Category Archives: Uncategorized

ფაბულა – კობახიძის ეროპარადი

26 მაისი, 2023

მაშინ როცა ქართველ ჯარისკაცებს სიცხისგან გული მისდიოდათ თბილ საპარადო ტანსაცმელში, ქართული ოცნების დალალდაშლილი ლიდერი ირაკლი კობახიძე, სამხატვრო გალერეის სახურავზე ტრუსის ამარა ეფიცხებოდა მზეს და იწვა ვითარცა წმინდა სებასტიანის მოდელი და არ ვიცით ვის ელოდებოდა  – ჯოვანი დელ ბიონდის, ანდრეა მანტენას, ჯოვანი ბელინის, სანდრო ბოტიჩელის, ალბრეხტ დიურერს, ტიციანს,  ელ გრეკოს თუ უბრალოდ 26 მაისის ღონისძიების მოთავებას. დახატვის რა გითხრათ და ვიღაცამ ფოტო გადაუღო და სწორედ ის ვიღაცა გამოაცხადა დამნაშავედ გია ვოლსკიმ – მისეული გაპრავებით, ვინც პარადის ნაცვლად სახურავზე გაიშოტა ის კი არა, დამნაშავე ის ყოფილა, ვინც  ფოტოები გადაუღო.  ისე არ იფიქროთ, რომ მხოლოდ სახურავზე იდინა ოფლი კობახიძემ, ან მხოლოდ იქ წაასწრეს, არა, სპორტდარბაზსაც ეწვიაო თავმჯდომარე ქართული ოცნების.  ვოლსკის არც ვასილ ჩიგოგიძე ჩამორჩა „გაპრავებაში“ – კობახიძეს ყველაფრის უფლება აქვსო, სადაც უნდა იქ მივაო. უნდა კლუბში, უნდა სპორტდარბაზშიო. კალაძისეული გაპრავებით  კი,  კობახიძე 2019 წლის მერე აღარ ყოფილა  26 მაისის ღონისძიებებზე.

ამოცანა გვეკითხება:

– რაც სპიკერი აღარაა, აღარ ეზეიმება იმ ქვეყნის დამოუკიდებლობა, რომლის მმართველი პარტიის თავმჯდომარეცაა?

-სად და რა პროგრამით აღნიშნავდა კობახიძე 26 მაისს 2020, 2021 და 2022 წლებში, მაშინაც ტიტვლად ხვდებოდა თუ ეს ნუდიზმი ერთგვარი სიახლეა მის  საოცდაექვსმაისო რეპერტუარში?

ვაკეში, მოსაშვილზე “სტრადაში” კაცი ჩაცხრილეს

25 მაისი, 2023

კრიმინალისადმი ნულოვანი ტოლერანტობის განულებიდან მეთერთმეტე წელს, შუა ვაკეში, შუა მოსაშვილზე, ზედ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის სამეზობლოში, კაფე „სტრადაში“ შევარდნილმა უნიღბო ახალგაზრდამ 90-იანების ოხშივარი დაატრიალა – ცეცხლი გახსნა, შვიდჯერ ისროლა, ტალღოვანი ქოჩორი შეათამაშა და ვაკის პარკში მიიმალა, მისი ნასროლი ტყვიით დაჭრილი ფეხბურთელი გუგა ფირცხალავა კი საოპერაციოდ ხეჩინაშვილის კლინიკაში  გადაიყვანეს.

გარდაიცვალა როკენროლის დედოფალი თინა თერნერი…

გარდაიცვალა როკენროლის დედოფალი თინა თერნერი…

აღარ არის მომღერალი, რომელიც გამოჩენისთანავე, ხმის ამოღებამდე მღეროდა, მღეროდა ტანით, ყველა უჯრედით… ხმის ამოღებისთანავე კი გაჯადოებდა განუმეორებელი ხმის ტემბრითა და ვულკანური ენერგიით.

ლეგენდარული ამერიკელი მომღერალი 83 წლის ასაკში, შვეიცარიაში, საკუთარ სახლში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

არიან მწერლები, მსახიობები, მომღერლები, რომელნიც მოგწონს ბავშვობაში, სიყმაწვილეში, მერე გადის დრო და იმ დროს თან მიჰყავს სიყრმის კერპები –  კითხულობ, უყურებ, უსმენ და ვეღარ გაგიგია რა მოგწონდა მათში ოდესღაც… მაგრამ არიან ერთეულები, რომელთა მიმართ აღფრთოვანება ულევია… ასეთი იყო თინა თერნერი. ის იყო  ჩემი სიყრმის კერპი და დარჩა კერპად.  სწორედ ჩემი ეს დამოკიდებულება აისახა ჭიათურის თეატრისთვის დაწერილ-დადგმულ ზღაპარში – „წითელქუდა და ბრემენელი მუსიკოსები“.

ჩემეულ წითელჰუდა წითელქუდას ტიკტოკერი ბებია ჰყავს – თინა ბებო თავს ტიკტოკების ჩაწერით იქცევს, ამგვარად იხდენს თავის ბავშვობის ოცნებას და ამგვარად მიაგებს პატივს თავის კუმირს – ლეგენდარულ თინა თერნერს, 8 გრემის მფლობელს, ჟურნალ “Rolling Stone”-ის მიერ პლანეტის ერთ-ერთ უდიდეს მომღერლად დასახელებულ თინა თერნერს…

სწორედ, თერნერის “steamy windows” ტიკტოკის ჩაწერით სრულდება ზღაპარი  ჭიათურის თეატრში – ჭიათურის თეატრის მსახიობი თინა კუპატაძე ასახიერებს წითელქუდას ბებია თინას, რომელიც თავის მხრივ ასახიერებს თინა თერნერს…

ფოტოები ჭიათურის თეატრის სპექტაკლიდან “წითელქუდა და ბრემენელი მუსიკოსები”.

ფოტო: ლადო მუმლაძე, Salomea’s Page, თათა (თათონი) ფანჩულიძე

ქოცური სამზარეულოს დელიკატესი- ფიჭვი ბეტონში

სურამში ფიჭვები ჩააბეტონეს. ამ ამბავმა ბევრს სურამის ციხის ლეგენდა გაახსენა – ციხის კედლებში ცოცხლად ჩაკირული დედისერთა ვაჟის ამბავი.

ეს ლეგენდა თაობიდან თაობას გადმოეცემოდა, ბოლოს ასახვა დანიელ ჭონქაძის „სურამის ციხეში“ ჰპოვა, რომელმაც თავის მხრივ სიცოცხლე კინოში განაგრძო – 1923 წელს ეკრამებზე გამოვიდა ივანე პერესტიანის „სურამის ციხე“, 1984 წელს კი – ლეგენდარული სერგო ფარაჯანოვის „სურამის ციხე“.  ამავე ლეგენდამ დააწერინა დავით სულიაშვილს „ზურაბის ციხე“.

ისე, ცნობისთვის მსგავსი ლეგენდები არსებობს რაჭაში მინდა ციხის, სიღნაღის ციხის, ილორის წმინდა გიორგის ეკლესიისა და კელასურის კედლის შესახებაც.

მეტიც, შენებისას კედელში მსხვერპლის ჩატანების მოხეტიალე სიუჟეტს იცნობს და გავრცელებულია  სპარსულ, ბერძნულ, გერმანულ, რუმინულ, უნგრულ, სერბულ, იაპონურ, ინდურ ფოლკლორშიც.

მოკლედ, სურამელებმა რომ სურამის ციხეში ზურაბი ჩააბეტონეს, ამგვარი რამ სხვაგანაც არაერთხელ მომხდარა – ჩვენშიც და მსოფლიოშიც, მაგრამ ის, რაც ახლა ქნეს სურამში, ეს მართლაც რომ არსად არავის უქნია და არც მომავალში იზამს ვინმე.

სურამში, რომლის მთავარი ღირსება სწორედ ეს ფიჭვნარია, არც მეტი არც ნაკლები, სწორედ ეს მთავარი და მართლა ზურაბივით დედისერთა ღირსება ჩააბეტონეს.

ცნობისთვის, დღეს რომ სურამი ამ სახისაა, ეს სულაც არაა ბუნების განგება, ეს მადლიანი მეტყევის,  მიხეილ მურვანიშვილის დამსახურებაა, სწორდ მან გააშენა  სურამში გასული საუკუნის 30-იან წლებში ფიჭვნარი – ბაიანთხევსა და კვირაცხოვლის სერებზე, 131 ჰექტარზე გააშენა უნიკალური ჯიშის ფიჭვები. რას წარმოიდგენდა მადლიანი მეტყევე, რომ ლამის საუკუნის შემდეგ, ბაიანთხევში მის გაშენებულ ფიჭვებს ჩააბეტონებდნენ…

ამას ვერც სხვა წარმოიდგენდა, მაგრამ წარმოიდგინა ვიღაცამ.  წარმოიდგინა და გასულ შაბათ-კვირას ჩააბეტონა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ყურები მხოლოდ მას შემდეგ გაიბარტყუნა, რაც ფოტო სოცქსელებში მოხვდა და ამბავი ატყდა. მერეღა გამოჩნდნენ ადგილზე და პასუხიც გვდრუზეს გასაშტერები – კერძო პირს ჩაუბეტონებია არასამუსაო დღეებში, წარმოება დავიწყეთ და დავაჯარიმებთო.

ანუ, ამ განცხადებიდან რა დასკვნას გამოიტან? სურამში შაბათ-კვირა შეგიძლია ის აკეთო რაც გინდა – არასამუშაო დღეებია. ვინაიდან და რადგანაც, ის რაც ახლა „კერძო პირმა“ ჩააბეტონა სატყეო ფონდის საკუთრება იყო, შეგიძლია იგივე წარმატებით სურამში ნებისმიერი რამ ჩააბეტონო, მიუხედავად იმისა, შენი საკუთრებაა თუ არა. ანუ, რომ ადგე და არსამუშაო დღეებში სურამის გამგებელი ჩააბეტონო, უბრალოდ სამშაობათს დაგაჯარიმებენ?

მართლაც და ვის აჯერებენ ამ „მურზილკას“?  კერძო პირისკენ თითის გაშვერა ქმნის საფუძვლიან ეჭვს, რომ პასუხისმგებლობა უბრალოდ კერძო პირს აჰკიდეს (შეტენეს), სავარაუდოდ იმ პირობით რომ იმ დაკისრებულ ჯარიმას თავადვე გადაუხდიან. აბა, რანაირად ჩააბეტონა კერძო პირმა სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი ფიჭვნარი, ან რა რჯიდა რომ ეყიდა ცემენტი, ქვიშა, დაექირავებინა მუშახელი, ეზილა ბეტონი და ებეტონებინა ფიჭვრნარი? ხელ-ფეხი ექავება თუ ჯიბე? თუკი ასეთია ვინმე, კი არ უნდა დააჯარიმო, ელემენტარულად იქვე, სურამში, ცნობილ ფსიქიატრიულ კლინიკაში უნდა უმკურნალო – იქით მკურნალობის ხარჯები უნდა დაუფარო.

ისე, მართლაც და რა ტვინში მოიხარშა ფიჭვნარის ჩაბეტონება?  

ლანას კინო

ეს არც რეცენზიაა, არც ოპუსი, არც ბლოგი, ეს რაღაც უჟანრო, ჟანრისა და ფორმის მიღმა მცდელობაა იმ რაღაც განცდის, იმ რაღაც უცნაური წარმოშობის სიმსუბუქის გადმოსაცემად, რომელიც დამეუფლა დღეს ლანა ღოღობერიძის ფილმის დიდ ეკრანზე ნახვის შემდეგ.

ფილმის დასასრულს გიპყრობს რაღაც პასტელურ ფერად ნაფერი ნათელი სევდა და უცნაური სიმსუბუქე, კიდევ ერთხელ რომ გაფიქრებინებს რომ ცხოვრება მშვენიერია. არადა ფილმში ნაამბობი არც ერთი ამბავი არაა არათუ მსუბუქი, უბრალოდ დრამატულიც კი. არა, ყველა ამბავი თავზარდამცემი და გულგამგმრავია. ის ცალკე ამბავია რომ უყურებ ამბებს, რომელიც კარგად იცი, წაგიკითხავს ლანას წიგნებში და უფრო ადრე, იმ წიგნებამდე პირადად მე მიყვებოდა იმ რამდენიმე ინტერვიუში, რომელიც მასთან ჩამიწერია და გამომიქვეყნებია. დიახ, თითოეული ამბავი იცი და ასე ერთად თავმოყრილ-აკუმულირებული, რაღაც სხვა ინტენსივობითაა დამუხტული და სხვა ძალით ზემოქმედებს.

ლანა ღოღობერიძისეული თხრობის მანერა – თხრობის მშვიდი კილო ამ ფილმს საგის ელფერს სძენს და ეს ფილმი ერთგავარდ წარმოგვიდგება კიდეც საგად კინორეჟისორი ქალების დინასტაიზე, რომელსაც სწორედ პირველმა ქართველმა კინორეჟისორმა ქალმა ნუცა ღოღობერიძემ დაუდო სათავე, რომელსაც აგრძელებენ მისი ქალიშვილი ლანა ღოღობერიძე და შვილიშვილი – ნუცა ალექსი-მესხიშვილი.

შემთხვევით არ მითქვამს – “უყურებ ამბებს”, დიახ, კი არ ისმენ ამბავს, უყურებ ამბავს, რადგან მთხრობელი უბრალოდ კი არ გიყვება, გაყურებინებს ამბავს, სხვადასხვა ხერხებითა და საშუალებებით კინოენაზე თარგმნის მეხსიერებასა და განცდებში შემონახულ ამბებს და გაყურებინებს. სხვა საშუალებებთან ერთად, ეს ხდება მისი ძველი ფილმების კადრების მეშვეობით. რეჟისორი უბრალოდ კი არ უსადაგებს თავის ძველ კადრებს ამ ამბებს, არა, ეს კადრები თავის დროზე სწორედ ამ ტკივილიანმა ამბებმა შვა მის ფილმებში. ახლა მოყოლილმა ამბებმა მისცა ბიძგი და შვა არაერთი ეპიზოდი, რომელიც გაიბნა მის სხვადასხვა ფილმებში, მთელ მის შემოქმედებაში, გაიბნა, როგორც ბედისწრისგან გაწყვწტილი მძივის თვლები. და ახლა, ეს გაბნეული ეპიზოდები, ბედისწერის ძალით კვლავ აიკინძა და განითესა მოგონებების კოლაჟში. ფილმში არაერთხელ ვხვდებით ლანას პირადი ფოტოების კოლაჟს, სწორედ ამ დოკუმენტურ კოლაჟებს ეკილოკავება ეპიზოდები მისი მხატვრული ფილმებიდან, ქმნის ერთგვარ კოლაჟს და ორგანულად ერწყმის იმ დოკუნენტურ ფოტო კოლაჟებს.

ლანა არც მალავს და დღეს, ამ ფილმში უკვე ღიად ამბობს თუ მისი რომელი ტკივილი თუ განცდა ედო საფუძლად იმ ეპიზოდების შეთხზვა-გადაღებას თავის დროზე. ამგვარადაც და ისეც, ეს ფილმი ერთგვარად აღსარებაცაა და დედის გახსენებაც. დედის, რომელიც დაკარგა ორჯერ -როცა გადაუსახლეს და როდესაც სიკვდილმა წაართვა; და დაიბრუნა ორჯერ- როცა დაბრუნდა ათწლიანი გადასახლებიდან და შემდეგ, როდესაც ხანგრძლივი ძებნის შემდეგ მიაკვლია მის მიერ გადაღებულ ორ ფილმს – დოკუმენტურ “ბუბას” და მხატვრულ “უჟმურს”. რეჟიმის მიერ აკრძალული  ამ ფილმების დაბრუნებით მას დედა დაუბრუნდა, ეკრანს კი მომნუსხავი ფილმები, რომელიც გაოცებს თავისი მხატვრულობით, მონტაჟით, ერთდროულად შემზარაობით და მშვენიერებით.

დედის – ნუცა ღოღობერიძის ფილმებისთვის დამახასიათებელი ეს ნიშანი აქვს – შვილის -ლანა ღოღობერიძის ამ ფილმსაც. გზარავს ამბები, გავსებს თანაგრძნობით და… გამსუბუქებს… დარბაზს ტოვებ მსუბუქი და მშვენიერებას ნაზიარები… სხვა კი კიარაფერია კათარზისი…

დავით ჭიჭინაძე მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ

კარგა ხანია ოპოზიციური პარტიების ნაწილს აქვს ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ ემიგრანტებს ჰქონდეთ ბლოკჩეინით  არჩევნებში ხმის დისტანციურად მიცემის  უფლება. ეს ინიციატივა წესით კიდევ უფრო მომხიბლავად უნდა გამოიყურებოდეს ახლა, უკვე მას შემდეგ რაც ელექტრონული წესით ჩატარდა შიდაარჩევნები მთავარ ოპოზიციურ პარტიაში,  რომლის შედეგები ეჭქვეშ არ დაუყენებია არც ერთ მხარეს…

თუმცა, მიუხედავად ამისა, ეს თემა რატომღაც ვერა და ვერ იძენს აქტუალობას ჩვენს სინამდვილეში, არათუ სახელისუფლებო წრეებში, თვით ოპოზიციაშიც კი.

რა ხდება, რა არის ამის მიზეზი? ამის შესეხებ, გვესაუბრება ამ ინიციატივის ერთ-ერთი ავტორი პარტიის – „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე

დავით ჭიჭინაძე:

– წელიწადნახევარია ამ საკითხზე კონფერენციებს ვაწყობთ, საინიციატივო ჯგუფმა პროექტიც შევიტანეთ პარლამენტში, 2022 წლის 11 ივლისს, დარეგისტრირებულია, მაგრამ არა და არ დააყენეს განხილვას საშველი. ამ დროს, ტელევიზიიდან ვიგებთ, რომ თურმე ამ ინიციატივით გამოდის მამუკა ხაზარაძე! ხელისუფლებამ ამ ფორმით გამოუცხადა ბრძოლა ამ ინიციატივას.

– რატომ მიგაჩნიათ ასე?

– იმიტომ რომ რასაც ხაზარაძე აპირებს, ყოველთვის განწირულია წარუმატებლობისთვის. გარდა ამისა, ცინიზმია, როდესაც მამუკა ხაზრაძე ლაპარაკობს ემიგრანტების ინტერესებზე. ემიგრანტების 80% ამ ქვეყნიდან გაქცეულია სწორედ საბანკო ვალების გამო, რომლის უმეტესი წილი მოდის სწორედ ხაზარაძის ბანკზე! ამ ქვეყანაში ადამიანების ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამანგრეველი არის სწორედ თიბისი ბანკი და ეს ჩანს კიდეც ამ ბანკის წლიური მოგებიდან! ამ ქვეყანაში რომ ბანკი წმინდა მოგებას მილიარდ ლარს ნახავს, ეს იმას ნიშნავს, რომ გაატყავეს საქართველოს მოსახლეობა! საიდან უხდის ეს ხალხი ამ ბანკს ამ ფულს? სწორედ ემიგრანტების გადმორიცხვებიდან. ჩვენს ქვეყანაში შემოსავლების უმეტესობა სწორედ ემიგრანტებზეა ჩამოკიდებული.

–  სხვა ოპოზიციური პარტიები რატომ არ აქტიურობენ, ან თქვენს ინიციატივას რატომ არ უჭერენ მხარს, ან თავად რატომ არ გამოდიან მსგავსი ინიციატივით?

– ეს ერთადერთ რამეზე მეტყველებს – ხელისუფლება გარიგებულია ოპოზიციასთან… ცესკოში შეხვედრაზე, რომელსაც ყველა პარტიის წარმომადგენელი ესწრებოდა და რომელზეც საუბარი იყო სწორედ საარჩევნო სისტემის შეცვლაზე, ბლოკჩეინზე, ცესკოს წარმომადგენელმა პირდაპირ უთხრა ჩვენს წარმომადგენელს, ამ პარტიებიდან არც ერთი არაა მომხრე რომ ბლოკჩეინით ჩატარდეს არჩევნები და ემიგრანტებმა მიიღონ მონაწილეობაო. ეს ყველა პარტიის წარმომადგენლის  თანდასწრებით თქვა და არც არავის გაუპროტესტებია – რას ამბობო.

უბრალოდ,  ნაცმოძრაობის წარმომადგენელმა მხოლოდ მას შემდეგ თქვა, ჩვენ მომხრე ვართ ასე ჩატარდესო, ფრაც ჩვენმა წარმომადგენელმა მას უშუალოდ მიმართა – რატომ არ უჭერთ მხარს, თქვენ პარტიაშიც კი უკვე ასე ტარდება ახლა არჩევნებიო. არასაპარლამენტო ოპოზიცია უფრო მონდომებულია, უფრო ჩართულია ამ პროცესში, რასაც ვერ ვიტყვით საპარლამენტო ოპოზიციაზე. არადა, ეს მხოლოდ რომელიმე პარტიისთვის კი არ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის! საარჩევნო სისტემის შეცვლა მიგვიყვანს იქამდე, რომ ადამიანები რა არჩევანსაც გააკეთებენ, შედეგებში ის აისახება და არა ის, რასაც ცესკო გააფორმებს ხელისუფლების კარნახით. თუ სისტემა არ შეიცვალა , 2024 წლის შედეგებსაც კობახიძე დაწერს ისევ. ამის გარდა, ამ ხელისუფლებით უკმაყოფილო ვინცაა, უკვე გაქცეულია ან მანამ გაიქცევა, არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ ექნებათ და შედეგები, ისედაც პროგნოზირებადი იქნება.  არსებული სისტემა, საქართველოს განადგურების მექანიზმია და ვინც ამას ვერ აცნობიერებს, რეგვენია ან ხელისუფლებასთან შეკრული.

„ქართულმა ოცნებამ“, ბანკირებთან ერთად  საქართველოდან ხალხის განდევნის საუკეთესო მეთოდი იპოვა. ბანკები ხალხს ვალებში ახრჩობს. ადამიანებს აიძულებენ ქვეყნიდან წავიდნენ, რომ იქ იმუშაონ და ფული გზავნონ აქ, ბანკის ვალები იხადონ. აქედან ბანკებიც სარგებელს ნახულობენ – გზავნილებით ხელს კარგად ითბობენ და ხელისუფლებაც ბედნიერია, იმიტომ რომ ამ გადმორიცხვებს – ეკონომიკურ ზრდად ასაღებს, თითქოს ვქყანაში ეკონომიკა ჰყვავის. მოკლედ, მშვენივრად არიან დალაგებულები.

– თუ ეს ასეა, და თუ ხაზარაძე საბანკო სექტორის ინტერესებს იცავს, მაშინ ახლა რაღატომ  გამოდის ამ ინიციატივით ხაზარაძე?

–  იმიტომ რომ ჩაშლა უნდათ, იმიტომ რომ იმ იდეებს, რომელსაც ხაზარაძე ახმოვანებს, ამ ქვეყანაში პერსპექტივა არ  აქვს. ეს არის, თორემ თუ მას ეს ცვლილებები რეალურად უნდოდა, ან შემოერთებულიყო, ან აქამდე დაეწყოთ ამაზე საუბარი. დიდი ხანია დაგვიანებულია ამაზე ლაპარაკი. ასე რომ, ხელისუფლებამ საუკეთესო გზა ნახა ამ ინიციატივის ჩასაშლელად – ხაზარაძე გამოიყვანა, ხაზარაძე, რომლის იდეებს პერსპექტივა არ გააჩნიათ. ჩვენ ვნახეთ როგორ უაზროდ დახარჯა ხალხისგან მოპარული ფული არჩევნებში და რა შედეგი მიიღო, თან იმ პირობებში, როდესაც მათ ხელისუფლება ჩვენგან განსხვავებით, საკმალოდ ლოიალურად მიუდგა.

– რატომ?

– იციან რომ ეგ ადამიანები არასოდეს რადიკალურ ქმედებებზე წამსვლელები არ არიან. იმიტომ რომ მათთვის მთავარი ფულია და არა ხალხი და ხალხის იტერესები, იციან რომ ამ ინტერესებს ისინი ყოველთვის გაყიდიან ფულზე. დიახ, ხელისუფლებამ იცის, რომ ყოველთვის შეუძლია ისეთი წინადადება შესთავაზოს მათ, რაზეც ისინი უარს არ და ვერ იტყვიან. აი, იმიტომ არის ის მოცემულობა, რაც არის.

– გინდათ თქვათ რომ ხაზარაზემ ამ თემაზე ლაპარაკი იმიტომ დაიწყო რომ  მოეხდინა ამ იდეის დისკრედიტაცია და რომ ამ ხელისუფლებასთან შეთანხმებულად მოქმედებს?

– რა თქმა უნდა. მანამდეც იყო მცდელობები სხვადასხვა წრეების მიერ, თავიდან თითქოს უერთდებოდნენ ამ ინიციატივას,  მერე აყენებდნენ პრეტენზიას, რომ თურმე ჭიჭინაძე უნდა გაიწიოს, რომ თურმე ახალი სახეებია საჭირო პოლიტიკაში და ა.შ. ჭიჭინაძე არც არავის არ დაუპატიჟია პოლიტიკაში და არც არავის მოთხოვნით არ გავა პოლიტიკიდან. მე ვიცი პოლიტიკაში რატომ შემოვედი, რა მზიანი მაქვს და სანამ იმას არ მივაღწევ, არსადაც არ წავალ. მე ვთვლი, რომ ამ გაღატაკებულ ქვეყანაში ვერცერთი  ბანკირი ვერ უნდა ცხოვრობდეს ლაღად და არხეინად, იმიტომ რომ ისინი არიან ამ ქვეყანაში ყველაზე დიდი დამანგრევლები. წარმოიდგინეთ, მარტო საბანკო საქმიანობიდან და მევახშეობიდან 10 მილიარდი შემოსავალი მიიღეს, არაპროფილურ საქმიანობაზე და ქვეყნის ძარცვის სხვა მექანიზმებზე აღარაფერს ვამბობ!  ეს არის ქართული საზოგდაოების ყველაზე დიდი კიბო და ყველაზე დიდი დამანგრეველი მოვლენა.

– თქვენ საუბრობთ ხაზარაძეზე, როგორც თიბისი ბანკის პატრონზე, საუბრობთ ბანკის ბოლოდროინდელ სტატისტიკაზე, არადა, ხაზარაძეს არარ აქვს უშუალო ბმა თიბისი ბანკთან.

– კი, აღარ აქვს, თუ თავს მოვიტყუებთ… მასე ხელისუფლების წარმომადგენლებიც იძახიან რომ ბიძინა ივანიშვილი გაწეულია. ამ ქვეყანაში მარტო ბიძინა ივანიშვილი არაა არაფორმალური მმართველი, არაფორმალური მმართველობა ჩამოყალიბებულია ყველაფერთან მიმართებაში. აქ კანონი იწერება მხოლოდ იმიტომ რომ იყოს ფურცელზე და მხოლოდ მაშინ ააფრიალონ, როდესაც ვინმეს დასჯა დასჭირდებათ. რას ნიშნავს ხაზარაძეს ბანკთან ბმა აღარ აქვს? ბანკთან ბმა კი არა, უკვე პოლიტიკაში აკეთებს იგივეს, რასაც ბანკში აკეთებდა – იდეებს იპარავს! ამ ადამიანებს სჩვევიათ საერთოდ ყველაფრის მოპარვა და მითვისება! როგორც ბანკში დასაფინანსებლად მისულ ბიზნესმენებს რომ პარავენ იდეებს, ზუსტად ისე აპირებენ პოლიტიკაში ცხოვრებას, სხვისი იდეების, სხვისი გეგმების მოპარვას და მითვისებას. სად არის მათი ნაქები მარშალის გეგა?  აღარც ახსენებენ. რატომ? იმიტომ რომ ისიც მითი იყო და უბრალოდ სალაყბლოდ უნდოდათ.

– დავუბრუნდეთ იმ საკითხს, თუ რატომ არ არის აქტუალური ეს საკითხი  დანარჩენი ოპოზიციური სპექტრისთვის. იმიტომაც ხომ არა, რომ ყოველი არჩევნების შემდეგ, თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია თავის მარცხს თუ დაბალ პროცენტს გაყალბებას აბრალებს, ამით იმართლებენ თავს ვის წინაშეც არიან პასუხისმგებლები – გნებავთ ელექტორატის, გნებავთ დამფინანსებლების წინაშე. აი, მე კი კარგად ვიმუშავე, მაგრამ ბიძინამ გამიყალბა და ა.შ. ამ სისტემის შემოღებით კი ამას ვეღარ იტყვიან და სწორედ ამიტომაც ხომ არ ითრევენ ფეხს?

– ცხადია. ამათ პასუხისმგებლობის აღება არ უნდათ, ესენი, ეს ოპოზიციური პარტიები პოლიტიკაში საძოვრად არიან მოსული. ბლოკჩეინის სისტემის დანერგვით ზუსტად გამოჩნდება რასაც წარმოადგენენ. ამიტომაც არიან დაინტერესბული უბრალოდ ლაპარაკით და არა შედეგით – ამ სისტემის რეალურად დანერგვით.  ვეღარ იტყვიან რომ ვინმემ რამე გაუყალბა, იმიტომ რომ ეს სისტემა გამორიცხავს გაყალბებას.

– თქვენი პროექტის მიხედვით ბლოკჩეინის სისტემითა არჩევნების ჩატარება მხოლოდ ემიგრაციის ნაწილშია განსაზღვრული, თუ საქართველოშიც?

– ჩვენ ვთავაზობთ შერეულ სისტემას საქართველოშიც, ვისაც უნდა ასე მიიღოს მონაწილეობა, ვისაც უნდა ყუთებთან მივიდეს და ისე მისცეს ხმა. ბლოკჩეინის სისტემის შემოღებით, ვეღარც საარჩევნო უბნებზე ვეღარ გაყალბდება ხმა, იმიტომ რომ ადამიანს ნებისმიერ მომენტში შეეძლება უბანზე გაკეთებული არჩევნის დისტანციურად შეცვლა. ამომრჩეველს შეეძლება დღის განმავლობაში რამდენჯერმე შეცვალოს არჩევანი, საბოლოდ ფიქსირდება ბოლო ხმის მიცემა.

– საინტერესოა მაინც როგორ ხსნიან პარტიები ამ საკითხის მიმართ გულგრილობას?

–  ძნელია დღევანდელ ოპოზიციას ოპოზიცია უწოდო. ეს პარტიები მიზნის მიღწევასა და გამარჯვებაზე კი არა, ზიზღსა და სიძულვილზე, ერთმანერთის ჯიბრსა და კონკურენციაზე არიან ორიენტირებულნი და ეს პოლიტიკა მარხავს ოპოზიციას. ხომ გახსოვთ, ყველაფერი გააკეთეს რომ საყოველთაო სახალხო პროტესტი ჩაექროთ, ე.წ. ელიტური ოპოზიციური შეკრებები დაიწყეს „ლელოს“ ოფისში და დაშალეს ნათელაშვილთან არსებული ერთობა და  მთელი ოპოზიციური სპექტრის კავშირი. გარდა ამისა, ცდილობენ რომ თითქოს რაღაც ზემოთ დადგნენ და ისე წარმოაჩინონ თავი, თითქოს რამეს წარმოადგენდნენ. ამ დროს არავინ არაფერს არ წარმოადგენს,  ქუჩაში ვერ დადიან თავისუფლად დაცვის გარეშე, ხალხს იმდენად სძულთ და ეზიზღებათ, უტყაპუნებენ სადაც კი წაასწრებენ.

ვიმეორებ, ამ ოპოზიციისთვის ოპოზიციის დარქმევაც კი არ შეიძლება, ეს ოპოზიცია კი არ არის, ეს არის „ქართული ოცნების“ მეორე ფეხი, რომლითაც ივანიშვილი ხალხს კიდევ რაღაც დამატებით ფინტებს უტარებს. ხომ უყვარს თქმა, ტრიუკი ჩავატარეო, ჰოდა, ტრიუკებს ატარებს ამ მეორე ფეხითაც.

– წესით ქვერყანაში ფასების უკონტროლდ ზრდას უნდა აპროტესტებდეს ოპოზიცია, საქართველოშიო ყველაფერი უკუღმაა, ხელისუფლება გამოდის ფასების დარეგულირების ინიციატივით და ოპოზიციის ნაწილი დუმილს ამჯობინებს, ნაწილი – აპროტესტებს. ეს ნორმალურად გეჩვენებათ?

– რა თქმა უნდა, ოპოზიცია უნდა აპროტესტებდეს ფასების ზრდას და ქვეყანაში არსებულ მონოპოლიებს, უნდა ლაპარაკობდეს იმაზე, რომ სესხები ძვირია და არ შეიძლება ასეთი მაღალი საპროცენტო განაკვეთები. კურსი 3,40 ლარიდან 2,60-ზე ჩამოვიდა და ეროვნული ბანკი მაინც იგივე 11 %-ს ტოვებს რეფინანსირების განაკვეთად და ამაზე პასუხს უნდა სთხოვდეს ოპოზიცია ეროვნულ ბანკს! ბევრი ვერ ერკვევა რას ნიშნავს რეფინანისრების განაკვეთი და ეს 11%, ეს იმას ნიშნავს რომ ბანკები ამ ფასად სესხულობენ ფულს ეროვნული ბანკისგან და მერე 20,25 და 30% -ად იძლევიან სესხებს, რომ სარგებელი ნახონ. აი, იმის ნაცვლად რომ ოპოზიცია იბრძოდეს ამ ძვირი სესხების, ფასების ზრდისა და მონოპოლიების წინააღდეგ, ეგენი პირიქით იქცევიან – როდესაც ხელისუფლება საუბრობს ფასების დარეგულირებაზე, ეგენი ყვირიან -ეგ როგორ შეიძლებაო. რატომ? რისი იმედი აქვთ, რომ ის ბიზნესი მათ რამეს დაუფინანსებს?  ვინ რას გაბედავს? მშიშრები არიან. მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს კიდევ აქვთ შერჩენილი ღირსება, დიდი ბიზნესის წარმომადგენლები ყველანი მონები არიან.

რაც შეეხება ოპოზიციას, ფასების ზრდას ვინ ჩივის, ქვეყანა იცლება, გარბის ხალხი, კატასტროფული მდგომარეობაა და ამაზე არ იღებენ ხმას! და რაზე ლაპარაკობდნენ გაუთავებლად? კოვიდზე!!! და რა გააკეთეს, რა შეცვალეს იმ გაუთავებელი ლაპარაკით? სიკვდილიანობა შეამცირეს თუ მართვა გააუმჯობეს? დღეს რატომ არავინ აღარ ლაპარაკობს? ან ვინც პანდემიას მართავდა, იმათ რატომ არ სთხოვენ პასუხს? ეს ოპოზიცია იმაზე კი არ ლაპარაკობს, რაც ქვეყანას, ხალხს სჭირდება, იმითი საზღვრავენ რა არის პოპულარული და რა არა. პოპულისტურ განცხადებებზე არიან ორიენტირებულები.

– ბატონო დავით, საქმეც მაგაშია, მაგასაც ვერ საზღვრავენ, რა უნდა იყოს იმაზე პოპულარული  ხალხში, ვიდრე ფასების დარეგულირება და ცხოვრების გაიაფებაა? აქაც კი მოედანს უტოვებენ ხელისუფლებას.

–  ამ შემთხვევაში მათ ხალხში პოპულარობას, ბიზნესწრეებში პოპულარობა ამჯობინეს ბრიყვული იმედით – აი, ჩვენ სხვანაირად ვფიქრობთ, ჩვენ დაგვაფინანსეთ. ჩვენ დაგვაფინანსეთ და მერე სულ გაგაღლეტინებთ ხალხს. თან არ დაგავიწყდეთ, ოპოზიციის დიდ ნაწილს ხაზარაძე აფინანსებს – ქვეყნის მღლეტი. იმას უნდა მოაწონონ თავი.

– ბატონო დავით, ხაზარაძის ქვეყნის მღლეტად მოხსენიება…

– როგორ ეკადრება?! 2019 წლამდე ხაზარაძე ვინ იყო? პირველი მძარცველი იყო „ქართული ოცნების“ პირობებში! პირველი! მე როდესაც უმრავლესობის წევრი ვიყავი და მას ვუპირისპირდებოდი, ღიად მეუბნებოდნენ რომ ხაზარაძისთვის თავი დამენებებინა, თორემ პრობლემებს შემიქმნიდნენ.

– ვინ გეუბნებოდათ ამას?

– მთელი მთავრობა. დაუშვებლად მიმაჩნდა ის რომ ბანკებს აქვთ არაპროფილური საქმიანობის უფლება და კანონით ვითხოვდი ბანკებისთვის არაპროფილური საქმიანობის აკრძალვას. წარმოიდგინეთ, ბანკირთან მიდის ადამიანი და აცნობს ბიზნესიდეას, ითხოვს დაფინანსებას. არც აფინანსებენ და მერე ამ ბიზნესიდეას უსირცხვილოდ პარავენ და თავად ახორციელებენ. შეხედეთ, რამდენი ნიჭიერი ადამიანია, სხვადასხვა აპლიკაციას იგონებენ და რა ხდება? ყველაფერს ეგენი  იტაცებნ, ყველაფერს ეგენი ეპატრონებიან და ამაზე პასუხის მომთხოვნი არავინაა. შეგიძლიათ ნახოთ გინდა დარგობრივი ეკონომიკის და გინდა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მაშინდელი სხდომები, გაუთავებლად მაგ განუკითახობასთან და ბანკების აღვირახსნილებასთან მქონდა ბრძოლა. არ შეიძლებოდა და არ შეიძლება რასაც ესენი აკეთებენ, ეს ყველაფერი მიმართული იყო და არის ხალხის გატყავებაზე. ახლა საერთოდ აშვებული აქვთ. ეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომ გამოდის თვითკმაყოფილი სახით, რაც ეგ ეროვნული ბანკის პრეზიდენტია, არც ერთ წელს ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელში არ მოხდა, არც ერთ წელს! ყოველ წელს არღვევდა  კონსტიტუიციას!  საშინლად შემცირდა მყიდველობითი უნარი. 2016 წელს ასი ლარით რომ რაღაცას იყიდდი, დღეს იმას ვეღარ იყიდი ხუთასი ლარით. კატასტროფული მდგომარეობაა, ასი დოლარი ფული აღარაა ქვეყანაში, 260 ლარია დღეს ასი დოლარი, 2016 წელს 250 ლარი იყო,  ის 250 ლარი და დღევანდელი შეადარე ერთმანეთს, შეიძლება მათი მყიდველობითი უნარის შედარება ერთმანეთთან?

დღეს ხაზარაძე ოპზიციაშია და რატომაა ოპოზიციაში? ან ანაკლიაში რას აკეთებდა?  სააკაშვილის დროს ისეთი პროექტი იყო 5 მილიარდი იდებოდა, ამან ჩამოიყვანა 500 მილიონზე. ანაკლია იყო კონტეინერების პორტი და ამან მოინდომა ნაყარ ტვირთებზე გადაკეთება, ყაზახეთიდან ნაყარი ტვირთების წამოღება, რაშიც  ყოველწლიურად 210 მილიონი ექნებოდა შემოსავალი, აი, ეს წაართვეს, ეს გამოგლიჯეს და იმიტომაა ოპოზიციაში. დაიწყო ოპოზიციურად მოქმედება, რასაც ხელისუფლებამ უპასუხა ამ აბსურდული ბრალდებით. რა ფულის გათეთრება? რასაც ეგ აკეთებდა, ჩვეულებრივი თაღლითობაა,  ოღონდ იმ თაღლითობას მართლა გაუვიდა ხანდაზმულობის ვადა. ახლა „გაახსენდათ“,  მაგრამ როცა თაღლითობდა და ხალხს ატყავებდა, მაშინ პასუხი არავინ არ მოსთხოვა.  არც ნაცმოძრაობამ თავის დროზე. თუმცა, ობიექტურობა მოითხოვს, უნდა ვთქვა,  თავიდან ნაციონალურ მოძრაობის ხელისუფლების პირობებში არ აძლევდნენ ბანკებს მილიარდების შოვნის საშუალებას.  მათი წლიური მოგებები, წმინდა მოგებები არ ცდებოდა 40 მილიონს, 60-80 მილიონს,  ყველაზე დიდი მოგება, მე მგონი, 180 მილიონი იყო, მთელ საბანკო სისტემის!  დღეს წარმოიდგინეთ, 2 მილიარდია 2 ბანკში! რაზე ვლაპარაკობთ?

– ანუ ნაციონალები არ აყვლეფინებდნენ ბანკებს ხალხს?

– რა თქმა უნდა. თავიდან ნამდვილად არ აძლევდენენ ბანკებს ხალხის ღლეტის საშუალებას. ბანკებს ხალხის ღლეტის საშუალება მისცეს 2010 წლიდან, როცა მიხვნენ რომ ბანკების მეშვეობით ქონების წართმევა ყველაზე კარგი მეთოდი იყო. ახლა კი რეალურად ყველაფერი ბანკებმა ჩაიგდეს ხელში, იმიტომ რომ ქვეყნის  პირველი პირი თვითონ ბანკირია, ყველა ბანკს მისი ფული აქვს ნასესხები. გინდაც ეს „აწარმოე საქართველოში“ აიღეთ, ვითომ კარგია სახელმწიფო რომ იხდის ამ %-ებს, მაგრამ სინამდვილეში ბანკებს უხდიან იმ ფულს, ის ბანკები კიდევ, სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილისგან ნასესხებ ფულს ყიდიან და თვითონ ივანიშვილს უხდიან… აი, ეგ არის ეს რეალობა მთელი ბიუჯეტი ივანიშვილს ემსახურება. სახელმწიფო იძარცვება.  

არ ინანებთ თუ ნახავთ

ხშირად მეკითხებიან, სად, რომელ თეატრში წავიდნენ და რომელი სპექტაკლის ნახვა ღირს. ვერ გეტყვით რომ იოლი კითხვაა… ნამდვილად არ მიყვარს ვინმეს მოტყუება, მით უმტეს თუ ეს ტყუილი არაფერში მჭირდება და ნამდვილად არაფერში არ მჭირდება ვინმეს მოტყუება თუნდაც ჩემი კოლეგების გამო…

აი, ახლა კი ნამდვილად შემიძლია რეკომენდაცია გავუწიო ზურა გეწაძის მიერ წლების წინ დადგმულ სპექტაკლს “7 პატარა პიესა”.

ისე მოხდა რომ ლაშა ბუღაძის პიესუკების მიხედვით დადგმული ეს სპექტაკლი წლების შემდეგ, დღეს ვნახე.

ზოგადად სპექტაკლები წლების შემდეგ ავეჯივით ირყევა, ცვდება, იცრიცება, იშლება… რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით ამ სპექტაკლზე. არ ვიცი როგორ გამოიყურებოდა წლების წინ, მაგრამ ახლა მშვენიერ ფორმაშია, როგორც სახიერების, ისე არტისტული გულმოდგინების თვალსაზრისით.

არტისტები მთელი გზნებითა და გატაცებით ასახიერებენ ლაშა ბუღაძის პერსონაჟებს. პრაქტიკულად რამდენიმე წუთში ხატავენ და ქმნიან ხასიათებს, რაც დამიჯერეთ, ნამდვილად არაა იოლი – დროის მცირე მონაკვეთში მხატვრული სახის შექმნა მეტ ნიჭსა და ოსტატობას ითხოვს. მითუმეტეს რომ საქმე დიდ პიესაში პატარა ეპიზოდურ როლებს კი არა, პატარა პიესებს, პიესუკებს თუ სკეტჩებს ეხება. კი, ამ პიესუკებში კონფლიქტიცაა, მსუყე ხასიათებიც და თავისი არსით ჩვენი რეალობის გროტესკულ ანარეკლსაც წარმოადგენენ, მაგრამ ნამდვილად არაა იოლი შექნა სახეები ამ მაინც ერთვარად შეზღუდულ, მოკლე ამბებში – ჩვენი რეალობის გროტესკულ ნამსხვრევებში.

თუ როგორ და რა ოსტატობით ახერხებენ ამას, მიდით და ნახეთ. ნახეთ და იხარხარეთ.

ნახეთ რუსუდან ბოლქვაძის ჩანჩქერივით მჩქეფარე და მართლაც ტრაგიკული ციცო დეიდა.

ეკა ჩხეიძისეულ დედა, ერთი სული რომ აქვს გავიდეს სახლიდან, იმდენად რომ მზადაა შვილი დაუტოვოს  ნანა შონიასეულ მანიაკ, შეშლილ ძიძას – მედიკო დეიდას.  თუ მიხვალთ, ასევე ნახავთ ეკა ჩხეიძისეულ პერსონაჟს – გოგის  რბილ  ლ-ზე გაალმასებულ და გაავებულ პერსონაჟს და  თავად გოგის – გიორგი ყიფშიძისეულ გოგის.  ნახავთ ლია კაპანაძის ფოიერვერკულ ბებიას – შვილიშვილის ორ დაცემინებაზე რომ აწყობს სურვილების კაშხალს და გეგმავს შვილიშვილის ცხოვრებას და მაია გელოვანის დედას – საბავშვო ეტლში მწოლარე ჩვილს რომ უგეგმავს/უწინასწარმეტყველებს მახინჯ მომავალს.

ნახავთ, პაატა ინაურის ბიძინას – მამის მეგობრები მძინარეს რომ აღვიძებენ  და ჯიგრულად შეგინებას რომ სთხოვენ და ისიც ტყვიამფრქვევივით რომ დაუშვებს გინებას.

ნახავთ, ნანუკა ლითანიშვილსეულ ტატიანას, რომელსაც ვერ მოუნელებია, გმირულად რომ  ჩმორი დიმა დაიღუპა და არა მისი ანგელოზივით ქმარი შალვა. ერთ სპექტაკლად ღირს გაავებული ტატიანას სვლა ხვეულ კიბეზე – ანგელოზივით ქმართან საჩხუბრად…

და კიდევ, არსაც არც ერთ სპექტაკლში ასე არტისტულად არ ითხოვენ მობილურების გათიშვას, როგორც აქ, ამ სპექტაკლში.

მოკლედ, ნამდვილად არ ინანებთ თუ თუმანიშვილის თეატრში ამ სპექტაკლის სანახავად მიხვალთ.  

რატომ არ უშვებს სამკურნალოდ და რატომ ტოვებს პატიმრობაში ივანიშვილი სააკაშვილს?

მიხეილ სააკაშვილი დააკავეს 2021 წლის 1 ოქტომბერს. დღეს 2023 წლის 3 თებერვალია.

ცხადია, სულ სხვა ვითარება იყო 2021 წლის 1 ოქტომბერს და სულ სხვა ვითარებაა დღეს – 2023 წლის 3 თებერვალს. ამას ყველა ხვდება და აცნობიერებს, მაგრამ ყველა ნაკლებად  ხვდება და აქცევს იმას ყურადღებას, რომ სრულიად სხვა იყო მაშინ მიხეილ სააკაშვილის  დაპატიმრების მიზეზი და სრულიად სხვაა დღეს, მისი ციხეში ჩატოვებისა და საზღვარგარეთ არგაშვების მიზეზი.

მაშინ სააკაშვილი დააკავეს სრულიად აშკარა და ხელშესახები საფრთხის თავიდან ასაცილებლად. იმ საფრთხის, რომელსაც  საქართველოში მყოფი მიხეილ სააკაშვილი უქმნიდა ივანიშვილის რეჟიმს. სრულიად ცალსახა იყო, რომ სააკაშვილი დაქოქავდა  და ააგორებდა იმ პროცესებს, რომელიც ბოლოს მოუღებდა ივანიშვილის ხელისუფლებას.

ამიტომაც, ყველა თანმხლები ნეგატიური მომენტების მიუხედავად, ივანიშვილმა იგი დააპატიმრებინა და გამოაკეტინა ციხეში.

მისი დაპატიმრებიდან 490 დღე გავიდა.  გავიდა და ის საფრთხეც წარსულს ჩაბარდა. ბევრს კი სურს ივანიშვილის წარმოჩენა ფობიებს აყოლილ, ახირებულ ბერიკაცად, მაგრამ მან თავისი 10 წლიანი მმართველობით (თუ რეჟიმით) დაადასტურა, რომ დაჭერებისას მუდამ პრაგმატულობით ხელმძღვანელობს და არა თავისი ახირებული და მყრალი ხასიათით. ის არავის იჭერს, თუ ის რამენაირ საფრთხეს არ უქმნის მას. ამის დასტურად, ხაზარაძე-ჯაფარიძის ქეისიც კმარა, რომელთაც „ბებერი თაღლითების“ იარლიყი აკმარა და ციხეში არ გამოკეტა.

სააკაშვილს აღარ შეუძლია მისთვის არანაირი საფრთხის შექმნა. ამ ეტაპზე, ყოველშემთხვევაში. აბა, რატომ ტოვებს მას პატიმრობაში და არ უშვებს სამკურნალოდ? საქმე ის გახლავთ რომ ივანიშვილმა ახალი მუღამი დაიჭირა მიშას პატიმრობაში.

აღმოაჩინა რომ მას ძალიანაც აწყობს დაუსრულებელი  საუბარი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, მთელი ეს ნერვული ფონი, მთელი ეს აღშფოთება.

რატომ აწყობს ეს ყველაფერი?

მას და მის იმიჯმეიკერებს თუ პიარშიკებს, აღარ უწევთ არანაირი თემების მოფიქრება მიმდინარე პროცესების გადასაფარად. ისედაც ყველა თემა წალეკილია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის თემით. კრიტიკული მედიასაშუალებები აშუქებენ იმას, თუ რამედნად მწვავე და საგანგაშო ვითარებაა, სახელისუფლებო არხები კი საწინააღდეგოს ამტკიცებენ და მესამე პრეზიდენტს ხან თვალთმაქცობაში ადანაშაულებენ, ხან რაში და ხან რაში.

ამასობაში, ქოცხელისუფლება ნირვანაში ლივლივებს, აკეთებს იმას რაც უნდა და კი ვიცით, რაც უნდათ – ფული და იმ დავალებების შესრულება, რომელიც მათ ჩრდილოეთიდან მოსდით. რომელი დავალებების შესრულების ხარისხზეცაა დამოკიდებული მათი ხელისუფლებაში დარჩენა და შესაბამისად – ფულის ხაფვა.

მოკლედ, ხელისუფლებას არ სჭირდება არანაირი თემების მოფიქრება  გადასაფარად, ყველაფერი ისედაც გადაფარულია და ისინი აუღელვებლად აკეთებენ იმას, რაც უნდათ.

ამ პროცესში, მათი მოკავშირე კი, უნებურად გამოდის სწორედ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მოფიქრალი ხალხი, ვისაც გულწრფელად აწუხებს მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა და სხვა ყველაფერს უდროოდ მიიჩნევს ამ ეტაპზე.

ვინმემ რომ რამე თემა წამოსწიოს, პირველი სწორედ ისინი უპირისპირდებიან რეფრენით – რა დროს ესაა, მიშა ციხეშია, მიშა კვდება.

ამ რამოდენიმე თვის წინ, ჩემმა მეგობარმა „ფეისბუკზე“თავის ფრენდებს კითხვით მიმართა. უფრო სწორედ, დაწერა როგორ ამწნილებდა თავად მკვახე პომიდორს და მათაც ჰკითხა, როგორ ამწნილებდნენ, რომ  წლეულს მათი გამოცდილების  გაზიარებით დაემწნილებინა მკვახე პომიდორი.

პასუხი არ გაინტერესებთ? – მიშა ციხეშია, რა დროს პომიდორია. გეგონება, თუ ჩემი მეგობარი წნილს არ ჩადებდა, გულაჩუყებული ივანიშვილი სააკაშვილს გამოუშვებდა.

ეს რა თქმა უნდა, გროტესკულად ასახავს იმ ვითარებას, რომელიც დღესაა.

იცის ეს განწყობა ივანიშვილმა და ამიტომაც აწყობს სააკაშვილი პატიმრობაში. იცის, ვიდრე პატიმრობაში ეყოლება, მისი ჯანმრთელობის საკითხი ვერ მოიხსნება.

სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნით, ივანიშვილმა ერთი კარგი, მსუქანი, კენგურუსხელა კურდღელი კი დაიჭირა – სააკაშვილის ჯანმრთელობის თემის ეგიდით მის პარტიაში უმად დააგლიჯეს ხორცები ერთმანეთს…

ივანიშვილმა იცის, რომ სააკაშვილის პატიმრობაში დატოვება დამატებით მისთვის კიდევ ერთ სიკეთეს მოიტანს…. რა სიკეთეს? ადამიანი  შემგულებელი არსებაა, ეს ბატონმა ბიძინამ კი არ აღმოაცინა, ჰეგელმა თქვა. ადამიანები ნელ-ნელა ეგუებიან არსებულ ვითარებას… ნელ-ნელა ბეზრდებათ კიდეც დაუსრულებლად იმ საინფორმაციო ველში ცხოვრება, რომელშიც ყველაფერი იწყება და სრულდება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობით… ადამიანის ბუნებას ერთი უხიაგი რამაც ახასიათებს, როცა რაღაც პრობლემას ვერ ჭრის, ან ვიღაცას ვერ შველის, მერე ნელ-ნელა, მისდა შეუმჩნევლად იძულებს იმ პრობლემას თუ იმ ადამიანს, რომელსაც ვერ უშველა… ამ გზითღა ითავისუფლებს თავს მტანჯველი პასუხისმგებლობისგან…

ამ გზით, ივანიშვილი მიიღებს იმას, რაც ასე სწყურია – საზოგადოებას, ყოველ შემთხვევაში მის რაღაც ნაწილს მაინც, შესძულდება სააკაშვილი…

იცის ეს იალბუზის ეშმაკზე ადრე დაბადებულმა ივანიშვილმა და ამიტომაც ახალისებს ამ პროცესს. მან რომ სააკაშვილი სამკურამლოდ გაუშვას, ეშველება თავად სააკაშვილს (რომელიც ვინძლო მერე ისევ მას შემოუბრუნდეს), ეშველება ხალხსაც, გათავისუფლდებიან მტანჯველი პასუხისმგებლობისგან, სინდისის ქენჯნისგან, ეშველება საინფორმაციო ველს და… ხალხი მოიცლის მთავრობისთვის….

აწყობს ახლა ეს ბიძინა ივანიშვილს?

სად არის შენი ბედნიერება დოი?

თქვენი ნებართვით, სათაურში ჩადებულ ინტრიგას თავშივე გავხსნი და გეტყვით რომ დოის –  რეჟისორ დავით დოიაშვილის ბედნიერება სწორედ იქ გახლავთ, სადაც მძინვარებს თქვენი აღშფოთება, რომ ვერ შოულობთ ბილეთებს მის სპექტაკლზე „მე გადმოვცურავ ზღვას“.

ამ საკითხზე დაწერისკენ კი, იმ ვაი-უშველებელმა, მე ვიტყოდი სამარცხვინო ვაი-უშველებელმა მიბიძგა, რაც ატყდა  ფეისბუკში ახალი თეატრის ფეიჯზე დადებულ აშშ-ს ელჩის, ქალბატონი კელი დეგნანის ფოტოებზე. ვისაც ჯერ არ გინახავთ ( სპექტაკლი კი არა, ეს პოსტი და ამტყდარი  ვაი-უშველებელი), გეტყვით, რომ თეატრმა სპექტაკლზე მიიწვია ქალბატონი ელჩი და შემდეგ, თეატრის ფეიჯზე დაპოსტა ამ სტუმრობის ამსახველი ფოტოები. დაპოსტა და… ატყდა და რა ატყდა! ამ ისტერიკის ამპლიტუდა-ამპლისუდა მერყეობს „ბილეთები როგორ იყიდა“-დან  „უბრალო მოკვდავნიც რომ მოგვიწვიოთ??“-მდე. ისეთი ამბავია, ცოტაც და საელჩოს შტურმით ასაღებად თუ არა, მის წინ აქციის მოსაწყობად გაიქცევიან.

მაყურებელი აღშფოთებულია იმით, რომ მოუნდა თეატრში წასვლა და ვერ ყიდულობს ბილეთს და ეჩხუბება ყველას და ყველაფერს – თეატრს, რეჟისორს, ფეიჯს, ინტერნეტს, გამვლელს, გამომვლელს, ამერიკის ელჩსაც კი. არადა, არ იცის, რომ იქ, სადაც მას ასე ძალიან უნდა მოხვედრა – თეატრში, სწორედ ეს ამბავი უხარიათ ყველას ყველაზე მეტად!

უკაცრავად თუ თეატრის სფეროს წარმომადგენლები ვერ გავიზიარებთ თქვენს აღშფოთებას, მაშინ როდესაც ის ფაქტი, რომელიც თქვენს აღშოთებას იწვევს, ჩვენ გვაბედნიერებს, გვახარებს და სტიმულს გვაძლევს.

დიახ, ბატონებო, რეჟისორიც, მსახიობიც, რეკვიზიტორი და კაპელდინერი (თუ ის კამეჩივით ზანტი არაა) ბედნიერი სწორედ მაშინ არის, როდესაც ყველა ბილეთი გაყიდულია, როდესაც ბილეთებზე წეწვა-გლეჯვაა, როდესაც თეატეს მაყურებელი აწყდება და ბედნიერს პატრულის გამოძახება უწევს, რომ ბედნიერება ტრაგედიაში არ გადაიზარდოს. მახსოვს, სწორედ ასე მოუწია პატრულის გამოძახება ეკა მაზმიშვილს, როდესაც საერთაშორისო ფესტივალზე, პიკოლო თეატრი მარჯანიშვილში ჯორჯო სტრელერის „ორი ბატონის მსახურს“ თამაშობდა. მაშინ მაყურებელმა კინაღამ მინები ჩალეწა თეატრში შესაღწევად.

სწორედ ესაა ბედნიერება და არა ის, რომ დარბაზში იმაზე ნაკლები ზის, რამდენიც სცენაზე დგას.

ორი უკიდურესობაა, როდესაც მაყურებელი თეატრს აწყდება, რაც იწვევს ერთგვარ დისკომფორტს მაყურებელში, როგორც ბილეთების შეძენისას, ისე გადავსებულ დარბაზში საკუთარი ადგილის დაკავებისას, როდესაც  შენს კუთვნილ ადგილზე უკვე სხვა ზის და მისი „კუთვნილიცაა“| მარიფათიანი გადამყიდველის წყალობით და ა.შ.

და მეორე – როდესაც სპექტაკლზე ბილეთები არ იყიდება და დარბაზში კანტიკუნტადაა მაყურებელი.

ამ დროს მსახიობიც ყურებჩამოყრილია და რეჟისორიც, არ იცით რა ძალისხმევა სჭირდებათ, ძალა რომ მოუკრიბონ და თითქმის ცარიელ დარბაზთან კონტაქტი დაამყარონ… წესით, ამ დროს თქვენ, მაყურებელი კარგად და კომფორტულად უნდა გრძნობდეთ თავს – ხალვათად ხართ, ამდენი მსახიობი თქვენთვის ირჯება… მაგრამ ფაქტია, რომ ამ დროს არც თქვენ ხართ ბედნიერი! თქვენც გირჩევნიათ რომ სავსე დარბაზში იყოთ. ესაა სწორედ იმის ჯადო-თილისმა, რასაც თეატრი ჰქვია, თეატრი, რომელსაც აბედნიერებს ანშლაგი – მაყურებლით  პირთამდე სავსე დარბაზი. რაც მეტია მაყურებელი კიბეებზეც, გასასვლელებშიც, მჯდომარე თუ მდგომარე, მით დამუხტულია მსახიობი.

გამოტყდით, თქვენც ხომ სწორედ იმიტომ იგიჟებთ თავს დოის სპექტაკლებზე მოსახვედრად, სწორედ ეს ამბავი რომაა ამტყდარი? თორემ თუ მხოლოდ თეატრში სიარული და ბილეთების კომფორტულად შეძენა გნებავთ, ვინ გიშლით სხვა თეატრებში, სხვა სპექტაკლებზე სიარულს ან ბილეთების დაუბრკოლებლად  შეძენას?

ასე რომ კმარა წუწუნი. ანდა, პირიქით, მეტი, მეტი და კიდევ მეტი იწუწუნეთ, იყაყანეთ, იზუზუნეთ, ამით მხოლოდ სამსახურს გაუწევთ თეატრს და იქნებ ისეთებსაც მოუნდეთ თეატრში მისვლა, აქამდე იქ, ქუდის შეგდების შემთხვევაშიც რომ არ შედიოდნენ.

მოკლედ, იზუზუნე  ერო! მგონი, ასე ჯობს დასრულება.

ბლოგის მკითხველებს

ვინც ხშირად, ან თუნდაც ხანდახან სტუმრობთ ამ ბლოგს და გაქვთ სურვილი, რომ ბლოგი ფუნციონირებდეს, გთხოვთ თანადგომას. თქვენი თანადგომის გარეშე ბლოგის არსებობა/ფუნციონირება/განახლება და კონტენტის სოცქსელებით თქვენამდე მოტანა – შეუძლებელია….

თქვენი თანადგომის გარეშე, თავიდან ვერ ავიცილებთ ვერც შეფერხებებს და ვერც პაუზას…

#GE90TB7803945061100002

#GE35BG0000000240459300

წინასწარ გიხდით დიდ მადლობას.

%d bloggers like this: