Tag Archives: აკაკი ვასაძე

რეზო შატაკიშვილი ქართული თეატრის ბედის მწერალ მიხეილ თუმანიშვილზე

tuman-a

“თავს უშველეთ, წადით თეატრიდან, წადით, სულერთია სად წახვალთ, ოღონდ მოშორდით მას”…tuman 3

თეატრი იყო მისი ბედისწერა, თავად კი – ქართული თეატრის ბედის მწერალი. რომ არ ყოფილიყო ის, არავინ იცის, საით წავიდოდა და როგორ განვითარდებოდა ქართული თეატრი.
ჩაუვარდა პირველი რეპეტიცია.
ჩაუვარდა პირველი სპექტაკლები…
მისი ცხოვრება ხელოვნებაში მარცხით იწყებოდა და ტრიუმფებით გვირგვინდებოდა.
ის იყო მიხეილ თუმანიშვილი…
ლეგენდარული „მამა რომას“ – ანა მანიანის ცხედარი რომ რომის მოედანზე გამოასვენეს, ტაშმა იგრიალა. ტაშით აცილებდა იტალია ყველა დროის უდიდეს არტისტს.
გაზეთში ამოკითხულმა ამ ამბავმა მიხეილ თუმანიშვილი შეძრა და აღაფრთოვანა. ამის შესახებ თავის შესანიშნავ წიგნშიც („სანამ რეპეტიცია დაიწყება“) დაწერა.
გავიდა დრო, გამოასვენეს თავად დიდი მაესტრო თუმანიშვილი და იგრიალა ტაშმა… ტაშით აცილებდა საქართველო დიდ რეჟისორს…
ცოცხალი თუმანიშვილი ერთადერთხელ ვნახე. მაგრამ დღესაც ცოცხლობს ის კადრი. …მე, 18 წლის ბიჭი, თეატრის გამნათებელ ბიჭთან ერთად, კინომსახიობთა თეატრის მსახიობთა შესასვლელთან ვდგავარ – ნინელი ჭანკვეტაძეს ველოდები… ინტერვიუსთვის. ძველი კინოსტუდიის ეზოში შემოდის მიხეილ თუმანიშვილი… დავიძაბე, გავშეშდი… ბატონი მიშა მოვიდა, მოგვესალმა, გამნათებელ ბიჭს ხელი ჩამოართვა, მოიკითხა და… ხელი ჩამომართვა, მომიკითხა. გავოგნდი, გამიხარდა… რა ვიცი, რაღა არ დამემართა…
მაშინ მისმა ადამიანურმა უბრალოებამ, სისადავემ მომხიბლა და გამაოგნა, დღეს უკვე ვხვდები, რომ ამის გარდა იყო სხვაც, ასევე მნიშვნელოვანი – მან შესანიშნავად იცოდა საკუთარი გენიალურობის ფასიც და ისიც, ამგვარი ჟესტით რამხელა სიხარულის მინიჭება შეეძლო ადამიანისთვის, მით უფრო პატარა ბიჭისთვის.
და ეს თვისებები მთლიანად და ერთბაშად, სინქრონულად მისი შემოქმედებისთვისაა დამახასიათებელი – მისი სპექტაკლებისთვის (დღემდე რომ შემორჩა რეპერტუარს) და მისი წიგნებისთვის – მუდამ რომ შემორჩება თაროებს….

გზა თეატრისკენ

ბავშვობაში დრამატულ თეატრში არ დაჰყავდათ. ოპერას ეტანებოდა. შინ არიებს მღეროდა სხვადასხვა ოპერებიდან. ბიძამ მუყაოს თეატრი გამოუჭრა. მიშა დეკორატორი იყო – „ალადინის ჯადოსნური ლამპრისა“ და სხვა სპექტაკლების დეკორაციებს აკეთებდა. მერე ცირკმა გაიტაცა – მეზობელი ცირკის ორკესტრში უკრავდა და მას დაჰყავდა ცირკში. ერთხანს არქიტექტორობაც უნდოდა.
13 წლისამ რუსთაველის თეატრში ახმეტელის „ყაჩაღები“ ნახა და დრამატული თეატრი აღმოაჩინა. მიღებულმა უძლიერესმა შთაბეჭდილებამ ყველა და ყველაფერი გადაჩრდილა. ეზოს ყოველი ხე ბოჰემიის ტყის ნაწილად გადაიქცა, სარდაფი – ტავერნად, სადაც თავისუფლებისმოყვარე ახალგაზრდები აჯანყებას ამზადებდნენ. ეზოს ყველა კედელი „ყაჩაღების“ მიზანსცენებით მოხატა. მეზობლის ქალი ჩხუბობდა, შლიდა. მეორე დღეს ნახატები ისევ ჩნდებოდა. სანდრო ახმეტელის სპექტაკლებს ზედიზედ ნახულობდა, აფორიაქებდა, მოსვენებას არ აძლევდა. მისი მძვინვარე, მკაფიო იდეებით ინუსხებოდა, ემოციურად ძრწოდა. „ახმეტელი იყო ჩემი თეატრის აღმომჩენი“.
მერვე კლასში დახაზა დიდი პროექტი და ააგო მაკეტი – ახალი თეატრის, სადაც ერთად იყო მოთავსებული დრამატული თეატრი, ოპერა, ცირკი. თავი გაწაფულ რეჟისორად წარმოიდგინა და    სკოლაში „პლატონ კრეჩტიც“ დადგა. არავინ შეაჩერა, არავინ უთხრა, რომ თეატრი საშინელი თამაშია, რომელიც უმრავლესობისთვის მარცხით და სულიერი გაკოტრებით მთავრდება.
„თავს უშველეთ, წადით თეატრიდან, წადით, სულ ერთია, სად წახვალთ, ოღონდ მოშორდით მას“…
არ უთხრეს, არ შეაჩერეს. კარგია, რომ არ შეაჩერეს…
18 წლის ჯარში წაიყვანეს, 1939-ში. მერე ომიც დაიწყო.
…უკანდახევა დასავლეთის საზღვართან. მედდა კატია. საშინელი ღამე – გერმანელების თვითმფრინავებიდან გადმოყრილი სპეციალური შუშხუნები, დაბომბვა. საუბარი კატიასთან. კატია მსახიობობაზე ოცნებობს. ისევ უკანდახევა. ირგვლივ ყველაფრის ნგრევა. ცხედრები, დამწვარი მანქანები, დამტვრეული გზა. ტალახი. ქარი. უსიტყვოდ, ჩუმად სვლა. ისევ ბრძოლა. ალყა ტანკებით. ბომბები – ციდან. რომელიღაც პატარა სახლის დერეფანში ნაპოვნი კატიას გვამი, ცოცხში თავჩარგული. „მე და ის მაშინ ოცი წლისანი ვიყავით“…
ომი დამთავრდა. მიშა დაბრუნდა. თეატრალურ ინსტიტუტში ჩაბარება გადაწყვიტა. ერთმა დეიდამ მეგობრის დახმარებით გაიგო, რას მოითხოვდა ტოვსტონოგოვი აბიტურიენტებისგან. ბიცოლამ ლიზა ჩერქეზიშვილთან წაიყვანა. ქართულ სამოსელში გამოწყობილმა, 70 წლის ელისაბედ ჩერქეზიშვილმა ხელი გაუწოდა და ინსტიტუტამდე ფეხით ატარა. მერე სასწავლო ნაწილის გამგეს – აკაკი ფაღავას წარუდგინა: „შეხე, შეხე, რა სალდათი მოგიყვანე, ორდენებიანი და მედლებიანი“.
…ინსტიტუტში ჩაირიცხა. პედაგოგი – გიორგი ტოვსტონოგოვი. ახალგაზრდა. სავსე თეატრალური პრინციპებისადმი უსაზღვრო რწმენით. სტანისლავსკის მოძღვრების მქადაგებელი. შთაგონებული საუბრები. ლოგიკური მსჯელობები, გატაცება. ყოველი მეცადინეობის დღესასწაულად ქცევა.

პირველი მარცხი – რეპეტიციის ჩავარდნა

გიორგი ტოვსტონოგოვი სტუდენტებთან გოლდონის „სასტუმროს დიასახლისს“ დგამს. სტუდენტ რეჟისორებს თითო სცენა დაურიგა „დასადგმელად“. მიშას კავალერთან და მარკიზთან მირანდოლინას შეხვედრის სცენა ერგო. მიშამ სცენა მოიფიქრა. დანიშნა მის ცხოვრებაში პირველი დამოუკიდებელი რეპეტიცია. რეპეტიციაზე გამოცხადდნენ სტუდენტები – ელენე ყიფშიძე, ეროსი მანჯგალაძე, იური კაკულია. მიშამ თავისი ჩანაფიქრი გააცნო. მოიწონეს, ტექსტის წაკითხვის მერე კი დაუწუნეს, შენი გადაწყვეტა მთლად ზუსტი არააო. დიდხანს იკამათეს. „შემდეგ მათ ითამაშეს ჩემი ვარიანტი, მაგრამ ისე, რომ უკვე მე თვითონაც არ მომწონდა, თავიანთი ვარიანტი კი ისე ითამაშეს, რომ ძალიან მომეწონა და დავიბენი, არ ვიცოდი, რა გზას დავდგომოდი. თვალთ დამიბნელდა. საოცარი სიცარიელე ვიგრძენი, საშინლად ავღელდი და სხვა უკეთესი რომ ვერაფერი მოვიფიქრე, შესვენება გამოვაცხადე…“

25 წელი თეატრში

დამთავრდა სტუდენტობა. დაიწყო დიდი გზა – ინსტიტუტში პედაგოგიურ მოღვაწეობას შეუდგა. პედაგოგობამ გაიტაცა და სიცოცხლის ბოლომდე არ შელევია… ინსტიტუტის დამთავრებისთანავე ხორავამ თეატრში მიიყვანა.
მხარს უჭერდა, ექომაგებოდა. ხელში „საწარმოო“ პიესა შეაჩეჩეს და მისი რუსთაველის თეატრში დადგმა დაავალეს. პიესაში იყო შეჯიბრი ჩაის კრეფაში, რეკორდები, თითქოს სიყვარული, ანგლობა, ფაციფუცი და მორჩა. პიესა წაიკითხა, ხელჩასაჭიდი ვერაფერი იპოვა. ხატავდა ესკიზებს, წერდა სარეჟისორო გეგმას. მხატვართან ერთად მაკეტიც გააკეთა – პაწაწკინტელა სახლები, ჩაის ბუჩქები, მთები, ტყეები, მწვანე ბაირაღები… კომისიამ მაკეტს დახედა და დაიწუნა. დაიწუნა და გავიდა. ნირწამხდარი გამოვიდა ახალგაზრდა რეჟისორი სამაკეტოდან. დარბაზში სპექტაკლი მიდიოდა. იყო ხარხარი, ტაში. მიშა სახლში წავიდა, ჩაწვა. სპექტაკლის დამთავრებიდან ერთ საათში: ხანძარი თეატრში. დაიწვა კომისიის დაწუნებული მიშას მწვანებაირაღიანი მაკეტიც.
„ასე ხანძრით დაიწყო ჩემი ცხოვრება პროფესიულ თეატრში“. 
კარსანიძის „მარადმწვანე ქედების“ პრემიერა. მარცხი…
„მე უმეტეს შემთხვევაში იმას ვდგამდი, რაც თეატრს სჭირდებოდა და არა იმას, რაც გულით მინდოდა, ის კი სულ რამდენჯერმე დავდგი“, – ამას მოგვიანებით იტყვის. „მარადმწვანე ქედებს“ მოჰყვა „დაუვიწყარი 1919“. სპექტაკლად დავიწყებადი რომ იყო და მარცხად – მართლაც დაუვიწყარი. მერე იყო „ქარიშხლის წინ“, შუალედში კი – წარმატება. წარმატებამდე თანამოაზრეთა დარაზმვა. აყოლიება… მიხეილ თუმანიშვილი თავის მეგობარ მსახიობებთან ერთად, რესტორან „გემოში“ ჭიქით ხელში რომ შეჰფიცეს ერთმანეთს: სამუდამოდ ერთად ვიქნებით და ერთად შევქმნით ახალ ხელოვნებასო.
კოტე მახარაძე, ბადრი კობახიძე, გოგი გეგეჭკორი, მედეა ჩახავა, ეროსი მანჯგალაძე, ნოდარ ჩხეიძე, მერაბ გეგეჭკორი, რამაზ ჩხიკვაძე, გურამ საღარაძე… „ეს ჩემი არმია მზად იყო შტამპების წინააღმდეგ გასალაშქრებლად, შტამპებისა და… ჩვენ გვაწვალებდა სიყალბე სცენაზე და ვოცნებობდით ახალ ხერხებსა და საშუალებებზე…“
მარცხიან დასაწყისს მოჰყვა გულით პირველი სპექტაკლი – „ადამიანებო, იყავით ფხიზლად“. წაიკითხა გესტაპოელთა ციხეში ნაწამები ჩეხი კომუნისტის, იულიუს ფუჩიკის სიკვდილის შემდეგ გამოცემული ჩანაწერები „რეპორტაჟი სახრჩობელადან“. ჩანაწერებმა ააღელვა. მთელი ღამე არ დააძინა. „პირველად მომწყურდა, გულით დამედგა რაღაც“…
კოტე მახარაძესთან ერთად დაწერილი ინსცენირება. ხორავას მხარდაჭერა: დადგით, იმუშავეთ რეპეტიციებიდან თავისუფალ დროს. რეპეტიციები გვიან ღამით, დერეფნებში, ფოიეში, სახლებში… ფანატიზმი. თავდაუზოგავი შრომა და პირველი გულით დადგმული სპექტაკლი – „ადამიანებო, იყავით ფხიზლად“. პირველი წარმატება… აღიარება.
თუმანიშვილს ხორავა დაიბარებს. კიდევ ერთხელ შეაქებს, „ფუჩიკის“ გზით იარეო. მერე ეტყვის: ისტორიულ-რევოლუციური სპექტაკლების ციკლი უნდა შევქმნათ და ამ პოლიტდეკადის ერთიანი ფორმა შენ უნდა მოიფიქროო. და კიდევ: ციკლს „სკკპ(ბ) ისტორიის მოკლე კურსი“ უნდა დაედოსო. მიშას გაუხარდება, ამხელა მისია რომ დააკისრეს, წამოვა, მაგრამ ზემოდან ხორავას გვრგვინვა მოესმის: „მიშა, დაიცადე“, და უშველებელ წითელ ვაშლს აჩუქებს. მიშას კი უხარია, მაგრამ ამ დავალებას ვერ შეუსრულებს, ბევრს იწვალებს, მაგრამ ფორმას ვერ მოიფიქრებს…
მერე იქნება დღეს უკვე ლეგენდადქცეული სპექტაკლი: ფეიერვერკული „ესპანელი მღვდელი“…. შემდეგ კი დამხობა ღმერთების. თეატრის ღმერთების.
მძვინვარე ბრძოლა თეატრის უფროს თაობასთან. აკაკი დვალიშვილის, მიხეილ თუმანიშვილის, დოდო ალექსიძის, ფარნაოზ ლაპიაშვილის საზემოდ დადებული ფიცი – რომ იბრძოლებენ ხორავას და ვასაძის სათეატრო დიქტატურის წინააღმდეგ. ინტრიგები, ბრძოლა კულისებში, ბრძოლა ღიად. მიღწეული მიზანი. 1955 წელს ხორავასა და ვასაძეს ხსნიან. მაშინ იტყვიან, „20-წლიანი დიქტატურა დაემხოო“, თუმანიშვილი მერე დაწერს: „ხორავასა და ვასაძის განთავისუფლება უკვე ეპოქაა“. ხორავა თუმანიშვილს ეტყვის: ყველა უბედურება შენგან მოდის.
მერე იყო კვლავ მარცხი. კისრის წამტვრევაც.
„ესპანელი მღვდლის“ მერე შეუჩნდებიან: „მიშა, შენ ახმეტელი ხარ, ახმეტელი! შენ მისი საქმის გამგრძელებელი უნდა იყო“. ისიც საფუძვლიანად ჩაუჯდება ახმეტელის მემკვიდრეობას და გადაწყვეტს, დადგას ჰეროიკულ-რომანტიკული სპექტაკლი, ლეო ქიაჩელის „ტარიელ გოლუა“…
გამრეკელისეული ბოჰემიის ტყით შთაგონებული სცენაზე სამი ცაცხვის ფონს გააკეთებს. იქნება ნაბდების, ხანჯლების, შაშხანების სცენა, გამარჯვების ცეკვები, ხალხმრავალი, ხმაურიანი, მოძრავი სკულპტურული სცენები.
აღტკინებული მუშაობა. სტუმრად ფინელი რეჟისორი და ახლა იმის ხოტბა-დიდება: „სცენური რიტმისა და ტემპების კომპოზიტორი ხართ“. მთლად თავბრუ დაეხვა, უფრო შეუტია… შემდეგ ხალხით გატენილი დარბაზი. გასინჯვა. „ხუთი წუთის დაწყებული არ იყო, რომ მივხვდი – ყველაფერი დაინგრა, ყველაფერი ეს გახვრეტილ შაურადაც არ ღირდა. თითქოს რაღაც, ამ დროისთვის უაზროსა და შეუსაბამოს დავეჯახე და თავზე უშველებელი კოპი დამაჯდა… მე ამ სპექტაკლს ხშირად ვხედავდი ძილში – კოშმარულ სიზმრად“. 
კოშმარულ მარცხს ისევ ტრიუმფები ჩაენაცვლა. კოუჰორტის „როცა ასეთი სიყვარულია“. შემდეგ დაუვიწყარი „ჭინჭრაქა“.
მანამდე კონკურენტის გზიდან ჩამოშორება – დოდო ალექსიძე თეატრს ტოვებს. ისევ ტრიუმფი – „ანტიგონე“. რუსთაველის თეატრის მთავარი რეჟისორობა, „იულიუს კეისარი“ და… რეჟისორი თეატრიდან წავიდა.
შვიდკაცას ნელი კვდომა. ინტრიგები. წავიდა თეატრიდან, სადაც თითქმის 25 წელი იმუშავა, რომელსაც თითქმის 25 წელი შესწირა… „ჩემი მეუღლე მამშვიდებს, შენ კი არ შეგიწირავს თეატრისთვის 25 წელი, თეატრმა მოგცა საშუალება, მის კედლებში 25 წელი გემუშავაო, შეიძლება მართალიც იყოს“…
ის წავიდა. „მე თეატრიდან წავედი იმის გამო, რომ ჩემი თანამებრძოლები უკვე ვეღარ მიგებდნენ, ან მე ვერ ვუგებდი მათ… საბოლოოდ აღმოვჩნდით – მე და ისინი“.

18 წელი თეატრში

შემდეგ იყო პაუზა. რამდენიმე წელი მხოლოდ თეატრალურ ინსტიტუტში და ტელევიზიაში მოღვაწეობა. მერე ისევ თეატრი, კინოსტუდიის თეატრალური სახელოსნო. მერე – კინომსახიობთა თეატრი. ახალი შეგირდები, ახალი თანამებრძოლები. ისევ წარმატებები. „ბაკულას ღორები“, „დონ ჟუანი“, „ზაფხულის ღამის სიზმარი“… „ჩვენი პატარა ქალაქი“… „ჩვენი პატარა ქალაქი“ – სპექტაკლი რომ გასევდიანებს და არ გამძიმებს, შენდაუნებურად ცრემლს რომ მოგგვრის, მაგრამ მერე იმ ცრემლიან თვალს იმედის სხივით რომ აგინთებს, ამოუცნობ სითბოს რომ ჩაგიღვრის სულში და გაგიჩენს სურვილს, დააფასო ამქვეყნად ყოფნის ფაქტი – სიცოცხლე, დააფასო ადამიანები, სანამ შენ გვერდით არიან…
„რამდენ ხანს გავძლებთ?  ვინ იცის. რამდენსაც შევძლებთ, იმდენ ხანს ვიარსებებთ“, – წერდა კინომსახიობთა თეატრზე მიხეილ თუმანიშვილი.
ამ თეატრში მან სიცოცხლის ბოლო 18 წელი გაატარა.
18 წელი ცოტა არაა თუნდაც შენს დაარსებულ თეატრში. მარჯანიშვილს 4 წელიც არ აცალეს. სისხლი მოუწამლეს.
თუმანიშვილის თეატრი ახლაც არსებობს. გაძლეს. შეძლეს. „ალუბლის ბაღიც“ დადგეს, ბატონ მიშას რომ უნდოდა დადგმა… რაც მთავარია, მისი ალუბლის ბაღი არ გააჩეხვინეს არავის – მისი თეატრი…

 დაიბეჭდა “პრაიმტაიმში”.

 

რეზო შატაკიშვილი სტალინის უსაყვარლეს უიღბლო კინოვარსკვლავზე

კადრი ფილმიდან "არსენა", რეჟისორი – მიხეილ ჭიაურელი. არსენა – სპარტაკ ბაღაშვილი.

კადრი ფილმიდან “არსენა”, რეჟისორი – მიხეილ ჭიაურელი. არსენა – სპარტაკ ბაღაშვილი.

მიხეილ ჭიაურელი „არსენას“ იღებს. მაგრამ არსენა არ ჰყავს. რამდენი არ ეძება, სადღა არ ეძება, მაგრამ უშედეგოდ… იმედი  ეწურება… მუშტაიდის ბაღთან „ძალიან ლამაზ ჭაბუკს“ მოჰკრა თვალი, რომელიც ორ გოგონას მისდევს. კინორეჟისორს ჭაბუკის გარეგნობა ისე გაიტაცებს, ისე ჰგავდა მის წარმოდგენილ არსენას, გადაწყვეტს შეაჩეროს.
– რა გვარი ხართ, ყმაწვილო? – იკითხა რეჟისორმა. ჭაბუკმა შეუღრინა: „თუ ჩემთან რაიმე ანგარიში გაქვთ, მეორე ქუჩაზე გადავიდეთ!“.
– რეჟისორი ჭიაურელი გახლავართ.
– სულ ერთია ვინც უნდა იყოთ! – მოუჭრის ჭაბუკი და გოგონებთან ერთად სწრაფად გაშორდება მისი გარეგნობით აღტაცებულ რეჟისორს.
შინ მისული ჭაბუკი მამას ეტყვის, რომ ქუჩაში ვიღაც ჭიაურელმა გააჩერა. მამა მუშა მსახიობია – ლევან ბაღაშვილი. მამა მეორე დღესვე მიიყვანს 21 წლის ჭაბუკს მიხეილ ჭიაურელთან. აღტაცებული რეჟისორი ალექსანდრე იმედაშვილს სთხოვს, სპარტაკ ბაღაშვილს მხატვრული კითხვა ასწავლოს. 2 თვის შემდეგ სპარტაკ ბაღაშვილი ოტელოს მონოლოგს წაუკითხავს მიხეილ ჭიაურელს. რეჟისორის აღტაცებას საზღვარი არ აქვს… გამოვა „არსენა“ და ჭიაურელის აღტაცება მთელ საქართველოს გადაედება, გადაედება სტალინსაც და 23 წლის ჭაბუკს სტალინურ პრემიას უბოძებს…

კადრი ფილმიდან "არსენა", რეჟისორი – მიხეილ ჭიაურელი. არსენა – სპარტაკ ბაღაშვილი.

კადრი ფილმიდან “არსენა”, რეჟისორი – მიხეილ ჭიაურელი. არსენა – სპარტაკ ბაღაშვილი.

მიხეილ ჭიაურელი კვლავ გადაიღებს სპარტაკ ბაღაშვილს, ამჯერად უკვე „დიად განთიადში“, შემდეგ დავით რონდელი „კოლხეთის ჩირაღდნებში“, კონსტანტინე პიპინაშვილი „ქაჯანაში“ და ისევ ჭიაურელი „გიორგი სააკაძეში“. სპარტაკ ბაღაშვილი ლუარსაბ მეფედ შემორჩება ჩვენს მეხსიერებას, არადა მიხეილ ჭიაურელს იგი გიორგი სააკაძედ ესახებოდა. „სააკაძის“ ეკრანებზე გამოსვლიდან მრავალი წლის შემდეგ, იმდროინდელი ცეკას მდივანი კანდიდ ჩარკვიანი მერაბ კოკოჩაშვილთან იტყვის: „მე ვიხსენი ქართული ხელოვნება იმისგან, რომ სპარტაკ ბაღაშვილს ეთამაშა გიორგი სააკაძის როლი… როცა სცენარი წავიკითხე ვთქვი, არ შეიძლება გიორგი სააკაძე ითამაშოს. ის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იწვა, როგორ შეიძლებოდა“…
კოკოჩაშვილი ჩაეკითხება – „კი, მაგრამ მეფე რომ ითამაშა?“
„მეფე სხვა არის, სტალინის რეზოლუცია იყო გიორგი სააკაძეზე და მე დავუშვებდი სააკაძე ავადმყოფს ეთამაშა?“…
საინტერესო არგუმენტია…  ფსიქიატრიულში ნაწოლს არ შეიძლებოდა ეთამაშა გიორგი სააკაძე და შეეძლო ეთამაშა წამებული მეფე… არ შეიძლებოდა ეთამაშა სააკაძე და შეეძლო ეთამაშა ვაჟა ფშაველა („აკაკის აკვანში“)…  27-28 წლის ჭაბუკს როლი „აართვეს“… სტალინის საყვარელ მსახიობს ასევე სტალინის საყვარელი მსახიობი, თან ბევრად გამოცდილი და სახელოვანი ხორავა დაუპირისპირეს…

კადრი ფილმიდან "გიორგი სააკაძე", რეჟისორი – მიხეილ ჭიაურელი, ლუარსაბ II - სპარტაკ ბაღაშვილი.

კადრი ფილმიდან “გიორგი სააკაძე”, რეჟისორი – მიხეილ ჭიაურელი, ლუარსაბ II – სპარტაკ ბაღაშვილი.

კადრი ფილმიდან "გიორგი სააკაძე", რეჟისორი – მიხეილ ჭიაურელი, ლუარსაბ II - სპარტაკ ბაღაშვილი.

კადრი ფილმიდან “გიორგი სააკაძე”, რეჟისორი – მიხეილ ჭიაურელი, ლუარსაბ II – სპარტაკ ბაღაშვილი.

კადრი ფილმიდან "გიორგი სააკაძე", რეჟისორი – მიხეილ ჭიაურელი, ლუარსაბ II - სპარტაკ ბაღაშვილი; თინათინი – მედეა ჯაფარიძე.

კადრი ფილმიდან “გიორგი სააკაძე”, რეჟისორი – მიხეილ ჭიაურელი, ლუარსაბ II – სპარტაკ ბაღაშვილი; თინათინი – მედეა ჯაფარიძე.

კადრი ფილმიდან "გიორგი სააკაძე", რეჟისორი – მიხეილ ჭიაურელი, ლუარსაბ II - სპარტაკ ბაღაშვილი; თეკლე – ლიანა ასათიანი.

კადრი ფილმიდან “გიორგი სააკაძე”, რეჟისორი – მიხეილ ჭიაურელი, ლუარსაბ II – სპარტაკ ბაღაშვილი; თეკლე – ლიანა ასათიანი.

სპარტაკ ბაღაშვილი 1944 წელს კინოსტუდიასთან არსებულ კინოსამსახიობო სკოლას ამთავრებს და პროფესიონალი მსახიობი ხდება. იტაცებს ლიტერატურა, მხატვრული კითხვა… და კვლავაც სტალინის საყვარელ მსახიობად რჩება: 1946 წლის ოქტომბერში სტალინი სპარტაკ ბაღაშვილს, აკაკი ხორავას და აკაკი ვასაძეს, თავის სიყრმის მეგობრებთან ერთად, სოჭში თავის აგარაკზე პატიჟებს…
აკაკი ვასაძე თავის მემუარებში დეტალურად გაიხსენებს სტალინის მასპინძლობის ამბებს… პირველსავე ვახშამზე სტალინი შემწვარი ბატკნის აქნისას იტყვის: „ისე არავინ მომწონს ჩვენს კინოში, როგორც ეს კაცი და აი, კიდევ ესა“. იტყვის და ხელს ჯერ ხორავასკენ გაიშვერს, შედეგ სპარტაკ ბაღაშვილისკენ. ხორავა თვალზე ცრემლმომდგარი ძლივს იტყვის სამადლობლოდ ორიოდ სიტყვას…
სპარტაკმა, ცოტა პათეტიკურად, მაგრამ გულწრფელად და ლამაზად მიმართა: „ჩვენ რა, ბატონო იოსებ, ჩვენი ქვეყნის ფესვი თქვენა ბრძანდებით, ჩვენ კი კენწეროები ვართ და იმიტომ ვყელყელაობთ და მაღლა-მაღლა ვჩანვართ“… (აკაკი ვასაძის მემუარებიდან). სტალინს ჩაეცინება – „აი, კიდევ ბატონოს მეძახის“…  სტალინი მეორე დღესაც მიიწვევს სიყრმის მეგობრებს და მსახიობებს სტუმრად. (აკაკი ხორავა ვეღარ ესტუმრება _ იმ დილით წავა სესიაზე მოსკოვში, არ იცოდნენ, სტალინი თუ კვლავ მიიწვევდა). სტალინი სტუმრებს რიწის ტბაზე წაიყვანს. შემდეგ კვლავ აგარაკი, კვლავ სუფრა, კვლავ უშუალო გულითადი მასპინძლობა და სტალინის საყვარელი,  სრულიად ახალგაზრდა – 32 წლის სპარტაკ ბაღაშვილი  სტალინს შებედავს: „ნება მიბოძეთ  „ოტელოდან“  რამდენიმე ნაწყვეტი წავიკითხო“.
აკაკი ვასაძის მოგონებიდან:  „ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც მის კითხვას ვუსმენდი. ეს კითხვა არ იყო, ეს რაღაც საოცარი დემონსტრირება გახლდათ გულწრფელობისა და განცდის უშუალობისა… რომ დაასრულა კითხვა, ჩემდაუნებურად წამომცდა: „აფსუს, რომ ადრე არ შემხვედრიხარ სპარტაკ!“ ყოველგვარი ქვეტექსტის გარეშე წამომცდა ეს სიტყვები, მაგრამ სტალინს, ალბათ, მაინც სხვანაირად ჩაესმა, რომ ასე ჰკითხა:
– ეგებ დრამაში არ გღებულობენ, ბიჭო? ხელს ხომ არავინ გიშლის?
-არა, ბატონო, მე თავად არ მიფიქრია დრამაში მისვლა, კინოშიც შემთხვევით ამიყვანეს და ვეღარ მოვცილდი, შემიყვარდა კინოცა და მსახიობობაც.
– რატომ არ გიფიქრია მერე?  – დასძინა სტალინმა და აქეთ გადმოგვხედა,  – ჩვენი ცნობილი ტრაგიკოსი მესხიშვილი მომაგონა ამ დალოცვილმა.
ეჰ, მართლა ადრე რომ შემხვედროდა სპარტაკი და ჩემს სტუდიაში მიმეყვანა, მერე თეატრში რომ ემუშავა, ეგებ ნაკლები დავიდარაბა შეხვედროდა შემოქმედებითს გზაზე. თუმცა, თეატრში მეტი თუ არა ნაკლები ინტრიგნები არ არიან და სპარტაკის სათუთ ნერვულ სისტემას, მის საოცარ მგრძნობელობას იქაც მოარღვევდნენ. კაცი კი არა, რკინა უნდა იყო, შემოქმედებითს ცხოვრებასთან დაკავშირებულ ათას დავიდარაბას რომ გაუძლო თეატრსა და კინოშიც“!
საუბარი მესხიშვილზე გაგრძელდება და… სტალინი იკითხავს:  „არ შეიძლება, რომ სპარტაკმა თეატრში ოტელო ითამაშოს“?
სტალინი იკითხავს, მაგრამ ახალგაზრდა არტისტის წინ ისევ ქართული სცენის კოლოსია აზიდული – განთქმული ოტელო – აკაკი ხორავა… ვასაძეს გააციებს სტალინის წინადადებაზე, ისედაც დაძაბული აქვს ხორავასთან ურთიერთობა და… „ვაი, შენ ჩემო თავო, აკაკი მაინც აქ იყოს… ზუსტად ასევე რომ გადასცენ სტალინის ნათქვამი, მაინც რაღაცას მე მომაწერს და გამინაწყენდება. რა ვუპასუხო ახლა“? (ვასაძის მოგონებიდან). ღონეს მოიკრებს და სტალინს მოახსენებს – „რატომაც არ შეიძლება“ და… იქვე მოახსენებს, რომ თეატრს ამ როლზე გამორჩეული მსახიობი ჰყავს, რომ მისი ოტელო საქვეყნოდ არის აღიარებული… „ეგ ვიცი, ვიცი, აკაკი ხორავა. მაგრამ ის ხომ სულ სხვაა და ეს კიდე სულ სხვა იქნება. უსცენოდაც შეატყობს კაცი, რომ დიდად განსხვავდებიან. ამას თავისებურება ეტყობა და რატომ არ შეიძლება, თქვენებურად რომ გამოვთქვა, სპარტაკმა თავისი „ტრაქტოვკით“ ითამაშოს…“ – შეაწყვეტინებს სტალინი. – მართალს ბრძანებთ, ერთ თეატრშიც შეიძლება ერთი და იგივე როლის სხვადასხვაგვარი განხორციელება. მართლაც, კარგი პატრონის ხელში… წამიერად საკუთარ ფიქრებში წასულმა და სპარტაკის სასცენო შემოქმედებით შესაძლებლობებზე დაყურადებულმა უნებურად ჩავილაპარაკე ეს ბოლო სიტყვები. – მერედა შენ უპატრონე. – მოკლედ მომიჭრა. – მესმის, ამხანაგო სტალინ! სტალინმა თავისი „სათითე“ ასწია და სპარტაკი ადღეგრძელა, წინსვლა და შემოქმედებითი გამარჯვებები უსურვა.

სპარტაკ ბაღაშვილი

სპარტაკ ბაღაშვილი

სტალინის ყურადღება საყვარელი მსახიობის მიმართ სადღეგრძელოთი არ იწურება: „შენ, ჩემო კარგო, დასვენება გჭირდება, აბა მითხარი, რამდენი წელიწადია რაც არ დაგისვენია?“ ახალგაზრდა მსახიობი გამოტყდება, რომ სპეციალურად დასასვენებლად არასოდეს წასულა. „ჰოდა უნდა დაისვენო“ – არის სტალინის პასუხი, შეთავაზებს ამოირჩიოს ნებისმიერი აგარაკი და ვისთან ერთადაც სურს დაისვენოს, მაგრამ ვარსკვლავი ჯიუტობს: „დასვენება რას მიქვიან, მუშაობა მინდა, რაც შეიძლება მეტი მუშაობა“… ბელადს ეტყვის, რომ „აკაკის აკვანში“ უნდა ითამაშოს. „ბიჭო, „აკაკის აკვანი“ არსად გაგექცევა, ჯანმრთელობას კი სწორედ მუშაობისთვის უნდა გაუფრთხილდე. შენ ჯერ დაისვენე და მერე უკეთ დაარწევ იმ „აკვანს“. – ეტყვის სტალინი. მსახიობი ისევ ცივ უარზე დგას… მუშაობა უნდა…
ვასაძის მოგონებიდან: „სტალინი ერთხანს დუმდა, მიაჩერდა სპარტაკს; თან მოალერსე, თან რაღაც უცნაურად შთამნერგავი მზერით და უფრო დინჯად, თითქმის დამარცვლით წარმოთქვა: „გაიგე, რომ შენ „აკვანზე“ მეტი გაქვს გასაკეთებელი; რომ მაგ შენს ნიჭს გამოვლენის ძალა, გამძლეობა სჭირდება და ამისთვის უნდა დაისვენო“. ამას რომ ეუბნებოდა სტალინი და თვალებში მისჩერებოდა, სპარტაკმა თვალები დახარა და თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. „თუ თქვენ აგრე მიგაჩნიათ საჭიროდ, დავისვენებ“… მე მაშინ გამიკვირდა სპარტაკის ქცევა, მერე მასზე სიტყვა რომ ჩამოვუგდე ამხანაგ კანდიდ ჩარკვიანს, მოიარებით მიმანიშნა, შიზოფრენია ემუქრებაო და გულწრფელად შევწუხდი, ამ ნიჭიერი, ჯერ ახალგაზრდა კაცის საშინელი ავადმყოფობის გამო…“
იმ ღამეს გამთენიისას აიშლება სუფრა. სტალინი თავის სიყრმის მეგობრებს, აკაკი ვასაძეს და სპარტაკ ბაღაშვილს ეტყვის: „თქვენ ჩემთან უნდა დაგტოვოთ და დაგაძინოთ, ვინ იცის კიდევ როდის შევხვდებით ერთმანეთს და ეს ერთი ღამეც ახლობლურად ერთ ჭერქვეშ მოვისვენოთ“. უარს ვინ შებედავდა სტალინს… მაგრამ შებედა… სპარტაკ ბაღაშვილმა… „კადნიერებად ნუ ჩამითვლით, წყენად ნუ მიიღებთ ჩემს თხოვნას, ბატონო იოსებ, თქვენს გვერდით, ერთ ჭერქვეშ სუნთქვაც კი მიჭირს და გამიშვით, წავალ, თორემ ვგრძნობ მთელი ღამე ვერ მოვისვენებ, ძილი არ მომეკარება“. იტყვის და რამდენჯერმე მოიბოდიშებს თავაზიანად. სტალინი არ დააძალებს დარჩენას, გაუშვებს, მეორე დილით მოიკითხავს სპარტაკ ბაღაშვილს. „შეუძლოდ არის, ვეღარ გეახლათ“ – მოახსენებს კანდიდ ჩარკვიანი. „ეს ბიჭი, როგორც ჩანს, სერიოზულადაა ავად, უშველეთ რამე სანამ დროა…“ – იტყვის სტალინი…

 

კადრი ფილმიდან "ქაჯანა".

კადრი ფილმიდან “ქაჯანა”.

კადრი ფილმიდან "ვედრება", რეჟისორი – თენგიზ აბულაძე, ღვთისია – სპარტაკ ბაღაშვილი.

კადრი ფილმიდან “ვედრება”, რეჟისორი – თენგიზ აბულაძე, ღვთისია – სპარტაკ ბაღაშვილი.

კადრი ფილმიდან "ვედრება", რეჟისორი – თენგიზ აბულაძე, ღვთისია – სპარტაკ ბაღაშვილი.

კადრი ფილმიდან “ვედრება”, რეჟისორი – თენგიზ აბულაძე, ღვთისია – სპარტაკ ბაღაშვილი.

კადრი ფილმიდან "ვედრება", რეჟისორი – თენგიზ აბულაძე, ღვთისია – სპარტაკ ბაღაშვილი.

კადრი ფილმიდან “ვედრება”, რეჟისორი – თენგიზ აბულაძე, ღვთისია – სპარტაკ ბაღაშვილი.

კადრი ფილმიდან "ბროწეულის ფერი" ("საიათნოვა").

კადრი ფილმიდან “ბროწეულის ფერი” (“საიათნოვა”).

კადრი ფილმიდან "ხევისბერი გოჩა", ხევისბერი გოჩა – სპარტაკ ბაღაშვილი.

კადრი ფილმიდან “ხევისბერი გოჩა”, ხევისბერი გოჩა – სპარტაკ ბაღაშვილი.

სპარტაკ ბაღაშვილი ითამაშებს „აკაკის აკვანში“ – ითამაშებს სამ როლს – გამზრდელს, ესტატე მეწისქვილეს და ვაჟა ფშაველას და დაამტკიცებს, რომ გარდასახვის უბადლო ნიჭი აქვს. საერთოდ ყველა აღიარებდა მის ტალანტს, ის თამაშობდა ძალდაუტანებლად, ზედმეტი თეატრალობის გარეშე – როგორც შეშვენის კინოს ნამდვილ ოსტატს, მაგრამ აძლევდნენ პათეტიკურ, ზედმეტად თეატრალურ როლებს. ის მაინც ქმნიდა ღირებულ სახეებს და იყო ბუნებრივი ნამდვილ ფილმებში – აბულაძის „ვედრებაში“, ფარაჯანოვის ფილმებში, ელდარ შენგელაიას და თამაზ მელიავას „თეთრ ქარავანში“… სხვაგან კი რა ექნა, როცა სქემებს აძლევდნენ როლის ნაცვლად? თანაც, რატომღაც, ერთი აკვიატებით – ეთამაშა შეშლილი… ის არავინ გააკარა სცენას, სტალინის ბრძანება, ეთამაშებინათ ოტელო, არ შესრულებულა… მერე და მერე ის ეკრანიდანაც განდევნეს… რადიოში ბარათაშვილს კითხულობდა ადამიანურად, გულში ჩამწვდომად… სიკვდილამდე რამდენიმე წლით ადრე კი უკვე ქუჩაშიც კითხულობდა ლექსებს – ხალხი ხედავდა უკვე მართლაც ავადმყოფ მსახიობს, ხშირად მთვრალსაც… კითხულობდა გიორგი ლეონიძის, ლადო ასათიანის, მირზა გელოვანის ლექსებს… სწორედ ასეთს ნახავს რეზო ინანიშვილი. ინანიშვილი მოგვიანებით იტყვის: „შემომხედა და თავისი ბიბლიური ხმით მითხრა, ადამიანმა წინასწარ რომ იცოდეს რა ელის ცხოვრებაში, მას ვერავითარი ძალა ვერ გამოიყვანს დედის საშოდან…

სპარტაკ ბაღაშვილი

სპარტაკ ბაღაშვილი

დაიბეჭდა “პრაიმტაიმში”.

 

 

 

 

 

 

 

 

საბედისწერო შედევრი სახელად „ლამარა“

ლამარა – თამარ წულუკიძე

ლამარა – თამარ წულუკიძე

სპექტაკლი „ლამარა“ – სცენის ბობოქარი მხატვრის – ახმეტელის შედევრი, შედევრი, რომელიც ხუთი წლის მანძილზე მიდიოდა ანშლაგებით, ტაშის გრიალში, თუმცა ტაშის გრიალს თან ახლდა  ლანძღვის ღვარცოფი. „ლამარამ“ მთელი ხუთი წელი მქუხარე ტაშსა და დამცინავ სტვენაში გაატარა, აღფრთოვანებული შეძახილებისა და მის ჩასაქოლად ნასროლ ქვების რახარუხში“. (ვასილ კიკნაძე).

ახმეტელს ეს შედევრი საბედისწეროდ ექცა. სწორედ ამ სპექტაკლის გამო გაითიშა მისი და მარჯანიშვილის შემოქმედებითი გზები, სწორედ ამ სპექტაკლის გამო გაანაწყენა ლადო გუდიაშვილი, სწორედ „ლამარა“ გახდა ბაქოს კონფლიქტის მიზეზი, იმ კონფლიქტის მიზეზი, რომელიც სარფიანად გამოიყენა სულძღლმა ბერიამ დიდი რეჟისორის წინააღდეგ…

თავად ახმეტელს მიაჩნდა რომ მწვერვალს სწორედ „ლამარაში“ მიაღწია. მიაღწია სიტყვის და პლასტიკის სრულ ჰარმონიას, ფორმის სიზუსტეს, სულის რომანტიკულ ამაღლებას, რაზედაც მუდამ ოცნებობდა.

„ის ბევრად უფრო მეტი იყო, ვიდრე ერთი სპექტაკლი. ის იყო მისი სულის მესაიდუმლე, მისი თეატრალური ოცნებების აკვანი, მისი განწყობილებების საყრდენი. სწორედ აქ შეძლო ღრმად ჩაძირულიყო სამყაროს სიღრმეებში, რათა მარგალიტები ეპოვნა და გამარჯვების ზეიმით მიეტანა ხალხისთვის, ამ სამყაროში ჩაძირვის მთელი ეს პროცესი მისთვის ისევე ღვთაებრივი იყო, როგორც მინდიას მიერ ბუნების განცდა… სანდრო ახმეტელის „ლამარა“ ნაადრევი იასავით იყო მოსული. იმ დროს როცა ყველაფერი კლასობრივი ბრძოლის პოზიციებიდან ფასდებოდა, როცა პროლეტარული მწერლები სულ; სხვას მოითხოვდნენ თეატრისგან, „ლამარა“ ამ ქვეყნად მართლაც ნაადრევი ყვავილივით იყო მოსული. სანდრო ახმეტელს შეეძლო „ლამარაზე“ დაუსრულებლად ელაპარაკა. ის მისი სულის ნაწილად ქცეულიყო. უკვირდა რატომ ესხმოდნენ თავს სპექტაკლს…“ – დაწერს ახმეტელის შემოქმედების მკვლვარი ვასილ კიკნაძე.

გრიგოლ რობაქიძის „ლამარა“ რუსთაველის თეატრში პირველად 1926 წელს დაიდგა. „ლამარას“ ერთად დგამდნენ კოტე მარჯანიშვილი და სანდრო ახმეტელი და სწორედ აქ გაიყარა მათი გზები. მარჯანიშვილმა დადგა პირველი ორი მოქმედედება, იგი „ლამარას“ ლირიკულ დრამად ხედავდა და დგამდა კიდეც ასე, შემდეგ საავადმყოფოში დაწვა, დაგმა ახმეტელმა გააგრძელა და იგი დადგა როგორც გმირული დრამა. ახმეტელის სტიქიაში მოექცა „ლამარა“ გასაქანი ჰპოვა მისმა გმირულმა სულმა, მგზნებარე ტემპერამენტმა. აკაკი ვასაძის მოგონებით, როცა მარჯანიშვილმა „ლამარა“ პირველად ნახა, ახმეტელს უთხრა: „თავისუფლად შეგიძლია აფიშიდან ჩემი გვარის მოშლა“. მარჯანიშვილი და ახმეტელი უკანასკნელად 1926 წლის 6 აგვისტოს შეხვდნენ ერთმანეთს. მას შემდეგ არათუ ერთმამნეთი ერთმანეთის სპექტაკლებიც აღარ უნახავთ…

სანდრო ახმეტელმა 1930 წელს თავიდან დადგა „ლამარა“. თუ 1926 წელს სპექტაკლის მხატვარი ლადო გუდიაშვილი იყო, ამჯერად სპექტაკლის მხატვარი ახმეტელის თანამოაზრე, გენიალური სცენოგრაფი ირაკლი გამრეკელი  იყო.

„შესაძლოა ფსიქოლოგიურ მომენტსაც ჰქონდა მნიშვნელობა. ჩანს, უნდოდა სრულიად დაშორებოდა 1926 წლის „ლამარას“, იმას, რასაც მარჯანიშვილის ხელი აჩნდა. სურდა შეექმნა ახალი, დამოუკიდებელი წარმოდგენა“ (ვასილ კიკნაძე).

სცენა სპექტაკლიდან "ლამარა"

სცენა სპექტაკლიდან “ლამარა”

„ლამარა“ ისევე როგორც „ანზორი“ ხალხის წიაღში დაფარული თეატრალობის მიკვლევის ჟინით იყო შთაგონებული. საარქივო მასაკლა ცხადჰყოფს, თუ რა გატაცებით მუშაობდა სანდრო ახმეტელი თავის საბედისწერო შედევრზე.

„ერთხელ რეპეტიციაზე სამაიას ცეკვავდნენ, ვერაფრით ვერ აეწყო ცეკვა. ჟინმა მომიარა, ავირბინე და ვაჩვენე როგორ უნდა ეცეკვათ, საერთოდ ასეთი ჩვენების მომხრე არ ვიყავი, მაგრამ რაღაც ძალამ წამომაგდო ადგილიდან მერე ჩავხტი საორკესტროში, ჯოხი გამოვართვი დირიჟორს და ვუდირიჟორე…“ – წერდა ახმეტელი.

ახმეტელის „ლამარა“ ერთად იგემებს მხურვალე ტაშს და ბინძურ ლაფს. „ლამარა“ „თეთნულდთან“ და „ლატავრასთან“ ერთად, საბედისწერო როლს ითამაშებს ახმეტელის ბიოგრაფიაში, სწორედ ამ სპექტაკლების გამო შერაცხავენ ახმეტელს ბურჟუაზიულ-ნაციონალისტად. ყველაფერი ილექება „სუკის“ ბინძურ არქივში… ისიც, ახმეტელს რომ ჰქონდა ერთიანი კავკასიის იდეა, მის შემოქმედებაში რომ იგრძნობოდა კავკასიის ფენომენის როლის წარმოჩენის ტენდენცია. აკი ამისთვის დადგა კიდეც „ანზორი“, აკი გაუწია კიდეც დიდი დახმარება ჩეჩნებს რომ შექმნილიყო გროზნოს თეატრი? აკი, მიავლინა კიდეც ამისთვის გროზნოში არჩილ ჩხრატიშვილი?…

„ცდილობდა აეხსნა საიდან მოდის ქართველ კაცში ყოვლისმომცველი ჰუმანიზმის შუქი, იგონებდა „ვეფხისა და მოყმის“ ამბავს. განა საოცარი არ არის ის ფაქტი რომ ვეფხის მიერ მოკლული ვაჟის დედა ვეფხის დედასთან მიდის სამძიმრის სათქმელად? აი, ასეთი სულისკვეთების ქვეყანაში არ უნდა გაგიკვირდეს როცა უმშვენიერესი ლამარას სიკვდილმა ხევსური და ქისტი შეარიგა…“ (ვასილ კიკნაძე).

მოსკოვში გასტროლებისას ქებით ცაში აიყვანეს „ლამარა“. კრიტიკოსი ფელდმანი ამბობდა რომ ადგილობრივი თქმულება ზოგადსაკაცობრიო სიმაღლეზე არის აყვანილი, თავისი დაძაბულობითა და ასახვის სისადავით შექსპირული სპექტაკლიაო. „ლამარა“ ქართულ „რომეო და ჯულიეტად“ გამოცხადდა. და ამ დროს, „კომუნისტი“ წერდა: „ლამარა“ ნაბიჯია უკან, ის ვერაფერს მისცემს მუშათა კლასს“. აგორდა ბინძური ტალღა. „ლამარა“ მოხსნეს რეპერტუარიდან.

ახმეტელი დაწერს: „ადამიანი ფიზიკურ დარტყმას უფრო ადვილად გაუძლებს, ვიდრე სულიერს. ასე ნაცემ-ნაგვემი წავედი სახლში. განცხადება დავწერე, თუ ლამარას არ გაუშვებთ, მე თეატრში დამბრუნებელი არა ვარ მეთქი. კომისია გამოიყო. ღმერთო ჩემო! როგორ ვერ ვიტან გაუთავებელ კომისიებს. მათი გაკეთებული სამქე ვის უნახავს. ვინ იცის რამდენი ცოცხალი იდეა მოუკლავთ. რას ვიზამდი დავემორჩილე. თეატრში მივბრუნდი იმ იმედით, რომ კომისიაში წარმოდგენას მომხრეებიც ეყოლებოდა. გასინჯეს წარმოდგებნა, იყო აზრთა სხვადასხვაობა. მაინც შეაჩერეს. ავდექი და აფიშები გამოვაკარი, წარმოდგენა გავუშვი. საყვედური მითხრეს, მაგრამ სპექტაკლი ვეღარ მოხსნეს“….

ახმეტელი გააფთრებით ვაჟკაცურად იცავდა „ლამარას“, ბავშვივით გაიხარებს როცა ამ სპექტაკლს მოსკოვში გასტროლებისას სტალინი მოუწონებს.

გახარებული ახმეტელი თავის მეგობარს, სანდრო შანშიაშვილს მოსწერს მოსკოვიდან: „მთელი ჩვენი მეთოდი მუშაობისა თეატრში აღიარებულია საუკეთესო მეთოდად და ამ მეთოდს უპირისპირებენ სამხატვრო თეატრის, სტანისლავსკის მეთოდს… გუშინწინ ჩვენს წარმოდგენაზე მოვიდნენ ამხანაგები სტალინი და ორჯონიკიძე…“

დაწვრილებით უამბობს ყველა დეტალს, იმასაც თუ როგორ გადაიღო სტალინთან ერთად ფოტო, მაგრამ ვერც ეს ფოტო და ვერც ეს ტრიუმფი ვერ წამლობს მის მოკლულ გულს: „არა, ჩემო სანდრო, მე ვერ ვგრძნობ ჯერ კიდევ გამარჯვებას. მეტად სასტიკნი იყვნენ საქართველოში ჩემდამი და ძალიან ღრმად ჩაუკლავთ ჩემში რისიმე იმედი…“

ახმეტელს გაუთავებლად თავს ესხმოდნენ, ლანძღავდნენ, სთათხავდნენ, დღეს მათი ვინაობაც კი აღარავის ახსოვს, არა თუ მათი ნაწერები, დრომ თავისი ცოცხი მოუსვა მათ და თან გაიყოლა ისტორიის ურანაში, თან უსახელოდ. თუ სადმე მათი გვარ-სახელი ფიგურირებს, ისევ ახმეტელის წყალობით – როგორც მისი დაუძინებელი ავყია მტრების… ეს ახლა, მაშინ კი გაუთავებლად უკლავდნენ გულს. ულანძღავდნენ „ლამარას“, კლავდნენ ყველაზე პოპულარულ სპექტაკლს. ლანძღავდნენ „ლამარას“, მთელი თბილისი კი ზეპირად იმეორებდა ტექსტებს სპექტაკლიდან…

„არც ერთ ქართველ რეჟისორს ისე ძლიერად და დაჟინებით არ გამოუხატავს ქართველი ხალხის ერთიანი ზეაწეული გრძნობები, როგორც ეს ახმეტელმა გააკეთა.“ (ვასილ კიკნაძე).

ახმეტელის მთელს შემოქმედებაში ნათლადაა გამოკვეთილი მებრძოლი, ძლიერი ადამიანის იდეა. ახმეტელი  დაჟინებით ეძებდა მტკიცე ნებისყოფის გმირს. ეძებდა იმას, რაც მისი აზრით დაიკარგა – ცხოვრებაშიც და სცენაზეც. ახმეტელი ღრმად განიცდიდა დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ უნებისყოფო ქართველის ტიპის ჩამოყალიბებას. თეატრში გადაიტანა თავის ბრძოლის ასპარეზი. პოლიტიკდან თეატრში. მაგრამ ისევ პოლიტიკური თეატრის შეასაქმნელად… მის სპექტაკლებში, დაგუბებული კაშხალივით იფეთქა ეროვნული ენერგიამ, აკაშკაშდა მისი იდეალები, აღეზარდა ხალხი გმირული სულით, რათა ხალხს ყოველთვის შესძლებოდა საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლა. სწორედ ამ მიზანს დაუქვემდებარა თავისი თეატრის ერთიანი ესთეტიკურ გააზრება – ძლიერი ვაჟკაცური სტილი, ქართული მქუხარე ტემპერამენტი, ვნებიანი განცდები გადმოცემული უშუალობით, არტისტული სილამაზით… აკი ამბობდა კიდეც „დურუჯის“ ორი წლისთავზე „ჩვენ ვეძიებთ ქართული თეატრის სახეს და ქართული არტისტის კონტურს. ყველა ეროვნებათა თეატრების განსხვავება მხოლოდ  ამაშია. საქართველოს უნდა ჰქონდეს თავისი საკუთარი დამოუკიდებელი თეატრი. ანთებული ქართული გულით და აღგზნებული ქართული სულით….“

ამ ყველაფერს აფიქსირებდა სუკი თავის არქივში და ელოდა ხელსაყრელ დროს, ახმეტელის გასანადგურებლად. და ეს დღეც დადგა. ბაქოს გასტროლები.

საღამოს „ლამარაა“ დანიშნული. ხორავა მეგობრებთან წაიქეიფებს. უმალ ამბავს მიუტანენ ახმეტელს. დღეს უკვე ყველაფერი ალუფხულ-დალუფხულია, ტყუილ-მართალში ვერ გაერკვევი, ახლა კი არა, მაშინვე ძნელი იყო გარკვევა. ხორავამ იქეიფა, მაგრამ გაუვარდა კი ხელიდან ხორავა –იჩოს ხელიდან თამარ წულუკიძე – ლამარა? ზინაიდა რაიხმა, საშუალო ნიჭის არტისტმა, მთელი თეატრი გადაჰკიდა ტავის გენიოს ქმარს ვსევოლდ მეიერჰოლდს. უნიჭიერესმა ალისა კოონენიმ თავისი გაუტავებელი პრეტენზიებით სიციოცხლე გაუმწარა გენიოს ქმარს ალექსანდრე თაიროვს. არც თამარ წულუკიძემ დააკლო ხელი გენიალურ ახმეტელს. ყოველდღიურად შხამს აწვეთებდა ახმეტელს ხორავას წინააღდეგ… არადა, თამარ წულუკიძის გარეშე სიცოცხლე ვერც წარმოედგინა ახმეტელს. გააფთრებით უყვარდა, მკაცრი და თავნება ახმეტელი საოცრად მორჩილი და ნაზი ხდებოდა თამარ წულუკიძესთან, რაც არ უნდა ეთქვა მას, ყველაფერს სიმართლედ მიიჩნევდა… ალბათ ასე მოხდა მაშინაც, წულიკიძემ საწადელს მიაღწია, ახმეტელი ხორავას წინააღდეგ განაწყო. ახმეტელმა დისციპლინის დარღვევის გამო ხორავა თეატრიდან გაუშვა და ბერიაც ამოქმედდა, სწორედ ეს წმინდა თეატრალური კონფლიქტი გამოიყენა, ვერაგულად მისცა პოლიტიკური ელფერი და… გენიოსი დახვრიტეს…

 რეზო შატაკიშვილი, თეატრალური ხელოვნების მაგისტრი

P.S.  2010 წელს, გაზეთ „პრაიმტაიმში“ განვახორციელე, ჩემივე ინიცირებული პროექტი „მეოცეს ოცეული“. ამ პროექტის მიზანი იყო, გამოვლენილიყო მეოცე საუკუნის 20 საუკეთესო ქართული სპექტაკლი. ეს ოცეული გამოვლინდა კომპეტენტური პირების – თეატრმცოდნეების, კრიტიკოსების გამოკითხვის შედეგად: ვთხოვეთ თავად დაესახელებინათ მეოცე საუკუნეში, ქართულ თეატრში დადგმული ის 20 სპექტაკლი, რომელსაც ისინი მიიჩნევდნენ საუკეთესოდ – საუკუნის სპექტაკლებად. შეფასების კრიტერიუმიც მათვე მივანდეთ – თითოეულს ეს სპექტაკლები უნდა დაესახელებინათ იმ კრიტერიუმების დაცვით, რომლითაც ისინი საერთოდ ხელმძღვანელობენ სპექტაკლების შეფასებისას. მათ უნდა დაესახელებინათ როგორც ის სპექტაკლები, რომელიც მათ უშუალოდ ნანახი აქვთ სცენაზე, ასევე ის სპექტაკლები რომლებსაც იცნობდნენ აუდიო და ვიდეო ჩანაწერებით, იმროინდელი რეცენზიებით და ამ სპეტქკლებზე არსებული ყველანაირი საარქივი მასალით. გამოკითხვის მონაწილეებს სპექტაკლების ჩამონათვალის შედგენისას არ უნდა ეხელმძღვანელათ ქრონოლოგიური პრინციპით, ჩამონათვალი რეიტინგული უნდა ყოფილიყო. მათ მიერ პირველ პოზიციაზე დასახელებულ სპექტაკლს დაეწერებოდა 20 ქულა, მეორე პოზიციაზე დაწერილს – 19, მესამეზე – 18, მეოთხეზე – 17 დ ასე შემდეგ ბოლომდე – მეოცე პოზიციაზე დაწერილს – ერთი ქულა. შემდეგ ოცივე გამოკითხულის მიერ მინიჭებული ქულები დაჯამდებოდა და დაგროვილი ქულების შესაბამისად გამოვლინდებოდა საუკეთესო ოცეული.

გამოკითხვაში მონაწილეობდნენ ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორები: ნათელა ურუშაძე, ნოდარ გურაბანიძე, ნათელა არველაძე, დალი მუმლაძე, ლევან ხეთაგური, ირინა ღოღობერიძე, თამარ ბოკუჩავა, ლელა ოჩიაური, მარინე ხარატიშვილი, გიორგი ცქტიშვილი, მანანა გეგეჭკორი. ნინო მაჭავარიანი. დოქტორანტები: ლაშა ჩხარტიშვილი, თამარ მუქერია, მარიამ ჩუბინიძე.ხელოვნებათმცოდნეობის მაგისტრები: თამარ კიკნაველიძე, ნიკა წულუკიძე, ანანო მირიანაშვილი. ჟურანალ „თეატრი და ცხოვრების“  მთავარი რედაქტორი გურამ ბათიაშვილი, არტ-კრიტიკოსი დავით ბუხრიკიძე.

ამ გამოკითხვის შედეგად გამოვლენილ ოცეულში, სანდრო ახმეტელის „ლამარამ“  მე–8 ადგილი დაიკავა – საუკუნის ერთ–ერთ საუკეთესო სპექტაკლად დაასახელა 11–მა გამოკითხულმა, მიიღო 172 ქულა. საერთოდ, ამ გამოკითხვისას, საუკეთესო სპექტაკლებს შორის სანდრო ახმეტელის  6 სპექტაკლი იქნა დასახელებული. მისმა სპექტაკლებმა ჯამში 512 ქულა დააგროვა და ამ თვალსაზრისით მესამე ადგილი დაიკავა, რობერტ სტურუასა და მიხეილ თუმანიშვილის შემდეგ (საუკეთესო სპექტაკლებს შორის დასახელებული იყო სტურუას 11 სპექტაკლი – ჯამში 1 112 ქულა და თუმანიშვილის 9 სპექტაკლი – ჯამში 896 ქულა). ახმეტელის 6 სპექტაკლიდან ოცეულში მოხვდა  სამი სპექტაკლი – „ყაჩაღები“ (მესამე ადგილი), „ლამარა“ (მე–8 ადგილი), „ანზორი“ (მე–17 ადგილი).

 

 

მითი ოთხ ქართველ ოიდიპოსზე

სცენა სპექტაკლიდან "ოიდიპოს მეფე". რეჟისორი – დ. ალექსიძე

სცენა სპექტაკლიდან “ოიდიპოს მეფე”. რეჟისორი – დ. ალექსიძე

 

1956 წელს, 9 მარტის ტრაგედიიდან ორი კვირაც არ იყო გასული, რუსთაველის თეატრში რომ პრემიერა გაიმართასოფოკლეს ოიდიპოს მეფედათრგუნული ხალხი ჯერაც არ გამოსულიყო  შოკიდან, გლოვობდნენ, განიცდიდნენ შეურაცყოფას, მათ წინ დაიმსახვრა ყველა იდეალი, ყველა წარმოდგენა. იმპერიამ საზარელი სახე აჩვენა, უეცრად გამოფხიზლებული ხალხი ეძებდა სიმართლეს, დამნაშავეს და სწორედ ამ დროს სცენაზე თამაშდება სპექტაკლი ოიდიპოსი ერძებს სიმართლეს, ჭეშმარიტებას, მისთვის მთავარია გაერკვეს ვინაა დამნაშავე ხალხის უბედურებაში.

დიმიტრი ალექსიძის მიერ დადგმული ოიდიპოს მეფეერთხმად აღიარეს საბჭოთა თეატრის ალმასად. მიუხედავად იმისა რომ მანამდე საბჭოთა სინამდვილე არ სწყალობდა ანტიკურ დრამატურგიას. ბედისწერის მოტივი მიუღებელი იყო ათეისტური საზოგადოებისთვის. ოიდიპოს მეფე 1946 წელს ბათუმში დადგა არჩილ ჩხარტიშვილმა. ათი წლის შემდეგ კი ალექსიძემ ანტიკური სამყაროს მარადიული ღირებულებებისკენ მიახედა საბჭოთა თეატრი (ვასილ კიკნაძე).

საგულისხმოა რომ ოიდიპოს მეფისდადგმაზე ოცნებობდა სანდრო ახმეტელი, მაგრამ არ დასცალდაახლა კი მისი დახვრეტიდან თითქმის 20 წლის შემდეგ, რუსთაველის თეატრში იდგმება ოიდიპოსი, რომელიც ერთგვარად დაახლოებს თეატრს ახმეტელის თეატრის ესთეტიკასთან. მითოსური მოტივების რომანტიკული გამოსახვა, რომელიც ახმეტელის თეატრის ერთერთი მნიშვნელოვანი მხარეა, ათეული წლობით დაიკარგა ქართულ თეატრში. მას გარკვეული ტაბუც ედო. მხოლოდ . ალექსიძე მიუბრუნდა მითოსურ საწყისებს. ახმეტელის შემდეგ . ალექსიძემდე არავის არ მიუმართავს მითოპსური სამყაროსათვის…. გაკეთდა განაცხადი ახალი, ძლიერი, მამაკაცური ტემპერამენტისა და ვნებების თეატრზე. იგი არ იყო ახმეტელის თეატრის განმეორება (არც შეიძლებოდა), მაგრამ მასთან ბევრი რამ ჰქონდა საერთო. ზეაწეული გრძნობები, პოლიტიკა, რიტმი, მონუმენტალიზმი, ფართო მასშტაბური ხედვა და სიმართლისთვის გმირული ბრძოლის პათოსი ოიდიპოს მეფესაახლოებდა ახმეტელის თეატრის ესთეტიკასთან(ვასილ კიკნაძე).

დიმიტრი ალექსიძისთვის ეს სპექტაკლი ახალი გამოცდა იყო. ერთის მხრივ იყო ის რომ იგი კომედიების აღიარებული დიდოსტატი იყო და ამჯერად ტრაგედიით წარმსდგარიყო მაყურებლის წინაშე, მეორეს მხრივ კი, საზოგადოდ მიჩნეული იყო რომ გმირულ თეატრს არ ძალუძს მხატვრული სახის ფსიქოლოგიური ანალიზი. რეჟისორს უნდა დაემტკიცებინა საპირისპირო და მართლაც, მან შეძლო ეჩვენებინა გმირულისა და ფსიქოლოგიური საწყისების ერთიანობის მაგალითი. სწორედ ამიტომაც მოიხსენია იგი როგორც სინამდვილის პათეტიკური ამსახველი. მისივე თქმით, სწორედ ალექსიძის უპრეცედენტოდ წარმატებულმა დადგმამ დაუბრუნა საბჭოთა სცენას ანტიკური ტრაგედია.

ტრაგედიის თარგმანი ეკუთვნოდა . გაჩეჩილაძეს, მუსიკა ოთარ თაქთაქიშვილს, სცენოგრაფია . ლაპიაშვილს. . ლაპიაშვილის ფართოდ გაშლილი დეკორატიული სივრცე, რომელსაც ნიკეს ქანდაკება ამშვენებდა, უდიდეს შრტაბეჭდილებას ახდენდა. სიბნელეში საცეცხლურებიდან ცეცხლის ენების პარპალი და ემოციური ჰანგები, რაღაც საოცარ მითოსურ იდუმალებას ქმნიდა. შემონათების ბინდბუნდში თანდათამნ შემოდიოდა ქორო და იწყებოდა წარმართული მისტერია (ვასილ კიკნაძე).

შედით რუსთაველის თეატრში, შეუერთდით იმ აუდიტორიას, რომელიც სულმოუთქმელად თვალყურს ადევნებს ოიდიპოს მეფის ტიტანურ ბრძოლას ბედისწერასთან, ანუ ყოვლისშმძლე მოირასთან, რომელსაც თვით ღმერთებიც ემორჩილებიან და, ტქვენ დამეთანხმებით რომ ეს დიდი ტრაგედია დღესაც კათარზისს ანუ მაყურებლის სულის განწმენდას წივევს, თუმცა ეს 24 საუკუნის წინაა შექმნილიწერდა გერონტი ქიქოძე.

თუ ჩავხედავთ ქართული თეატრის ისტორიის ფურცლებს, წარმატება მართლაც გამაოგნებელი იყო. როგორც ვასილ კიკნაძე აღნიშნავს, არც ერთ სპექტაკლს, არც ერთ შრომას იმდენი სიხარული და პოპულარობა არ მოუტანია ალექსიძისთვის, როგორც ოიდიპოს მეფეს. წარმატება იმდენად გახმაურდა რომ სპექტაკლი წარადგინეს ლენინურ პრემიაზერომელიც სწორედ იმ წელიწადს დაარსდა და ყველაზე მაღალ ჯილდოს წარმოადგენდა საბჭოეთში. მოსკოვიდან საგანგებოდ ჩამოვიდნენ პრემიების მიმნიჭებელი კომიტეტიდან. ჩამოვიდა ცნობილი პოეტი ტიხონოვი, კომპოზიტორი შოსტაკოვიჩისტუმრები აღაფრთოვანა სპექტაკლმა და იმედოვვნებდნენ კიდეც რომ ოიდიპოსსშემცილე არც ჰყავდა ლენინურ პრემიის მიღებაში. მაგრამ მოსკოვს წასულებმა დარეკეს და თეატრს შეატყობინეს რომ კომიტეტზე სპექტაკლის განხილვა არ შედგებოდა, დღის წესრიგიდან მოხსნეს იმ მოტივით რომ სპექტაკლი მოსკოვს უნდა ენახა. ნამდვილი მიზეზი კი სულ სხვა იყო. ლენინის პირველი პრემია მისცეს ქართულ თეატრს და არა რუსულს? ლენინის პრემია ანტიკურ პიესაზე დადგმულს და არა საბჭოთა თემატიკას? ისიც ბედისწერის პრობლემას? ლენინის პრემია ჯერ რუსულ თეატრს უნდა მიეღო და მერე სხვებსწერს ვასილ კიკნაძე.

სპექტაკლი იმ მხრივაც იყო გამორჩეული რომ თეატრს ოიდიპოსის 4 შემსრულებელი ჰყავდა. ამ მხრივ, როგორც მოკულსკი აღნიშნავდა, რუსთაველის თეატრმა მიაღწია იმას, რასაც ჯერჯერობით ვერც ერთმა თეატრმა ვერ მიაღწია საბჭოთა კავშირში. თავიდან სამი ოიდიპოსი იყო თეატრში აკაკი ხორავა, აკაკი ვასაძე, ეროსი მანჯგალაძე. როგორც ირკვევა, დოდო ალექსიძეს, დოდო აბაშიძისთვისაც შეუთავაზებია ოიდიპოსის როლი. 1956 წელს დოდო ალექსიძემ რატომღაც ოიდიპოსის როლზე დამიძახა, სამი ოიდიპოსი იყო უკვე აკაკი ხორავა, აკაკი ვასაძე, ეროსი მანჯგალაძე. მე ვთქვი, რად მინდა მე ოიდიპოსი? მერე რომ ვნახე იმხელა ტექსტი იყო, ვიფიქრე რა მასწავლის მეთქი და გავიქეცი თეატრიდან და წავედი კინოში, დავრჩი და დავრჩი კინოში.იხსენებდა მსახიობი სიკვდილის წინ, კინომცოდნე ლელა ოჩიაურისთვის მიცემულ, ბოლო ინტერვიუშიოდნავ მოგვიანებით, სპექტაკლში ოიდიპოსის როლზე შევიდასერგო ზაქარიაძე. როგორც ნოდარ გურაბანიძე წერს, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, დოდო ალქესიძეს ცეკამ დაავალა მარჯანიშვილის თეატრიდან უკვე მესამედ თუ მეოთხედ წამოსული სერგო ზაქარიაძის თეატრში მიღება. თეატრში მიღებისთანავე კი ოიდიპოს მეფის როლის ახალ შემსრულებლად დანიშნეს. ზაქარიაძისთვის თეატრის სარეპეტიციოში სპეციალურად აიგო დეკორაციები, რომ მოსკოვში, ქართული დეკადისთვის მოესწროთ მისი სპექტაკლში შეყვანა. საგულისხმოა, რომ სერგო ზაქარიაძე რუსთაველის თეატრში მაშინ მივიდა, როცა იქ ეროსი მანჯგალაძე იყო ზენიტში. მხოლოდ თეატრში კი არა, ეროსი მანჯგალაძე იმხანად ყველაზე პოპულარული არტისტი იყო საქართველოში. თვით ხორავაც და თუმანიშვილიც, დოდო ალექსიძეც ეროსი მანჯგალაძეში თეატრის ახალ ლიდერს ხედავდნენ. ხორავა თანდათან უთმობდა კიდეც ლიდერობას ეროსი მანჯგალაძეს. სწორედ ამ დროს მივიდა სერგო ზაქარიაძე რუსთავლის თეატრში და როგორც ვასილ კიკნაძე იტყვის, სერგო ზაქარიაძე ხორავასა და ეროსი მანჯგალაძის შუაში ჩაჯდა. ჩაჯდადა გახდა კიდეც ეროსის ნაცვლად თეატრის ლიდერი. სერგო ზაქარიაძის საკავშირო ტრიუმფი სწორედ ოიდიპოსით დაიწყო. 1958 წელს, რუსთაველის თეატრმა მოსკოვში გამართულ ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადაზე ოიდიპოს მეფეწაიღო. მოსკოვმა სამი ოიდიპოსი იხილა აკაკი ხორავას, ეროსი მანჯგალაძის და სერგო ზაქარიაძის. მოხდა უპრეცედენტო რამრუსთაველის თეატრმა ერთ დღეს 30 მარტს სამჯერ ითამაშა ოიდიპოს მეფე.

დღის 12 საათზე ოიდიპოსს ეროსი მანჯგალაძე თამაშობდა. ეროსი მანჯგალაძეს გადაჭედილ დარბაზში უწევდა თამაშისავსე იყო გასასვლელები, ახალგაზრდობა, ლუნაჩარსკის სახელობის თეატრალური ისნტიტუტის სტუდენტობა პირდაპირ იატაკზე ისხდნენ. სპექტაკლს მიეძალა ახალგაზრდობაოიდიპოსიც ახალგაზრდა იყოეროსი მანჯგალაძე იმხანად 33 წლის იყო. მოსკოველებს უკვე ნანახი ჰქონდათ მისი ფოიერვერკული ლოპესი – „ესპანელ მღვდელშიდა ახლა უკვე ტრაგედიაში უნდა ენახათ ახალგაზრდა მსახიობი.

ეროსი მანჯგალაძემ ითამაშა ისე, როგორც არასდროს. მის შესრულებაში ფეთქავს ზღვა ემოცია, ხალასი გული, სიწრფელე. მის სულში გზას იკვლევს რაღაც ბავშვური, ზოგჯერ მიამიტურობამდე მისული უშუალო განცდა. გამოცდილი მეფის მოქმედებას ზოგჯერ ცვლის ახალგაზრდული გზნება და ბედთან ჯიუტი შერკინება. უცნაურად იმზირებიან მისი თვალები, როდესაც მიხვდება თავის უბედურებას, მერე წამიერი გაოცება ეუფლება სამყაროს თუ ბედის გაუგონარი უსიამოვნების გამო, სახეზე ეხატება ფარული, ქვეშეცნეული კითხვები: რატომ? რისთვის მოექცა ასე სასტიკად ბედი? ყველაზე ძლიერი მაინც შვილებთან გამოთხოვების სცენა იყო. მართლაც საოცარი სანახაობა იყო ახალგაზრდა მეფის სრული განადგურების ეს ჟამიწერს ვასილ კიკნაძე, რომელიც უშუალო მომსწრეა როგორ შეიჭრნენ კულისებში სტუდენტები. ეროსის ხელზე სამთხვევად დაიხარა ერთი ახალგაზრდა, ეროსი შეკრთა, უფლება არ მისცა(ვასილ კიკნაძე).

3 საათზე მოსკოველი თეატრალების წინაშე ზაქარიაძე წარსდგა ოიდიპოსის როლში.

. ზაქარიაძეს სახე ფსიქოლოგიური სიღრმეების გახსნაზე, ნიუანსების მოხილვაზე და სულიერ ექსპრესიაზე აქვს აწყობილი. იგი მომართულია ზამბარასავით. ექსპრესიული ჟესტი და რიტმი, სცენაზე ნამდვილი შემოქმედებითი ცეცხლი ანთია. ამ ცეცხლში იწვის მსახიობის სული, სხეული, იწვის მისი ზღვა ტემპერამენტი. მასში ყველაფერი ბობოქრობს, თითქოს არ ემორჩილება საზღვრებს, წალეკვით ემუქრება ყველაფერსზაქარიაძის ოიდიპოსი მიხვდა რომ დიდი დანაშაულის კვალს მიაგნო, მიხვდა უფსკრულის პირას რომ იდგა. საიდუმლოების ფარდის ასახდელად ყვირილით მოუხმო მწყემსს და ასე შევარდა სასახლეში. როცა ოიდიპოსი ზაქარიაძე გაიქცა სასახლისკენ, დარბაზში იქუხა ტაშმა, დიდხანს არ შეწყვეტილა ოვაციადა აი, სასახლიდან გამოდის, უკვე ბრმაა, თვალებდათხრილი. ოიდიპოსი კიბის საფეხურებს ვერ გრძნობს. დიდი სიმაღლიდან დაბლა, ორკესტრისკენ გადმოეშვება და ისე ძლიერ დაეცემა, რომ მაყურებელი გაოგნდება. ნუთუ შეიძლება ადამიანმა ასე გაწიროს თავი? ძალიან დიდი სიმაღლიდან გადმოვარდნილი მსახიობი შემზარავ ხმას გამოსცემდა, მერე ერთხანს გაინაბებოდა. მაყურებელს ეგონა ვეღარ წამოდგებოდა. მერე ნელნელა დაიწყებდა ხელების ცეცებას, საყრდენს ეძებდა და დაიწყებდა მონოლოგს. ეს წუთები დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა მაყურებელზე  ზაქარიაძე ოიდიპოსი უკვე მოტეხილი წამოდგებოდადიდი ქარიშხლის ნამუსრევის მიაგავდა მისი სულიუცებ დარბაზში გაისმა მამაკაცის თავშეკავებული ქვითინი, მაყურებელი მოურიდებლად, ხმამაღლა ტირიოდაზააქარიაძე ტალანტითა და აზროვნების სიღრმით არა მხოლოდ აოცებდა მაყურებელს, არამედ იწვევდა სრულ თანაგრძნობას, თანაგანცდას, რაც ახლობელს ხდიდა მაყურებლისთვის გმირის ბედს, თანაზიარობის განცდა ეუფლებოდა ყველასწერს ვასილ კიკნაძე.

თქვენ ტრაგიზმით აღაგზნეთ მოსკოვიასე მიმართეს რუსმა თეატრის კორიფეებმა ზაქარიაძესოიდიპოს მეფით დაიწყო მისი ტრიუმფიაქედან შეიტყო მოსკოვმა რომ რუსთაველის თეატრს . ხორავასა და ვასაძის გარდა კიდევ ჰყავს დიდი მსახიობი, დამამშვენებელი ყოველი რანგის თეატრისა.

სცენა სპექტაკლიდან "ოიდიპოს მეფე", ოიდიპოსი – აკაკი ხორავა

სცენა სპექტაკლიდან “ოიდიპოს მეფე”, ოიდიპოსი – აკაკი ხორავა

საღამოს 8 საათზე მაყურებლის წინაშე წარსდგა ხორავას ოიდიპოსი. მოსკოვს ახსოვდა ხორავას ოტელო, სწორედ ოტელოს ნახვის შემდეგ უწოდეს მოსკოვში ხორავას დიდი და გასაოცარი ტალანტი. ვასილ კიკნაძე გაიხსნებს რომ მოსკოვში პირდაპირ გასაქანს არ აძლევდნენ ხორავას, ქუჩაში აჩერებდნენ, ზოგი ავტოგრაფს სთხოვდა, ზოგი ბილეთს. კიბის საფეხურებზე ნელნელა ეშვება ხორავას მონუმენტური ფიგურა, მიდის დაბლა მაყურებლისკენ და ლოცვასავით ისმის მისი ჩურჩული, ოდნავ აწეული, რბილი, ხავერდოვანი ხმა, ეს რაღაც ღვთაებრივი ხმაა. ხორავას შეუძლია ამ ხმით შეძრას ნებისმიერი ადამიანი, შეძრას გულები ათასებისა. სხვა არაფერი არც გინდა, ოღონდ მის ხმას უსმინე. ეს არის პოეზია, მუსიკა, და მაყურებელიც ტკბება ბუნებისგან უხვად მონიჭებული ამ სიკეთით. გამაბრუებელი იყო ხორავას თამაში, მან აიოყოლია მთელი დარბაზი (ვასილ კიკნაძე). წარმატებული დეკადის შემდეგ, მოსკოვმა რუსთავლის თეატრს საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის ერთი ლიმიტი გამოუყო. ამ წოდებაზე წარდგენილი იყო სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი დოდო ალექსიძე, მაგრამმიიღო ზაქარიაძემ. დოდო ალექსიძე მწარედ გაიხუმრებს ზაქარიაძე ჩემს კუბოში ჩაწვა

რეზო შატაკიშვილი, თეატრალური ხელოვნების მაგისტრი.

დაიბეჭდა გაზეთში „ქართული სიტყვა“.

P.S. 2010 წელს, გაზეთ „პრაიმტაიმში“ განვახორციელე, ჩემივე ინიცირებული პროექტი „მეოცეს ოცეული“. ამ პროექტის მიზანი იყო, გამოვლენილიყო მეოცე საუკუნის 20 საუკეთესო ქართული სპექტაკლი. ეს ოცეული გამოვლინდა კომპეტენტური პირების – თეატრმცოდნეების, კრიტიკოსების გამოკითხვის შედეგად: ვთხოვეთ თავად დაესახელებინათ მეოცე საუკუნეში, ქართულ თეატრში დადგმული ის 20 სპექტაკლი, რომელსაც ისინი მიიჩნევდნენ საუკეთესოდ – საუკუნის სპექტაკლებად. შეფასების კრიტერიუმიც მათვე მივანდეთ – თითოეულს ეს სპექტაკლები უნდა დაესახელებინათ იმ კრიტერიუმების დაცვით, რომლითაც ისინი საერთოდ ხელმძღვანელობენ სპექტაკლების შეფასებისას.  მათ უნდა დაესახელებინათ როგორც ის სპექტაკლები, რომელიც მათ უშუალოდ ნანახი აქვთ სცენაზე, ასევე ის სპექტაკლები რომლებსაც იცნობდნენ აუდიო და ვიდეო ჩანაწერებით, იმროინდელი რეცენზიებით და ამ სპეტქკლებზე არსებული ყველანაირი საარქივი მასალით. გამოკითხვის მონაწილეებს სპექტაკლების ჩამონათვალის შედგენისას არ უნდა ეხელმძღვანელათ ქრონოლოგიური პრინციპით, ჩამონათვალი რეიტინგული უნდა ყოფილიყო. მათ მიერ პირველ პოზიციაზე დასახელებულ სპექტაკლს დაეწერებოდა 20 ქულა, მეორე პოზიციაზე დაწერილს – 19, მესამეზე – 18, მეოთხეზე – 17 დ ასე შემდეგ ბოლომდე – მეოცე პოზიციაზე დაწერილს – ერთი ქულა. შემდეგ ოცივე გამოკითხულის მიერ მინიჭებული ქულები დაჯამდებოდა და დაგროვილი ქულების შესაბამისად გამოვლინდებოდა საუკეთესო ოცეული. გამოკითხვაში მონაწილეობდნენ ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორები: ნათელა ურუშაძე, ნოდარ გურაბანიძე, ნათელა არველაძე, დალი მუმლაძე, ლევან ხეთაგური, ირინა ღოღობერიძე, თამარ ბოკუჩავა, ლელა ოჩიაური, მარინე ხარატიშვილი, გიორგი ცქტიშვილი, მანანა გეგეჭკორი. ნინო მაჭავარიანი. დოქტორანტები: ლაშა ჩხარტიშვილი, თამარ მუქერია, მარიამ ჩუბინიძე. ხელოვნებათმცოდნეობის მაგისტრები: თამარ კიკნაველიძე, ნიკა წულუკიძე, ანანო მირიანაშვილი. ჟურანალ „თეატრი და ცხოვრების“  მთავარი რედაქტორი გურამ ბათიაშვილი, არტ-კრიტიკოსი დავით ბუხრიკიძე.

ამ გამოკითხვის შედეგად გამოვლენილ ოცეულში დ. ალექსიძის „ოიდიპოს მეფემ“ მე–18 ადგილი დაიკავა –  საუკუნის ერთ–ერთ საუკეთესო სპექტაკლად დაასახელა 10–მა გამოკითხულმა, მიიღო  71 ქულა. საერთოდ, ამ გამოკითხვისას საუკეთესო სპექტაკლებს შორის დიმიტრი ალექსიძის 6 სპექტაკლი დასახელდა. ამ ექვსიდან ოცეულში მოსახვედრად საკმარისი ქულები მხოლოდ „ოიდიპოს მეფემ“ დააგროვა.

რეზო შატაკიშვილი ქართული სცენის ტანმორჩილ დიდოსტატზე

კარლო საკანდელიძე 16 წლისაა. სკოლა ეს ესაა დაამთავრა. ათი წლისაც არ იყო, ობოლი კარლო, უფროსმა დებმა თბილისში რომ ჩამოიყვანეს ვანის რაიონიდან, სოფელ ზედა ბზვანიდან.

 სამი წლისას დედა გარდაეცვალა, რომელიც მხოლოდ ერთი სურათით შემორჩა ობლის მეხსიერებას – დედა და პატარა კარლო წყალზე მიდიან, უკან ძაღლი მისდევთ… მერე 17 და 14 წლით უფროსი დები  თბილისში წამოვიდნენ სასწავლებლად, პედაგოგი მამა და ნაბოლარა კარლო სოფელში დარჩნენ.

თავიდან მეზობლები უმზადებდნენ სადილს, მოგვიანებით, მამამ მეორე ცოლი შეირთო. დედინაცვალი სულაც არ იყო გულბოროტი, პირიქით, თავს ევლებოდა, მაგრამ „დედა“ ვერ დაუძახა… კაცოიას ეძახდა. ის კი არა, მამასაც ვეღარ ეძახდა მამას… მამასაც „კაცოიას“ ეძახდა… მამას და დედინაცვალს სევდიანად ეცინებოდათ პატარა ბიჭის საქციელზე.

ახლა კი უკვე 16 წლისაა, ჯერაც ვერ გადაუწყვეტია სად ჩააბაროს. კი, ჯერ კიდევ მეოთხე კლასელი იყო, თანაკლასელებთან ერთად პიესა რომ დაწერა, რეჟისორიც თავად იყო, მთავარ როლსაც თავად ასრულებდა, მსახიობობაც ჯერ კიდევ მაშინ მოუნდა. თბილისში ჩამოსვლისთანავე მუსიკალურ სკოლაშიც მიაბარეს, ერთი წლის შემდეგ ქორეოგრაფიულ სტუდიაშიც შევიდა, ის კი არა, მეცხრე კლასში რომ იყო, ვახტანგ ჭაბუკიანმა ოპერაში კორდებალეტშიც აცეკვა, პიონერთა სასახლეში დრამწრეზეც დადიოდა, მაგრამ მაინც ვერ გადაუწყვეტია სად ჩააბაროს. საკუთარი გარეგნობა არასოდეს მოსწონდა და, ალბათ, ესეც აფერხებდა, ამიტომაც უარობდა მსახიობობას…

სცენა სპექტაკლიდან „ჭინჭრაქა“

სცენა სპექტაკლიდან „ჭინჭრაქა“

ბიჭი საშუალო ტანისაა, დამახასიათებელი სახის ნაკვთებით, მეტყველი თვალებით, მაღალი შუბლით და მოკაუჭებული ცხვირით.

მოქნილი და პლასტიკურია –  ბალეტისთვის მართლაც შესაშური მონაცემებით, მაგრამ ბალეტისკენ გული არ მიუწევს… შესაძლოა მისი ცხოვრება სხვანაირადაც წარმართულიყო, იმ დღეს ფოსტალიონს გაზეთი რომ არ მიეტანა. 16 წლის კარლომ გაზეთი გაშალა. განცხადებას მოჰკრა თვალი – თეატრალური ინსტიტუტი მიღებას აცხადებდა. ჰოდა, თეატრალურში ჩაბარება და მსახიობობა გადაწყვიტა. მიაშურა კიდეც თეატრალურ ინსტიტუტს. მიიღეს.

ერთი პედაგოგი არ ჰყოლია, ერთ წელს დოდო ალექსიძე ასწავლიდა, მეორე წელს აკაკი ვასაძე, შემდეგ ვერიკო ანჯაფარიძე, ლილი იოსელიანი. პედაგოგების ცვლამ თავის კვალი დაატყო, მაგრამ თავად მაინც კმაყოფილი იყო, რომ   ამდენმა პედაგოგმა ასწავლა. ინსტიტუტს რომ ამთავრებდა მარჯანიშვილის თეატრისკენ უწევდა გული, მაგრამ ხორავამ გადაიბირა – კარლო და დოდო აბაშიძე რუსთაველის თეატრში წაიყვანა. საშუალო ტანის კარლო რუსთაველის თეატრის გრანდიოზულმა სცენამ დააფრთხო  – „ვიდარდე, ამხელა სცენაზე რა გავაკეთო, სცენა გადამყლაპავს მეთქი“…

აღმოჩნდა, რომ 21 წლის კარლომ სულ ტყუილად იდარდა _ რუსთაველის თეატრის სცენას, არაერთი ტანაშოლტილი ვაჟკაცის გადამყლაპავს – არ გადაუყლაპავს – დღეს ამ თეატრის წინ მისი ვარსკვლავია…

27 წლის იყო კინოში რომ გამოჩნდა – ქართული კინოს საეტაპო „მაგდანას ლურჯაში“ მენახშირის როლზე ბევრი გასინჯეს, ბოლოს აკაკი ვასაძის რეკომენდაციით კარლოც გასინჯეს და დაამტკიცეს კიდეც. მას შემდეგ 50-მდე სხვადასხვა როლი ითამაშა კინოში, მაგრამ დღემდე ყველას ახსოვს მისი მენახშირე…

კინოში აღმოჩენამდე კი არანაკლებ მნიშვნელოვანი რამ მოხდა მის ცხოვრებაში  – ცოლი შეირთო. ცოლი, არც მეტი, არც ნაკლები – რადიოში იპოვა. ინსტიტუტი 2 წლის დამთავრებული ჰქონდა, რადიოში ხშირად იწვევდნენ ჩაწერებზე, ერთხელ სწორედ იქ შევიდა ჟორჟეტა კობახიძე. მოგვიანებით ერთმანეთი საერთო მეგობართან, წვეულებაზე გაიცნეს … ჟორჟეტა კობახიძე საფრანგეთში იყო დაბადებული –  ემიგრანტების შვილი იყო. მამამისი იქ ფაბრიკაში მუშაობდა, გამოგონებების ავტორი იყო, როგორც ირკვევა იქ მოწამლეს, შემდეგ სიდედრმა ბავშვები საქართველოში წამოიყვანა და გაზარდა… კარლო და ჟორჟეტა დაქორწინდნენ. კარლო თავის მეუღლეს, სიდედრის – ნინოსა და სიმამრის – გრიგოლის პატივსაცემად, „ნიგრის“ ეძახდა…

„ნიგრის“ და კარლოს ქალ-ვაჟი შეეძინათ. ერთად 25 წელი იცხოვრეს… კარლო საკანდელიძის მეუღლე დასნეულდა და გარდაიცვალა…

კარლო საკანდელიძის ქალიშვილი, ია საკანდელიძე, საკმაოდ ცნობილი მუსიკალური გამფორმებელია. თავიდან ქალბატონ იასაც მსახიობობა სურდა, მაგრამ მამის რჩევით უარი თქვა მსახიობობაზე და კონსერვატორია დაამთავრა, მაგრამ ბედისწერამ მაინც თეატრს გადაჰყარა – ჯერ კიდევ კონსერვატორიაში სწავლობდა, ტელეთეატრში რომ მიიწვიეს მუსიკალურ გამფორმებლად, მას შემდეგ მუსიკალურად აფორმებს სპექტაკლებს, მუშაობდა მიხეილ თუმანიშვილთან, რობერტ სტურუასთან… მუშაობს თეატრში, ტელევიზიაში.

კადრი ფილმიდან „დღე უკანასკნელი, დღე პირველი“
კადრი ფილმიდან „დღე უკანასკნელი, დღე პირველი“

ბეჭზე დაგდებული არგენტინელი ათლეტი

რუსთაველის თეატრი არგენტინაშია. „კავკასიურ ცარცის წრეს“ თამაშობენ ვეება დარბაზში. გოგი მესხიშვილის შექმნილი დეკორაციის – ვეება ჭიშკრის უკან ქართველი მსახიობები დგანან და სპექტაკლის დაწყებამდე რამდენიმე წუთია დარჩენილი – ყველას თავის ჭუჭრუტანა აურჩევია და მაყურებელთა დარბაზში იჭყიტებიან. პირველი ზარის შემდეგ, ჯემალ ღაღანიძის ყურადღება პირველ რიგში მჯდომმა ათლეტური აღნაგობის ქალმა მიიპყრო. კახი კავსაძეს გადაულაპარაკებს – გაიხედე ერთი, მართლა ამხელაა თუ მე მეჩვენება. კახი გაიხედავს. და იყვირებს: ვაიმე! ამხელა ქალი ცხოვრებაში არ მინახავს. კარლოც გაიხედავს. კახისგან განსხვავებით, კი არ დაიყვირებს, დაიტრაბახებს – „ეგ ქალი ჩემი იქნება“. ღაღანიძე იმედს გადაუწურავს, ბიჭო, 2000 წლის ბებერს თამაშობ და რანაირად მოეწონები?! „მაგასაც ვნახავთ!“ – კვლავ დაიტრაბახებს ტანმორჩილი კარლო. მოვიდა ის სცენაც სადაც კარლო უნდა გამოექანოს და ჟანრი ლოლაშვილმა უნდა დაიჭიროს. კარლო გეზს ცვლის და ჟანრის ნაცვლად, სწორედ იქით მიქრის, საითაც ათლეტი ქალბატონი ზის.

სცენიდან გადაეშვა და სწორედ დიდ ქალბატონს „დააფრინდა“… ათლეტი ქალი წამოდგა, „მოხუცი“ კარლო ხელში აიტაცა და… მიხვდა, რომ კარლო არც ისე ბებერი იყო და აღარ ემეტებოდა. კაი ხანს მოუწია ჟანრი ლოლაშვილს ხვეწნა, რომ ათლეტს მსახიობი სცენაზე დაებრუნებინა.

დამთავრდა სპექტაკლი, მსახიობები მოწესრიგდნენ, თეატრიდან გამოვიდნენ და რას ხედავენ – ათლეტი ქალი გასასვლელში დგას. კარლო მივიდა, ქალმა ყურადღება არ მიაქცია. ვერ იცნო… ჰოდა, კარლომაც უკან დაიხია, რამდენიმე ნაბიჯით, გაქანდა და ნომერი გაიმეორა – ხელებში შეახტა… ქალს გაუხარდა „შენ ხარო?“ და… მეორე დილით დაბრუნებულ კარლოს კითხვებს დააყრიან: „ვინ იყო?“ „სად იყავი?“. კარლო იტყვის: ქალთა შორის არგენტინის ჩემპიონი იყო ჭიდაობაში! „მერე? რა ქენი?“ – არ მოეშვება ჯემალ ღაღანიძე. „რა ვქენი და ბეჭებზე დავაგდე!“ _ ამაყად იტყვის კარლო…

„კავკასიური ცარცის წრე“

„კავკასიური ცარცის წრე“

თეთრი რაშის დევნაში

რუსთაველის თეატრი ლონდონში იყო გასტროლებზე. თეატრს ფენომენალური წარმატება ჰქონდა და ამ გასტროლის სპონსორმა ამ ამბით დიდად გაიხარა, მილიონერმა რობერტ მაქსვილმა დასი თავის ოქსფორდულ სახლში მიიწვია. მიიწვია და მეფურად გაუმასპინძლდა. სამსართულიანი სასახლე მაღალ ბორცვზე იყო წამოჭიმული, გარს მდელოები, აუზები, ნაძვისა და ფიჭვის კორომები ერტყა. მდელოზე ცხენების რემა იყო გაშლილი. კარლო საკანდელიძეს ამდენი ცხენი რომ დაუნახავს, უთქვამს: „ახლა მე ამ უბელო თეთრ ცხენს მოვახტები და ჩემებურად გავაჭენებ“.

„საერთოდ, ჩვენს ძვირფას კარლოს,  ფანტასტიკური ამბების თხრობა უყვარს, რომელშიც იმდენივე სიმართლეა, რამდენიც ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავლებში. თუ მას დავუჯერებთ, საკუთარი თვალით უნახავს, როგორ ჩამოაგდო ხიდან მამამისმა, სახელგანთქმულმა მონადირემ, ერთი გასროლით, სპილენძისკლანჭებიანი ფასკუნჯი, შვილისთვის მიზანში ზუსტი სროლის გაკვეთილი რომ ჩაეტარებინა. მისგან მრავალი მძაფრსიუჟეტიანი თავგადასავალი (რომლის მთავარი გმირი თვითონაა) გვაქვს ყველას მოსმენილი  და ახლა თეთრი რაშით განავარდების სურვილი რომ გამოთქვა, ყველამ შეასახელა. ახალგაზრდა მსახიობებს სეირის ნახვა სწყუროდათ და ეს ვაჟკაცური გადაწყვეტილება დიდად მოუწონეს. ჩვენი კარლო თამამად გაემართა ცხენისკენ, რომელიც თავისთვის ძოვდა ბალახს და აინუნშიაც არ იყო, რას უპირებდა საქართველოდან ჩამოსული ეს ჩაუქი მხედარი. კარლო  ცხენს მიუახლოვდა, მარჯვენა შემართა და, ალბათ, ფაფარზე აპირებდა ხელის წავლებას, რომ ამ დროს ცხენმა თავი მაღლა ასწია,  ერთი საშინლად დაიჭიხვინა, გადმოყარა ნაფოტივით ვეება ყვითელი კბილები, დადგა ყალყზე და შეუტია ჩვენს კარლოს. შეუტია მარა, რა შეუტია, ჯერ გულმოცემული იყო კარლო ჩვენი ბიჭების შეძახილებით, მაგრამ უკვე იხტიბარგატეხილმა ცოტათი მაინც დაიხია უკან. დახევა ასეთი არ უნდაო და გამოენთო ცხენი. წინ კარლო, უკან – თეთრი ცხენი… კარლომ უკანმოუხედავად ისე გაქუსლა, ისეთი სისწრაფით ახტებოდა პატარ-პატარა ბორცვებს, რომ არ შეიძლებოდა საბოლოოდ არ გერწმუნათ მისი ვაჟკაცობის ამბავი, თვით მაქსვილის ყველაზე რჩეული და ჯიშიანი ცხენიც კი ვერ დაეწია და ბედად დროზე რომ არ გამოჩენილიყო მეჯინიბე, ვინ იცის რით დამთავრდებოდა ეს ისტორია… კი იძახდა კარლო „გიჟია ეგ ოხერიო“, მაგრამ სახეზე ფერი არ ედო“… – იხსენებს ნოდარ გურაბანიძე.

კადრი ფილმიდან „არ დაიდარდო“

კადრი ფილმიდან „არ დაიდარდო“

კარლო საკანდელიძეს აურაცხელი როლი აქვს განსახიერებული თეატრსა და კინოში. მათგან ბევრი ეპიზოდური, ბევრიც პირველხარისხოვანი და ბედმა არგუნა ისიც, რომ მონაწილეობა მიეღო საეტაპო ფილმებისა თუ სპექტაკლების შექმნაში. მან ითამაშა მენახშირე ქართული კინოს საეტაპო ფილმში „მაგდანას ლურჯა“, მან განასახიერა სამი როლი – ლეგენდარულ „კავკასიურ ცარცის წრეში“, „რიჩარდ მესამეში“, მანამდე კი ჭინჭრაქა, ქართული თეატრის მანიფესტად ქცეულ, ლეგენდარულ „ჭინჭრაქაში“…

ბოლოს „მოხუც ჯამბაზებში“ უნდა ეთამაშა, მაგრამ ავადმყოფობამ შეუშალა ხელი… მომავალი თაობები მას ვეღარ იხილავენ სცენაზე, მაგრამ მომავალ თაობებს ის კვლავ მოხიბლავს თავისი კინოგმირებით, მოხიბლავს იმ სიხალასითა და განუმეორებლობით, რაც მისთვის ასე ჩვეული იყო…

დაიბეჭდა „პრაიმტაიმში“

გრიგალი, რომელიც აღარ ამოვარდება – სანდრო ახმეტელი

ის იყო კაცი, რომელმაც მოიტანა და შემდეგ სამარეში ჩაიტანა თეატრი – ბობოქარი

რეზო შატაკიშვილი

(დაიბეჭდა წლის გამოცემაში  “სახე(ლ)ები – 2006”)

1886 წლის 14 აპრილს სიღნაღის მაზრაში, სოფელ ანაგის თომა მოციქულის სამრევლო ეკლესიის დიაკვანს ვასილ ახმეტელაშვილს და მის მეუღლეს მარიამს შეეძინათ ვაჟი – ალექსანდრე…

18 აპრილს მღვდელი ზაქარია სინჯიკაშვილი მას მართმადიდებელ ქრისტიანად მონათლავს…

რას წარმოიდგებნენ რომ გავა დრო და მას ხან ბურჟუაზიულ-ნაციონალისტად „მონათლავენ“, ხან ანტისაბჭოთა სპექტაკლების ავტორად, კოტრევოლუციონერად, ხალხის მტრად, მავნებლად და ბოლოს მაინც გენიოსად… რა იციან რომ გავა თითქმის 120 წელი და მის მიერ დადგმულ

შილერის „ყაჩაღებს“ მსოფლიოს ას საუკეთესო სპექტაკლს შორის მოიხსენიებენ…

(2004 წელს რუსეთის ხელოვნებადმცოდნეობის სახელმწიფო ინსტიტუტი გამოსცემს „მეოცე საუკუნის სპექტაკლებს“, სადაც შესულია მეოცე საუკუნეში, მთელს მსოფლიოში დადგმული 100 საუკეთესო სპექტაკლი. ას სპექტაკლს შორის ქართული მხოლოდ ორია – ახმეტელის „ყაჩაღები“ და რობერტ სტურუას „კავკასიური ცარცის წრე“… )

კოშმარულ 37-ში ახმეტელს ბრალდებად წაუყენებენ რომ ის იყო ბურჟუაზიულ-ნაციონალისტი, ანტისაბჭოთა ელემენტი, დიქტატორი, მავნებელი, ხალხის მტერი… იგი არ ყოფილა ხალხის მტერი. პირიქით მან შეუქმნა ქართველ ხალხს ჭეშმარიტად ეროვნული, ქართული თეატრი. შექმნა იმ დისციპლინის წყალობით, რომელიც დიქტატურად გამოცხადეს, მაგრამ სულძაღლი ბერია მთლად არ ტყუოდა – ახმეტელი მართლაც იყო ნაციონალისტი (საუკეთესო გაგებით), მართლაც იყო ანტისაბჭოთა ელემენტი და ამას მთელი მისი მოღვაწეობა ადასტურებს, მთელი მისი შეხედულებები, შემოქმედება. ეს მერე, ისევ მისი რეაბილიტაციისათვის შეეცდებიან რომ საწინააღმდეგო უმტკიცონ მოსკოვს, მაგრამ ახმეტელს თუ ეროვნულობა, ნაციონალისტობა წაართვი, ფასი ეკარგება მთელ მის გენიალობას…

… 1903 წელს, 16 წლის სანდრო ახმეტელი განჯაში ჩასულ ნატო გაბუნიასა და ვასო აბაშიძის გვერდით გამოჩნდება სცენაზე – „ხანუმაში“ თავად ფანტიაშვილის მსახურ ტიმოთეს ითამაშებს ლეგენდარული არტისტების გვერდით. რა იციან ქართული თეატრის იმდროინდელმა ლეგენდებმა რომ მათ გვერდით არათუ ქართული, საერთოდ თეატრის მარადუკვდავი ლეგენდა თამაშობს…

1906 წელს სანდრო ახმეტელი თბილისის ქართულ გიმაზიას დაამთავრებს, 1907 წლის იანვარში ტასო როსტომაშვილზე დაიწერს ჯვარს. იმავე წელს პეტერბურგს მიაშურებს – უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე შევა… საქართველოში 1916 წელს დაბრუნდება, მაგრამ სტუდენტობის დროს ხშირად ჩამოვა საქართველოში, იმ პერიოდში ჟურნალისტობს, მისი ფიქრები დასტრიალებს უცხოეთში სასწავლად წასული ქართველ სტუდენტობას, ქართული თეატრის ბედს… სტუდენტობის წლებშივე შედგება სანდრო ახმეტელის რეჟისორული დებიუტი.

1910 წელს, 24 წლის სანდრო ახმეტელი ქვემო მაჩხაანის სცენისმოყვარეებთან

დგამს სუმბათაშვილ-იუჟინის „ღალატს“…

„… წარმოდგენამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა დამსწრე საზოგადოებაზე, ესთეტიკურად დაატკბო იგი და ნასიამოვნები გაგზავნა შინ….. განსაკუთრებული მადლობის ღირსისა პეტერბურგის უნივერსიტეტის სტუდენტი და ამ წარმოდგენის რეჟისორი ა. ახმეტელაშვილი, რომელმაც არ დაზოგა თავისი შრომა, რათა ადგილობრივი სცენისნმოყვარეები ჯეროვნად მოემზადებინა.“ – დაწერს „სახალხო გაზეთი“.

„პიესისთვის სულ ახალი ტანისამოსი და დეკორაციები მოამზადეს, მთელი 2 თვე ემზადებოდნენ და პიესამაც შესანიშნავად ჩაიარა, კარგი შთაბეჭდილება მოახდინა დიდძალ დამსწრე საზოგადოებაზე“ – დაწერს „თეტრი და ცხოვრება“…

იმ პერიოდიდან გაისმის ქართულ თეატრში ახმეტელის სახელი, მაგრამ ჯერ ადრეა, გრიგალი სახელად „ახმეტელი“ ცოტასაც მოიცდის და მერე ამოვარდება… ამოვარდება და თან მოიტანს თეატრს ჯერარნახულს, და შემდეგშიც განუმეორებელს.

მანამდე კი ის ჯერ პრესაში ლაპარაკობს ქართულ თეატრში გამეფებულ კრიზისზე, განახლების აუცილებლობაზე.

გვაქვს თეატრი მძიმე, დინჯი, უსახო, გაუბედავი იგი უნდა დაიმსხვრეს… გვყავს მსახიობები მოუხეშავი, ტლანქი, ზანტი, იგი უნდა მოიზნიქოს რომ გახდეს რბილი, ცეცხლოვანი და შუშპარიანი და თეატრი გვექნება აღგზნების, ემოციის, რიხიანი, გაბედული, გმირული – იტყვის ახმეტელი 1915-ში და იმავე წელს დასვამს საკითხს – არის თუ არა ქართული თეატრი ქართული?

პასუხსაც თავად გასცემს – არა და არა!

არის თუ არა ქართული თეატრი გამომხატველი ქართველისა, როგორც სპეციფიკური ნაციონალური ფსიქოლოგიის და რელიგიის მატარებელი ადამიანისა? გვყავს ეს ქართველი ქართულ სცენაზე? შეგვიძლია გადაჭრით ვაღიაროთ რომ ხელოვნურის სხივით შექმნილი ქართველი, იდეური გაგრძელებაა ნამდვილ არსებული ქართველისა? გვითხრა ჩვენმა თეატრმა, თუ ვინ არის ქართველი? როგორია მისი სულისკვეთება? როგორია მისი ვნება? ძალა? რითი საზრდოობს? რით სულდგმულობს? ვიცნობთ ჩვენ ქართული ადამიანის სულის დრამას? ვინ არის ქართველი? ვიცნობთ მას ჩვენ, როგორც თავისებურ მსოფლიო ინდივიდუმს? რით განირჩევა იგი სხვისგან? ვიცნობთ ჩვენ მის რელიგიურ ლტოლვილებას, რელიგიურ ექსტაზს? შეგვიძლია ვთქვათ, განვმარტოთ, თუ რა ფორმებში ხატავს იგი თავის ექსტაზს?

გენიოსმა დოსტოევსკიმ სავსებით განმარტა რუსული ინტელიგენციის სულისკვეთება. ჩეხოვმა ნათელჰყო რუსული ინტელიგენციის საუკეთესო და ძვირფასი რელიგიური ჰანგები. მოსკოვის სამხატვრო თეატრმა საუცხოოდ ჩამოაქანდაკა რუსის სული, მისი გულის ცემა. ტირის, სევდით გული ევსება რუს მაყურებელს სამხატვრო თეატრში, როდესაც იგი ჩეხოვის პიესების წარმოდგენას უცქერის… მოსკოვის სამხატვრო თეატრი ნამდვილი, ეროვნული, რუსული თეატრია რუსეთისთვის. სამხატვრო თეატრმა ჩეხოვის მეოხებით ჰპოვა ნამდვილი რუსი თავისი სპეციფიკური ფსიქოლოგიით და რელიგიით. სტანისლავსკიმ შემოსა ეს ნამდვილი რუსი ერთგვარი სცენური პრინციპით მხატვრულ რელიგიური ფორმებით და მით ჩეხოვცის დრამები რუსეთის ინტელიგენციისათვის მისტერიად იქცა…

შეიძლება ყველა ეს ითქვას ჩვენს ქართულ თეატრზეც? შეიძლება გადაჭრით, გულახდილად იმის აღიარება, რომ ქართულ თეატრში სუფევს ნამდვილი სული ქართული ერისა? რომ ქართულ თეატრში ჩვენი რელიგიური ექსტაზით აღტყინდებით, რომ მხოლოდ აქ, ქართულ სცენაზე ჰპოვებთ თქვენს გულის ცემას და სულისკვეთებას? უწოდებთ თქვენ ჩვენს თეატრს იმ ტაძარს, სადაც ერი ხარობს, ერი იტანჯვის თავისი საკუთარი ფორმით, საკუთარი თავისებური რელიგიური სტიქიით? შექმნა თეატრმა სიცილი და ხარხარი ფორმად, ფერად ჩვენი ისტორიული სიდუხჭირისა და ტანჯვისა? ჰპოვეთ თქვენ რომელსამე დრამაში ქართველი ტიპი _ ორჭოფი, გამოურკვეველი, დაულაგებელი ფსიქოლოგიით? შეგიძლიათ მიმითითოთ ისეთ დრამაზე, სადაც ბრძოლის აღელვებული ტალღები ნეტარების ისრებით ესობოდეს თქვენს ბუნებას, ზნესა და ჩვეულებას?… მთელი ჩვენი ისტორია ტრაგედიაა პატარა საქართველოსი, ქართველი მხოლოდ შვილია ტრაგედიისა. მერე შექმნა ქართულმა თეატრმა ისეთი დრამა, რომელიც ქართველი ხალხის მისტერიად უნდა ქცეულიყო?

არა და არა! ქართულმა თეატრმა ვერ ჰპოვა ქართველთა სულის გრგვინვის ხმა.

ვერ შემოსა იგი საკუთარ ფორმებში და ამიტომ იგი არ არის ქართული, ნამდვილი ქართული მხატვრული თეატრი.

პირიქით თუ შორს წავალთ, არ არის იგი ქართული თეატრი თვით სცენიური საშუალებითაც კი. დღევანდელ დღეს გამეფებული პლასტიკა, კილო, ინტონაცია, სტილი არ არის ქართულ დედა-ძარღვზე ასხმული. ქართულმა სცენამ ვერ შესძლო ქართველი ადამიანის სხეულის მოძრაობის შესწავლა. ამ მოძრაობის ძირითადი რიტმის განხილვა-გამოცნობა და ქართული ელფერით მოცხული პლასტიკის შექმნა სცენაზე. მერე ეს მოხდა ჩვენში, საქართველოში, სადაც ქართველ კაცზე ლამაზ მოსიარულეს, ბუნებრივი პროპორციით შემკულ მოძრაობის მქონეს ჯერჯერობით ბადალი არ ჰყავს დედამიწის ზურგზე. დადის ქართველი საუცხოვოდ, ფეხს დგამს გაბედულად და არა ჩლუნგად, მოშვებულად… მთელი კორპუსი გადააქვს თავისუფლად, სწორად, ოდნავი რხევით… ქართველს ფეხი გაშლილი დააქვს… მე მყავს სახეში მდაბიო ხალხი, ჩვენი გლეხკაცობა, მიგიქცევით ყურადღება ჩვენი ჩვენი გლეხკაცისთვის, როცა ის მაგალითად ხელს გართმევთ, ტანს რა მოძრაობას აძლევს? ქართველი წელს მხრებში კი არ ხრის, ე.ი. კი არ იკუზება, როგორც ჩრდილოეთის მცხოვრებლებმა იციან. წელგაშლილი სრულიად მთელ კორპუსს იდნავ თქვენსკენ ხრის ფეხები გაშლილი, გაჭიმული უდგას და კისერი ხერხემალთან პერპენდიკუკულარულად უჭირავს. ქართველის მოძრაობა ბუნებრივად ესთეტიკურ კანონებს ემორჩილება. ლერწამივით ახოვანი ქართველის მოძრაობა _ წმინდა რიტმული მუსიკაა.

სულ სხვაა თეატრში ჩვენი მსახიობის მოძრაობა უგემოა. სიტყვა-გამოთქმულებას მოუფიქრებელ პლასტიკას უდებს… აიღეთ იგივე ინტონაცია, ვის არ ეჩოთირება ის ყრუდშეთვისებული ხმაწყობილება რომელსაც მსახიობი ხმარობს. ჩვენს სცენაზე გაბატონებული ინტონაცია უფრო ცრუკლასიკურს წააგავს. ოდნავ მომღერი, იგი აგებული აქვს უსულო ტემპზე… ცხოვრებაში კი, ქართველის ინტონაცია ჰიმნია ქართველთ სიტყვა-პასუხის მშვენიერებისა..

თეატრის განახლებისთვის იმჟამად სხვებიც იბრძვიან, მსახიობთა თეატრს რეჟისურა უტევს, მოსკოვში განსწავლული რეჟისორები – წუწუნავა, ქორელი, …. ისინი ჯიქურ ამკვიდრებენ სამხატვრო თეატრის პრინციპებს, რეჟისორთაგან განზე მხოლოდ ახმეტელი დგას – მისთვის მიუღებელია რეალისტურ-ნატურალისტური თეატრი. მიუღებლად და არა ქართულად მიიჩნევს.

ჩვენ ბანს ვაძლევთ ყოველთვის და ყველაფერში რუსეთის თეატრს. და კიდევ ყველაფერში მხოლოდ ვბაძავთ. არ მინახავს ქართულ სცენაზე ნამდვილი ჩვენი სულისკვეთებით დადგმული დრამა. იგი ყოველთვის ტრაფარეტულად გაზეპირებულ ჩონჩხზედაა აგებული, რომელსაც მხოლოდ მოსკოვის სამხატვრო თეატრის უგემური სუნი უდის. მას ქართულ თეატრთან საერთო არაფერი აქვს, ის მთლიანად სამხატვრო თეატრის ფილიალია მთელი თავისი მეთოდოლოგიით. მთელი სისტემით“.

ახმეტელს კი ჭეშმარიტად ეროვნული თეატრი სურდა, თეატრი ქართული ტემპერამენტით, სულისკვეთებით, ფორმით. მას ღრმად სწამდა რომ ხელოვნება მხოლოდ ნაციონალურია, რომ ნაციონალური ხელოვნება უმაღლეს გენიოსურ ფორმებში შემოსილი კოსმოპოლიტურია. მაგრამ კოსმოპოლიტურია მხოლოდ შემეცნებით. ყველა, რა ერის ადამიანიც არ უნდა იყოს, ყველა ტკბება მისი სიმშვენიერით. როდესაც მას უმზერს. ვერაფერი გვიხსნის გადაგვარებისგან, გარდა ეროვნული ხელოვნებისა და ამასთან უპირველესად, ეროვნული თეატრისა“ – ამბობდა ახმეტელი და გამოსავალს ინტელიგენტური თეატრის დააარსებაში ხედავდა, რომელიც იქნებოდა ერთგვარად სტუდია, ლაბორატორია, სადაც ჩამოყალიბდებობდა ქართველი ადამიანის სულის დრამის ფორმები. სადაც შეიქმნებოდა ახალი სახე ქართველი კაცისა. აქვე უნდა დაკავშირდეს რიტმი ფერადობასთან, მოქმედების ექსტაზი ქართული პლასტიკის ფორმებთან – აი, ამ იდეური საგზლით მოდიოდა სანდრო ახმეტელი ქართულ თეატრში. მოდიოდა შეუპოვრად…

თმა ინგლისურად შუაზე გაყოფილი… პირმოპარსული, დიდრონი თვალებით და არწივისებური გამოხედვით თითქოს ვიღაცის გაპობა სურს… გარეგნობით, ინგლისელი ტლანქი ჯელტმენი, ხოლო შავი მაყვალივით თვალები ეჭვს ბადებს: იტალიელი ხომ არ არის? ჯერ კიდევ როდესაც გიორგი ჯაბადარის სტუდია ყველა თეატრალმა სასიკვდილოდ დასერა, ეს იტალიელი თუ ინგლისელი ქართველ მსახიობთა კავშირის ყრილობაზე დასაცავი სიტყვით გამოვიდა… სითბო ვიგრძენ… მომეწონა… გავეცანი, მაგრამ მისი გვარი ბუნდოვნად დამამახსოვრდა, თუმცა მისი სიტყვები ჩემს მახსოვრობაში ღრმად აღიბეჭდა – ამას ახმეტელზე აკაკი ვასაძე დაწერს, სამიოდ წელში „ბერდო ზმანია“-ზე მუშაობისას კი ის ამ ინგლისელსა თუ იტალიელში, სანდრო ახმეტელს ამოიცნობს…

„ბერდო ზმანიამდე“ ახმეტელი 1919 წელს საოპერო სტუდიაში დიმიტრი არაყიშვილის ოპერას „თქმულება შოთა რუსთაველზე“ დადგამს. პრესა მადლობას გადაუხდის ორიგინალური დადგმისთვის.

1920 წელს მენშევიკურმა მთავრობამ ქართულ დრამას რუსთაველის თეატრის ამჟამინდელი შენობა გადასცა. თეატრს ფაღავა ჩაუდგა სათავეში. რეჟისორებად მიიწვიეს ლადო მესხიშვილი, ალექსანდრე წუწუნავა, მიხეილ ქორელი, ალექსანდრე ახმეტელი.

და აი, 34 წლის ახმეტელი თავის პირველ სპექტაკლს დგამს პროფესიული თეატრის სცენაზე. დასადგმელად ირჩევს სანდრო შანშიაშვილის სიმბოლისტურ დრამას „ბერდო ზმანია“.

ახმეტელმა პირდაპირ ამოხოცა მსახიობები მუშაობაში – წერდნენ ახმეტელის ოპონენტები. ახმეტელი მოშლის რამპას ისე რომ სცენას და პარტერს გააერთიანებს. სცენას ზემოდან გაანათებს, პირველად შემოიყვანს სიმფონიურ ორკესტრს დრამაში. გრიგიოლ რობაქიძე მაშინვე იტყვის – ახმეტელი გრძნობს თეატრის ნერვს!

სცენა პირველად ამღერდა მუსიკით, არტისტმა პირველად იგრძნო თავისი სხეული, როგორც შემოქმედებითი მასალა. ამ სპექტაკლში ახმეტელმა პირველად შეამზადა ნიადაგი ჩვენში სინთეზური თეატრის შექმნისთვის. იგი გამოჩნდა როგორც მონუმენტური თეატრის ანსამბლის და არა ინდივიდუალური თეატრის ვიზიონერი – დაწერენ მოგვიანებით. ასევე მოგვიანებით აკაკი ვასაძე დაწერს რომ ამგვარი ტემპით, რიტმით აგებულ სხვა სპექტაკლს ქართულ თეატრში მაშინ ვერ ნახავდით“.

წარმატება თავბრუდამხვევია, მერე რა რომ აზრთა სხვადასხვაობა ბობოქრობს.

სხვანაირად წარმოუდგენელიცაა – „ბერდო ზმანია“ სათავეს უდებს პირობით რეჟისორულ აზროვნებას, „მხატელებისგან“ განსახვავებულ სათეატრო ესთეტიკას. თანადროული ევროპული ავანგარდისტუილი სათეატრო მიმდინარეობებთან თანაზიარი წარმოდგენა მოულოდნელობის შოკს იწვევს რეალისტური თეატრის მიმდევრებში. ახმეტელი ეძებს ძლიერ, ამბოხებულ გმირს, აღელვებს თავისუფლების თემა.

ახმეტელიო იბრძვის თეატრის გარეთაც – ის დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტის წევრია და ოპოზიციაში უდგას ჟორდანიას და მის მთავრობას. მეტიც, ახმეტელი ჟორდაინიას საქართველოს მტრად, მოღალატედაც გამოაცხადებს როცა ის კახეთში დიდ თანამდებობაზე სომეხს დანიშნავს. ახმეტელი მიიჩნევს რომ ჟორდანიას მთავრობა უნებისყოფოა და მასში არ ცოცხლობს ძლიერი ეროვნული სული. რითაც იგი ნიადაგს უმზადებს რეაციქას – ბოლშევიკური რუსეთის შემოსვლას საქართველოში.

ასეც მოხდება, საქართველოს რუსეთი დაიპყრობს. ოკუპაციამდე ორი კვირით ადრე, თეატრში ახმეტელის ახალი სპექტაკლის „რაც გინახავს ვეღარ ნახვ“ პრემიერა შედგება.

ახმეტელის ცდას რომ შეექმნა ნაციონალური ხალხური სცენები, დაცინვით შეხვდნენ – ამას თავად ახმეტელი დაწერს თავის თავზე…. ახმეტელი იძულებული გახდება წავიდეს თეატრიდან, მაგრამ ეს წასვლა დროებითია და ამას ყველა გრძნობს. ახმეტელი რის ახმეტელია რომ ვინმეს რამე დაუთმოს.

იგი გააფთრებით იბრძვის თვითმყოფადი ქართული თეატრის შესაქმნელად და აქტიურად ილაშქრებს ნატურალისტური თეატრის წინააღდეგ.

ახმეტელი დროებით ჩინოვნიკი ხდება – თეატრალური განყოფილების უფროსი შალვა დადიანი მას თავის მოადგილედ წაიყვანს. შალვა დადიანი მერე გამოტყდება რომ ახმეტელი ვერ იყო მაინცდამაინც კარგი ჩინოვნიკი, ახმეტელის ამბოხებული სული ვერ ჰგუობდა ჩინოვნიკობას.

და აი, საქართველოში ჩამოდის სახელგანთქმული კოტე მარჯანიშვილი. იგი გვერდით სწორედ ახმეტელს ამოიყენებს, რადგან მის თეატრალურ პრენიციპებთან ახმეტელის ძიებები უფრო ახლოს იყო, ვიდრე ქართველი „მხატელების“ შემოქმედება.

„თქვენთან ერთად გავწყვიტოთ კავშირი, მასთან (სამხატვრო თეარტრთან) და ვეძებოთ თეატრი ვაჟკაცური“ – ამას მარჯანიშვილი ახმეტელს „სალომეას“ დადგმის შემდეგ ეტყვის, როცა ახმეტელს თავს დაესხმიან. „სალომეას“ გამო, ახმეტელს მეორე მოუწევს თეატრიდან წასვლა (ისევ დროებით), მიზეზი მარტივია – თეატრში კვლავ მოშლილია დისციპლინა – ერთ რეპეტიციოაზე ერთი მსახიობის მეტი არავინ მივა, სხვა რეპეტიციიის დროს მსახიობები დაადებენ თავს და გასტროლიორთა სპექტაკლში ათამაშდებიან. აქეთ აკაკი ვასაძე დააგვიანებს რეპეტიციაზე, იქით უშანგი ჩხეიძე უარს იტყვის რეპეტიციის გავლაზე, ხომ გავიარეო? ვერიკო ანჯაფარიძე ადგება და მიატოვებს რეპეტიციას… სხვა რეპეტიციაზე მსახიობები თავის ადგილებს ტოვებენ, ახმეტელი რეპეტიციას ხსნის. სხვა რეპეტიციაზე ვინმე მჟავია მთვრალი მივა და გინებას ატეხავს, ახმეტელი გაბრუჟულ მთვრალს რეპეტიციიდან გაიბურთავებს…

თეატრს დატოვებს წუწუნავა, ქორელი, ლადო მესხიშვილი გარდაიცვლება,

თეატრში მარჯანიშვილი და ახმეტელი რჩებიან და ერთად იწყებენ ახალი თეატრის შენებას. მარჯანიშვილი ახმეტელს მთავარ რეჟისორად დანიშნავს, თავად სამხატვრო ხელმძღვანელად დარჩება. თეატრში დისციპლინა ისევ მოშლილია, წარმატებებს ჩრდილავს ნაუცბათევად მომზადებული ბენეფისები, გასტროლები, ამღვრეული რეპერტუარი.

ახმეტელი ახალ იერიშზე გადადის – საბჭოთა კავშირს ლენინი გამოგლოვილი არ ჰყავდა, ახმეტელმა და მისმა თანამოაზრეებმა რომ 1924 წლის 29 იანვარს „დურუჯის“ მანიფესტი დააგუგუნეს რუსთაველის თეატრის სცენიდან.

საგულისხმო დეტალი: ახმეტელი ამ პერიოდში სხვა ასპარეზზეც იბრძვის – აქტიურად მონაწილეობს 1924 წლის აჯანყების მზადებაში.  როგორც სამხედრო ცენტრის აქტიური მონაწილე პასუხისგებაშიც მისცეს და სიკვდილიც მიუსაჯეს, მაგრამ მარჯანიშვილის და სხვათა დახმარებით გადარჩა…

ამჯერად გადარჩება და თეატრში  ხდება გადატრიალება. გადატრიალების მთავარი იდეოლოგი ახმეტელია.

პირველად 1924 წლის 5 იანვარს იკრიბებიან და კორპორაციის შექმნას გადაწყვეტენ. სხდომას მარჯანიშვილიც შეესწრება, შეუერთდება. გაიზიარებს მათ შეხედულებებს. კორპორაცია ახალი თეატრის ფუძე უნდა გახდეს, უნდა განიდევნოს არაპროფესიონალიზმი, შევქმნათ კულტი ახალი არტისტისა“.

მანიფესტში უკვე ახალი არტისტის იდეალსაც გამოაცხადებენ: არტისტი შუშპარიანი… არტისტი გიჟი… არტისტი ცეცხლოვანი… არტისტი შფოთი… არტისტი-გოროზი… არტისტი-ფაფარაყრილ რაშზე… არტისტი-კადნიერი… არტისტი-რიხიანი…ახმეტელი უკვე პრაქტიკულად იბრძვის იმისთვისმ რასაც ათი წლის წინ ითხოვდა თეორიულად. წესდებაშიც ჩაწრენ: ძიება თეატრალური განსახიერებისთვის ქართველთა რასის და ტემპერამენტის გამომსახველობათა თეატრალური ფორმებით. რიტმის, მეტყველების, ემოციურობის“.

ახმეტელის მთელი მოღვაწეობა აქეთკენ იქნება მიმართული.

ქართველი აქტიორის პლასტიკური სიმდიდრისა და სილამაზის პრობლემა მუდამ აღელვებდა ახმეტელს და მუდამ უდიდეს მნიშვნელობას მიანიჭებს მსახიობის ფიზიკურ მონაცემებს. მუდამ საგანგებოდ შეარჩევს ათლეტურ, ძლიერ და მშვენიერი სხეულის ადამიანებს სცენისთვის. საგანგებოდ ასწავლის რიტმს, მუსიკას ტანვარჯიშს… ახმეტელისთვის პლასტიკური, დახვეწილი, ძლიერი და ლამაზი აღნაგობის მსახიობი გმირული თეატრის ესთეტიკურ იდეალს წარმოადგენდა.

არც ერთი ქართველი რეჟისორი არც მანამდე და არც შემდეგ ისე ძლიერად და დაჟინებით ვერ გამოხატავს ქართველი ხალხის ერთიან, ზეაწეულ გრძნობებს, როგორც ამას ახმეტელი გააკეთებს.

მისი მასობრივი სცენები განცვიფრებაში მოიყვანს მაყურებელს.

ახმეტელის მთელ რეპერტუარში მკაფიოდ გამოიკვეთება მებრძოლი, ძლიერი ადამიანის იდეა. ახმეტელი ეძებს მტკიცე ნებისყოფის გმირს. ე.ი. ეძებს იმას რაც მისი აზრით დაიკარგა – ცხოვრებაშიც და სცენაზეც. ახმეტელი ღრმად განიცდის დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ უნებისყოფო ქართველის ტიპის ჩამოყალიბებას. თეატრში გადააქვს თავის ბრძოლის ასპარეზი. პოლიტიკდან თეატრში. მაგრამ ისევ პოლიტიკური თეატრის შეასაქმნელად….

მის სპექტაკლებში, დაგუბებული კაშხალივით იფეთქებს ეროვნული ენერგია,

აკაშკაშდება მისი იდეალები, მცდელობა ქართველ ხალხში გააღვიძოს მებრძოლი სული. მისი მთავარი მოწოდებაც ხომ ესაა – აღზარდოს ხალხი გმირული სულით, რათა ხალხს ყოველთვის შესძლებოდა საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლა. ახმეტელი ხომ სიჭაბუკიდანვე ამაზე ოცნებობს – ეპოვა ქართველი კაცის იდეალი გარდასულ ისტორიულ მოვლენებში, როგორც ეროვნული ორიენტირი. ვერ იპოვის, მაგრამ მთელი თავისი თეატრის ერთიან ესთეტიკურ გააზრებას ამ მიზანს დაუქვემდებარებს – ძლიერი ვაჟკაცური სტილი, ქართული მქუხარე ტემპერამენტი, ვნებიანი განცდები გადმოცემული უშუალობით, არტისტული სილამაზით…

ამას ყველაფერს დააფიქსირებს „სუკი“ თავის არქივში და გამოიყენებს მის გასანადგურებლად.

ის დადგამს არაერთ წყალწყალა საბჭოთა პიესას, მაგრამ იქაც დაჟინებით ეძიებს ქართულ თეატრალურ ფორმებს. მისი საუკეთესო სპექტაკლები

„ანზორი“, „ლამარა“ – ხალხის წიაღში დაფარული თეატრალობის მიკვლევის

ჟინით იქნება შთაგონებული…

მისი მასობრივი სცენები განცვიფრებაში მოიყვანს მაყურებელს.

ახმერტელი როგორც მასობრივი სცენების ვირტუოზი  გამოჩნდება

„ლამარაში“, „რღვევაში“, „ანზორში“, „თეთნულდში“…. და რა თქმა უნდა „ყაჩაღებში“. მტრებიც კი ვეღარ უარყოფენ რომ ახმაეტელი უდიდეს წარმატებებს აღწევს მასობრივი სცენების გადაწყვეტაში.

„თეთნულდში“ ახალ აზრობრივ შინაარსს მიანიჭებს ქოროს, სვანური ხალხური მუსიკის რიტმზე ააგებს ბაპების სცენას, მუსიკა იქცევა მათ სამოქმედო ენად.

ქოროს მუსიკალური გადაწყვეტის პლასტიკა და რიტმი აღიბეჭდება ქართული ხასაიათით. აქ და საერთოდ ქართულ თეატრში ახმეტელი შექმნის ქოროს ახალ ფორმას და მისი მასობრივი სცენების პრინციპს თეატრის ისტორია მეოცე საუკუნის ქართული ეროვნული თეატრალური ქოროს პრინციპად აღიარებს.

ეს ყველაფერი წინაა, მანამ დიდი ბრძოლებია. სწორედ ამისთვის აყალიბებს ახმეტელი „დურუჯს“, რომლის წესდებაშიც ხაზგასმით ჩაწრენ:

კორპორანტი საუბრობს ქართველებთან აუცილებლად ქართულად, სხვებთან კი მათთვის გასაგებ ენაზე“… საქმის წარმოება ქართულ ენაზე“….

რა ხდება, ახმეტელი უკვე უტევს მარჯანიშვილს, რომელიც კორპორაციის საპატიო წევრად მიიღეს, მარჯანიშვილი რომელმაც ცუდად იცის ქართული და რეპეტიციებს რუსულად ატარებს?!…

წესდებაში ყველაფერი მკაცრადაა რეგლამენტირებული, ყველაფერი ერთი მიზანს ექვემდებარება – შეიქმნას ჭეშმარიტად ეროვნული თეატრი…

ჯერ ისევ მხარდამხარ იბრძვიან მარჯანიშვილი და ახმეტელი. „დურუჯში“ იმთავითვე იკვეთება ორი ლიდერი – ახმეტელი და მარჯანიშვილი.

„დურუჯის“ ხელმძღვანელობას პირსისხლიანი ბერია მოგვიანებით ავბედითად შეუტრიალებს ახმეტელს, 1930 წელს დაწერილ მოხსენებაში „დურუჯს“ ანტისაბჭოთა, ფაშისტურ ორგანიზაციად მოიხსენიებს.

ბერიამდე „დურუჯის“ ხმაურიანი მანიფესტის გამო, ახმეტელს და მის თანამოაზრეებს არაერთი დაესხმევა თავს. ძველებს ახალგაზრდების აგდებული ტონი აღიზიანებთ, ტონი მართლაც გამომწვევია – ბებერი კამეჩები საგასტროლოდ შოთას პროსპექტზე…–  წერენ მანიფესტში ამას და კიდევ უარესებს. ამბოხებულ ახალგაზრდებს თავგამოდებით იცავს მარჯანიშვილი…

„დურუჯი“ ხელთ იგდებს თეატრის მხატვრული და ორგანიზაციული სადავეებს.

ახმეტელი და მისი თამამოაზრე არტისტები მიზნისკენ მიიწევენ, აკი იტყვის კიდეც ახმეტელი „დურუჯის“ ორი წლისთავზე ჩვენ ვეძიებთ ქართული თეატრის სახეს და ქართული არტისტის კონტურს. ყველა ეროვნებათა თეატრების განსხვავება მხოლოდ ამაშია. საქართველოს უნდა ჰქონდეს თავისი საკუთარი დამოუკიდებელი თეატრი. ანთებული ქართული გულით და აღგზნებული ქართული სულით…

„დურუჯი“ შეიქმნა, დაიწყო ბრძოლა თანამოაზრეთა თეატრისათვის.

ახმეტელს კვლავახც ამბოხებული გმირის თემა აღელვებს – დგამს შანშიაშვილის „ლატავრას“. ეს მესამე შეხვედრაა სანდრო შანშიაშვილის დრამატურგიასთან. „ლატავრამდე“ „როდამი“ აქვს დადგმული. მათი თანამშრომლობა კვლავაც გაგრძელდება, გაგრძელდება ახმეტელის დახვრეტამდე… „ლატავრას“ დადგმისას კი საბოლოოდ გაიყრება სანდრო ახმეტელის და ვერიკო ანჯაფარიძის გზები. ვერიკო ანჯაფარიძე „დურუჯის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია, მოგვიანებით ის პირველი დატოვებს „დურუჯს“, მანამდე კი კონფლიქტია. დიდი კონფლიქტი. გაივლიან „ლატავრას“ მეორე აქტს. ვერიკო კორიდორში გავა. ახმეტელი მესამე აქტს იწყებს, ვერიკო არ ჩანს. ეძებენ, ელიან. როგორც იქნა გამოჩნდება, ახმეტელი იყვირებს – „ჩქარა, ჩქარა!“ ვერიკო მიუტრიალდება – რა გაყვირებს? შეჰყვებიან, არც ერთი არ თმობს, ახმეტელი დაატოვებინებს რეპეტიციას. მერე მათ „შეარიგებენ“, ახმეტელი იტყვის: მე ვერასოდეს ვერ დავსდებ პირობას, რომ ეს არ განმეორდეს. არასდროს ჩემს თავს ამ მხრივ ჩემს თავს დამნაშავედ არ ჩავთვლი“. არც იმ ინციდენტში ჩაუთვლია თავი ახმეტელს დამნაშავედ, ხაზს უსვამდა რომ მისი ყვირილი საერთო ხასიათისა იყო და ყველას უყვირებდა, ვინც არ უნდა ყოფილიყო ის. ახმეტელი იმსაც არ დაივიწყებს რომ ვერიკო ანჯაფარიძე დასში პრივილეგიების მოპოვებას ცდილობს.

მოხდება ისე რომ ვერიკო ანჯაფარიძე ლატავრას კი ითამაშებს, მაგრამ შემდეგ მას ვეღარავინ იხილავს ახმეტელის შემდეგ დადგმებში. მერე კი იგი მარჯანიშვილის წასვლამდე დასტოვებს „დურუჯსაც“ და თეატრსაც.

ურთიერთობები იძაბება მარჯანიშვილსა და „დურუჯელებს“ შორისაც. მარჯანიშვილი ნელ-ნელა „დურუჯის“ ალყაში ექცევა.

მალე ახმეტელის და მარჯანიშვილის გზებიც გაიყრება.

ყველაფერი რობაქიძის „ლამარას“ ირგვლივ დატრიალდება. „ლამარას“ ერთად დგამენ მარჯანიშვილი და ახმეტელი. მარჯანიშვილი დადგამს პირველ ორ აქტს,

იგი „ლამარას“ ლირიკულ დრამად ხედავდა და ასეც დგამდა, შემდეგ საავადმყოფოში მოუწევს დაწოლა. დადგმას ახმეტელი განაგრძობს და ლირიკულის ნაცვლად მას დადგამს როგორც გმირულ-რომანტიკულ დრამას.

ასარსარდება ენები, დაიძაბება სიტუაცია. მარჯანიშვილი ნახავს „ლამარას“ და

ახმეტელს ეტყვის თავისუფლად შეგიძლია აფიშიდან ჩემი გვარის მოშლა“.

მარჯანიშვილი და ახმეტელი უკანასკნელად 1926 წლის 6 აგვისტოს შეხვდებიან ერთმანეთს, მოწმეთა თანდასწრებით. შედგება შეხვედრის სტენოგრამა. ჩაიწერება მარჯანიშვილის შემდეგი სიტყვები „დურუჯზე“:

ეს არის ჯგუფი ჩემს გარშემო თავმოყრილი და მაიძულებენ ვაკეთო არა ის, რასაც ჩემი მხატვრული თვალსაზრისი მკარნახობს“… ირკვევა ისიც რომ მარჯანიშვილი ახმეტელს ართმევს მთავარ რეჟისორობას:

სრულუფლებიანი ვარ მარტო მე. დასსა და რეპერტუარს ვადგენ მე. შენ გექნება რამდენიმე დადგმა, მაგრამ როლების დამოუკიდებლად განაწილების ნებას არ გაძლევ. ეს ერთად უნდა გავაკეთოთ.

კარგი ასე იყოს“ – ასეთია ახმეტელის პასუხი. მარჯანიშვილი კი კვლავ ხაზგასმით გაუმეორებს რომ არც მას ენდობა და არც „დურუჯელებს“…

მარჯანიშვილი წავა. ახმეტელი თეატრში რჩება და დიდხანს ელის მარჯანიშვილის დაბრუნებას. მოგვიანებით წერილსაც მისწერს. მარჯანიშვილი არც წაიკითხავს, კონვერტში ისე ჩადებს და უკან გაუგზავნის ახმეტელს.

იმ წერილს, სადაც ახმეტელი წერს: ძვირფასო კოტე, რაც არ უნდა მოხდეს ჩვენს შორის, იცოდე რომ გარდა შენდამი უღრმესი სიყვარულისა და ერთგულებისა, მე გულში არაფერს ვფარავ. მე ვიცი სპეტაკ მეგობრად დარჩენა ბრძოლის დროსაც კი. მე დავიკავე შენი ადგილი მხოლოდ იმ აზრით, რომ ადრე თუ გვიან დაგაბრუნო შენს საყვარელ თეატრში, ოღონდ კი შენ ეს მოისურვე“.

ამ პერიოდში, კოტე მარჯანიშვილი თავის ვაჟს მისწერს წერილს, სადაც ის სიხარულს არ მალავს თეატრი ფლავდებაო, ვერ მალავს ვერც ზიზღს ახმეტელის და მისი თანამოაზრეების მიმართ. იმასაც წერს, ბოლომდე ჩაფლავდნენ და მერე ვნახოთ, შეიძლება დავბრუნდე კიდეცო.

მარჯანიშვილის გარდა, ახმეტელის ჩაფლავებას ალბათ მარჯანიშვილის მოწაფეები – უშანგი ჩხეიძე და თამარ ჭავჭავაძეც ელოდნენ, ან ყოველშემთხვევაში იმას რომ ნაკლებსახელოვან ახმეტელს თავის ნებაზე დაატრიალებდნენ… თამარ ჭავჭავაძეს ხომ უკვე ნათამაშები ჰქონდა ლაურენსია, უშანგი ჩხეიძეს – ჰამლეტი… სასტიკად შეცდნენ.

ახმეტელი დადგამს „რღვევას“, სახელს მოიხვეჭს ახმეტელიც და აკაკი ხორავაც. მარჯანიშვილისტები სიტუაციის შემობრუნებას მოინდომებენ.

თამარ ჭავჭავაძის დაბადების დღეზე, მარჯანიშვილის თანდასწრებით, დაიგეგმება შეთქმულება ახმეტელის წინააღდეგ.

ოთხი არტისტი (დაიმახსოვრეთ ეს რიცხვი) – უშანგი ჩხეიძე, თამარ ჭავჭავაძე, სანდრო ჟოირჟოლიანი, შალვა ღამბაშიძე მთავრობას მისწერენ, მარჯანიშვილი დააბრუნეთ, თორემ თეატრიდან წავალთ, ახმეტელს არასწორი გზით მიჰყავს თეატრიო. ჩვენ ვარჩევთ დავრჩეთ სრულიად უმუშევრად, ვიდრე გავხდეთ მოწმენი ქართული თეატრის დაშლისა და გახრწნისა– წრდნენ ისინი და განზრახული ჰქონდათ თუ ამას ვერ მიაღწევდნენ, თეატრიდან წასულიყვნენ და მარჯანიშვილთან ერთად ახალი თეატრი დაეარსებინათ.

რუსთაველის თეატრს კომისია მიადგა.

მსახიობები ყოველთვის მართლები არიან. ყველა კონფლიქტში რეჟისორია დამნაშავე. ოთხი ეღთის წინააღმდეგ, რაღგაქვთ გამოსაკვლევი, გადაწყვიტეთ.“ – ეტყვის ახმეტელი მათ. შემდეგ კი დეტალურად გაშიფრავს, რატომ ერჩის ოთხეული მას, შალვა ღამბაშიძეს ოტელოს როლს პირდებოდა მარჯანიშვილი და ალბათ ახლაც პირდებაო. (ღამბაშიძე მართლაც ითამაშებს ოტელოს მარჯანიშვილთან), თამარ ჭავჭავაძე თურმე კონკურენტის – მესხიშვილის ქალის თეატრში მოყვანის გამო ჩასდგომია ოპოზიციაში ახმეტელს. ორჯერ უცდია კიდეც წასვლა, მაგრამ გადაუფიქრია, როცა ჯამაგფირი მოუმატეს. უშანგი ჩხეიძემ ის ვერ მოინელა რომ ახმეტელი წინააღდეგი იყო რომ მას ჰამლეტი ეთამაშა, ნიჭი კი აქვს, მაგრამ ჯერ საამისო ტექნიკა არ აქვს, დაიღუპებაო.

თავადვე აღიარებდა, რომ „ჰამლეტმა დაღუპა“, ვერ გამოდიოდა ჰამლეტის გავლენიდან, მაგრამ მაინც მარჯანიშვილისკენ იწევდა – „მარჯანიშვილისგან ის კვლავ მოელის ჰამლეტისნაირ როლებსო“ – ეტყვის კომიაის ახმეტელი. ახმეტელს მსახიობთა თავდასხმისგან ისევ მსახიობები იხსნიან – აკაკი ხორავა, აკაკი ვასაძე, ვასო გოძიაშვილი… ახმეტელი თუ წავა მე თეატრში არ დავრჩები – იტყვის ხორავა, მე უეჭველად ავირჩევდი ახმეტელს, მარჯანიშვილან ვერ ვიმუშავებ“ – იტყვის ვასაძე, ახმეტელის ხელში მსახიობის ტვინიც კი მორაობს… ახმეტელთან ერთად, თეატრიდან მეც წავალ… – იტყვის ვასო გოძიაშვილი…

ახმეტელი დარჩება, ოთხეული წავა, მარჯანიშვილის მეთაურობით შეიქმნება ახალი თეატრი, მაგრამ მარჯანიშვილს 4 წელსაც არ აცლიან, როგორც მეტასტაზები ისე შემოეხვევიან მარჯანიშვილს, კაცს რომელმაც მსოფლიო სტანდარტების თეატრი შექმნა, მუშაობას დაუწუნებენ, კრებებს გაუმართავენ მაშინაც კი როცა ის უმძიმესად იქნება ავად. მარჯანიშვილი მოსკოვს მიაშურებს, არც იქ მოასვენებენ, წერილს წერილზე წერენ, შეურაცხყოფენ, გულს უკლავენ… მერე 4 არტისტი მთავრობას მიადგება, მარჯანიშვილის თეატრში ღრმა კრიზისია, რუსთაველის თეატრთან შეგვაერთეთო. მთავრობაში ახმეტელს დაიბარებენ.

მე განვუცხადე რომ უკან არავის დავიბრუნებ, ვიცოდი ეგენი მარჯანიშვილს რა დღეშიც ჩააგდებდნენ – იტყვის ახმეტელი….

ლამარა

1930 წელს ახმეტელი ხელმეორედ დადგამს „ლამარას“. თუ 1926 წელს მხატვარი ლადო გუდიაშვილი იყო, მას ახლა ახმეტელის დიდი თანამოაზრე, გენიალური ირაკლი გამრეკელი შეცვლის. „ლამარა“ „თეთნულდთან“ და „ლატავრასთან“ ერთად, საბედისწერო როლს ითამაშებს ახმეტელის ბიოგრაფიაში, სწორედ ამ სპექტაკლების გამო შერაცხავენ ახმეტელს ბურჟუაზიულ-ნაციონალისტად.

ყველაფერი ილექება „სუკის“ ბინძურ არქივში… ისიც, ახმეტელს რომ ჰქონდა ერთიანი კავკასიის იდეა, მის შემოქმედებაში რომ იგრძნობოდა კავკასიის ფენომენის როლის წარმოჩენის ტენდენცია. აკი ამისთვის დადგა კიდეც „ანზორი“, აკი გაუწია კიდეც დიდი დახმარება ჩეჩნებს რომ შექმნილიყო გროზნოს თეატრი? აკი, მიავლინა კიდეც ამისთვის გროზნოში არჩილ ჩხრატიშვილი?…

და ისევ  „ლამარა“… ახმეტელი სწორედ „ლამარას“ მიიჩნევს თავის მწვერვალად, სადაც მიაღწია სიტყვისა და პლასტიკის სრულ ჰარმონიას, ფორმის სიზუსტეს, სულის რომანტიკულ ამაღლებას, რაზედაც მუდამ ოცნებობდა.

ერთხელ რეპეტიციაზე სამაიას ცეკვავდნენ, ვერაფრით ვერ აეწყო ცეკვა. ჟინმა მომიარა, ავირბინე და ვაჩვენე როგორ უნდა ეცეკვათ, საერთოდ ასეთი ჩვენების მომხრე არ ვიყავი, მაგრამ რაღაც ძალამ წამომაგდო ადგილიდან მერე ჩავხტი საორკესტროში, ჯოხი გამოვართვი დირიჟორს და ვუდირიჟორე… – დაწერს ახმეტელი…

ახმეტელის „ლამარა“ ერთად იგემებს მხურვალე ტაშს და ბინძურ ლაფს. „ლამარას“ ქართულ რომეო და ჯულიეტად გამოაცხადებენ. უცხოური კრიტიკა შექსპირულ სპექტაკლად მიიჩნევს, „კომუნისტი“ კი დაწერს, ეს რა არის, ნაბიჯია უკან, „ლამარა“ მუშათა კლასს ვერაფერს მისცემსო. აგორდება ტალღა,

„ლამარას“ მოხსნიან რეპერტუარიდან. ახმეტელი დაწერს:

ადამიანი ფიზიკურ დარტყმას უფრო ადვილად გაუძლებს, ვიდრე სულიერს. ასე ნაცემ-ნაგვემი წავედი სახლში. განცხადება დავწერე, თუ ლამარას არ გაუშვებთ, მე თეატრში დამბრუნებელი არა ვარ მეთქი. კომისია გამოიყო. ღმერთო ჩემო! როგორ ვერ ვიტან გაუთავებელ კომისიებს. მათი გაკეთებული სამქე ვის უნახავს. ვინ იცის რამდენი ცოცხალი იდეა მოუკლავთ. რას ვიზამდი დავემორჩილე. თეატრში მივბრუნდი იმ იმედით, რომ კომისიაში წარმოდგენას მომხრეებიც ეყოლებოდა. გასინჯეს წარმოდგებნა, იყო აზრთა სხვადასხვაობა. მაინც შეაჩერეს. ავდექი და აფიშები გამოვაკარი, წარმოდგენა გავუშვი. საყვედური მითხრეს, მაგრამ სპექტაკლი ვეღარ მოხსნეს“….

ახმეტელი გააფთრებით ვაჟკაცურად იცავს „ლამარას“, ბავშივით გაიხარებს როცა ამ სპექტაკლს მოსკოვში გასტროლებისას სტალინი მოუწონებს.

გახარებული ახმეტელი თავის მეგობარს, სანდრო შანშიაშვილს მოსწერს მოსკოვიდან: მთელი ჩვენი მეთოდი მუშაობისა თეატრში აღიარებულია საუკეთესო მეთოდად და ამ მეთოდს უპირისპირებენ სამხატვრო თეატრის, სტანისლავსკის მეთოდს… გუშინწინ ჩვენს წარმოდგენაზე მოვიდნენ ამხანაგები სტალინი და ორჯონიკიძე…

დაწვრილებით უამბობს ყველა დეტალს, იმასაც თუ როგორ გადაიღო სტალინთან ერთად ფოტო, მაგრამ ვერც ეს ფოტო და ვერც ეს ტრიუმფი ვერ წამლობს მის მოკლულ გულს: არა, ჩემო სანდრო, მე ვერ ვგრძნობ ჯერ კიდევ გამარჯვებას. მეტად სასტიკნი იყვნენ საქართველოში ჩემდამი და ძალიან ღრმად ჩაუკლავთ ჩემში რისიმე იმედი…

ახმეტელს გაუთავებლად თავს ესხმოდნენ, ლანძღავდნენ, სთათხავდნენ,

დღეს მათი ვინაობაც კი აღარავის ახსოვს, არა თუ მათი ნაწერები, დრომ თავისი ცოცხი მოუსვა მათ და თან გაიყოლა ისტორიის ურანაში, თან უსახელოდ. თუ სადმე მათი გვარ-სახელი ფიგურირებს, ისევ ახმეტელის წყალობით – როგორც მისი დაუძინებელი ავყია მტრების…

ტრიუმფალური მოსკოვური გასტროლების შემდეგ, აქტიურდება თეატრის საზღვაგარეთ გასტროლების საკითხიც. მაგრამ არ ისვენებს ბერია.

მოხსენებას წერს, რომ ახმეტელი ეწევა ძირგამომთხრელ საქმიანობას, რომ 1924 წლიდან ხელმძღვანელობს ანტისაბჭოთა ორგანიზაცია „დურუჯს“, რომ თეატრის მუშაკები გასტროლების ანტისაბჭოთა მიზნებისთვის გამოყენებას აპირებენ, რომ კავშირს გააბამენ ემიგრაციასთან, დარჩებიან საზღვაგარეთ.

ბერია ჯერ კიდევ 1930 წელს ითხოვს გათავხედებული რეჟისორის პასუხისგებაში მიცემას. იგი იბრძვის ხორავას და ვასაძის წინააღდეგაც, მისი სამიზნე „დურუჯია“, მაგრამ პირველ რიგში ახმეტელი უნდა ჩამოიშოროს გზიდან, უახმეტელოდ ყველას მიხედავს, ყველას მოუგრეხს კისერს…

ახმეტელის ირგვლივ შავბნელი წრე იკვრება. თუმცა, ჯერ დრო აქვს, წინ მთავარი ტრიუმფია – შილერის „ყაჩაღები“…

„ყაჩაღებამდე“ ახმეტელი ერიდებოდა კლასიკის დადგმას. რამდენჯერმე მოსინჯა კიდეც, „მეფე ლირსაც“ მოკიდა ხელი, მაგრამ ბოლომდე არ მიიყვანა. არც თავის თავს თვლიდა საამისოდ მზად და არც დასს. ახლა, კი შილერს მოკიდებს ხელს რომ თეატრის სიჭაბუკის ხანა დაასრულოს და ახალი ეტაპი დაიწყოს. თეთნულდიეს იყო ეტაპი, რომლის საშუალებითაც ჩვენ უნდა მივსულიყავით ყაჩაღებამდედა ეს მიგვიყვანდა ერთ პრინციპამდე, ერთ მთლიან ქართულ თეატრამდე – იტყვის ახმეტელი და მართლაც ახმეტელი მიუახლოვდა თავის ესთეტიკურ იდეალს – შეექმნა ადამიანის სულისა და გულის ძვრაზე აგებული თეატრი. ღრმა აზრის და ემოციის, დიდი სოციალური და პოლიტიკური პლატფორმის ეროვნული პოლიტიკური თეატრი.

სპექტაკლს საფუძვლად დაუდო ქართული ნერვი, რიტმი, გმირების ოჯახური ტრაგედია აიყვანა სახელმწიფოებრივ დონეზე, შილერის პიესას მიანიჭა შექსპირული მასშტაბი. პიესის სახელწოდებამ „ყაჩაღები“ – უკანა პლანზე გადაიწია, წინ წამოვიდა მინაწერი „ტირანების წინააღდეგ“ (ინტირანოს).

სპექტაკლი, რომელშიც გერმანიის ცხოვრებაა ასახული ჟღერდა ჭეშმარიტად ქართულ სპექტაკლად.

ისევ მოსკოვი, ისევ გასტროლები, ფელდმანი ახმეტელს ბობოქარ მხატვრად გამოაცხადებს – მსოფლიოში ცნობილი ტრაგედია გახსნა ახლებურად, სულითა და გრძნობით ქართულად აქცია. – დაწერს ფელდმანი.

ახმეტელის გახელებული თეატრალობა, მისი ძლიერი, ენერგიული, მგზნებარე და უკომპრომისო ბუნება ვლინდებოდა გამრეკელის გამაოგნებელ სცენოგრაფიაშიც. ირაკლი გამრეკელმა ბოჰემიის ტყე სიმბოლურად გამოსახა ვეებერთელა, ფესვებგატოტილ, შავი მუხის ხით, რომელიც უცნაურ ურჩხულს წააგავს. უკან ფორთოხლისფერი ფონი… ამ ხის ტოტებზე, ამ ხის ძირას ჩამოსხდარიყვნენ ყაჩაღები…

დღეს, „ყაჩაღების“ ირაკლი გამრეკლისული მაკეტის, ესკიზების მიხედვით ამერიკაში ასწავლიან მომავალ სცენოგრაფებს…

და მაინც რატომ „ინტირანოს“? რატომ დააწინაურა ახმეტელმა მინაწერი? რომელ ტირანებს გულისხმობდა? ფაშისტებს? იმხანად რომ გაიმარჯვეს გერმანიაში? კი მაგრამ ახმეტელი ხომ ჰიტლერს ხშირად მოიხსენიებდა ნიჭიერ, ჭკვიან პერსონად? ისიც ხომ მიაჩნდა რომ ჰიტლერმა ბევრი რამ ბოლშევიკებისგან გადაიღო, განსაკუთრებით იდეოლოგიურ და ორგანიზაციულ დარგში? აკი ეს დახვრეტის წინაც გაიმეორა სუკში? თუ ბოლშევიკებს და ფაშისტებს ამდენი საერთო ჰქონდათ, რა გამოდის? გამოდის ის რომ ის მხოლოდ გერმანელი ტირანების წინააღდეგ კი არა, ბოლშევიკების ტირანიის წინააღდეგაც გამოდიოდა…

შეუძლებელიც იყო რომ მის შემოქმედებით გენიას არ ეგრძნო, რა სისხლიან კოშმარს დაატრიალებდნენ ბოლშევიკები სულ მალე ქვეყანაში….

ფინალი

გენისოსი მალე უნდა აღესრულოს. პირსისხლიანი ბერია გადამწყვეტი იერიშისთვის ემზადება. საბედისწერო აღმოჩნდება ახმეტელის კონფლიქტი ხორავასთან, რომელიც ბაქოში გასტროლებისას მოხდება 1935 წელს.

საღამოს „ლამარაა“ დანიშნული. ხორავა მეგობრებთან წაიქეიფებს. უმალ ამბავს მიუტანენ ახმეტელს. დღეს უკვე ყველაფერი ალუფხულ-დალუფხულია, ტყუილ-მართალში ვერ გაერკვევი, ახლა კი არა, მაშინვე ძნელი იყო გარკვევა. ხორავამ იქეიფა, მაგრამ გაუვარდა კი ხელიდან ხორავა –იჩოს ხელიდან თამარ წულუკიძე – ლამარა?

ზინაიდა რაიხმა, საშუალო ნიჭის არტისტმა, მთელი თეატრი გადაჰკიდა თავის გენიოს ქმარს ვსევოლდ მეიერჰოლდს.

უნიჭიერესმა ალისა კოონენიმ თავისი გაუთავებელი პრეტენზიებით სიცოცხლე გაუმწარა გენიოს ქმარს ალექსანდრე თაიროვს.

არც თამარ წულუკიძემ დააკლო ხელი გენიალურ ახმეტელს. ყოველდღიურად შხამს აწვეთებდა ახმეტელს ხორავას წინააღდეგ…

არადა, თამარ წულუკიძის გარეშე სიცოცხლე ვერც წარმოედგინა ახმეტელს.

გააფთრებით უყვარდა, მკაცრი და თავნება ახმეტელი საოცრად მორჩილი და ნაზი ხდებოდა თამარ წულუკიძესთან, რაც არ უნდა ეთქვა მას, ყველაფერს სიმართლედ მიიჩნევდა…

ალბათ ასე მოხდა მაშინაც, წულიკიძემ საწადელს მიაღწია, ახმეტელი ხორავას წინააღდეგ განაწყო. ახმეტელმა დისციპლინის დარღვევის გამო ხორავა თეატრიდან გაუშვა. ხორავა არ გაახმაურებს ამ ამბავს. იცის თავის ძმადნაფიცის ხასიათი – გაბრაზება გადაუვლის და დამაბრუნებსო. აკი, უთხრა კიდეც სანდრო შანშიაშვილს  ახმეტელმა, ახლა უნდა დაისაჯოს, სხვებმა რომ არ მიბაძონ და მერე აღვადგენო? სანდრო შანშიაშვილმა გააფრთხილა კიდეც ახმეტელი ხომ იცი ზემოთ იმას ჭირივით ეზარები“. ის ბერიაა. იცის ახმეტელმა და ისიც იცის რატომ ეზიზღება ბერიას არ ველაქუცები და იმიტომ…

მაგრამ ახმეტელმა ჯერ არ იცის, როგორ გამოიყენებს ამ წმინდა თეატრალურ კონფლიქტს ბერია. როგორ ვერაგულად ისარგებლებს ამ კონფლიქტით და როგორ მისცემს მას პოლიტიკურ სახეს… არც სხვები დააკებენ ხელს. აასარსარებენ ენებს…

ხორავას გვერდით მეგობრები დაუდგებიან – თუ ხორავას გაუშვებ ჩვენც წავალთო. მარტო ვასაძის წასვლაც სკანდალი იყო. იგი მარტო სახელმოხვეჭილი არტისტი კი არა, რეჟისორიც იყო, სტუდიის ხელმძღვანელიც.

ულტიმატუმს მიყენებთ? ეს როგორ? შეთქმულებას მიწყობთ?! – იკითხავს ახმეტელი და ვასაძეს მარტო მსახიობად დატოვებს, სტუდიის ხელმძღვანელობიდანაც გაათავისუფლებს და სარეჟისორო კოლეგიიდანაც.

ახმეტელი არ გაუშვებს ვასაძეს თეატრიდან, არადა მას უკვე დაწერილი აქვს განცხადება წასვლაზე. ვასაძე ისევ მოითხოვს, თუ ხორავას არ აბრუნებ, მსახიობობიდანაც გამათავისუფლეო. ახმეტელიც ადგება და გაათავისუფლებს..

ბერიამ კი იცის რაც უნდა ქმას, ადგება და ცეკას გადაწყვეტილებით დაავალებს ახმეტელს მათ თეატრში აღდგენას. იცის მტარვალმა რომ ახმეტელს უარესად გააცეცხლებს ცეკას დადგენილებების ენაზე ლაპარაკი შეუპოვარ ახმეტელს. იცის რომ არ დაემორჩილება, რაც შესანიშნავი საბაბი გახდება მის დასასჯელად. ჰოდა, დაავალებს. სანდრო შანშიაშვილი დღიურში ჩაწერს:

ახმეტელი ამ ბრძანებას არ დაემორჩილა და შეუთვალა: თეატრის შინაურ სამქეებში ნუ ერევით. მე უკეთ ვიცი რა უნდა გავაკეთოო. ერთი სიტყვით არ წაუწვა“.

ბერია მიზანთან ახლოსაა, კომისიას უგზავნის თეატრში. კომისიაც იგივეს ავალებს ახმეტელს. ახმეტელი კვლავ უარს ამბობს. ეს მისი ბოლო გაბრძოლებაა. ყველა სხვადასხვას ჩასძახის, ვეღარა გაუგია რა, ვინ მართალია, ვინ მტყუანი, იცის მხოლოდ ერთი – დათმობდა და აღარ იქნებოდა სანდრო ახმეტელი…

1935 წლის 13 სექტემბერს იგი მოხსნეს….

შავბნელი „სუკის“ არქივებში კი ჩაწერენ:

სანდრო ახმეტელის მოხსნას სამუშაოდან საქართველოს საზოგადოებრიობა უდიდესი კმაყოფილებით შეხვდა. განდიდების მანია, უტიფრობა, ხალხისა და ზოგჯერ ხელმძღვანელი ორგანოებისადმი თავხედური დამიკიდებულება, საბჭოთა ხალხისათვის ბშეიფერებელი დიქტატურა აი, ყოველივე რაც 20 წლის განმავლობაში მეფობდა მის თეატრში“…

20 წელი…. 20 წლის წინ ახმეტელი ჯერაც არ იყო საქართველოში დაბრუნებული, თეატრის ხელმზღვანელობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ…

„პარტიის გადაწყვეტილება ფასდება როგორც ნაციონალისტურ-ფაშისტური ტენდენციების ლეგალური გამოვლენებისადმი დარტყმა“ – ამასაც ჩაწერენ სუკის არქივში. სუკმა ისიც იცის რომ ახმეტელი მოსკოვში შეეცდება რევანშის აღებას და სტალინამდე ხმის მიწვდენას.

იგი აპირებს მოსკოვში ჩასვლას და ჩივილს. თუ გავითავლისწინებთ იმას რომ ეს ნაბიჯი მიმართულია ამხანაგ ბერიას წინააღდეგ. (ამას მიიჩნევს გადამწყვეტი დარტყმის ინიციატორად). ყველაფერი ძალზე კონსპირაცვიულად ტარდება, როგორც ჩანს მიღებული უქნება ყოველი ღონე რათა წერილი გადაეცეს ამხანაგ სტალინს. ან უკიდირეს შემთხვევაში შესაფერის სიტუაციაში რამდენიმე სიტყვით შეეწიოს უცოდველ მსხვერპლს“. ამ მიზნით როგორც ჩანს ახმეტელს მოსკოვში მოღვაწე ქართველი ბოლშევბიკების იმედი აქვს, რომნლებიც ბერიასადმი მტრულად არიან განწყობილნი და ბერიას მიერვე არიან მხილებულნი. რასაკვიორველია, შესაძლოა ამ ამხანაგებს შორის ისეთი ვინმე მოიოპოვებოდეს, რომელიც დაზარალებულისდახმარებას შეეცდება“.

ახმეტელს კი ვეღარაფერი უშველის, ბრალდებების ნიაღვარი გადალეკავს ყველაფერს.

1936 წლის 19 ნოემბერს დააპატიმრებენ. დაიწყება წამების 229 დღე.

1937 წლის 28 ივნისს ახმეტელი სიცოცხლის შენარჩუნებას ითხოვს…

განაჩენი გამოუტანეს – დახვრეტა. განაჩენი სისრულეში მოიყვანეს 1937 წლის 29 ივნისს…

მის დაჭრასა და დახვრეტაში ხალხი აკაკი ხორავას და აკაკი ვასაძეს დაადანასაულებს. მიაბამენ რა ყველაფერს ბაქოს კონფლიქტს, თან იმ დაპირისპირების შემდეგ ხომ ხორავა და ვასაძე აღზევდნენ, ახმეტელი კი… დახვრიტეს… მაგრამ ეს ბრალდება სულს გაუწმაებს აკაკი ხორავას, სიკვდილის წინ მოგონებებსაც დაწერს, მისი ბოლო სიტყვები აგონიის ჯამს იქნება : „მოიცა, საშა, მოვდივარ…“

გავა დრო,  გაიხსნება სუკის არქივები, ახმეტელის შემოქმედების მკვლევარი, ახმეტელის რეაბილტაციისთვის თავდაუზოგავად მებრძოლი, თეატრმცოდნე ვასილ კიკნაძე დეტალურად გაეცნობა ახმეტელის საქმის 11 ტომს და გადაჭრით იტყვის რომ არც აკაკი ხორავას და არც აკაკი ვასაძეს ბრალი არ მიუძღვით ახმეტელის დაჭერასა და დახვრეტაში…

კი, სუკმა მართლაც დაკითხა აკაკი ვასაძე, თან სამჯერ, აკაკი ვასაძემ მოინანია კიდეც მენშევიკობა, 1936 წლამდე ჟორდანიას დაბრუნების იმედი მქონდაო, მაგრამ იგი სუკში პირველად 1937 წლის 4 მასისის დაკითხეს, როცა ახმეტელი უკვე დაჭერილი იყო და მისი ბედი პრაქტიკულად გადაწყვეტილი….

ვასაძის დაკითხვებს აღაფარის შეცვლა აღარ შეეძლოთ ახმეტელის ბედში.

ვასილ კიკნაძის მტკიცებით, ბაქოს კონფლიქტი რომც არ მომხდარიყო,

ახმეტელს მაინც დაიჭერდნენ და დახვრეტდნენ კიდეც. მაგრამ შესაძლოა სწორედ ბაქოს კონფლიქტმა იხსნა ხორავა და ვასაძე ახმეტელის ბედისგან. (ბერია ხომ 1930 წელს შედგენილ დოკუმენტში ხორავასა და ვასაძესაც ამზადებდა დასახვრეტად), ვინც მაშინ ახმეტელის მხარე დაიჭირა ყველა საბრალდებო სკამზე აღმოჩნდა, და თითქმის ყველა გადარჩა, ვინც ახმეტელის მხარე არ დაიჭირა… „იქნებ სული მიჰიყდეს ბერიას, იქნებ არც მიჰყიდეს და რეზერვისტებად შემოინახეს, იქნებ მათი დაშინება იკმარეს დასათრგუნად“ – იკითახვს ვასილ კიკნაძე მათზე ვინც მაშინ სიკვდილს გადაურჩა…

ჩაესვენება ბერიას მზეც, სტალინის მზეც. დაიწყება 37-ში დახვრეტილთა რეაბილიტაციის პროცესი, ახმეტელის ძველი მტრები კი კვლავ გააფთრებით გააგრძელებენ მკვდარი ახმეტელის წინააღდეგ ბრძოლას. განსაკუთრებით ისინი, ვისაც თავის დროზე კონფლიქტი ჰქონდათ დიდ რეჟისორთან. ადრე ცოცხალი გენისოსს ებრძოდნენ და ახლა არ უნდათ გარდაცვლილის გრანდიოზული სახელის ჩრდილქვეშ აღმოჩენა. ისტორია მაინც თავისას იტყვის. ახმეტელი დაბრუნდება. გაწი-გაწევს ყველას და დადგება თავის ადგილას.

მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლამდე მაინც არ მოხდება მისი პოლიტიკური რეაბილიტაცია. ამ დროსაც დაელოდება ახმეტელი და ჩვენი გადასახედიდან უკეთ გამოჩნდება ბევრი რამ – როგორ მოკლეს და ვერც მოკლეს გენიოსი, ვინც ჯიქურად, შეუპოვრად ქმნიდა ქართულ, ეროვნულ თეატრს რუსეთისგან ოკუპირებულ, ბოლშევიკების ტოტალიტარიზმის ზეობის ხანაში.

როგორ მოიტანა მან ეს თეატრი და როგორ ჩაიყოლა თან უცნობ სამარეში.

ეროვნული, გრირულ-რომანტიკული თეატრი, თეატრი რომელიც უახმეტელოდ ნელ-ნელა იმად იქცა რასაც ჯერ კიდევ ჭაბუკობისას ებრძოდა ახმეტელი _ თეატრი ცრუკლასიკური ინტონაციის, თეატრი ფსევდორომატიკული…

%d bloggers like this: