Category Archives: ქართული ოჯახები

ქუთათელაძეების ოჯახი

რეზო შატაკიშვილი

(დაიბეჭდა “საერთო გაზეთში”).

ანზორ და ეკა ქუთათელაძეები

ინტელიგენტურობა, ზომიერება და კეთილშობილება – აი, თვისებები, რაც გამოარჩევდა ანზორ ქუთათელაძეს ქართველ რეჟისორთა შორის…
ეს თვისებები თითქმის პირწმინდად აირეკლა მისი ქალიშვილის – ეკა ქუთათელაძის ხასიათშიც…


ანზორ ქუთათელაძე 1933 წლის 5 იანვარს დაიბადა. ბაბუა – დედის მამა – კოლია ასათიანი ზესტაფონის თეატრის მსახიობი იყო და ამიტომ არავის გაჰკვირვებია, არც მაშინ 13 წლის ანზორმა პიონერთა სასახლის დრამწრეს რომ მიაშურა და არც შემდეგ – 1951 წელს, სკოლის დამთავრებისთანავე რომ თეატრალურ ინსტიტუტს მიაშურა და სარეჟისორო ფაკულტეტზე ჩაირიცხა.
1956 წელი მნიშვნელოვანი იყო ანზორ ქუთათელაძისთვის – შეეძინა ქალიშვილი ეკა… ანზორ ქუთათელაძესა და ლია ლეკიშვილს ერთმანეთი რომ შეუყვარდათ ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობდნენ – ანზორი ვაჟთა, ლია კი – ქალთა სკოლაში. ფარულად ხვდებოდნენ ერთმანეთს. ერთობ უჩვეულო მიმოწერაც ჰქონიათ – ეკა ქუთათელაძე მამის არქივის მოწესრიგებისას გადააწყდა ამ წერილებს. ანზორი ლიას სწერდა წერილებს, მაგრამ თავის გვარსა და სახელს კი არ აწერდა, აწერდა „შენი ლამარა“, „შენი თინა“… ლია მიიღებდა წერილს და ხვდებოდა, ვინც იყო „ლამარა“… როცა შეუღლდნენ, ანზორი თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტი იყო, ლია – სამედიცინო ინსტიტუტის…
1956 წელს ანზორ ქუთათელაძემ თეატრალური ინსტიტუტი დაამთავრა – სადიპლომო სპექტაკლი სოხუმის თეატრში დადგა – რეზო თაბუკაშვილის „რას იტყვის ხალხი“.
„სოხუმის ქართულ თეატრში სადიპლომო სპექტაკლის დასადგმელად სრულიად ახალგაზრდა, ელეგანტური შესახედაობის ვაჟი ჩამოვიდა. დადგა სპექტაკლი და წავიდა… წავიდა, მაგრამ წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა, როგორც ნიჭიერმა, პერსპექტიულმა შემოქმედმა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო მისი ადამიანური თვისებები და აი, რვა წლის შემდეგ ეს კაცი თეატრში მოვიდა უკვე როგორც მთავარი რეჟისორი…“ –  იხსენებდა ვიქტორ ნინიძე.
ის რვა წელი კი ანზორ ქუთათელაძე მარჯანიშვილის თეატრში მოღვაწეობდა.
მარჯანიშვილის თეატრში ანზორ ქუთათელაძის დებიუტიც 1956 წელს შედგა…
23 წლის ახალგაზრდა რეჟისორი მარჯანიშვილის თეატრში ტიტანების გარემოცვაში აღმოჩნდა. მარჯანიშვილის სცენაზე მისი დებიუტი გურამ მაცხონაშვილთან ერთად დადგმული „სამი ბულბულის ქუჩა #17“ იყო. დებიუტანტი რეჟისორების სპექტაკლში სცენის აღიარებული ოსტატები იყვნენ დაკავებული – აკაკი კვანტალიანი, მარინე თბილელი, ელენე ყიფშიძე…

მარინა თბილელი

მარინა თბილელის მოგონებიდან: „ჩემთვის სპექტაკლი „სამი ბულბულის ქუჩა #17“ არაჩვეულებრივი იყო და აი რატომ! სპექტაკლი დადგეს დებიუტანტმა რეჟისორებმა ანზორ ქუთათელაძემ და გურამ მაცხონაშვილმა. ისინი საოცარი გატაცებით მუშაობდნენ. სარეპეტიციო დარბაზში მხიარული ატმოსფერო სუფევდა. ჩვენც ვცდილობდით, ავყოლოდით ახალგაზრდა რეჟისორების მჩქეფარე ფანტაზიას. რეჟისორებმა მოიწვიეს საფრანგეთიდან ახლად ჩამოსული ქორეოგრაფი გულბაათ დავითაშვილი – სარეპეტიციო დარბაზში აჟღერდა უცხოური თანამედროვე მუსიკა. ქორეოგრაფმა დადგა იმ დროისათვის მეტად მოდური ცეკვა „ბუგი-ბუგი“, რომელსაც მე და მერაბ თაბუკაშვილი დიდი აზარტით ვასრულებდით. ეს ეპიზოდი ყოველთვის ტაშის გრიალში მიდიოდა.
სპექტაკლი იწყებოდა მსუბუქი, მხიარული რიტმით. აკაკი კვანტალიანის ენერგიული ნაბიჯით შემოსვლა საწინადარი ხდებოდა სპექტაკლის მთლიანი განწყობილებისა. სცენაზე იდგა პირობითი დეკორაცია – მშენებარე ბინა ხარაჩოებში, რომლის ბინადარნი მთელი ღამე ყარაულობდნენ ნაჯახებით შეიარაღებულნი, რომ ახალი მოსახლე არ შემოესახლებინათ. მე –  ლულა –  ჩამოვდიოდი დეიდა პოლისთან სტუმრად, რომელსაც ფუმფულა და კეთილი გენრიეტა ლეჟავა თამაშობდა. მოდურად მეცვა, მოკლე მოტკეცილ შავ კაბაზე მწვანეფოთლებიანი დიდი სტაფილო მქონდა მიხატული, თავზე მედო ტაფასავით ქუდი დიდი ფრთით. დეიდასთვის საჩუქრად ჩამომყავდა თხა. მსახიობებს ეს თხა ძალიან შეგვეჩვია. ყველას გვცნობდა. სპექტაკლის დასასრულს აკაკი კვანტალიანი თხას რქაში ხელს წაავლებდა, ავანსცენაზე მიჰყავდა და მაყურებლისთვის მადლობას ახდევინებდა, ეს პროცესი თხასაც უყვარდა და თავს აქიცინებდა, ტაშს აყოლებდა… სიცოცხლით სავსე სპექტაკლი იყო, მსახიობებიც დიდი სიამოვნებით ვთამაშობდით. მთელი საქართველო მოვიარეთ ამ სპექტაკლით, ყველგან უდიდესი წარმატება ჰქონდა…“

1959 წელს ანზორ ქუთათელაძემ გურამ მაცხონაშვილთან ერთად მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე „შავთვალა გოგონა“ დადგა, „შავთვალა გოგონას“ „ჩარლის დეიდა“ მოჰყვა. შემდეგ კი, 1962 წელს დადგა „ბაფთიანი გოგონა“ –  სპექტაკლი, რომელშიც განსახიერებულ როლს – ჰარას – სოფიკო ჭიაურელი თავის არტისტულ პასპორტად მიიჩნევდა…

„რეჟისორი ანზორ ქუთათელაძე და მხატვარი ოთარ ლითანიშვილი დასაწყისშივე ქმნიან სპექტაკლის პლასტიკურ ხატს. სცენაზე თითქოს ძალიან შორიდან დანახული დედამიწის სფეროს გლუვი ნახევარია, რომელზედაც ერთადერთი შიშველი ხის ელასტიური, გადაზნექილი ტანია აღმართული. იგი თითქოს სივრცეებში – უღრუბლო ბერძნული ცისკენ ლამობს გაფრენას“, –  წერდა ნოდარ გურაბანიძე.

სოფიკო ჭიაურელი

„თითქოს გუშინ იყო ის დაუვიწყარი დღეები, თეთრად ნათევი ღამეები, როდესაც ჩვენ „ბაფთიან გოგონაზე“ ვმუშაობდით. ჩვენს სპექტაკლს წინ უძღვოდა ევრიპიდეს „მედეა“ ბატონ არჩილ ჩხარტიშვილის დადგმით და ვერიკოს მონაწილეობით. ეს მართლაც შესანიშნავი სპექტაკლი მაყურებელმა ზარ-ზეიმით მიიღო, ეს იყო მარჯანიშვილის თეატრის და მთელი დასის დიდი გამარჯვება. და აი, რიგშია ჩვენი „გოგონა“. შენ სრულიად ახალგაზრდა რეჯისორი, მე ახალბედა მსახიობი და მახსოვს, რომ თეატრში არავის სჯეროდა (ალბათ ჩვენს გარდა), რომ გამოვიდოდა კარგი წარმოდგენა და წარმოდგენა გამოვიდა, გამოვიდა უპირველეს ყოვლისა შენი პოეტური ბუნების, შენი თავდავიწყების, შენი ტალანტის გამო… არც მანამდე და არც მას შემდეგ, არასოდეს მქონია ის საოცარი შეგრძნება, რომელიც დამეუფლა „ბაფთიანი გოგონას“ პრემიერის დღეს, წარმოდგენის დღეს მე ვიგრძენი სრული შერწყმა მაყურებელთან…“ –  ასე გაიხსენებს სოფიკო ჭიაურელი იმ წლებს მოგვიანებით, როცა რეჟისორს დაბადებიდან 60 წელი შეუსრულდება…
„ბაფთიან გოგონას“ დიდი წარმატება ხვდა მოსკოვსა და რიგაში გასტროლებისას. ჟურნალი „თეატრი“ წერდა:
„ქორწილის სცენა ერთ-ერთი საუკეთესოა სპექტაკლში. დადგმულია იგი თითქოსდა ვახტანგოვისეული, არა, უფრო ზუსტად, მარჯანიშვილისეული ხერხით. თავისი მღელვარე რიტმით და ნათლად აღსაქმელი მეორე პლანით, იგი დრამატულიცაა და თითქოსდა სასაცილოც… მხიარულიც, მაგრამ ღრმად ჩამალული, სევდიანი ინტონაციების მქონეც… „ბაფთიანი გოგონას“ ტრაგიკული ფინალი თავისი სახიერი გადაწყვეტით თამამად შეიძლება თეატრალური ხელოვნების ბოლო წლების ყველაზე საუკეთესო მიღწევათა გვერდით დავაყენოთ“…

ანზორ ქუთათელაძემ 1963 წელს „უსახელო ვარსკვლავი“ დადგა, 1964 წელს კი „ჯარისკაცის ქვრივი“, სადაც ჯარისკაცის ქვრივს –  ხათუნას დოდო ჭიჭინაძე ანსახიერებდა…
1964 წელსვე ანზორ ქუთათელაძე სოხუმის ქართულ თეატრში გადაიყვანეს მთავარ რეჟისორად. სწორედ იქ დადგა სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“ და სწორედ ამ სპექტაკლში გამოვიდა პირველად სცენაზე ანზორ ქუთათელაძის ქალიშვილი – ეკა ქუთათელაძე.

ეკა ქუთათელაძე

ეკა მაშინ მხოლოდ ათი წლის იყო. მაშინ იქ, სოხუმში ბებიასთან ისვენებდა.
ეკას ბაბუას – კოტე ქუთათელაძეს, ჯანმრთელობის შერყევის შემდეგ, ექიმებმა ურჩიეს თბილისიდან საცხოვრებლად ზღვისპირას გადასულიყო. ეკას ბებია-ბაბუა სოხუმში გადავიდნენ საცხოვრებლად. ეკას ბებია –  ნორა ასათიანი სოხუმის თეატრალური საზოგადოების დასასვენებელ სახლს ხელმძღვანელობდა. ეკა ყოველ ზაფხულს ბებიასთან ატარებდა და იმ წელსაც იქ იყო…
მამიკომ ჰკითხა –  გინდა სცენაზე გამოხვიდე?
როგორ არ უნდა? ამას კითხვა უნდა?
პირველ რეპეტიციაზე დიდის ამბით წავიდა. ხუმრობა ხომ არაა, ანტიგონეს თამაშობს. ცხადია, ყველას იცნობდა თეატრში, ყველა სიყვარულით შეეგება, პრემიერაზე დიდი თაიგულიც მიართვეს, ის კი ადგა და ყველას ჩამოურიგა ყვავილები…
მერე სოხუმის თეატრთან ერთად გასტროლებზეც წავიდა ოდესაში, თანაც გემით. მსახიობები გემის ერთ-ერთ სალონში უკრავდნენ, ერთობოდნენ, პატარა ეკამ ვერ მოითმინა და…

ეკა ქუთათელაძე – კადრი ფილიმიდან "მევლუდი"

ეკა ქუთათელაძე: „ყველამ იცოდა ჩემი ზღვარგადასული სიყვარული ცეკვისადმი, იმ სალონში მეც შევიჭყიტე, მუსიკის ხმაზე ავცმუკდი, ბოლოს ვეღარ მოვითმინე, წამოვხტი და ბოშურის ცეკვა დავიწყე, გრძელი თმა მქონდა ხვეული, გავიშალე ეს თმა და ამ ცეკვა-თამაშში შეგროვდა უცხო ხალხი, ისე ამაყად გამოვედი იქიდან, თითქოს მთელი ცხოვრება სცენაზე მქონდა გატარებული“.
ცეკვა მართლაც ძალიან უყვარდა, ის კი არა ბალერინობაზეც ოცნებობდა…
„7-8 წლის ვიქნებოდი, მამამ ოპერაში წამიყვანა, ჭაბუკიანი ადიოდა კიბეებზე. მამამ გაუმხილა –  ეკას ძალიან უნდა ბალერინობაო. ცეკვის ჯადოქარმა შემომხედა –  კი, კი ძალიან კარგი იქნება, ოღონდ ცოტა ნაკლები უნდა ჭამოს და გახდესო. ეს ჩემთვის ძალზე რთული იყო, ასე გამოვემშვიდობე ნალოლიავებ ოცნებას… მერე მამამ ქართული ცეკვის ანსამბლში მიმიყვანა. უნდა გენახათ, მუსიკის ხმაზე რა ამაყად მოვემზადე საცეკვაოდ, მეგონა, რომ აი, ახლავე ჩამოვუვლი და ვიცეკვებ მეთქი. თურმე რამდენი შრომა და წვალება ყოფილა საჭირო…“
ეკა 47-ე სკოლაში სწავლობდა, დადიოდა ლიტერატურულ წრეზე, სადაც სპექტაკლებსაც დგამდნენ, სწორედ იქ ითამაშა მომავალმა მსახიობმა ეკამ –  ეკატერინე ჭავჭავაძე „ბარათაშვილში“… ოცნებობდა მსახიობობაზე, მაგრამ უფროს კლასებში ცოტა შეშინდა კიდეც –  მსახიობის ცხოვრების დაძაბულმა რიტმმა შეაშინა –  რეპეტიციები, სპექტაკლები… გადაწყვიტა, მხატვარი გამოსულიყო, მაგრამ მარჯანიშვილის თეატრის ტრიუმფულმა გასტროლებმა მოსკოვში გეგმები შეუცვალა –  როგორც მაყურებელმა ირწმუნა თეატრის სასწაულებრივი ძალა და მსახიობობის ჭიას, რომელიც მოსვენებას არ აძლევდა –  გასაქანი მისცა და საბოლოოდ გადაწყვიტა, მსახიობი გამოსულიყო.

ბატონ ანზორს არაფრით სურდა, მისი ქალიშვილი მსახიობი გამოსულიყო, მაგრამ ვერაფრით გადაათქმევინა. ვერ გადაათქმევინა და განზე გადგა, დაემუქრა, არ მოგეხმარებიო, ის კი არა, იმის თქმაც კი აუკრძალა, რომ მისი შვილი იყო. არადა, თქმა რად უნდოდა, ისედაც ყველა იცნობდა – კომისიაში – ეთერ გუგუშვილი, დოდო ალექსიძე და მამის სხვა მეგობრები ისხდნენ.
„დოდო ალექსიძე მეკითხება – თქვენ გოგონა ვისი შვილი ხართ? – თქვენ არ იცნობთ მეთქი – ეშმაკურად დავიძვრინე თავი. გაეცინათ. ტურის წინ ფეხი გადამიბრუნდა, ძლივს დავდიოდი, მაგრამ მაინც მივედი. მომცეს ეტიუდი, ვითომ ცეკვის პირველი გაკვეთილია, მოდის ჩემთან ბიჭი და ცეკვის დროს მიხსნის სიყვარულს. მაშინ აბიტურიენტებს სტუდენტები ეხმარებოდნენ ეტიუდის მომზადებაში, მახსოვს ალეკო მახარობლიშვილი „გამომიყვეს“. ცეკვა უნდა მესწავლებინა. ბოლოს, მე შენ მიყვარხარო – შეთანხმებისამებრ მითხრა ალეკომ. ჩემი რეაქცია არ დამავიწყდება –  პირველად გხედავ, რა სიყვარული აგიტყდა?! ისე ბუნებრივად გამომივიდა, ყველას სიცილი აუტყდა…“
ეკა ქუთათელაძე თეატრალურ ინსტიტუტში ჩაირიცხა –  გიზო ჟორდანიას ჯგუფში. სწორედ ინსტიტუტში ეწვია სიყვარული.
შემდეგ ამ გრძნობას დაარქმევს –  ნამდვილ სიყვარულს. მანამდე კი ეგონა, რომ ადრეც უყვარდა…
“ბავშვობაში მეგონა, რომ ყველა მიყვარდა და ყველას ვუყვარდი. კი, ვუყვარდი… ვუყვარდი… ბევრს… ერთი ჩემი თანაკლასელი ბიჭი გრძნობებს ასე გამოხატავდა – თმას მაწიწკნიდა. სახლში აღშფოთებული მოვდიოდი, რა გამიჭირა საქმე-მეთქი. ერთხელაც, მწყერი მომიყვანა პარკში ჩასმული. სასხვათაშორისოდ მითხრა _ ეს შენო… პარკში რაღაც ფხაჭუნობდა, შემეშინდა, გავხსენი –  ერთი ციცქნა მწყერი იყო. იატაკზე ისე საცოდავად დარბოდა… მერე კატამ შემიჭამა, ძალიან განვიცადე…
ჩემი მეუღლე ვაჟა მინდიაშვილი პირველ კურსზევე გავიცანი. მე ბატონ გიზოსთან ვსწავლობდი, ის – რეზო მირცხულავასთან. თავიდან მეგობრები ვიყავით. იანვარში გამოცდები რომ დაიწყო, ერთად ვმეცადინეობდით. ერთხელ, ჩვენთან ვმეცადინეობდით, მამაჩემი და კოტე მახარაძე მოვიდნენ. დედაჩემმა, მახსოვს, გამოაცხო ნამცხვარი „მაკოცე“. ოთახში ნამცხვარი რომ შემოვიტანე, ჯერ მამას მივაწოდე, მერე ბატონ კოტეს, ვაჟას კი ეშმაკურად შევეკითხე: ვაჟა, „მაკოცე“ არ გინდა-მეთქი? ვაჟას ჩემს კითხვაზე ისე შერცხვა და დაიბნა, რომ აღარ იცოდა, სად წასულიყო… სიყვარული ზამთარშივე ამიხსნა. მახსოვს, იანვარში ხელსახოცში გახვეული მარწყვები მომიტანა და სიყვარულიც მაშინ ამიხსნა, 8 მარტს კი მომიტაცა… მე წავიყვანე 8 მარტს ჩემს თანაკლასელებთან ქეიფზე, იქიდან რომ წამოვედით, თავის მამიდაშვილთან წასვლა შემომთავაზა, რაღაც ვიეჭვე, მანქანაში არ ჩავუჯექი, ავტობუსით წავედით..“
ეკა ბედისწერას ვერც ავტობუსით გაექცა – მივიდნენ სტუმრად, მოილხინეს, გვიანღა შენიშნა ეკამ, საათი სულ ერთსა და იმავე დროს რომ აჩვენებდა… შინ წასვლა რომ დააპირა, უკვე ღამის პირველი საათი იყო, ვაჟამ აღარ გამოუშვა, აღარც ეკას გაუგიჟებია თავი… მერე? მერე იყო 300-კაციანი ქორწილი – კოტე მახარაძის თამადობით… ეკა მაისში გახდა 17 წლის, ვაჟა კი – 18-ის…

ეკა ქუთათელაძე და ვაჟა მინდიაშვილი

ვაჟა მინდიაშვილი ათი წელი რუსთავის თეატრში მუშაობდა, არაერთი როლი განასახიერა, შემდეგ რუსთაველის თეატრში გადმოვიდა… შემდეგ კი მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ეკას თავიდან არ მოეწონა, შემდეგ კი გვერდით დაუდგა… ვაჟა მინდიაშვილი 9 აპრილის ტრაგედიის უშუალო მონაწილე იყო. სწორედ იმ ღამეს შეხედა ცხოვრებას სხვა თვალით, შემდეგ ჩააბარა სასულიერო აკადემიაში, მღვდლად ეკურთხა _ მამა ნიკოლოზი გახდა.  რამდენიმე წლის შემდეგ, სწორედ 9 აპრილს რუსი ჯარისკაცისგან ზურგში მოხვედრილი ნიჩაბი გახდა საბოლოოდ მისი გარდაცვალების მიზეზი – ნიჩაბმა ხერხემალი დაუზიანა… გარდაცვალებამდე ხერხემალზე სამჯერ გაუკეთეს ოპერაცია…  ეკამ და მამა ნიკოლოზმა (ერისკოცობაში ვაჟა მინდიაშვილმა) ერთად 30 წელი იცხოვრეს, მამა ნიკოლოზი 6 წელია, რაც გარდაიცვალა… ეკას დღემდე ახსოვს და არც არასოდეს დაავიწყდება, როგორ ახვედრებდა დილით სასთუმალთან პატარა წაკამათებების შემდეგ ეკასთვის ასე საყვარელ თეთრ ვარდებს…

ეკა ქუთათელაძე და ვაჟა მინდიაშვილი შვილებთან – აჩიკოსთან და ნატოსთან ერთად

 

მამა-შვილი რუსთავის თეატრში

ანზორ ქუთათელაძემ სოხუმის თეატრში სამი სეზონი დაჰყო, დადგა „ოთარაანთ ქვრივი“, ედუარდო დე ფილიპოს „აჩრდილები“ ოთარ ჩხეიძის „ძველი რომანსები“, გ. ბერძენიშვილის „მთაში ნათქვამი“, სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“… სოხუმში მუშაობისას სოხუმში სამუშაოდ მიიწვია იმ დროს უთეატროდ დარჩენილი დიდი მსახიობები ნინო ლაფაჩი და თამარ ჭავჭავაძე…
შემდეგ კვლავ მარჯანიშვილის თეატრს დაუბრუნდა. დადგა „ყარამან ყანთელაძე“, „მოსამართლე“… 1975 წლიდან კი რუსთავის თეატრის დირექტორი და მთავარი რეჟისორი გახდა. იმ დროს რუსთავის თეატრი მართლაც მძიმე მდგომარეობაში იყო – მარჯანიშვილის თეატრიდან წასული მსახიობები – ვინც რუსთავში გაჰყვა გიგა ლორთიქიფანიძეს ახალი თეატრის დასაარსებლად, იმ პერიოდისთვის უკან – მარჯანიშვილის თეატრში იყვნენ უკვე დაბრუნებული. ახალგაზრდა თეატრი ყოფნა-არყოფნის პირას იდგა. ანზორ ქუთათელაძემ თეატრი ახალბედა მსახიობების მიზიდვით გადაარჩინა –  რუსთავის თეატრში მიიწვია თეატრალურ ინსტიტუტის ახლად კურსდამთავრებულები. მათ შორის იყო რეზო ჩხიკვიშვილი და თავად რეჟისორის ქალიშვილი –  ეკა ქუთათელაძე…
სწორედ რეზო ჩხიკვიშვილი და ეკა ქუთათელაძე ითამაშებენ რუსთავის თეატრის სახელგავარდნილ სპექტაკლში – „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“…
ნინიკო ლაშა თაბუკაშვილის პიესაში „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“ –  ეკასთვის სულ მეორე როლი იყო რუსთავის თეატრში.
სპექტაკლის რეჟისორი –  მიშა ბუკია და მთავარი როლების შემსრულებლები –  რეზო ჩხიკვიშვილი და ეკა ქუთათელაძე სულ 21-21 წლისანი იყვნენ…

რეზო ჩხიკვიშვილი და ეკა ქუთათელაძე, სცენა სპექტაკლიდან "დარაბებს მიღმა გაზაფხულია"

ეკა ქუთათელაძე: „საოცარი ენთუზიაზმით ვმუშაობდით. 9 თვე ვწვალობდით, ვჩხირკედელაობდით. ბოლოს საჩვენებელი რეპეტიცია გავმართეთ ლაშა თაბუკაშვილისთვის. მაშინ სპექტაკლი სხვანაირად იწყებოდა – კოკას უკვე გავლილი აქვს ყველაფერი, ზის და იხსენებს, რაც გადახდა თავს. ბინდბუნდი იყო, მე შემოვდიოდი როგორც აჩრდილი –  ეტყობა, რაღაც საშინელება იყო, ლაშამ თავს ძალა დაატანა, სპექტაკლის ბოლომდე, როგორც იქნა, გაძლო და დამთავრებისთანავე გავარდა –  თავი დამანებეთ, ეს არ არის ჩემი პიესაო. მართლაც ასე იყო, რაღაცები ამოვიღეთ, მივჭერ-მოვჭერით, შემდეგ ჩავამატეთ კიდეც. ეს სიურპრიზი ლაშას დიდად არ მოეწონა, გაგვებუტა. შემდეგ შემორიგებაზე ვზრუნავდით. მაშინ სამხატვრო ხელმძღვანელი მამა იყო, ლაშას სთხოვა, ერთი კვირა აცალე, მერე მიდი და ნახე, რას გააკეთებენო… ერთი კვირაც გავიდა და ლაშა თაბუკაშვილი აღტაცებული დარჩა…“

სპექტაკლს არნახული წარმატება ხვდა წილად. თბილისდან კვლავ დაიძრა მაყურებელთა ლეგიონები რუსთავისკენ… სპექტაკლი იქცა დიდ მოვლენად.
აგორდა ჭორების კორიანტელიც…
ეკა ქუთათელაძე:
„მეორე ბავშვზე ვიყავი ფეხმძიმედ, უკვე შინ ვიყავი, გარეთ აღარ გავდიოდი, ჩემი მული მოვიდა და სიცილით კვდებოდა –  ახალი ჭორი გავიგე, თურმე შენ და რეზო სოჭის მატარებელს გაჰყოლიხართ ჩუმადო. ჩემი თანდასწრებით ყვებოდა ვიღაცა ქალი, თან მარწმუნებდა, მე თვითონ ვნახე სადგურშიო… ჩვენი სიყვარული სცენაზე რჩებოდა, ცხოვრებაში კი ძალიან კარგი მეგობრები ვიყავით…“

ანზორ ქუთათელაძემ რუსთავის თეატრში მოღვაწეობისას არაერთი სპექტაკლი დადგა. ყველაზე წარმატებული ჩეხოვის „თოლია“ აღმოჩნდა.
საგულისხმოა, რომ სწორედ მან დადგა ქართულ სცენაზე პირველად ჩეხოვის „თოლია“.
სპექტაკლში არკადინას ლეილა შოთაძე თამაშობდა, ტრეპლიევს –  რეზო ჩხიკვიშვილი, ნინა ზარეჩნაიას – ეკა ქუთათელაძე…

ეკა ქუთათელაძე, სცენა სპექტაკლიდან "თოლია"

მოსკოვში გასტროლებისას სპექტაკლს დიდი წარმატება ხვდა წილად.
„სპექტაკლი „თოლია“ სრულად პასუხობს ავტორის ჩანაფიქრს და ეს დადგმა თეატრის ჭეშმარიტი წარმატებაა“ (მარი სტრუევა).
„როდესაც „თოლია“ ვნახე, მე გამაოგნა მსახიობთა ინდივიდუალობამ… ყოველი მათგანი მოსკოვის ნებისმიერ თეატრს დაამშვენებდა..“ (ანდრეი დუნევი).
„ჩეხოვის პიესის არჩევისას, ანზორ ქუთათელაძეს არ განუზრახავს უარი ეთქვა იმაზე, რაც ქართული სცენის არსს წარმოადგენს. მან დადგა რომანტიკული სპექტაკლი, რომელშიც ჩეხოვის ტექსტი, გაჟღენთილი უიშვიათესი სურნელით, ქართულად ჟღერს, როგორც კეთილშობილებით აღსავსე პოეზია, სადაც ყველა ილტვის მოსწყდეს მიწას, რათა ერთი წამით მაინც შეიგრძნოს ტრეპლევისეული შთაგონება და აღმაფრენა…“ (სვეტლანა ოვჩინნიკოვა).
„ანზორ ქუთათელაძემ თითქოსდა შემოგვთავაზა –  შეგვეჩერებინა ახალმოდური სცენური ხერხების უსასრულო დემონსტრაცია და მეხსიერებაში აღგვედგინა სრულიად სხვაგვარი თეატრი –  დინჯი, საზრიანი, უხმაურო, ჩეხოვისეული!“ (ვიქტორ პოტაპოვი)…
ანზორ ქუთათელაძე სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა კულტურის სამინისტროში –  თეატრების სამმართველოს უფროსად. 1988-2000 წლებში იყო თეატრის მოღვაწეთა კავშირის პირველი მდივანი. ჯერ კიდევ 70-იანი წლებიდან გარდაცვალებამდე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თეატრალურ ინსტიტუტში, მსახიობების არაერთი თაობა გამოზარდა…
გარდაიცვალა 2002 წელს… მისი მეუღლე –  ლია ლეკიშვილი მეუღლის გარდაცვალებიდან ორ წელიწადში გარდაიცვალა… დარჩათ ორი ქალიშვილი –  მსახიობი ეკა ქუთათელაძე და კინომცოდნე თეონა ქუთათელაძე…

დახურული დარაბები

ეკა ქუთათელაძემ არნახული, თავბრუდამხვევი წარმატებით დაიწყო სამსახიობო კარიერა, მაგრამ… მისთვის ორჯერ დაიხურა სცენის დარაბები…
ჰქონდა 12-წლიანი პაუზა… შემდეგ ელექტრა ითამაშა… მას მერე კიდევ გავიდა 12 წელი… ჟამიდან ჟამზე იყო კინოროლები (ოცამდე ფილმშია გადაღებული), ბოლოს მაყურებელმა ლევან კოღუაშვილის „ქუჩის დღეებში“ იხილა. ასევე ტელესერიალში „ჟამი ყვავილობისა“.
დღეს ეკა ქუთათელაძე სასცენო მეტყველებას ასწავლის მომავალ მსახიობებს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში. ასევე მუშაობს უნარშეზღუდულ ბავშვებთან…

ეკა ქუთათელაძე, კადრი ფილმიდან "წინამორბედი", 1988 წ.

ეკა ქუთათელაძე, კადრი ფილიმიდან "წინამორბედი", 1988 წ.

ეკა ქუთათელაძე, კადრი ფილმიდან "ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი". 1989წ.

კადრი ფილმიდან "ჟამი მოქცევისა", 1982 წ.

კადრი ფილმიდან "მევლუდი", 1985 წ.

კადრი ფილმიდან "მევლუდი", 1985 წ.

კადრი ფილმიდან "მევლუდი", 1985 წ.

სცენა სპექტაკლიდან "შემოსავლიანი ადგილი"

ეკას შვილები და შვილიშვილები

ეკა ქუთათელაძეს სამი შვილი და ექვსი შვილიშვილი ჰყავს.უფროსი გოგონანატო მინდიაშვილი მხატვარია. სამი შვილის დედაა, ახლა მეოთხე ბავშვს ელოდება. ნატოს მეუღლეფეხსაცმლის ცნობილი დიზაინერი ირაკლი ბოჭორიშვილია. ეკას შუათანა ვაჟიარჩილ მინდიაშვილი განათლებით აღმოსავლეთმცოდნეა, არაბული ენის და არაბული ქვეყნების ისტორიის სპეციალისტია, ეგვიპტეში დაამთავრა უნივერსიტეტი, მაგრამ დღეს თავის სპეციალობით არ მუშაობს –  „ბიპისთანამშრომელია. არჩილის მეუღლეთეა ლეჟავა განათლებით ჟურნალისტია, ამჟამადპროკრედიტბანკშიმუშაობს მარკეტინგის სპეციალისტად. ჰყავთ სამი შვილი. უფროსი გოგონაეკატერინეპროკრედიტბანკისსახეაგადაღებულია ოთარ იოსელიანის ბოლო ფილმშიც...

ეკა შვილებთან ერთად

ეკა ქუთათელაძე ვაჟებთან და რძალთან ერთად

ეკა ქუთათელაძე შვილიშვილებთან ერთად

ეკა ქუთათელაძე შვილიშვილებთან ერთად

ეკა ქუთათელაძის უმცროსი ვაჟი – ალექსანდრე, ანუ სანდრო სულ პატარა, ხუთიოდე წლის ბიჭუნა იყო, ეკა ქუთათელაძესთან ინტერვიუზე მისულმა რომ გავიცანი. არ ეზარებოდა სტუმრებისთვის მონოსპექტაკლების ჩატარება, თუ ძალიან მოეწონებოდი, მალაყებსაც გადავიდოდა, მასპინძლობაც კაცური იცოდა, თავისი „საწყობი“ ჰქონდა და სასურველ სტუმრებს გადანახული პროდუქტით უმასპინძლდებოდა… დღეს კი უკვე რაგბისტია. თამაშობდა „ყოჩებში“. ერთი წელია, სამხრეთ აფრიკაში, ქალაქ დურბანში სწავლობს რაგბის აკადემიაში –  შარქსის აკადემიაში. გადაღებულია ლევან კოღუაშვილის „ქუჩის დღეებში“, ასევე ოთარ იოსელიანის ბოლო ფილმში…

სანდრო მინდიაშვილი

სანდროს დაბადების დღე სამხრეთ აფრიკაში

დედა–შვილი: ეკა ქუთათელაძე და სანდრო მინდიაშვილი


თბილი და ელვარე არტისტის – მარინა თბილელის ოჯახი

რეზო შატაკიშვილი

(დაიბეჭდა “საერთო გაზეთში”).

მარინა თბილელი ამართლებდა თავის სცენურ ფსევდონიმს – „თბილელს“. იყო თბილი და ელვარე არტისტი და… ახლაც აგრძელებს სცენურ სციცოცხლეს – თავის ქალიშვილში – ბაია დვალიშვილის სცენურ ცხოვრებაში… ასე ეწადა და ახდა კიდეც მისი ოცნება…

მარინე თბილელი 1920 წელს დაიბადა თელავში. მარინეს დედის პირველი მეუღლე თბილისელი პოლონელი დამბროვსკი იყო. დამბროვსკის აფთიაქი ჰქონდა წითელწყაროში, იქ ცხოვრობდნენ, მაშინ შეეძინა მარინეს დედას მარინეს უფროსი და-ძმა, შემდეგ მეუღლე გარდაეცვალა, შემდეგ მეორედ გათხოვდა –  თურქეთიდან გადმოსულ სომეხ ექიმზე – კარაპეტიანზე, სწორედ მისგან შეეძინა მარინე, მაგრამ მარინე, უფროსი და-ძმის მსგავსად, დამბროვსკაიას გვარს ატარებდა…
ახტაჯანა მარინე, ჯოხის ცხენით რომ დააჭენებდა თელავიდან ნადიკვარამდე, ერეკლეს სასახლის ქონგურებს რომ ცვეთდა გარშემო სირბილით, სკოლაში ბეჯითად სწავლობდა, ცეკვავდა, მღეროდა, ლექსებს კითხულობდა.
მის აღზრდაში დიდი როლი ითამაშეს პედაგოგებმა თამარ და ეკატერინე შიუკაშვილებმა; ეკატერინე შიუკაშვილი ბავშვებისთვის პიესებს წერდა, შემდეგ თელავის თეატრში დგამდა. სწორედ ეკატერინე შიუკაშვილი აძლევდა მარინე თბილელს პირველ როლებს. სწორედ ეკატერინე შიუკაშვილი იტყვის ამაყად: „დაიხსომეთ ჩემი სიტყვები, ამ ბავშვისგან უეჭველად მსახიობი გამოვა!“
ათი წლის იყო, მარინეს ოჯახი თბილისში რომ გადმოვიდა საცხოვრებლად. მალე მამაც დაეღუპა, უკან დარჩა უდარდელი ბავშვობა, კახეთი და სცენაც.
ხანდახან თუ გაახსენდებოდა ბავშვობის გატაცება, როცა ვინმეს გამოჯავრება-მიბაძვისთვის შეაქებდნენ – მსახიობის ნიჭი გაქვსო. მარინეს 16 წელი უსრულდებოდა, შვიდწლედის დამთავრების შემდეგ პედაგოგიურ ტექნიკუმში სწავლობდა, პედაგოგობისთვის ემზადებოდა, გახდებოდა კიდეც, მაგრამ…

ჯერ იყო და, სასწავლებლის წინ „ლენფილმის“ რეჟისორები გადაეყარნენ და სტუდიაში სინჯებზე დაიბარეს, კინოში უნდა გადაგიღოთო, მაგრამ ფილმი ჩაიშალა… მერე თბილისში სამწლიანი კინოსამსახიობო სასწავლებელი გაიხსნა.
მარინეს თვითონ არ მიუკითხებია. მარინეს მიაკითხეს. სამსონ სულაკაურმა, ვისი თაოსნობითაც სასწავლებელი გაიხსნა, მარინეს შემთხვევით მოჰკრა თვალი და თავისთან დაიბარა.

„15-16 წლის მშვენიერი, ტანადი გოგონა იდგა ჩემ წინ, ბავშვური, უმანკო, ლამაზი სახით, ანთებული ცეცხლოვანი თვალებით, შესანიშნავი ტუჩებით და ბროლივით თეთრი კბილებით. ინსტინქტით მივხვდი, რომ ნამდვილად კინომსახიობი აღმოვაჩინე“, იხსენებდა სულაკაური, რომელმაც ძლივს დაითანხმა მარინე, სასწავლებელში რომ ესწავლა. კინოსამსახიობოზე კი დაიწყო სწავლა, მაგრამ ოჯახს უმალავდა. მარინეს ყოველ საღამოს სადღაც გაუჩინარებით მისი ძმა დაინტერესდა, ჩუმად აედევნა და მარინეს საიდუმლოც გაიხსნა. მეორე დღეს, სასწავლებელში მისული, ატირებული მარინეს დედა ძლივს დაამშვიდეს, დაიყოლიეს.

სასწავლებელი რომ დაამთავრა, თბილისში თეატრალური ინსტიტუტიც გაიხსნა და მარინემ, მალიკო მრევლიშვილისა და დოდო ალექსიძის რეკომენდაციით, თეატრალურ ინსტიტუტში გააგრძელა სწავლა – მესამე კურსზე ჩაირიცხა. სწორედ თეატრალური ინსტიტუტის ახლაგდახსნილ სცენაზე ითამაშა თავისი პირველი როლი, ტაჯიკი გოგონა მირ-ახმედოვა აკაკი ვასაძის დადგმულ „პავლე გრეკოვში“. 1940 წელს მარინემ დაამთავრა ინსტიტუტი და ჩაირიცხა რუსთაველის თეატრში.
რუსთაველის თეატრში მისულ ახალბედა მსახიობს მფარველად აკაკი ვასაძე მოევლინა. დღეს უკვე საქვეყნოდ აღიარებული სცენური გვარი „თბილელი“ სწორედ აკაკი ვასაძემ დაანათლა მას და ამ გვარით აკურთხა ქართულ სეცნაზე.
მარინემ სწორედ ამ ფსევდონიმით დაიმკვიდრა ადგილი სცენაზე და ამ ფსევდონიმითვე შევიდა ქართული თეატრისა და კინოს ისტორიაში.

„მარინე მართლაც რომ თბილი მსახიობია, მან გაამართლა ჩემ მიერ მიცემული ფსევდონიმი – თბილელი. თეატრალური ინსტიტუტიდან მარინე დამბროვსკაიას გვარით მოვიდა ქართულ თეატრში და გადავწყვიტე, ქართულად მომენათლა. ასე მგონია, შესაფერად მოვნათლე თბილელად. მიხარია, რომ მარინეს სამსახიობო პროფერსიული კულტურის გამოჭედვაში მეც მიმიძღვის წვლილი. ხოლო ჩემი გვარისა და სახელის გამგრძელებელი, აკაკი ვასაძე-უმცროსი რომ „მაჩუქა“, ამისთვის კი მადლობის მეტი რა მეთქმის“, – წერდა აკაკი ვასაძე.
მარინე თბილელის პირველი მეუღლე აკაკი ვასაძის ვაჟი – გოგი ვასაძე იყო. შეეძინათ ვაჟი – აკაკი ვასაძე-უმცროსი. მაგრამ მალე მარინე თბილელის და ვასაძის ოჯახი დაინგრა – კონფლიქტის გამო წავიდა ვასაძეების სახლიდან, დაბრუნდა დედასთან, თუმცა მამამთილს და მფარველს – აკაკი ვასაძეს მუდამ ემადლიერებოდა…
მარინე თბილელმა რუსთაველის თეატრში წარმატებით ითამაშა რამდენიმე დიდი და პატარა როლი. „კრწანისის გმირებში“ მის მიერ განსახიერებული თეკლა ბატონიშვილი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ პიესის ავტორს სიკვდილამდე არ ავიწყდებოდა.
„83 წლისა ვარ და დღემდე გონებიდან არ მშორდება მის მიერ განხორციელბული თეკლა“, – ამბობდა სანდრო შანშიაშვილი.

მარინე წარმატებით თამაშობდა მასზე დაკისრებულ მოზრდილ თუ პაწაწუნა როლებს, მფარველიც ჰყავდა თეატრში, მაგრამ თეატრში მისვლიდან 4 წლის შემდეგ თეატრს ჩამოაშორეს. ახალგაზრდა მსახიობი მტკივნეულად განიცდიდა თეატრიდან ჩამოშორებას; იმდენად მტკივნეულად, რომ ეს ჩამოშორება მას ახსენებდა ედიტ პიაფის ტკივილს შვილის დაკრძალვისას.
მარინე თბილელს ზუსტად 30 წელი დასჭირდა იმისთვის, რომ ოცნება აეხდინა და უკან – რუსთაველის თეატრში დაბრუნებულიყო.
თეატრი დატოვა 24 წლისამ, დაბრუნდა 54 წლის…
მანამდე კი იყო მთელი ცხოვრება.

„ფაქტიურად უმუშევარი დავრჩი. ომის წლები, არც ჯამაგირი, არც პურის წიგნაკი, არც მომარაგება. მყავდა პატარა ბავშვი და მოხუცი დედა, უთეატროდ მტკივნეულად, ტანჯვით განვიცდიდი. მაგრამ ერთ დღეს თბილისში ჩამოვიდა გიორგი გულია, რომელიც აფხაზეთის ხელოვნების სამმართველოს უფროსად მუშაობდა და მიმიწვია სოხუმის თეატრში. შემპირდა კარგ ბინას, უმაღლეს ჯამაგირს, საქმე არ ითმენს, უნდა დამთანხდეთო, ასეთმა ყურადღებამ თვალებში სინათლე დამიბრუნა. ავიბარგე და მეორე დღესვე სოხუმს გავემგზავრე“, – წერდა მარინე თბილელი.
მსახიობმა სოხუმის თეატრში 2 წელი დაჰყო, მხოლოდ ერთ სეზონში შვიდი7 როლი განასახიერა. სწორედ სოხუმის თეატრში შეხვდა მაშინ სრულიად ახალგაზრდა რეჟისორს ვახტანგ ბოჭორიშვილს. მომავალში სახელგანთქმული ინფექციონისტი და საზოგადო მოღვაწე, ვახტანგ ბოჭორიშვილი 21 წლისაც არ იყო, რუსთაველის თეატრიდან სოხუმის თეატრში რომ გადავიდა რეჟისორად, რათა იქ დამოუკიდებლად ეძებნა საკუთარი თეატრი, საკუთარი ხელწერა, დამოუკიდებლად განეხორციელებინა თავის ჩანაფიქრი. დგამდა შანშიაშვილის „ხევისბერ გოჩას“… მარინე თბილელს ძიძიას როლი მიანდო.

„მანცვიფრებდა მარინეს გარეგნობა, რაღაც განუმეორებელი ელფერი დაჰკრავდა სახეზე, ხავერდოვანი ატმის ფერი. გამოხედვაში სიცოცხლის დამამკვიდრებელი მუხტები ამოიცნობოდა. როდესაც ვუყურებდი მას, სულში გაზაფხული ჩამისახლედბოდა ხოლმე“, – გაიხსენებს მოგვიანებით უკვე აღიარებული ინფექციონისტი ვახტანგ ბოჭორიშვილი.
ისინი სამუდამოდ მეგობრებად დარჩნენ. თავისი საუკეთესო ლექსი ვახტანგ ბოჭორიშვილმა მიუძღვნა მარინე თბილელს…
„ხევისბერი გოჩა“ პრინციპული სპექტაკლი იყო ვახტანგ ბოჭორიშვილისთვის, ამ სპექტაკლში იგი იმ თეატრისკენ მიილტოვოდა, როგორზეც ოცნებობდა და როგორც ამბობენ, შეიმჩნეოდა კიდეც კონტურები იმ თეატრისა. ბოჭორიშვილმა უარყო „ხევისბერის“ შანშიაშვილისეული ინტერპრეტაცია, გადააკეთა პიესა, დაუახლოვა ყაზბეგის პირველწყაროს,
სპექტაკლი მოიწონეს, მაგრამ ისინი, ვინც სპექტაკლს იბარებდა, პიესის ახალ ვარიანტს ეჭვით შეხვდნენ და რეჟისორს გადაკეთება მოსთხოვეს. შეიქმნა მწვავე კონფლიქტური სიტუაცია, ბოჭორიშვილმა არ დათმო, წავიდა თეატრიდან – მედიცინაში. მარინე თბილელი კი 1946 წელს თბილისში დაბრუნდა, მაგრამ არა საოცნებო რუსთაველის თეატრში, არამედ მარჯანიშვილის თეატრში, სადაც არაერთი ვარსკვლავი ბრწყინავდა. მიუხედავად ამისა, მან მაინც მოახერხა საკუთარი ადგილის გამონახვა არტისტულ ოლიმპოზე. თუმცა არც ეს გზა იყო უმტკივნეულო.

„ომისშემდგომ წლებში, ყველას და განსაკუთრებით ახალგაზრდა მსახიობებს გვიჭირდა. ხშირად მშივრებს გვიხდებოდა სცენაზე თამაში. წარმოდგენის შემდეგ ხშირად ფეხით დავდგომივარ გზას შინისკანენ და შურით გამიყოლებია თვალი ტრამვაისთვის. მაგრამ მეორე დღეს ისევ სიხარულითა და სიყვარულით მივისწრაფვოდი თეატრში“ იხსენებდა მსახიობი.
როლებთან დაკავშირებითაც ხშირად სტკენია გული:
„მარიამ სტიუარტში“ მარიამის როლზე დანიშნული ვიყავით ორი მსახიობი – ვერიკო ანჯაფარიძე და მე. ვინაიდან ვერიკოს არ უყვარს დიდხანს მუშაობა ტექსტზე და მიზანსცენების გამართვის პროცესი, მთელი რეპეტიციები ვასო ყუშიტაშვილმა მაგიდასთან ჩაატარა ჩემთან, და პირველი მოქმედების მიზანსცენებიც გამართა. მოვიდა ვერიკო, მოეწონა და განაგრძო მუშაობა. მე როლი აღარ მითამაშია, მაგრამ ეს რეპეტიციები დიდი გაკვეთილი იყო, დღესაც ვგრძნობ მათ ძალას. ბატონი ვასო (ყუშიტაშვილი) იყო მდიდარი ბუნების ადამიანი. კეთილი, იუმორით სავსე, მომეფერა მაკოცა და მაჩუქა ყვავილების ქილა, რომელიც დღესაც ამშვენებს ჩემს მაგიდას…“

1957 წელს მარინე თბილელმა იქორწინა ცნობილ რეჟისორსა და კულტურის მოღვაწეზე აკაკი დვალიშვილზე.
აკაკი დვალიშვილი მიხეილ თუმანიშვილთან ერთად მივიდა რუსთაველის თეატრში. ჩართული იყო იმ პროცესებში, რასაც რუსთაველის თეატრის განახლება მოჰყვა. მეტიც, იგი იყო ერთ-ერთი სულისჩამდგმელი მთელი იმ პროცესის. შემდეგ, რატომღაც, თეატრს ჩამოაშორეს დაწინაურების გზით – კულუტურის სამინისტროში გადაიყვანეს. წლების მანძილზე კულტურის მინისტრის მოადგილე იყო, შემდეგ – კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტის თავჯდომარე.
მიხეილ თუმანიშვილი ყოველთვის განსაკუთრებული აზრის იყო აკაკი დვალიშვილის, როგორც რეჟისორის, შემოქმედებაზე.
„თეატრში მუშაობდა რეჟისორი აკაკი დვალიშვილი, რომელიც ცდილობდა, თავის სპექტაკლებში მართალი ხასიათები და მართალი ცხოვრება ეჩვენებინა, სცენა უფრო ინტიმური, უფრო რეალური გაეხადა…“ წერდა თუმანიშვილი.
სწორედ აკაკი დვალიშვილის, როგორც კინემატოგრაფიის მინისტრის აქტიური მხადაჭერის შედეგად იშვა ახალი თეატრი – კინომსახიობთა თეატრი…
მარინე თბილელს და აკაკი დვალიშვილს 1960 წელს შეეძინათ ქალიშვილი ბარბარე – იგივე ბაია, დღეს უკვე საკმაოდ ცნობილი მსახიობი ბაია დვალიშვილი.
მოგვიანებით, მარინე თბილელი ანკეტაში ერთობ უშუალოდ ჩაწერს:

„30 წელიწადია მე და ჩემი ძვირფასი მეუღლე სიამტკბილობით ვუქცევთ ერთმანეთს ღრანჭს“.

საერთოდ, გულწრფელობა მისთვის ბუნებრივი მდგომარეობა იყო, აბა ვინ უპასუხებს ასე უშუალოდ, და ვინ იტყვის კაპარჩახანა ვარო, როგორც ეს მას შეეძლო? ანკეტაში კითხვაზე – „თქვენი ხასიათი“, მარინე თბილელი პასუხობდა: „კაპარჩხანა“.
არც იმას მალავდა, რომ ეშინოდა სიბერისა და სცენის მიტოვების, არც იმას, რომ მისი სისუსტე იყო კაკლის მურაბა, ვარდის მურაბა და ლობიო. ნაკლსაც მეტად გულწრფელად აღიარებდა: „მაქვს მიხვედრილობა, მაგრამ მაკლია განათლება…“
აღაფრთოვანებდა კარგი სპექტაკლი, ლიანა ისაკაძე, ვახტანგ ჭაბუკიანი, რიხტერი… აკვირვებდა ტელევიზორი, ტელეფონი, გაფრენა კოსმოსში.

ოცნებობდა რუსთაველის თეატრში დაბრუნებაზე და აიხდინა კიდეც ოცნება –
1974 წელს, უკვე მაშინ როცა თავისი ადგილი მყარად ჰქონდა დამკვიდრებული მარჯანიშვილის თეატრში, როცა ჰქონდა საკმაოდ მკვეთრად ჩამოყალიბებული ხელწერა, სტილი, ამ ყველაფერს ზურგი აქცია და რუსთაველის თეატრს მიაშურა. უკვე სარეცელს მიჯაჭვული ვასო გოძიაშვილი დაჟინებით ითხოვდა მარინე თბილელის დაბრუნებას მარჯანიშვილის თეატრში. იმ ეტაპზე მარინე შორს იდგა სტურუას თეატრის სტილისტიკისგან, მაგრამ ვაბანკმა გაამართლა.
იგი სტურუას არტისტად იქცა. მოგვევლინა ნათელა აბაშვილად ლეგენდარულ „კავკასიურ ცარცის წრეში“, იორკის მთავრის მეუღლედ „რიჩარდ მესამეში“…
მას ხშირად უწევდა თეატრების ცვლა, მაგრამ ყველგან ახერხებდა ადგილის დამკვიდრებას.

ის იყო მუდამ რისკიანი და არასოდეს აშინებდა ახლის ძიება.
იყო გულწრფელი ცხოვრებაში და მეტად თბილი და თან ელვარე არტისტი სცენასა თუ ეკრანზე. მიუხედავად იმისა, რომ მასაც, ისევე როგორც არაჩევეულებრივი გარეგნობის სხვა მსახიობ ქალებს, დიდად არ სწყალობდა ქართული კინო, რამდენიმე როლით მაინც მოახერხა, აღბეჭდილოყო ჩვენს მეხსიერებაში.


მიუხედავად ამისა, მარინე თბილელი თავს ყოველთვის იღბლიან მსახიობად და იღბლიან ქალად მიიჩნევდა. მაგრამ… სიბერე გაუმწარდა… გარდაეცვალა უფროსი ვაჟი – აკაკი ვასაძე-უმცროსი… აკაკი დვალიშვილი იხსენებდა, რომ დედა-შვილს საოცარი ურთიერთობა ჰქონდათ, საოცრად უყვარდათ ერთმანეთი და იცოდნენ საოცარი… კამათი…
„იცით რაზე კამათობდნენ? ლიტერატურაზე, თეატრზე, საერთოდ, ხელოვნებაზე… მოვიდოდა, მანქანას დააყენებდა, „დედილო!“ – დაუძახებდა, ამოვიდოდა და ერთად ატარებდნენ მთელ დროს“ იხსენებდა აკაკი დვალიშვილი.

მარინე თბილელს ისიც გულს უკლავდა, რომ თავის ვაჟს თავის დროზე არ დართო ნება მსახიობი გამხდარიყო, რასაც მუდამ მტკივნეულად განიცდიდა შემდეგ აკაკი ვასაძე-უმცროსი.
სწორედ ამიტომ აღარ შეუშალა ხელი ბაიას, გამხდარიყო მსახიობი. თანაც ბაიას ასე დაჟინებით არც სდომნია მსახიობობა.
მიხეილ თუმანიშვილმა ურჩია, გამოუშვი ჩემთან რეპეტიციებზე, იაროს, მოსინჯოს, თუ არ მოეწონება, აღარ დაგაყვედრის მაინც, მსახიობობაში ხელი შემიშალეო. მარინე თბილელმა დაუჯერა მიხეილ თუმანიშვილს.
ბაიას თეატრში მოეწონა. ჩააბარა თეატრალურ ინსტიტუტში, მიხეილ თუმანიშვილთან სარეჟისოროზე და… ბაიამ მეოთხე კურსიდან მიატოვა სარეჟისორო და გადავიდა შალვა გაწერელიასთან სამსახიობო ჯგუფში… შვილში თავი იჩინა დედის უნიკალურმა უნარმა – ყველაფრის ნულიდან დაწყების და ადგილის დამკვიდრების.
მარინე თბილელს სურდა, ქალიშვილში გაგრძელებულიყო მისი სცენური სიცოცხლე. გაგრძელდა კიდეც – სცენური სიცოცხლე და თითქოს მისი ბედისწერაც.

ბაია დვალიშვილი სერგო ფარაჯანოვის ფილმში "აშიკ–ქერიბი"

ბაია დვალიშვილი ამბობს, რომ არასოდეს ყოფილა ფანატიკოსი და არც მიიჩნევს სწორად ფანატიზმს, კერპების ყოლას.
ნანობდა, ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ შალვა გაწერელიასთან რომ არ გააგრძელა მუშაობა მოზარდმაყურებელთა თეატრში და რუსთაველის თეატრში მივიდა….

თუ დედა თავის დროზე გამოუშვეს რუსთაველის თეატრიდან და ნულიდან მოუხდა ყველაფრის დაწყება, ბაია – თვითონ წამოვიდა რუსთაველის თეატრიდან ერთ მშვენიერ დღეს. დღეს მიიჩნევს, რომ ზედმეტად დიდხანსაც შერჩა რუსთაველის თეატრს. „ასაკით არ ვბერდებოდი, მაგრამ ჩემში რაღაც მყაყდებოდა…“, – ამბობს ბაია დვალიშვილი. ბაია მაშინ ახლად გახსნილ თეატრალურ სარდაფში წავიდა და რუსთაველის სარდაფში გატარებულ ათ წელიწადს ყველაზე საინტერესო წლებად მიიჩნევს., შემდეგ იყო ვაკის სარდაფი და ისევ წავიდა… პაუზის შემდეგ მარჯანიშვილის თეატრში მივიდა…

მუდამ წასვლა და მუდამ ახლის დაწყება მისი სტილია.
„რამდენჯერაც დავიწყე ნულიდან ცხოვრება, იმდენჯერ გამიმართლა და იმდენჯერ მივხვდი, რომ სწორი ნაბიჯი გადავდგი. როცა ასე არ მოვიქეცი, ვინანე – პირად ცხოვრებაშიც და ისეც. არსებობს იმპულსი, რომელიც გიბიძგებს, როგორ უნდა მოიქცე სწორად…“
მისმა მუდამ მებრძოლმა ხასიათმა სხვა ასპარეზზეც იჩინა თავი. 90-იანი წლების დასაწყისში, ფუფუნებაში გაზრდილმა, მინისტრის შვილმა ერთობ საინტერესო უნარი აღმოაჩინა საკუთარ თავში – თოჯინების კეთება დაიწყო ნინო არსენიშვილთან ერთად.
ნაჭრებისგან, მძივებისგან შექმნილი ფიგურები გალერეა „შარდენში“ სულ იაფად – 5-8 დოლარად მიაბარეს, არც ეგონათ, თუ გაიყიდებოდა, მაგრამ გაიყიდა, აზარტში შევიდნენ, პაწია ფიგურების ნაცვლად, დიდი ლამაზი თოჯინების კეთება დაიწყეს ყველაფრისგან – მეგობრებს ფუთებით მიჰქონდათ ძველი მაქმანები, დამტვრეული ბიჭუტერია, თვლები, ფერადი ნაკუწები… შემდეგ შემკვეთიც გამოჩნდა ავსტრიიდან, შემკვეთის გამოგზავნილი 400-500 დოლარით იმ წლებში იოლი იყო ცხოვრება… იყო გამოფენები ვენაში, პოლონეთში…

ბაია დვალიშვილი: „იმ დროს, როცა ქუჩაში გამოსვლა არ შეიძლებოდა და არანაირი პერსპექტივა არ იყო, თოჯინების კეთებით ვიყავი გატაცებული. ვყიდდი კიდეც და ჩემს მეგობარ ნინო არსენიშვილთან ერთად გამოფენებიც მქონდა. ამით ვცხოვრობდით ფინანსურადაც და სულიერადაც. ბოლო წლებში ვეღარ ვეკარები, თითქოს იმ მძიმე წლებთან დამთავრდა ეს ყველაფერი…“

მარინე თბილელი „კავკასიურ ცარცის წრეში“ თამაშობდა ნათელა აბაშვილს – გულგრილ დედას, რომელსაც კრიტიკულ წუთებში ტანისამოსი უფრო ახსოვდა, ვიდრე შვილი. ცხოვრებაში როგორი დედა იყო „ნათელა აბაშვილი“?
ბაია: „ასეთი ის მხოლოდ სცენაზე იყო, როლში… სახლში კი ძალზე აქტიური, მომთხოვნი, პრინციპული და ამავე დროს ძალიან მზრუნველი და მოსიყვარულე იყო. არც მე, არც ჩემს ძმას და არც მამას არასოდეს მოგვკლებია მისი ყურადღება. არ მახსოვს, მას რაიმე დაზარებოდეს. მიუხედავად ამისა, დედა იყო სცენისთვის გაჩენილი ქალი. ამიტომ ძალიან ჰარმონიულად ვიზრდებოდი – მყავდა არაჩვეულებრივი დედა, რომელიც იყო ასევე არაჩვეულებრივი კარგი მსახიობი. და მე ვუყურებდი, როგორ შეიძლება შეუთავსო ასე იოლად ეს ორი რამ – ოჯახი და საკუთარი პროფესია…“

არცთუ იოლია, მით უმეტეს გოგონასთვის, იყოს ისეთი ნიჭიერი და ლამაზი ქალბატონის შვილი, როგორიც მარინა თბილელი იყო და არ დაკომპლექსდეს…
ასეთი ნიჭიერი და ლამაზი დედის შვილებს, მით უმეტეს გოგონებს, ყოველთვის დედის „არშინით“ ზომავენ, ადარებენ, მისგან ყოველთვის მეტს მოელიან.
ბაია:
„თვითონ არ მაკომპლექსებდა, პირიქით… მაგრამ დღემდე მაინც მარინა თბილელის გოგო ვარ. მე კი არა, მამაჩემს, რომელმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ქართულ კულტურაში, წავიდოდნენ, წამოგვიდოდნენ და როგორც მარინა თბილელის ქმარს, ისე იხსენიებდნენ, რაზეც მამა ბევრს იცინოდა ხოლმე. მისი ფაქტორი მაკომპლექსებდა? როგორ გითხრა, ეს მართლა არ იყო იოლი, პროტესტებიც მქონდა, შინაგანი ბრძოლებიც, მაგრამ ეს ყველაფერი ჩემში ფარულად ხდებოდა და არა ღიად, საჯაროდ. მადარებდნენ ყველაფერში, გარეგნობით, სცენაზე, მაგრამ ამ ყველაფერს ეგუები. მე, მაგალითად, ძალიან იოლად ვიტანდი, იუმორი მშველოდა. მახსოვს, ერთ ქალს, რომ გაიგო მარინა თბილელის გოგო ვიყავი, პირდაპირ გულყრა დაემართა. რაღაც ქაღალდი მივიტანე სახლმმართველობაში, დახედა თუ არა სახელს და გვარს, ამომხედა და დაიწყო: „დედაააა, არ გეწყინოს, დედაშენი შენს ასაკშიიიი“, თან მოთქვამდა და თან აყოლებდა: „არ გეწყინოს, არ გეწყინოს“… ისეთ დღეში იყო, იქით ვამშვიდებდი, არ მწყინს, ვიცი, შეჩვეული ვარ, ბავშვობიდან ამას მეუბნებიან-მეთქი… ასევე იყო სცენაზეც. ცოტა ძნელია. შენ იწყებ, ჯერ არაფერი არ იცი და უკვე გადარებენ დედას – წარმატებულ და ჩამოყალიბებულ არტისტს. კ, რთულია ეს, მაგრამ მეორე მხრივ კარგიცაა, უფრო მობილიზებული ხარ და უფრო ცდილობ თვითდამკვიდრებას. ეძებ შენს გზას, რომ არ ჰგავდე მას. კი არ შეეჯიბრო, შენი თავი იპოვო… შეჯიბრება სისულელეა, არასოდეს მომსვლია თავში…“

კადრი ფარაჯანოვის ფილმიდან "აშიკ–ქერიბი"

მას არასოდეს ავიწყდებოდა, რომ იყო მარინე თბილელის გოგო, რომ იყო აკაკი დვალიშვილის გოგო… მაგრამ აი, სცენაზე კი დაავიწყდა ერთხელ, ვის თამაშობდა….
„სარდაფში ვთამაშობდით გოგოლის „ცხვირს“, მე ვიყავი ოთხნაქმარევი მამიდა, ძალიან გამოპრანჭული და მიზანდასახული, რომელსაც უნდოდა, თავისი ძმისშვილი მიეთხოვებინა შეძლებული კაცისთვის. მოკლედ, მიდის ამ ავანტიურაზე და ეცნობა მამაკაცს. მე მერქვა მარი აფრიკანოვნა ბრანდახლიცკოვა. ვთამაშობთ მორიგ სპექტაკლს. მოვიდა იმ კაცის გაცნობის სცენა, გავუშვირე ხელი, იმ ყმაწვილმაც გამომიშვირა ხელი, უნდა წარვადგინო ჩემი თავი, ვუთხრა ვინ ვარ, მაგრამ… დაიწყო უსაშველოდ დიდი პაუზა, რომელსაც ბოლო არ უჩანდა… დამავიწყდა რა მერქვა. ყველა გამოვიდა კულისებში, მიყურებენ, მაგრამ არ მკარნახობენ ვინ ვარ და სეირობენ ჩემზე. მე რაც შემეძლო, ვიკვანწე, ავდექი, დავჯექი, მეორედ გავუშვირე ხელი. ბიჭი დაიბნა, ვერ მიხვდა, რა მჭირდა. ბოლოს ისევ იმან მიშველა, ვისაც „ვათხოვებდი“ – მანანა კაზაკოვამ უთხრა: ეს მამიდაჩემია, მარი აფრიკანოვნა ბრანდახლიცკოვა“.

17 წლის იყო ბაია დვალიშვილი, პირველად რომ გათხოვდა თავისზე 13 წლით უფროს მურმან ჯინორიაზე…
ბაია: „ეს იყო ძალიან დიდი ხნის წინათ და ეს იყო ჩემი პირველი სიყვარული და ძალიან მალე მოხდა ის, რაც მოხდა – დავცილდით. მე მგონი, წარსულში ძიება აღარ არის საინტერესო… მე ამ მხრივ ნამდვილად არ ვარ საინტერესო, არც დიდი გატაცებები მქონია და არც რომანები…“

1991 წელს კი, 31 წლის ბაიამ ნანა ხატისკაცის 60 წლის იუბილეზე გაიცნო ნანა ხატისკაცის ბიძაშვილი რეზო ხატისკაცი.
ბაია: „ჩემი ასეთი კონსერვატული ხასიათის მიუხედავად, გაცნობიდან ორ კვირაში გავთხოვდი და ეს იყო აბსოლუტური შოკი ჩემი მეგობრებისთვის. ალბათ ბედი იყო, რატომღაც მოხდა ასე. არ ვიცი, რამდენად დამახვია ჩემმა ქმარმა თავბრუ, მაგრამ ასე მოხდა, უცებ გავთხოვდი. უცნაური ის იყო, არც ხელოვნების წარმომადგენელია, მეც ნაკლებად მიცნობდა სცენიდან, თითქმის არანაირი შეხების წერტილი არ გვქონდა, არც სამეგობრო, არც პროფესია… რეზო ოკეანოლოგია, თუმცა, დღევანდელი ცხოვრებიდან გამომდინარე, რამდენჯერმე მოუხდა პროფესიის შეცვლა, გვყავს პატარა მაკრინე… ძალიან ხალისიანი, აქტიური, მუდამ ყურადღების ცენტრში ყოფნას რომ ითხოვს. სადღაც წავიკითხე: ანებივრეთ თქვენი ბავშვები, რადგან არ იცით, ცხოვრებაში რა ელოდებაო. გული მომეწურა: ღმერთმა ყველაფერი კარგად დაუხვედროს და იღბალიც მისცეს, მაგრამ, ხომ არ ვიცი, რა მოხდება მის ცხოვრებაში? იქნებ ახლა მაქვს შანსი და რატომ არ ვანებივრო?!.“

ბაია დვალიშვილს ამ 4-5 წლის წინათ კიდე ერთი „ოჯახი“ ჰყავდა – „დიესელის ოჯახი“: „ქმარი“ – დიმა ტატიშვილი, „გოგონა“ – ნინუცა მაყაშვილი, „ბიჭი“ ორი ჰყავდა, ჯერ ერთი, მერე „გამოუცვალეს“ _ მეორით. ისედაც პოპულარული მსახიობი ბაია დვალიშვილი ასმაგად პოპულარული გახდა თავისი „კმაყოფილებით“ – „დიესელის“ რეკლამით – მთელ საქართველოს რომ გვამცნობდა, მეც კმაყოფილი ვარ და ჩემი ოჯახიცო.
ბაია:
„მახსოვს ატელიეში შევედი, შარვალი მინდოდა გადამეკეთებინა. მკერავმა უკმაყოფილოდ გამომართვა შარვალი. არ ვიცი, კმაყოფილი დარჩებით თუ არა ჩემი ნამუშევრით, მაგრამ ისე სულ კმაყოფილი ხართ, ტელევიზორში რომ გამოდიხართო. თქვენი ოჯახიც კმაყოფილია, თქვენც კმაყოფილი ხართ და რითი ხართ ერთი კმაყოფილი, ამიხსენითო. მე ვიდექი და ვუხსნიდი, იცით რა, ეგ ჩემი ოჯახი არაა, და საერთოდ მე ფული გადამიხადეს, ეგ რომ მეთქვა-მეთქი…“

ბაია დვალიშვილის ოჯახი, თქვენ წარმოიდგინეთ, მართლა კმაყოფილია, ოღონდ „დიესელით“ კი არა – ბაია დვალიშვილით.
ბაია:
„კონდოლიზა რაისს მეძახიან, უჩემოდ არაფერი წყდება ამ სახლში. როგორც კონდოლიზა რაისი, ისე განვაგებ ამ სახლს და ძალიან მიხარია, ყველაფერს ვასწრებ… დიასახლისობა დედაჩემმა ბავშვობიდან გამიჯინა სისხლში. ბავშვობიდან მასაქმებდა, სადილებსაც ვაკეთებდი, სახლსაც ვალაგებდი, ასე რომ, ეს ჩემთვის არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს. პირიქით, ხალისითაც ვაკეთებ ამ ყველაფერს. მე საერთოდ არ მესმის, რას ნიშნავს – „არ ვიცი, არ მცალია და ვერ ვაკეთებ…“. არც მესმის და საერთოდ არც ვცემ პატივს ასეთ ქალებს. ეს არის ტყუილი და მატრაკვეცობა. რას ჰქვია „არ იცი“. უნდა იცოდე! ყოველ შემთხვევაში, თუ არ იცი და ხელთუპყარი ხარ, რაღას ამაყობ?! ეს სამარცხვინოა და არა საამაყო. დედასნაირი დაკავებული ბევრი არ იყო, მაგრამ სუპერდიასახლისი იყო და ყველაფერსაც ასწრებდა – ბაზარში სიარულსაც, შინ დიასახლისობასაც და სცენაზე დგომასაც…“

„მე ლამაზი არასდროს ვყოფილვარ. უბრალოდ, ვცდილობდი, ყველაფერი ლამაზად მეკეთებინა. ძალიან მიყვარდა ცეკვა, ყოველთვის ვცეკვავდი. გინახავთ, იპოდრომზე ცხენი რომ გამოჰყავთ, რა გრაციოზულად, ამაყად გამოდის თავლიდან? ასე გამოვდიოდი მეც სცენაზე… მინდოდა, ყველაფერი კარგად, მომხიბვლელად გამომსვლოდა და, როგორც ჩანს, გამომდიოდა კიდეც, ამიტომ ამბობდნენ, ალბათ, ჩემზე, ლამაზიაო…“ ამბობდა მარინე თბილელი…
ბაია:
„სპექტაკლის წინ, როცა გრიმს ვიკეთებ, ზოგჯერ მგონია, რომ სარკიდან დედა მიყურებს. რაღაცით უკვე გარეგნულადაც ვამსგავსებ ჩემს თავს და ხანდახან დამიჭერია, რომ ხმის ტონიც მიგავს, სცენაზე რაღაც ჟესტსაც მისებურად ვაკეთებ და ასე შემდეგ… ერთხელ, დედას ნივთებში რაღაც ანკეტას წავაწყდი, ეკითხებიან – რისი გეშინიათო? სიბერის და სცენის მიტოვებისო, – უპასუხია… თქვენი ცხოვრების გაგრძელებას რაში ხედავთო? – ჩემი ცხოვრების გაგრძელებას ჩემს შვილში ვხედავ, ის განაგრძობს ჩემს სცხოვრებასო და, მინდა, რაღაცნაირად ავუხდინო ეს ოცნება, ღირსეულად გავაგრძელო მისი გზა სცენაზე…“

ნოდარ დუმბაძის – მზით სავსე მწერლის ოჯახი

რეზო შატაკიშვილი

(დაიბეჭდა „საერთო გაზეთში“).

უკვე 26 წელია ამ ქვეყნად აღარაა ნოდარ დუმბაძე, მაგრამ… იგი კვლავიდებურად გვათბობს თავისი მზით სავსე პროზით, საბავშვო ლექსებით… მზე იყო მისი შემოქმედების უმთავრესი მეტაფორა, სიმბოლო და პერსონაჟიც კი…

ნოდარ დუმბაძე გარდაცვალებიდან მეოთხედი საუკუნის შემდეგ ავიდა მთაწმინდაზე. ავიდა დროსთან ბრძოლაში გამარჯვებული.

მართალც და რა ღვთის პირისაგან გადავარდნილი უნდა იყოს ის ქართველი, ვინც ერთხელ მაინც არ გაუცინებია დუმბაძის გმირებს – წიგნიდან, სცენიდან ან ეკრანიდან… ვინც ერთხელ მაინც არ გამთბარა მისი სტრიქონებით, ერთხელ მაინც, თუნდაც 5 წუთი არ გამხდარა კეთილი, ან 5 წუთით მაინც არ შეჰყვარებია სიცოცხლე.

„სიცილი ნოდარ დუმბაძისთვის თვითდამკვიდრების ისეთივე ბუნებრივი ფორმაა, როგორც მხედართმთავრისთვის ომი ან ჩიტისათვის – ფრენა“ წერდა გურამ ასათიანი.

სულ 56 წელი იცოცხლა ამ ქვეყნად….

მისი ბიოგრაფიას ზებრასავით დასდევს შავ-თეთრი ზოლები. შემოქმედებით ტრიუმფებს, აღიარებას, ხალხის უკიდეგანო სიყვარულს, წინ უძღვოდა ოჯახური ტრაგედიები მამის დახვრეტა, დედის გადასახლება, შემდეგაც მუდამ თან სდევდა ტრაგედიები – ილიკო და ილარიონმაუზარმაზარი აღიარება მოუტანა და… 5 წლის ბიჭუნა დაეღუპა… მერე იყო სამგზის ინფარქტი და ინფარქტებს შორის სიძის, მწერალ ჯემალ თოფურიძის დაღუპვა თუ მანამ მეუღლის დგომა სიკვდილის პირისპირ…

ბაბუა ქიშვარდი დუმბაძე და ბებია ოლღა ქერქაძე შვილიშვილებთან

ნოდარ დუმბაძე 1928 წელს დაიბადა თბილისში. ვერაზე.

მამა ვლადიმერ დუმბაძე მაიაკოვსკის რაიკომის მდივანი იყო, დედა – ანა ბახტაძე – დიასახლისი. 8 წლის იყო ნოდარი მამა რომ დაუპატიმრეს და დაუხვრიტეს, დედა – გადაუსახლეს…

ნანული დუმბაძე, ნოდარ დუმბაძის მეუღლე:

„არსად ნოდარს მამამისი არ ჰყავს ნახსენები… მისთვის ეს ძალზე მტკივნეული თემა იყო. დარწმუნებული იყო რომ მამამისი უდანაშაულო იყო. მამამისი ძველი ბოლშევიკი იყო, ბავშვი შევიდა პარტიაში, 37-ში დაიჭირეს და დახვრიტეს, დახვრიტა ვინ? მისმა მეგობარმა ბერიამ. ბერია და ნოდარის მამა ერთად სწავლობდნენ ბაქოში, ნოდარის ბაბუას სასადილო ჰქონდა ბაქოში, ბერია იყო ძალიან ღარიბი და სულ მშიერი, ყოველდღე მიდიოდა და ნოდარის ბაბუა აჭმევდა თავის სასადილოში უფასოდ…“

მწერლის მამა – ვლადიმერ დუმბაძე

მანანა დუმბაძე: „ რვა წლის იყო, ოცდაჩვიტმეტში მამა რომ დაუხვრიტეს და დედა ათი წლით შუა აზიის ბანაკებში გადაუსახლეს. ამ ათი წლის განმავლობაში რაც თავს გადახდა, ნოდარ დუმბაძის მკითხველმა კარგად უწყის, რადგან იგი ყოველთვის თავის ცხოვრებას წერდა და არასოდეს იმას, რაც არ იცოდა. მე კი ანდერძად, ეს პატარა კანონი დამიტოვა: მთელი ქვეყნიერების ვალი მაქვს, მამა, კეთილი ადამიანები რომ არა, ღმერთმა უწყის, რით დამთავრდებოდა ჩემი ცხოვრება. თითო სიკეთე ყველასგან მახსოვს და უფლება არ გვაქვს არც მე და არც ჩემს ნაგრამს სიკეთე არ ვთესოთო“.

დედა – ანიკო ბახტაძე

8 წლის ნოდარი საცხოვრებლად დეიდებმა წაიყვანეს აფხაზეთში, 3 წელი იქ გაატარა, ბიძები რომ დაიჭირეს და დახვრიტეს ბებიასთან და ბაბუასთან გააგზავნეს ჩოხატაურის რაიონის სოფელ ზენობანში. 1945 წელს ხიდისთავის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, თბილისში დაბრუნდა და სწავლა უნივერსიტეტში, ეკონომიკურ ფაკულტეტზე განაგრძო.

სწორედ უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში კითხულობდა თავის ლექსებს და თანდათან იხვეჭდა პოპულარობას, როგორც პოეტი…

ნოდარ დუმბაძე და მისი დეიდაშვილი კოკა ღვინჯილია

1950 წელს ნოდარ დუმბაძემ ეკონომიკური ფაკულტეტი დაამთავრა და მუშაობა უნივერსიტეტის ლაბორატორიაში დაიწყო ასისტენტად. პარალელურად წერდა.

1957 წელს კი სამსახური მიატოვა რომ თავი ლიტერატურისთვის მიეძღვნა მთლიანად, 1957 წელს დაარსცისკარიც“. ცისკრისპირველსავე ნომერში გამოქვეყნდა მისი ფელეტონი, სადაც 29 წლის ნოდარ დუმბაძემ ერთად ჰკრა შოლტი ცუდ პროზასაც და უვარგის კრიტიკასაც.

ნოდარ დუმბაძე წარმატებული ფელეტონისტი და იმორისტული ნოველების ავტორი გახდა.

1959 წელს, როდესაც ციკარშიმისი პირველი რომანის მე, ბებია, ილიკო და ილარიონისბეჭდვა დაიწყო, ბევრი ალბათ იმ განწყობითაც ჩაუჯდა მის კითხვას რომ დუმბაძის მორიგ იუმორისტულ მოთხრობას კითხულობდა, მაგრამ…

31 წლის დუმბაძემ ყველა გააგონა და აღაფრთოვანა მკითხველს ხელში საუკუნის რომანი შერჩა, აღტაცებულმა გიგა ლორთქიფანიძემ მარჯანიშვილის თეატრში დადგა, სესილია თაყაიშვილმა მარადიული ბებიის სახე გამოაქანდაკა ჯერ სცენაზე და მალე ეკრანზეც.

დაიწყო დუმბაძის თავბრუდამხვევი წარმატებების ხანა…


22 წლის იყო ნოდარ დუმბაძე რომ დაოჯახდა.

ნოდარი და მისი მომავალი მეუღლე, ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტი ნანული გუგუნავა ერთმანეთს უნივერსიტეტის კლუბში, ლიტერატურულ საღამოზე გადაეყარნენ.

ნანული გუგუნავა-დუმბაძე: „კლუბში შევდიოდი, ფანჯარასთან ორი ბიჭი იდგა, ჩავიარე და მომესმა როგორ გადაულაპარაკა ერთმა მეორეს – „ტი სმატრი კაკაია მინიატურნაია დევოჩკა“-ო… ნოდარმა უთხრა მეორეს… სახეც კი არ დამამახსოვრდა…“

ნოდარ დუმბაძე და ნანული გუგუნავა–დუმბაძისა

ნანულის სახეც არ დაამახსოვრდა და კაი ხანს სხვაში ეშლებოდა – ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტში და კომპლიმენტს მას „უბრუნებდა“ კაი ხანს:

რომ ჩაივლიდა ის ბიჭი, ვამბობდი ხოლმე, ამ ბიჭს რა კარგი ლექსები აქვს-მეთქი, ის ბიჭი გაკვირვებული მიყურებდა ხოლმე…“

ერთმანეთი ოფიციალურად უნივერსიტეტის კიბეებთან გაიცნეს.

ნანული დუმბაძე: „ბოლოს გავიცანი ასე ოფიაციალურდ, „ნოდარ დუმბაძე“, ჩამომართვა ხელი… მერე ჩემი ამხანაგები, მისი ამხანაგები ძალიან დავმეგობრდით, ერთად დავდიოდით თეატრში, კინოში… საოცარი ის იყო რომ ნოდარს მოეწონა ჩემი ამხანაგი, ჩემი კლასელი, და არა მე. მე ხელს ვუწყობდი ყველანაირად… მერე დაბადების დღეზე ვიყავით, იქ რაღაც არ მოეწონა ნოდარს… და მოხდა ისე, რომ ის გოგო საერთოდ წავიდა ჩვენი ცხოვრებიდან, ჩვენ დავრჩით მეგობრებად. სულ ერთად ვიყავით, ლექცია რომ მიმთავრდებოდა, კართან იდგა და მელოდებოდა, რომ გავეცილებინე, სულელები ხომ არ ვიყავით, ვგრძნობდი რომ ვუყვარდი და ისიც გრძნობდა რომ მიყვარდა, მაგრამ სიყვარულზე ლაპარაკს ვერ ვბედავდით… ასე გავიდა ნახევარი წელიწადი…

მერე უნივერსიტეტში, სტუდენტობაში ხმა გავრადა, ვიღაც გოგოს ნოდარი მოსწონს, ნოდარსაც მოსწონს, მაგრამ ნანული უშლის ხელსო… ნოდარი ჩემთან სახლში იყო მოსული და ვკითხე, ნოდარ, მე რატომ მაბრალებენ რომ შენც მოგწონს ის გოგო და მე გიშლით ხელს-მეთქი. მომიბრუნდა ნოდარი და პირდაპირ მეკითხება – „ნანული შენ მე არ გიყვარვარ?“… იმის მაგიერ რომ ეთქვა, მიყვარხარო, მე მეკითხება აქეთ… მე ვუთხარი, ჯერ შენ მითხარი და მე მერე გეტყვი მეთქი… შენ თუ ამდენი ხანი ვერ გრძნობ იმას, რომ მე შენ ძალიან მიყვარხარ, მაშინ შენი საშველი არ ყოფილაო. ეს იყო და ეს….

ამ დროს მე მეორე კურსზე ვსწავლობდი, ნოდარი უკვე ამთავრებდა ეკონომიურ ფაკულტეტს. დედაჩემს ნოდარი ძალიან მოსწონდა, მაგრამ მამაჩემს არ წარმოედგინა თუ მე ოდესმე გავთხოვდებოდი და მივატოვებდი ოჯახს.

ნოდარი მოვიდა მამაჩემთან ხელის სათხოვნელად და უთხრა, გვიყვარს ერთმანეთი და უნდა შევუღდეთო. მამაჩემი მე მომიტრიალდა, შენ რას ფიქრობ, ამის ხელში რომ გაგიჭირდება, არ იციო? მერე რა მეთქი… თან ნოდარმა თქვა, შეიძლება ჩემს ხელში შავი პურიც არ ჰქონდესო… მამაჩემი მეუბნება, გესმის რას ამბობს, მაგასთან შეიძლება სავი პურიც არ გქონდესო. მე ვუთხარი – „არაუშავს ავიტან მაგასაც“! გადაირია მამაჩემი, ჩემს ხელში თეთრ პურსაც არ ჭამ და ამის ხელში შავი პურიც არ გინდაო…

მამაჩემი ეკონომისტი იყო, „ცეკავშირში“ მუშაობდა, მდიდრები არ ვიყავით, მაგრამ არ გვიჭირდა, უპატიოსნესი კაცი იყო, „ცეკავშირში“ მუშაობდა, მაგრამ არმად მანეთიანი არ შემოუტანია ოჯახში, დედა ისტორიას ასწავლიდა სკოლაში, საკმაოდ ცნობილი პედაგოგი იყო… მოკლედ, მამა წინააღდეგობას გვიწევდა, გვადებინებდა და გვადებინებდა დაქორწინებას. ბოლოს გავიპარეთ და მოვაწერეთ ხელი. გუგუნავას ქალი ვარ, თავადიშვილი და ვერ წარმომედგინა გვარის შეცვლა, მაგრამ ხელის მოწერისას რომ მკითხეს, თქვენს გვარს დაიტოვებთ თუ დუმბაძეზე გადახვალთო, ნოდარმა არ მაცალა და დუმბაძეზეო, უთხრა და ჩამიწერეს დუმბაძე. იქ ჩხუბს ხომ არ დავიწყებდი? წამოვედი, ვიფიქრე ვის რად უნდა შენი ქაღალდი… ჩამიწერეს დუმბაძე, მაგრამ უნივერსიტეტშიც გუგუნავად დავრჩი და 20 წელი სულ გუგუნავა ვიყავი, მერე პასპორტს ვადა გაივიდა, მოსკოვში მივდიოდით, სასწრაფოდ ახალი პასპორტი მქონდა ასაღები, ქორწინების მოწმობის მიტანა მომთხოვეს, მივუტანე… მივედი პასპორტის წამოსაღებად, გადავშალე და ვხედავ წერია `ნანული დუმბაძე~, დავიწყე, არა ვარ მე დუმბაძე, გუგუნავა ვარ… ქალბატონო, ხელის მოწერისას თქვენ გადახვედით დუმბაძეზე, ახლა დუმბაძე ხართო და გამომიშვეს…

მოვედი სახლში აბღავლებული, ატირებული, ნოდარს ვეუბნები ეს რა მიქნეს, გვარი გამომიცვალეს-მეთქი… მიყურა, მიყურა და მეუბნება, იცი რას გეტყვი, ახლა შენი ტრიპაჩი თავადი მამა რომ ცოცხალი იყოს, ისიც ჩემს გვარზე გადმოვიდოდაო… ამ დროს ნოდარი უკვე საკავშირო დეპუტატი იყო, გამოსული იყო მისი რომანები, არაერთ ენაზე თარგმნილი, დადგმული სპექტაკლები, გადაღებული ფილმები…“

ნოდარ და მანანა დუმბაძეები

ნოდარ დუმბაძეს და ნანული გუგუნავას მალე მანანა შეეძინათ.

სწორედ პატარა მანანა იყო ახალგაზრდა პოეტი მამის მუზა საბასვშვო პოემა მანანას წერილისდაწერისას. მანანას წერილმამოუტანა პირველი აღიარება ნოდარ დუმბაძეს – განათლების სამინისტროს გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა.

ნანული დუმბაძე: „იმ კონკურსში გიორგი ლეონიძეც კი იღებდა მონაწილეობას. ნოდარისთვის უნდოდათ რომ პირველი პრემია მიეცათ, მაგრამ რაკი ლეონიძეც მონაწილეობდა, პირველი პრემია საერთოდ არ გასცეს და ორივეს მეორე პრემია მისცეს. 5 ათასი მანეთი მოგვცეს, ეს იმხელა ფული იყო მაშინ ჩვენთვის… თან იმდენი ვალი გვქონდა… გერმანელ ქალს დაჰქონდა ჩვენთან მაწონი, რძე, ქათამი, ფული არ გვქონდა და ვალად ვიღებდი ხოლმე… მთელი ეს პრემია იმ ქალს მივეცით…“

მანანა დუმბაძე: „ბედნიერი ვარ იმით, რომ ვარ პირველი შვილი და მამაჩემს ვიცნობ მას შემდეგ რაც ის იყო 23 წლის, მას მერე ერთად მოვდიოდით, ერთად გავიზარდეთ… წარმოიდგინეთ 23 წლის ნოდარ დუმბაძე, ენერგიული, მაკვარანცხი, მთელი ამ თავისი იუმორით, სიკეთით, ხუჭუჭი დაყრილი თმით, პრუჟინებივით თმა ჰქონდა, აბურდულ-დაბურდული… პატარა რომ ვიყავი, ხელისგულზე მისვამდა და მწევდა ჭერში… ხომ ასეთი პატარა ტანის კაცი იყო, ხუმრობდა პროტექციით ვარ „მეტრ სემდისიატ ადინო“, მაგრამ ძალიან ჯანიანი იყო, დაკუნთული, უზარმაზარი ტორი ჰქონდა, დამისვამდა და რამდენჯერმე მწევდა „შტანგასავით“, ამას ვეღარ აკეთებდა ქეთინოს შემთხვევაში, იმიტომ კი არა რომ დაუძლურდა, მაშინაც ახალგაზრდა იყო, უბრალოდ იმ დროს უკვე „ხრუშოვკაში“ ვცხოვრობდით და ჭერი იყო დაბალი… ბავშვობა მახსენდება ძალიან მხიარულად, მიუხედავად იმისა რომ ძალიან გვიჭირდა. მახსოვს რა სიხარული იყო, როცა მამაჩემს ვიღაცამ თეთრი ფეხსაცმელები აჩუქეს. მახსოვს ის ფეხსაცმელები დაჩვრეტილი იყო, მამა რომ მოვიდა, შევხედე და ვეუბნები, მამა, მამა, ეს ფეხსაცმელები ბერიამ დაგიხვრიტა? სულ ბერია და დახვრეტა მესმოდა, ბაბუა დახვრეტილი იყო, ბაბუის ძმები, ნათესავები და სულ ბერია და დახვრეტა მესმოდა…

რატომღაც არავის სჯერა, რომ ვამბობ, რომ ზუსტად მახსოვს, როგორ მიმიყვანეს მამასთან ციხეში, როცა 2 წლის ვიყავი. არ მიჯერებენ, მაგრამ ვყვები ზუსტად ისე, როგორც იყო, დედაჩემი მეუბნება, მასე ზუსტად იმიტომ ყვები, რომ ბევრჯერ გაქვს მოსმენილი ეგ ამბავიო, მოსმენილი რა შუაშია როცა, ახლაც თვალიწნ მიდგას თავგადაპარსული მამაჩემი, რომელიც იქ მანახეს… ის კარიც მახსოვს, ის მეჩხერი რკინის ბადეც და ისიც, მამა რომ გამოიყვანეს და ავკივლდი, მამამ მანდ ვერ გამეოეტევა-მეთქი…

25 წლის იყო გახმაურებეული მკვლელობის გამო რომ დააპატიმრეს, დახვრეტის მუხლი ჰქონდა მიყენებული. ექვსი თვე იჯდა „გუბერსკში“, გაამართლეს.

მამა გაამართლეს, მაგრამ თავიდან ბოლომდე სიმართლე დღემდე არაა დადგენილი. იმასაც ამბობენ, რომ მკვლელი არასოდეს მჯდარა ციხეში, მკვლელი ქურდი იყო და თავისი სიკვდილით მოკვდა, ციხის კარი არც უნახავსო. მამა გაამართლეს, როსტომმა (ამილახვარი რომაა „თეთრ ბაირაღებში“) ათი წელი მოიხადა მაგ მკვლელობისთვის. ფაქტი ერთია, ესენი არაფერ შუაში არ იყვნენ, სულ სხვა სუფრაზე მოხდა ჩხუბი, იმათმა ერთმანეთი დაკლეს, ამათზე რომ გადმოვიდა, როსტომმა ერთ-ერთს გლიჯა, აირია ყველაფერი, ვიღაც დაჭრილი მამაჩემს გადმოემხო, მოეცხო სისხლი და ესენი დაიჭირეს. ბესო ჟღენტი დარბოდა, კეცხოველი, მწერლები უწერდნენ დახასიათებებს, მაგრამ მოსკოვიდა, საკავშირო პროკურატურიდან რომ არ ჩამოსულიყო გოლსკი და მას არ ეთქვა, ეს კაცი საერთოდ რატომ ზისო, ალბათ არც გამოუყშვებდნენ, გაახარებს იმის ოჯახს ღმერთი… პატიოსანი კაცი ყველგან არის. მამაჩემისთვის ეს დიდი გამოცდილება იყო, როგორც მწერლისთვის რა თქმა უნდა. ამის შემდეგ დაიწყო ზეპირი ამბების მთელი სერიები ციხის ცხოვრებაზე, შემდეგ „თეთრი ბაირაღებიც“ დაიწერა. ციხის ამბები ისეთი სიზუსიტით აქვს აღწერილი რომ ლამის გავრები და სახელებიც ემთხვევა. მამაჩემი მერეც სულ ყვებოდა ციხის ამბებს. ერთხელ, თურმე, როცა ციხის მორიგ ამბებს ჰყვებოდა, ჭაბუა ამირეჯიბს უთქვამს, – ბიჭო, 25 წელი ვხეხე, გამოვედი და 25 წუთში მოვყევი ყველაფერი, შენ რა ექვსი თვე იჯექი ასეთი რომ დღემდე ვეღარ დაგიმთავრებიაო. სხვათაშორის ბებიაჩემი ჰყვებოდა გადასახლების ამბებს ისე საინტერესოდ რომ ვერ მოწყდებოდი…

ამხანაგების მეტი რა მყავდა, მაგრამ მეც და ქეთინოსაც სახლიდან ვერ გაგვაგდებდი, იმიტომ რომ ჩვენთან სტუმრად მოდიოდნენ ელადარ შენგელაია, გიორგი შენგელაია, რობიკო სტურუა, გიგა ლორთქიფანიძე, რომ მოდიოდნენ ისეთი ამბავი იყო, ყველა ახალგაზრდა იყო… ანზორ სალუქვაძე, ედიშერ ყიფიანი, არჩილ სულაკაური, სარგის ცაიშვილი, რომელი ერთი გითხრა, გენიოსები, ნოდარ ჩხეიძე, ესენი იყვნენ ყოველდღიური სტუმრები, წარმოიდგინე, სად უფრო საინტერესო იქნებოდა ჩემთვის? იმ დროს, ბავშვებს მაინცდამაინც  არ სვამდნენ სუფრაზე, ბავშვებს სამზარეულოდან გამოიყვანდნენ, ადღეგრძელებდნენ და გააქრობდნენ. მე ვინ გამათრევდა იქიდან? ისეთ დროსტარებას შევსწრებივარ, ისეთი რაღაცეები ვიცი პირველწყაროებიდან…“

სად დაიწერა მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“?

ჭავჭავაძეზე, იმ სახლში სადაც ადრე დიდი ბინა ჰქონდათ და მერე, როგორც რეპრესირებულის ოჯახს, ერთი ოთახი დაუტოვეს. სწორედ იმ ერთოთახიან ბინაში ცხოვრობდა ნოდარი, მისი მეუღლე, დედამისი ანიკო, პატარა მანანა და პატარა ზაზა.

მანანა: ამ ერთოთახიან ბინაში მამაჩემი წერდა ღამე „ილიკო და ილარიონს“.

მერე მეუბნებოდა, მშიერ კუჭეზე მაქვს „ილიკო და ილარიონი“ დაწერილი და ყველას აჯობაო“.

ილიკო და ილარიონისწარმატებას ტრაგედია მოჰყვა… პატარა ზაზა დაეღუპათ.

მანანა: „ილიკო და ილარიონის” პრემიერას მარჯანიშვილის თეატრში ორივე, მამაჩემიც და დედაჩემიც შავებში ჩაცმული დაესწრნენ – ნახევარი წლის გარდაცვლილი ჰყავდათ ხუთი წლის ზაზა…“

ნანული დუმბაძე: „წითელა ჰქონდა ბავშვს და მუცლის ტიპი დაუდგინეს… დაგვიღუპეს ბავშვი… 50 წელი გავიდა მას მერე და არაფერი არ შველის ამ ტკივილს. ხშირად ნოდარი წამოწვებოდა დივანზე, მე სავარძელში ვიჯექი და სადღაც გადიოდა ნოდარი… აღარ იყო აქ… ისევე როგორც მე არ ვიყავი აქ, ორივე ერთი და იგივე რამეზე ვფიქრობდით, ორივეს ცრემლი გვდიოდა, მე ვიცოდი რომ ის ამ წუთში ზაზაზე ფიქრობდა, იმან იცოდა რომ მე ამ წუთში ზაზა მედგა თვალწინ. საშინელი ტრაგედია იყო…“

მწერლის უდროოდ დაღუპული ვაჟი – ზაზა

ამ უზარმაზარი ტრაგედიის შემდეგ მწერალი წერს მე ვხედავ მზეს“, მზიან ღამესდა დგება სიკვდილის პირისპირ…

მანანა დუმბაძე: „41 წლის იყო პირველმა ინფარქტმა რომ დაჰკრა, არავინ ფიქრობდა მაშინ მის გადარჩენას. ჯანსუღ ჩარკვიანი მაშინ უცხოეთში იყო მივლინებული, მაგრამ ამ ამბის გამო თბილისში დარჩა, საავადმყოფოდან არ გასულა. როცა მამაჩემმა მესამე დღეს ძლივს თვალი გაახილა, თავზე წამომდგარი ჯანსუღი დაინახა: მე შენ წასული მეგონეო, – წაილუღლუღა. ჯანსუღმა ერთხანს ხმა არ გასცა, მერე გახალისდა, ხუმრობის გუნებაზე დადგა და მკვახედ მიუგო – მეც კი მეგონე წასული, მაგრამ აქ ხარ და ფეხის მოცვლასაც არ აპირებო. მეორე დღეს მამაჩემმა ცოტა მოიბრუნა სული და ფანჯრისკენაც გაიხედა. კვლავ თოვდა (ეს ის დრო იყო, ხრუშჩოვი ქართველებს გადასახლებით რომ ემუქრებოდა). – მგონი უკვე გადაგვასახლეს და გვიმალავენო, – თავისთვის ჩაილაპარაკა და პალატაში ისეთი ხარხარი ატყდა, საავადმყოფო აზანზარდა. მას მერე ხშირად გაიგონებდით სხვა ავადმყოფთა ჭირისუფლებისგან, ეს დუმბაძეები ან გიჟები არიან, ან „აფერისტები“, კაცი ნახევრად იქით არის, ამათ სიცილ-კისკისს კი ბოლო არ უჩანსო. გურულებმა კაცი აფრინეს ჩოხატაურიდან, ნოდარას ჯანმრთელობის ამბავი ჩამოგვიტანეო. დიდხანს იბრძოდა ის კაცი პალატის კართან, მაგრამ არ შეუშვეს. დედაჩემმა უთხრა, მშვიდად წადი, აწი არაფერი უჭირს, კარგად არისო. მაინც არ მოიშალა და ჩუმად შეძვრა მამასთან. დიდხანს უყურა წამლებით გაბრუებულს, გამოვიდა, არავისთვის არაფერი უთქვამს, ისე გაბრუნდა ჩოხატაურში. მერე გურულები გვიყვებოდნენ: როცა ვკითხეთ, ნოდარა რაფერაა-თქვა, ასე გვითხრა, ნანულია ამბობს კარგადააო, ცუდად ყოფნას რას უძახის, მაი არ ვიცი მეო…“

პირველი ინფარქტის შემდეგ იწერება ნუ გეშინია, დედა“, თეთრი ბაირაღები“.

სწორედ იმ წლებში რედაქტორობდა ნიანგს“.

მანანა: „ნიანგზე“ გიჟდებოდა. საოცარი ხალხი მუშაობდა „ნიანგში“ – ედიშერ ყიფიანი, ტარიელ ჭანტურია, კლასიკოსები იყვნენ ნიანგში და არაჩვეულებრივი ცინცხალი გონების პატრონები, გივი სამსონაძე, ჯემალ ლოლუა, ნოდარ მალაზონია…  მამა შაყირობდა, მწერალი კი არა სანტექნიკი ვარო, იმიტომ რომ მოდიოდა ხალხი სოციალური პრობლემებით, საჩივრებით, კანალიზაცია გამეჭედა, ამან ეს მითხრა და იმან ეს მითხრა და ამაზე უნდა დაწერათ. დადიოდნენ ამოწმებდნენ, მიდიოდა ჟურნალისტური გამოძიება. სიკვდილივით ეშინოდათ ამ „ნიანგის“. ხანდახან კაი სიცილი რომ მოიმინდება, გადმოვიღებ ხოლმე ძველ ნომრებს და ვხარხარებ…“

ნანული დუმბაძე: „წარმატებას, ხალხის სიყვარულს, აღიარებას, პრემიებს აბსოლუტურად არ შეუცვლია ნოდარი. როგორი ნოდარიც გავიცანი, ისეთი ნოდარი გარდაიცვალა. ბუნებით იყო ასეთი, თორემ არ ვიცი მეტი რაღა უნდა მიეღო, ნობელის პრემიას თუ მიიღებდა. ნოდარი ხალხს ძალიან უყვარდა და დღესაც უყვართ. ნოდარი გარდაცვლილი არაა, დღემდე ნოდარი ცოცხალია, მწერალი რომელიც აღარ იბეჭდება და აღარ იკითხება, ისაა მკვდარი. ნოდარს დღესაც სიამოვნებით კითხულობს ყველა, კვლავ იდგემბა, იბეჭდება, რადიოს ჩართავ, ტელევიზორტს ჩართავ, არ არსებობს რომ არ წავიდეს ნოდარის რაღაც ნათქვამი, ნოდარის წიგნიდან ამოღებული, ბავშვები იწყებენ კითხვას ნოდარის მოთხრობებით… ნოდარი არ მომკვდარა….“


ნოდარ დუმბაძეს სამოთახიანი ბინა მისცეს, მაგრამ ხრუშოვკა“.

მანანა: „რაღაც ძველებურ საათს ყიდდა მეზობელი, დედაჩემს უნდოდა ყიდვა, აუტყდა მამაჩემს, ვიყიდოთ, ვიყიდოთო. რად გინდა ქალო ეს საათი, ციფერბლატი მეზობელთან იქნება და მე გირების კონწიალს უნდა ვუყუროო?

სამოთახიანი ხრუშოვკა იყო, კაბინეტში ვცხოვრონდი მე, სადაც მაგიდა იდგა რომელზედაც წერდა, არადა მამაჩემი დღის განმავლობაში სახლში არ იყო, მუშაობდა, ღამე გრიალებდა, და როდის წერდა ისე მართლა? დიდ ოთახში იდგა პატარა მაგიდა და იმაზე წერდა, კაბინეტის მაგიდაზე დაიწერა „მარადისობის კანონი“. გულრიფშში მუშაობდა ხოლმე ინტენსიურად. რომ  მოაწვებოდა სამ თვეში ამთავრებდა რომანს, ისე რომ გადაწერა არ სჭირდებოდა. ჩვენ ხელნაწერებს ვკითხულობდით ხოლმე, დაწერდა თუ არა, ვეცემოდით და ვკითხულობდით, ყველა რომანი წაკითხული მაქვს ხელნაწერში. ხანდახან იყო რომ, არ უბრუნდებოდა დიდხანს და ვეჩხუბებოდით, რა არის, რა გააჩერე, გვაინტერესებს… პირველ კურსზე ავიწყვიტე, სახლში აღარ მივდიოდი ფაქტიურად, სახლში ვრეკავდი, ლინგაფონის კურსი მაქვს მეთქი… მამაჩემი გიჟდებოდა, უნივერსიტეტია თუ „პადპოლნი“ ორგანიზაციაო. ერთხელაც დავაგვიანე. მივედი სახლში, შევიძურწე ჩემს ოთახში, შევწექი ლოგინში და გვერდით ოთახიდან მესმის, დედაჩემი ეუბნება, მოვიდაო, ჩემი აღარ ჯერა და შენ უთხარიო. მამაჩემს არ უყვარდა ეგეთი რაღაცეები. მეძახის, გოგოო, რატო დაიგვიანე? უი, მამა არ დამიგვიანია…. – უტიფრად ვიმართლე თავი. ქალო, რად მატყუებ ბავშვმა დაიგვიანაო…. ეზარებოდა ჩხუბი… დედაჩემმა, შენგან ხომ არაფერი გამოვა და შენ ხომ გააფუჭე ეს ბავშვები, ლანძღა… ამით დამთავრდა ჩემი დასჯა. მამას არ ჭირდებოდა ჩხუბების მოწყობა, ისეთი კაცი იყო, ვერ გაუბედავდი ვერაფერს. მთელი ცხოვრება სულ ვითვალისწინებდი, ჩემთვის ეს არ შეიძლება, ის არ შეიძლება, მამაჩემზე იტყვიან, მამას ჩრდილი მიადგება… ამ დროს მამაჩემი ბოჰემურად ცხოვრობდა, არიქა ღვინო, დუდუკი…

პირველი ინფარქტის შემდეგ 8 წელი აღარც ეწეოდა და აღარც სვამდა. (თუმცა ამას ვერ დავიჯინებ!). მერე დედაჩემს შეეყარა რაღაც უცნაური სენი: თავის ქალის ახდა და ტვინის ოპერაცია დასჭირდა. იმ დღიდან დაიწყო მამაჩემმა გამხელილად სიგარეტის წევაც და სმაც. რატომღაც რუსულად მითხრა – „ესლი ვაშა მამა უმირაეტ, პუსკაი ვაშა პაპა ტოჯე უმრეტ“-ო. ეს უკვე მერამდენე გამოცდა იყო მის ცხოვრებაში. დედაჩემი გადარჩა. ოპერაციის მერე მოსკოველმა პროფესორმა კანავალოვმა გვითხრა „ია ტამ ვსიო ტშატელნო პოჩისტილ, ვსე დოსტალ, ბოიატსა უჟე ნეჩტო“-ო. ჰოდა მას მერე შეკლული ჰყავდა დედაჩემი, – როგორც კი მისთვის რაიმე უსიამოს იტყოდა, მაშინვე მიახლიდა ხოლმე: „კანავალოვის დედა ვატირე, ამოიღო ხომ ყველაფერი, აღარაფერი ჩატოვა ხომ შიგ, უ, მაგისი…“

ნოდარ დუმბაძე ქალიშვილთან – მანანასთან და სიძესთან – ჯემალ თოფურიძესთან ერთად

მწერლისთვის მორიგი ტრაგედია იყო სიძის ჯემალ თოფურიძის გარდაცვალება. თუმცა, თავიდან მანანას დაოჯახება განიცადა მტკივნეულად.

მანანა დუმბაძე: „რატომ ეგონა რომ არ გავთხოვდებოდი არ ვიცი, მაგრამ დიდი იმედი ჰქონდა რომ არ გავთხოვდებოდი. გავიპარე. ვერც წარმომედგინა რომ, მამაჩემთან ვინმე უნდა მოსულიყო, და ეთხოვა ჩემი ხელი. მე ვერ წარმნოვიდგინე, თორემ ჩემმა დამ, ქეთინომ, 18 წლისამ მოიფიქრა, მშვენივრად, მოიყვანა თავისი საქმრო მშობლებით, ყველაფერი და ოფიციალურად გააკეთა 18 წლის ბავშვმა, და მე 24 წლის დედაკაცმა ეს ვერ მოვიფიქრე, ვერც წარმოვიდგინე…

ნოდარ დუმბაძე ქალიშვილებთან და სიძესთან – გოგიტა მაჭარაშვილთან ერთად

მანანა დუმბაძე: მამაჩემმა ჩემი გაპარვა რომ გაიგო, წავიდა მამიდაჩემთან. მამიდაჩემი, ისეთი ქალია, მსუქანი ქალია, სულ საჭმელს აკეთებს, გიჟდება ჭამაზე, სულ შიოდა მთელი ბავშვობა და ახალ სულ ეშინია რომ მოშივდება და სულ საჭმელს აკეთებს. მამიდაჩემს უთხრა, მომიტანე მშიაო. მამიდაჩემმა გამოუტანა დედალი, მამამ შეჭამა ერთი დედალი, გადავიდა მეორეზე… მამიდამ დედაჩემთან დარეკა, რა ხდება გამაგებინეთ, ნოდარი რატომაა ეგრე, მეორე დედალზე გადავიდაო. უაზროდ ჭამდა… მერე უთხრა რომ მანანა გაიპარა. გათხოვდა. მერე რომ გაარკვია რომ ჯემალი ნიაზ დიასამიძის დისშვილი იყო, იცნობდა დედამისს, გუგული დიასამიძეს, აღმოჩნდა რომ ოჯახებს ახლობლობა აკავშირებდათ და დაწყნარდა. მერე ძალიან დამეგობრდნენ, ძალიან შეუყვარდა ჯემალი. მისი სულიერი მეგობარი გახდა. მამაჩემისთვის ჯემალი იყო სტიმული და ჯემალისთვუის – მამაჩემი. ჯემალის მოთხრობა „გოგია“ რომ წაიკითხა, დილაუთენია 6 საათზე დამირეკა. თავზარი დამეცა, ავადმყოფი მშობლები რომ გყავს რას იფიქრებ დილაუთენია რომ დაგირეკავენ? რომ მითხრა, ჯემალს დაუძახეო, მაშინღა მომეშვა გულზე… ჯემალს უთხრა, ნეტა ეს მოთხრობა მე დამეწერაო.

ჯემალი ისე გაახარა მამაჩემის შექებამ ერთი თვე აღარ გამოფხიზლებულა…“

1978 წელს, ამერიკაში იყო ნოდარ დუმბაძე საბჭოთა და ამერიკელი მწერლების კონგრესზე, ჯემალ თოფურიძე რომ დაიღუპა…

„მხოლოდ ერთხელ მახსოვს, სულ ახალგაზრდა სიძეც რომ დაეღუპა, თავისთავს ხმამაღლა ჰკითხა, ნეტა რით ვერ გამოსცადა განგებამ ჩემი ჭირთათმენა, რომ განსაცდელს განსაცდელზე მატეხს თავსო“ გაიხსენებს გურამ გვერდწითელი.

მანანა დუმბაძე: „მეორე ინფარქტმა გულრიფშში მიიმწყვდია, მარტო. იმდენჯერ მოვკვდი, საიქიოს გზას თვადახუჭული ვაგნებო, ეხუმრებოდა სოხუმელ ექიმებს და იქით ამხნევებდა, ნუ გეშინიათ, სანამ ბოლომდე არ გამომწურავს ბუნება, ვიდრე ბოლომდე არ დამაფქვევინებს ბედის წისქვილი ჩემს საფქვავს, სიკვდილი არ მეღირსებაო… და ხუთი წელი კიდევ იცოცხლა, სასწაულით. „მარადისობის კანონი“ მაშინ აღმოაჩინა“

ნოდარ დუმბაძე შვილიშვილებთან – ნოდარ თოფურიძესთან და ლევან მაჭარაშვილთან ერთად

შვილიშვილები – ნოდარ თოფურიძე, ლევან და ნოდარ მაჭარაშვილები

მამანა დუმბაძე: „შემობრძანდი ბაბუ ორგანიზმში“ – ასე ეუბნებოდა ხოლმე შვილიშვილებს… ჩემი ნოდარიკო 9 წლის იყო მამაჩემი რომ გარდაიცვალა. ნოდარიკოს საოცარი რეაქცია ჰქონდა, საერთოდ აიკრძალა ბაბუაზე ლაპარაკი, ხმას არ იღებდა, იდგა ჭირისუფალში როგორც ჩამოყალიბებული კაცი და იღებდა სამძიმარს. საოცარი ბაბუა იყო. ნოდარიკოს წყლის ეშინოდა და მამაჩემი ასწავლიდა ცურვას. გულრიფშში ჩვენი სახლი პლაჟზე იდგა, იმ დღეს ვერაფრით შევიტყუეთ ნოდარიკო წყალში, მამაჩემი მოვიდა, აიყვანა, ბაბუ ხომ წამოხვალ ჩემთანო და ასე ტანსაცმლით შევიდა და შეიყვანა ბავშვი… პატარა ჩაქუჩი გაუკეთა, დურგლობას ასწავლიდა… ფარეხს აშენებდა, ზედ მანასარდას, რომელიც უნდა ეჩუქებინა ნოდარიკოსთვის და ამ მანასარდის შენებაში, ხან ლურსმანი ჩააჭედებინა, ხან ეს გააკეთებინა, ხან ის გააკეთებინა, რავიცი, ასე ერთად ცხოვრობდბნენ, ძალიან საინტერესო ბაბუა იყო… საავადმყოფოში, სიკვდილის წინ ახლადგამოცემული „ილიკო და ილარიონის“ კითხვა დაიწყო ხმამაღლა, დაიღალა და მერე მე და ქეთინოს გვთხოვა, თქვენ განაგრძეთო. ვკითხულობდით და ვიცინოდით, თვითონაც გულიანად იცინოდა, მერე ხელით გვაჩვენა გეყოფათო. – ეს რა მაგარი რამე დამიწერიაო, თქვა და მშვიდად დაიძინა…  კონსტანტინე გამსახურდიას დასაფლავება მაგონდება. ბატონ კონსტანტინეს ხელით მიასვენებდა სრულიად საქართველო კოლხური კოშკისკენ. რუსთაველის პროსპექტზე რეპროდუქტორები მისი ნაწარმოებების ნაწყვეტებს გადმოსცემდნენ და ხალხი გმინავდა, ისეთი მომნუსხველი და ამაღელვებელი იყო ეს პროცესია. შინ რომ დავბრუნდით, მამაჩემმა უეცრად თქვა, თავი არ მომჭრათ, ბაღნებო, და ჩემს გასვენებაზე იგივე არ გაიმეოროთ (საკუთარი ნაწარმოებების კითხვას გულისხმობდა), თორემ დაწყდება პროცესია სიცილითო“.

ნოდარ დუმბაძე და ნოდარ თოფურიძე (უკანასკნელი ფოტო)

ნოდარ დუმბაძე შეცდა. მწერალთა კავშირიდან მის ცხედარს მზიურისკენრომ მიასვენებდნენ, რუსთაველზე რეპროდუქტორები მის ნაწარმოებებს გადმოსცემენ… მაგრამ არვინ იცინოდა…

მწერლის შთამომავლობა:

შვილები – მანანა დუმბაძე, ქეთევან დუმბაძე.

შვილიშვილები ნოდარ თოფურიძე (იურისტი), ლევან მაჭარაშვილი (რეჟისორი), ნოდარ მაჭარაშვილი (მწერალი)….


%d bloggers like this: