Category Archives: ქართული სიყვარულის ანთოლოგია

ქართული სიყვარულის ანთოლოგია – გიორგი შავგულიძე & ლიზა ვაჩნაძე

მათი გრანდიოზული ქორწილის გადახდა არ დასცალდა ლეგენდარულ კოტე მარჯანიშვილს…

23 წლის ჟორა (როგორც მას ეძახდნენ) შავგულიძეს მსახიობი ლიზა ვაჩნაძე თეატრში შეუყვარდა. მათი ტრფობა სავსე იყო სახალისო ფათერაკებით.

ლიზა ვაჩნაძე „ყვარყვარეში“ გულთამზეს თამაშობდა, შავგულიძე – ერასტის და წისქვილის სცენაში, როდესაც უშანგი ჩხეიძე-ყვარყვარე მუხლზე ისვამდა ვაჩნაძე-გულთამზეს, ერასტი-შავგულიძე თურმე საშინლად ნერვიულობდა და რეპლიკას არ უცდიდა, ისე ხტებოდა საფარიდან, განზე ისროდა ყვარყვარეს და სცენას აფუჭებდა. იმდენჯერ გააფუჭა სცენა, რომ ბოლოს თვითონ შეყვარებულმა უსაყვედურა, გვაცადე თამაშიო. უსაყვედურა და არათუ ადრე აღარ გადმოხტა შავგულიძე საფარიდან, საერთოდ დააგვიანა, ბოლოს თვითონ უშანგი ჩხეიძე ეძახდა – „ჟორჟიკა ბიჭო, გამოდი“. გადმოხტა შავგულიძე და ყვარყვარე იქით ისროლა, გულთამზე აქეთ…

სპექტაკლის მერე გაბუტული ბავშვივით აუხსნა შავგულიძეს  – ამან მთხოვა გვაცალე ალერსიო…  მას მერე კი, რაც უშანგი ჩხეიძემ შავგულიძის პორტსიგარში ლიზა ვაჩნაძის ფოტო ნახა, რეპლიკას ადრე ამბობდა…

აღდგენილ „ხატიჯეში“ ლიზა ვაჩნაძე თამაშობდა ხატიჯეს, ხატიჯეს დედას – მარჯანიშვილის მეუღლე ელენე დონაური (ვაჩნაძე). შავგულიძე – ინჟინერს. ლიზა ვაჩნაძეს და მარჯანიშვილის მეუღლეს სპექტაკლში ერთნაირი, შავი კაბები ეცვათ და სახეზე შავი ჩადრები ჰქონდათ ჩამოფარებული, მარჯანიშვილის მეუღლე ლიზა ვაჩნაძეზე ადრე მოიკაზმა, ჩავიდა კულისებში და… მას ზურგიდან მოეხვია შავგულიძე. ჯერ მარჯანიშვილის მეუღლე გადაირია, შემდეგ  –შავგულიძე როცა ხელში შეყვარებულის ნაცვლად რეჟისორის ცოლი შერჩა.

მარჯანიშვილმა მეორე დილით წყვილად დაიბარა შავგულიძე და მისი სატრფო. მარჯანიშვილმა აღელვებულ და აწურულ შავგულიძეს თბილად დაუცაცხანა – რაო, ფიქრობ რომ ყველა ვაჩნაძეს უნდა ეხვეოდე? მაცადეთ, დავბრუნდები მოსკოვიდან და თეატრში გრანდიოზულ ქორწილს გადაგიხდით! დაპირდება მარჯანიშვილი შეყვარებულებს, მაგრამ ის მოსკოვიდან ვეღარ დაბრუნდება… შავგულიძე დაობლდება…

დაობლდება რადგან მარჯანიშვილი იყო მისი გენიის აღმომჩენი.

ქუთაისელებს მანამდეც არაერთხელ უნახავთ საუცხოოდ, ათლეტურად აღნაგი, მზეზე ბრინჯაოსფრად აელვარებული ჭაბუკი ჟორა შავგულიძე როგორ ეშვებოდა ისარივით რიონის ტალღებში, იმჯერად მოსხლეტით გადაეშვა ადიდებულ რიონში ბავშვის გადასარჩენად და…  აღმოჩნდა ქართულ თეატრში, რადგან ამ ფაქტს კოტე მარჯანიშვილი შეესწრო. ტანმშვენიერი ჭაბუკით და მისი საქციელით მოხიბლულმა რეჟისორმა გიორგი შავგულიძეს ვინაობა გამოჰკითხა.

„შავგულიძე ვარ ბატონო კოტე“.

მარჯანიშვილი გაიკვირვებს. „თქვენ ვინ არ გიცნობთ ბატონო კოტე, მე თეატრი ძალიან მიყვარს და ყოველდღე ქანდარაზე ვზივარ“. მარჯანიშვილი იმასაც შეიტყობს რომ ჭაბუკმა სკოლა დაამთავრა, მაგრამ უმაღლესში სწავლას ვერ აგრძელებს – მამა ჰყავს რეპრესირებული.

კოტე მარჯანიშვილი მას თეატრში იბარებს და იწყება მარად დაუვიწყარი არტისტის მოღვწეობა. არადა, გიორგი შავგულიძე მხოლოდ 18 წლის იყო, მაგრამ მარჯანიშვილის გენია იოლად ცნობდა მომავალ გენიებს.

მარჯანიშვილის შეპირებული გრანდიოზული ქორწილი ვერ შედგება, მაგრამ გიორგი შავგულიძე და ლიზა ვაჩნაძე იქორწინებენ. გიორგი შავგულიძე სპექტაკლის დაწყების წინ შეიტყობს რომ ტყუპი ვაჟი შეეძინა, იმ სპექტაკლში კი („კაკალ გულში“), ის თამაშობდა ჩინოვნიკს, რომელიც სცენაზე ყბაახვეული შერბოდა და სთხოვდა შინ გაშვებას  –კბილი მტკივაო. იმ დღეს კი ყბა არ აუხვევია, ისე შევარდნილა სცენაზე  – ტყუპი ბიჭი შემეძინა სახლში გამიშვითო…

ახალგაზრდა ცოლ-მქარი უმძიმეს პირობებში, 11 კვადრატულმეტრიან ოთახში ზრდიდნენ ტყუპებს. ამ პირობებმა უდროოდ იმსხვერპლა ერთი ვაჟი…  მათი საბინაო პირიბები, არც ბავშვის დაღუპვის შემდეგ გამოსწორებულა და არც ომის დამთავრების შემდეგ, 1948 წელს, როცა  მეორე ბიჭიც გაუხდათ ავად ჯირკვლების ანთებით, ლიზა ვაჩნაძემ კვლავ განაახლა განცხადებების წერა, კვლავ უშედეგოდ. სასოწარკვეთილმა დედამ გადაწყვიტა, როგორც მშობელს მშობლისთვის წერილი მიეწერა ცეკას მდივნისთვის, კანდიდ ჩარკვიანისთვის. მისი ვაჟი – გელა ჩარკვიანი ნუკრი შავგულიძის კლასელი იყო. აეხსნა, რა პირობებში უწევდა ცხოვრება მისი შვილის თანაკლასელს. კონვერტს დააწერს „კანდიდ ჩარკვიანს“ და შვილს ძლივს დაიყოლიებს, რომ გელა ჩარკვიანს წიგნი ეთხოვოს, კონვერტი ჩადოს და დაუბრუნოს. სასოწარკვეთილი დედა ფიქრობს, ბავშვი რომ კონვერტს ნახავს მამის სახელზე, აუცილებლად გადასცემს მშობლებს. ასეც მოხდება და  კანდიდ ჩარკვიანი 2 ოთახიან ბინას მისცემს. მთელ ამ კეთილშობილ ამბავში კი ყველაზე სევდიანი ისაა, რომ ჟორა შავგულიძეს, უკვე სახელოვან არტისტს, ბინის ამბავი პატარა ბავშვივით გახარებია,  ბავშვივით დარბოდა ოთახებში…

გიორგი შავგულიძე – მას ადრიდნენ რომაულ ქანდაკებებს. „…შავგულიძის ახოვანი, შესანიშნავად ჩამოქნილი, ლამაზი ტანი, დიდი ოსტატის ხელით გამოქნილი ქნადაკების მსგავსი“ (ვერიკო ანჯაფარიძე). „შავგულიძის ათლეტური აღნაგობის ლამაზი ტანი მეტოქეობას უწევდა რომელ ოსტატთა ანტიკურ ქანდაკებას“ (ვახტანგ ტაბლიაშვილი). „რომაულ ტოგას ისეთი ლაზათით ატარებდა, თითქოს ტოგით იყო დაბადებული, მის ათლეტურ აღნაგობას ხომ ყველაფერი შვენოდა…“ (გიგა ლორთქფიანიძე).

გიორგი შავგულიძე – ის იყო კაცი – ქართული სულის პლასტიკური ხატება… კაცი რომელმაც ლადო გუდიააშვილს დაბადებიდან 60 წლის და მოღვწეობის 40 წლის იუბილეზე საჩუქრად უძღვნა 40 ცოცხალი ფრესკა… მარჯანიშვილის თეატრის სხაელით მილოცვა მას დაავალა ვერიკო ანჯაფარიძემ და ისიც კინოტოს სამოსში გამოწყობილი გამოჩნდა 40 საფეხურიანი კიბის თავში – ხელში ეული მიხაკით. ეშვებოდა კიბეზე და  ყოველ საფეხურზე ცვლიდა ილეთს და ნახაზს. ყოველი მისი ჩამოსვლა გუდიაშვილის ფრესკას ჩამოჰგავდა…

გიორგი შავგულიძე 49 წლის დაიღუპა – პლეხანოვზე ტროლეიბუსი დაეჯახა. და იმსხვერპლა. ლიზა ვაჩნაძე სცენაზე იდგა იმ დროს, როდესაც გიორგი შავგულიძე ტრაგიკულად დაიღუპა. სპექტაკლში თამაშობდა თანამდებობის პირის ცოლს, რომლის ქალიშვილს ინსტიტიტის დამთავრების შემდეგ რაიონში ანაწილებდნენ და ის მოთქმით გოდებდა „რა უბედური ვყოფილვარ“. ამ გოდების დროს დარბაზი ხარხარებდა ხოლმე, მაგრამ იმ დღეს არავის გაუცინია…

დაიბეჭდა გაზეთ “ქრონიკა+”-ში.

ქართული სიყვარულის ანთოლოგია – ელისაბედ ჩერქეზიშვილი & ნიკო ხიზანიშვილი

სიყვარული ამშვენიერებს ადამიანებს, მაგრამ არც თუ იშვიათად თავად ადამიანებიც ამშვენებენ სიყვარულს.

ახალგაზრდა მამაკაცს განათხოვარი ქალი შეუყვარდება. არ დაგავიწყდეთ, ჯერაც მე-19 საუკუნეა, მაგრამ ამ ახლაგზარდა ქალმა, ელისაბედ ჩერქეზიშვილმა გაბედა და გადადგა თამამი ნაბიჯი – უვარგისი მეუღლე მიატოვა, უსიყვარულოდ შექმნილი ოჯახი დაანგრია და კარი გაუღო დიდ სიყვარულს.

ახალგაზრდა მამაკაცი – ნიკო ხიზანიშვილია, ილია ჭავჭავაძის უახლოესი მეგობარი, სახელგანთქმული პუბლიცისტი („ნიკო ურბნელი“), ეთნოგრაფი, ისტორიკოსი და რაც მთავარია იურისტი. იმდენად კვალიფიციური იურისტი და იმდენად ერთგული ერის მამის, რომ მას ილიაზე ადრე გამოასალმებენ წუთისოფელს, რომ მან არ გამოიძიოს შემდეგში ილიას მკვლელობა…

ქალი – ელისაბედ ჩერქეზიშვილი – ლეგენდარული ქართველი მსახიობი, ლეგენდარული „ხანუმა“, ქალი, რომელსაც აღიარებენ მოსკოვის სამხატვრო თეატრის დონის მსახიობად და ქალი, რომელიც პროტექციას გაუწევს ახალგაზრდა, ახალ ნასალდათარ მიხეილ თუმანიშვილს, რომელიც შემდეგ გახდება მხედართმთავარი ქართული თეატრის… ელისაბედ ჩერქეზიშვილი – ქალი, რომელიც უკანასკნელ ამოსუნთქვამდე, მე-20 საუკუნის შუამდე დაიარებოდა ქართულ ეროვნულ სამოსში… ელისაბედ ჩერქეზიშვილი – არტისტი, რომელიც 85 წლის ასაკაში გარდაიცვალა – გასტროლზე მიმავალი…

ამ სიყვარულის ისტორიას ამშევენებენ მეჯვარეებიც – მათ ქორწილში მეჯვარეებად საკუთარი ვაჟები ჰყავდათ…

ამ სიყვარულის ისტორიას ამშვენებენ მათი ვაჟების ნათლიებიც – პირველი ვაჟის ნათლიები იყვნენ დიდი ილია და ლეგენდარული მაკო საფაროვა -აბაშიძისა, მეორე ვაჟის – ოლღა გურამიშვილი…

ელისაბედ ჩერქეზიშვილი 1863 წელს დაიბადა, ქართლში, გორის მაზრის სოფელ კოშკაში, გაღარიბებული აზნაურის – ალექსნადრე ჩერქეზიშვილის ოჯახში. 40-ს მიტანებულმა ღარიბმა აზნაურმა ცოლად თავადის ქალი მარიამ ფავლენიშვილი-მხარგრძელი შეირთო. გაღარიბებული აზნაური მეურნეობას მისდევდა, შვებას პატარ-პატარა მოთხრობების წერასა და „ბუზიკის“ დაკვრაში ჰპოვებდა, ვაჟს ელოდა და იმედი გაუცრუვდა – ქალი შეეძინა, რომელიც მალე მისივე აღსაზრდელი გახდა, რადგან ცოლი, ხელგაშლილ ცხოვრებას ნაჩვევი თავადის ქალი სიღარიბეს ვერ ჰგუობდა და თვეობით გარბოდა თავის დიდგვაროვან ნათესავებში. სწორედ ამ ნათესავების დახმარებით, დედამ პატარა ლიზა წმიდა ნინოს სასწავლებელში ჩაარიცხინა სახელმწიფო ხარჯზე, მაგრამ მამა წინააღდეგი წავიდა. ქმრისგან ჩუმად, ცოტა მოგვიანებით, დედა მაინც მიაბარებს ლიზას გორში, ხრუშოვების კერძო სასწავლებელში, მაგრამ სწავლა დიდხანს ვერ გასტანს – სულ 6 თვე და დედა იძულებული გახდება ანგარიში გაუწიოს ქმარს. მამა თვითონ ასწავლის ლიზას „ბუზიკის“ დაკვრას და „ვეფხისტყაოსანს“, რომელიც თავად მთლიანად ზეპირად იცოდა. 10 წლის ლიზა უკვე სახელგანთქმული მომლხენი, მოცეკვავე და „ბუზიკის“ დამკვრელი იყო ახლო-მახლო სოფლებში. ოსტატურად ბაძავდა მოხუც ქალებს. ორღობე სცენად გადააქცია – უსაქმოდ შეკრებილ ქალებს რომ დაინახავდა, რომელიმეს დედამთილის როლში შეიჭრებოდა და „რძალს“ თავზარს სცემდა.

თუ სოფრომ მგალობლიშვილს ვერწმუნებით, სწორედ პატარა ელისაბედ ჩერქეზიშვილი იყო ცელქი კატოს პროტოტიპი – ნიკო ლომოურის „ქაჯანაში“.

დედა გაუთავებლად თავის დიდგვაროვან ნათესაობაში დაიარებოდა და დაატარებდა პატარა ლიზას და სწორედ იქ გადაეყარა თავის ბედისწერას 16 წლის ლიზა. ტირძნისში, ქორწილაში ლეკური დაუარა და დეიდის მაზლმა – გიგა მაჩაბელმა დაადგა თვალი. შფოთისთავს, უსწავლელსა და უხეშ გიგა მაჩაბელს უკვე განიავებული ჰქონდა ქონება, მაგრამ თავადი იყო და ეს საკმარისი იყო ლიზას დედისთვის – რომელიც თავად სიძეზე ოცნებობდა. ლიზა უარზე იდგა, ავადაც გახდა დარდისგან, მაგრამ დედამ თავისი გაიტანა და ჯვარი დასწერა და მხოლოდ ამის შემდეგ წარუდგინეს მუდრეგი სიძე ლიზას მამას. გულნატკენ მამას, დედა გესლიანად უპასუხებს – „მაშ აზნაურსა და მეფუტკრეს მივათხოვო“?

გულმოკლული, თვალცრემლიანი მამა ქალიშვილს გადაკოცნის, უსურვებს ბედნიერებას, ეტყვის რომ ვერ დაესწრება მათ ქორწილს და  წავა… წავა სამუდამოდ, რადგან დარდისგან მალე გარდაიცვლება და ლიზა სამარემდეც ვერ მიაცილებს, რადგან უკვე ფეხმძიმე იქნება იმ დროს. სიძე შფოთისთავი და ავადმყოფურად ეჭვიანი გამოდგება, გაუთავებლად რევოლვერს ატრიალებდა, ჰქონდა „ექსკლუზიური“ ნომერიც – გაცეცხლებული ფაფახს იხდიდა, ჰაერში ისროდა და ცხრილავდა, მერე იხურავდა და ცხენს აღმა-დაღმა დააჭენებდა. 18 წლის ლიზამ უპრეცედენტო რამ ჩაიდინა, წერტილი დაუსვა ჯოჯოხეთში ცხოვრებას – ხელი მოჰკიდა პატარა ნუცას, ქმარი მიატოვა და დედასთან დაბრუნდა. მაჩაბელი არ ისვენებდა, ხშირად აწიოკებდა, არც განქორწინების ნებას აძლევდა. ლიზამ ამასაც დაუსვა წერტილი – მეორედ გათხოვდა, თუმცა წინა ქმარი მაინც არ ეყრებოდა და მხოლოდ 15 წლის შემდეგ, როცა მაჩაბელი მოკვდა, მერეღა დაიწერეს ჯვარი ნიკო ხიზანიშვილმა და უკვე სახელგანთმქულმა მსახიობმა ელისაბედ ჩერქეზიშვილმა და… და მეჯვარეებად საკუთარი ვაჟები ჰყავდათ…

მათი სიყვარული კი მაშინ დაიწყო, როცა ლიზა 18 წლის იყო, უკვე განათხოვარი და სასამართლოს მწერალმა ვანო სვიმონიშვილმა მათთან სტუმრად მიიყვანა ნიკო ხიზანიშვილი, რომელიც იმხანად ცხინვალში მუშაობდა მოსამართლის თანაშემწედ.

ნიკო ხიზანიშვილს დამთავრებული ჰქონდა ჯერ გორის, შემდეგ თბილისის სემინარია, სწავლობდა ბერძნულ და ლათინურ ენებს, 20 წლისა სასწავლად ოდესის უნივერსიტეტში წავიდა, დაამტავრა იურიდიული ფაკულტეტი და სამშობლოში 25 წლისა დაბრუნდა. მსახურობდა თბილისში, სასამართლო პალატაში, შემდეგ შორეულ ზანგეზურის მაზრაში გადაიყვანეს, შემდეგ ცხინვალში…

 30 წლის ნიკო 18 წლის ლიზას ჰკითხავს – „პატარა კნეინავ, როგორ სძლებთ ამ მიყრუებულ სოფელში, ან გაზეთები მოგდით, ან წიგნებს კითხულობთ რასმე?“

პატარა კნეინა დაბალი ხმით უპასუხებს, რომ არც გაზეთები იშოვნება და არც წიგნები აქვს რამე ისეთი, რომ განვითარდეს. ნიკო დაპირდება წიგნების, გაზეთების გაგზავნას, მონახულებასაც.

„ნიკომ  ერთი დღის სტუმრობით მომაჯადოვა, მძლავრმა სიყვარულმა იფეთქა და თან ჩაიტანა ჩემი გონებაც და თავმოყვარეობაც. მინდოდა ნიკოსთვის მეთქვა, თან წამიყვანე ქმრით უბედური, დაჩაგრული ვარ, მე თქვენთან ცხოვრება მინდა სიკვდილამდე მეთქი. წავიდა ნიკო, თან გაჰყვა ჩემი ოცნება. ნიკო არ მივიწყებდა, ცხინვალიდან მალი-მალ მიგზავნიდა გაზეთებს, ჟურნალებს, წასაკითხ წიგნებს, მეტად მომხიბლავ წერილებს მწერდა, დამამშვიდებელს“ – იტყვის შემდეგ ელისაბედ ჩერქეზიშვილი.

სწორედ იმ პერიოდიდან აქვეყნებს ნიკო ხიზანიშვილი წერილებს „დროებაში“, მას მერე რაც „დროების“ რედაქტორი მისი მეგობარი ივანე მაჩაბელი ხდება, ის კიდევ უფრო აქტიურად თანამშრომლობს „დროებასტან“, მისით ინტერესდება ილია ჭავჭავაძეც და „ივერიაში“ თანამშრომლობასაც სთხოვს. მეტიც, მუდმივ თანაშრომლად გადასვლასაც სთავაზობს, ნიკოს უნდა თბილისში გადასვლა, მაგრამ იურისტობას ვერ ელევა. „ივერიაში“ არ გადადის, მაგრამ თანამშრომლობს, აქვეყნებს წერილებს. ილია და ნიკო ხიზანიშვილი დამეგობრდებიან და სწორედ ილია გადმოაყვანინებს გამომძიებლად თბილისში და მეტიც, ბინასაც ტავის მეზობლად მიუჩენს. ეს მოხდება 1886 წელს. სწორედ იმ წელს შედეგება 23 წლის ელისაბედ ჩერქეზიშვილის დებიუტი პროფესიულ სცენაზე. მანამდე, 21 წლის იყო სცენისმოყვარეებთან რომ გამოვიდა პირველად სცენაზე.

ლიზა წარსდგა პუბლიკის წინაშე და იმთავითვე მიიქცია ყურადღება, როგორც უნიჭიერესმა აქტრისამ, იგი მალე ნატო გაბუნიას ღირსეულ მემკვიდრედაც აღიარეს და ახალბედა მსახიობი, ნატო გაბუნიას როლებში ჯერ კიდევ მაშინ გამოდიოდა, როცა სცენაზე იდგა და ქუხდა ნატო გაბუნია.

სოფლიდან ჩამოსული პატარა კნეინა კი, მალე შეიქნა იმდროინდელი ნაღები საზოგადოების სული და გული. ნიკო ხიზანიშვილისა და ლიზას ოჯახს ხშირად სტუმრობდა ილია ჭავჭავაძე, ვაჟა-ფშაველა, არტურ ლაისტი, ნიკო ნიკოლაძე, ანტონ ფურცელაძე, ბაჩანა, ვასო აბაშიძე, მაკო საფაროვა,  ნატო გაბუნია… ილიას სტუმრობისას „სოფლელ კნენინას“ უჩვეულო რამ ემართებოდა  -აღტაცებისგან კანკალებდა, ხელები უცახცახებდა, თვალები უჭრელდებოდა, ხელის ჩამორთმევისას ან ზედ ეხლებოდა, ან ბორძიკობდა, ჩაის მირთმევისას – ნახევარს გზაში ღვრიდა…

ელისაბედ ჩერქეზიშვილის ბედბიერება დიდხანს არ გაგრძელებულა. 1905 წელს, 9 ნოემბერს პირველად ესროლეს ნიკო ხიზანიშვილს. ესროლეს სამჯერ, ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს. მაგრამ ერთი წლის შემდეგ თავდასხმა განმეორდა და ილიას მკვლელობამდე 8 თვით ადრე, ნიკო ხიზანიშვილი მოკლეს… ილიას მკვლელობამდე ლიზა ჩერქეზიშვილის 23 წლის ქალიშვილი ნუცა გააციმბირეს სამხედრო ორგანიზაციაში მონაწილეობისთვის. ნუცას დაპატიმრება ვერ გადაიტანა ლიზას დედამ და გულის დამბლით გარდაიცვალა. სამიოდე თვეში კი ლიზა ჩერქეზიშვილს ბოლო საყრდენიც გამოაცალეს – ილია მოკლეს…

ყველა ტრაგედია ისევ სცენამ გადაატანინა, ისევ სცენამ გააძლებინა. ქართულ კინოში 60-ს მიტანებული გამოჩნდა და პირველმა შექმნა ქართველი დედის სახე „არსენა ჯორჯიაშვილში“, შემდეგ არაერთი როლი განასახიერა, ჩვენ ის გვახსოვს ფილმ „ქეთო და კოტედან“, სადაც  მაკარის დედას განასახიერებს… მუნჯ კინოში კი სწორედ ელისაბედ ჩერქეზიშვილმა განასახიერა ხანუმა. სწორედ ელისაბედის სცენაზე წარმატებულმა ხანუმამ აფიქრებინა ალექსანდრე წუწუნავას „ხანუმას“ გადაღება. სწორედ ელისაბედისთვის აღადგინეს „ხანუმა“ მარჯანიშვილის თეატრში და 70-ს გვარიანად გადაცილებულმა ელისაბედმა, სამ სეზონში 99-ჯერ ითამაშა ხანუმა. მისი დაღლა არ არსებობდა. 83 წლის იყო გასტროლიდან გასტროლზე რომ დაიარებოდა. ბათუმში გასტროლის დროს, წვეულებაზე ყველა კაცთან იცეკვა ლეკური, ყველა დაღალა და ნუცა ჩხეიძეს გადაუჩურჩულა „ეს შეჩვენებული მამაკაცები აღარაფრად აღარ ვარგანან. ხედავ დაიღალნენ, მე კი ეხლა გამეხსნა ცეკვის მადა“…

დადიოდა გასტროლებზე და როგორც ამბობენ, ერთი ჩვევა ჰქონია, არსად ლოგინში არ წვებოდა, სკამზე ან მაგიდაზე იძინებდა. სწორედ ასე დაწოლილა სამტრედიაში გასტროლებისას 84 წლის ლიზა, მაგიდიდან გადმოსვლისას მაგიდა აყირავებულა, ლიზა წაქცეულა და წარბი გაუხეთქვას, ბევრი სისხლი დაუღვირა, მაგრამ მაინც უთამაშია – უთამაშია ცალთვალა ხანუმა. სამტრედიიდან ხონში წასულა, ხონიდან კოჯორში, კოჯრიდან ახალქალაქში, ახალქალაქში გაციებულა, ფილტვების ანთება დამართნია, მაგრამ მაინც არ შეშვებია სცენას, ცოტა მომჯობინებულა თუ არა, ისევ სცენაზე ასულა. გასტროლებზე სიარული არც შემდეგ შეუწყვეტია, იმ დღესაც გასტროლზე მიიჩქაროდა 85 წლის არტისტი, ბოლნისში უნდა ეთამაშა ხანუმა, ავტოსადგურში წაბარბაცდა, წაბარბაცდა და სული განუტევა…

დაიბეჭდა გაზეთ “ქრონიკა+”-ში.

ქართული სიყვარულის ანთოლოგია – ლევან წულაძე&მანანა კაზაკოვა

საქართველოში უბედურება ტრიალებს, აფხაზეთში ომია. არც ახლადომგამოვლილ თბილისში დგას მშვიდობა. უშუქობა, სროლები ქუჩაში… და მაინც – ცხოვრება გრძელდება. პაემანი ოპერასთან.

ბიჭი 27 წლისაა, გოგო – 23 წლის. ბიჭმა ეს-ესაა დაამთავრა სარეჟისორო ფაკულტეტი და უკვე პედაგოგია თეატრალურ ინსტიტუტში. სწორედ იქ გაიცნო გოგონა – ჯერ კიდევ სტუდენტი. თუმცა,  გოგონას ის არაერთხელ ჰყავდა სცენაზე ნანახი. ეს მაშინ, როცა ბიჭი ჯერ კიდევ სამსახიობოზე სწავლობდა, აი,  იმ გახმაურებულ ჯგუფში, გიზო ჟორდანიას ჯგუფში, სადაც სწავლობდნენ მერაბ ნინიძე, ნანუკა ხუსკივაძე, გოჩა კაპანაძე და ა.შ. ამ ჯგუფის სპექტაკლებზე, მაშინ მთელი თბილისი დაიარებოდა. დადიოდა ეს გოგონაც. ბიჭი ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა რომ მაყურებელთა დარბაზში იჯდებოდა გოგონა, რომელსაც მოგვიანებით გაიცნობდა და ცოლადაც შეირთავდა. ვერც გოგონა ვერ წარმოიდგენდა მაშინ, რომ სცენაზე მომავალ ქმარს უყურებდა, ის კი არა, დაახლოებემდე ცოტა ხნით ადრე, როცა ქუჩაში მიმავალ ახალგაზრდა რეჟისორს უყურებდა, ფიქრობდა კიდეც, ასეთი კარგი ბიჭი როგორ დადის ეულად, როგორ უშვებენ გოგოები ამ ბიჭს ხელიდან? გოგოებს რომ კითხო, სადღა არიან კარგი ბიჭებიო, ეს ბიჭი კი მარტოა…

და აი, მათი პაემანიც. გოგონა – მანანა კაზაკოვა შავ პალტოში. ბიჭი – ლევან წულაძე, იგივე ჭოლა, მოგვიანებით გაარკვევს რომ ის შავი პალტო, მანანასი კი არა, დედამისისაა. გაარკვევს მაშინ, როცა მანანას დედა უკვე სიდედრი იქნება… შეყვარებულობის ხანა გასტანს…. სულ რამოდენიმე დღეს – ერთ კვირას. მათი სიყვარულის ისტორია სწორედ ამითაა გამორჩეული – ხანმოკლე შეყვარებულობის პერიოდით და მრავალწლიანი ცოლ-ქმრობით…

მრავალწლიანი ცოლ-ქმრობის შემდეგ მანანა იტყვის რომ ლევანის მხრიდან ის ერთი კვირაც გმირობის ტოლფასი იყო: „ლევანი საერთოდ არ არის აქტიური ადამიანი, არადა, იცით, როგორ აქტიურობდა? ეტყობა, მართლა ძალიან შევუყვარდი ან მოვეწონე, პაემანზეც მოდიოდა ყვავილებით, ტელეფონზეც კი მირეკავდა! აი, რაც ცოლ-ქმარი ვართ, შემიძლია, თითებზე ჩამოვთვალო, რამდენჯერ აქვს ჩემთან დარეკილი!“ …

ან როგორ უნდა გაგრძელებულიყო მათი რომანი? არც კინო იყო, არც თეატრი, ვერც კაფეში წავიდოდნენ, ვერც ბარში, ესეირნათ? ქუჩაშიც ისროდნენ. ამიტომაც სეირნობდნენ მეტროში – ყველაზე უსაფრთხო ადგილას, მაგრამ რამდენ ხანს ისეირნებ მეტროში?

მოკლედ, ჭოლას საცივივით შეუყვარდა მანანა… საცივივით რატომ? მას არაფერი ისე არ უყვარს, როგორც საცივი…

ჭოლამ ცოლობა შესთავაზა მანანას. მანანა დათანხმდა. დაქალები კამიკაძეს ეძახდნენ, – ასე დაუფიქრებლად როგორ მიყვებიო, მაგრამ მანანა ასე არც მაშინ ფიქრობდა და არც დღეს არ მიიჩნევს, რომ გარისკა. ლევანს მანამდეც იცნობდა, ამის გარდა, რაც მისთვის მთავარი იყო, იმას ხედავდა ლევანში – ისინი ერთ ენაზე საუბრობდნენ, უთქმელად ესმოდათ ერთმანეთის…

მანანას უეცარი გადაწყვეტილება, არც მამამისს – მიშა კაზაკოვს გაჰკვირვებია. ან მანანას უეცარი გათხოვება, რას გააკვირვებდა რუს არტისტებში ნიჭის გარდა, ქორწინების სიმრავლით გამორჩეულ მიშა კაზაკოვს?

მანანა კაზაკოვა: „თან ისე დაემთხვა, რომ ზუსტად ერთი თვით ადრე დამირეკა და ტრაგიკული ხმით მითხრა, ცოლს გავშორდი და მარტო ვარო. რომ ვთხოვდებოდი, დავურეკე, ვთხოვდები-მეთქი. მამამ მითხრა, მეც ვქორწინდებიო… ასე რომ, სინქრონში ვიქორწინეთ და მე და მამაჩემს ტოლი შვილები გვყავს, იმისი ჩემს თინათინზე ნახევარი წლით უმცროსიც კი არის…“

მოკლედ, ლევანი შესთავაზებს ცოლობას. მივა ხელის სათხოვნელად. მიუტანს ფრანგულ კონიაკს. რომელსაც მერე უკან წამოიღებენ – უკვე ერთად და ერთადვე დალევენ… მივლენ ლევანის სახლში მეგობრებთან ერთად და… დედამთილს სხვა გოგო ეგონება რძალი. მიზეზი? შუქი არ იყო… შუქი არც მაშინ ჰქონდათ, როცა შინ 30 კაციანი ქორწილისმაგვარი ქორწილი ჰქონდათ.

ქორწილი: სუფრაზე სანთლები, ბლომად ბუტერბროდები – ბევრნაირი. თამადა – ლევან ბერიკაშვილი და სადღეგრძელოები – სულ წასულების, იმდენად რომ ვერ გაიგებდი ქორწილი იყო თუ ქელეხი…

მას შემდეგ ერთად არიან, აგერ უკვე ამდენი წელიწადია. მათ სახლში არავინ ამბობს – სამსახურში მივდივარ. უმუშევარი არც ერთია, არც ყოფილან – უბრალოდ, მათ სულ თეატრში ეჩქარებათ. თან ერთ თეატრში. ჯერ სარდაფში მიიჩქაროდნენ, ახლა, აგერ უკვე ამდენი წელია მარჯანიშვილის თეატრში. თუმცა, როგორც მანანა ამბობს, რეჟისორის ცოლობა მისთვის პრივილეგია არასოდეს ყოფილა. „ლევანთან პრივილეგიებით კი არ ვსარგებლობ, პირიქით, ვიჩაგრები, შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვს, პირველ რიგში, მე მაძლევს ხოლმე შენიშვნებს. მახსოვს, თინათინი სამი თვის მყავდა, რეპეტიციებიდან სიგარეტის მოსაწევ შუალედებში მოვრბოდი ბავშვთან. ლევანი არანაირ შეღავათს არ მიწევდა და ამბობდა – „თუ გყავთ შვილი, დაჯექით სახლში“.

კომედიების დადგმის ოსტატი ჭოლა, შინ  სულ სხვანაირი ყოფილა – „აქვს იუმორი, კი არ ვამბობ რომ „ბაბაიაგაა“, მაგრამ ნაკლებად… ხომ სჭირდება ადგილი, სადაც ცოტა მოეშვება და არ იფიქრებს, რომ ვიღაცას მოაწონოს თავი. ლევანი თვლის, რომ რახან რეჟისორია, უნდა იქცეოდეს განსაკუთებულად, მაგალითად, როცაა თამადა, უნდა აიღოს ყველაფერი თავის თავზე, მოყოლაც, იუმორიც…  სახლში კი გაცილებით სხვა ტიპია, იმდენად, რომ არც სჯერათ ხოლმე და როცა დასასვენებლად ვართ, ყველას უკვირს და მეკითხებიან – ცუდ ხასიათზეა ლევანი? მეც ვპასუხობ – არა, სახლში ასეთია! ლევანს შინ ნაკლებად უყვარს ლაპარაკი, სერიოზული, გულჩათხრობილია. როცა ახალ სპექტაკლზე იწყებს მუშაობას, დანა კბილს არ უხსნის. იფიქრებ, რომ რაღაც დაუშავე…“

ისინი დიდ დროს ატარებენ სამსახურში ერთად და ამიტომ მათ სახლში თეატრის ადგილი აღარაა – თეატრის ამბებს შინ აღარ იხილავენ. შინ მათ სხვა საერთო ინტერესები აერთიანებთ – კინო, ლიტერატურა. ჭოლას უყვარს, როცა მანანა ხმამაღლა უკითხავს წიგნებს… მანანას უყვარს, როცა ჭოლა ამბობს, რომ იმ დღეს თავად მოამზადებს კერძს. როცა ჭოლა ამას ამბობს – შინ ყველა მოუთმენლად ელის მის მომზადებულ საჭმელს. სამზარეულოში ტრიალი მანანასაც უყვარს და ეხერხება და სიცილით ამბობს კიდეც – რომ შედეგი ჭოლას ეტყობა კიდეც… ისინი ერთად ცხოვრობენ უკვე ამდენი წელია და მანანა ამბობს, რომ ლევანი არა მხოლოდ უყვარს, მასთან ცხოვრებაც აინტერესებს – „ლევანი საინტერესოა ადამიანია“ – ამბობს იგი და არც იმას მალავს, რომ ხშირად უხსნის მას ჭოლა სიყვარულს, უხსნის სცენიდან – დიახ, ამა თუ იმ სცენაში, ისეთ ეპიზოდს აქვსოვს, მანანამ რომ ზუსტად იცნოს მათი ისტორია…

დაიბეჭდა გაზეთ “ქრონიკა+”-ში.

ქართული სიყვარულის ანთოლოგია –  რამაზი & ნატაშა

ქალი – ნატაშა კობახიძე – სწორუპოვარი თეატრალური პროდიუსერი. მისი ეშხი აშტერებდა ყველას. ნოდარ გურაბანიძე ასე გვიხატავს ნატაშას პორტრეტს:  „ნატალია იმთავითვე ტიპიური მოსკოვური შარმითა და მომხიბლავობით გამოირჩეოდა. ულამაზეს სლავ ქალთა საზოგადოებაშიც აშკარად განუმეორებელი იყო არა მხოლოდ უზადო გარეგნობით და ჩამოქნილი სხეულით, არამედ ევროპულ-აღმოსავლური იერის იშვიათი მიმზიდველობის ძალითაც. აქ ერთმანეთს ერწყმოდა პლასტიკა და ქალური სინაზე, მკვეთრი ნაკვთები და სილბო, ძალა და მიბნედილობა. როცა ახლოს გავიცანი, განცვიფრებული დავრჩი მისი ინტელექტით და აზროვნების სიცხადით. მხოლოდ სარაინდო რომანებში თუ შემხვედრია ასეთი ლამაზი და ჭკვიანი ქალბატონები, რომელთა გულისთვის თავგადასავლების მოყვარული ვაჟკაცები არავითარ ფათერაკს არ ერიდებიან“…

ფათერაკები ვერ შეაშინებს რამაზ ჩხიკვაძეს. ლეგენდა გემზე დაიწყება. რუსთაველის თეატრის ახალგაზრდა მსახიობები გურამ საღარაძე და რამაზ ჩხიკვაძე ოდესაში წავლენ – ხანმოკლე შვებულების გასატარებლად. წავლენ გემით – ბათუმიდან. იალტაში გემბანზე ავა ავაზასავით ქალი – ნატაშა კობახიძე – მეგობრებთან ერთად.  „დავინახე ნატაშა, საოცარი სილამაზის ქალი. საოცარი ტანფეხით, ვახ მეთქი, შენ გენაცვალე“ – იტყვის გურამ საღარაძე და გაიცნობს ნატაშას, გაიცნობს და გააცნობს რამაზს.

მთელ საღამოს, ღამეს ერთად გაატარებენ  სუფრასთან – რამაზი, გურამი, ნატაშა და მისი მეგობარი. საუბარში დაათენდებათ. რამაზი გურამს მიუტრიალდება და ეტყვის – „მე ამ ქალს ცოლად შევირთავდი“. რამაზი და ნატაშა შეხვედრაზეც შეთანხმდებიან, მაგრამ ეს შეხვედრა ვერ შედგება, მაგრამ გავა დრო და ისინი მაინც შეხვდებიან ერთმანეთს.

გემზე ხევედრამდეც და საბოლოო შეხვედრამდეც მათ დიდი გზა გამოიარეს.

სახელგანთქმული ფოლკლორისტის – ზაქარია ჩხიკვაძის მუსიკოსი ვაჟი გრიგოლი გაიცნობს ვოკალისტ ელენე გაჩეჩილაძეს. იქორწინებენ. ქვეყანას მოევლინება რამაზ ჩხიკვაძე. მალე გრიგოლი ლენინგრადს გაემგზავრება ცოლ-შვილთან ერთად – ასპირანტურა, დისერტაცია… სწორედ იქ, ლენინგრადში აღმოაჩენენ რომ პატარა რამაზს აქვს – უნიკალური სმენა, ხმა და მეტიც – მუსიკის შეთხზვის ნიჭი – 6 წლისა მიუჯდება ფორტეპიანოს და… მხოლკოდ დაკვრას კი არა, თავისი „ნაწარმოებების“ შექმნას დაიწყებს. გახარებული მშობლები მასში „შეიცნობენ“ მომავალ მოცარტს, დაბრუნდებიან თუ არა თბილისში ნიჭიერთა ჯგუფში მიაბარებენ – კონსერვატორიაში. ელიან რომ მისგან დადგება მუსიკოსი – პიანისტი, დირიჟორი, კომპოზიტორი… მაგრამ პატარა რამაზს მოზარდმაყურებელთა თეატრში წაიყვანენ და ის მოიწამლება – თეატრით. დაკვრაზე აიცრუებს გულს, განხიბლული მამა ბედს შეურიგდება, დედა უკომპრომისო აღმოჩნდება – აპირებს როლიალზე მიაბას რამაზი… რამაზს ვერ მოდრეკენ. ეს პირველი დაპირისპირება იქნება მშობლების ნებასთან. გავა დრო და იგი მშობლების ნებას კიდევ ერთხელ დაუპირისპირდება – ცხოვრების თანამგზავრის არჩევისას. ცოლის მოყვანამდე დიდი გზაა – წინ ომია… რამაზს სოფელში გახიზნავენ – ბებიასთან. იქ იარტისტებს პირველად, იქ შედგება პირველი დიდი გარდასახვა – ხმა გავარდება ზესტაფონის დაბომბვის, რამაზი ბებიის კაბას ჩაიცმევს, აკვარელით სახეს შეიღებავს, ბუჩქებში ჩასაფრდება – გამვლლს უცხოურად გამოელაპარაკება, დაიწყებს ბარბაცს, ახსენებს ზესტაფონსაც – ჯაშუშად დასახავენ, გამოუდგებიან. სოფლის ბიჭები ძლივს გადაარჩენენ – ძლივს დაარწმუნებენ რომ ეს უცხო „ქალი“ თებროლეს შვილიშვილია.

მერე იქნება ისევ თბილისი და ისევ თეატრი – პიონერთა სასახლის დრამწრე. სკოლის დამთავრების შემდეგ – თეატრალური ინსტიტუტი.

ის გხდება თბილისური ბოჰემის გული, თბილისელი „მოდნიცების“ დაბადების დღეები წარმოუდგენელი იქნება – რამაზის ელვარე იუმორის, სიმღერის, დაკვრის გარეშე. რამაზი გახდება მეტრფე ცხოვრების, დროსტარების და თან შრომის – თავდაუზოგავი შრომის. წარმატებულ სტუდენტობის შემდეგ – რუსთაველის თეატრი. ის კარგა ხანს ჩაიკარგება უღიმღამო როლებში, 2-ჯერ დააპირებს კიდეც თეატრის მიტოვებას, ოპერაში გადანაცვლებას…

შემდეგ იქნება ლეგენდარული „შვიდკაცა“, თუმანიშვილი ათამაშებს „ესპანელ მღვდელში“, წარმატებულ სპექტაკლს უღიმრამო წლები მოჰყვება, შემდეგ ისევ თუმანიშვილის შედევრი „როცა ასეთი სიყვარულია“, მერე გაიხსნება მცირე სცენა – სპექტაკლით „ჭინჭრაქა“ და დაიწყება რამაზ ჩხიკვაძე – როგორც შემდეგ იტყვის რობერტ სტურუა – „რამაზ ჩხიკვაძე ქოსა მრჩევლიდან იწყება“… სპექტაკლ “ჭინჭრაქას” შესახებ წაიკითხავთ შემდეგ ბმულზე: „ჭინჭრაქა“ – როგორ იქცა გულუბრყვილო ზღაპარი საუკუნის შედევრად

დაიწყება სტურუა-ჩხიკვაძის ტანდემი… მათი შეხვედრა „შეხვედრაში“ შედგება, გაგრძელდება „მზიან ღამეში“, შემდეგ იქნება „ხანუმა“, „სამიანიშვილის დედინაცვალი“ „ყავრყვარე“… და მეოცე საუკუნის მსოფლიო თეატრის მშვენება – „კავკასიური ცარცის წრე“, შემდეგ „რიჩარდ მესამე“… მსოფლიო აღიარება. „კავკასიური ცარცის წრე“  შევა მეოცე საუკუნის მსოფლიოს ას საუკეთესო სპექტაკლში. რამაზ ჩხიკვაძის რიჩარდ მესამე –  ყველა დროის რიჩარდების ათეულში.

რამაზ ჩხიკვაძის შესახებ წაიკითხავთ აქ: რეზო შატაკიშვილი კავკასიის მეფე რამაზ ჩხიკვაძეზე

სპექტაკლ “ყვარყვარეს” შესახებ წაიკითხავთ აქ: როგორ გაანადგურეს „ყვარყვარე“ ყვარყვარეებმა

“კავკასიური ცარცის წრის” შესახებ წაიკითხავთ აქ: „კავკასიური ცარცის წრით“ გარღვეული საბჭოური რკინის წრე

და ამ წარმატებაში  დიდ წვლილს შეიტანს სწორედ ის ქალბატონი – გემზე გაცნობილი…. „ჭინჭრაქას“ დროიდან ის დაუახლოვდება რამაზს, დაუახლოვდება რუსთავლის თეატრს და „ყვერყვრეს“ დროს თითქმის თეატრის კოლექტივის წევრი გახდება – ნატაშა არაოფიციალურ მენეჯერად მოევლინება რუსთაველის თეატრს. ნოდარ გურაბანიძის თქმით, სწორედ ამ ასპარეზზე გაიფუქრჩნება ნატაშას ნიჭი, გონერება, თანდაყოლილი დიპლომატიური უნარი, აქ ჰპოვებს გასაქანს მისი საარაკო მიზანსწრაფულობა და ტემპერამენტი.

რამაზი და ნატაშა ერთად გაივლიან დაბრკოლებებით აღსავსე გზას – ცხოვრებაშიც და თეატრშიც. ექნებათ ბევრი მძიმე დღეები, იქნება ბევრი ჭორიც, უბედურებაც – რამაზის მშობლებს ბევრ ცუდს ეტყვიან ნატაშაზე, რამაზს ოჯახთან ურთიერთობა დაეძაბება, მაგრამ უკან არ დაიხევს – შინიდან წავა. ხან სად იცხოვრებენ, ხან სად, როგორც თავად იტყვის 20 ბინა გამოიცვალიან, სარდაფშიც მოუწევთ ცხოვრება, სხვენზეც, მეგობრებთანაც – ცოტა ხანს კარლო საკანდელიძის ოჯახში, ედიშერ მაღალაშვილთანაც, ეროსისთანაც, რაღაც პერიოდი ეროსის მეზობლებიც შეიფარებენ… „რა არ გადავიტანეთ, მაგრამ მაინც ჩვენი გავიტანეთ“ –  იტყვის რამაზ ჩხიკვაძე ჩემთან ინტერვიუში 2005 წელს.

თავის დროზე კი ნატაშა იტყვის „ჩემი აკადემიკოსობით საქართველოს ბევრი არაფერი მოემატება, გადავწყვიტე რამაზს შევუწყო ხელი“. ამას იტყვის მეცნიერი – მეტალურგი, ტქენიკურ მეცნიერებათა კანდიდატი…

2005 წელს მექნება ბედნიერება – ინტერიუ ჩავწერო ლეგენდარულ მსახიობთან. სწორედ იმ ინტერვიუში, როდესაც ვკითხავ უქმნის თუ არა მას რაიმე დისკომფორტს ის ფაქტი, რომ სახლში ჭკვიანი ცოლი ჰყავს, ბატონი რამაზი სიცილით მეტყვის: „ ჩემი ცოლი სოკრატე არ არის და არც არისტოტელე, მაგრამ ჩვეულებრივად განათლებული ქალია, უმაღლესი აქვს დამთავრებული, საკანდიდატო დისერტაცია აქვს დაცული, საერთოდ გამჭრიახი გონება აქვს. ჭკვიანი ქალი კარგია, აბა უჭკუო აბა ვის რად უნდა? რა გითხრათ, ჩვენ დიდი შეხლა-შემოხლა არ გვქონია, როცა ქალი ნორმალურად ჭკვიანობს ასატანია… ნატაშა ძალიან მეხმარებოდა იმით რომ არ მაქებდა და მუდამ კრიტიკული იყო ჩემი შემოქმედების მიმართ. ბევრი ცოლი შეყვარებულია ქმრის შემოქმედებაზე და სულ ტაში უკრავს, „ო, რა კარგია, ო, რა კარგია“, ეს რა თქმა უნდა მაინც ცუდად მოქმედებს ადამიანზე, განსაკუთრებით თავიდან სანამ სპექტაკლი ჩამოუყალიბებელია, დაუღვინებელია ადამიანს ძალიან გჭირდება მკაცრი მოპყრობა, ნაადრევად ზედმეტი ტაში-ტუში არ ვარგა“….

ნატაშა შეელევა სამეცნიერო კარიერასაც, არც სამსახიობო კარიერა მოხიბლავს –  მას გადაიღებენ ფილმში „ყვავილი თოვლზე“, მაგრამ ეს ფილმი აღმოჩნდება – პირველი და უკანასკნელი. ის თავს გადადებს რამაზისთვის. 

რამაზ ჩხიკვაძე, ცხადია მიაღწევდა დიდ წარმატებას,  მაგრამ იქნებოდა კი ისეთი დიადი, როგორიც იყო, რომ არა ნატაშას მხარდაჭერა – ყოველდღიური ზრუნვა, მყუდრო გარემო, იდიალური პირობები მუშაობისთვის?  თან მითუმეტეს, ნატაშას ზრუნვა გასცილდება  ცოლურ მასშტაბებს… სწორედ ნატაშას დამსახურება იქნება ის, რომ მაყურებელი იხილავს „ყვარყვარეს“. პარტიული ელიტა ჯოჯოხეთს გამოატარებს თეატრს – 11-ჯერ ითამაშებენ მსახიობები მათ წინაშე, დახურულ კარს მიღმა, დაწესდება მკაცრი კონტროლი, ამ ჩვენებებზე მხოლოდ ცეკას რამდენიმე ოფიციალურ პირს შეეძლება დასწრება, მაგრამ…. ამ ყველა სპექტაკლს დაესწრება ნატაშა….მარტო თვითონ კი არა, სხვებსაც შეიყვანს – ისეთ პირებს, ვის აზრსაც საზოგადოება  დიდ ანგარიშს უწევს. სწორედ ისინი გაავცელებენ ქალაქში ხმას – სტურუას და ჩხიკვაძის გენიალურ ნამუშევარს კრძალავენო, თუმცა აკრძალვამდე საქმე ჯერ არ იყო მისული… ასე შეიქმნება საზოგადოებრივი აზრი და სწორედ ამ გზით მოუგებს ნატაშა ცეკას…

რამაზის და ნატაშას ბინა გახდება ადგილი, სადაც თავს  მოიყრიან მაღალი რანგის სტუმრები – თეატრალები, გამოჩენილი რეჟისორები და მსახიობები, იმპრესარიოები, „გოსკონცერტის“ ხელმძღვანელები, საერთაშორისო თეატრალური ფესტივალების დირექტორები, სახელგანთქმული თეატრალური კრიტიკოსები… სწორედ ნატაშა ჩხიკვაძის სახელს დაუკავშირდება რუსთაველის თეატრის არაერთი გასვლა საზღვარგარეთ. მის აქტივში იქნება მხოლოდ რუსთაველის, არამედ შემდეგ სხვა თეატრების გაყვანაც საზღვარგარეთ… მოკლედ, ის იქნება პირველი ქართველი იმპრესარიო და დიდ წვლილს შეიტანს არა მარტო რამაზ ჩხიკვაძის, არამედ რობერტ სტურუას წარმატებებშიც. თუმცა, შემდეგ  ურთიერთგატანა ურთიერთდაპირისპირებაში გადაიზარდება და სწორედ ეს დაპირისპირება დაამსხვრევს სტურუა-ჩხიკვაძის ტანდემს… მაგრამ გამოხდება ხანი და მათ ისევ დაუდგებათ ჟამი თანადგომის. ნატაშა ჩხიკვაძე პრაღიდან გამოესარჩლება რობერტ სტურუას და… გულის შეტევვა ჩააქრობს ცეცხლოვანი ქალის სიცოცხლეს… ქალის, რომელსაც ვერ წარმოედგინა ცხოვრება რამაზის გარეშე…

უკურნებელი სენისგან განაწამები, დაუძლურებული ლირი ღმერთს შესთხოვს ძალას ღირსეულად დაკრძალოს საკუთარი ცოლი. და მართლაც – დაკრძალავს, სამარის პროექტსაც მოაწერს ხელს და გარდაიცვლება, მხოლოდ 56 დღე გასძლებს ნატაშას გარეშე…

დაიბეჭდა გაზეთ “ქრონიკა+”-ში.

“სახე(ლ)ების” 2011 წლის გამოცემაში გამოქვეყნებული ვრცელი ნარკვევი რამაზ ჩხიკვაძისა და ნატაშა ჩხიკვაძის შესახებ წაიკითხეთ: რამაზი & ნატაშა

ქართული სიყვარულის ანთოლოგია – ნატა მურვანიძე & ნიკა თავაძე

18 თებერვალი უნდა გათენდეს. ბიჭი ლოგინში ვერ ისვენებს. იმ გოგონას დაბადების დღე თენდება, რომელიც უყვარს. ფიქრობს როგორ მიულოცოს დაბადების დღე, არ უნდა რომ  ეს მილოცვა ტრივიალური იყოს. გოგონა არაა ტრივიალური… ბოლოს ადგება, აიღებს იმ ზეწარს, რომელზეც წევს, დაკეცავს, აიღებს თხილამურის ჯოხებს და წავა.

გათენდება და სახლიდან გამოსულ ქალბატონს – გოგონას დედას უჩვეულო სანახაობა დახვდება – სახლის წინ, ეზოში თხილამურების ჯოხებზე გაჭიმულია ზეწარი, წითელი საღებავით აწერია – „გილოცავ“ და მიმოფანტულია მინდვრის ყვავილები. დედა გოგონას აღვიძებს. გოგონა აღფრთოვანებულია, უნდა რომ ამ სიურპრიზის ავტორი ის ბიჭი იყოს, რომელიც უყვარს. მაგრამ არავინ ტყდება, არც თვითონ ბიჭი და არც იმ საღამოს მისალოცად მისული სხვა სტუმრები. არც არანაირი მინიშნება… გოგონა ბოლოს მიადგება ბიჭს და პირდაპირ ჰკითხავს – ვინ გააკეთა. პასუხი: „არ ვიცი“. გოგონა ბრაზდება. თუ მან არ გააკეთა, იეჭვიანებს მაინც? ცვლის ტაქტიკას და იწყებს ბიჭების ჩამოთვლას, ბიჭი მწარდება და ტყდება რომ მან გააკეთა…

მათ ერთმანეთისთვის არც აუხსნიათ სიყვარული. ვერც არქმევდნენ სახელს იმას, რაც მათ აკავშირებდათ, ასე იყო მანამ, სანამ ამერიკელმა არ ჰკითხა – თქვენ შეყვარებულები ხართ? ბიჭმა უთხრა – „დიახ“. გოგონა არ ელოდა, გაშრა…

ორივე არტისტულ დინასტიებს ეკუთვნიან. გოგონას, სახელად ნატას დედა ცნობილი ბალერინა ჰყავს – მაკა მახარაძე, მამა – ცნობილი თეატრალური მხატვარი – მურაზ მურვანიძე, ბებია – ლეგენადრული მედეა ჩახავა, ბაბუა – ლეგენდარული კოტე მახარაძე…

ბიჭის დედა ქართული თეატრის კაშკაშა ვარსკვლავია – სახელგანთქმული გრუშე ვაჩნაძე – იზა გიგოშვილი, მამა – მსახიობი და კინორეჟისორი – მერაბ თავაძე.

და მაინც, ისინი ერთმანეთს თეატრალურ ინსტიტუტში გადაეყარნენ. უფრო სწორად ინსტიტუტის წინ – იქ სადაც იკვრება აბითურიენტების სიები და გამოცდების განრიგი.

1987 წელი.  ნატა თეატრალურში აბარებს. ინსტიტუტის წინ ტურების განრიგს ათვალიერებს. იქვე, რუსთაველზე მოტოციკლეტი ჩერდება, გამონაბოლქვისგან გამურული ბიჭი ხტება და ისიც განრიგს ათვალიერებს. მხოლოდ განრიგს არა, ერთმანეთსაც ათვალიერებენ, ისე, შეუმჩნევლად და მათი ისტორია მეორე დღესვე იწყება. ერთად უწევთ გასვლა ტურზე. ნიკამ გველი უნდა განასახიეროს. ყველა ეხმარება, განსაკუთრებით აქტიურობს ნატა. ნატას კურდღლის როლი ერგება.

გაითამაშეს ეტიუდი და გველმა კურდღელი არ შეჭამა – ყვავილი მიართვა….

ისინი ჯერ ჯგუფელები გახდნენ – ორივე შალვა გაწერელიას ჯგუფში ჩაირიცხნენ. შემდეგ მეგობრები და მალე – შეყვარებულები. გაცნობიდან 1 წლის თავზე იქორწინეს კიდეც. მესამე კურსზე სწავლა რომ დაიწყო, ინსტიტუტში მარტო ნიკა გამოცხადდა. გამოცხადდა და გამოაცხადა რომ მამა იყო – წინა დღეს დაიბადა დათა თავაძე.

ერთი შეხედვით სრული იდილია სუფევდა, მაგრამ მალე მათი ურთიერთობა დაიძაბა. ახალგაზრდობა, უფრო სწორად ნორჩი ასაკი დაღს ავსმდა მათ ურთიერთობას, არ იყვნენ მზად შეერგოთ ბედნიერება. კიკლაობდნენ. კინკლაობდნენ დაუსრულებლად. ისიც ართულებდა ამ ყველაფერს, რომ ნატასთან ცხოვრობდნენ – ანუ მარტო არ იყვნენ და ყველაფერი აღიზიანებდათ. მოკლედ, გაუჭირდათ ერთმანეთთან შეგუება და… ნიკა წავიდა. თავის სახლში გადავიდა. მაგრამ იყო კი ეს დაშორება? როცა მათ ყოველდღე მაინც ერთად უწევდათ ყოფნა – თეატრალურ ინსტიტუტში? მეგობრებს არ ემეტებოდათ ეს გრძნობა და ცდილობდნენ მათ შერიგებას.

შერიგდნენ კიდეც. მაგრამ ეს შერიგებაც ერთწლიანი გამოდგა. მათ ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყებოდა – ნატა რობერტ სტურუამ დააკავა კალდერონის „ცხოვრება სიზმარია“-ში. გაუთავებელი რეპეტიციები, ისევ ცხოვრება დიდ ოჯახში და ისევ სიზმარივით დასრულდა მათი თანაცხოვრება. ისევ გაიყარნენ.  

შემდეგ… შემდეგ იყვნენ გაყრილები და მაინც ცოლ-ქმარი. ოღონდ კინოში, გადასაღებ მოედანზე. ნანა ჯანელიძე „იავნანას“ იღებს, ნატა ქეთოს დედაა, ნიკა – ქეთოს მამა… მათ პირველად უწევდათ ცოლ-ქმრის თამაში, გაყრილები იყვნენ, მაგრამ მაინც არ გაჭირვებიათ გადაღება, თამაში არ უწევდათ. მათ ერთად ყოფნა სურდათ. მაგრამ მაინც არ შერიგებულან. ჩაირთვებოდა კამერა – ისინი ცოლ-ქმარი იყვნენ. გამოირთვებოდა და… მთავრდებოა მათი ცოლ-ქმრობა.

შემდეგ იქნება „ცხოვრება იდიოტისა“. პრემიერა და პრემიერის შემდეგ ნიკა საგრიმიოროსთან. მილოცვა. ჩახუტება. იმ ღამით გადახტომა მაღალ გისოსებზე, სადაც ეკლიანი ვარდია გაშვებული. შეშინებული ნატა და ნიკა თაიგულით ხელში. შერიგება. მაგრამ ერთკვირიანი…. და იწყება ახალი ეტაპი – დაუსრულებელი შერიგება-დაშორებების. ეტაპი 8 წელიწადს გასტანს. ხან ერთად არიან, ხან -ცალკე. ხან ჰყავს ქმარი ნატას, ხან აღარ ჰყავს. ქმრიანი ქალი წავა გადაღებებზე, დაბრუნდება და აღარ ჰყავს.

მათი ურთიერთობა, მათი სიყვარულის ისტორია ერთი დიდი კარდიოგრამაა. ბოლოს ამ ყველაფერს წერტილს დაუსვამენ. შერიგდებიან. ოღონდ უჩვეულოდ. ძალიან დიდი ჩხუბით. ყველაფერს რომ ამოულაგებენ ერთმანეთს, ყველაფერს რომ წააძახებენ, მერეღა დალაგდება მათ შორის ყველაფერი. ამ ყველაფერში ისევ მეგობრები შეიტანენ წვლილს. გოგა გველესიანი ხარაგოულში დაპატიჟებს მეგობრებს, ჩანჩქერების სანახავად. მეგობრები 2 მანქანით წავლენ. მაგრამ სად? არც ხარაგაულის ჩანჩქერებზე, არც ნიაგარაზე. აღმოჩნდება რომ გველესიანმა სპექტაკლი დადგა – ყველა წეროვანში აღმოჩნდა ნიკას აგარაკზე. იქ, სადაც ნატას და ნიკას არაერთი დაუვიწყარი ბედნიერი დღე ჰქონდათ გატარებული. ნატა არაფერს გააპროტესტებს, მხოლოდ იმიტომ რომ თან დათა ჰყავს. და შემდეგ იქნება ჩანჩქერი, ოღონდ ხარაგაულის კი არა ნატასი და ნიკასი. ნიკა აივანზე გაიყვანს ნატას, ეტყვის რომ რაღაც აქვს სათქმელი და დაიწყება „აივნის სცენა“. ეს არ ჰგავს ცნობიულ სცენას „რომეო და ჯულეტადან“, აღარც ისინი არიან რომეოსა და ჯულიეტას ასაკში, მაგრამ სწორედ იქ, ავანზე მოხდება მათი საბოლოო კონსენსუსი, ურთიერბრალდებების ჩანჩქერის შემდეგ. პირში მიახლიან ერთმანეთს რაც კი ერთმანეთისთვის უწყენინებიათ და შერიგდებიან.

ისინი თითქოს თავიდან დაიწყებენ ცხოვრებას. ბობოქარი ახალგაზრდობა ნელ-ნელა უკან დარჩება, შეეძინებათ ქალიშვილი, მათი თანაცხოვრება უკვე უფრო იმ ზეწარს დაემსგავსება ნატას 1988 წლის 18 თებერვალს რომ დახვდა გაჭიმული თხილამურის ჯოხებზე, ვიდრე კარდიოგრამას, ხან ზემოთ რომ ავარდება ხაზი და ხან მოწყვეტით რომ ეცემა…

დაიბეჭდა გაზეთ “ქრონიკა+”-ში.

ქართული სიყვარულის ანთოლოგია  – ლანა ღოღობერიძე & ლადო ალექსი-მესხიშვილი

რუსთაველზე ახალგაზრდა მამაკაცი მიდის, ასაკის მიუხედავად საკმაოდ შევერცხლილი, ხელთ ვეება პლანშეტები ამოუიღლიავებია. გოგონა მზერას მიაპყრობს ამ მამაკაცს, მეგობარ გოგონასთან ერთად აედევნება წარმოსადეგ მამაკაცს… მრავალი წლის შემდეგ კი დაწერს, რომ ახალგაზრდა მამაკაცი მოხდენილად ადგამდა ოდნავ მოღუნულ ფეხებს, მიდიოდა საოცრად შეკრული, წინმსწრაფი და ამავე დროს თავისუფალი ნაბიჯებით, რომ მისი სილამაზე, მიხრა-მოხრა, ზამბარასავით შეკრული ტანი წარმოუდგენელ ენერგიას და სიცოცხლისადმი სწრაფვას ასხივებდა…

მამაკაცი მიდის და მისდევენ გოგონები. ყურადღების ეპიცენტრში მოხვედრილი მამაკაცი იგრძნობს ამ დაოუოკებელ ინტერესს და… პლანშეტები დასცვივა…

გოგონა შემდეგ გაარკვევს რომ ეს შევერცხლილი აპოლონი ცნობილი არქიტექტორი ლადო ალექსი-მესხიშვილია, ლეგენდარული მსახიობის – ლადო მესხიშვილის შვილიშვილი, ცოლშვილიანია და ამავე დროს თბილისური მითქმა-მოთქმა მას მშვენიერ ქალბატონებთან აკავშირებდა, თუმცა გოგონასთვის მაშინ სრულიად გაუგებარი ასაკის – 40-იოდე წლის ქალებთან… ეს ყველაფერი გოგონასთვის იყო მიმზიდველი, იდუმალებით მოცული და მიუწვდომელი…

ეს გოგონა – ლანა ღოღობერიძეა. გოგონა ვერ დაიჩივლებს რომ აკლდა თაყვანისმცემლები, რომ მას არ განუცდია სიყვარული. მეტიც, მისი პირველი სიყვარული თაობებს შემორჩება – იგი ხომ რეზო თაბუკაშვილს უყვარდა და სწორედ მას უძღვნიდა სონეტებს… და ის სონეტები – არსად დაბეჭდილი და არსად გამოქვეყნებული, არც ხელნაწერად შემონახული ხომ სწორედ ამ გოგონას ფენომენალური მეხსიერების წყალობით შემორჩება შთამომავლობას… მაგრამ იმ დროისთვის ეს სიყვარული უკვე ჩავლილია… მათი გზები უკვე გაყრილია…

გოგონა შევრცხლილ მამაკაცს გადაეყრება, მაგრამ იმ დადევნების შემდეგ თვალს ვეღარსად მოჰკრავს და მიავიწყდება კიდეც…

მაგრამ გადის დრო, არც ისე დიდი… ბაკურიანი. შეჯიბრებაა სათხილამურო სპორტში. გოგონა დაინახავს იმ შევერცხლილ მამაკაცს – რუსთაველზე რომ ნახა. ორივეს „13“ ნომერი შეხვდება. ლადო მესხიშვილისთვის უიღბლო აღმოჩნდება „13“ – ფირნიშს მიახლოებულს თხილამური გაექცევა და ხეს შეასკდება. ხეს შეასკდება იქ, სადაც ლანა დგას. ის თხილამურმა მიიყვანა თავის ბედისწერასთან….

გოგონა გულგახეთქილი მისჩერებოდა შევერცხლილ მამაკაცს, ის კი წამოდგა, ვითომ არაფერი მომხდარიყოს, ერთი მაგრად გადაიხარხარა,  თოვლი დაიბერტყა, ლანას მიუახლოვდა, ნომერი მოიხსნა, მიაწოდა და სიცილით უთხრა – იმედია, ეს რიცხვი თქვენთვის უფრო იღბლიანი იქნება. უთხრა და თავის ხელით შეუკრა ზურგზე ნომრის თასმები. „ეს კი მართლაც მეტისმეტი იყო, მე მეშვიდე ცაზე ავფრინდი“ – დაწერს ლანა ათეული წლების შემდეგ… იმ დღეს კი ლანამ ტრასა გაიარა, როგორც არასდროს და მეორე ადგილიც მოიპოვა სლალომში. რაც თბილისელისთვის არნახული წარმატება იყო. 

„ლადო გადამეხვია და ისეთი სიხარულით მომილოცა მეორე ადგილი, თითქოს თვითონ სულ ცოტა ხნის წინ არ გამოსთიშვოდა შეჯიბრებას. მეც ყველაფერი დამავიწყდა, ასაკში განსხვავებაც და იდუმალი რომანების შარავანდედიც… იმ დღის მერე დროს დილიდან საღამომდე ერთად ვატარებდით: ლადო სლალომში მავარჯიშებდა და ამ ვარჯიშში თავის დაუოკებელ ენერგიას აქსოვდა…“

ბაკურიანის იდილია თბილისში გაგრძელდა. დათოვლილ მთებს კუს ტბა, უძოს მთა, აუზი, თბილისის ქუჩები ჩაენაცვლა… ლანა მხოლოდ 20 წლის იყო, ლადო მასზე 13 წლით უფროსი… ისინი დადიოდნენ ერთად, თუმცა მაინც არ უტყდებოდნენ თავს, რომ მათ მეგობრობის გარდა, სხვა ძალაც იზიდავდათ ერთმანეთისკენ. იმ „სხვა ძალის“ არსებობაში გამოტყდომა თავისთავად მოხდება – ტრაგიკულ ფონზე. 1951 წლის 25 დეკემბერს, თბილისიდან გადაასახლებენ მათ, ვისაც ნათესავები ჰყავთ საზღვარგარეთ. ლადოს დეიდა პარიზში ცხოვრობს, ბიძა საყოველთაოდ ცნობილი პარფიუმერიის მფლობელის, ამერიკელ ელენ რუბინშტეინის მეუღლეა, ამის გამხსენებაზე ლანას თავზარი დაეცემა და ლადოს საძებნელეად გავარდება.  თავის მხრივ ლადოს გაახსენდება რომ ლანას დეიდები ჰყავს საზღვარგარეთ და ისიც გულგახეთქილი დაეძებდა ლანას – ისინი რუსთაველზე, ოპერის პირდაპირ გადაეყრებიან ერთმანეთს. „ერთი წამი მონუსხულებივით ვუყურებდით ერთმანეთს, მერე ორივე ადგილს მოვწყდით, ერთმანეთისკენ გავქანდით და გამზირის შუაგულში შევხდით… გარშემო მანქანები დაქროდა, მძღოლები რაღაცას გვიყვიროიდნენ, ჩვენ კი ვიდექით ჩახვეულები და გაქვავებულები და ირგვლივ ვერავის და ვერაფერს ვამჩნევდით. აი, ასე დრამატულად და უჩვეულოდ, ხალხმრავალ ქუჩაში, დღისით-მზისით, თითქოს ჩვენდაუნებურად მოხდა იქამდე ჩვენი ღრმად ჩამალული გრძნობების ერთმანეთისთვის გაცხადება!“ – დაწერს ლანა ღოღობერიძე….

შემდეგ ლანა დედასთან და ახლობლებთან ერთად ლიძავაში წავა დასასვენებლად, თარგმნის თაგორს. ლადო ჩააკითხავს და ეტყვის, რომ საქმე ჰქონდა და ისე გაუარა. ეს „ისე გაუარა“ გაგრძელდება დიდხანს – რამდენიმე კვირად, რომელიც ლანას ეჩვენება უსასრულობად, ზღაპრულ უსასრულობად. ათეული წლების შემდეგ ლანა დაწერს:  „ჩვენ მთელი დღეები ვცურავთ თავდაუზოგავად, ან ვსხედვართ ზღვისპირა ტყეში, ან სანაპიროზე, ნახევრად ზღვაში. მე ვთარგმნი, ლადო ყოველ ახალ თარგმნილ სტრიქონს კითხულობს და მე ისეთი განცადა მაქვს, თითქოს ჩვენ ერთად ვთარგმნით თაგორს ინგლისურიდან, რომელიც ლადომ არ იცის… ხშირად ლიძავისგან 5 კილომეტრით დაშორებულ ოქროსფერქვიშიან პლაჟზე მივცურავდით. ის ველური, უკაცრიელი სანაპირო ჩვენს ნამდვილ სამფლობელოდ იქცა. იქ გვავიწყდებოდა რომ მარტო არ ვიყავით ამ ქვეყანაზე, რომ ძალიან ჩქარა უნდა გათავებულიყო ეს ჩვენი დიდი მოპარული განმარტოება და თბილისის მტრულ გარემოში აღმოვჩენილიყავით და რომ იქ ყველა და ყველაფერი ეწინააღდეგებოდა ამ განმარტოებას, ამ ერთმანეთით არსებობას, ჩვენ ისიც ვიცოდით რომ იმ ყველას მხარეზე იყო ყველანაირი სიმართლე, ყოველგვარი ზნეობრივი კანონი, მოვალეობა შვილებისა და ახლობლების მიმართ, რომ მას ჩვენ ვერაფერს დავუპირისპირებდით… ლადო წავიდა, მე ლიძავაში მარტო დარჩენილი ვწერდი: „… მე ცხელ ქვიშაზე ვიწექი მარტო და ზღვის მოქცევას თან მოჰქონდა ალერსი შენი“.

შემდეგ ისევ თბილისი. მაგრამ მათ ლანას მეგობრების გარდა, სულ რამდენიმე ოჯახში მიესვლებოდათ. მათ შორის, ყველაზე სასურველი და მიმზიდველი ნინო რამიშვილის სახლი იყო ბარნოვზე… რეალობა უფრო და უფრო იჭრებოდა მათ ურთიერთობაში. თანდათან ისე დამძიმდა მათ ირგვლივ ყველაფერი, რომ როგორც ათეული წლების შემდეგ ლანა იტყვის – არსებობა შეუძლებელი გახდა და მათ მიიღეს გადაწყვეტილება – სამუდამოდ დაშორებულიყვნენ ერთმანეთს. ლანა შემდეგ გაიხსენებს რომ იყო „გამომშრალი, როგორც წვიმას მოწყურებული მიწა…“  ლანა მარტო წავა ბაკურიანში. ლადო დაპირდება რომ არ ჩავა ბაკურიანში, მაგრამ არ გავა ორიოდე დღე და ჩავა… ტრასაზე მოსრიალებს ნაღვლიანი ლანა და უცებ ერთი ხმა გადაფარავს ყველა ხმას „მუხლები წინ“ – ლანა იცნობს ლადოს ხმას, სულს ვეღარ მოითქვამს, მუხლების წინ გაწევის ნაცვლად ფეხი უშეშდება და ვარდება იქ, სადაც დგას ლადო…

„ მე კარგა ხანს ვწევარ უღონოდ მიწაზე გართხმული, ლადო მიახლოვდება, თავის მძლავ ხელებს შემომაჭდობს, ადგომაში მეხმარება… და უცებ სიცილი უტყდება… მე უეცრად ახლად ვიწყებ არსებობას, და იმ წუთიდან ცას თავის სილურჯე უბრუნდება, თოვლს სითეთრე, ცხოვრებას გემო, მე საერთოდ მავიწყდება რომ რაღაც გადაწყვეტილებები მქონდა მიღებული… და ისევ იწყება ბედნიერებით აღსავსე ცხოვრება… ხანდახან მგონია რომ 1949 წლის დიდთოვლიან ზამთარში, პლანეტის ერთ გადაკარგულ წერტილში, ბაკურიანში, ჩვენ იმისთვის შევხვდით ერთმანეთს, 20 წლის მრავალჭირგამოვლილი და მაინც მიამიტი და თავქარიანი გოგო და 33 წლის, საქვეყნოდ გახმაურებული რომანების შლეიფიანი, მშვენიერ ქალთა სათაყვანებელი შეჭაღარავებული კაცი, არიქტექტორი, მოთხილამურე და მთამსვლელი, რომ სიყვარულში სამკვდრო-სასიცოცხლოდ შევრკინებოდით ერთმანეთს, ამ ბრძოლაში საბოლოოდ ორივე გადავრჩენილიყავით და მაღალი გამარჯვება მოგვეპოვებინა, არ ვიცი საკუთარ თავზე თუ ერთიმეორეზე“.

ისინი იქორწინებენ, ქვეყანას მოევლინება ქეთი, შემდეგ ნუცა…

„… ღრმა კულტურული შრეების მიუხედავად მძლავრ ინსტიქტებს ვერ უმკლავდებოდა და მისი ვნებები პირველყოფილი სიმძაფრითა და უშუალობით იყო დაღდასმული; სილამაზისადმი ბუნებრივი სწრაფვა ყველაზე აშკარად ქალისადმი მის დამოკიდებულებაში გამოიხატებოდა და ამ გზაზე სულ ახალ-ახალ ემოციებს ეძებდა და პოულობდა კიდეც, რაც კინაღამ ჩვენი დაშორების მიზეზიც გახდა,  უბრალოდ, განგებამ ისე ისურვა, რომ მისი ძლიერი გატაცების დროს მეც სხვა ემოციებში აღმოვჩნდი დანთქმული და ამ შემთხვევითმა თუ კანონზომიერმა დამთხვევამ საბოლოოდ გადაარჩინა ჩვენი წყვილი… მასთან ერთად ცხოვრება იყო მუდმივი ჭიდილი, დამარცხებებისა და გამარჯვებების უწყვეტი ჯაჭვი და ურთიერთობათა უმწვავეს წერტილში ახლად შერწყმით მოგვრილი ბედნიერება…“ – დაწერს ლანა თავის მემუარებში…

დაიბეჭდა გაზეთში “ქრონიკა+”.

ქართული სიყვარულის ანთოლოგია – გურამ საღარაძე & ტანია ბუხბინდერი

ბევრს ჰყვარებია საქართველოში, მაგრამ „მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ“ – არც ერთ სხვა ქალს არ ექნება მოსმენილი – ლექსად და ისე მძაფრად, და რაც მთავარია, იმდენჯერ, რამდენჯერაც მას – ტანია ბუხბინდერს. ეს არცაა გასაკვირი, იგი გურამ საღარაძეს უყვარდა.

გურამ საღარაძე და ტანია ბუხბინდერი. ერთმანეთს ოდნავ გვიან გადაეყარნენ. იმხანად გურამ საღარაძე უკვე გაცილებული იყო მეუღლეს – ირინა ქებაძეს, უკვე ჰყავდა მარინა საღარაძე, ტანიაც უკვე გაცილებული იყო ბორია მესსერს – ცნობილ ებრაელ მხატვარს, მაია პლისეცკაიას ბიძაშვილს.

სად შეხვდნენ, სად გადაეყარნენ ერთმანეთს ტანია ბუხბინდერი და გურამ საღარაძე?

ტანია თბილისელი იყო. ტანიას მამა ცნობილი დირიჟორი იყო, საქართველოში იყო გაზრდილი, შემდეგ წლების მანძილზე ნოვოსობირსკში მოღვაწეობდა, საქართველოში რომ დაბრუნდა უკვე სახელოვანი დირიჟორი იყო და მთავარ დირიჟორად დანიშნეს ოპერის თეატრში. ტანიამ მოსკოვში დაამთავრა თეატრალური ინსტიტუტი, შემდეგ ჩამოვიდა საქართველოში და თეატრალურ ინსტიტუტში დაიწყო მუშაობა პედაგოგად – მუსიკალური თეატრის რეჟისორი იყო. თეატრალურშივე ასწავლიდა გურამ საღარაძე – მხატვრულ კითხვას. იქ გაიცნეს ერთმანეთი? გურამ საღარაძე  მოგვიანებით დაწერს „ჩვენ თეატრალური ინსტიტუტიდან ერთად მოვდივართ“, მაგრამ ეს მაინც ზოგადია და არ ნიშნავს მაინცდამაინც იმას რომ თეატრალურ ინსტიტუტში გაიცნეს ერთმანეთი. გურამ საღარაძე ერთ-ერთ ინტერვიუში იტყვის რომ ეს მოხდა ოპერის თეატრში – სპექტაკლის სანახავად მისულმა გურამ საღარაძემ 10 წლით უმცროსი ტანია ბუხბინდერიც ნახა  „ტანია დავინახე და ძალიან მომეწონა. მანაც მომაქცია ყურადღება, ერთი-ორჯერ სუფრასთანაც შევხვდით, საერთო მეგობრებიც აღმოგვაჩნდა და ბოლოს, ჩემი უახლოესი ადამიანი გახდა. დავიწყეთ ერთად ცხოვრება, ჩვენი ურთიერთობა მოგვიანებით დავაკანონეთ.“

მაგრამ, თუ გურამ საღარაძის ქალიშვილის, მარინა საღარაძის ვერსიას ვერწმუნებით, ეს გაცნობა რუსთაველის თეატრში შედგა, სპექტაკლის წინასაპრემიერო ჩვენებაზე – ე.წ. ჩაბარებაზე. მარინა საღარაძის თქმით, ტანია თბილისში იყო ჩამოსული მამასთან – დასამშვიდობებლად, იმიტომ რომ თხოვდებოდა, გურამმა და ტანიამ შემთხვევით დაინახეს ერთმანეთი, ერთი ნახვით შეუყვარდათ და საქმროს სასწრაფოდ გაუგზავნა დეპეშა – ჩვენ შორის არაფერი აღარ შეიძლება გაგრძელდეს….

დაიწყო დიდი მძვინვარე რომანი, რომელიც 28 წელი გაგრძელდა. თუმცა რატომ 28 წელი, ეს სიყვარული ტანიას გარდაცვალების შემდეგაც გაგრძელდა – 17 წლიან მარტოობად…. როგორც მარინა საღარაძე იტყვის, თურმე არ ყოფილა დღე, რომ ტანია არ ეხსენებინოს… თავად გურამ საღარაძე კი ამბობდა რომ დრო არაა მკურნალი, დრო კი არ კურნავს, უბრალოდ ყოველდღიურობა გაჩვევს ტკივილს, თორემ ვერასოდეს განიკურნები ტკივილისგან. ამბობდა იმასაც რომ მისთვის უცხო იყო საფლავი: „სასაფლაოზე რომ ვარ და მის საფლავს ვუყურებ, ხომ არ გგონიათ ავღელდე, ემოცია გამოვხატო.. არა.. საფლავი უცხოა ჩემთვის..

ეს იყო ტანიას ამ ქვეყნიდან წასვლის შემდეგ, ტანიას სიცოცხლეში კი ყველაფერი სჩქეფდა. შეყვარებული ტანია ერთხანს მოსკოვში იყო, იქიდან ხშირად ურეკავდა გურამს და სთხოვდა წაეკითხა „მიყვარხარ“…ბევრჯერ წავუკითხე, მაგრამ მერეჭკუა ვსწავლედა მაგნიტოფონზე ჩაწერილსვუკითხავდი”. რა თქმა უნდა ხვდებოდა, მაგრამ საოცარია, არასოდეს უთქვამს რომ ვცრუობდი…”– ამბობდა გურამ საღარაძე…

გურამ საღარაძე ამბობდა იმსაც რომ ტანია ეჭვიანი იყო… და აღიარებდა იმასაც რომ მართლაც აძლევდა ტანიას ეჭვიანობის საფუძველს… იტყვის იმასაც რომ ტანია შეურაცხმყოფელს არაფერს მეუბნებოდა, მაგრამ იმ ობიექტისკენ „გაისეირნებდა” ვისზეც ეჭვიანობდა. გურამს კი არ ებუტებოდა, გურამის „ტურფებზე“  ბრაზობდა – დედას ვუტირებო…

„ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. მამაკაცის ეჭვები ცოტა სხვანაირია და ხშირ შემთხვევაში, კაცის ღალატი ღალატი არც არის. რას იზამ, ადამიანი ვარ, თვალებს ვერ დავიბრმავებ.  იყო შემთხვევები, როცა ჩემით იყვნენ გატაცებულნი. მეც მომწონდა და წავიეშმაკებდი, მაგრამ სიყვარულით მაინც ერთი მიყვარდა.“ – ამბობდა გურამ საღარაძე.

მათი ეჭვებით დანაღმული სიყვარულს კარგად ცხადყოფს ერთი ისტორია… ერთ მშვენიერ დღეს გურამ საღარაძე, ძმაკაცებთან ერთად კალთამადლიან მანდილოსნებთან ერთად პიკნიკს გადაწვეტს. დაქოქავს მანქნას, საბარგულში ნოხსაც ჩადებს… სალონში ძმაკაცებს და მანდილოსნებს ჩასვამს და ქალაქგარეთ ჰერ-ჰერი… იქ მისულებს სიურპრიზი ელით: გურამ საღარაძე საბარგულს ახდის და… იქიდან ტანია ბუხბინდერი ამოვა… ამ ისტორიის გაგრძელება ისე წარმოიდგინეთ და ისე დაასრულეთ, როგორც გენებოთ…

ტანია არ იყო სტანდარტული ცოლი. თუ ცოლებს ნერვებს უშლით ქმრის ძმაკაცების გაუთავებელი სტუმრობები, ტანია პირიქით – იქით ახვედრებდა გურამს ძმაკაცებს. გურამის ძმაკაცები ტანიას შესჩივლებდნენ, პურ-მარილი გვინდა და გურამი წუწუნებსო. ტანიაც ეტყოდა – მერე რას უსმენთ, საჭმელიც მაქვს, სასმელიც, საღამოს გელოდებითო. მივიდოდა გურამი სახლში და ძმაკაცები ხვდებოდა…

ტანიას ჰყვარებია ძველებური ნივთები და გატაცებით აგროვებდა ძველებურ ნივთებს, ჭურჭელს, გურამი ეჩხუბებოდა – „ნუ მოგაქვს სახლში ეს ჯართი“… მაგრამ მერე აღმოაჩინა რომ ამ „ჯართით“ საოცარი გარემო შექმნა ტანიამ, ისეთი, როგორიც სიამოვნებს, უხარია ხელოვან ადამიანს…

ბედნიერება 28 წელიწადს გრძელდებოდა. უეცრად დასრულდა. 55 წლის ტანია გარდაიცვალა… იმ დღეს, გურამ საღარაძე შინ გვიან მივიდა. მანქანა დააყენა, სახლისკენ აიხედა – ფანჯრიდან სინათლე გამოდიოდა და ტელევიზორის ხმა ისმოდა, მაგრამ კარზე რომ დააკაკუნა, ზარი დარეკა, ხმა არავინ გასცა. აფორიაქებულმა კარზე ფეხით დაიწყო ბრახუნი, ხმაურზე  მეზობლები გამოცვივდნენ. ღია ფანჯრიდან ბიჭები გადაძვრნენ, კარი გააღეს. სურათი რომელიც გურამ საღარაძეს დახვდა – სწოლიდან გადმოვარდნილი ტანია, საწოლზე ძაღლები – ბენჟამენი და კინტო…

ტანია ბუხბინდერს მაღალი წნევა აწუხებდა. „ბე­ვრ­ჯერ გა­და­მი­რჩ­ენ­ია, თუ­მცა იმ დღ­ეს ეს ვერ შე­ვძ­ელი. ნა­ხე­ვა­რი სა­ათ­ით ად­რე რომ მო­ვს­ულ­იყ­ავი, ალ­ბათ, კვ­ლა­ვაც ვუ­შვ­ელ­იდი მის წნ­ევ­ას, მა­გრ­ამ შინ მა­რტო იყო და… აბა ბენჟამენი და კინტო რას გააწყობდნენ?! “ – წუხდა გურამ საღარაძე.

ტანია ფუხბინდერი გარდაიცვლება… გურამ საღარაძე ყველაფერს ისე დატოვებს სახლში როგორც ქალბატონ ტანიას სიცოცხლეში იყო…

ტანია არაჩვეულებრივი პიროვნება იყო. მასში უხვად იყო გამჯდარი სითბო, სიყვარული, ალერსი, რაც აუცილებელია და საჭიროა ადამიანის არსებობისთვის. მას, ღვთის მიერ ნაბოძები ერთგულებისა და წმინდა მეგობრობის დიდი ძალა ჰქონდაანია ჩემი მეგობარი, მრჩეველი და შემფასებელი იყო...

გავა კიდევ 17 წელიწადი და თავად გურამ საღარაძეც გარდაიცვლება. ამ ქვეყნად დარჩება მხოლოდ ლეგენდა მათ დიდ სიყვარულზე…

დაიბეჭდა გაზეთში “ქრონიკა+”

ქართული სიყვარულის ანთოლოგია – სესილია თაყაიშვილი&ვასო გოძიაშვილი

ბიჭს ვასო ჰქვია. გოგოს – სესილია. ისინი ჯერ სცენაზე ითამაშებენ ცოლ-ქმარს, შემდეგ ცხოვრებაში. თუმცა, მათი ბედნიერი თანაცხოვრება მალე დამთავრდება – ჩემოდნების ფანჯრიდან გადაყრით. ეს მხოლოდ თანაცხოვრება, თორემ  ურთიერთობაც გაგრძელდება, ცხოვრებაც. ისინი ქართული თეატრის ღმერთებს შორის დაიკავებენ ღირსეულ ადგილს და მათი სიყვარულიც მითად იქცევა… 

1905 წელს, თბილისის ერთ მრავალშვილიან ოჯახში დაიბადება მეექვსე შვილი. ვასოს დაარქმევენ. ბიჭი ორწლინახევრის იქნება, მამა რომ გარდაეცვლება. დედა ფიზიკური შრომით გამორზდის 6 ობოლს. პატარა ვასო ნავსაყუდარს საზოგადო მოღვაწის, ზაქარია ჭიჭინაძის ოჯახში ნახავს. ვიღას არ ნახავს იქ პატარა ვასო, აჭარის ბეგებს თუ მღვდლებს. თვითონ პატარა ვასოც ბეწვზე გადაურჩება მღვდლობას. მღვდლობისგან ახალგაზრდა ბოლშევიკი მოსე კვარაცხელია იხსნის, სწორედ იგი შეასწავლის ანბანს, მისი მეცადინეობით შევა სამოქალაქო სასწავლებელში. მაგრამ  ამ სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ვასო ვეღარ გააგრძელებს სწავლას – გაჭირვების გამო. ამ გაჭირვების გამო, პატარა ვასო, ერთ ზაფხულს საზეინკლო საამქოროშიც კი დაიწყებს მუშაობას. სწორედ იქ გაიცნობს მკერავ ქალს – „კუზიან ლიზას“, რომელიც პატარა ვასოს თეატრში წაიყვანს. პატარა ვასო ალექსანდრე იმედაშვილს ნახავს ოტელოს როლში. იმ ღამეს ვეღარ დაიძინებს – თეატრი უხმობს, იზიდავს, მოსვენებას არ აძლევს. გათენდება და ისიც შეუდგება საქმეს  – დაიწყება ეზოს წარმოდგენები. რეპერტუარი სულაც არ იქნება საბავშვო – „ოტელო“, „არშინ მან ალან“, „ივანე მრისხანე“, „აბესალომ და ეთერი“…

„აბესალომ და ეთერი“…  პატარა ვასო 24-ჯერ ნახავს ოპერაში. 24-ჯერვე უბილეთოდ. „ჩემისთანა ზაიჩიკი ტფილისში იშვიათი იყო“  – ამას უკვე სახელოვანი არტისტი დაწერს, მაშინ კი ეს „ზაიჩიკი“, საკუთარი ეზოს დაპყრობის შემდეგ სხვა ეზოებშიც ისკუპებს და მოხეტიალე თეატრში ამოჰყოფს თავს. ჯერ იქნება ბალაგანი, კლოუნადა, ქუჩის თეატრალური სანხაობა, პატარა ვასო არღანის თანხლებით ამღერდება. პატარა ვასოს ყველა გაიცნობს ანჩისხატის უბანში. შემდეგ დეზერტირებზე სიცილის მეფე „დონატოს“ და ცირკის ანტერპრენიორს გაიცნობს. ცირკის მესვეურებს მოეწონებათ პატარა ვასოს ეშხიანი პირ-სახე, ხუჭუჭი თმა, ხმა, კარგი სმენა… საცირკოდ ამზადებდნენ, კუპლეპებსაც ამღერებდნენ, უნდოდათ პატარა ვასო ცირკის მსახიობი გამხდარიყო, ალბათ მიაღწევდნენ კიდეც მიზანს, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ვასოს თავზე თავისი ძმა წაადგება, შესძახებს „ჩამო, ჩამო, შე მამაძაღლო“, რამდენჯერმე თავშიც უთაქებს, პატარა ვასო ტირილს დაიწყებს, მაგრამ რა ქნას – ძმა ღონიერია…

შემდეგ ნაძალადევის სცენისმოყვარეებთან ერთად დაიწყებს სცენაზე გამოსვლას, შემდეგ „აბესალომ და ეთერს“ დადგამს, თითო მეზოებელს 4-5 ბილეთს აყიდინებს, შეგოვილი ფულით გამოცდებს „დაიჭირა“ ქართულ გიმნაზიაში, დაიწყებს სწავლას, მაგრამ მალე საქართვეკლო გასაბჭოვდება და ვასო წითელი არმიის კურსანტთა სკოლაში შევა, მაგრამ მის სამხედრო  „კარიერას“ ისევ თეატრი მოუღებს ბოლოს. თბილისში, თეატრალური ინსტიტუტის წინამორბედი – ფაღავას სტუდია გაიხსნება. გამოცდებს იბარებს ხუთი ლეგენდა – კოტე მარჯანიშვილი, სანდრო ახმეტელი, ივანე ჯავახიშვილი, დიმიტრი უზნაძე, ალექსანდრე იმედაშვილი. სწორედ მათ წინაშე წარსდგება წითელარმიელის ფორმასა და ჩექმებში გამოწყობილი, ლამაზი, ტანადი 17 წლის ყმაწვილი, არეული ხუჭუჭი თმით, თველებში ნაპერწკლებით და გულიდან წამოსული წკრიალა ხმით. სწორედ ამ ყმაწვილზე  იტყვის ალექსანდრე იმედაშვილი, რომ ეს ბიჭი ქართული თეატრის ვარსკვლავი იქნება.

იმედაშვილს არ უმტყუნებს ალღო. ეს ბიჭი ვასო გოძიაშვილია და მომავალში მართლაც გახდება ქართული თეატრის ვარსკვლავი.  სწორედ ალექსანდრე იმედაშვილით შეიცნო პატარა ვასომ თეატრი და სწორედ ალექსანდრე იმედაშვილმა შეიცნო 17 წლის ვასო გოძიაშვილში სცენის მომავალი კაშკაშა ვარსკვლავი…

აკაშკაშებამდე კი, 17-იოდე წლის ვასო, 16 წლის გოგონას გაიცნობს იქ, ფაღავას სტუდიაში. გოგონას სესილია ჰქვია.  გოგონა მერვეკლასელი ჩაირიცხა ფაღავას სტუდიაში. მას შემდეგ რაც სპექტაკლი „ღალატი“  ნახა, ამ გოგონასთვის წარმოუდგენელი გახდება თეატრის ღალატი. გოგონა ბათუმშია დაბადებული, სახელოვან ოჯახში. ვინ აღარ უნახავს შინ სტუმრად მისული – ლეგენდარული ექვთიმე თაყაიშვილიდან დაწყებული, სოფლელი ნათესავებით დამთავრებული. მისთვის ყველა საინტერესო იყო – გასუსული აკვირდებოდა მათ მზერას, სახეებს, მიმიკას, ჟესტებს, დაკოჟრილ ხელებს, ღიმილს… მიდიოდნენ სტუმრები და იწყებოდა – „თეატრი სარკესტან“ – ხან ერთ სტუმარს ანსახიერებდა, ხან მეორეს. მაყურებლის წინაშეც იქ, ბათუმში წარსდგა პირველად 7 წლის სესილია, შინაურ წარმოდგენაზე, ყვავილის როლში. მაგრამ ამ გამოსვლამდე იქნება  ნერვიულობა, ღელვა, მადის დაკარგვა, უძილობა, საქმე ექიმის გამოძახებამდეც კი მივა. სცენაზეც იქ ბათუმში დადგა პირველად, ანგელოზს თამაშობდა ჰაუპტმანის „ჰანელეში“. 8 წლის იყო, ოჯახი თბილსში რომ გამდოვიდა საცხოვრებლად. მერე იყო, თეატრი „ღალატი“, ფაღავას სტუდია…

ვასო გოძიაშვილს და სესილია თაყაიშვილს ერთმანეთი შეუყვარდებათ. დაიწყება დიდი რომანი. ვიდრე ცხოვრებაში ცოლ-ქმარი გახდებიან, ცოლ-ქმრობის „პრაქტიკას“ სცენაზე გაივლიან – სწორედ იქ, სტუდიაში ითამაშებენ  ცოლ-ქმარს გორგო ფულდის “ვირის ჩრდილში” ვასო გოძიაშვილი მევირეს თამაშობდა, სესილია მის ცოლს. მერე ცხოვრებაშიც მისი ცოლი გახდა, რუსთაველის თეატრშიც ერთად მოღვაწეობდნენ. მერე მარჯანიშვილი თეატრიდან წავიდა, მალე მას ვასო გაჰყვა და სესილიაც მარჯანიშვილთან წავიდა. სესილია მარჯანიშვილტან წავიდა იმიტომ რომ მისთვის, როგორც არტისტისთვის, მარჯანიშვილის ესთეტიკა უფრო ახლობელი იყო, ვიდრე ახმეტელის გმირულ-რომანტიკული სულისკვეთება და დაუოკებელი ლტოლვა მონუმენტურისკენ. მარჯანიშვილთან წავიდა იმიტომაც რომ ვასო გოძიაშვილი წავიდა მარჯანიშვილთან…

სესილიას და ვასოს შეეძინებათ დათო გოძიაშვილი. მათი ოჯახური ბედნიერება დიდხანს არ გასტანს. 5 წლის იქნება დათო, სესილია რომ ჩემოდნებს მეორე სართუულიდან გადაუყრის ვასოს და გააგდებს… ამ „გადაყრით“ მტელი ცხოვრება იამაყებს შემდგომ, თუმცა, მთელი ცხოვრება ეყვარება ვასო… იმ დიდი სიყვარულის ერთგული დარჩება, აღარ გათხოვდება, მარტო გაზრდის ბიჭს. თბილისში ფეხს აიდგამს ლეგენდები სესილიას პატიოსნებასა და ზნეობრივ სისპეტაკეზე.

სესილია აღარ გათხოვდება, ვასო გოძიაშვილი კი სესილიას შემდეგ სამჯერ იქორწინებს. როგორც იხსენებენ, ვასო ხშირად სტუმრობდა სესილიას თავისი ცოლებით. სესილია უმასპინძლდებოდა – თუ ხასიათზე იყო. თუ ხასიათზე არ იყო, არც თვითონ ვასოს არ უშვებდა შინ და, როგორც სესილიას უმცროსი მეგობარი ლია მიქაძე გაიხსენებს დათოს ეუბნებოდა – „დათო, ტვოი პადლეც ატეც პრიშოლ, წადი ეზოში“.

სესილია და ვასო ხშირად ჩხუბობდნენ, მაგრამ სესილია ყოველთვის აღიარებდა რომ ვასო გენიალური არტისტია.

ვასო და სესილია საქვეყნოდ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, როცა მარჯანიშვილის თეატრში კონფლიქტმა იფეთქა. ვასო გოძიაშვილი ღიად და დაუნდობლად უპირისპირდებოდა რეჟისორ გიგა ლორთქიფანიძეს და ახალგაზრდებს. კონფლიქტი იმდენად მძვინვარე იყო რომ კულტუირის მაშინდელმა მინისტრმა ოთარ თაქთაქიშვილმა კოლეგიის გაფართოებული სხდომა გამართა. ამ სხდომაზე ისეთი დავიდარაბა ატყდა, რომ გიგა ლორთქიფანიძემ პირში მიახალა ვასო გოძიაშვილს „თქვენ გენიალური მსახიობი ხართ, ხვალ რომ პიესა დავდგა, მაინც თქვენ დაგაკავებთ, მაგრამ თქვენი ჭკუით ჩემმა მტერმა იარა, თქვენ ისეთი მსახიობი ხართ, მედეა ჯაფარიძე რომ ჭრიჭინას თამაშობს, ისიც თქვენ გინდათ ითამაშოთ“.

ვასო გოძიაშვილს იმჯერად როლი კი არა, თეატრის დირექტორობა უნდოდა. სწორედ იმ სხდომაზე მოხდა ნამდვილი ჩხუბი სესილიასა და ვასოს შორის. სესილია ახალგაზრდებს უჭერდა მხარს. გააფთრებით იცავდა გიგა ლორთქიფანიძეს.  საქმე იქამდე მივიდა რომ ვასომ და სესილიამ ოჯახური საქმეები გაუხსენეს, წააძახეს ერთმანეთს, ისე ლანძღეს ერთმანეთი რომ შეწუხებული მინისტრი ითხოვდა – „აბა რა საჭიროა ეგეთი ამბები, ძალიან გთხოვთ დღის წესრიგზე ილაპარაკეთ!…“

ამ დაკა-დაკიდან 2 დღეც არ იყო გასული, ვასო გოძიაშვილმა რომ თეატრმცოდნე ვასო კიკნაძეს ქუჩაში მანქანა გაუჩერა და შესთავზა – წამო ერთ ადგილას უნდა წაგიყვანო სტუმრადო. ვასო კიკნაძემ იუარა და პასუხიც მიიღო დიდი ვასოსგან: „ვა არ მკადრულობ?“

ვასო კიკნაძემ იუარა, ოჯახს არ ვიცნობ, ვერ წამოვალო. „დაჯექი, დაჯექი, ძალიან კარგად იცნობ“ – უთხრა გოძიაშვილმა და არც თუ უსაფუძვლოდ – ვინც მათ კარი გაუღო, მას, მარტო ვასო კიკნაძე კი არა, საქართველოში ყველა იცნობდა და იცნობს, ისინიც კი ვინც მისი გარდაცვალების შემდეგ დაიბადა – სესილია თაყაიშვილს.

ვასო სესილიას ეტყვის: „ნახე სესილი, ვინ მოგიყვანე“.

„ნეტა რა პირით მოხვედი! – უპასუხებს სესილია და დააყრის.

„უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი, იმ ჩხუბის შემდეგ არ მეგონა, თუ ხმას გასცემდნენ ერთმანეთს, მაგრამ ბატონი ვასო ისე იქცეოდა ვითომც არაფერი მომხდარიყო“ – გაიხსენებს ვასილ კიკნაძე. ვასო გოძიაშვილი სესილიას არ ეშვება – „ჰა, ნუ ძუნწობ, დაგვალევინე ერთი ბოთლი“. „შენ ღვინოს კი არა ცეცხლს დაგალევინებ!“ – პასუხობს სესილია… ცხადია, ცეცხლს არა, მაგრამ არც ღვინოს ალევინებს, ისე უშვებს ვასოებს…

სესილიამ იცოდა რომ ვასო იყო გენიალური არტისტი. ვასომ იცოდა რომ სესილია იყო გენიალური არტისტი. იცოდნენ ისიც რომ დიდი იყო მათი სიყვარული იმ შორეულ ახალგაზრდობაში, მაშინ როცა ისინი ჯერ არ იყვნენ დიდი არტისტები, მაგრამ უყვარდათ დიდი სიყვარულით…

დაიბეჭდა გაზეთში “ქრონიკა+”

დაიბეჭდა გაზეთ "ქრონიკა="-ში.

ქართული სიყვარულის ანთოლოგია – ნინო რამიშვილი&ილიკო სუხიშვილი

 

XX საუკუნის 20-იანი წლების მიწურული. 23 წლის ვაჟი ხელის სათხოვნელადაა მისული ქალიშვილის მამასთან. მამა ჯერ მხოლოდ ინჟინერია, ჯერ მხოლოდ 20 წლის ქალიშვილის მამაა, ჯერ დრო უნდა გავიდეს, რომ იგი ქალღმერთის მამა გახდეს. დიახ, ქალღმერთის – გოგონა ნინო რამიშვილია – ქართული ცეკვის ქალღმერთი.

მამა ვერ მოიხიბლება ხელის სათხოვნელად მისული ვაჟით, რომელსაც დაკერებული, გაცრეცილი პიჯაკი აცვია. მამა უარზეა, არც დედას მოსდის თვალში ღარიბი გორელი ბიჭი, მაგრამ გოგონა არ იხევს უკან… უკომპრომისოდ იბრძვის თავისი ბედისთვის. ისევ მამა ხდება იძულებული, კომპრომისი გამონახოს, – გაჰყევი და თუ რამეა, უკან დაბრუნდები. გოგონა გაჰყვება და არასოდეს დაბრუნდება შინ, თორემ ეს წყვილი მუდამ ბრუნდებოდა შინ – საქართველოში – ტრიუმფალური, თავბრუდამხვევი გასტროლების შემდეგ…

10405899_789856451032986_1690189161_n

1907 წელს გორის სოფელ მეჯვრისხევში ილიკო სუხიშვილი დაიბადება, მალე დაობლდება, დედას გაუჭირდება ოჯახის რჩენა და თბილისში წამოვა. 9 წლის ილიკო გვერდში კაცივით ამოუდგება ქვრივ დედას – ყიდის წაბლს, გაზეთებს და ხანაც გორკის ბაღში ქართული ცეკვის ილეთების შესრულებით შოულობს ლუკმა-პურს. სწორედ მაშინ მიხვდება, რომ მისი სტიქია ქართული ცეკვაა, შევა და დაამთავრებს კიდეც ხალხური ცეკვების სტუდიას და აი, 1924 წელი. ოპერის თეატრში პერინის სტუდიის გოგონები გამოდიან, 17 წლის ილიკოს 14 წლის გოგონა მოეწონება…

გოგონა 1910 წელსაა დაბადებული, ოჯახი თავიდან ბაქოში ცხოვრობდა – მამა მუშაობდა იქ, შემდეგ თბილისში დაბრუნდნენ და პლეხანოვზე, დიდ სახლში – დღევანდელ გერმანიის საელჩოს შენობაში ცხოვრობდნენ მანამ, ვიდრე ნინოს მამა არ გადაასახლეს და ოჯახი კეცხოველზე პატარა ოთახში არ შეჩხუკნეს… პატარა ნინოს იმთავითვე იტაცებს ცეკვა. მშობლები პერინის საბალეტო სტუდიაში მიაბარებენ. ლეგენდა ფეხს აიდგამს სცენაზე, მაგრამ ოჯახს გაუჭირდება – იძულებულია, ნინო სტუდიიდან გამოიყვანოს უსახსრობის გამო, გამოიყვანს კიდეც, მაგრამ რამდენიმე დღით – პერინის გადაწყვეტილებით, ნინო უფასოდ აგრძელებს სწავლას პერინის სტუდიაში.

და აი, ის სწორედ პერინის სტუდიიდან გამოდის ოპერის სცენაზე და 17 წლის ვაჟს მოეწონება. მოეწონება, მაგრამ ვერაფერს გაუბედავს. სიტყვით, თორემ ისე ლანდივით აედევნება. კარგა ხანს დასდევს ლანდივით. ნინომ იცის, რომ ლანდივით ადევნებული ბიჭი მოცეკვავეა, რომ ბიჭს მასთან მიახლოება აშინებს, ერიდება, თავადც სურს მასთან გამოლაპარაკება, მაგრამ პირველ ნაბიჯს ჯიუტად არ დგამს, თითქოს უპირობოდ იცავს ქართული ცეკვის კანონს – ინიციატივას კაცისგან ელის… მათი დაახლოების ისტორია მართლაც რომ ჰგავდა ცეკვა ქართულს…

02

03

ბოლოს და ბოლოს, ილიკო გაბედავს გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმას – თავს დაუკრავს ნინოს – გამოელაპარაკება… შემდეგ იქნება გაბუტვა, ეს მაშინ, როცა პერინი სტუდიაში მისულ ილიკოს ქართულის ცეკვას შესთავაზებს ნინოსთან ერთად. ილიკო იუარებს – რას წარმოიდგენს, რომ ბალერინა ქართულის ცეკვას შეძლებს… ნინოს ეწყინება და გაიბუტება. გაბუტვას თავად პერინი დაუსვამს წერტილს – წყვილს შეარიგებს და მათი გზები აღარც გაიყრება. ექვსწლიან რომანს ქორწინება დააგვირგვინებს. პერინის სტუდიაში მოღვაწეობას მოჰყვება 10-წლიანი მოღვაწეობა ოპერისა და ბალეტის თეატრში, შემდეგ ფილარმონია, შსს-ს ცეკვის ანსამბლი, ისევ ფილარმონია და შემდეგ – ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის ჩამოყალიბება… ამ დროს ნინო უკვე 35 წლისაა, უკვე მიღებული აქვს არაერთი პრემია და ჯილდო, ამ ასაკში მოცეკვავე თითქოსდა უკვე უნდა ჩამოსცილდეს სცენას, მაგრამ ეს წესი არ ვრცელდება ქალღმერთებზე – ნინო მხოლოდ 70-იან წლებში დაანებებს თავს ცეკვას – 60-ს გადაცილებული… დაანებებს მაშინ, როცა დაიპყრობს მთელ მსოფლიოს თავის  ,,ჯეირანით”, ,,ქართულით”…

04

05

სცენაზე ცეკვას დაანებებს თავს, თორემ ცეკვას არა – მანამდეც დგამდა და შემდეგაც დგამდა ცეკვებს – ფოლკლორული, ხალხური მოტივებიდან თხზავდა ცეკვებს, დიახ, თხზავდა, რადგან დღეს არაერთი ცეკვა, რომელიც ჩვენ ხალხური გვგონია, მისი უშუალო ფანტაზიის, შემოქმედების ნაყოფია – აღმოცენებული ფოლკლორული მოტივებიდან, ილეთებიდან – ფორმამიცემული, სახიერ ნახაზებში სრულქმნილი. დღეს ცოტამ თუ იცის – მით უმეტეს, თავად ოსობამ, რომ ცეკვა ოსური მთელი თავისი მშვენიერი გეომეტრიული ნახაზით, ყველაფრით, სწორედ ნინო რამიშვილის ფანტაზიის ნაყოფია, რომელსაც საფუძვლად უდევს არა ოსური, არამედ ჩრდილოკავკასიური ცეკვის ილეთები…

Viola_Koroshinadze-119

ნინომ და ილიკომ შექმნეს ანსამბლი და მთელ მსოფლიოს გააცნეს ქართული ცეკვა. სწორედ ქართული ცეკვა იყო ის ერთადერთი პლასტიკური განაცხადი (,,როკვით განფენილი გენია’’ – როგორც უწოდებდა რობაქიძე), რომლითაც მსოფლიო იგებდა საქართველოს, ქართველების არსებობას.

,,სუხიშვილები” საქართველოს ისტორიაში დარჩება, როგორც საქართველოს ყველაზე წარმატებული და საამაყო ელჩი მთელი დედამიწის ზურგზე. დარჩება ელჩად, რომელსაც არ ეხება როტაცია…

10425693_789856457699652_522935163_n

გარდაიცვალა დიდი ილიკო სუხიშვილი და გაირკვა, რომ ილიკოს და ნინოს არც ჯვარი ჰქონიათ დაწერილი, არც ხელი მოწერილი. ოჯახი იურიდიული მიეთ-მოეთიდან ძლივს ნაპოვნმა თენგიზის დაბადების მოწმობამ იხსნა… დამთავრდა დიდი ეტაპი დიდი ქალბატონის ცხოვრებაში. 75 წლის ნინო რამიშვილი დაქვრივდა. გვერდით აღარ ჰყავდა მამაკაცი, რომელსაც ყოველ დილით ყავა მიჰქონდა ლოგინში, მამაკაცი, რომლის წყალობითაც არ იცოდა ლამის ფულის ერთეული – რადგან არასდროს არ უწევდა რამის ყიდვა. ერთადერთი მამაკაცი, როგორც შვილიშვილს – ნიანუს გამოუტყდება – რომლისთვისაც ჰქონდა ნაკოცნი ცხოვრებაში…

Dadvadze_Bondo(125)

დამთავრდა დიდი ეტაპი, მაგრამ არა სცენაზე – ნინო რამიშვილი თენგიზთან ერთად განაგრძობდა საქმეს, ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ ვერტიკალური მდგომარეობიდან ჰორიზონტალურში არ გადაენაცვლა მათ აფიშებს…

Nino_Ramishvili (3)

 

Nino_Ramishvili (4)

Nino_Ramishvili (1)

ნინო რამიშვილი – უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ელეგანტური, მუდამ ჩალმით და სამკაულებით, ასაკისგან დაღდასმული ნაოჭებით და თვალებით, რომელსაც ვერ შეხედა, თვალი ვერ გაუსწორა ასაკმა… მის თვალს ვერაფერს აპარებდნენ, არც თავად ყოფილა ოდესმე თავის ან თვალის მოტყუებით დაკავებული, ეგაა ოღონდ, ტანადი არ იყო და ალბათ ამიტომაც ედგა ვეება სარკე, სადაც ყველა უფრო მაღალი და უფრო გამხდარი ჩანს…

1 - 0085

მას იხსენიებენ ქართული ცეკვის ჯადოქრად, ქართული ცეკვის დედოფლად. თავბრუდამხვევი წარმატებები – მიღწეული დიდი შრომით და უკომპრომისობით, რკინის ნებისყოფითა და ბევრისთვის გაუსაძლისი სიმკაცრით. მისი ეშინოდათ და ეთაყვანებოდნენ, უყვარდათ გულით. ეიმედებოდათ. საკმარისი იყო მისი გამოჩენა და… ბორგნეულ მოცეკვავეებს სუნთქვა ეკვროდათ. მან არ იცოდა, რა იყო დაღლა, დაღლილობისას კი იცოდა ჩაი კონიაკით…

იცხოვრა 90 წელი, იცხოვრა დიდი, სისხლსავსე ცხოვრებით, არნახული წარმატებებით, მაგრამ… ნიანუს ეტყვის, – შენ არ იცი, რა ცოტაა 90 წელი…

J_Kasradze (262)

ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის სიყვარულის და ერთობლივი გარჯის ნაყოფი კი – ქართული გენია, როკვით განფენილი, ნამდვილად არ არის ცოტა…

ramishvili- (4)

რეზო შატაკიშვილი

(დაიბეჭდა გაზეთ  ,,ქრონიკა+”-ში). 

ქართული სიყვარულის ანთოლოგია – ეროსი მანჯგალაძე&ელენე ყიფშიძე

რეზო შატაკიშვილი

(დაიბეჭდა გაზეთში “ქრონიკა+”). 

elene kipshize1

erosi

ამჯერად თქვენ ვერ წაიკითხავთ ბედნიერი სიყვარულის ამბავს, მაგრამ ამქვეყნად ბევრი რომანი ვერ იქნებოდა ასეთი მგზნებარე, ფოიერვერკული და მაინც ტრაგიკული…

ეროსი მანჯგალაძე და ელენე ყიფშიძე – ქართული სინამდვილის ორი დიდი, თითქმის მითიური არტისტი, რომელთა ცხოვრებას მუდამ და იმთავითვე თან სდევდა მითები. მითები, გნებავთ, მათ შემოქმედებით, გნებავთ, მათ პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით. მაგრამ ერთი წამით წარმოიდგინეთ, 40-იანი წლების თეატრალური ინსტიტუტი – ყველაზე პატარა ინსტიტუტი იმდროინდელ სინამდვილეში და იქ ორი სტუდენტი – ელენე ყიფშიძე და ეროსი მანჯგალაძე. სრულიად ახალგაზრდები. თუმცა არ დაგავიწყდეთ ის, რომ ამ ბიჭს ხმაზე უკვე მთელი საქართველო იცნობს – რადიოდან… 16 წლიდან რადიოს დიქტორია, მესამეკურსელს კი მთელი თეატრალური სამყარო გაიცნობს, როგორც მომავალ დიდ არტისტს და არც შეცდებიან – მესამეკურსელი ითამაშებს ტეტერევს ტოვსტონოგოვის დადგმულ გორკის „მდაბიონში“ და უკვე ამ სტუდენტური ნამუშევრით ადგილს გაინაღდებს ქართული თეატრის ისტორიაში, მას აკაკი ხორავასა და უშანგი ჩხეიძის მემკვიდრედ შერაცხავენ. ელენე ყიფშიძეს კი მთელი ინსტიტუტი იცნობს – ბორგნეულს, მძვინვარე არტისტიზმით, ტემპერამენტით. ის ეროსის უყვარს, მას ეროსი უყვარს, მაგრამ…. აი, მათ შორის ჩადგება ახალგაზრდა პედაგოგი, ისიც უკვე სახელგანთქმული და შემდეგ უკვე ლეგენდარული – გიორგი ტოვსტონოგოვი… ეს „ჩადგომა“ და ტრფობა ძვირი დაუჯდება ტოვსტონოგოვს – ეროსი მანჯგალაძე სცემს…

სკანდალი ხმაურდება, ეს გახმაურებული სკანდალი ხდება მიზეზი იმისა, რომ ტოვსტონოგოვს მკაცრად სჯის საბჭოთა სინამდვილე სტუდენტთან სატრფიალო ურთიერთობისთვის და… ტოვსტონოგოვი ტოვებს თეატრალურ ინსტიტუტს, მოღვაწეობას აგრძელებს გრიბოედოვის თეატრში, შემდეგ უკვე მოსკოვის ცენტრალურ საბავშვო თეატრში… ეს გახმაურებული რომანი თავის წვლილს შეიტანს გიორგი ტოვსტონოგოვისა და ასევე დღეს უკვე ლეგენდად ქცეული ქართველი მსახიობის – სალომე ყანჩელის ოჯახის დანგრევაშიც… მოკლედ, ლენასთან ტრფობა ძვირი დაუჯდება ტოვსტონოგოვს, მაგრამ მედალს ორი მხარე აქვს და რომ არა ეს სკანდალი, იქნებ, არც წასულიყო ტოვსტონოგოვი საქართველოდან და არც მისცემოდა ის ასპარეზი, რაც მას მიეცა და რამაც აქცია ის გენიალურ ტოვსტონოგოვად?

დავუბრუნდეთ ლენასა და ეროსის რომანს. გავა სულ ცოტა ხანი და მათ შორის ახლა მოსკოვი ჩადგება. ლენა და ეროსი ერთ სპექტაკლში თამაშობენ. ლენაც, ინსტიტუტიც დიდ იმედებს ამყარებს ამ სპექტაკლზე, მაგრამ მალე ხელიდან გამოეცლებათ ეროსი მანჯგალაძე – ეროსიმ მატჩი უნდა წაიყვანოს მოსკოვიდან… ლენას მეგობრები მოგვიანებით გაიხსნებენ, რომ ლენამ ამ სპექტაკლის ჩაშლა არ აპატია ეროსის… შეიძლება, ეს მართლაც იყო მათ შორის უსიამოვნების მიზეზი, იქნებ, ჩხუბისაც და ეს ჩხუბი აუცილებლად იქნებოდა ისევე მგზნებარე და ფოიერვერკული, როგორიც იყო მათი რომანი, მაგრამ ფაქტია, რომ ესეც აპატიეს ერთმანეთს და ბევრი სხვა რამეც, მოგვიანებით მათ იქორწინეს კიდეც. იყო ქორწილიც, მილოცვებიც, მაგრამ… მათი ბედნიერი თანაცხოვრება სულ რამდენიმე თვე გაგრძელდა, ისინი დაშორდნენ. ასეთ დროს იტყვიან, რომ ორი ვულკანი ერთად ვერ ძლებს… ექნებათ ეჭვები, მაგრამ დანამდვილებით ვერავინ ვერაფერს გაიგებს, რა მოხდა ამ ორ ადამიანს შორის – ეროსი თემას დახურავს და კრინტსაც არ დაძრავს. რაღაცას არ აპატიებს ლენას. რას? არავინ იცის. იქნებ, არც ეროსის დამ, ბელამ, რომელსაც ლენა შემდეგ არაერთხელ სთხოვს, რომ შეარიგოს ეროსისთან. ეროსის და უშედეგოდ ეცდება მათ შერიგებას… მაგრამ სწორედ ბელა მანჯგალაძე იტყვის ეროსის გარდაცვალების შემდეგ, რომ ეროსის არავინ არ ჰყვარებია ცხოვრებაში ლენას გარდა! გაცნობის დღიდან სიკვდილამდე ეროსი მანჯგალაძეს უყვარდა ელენე ყიფშიძე… მას არ შეურთავს ცოლი, ვერ დაიყოლიეს, ის ცხოვრობდა მარტო და ერთხელ თუმანიშვილისთვის უთქვამს კიდეც: „საღამოს ექვსი საათიდან უკვე ვფიქრობ, რამხელა ღამეა წინ, მარტოობის გრძელი, უძირო ღამე…“

ელენე ყიფშიძე ამ დაშორების შემდეგ რამდენჯერმე გათხოვდა, მაგრამ საბოლოდ ისიც მარტოსული აღმოჩნდა და არჩია კიდეც მარტო ცხოვრება. ამბობენ იმასაც, რომ ელენე და ეროსი აპირებდნენ კიდეც შერიგებას, მაგრამ მათ შორის ამჯერად უკვე სიკვდილი ჩადგა – ეროსი გარდაიცვალა…

ეროსის გარდაცვალების დღეს მასთან იყო ზურაბ ყიფშიძე… ზურაბ ყიფშიძე, რომელსაც კარგა ხანი ეროსი მანჯგალაძე ეგონა მამა…

27 წლის ლენამ იმდროინდელი თბილისისთვის სკანდალური ნაბიჯი გადადგა – ქორწინების გარეშე გააჩინა ბიჭი – დაიბადა ზურა და მასთან ერთად დაიბადა მითიც – რომ ზურა ეროსის ბიჭია. ამ მითის თვითონ ზურასაც სჯეროდა კარგა ხანს. უფრო სწორად, არ იცოდა, ვინ იყო მამა, მართლა ეროსი? თუ სხვა?

„სასწაული პრესი იყო, ფაქტობრივად, ნაბიჭვრად მთვლიდნენ და ასე შემდეგ… განვიცდიდი ამას ჩემებურად, მაგრამ, რატომღაც, შინაგანად ვიცოდი და მჯეროდა, ინტიუციით ვგრძნობდი, რომ დედაჩემი მართალი იყო თავის ცხოვრებაში, სწორად ცხოვრობდა. მე მაღიზიანებდა და კონფლიქტი მქონდა საზოგადოებასთან და არა დედაჩემთან… მახსოვს, სოფელში ვიყავი, ასე წარმადგინეს, – გაიცანით, ესაო, ეროსის ბიჭიაო. გავგიჟდი! – მეთქი, ვინ ეროსის ბიჭი ვარ?! დავიწყე ყვირილი, _ ბოლო-ბოლო, გამაგებინეთ, ვინ ვარ, რა ვარ, ვისი შვილი ვარ?!. 13-14 წლის ვიყავი, როცა გავიგე, ვინ იყო, ბოლო-ბოლო, მამაჩემი – მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი, ავთო ვერულეიშვილი… ისე მოხდა, რომ ეროსი ჩემი თეატრის დირექტორიც იყო და პარტნიორიც, ძალიან ვახლობლობდით. რომ დაიღუპა, იმ საღამოსაც მასთან ვიყავი სახლში, ბიჭები ვიყავით ასულები, მიდიოდა ნარდის თამაში, სუფრა უნდა გაშლილიყო, მე ვერ დავრჩი, ლელა ფეხმძიმედ იყო, წამოვედი, გამოვედი ოთახიდან და დავარდა კაცი…“ – გაიხსენებს ზურაბ ყიფშიძე…

ეროსის ცხოვრებაში ეს სიყვარული მორიგი ტრაგიკული ფურცელი იყო. მორიგი იმიტომ, რომ ის ჯერაც 12 წლის ყმაწვილი იყო, დედამისი ბლის ხიდან რომ ჩამოვარდა და დარჩენილი ცხოვრება – 26 წელი – სარეცელს მიეჯაჭვა, ომში უგზოუკვლოდ დაიკარგა ეროსის ძმა, ეროსიმ იგემა მამის დაპატიმრება-გადასახლების სიმწარეც, აუწყობელი პირადი ცხოვრებაც და გნებავთ, კარიერაც… 25 წლისამ წარმატებით ითამაშა მოხუცებული პეშეკი მიხეილ თუმანიშვილის სპექტაკლში, „ადამიანებო, იყავით ფხიზლად“. მოხუცის თამაში მისთვის არც პირველი იყო და არც უკანასკნელი, ჯერ კიდევ სტუდენტობიდან მოყოლებული, ის თამაშობდა მოხუცებს, იმ ასაკის ხალხს, რა ასაკამდე თავად ვერც მიაღწია… მერეც ასე იყო სულ: 27 წლისამ ზიმზიმოვი ითამაშა „პეპოში“, 28 წლისამ – ივანე მრისხანე, 29 წლისამ – ლოპესი „ესპანელ მღვდელში“, 30 წლისამ – ოიდიპოსი… ნაადრევად დაიპყრო მწვერვალები, მაგრამ ბედი მაინც არ სწყალობდა, ხორავას მემკვიდრედ მიიჩნევდნენ, მაგრამ თეატრში სერგო ზაქარიაძე გამოჩნდა, შემდეგ თეატრის ლიდერის პოზიცია რამაზ ჩხიკვაძემ დაიკავა…

ამ ყველაფერმა ერთად გადაიარა ეროსის გულზე და 57 წლის ასაკში გაჩერდა გული… გული, რომელსაც ლენა უყვარდა – ვიდრე ფეთქავდა…

 

%d bloggers like this: