინცევი წერა, მარჯანიშვილმა შექმნა რევოლუციური ვნების თეატრი.

საქართველოში ჩამოსულმა მარჯანიშვილმა დადგამს „ცხვრის წყაროს“ და ამ ერთი სპექტაკლით დაამარცხებს იმ ნიჰილიზმს, რომელიც სუფევდა იმდროინდელ ქართულ თეატრში. და ამას მიაღწევს სრულიად გამოუცდელი, დამწყები მსახიობის მეშვეობით. მარჯანიშვილის აღმოჩენა – თამარ ჭავჭავაძე აღმოჩნდება ბობოქარი ვნებების არტისტი, რომელიც ავაზის ნახტომით ავარდება ქართული თეატრის ოლიმპოზე და იქ სამარადისოდ დაიკავებს ადგილს – ქართული თეატრის ისტორია ვერასოდეს აუვლის გვერდს მის ლაურენსიას მარჯანიშვილსეულ „ცხვრის წყაროში“…

საერთოდ, გენია – მაჯანიშვილი იოლად და შეუმცდარად ცნობდა გენიებს. სცნობდა ერთი შეხედვით სრულიად შეუსაბამო სიტუაციებშიც. ასე მაგალითად, საბაჟოდან გამოგდებული ფუტურისტი პოეტი, 21 წლის ნიკოლოზ შენგელაია, რუსთაველზე ჭადარზე იყო ამძვრალი და გატაცებით კითხულობდა ლექსებს, ეტლით მარჯანიშვილმა რომ ჩაიარა და ასისტენტად წაიყვანა კინოში, შემდეგ სწორედ მარჯანიშვილის წაქეზებით დაიწყო ფილმების გადაღება და… მისმა მუნჯმა „ელისომ“ დაამუნჯა დრო… მსოფლიო მას კინოშედევრად აღიარებდა მაშინაც, როცა გამოვიდა ეკრანებზე, ნახევარი საუკუნის შემდეგაც და დღესაც…

რიონში ბავშვის გადასარჩენად მოსხლეტით გადაეშვება ათლეტურად აღნაგი, მზეზე ბრინჯაოსფრად აელვარებული 18 წლის ჭაბუკი. ამ გადაშვებას შეესწრება მარჯანიშვილი, მოიხიბლება, გამოელაპარაკება, მეორე დღეს თეატრში დაიბარებს და დაიწყება „ჟორა შავგულიძე“. გენია იცნობს მომავალ გენიას და სრულიად დამწყებს მიანდობს უშანგი ჩხეიძის დუბლიორობას…

უშანგი ჩხეიძეშიც სწორედ მარჯანიშვილი აღმოჩენს ჰამლეტს და გენიას საერთოდ. აღმოჩენს და მიქელანჯელოს ჟინით გამოაქანდაკებს არა მხოლოდ ჰამლეტს, არამედ ლეგენდას „უშანგი ჩხეიძე“. მას შემდეგ ბევრჯერ დაიდგმება ქართულ სცენაზე „ჰამლეტი“, მაგრამ ვერავინ გადაჩრდილავს 27 წლის ბიჭის ნათამაშენ ჰამლეტს…

მუშათა თეატრში 20 წლის ბიჭის -მხატვარ პეტრე ოცხელის გაფორმებულ სპექტაკლს „ცეცხლის გამჩაღებელნს“ ნახავს, თავისთან წაიყვანს და გააჩაღებს გენიას სახელად „პეტრე ოცხელი“…

სწორედ ამ 21 წლის გენიოსთან პეტრე ოცხელთან ერთად შექიმნება ის შედევრი, სახელად „ურიელ აკოსტა“, რომელიც წინ გაუსწრებს თეატრალურ ეპოქას და მრავალხმრივ განსაზღვრავს ქართული თეატრალური ესთეტიკის მომდევნო ძიებებს.

მოკლედ, რომ არა ის ლურსმანი, რომელზეც თავში მოგახსენებდით, ქართულ კინოს არ ეყოლებოდა ნიკოლოზ შენგელაია, სცენას არ ეყოლებოდა გიორგი შავგულიძე, თამარ ჭავჭავაძე, უღიმღამოდ გაივლიდა უშანგი ჩხეიძის ცხოვრებაც, არავინ იცის, როგორ წარიმართებოდა პეტრე ოცხელის შემოქმედება და კიდევ… სანდრო ახმეტელს დავკარგავდით მანამდე ვიდრე იქნებოდა „სანდრო ახმეტელი“..

საქართველოში დაბრუნებულმა მარჯანიშვილმა გვერდით სწორედ სანდრო ახმეტელი ამოიყენა. „თქვენთან ერთად გავწყვიტოთ კავშირი, მასთან (სამხატვრო თეარტრთან) და ვეძებოთ თეატრი ვაჟკაცური“ – ამას მარჯანიშვილი ახმეტელს „სალომეას“ დადგმის შემდეგ ეტყვის, როცა ახმეტელს თავს დაესხმიან. ეტყვის და ერთად იწყებენ ახალი თეატრის შენებას. შემდეგ კი, 1924 წლის აჯანყებამდე „სამხედრო ცენტრის“ წევრებთან ერთად დააპატიმრეს სანდრო ახმეტელი და დახვრეტაც გადაუწყვიტეს. ახმეტელის სიცოცხლე სერგო ორჯონიკიძემ, სწორედ კოტე მარჯანიშვილს აჩუქა..

მარჯანიშვილი და ახმეტელი ერთად ქმნიან ქართულ თეატრს. იქმნება „დურუჯი“ და იქმნება ლეგენდარული მანიფესტი. მარჯანიშვილი მხარს უჭერს და თავგამოდებით იცავს „დურუჯელებს“ – ამბოხებულ ახალგაზრდებს… მოგვიანებით, ურთიერთობები იძაბება მარჯანიშვილსა და „დურუჯელებს“ შორისაც. მარჯანიშვილი ნელ-ნელა „დურუჯის“ ალყაში ექცევა. მალე ახმეტელის და მარჯანიშვილის გზებიც გაიყრება. მარჯანიშვილი რუსთაველის თეატრიდან წავა და აღარც დაბრუნდება…

1928 წელს მარჯანიშვილი დაარსებს ქუთაის–ბათუმის თეატრს, 1930 წელს თბილისში საგასტროლოდ ჩამოსული დასი თბილისში დარჩება და სახალხო სახლში, ანუ იქ, სადაც დღესაა – დაიდებს ბინას. 1933 წელს, მარჯანიშვილის გარდაცვალების შემდეგ თეატრს მარჯანიშვილის სახელი ეწოდება… მაგრამ სიკვდილამდე სწორედ ამ თეატრში „მოკლავენ“ გენიოსს – 4 წელსაც არ აცლიან კაცს, რომელმაც მსოფლიო სტანდარტების თეატრი შექმნა, მუშაობას დაუწუნებენ, კრებებს გაუმართავენ მაშინაც კი, როცა ის უმძიმესად იქნება ავად. მარჯანიშვილი მოსკოვს მიაშურებს, არც იქ მოასვენებენ, წერილს წერილზე წერენ, გულს უკლავენ…

ის მიიღო და აღიარა მოსკოვმა. აღიარა და დააფასა, მაგრამ…. დაივიწყა…

როგორც ნოდარ გურაბანიძე დაწერს, კოტე მარჯანიშვილის სახელი, რომელმაც 25 წელია შეალია რუსულ თეატრს, თითქმის მივიწყებულია რუსულ თეატრალურ ხელოვნებაში…

მას გული ატკინა საქართველომ, მაგრამ… არ დაივიწყა!

არსებობს თეატრალური ლეგენდა, რომლის თანახმად თეატრიდან გასულმა, გულნატკენმა მარჯანიშვილმა დასწყევლა მის მიერ დაარსებული თეატრი, რომელიც დღეს მის სახელს ატარებს.

მაგრამ არსებობს გადმოცემა, ბევრად სარწმუნო, რომ ბოლო სიტყვები, რომელიც მან თეატრის სამ თანამშრომელს უთხრა სრულიად სხვა იყო – „ცუდად ნუ გამიხსნებეთ“.

მას დღეს აქ, ამ თეატრში და აქ, ამ ქვეყანაში არავინ იხსენებს ცუდად…

რეზო შატაკიშვილი

2019 წ.

სტურუას პარადოქსი

რეზო შატაკიშვილი

(დაიბეჭდა გაზეთ “ვერსიაში”). 39624_1551397823362_1187617254_1603069_3151272_n

საქართველოში ყველა რეჟისორს, დიდიან პატარიანად, ერთი კონკურენტი ჰყავს – რობერტ სტურუა, ყოველ შემთხვევაში, ასე მიაჩნიათ თავად რეჟისორებს და მათთვის ყველა სხვა რეჟისორი კონკურენტი კი არაა, უბრალოდ, ფეხებში ებლანდება – ხელს უშლის. მოკლედ, სტურუა ყველას კონკურენტია, თუმცა… თავად სტურუას კონკურენტი არ აბადია საქართველოში, არც დიდი და არც პატარა. ესაა სტურუას პარადოქსი და საერთოდ ქართული თეატრის პარადქოსი. პარადოქსია, მაგრამ რეალობაა. სწორედ ეს პარადოქსული რეალობა აძლევს დიდ რეჟისორს საშუალებას, მოიქცეს ისე, როგორც მოეპრიანება, როგორ გუნებაზეც იმ დილას გაიღვიძებს.  სტურუამ იცის, რომ კარგა ხანია, ადგილი აქვს განაღდებული მსოფლიო თეატრის ისტორიაში და სხვა ყველაფერი უკვე წვრილმანია, ის წვრილმანი, ის ხურდა, რომელიც შემდეგ აღარავის ემახსოვრება და არც აღარავინ მოსთხოვს, სამაგიეროდ, ამ წვრილმანებით ახლა კარგად შეიძლება თავის შექცევა. დიახ, თავის შექცევა. მის შემთხვევაში, ჩემი აზრით, სწორედ თავის შექცევასთან გვაქვს საქმე და არა სხვა რაიმე სარგებელთან, რაც, ვთქვათ, არის იგივე ჟერარ დეპარდიესა თუ კუსტურიცას შემთხვევაში. დეპარდიემაც იცის ის, რომ გენიალური მსახიობია და ისიც, რომ იმ იდიოტობების გამო, რომელსაც დღეს რუსეთის საამებლად აკეთებს, მსოფლიო კინოს ისტორიიდან მას არავინ ამოშლის, ამიტომ აკეთებს იმას, რაც უნდა. აცნობიერებს რა იმ ფუფუნებას, რომელშიც აღმოჩნდა საკუთარი ნიჭის, შემოქმედებისა თუ კიდევ სხვა გარემოებათა თანხვედრის გამო, ამ ფუფუნებით სარგებლობს და იხვეჭს სხვა დამატებით – მატერიალურ ფუფუნებას რუსეთისგან.  არა მგონია, სტურუას შემთხვევა მათი ანალოგი იყოს.

სტურუა გაცილებით დიდია, ვიდრე ერთი, ან მეორე. წლების წინ ვწერდი კიდეც, რატომ იყო სტურუა ასეთი მსუქანი – მას სამყარო აქვს გადაყლაპული-მეთქი, რომ მასში ყველაფერია. დიახ, მასში ყველაფერია, რაც კია ამ სამყაროში, მათ შორის გარკვეული ავანტიურიზმი, თანაც საკმაო დოზით. მას ხიბლავს ეპატაჟიც, ხალხის გაკვირვებაც, მეტიც – გამოთაყვანებაც და ეს ყოველთვის ასე იყო. მას შემდეგ, რაც ,,სეილემის პროცესით’‘ გააოგნა ქართული თეატრალური სამყარო და მისგან ყველა რაღაც ამგვარს ელოდა, სერიოზულს, მძიმეს, ფსიქოლოგიურს, სტურუა ყველას ერთად გაეკაიფა და ,,ხანუმა’‘ შესთავაზა.

რეჟისორმა ეჟი გროტოვსკიმ მესაზღვრეების კითხვაზე – რა პროფესიის ხართ, უპასუხა – პროფესიონალი მაყურებელი. სტურუა სუპერ-პროფესიონალი მაყურებელია თეატრშიცა და საერთოდ, ცხოვრებაშიც. მას უყვარს ყურება, დაკვირვება და ეს ყველაფერი რომ უფრო საინტერესო იყოს, მიმართავს ერთგვარ ექსპერიმენტებს, მანიპულაციებს ცალკეულ ინდივიდებსა თუ ჯგუფებზე, პროვოცირებას უკეთებს მოვლენებს და შემდეგ უყურებს. უყურებს და ტკბება. ერთის მხრივ, იღებს მისთვის საინტერესო ინფორმაციას, რასაც უამექსპერიმენტოდ ძნელად თუ მიიღებდა და მეორეს მხრივ, ერთობა. ამგვარ ექსპერიმენტებს თეატრში ყოველთვის ატარებდა და შედიოდა კიდეც მისი ხელმწიფების სტილში. რა მოხდა და რა ხდება ბოლო წლებში ანუ მას მერე, რაც რობერტ სტურუა ღიად ჩაერთო პოლიტიკურ პროცესებში?  შედეგიდან დავიწყოთ: დღეს, ბევრისგან გაიგონებთ, რომ სტურუა კი არის გენიალური რეჟისორი, მაგრამ მიუღებელია მისი პოლიტიკური ხედვა, პოზიციები, გამოხდომები (ეს მათი შეფასებაა) ანუ რეალურად, ისინი ორად ხლეჩენ სტურუას ფენომენს. არადა, არა მგონია, რაიმე გახლეჩილობასთან გვქონდეს საქმე, არც ის, რომ სტურუას პოლიტიკური პოზიციები და ხედვები ისევე გენიალურია, როგორც სტურუას შედევრალური სპექტაკლები. სულაც არ ვეთანხმებით მის არც ერთ სტატუსს ,,ამ-ამით’‘ დამთავრებულს, ჯერ ერთი, სწორედ იმიტომ, რომ ,,ამ-ამ’‘-ით მთავრდება, რაც იმთავითვე ცხადყოფს, რომ სტურუა თავს იქცევს…

მე მაინც მგონია, რომ ბოლო დროს, ეპატაჟის, ავანტიურიზმის მოტრფიალე რეჟისორს თეატრი ეპატარავა ლაბორატორიად, ექსპერიმენტებისთვის, ცდებისთვის და ა.შ. ეპატარავა, ამიტომაც ადგა და მთელი ქვეყანა აქცია საექსპერიმენტო ლაბორატორიად. ატარებს ცდებს პოლიტიკოსებზე, მასებზე, საზოგადოებაზე. სწორედ ამ კონტექსტში იყო განსახილველი მისი ფეისბუკ-სტატუსებიც. დაწერდა და აკვირდებოდა, ახლა უკვე ვირტუალურ სივრცეში, რამდენ ,,ლაიქს’‘ აიღებდა მისი რეპლიკა, რა მოჰყვებოდა, ვის აღაფრთოვანებდა და ვის შეშლიდა ჭკუიდან.  არჩევნების შემდეგ, თუ გახსოვთ, მისი სტატუსების ხშირი ადრესატი გიგა ბოკერია იყო – იგავების მთელი სერია უძღვნა, მაგრამ გიგა რატომღაც კერკეტი კაკალი გამოდგა, არ შეირყა ჭკუიდან, სხვა, ალბათ, შეირყეოდა.  მოკლედ, სტურუა ზის და ჭადრაკს თამაშობს. ხან ერთი პაიკის გალაზიერებას უწყობს ხელს, ხან – მეორისას.

დღესაც მახსოვს, ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს, ბურჯანაძე რომ გააქტიურდა და მას ინტელიგენციის წარმომადგენლები ესტუმრნენ, სტურუა ვერ მივიდა, მაგრამ უსტარი გაუგზავნა – თავისთავად ამ ჟესტში უკვე იყო რაღაც ,,ვეფხისტყაოსნური’‘ – გაუგზავნა წერილი, სადაც წერდა, რომ ,,ვეფხისტყაოსანზე’‘ მუშაობდა, რომ მას ნინო ბურჯანაძე ეთინათინებოდა…. სტურუას ამ ერთაბზაციანმა წერილმა გაცილებით ძლიერად იმოქმედა მაშინ ბურჯანაძეზე, ვიდრე მთელმა იმ დასმა, რომელიც პარლამენტში ეახლა და უფრო მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა. ზურაბ ჟვანიასთან ერთად, მე თუ მკითხავთ, სტურუას წვლილიც იყო იმაში, რომ ბურჯანაძემ ირწმუნა საკუთარი ,,თინათინობა’‘. რა გითხრათ, მე მთელ მის პოლიტიკურ განცხადებებს, სწორედ ამ კონტექსტში აღვიქვამ და, არ მჯერა, რომ ის რობერტ სტურუა, რომელმაც წლებით ადრე იგრძნო და იწინასწარმეტყველა საბჭოთა კავშირის ნგრევა ,,მეფე ლირში’‘, დღეს ცდება ან მოვლენების ან ფაქტების შეფასებაში. მომკალით და, არ მჯერა, რასაც ის წერდა ოქტომბრის არჩევნებიდან ორიოდე დღის შემდეგ – ამ ქალაქში მზეც სხვანაირად ანათებსო, ამ დილით 7 საათზე ვისეირნე და ქალაქი უჩვეულოდ წყნარიაო… 7 საათზე ქალაქი ყოველთვის წყნარი და მწყაზარი იყო, არათუ მიშას დროს, მე მგონი, მხედრიონის პარპაშის დროსაც კი – ამ დროს, ამ უთენია ყველას სძინავს, მეეზოვეების გარდა…  რატომ ერჩოდა რობერტ სტურუა მიხეილ სააკაშვილს? აქვე დაივიწყეთ და გამოირიცხეთ ყოველგვარი მერკანტილიზმი ანუ ის, რომ სტურუამ რამე სთხოვა სააკაშვილს, სააკაშვილმა არ გაუკეთა და სტურუა გადაეკიდა….

სხვა რეჟისორების შემთხვევაში, ეს უალტერნატივო ჭეშმარიტებაც კია, მაგრამ სტურუას შემთხვევაში, ინვალიდი ტყუილია. ტყუილია იმიტომ, რომ სააკაშვილმა, მისმა ოჯახმა, ძალიან კარგად იცოდა დიდი რეჟისორის ფასი და, ელემენტარულად, არ გაანაწყენებდა, არც მიხეილს აწყენდა სტურუას მხარდაჭერა და თუნდაც მხოლოდ ამიტომ მოიმადლიერებდა, მაგრამ სტურუა-სააკაშვილის ურთიერთობის გახილვა ამ ჭრილში იმას ნიშნავს, რომ არც ერთისა გაგეგება რამე, არც – მეორისა. აბა, რა მოხდა? ექსპერიმენტატორებს არ უყვართ, როცა საცდელი ობიექტი არ ემორჩილება ექსპერიმენტს. სააკაშვილი არანაირ კონტაქტში არ შედიოდა სტურუას თეატრალურ სამყაროსთან  – არც კი მიდიოდა თეატრში. სააკაშვილმა თეატრი თითქოს ტაძრის რანგში მიიღო და, შესაბამისად, მასზეც განავრცო ეკლესიასთან გაფორმებული კონკორდატი და თეატრის საქმეებში საერთოდ არ ერეოდა, მაშინაც კი, როცა ეს თეატრი დგამდა ,,პრეზიდენტსა და დაცვის ბიჭს”. თუ კარგად გახსოვთ, არანაირი რეაქცია არ ყოფილა ამ სპექტაკლზე და შემდეგ თავად თეატრმა გააპიარა – დაფინანსება ჩამოგვეჭრაო. ანუ სააკაშვილი რეაქციას არ აძლევდა თეატრის იერიშებზე, თითქოს არც იმჩნევდა და სწორედ ეს არშემჩნევა აგდებდა აზარტში რობერტ სტურუას. კაკალი რაც უფრო კერკეტია, მით უფრო მეტი ჟინით ცდილობ მის გატეხვას. ჰოდა, სტურუაც ურტყამდა თავის ჩაქუჩს. რიგ შემთხვევებში ეს ჩაქუჩის დარტყმა ერთგვარ აუცილებლობასაც წარმოადგენდა – გაიხსენეთ მისი განცხადება საყოველთაო შიშის სინდრომზე. ეს სინდრომი მართლაც იყო. ცალკე თემაა, რამდენად ჰქონდა საფუძველი, რამდენად გაზვიადებული ჰქონდა თავად საზოგადოებას, ყველას რატომღაც რომ ეგონა უსმენდნენ. არადა, ძაღლადაც არავინ აგდებდა და არც მოსმენაზე ხარჯავდა ფულს, მაგრამ ხომ ეგონათ, რომ უსმენდნენ – არ ვიცი, ალბათ, ამით საკუთარ ამბიციას იკმაყოფილებდნენ გაუკუღმართებული ფორმით, საკუთარ თავს აჯერებდნენ, რომ იმდენად მნიშვნელოვანია მათი პოზიცია, შეხედულება თუ ნააზრევი, რომ მთავრობა დგას და უსმენს. ამ შემთხვევაში სტურუამ უტყუარი დიაგნოზი დაუსვა საზოგადოებას, სადღაც იმ რანგის, რაც თავის დროზე, “მეფე ლირში” დაუსვა საბჭოთა კავშირს, მაგრამ ამ განცხადების გარდა, ყველა სხვა ჩაქუჩის დარტყმა სააკაშვილის მწყობრიდან გამოყვანას ემსახურებოდა და ალბათ სწორედ ამიტომაც გადავიდა ბოლოს იმ ცნობილ განცხადებებზე სომხობასთან დაკავშირებით, სხვანაირად რომ ვერ გამოიყვანა მწყობრიდან.

მე არც მისი რუსეთუმეობის მჯერა, არც მისი გაკეთებული განცხადებების რუსეთთან დაკავშირებით. არ მჯერა იმის, რომ დასავლურ კულტურას ნაზიარები, მეტიც, დასავლური კულტურის შემადგენელი ნაწილი რობერტ სტურუა პრორუსულად აზროვნებდეს ახლა. არ მჯერა ამ შეთქმულების თეორიების, რომ ის რუსეთის კაცია, რომ მისი ბაზარი რუსეთშია და ამიტომ ეპირფერება მათ. სტურუას ადგილი ყველგანაა და მე მაინც მგონია, რომ ის რუსებსაც ეკაიფება, ამ მეოცნებე ხელისუფლებასაც აგიჟებს თავისი მხარდაჭერით და აკვირდება მათ კუნტრუშს. თუ კარგად იკუნტრუშებენ, გააგრძელებს მათ მხარდაჭერას, თუ არა, შეცვლის ურთიერთობის ფორმას და ახლა იმ ჭრილში დააკვირდება.

მას უყვარს ექსპერიმენტები, მანიპულაციები.  მას უყვარს ამგვარი ექსპერიმენტებიც  – რომელიმე აშკარად უნიჭოზე იტყვის, რომ ნიჭიერია და აკვირდება გარშემომყოფებს, როგორ და რანაირად აღწევს მათში მისი ნათქვამი. გარშემომყოფებს თავიდან უკვირთ მაესტროს განაცხადი, შემდეგ ეჭვდებიან საკუთარ თავში, ავტორიტეტს თავისი გააქვს და ისინიც ნელ-ნელა სხვა თვალით უყურებენ იმ უნიჭოს და ის უნიჭო ნელ-ნელა ნიჭიერდება მათ თვალში. აბა როგორ? ბატონმა რობერტმა თქვა, რომ ნიჭიერია, ესე იგი ნიჭიერი ყოფილა და ჩვენ ვერ ვხედავდითო…. სტურუა კი უყურებს მთელ ამ პროცესს და ტკბება საკუთარი ძალაუფლებით. ეღიმება როცა ხედავს, მისი ღიად გაჟღერებული შეფასების შემდეგ, როგორ იცვლება იმ უნიჭოსადმი დამოკიდებულება – აგდებულ, ირონიულ დამოკიდებულებას როგორ ენაცვლება პირფერობა თუ მოწიწება. რა ემართება ამ დროს თავად საექსპერიმენტო ბაჭიას ანუ იმ უნიჭოს, რომელიც ნიჭიერად ,,ეკურთხ”? ის, რა თქმა უნდა, იჯერებს, რომ ნიჭიერია. იჯერებს რომელია?! – ყოველწამიერად გრძნობს იმ ცხელ დამღას შუბლზე, რომლითაც დიდმა რეჟისორმა დადაღა წარწერით ,,ნიჭიერი”. ამ ექსპერიმენტს ხშირად გაგრძელებაც აქვს – ღრუბლებში აჭრილს, ისევ მაესტრო ანარცხებს ძირს, აი, ასე – როგორც ერთი სიტყვით თქვა, რომ ის ნიჭიერია, ასევე ერთი სიტყვით იტყვის, რომ უნიჭოა და ამ თქვენ იკაროსს ფრთები ეტრუსება და ზღართანით ენარცხება მიწას.  სტურუას აქვს იმის ძალა, ერთი სიტყვით მწვანე აგინთოს იმ სამყაროში, რომელსაც თეატრი ჰქვია და ასევე ერთი სიტყვით წითელი აგინთოს და ყველაფერი დაგიმთავროს. მას ერთნაირად ეიოლება როგორც კარგის, ისე ცუდის კეთებაც – ყოველგვარი დიდი ჭაპანწყვეტის გარეშე და სწორედ ეს სიმსუბუქე აგდებს მას აზარტში, ხან მწვანე აუნთოს ვინმეს – სეზონი გახსნას მისი ბედნიერების, ხან წითელი აუნთოს ვინმეს და იყოს მისი უბედურების კანონმდებელი. აი, “ყვითელს” რაც შეეხება – სტურუას შუქნიშანზე მუდამ ანთია, მაგრამ – შეუმჩნევლად. უფრო სწორედ, როდესაც მწვანე ანთია, ისე აბრმავებს ბედნიერებს, რომ ვეღარ ხედავენ ყვითელს. ვერ აცნობიერებენ, რომ მეფის ნავში არიან და მუდამ სიფხიზლე მართებთ.  სტურუას უყვარს მოვლენების პროვოცირება, ეპატაჟი, ერთგვარი პროვოკაციები, ,,ხულიგნობაც’‘, თუ გნებავთ, ექსპერიმენტების ტარება ყველგან და ყველაზე. სამყაროს მიმართ მისი დამოკიდებულება მთლიანპიროვნულია  – იგი ცინიკურად, ირონიულადაა განწყობილი მთელი სამყაროს მიმართ და ეს ჩანს მის სპექტაკლებში, მის ყოველდღიურობაში. იგი არ თამაშობს, ასეთია ანუ – ყველას და ყველაფერს ეთამაშება… ესაა სტურუას პარადოქსი.

რეზო შატაკიშვილი ქართული თეატრის ბედის მწერალ მიხეილ თუმანიშვილზე

tuman-a

“თავს უშველეთ, წადით თეატრიდან, წადით, სულერთია სად წახვალთ, ოღონდ მოშორდით მას”…tuman 3

თეატრი იყო მისი ბედისწერა, თავად კი – ქართული თეატრის ბედის მწერალი. რომ არ ყოფილიყო ის, არავინ იცის, საით წავიდოდა და როგორ განვითარდებოდა ქართული თეატრი.
ჩაუვარდა პირველი რეპეტიცია.
ჩაუვარდა პირველი სპექტაკლები…
მისი ცხოვრება ხელოვნებაში მარცხით იწყებოდა და ტრიუმფებით გვირგვინდებოდა.
ის იყო მიხეილ თუმანიშვილი…
ლეგენდარული „მამა რომას“ – ანა მანიანის ცხედარი რომ რომის მოედანზე გამოასვენეს, ტაშმა იგრიალა. ტაშით აცილებდა იტალია ყველა დროის უდიდეს არტისტს.
გაზეთში ამოკითხულმა ამ ამბავმა მიხეილ თუმანიშვილი შეძრა და აღაფრთოვანა. ამის შესახებ თავის შესანიშნავ წიგნშიც („სანამ რეპეტიცია დაიწყება“) დაწერა.
გავიდა დრო, გამოასვენეს თავად დიდი მაესტრო თუმანიშვილი და იგრიალა ტაშმა… ტაშით აცილებდა საქართველო დიდ რეჟისორს…
ცოცხალი თუმანიშვილი ერთადერთხელ ვნახე. მაგრამ დღესაც ცოცხლობს ის კადრი. …მე, 18 წლის ბიჭი, თეატრის გამნათებელ ბიჭთან ერთად, კინომსახიობთა თეატრის მსახიობთა შესასვლელთან ვდგავარ – ნინელი ჭანკვეტაძეს ველოდები… ინტერვიუსთვის. ძველი კინოსტუდიის ეზოში შემოდის მიხეილ თუმანიშვილი… დავიძაბე, გავშეშდი… ბატონი მიშა მოვიდა, მოგვესალმა, გამნათებელ ბიჭს ხელი ჩამოართვა, მოიკითხა და… ხელი ჩამომართვა, მომიკითხა. გავოგნდი, გამიხარდა… რა ვიცი, რაღა არ დამემართა…
მაშინ მისმა ადამიანურმა უბრალოებამ, სისადავემ მომხიბლა და გამაოგნა, დღეს უკვე ვხვდები, რომ ამის გარდა იყო სხვაც, ასევე მნიშვნელოვანი – მან შესანიშნავად იცოდა საკუთარი გენიალურობის ფასიც და ისიც, ამგვარი ჟესტით რამხელა სიხარულის მინიჭება შეეძლო ადამიანისთვის, მით უფრო პატარა ბიჭისთვის.
და ეს თვისებები მთლიანად და ერთბაშად, სინქრონულად მისი შემოქმედებისთვისაა დამახასიათებელი – მისი სპექტაკლებისთვის (დღემდე რომ შემორჩა რეპერტუარს) და მისი წიგნებისთვის – მუდამ რომ შემორჩება თაროებს….

გზა თეატრისკენ

ბავშვობაში დრამატულ თეატრში არ დაჰყავდათ. ოპერას ეტანებოდა. შინ არიებს მღეროდა სხვადასხვა ოპერებიდან. ბიძამ მუყაოს თეატრი გამოუჭრა. მიშა დეკორატორი იყო – „ალადინის ჯადოსნური ლამპრისა“ და სხვა სპექტაკლების დეკორაციებს აკეთებდა. მერე ცირკმა გაიტაცა – მეზობელი ცირკის ორკესტრში უკრავდა და მას დაჰყავდა ცირკში. ერთხანს არქიტექტორობაც უნდოდა.
13 წლისამ რუსთაველის თეატრში ახმეტელის „ყაჩაღები“ ნახა და დრამატული თეატრი აღმოაჩინა. მიღებულმა უძლიერესმა შთაბეჭდილებამ ყველა და ყველაფერი გადაჩრდილა. ეზოს ყოველი ხე ბოჰემიის ტყის ნაწილად გადაიქცა, სარდაფი – ტავერნად, სადაც თავისუფლებისმოყვარე ახალგაზრდები აჯანყებას ამზადებდნენ. ეზოს ყველა კედელი „ყაჩაღების“ მიზანსცენებით მოხატა. მეზობლის ქალი ჩხუბობდა, შლიდა. მეორე დღეს ნახატები ისევ ჩნდებოდა. სანდრო ახმეტელის სპექტაკლებს ზედიზედ ნახულობდა, აფორიაქებდა, მოსვენებას არ აძლევდა. მისი მძვინვარე, მკაფიო იდეებით ინუსხებოდა, ემოციურად ძრწოდა. „ახმეტელი იყო ჩემი თეატრის აღმომჩენი“.
მერვე კლასში დახაზა დიდი პროექტი და ააგო მაკეტი – ახალი თეატრის, სადაც ერთად იყო მოთავსებული დრამატული თეატრი, ოპერა, ცირკი. თავი გაწაფულ რეჟისორად წარმოიდგინა და    სკოლაში „პლატონ კრეჩტიც“ დადგა. არავინ შეაჩერა, არავინ უთხრა, რომ თეატრი საშინელი თამაშია, რომელიც უმრავლესობისთვის მარცხით და სულიერი გაკოტრებით მთავრდება.
„თავს უშველეთ, წადით თეატრიდან, წადით, სულ ერთია, სად წახვალთ, ოღონდ მოშორდით მას“…
არ უთხრეს, არ შეაჩერეს. კარგია, რომ არ შეაჩერეს…
18 წლის ჯარში წაიყვანეს, 1939-ში. მერე ომიც დაიწყო.
…უკანდახევა დასავლეთის საზღვართან. მედდა კატია. საშინელი ღამე – გერმანელების თვითმფრინავებიდან გადმოყრილი სპეციალური შუშხუნები, დაბომბვა. საუბარი კატიასთან. კატია მსახიობობაზე ოცნებობს. ისევ უკანდახევა. ირგვლივ ყველაფრის ნგრევა. ცხედრები, დამწვარი მანქანები, დამტვრეული გზა. ტალახი. ქარი. უსიტყვოდ, ჩუმად სვლა. ისევ ბრძოლა. ალყა ტანკებით. ბომბები – ციდან. რომელიღაც პატარა სახლის დერეფანში ნაპოვნი კატიას გვამი, ცოცხში თავჩარგული. „მე და ის მაშინ ოცი წლისანი ვიყავით“…
ომი დამთავრდა. მიშა დაბრუნდა. თეატრალურ ინსტიტუტში ჩაბარება გადაწყვიტა. ერთმა დეიდამ მეგობრის დახმარებით გაიგო, რას მოითხოვდა ტოვსტონოგოვი აბიტურიენტებისგან. ბიცოლამ ლიზა ჩერქეზიშვილთან წაიყვანა. ქართულ სამოსელში გამოწყობილმა, 70 წლის ელისაბედ ჩერქეზიშვილმა ხელი გაუწოდა და ინსტიტუტამდე ფეხით ატარა. მერე სასწავლო ნაწილის გამგეს – აკაკი ფაღავას წარუდგინა: „შეხე, შეხე, რა სალდათი მოგიყვანე, ორდენებიანი და მედლებიანი“.
…ინსტიტუტში ჩაირიცხა. პედაგოგი – გიორგი ტოვსტონოგოვი. ახალგაზრდა. სავსე თეატრალური პრინციპებისადმი უსაზღვრო რწმენით. სტანისლავსკის მოძღვრების მქადაგებელი. შთაგონებული საუბრები. ლოგიკური მსჯელობები, გატაცება. ყოველი მეცადინეობის დღესასწაულად ქცევა.

პირველი მარცხი – რეპეტიციის ჩავარდნა

გიორგი ტოვსტონოგოვი სტუდენტებთან გოლდონის „სასტუმროს დიასახლისს“ დგამს. სტუდენტ რეჟისორებს თითო სცენა დაურიგა „დასადგმელად“. მიშას კავალერთან და მარკიზთან მირანდოლინას შეხვედრის სცენა ერგო. მიშამ სცენა მოიფიქრა. დანიშნა მის ცხოვრებაში პირველი დამოუკიდებელი რეპეტიცია. რეპეტიციაზე გამოცხადდნენ სტუდენტები – ელენე ყიფშიძე, ეროსი მანჯგალაძე, იური კაკულია. მიშამ თავისი ჩანაფიქრი გააცნო. მოიწონეს, ტექსტის წაკითხვის მერე კი დაუწუნეს, შენი გადაწყვეტა მთლად ზუსტი არააო. დიდხანს იკამათეს. „შემდეგ მათ ითამაშეს ჩემი ვარიანტი, მაგრამ ისე, რომ უკვე მე თვითონაც არ მომწონდა, თავიანთი ვარიანტი კი ისე ითამაშეს, რომ ძალიან მომეწონა და დავიბენი, არ ვიცოდი, რა გზას დავდგომოდი. თვალთ დამიბნელდა. საოცარი სიცარიელე ვიგრძენი, საშინლად ავღელდი და სხვა უკეთესი რომ ვერაფერი მოვიფიქრე, შესვენება გამოვაცხადე…“

25 წელი თეატრში

დამთავრდა სტუდენტობა. დაიწყო დიდი გზა – ინსტიტუტში პედაგოგიურ მოღვაწეობას შეუდგა. პედაგოგობამ გაიტაცა და სიცოცხლის ბოლომდე არ შელევია… ინსტიტუტის დამთავრებისთანავე ხორავამ თეატრში მიიყვანა.
მხარს უჭერდა, ექომაგებოდა. ხელში „საწარმოო“ პიესა შეაჩეჩეს და მისი რუსთაველის თეატრში დადგმა დაავალეს. პიესაში იყო შეჯიბრი ჩაის კრეფაში, რეკორდები, თითქოს სიყვარული, ანგლობა, ფაციფუცი და მორჩა. პიესა წაიკითხა, ხელჩასაჭიდი ვერაფერი იპოვა. ხატავდა ესკიზებს, წერდა სარეჟისორო გეგმას. მხატვართან ერთად მაკეტიც გააკეთა – პაწაწკინტელა სახლები, ჩაის ბუჩქები, მთები, ტყეები, მწვანე ბაირაღები… კომისიამ მაკეტს დახედა და დაიწუნა. დაიწუნა და გავიდა. ნირწამხდარი გამოვიდა ახალგაზრდა რეჟისორი სამაკეტოდან. დარბაზში სპექტაკლი მიდიოდა. იყო ხარხარი, ტაში. მიშა სახლში წავიდა, ჩაწვა. სპექტაკლის დამთავრებიდან ერთ საათში: ხანძარი თეატრში. დაიწვა კომისიის დაწუნებული მიშას მწვანებაირაღიანი მაკეტიც.
„ასე ხანძრით დაიწყო ჩემი ცხოვრება პროფესიულ თეატრში“. 
კარსანიძის „მარადმწვანე ქედების“ პრემიერა. მარცხი…
„მე უმეტეს შემთხვევაში იმას ვდგამდი, რაც თეატრს სჭირდებოდა და არა იმას, რაც გულით მინდოდა, ის კი სულ რამდენჯერმე დავდგი“, – ამას მოგვიანებით იტყვის. „მარადმწვანე ქედებს“ მოჰყვა „დაუვიწყარი 1919“. სპექტაკლად დავიწყებადი რომ იყო და მარცხად – მართლაც დაუვიწყარი. მერე იყო „ქარიშხლის წინ“, შუალედში კი – წარმატება. წარმატებამდე თანამოაზრეთა დარაზმვა. აყოლიება… მიხეილ თუმანიშვილი თავის მეგობარ მსახიობებთან ერთად, რესტორან „გემოში“ ჭიქით ხელში რომ შეჰფიცეს ერთმანეთს: სამუდამოდ ერთად ვიქნებით და ერთად შევქმნით ახალ ხელოვნებასო.
კოტე მახარაძე, ბადრი კობახიძე, გოგი გეგეჭკორი, მედეა ჩახავა, ეროსი მანჯგალაძე, ნოდარ ჩხეიძე, მერაბ გეგეჭკორი, რამაზ ჩხიკვაძე, გურამ საღარაძე… „ეს ჩემი არმია მზად იყო შტამპების წინააღმდეგ გასალაშქრებლად, შტამპებისა და… ჩვენ გვაწვალებდა სიყალბე სცენაზე და ვოცნებობდით ახალ ხერხებსა და საშუალებებზე…“
მარცხიან დასაწყისს მოჰყვა გულით პირველი სპექტაკლი – „ადამიანებო, იყავით ფხიზლად“. წაიკითხა გესტაპოელთა ციხეში ნაწამები ჩეხი კომუნისტის, იულიუს ფუჩიკის სიკვდილის შემდეგ გამოცემული ჩანაწერები „რეპორტაჟი სახრჩობელადან“. ჩანაწერებმა ააღელვა. მთელი ღამე არ დააძინა. „პირველად მომწყურდა, გულით დამედგა რაღაც“…
კოტე მახარაძესთან ერთად დაწერილი ინსცენირება. ხორავას მხარდაჭერა: დადგით, იმუშავეთ რეპეტიციებიდან თავისუფალ დროს. რეპეტიციები გვიან ღამით, დერეფნებში, ფოიეში, სახლებში… ფანატიზმი. თავდაუზოგავი შრომა და პირველი გულით დადგმული სპექტაკლი – „ადამიანებო, იყავით ფხიზლად“. პირველი წარმატება… აღიარება.
თუმანიშვილს ხორავა დაიბარებს. კიდევ ერთხელ შეაქებს, „ფუჩიკის“ გზით იარეო. მერე ეტყვის: ისტორიულ-რევოლუციური სპექტაკლების ციკლი უნდა შევქმნათ და ამ პოლიტდეკადის ერთიანი ფორმა შენ უნდა მოიფიქროო. და კიდევ: ციკლს „სკკპ(ბ) ისტორიის მოკლე კურსი“ უნდა დაედოსო. მიშას გაუხარდება, ამხელა მისია რომ დააკისრეს, წამოვა, მაგრამ ზემოდან ხორავას გვრგვინვა მოესმის: „მიშა, დაიცადე“, და უშველებელ წითელ ვაშლს აჩუქებს. მიშას კი უხარია, მაგრამ ამ დავალებას ვერ შეუსრულებს, ბევრს იწვალებს, მაგრამ ფორმას ვერ მოიფიქრებს…
მერე იქნება დღეს უკვე ლეგენდადქცეული სპექტაკლი: ფეიერვერკული „ესპანელი მღვდელი“…. შემდეგ კი დამხობა ღმერთების. თეატრის ღმერთების.
მძვინვარე ბრძოლა თეატრის უფროს თაობასთან. აკაკი დვალიშვილის, მიხეილ თუმანიშვილის, დოდო ალექსიძის, ფარნაოზ ლაპიაშვილის საზემოდ დადებული ფიცი – რომ იბრძოლებენ ხორავას და ვასაძის სათეატრო დიქტატურის წინააღმდეგ. ინტრიგები, ბრძოლა კულისებში, ბრძოლა ღიად. მიღწეული მიზანი. 1955 წელს ხორავასა და ვასაძეს ხსნიან. მაშინ იტყვიან, „20-წლიანი დიქტატურა დაემხოო“, თუმანიშვილი მერე დაწერს: „ხორავასა და ვასაძის განთავისუფლება უკვე ეპოქაა“. ხორავა თუმანიშვილს ეტყვის: ყველა უბედურება შენგან მოდის.
მერე იყო კვლავ მარცხი. კისრის წამტვრევაც.
„ესპანელი მღვდლის“ მერე შეუჩნდებიან: „მიშა, შენ ახმეტელი ხარ, ახმეტელი! შენ მისი საქმის გამგრძელებელი უნდა იყო“. ისიც საფუძვლიანად ჩაუჯდება ახმეტელის მემკვიდრეობას და გადაწყვეტს, დადგას ჰეროიკულ-რომანტიკული სპექტაკლი, ლეო ქიაჩელის „ტარიელ გოლუა“…
გამრეკელისეული ბოჰემიის ტყით შთაგონებული სცენაზე სამი ცაცხვის ფონს გააკეთებს. იქნება ნაბდების, ხანჯლების, შაშხანების სცენა, გამარჯვების ცეკვები, ხალხმრავალი, ხმაურიანი, მოძრავი სკულპტურული სცენები.
აღტკინებული მუშაობა. სტუმრად ფინელი რეჟისორი და ახლა იმის ხოტბა-დიდება: „სცენური რიტმისა და ტემპების კომპოზიტორი ხართ“. მთლად თავბრუ დაეხვა, უფრო შეუტია… შემდეგ ხალხით გატენილი დარბაზი. გასინჯვა. „ხუთი წუთის დაწყებული არ იყო, რომ მივხვდი – ყველაფერი დაინგრა, ყველაფერი ეს გახვრეტილ შაურადაც არ ღირდა. თითქოს რაღაც, ამ დროისთვის უაზროსა და შეუსაბამოს დავეჯახე და თავზე უშველებელი კოპი დამაჯდა… მე ამ სპექტაკლს ხშირად ვხედავდი ძილში – კოშმარულ სიზმრად“. 
კოშმარულ მარცხს ისევ ტრიუმფები ჩაენაცვლა. კოუჰორტის „როცა ასეთი სიყვარულია“. შემდეგ დაუვიწყარი „ჭინჭრაქა“.
მანამდე კონკურენტის გზიდან ჩამოშორება – დოდო ალექსიძე თეატრს ტოვებს. ისევ ტრიუმფი – „ანტიგონე“. რუსთაველის თეატრის მთავარი რეჟისორობა, „იულიუს კეისარი“ და… რეჟისორი თეატრიდან წავიდა.
შვიდკაცას ნელი კვდომა. ინტრიგები. წავიდა თეატრიდან, სადაც თითქმის 25 წელი იმუშავა, რომელსაც თითქმის 25 წელი შესწირა… „ჩემი მეუღლე მამშვიდებს, შენ კი არ შეგიწირავს თეატრისთვის 25 წელი, თეატრმა მოგცა საშუალება, მის კედლებში 25 წელი გემუშავაო, შეიძლება მართალიც იყოს“…
ის წავიდა. „მე თეატრიდან წავედი იმის გამო, რომ ჩემი თანამებრძოლები უკვე ვეღარ მიგებდნენ, ან მე ვერ ვუგებდი მათ… საბოლოოდ აღმოვჩნდით – მე და ისინი“.

18 წელი თეატრში

შემდეგ იყო პაუზა. რამდენიმე წელი მხოლოდ თეატრალურ ინსტიტუტში და ტელევიზიაში მოღვაწეობა. მერე ისევ თეატრი, კინოსტუდიის თეატრალური სახელოსნო. მერე – კინომსახიობთა თეატრი. ახალი შეგირდები, ახალი თანამებრძოლები. ისევ წარმატებები. „ბაკულას ღორები“, „დონ ჟუანი“, „ზაფხულის ღამის სიზმარი“… „ჩვენი პატარა ქალაქი“… „ჩვენი პატარა ქალაქი“ – სპექტაკლი რომ გასევდიანებს და არ გამძიმებს, შენდაუნებურად ცრემლს რომ მოგგვრის, მაგრამ მერე იმ ცრემლიან თვალს იმედის სხივით რომ აგინთებს, ამოუცნობ სითბოს რომ ჩაგიღვრის სულში და გაგიჩენს სურვილს, დააფასო ამქვეყნად ყოფნის ფაქტი – სიცოცხლე, დააფასო ადამიანები, სანამ შენ გვერდით არიან…
„რამდენ ხანს გავძლებთ?  ვინ იცის. რამდენსაც შევძლებთ, იმდენ ხანს ვიარსებებთ“, – წერდა კინომსახიობთა თეატრზე მიხეილ თუმანიშვილი.
ამ თეატრში მან სიცოცხლის ბოლო 18 წელი გაატარა.
18 წელი ცოტა არაა თუნდაც შენს დაარსებულ თეატრში. მარჯანიშვილს 4 წელიც არ აცალეს. სისხლი მოუწამლეს.
თუმანიშვილის თეატრი ახლაც არსებობს. გაძლეს. შეძლეს. „ალუბლის ბაღიც“ დადგეს, ბატონ მიშას რომ უნდოდა დადგმა… რაც მთავარია, მისი ალუბლის ბაღი არ გააჩეხვინეს არავის – მისი თეატრი…

 დაიბეჭდა “პრაიმტაიმში”.

 

გრიგალი, რომელიც აღარ ამოვარდება – სანდრო ახმეტელი

ის იყო კაცი, რომელმაც მოიტანა და შემდეგ სამარეში ჩაიტანა თეატრი – ბობოქარი

რეზო შატაკიშვილი

(დაიბეჭდა წლის გამოცემაში  “სახე(ლ)ები – 2006”)

1886 წლის 14 აპრილს სიღნაღის მაზრაში, სოფელ ანაგის თომა მოციქულის სამრევლო ეკლესიის დიაკვანს ვასილ ახმეტელაშვილს და მის მეუღლეს მარიამს შეეძინათ ვაჟი – ალექსანდრე…

18 აპრილს მღვდელი ზაქარია სინჯიკაშვილი მას მართმადიდებელ ქრისტიანად მონათლავს…

რას წარმოიდგებნენ რომ გავა დრო და მას ხან ბურჟუაზიულ-ნაციონალისტად „მონათლავენ“, ხან ანტისაბჭოთა სპექტაკლების ავტორად, კოტრევოლუციონერად, ხალხის მტრად, მავნებლად და ბოლოს მაინც გენიოსად… რა იციან რომ გავა თითქმის 120 წელი და მის მიერ დადგმულ

შილერის „ყაჩაღებს“ მსოფლიოს ას საუკეთესო სპექტაკლს შორის მოიხსენიებენ…

(2004 წელს რუსეთის ხელოვნებადმცოდნეობის სახელმწიფო ინსტიტუტი გამოსცემს „მეოცე საუკუნის სპექტაკლებს“, სადაც შესულია მეოცე საუკუნეში, მთელს მსოფლიოში დადგმული 100 საუკეთესო სპექტაკლი. ას სპექტაკლს შორის ქართული მხოლოდ ორია – ახმეტელის „ყაჩაღები“ და რობერტ სტურუას „კავკასიური ცარცის წრე“… )

კოშმარულ 37-ში ახმეტელს ბრალდებად წაუყენებენ რომ ის იყო ბურჟუაზიულ-ნაციონალისტი, ანტისაბჭოთა ელემენტი, დიქტატორი, მავნებელი, ხალხის მტერი… იგი არ ყოფილა ხალხის მტერი. პირიქით მან შეუქმნა ქართველ ხალხს ჭეშმარიტად ეროვნული, ქართული თეატრი. შექმნა იმ დისციპლინის წყალობით, რომელიც დიქტატურად გამოცხადეს, მაგრამ სულძაღლი ბერია მთლად არ ტყუოდა – ახმეტელი მართლაც იყო ნაციონალისტი (საუკეთესო გაგებით), მართლაც იყო ანტისაბჭოთა ელემენტი და ამას მთელი მისი მოღვაწეობა ადასტურებს, მთელი მისი შეხედულებები, შემოქმედება. ეს მერე, ისევ მისი რეაბილიტაციისათვის შეეცდებიან რომ საწინააღმდეგო უმტკიცონ მოსკოვს, მაგრამ ახმეტელს თუ ეროვნულობა, ნაციონალისტობა წაართვი, ფასი ეკარგება მთელ მის გენიალობას…

… 1903 წელს, 16 წლის სანდრო ახმეტელი განჯაში ჩასულ ნატო გაბუნიასა და ვასო აბაშიძის გვერდით გამოჩნდება სცენაზე – „ხანუმაში“ თავად ფანტიაშვილის მსახურ ტიმოთეს ითამაშებს ლეგენდარული არტისტების გვერდით. რა იციან ქართული თეატრის იმდროინდელმა ლეგენდებმა რომ მათ გვერდით არათუ ქართული, საერთოდ თეატრის მარადუკვდავი ლეგენდა თამაშობს…

1906 წელს სანდრო ახმეტელი თბილისის ქართულ გიმაზიას დაამთავრებს, 1907 წლის იანვარში ტასო როსტომაშვილზე დაიწერს ჯვარს. იმავე წელს პეტერბურგს მიაშურებს – უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე შევა… საქართველოში 1916 წელს დაბრუნდება, მაგრამ სტუდენტობის დროს ხშირად ჩამოვა საქართველოში, იმ პერიოდში ჟურნალისტობს, მისი ფიქრები დასტრიალებს უცხოეთში სასწავლად წასული ქართველ სტუდენტობას, ქართული თეატრის ბედს… სტუდენტობის წლებშივე შედგება სანდრო ახმეტელის რეჟისორული დებიუტი.

1910 წელს, 24 წლის სანდრო ახმეტელი ქვემო მაჩხაანის სცენისმოყვარეებთან

დგამს სუმბათაშვილ-იუჟინის „ღალატს“…

„… წარმოდგენამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა დამსწრე საზოგადოებაზე, ესთეტიკურად დაატკბო იგი და ნასიამოვნები გაგზავნა შინ….. განსაკუთრებული მადლობის ღირსისა პეტერბურგის უნივერსიტეტის სტუდენტი და ამ წარმოდგენის რეჟისორი ა. ახმეტელაშვილი, რომელმაც არ დაზოგა თავისი შრომა, რათა ადგილობრივი სცენისნმოყვარეები ჯეროვნად მოემზადებინა.“ – დაწერს „სახალხო გაზეთი“.

„პიესისთვის სულ ახალი ტანისამოსი და დეკორაციები მოამზადეს, მთელი 2 თვე ემზადებოდნენ და პიესამაც შესანიშნავად ჩაიარა, კარგი შთაბეჭდილება მოახდინა დიდძალ დამსწრე საზოგადოებაზე“ – დაწერს „თეტრი და ცხოვრება“…

იმ პერიოდიდან გაისმის ქართულ თეატრში ახმეტელის სახელი, მაგრამ ჯერ ადრეა, გრიგალი სახელად „ახმეტელი“ ცოტასაც მოიცდის და მერე ამოვარდება… ამოვარდება და თან მოიტანს თეატრს ჯერარნახულს, და შემდეგშიც განუმეორებელს.

მანამდე კი ის ჯერ პრესაში ლაპარაკობს ქართულ თეატრში გამეფებულ კრიზისზე, განახლების აუცილებლობაზე.

გვაქვს თეატრი მძიმე, დინჯი, უსახო, გაუბედავი იგი უნდა დაიმსხვრეს… გვყავს მსახიობები მოუხეშავი, ტლანქი, ზანტი, იგი უნდა მოიზნიქოს რომ გახდეს რბილი, ცეცხლოვანი და შუშპარიანი და თეატრი გვექნება აღგზნების, ემოციის, რიხიანი, გაბედული, გმირული – იტყვის ახმეტელი 1915-ში და იმავე წელს დასვამს საკითხს – არის თუ არა ქართული თეატრი ქართული?

პასუხსაც თავად გასცემს – არა და არა!

არის თუ არა ქართული თეატრი გამომხატველი ქართველისა, როგორც სპეციფიკური ნაციონალური ფსიქოლოგიის და რელიგიის მატარებელი ადამიანისა? გვყავს ეს ქართველი ქართულ სცენაზე? შეგვიძლია გადაჭრით ვაღიაროთ რომ ხელოვნურის სხივით შექმნილი ქართველი, იდეური გაგრძელებაა ნამდვილ არსებული ქართველისა? გვითხრა ჩვენმა თეატრმა, თუ ვინ არის ქართველი? როგორია მისი სულისკვეთება? როგორია მისი ვნება? ძალა? რითი საზრდოობს? რით სულდგმულობს? ვიცნობთ ჩვენ ქართული ადამიანის სულის დრამას? ვინ არის ქართველი? ვიცნობთ მას ჩვენ, როგორც თავისებურ მსოფლიო ინდივიდუმს? რით განირჩევა იგი სხვისგან? ვიცნობთ ჩვენ მის რელიგიურ ლტოლვილებას, რელიგიურ ექსტაზს? შეგვიძლია ვთქვათ, განვმარტოთ, თუ რა ფორმებში ხატავს იგი თავის ექსტაზს?

გენიოსმა დოსტოევსკიმ სავსებით განმარტა რუსული ინტელიგენციის სულისკვეთება. ჩეხოვმა ნათელჰყო რუსული ინტელიგენციის საუკეთესო და ძვირფასი რელიგიური ჰანგები. მოსკოვის სამხატვრო თეატრმა საუცხოოდ ჩამოაქანდაკა რუსის სული, მისი გულის ცემა. ტირის, სევდით გული ევსება რუს მაყურებელს სამხატვრო თეატრში, როდესაც იგი ჩეხოვის პიესების წარმოდგენას უცქერის… მოსკოვის სამხატვრო თეატრი ნამდვილი, ეროვნული, რუსული თეატრია რუსეთისთვის. სამხატვრო თეატრმა ჩეხოვის მეოხებით ჰპოვა ნამდვილი რუსი თავისი სპეციფიკური ფსიქოლოგიით და რელიგიით. სტანისლავსკიმ შემოსა ეს ნამდვილი რუსი ერთგვარი სცენური პრინციპით მხატვრულ რელიგიური ფორმებით და მით ჩეხოვცის დრამები რუსეთის ინტელიგენციისათვის მისტერიად იქცა…

შეიძლება ყველა ეს ითქვას ჩვენს ქართულ თეატრზეც? შეიძლება გადაჭრით, გულახდილად იმის აღიარება, რომ ქართულ თეატრში სუფევს ნამდვილი სული ქართული ერისა? რომ ქართულ თეატრში ჩვენი რელიგიური ექსტაზით აღტყინდებით, რომ მხოლოდ აქ, ქართულ სცენაზე ჰპოვებთ თქვენს გულის ცემას და სულისკვეთებას? უწოდებთ თქვენ ჩვენს თეატრს იმ ტაძარს, სადაც ერი ხარობს, ერი იტანჯვის თავისი საკუთარი ფორმით, საკუთარი თავისებური რელიგიური სტიქიით? შექმნა თეატრმა სიცილი და ხარხარი ფორმად, ფერად ჩვენი ისტორიული სიდუხჭირისა და ტანჯვისა? ჰპოვეთ თქვენ რომელსამე დრამაში ქართველი ტიპი _ ორჭოფი, გამოურკვეველი, დაულაგებელი ფსიქოლოგიით? შეგიძლიათ მიმითითოთ ისეთ დრამაზე, სადაც ბრძოლის აღელვებული ტალღები ნეტარების ისრებით ესობოდეს თქვენს ბუნებას, ზნესა და ჩვეულებას?… მთელი ჩვენი ისტორია ტრაგედიაა პატარა საქართველოსი, ქართველი მხოლოდ შვილია ტრაგედიისა. მერე შექმნა ქართულმა თეატრმა ისეთი დრამა, რომელიც ქართველი ხალხის მისტერიად უნდა ქცეულიყო?

არა და არა! ქართულმა თეატრმა ვერ ჰპოვა ქართველთა სულის გრგვინვის ხმა.

ვერ შემოსა იგი საკუთარ ფორმებში და ამიტომ იგი არ არის ქართული, ნამდვილი ქართული მხატვრული თეატრი.

პირიქით თუ შორს წავალთ, არ არის იგი ქართული თეატრი თვით სცენიური საშუალებითაც კი. დღევანდელ დღეს გამეფებული პლასტიკა, კილო, ინტონაცია, სტილი არ არის ქართულ დედა-ძარღვზე ასხმული. ქართულმა სცენამ ვერ შესძლო ქართველი ადამიანის სხეულის მოძრაობის შესწავლა. ამ მოძრაობის ძირითადი რიტმის განხილვა-გამოცნობა და ქართული ელფერით მოცხული პლასტიკის შექმნა სცენაზე. მერე ეს მოხდა ჩვენში, საქართველოში, სადაც ქართველ კაცზე ლამაზ მოსიარულეს, ბუნებრივი პროპორციით შემკულ მოძრაობის მქონეს ჯერჯერობით ბადალი არ ჰყავს დედამიწის ზურგზე. დადის ქართველი საუცხოვოდ, ფეხს დგამს გაბედულად და არა ჩლუნგად, მოშვებულად… მთელი კორპუსი გადააქვს თავისუფლად, სწორად, ოდნავი რხევით… ქართველს ფეხი გაშლილი დააქვს… მე მყავს სახეში მდაბიო ხალხი, ჩვენი გლეხკაცობა, მიგიქცევით ყურადღება ჩვენი ჩვენი გლეხკაცისთვის, როცა ის მაგალითად ხელს გართმევთ, ტანს რა მოძრაობას აძლევს? ქართველი წელს მხრებში კი არ ხრის, ე.ი. კი არ იკუზება, როგორც ჩრდილოეთის მცხოვრებლებმა იციან. წელგაშლილი სრულიად მთელ კორპუსს იდნავ თქვენსკენ ხრის ფეხები გაშლილი, გაჭიმული უდგას და კისერი ხერხემალთან პერპენდიკუკულარულად უჭირავს. ქართველის მოძრაობა ბუნებრივად ესთეტიკურ კანონებს ემორჩილება. ლერწამივით ახოვანი ქართველის მოძრაობა _ წმინდა რიტმული მუსიკაა.

სულ სხვაა თეატრში ჩვენი მსახიობის მოძრაობა უგემოა. სიტყვა-გამოთქმულებას მოუფიქრებელ პლასტიკას უდებს… აიღეთ იგივე ინტონაცია, ვის არ ეჩოთირება ის ყრუდშეთვისებული ხმაწყობილება რომელსაც მსახიობი ხმარობს. ჩვენს სცენაზე გაბატონებული ინტონაცია უფრო ცრუკლასიკურს წააგავს. ოდნავ მომღერი, იგი აგებული აქვს უსულო ტემპზე… ცხოვრებაში კი, ქართველის ინტონაცია ჰიმნია ქართველთ სიტყვა-პასუხის მშვენიერებისა..

თეატრის განახლებისთვის იმჟამად სხვებიც იბრძვიან, მსახიობთა თეატრს რეჟისურა უტევს, მოსკოვში განსწავლული რეჟისორები – წუწუნავა, ქორელი, …. ისინი ჯიქურ ამკვიდრებენ სამხატვრო თეატრის პრინციპებს, რეჟისორთაგან განზე მხოლოდ ახმეტელი დგას – მისთვის მიუღებელია რეალისტურ-ნატურალისტური თეატრი. მიუღებლად და არა ქართულად მიიჩნევს.

ჩვენ ბანს ვაძლევთ ყოველთვის და ყველაფერში რუსეთის თეატრს. და კიდევ ყველაფერში მხოლოდ ვბაძავთ. არ მინახავს ქართულ სცენაზე ნამდვილი ჩვენი სულისკვეთებით დადგმული დრამა. იგი ყოველთვის ტრაფარეტულად გაზეპირებულ ჩონჩხზედაა აგებული, რომელსაც მხოლოდ მოსკოვის სამხატვრო თეატრის უგემური სუნი უდის. მას ქართულ თეატრთან საერთო არაფერი აქვს, ის მთლიანად სამხატვრო თეატრის ფილიალია მთელი თავისი მეთოდოლოგიით. მთელი სისტემით“.

ახმეტელს კი ჭეშმარიტად ეროვნული თეატრი სურდა, თეატრი ქართული ტემპერამენტით, სულისკვეთებით, ფორმით. მას ღრმად სწამდა რომ ხელოვნება მხოლოდ ნაციონალურია, რომ ნაციონალური ხელოვნება უმაღლეს გენიოსურ ფორმებში შემოსილი კოსმოპოლიტურია. მაგრამ კოსმოპოლიტურია მხოლოდ შემეცნებით. ყველა, რა ერის ადამიანიც არ უნდა იყოს, ყველა ტკბება მისი სიმშვენიერით. როდესაც მას უმზერს. ვერაფერი გვიხსნის გადაგვარებისგან, გარდა ეროვნული ხელოვნებისა და ამასთან უპირველესად, ეროვნული თეატრისა“ – ამბობდა ახმეტელი და გამოსავალს ინტელიგენტური თეატრის დააარსებაში ხედავდა, რომელიც იქნებოდა ერთგვარად სტუდია, ლაბორატორია, სადაც ჩამოყალიბდებობდა ქართველი ადამიანის სულის დრამის ფორმები. სადაც შეიქმნებოდა ახალი სახე ქართველი კაცისა. აქვე უნდა დაკავშირდეს რიტმი ფერადობასთან, მოქმედების ექსტაზი ქართული პლასტიკის ფორმებთან – აი, ამ იდეური საგზლით მოდიოდა სანდრო ახმეტელი ქართულ თეატრში. მოდიოდა შეუპოვრად…

თმა ინგლისურად შუაზე გაყოფილი… პირმოპარსული, დიდრონი თვალებით და არწივისებური გამოხედვით თითქოს ვიღაცის გაპობა სურს… გარეგნობით, ინგლისელი ტლანქი ჯელტმენი, ხოლო შავი მაყვალივით თვალები ეჭვს ბადებს: იტალიელი ხომ არ არის? ჯერ კიდევ როდესაც გიორგი ჯაბადარის სტუდია ყველა თეატრალმა სასიკვდილოდ დასერა, ეს იტალიელი თუ ინგლისელი ქართველ მსახიობთა კავშირის ყრილობაზე დასაცავი სიტყვით გამოვიდა… სითბო ვიგრძენ… მომეწონა… გავეცანი, მაგრამ მისი გვარი ბუნდოვნად დამამახსოვრდა, თუმცა მისი სიტყვები ჩემს მახსოვრობაში ღრმად აღიბეჭდა – ამას ახმეტელზე აკაკი ვასაძე დაწერს, სამიოდ წელში „ბერდო ზმანია“-ზე მუშაობისას კი ის ამ ინგლისელსა თუ იტალიელში, სანდრო ახმეტელს ამოიცნობს…

„ბერდო ზმანიამდე“ ახმეტელი 1919 წელს საოპერო სტუდიაში დიმიტრი არაყიშვილის ოპერას „თქმულება შოთა რუსთაველზე“ დადგამს. პრესა მადლობას გადაუხდის ორიგინალური დადგმისთვის.

1920 წელს მენშევიკურმა მთავრობამ ქართულ დრამას რუსთაველის თეატრის ამჟამინდელი შენობა გადასცა. თეატრს ფაღავა ჩაუდგა სათავეში. რეჟისორებად მიიწვიეს ლადო მესხიშვილი, ალექსანდრე წუწუნავა, მიხეილ ქორელი, ალექსანდრე ახმეტელი.

და აი, 34 წლის ახმეტელი თავის პირველ სპექტაკლს დგამს პროფესიული თეატრის სცენაზე. დასადგმელად ირჩევს სანდრო შანშიაშვილის სიმბოლისტურ დრამას „ბერდო ზმანია“.

ახმეტელმა პირდაპირ ამოხოცა მსახიობები მუშაობაში – წერდნენ ახმეტელის ოპონენტები. ახმეტელი მოშლის რამპას ისე რომ სცენას და პარტერს გააერთიანებს. სცენას ზემოდან გაანათებს, პირველად შემოიყვანს სიმფონიურ ორკესტრს დრამაში. გრიგიოლ რობაქიძე მაშინვე იტყვის – ახმეტელი გრძნობს თეატრის ნერვს!

სცენა პირველად ამღერდა მუსიკით, არტისტმა პირველად იგრძნო თავისი სხეული, როგორც შემოქმედებითი მასალა. ამ სპექტაკლში ახმეტელმა პირველად შეამზადა ნიადაგი ჩვენში სინთეზური თეატრის შექმნისთვის. იგი გამოჩნდა როგორც მონუმენტური თეატრის ანსამბლის და არა ინდივიდუალური თეატრის ვიზიონერი – დაწერენ მოგვიანებით. ასევე მოგვიანებით აკაკი ვასაძე დაწერს რომ ამგვარი ტემპით, რიტმით აგებულ სხვა სპექტაკლს ქართულ თეატრში მაშინ ვერ ნახავდით“.

წარმატება თავბრუდამხვევია, მერე რა რომ აზრთა სხვადასხვაობა ბობოქრობს.

სხვანაირად წარმოუდგენელიცაა – „ბერდო ზმანია“ სათავეს უდებს პირობით რეჟისორულ აზროვნებას, „მხატელებისგან“ განსახვავებულ სათეატრო ესთეტიკას. თანადროული ევროპული ავანგარდისტუილი სათეატრო მიმდინარეობებთან თანაზიარი წარმოდგენა მოულოდნელობის შოკს იწვევს რეალისტური თეატრის მიმდევრებში. ახმეტელი ეძებს ძლიერ, ამბოხებულ გმირს, აღელვებს თავისუფლების თემა.

ახმეტელიო იბრძვის თეატრის გარეთაც – ის დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტის წევრია და ოპოზიციაში უდგას ჟორდანიას და მის მთავრობას. მეტიც, ახმეტელი ჟორდაინიას საქართველოს მტრად, მოღალატედაც გამოაცხადებს როცა ის კახეთში დიდ თანამდებობაზე სომეხს დანიშნავს. ახმეტელი მიიჩნევს რომ ჟორდანიას მთავრობა უნებისყოფოა და მასში არ ცოცხლობს ძლიერი ეროვნული სული. რითაც იგი ნიადაგს უმზადებს რეაციქას – ბოლშევიკური რუსეთის შემოსვლას საქართველოში.

ასეც მოხდება, საქართველოს რუსეთი დაიპყრობს. ოკუპაციამდე ორი კვირით ადრე, თეატრში ახმეტელის ახალი სპექტაკლის „რაც გინახავს ვეღარ ნახვ“ პრემიერა შედგება.

ახმეტელის ცდას რომ შეექმნა ნაციონალური ხალხური სცენები, დაცინვით შეხვდნენ – ამას თავად ახმეტელი დაწერს თავის თავზე…. ახმეტელი იძულებული გახდება წავიდეს თეატრიდან, მაგრამ ეს წასვლა დროებითია და ამას ყველა გრძნობს. ახმეტელი რის ახმეტელია რომ ვინმეს რამე დაუთმოს.

იგი გააფთრებით იბრძვის თვითმყოფადი ქართული თეატრის შესაქმნელად და აქტიურად ილაშქრებს ნატურალისტური თეატრის წინააღდეგ.

ახმეტელი დროებით ჩინოვნიკი ხდება – თეატრალური განყოფილების უფროსი შალვა დადიანი მას თავის მოადგილედ წაიყვანს. შალვა დადიანი მერე გამოტყდება რომ ახმეტელი ვერ იყო მაინცდამაინც კარგი ჩინოვნიკი, ახმეტელის ამბოხებული სული ვერ ჰგუობდა ჩინოვნიკობას.

და აი, საქართველოში ჩამოდის სახელგანთქმული კოტე მარჯანიშვილი. იგი გვერდით სწორედ ახმეტელს ამოიყენებს, რადგან მის თეატრალურ პრენიციპებთან ახმეტელის ძიებები უფრო ახლოს იყო, ვიდრე ქართველი „მხატელების“ შემოქმედება.

„თქვენთან ერთად გავწყვიტოთ კავშირი, მასთან (სამხატვრო თეარტრთან) და ვეძებოთ თეატრი ვაჟკაცური“ – ამას მარჯანიშვილი ახმეტელს „სალომეას“ დადგმის შემდეგ ეტყვის, როცა ახმეტელს თავს დაესხმიან. „სალომეას“ გამო, ახმეტელს მეორე მოუწევს თეატრიდან წასვლა (ისევ დროებით), მიზეზი მარტივია – თეატრში კვლავ მოშლილია დისციპლინა – ერთ რეპეტიციოაზე ერთი მსახიობის მეტი არავინ მივა, სხვა რეპეტიციიის დროს მსახიობები დაადებენ თავს და გასტროლიორთა სპექტაკლში ათამაშდებიან. აქეთ აკაკი ვასაძე დააგვიანებს რეპეტიციაზე, იქით უშანგი ჩხეიძე უარს იტყვის რეპეტიციის გავლაზე, ხომ გავიარეო? ვერიკო ანჯაფარიძე ადგება და მიატოვებს რეპეტიციას… სხვა რეპეტიციაზე მსახიობები თავის ადგილებს ტოვებენ, ახმეტელი რეპეტიციას ხსნის. სხვა რეპეტიციაზე ვინმე მჟავია მთვრალი მივა და გინებას ატეხავს, ახმეტელი გაბრუჟულ მთვრალს რეპეტიციიდან გაიბურთავებს…

თეატრს დატოვებს წუწუნავა, ქორელი, ლადო მესხიშვილი გარდაიცვლება,

თეატრში მარჯანიშვილი და ახმეტელი რჩებიან და ერთად იწყებენ ახალი თეატრის შენებას. მარჯანიშვილი ახმეტელს მთავარ რეჟისორად დანიშნავს, თავად სამხატვრო ხელმძღვანელად დარჩება. თეატრში დისციპლინა ისევ მოშლილია, წარმატებებს ჩრდილავს ნაუცბათევად მომზადებული ბენეფისები, გასტროლები, ამღვრეული რეპერტუარი.

ახმეტელი ახალ იერიშზე გადადის – საბჭოთა კავშირს ლენინი გამოგლოვილი არ ჰყავდა, ახმეტელმა და მისმა თანამოაზრეებმა რომ 1924 წლის 29 იანვარს „დურუჯის“ მანიფესტი დააგუგუნეს რუსთაველის თეატრის სცენიდან.

საგულისხმო დეტალი: ახმეტელი ამ პერიოდში სხვა ასპარეზზეც იბრძვის – აქტიურად მონაწილეობს 1924 წლის აჯანყების მზადებაში.  როგორც სამხედრო ცენტრის აქტიური მონაწილე პასუხისგებაშიც მისცეს და სიკვდილიც მიუსაჯეს, მაგრამ მარჯანიშვილის და სხვათა დახმარებით გადარჩა…

ამჯერად გადარჩება და თეატრში  ხდება გადატრიალება. გადატრიალების მთავარი იდეოლოგი ახმეტელია.

პირველად 1924 წლის 5 იანვარს იკრიბებიან და კორპორაციის შექმნას გადაწყვეტენ. სხდომას მარჯანიშვილიც შეესწრება, შეუერთდება. გაიზიარებს მათ შეხედულებებს. კორპორაცია ახალი თეატრის ფუძე უნდა გახდეს, უნდა განიდევნოს არაპროფესიონალიზმი, შევქმნათ კულტი ახალი არტისტისა“.

მანიფესტში უკვე ახალი არტისტის იდეალსაც გამოაცხადებენ: არტისტი შუშპარიანი… არტისტი გიჟი… არტისტი ცეცხლოვანი… არტისტი შფოთი… არტისტი-გოროზი… არტისტი-ფაფარაყრილ რაშზე… არტისტი-კადნიერი… არტისტი-რიხიანი…ახმეტელი უკვე პრაქტიკულად იბრძვის იმისთვისმ რასაც ათი წლის წინ ითხოვდა თეორიულად. წესდებაშიც ჩაწრენ: ძიება თეატრალური განსახიერებისთვის ქართველთა რასის და ტემპერამენტის გამომსახველობათა თეატრალური ფორმებით. რიტმის, მეტყველების, ემოციურობის“.

ახმეტელის მთელი მოღვაწეობა აქეთკენ იქნება მიმართული.

ქართველი აქტიორის პლასტიკური სიმდიდრისა და სილამაზის პრობლემა მუდამ აღელვებდა ახმეტელს და მუდამ უდიდეს მნიშვნელობას მიანიჭებს მსახიობის ფიზიკურ მონაცემებს. მუდამ საგანგებოდ შეარჩევს ათლეტურ, ძლიერ და მშვენიერი სხეულის ადამიანებს სცენისთვის. საგანგებოდ ასწავლის რიტმს, მუსიკას ტანვარჯიშს… ახმეტელისთვის პლასტიკური, დახვეწილი, ძლიერი და ლამაზი აღნაგობის მსახიობი გმირული თეატრის ესთეტიკურ იდეალს წარმოადგენდა.

არც ერთი ქართველი რეჟისორი არც მანამდე და არც შემდეგ ისე ძლიერად და დაჟინებით ვერ გამოხატავს ქართველი ხალხის ერთიან, ზეაწეულ გრძნობებს, როგორც ამას ახმეტელი გააკეთებს.

მისი მასობრივი სცენები განცვიფრებაში მოიყვანს მაყურებელს.

ახმეტელის მთელ რეპერტუარში მკაფიოდ გამოიკვეთება მებრძოლი, ძლიერი ადამიანის იდეა. ახმეტელი ეძებს მტკიცე ნებისყოფის გმირს. ე.ი. ეძებს იმას რაც მისი აზრით დაიკარგა – ცხოვრებაშიც და სცენაზეც. ახმეტელი ღრმად განიცდის დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ უნებისყოფო ქართველის ტიპის ჩამოყალიბებას. თეატრში გადააქვს თავის ბრძოლის ასპარეზი. პოლიტიკდან თეატრში. მაგრამ ისევ პოლიტიკური თეატრის შეასაქმნელად….

მის სპექტაკლებში, დაგუბებული კაშხალივით იფეთქებს ეროვნული ენერგია,

აკაშკაშდება მისი იდეალები, მცდელობა ქართველ ხალხში გააღვიძოს მებრძოლი სული. მისი მთავარი მოწოდებაც ხომ ესაა – აღზარდოს ხალხი გმირული სულით, რათა ხალხს ყოველთვის შესძლებოდა საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლა. ახმეტელი ხომ სიჭაბუკიდანვე ამაზე ოცნებობს – ეპოვა ქართველი კაცის იდეალი გარდასულ ისტორიულ მოვლენებში, როგორც ეროვნული ორიენტირი. ვერ იპოვის, მაგრამ მთელი თავისი თეატრის ერთიან ესთეტიკურ გააზრებას ამ მიზანს დაუქვემდებარებს – ძლიერი ვაჟკაცური სტილი, ქართული მქუხარე ტემპერამენტი, ვნებიანი განცდები გადმოცემული უშუალობით, არტისტული სილამაზით…

ამას ყველაფერს დააფიქსირებს „სუკი“ თავის არქივში და გამოიყენებს მის გასანადგურებლად.

ის დადგამს არაერთ წყალწყალა საბჭოთა პიესას, მაგრამ იქაც დაჟინებით ეძიებს ქართულ თეატრალურ ფორმებს. მისი საუკეთესო სპექტაკლები

„ანზორი“, „ლამარა“ – ხალხის წიაღში დაფარული თეატრალობის მიკვლევის

ჟინით იქნება შთაგონებული…

მისი მასობრივი სცენები განცვიფრებაში მოიყვანს მაყურებელს.

ახმერტელი როგორც მასობრივი სცენების ვირტუოზი  გამოჩნდება

„ლამარაში“, „რღვევაში“, „ანზორში“, „თეთნულდში“…. და რა თქმა უნდა „ყაჩაღებში“. მტრებიც კი ვეღარ უარყოფენ რომ ახმაეტელი უდიდეს წარმატებებს აღწევს მასობრივი სცენების გადაწყვეტაში.

„თეთნულდში“ ახალ აზრობრივ შინაარსს მიანიჭებს ქოროს, სვანური ხალხური მუსიკის რიტმზე ააგებს ბაპების სცენას, მუსიკა იქცევა მათ სამოქმედო ენად.

ქოროს მუსიკალური გადაწყვეტის პლასტიკა და რიტმი აღიბეჭდება ქართული ხასაიათით. აქ და საერთოდ ქართულ თეატრში ახმეტელი შექმნის ქოროს ახალ ფორმას და მისი მასობრივი სცენების პრინციპს თეატრის ისტორია მეოცე საუკუნის ქართული ეროვნული თეატრალური ქოროს პრინციპად აღიარებს.

ეს ყველაფერი წინაა, მანამ დიდი ბრძოლებია. სწორედ ამისთვის აყალიბებს ახმეტელი „დურუჯს“, რომლის წესდებაშიც ხაზგასმით ჩაწრენ:

კორპორანტი საუბრობს ქართველებთან აუცილებლად ქართულად, სხვებთან კი მათთვის გასაგებ ენაზე“… საქმის წარმოება ქართულ ენაზე“….

რა ხდება, ახმეტელი უკვე უტევს მარჯანიშვილს, რომელიც კორპორაციის საპატიო წევრად მიიღეს, მარჯანიშვილი რომელმაც ცუდად იცის ქართული და რეპეტიციებს რუსულად ატარებს?!…

წესდებაში ყველაფერი მკაცრადაა რეგლამენტირებული, ყველაფერი ერთი მიზანს ექვემდებარება – შეიქმნას ჭეშმარიტად ეროვნული თეატრი…

ჯერ ისევ მხარდამხარ იბრძვიან მარჯანიშვილი და ახმეტელი. „დურუჯში“ იმთავითვე იკვეთება ორი ლიდერი – ახმეტელი და მარჯანიშვილი.

„დურუჯის“ ხელმძღვანელობას პირსისხლიანი ბერია მოგვიანებით ავბედითად შეუტრიალებს ახმეტელს, 1930 წელს დაწერილ მოხსენებაში „დურუჯს“ ანტისაბჭოთა, ფაშისტურ ორგანიზაციად მოიხსენიებს.

ბერიამდე „დურუჯის“ ხმაურიანი მანიფესტის გამო, ახმეტელს და მის თანამოაზრეებს არაერთი დაესხმევა თავს. ძველებს ახალგაზრდების აგდებული ტონი აღიზიანებთ, ტონი მართლაც გამომწვევია – ბებერი კამეჩები საგასტროლოდ შოთას პროსპექტზე…–  წერენ მანიფესტში ამას და კიდევ უარესებს. ამბოხებულ ახალგაზრდებს თავგამოდებით იცავს მარჯანიშვილი…

„დურუჯი“ ხელთ იგდებს თეატრის მხატვრული და ორგანიზაციული სადავეებს.

ახმეტელი და მისი თამამოაზრე არტისტები მიზნისკენ მიიწევენ, აკი იტყვის კიდეც ახმეტელი „დურუჯის“ ორი წლისთავზე ჩვენ ვეძიებთ ქართული თეატრის სახეს და ქართული არტისტის კონტურს. ყველა ეროვნებათა თეატრების განსხვავება მხოლოდ ამაშია. საქართველოს უნდა ჰქონდეს თავისი საკუთარი დამოუკიდებელი თეატრი. ანთებული ქართული გულით და აღგზნებული ქართული სულით…

„დურუჯი“ შეიქმნა, დაიწყო ბრძოლა თანამოაზრეთა თეატრისათვის.

ახმეტელს კვლავახც ამბოხებული გმირის თემა აღელვებს – დგამს შანშიაშვილის „ლატავრას“. ეს მესამე შეხვედრაა სანდრო შანშიაშვილის დრამატურგიასთან. „ლატავრამდე“ „როდამი“ აქვს დადგმული. მათი თანამშრომლობა კვლავაც გაგრძელდება, გაგრძელდება ახმეტელის დახვრეტამდე… „ლატავრას“ დადგმისას კი საბოლოოდ გაიყრება სანდრო ახმეტელის და ვერიკო ანჯაფარიძის გზები. ვერიკო ანჯაფარიძე „დურუჯის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია, მოგვიანებით ის პირველი დატოვებს „დურუჯს“, მანამდე კი კონფლიქტია. დიდი კონფლიქტი. გაივლიან „ლატავრას“ მეორე აქტს. ვერიკო კორიდორში გავა. ახმეტელი მესამე აქტს იწყებს, ვერიკო არ ჩანს. ეძებენ, ელიან. როგორც იქნა გამოჩნდება, ახმეტელი იყვირებს – „ჩქარა, ჩქარა!“ ვერიკო მიუტრიალდება – რა გაყვირებს? შეჰყვებიან, არც ერთი არ თმობს, ახმეტელი დაატოვებინებს რეპეტიციას. მერე მათ „შეარიგებენ“, ახმეტელი იტყვის: მე ვერასოდეს ვერ დავსდებ პირობას, რომ ეს არ განმეორდეს. არასდროს ჩემს თავს ამ მხრივ ჩემს თავს დამნაშავედ არ ჩავთვლი“. არც იმ ინციდენტში ჩაუთვლია თავი ახმეტელს დამნაშავედ, ხაზს უსვამდა რომ მისი ყვირილი საერთო ხასიათისა იყო და ყველას უყვირებდა, ვინც არ უნდა ყოფილიყო ის. ახმეტელი იმსაც არ დაივიწყებს რომ ვერიკო ანჯაფარიძე დასში პრივილეგიების მოპოვებას ცდილობს.

მოხდება ისე რომ ვერიკო ანჯაფარიძე ლატავრას კი ითამაშებს, მაგრამ შემდეგ მას ვეღარავინ იხილავს ახმეტელის შემდეგ დადგმებში. მერე კი იგი მარჯანიშვილის წასვლამდე დასტოვებს „დურუჯსაც“ და თეატრსაც.

ურთიერთობები იძაბება მარჯანიშვილსა და „დურუჯელებს“ შორისაც. მარჯანიშვილი ნელ-ნელა „დურუჯის“ ალყაში ექცევა.

მალე ახმეტელის და მარჯანიშვილის გზებიც გაიყრება.

ყველაფერი რობაქიძის „ლამარას“ ირგვლივ დატრიალდება. „ლამარას“ ერთად დგამენ მარჯანიშვილი და ახმეტელი. მარჯანიშვილი დადგამს პირველ ორ აქტს,

იგი „ლამარას“ ლირიკულ დრამად ხედავდა და ასეც დგამდა, შემდეგ საავადმყოფოში მოუწევს დაწოლა. დადგმას ახმეტელი განაგრძობს და ლირიკულის ნაცვლად მას დადგამს როგორც გმირულ-რომანტიკულ დრამას.

ასარსარდება ენები, დაიძაბება სიტუაცია. მარჯანიშვილი ნახავს „ლამარას“ და

ახმეტელს ეტყვის თავისუფლად შეგიძლია აფიშიდან ჩემი გვარის მოშლა“.

მარჯანიშვილი და ახმეტელი უკანასკნელად 1926 წლის 6 აგვისტოს შეხვდებიან ერთმანეთს, მოწმეთა თანდასწრებით. შედგება შეხვედრის სტენოგრამა. ჩაიწერება მარჯანიშვილის შემდეგი სიტყვები „დურუჯზე“:

ეს არის ჯგუფი ჩემს გარშემო თავმოყრილი და მაიძულებენ ვაკეთო არა ის, რასაც ჩემი მხატვრული თვალსაზრისი მკარნახობს“… ირკვევა ისიც რომ მარჯანიშვილი ახმეტელს ართმევს მთავარ რეჟისორობას:

სრულუფლებიანი ვარ მარტო მე. დასსა და რეპერტუარს ვადგენ მე. შენ გექნება რამდენიმე დადგმა, მაგრამ როლების დამოუკიდებლად განაწილების ნებას არ გაძლევ. ეს ერთად უნდა გავაკეთოთ.

კარგი ასე იყოს“ – ასეთია ახმეტელის პასუხი. მარჯანიშვილი კი კვლავ ხაზგასმით გაუმეორებს რომ არც მას ენდობა და არც „დურუჯელებს“…

მარჯანიშვილი წავა. ახმეტელი თეატრში რჩება და დიდხანს ელის მარჯანიშვილის დაბრუნებას. მოგვიანებით წერილსაც მისწერს. მარჯანიშვილი არც წაიკითხავს, კონვერტში ისე ჩადებს და უკან გაუგზავნის ახმეტელს.

იმ წერილს, სადაც ახმეტელი წერს: ძვირფასო კოტე, რაც არ უნდა მოხდეს ჩვენს შორის, იცოდე რომ გარდა შენდამი უღრმესი სიყვარულისა და ერთგულებისა, მე გულში არაფერს ვფარავ. მე ვიცი სპეტაკ მეგობრად დარჩენა ბრძოლის დროსაც კი. მე დავიკავე შენი ადგილი მხოლოდ იმ აზრით, რომ ადრე თუ გვიან დაგაბრუნო შენს საყვარელ თეატრში, ოღონდ კი შენ ეს მოისურვე“.

ამ პერიოდში, კოტე მარჯანიშვილი თავის ვაჟს მისწერს წერილს, სადაც ის სიხარულს არ მალავს თეატრი ფლავდებაო, ვერ მალავს ვერც ზიზღს ახმეტელის და მისი თანამოაზრეების მიმართ. იმასაც წერს, ბოლომდე ჩაფლავდნენ და მერე ვნახოთ, შეიძლება დავბრუნდე კიდეცო.

მარჯანიშვილის გარდა, ახმეტელის ჩაფლავებას ალბათ მარჯანიშვილის მოწაფეები – უშანგი ჩხეიძე და თამარ ჭავჭავაძეც ელოდნენ, ან ყოველშემთხვევაში იმას რომ ნაკლებსახელოვან ახმეტელს თავის ნებაზე დაატრიალებდნენ… თამარ ჭავჭავაძეს ხომ უკვე ნათამაშები ჰქონდა ლაურენსია, უშანგი ჩხეიძეს – ჰამლეტი… სასტიკად შეცდნენ.

ახმეტელი დადგამს „რღვევას“, სახელს მოიხვეჭს ახმეტელიც და აკაკი ხორავაც. მარჯანიშვილისტები სიტუაციის შემობრუნებას მოინდომებენ.

თამარ ჭავჭავაძის დაბადების დღეზე, მარჯანიშვილის თანდასწრებით, დაიგეგმება შეთქმულება ახმეტელის წინააღდეგ.

ოთხი არტისტი (დაიმახსოვრეთ ეს რიცხვი) – უშანგი ჩხეიძე, თამარ ჭავჭავაძე, სანდრო ჟოირჟოლიანი, შალვა ღამბაშიძე მთავრობას მისწერენ, მარჯანიშვილი დააბრუნეთ, თორემ თეატრიდან წავალთ, ახმეტელს არასწორი გზით მიჰყავს თეატრიო. ჩვენ ვარჩევთ დავრჩეთ სრულიად უმუშევრად, ვიდრე გავხდეთ მოწმენი ქართული თეატრის დაშლისა და გახრწნისა– წრდნენ ისინი და განზრახული ჰქონდათ თუ ამას ვერ მიაღწევდნენ, თეატრიდან წასულიყვნენ და მარჯანიშვილთან ერთად ახალი თეატრი დაეარსებინათ.

რუსთაველის თეატრს კომისია მიადგა.

მსახიობები ყოველთვის მართლები არიან. ყველა კონფლიქტში რეჟისორია დამნაშავე. ოთხი ეღთის წინააღმდეგ, რაღგაქვთ გამოსაკვლევი, გადაწყვიტეთ.“ – ეტყვის ახმეტელი მათ. შემდეგ კი დეტალურად გაშიფრავს, რატომ ერჩის ოთხეული მას, შალვა ღამბაშიძეს ოტელოს როლს პირდებოდა მარჯანიშვილი და ალბათ ახლაც პირდებაო. (ღამბაშიძე მართლაც ითამაშებს ოტელოს მარჯანიშვილთან), თამარ ჭავჭავაძე თურმე კონკურენტის – მესხიშვილის ქალის თეატრში მოყვანის გამო ჩასდგომია ოპოზიციაში ახმეტელს. ორჯერ უცდია კიდეც წასვლა, მაგრამ გადაუფიქრია, როცა ჯამაგფირი მოუმატეს. უშანგი ჩხეიძემ ის ვერ მოინელა რომ ახმეტელი წინააღდეგი იყო რომ მას ჰამლეტი ეთამაშა, ნიჭი კი აქვს, მაგრამ ჯერ საამისო ტექნიკა არ აქვს, დაიღუპებაო.

თავადვე აღიარებდა, რომ „ჰამლეტმა დაღუპა“, ვერ გამოდიოდა ჰამლეტის გავლენიდან, მაგრამ მაინც მარჯანიშვილისკენ იწევდა – „მარჯანიშვილისგან ის კვლავ მოელის ჰამლეტისნაირ როლებსო“ – ეტყვის კომიაის ახმეტელი. ახმეტელს მსახიობთა თავდასხმისგან ისევ მსახიობები იხსნიან – აკაკი ხორავა, აკაკი ვასაძე, ვასო გოძიაშვილი… ახმეტელი თუ წავა მე თეატრში არ დავრჩები – იტყვის ხორავა, მე უეჭველად ავირჩევდი ახმეტელს, მარჯანიშვილან ვერ ვიმუშავებ“ – იტყვის ვასაძე, ახმეტელის ხელში მსახიობის ტვინიც კი მორაობს… ახმეტელთან ერთად, თეატრიდან მეც წავალ… – იტყვის ვასო გოძიაშვილი…

ახმეტელი დარჩება, ოთხეული წავა, მარჯანიშვილის მეთაურობით შეიქმნება ახალი თეატრი, მაგრამ მარჯანიშვილს 4 წელსაც არ აცლიან, როგორც მეტასტაზები ისე შემოეხვევიან მარჯანიშვილს, კაცს რომელმაც მსოფლიო სტანდარტების თეატრი შექმნა, მუშაობას დაუწუნებენ, კრებებს გაუმართავენ მაშინაც კი როცა ის უმძიმესად იქნება ავად. მარჯანიშვილი მოსკოვს მიაშურებს, არც იქ მოასვენებენ, წერილს წერილზე წერენ, შეურაცხყოფენ, გულს უკლავენ… მერე 4 არტისტი მთავრობას მიადგება, მარჯანიშვილის თეატრში ღრმა კრიზისია, რუსთაველის თეატრთან შეგვაერთეთო. მთავრობაში ახმეტელს დაიბარებენ.

მე განვუცხადე რომ უკან არავის დავიბრუნებ, ვიცოდი ეგენი მარჯანიშვილს რა დღეშიც ჩააგდებდნენ – იტყვის ახმეტელი….

ლამარა

1930 წელს ახმეტელი ხელმეორედ დადგამს „ლამარას“. თუ 1926 წელს მხატვარი ლადო გუდიაშვილი იყო, მას ახლა ახმეტელის დიდი თანამოაზრე, გენიალური ირაკლი გამრეკელი შეცვლის. „ლამარა“ „თეთნულდთან“ და „ლატავრასთან“ ერთად, საბედისწერო როლს ითამაშებს ახმეტელის ბიოგრაფიაში, სწორედ ამ სპექტაკლების გამო შერაცხავენ ახმეტელს ბურჟუაზიულ-ნაციონალისტად.

ყველაფერი ილექება „სუკის“ ბინძურ არქივში… ისიც, ახმეტელს რომ ჰქონდა ერთიანი კავკასიის იდეა, მის შემოქმედებაში რომ იგრძნობოდა კავკასიის ფენომენის როლის წარმოჩენის ტენდენცია. აკი ამისთვის დადგა კიდეც „ანზორი“, აკი გაუწია კიდეც დიდი დახმარება ჩეჩნებს რომ შექმნილიყო გროზნოს თეატრი? აკი, მიავლინა კიდეც ამისთვის გროზნოში არჩილ ჩხრატიშვილი?…

და ისევ  „ლამარა“… ახმეტელი სწორედ „ლამარას“ მიიჩნევს თავის მწვერვალად, სადაც მიაღწია სიტყვისა და პლასტიკის სრულ ჰარმონიას, ფორმის სიზუსტეს, სულის რომანტიკულ ამაღლებას, რაზედაც მუდამ ოცნებობდა.

ერთხელ რეპეტიციაზე სამაიას ცეკვავდნენ, ვერაფრით ვერ აეწყო ცეკვა. ჟინმა მომიარა, ავირბინე და ვაჩვენე როგორ უნდა ეცეკვათ, საერთოდ ასეთი ჩვენების მომხრე არ ვიყავი, მაგრამ რაღაც ძალამ წამომაგდო ადგილიდან მერე ჩავხტი საორკესტროში, ჯოხი გამოვართვი დირიჟორს და ვუდირიჟორე… – დაწერს ახმეტელი…

ახმეტელის „ლამარა“ ერთად იგემებს მხურვალე ტაშს და ბინძურ ლაფს. „ლამარას“ ქართულ რომეო და ჯულიეტად გამოაცხადებენ. უცხოური კრიტიკა შექსპირულ სპექტაკლად მიიჩნევს, „კომუნისტი“ კი დაწერს, ეს რა არის, ნაბიჯია უკან, „ლამარა“ მუშათა კლასს ვერაფერს მისცემსო. აგორდება ტალღა,

„ლამარას“ მოხსნიან რეპერტუარიდან. ახმეტელი დაწერს:

ადამიანი ფიზიკურ დარტყმას უფრო ადვილად გაუძლებს, ვიდრე სულიერს. ასე ნაცემ-ნაგვემი წავედი სახლში. განცხადება დავწერე, თუ ლამარას არ გაუშვებთ, მე თეატრში დამბრუნებელი არა ვარ მეთქი. კომისია გამოიყო. ღმერთო ჩემო! როგორ ვერ ვიტან გაუთავებელ კომისიებს. მათი გაკეთებული სამქე ვის უნახავს. ვინ იცის რამდენი ცოცხალი იდეა მოუკლავთ. რას ვიზამდი დავემორჩილე. თეატრში მივბრუნდი იმ იმედით, რომ კომისიაში წარმოდგენას მომხრეებიც ეყოლებოდა. გასინჯეს წარმოდგებნა, იყო აზრთა სხვადასხვაობა. მაინც შეაჩერეს. ავდექი და აფიშები გამოვაკარი, წარმოდგენა გავუშვი. საყვედური მითხრეს, მაგრამ სპექტაკლი ვეღარ მოხსნეს“….

ახმეტელი გააფთრებით ვაჟკაცურად იცავს „ლამარას“, ბავშივით გაიხარებს როცა ამ სპექტაკლს მოსკოვში გასტროლებისას სტალინი მოუწონებს.

გახარებული ახმეტელი თავის მეგობარს, სანდრო შანშიაშვილს მოსწერს მოსკოვიდან: მთელი ჩვენი მეთოდი მუშაობისა თეატრში აღიარებულია საუკეთესო მეთოდად და ამ მეთოდს უპირისპირებენ სამხატვრო თეატრის, სტანისლავსკის მეთოდს… გუშინწინ ჩვენს წარმოდგენაზე მოვიდნენ ამხანაგები სტალინი და ორჯონიკიძე…

დაწვრილებით უამბობს ყველა დეტალს, იმასაც თუ როგორ გადაიღო სტალინთან ერთად ფოტო, მაგრამ ვერც ეს ფოტო და ვერც ეს ტრიუმფი ვერ წამლობს მის მოკლულ გულს: არა, ჩემო სანდრო, მე ვერ ვგრძნობ ჯერ კიდევ გამარჯვებას. მეტად სასტიკნი იყვნენ საქართველოში ჩემდამი და ძალიან ღრმად ჩაუკლავთ ჩემში რისიმე იმედი…

ახმეტელს გაუთავებლად თავს ესხმოდნენ, ლანძღავდნენ, სთათხავდნენ,

დღეს მათი ვინაობაც კი აღარავის ახსოვს, არა თუ მათი ნაწერები, დრომ თავისი ცოცხი მოუსვა მათ და თან გაიყოლა ისტორიის ურანაში, თან უსახელოდ. თუ სადმე მათი გვარ-სახელი ფიგურირებს, ისევ ახმეტელის წყალობით – როგორც მისი დაუძინებელი ავყია მტრების…

ტრიუმფალური მოსკოვური გასტროლების შემდეგ, აქტიურდება თეატრის საზღვაგარეთ გასტროლების საკითხიც. მაგრამ არ ისვენებს ბერია.

მოხსენებას წერს, რომ ახმეტელი ეწევა ძირგამომთხრელ საქმიანობას, რომ 1924 წლიდან ხელმძღვანელობს ანტისაბჭოთა ორგანიზაცია „დურუჯს“, რომ თეატრის მუშაკები გასტროლების ანტისაბჭოთა მიზნებისთვის გამოყენებას აპირებენ, რომ კავშირს გააბამენ ემიგრაციასთან, დარჩებიან საზღვაგარეთ.

ბერია ჯერ კიდევ 1930 წელს ითხოვს გათავხედებული რეჟისორის პასუხისგებაში მიცემას. იგი იბრძვის ხორავას და ვასაძის წინააღდეგაც, მისი სამიზნე „დურუჯია“, მაგრამ პირველ რიგში ახმეტელი უნდა ჩამოიშოროს გზიდან, უახმეტელოდ ყველას მიხედავს, ყველას მოუგრეხს კისერს…

ახმეტელის ირგვლივ შავბნელი წრე იკვრება. თუმცა, ჯერ დრო აქვს, წინ მთავარი ტრიუმფია – შილერის „ყაჩაღები“…

„ყაჩაღებამდე“ ახმეტელი ერიდებოდა კლასიკის დადგმას. რამდენჯერმე მოსინჯა კიდეც, „მეფე ლირსაც“ მოკიდა ხელი, მაგრამ ბოლომდე არ მიიყვანა. არც თავის თავს თვლიდა საამისოდ მზად და არც დასს. ახლა, კი შილერს მოკიდებს ხელს რომ თეატრის სიჭაბუკის ხანა დაასრულოს და ახალი ეტაპი დაიწყოს. თეთნულდიეს იყო ეტაპი, რომლის საშუალებითაც ჩვენ უნდა მივსულიყავით ყაჩაღებამდედა ეს მიგვიყვანდა ერთ პრინციპამდე, ერთ მთლიან ქართულ თეატრამდე – იტყვის ახმეტელი და მართლაც ახმეტელი მიუახლოვდა თავის ესთეტიკურ იდეალს – შეექმნა ადამიანის სულისა და გულის ძვრაზე აგებული თეატრი. ღრმა აზრის და ემოციის, დიდი სოციალური და პოლიტიკური პლატფორმის ეროვნული პოლიტიკური თეატრი.

სპექტაკლს საფუძვლად დაუდო ქართული ნერვი, რიტმი, გმირების ოჯახური ტრაგედია აიყვანა სახელმწიფოებრივ დონეზე, შილერის პიესას მიანიჭა შექსპირული მასშტაბი. პიესის სახელწოდებამ „ყაჩაღები“ – უკანა პლანზე გადაიწია, წინ წამოვიდა მინაწერი „ტირანების წინააღდეგ“ (ინტირანოს).

სპექტაკლი, რომელშიც გერმანიის ცხოვრებაა ასახული ჟღერდა ჭეშმარიტად ქართულ სპექტაკლად.

ისევ მოსკოვი, ისევ გასტროლები, ფელდმანი ახმეტელს ბობოქარ მხატვრად გამოაცხადებს – მსოფლიოში ცნობილი ტრაგედია გახსნა ახლებურად, სულითა და გრძნობით ქართულად აქცია. – დაწერს ფელდმანი.

ახმეტელის გახელებული თეატრალობა, მისი ძლიერი, ენერგიული, მგზნებარე და უკომპრომისო ბუნება ვლინდებოდა გამრეკელის გამაოგნებელ სცენოგრაფიაშიც. ირაკლი გამრეკელმა ბოჰემიის ტყე სიმბოლურად გამოსახა ვეებერთელა, ფესვებგატოტილ, შავი მუხის ხით, რომელიც უცნაურ ურჩხულს წააგავს. უკან ფორთოხლისფერი ფონი… ამ ხის ტოტებზე, ამ ხის ძირას ჩამოსხდარიყვნენ ყაჩაღები…

დღეს, „ყაჩაღების“ ირაკლი გამრეკლისული მაკეტის, ესკიზების მიხედვით ამერიკაში ასწავლიან მომავალ სცენოგრაფებს…

და მაინც რატომ „ინტირანოს“? რატომ დააწინაურა ახმეტელმა მინაწერი? რომელ ტირანებს გულისხმობდა? ფაშისტებს? იმხანად რომ გაიმარჯვეს გერმანიაში? კი მაგრამ ახმეტელი ხომ ჰიტლერს ხშირად მოიხსენიებდა ნიჭიერ, ჭკვიან პერსონად? ისიც ხომ მიაჩნდა რომ ჰიტლერმა ბევრი რამ ბოლშევიკებისგან გადაიღო, განსაკუთრებით იდეოლოგიურ და ორგანიზაციულ დარგში? აკი ეს დახვრეტის წინაც გაიმეორა სუკში? თუ ბოლშევიკებს და ფაშისტებს ამდენი საერთო ჰქონდათ, რა გამოდის? გამოდის ის რომ ის მხოლოდ გერმანელი ტირანების წინააღდეგ კი არა, ბოლშევიკების ტირანიის წინააღდეგაც გამოდიოდა…

შეუძლებელიც იყო რომ მის შემოქმედებით გენიას არ ეგრძნო, რა სისხლიან კოშმარს დაატრიალებდნენ ბოლშევიკები სულ მალე ქვეყანაში….

ფინალი

გენისოსი მალე უნდა აღესრულოს. პირსისხლიანი ბერია გადამწყვეტი იერიშისთვის ემზადება. საბედისწერო აღმოჩნდება ახმეტელის კონფლიქტი ხორავასთან, რომელიც ბაქოში გასტროლებისას მოხდება 1935 წელს.

საღამოს „ლამარაა“ დანიშნული. ხორავა მეგობრებთან წაიქეიფებს. უმალ ამბავს მიუტანენ ახმეტელს. დღეს უკვე ყველაფერი ალუფხულ-დალუფხულია, ტყუილ-მართალში ვერ გაერკვევი, ახლა კი არა, მაშინვე ძნელი იყო გარკვევა. ხორავამ იქეიფა, მაგრამ გაუვარდა კი ხელიდან ხორავა –იჩოს ხელიდან თამარ წულუკიძე – ლამარა?

ზინაიდა რაიხმა, საშუალო ნიჭის არტისტმა, მთელი თეატრი გადაჰკიდა თავის გენიოს ქმარს ვსევოლდ მეიერჰოლდს.

უნიჭიერესმა ალისა კოონენიმ თავისი გაუთავებელი პრეტენზიებით სიცოცხლე გაუმწარა გენიოს ქმარს ალექსანდრე თაიროვს.

არც თამარ წულუკიძემ დააკლო ხელი გენიალურ ახმეტელს. ყოველდღიურად შხამს აწვეთებდა ახმეტელს ხორავას წინააღდეგ…

არადა, თამარ წულუკიძის გარეშე სიცოცხლე ვერც წარმოედგინა ახმეტელს.

გააფთრებით უყვარდა, მკაცრი და თავნება ახმეტელი საოცრად მორჩილი და ნაზი ხდებოდა თამარ წულუკიძესთან, რაც არ უნდა ეთქვა მას, ყველაფერს სიმართლედ მიიჩნევდა…

ალბათ ასე მოხდა მაშინაც, წულიკიძემ საწადელს მიაღწია, ახმეტელი ხორავას წინააღდეგ განაწყო. ახმეტელმა დისციპლინის დარღვევის გამო ხორავა თეატრიდან გაუშვა. ხორავა არ გაახმაურებს ამ ამბავს. იცის თავის ძმადნაფიცის ხასიათი – გაბრაზება გადაუვლის და დამაბრუნებსო. აკი, უთხრა კიდეც სანდრო შანშიაშვილს  ახმეტელმა, ახლა უნდა დაისაჯოს, სხვებმა რომ არ მიბაძონ და მერე აღვადგენო? სანდრო შანშიაშვილმა გააფრთხილა კიდეც ახმეტელი ხომ იცი ზემოთ იმას ჭირივით ეზარები“. ის ბერიაა. იცის ახმეტელმა და ისიც იცის რატომ ეზიზღება ბერიას არ ველაქუცები და იმიტომ…

მაგრამ ახმეტელმა ჯერ არ იცის, როგორ გამოიყენებს ამ წმინდა თეატრალურ კონფლიქტს ბერია. როგორ ვერაგულად ისარგებლებს ამ კონფლიქტით და როგორ მისცემს მას პოლიტიკურ სახეს… არც სხვები დააკებენ ხელს. აასარსარებენ ენებს…

ხორავას გვერდით მეგობრები დაუდგებიან – თუ ხორავას გაუშვებ ჩვენც წავალთო. მარტო ვასაძის წასვლაც სკანდალი იყო. იგი მარტო სახელმოხვეჭილი არტისტი კი არა, რეჟისორიც იყო, სტუდიის ხელმძღვანელიც.

ულტიმატუმს მიყენებთ? ეს როგორ? შეთქმულებას მიწყობთ?! – იკითხავს ახმეტელი და ვასაძეს მარტო მსახიობად დატოვებს, სტუდიის ხელმძღვანელობიდანაც გაათავისუფლებს და სარეჟისორო კოლეგიიდანაც.

ახმეტელი არ გაუშვებს ვასაძეს თეატრიდან, არადა მას უკვე დაწერილი აქვს განცხადება წასვლაზე. ვასაძე ისევ მოითხოვს, თუ ხორავას არ აბრუნებ, მსახიობობიდანაც გამათავისუფლეო. ახმეტელიც ადგება და გაათავისუფლებს..

ბერიამ კი იცის რაც უნდა ქმას, ადგება და ცეკას გადაწყვეტილებით დაავალებს ახმეტელს მათ თეატრში აღდგენას. იცის მტარვალმა რომ ახმეტელს უარესად გააცეცხლებს ცეკას დადგენილებების ენაზე ლაპარაკი შეუპოვარ ახმეტელს. იცის რომ არ დაემორჩილება, რაც შესანიშნავი საბაბი გახდება მის დასასჯელად. ჰოდა, დაავალებს. სანდრო შანშიაშვილი დღიურში ჩაწერს:

ახმეტელი ამ ბრძანებას არ დაემორჩილა და შეუთვალა: თეატრის შინაურ სამქეებში ნუ ერევით. მე უკეთ ვიცი რა უნდა გავაკეთოო. ერთი სიტყვით არ წაუწვა“.

ბერია მიზანთან ახლოსაა, კომისიას უგზავნის თეატრში. კომისიაც იგივეს ავალებს ახმეტელს. ახმეტელი კვლავ უარს ამბობს. ეს მისი ბოლო გაბრძოლებაა. ყველა სხვადასხვას ჩასძახის, ვეღარა გაუგია რა, ვინ მართალია, ვინ მტყუანი, იცის მხოლოდ ერთი – დათმობდა და აღარ იქნებოდა სანდრო ახმეტელი…

1935 წლის 13 სექტემბერს იგი მოხსნეს….

შავბნელი „სუკის“ არქივებში კი ჩაწერენ:

სანდრო ახმეტელის მოხსნას სამუშაოდან საქართველოს საზოგადოებრიობა უდიდესი კმაყოფილებით შეხვდა. განდიდების მანია, უტიფრობა, ხალხისა და ზოგჯერ ხელმძღვანელი ორგანოებისადმი თავხედური დამიკიდებულება, საბჭოთა ხალხისათვის ბშეიფერებელი დიქტატურა აი, ყოველივე რაც 20 წლის განმავლობაში მეფობდა მის თეატრში“…

20 წელი…. 20 წლის წინ ახმეტელი ჯერაც არ იყო საქართველოში დაბრუნებული, თეატრის ხელმზღვანელობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ…

„პარტიის გადაწყვეტილება ფასდება როგორც ნაციონალისტურ-ფაშისტური ტენდენციების ლეგალური გამოვლენებისადმი დარტყმა“ – ამასაც ჩაწერენ სუკის არქივში. სუკმა ისიც იცის რომ ახმეტელი მოსკოვში შეეცდება რევანშის აღებას და სტალინამდე ხმის მიწვდენას.

იგი აპირებს მოსკოვში ჩასვლას და ჩივილს. თუ გავითავლისწინებთ იმას რომ ეს ნაბიჯი მიმართულია ამხანაგ ბერიას წინააღდეგ. (ამას მიიჩნევს გადამწყვეტი დარტყმის ინიციატორად). ყველაფერი ძალზე კონსპირაცვიულად ტარდება, როგორც ჩანს მიღებული უქნება ყოველი ღონე რათა წერილი გადაეცეს ამხანაგ სტალინს. ან უკიდირეს შემთხვევაში შესაფერის სიტუაციაში რამდენიმე სიტყვით შეეწიოს უცოდველ მსხვერპლს“. ამ მიზნით როგორც ჩანს ახმეტელს მოსკოვში მოღვაწე ქართველი ბოლშევბიკების იმედი აქვს, რომნლებიც ბერიასადმი მტრულად არიან განწყობილნი და ბერიას მიერვე არიან მხილებულნი. რასაკვიორველია, შესაძლოა ამ ამხანაგებს შორის ისეთი ვინმე მოიოპოვებოდეს, რომელიც დაზარალებულისდახმარებას შეეცდება“.

ახმეტელს კი ვეღარაფერი უშველის, ბრალდებების ნიაღვარი გადალეკავს ყველაფერს.

1936 წლის 19 ნოემბერს დააპატიმრებენ. დაიწყება წამების 229 დღე.

1937 წლის 28 ივნისს ახმეტელი სიცოცხლის შენარჩუნებას ითხოვს…

განაჩენი გამოუტანეს – დახვრეტა. განაჩენი სისრულეში მოიყვანეს 1937 წლის 29 ივნისს…

მის დაჭრასა და დახვრეტაში ხალხი აკაკი ხორავას და აკაკი ვასაძეს დაადანასაულებს. მიაბამენ რა ყველაფერს ბაქოს კონფლიქტს, თან იმ დაპირისპირების შემდეგ ხომ ხორავა და ვასაძე აღზევდნენ, ახმეტელი კი… დახვრიტეს… მაგრამ ეს ბრალდება სულს გაუწმაებს აკაკი ხორავას, სიკვდილის წინ მოგონებებსაც დაწერს, მისი ბოლო სიტყვები აგონიის ჯამს იქნება : „მოიცა, საშა, მოვდივარ…“

გავა დრო,  გაიხსნება სუკის არქივები, ახმეტელის შემოქმედების მკვლევარი, ახმეტელის რეაბილტაციისთვის თავდაუზოგავად მებრძოლი, თეატრმცოდნე ვასილ კიკნაძე დეტალურად გაეცნობა ახმეტელის საქმის 11 ტომს და გადაჭრით იტყვის რომ არც აკაკი ხორავას და არც აკაკი ვასაძეს ბრალი არ მიუძღვით ახმეტელის დაჭერასა და დახვრეტაში…

კი, სუკმა მართლაც დაკითხა აკაკი ვასაძე, თან სამჯერ, აკაკი ვასაძემ მოინანია კიდეც მენშევიკობა, 1936 წლამდე ჟორდანიას დაბრუნების იმედი მქონდაო, მაგრამ იგი სუკში პირველად 1937 წლის 4 მასისის დაკითხეს, როცა ახმეტელი უკვე დაჭერილი იყო და მისი ბედი პრაქტიკულად გადაწყვეტილი….

ვასაძის დაკითხვებს აღაფარის შეცვლა აღარ შეეძლოთ ახმეტელის ბედში.

ვასილ კიკნაძის მტკიცებით, ბაქოს კონფლიქტი რომც არ მომხდარიყო,

ახმეტელს მაინც დაიჭერდნენ და დახვრეტდნენ კიდეც. მაგრამ შესაძლოა სწორედ ბაქოს კონფლიქტმა იხსნა ხორავა და ვასაძე ახმეტელის ბედისგან. (ბერია ხომ 1930 წელს შედგენილ დოკუმენტში ხორავასა და ვასაძესაც ამზადებდა დასახვრეტად), ვინც მაშინ ახმეტელის მხარე დაიჭირა ყველა საბრალდებო სკამზე აღმოჩნდა, და თითქმის ყველა გადარჩა, ვინც ახმეტელის მხარე არ დაიჭირა… „იქნებ სული მიჰიყდეს ბერიას, იქნებ არც მიჰყიდეს და რეზერვისტებად შემოინახეს, იქნებ მათი დაშინება იკმარეს დასათრგუნად“ – იკითახვს ვასილ კიკნაძე მათზე ვინც მაშინ სიკვდილს გადაურჩა…

ჩაესვენება ბერიას მზეც, სტალინის მზეც. დაიწყება 37-ში დახვრეტილთა რეაბილიტაციის პროცესი, ახმეტელის ძველი მტრები კი კვლავ გააფთრებით გააგრძელებენ მკვდარი ახმეტელის წინააღდეგ ბრძოლას. განსაკუთრებით ისინი, ვისაც თავის დროზე კონფლიქტი ჰქონდათ დიდ რეჟისორთან. ადრე ცოცხალი გენისოსს ებრძოდნენ და ახლა არ უნდათ გარდაცვლილის გრანდიოზული სახელის ჩრდილქვეშ აღმოჩენა. ისტორია მაინც თავისას იტყვის. ახმეტელი დაბრუნდება. გაწი-გაწევს ყველას და დადგება თავის ადგილას.

მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლამდე მაინც არ მოხდება მისი პოლიტიკური რეაბილიტაცია. ამ დროსაც დაელოდება ახმეტელი და ჩვენი გადასახედიდან უკეთ გამოჩნდება ბევრი რამ – როგორ მოკლეს და ვერც მოკლეს გენიოსი, ვინც ჯიქურად, შეუპოვრად ქმნიდა ქართულ, ეროვნულ თეატრს რუსეთისგან ოკუპირებულ, ბოლშევიკების ტოტალიტარიზმის ზეობის ხანაში.

როგორ მოიტანა მან ეს თეატრი და როგორ ჩაიყოლა თან უცნობ სამარეში.

ეროვნული, გრირულ-რომანტიკული თეატრი, თეატრი რომელიც უახმეტელოდ ნელ-ნელა იმად იქცა რასაც ჯერ კიდევ ჭაბუკობისას ებრძოდა ახმეტელი _ თეატრი ცრუკლასიკური ინტონაციის, თეატრი ფსევდორომატიკული…

%d bloggers like this: