Tag Archives: ბავშვის აღზრდა

როდისაა ბავშვის თვალში პედაგოგი ფსიქოლოგიურად ბებერი

teacher

რატომ უნდა იყოს ფრთხილად ბავშვის მშობლებთან მასწავლებელი? 

რეზო შატაკიშვილი

(დაიბეჭდა გაზეთში „ქართული უნივერსიტეტი“).

რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლისა და პედაგოგს შორის გულწრფელობა აღზრდის დროს? რატომ უნდა იცნობდეს პედაგოგი კარგად საკუთარ თავსაც და აღსაზრდელის პიროვნებსაც? როგორ უნდა აღძრას პედაგოგმა მოზარდში გულწრფელობა? აღმზრდელსა და აღზდილს შორის გულწრფელობის მოდელს რუსთაველიც გვთავაზობს. კერძოდ, როდესაც ავთანდილი მოყმის საძებნელად მიდის, ანდერძის სახით, გულწრფელ აღსარებას უტოვებს აღმზრდელს – როსტევანს და სწორედ ამ გულწრფელობით იმკის მისგან გულშემატკივრობას. აღზრდის პროცესში გულწრფელობის როლზე, „ქართული უყნივერსიტეტი“  ესაუბარება ფსიქოლოგიური კონსულტაციებისა და ტრენინგების ცენტრის ფსიქოლოგს, სოფო მაისურაძეს:

– თავდაპირველად როცა როსტევანი შეიტყობს რომ ავთანდილი მიდის, განრისხდება, არ უნდა მისი გაშვება, მაგრამ როდესაც ავთანდილი ტოვებს ანდერძს, სადაც სრულიად გუწლრფელად ხსნის ყველაფერს, როსტევანი პირიქით გახარებული რჩება და მის გულშემატკივრად გვევლინება, რადგანაც მან დაინახა თუ რამდენად ერთგულია მისი აღზდილი პრინციპების, ღირებულებების, საქმის და რამდენად გულწრფელია ამ ერთგულებაში. რამდენად გულწრფელია თავად მასთან, როსტევანთან. გულწრფელობის ერთ-ერთი პოზიტიური შედეგი ისიცაა, რომ ადამიანი ეცნობა საქმის არსს, ვითარებას და ესმის შენი, აღარ გამოაქვს არასწორი დასკვნები.

– რა როლი ეკისრება პედაგოგის გულწფრელობას სწავლების, აღზრდის პროცესში?

– მასწავლებელმა შესაძლოა კარგადაც იცოდეს საგანი, მაგარმ თუ ის სწავლის პროცესისადმი დამოკიდებულებაში და მოსწავლესთან ურთიერთობაში გულწრფელი არაა, მაშინ ბავშვისთვის მიუღებელი ხდება თავად ის საგანი, რომელსაც ეს პედაგოგი ასწავლის. თუ ფიზიკის მასწავლებელი გულწრფელი არაა ჩემთან ურთიერთობაში, მაშინ თვითონ ფიზიკა არ მოდის ჩემთან. თვითონ ფიზიკას ვერ ვსწავლობ. არ მიჩნდება ინტერესი.

ცხადია, თავად მოსწავლეც უნდა იყოს გულწფელი პედადგოგთან, რომ მას ჰქონდეს საშუალება აღზარდოს იგი. პედაგოგისა და მოსწავლის ურთიერთობა ამ მხრივ ექიმისა და პაციენტის ურთიერთობასაც გავს, თუ პაციენტი ანამნეზს მალავს, ექიმს გაუჭირდება მისი განკურნება.

– მოსწავლე არ დაუმალავს პედაგოგს არაფერს, თუ თვოთონ პედაგოგი გახსნილი იქნება მასთან ურთიერთობაში. ბავშვს გულწრფელობისკენ თავად პედაგოგმა უნდა უბიძგოს. გულწრფელობასაც სჭირდება აღძვრა, თორემ შეიძლება მე ზოგადად ძალზე გულწრფელიც ვიყო, მაგრამ შენთან ურთიერთობაში ისე ჩამკეტო, ისეთი ზღუდე აღიმართოს, რომ ჩემი გულწრფელობა საერთოდ დაიკარგოს. ამ პროცესში მნიშვნელოვანია მასწავლებლის დამოკიდებულება საგნისადმი, ცოდნა. შემდეგ სასწავლო პროცესისადმი, ანუ რამდენად აინტერესებს მას, რამდენად მისეულია ცოდნის გადაცემის პროცესი. მოსწავლეებსაც და სტუდენტებსაც განსაკუთრებული პატივისცემა აქვთ იმ პედაგოგის მიმართ, რომელიც პასუხისმეგებლობით ეკიდება თავის საქმეს, თუ მაქსიმალურად იხარჯება. ასეთი პედაგოგი მომთხოვნიცაა და შეიძლება ბავშვებს რაღაც თავლსაზრისით აღიზიანებდეთ კიდეც, მაგრამ მაინც პატივიცემით არიან განმსჭვალული მის მიმართ. საგნისა და პროცეცისადმი დამოკიდებულების გარდა, მნიშვნელოვანია რამდენადაა პედაგოგი ბავშვთან ურთიერთობაში ღია და გახსნილი.

– კონკრეტულად როგორ უნდა მოიქცეს პედაგოგი?

– თბილად უნდა მოექცეს ბავშვს, არ უნდა იყოს აგრესიული. შენიშვნები მისცეს ირიბად და არა პირდაპირ, დირექტივების სახით. დირექტივებს ბავშვები საერთოდ ვერ იღებენ. სჯობია, როცა ბავშვი კარგად მოიქცევა, ეს კარგი მოქცევა დააფიქსიროს პედაგოგმა, აღნიშნოს, ვიდრე ყურადღება გაამახვილოს ამ ბავშვის ცუდ ქცევებზე. იმიტომ რომ როდესაც ბავშვს ვეუბნებით, შენ ცელოქბ, ცუდად იქცევი, ის იღებს ამ როლს და განაგრძობს ამ როლში ყოფნას.

– გასაგებია, მაგრამ თბილად მოქცევასაც ხომ აქვს თავის საფრთხე? ამგვარმა თბილმა დამოკიდებულებამ ზოგი ბავშვი შესაძლოა გაათამამოს, გაატრიპაჩოს.

– არა, როდესაც პედაგოგსა და მოსწავლეს შორის თბილი დამოკიდებულებაა, ეს ბუნებრივად იწვევს ინტერესს იმ საგნისადმი, რომელსაც ეს მასწაველებლი ასწავლის. გარდა ამისა, თბილი დამოკიდებულება არ ნიშნავს იმას რომ ბავშვს არაფერი არ მოსთხოვო. არა, გაკვეთილების მომზადებაც, დავალების შესრულებაც, კარგად მოქცევაც, მას იმავე სითბოთი უნდა მოსთხოვო. ადამიანები, მითუმეტეს ბავშვები ძალიან კარგად გრძნობენ, ეს თბილი მოქცევა გულწრფელია, თუ მომსყიდველია, რომ როგორმე ბავშვი წყნარად იჯდეს და გაკვეთილი არ ჩაუშალოს. ავიღოთ გნებავთ მაგალითი, როდესაც მასწვლებელი ამოწმებს საშინაო დავალებას. თუ მოსწავლეს არ აქვს შესრულებული დავალება, და მასწავლებელი გულწრფელია თავის სითბოში, იგი ბავშვს ეუბნება, შენ ალბათ ვერ მოასწარი დავალების შერულება ხომ? ამ სითბოთი, ამ სიტყვებით ბავშვი ხვდება რომ მასწავლებლისთვის მის ნდობას, მას უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე დავალების შესრულება-არშესულებას. ეს პასუხისმგებლობით მუხტავს ბავშვს. ცხადია იგივე სიტყვებს იყენებს პედაგოგი ყალბად თბილად მოქცევის დროსაც, მაგრამ ამას ბავშვები იმწუთას გრძნობენ, გრძნობენ იმითი რომ სიტყვებისა და ჟესტ-მიმიკის ენა არ ემთხვევა ერთმანეთს.

– ანუ, ბავშვები ზუსტად გრძნობენ რამდენად გულწრფელია მასწავლებელი ამ თბილი დამოკიდებულებაში, მაგრამ როდესაც ბავშვი ხედავს რომ ის მართლაც გულწრფელად უყვარს პედაგოგს, ხომარ გაუჩნდება განცდა მე მაინც ვეყვარები პედადგოგს, მაპატიებს და ეს ხომარ გამოიწვევს მის გათამამებას?

– არა, სიყვარულის ძალა სწორედ ისაა რომ ვალდებულებებს და პასუხისმეგებლობას აღძრავს. სიყვარულის შეგრძნებაც ორგვარია – ჭეშმარიტი და ყალბი. ჭეშმარიტი მაკონსტრუირებელი ენერგიეს მომცემია, ყლაბი პირიქით აგრესიულად განაწყობს. ამ პროცესში პასუხისმგებლობა ეკისრება პედაგოგს. პედაგოგსვე ეკისრება პასუხისმგებლობა ბავშვთან ურთიერთობის მოწესრიგების თვალსაზრისითაც. პედაგოგი კარგად უნდა იცნობდეს საკუთარ თავსაც და მოსწავლეს, სტუდენტსაც რომ თავიდან იქნეს არიდებული კონფლიქტები მათ ურთიერთობაში. როდის იქმნება კონფლიქტები? ფსიქოლოგიაში არის ასეთი – ჯოჰარის ფანჯარა, რომელსაც გააჩნია ოთხი სარკმელი და ამ ოთხ სარკმელზე ნაწილდება ოთხი ვარიანტი: 1 – მე ვიცნობ ჩემს თავს და გიცნობ შენ, ამ დროს კონფლიქტის ალბათობა პრაქტიკულად ირიცხება; 2 – მე ვიცნობ ჩემ თავს, მაგრამ არ გიცნობ შენ; 3 – მე გიცნობ შენ, მაგრამ არ ვიცნობ საკუთარ თავს, ამ ორ შემთხვევაში კონფლიქტი შესაძლებელია, ალბათობა დიდია; 4 – თუ არც საკუთარ თავს ვიცნობ და არც შენ, კონფლიქტი გარდაუვალია. საკუთარი თავსი შეცნობა ურთულესი პროცესია.

– ანუ მოსწავლესა და პერდაგოგს შორის რომ კონფლქიტი გარდაუვალი არ იყოს, პედაგოგი მაინც უნდა იცნობდეს საკუთარ თავს, ვინაიდან ადრეულ ასაკში შეუძლებელია საკუთარი თავის ამომოწურავად შეცნობა.

– დიახ პედაგოგი კარგად უნდა იცნობდეს საკუთარ თავს. და ამ კონფლიტების თავიდან არიდებაზე სწორედ პედაგოგს აკისრია პასუხისმგებლობა.

– პედაგოგი უნდა ფლობდეს თუ არა კონკრეტულ, ამომწურავ ინფორმაციას მოსწავლეზე, მის პრობლემებზე, თუ მათი გულწრფელობა ზოგადი ხასიათის უნდა იყოს?

– რასაკვირველია სასურველია პედაგოგი იცნობდეს მოზარდის, სტუდენტის პრობლემებს, რომ მთლიანად ჩაწვდეს ვითარებას, გაუგოს მას, გაითვალისწინოს მისი ინდივიდუალიზმი. თუ შეატყობს, რომ ბავშვი გაღიზიანებულია, ჩაკეტილია,  არ მიჰყვება ურთიერთობაში, დრო უნდა გამონახოს და დაელაპარაკოს ბავშვს, შეიძლება მშობელთან დალაპარაკებაც, მაგრამ აქ დიდი სიფრთხილეა საჭირო, პედაგოგმა მშობელს არაფრის დიდებით არ უნდა უთხრას, რომ ბავშვს რაღაც შეამჩნია, ან ბავშვმა რაღაც უთხრა და იმიტომ ელაპარაკება. ასეთი გახსნილობა შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს ბავშვისთვის, წინ დახვდეს მას, საერთოდ ბავშვის ყველა პრობლემა მშობლებისგან, ოჯახიდან მომდინარეობს. ამიტომ მასწავლებელს დიდი სიფრთხილე სჭირდება, პრაქტიკულად ბეწვის ხიდზე უწევს სიარული.

– ეს მოსწავლეების შემთხვევაში, მაგრამ როგორ უნდა მოიქცეს ლექტორი სტუდენტთან ანალოგიურ შემთხვევაში?

–  სტუდენტებთან კიდევ უფრო შესაძლებელია გახსნილი ურთიერთობა, იმიტომ რომ შესაძლოა ასაკობრივად დიდი განსხვავებაც არ იყოს სტუდენტსა და ლექტორს შორის, ღირებულებებთან მათი მიმართებაც დიდად განსხვავებული არ იყოს. რაც აიოლებს მათ შორის გულწრფელ ურთიერთობის გაბმას.

– რატომ, პედაგოგის ასაკს ასეთი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს? გადამწყვეტი ის უფრო არაა, როდესაც გრძნობ რომ შენი პედაგოგი, თუნდაც ხანშიშესული, ხნიერი, გნებავთ მხცოვანიც, ბევრ ახალგაზრდაზე თანამედროვეა და პროგრესული?

– არა, ასაკს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ერთ-ერთი ფაქტორი ნამდვილად არის. პედაგოგის პროგრესულობა კი მართლაც გადამწყვეტია. ამ დროს მნიშვნელოვანია რამდენად შეუძლია მასწავლებელს მოსწავლის, სტუდენტის ენაზე საუბარი, ოღონდ მთლად იმ ენაზე არა. ყოველთვის პროგრესულად ითვლება ადამიანი, რომლისთვისაც არაფერი ახალი უცხო არაა, რომელიც ძველსა და ახალს აერთიანებს ერთმანეთში. მაგალითად თუ პედაგოგს არ ესმის თანამედროვე მუსიკა და ეს მუსიკა უცხოა მისთვის, ამას ახალგაზრდა ვერ იღებს, ახალგაზრდა ვერ იღებს იმასაც, როცა პედაგოგს ნეგატიური დამოკიდებულება აქვს მოდის მიმართ.

– მაგრამ ახალგაზრდა ყოველთვის იღებს იმ უფროსს, რომელსაც არ მოწონს ეს თანამედროვე მუსიკა თუნდაც, მაგრამ დეტალურად ერკვევა ამ მუსიკაში. ის მაინც რჩება მისთვის ავტორიტეტად, რადგან იცის.

– რასაკვირველია. ამიტომ უნდა იცოდეს პედაგოგმა რითი სუნთქავს ახალგაზრდობა. კი, ახალგაზრდა პირველ რიგში იმის მიხედვით აფასებს პედაგოგს, როგორია მისი დამოკიდებულება საქმისადმი, რამდენად მცოდნეა, მაგრამ მათთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რამდენად იღებს ის მასწავლებელი იმ ღირებულებებს, რომელშიდაც ის ახლაგზრდა თავის ასაკის გამო ცხოვრობს. თუ ასაკოვან პედაგოგს უკვირს რაღაც „თინეიჯერული“, მაშინ ის მასწავლებელი მოსწავლის თვალში ფსიქოლოგიურად არის ბებერი, მოხუცი კი არა ბებერი…

სწავლა-განათლების მიზანი ადამიანის ზნეობრივი გაუმჯობესებაა და არა თვით განათლება

რეზო შატაკიშვილი

ცოდნისა და ზნეობის ურთიერთმიმართება ყოველთვის იყო კაცობრიობის განსჯის საგანი. ყოველთვის ბჭობდნენ – რა სჯობდა განათლებული და უზნეო ადამიანი თუ განათლებას მოკლებული ზნეობრივი ადამიანი?!

 უმჯობეს არს მოკლებული სიბრძნითა (სწავლითა) შიშითა ღვთისა, ვიდრეღა  წარმატებული სიბრძნითა (სწავლითა) და გარდამხდომელი  სჯულისა (ზირაქ. 19.21.).

როგორც ვხედვთ, ისუ ზირაქი სჯულის გარდამხდომელ, უსჯულო ნასწავლს სწავლას მოკლებულ, მაგრამ ღვთისმოშიშ, კეთილისმოქმედ ადამიანს ამჯობინებს. როგორც გაბრიელ ეპისკოპოსი განმარტავს, ისუ ზირაქი, რომლიც თავის დროში არათუ განათლებულ კაცად ირიცხებოდა, არამედ ბრძნად იწოდებოდა, ამ სიტყვებში სწავლა-ცოდნას არც უსარგებლოდ მიიჩნევს და არც მავნედ. ის მხოლოდ იმ აზრს გამოსთქვამს, რომ ერთსა მარტო სწავლასა, თვინიერ  კეთილზნეობისა, არა აქვს დიდი ფასი. ჩვენ კიდევ  განვამტკიცებთ  აზრსა ზირაქისასა და ვიტყვით  რომ ერთი მხოლოდ ცოდნა  ანუ  განათლება თვინიერ შესაფერი კეთილი ზნეობისა, მოუტონს საზოგადოებას და თვით სწავლის შემძენსაც  უმეტესად ვნებას, ვინმე სარგებლობასა“ – განმარტავს გაბიელ  ეპისკოპოსი და იქვე განათლებისა და ზნეობის  იდეალურ შეხამების იდეალურ  ვარიანტს სასურველი ის არის, როდესაც კაცი მდიდარია ცოდნითა და მასთანვე  მტკიცე  ქრისტიანობრივითა ზნეობითა“.

ილია ჭავჭავაძე კი საერთოდ ჭეშმარიტად განათებულად არ მიიჩნევდა უზნეო ადამიანს. თავის „პედაგოგიის საფუძვლებში“  წერს:

ჭეშმარიტი  განათლება განვითარებული გონების და გაწურთვნილის ზნე-ხასიათის ერთმანეთთან შეუღლებაა განუყრელად. თუ კაცს ან ერთი აკლია, ან მეორე, იგი განათლებული არ არის და, ჩვენის ფიქრით, ისევ გონებაგანუვითარებელი და ზნე-ხასიათგაწურთვნილი კაცი სჯობია, ვიდრე გონებაგანვითარებული და ზნე-ხასიათგაუწრთვნელი“.

ილიას აზრით ზნე-ხასიათის წრთვნა დიდად იყო დამოკიდებული სწავლა-ცოდნაზე და ამიტომაც სკოლის დანიშნულებად მიიჩნევდა იმგვარი თვისებების გამომუშავებას, სწვავლა-ცოდნის იმგავრად მიცემას, რომელიც გონებასაც რგებს და ზნესაც. ზნე-ხასიათის წრთვნა ერთი უდიდესი საგანია სკოლისა, რადგანაც გაადამიანება კაცისა თავი და ბოლოა ყოველგვარი წრთვნისა და განათლებისა – ბრძანებს ილია.

გარბრიელ ეპიკსოპოსი სწავლა-განათლების საბოლოო მიზნად ადამიანის ზნეობრივ გაუმჯობესებას მიიჩნევს: სწავლა, განათლება თავის თავად კარგია და სასარგებლო, რადგან აღამაღლებს და გაამდიდრებს კაცის გონებას, მაგრამ მაინც არ  შეიძლება  ვთქვათ, რომ იგი  თვით იყოს მიზნად  თავისა თვისისა, არა! იმან  უნდა მიიყვანოს კაცი მეორე და უმაღლესი მიზნამდე და ეს  უმაღლესი მიზანი არა სხვა რაიმე არს, გარნა ზნეობით განვითრება და გაუმჯობესება კაცისა. თვითონ  სწავლა არის  ორპიროვანი იარაღი, შეიძლება კაცმა მოიხმაროს ის კეთილ  საქმეზეც და ბოროტზეც, სასარგებლოდ და საზარალოდ  თავისა თვისისა და სხვათა…

რა ხდება დღეს, რა ურთიერთმიმართებაა ცოდნასა და ზნეობას შორის, და როგორ აღვზარდოთ ყმაწვილები ისე რომ კეთილი ზნეც გააჩნდეთ და ცოდნაც?  „ქართული უნივერსიტეტი“ ფსიქოლოგ ლევან შატბერაშვილს ესაუბრება.

ევან შატბერაშვილი:

ზნეობა უფრო დროში მდგრადი კატეგორიაა ვიდრე ცოდნა და განათლება. ის ვინც ზნეობრივი იყო 2 ათასი წლის წინ, დღესაც შეიძლება ჩავთვალოთ ზნეობრივად. ის კი ვინც ილიას დროს განათლებულ კაცად ითვლებოდა, დღეს შეიძლება არ ჩაითვალოს. და პირიქით, ვისაც დღეს განათლებულად თვლიან, ილიას არ ჩაეთვალა განათლებულ კაცად.

რატომ, იულიუს კეისარი დღეს რომ იყოს არ ჩაითვლება განათლებულ კაცად?

გააჩნია რას მივიჩნევთ ცოდნად, თუ ვგულისხმობთ კონკრეტულ ცოდნას, მილიონი რამ არ ეცოდინებოდა, დავუშვათ ის რაც აღმოაჩინეს ფიზიკაში, ქიმიაში… არ ეცოდინებოდა ბიოლოგია, გენეტიკა, კვანტური ფიზიკა… მაგრამ თუ ვგულისხმობთ გლობალურ, სამყაროს შემეცნების პრინციპს, თუ ეს არის ცოდნა სამაყაროს შესახებ, გარკვეული ფილოსოფიური წარმოდგენა, ეს სხვა ცოდნაა. ასეთი ადამიანი სამყაროს მთლიანობაში მოიაზრებს, გარკვეულ კანონზომიერებებს ხედავს მის განვითარებაში და ასეთი ადამიანი დიდი ალბათობით ზნეობრივიცაა. რადგან ზნეობა გარკვეული ცხოვრების წესია, რომლითაც ადამიანი ეურთიერთება ადამიანებს და შესაბამისად – სამყაროს. ზნეობრივი ადამიანი ბუნებასაც არ დააზიანებს, ყოველშემთხვევაში იმის ალბათობა რომ ზნეობრივმა ადმიანმა ბუნება დააზიანოს, ნაკლებია, რადგან ის სამყაროს მთლიანობაში განიცდის და მოიაზრებს. ამ განათლებაზე თუ ვლაპარაკობთ, პლატონი დღესაც განათლებულია. თუ კონკრეტულ მეცნიერების დარგებში არსებულ ცოდნაზე ვლკაპარაკობთ, აქ სხვა განთლებასთან გვაქვს საქმე. ასე შეიძლება იყო გადასარევი ქიმიკოსი და მუშაობდე შხამებზე. ნებისმიერი ნარკოტიკის ახალი ფორმულა შექმნილია ნიჭიერი ქიმიკოსების მიერ. როდესაც შენი ცოდნა არაა გლობალური, ეს ცოდნა გქიმნის ილუზიას რომ შენ ზნეობაზე მაღლა დგახარ, რომ ზნეობის პრინციპი, რომელიც ყველასათვისაა, შენთვის არაა.

ანუ პატივმოყვარეობაში გაგდებს.

შეიძლება ასეც ითქვას. გარდა ამისა, ადამიანი მაძიებელია, მის შემეცნების ინტერესს ვერ აკავებს ვერც ზნეობრივი, ვერც ეკლესიური, ვერანაირი ტაბუ. იგივე გენური ინჟინერია, კლონირება აიღეთ, ბევრრმა რელიგიამ აკრძალა ასეთი ექპერიმენტები, მაგრამ მაინც ხდება..

ასეთ განათლებულს გაუნათლებელი არ ჯობს?

მიდი ვისაუბროთ იმაზე, საიდან მოდის ცოდნა, და საიდან ზნეობა. დღეს უკვე ცნობილია რომ გარკვეული მიმართულებით ნიჭიერება ადამიანის, იგივე ვთქვთ მათემატიკური ნიჭი, მეტწილად განპირობებულია გენეტიკურად, ანუ ადამიანი ამ მონაცემით იბადება და შემდეგ მას ეს სამყარო ან აძლევს საშაულებას ამ მიმართულებით განვითარების, ან არა. ზნეობა კი აღზრდიდან მოდის, იმ ოჯახიდან სადაც დაიბადე და გაიზარდე, სადაც გასწავლეს თამაშის წესები, რა არის კარგი და რა _ ცუდი. და ბოლოს, რატომ უყვარდი იმ ოჯახში, იმიტომ რომ იყავი პატიოსანი, წესიერი, თუ იყავი ისეთი, როგორც თვითონ უნდათ რომ ყოფილიყვნენ, თვითონ კი არ იყვნენ ზნეობრივი თვალსაზრისით მისაღებნი…

ანუ ილია, გაბრიელ ეპისკოსპოსი ცდილობდნენ  ამ  შეგონებებით ადამიანებისთვის შეეხსენებინათ  ის რომ მთავარია ზნეობა და არა  ის ლოკალური ცოდნა, რომელიც არანაირად არ გაყენებს  ზნეობრივ პრინციპებზე მაღლა.

დიახ, ეკლესიურად რომ ვთქვათ, ნუ ჩაგაგდებს ცოდნა პატივმოყვარეობაში. ამ ცოდვაში ჩავარდნას, ჯობია საერთოდ არ გქონდეს ეს ცოდნა. აქ ლაპარაკია იმ ხიფათზე, თუ რა შეიძლება მოუტანოს კაცობრიობას უზნეო ადამიანების ხელში არსებულმა ცოდნამ როგორც იარაღმა. მაგრამ თუ გადავხედავთ მსოფლიო მასშტაბის დიდ მეცნიერთა ბიოგრაფიებს, დიოდ მეცნიერებს, ვინც გლობალური აღმოჩენები შესძინა კაცობრიობას, ვნახავთ რომ ისინი როგოირც წესი, ზნეობრივი ადამიანები იყვნენ. იმიტომ რომ სამყაროს გლობალურად შემეცნების გარეშე შეუძლებელია გააკეთო ასეთი აღმოჩენა. ეს ხალხი მთლიანოაბში ხედავდა სამყაროს.

გენიოსებიდან თუ ჩამოვალთ ქვემოთ, ვისაც არაფერი არ აღმოუჩენია და თავი მოაქვს კიტრივით?

თქვენ პატივმოყვარეობაში ჩავარდნილ ხალხზე საუბრობთ. ეს ხალხი სახიფათოაცაა. სწორედ ამ ფსევდოინტელქტუალების ხელით კეთდებოდა ძალაინ ბევრი ცუდი საქმე ისტორიაში, ნებისმიერი დიქტატურა თუ რეჟიმი იშველიებდა და ეყრდნობოდა მათ. ამგვარი ფსევდომეცნიერები, რომლებსაც აქვთ რაღაც ცოდნა, მაგრამ არა აქვთ გლობალური ხედვა, სახელმწიფოსთან ურთიერთობის ხიბლში ვარდებიან და როგორც წესი დიდი ზნეობით არ გამოირჩევიან. ქართველმა ფსევდოინტელქტუალებმა შეიძლება ქართული მასშტაბის ფსევბდიოტრაგედიები მოაწყონ.  მსოფლიოს მასშტაბით ეს პრობლემა ყოველთვის იდგა და იდგება კიდეც. ადამიანმა რომ პირველად აანთო ცეცხლი, ზუსტად არ ჰქონდა ჩაფიქრებული რომ სხვისი სახლი გადაეწვა, მაგრამ ეს პრობლემა დადგა… ცოდნასა და ზნეობას შორის რაღაც ბალანსი ყოველთვის არსებობდა, ეს ბალანსი ძალიან მყიფეა, მაგრა როგორც ჩანს ზნეობრივი ადამიანები უფრო სჭარბობენ, რადგან კაცობრიობა დღემდე მოვიდა და არ დაუიღუპა თუნდაც ბირთვულ ცეცხლში.

როდესაც საუბარია მწიგნობარ, მაგრამ ზნეობას მოკლებულ ადამიანებზე, ქართული ლიტერატურიდან უპირველესად კონსტანტინე გამსახურდიას ფარსმან სპარსი გვახსენდება და მის მაგალითზეც  ვრწმუნდებით  დიდი ილიას  და  გარბიელ  ეპიკოსოსის  შეგონებათა ჭეშმარიტებაში.

ფარსმან სპარსის წინაშე საერთოდ არ დგას ზნეობის, კარგის და ცუდის, კეთილის და ბოროტის პრობლემა. ისაა ზნეობრივი ვინც ამაზე ფიქრობს, თორემ უზნეო შეიძლება არც იყოს ბოროტების საკეთებლად მომართული, უბრალოდ ის საერთოდ არ აზროვნებს ამ კატეგორიებით, მისთვის მნიშვნელოვანია სხვა რამ, ძალზე მარტივი, რა მინდა და რა არის ჩემთვის მომგებნიანი, მათთვის მნიშვნელოვანია ის, რაშიც ხედავენ საკუთარი სურვილების რეალიზაციას. ვიღაცისთვის ეს შეიძლება მორალური კომპენსაცია იყოს, ვიღაცისვის მატერიალური, ვირაცისთვის კარიერა და ა.შ. დანარჩენს ფასი არა აქვს, იმიტომ რომ რეალურად დანარჩენი არაა მნიშვნელოვანი, ზნეობრივი ადამიანისთვის კი სხვა ღირებულებები უფრო მნიშვნელოვანია, თუნდაც ადამიანი.

როგორ უნდა გავზარდოთ  ბავშვი, რომ ცოდნაც გააჩნდეს და ზნეობრივიც იყოს?

ბავშვი უნდა გაიზარდოს სიყვარულში. ესაა მთავარი. ოჯახში სადაც სიყვარულია, ურთიერთპატივისცემაა, როგორც წესი ზნეობრივი ადამიანები იზრდებიან. იმ ოჯახებში კი სადაც ძალადობა, ბევრი ტყუილი, ფარსია, იქ გამონაკლისების გარდა, ზნეობრივები არ იზრდებიან. მეორე მხარეა განათლების მიცემა, ამის საშუალება ვიღაცას აქვს, ვიღაცას არა, მაგრამ იმის საშუალება კი, რაზეც ვსაუბრობდით, ყველა ოჯახს აქვს, ამას არ ჭირდება ფული. თუ ბავშვს ზნეობრივ მაგალითსაც მისცემ, სიყვარულსაც და განათლებასაც, ის ამ ცოდნას არ მიმართავს ბოროტებისკენ და სიყვარულს მოახმარს, სიყვარულს არა კონკრეტულს, არამედ კაცობრიობის მიმართ. ამას ადამიანი ვერც აცნობიერებს ყოველწამიერად, მაგრამ განცდაში აქვს და ცდილობს აკეთოს სიკეთე, თესოს სიყვარული და არ დაუშვებს რომ შექმნას თუნდაც ახალი ნარკოტიკის ფორმულა.

განათლების მიცემა მართლაც მატერიალურ  შესაძლებლობასთანაა დაკავშირებული, მაგრამ უმთავრესი ალბათ  მაინც  სწავლისადმი  სწორი დამოკიდებულების გამომუშავებაა. არის ოჯახები, სადაც მშობლებს არა თუ ფული, განათლებაც არა აქვთ, მაგრამ ისეთი სწორი დამოკიდებულება  აქვთ სწავლისადმი და ისე ზრდიან შვილებს რომ ბავშვებს ამ  უცოდინარი მშობლებისგან  გადაეცემათ წავლის სიყვარული, ხშირ შემთხვევაში უფრო მეტადაც  კი  ვიდრე გადაეცემათ  აკადემისკოებისა და პროფესორებისგან თავის შვილებს. სწორ რელსზე დგებიან და თვითგანათლებით  გაცილებით მეტს აღწევენ, ვიდრე სხვა რეპეტიტორიდან  რეპეტიტორთან სირბილით.

მართალი ხართ, ოჯახში სადაც ცოდნა ღირებულია, თუნდაც მშობლებს ეს ცოდნა არ გააჩნდეთ, მაგრამ ცოდნას პატივს სცემდნენ, იქ ბავშვი გაიზრდება იმგვარად რომ მისთვის ცოდნა იქნება ღირებული, იქ სადაც ცოდნას არა აქვს ღირებულება… საერთოდ, ბავშვისთვის განათლების მიცემისას, პრობლემას ქმნის სიზარმაცე. როდესაც წიგნთან ურთიერთობა ბავშვისთვის დამღლელია, ძალადობის ტოლფასია, როცა ბავშვს ძალისხმევა უწევს წიგნი რომ გადაშალოს. საერთოდ ჯობს, ბავშვს არაფერი დააძალო, სჯობია ინტერესი გაუჩინო. საერთოდ ძალადობა არსადაა გამართლებული, განსაკუთრებით ბავშვებთან. ცდებიან, ვისაც ჰქონია რომ ბავშვის დასჯით შედეგს მიაღწევს, კი მონენტალურად მიიღებს, მაგრამ ხანგრძლივ პერსპექტივაში აუცილბლად იქნება პრობლემები.

დაიბეჭდა „ქართულ უნივერსიტეტში“

რა გველის კენწეროში, როცა სწავლის ძირი მწარე არაა?

რეზო შატაკიშვილი

ქართული უნივერსიტეტი აგრძელებს ციკლს ქართულ ლიტერატურასა და პუბილიცისტიკაში გაბნეული სწავლა-აღზრდის მეთოდების დღეს გამოყენების შესახებ. ამჯერად დავით გუარმიშვილის “დავითიანში” დაუნჯებულ სიბრძენეზე ვისაუბრებთ. დავით გურამიშვილი იმდენად გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებს ადამიანის განსწავლულობას რომ სწავლების პროცესში წკეპლის გამოყენებასაც არ გამორიცხავს – “ნუ გენაღვლების სწავლაზე ყრმის წკეპლის ცემით კივილი”.

გურამიშვილისთვის “სწავლაზე ურჩი და მორცხვი თვალით არ დასანახია”. მისი თქმით, გაუწვრთნელი ძაღლის ყოლა სჯობს, უსწავლელი შვილის ყოლას, რადგან გაუწვრთნელი ძაღლი პატრონს იმდენს არაფერს ავნებს, რამდენსაც ბრიყვი შვილი. გურამიშვილთან ცოდნა განიხილება როგორც ინსტრუმენტი ჭკუის მოსახმარებლად, როგორც ხელშეუვალი საუნჯე _ სიკვდილამდე მცოდნელთან მყოფი; სწავლების პროცესი ყრმის “მომშვიდების” საშუალებად, მწარედ მიიჩნევა, რომელიც კენწეროში ტკბილდება “სწავლის ძირი მწარე არის კენწეროში გატკბილდების”.

ამ შეხედულებებისა და სწავლებისას მკაცრი მეთოდების გამოყენების თაობაზე,”`ქართული უნივერსიტეტი” ესაუბრება ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ

რუსუდან მირცხულავას:                                                                                                                    

მე იმ ფსიქოლოგთა რიცხვს მივეკუთვნები, რომელთაც რამდენიმე წლის წინ პირველებმა აღიარეს რომ ეფქეტური და კარგი იქნებოდა სწავლების პროცესში თამაშის მეთოდის აქტიური გამოყენება. გავიდა წლები, თამაშის მეთოდი აქტიურად დამკვირდდა, თან არა მარტო საშუალო სკოლაში. ფაქტობრივად, სკოლამ მთლიანად უარი თქვა მკაცრი მეთოდების გამოყენებაზე. ვერ გეტყვით რომ აღფრთოვანებული ვარ მიღებული შედეგებით. როგორც ჩანს, თამაშის მეთოდი გარკვეულ ფარგლებში ამართლებს და მისი უნივერსალური გამოყენება კონტიგენტის როგორობის გათვალისწინების   გარეშე, ზოგჯერ  საზიანოც კია. თამაშის მეთოდის გამოყენება უპრიანია დაწყებით კლასებში. მაგრამ როდესაც შემდეგ არ გადადიან სხვა მეთოდებზე, მით უფრო, როდესაც იგივე მეთოდებს იყენებენ უმაღლეს სასწავლებელშიც, ეს მეთოდი უკვე საზიანოდ მოქმედებს ახალგაზრდების ნებისყოფაზე და საზოგადოდ მის ფსიქიკაზე. დღეს უმაღლეს სასწავლებლებში ლექტორი თავად უმაზდებს თავისი ლექციების კონსპექტებს 7-10 წიგნიდან და მზა სახით, დაღეჭილ მასალას აძლევს სტუდენტს. ფაქტობრივად, თანამედროვე სტუდენტი მთლიანად დისტანცირებულია წიგნიდან, მეორეც მას დაკარგული აქვს აზროვნების უნარი უმეტესწილად. რაც პირდაპირ აისახება ხოლმე კოლოკვიუმის შედეგებში, კარგავენ წაკითხული ტექსტის შინაარსის გაგების უნარს, საკუთარი აზრის გადმოცემაზე ხომ ლაპარაკიც არაა. ეს მეთოდი უარყოფითად მოქმედებს ნებისყოფაზე, დიახაც სწავლის ძირი მწარე არის და კენწეროში უნდა გატკბილდეს. ანუ თუ ამ დროს ახალგაზრდამ არ დახარჯა ენერგია, დრო, ძალისხმევა და ყველაფერი მიიღო მზარზარეული სახით, მას არ გამოუმუშავდება არათუ სწავლისთვის, საერთოდ ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევები. იცით რომ პედაგოგი ვალდებულია სტუდენტს ზუსტად მიუთითოს ელექტრონული მისამართები, როცა წიგნს უთითებ, გვერდებიც ზუსტად უნდა მიუთითო. ნუთუ ახალგაზრდამ თვითონ მითითებულ წიგნშიც არ უნდა მოძებნოს რომელ გვერდზეა მისთვის საჭირო მასალა? უმაღლეს სასწავლებლებში ძალიან დიდი აქცენტი კეთდება მასალის ვიზუალირებაზე, სლაიდების ჩვენებაზე. სლაიდზე მთელ წიგნს ხომ ვერ დაწერ? მინიმალურ ინფორმაციას ათავსებ, სტუდენტი კი სწავლობს იმას რაც სლაიდზეა წარმოდგენილი, თავად განსაჯეთ რა შედეგი გვექნება ასეთი სწავლების შედეგად. სწავლის ძირი მართლაც მწარე უნდა იყოს. მე არ ვგულისხმობ წკეპლის გამოყენებას პირდაპირი მნიშვნელობით, ეს მეტაფორაა და წკეპლაში იგულისხმება სწავლის მეთოდების სიმკაცრე, მომთხოვნელობა. ახლა, თუ მოზარდი ჩამოყალიბებულია, თუ მას აქვს ნებისყოფა, თუ აქვს შეგნება, მაშინ დემოკრატიულ სტილს რა ჯობს…

რაც არ უნდა ჩამოყალიებებული პიროვნება იყოს, თუ არ სთხოვენ, ის მაინც იმ ასაკშია, რომ უჩნდება ერთგვარად ფონს იოლად გასვლის, “გახალტურების” სურვილი.

იმიტომ რომ ახალაგზრდა მოქმედებს ძირითადში სიამოვნების პრინციპით. მე ვლაპარაკობ მასაზე, ერთეულები სულ სხვა პრინციპებით ხელმძღვანელობენ, მაგრამ განათლების სისტემა ერგება მასას და არა ერთეულებს. თუ ახალგაზრდას მივცემთ თავისუფლებას, იგი ამ თავისუფლებას თავისი სიამოვნებისთვის გამოიყენებს და იყენებენ კიდეც. თუ ახალგაზრდა არ იმუშავებს წიგნთან, ის ვერ მიხვდება რა სიტკობა აქვს ამ სიმარწეს: ახალი მასალის ათვისება, მისი გააზრება, უდიდეს სიამოვნებასთანაა დაკავშირებული, მაგრამ ეს სიამოვენება აბსოლუტურად დახშული და დახურული მათთვის ვისაც არა აქვს ელემენტარულად წიგნთან მუშაობის საშუალება. სტუდენტები რომ ფსიქოლოგიით დავაინტერესო, ვაჩვენებ ბუნუელის ფილმს და ვაწერინებ ესეს, რაც ჩემს სტუდენტობაში აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო, პედაგოგი გვითითებდა ლიტერატურას, სადაც ჩვენ თავად ვეძებდით, სკრუპულოზურად ვსწავლობდით და ვაბარებდით. მოთხოვნები ძალიანაა შეცვლილი. ძალიან ცოტას ვითხოვთ.

როდესაც სწავლის ძირი მწარე კი არა ასეთი ლაითია“, ბოლოში რა გვექნება?

რაც გვაქვს, რაც დღესაა საქართველოში. ანუ აზროვნების საეჭვო დონე, ნებისყოფის ატროფია. თუ არ არის აზროვნების დომინანტი, თუ ატროფირებულია წარმოსახვა, საერთოდ ცნობიერება, გამოდის რომ ადამიანი დაყვანილია ბიორობოტის დონეზე. ასეთი ადამიანი მეორეხარისხოვანი არსებაა, რომელსაც შეუძლია მხოლოდ მომსახურება და მოსმსახურების სფეროში მოღვაწეობა. თუკი არ მოხდება სწორი აქცენტების გაკეთება სწავლების პროცესში, ჩვენ აქამდე მივალთ, თუ არა ვართ უკვე მისულები, ეს კიდე ცალკე თემაა.

როგორ მოიქცეს მშობელი თუ ბავშვი ჯიუტობს და არ საწვლობს? მიჰყვეს დავითის მცენებას და სცემოს ბავშვს?

არა, მე საერთოდ წინააღდეგი ვარ ფიზიკური და საერთოდ შეურაცხყოფის. გაცილებით რბილი და მისაღები მეთოდები არსებობს. ბავშვს თავიდანვე სწორი ორიენტირები უნდა შევუქმნათ, ინტელქტუალური ორიენტირები. თუ ბავშვს ოჯახში ეყოლება ინტელქტუალი, როგორც ეტალონი და ბავშვი დაინახავს რომ მის გარშემო ფასდება ცოდნა და სწავლა სოციალურად, ფსიქოლოგიურად და გარკვეულილწად მატერიალურადაც, მაშინ მას შეექმნება შესაბამისი განწყობა და ბავშვი მართლაც იქნება წიგნიერი. ცემით როგორც წესი წარუმატებელ, ოროსან მოსწავლეებს სცემენ, მაგრამ როგორც წესი ისინი უკეთესად სწავლას არ იწყებენ. იმიტომ რომ ადრეულ ბავშვობაშია დაშვებული შეცდომა, რომელმაც ეს ადამიანი ჩამოაყალიბა ისეთი როგორიცაა და უკვე სულ ერთია, დაგვიანებულია.

ანუ შეცდომა გაცილებით ადრეა დაშვებული?

დიახ, თუკი 2-3 წლიდან არ ხდება სწორი ზემოქმედება ბავშვზე, მერე დაგვიანებულია. გადამწყვეტია ინფორმაციის მრავალფეროვნება, ბავშვი არ უნდა იყოს მიჯაჭვული ტელევიზორს, ან კომპიუტერს, მხოლოდ ოჯახის წევრებთან არ უნდა ჰქონდეს ურთიერთობა და ეს ოჯახის წევრები ერთი და იგივეს არ უნდა უმეორედნენ მას ყოველდღიურად. ბავშვს უნდა ჰქონდეს გარკვეული სპექტრი ინფორმაციის, უნდა გამოვიყენოთ ამ ასაკისთვის საგანგებოდ შექმნილი წიგნები, ვატაროთ ეკლესიაში, ვატაროთ მუზეუმებში, თუნდაც სამი წლის ბავშვი. ეს იმას არ ნიშნავს რომ მუზეუმში შეყვანისთანავე გაიგებს ფიროსამნის გენიალობას, მაგრამ გარკვეული ნიადაგი ამისთვის მომზადდება, რა დონეზეც საჭიროა, ის იმ დონეზე აღიქვამს. ამავე ასაკიდან ვატაროთ თეატრში. როდესაც მისთვის რიტუალური გახდება თეატრში წასვლა, თანდათან ჩამოუყალიბდება დამოკიდებულება თეატრის მიმართ. რაც უფრო ადრე მოხდევბა ზიარება სულიერების სფეროებთან, მით უკეთესია.

საქართველოში 90-იანი წლებიდან ცოდნის გაუფასურების პროცესი დაიწყო, პროფესორებს გული მისდიოდათ შიმშილისგან. გასაცოდავებული ადამიანი ვერ გახდება ახალგაზრდისთვის მისაბაძი მაგალითი. შინ რაც არ უნდა ინტელექტუალური გარემო შექმნა, როცა მოზარდი ასეთ საზოგადოებაში გამოვა, რას იზამ? ამის გარდა, როცა მოზარდი ხედავს რომ მისი განათლებული და წიგნიერი დედ-მამა, ოჯახს განათლებით კი არა,  კვალიფიკაციის შეუსაბამო სამსახურით არჩენენ…

სხვათაშორის, ეგ მარტო ქართული კი არა, მთელი მსოფლიოს პრობლემაა. გლობალურად მოხდა ღირებულებების გადაფასება. მე პირადად აპოკალიფსური განცდა მეუფლება როცა ვხედავ რომ გაუფასურებულია ინტელექტი, ხელოვნება, მეცნიერება, რწმენაც სხვათაშორის, იმიტომ რომ იქ სადაც შემეცნება და მშვენიერება სათანადო დონეზე არაა, ძალიან საეჭვოა როგორია რწმენისადმი დამოკიდებულება. თუ გწამს, მშვენიერებაც უნდა გწამდეს და ჭეშმარიტებაც უნდა გიყვარდეს, ეს ყველაფერი ლოგიკურადაა ურთიუერთდაკავშირებული. საზოგადოებაში უნდა შეიცვალოს დამოკიდებულება სწავლისა და განათლებისადმი. უნდა მოხდეს განათლების რეაბილიტირება. უნდა შეიცვალოს სწავლების მეთოდები, უნდა გამოვიყენოთ მკაცრი მეთოდებიც, რომელიც ბავშვს აიძულებს ისწავლოს. შეიძლება იგივე თმაშის მეთოდის ისე ვარირება, რომ ის შეიცავდეს იძულების მექანიზმებსაც. მოხდეს წახალისება სხვადასხვა მეთოდებით.

ბევრი მშობელი მიმართავს მატერიალური წახალისების მეთოდებს, კარგად სწავლის შემთხვევაში პირდება და ყიდულობს მობილურ ტელეფონს, კომპიუტერის, ტანსაცმელს. და პირიქით, ამას იძულების მეთოდადაც იყენებნ, პრინციპით თუ არ ისწავლი არ გიყიდი. ხშირად მიზანს აღწევენ კიდეც, ბავშვები სწავლობენ, მაგრამ ასე მივდივართ ბავშვის გაწუწკებამდე, ის სწავლობს არა იმისთვის რომ ისწავლოს, არამედ სწავლობს იმისთვის რომ მობილური, კომპიუტერი უყიდონ.

ანუ ფსიქოლოგის ენაზე რომ ვთქვათ მათ არა აქვთ შინაგანი მოტივაცია. როდესაც შინაგანი მოტივაცია კარგადაა ჩამოყალიბებული ბავშვი სწავლობს სწავლისთვის და ეს სწავლა მისთვის უდიდესი სიამოვნების წყაროა. ეს მშობელზეა დამოკიდებული, როდესაც ბავშვს დაანახვებ რომ სამყარო ძალიან საინტერესოა წმინდა შეცნობის თვალსაზრისით, მაშინ ამ ბავშვისგან თანდათან ყალბდება ის პიროვნება, როიმელიც ისწავლის კიდეც და სხვისი სწავლების უნარიც ექნება მომავალში. ახალგაზრდისთვის თვითონ სწავლა უნდა იყოს მიზანი და არა საშუალება რაიმე გარეშე შედეგის მისაღებად. იმიტომ კი არ უნდა ისწავლო რომ რაიმე მატერიალური, სოციალური სარგებელი ნახო, უნდა ისწავლო თუ გინდა იყო ადამიანი, ამ სიტყვის მაღალი გაგებით, ადამიანი ერთადერთი არსებაა, რომელიც თავისი შეგნებით სწავლობს. ჩენთან თვითონ სწავლების პროცესი გაუფასურებულია და ამიტომაც ირჩევენ ისეთ პროფესიებს, რომელიც მატაერიალურ მოგებასთანაა დაკავშირებული, იურისპრუდენცია, ბიზნესი… ამ ლოგიკით ხელოვნება საერთოდ უნდა ჩაკვდეს, ქიმია, ფიზიკა მოისპოს, საშინელებაა. თვითმიზანი თუ არ გახდა თვითონ სწავლა და შემეცნება, ჭეშმარიტების ძიება, მშვინერების წვდომა, მანამდე ჩვენ ისევ და ისევ ამ უფსკურლში ვიქნებით. სხვათაშორის ხანდახან ისეთ ცუდ აზრამდეც მივივარ რომ სწავლებისას მასისადმი უნდა იქნეს გამოყენებული იძულების წესები, და მხოლოდ ერთეულები იმსახურებენ სხვაგვარ მოყრობას.

ნამდვილად. ვინც არ სწავლობს, აწყენს ცემა. 

არა… ცემით შეიძლება ბავშვს დააზაპირებინო ლექსი, მაგრამ ამ ცემით ისე ზიანდება მისი ფსიქიკა, რომ ისმის კითხვა ღირდა კი ყველაფერი ამად?

გურამიშვილი გვეუბნება ნუ გენაღვლებისო.

მე პირარად მაინც მენაღვლება, იმიტომ რომ ყალიბდება კომპლექსები, სხვადასხვა სახის ფობიები, ნეკროფილია და მტრული დამოკიდებულება სამყაროსადმი. ერთ-ერთ ლექციაზე სტუდენტებმა მითხრეს რომ აქვთ საშინელი ანტაგონიზმი რუსთაველის მიმართ, იმიტომ რომ ძალიან მკაცრი მეთოდებით გვაზეპირებინებდნენ „ვეფხისტყაოსანსო“. ამიტომ აქაც შეიძლება მოვიფიქროთ როლური თამაში, ბავშვებს დავაზეპირებინოთ იმიტომ რომ მერე გაითამაშონ ეს ეპიზოდები სკოლის სცენაზე. თუმცა მე მინდა ხაზგასმით ვთქვა, მარტო თამაშით შორს ვერ წავალთ. უნდა იყოს იძულებაც, უნდა იყოს ნებისყოფის ტრენინგი და ტრენაჟი, თუ ადამიანმა თავისი თავი არ აიძულა, თუ არ შეზღუდა საკუთარი თავი, ფაქტობრივად ნებისყოფის ატროფია დაემართება ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.

დაიბეჭდა “ქართულ უნივერსიტეტში”.

%d bloggers like this: